შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძველი პიანინო - 64


30-05-2017, 11:42
ავტორი Lex
ნანახია 1 324

64.
ფიქრი ტელეფონის ზარმა გააწყვეტინა. ფიფო ზანტად დასწვდა მობილურს... „ხანუმა“ დეიდა ურეკავდა...
დეიდა არა, მაგრამ ბებიად უფრო შეეფერებოდა. ძველი ყაიდის დარბაისელი ქალი, ჯერ კიდევ მამამისს და მის ნათლიას უკითხავდა ლექციებს. საკმაოდ გამჭრიახი ჭკუის პატრონი, ხშირად ეხმარებოდა რთული საქმეების გახსნაში, უსაყვარლესი და საუკეთესო სტუდენტები მთელი ცხოვრება მის უახლოეს ადამიანებად დარჩნენ და ოჯახებიც მისივე წყალობით შექმნეს, ამიტომაც ასეთი შერქმეული სახელი შერჩა.
„ხანუმა დეიდა“ სკამ-სავარძელში თვლემდა... ვითომ თვლემდა, სინამდვილეში კი ფიქრობდა... და მერე, როგორც ყოველთვის გამოძიებისათვის საინტერესო და ხელჩასაჭიდ იდეას ამოაფრქვევდა.
ფიფოს პატარაობიდანვე უყვარდა ეს სავარძელი. ძლივს ძლივობით აბობღდებოდა და მერე ძირს ჩამოსვლას დიდ ხანს ვერ ბედავდა სანამ სავარძელი რწევას არ შეანელებდა.
ყველაფერი ძველებურად იყო, ყველა ნივთი თავის ჩვეულ ადგილას დახვდა, არაფერი შეცვლილიყო, მხოლოდ „ხანუმა დეიდა“ ბევრად უფრო მობერებული და მოტეხილი დახვდა. თუმცა გონება ისევ ისე კარგად უჭრიდა.
„ხანუმა დეიდას“ სათვალე, სათვალეზე ეკეთა და ყურადღებით კითხულობდა სტუმრის მოტანილ საქაღალდეს, სადაც ფიფომ ცალკე ნიღბების ვერსიაც ჩაურთო, თუმცა მისმა თანამშრომლებმა ამას წესიერად არც მიაქციეს ყურადღება და ნელ-ნელა მიივიწყეს კიდეც.
მასპინძელი ერთხანს ჩაფიქრებული დაჰყურებდა ფანჯრიდან შემოჭრილ, იატაკზე ზოლად გაწოლილ მზის შუქს. ფიფო ვერ ხვდებოდა ასე თვალებგახელილი თვლემდა თუ ფიქრობდა.
- არის რაღაც ნაცნობი მაგ საქმეში. –
როგორც იქნა „ხანუმა დეიდამ“ სიჩუმე დაარღვია.
- რა არის? - ძლივს წამოილუღლუღა ძილმორეულმა ფიფომ - რაიმე გეცნო? იქნებ ნიღბების ვერსია ადრეც, სხვა ძველ საქმეებშიც იყო შემჩნეული?
- არა, არა, ნიღბები არაფერ შუაშია.
- ესე იგი არ ეთანხმები მაგ ვერსიას?
- ნიღბები სულ სხვაა თემაა... მაგაზე არაფერს ვამბობ და შეიძლება არც არაფერ შუაშია... თუმცა შესაძლებელია პირდაპირ კავშირშიც კი იყოს, მაგრამ ახლა ერთმა მსხვერპლმა დამაინტერესა... ერთი კაცის გვარი ძალიან ნაცნობად მომეჩვენა... აი ის პროფესორი კაცი, ქამრით რომ მოახრჩეს. რა იცი მასზე? მის ოჯახზე?
ფიფო ჩანაწერებს ჩააშტერდა.
- მეუღლე გარდაცვლილი ჰყავდა, წელიწადი იყო უკვე გასული, შვილები არ ჰყავდა.
- თუ აღარ ჰყავდა...
- რაა?
- არ ჰყავდა თუ აღარ ჰყავდა?
- ??? – ფოფო დაიბნა - მაგით არ დავინტერესებულვარ ადრე ჰყავდა თუ არა...
- ხოოო... - მოხუცმა საქაღალდე მაგიდაზე გადადო - ყოველ მსხვერპლზე სანამ უმნიშვნელო დეტალსაც არ გაიგებ, ისე წინ ვერ წახვალ, ყოველთვის გაგიჭირდება... ბევრჯერ ამის გამო გამოძიება ხშრად ჩიხში მოქცეულა... და ყველაფერი იმის ბრალი იყო, რომ თვითონ მსხვერპლი არ იყო კარგად შესწავლილი, ბოლომდე არ იყო მისი განვლილი ცხოვრება გაშიფრული.
ფიფოს შერცხვა. ეს ხომ ისედაც იცოდა. ვითომ მართლაც იკვლევდა მსხვერპლის ცხოვრებას, მაგრამ ალბათ უფრო ზერელედ, ზედაპირულად...
- იყო ერთი ასეთი შემთხვევა... თვითმკვლელობა იყო თუმცა მკვლელობააო მაგ ვერსიასაც ატრიალებდნენ... დიდი ხნის წინ იყო. ახალბედა მამაშენი იძიებდა მაგ საქმეს... ძალიან სწრაფად კი დაამთავრებინეს. წესიერად არც აცალეს გამოძიება, ისედაც ყველაფერი ნათელი იყო, თუმცა მოტივი?.. –
მოხუცი გაჩუმდა.
მდუმარებამ დიდხანს გასტანა. ფიფო აწრიალდა, ერთი სული ჰქონდა სანამ საუბარს გააგრძელებდა, მაგრამ თითქოს მის ჯიბრზე „ხანუმა დეიდა“ ხმის ამოღებას არ აპირებდა.
- მერე რა მოხდა? ვინ იყო და რატომ მოიკლა თავი?
მოხუცი სტუმრის ხმამ გამოარკვია, გაახსენდა დაწყებული საუბარი.
- რატომ?... რის საფუძველზე... რა იყო მიზეზი არავინ იცოდა.... თითქოს არ იცოდნენ, მაგრამ მაშინვე ეჭვი შემეპარა, ოჯახმა მშვენივრად იცოდა მიზეზი და გახმაურება არ უნდოდათ... - ცოტა ხნით ისევ დადუმდა, მერე ისევ მშვიდად განაგრძო: - მამა პროფესორი, დედაც, ასევე პროფესორი, კლინიკაში ერთად მუშაობდნენ... რომელიღაც განყოფილების უფროსი. ქალაქში ცნობილი და პატივსაცემი ოჯახი და სამწუხაროდ ასე მოხდა.
- და რა მოხდა?
- გოგონამ თავი მოიკლა... მამამისის ქამრით ჩამოიხრჩო თავი...
ფიფო გაოგნებული უსმენდა.
„ნუთუ რაიმე კავშირში შეიძლება იყოს მამისა და შვილის მკვლელობა? თანაც ამდენი წლის შემდეგ...
ამხელა ინტერვალით...
ვინმეს შურისძიება მოუნდა და წლები იცადა?..
და მერე წლებსაც გააჩნია...
არა... არა... რაღაც აბსურდია... სისულელეა... სისულელე.... არ ვიცი...“
- ამ ეტაპზე არა ვარ დარწმუნებული, რომ ეს ორი მკვლელობა ერთმანეთთან კავშირში იყოს, მაგრამ მაინც მიდი და გადაამოწმე. ნუ დაიზარებ. ზოგჯერ შეიძლება სრულიად უმნიშვნელო რამემ ნათელი მოჰფინოს ყველაფერს... თითქმის სრულიად აბსურდულმა დეტალმა შესაძლებელია ისეთი დიდი კვანძი გახსნას, რომ ბოლომდე მიყვანილი, თითქმის უკვე გამოძიებული, დამთავრებული საქმე სულ სხვანაირად დაატრიალოს... უკუღმა ამოაბრუნოს და! - თან ტაშიც შემოჰკრა: - საქმეც გაიხსნას!
„ხანუმა დეიდა“ ისევ დადუმდა, თითქოს ჩაეძინაო.
ფიფო ჩაფიქრდა. ძველი საქმეების, თუნდაც უკვე გამოძიებულის, არქივიდან ამოქექვა იქნებოდა საჭიროდ, თანაც ეს ისე უნდა მოეხერხებინა, რომ ჯერ არავის გაეგო. მამამისის დახმარების გარეშე კი ამას ვერ შესძლებდა.
მასპინძელი მართლაც თვლემდა სავარძელში, ფიფომ საჭიროდ აღარ ჩათვალა მისი გაღვიძება და ფეხაკრეფით გაემართა კარისკენ, თუმცა გასვლისთანავე მოხუცმა მაინც ხმა დააწია:
- არქივიდან რომ წამოხვალთ მერე ჩემთან გამოიარეთ.... ორივემ.
ფიფოს გულიანად გაეცინა.

***
გოგონას თვითმკვლელობა დადასტურებული იყო, თუმცა მაინც რაღაც მომენტში მკვლელობის ფაქტსაც არ გამორიცხავდნენ, მაგრამ საოცარი ის იყო, რომ თავად მშობლები იყვნენ წინააღმდეგი გამოძიების გაგრძელებისა. თავგამოდებით ამტკიცებდნენ თვითმკვლელობას და საქმის სასწრაფო დახურვას მოითხოვდნენ. ალბათ ამის გამო უფრო გაჩნდა მკვლელობის ეჭვი, თუმცა მაინც არ დადასტურდა.
ძალიან დიდი დრო იყო გასული. თითქმის ორმოცი წელი. გვამის ექსჰუმაციას აზრი აღარ ექნებოდა. ან რა საფუძველზე უნდა მოეთხოვა თვითონ ფიფოს? საქმე უკვე მას აღარ ეხებოდა და კონკრეტულ მიზეზსაც კი ვერ დაასახელებდა.
ისე კი, ყოველთვის იყო დარწმუნებული, რომ ამ საქმის სათავე წარსულიდან მოდიოდა, მაგრამ საიდან და რომელი პერიოდიდან, ამის შესახებ არანაირი ვერსია არ ჰქონდა. ახლაც ერთ პატარა ძაფს ჩაეჭიდა...
არაფრის მთქმელ ძაფს...
თუმცა ვინ იცის სადამდე მიიყვანდა...
მაინც სხვა მეტი ხელჩასავლები არაფერი ჰქონდა.
ამ საქმესთან ყველაზე შორეულ და ყველაზე მცირე კავშირში გოგონას თვითმკვლელობა იყო. თუმცა რამდენად ჰქონდა შეხება ან ჰქონდა თუ არა საერთოდ, ამჟამინდელ დანაშაულებებთან არც ეს ჩანდა.
ფიფომაც არ დააყოვნა. თუ კი ვინმე იყო იმ პერიოდში დაკითხული, ვისაც გასწვდა სათითაოდ მოინახულა.
ბევრს ძლივს ახსოვდა ეს ამბავი, ბევრიც გაკვირვებული კითხულობდა, რამ გაგახსენათო...
ახალი ვერაფერი შეიტყო. პირიქით იმაზე ნაკლები ვიდრე ძველ მასალებში ეწერა.
რატომ უნდა მოეკლა 14 წლის ასაკში გოგონას თავი?
თვითმკვლელობის უამრავი ვერსია შეძლება ყოფილიო, ათასი რამ მიზეზი...
გოგონა ძალიან ლამაზი იყო, ნიჭიერი, კარგად სწავლობდა, ძველი მეგობრებიც დადებითად ახასიათებდნენ. პროფესორი მშობლების ერთადერთი ქალიშვილი სულაც არ იყო ამპარტავანი და თავნება, პირიქით საკმაოდ თბილი და მოსიყვარულე...
სიკვდილიდან დაახლოებით ორი წლით ადრე ძლიერ შეიცვალა, სწავლასაც მოუკლო. მუსიკაზე თავდავიწყებით შეყვარებულ გოგოს მუსიკაც კი აღარ აინტერესებდა, აღარც ცეკვავდა, სხვა წრეებზეც შეწყვიტა სიარული. სკოლასაც უკვე ზედმეტად ხშრად აცდენდა და ამასთანავე მეგობრების წრეშიც იშვიათად ჩნდებოდა. მიზეზი კი ხან გრიპი იყო, ხან მოწამვლა ან ხანაც რაღაც სხვა...
ბოლო დროს სახლში ჩაიკეტა, გარეთაც აღარ გამოდიოდა...
მერე კი ეს ამბავი ჩაიდინა.
უმიზეზოდ არაფერი ხდება. ყოველ შემთხვევას ყოველთვის წინ რაღაც უძღვის. ფიფო ამაოდ იმტვრევდა თავს. ცალკე კი მამამისს შეუწუხა გული - იქნებ ისეთი რამ გაიხსენო აქ რაც არ წერიაო...
- მახსოვს ეს ამბავი... მაშინ მთელი ქალაქი ფეხზე დადგა... მთელი სკოლა დაიკითხა... კლასის დამრიგებელიც კარგად მახსოვს... გოგონას სიკვდილის მერე სკოლიდანაც კი წავიდა... არ ვიმსახურებ, პედაგოგობასო თუ რაღაც ამგვარი... კი მინდოდა მერე თავიდან დამეკითხვა, მაგრამ... ზემოდან ბრძანება მოვიდა, ისე დაიხურა ეს საქმე, რომ მისი დაკითხვა ვეღარ მოვასწარი... მერე მაინც მინდოდა, სახლში მივაკითხე, არ შემიშვა, კარი ცხვირწინ მომიჯახუნა... საქმე უკვე ისედაც დახურული იყო... რა უფლება მქონდა?.. და მერე უფროსობისგანაც იმხელა საყვედური მივიღე... საშინლად განაწყენებული და შეურაცხყოფული დავრჩი... ჩემი პირადი პრიცნციპის გულისთვის მაინც მინდოდა ბოლომდე გავრკვეულიყავი ამ საქმეში, მაგრამ მერე გოგონას მშობლებმა ერთი ამბავი ატეხეს... მოასვენეთ მკვდარი ბავშვი საფლავშიო, რას აწრიალებთო.... ქურდებსა და ყაჩაღებს მიხედეთო...
- მერე, მერე? - გამოფხიზლდა ფიფო
- რა მერე... საქმეების მეტი რა იყო, ვიღას გაახსენდა... ახლაც შენ გამახსენე...
- ჰმ... საინტერესოა. –
ფიფო ჩაფიქრდა. აუცილებელი იყო იმ კლასის დამრიგებლის მონახულება. საქმის მასალებში გაკვრითაც კი არაფერი იყო ნახსენები მასზე...
„ნეტა ცოცხალი მაინც დამხვდებოდეს...“
- და თუ გახსოვს... ნიღაბი ეკეთა?
- რაა?.. რა ნიღაბი?
- გოგონას რაიმე ნიღაბი, ხომ არ ეკეთა ან სახე, ხომ არ ჰქონდა მოხატული, ან მის ოთახში რაიმე ნიღბები, ხომ არ იყო, ან კედელზე ან ნუ რავიცი...
- რაღაც არ მახსენდება... არა... და ნიღაბი რა შუაშია? რაიმე დატვირთვა შენს აქვს საქმეში?
- ჩემი საქმე აღარ არის... და ეგ ნიღბების ვერსიაც სხვისგან მოდის, თუმცა საქმის მასალებში არც არაფერი ჩამინიშნავს და ახლა ამას ჯერ მნიშვნელობა არა აქვს...

LEX·2017 წლის 8 აპრილი, შაბათი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent