შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლაბირინთი (სრულად)


23-07-2017, 15:06
ავტორი Mari-Mariami.16
ნანახია 16 025

1. ვიზუალური რომანი
ცხოვრება ლაბირინთს ჰგავს. თუ არასწორ მიმართულებას აირჩევ, უკან დასაბრუნებელი გზის პოვნა ძალიან გაგიჭირდება. ლაბირინთში მხოლოდ ერთი მიზანი გაქვს – იპოვო გასასვლელი. თუმცა, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ადამიანები შეგნებულად არ ეძებენ გასასვლელს და ლაბირინთში იკარგებიან…
მე „ლაბირინთში“ ვმუშაობ! ასე ჰქვია კომპანიას, რომელიც კომპიუტერულ თამაშებს აწარმოებს. მე მნიშვნელოვანი მისია მაკისრია – ვიზუალურ რომანებს ვწერ. ვიზუალური რომანი – კომპიუტერულ თამაშებში წარმოდგენილი ამბავია, რომლის სიუჟეტურ ხაზს მიყვება მოთამაშე. ვიზუალური რომანი პერიოდულად, საკვანძო მომენტებში ჩნდება ეკრანზე ნაწერის ან პატარა ვიდეო-რგოლების სახით. ის აუცილებლად საინტერესო უნდა იყოს. ჩვენ ძირითადად სათავგადასავლო, დეტექტივის და ფანტასტიკის ჟანრის თამაშებს ვქმნით. შეიძლება ითქვას, რომ ვირტუალურ სამყაროში ვცხოვრობ…
ჩვენი კომპანიის მფლობელს კროულის ვეძახი (ოღონდ, თვითონ ამის შესახებ არაფერი იცის). სულ დამყვება შეგრძნება, რომ სინამდვილეში საეჭვო საქმეებით არის დაკავებული და „ლაბირინთი“ უბრალოდ თავისი ნამდვილი საქმიანობის შესანიღბად სჭირდება. ალბათ იმიტომ, რომ ჩაცმის სტილი, სახის გამომეტყველება, მისი კუპრივით შავი მანქანა ზე-დაბურული მინებითა და უცნაური დაცვის სისტემა მის კაბინეტში იმდენად საეჭვოდ გამოიყურება, რომ გამორიცხულია არ წარმოიდგინო, როგორ მალავს სეიფში ადამიანის ჩონჩხებს. ჩემი უფროსი, ჩემს წარმოსახვაში იმ ოკულტისტი ალისტერ კროულის თანამედროვე პროტოტიპია, რომელიც ცნობილი იყო მეტსახელით „მხეცი.“ ოღონდ, მისგან განსხვავებით, ამას მამა აბრამის ბატკანივით უწყინარი სახელი აქვს: – აბრამ დობროვსკი.
დობროვსკი პოლონელია. ორმოცდახუთი წლის არის და კომპანიაში საკუთარი „ჯაშუში“ ჰყავს, მისი პირადი მდივანი, რომელსაც – მტრისა დავარქვი. მტრისას ოთხი ზომა მკერდი აქვს, შეღებილი ქერაა და ყოველთვის სტარტზეა, ვერაფერს გამოაპარებ. ცალი ყური სატელიტური ანტენასავით სულ ჩვენი ოთახისკენ აქვს მომართული და გვისმენს. მაშინაც კი, როცა ყავას ადუღებს, ან თავისი „შპილკებით“დერეფანში დაკაკუნობს. ასე მგონია, სექსზე უფრო მეტ სიამოვნებას მაშინ იღებს, როცა დობროვსკისთან ჩემი გუნდის რომელიმე წევრს აბეზღებს. მშვენივრად ამართლებს თავის მეტსახელს, ვერაფერს იტყვი… ისე კი ნატა ჰქვია.
რაც შეეხება ჩვენს გუნდს… გუნდში ერთადერთი გოგო ვარ. ბიჭები სულ მსაყვედურობენ, ამდენ ვიზუალურ რომანებს წერ და საკუთარი არასოდეს გქონიაო… საქმე იმაშია, რომ ცხოვრებაში ძალიან იშვიათად მხვდებიან რეალურად საინტერესო ადამიანები. ჩემს მიერ შექმნილი პერსონაჟები იმდენად საინტერესოები არიან, რომ რეალობაში აღარავინ მომწონს. ყველაფერი ისეთი მოსაწყენი და უღიმღამოა, რომ პროტესტის გრძნობა მიჩნდება.
როგორც წესი, ყოველთვის წინასწარ ვხვდები მოვლენების შესაძლო განვითარებას. ვიცი, რას მეტყვის ბიჭი, რომლის გონებამაც გადაწყვიტა, რომ უნდა მოვეწონო და ყავაზე დამპატიჟოს. კიდევ, წარმოვიდგენ ხოლმე, როგორ განვითარდება კონკრეტული მოვლენები, ან, ადამიანებს ალტერნატიულ ისტორიებს ვუფიქრებ. ეს გონების ვარჯიშს გავს.
ევა ჩემი ზედმეტსახელია, რომელიც უფრო ხშირად მესმის, ვიდრე ის, რაც მშობლებმა დამარქვეს. ალბათ იმიტომ, რომ სამსახურში უფრო მეტ დროს ვატარებ, ვიდრე სახლში. იქ – ანიკა ვარ, სამსახურში – ევა. ასე ერქვა ჩემს პირველ პერსონაჟს და მშვენივრად ესადაგება იმ მოცემულობას, რომ გუნდში პირველი და ერთადერთი გოგო ვარ.
ჩემს გარეგნობას რაც შეეხება, გამორჩეული სტილი მაქვს. მომწონს უცნაური ტატუები და ასეთი რამდენიმე მაქვს. არასოდეს ვიხატავ ადვილად ამოსაცნობ ფიგურებს. მიყვარს ექსპერიმენტები. მგონი ყველანაირი ფერის თმა მქონდა: ლურჯი, მწვანე, იისფერი, ვარდისფერი… ახლა ნარინჯისფერს ვატარებ. ჩემს თმას ჭკუა რომ ჰქონდეს, აუცილებლად მიჩივლებდა.
შარვალი ჩემი განუყრელი თანამგზავრია. განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც მოტოციკლი მყავს. ვიცვამ იმას, რაშიც თავს კომფორტულად ვგრძნობ და არ მესმის, რატომ იტანჯავენ თავს ქალები, მთელი დღე მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით რომ დადიან, ან რატომ იცვამენ ძალიან მოკლე კაბას და მერე გამუდმებით ქაჩავენ მას ქვემოთ, რომ დაიგრძელონ…
რაც თავი მახსოვს, სულ ფანტაზიაში ვცხოვრობ… ძალიან, ძალიან ბევრს ვოცნებობდი ბავშვობაში. ერთი სული მქონდა, როდის დაღამდებოდა, რომ დავწოლილიყავი და ჩემი წარმოსახვითი მოგზაურობა გამეგრძელებინა. ღამით ხელს არავინ მიშლიდა… სკოლაში როგორც წესი, გამოუძინებელი მივდიოდი.
ერთი უცნაური უნარიც მაქვს: ჩემი გონება ნებისმიერ ლაქას, ჩრდილს, შპალერის ორნამენტებს, მოკლედ ნებისმიერ ფაქტურას ფიგურებად აღიქვამს და ყველაფერს ფორმებს აძლევს, რაც თავიდან ძალიან მიშლიდა ხელს, მერე მივეჩვიე. ახლა, ხანდახან შიში შემიპყრობს ხოლმე… ზოგჯერ მგონია, რომ რეალობასა და ფანტაზიას შორის საზღვარი იმდენად შემცირდა, რომ შეიძლება ერთხელაც გაქრეს. საინტერესოა, რა მოხდება მერე?
გუშინ, მთელი ღამე ახალი თამაშის ფაბულაზე ვფიქრობდი და სამსახურში მისვლისთანავე გავაცანი ბიჭებს:
– ახალგაზრდა გამომძიებელი სახელად – ლეო, ღამის სამ საათზე შემთხვევის ადგილზე გამოიძახეს. ოცდაოთხი წლის მერი საკუთარი ბინიდან გაუჩინარდა. პოლიციას კარის შემტვრევა მოუხდა, რადგან შიგნიდან იყო დაკეტილი. ბინაში ძარცვის და ძალადობის ნიშნები არ აღინიშნება. კორიდორში, სარკის წინ მერის მობილური დევს, ჩვიდმეტი უპასუხო ზარით. მისაღები ოთახიდან ტელევიზორის ხმა ისმის.
სამზარეულოს მაგიდაზე, ფინჯანში ჩაი ასხია, რომელიც ჯერ კიდევ თბილია. ყველა ფანჯარა საგულდაგულოდაა ჩარაზული. ფარდები ყველგან ჩამოფარებულია. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მერი ვიღაცას ემალებოდა. ფანჯრიდან გაპარვა გამორიცხულია, რადგან ბინა მეათე სართულზეა და ფანჯრის სიახლოვეს არ არის სახანძრო კიბე. ერთადერთი მოწმე, რომელმაც პოლიცია გამოიძახა, გაუჩინარებულის კარის მეზობელია. მას მერის ბინიდან ყურისწამღები წუილის ხმა მოესმა, რომელიც დაახლოებით ერთი წუთი გაგრძელდა და თვალისმომჭრელი ნათება მოჰყვა. თითქოს მერის სახლში გაიელვა და სინათლემ სქელი, გაუმჭვირვალე ფარდებიდანაც კი გამოაღწია.
მეზობელი ამბობს, რომ მერი უკანასკნელად სადარბაზოში ნახა. აღელვებული და დაბნეული ეჩვენა. კარი სწრაფად გააღო და სახლში შევიდა. შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა….
– როგორი დასაწყისია, მაქს?
– საინტერესო!
მაქსისგან მეტს არც ველოდი. ის ყოველთვის მხოლოდ იმას ამბობს, რაც აუცილებელია. არავითარი ზედმეტი სიტყვები. მაქსი ჩემი თანამშრომელია. სინამდვილეში – ანდრეი ჰქვია. მაქსი, 3ds-Maxპროგრამის გამო დავარქვი, რომელშიც თითქმის მთელი დღეებია შემძვრალი. ანდრეი კიევში დაიბადა და ათ წელზე მეტია, რაც საქართველოში ცხოვრობს.
– იყო ერთი ლეო… ქონდა…
– მოკეტე, ირაკლი!
ჩვენს გუნდში თუ ვინმე ხუმრობს, მნიშვნელობა არ აქვს წარმატებულად თუ უკბილოდ, ეს ირაკლია. ის მუსიკას წერს და ყველაზე მხიარული ადამიანია, რაც კი ოდესმე მინახავს. ირაკლი ვერ იტანს, როცა ვინმე უხასიათოდაა. მას სჯერა, რომ უჟმურობა გრიპივით გადამდებია. მას ასევე სჯერა, რომ თუ ადამიანი ბევრს იცინებს და სულ პოზიტიურ ხასიათზე იქნება, კიბოსაც დაამარცხებს…
– მშვენიერი სახელია, რას ერჩი?
ფილიპე ყოველთვის მიცავს, როცა ვინმე მერჩის… ის ჩვენი გუნდის უფროსია. უფროსი სამსახურეობრივი მოვალეობით, თორე რეალურად, ფილიპე ყველაზე უმცროსია ჩვენს შორის… მას ფილს და ზოგჯერ ფელიქსს ვეძახით. იმიტომ არა, რომ ფილიპე ქვია, უბრალოდ, ძალიან ჰგავს ანიმაციურ პერსონაჟ – კატა ფელიქსს, თავისი სიურრეალისტური ხედვით.
– მოფიქრებული გაქვს უკვე, როგორ გააქრობ მერის?
მკითხა ფილიპემ.
– ისე რა…
– როდის იყო ეს წინასწარ გეგმავდა სიუჟეტის განვითარებას, ფელიქს? რეებს ეკითხები?
– არა, დაწყება მართლა საინტერესოა! მე რო ვთამაშობდე ამ თამაშს, დიდი სიამოვნებით შევისწავლიდი მერის სახლს. უკვე ვხედავ კიდეც, როგორი უნდა იყოს ოთახები…
– პირველ რიგში რას ნახავდი, ფილ?
– მობილურში გამოტოვებულ ზარებს…
– ყველაზე საინტერესო საძინებელი ოთახია! გავაგრძელო კითხვა?
– აბა რა!
ირაკლიმ ჩემს გვერდით გადმოინაცვლა. დანარჩენები თავიანთ ადგილებზე დარჩნენ.
– მოკლედ, მერის საძინებლის კარიც შიგნიდან იქნება დაკეტილი. ყველაზე უცნაური ამბავი კი სწორედ იქ ხდება. საწოლის თავზე, კედელზე უცნაური პენტაგრამა ხატია ცარცით. ეს პენტაგრამა შეიძლება ჩვენი „ლაბირინთის“ ლოგოც იყოს… ოთხივე კედელზე ოთხი ლურსმანია მიჭედებული, რომელზეც ძალიან წვრილი სიმებია გაბმული. ერთ-ერთი ლურსმანი პენტაგრამის ცენტრშია. სიმებზე ოთხი ამულეტი კიდია. ტუმბოს ქვეშ, იატაკს ნაკაწრი ემჩნევა.
– ნაკაწრი იატაკზე ტუმბოს ფეხებისგანაა? მერი ტუმბოს გაასრიალებდა ხოლმე პერიოდულად?
– ჰო…
– ე.ი. მოთამაშეც გაწევს და რას იპოვის?
– სამალავს, პარკეტში… იქ დევს მერის დღიური. ოღონდ, ფურცლები აკლია…
– კარგი ხარ, ჩიტო! რას წერს მერი?
– თავის ჰალუცინაციებს, რომელიც მხოლოდ კონკრეტულ ადგილებზე მისვლისას ემართებოდა. კიდე, ინსტრუქციას, როგორ უნდა გააკეთო „ვერცხლით დამიწება“ რომელიც პარალელურ სამყაროში ხსნის პორტალს და გეხმარება, რომ ასტრალის ლაბირინთში არ დაიკარგო…
– ოჰო! შენ აღარ ხუმრობ, ბეიბი! მოიცა, ეგ მერი ასტრალში გაიჭრა? – აღფრთოვანდა ფილი.
– ჰო და სექსი აქვს ასტრალურ არსებებთან, ჩემო ფელიქს.
– შენ იცინე, ირაკლი და მართლა მაგარი რაღაც გამოვა! ზუსტად ვიცი, კროულის მოეწონება! ხვალ შევალ და კონცეფციას გავაცნობ!
– რა დროს კონცეფციაა ჯერ? კარგად უნდა მოვიფიქრო ყველაფერი…
– მოიფიქრებ გზადაგზა. სულ ასე არ აკეთებ? შენ ის მითხარი, ლურსმნები და ის კვერცხობები რას გვაძლევს?
– ყველაფერი ვერცხლისაა. კერძო შეკვეთით დამზადებული. პენტაგრამასაც აქვს დანიშნულება. მერე ლეო ნახავს იმ ადგილებს, სადაც ჰალუცინაციები ქონდა მერის და იქაც პოულობს პენტაგრამებს და დღიურის ფურცლებს.
– გენიალურია, ევა. ყავა ჩემზეა! დღეს უნდა გაგანებივრო.
ფილი ყავისთვის დერეფანში გავარდა. თან რაღაც სიმღერის მელოდია წაიმღერა.
– ხუთამდე დავითვლი და მტრისა შემოიხედავს! ხუთი, ოთხი, სამი, ორი…
ხუთამდე დათვლაც არ დამჭირდა. ნატას ცნობისმოყვარე სახის დანახვაზე სამივეს გაგვეცინა.
– ასე აგვიხდეს ნეტა ყველაფერი!
წამოიძახა ირაკლიმ.
– მშვიდობა გაქვთ? რაღაც ძალიან ბედნიერები ხართ დღეს!
– მართალი ხარ, ნატა! ჩვენმა გოგომ ისეთი მაგარი ფაბულა მოიტანა, რომ დღეს უნდა გავანებივროთ!
– თითქოს ისე არ ანებივრებდეთ… სამი კაცი სულ თავს დასტრიალებთ.
– კორპორატიულ კარნვალზე მოდიხარ დღეს, ნატაჩკა?
– რასაკვირველია!
– რას იცმევ?
– რაში გაინტერესებს რას ვიცმევ, ირაკლი?
გაუკვირდა ნატას.
– ჩემი აზრით, გველი დაგაკვდებოდა ზედ! ფორმას ვგულისხმობ… გველის ტყავის კაბას… თავზე, ქუდის ნაცვლად პირდღებული კობრას ფიტული რომ დაიხურო…
– არ გამოგდის შენ ეს ფანტაზია, ირაკლი და რაც გეხერხება იმას მიხედო ჯობია! აკაკუნე კლავიშებზე… და ხო იცით, როგორ არ უყვარს დობროვსკის, როცა მაგიდებზე სხედხართ?
ირაკლიმ თვალი ჩამიკრა და მაგიდიდან ადგა. ნატა სახეზე ოდნავ წამოწითლებული გავიდა ოთახიდან. როცა ბრაზდება, მისი ფეხსაცმელების კაკუნი ძალიან ხმამაღლა ისმის ხოლმე. მე კი მისგან განსხვავებით კარგ ხასიათზე დავდექი.
– შენ მიდიხარ კორპორატიულზე?
მკითხა მაქსმა.
– სიმართლე გითხრა, საერთოდ ამომივარდა თავიდან. აზრზე არ ვარ რა ჩავიცვა…
– მაგის მოფიქრებას რა უნდა, გოგო? რისთვის იმტვრევთ ხოლმე თავს ეს ქალები – რა ჩავიცვა-რა ჩავიცვა… აიფარე ლეღვის ფოთოლი… ევა არა ხარ?
– გენიოსი ხარ, ირაკლი! ისე, ხო აქირავებენ ფორმებს სადღაც?
– კი. ყველაზე საკაიფოს გეტყვი და გაიარე სამსახურიდან!
ფილმა ყავა მომიტანა. ქაფს დავხედე და უცებ წვერიანი კაცის სახე დავინახე. ცალი თვალი არ ჰქონდა. სასწრაფოდ სული შევუბერე. დობროვსკიმ დღეს უფლება მოგვცა ადრე წავსულიყავით. კორპორატიული კარნავალის გამო.
სამსახურში მოტოციკლით დავდივარ. მოტო ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, რომელიც ცოტა ხნის წინ ავიხდინე. ყვითელი Suzuki GSX-R600 მყავს, 2008 წლის. კრედიტს დღემდე ვიხდი, მაგრამ ამად ღირდა.
საცობში მოხერხებულად გავძვერი. ჩაფხუტიდან ნარინჯისფერი ნაწნავი მიჩანს ხოლმე და მანქანებიდან ვიღაცეები მისიგნალებენ. ასეთ რეაქციას უკვე მივეჩვიე. ზოგჯერ ვიღაც გამომყვება ხოლმე მანქანით და ცდილობს რბოლა მომიწყოს. მე კიდე, სადაც ვიწრო ქუჩას დავინახავ, იქ შევაჭრი ხოლმე მოულოდნელად და ვეღარ მეწევიან…
საკარნავალო ფორმების გაქირავების სააგენტოში შევიარე. უფრო გარდერობი იყო, ვიდრე მაღაზია. კარი დაახლოებით 17-18 წლის ბიჭმა გამიღო და უფანჯრო ოთახში შემიძღვა, სადაც ნაფტალინის სუნი იდგა. გრძელ კარნიზებზე ალაგ-ალაგ ჩამოკიდებული კოსტიუმები მოჩვენებებივით კონწიალობდნენ.
– რას ეძებთ?
– რამე არაბანალური და არაძველებური მინდა.
– შუასაუკუნეების კაბები გვაქვს, ნეფერტიტი გვაქვს, ფერია, წითელქუდა, მოახლე, მედდა, ქალი-კატა, ჯამბაზი, ფიფქია, პეპი… აქედან არც ერთი არ მოგწონთ?
– არაა…
– პრინციპში…
ბიჭი ჩაფიქრდა და შემათვალიერა.
– პრინციპში – რა?
– გამხდარი ხართ… კარგი ტანი გაქვთ, თუ მეჩვენება?
მექანიკურად ტანზე დავიხედე. მოტოციკლის სპეციალურ ქურთუკში ძნელად გაარჩევდი სხეულის ფორმას…
– თუ კომპლექსები და ზედმეტი ცხიმი არ გაქვთ, ლილუს კოსტიუმი ძალიან მოგიხდებათ!
– ლილუს?
– ფილმი „მეხუთე ელემენტი,“ მილა იოვოვიჩის როლი… პარიკიც არ დაგჭირდებათ!
– მაჩვენე აბა!
ბიჭი ცოტა ხნით კაბებში შეძვრა და მალევე დაბრუნდა. ლილუს კოსტიუმი მოჰქონდა. თუმცა, კოსტიუმიც არ ერქვა. საკიდზე თეთრი „ტოპი“ და კოლგოტივით შარვალი კონწიალობდა.
– ჩაცმული ძალიან ეფექტურია! უბრალოდ, უკომპლექსო უნდა იყოთ… ამას ნარინჯისფერი აჭიმები და იარაღი მოყვება. ის ცალკე მაქვს შენახული და გამოვიტან ახლავე…
სარკის წინ თხუთმეტი წუთი დავყავი. ასე მინიმალისტურად არასოდეს მცმია. კომპლექსები, რომელიც ისედაც არ მაწუხებდა დიდად, ფეხზე დავიკიდე და კოსტიუმი ვიქირავე.
კორპორატიული კარნავალისთვის დობროვსკიმ ქალაქის ყველაზე პრესტიჟული სასტუმრო „მირაჟის“ საბანკეტო დარბაზი დაიქირავა. ასე ხელგაშლილად იმიტომ მოიქცა, რომ სხვადასხვა კომპანიის მფლობელები, უცხოელი პარტნიორები და რამდენიმე ბიზნესმენი დაპატიჟა. დარბაზში შესვლისთანავე პირველად „მირაჟის“ განთქმულ ჭერს ავხედე, რომელიც ანგელოზებით მოეხატათ. უფრო სწორად, პატარა, ჩაპუტკუნებული შიშველი ბავშვი-კუპიდონებით, რომლებსაც ხელში მშვილდი ეკავათ და ქვემოთ უმიზნებდნენ გულის ფორმის წვერიან ისრებს. დავფიქრდი. თუ პატარა ბავშვები წყვეტდნენ, ვის ვინ შეყვარებოდა, იქნებ მითოლოგიაშიც ის აზრი იყო გატარებული, რომ სიყვარული სხვა არაფერია, თუ არა ბავშვური თამაში?
– მოგწონს? – მკითხა ირაკლიმ და სანამ ვუპასუხებდი, განცვიფრებისაგან ხმამაღლა წამოიძახა.
– ოჰო! ლეღვის ფოთლის რეკომენდაციამ იმოქმედა?
– ჯამბაზის კოსტიუმი? ღადაობ?
– აბა რა!
– ცხოვრებაშიც ეგ ხარ და კარნავალზე რამე განსხვავებული ვერ ჩაიცვი?
– ერთი ეგ პისტოლეტი მანახე, ისვრის?
– შენ როგორ გგონია?
– თუ გინდა ვცდი. აგერ, მტრისას ძუძუები მშვენივრად გამოდგება სამიზნედ! ნახე, რა აცვია? ჯერ მკერდი მოდის, უკან თვითონ მოყვება. მაგის მკერდს კიდევ ამხელა აქცენტი უნდოდა?
– ჭადრაკის ცხენს ჰგავს!
ორივეს სიცილი აგვიტყდა. ნატას ამორძალის კოსტიუმი ეცვა და მეტალით მოჭედილი ლიფი მის მკერდს კიდევ ერთი-ორი ზომით უფრო დიდს აჩენდა. მართლა ძალიან ჰგავდა ჭადრაკის ცხენის ფიგურას.
– არ გშია? ფურშეტი იქითაა.
– მიდი, ჭამე შენ და წითელი ღვინო წამომიყოლე. მე მანამდე შადრევანს დავათვალიერებ.
ძალიან ბევრი ადამიანი ირეოდა დარბაზში. სასიამოვნო მუსიკა უკრავდა. პატარა, მრგვალი მაგიდები ლამაზად გაეწყოთ. შადრევანიც ულამაზესი იყო. ორი მარმარილოს ქალთევზა ლოდზე ჩამომჯდარიყო და თმას ივარცხნიდა. მეც ჩამოვჯექი და ჩემმა ფანტაზიამაც არ დააყოვნა. მაშინვე წარმოსახვითი კუდი გამომაბა წელსქვემოთ და ოკეანეში გადამისროლა. სწორედ ამ დროს, ყურთან მამაკაცის ოდნავ ხრინწიანი ხმა ჩამესმა.
– საინტერესო პერსონაჟია! გამიხარდება, თუ გავხართ.
მზერა ქალთევზას კუდიდან მეკობრეზე გადავიტანე, რომელსაც სახე გრძელ, გაბურძგნულ წვერსა და მეკობრის ქუდში დაემალა. ცალი თვალი ახვეული ჰქონდა.
– შეიძლება ვგავარ კიდეც! – თქვენ იცით რამე მეკობრეებზე?
– რაღაცეები ვიცი.
გაეღიმა მეკობრეს და ჩემს გვერდით ჩამოჯდა.
– აბა, რატომ ეკეთათ ცალ თვალზე ეს?
საჩვენებელი თითი ახვეულ თვალში ვატაკე. მე თვითონაც არ ვიცი, ასე რატომ მოვიქეცი…
– ალბათ იმიტომ, რომ ცალთვალები იყვნენ. ან, უფრო საშიშებად რომ გამოჩენილიყვნენ.
– არაფერიც! ცალ თვალს იმიტომ იხვევდნენ, რომ მზის სინათლით განათებული ოკეანე თვალებს ჭრიდათ. ისინი კი წარა-მარა ტრიუმში ჩადიოდნენ, სადაც სიბნელე იყო. დრო რომ არ დაეკარგათ, ვიდრე თვალი სიბნელეს შეეჩვეოდა, უბრალოდ საფარი ერთი თვალიდან მეორეზე გადაჰქონდათ.
– ჭკვიანურია!
– აბა, რომი რატომ იყო მათი საყვარელი სასმელი, იცი?
– ალბათ იაფი იყო…
– აქაც დამარცხდი! იმიტომ, რომ სიცხეში ყველა სასმელი ფუჭდებოდა. წყალიც კი ყროლდებოდა. მხოლოდ რომი ძლებდა და არ იცვლიდა გემოს. ამიტომ, მას წყალშიც აზავებდნენ, რომ უსიამოვნო გემო არ ეგრძნოთ. ეს ნაზავი შეიძლება კოქტელის პირველ ვერსიადაც ჩაითვალოს… ამიტომაც იყვნენ მეკობრეები ლოთები.
– დავმარცხდი? არ ვიცოდი თუ ვეპაექრებოდით ერთმანეთს… მსიამოვნებს, როდესაც განათლებულ ქალს ვესაუბრები…
– განათლებული ქალიც იგივეს უნდა გრძნობდეს, როდესაც გესაუბრება. ასე, რომ, მაპატიე. უნდა წავიდე!
ფეხზე წამოვდექი.
– მგონი მართლა გავხარ ლილუს, მაგრამ ლილუ არასოდეს გარბის.
– არ გავრბივარ! უბრალოდ მივდივარ…
– მე გთხოვ, რომ დარჩე.
– ნამდვილი მეკობრე ქალს არასოდეს სთხოვდა დარჩენას…
– აბა რას იზამდა?
– აიძულებდა!
– მე არ ვარ ნამდვილი მეკობრე და არც შენ ხარ სამყაროს მხსნელი.
გაეღიმა მეკობრეს.
– სამწუხაროა! კარგი, ბოლო შანსს მოგცემ. ათი წამი გაქვს, რომ რაღაც მომიყვე შენზე!
– ათ წამში ვერ ჩავეტევი. ჩემი ისტორიები გაცილებით გრძელია.
– აქ როგორ მოხვდი?
– გრძელი ისტორიაა!
– ცოლი ან შეყვარებული გყავს?
– ეგეც გრძელი ისტორიაა!
– ყველაზე საინტერესო რა გადაგხდენია ცხოვრებაში?
– ეგ ძალიან, ძალიან გრძელი ისტორიაა!
– და მოკლე გაქვს რამე?
– როგორ არა! – ცხვირი!
– ათი წამი უკვე გავიდა. მითხარი, რატომ უნდა დავრჩე, კაპიტანო?…
– ჯეიმს! – იმიტომ, რომ მე სწორედ ის ვარ, ვისაც ეძებდი…
– შენი პასუხი ისეთივე ბანალურია, როგორიც შენი საკარნავალო კოსტიუმი. კარგად ბრძანდებოდე, კაპიტანო ჯეიმს!
ფურშეტის მაგიდებისკენ წავედი. თან ირაკლის ვეძებდი. უცებ, ყავის ჭიქაში დანახული ცალთვალა წვერიანი კაცი წარმომიდგა თვალწინ და გამაჟრიალა. როგორ უცნაურად დაემთხვევა ხოლმე რაღაცეები ზოგჯერ…
2. მოჩვენება „მირაჟში“


„მირაჟის“ საბანკეტო დარბაზი ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია. ისევე, როგორც თავად სასტუმრო. აქ პირველად მოვხვდი, მაგრამ მის შესახებ ბევრი მსმენია. ადრე, „მირაჟის“ ადგილზე ძველი, უსახური შენობა იდგა, რომელმაც რადიკალური ცვლილება განიცადა. როგორც ჩემთვის ცნობილია, სპეციალურად ჩამოიყვანეს სხვადასხვა ქვეყნებიდან საუკეთესო დიზაინერები, რომლებმაც ნამდვილი სასწაული მოახდინეს…
„მირაჟის“ მფლობელის ზუსტი ვინაობა დღემდე არავინ იცის. როგორც ჩანს, ისიც თავისი სასტუმროს სახელივით ამოუცნობია, რადგან აქამდე არ მოჰფინა ნათელი სასტუმროს ირგვლივ შექმნილ ლეგენდებს…
მდიდრულ, ფერად და ბრჭყვიალა საკარნავალო კოსტიუმებში გამოწყობილი სტუმრები განსაკუთრებით ამშვენებდნენ ამ დარბაზს. მაგიდებზე საჭმელი თავზე საყრელად იყო. ირაკლი კი არსად ჩანდა. მარტო ყოფნა ძალიან მალე მომბეზრდა და გადავწყვიტე ერთადერთ ნაცნობს გამოვლაპარაკებოდი, რომელიც საქმიანად მიდი-მოდიოდა დარბაზში სტუმრების სიით ხელში.
– ნატა, ირაკლი არ გინახავს? აქეთ წამოვიდა წეღან…
– ის ჯამბაზი? მაიმუნობს ალბათ სადმე, თავის ჭიას ახარებს!
– და კრ… დობროვსკი უკვე მოვიდა?
– ჯერ არ მოსულა, მაგრამ წუთი-წუთზე მოვა. მე როგორ გამოვიყურები? რამე ხომ არ მიჩანს უშნოდ? აბა შემხედე!
ნატამ ჩემს წინ გაიარ-გამოიარა.
– არა, არაფერი გიჩანს… „ძუძუების გარდა“ – დავასრულე ფიქრებში.
– იცი ვინ მოვა დღეს აქ? აბა თუ გამოიცნობ!
– პრემიერ მინისტრი?
– არა, გოგო!
– აზრზე არა ვარ! – მითხარი!
მტრისა ჩემკენ გადმოიხარა და წამჩურჩულა:
– ლევან გიორგაძე!
– ეგ ვინღაა?
მტრისამ ისეთი სახით შემომხედა, თითქოს კაცი მოვკალი.
– არ გამაგიჟო! საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანია, ძალიან მაგარი ვინმეა! ეგ როგორ არ იცი?
– რატოა მაგარი? მდიდარი როა?
– უბრალოდ მდიდარი არა, ძალიან მდიდარი! მილიონერი… ძალიან უცნაური ტიპია. კაცი-ლეგენდაა! მართლა არ გაგიგია?
– არა…
– ამბობენ, რომ „მირაჟიც“ მაგისია… სავარაუდოდ ნიღბით იქნება და ალბათ მარტო აბრამს ეცოდინება რომელია.
– მარტო აბრამს რატო? იმალება?
– აბა! დაცვის გარეშე არსად დადის. სად დადის ეგეც არავინ იცის… იმდენ რამეს ამბობენ მასზე… „რეალში“ ძალიან ცოტას უნახავს. პრესას და მედიას ხომ საერთოდ არ იკარებს. „მოჩვენებას“ ეძახიან… გოგო, დავიჯერო არაფერი გაგიგია, მართლა? ვაიმე, ისეთი იდუმალიაა… ვგიჟდები ისე მაინტერესებს როგორია! ყველაფერს მივცემდი, ეგ რომ გამეგო…
– კითხე მერე დობროვსკის და გეტყვის!
– აი, შანსი არაა, არ მეტყვის! ეგ არასოდეს ლაპარაკობს იმ ადამიანებზე, ვისთანაც კავშირი აქვს…
– დობროვსკის რამე კავშირი აქვს მაგ ტიპთან?
– კაი, წავედი, სტუმრებს უნდა მივხედო…
მტრისას ძალიან არ ეხერხება ემოციების შენიღბვა. აშკარად შევატყე, რომ ზედმეტი წამოროშა და ამაზე ძალიან ინერვიულა… მე კი ისევ მარტო დავრჩი… საინტერესოა, რა სახის კავშირი უნდა ჰქონდეს დობროვსკის იმ გიორგაძესთან? როგორც ჩანს, ტყუილად არ მაქვს რაღაც ეჭვები…
სუში ძალიან მიმზიდველად გამოიყურებოდა, ამიტომ გადავწყვიტე გამესინჯა. რატომღაც იმ მეკობრისკენ გავიხედე, მაგრამ შადრევანთან აღარ იჯდა. მისი გამორჩევა ბრბოში ძალიან გამიჭირდებოდა, რადგან ძალიან ბევრს ეცვა მეკობრის ფორმა.
– აი, თურმე სად ყოფილხარ, სუშის ღეჭავ! მე კიდევ გეძებდი.
– მეც გეძებდი, ირაკლი. სად გაქრი? ნატასაც ვკითხე და არ დამინახავსო…
– ნატა რას დამინახავდა? ვერ ხედავ, თვალზე მკერდი აქვს გადაკრული…
ირაკლიმ ჩხირები ხელიდან გამომართვა და თეფშიდან სუში ისე სწრაფად ამაცალა, რეაგირებაც ვერ მოვასწარი.
– აკი საჭმელად წამოხვედი?
– ფელიქსა შემხვდა და მივბრუნდი.
– სად არის?
– აგერ იქ, სულთნის ფორმაშია. ვიღაცეებს ელაპარაკება.
– ნატამ თქვა, კროული მალე მოვაო. გინდა დავნაძლევდეთ, რომ ვამპირი იქნება?
– რა იცი?
– დარწმუნებული ვარ. უი, მართლა! რა უნდა გკითხო… ლევან გიორგაძე ხომ არ იცი ვინ არის?
– მილიონერი როა?
– ჰო…
– ეგ ეშმაკმაც არ იცის, გოგო! მაგარი ბუნდოვანი ფიგურაა…
– რატო?
– რავი, ბევრი ლეგენდა დადის მაგაზე. ტიპი ღამურასავითაა. დღე ძინავს, ღამე იღვიძებს. სად დადის კაცმა არ იცის. ერთადერთი, რაც მაგ კაცზეა ცნობილი, ქალები ევასება მაგრად. ძალიან ბევრი საყვარელი ყავდაო, ამბობენ. თან, სპეციალურად ეძებს ახალ-ახალ გოგოებსო. ცოტა ხანი ყავს, მერე შორდება და რაღაც ხელშეკრულებას ადებინებს…
– ეგ როგორ?
– დუმილში ძალიან ბევრ ფულს უცვლის. ამიტომ, არც ერთი მაგისი ყოფილი ნაშა უკმაყოფილო არ დარჩენილა… რამდენად მართალია არ ვიცი, უბრალოდ, ასე ამბობენ…
– შენ გჯერა ამ ყველაფრის?
– რას გაუგებ მაგათ? მილიონერები უცნაური ხალხი როა ხო იცი? ისე, შენ რატო დაინტერესდი მაგ ტიპით?
– მტრისამ მითხრა, დღეს უნდა მოვიდესო…
– სად, აქ? – მეეჭვება! რა უნდა აქ? ვითომ კროულიმ დაპატიჟა?
– როგორც ჩანს. ნატას წამოსცდა, რომ დობროვსკის მასთან რაღაც კავშირი აქვს და როგორც კი გააცნობიერა, რომ წამოსცდა, მაშინვე გაიქცა…
– საინტერესოა!
– ჰაჰაა! ჯეკ პოტ! მარჯვნივ გაიხედე!
დარბაზში გრაფი დრაკულა შემოვიდა. თეთრი ჟაბოიანი პერანგით და შავი მოსასხამით.
– არ არსებოობს!!! კროულია, ტო?
ირაკლიმ გაოცებისგან პირი დააღო.
– როგორ მიხვდი? უეჭველი ნატა გეტყოდა…
– არ უთქვამს, უბრალოდ მივხვდი…
– შენ „ვედმას“ კოსტიუმი უნდა ჩაგეცვა! მისმინე, ცოტა ხნით რომ დაგტოვო ძაან გაბრაზდები?
– რა სისულელეა! რა ვალდებული ხარ მთელი დღე ჩემთან იდგე. წადი სადაც გინდა.
– ის გოგო უნდა გავიცნო! ვგიჟდები, როცა ქალს სამუშაო ფორმა აცვია! ძალიან სექსუალურია…
– რომელი გოგო?
– აი ის, მიმტანის კოსტიუმში როა…
– ეგ მართლა მიმტანია, დებილო!
– იყოს მერე, ეგ უფრო ასწორებს!
– აბა შენ იცი! იქნებ მიეხმარო-კიდევაც…
ირაკლი ხალხს შეერია. კროული პატარა სცენაზე ავიდა და დამსწრე საზოგადოებას იქიდან მიესალმა. პარტნიორები, სტუმრები… ვინც არ დაეზარა, ყველა სათითაოდ ახსენა. მტრისა გვერდით ედგა და ისე იღრიჭებოდა, სიბრძნის კბილებიც კი უჩანდა. მერე, ჩვენი კომპანიის საქმიანობაზე ისაუბრა. მე მომენტით ვისარგებლე და სანამ ფურშეტის მაგიდებთან ხალხის ნაკადი შემცირდა, თეფშზე კიდევ გადავიღე სუში.
– გყვარებია სუში!
ნაცნობი მეკობრე გამომეცხადა. საშინლად ვერ ვიტან, როცა ვინმე მელაპარაკება და მე პირში ლუკმა მაქვს გაჩხერილი.
– პირველად რომ გადავიღე, ის შემიჭამეს!
– საინტერესოა! თავზე საყრელადაა სუში და შენ თეფშიდან შეგიჭამეს…
გაეცინა მეკობრეს.
– ეგეთებიც ხდება.
– მე სასმელზე გეპატიჟები!
– სასმელი ისედაც უფასოა…
– მერე? მეკობრეები ხომ უფასოდ იღებენ იმას, რაც უნდათ?
როგორც იქნა სუში გადავყლაპე.
– კარგი. მე წითელი!
მეკობრემ წითელი ღვინის ბოკალი მომაწოდა.
– და მაინც… რომელ კომპანიაში მუშაობ?
– ხომ გითხარი, გრძელი ისტორიაა…
– მე არსად მეჩქარება!
– მაშინ წამოდი, დავსხდეთ… დაიწყე თეფშზე რაც გინდა. მე ხილს წამოვიღებ!
– შეგეძლო მარტივადაც გეთქვა კომპანიის სახელი…
– ჩემს ცხოვრებაში მარტივი არაფერია.
– მიკვირს, აქამდე სახელი რომ არ მკითხე. როგორც წესი, უცხო კაცები პირველ რიგში სახელს მეკითხებიან.
– სახელი არაფერს წყვეტს. თუ მომინდება, ლილუს დაგიძახებ და შენც მიხვდები.
– და მე ჯეიმსი დაგიძახო?
– არ ვიქნები წინააღმდეგი.
მხრები ავიჩეჩე და მაგიდასთან გავყევი. პრინციპში, ჩემთვის სულერთი იყო რა ერქვა. უაზროდ დგომას, უაზროდ ლაპარაკი მერჩივნა. თანაც, მიყვარს უცნობ ადამიანებზე დაკვირვება. არასოდეს იცი, ვინ ვინ აღმოჩნდება. პერსონაჟების შესაქმნელად ეს აუცილებელიც კია.
მაგიდასთან დავსხედით თუ არა, დაბნელდა და ეკრანზე ჩვენი კომპანიის პრომო ჩაირთო. ისე ხმამაღლა ისმოდა, რომ ლაპარაკის დაწყებას აზრი არ ჰქონდა. ფიქრებში გადავვარდი. წარმოვიდგინე, რომ დარბაზში უცებ ნიღბიანი ტერორისტები შემოცვივდნენ, ყველა მძევლებად აიყვანეს და ლევან გიორგაძეს დაუწყეს ძებნა. მე მაგიდის ქვეშ დავიმალე, ერთ-ერთ ტერორისტს დანა ფეხში ჩავარჭე, როცა მაგიდასთან გამოიარა, მერე წაქცეულს ავტომატი წავართვი და მაგიდის ქვემოდან დანარჩენებს მუხლები დავუცხრილე. აი, ასეთი სასტიკი ვარ ზოგჯერ ფიქრებში…
– მე ძალიან მნიშვნელოვანი მისია მაკისრია და ძალიანაც რომ მინდოდეს, მაინც ვერ გეტყვი სად ვმუშაობ!
– რა მითხარიი?
– ჩემი სამსახური საიდუმლოა-მეთქიი!
რაც შეიძლება ხმამაღლა ჩამძახა ყურში მეკობრე ჯეიმსმა.
– საიდუმლოა? – ჯაშუში ხარ?
– რა მკითხე?
– ჯაშუში ხარ-თქო?
– არ მესმის, რაა?
– ჯაააშუუუშიიი ხააარ?
მთელი ძალით დავიყვირე და სწორედ ამ მომენტში შეწყდა მუსიკა. მთელს დარბაზში გაისმა ჩემი ღრიალი. ყველამ ჩვენკენ გამოიხედა. უცებ, მეკობრემ ხელი მომკიდა, მაგიდიდან წამომაყენა და აივნისკენ წამიყვანა. რაღაცნაირად ვეღარც შევეწინააღმდეგე. პატარა ბავშვს რომ მიათრევს მშობელი, ისე მივყვებოდი უკან. დარბაზი ისევ ახმაურდა.
– აქ სიწყნარეა!
აივნიდან დახვეული კიბე სასტუმროს უკანა ეზოში ჩადიოდა. საოცარი სილამაზე იყო. გარეთ ბნელოდა. ბაღი ჩირაღდნებით იყო განათებული და ზღაპრულ განწყობას ქმნიდა.
– იქით ძალიან ლამაზი შადრევანია! იტალიელი მოქანდაკის ნამუშევარია.
– ისევ ქალთევზები?
– არა, აფროდიტე… აბა შენ თუ იცი, რატომ არ აქვს არავითარი საერთო გულის სიმბოლოს ნამდვილ გულთან?
– იმიტომ, რომ ნამდვილი გული უშნოა და რთული დასახატი?
– არა.
გაეღიმა მეკობრეს. ამასობაში შადრევანიც გამოჩნდა. ნიჟარაზე შიშველი აფროდიტე იდგა.
– გული ქალის უკანალის გამოსახულებაა!
– უკაცრავად?
– ბერძნები თაყვანს სცემდნენ სიყვარულის ქალღმერთ აფროდიტე კალიპიგუს, რომელიც სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც „აფროდიტე მშვენიერუკანალიანი.“ აი, დააკვირდი!
ორივემ აფროდიტეს შემოვუარეთ და მის უკანალს მივაჩერდით.
– მართლა ჰგავს, ვერაფერს იტყვი…
– ერთით ერთია!
– რა?
– ანგარიში გათანაბრდა. ხედავ, მეც მცოდნია რაღაც…
– ეგ ალბათ იმიტომ, რომ ქალის უკანალს უკავშირდება!
შადრევანთან ჩამოვჯექი. მეკობრეც გვერდით მომიჯდა გაღიმებული სახით. წყალი ისე სასიამოვნოდ ჩქაფუნობდა, რომ უცებ ძირს დაწოლა და ძილი მომინდა…
– შენ სად მუშაობ, არ მეტყვი?
– ლაბირინთში.
– ვაჰ, დობროვსკისთან? და რას აკეთებ იქ?
– ვიდეო თამაშებისთვის სცენარებს ვიგონებ.
– საინტერესოა! დაგინახე თუ არა, ეგრევე გავიფიქრე, რომ საინტერესო სფეროდან იქნებოდი…
– ამიტომ გამომელაპარაკე?
მეკობრემ აღარაფერი მიპასუხა. უბრალოდ ჩემკენ შემობრუნდა და უცბად ნიღაბი მოიხსნა. თაფლისფერი თვალები ჰქონდა. სრულიად მოულოდნელად, გადმოიხარა და მაკოცა. მისი ხელოვნური წვერი ნიკაპში შემერჭო, მაგრამ რატომღაც არ შევეწინააღმდეგე. დიდი ხანია არავისთვის მიკოცნია… თვალები დავხუჭე. წყლის ხმამ და ყვავილების სურნელმა, რომელიც ბაღში ტრიალებდა, სხვა სამყაროში გადამისროლა. ვიგრძენი, როგორ გამეხსნა გონება. თავში რაღაც კადრები დამიტრიალდა, ჯეიმსისგან თავი გავინთავისუფლე და ფეხზე წამოვხტი.
– მერი… ვიცი სადაც გაქრა მერი…
მეკობრე დაბნეული მომაჩერდა. რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ გავაწყვეტინე.
– მშვიდობით!
ისე სწრაფად გადავჭერი ბილიკი და ისე სწრაფად ავირბინე კიბეები, მეკობრე კი არა, ფორესტ გამპი ვერ დამეწეოდა. „მირაჟის“ დარბაზში რომ დავბრუნდი, მაშინვე სულთანი მოვძებნე.
– ფელიქს… მაგარი რაღაც მოვიფიქრე!
– ვაუუ… ევა! თმის ფერი რომ არა, ვერც გიცნობდი! რა ვიდზე ხარ?!
– ის ალტერნატიულ რეალობაშია! თავიდან, მხოლოდ კონკრეტულ ადგილებში ხდებოდა ანომალიები… წუილის ხმა, ნათება და უცებ წკაპ და რაღაც იცვლება! ადგილი იგივეა, მაგრამ სხვანაირი…
– რას ამბობ? ვერ გავიგე… ვინ არის ალტერნატიულ რეალობაში?
– მერი! რამდენიმე წამით ჩნდება პორტალი, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას… თვითონაც ვერ ხვდება რა ხდება. ჰგონია, რომ გაგიჟდა და დღიურის წერას იწყებს. ბოლოს მის საძინებელშიც ჩნდება პორტალი… მერი ინტერნეტში ეძებს ანომალიურ და პარანორმალურ მოვლენებს და „ვერცხლით დამიწებას“ აკეთებს, რომ შეაჩეროს ეს ყველაფერი… ხოდა, ყველაზე ძლიერი ნათება სწორედ მაშინ გაჩნდება და მერის გადაისვრის პარალელურ სამყაროში, სადაც მისი ალტერნატიული „მე“ მოკლეს… წარმოიდგინე? წარმოიდგინე ეს ყველაფერი თამაშში?
ფილიპე პირდაღებული მისმენდა.
– აუ… აუუ… ევა… ძალიან მაგარია! ფანტასტიკის დედა ხარ!
– მორჩა, სახლში მივდივარ! ახლავე რომ არ დავწერო ყველაფერი, მერე დამავიწყდება… ირაკლის შენ დაემშვიდობე ჩემს მაგივრად! ორშაბათს სამსახურში შევხვდებით…
გასახდელში ქურთუკი ავიღე, მოვიცვი და ქუჩაში გამოვვარდი. პირველივე შემხვედრი ტაქსი გავაჩერე და სახლში დავბრუნდი. დედას და ჩემს დას ეძინათ. მამა ათი წლის წინ გარდამეცვალა…
შხაპი მივიღე და საწოლში ჩავწექი. ლეპტოპი მუხლებზე დავიდე და გათენებამდე ვწერდი. არ მახსოვს, როგორ ჩამეძინა. სიზმარი ვნახე:
„მირაჟის“ ბაღის კიბეზე ჩავდივარ. ისეთი ბურუსია, რომ ერთი მეტრის იქით არაფერი ჩანს. ყვავილების სურნელს ვგრძნობ… აი, აფროდიტეს უკანალიც გამოჩნდა. შადრევანთან ძირს დაგდებულ მეკობრის ნიღაბს ვხედავ. ხელში ვიღებ და წერილად გადაიქცევა. ვცდილობ წავიკითხო, მაგრამ ასოები ძალიან სწრაფად იცვლება…
გამეღვიძა. მეგონა ყვავილების სუნი ჩემს ოთახშიც იდგა. გამიხარდა, რომ შაბათი იყო. უცებ, კარი გაიღო და ჩემი და შემოვიდა ყავით ხელში. ჩემს დას თეო ჰქვია. 15 წლისაა და მომღერლობაზე ოცნებობს…
– გღვიძავს, ანიკა? ძალიან გვიან მოხვედი?
– არა, არც ისე.
– რა გეცვაა?
თეომ ყავა ტუმბოზე დამიდგა და სკამიდან ლილუს კოსტიუმი აიღო.
– მადლობა ბაჭი, ყავისთვის!
– აუუ… რა მაგარია! ამით იყავი?
– ჰო…
– გავისინჯავ რაა!
– გაისინჯე!
გამეღიმა და დავფიქრდი, ვეცადე გამეხსენებინა რა ინტერესები მქონდა მე, როცა თეოსხელა ვიყავი… მახსოვს, ჩემი მეზობელი მომწონდა და ველოსიპედით მის სახლს სულ წრეებს ვუვლიდი… თეომ ხალათი გაიხადა და ლილუს კოსტიუმი ჩაიცვა. როდესაც კაბურა აიღო, იქიდან რაღაც გადმოვარდა.
– ეს რა არის, ანიკა?
საწოლში წამოვჯექი. თეოს ხელში შავი რაღაცა ეჭირა.
– მანახე!
მოულოდნელობისგან კინაღამ სუნთქვა შემეკრა, როდესაც თეომ ხელში მეკობრის ნიღაბი ჩამიდო. კი მაგრამ, კაბურაში როგორ აღმოჩნდა? როცა მაკოცა მაშინ ჩამიდო? ასე რატომ მოიქცა?
თავში ათასი კითხვა დამიტრიალდა. ნიღაბი ყველა მხრიდან დავათვალიერე. შიგნითა მხარეს, კიდეზე წვრილად რაღაც ეწერა. ფეხშიშველა წამოვხტი, საწერ მაგიდასთან მივირბინე, გამადიდებელი შუშა ამოვიღე და ნაწერს დავაკვირდი. ციფრები გავარჩიე:
– 608 494
3. სახიფათო გადაწყვეტილება


ზუსტად თეოსხელა ვიყავი, როცა ჩემი ცხოვრება ძირფესვიანად შეიცვალა. შეიძლება ითქვას, რომ ბედნიერი ბავშვობა მქონდა, რადგან მშობლები არაფერს მაკლებდნენ. მამას ბენზინის ბიზნესი ჰქონდა და უზრუნველად ვცხოვრობდით. ყველაფერი იდეალურად იყო მანამ, სანამ მამა ვიღაცეების ხელისშემშლელ ფაქტორად არ იქცა.
მე, თეო და დედა ბორჯომში ვისვენებდით. შაბათს მამაც უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ მას თავში ტყვია ესროლეს… თეო ძალიან პატარა იყო იმისთვის, რომ მომხდარი გაეცნობიერებინა. მე კიდევ მეგონა, რომ ჩვენი ცხოვრება დამთავრდა… მამას გარეშე ვერაფერი ვერ წარმომედგინა. ყველაფერი დავკარგეთ. დედამ მუშაობა დაიწყო, მე თეოზე ზრუნვა…
ერთ რამეს მივხვდი! ეს საშინელება რომ არ მომხდარიყო, ჩემს ცხოვრებაში არ გაჩნდებოდა მიზანი… მე მივხვდი, რომ საშიში ამბების მიღმა ყოველთვის იმალება საინტერესო საიდუმლო…
ადამიანები, რომელთა ცხოვრებაშიც ბევრი პრობლემა იყო, ძალიან საინტერესოები არიან. თხუთმეტი წლისამ გავაცნობიერე, რომ მამას მკვლელის გამოაშკარავების სურვილი იყო ის ერთადერთი მიზანი, რამაც მაიძულა ცხოვრება გამეგრძელებინა.
ალბათ ამიტომაც ვმუშაობ „ლაბირინთში,“ რადგან ჩემი თავი სხვაგან ვერ წარმომიდგენია. ალბათ ამიტომ მეხერხება საინტერესო ისტორიების მოფიქრება…
ორშაბათი დილა თათბირით დაიწყო. ფილიპემ კროულის ჩვენი ახალი ფაბულა გააცნო.
– მერი მიდის ქუჩაში და უცბად გამოსახულება ვიბრირებას იწყებს. თეთრი ნათება. გარემო იცვლება. ქუჩა სხვანაირად გამოიყურება. მაღაზიების ნაცვლად რაღაც გაურკვეველი დაწესებულებაა, შავი, გაუმჭვირვალე მინებით. ქვაფენილის ნაცვლად – ასფალტი. სახლებიც სხვანაირია. ქუჩა კი ცარიელი. არც მანქანების ხმა ისმის, არც ადამიანების. თითქოს ქალაქი უცებ დაიცალა…
ქუჩაში სამხედროებს დადიან. ქალაქი კარანტინის ზონაშია. ისევ ნათდება და ძველ ქუჩაზე ვბრუნდებით. აი, ასეთი ტიპის გადასვლები იქნება ერთი რეალობიდან – მეორეში.
ფილიპე როგორც იქნა ლაპარაკს მორჩა და ყველამ დობროვსკის შევხედეთ. კროული ცოტა ხანი ჩაფიქრებული იჯდა, მერე თავი მაღლა ასწია და შემომხედა.
– დობრა პრაცა, ანნიკა!
– კარგი ნამუშევარიაო… – გადმომიჩურჩულა მაქსმა.
– ჯინკუიე!
კროულის მადლობა პოლონურად გადავუხადე. ქართული მშვენივრად იცის, მაგრამ უყვარს, როცა პოლონურ სიტყვებსაც გამოურევს ხოლმე.
– რამეს ხომ არ დაამატებდი?
მკითხა მან.
– როგორც ფილმა თქვა, მერის დღიურს ფურცლები აკლია და მოთამაშე სხვადასხვა ლოკაციებში პოულობს მათ. ეს ჩანართები მერის დღიურიდან ეკრანზე ნაწერის სახით გაიშლება. ყოველ ახალ ლოკაციაზე იქნება პენტაგრამა და როცა მოთამაშე პოულობს, ავტომატურად შეინახება თამაში. ვფიქრობ, პენტაგრამად ჩვენი კომპანიის ლოგო გამოვიყენოთ… კიდევ, სხვადასხვა ინვენტარით შეიძლება კომბინაციების გაკეთება… როგორც ლოგიკური „კვესტი.“
– ლოგოს იდეა მომწონს. თამაში ისეთი უნდა გამოვიდეს, რომ ჩვენი კომპანიის სავიზიტო ბარათად იქცეს. პარალელურ სამყაროში ადგილები განსხვავებული გააკეთეთ და მოთამაშეც ერთგვარ ლაბირინთში მოექცევა. ერთადერთი, რასაც შევცვლიდი, „გეიმერი“ მერი უნდა იყოს და არა ლეო. ბევრად საინტერესო იქნება… ეს ხაზიც განავითარეთ და ორივე ვარიანტი მაჩვენეთ! ძალიან სერიოზული დამკვეთი გამოჩნდა და შეიძლება ეს პროექტი შევთავაზო. ამიტომ, იდეალური უნდა იყოს!
დობროვსკიმ განკარგულებები გასცა. მე და ბიჭები ჩვენს ოთახში დავბრუნდით. ირაკლი კარგ ხასიათზე იყო. პრინციპში, როგორც ყოველთვის. მაქსი ყავაზე წავიდა. მე კიდევ, თავში სულ ის ოხერი ციფრები მიტრიალებდა. საძიებო სისტემაშიც ჩავწერე, მაგრამ არავითარი შედეგი. საკარნავალო კოსტიუმი დღეს, სამსახურის მერე უნდა დამებრუნებინა და ყოველი შემთხვევისთვის, მეკობრის ნიღაბიც ჩავაგდე ზურგჩანთაში.
– დობროვსკიმ, პარალელურად რომანიც განავითარეთო. რას ფიქრობთ ამაზე, ბავშვებო?
– რას ვფიქრობ, ფილ და რამენაირად ლეო და მერი უნდა დავუკავშიროთ ერთმანეთს… მე ვფიქრობ, რომ როცა ლეო დაიწყებს გამოძიებას, ინტერესიც გაუჩნდება. როცა სხვადასხვა ლოკაციებზე პოულობს პენტაგრამას და ამულეტების დახმარებით აკეთებს სწორ კომბინაციებს, ცოტა ხნით ცოცხლდება მერის მოგონებები ამ ადგილებთან დაკავშირებით. ვიდეო რგოლებად შეიძლება გავუშვათ ეს მონაკვეთები…
– მერის ალტერნატიული „მე“ ვინ მოკლას?
– იმ რეალობაში ხომ კარანტინია გამოცხადებული და ქუჩებში სამხედროები დადიან? შეგვიძლია მეორე მერის პროფესია ლაბორატორიას დავაკავშიროთ, სადაც ვთქვათ, რაღაც ექსპერიმენტს ატარებდნენ და კრახი განიცადეს. ამას მოყვეს ანომალია, რამაც წარმოქმნა პორტალი. ეს კარგად უნდა მოვიფიქრო… მოკლედ, რა მინდა, იცი, ფილ? რომ ეს მერი იძიებდეს თავის სიკვდილს… ალერნატიულ სიკვდილს, ანუ…
– აუ, ძალიან მაგარია! გამომძიებელი ლეო გადაგყავს იმ რეალობაში?
– თავისთავად! ჯერ იდეებს ჩამოვყრი…
მაქსმა ყველას ყავა ჩამოგვირიგა. ირაკლი კი თაბირის მერე ეგრევე თავის კომპიუტერს მიუჯდა. არც ესმოდა რაზე ვლაპარაკობდით მე და ფილი. კლავიატურაზე გაცხარებული ბეჭდავდა რაღაცას. ისე მივუახლოვდი, რომ ვერ კი შემამჩნია.
– მშვიდობა გაქვს?
– აუჰ… ჩემი სიკვდილი გინდა, გოგო? რა გული გამიხეთქე?
– რას აკეთებ?
– ნახე…
ირაკლიმ „ფეისბუქზე“ ვიღაც გოგოს სურათი მაჩვენა.
– ეს ვინ არის?
– ეს ის გოგოა, მიმტანი…
– მოიცა, გაიცანი?
– ჰმ… არა ბიჭო…
ირაკლის სავარძლის სახელურზე ჩამოვჯექი.
– კარგი გოგოა!
– მე რას გეუბნებოდი? საღამოს უნდა შევხვდე!
– იმედია რესტორანში არ დაპატიჟებ!
– რატომ?
როგორც იქნა მოსწყვიტა თვალი მონიტორს და გაკვირვებულმა შემომხედა.
– რა რატომ? გოგო ისედაც მთელ დღეებს რესტორანში ატარებს. თუ ბედის ირონია გინდა ანახო, მაშინ წაიყვანე…
– აუ, მაგაზე კი არ მიფიქრია… კიდევ კარგი მითხარი…
– რამე ორიგინალური მოიფიქრე!
– მაგალითად?
– იპოდრომზე წაიყვანე და ცხენებით იკატავეთ. ან, ბოულინგი ითამაშეთ. თეატრი, კინო, კარაოკე… რა ვიცი… გიჟდებიან გოგოები ეგეთ რომანტიკულ სიურპრიზებზე, ხო იცი…
– ჯიგარი ხარ, ევა! ისე, შენც არ გაწყენდა პაემანზე წასვლა. კარნავალზე ვიღაცას რომ ელაპარაკებოდი ვინ იყო?
– ისე გიჟივით გამოვარდა იქიდან. აცდის ეს ვინმეს რამეს?
ჩვენს ლაპარაკში ფილიც ჩაერთო.
– აზრზე არა ვარ ვინ იყო და საერთოდაც, არ შემიძლია ეს პაემნებზე სიარული და რა გავაკეთო? მიკვირს, რატომ მოგწონთ ასე ძალიან ეს ბანალური რომანტიკულ-სენტიმენტალური რაღაცეები. ფანჯრის წინ სერენადები, ფეიერვერკები და დებილობები…
– იმიტომ, რომ შენგან განსხვავებით, ადამიანებს აქვთ ემოციების განცდა, ევაჩკა…
– სულ დამავიწყდა, რომ არაადამიანი ვარ.
გამეცინა.
– შენ უბრალოდ ძალიან ბევრ დროს უთმობ სამსახურს. პირადი ცხოვრებაც საჭიროა! უთხარი, ფელიქს!
– მართალს გეუბნება ირაკლი! ლამაზი ხარ, გამორჩეული გარეგნობა გაქვს, ჭკვიანი ხარ და საინტერესო. მთავარია, კაცებთან მოქცევა დაამუღამო…
– განა არ იცის? უბრალოდ ახლოს არავის უშვებს!
მაქსმა ერთი თქვა და მიზანში მოახვედრა. თუ ჭკვიანური და სწორი აზრის მოსმენა გინდა, აუცილებლად მაქსს უნდა ჰკითხო. ის ყოველთვის ძალიან რეალურად აფასებს მოვლენებს და ადამიანებს… უცებ, ოთახში მტრისამ შემოიხედა.
– ევა, დობროვსკი გიბარებს!
– რა? ამწუთას არ გამოვედით სათათბიროდან?
– იქ არა, თავის კაბინეტში… ეტყობა რაღაცის თქმა დაავიწყდა, ან ცალკე უნდა რომ დაგელაპარაკოს!
მხრები ავიჩეჩე და კროულის კაბინეტისკენ გავემართე. მის კაბინეტს ორი კარი აქვს. სხვადასხვა ადგილზე კი არა, ერთად! ჯერ ერთი კარი უნდა გააღო, მერე მეორე. მისაღებში კი მტრისას მაგიდა დგას და წინასწარ ატყობინებს, ვინ აპირებს მასთან შესვლას. კროულის კაბინეტი მართკუდხედი ფორმისაა. ვიწრო და ძალიან გრძელი. სანამ მის მაგიდამდე მიხვალ, ვირი ხეზე დაიწყებს სეირნობას… მის კაბინეტში სულ ორჯერ თუ სამჯერ ვარ ნამყოფი და ვფიქრობ, რომ ეს ორი კარი და მისი მაგიდის მდებარეობა შემთხვევითი არ უნდა იყოს. აბა რაში სჭირდება ორი კარი კომპიუტერული თამაშების კომპანიის დირექტორს? ან ბუნებით მშიშარაა, ან მართლა აქვს მიზეზი რაღაცის ან ვიღაცის ეშინოდეს…
მტრისამ ორივე კარი შეაღო და შიგნით შეიხედა. როგორც ჩანს, კროულიმ რაღაც ანიშნა, რადგან იმავე წამს გამობრუნდა.
– ტელეფონზე ლაპარაკობს და დაელოდე ცოტა ხანი. მე ყავას მოვიტან და მოვალ ახლავე!
მე მისაღებში დავრჩი. კროულის კაბინეტის ორივე კარი ოდნავ შეღებული იყო. მის კაბინეტს რაღაცნაირი აკუსტიკა აქვს. მისაღებში დობროვსკის ლაპარაკი ისმოდა. კართან მაქსიმალურად ახლოს დავდექი და მივაყურადე. ასეთი რამ მხოლოდ ერთხელ გავაკეთე. როცა დედას გამომძიებელი ელაპარაკებოდა მამას საქმესთან დაკავშირებით… ამჯერადაც ცდუნებამ მძლია.
– არანაირად არ მაწყობს პორტალთან დამაკავშირონ. არ მჭირდება მუდმივი ბარათი! თუ რამეა, ერთჯერადით ვისარგებლებ… ჰო, შენ ეგრე უთხარი და კიდევ, ჯერ ნურაფერს ჩარიცხავთ, ვერ გავაპრავებ! მე თვითონ გეტყვით როდის… შენ თვითონაც ხომ ხვდები რა მოხდება, კუდზე რომ დამაჯდნენ ეგენი? კარგი… თუ რამეა მარტო ამ ნომერზე დამირეკე!
ხმა შეწყდა. მე კარს მოვშორდი და მისაღებში გავიარ-გამოვიარე. მტრისას მაგიდიდან ზარის ხმა გაისმა.
– ვაიმე, ბევრჯერ დარეკა?
ნატა შეშფოთებული სახით მოვარდა მაგიდასთან. კინაღამ მდუღარე ყავა გადაისხა.
– არა, ამ წუთას დარეკა.
– გისმენთ, ბ-ნო აბრამ.
– შემოვიდეს!
კროულის მოგუდული ხმა მიკროფონიდან გაისმა. კაბინეტში შევედი. დობროვსკი ფანჯარასთან იდგა, ხელები ზურგსუკან დაეწყო და ფანჯარაში იყურებოდა.
– რამე გნებავდათ, ბატონო აბრამ?
ვკითხე და მის უზარმაზარ მაგიდასთან ავიტუზე. ისიც შემობრუნდა, ხელით მაგიდის წინ მდგარ სკამებზე მიმანიშნა და თვითონაც დაჯდა.
– ძალიან კონფიდენციალურ საკითხზე მინდა დაგელაპარაკო და იმედი მაქვს, ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენს შორის დარჩება!
– რა თქმა უნდა!
ცოტა დავიძაბე.
– ერთმა ძალიან გავლენიანმა პიროვნებამ მთხოვა, სცენარისტი შემახვედრეო. მოკლედ, შენთან გასაუბრება უნდა. ოღონდ, ეს ყველაფერი ძალიან კონფიდენციალურია და ნურავის ნურაფერს ეტყვი ჯერ… ბიჭებს ვგულისხმობ.
– და რას ითხოვს ის პიროვნება?
– ზუსტად მეც არ ვიცი. რაღაც სცენარი უნდა. ისეთი სტილის, როგორებსაც შენ წერ თამაშებისთვის…
– და საიდან გაიგო რას ვწერ? ჩვენი თამაშები ხომ საზღვარგარეთ იყიდება?
– ჩვენ გვქონდა შეხვედრა და ყველაფრის საქმის კურსშია. იცის, რა ხაზითაც ვმუშაობთ. კარნავალზეც იყო, პრომოსაც უყურა. სწორედ მაშინ ვისაუბრეთ… მოკლედ, აუცილებლად უნდა შეხვდე!
– კარგით, რა პრობლემაა?.. შევხვდები… თუმცა, სიმართლე გითხრათ, არ მესმის რა საჭიროა ასეთი გასაიდუმლოება.
გავიღიმე.
– მაგას მაშინ მიხვდები, როცა შეხვდები…
– როდის და სად უნდა შევხვდე?
– გეტყვი! ყველაფერს გეტყვი… ჯერ არ ვიცი. უბრალოდ, საქმის კურსში ჩაგაყენე.
უცებ კროულის მობილურმა დაურეკა. ისიც ფეხზე წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა რომ ეპასუხა. მეც დავაპირე ადგომა, მაგრამ უცებ მაგიდის ფეხთან პატარა ურნას მოვკარი თვალი, რომელშიც დაკუჭულ ქაღალდებთან ერთად, სავიზიტო ბარათიც ეგდო. ნებისმიერი გამომძიებელი, რომელიც რაღაცას ეძებს, აუცილებლად ამოწმებს ნაგვის ურნას. მეც დავიხარე, ვითომ თასმას ვიკრავდი და ურნიდან სავიზიტო ბარათი ამოვიღე. ასე კი იმიტომ მოვიქეცი, რომ ბარათზე ლურჯი ოვალური ლოგო და წარწერა – „პორტალი“ ეწერა. კროულიმ კი იმ სატელეფონო საუბარში რაღაც პორტალი ახსენა…
დობროვსკი ტელეფონზე ლაპარაკს მალე მორჩა და ჩემკენ შემობრუნდა. მეც ფეხზე ავდექი.
– ანიკა, მოკლედ როგორც შევთანხმდით… ბიჭებს ნურაფერს ეტყვი!
– გასაგებია!
მისი კაბინეტიდან გამოვედი და ჩემს ოთახში დავბრუნდი.
– რა უნდოდა?
მკითხა ფელიქსმა.
– არაფერი. სცენარზე მითხრა რაღაც… წერის დროს რომ გავითვალისწინო. მნიშვნელოვანი არაფერი.
ჩემს მაგიდასთან დავჯექი და ჟაკეტის სახელოდან დამალული სავიზიტო ბარათი გამოვიღე. როგორც ჩანს, შევცდი, რადგან სავიზიტო ბარათის ნაცვლად რაღაც ბილეთი აღმოჩნდა… თანაც, ორი ცალი… ერთმანეთზე იყო გადაბმული და გადაკეცილი. ბილეთები გავაცალკევე და ორივე მხრიდან დავაკვირდი.
მხოლოდ კლუბი პორტალი, დღევანდელი თარიღი, დრო და მისამართი ეწერა. საძიებო სისტემაში მაშინვე ჩავწერე კლუბის სახელი, მაგრამ ვერაფერი ვიპოვე. გამიკვირდა, რადგან კლუბი როგორც ჩანს მოქმედია და თან ლოგოც აქვს…
კროულის სიტყვები გავიხსენე:
– „არანაირად არ მაწყობს, რომ პორტალთან დამაკავშირონ. უთხარი ამომშალოს…“ – ალბათ ეს კლუბი იგულისხმა. საინტერესოა, რატომ არ უნდა რომ დააკავშირონ? რა ხდება იმ კლუბში?.. „ ნურაფერს ჩარიცხავთ, ვერ გავაპრავებო,“ – აშკარად რაღაც შარში გაეხვა. ძალიან არ მინდა, რომ მეც აღმოვჩნდე რამენაირად გარეული კროულის მაქინაციებში. არც მე და არც ბიჭები… აშკარად რაღაცის ეშინია! „კუდზე რომ დამაჯდნენო…“ – ეს რას ნიშნავს? ვინ უნდა დააჯდეს კუდზე? ძალიან უცნაურია ეს ყველაფერი…
ჩემი ხასიათი რომ ვიცი, ვერასოდეს ვაპატიებდი თავს, ეს რაღაც კლუბი „პორტალი“ რომ არ მენახა. ამიტომ, ერთი იდეა მომივიდა და ფილიპეს დავუძახე.
– ფილ!
– გისმენ, სტაფილო…
– ერთი წუთით მოდი რა! კლუბი „პორტალი“ გაგიგია?
– ნწ, რა კლუბია?
– ორი მოსაწვევი მაქვს და წავიდეთ რაა დღეს…
ფილმა გაკვირვებისგან პირი დააღო.
– მეპატიჟები? და რასთან დაკავშირებით? მეგონა არ დადიოდი კლუბებში…
– არც დავდივარ! მოსაწვევები მაჩუქეს და მენანება გაფუჭება. უბრალოდ, მარტო ვერ წავალ… მაინც კლუბია რა! ხოდა, როგორც მეგობარს ისე გეპატიჟები…
– რატომაც არა? სიამოვნებით წამოვალ!
– ოღონდ, ბიჭებს არ უთხრა რა, თორე დამცინებენ… ირაკლი განსაკუთრებით! მაგის ყბიდან ვეღარ ამოვალ…
– ბაზარი არაა! რომელზე გამოგიარო?
– ასე, თერთმეტისთვის…
მაქსი მერის პერსონაჟს ხატავდა და ჩვენთვის არ ეცალა. ირაკლის ყურსასმენები ეკეთა და მუსიკას ამუშავებდა. ასე, რომ არავის არაფერი გაუგია. სიმართლე გითხრათ, ცოტათი დანაშაულის შეგრძნება გამიჩნდა, ფელიქსს სიმართლე რომ დავუმალე. არადა, ეს ამბავი რომ გასკდეს, არც ერთს არ დაგვადგება კარგი დღე… იმედი მაქვს, კროული ნაგვის ურნას არ გაქექავს…
საღამოს მე, ფილი და ირაკლი ერთად გამოვედით სამსახურიდან. მაქსი ოფისში დარჩა. ბიჭები თავიანთი მანქანებით წავიდნენ. მე მოტოთი ვიყავი. ჯერ საკარნავალო კოსტიუმების გაქირავების სააგენტოში შევიარე. ბეწვზე მივუსწარი. ჩემს ნაცნობ ბიჭს უკვე ქურთუკი ჩაეცვა და დაკეტვას აპირებდა.
– კმაყოფილი ხართ არჩევანით?
– კი… პრინციპში, დიდხანს არც დავრჩენილვარ კარნავალზე… რაღაც მინდა გაჩვენო!
ჩანთიდან მეკობრის ნიღაბი ამოვიღე და გავუწოდე.
– ეს ვიღაცამ დაკარგა და სავარაუდოდ, კოსტიუმის დეტალია. ნახე, ზედ რაღაც ასოები წერია. შემთხვევით ხომ არ იცი, რას შეიძლება ნიშნავდეს?
ბიჭმა ციფრებს დახედა.
– მოიცადე…
მაგიდასთან მივიდა და კომპიუტერი ჩართო.
– ყველა ფორმას თავისი საიდენტიფიკაციო ნომერი აქვს. ბაზაში ამ ნომრებით გვაქვს შეყვანილი. სერია მგონი ჩვენია… ახლავე გავიგებ, ფორმა აქ იქირავეს თუ არა…
პასუხის მოლოდინში დავიძაბე.
– მეკობრის ნიღაბია და ჩვენგანაა გატანილი. კარგია რომ მოიტანეთ!
– შეგიძლია ნახო, ვინ იქირავა ეგ ფორმა?
ბიჭმა ეჭვით შემომხედა.
– ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა…
– ვიცი! არავის არაფერს ვეტყვი, გპირდები!
ბიჭი ცოტა ხანს ყოყმანობდა, ეთქვა თუ არა, ბოლოს ისევ მონიტორს მიაჩერდა.
– უფროსობამ რომ გაიგოს, სამსახურს დავკარგავ…
– ვერავინ ვერაფერს გაიგებს, შენ თუ არ ეტყვი!
როგორც იქნა დავითანხმე და ძლივს ამოღერღა სახელი:
– ლევან… ერთი წუთით…
აქ პაუზა გააკეთა.
– ლევან გიორგაძე?
ვერ მოვითმინე და უნებლიედ აღმომხდა.
– არა, კალანდაძე… ლევან კალანდაძე!
– კალანდაძე? გიორგაძე ხომ არ წერია? კარგად ნახე!
– არა, ლევან კალანდაძე წერია! ეს სახელი რამეს გეუბნებათ?
– არა… საერთოდ არაფერს… მეგონა ვიცნობდი ამ კოსტიუმის პატრონს. კარგი, დიდი მადლობა!
– არაფრის, ნახვამდის…
მაღაზიიდან რომ გამოვედი, თავი უცნაურად ვიგრძენი. საკუთარმა საქციელმა გამაკვირვა. იმან კი არა, რომ მეკობრის ვინაობით დავინტერესდი… უფრო იმან, რატომ ვიფიქრე, რომ მილიონერი ლევან გიორგაძე მეკობრის კოსტიუმში გამოწყობილი მაინც და მაინც ჩემს გაცნობას მოისურვებდა? მეორეს მხრივ, ისიც ძალიან მაინტერესებს, ვინ არის ლევან კალანდაძე. ხვალ აუცილებლად ვკითხავ მტრისას. სტუმრების სია მას ჰქონდა და ზეპირადაც გადასარევად იცის კროულის მთელი სანაცნობო.
უცებ გამახსენდა, რომ კაბა არ მქონდა და პირველივე შემხვედრ მაღაზიაში შევედი. კონსულტანტი გოგო დაღლილი სახით წამოდგა. ეტყობოდა, რომ ერთი სული ჰქონდა, როდის დამთავრდებოდა სამუშაო დღე.
ვერცხლისფერი ბრჭყვიალა ბისერებით გაწყობილი მოკლე კაბა ვიყიდე და სახლში წავედი.
დედაჩემი და ჩემი და შინ არ დამხვდნენ. დედას მამიდაშვილის დაბადების დღეზე იყვნენ წასულები. მაცივარზე, მაგნიტის ქვეშ წერილი დამხვდა. მეც მივაწერე, რომ სახლში გვიან დავბრუნდებოდი და არ ენერვიულათ.
დედა თვრამეტი წლის იყო, მე რომ გავუჩნდი. ერთმანეთთან ძალიან მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს. თავისუფლად გამზარდა. ერთადერთი, რაზეც სულ მეჩხუბება, ჩემი ჩაცმის სტილია. ამ კაბაში რომ დამინახავს, ალბათ შოკში ჩავარდება!
თერთმეტ საათამდე შხაპის მიღებაც მოვასწარი. თმას იშვიათად ვიშლი, მაგრამ ამჯერად გამონაკლისი დავუშვი. ცოტა მაკიაჟიც გავიკეთე და საკუთარ თავს სარკეში კარგად დავაკვირდი. ასეთ სტილში რომ ვიცმევდე, ალბათ ბევრი თაყვანისმცემელი მეყოლებოდა.
ფილიპე პუნქტუალურად მოვიდა. ქურთუკი მოვიცვი და ქვემოთ ჩავედი. მისი რეაქცია დაახლოებით ისეთი იყო, როგორიც მე წარმოვიდგინე. ასეთ გარდასახვას არ ელოდა….
კლუბი ძალიან მოულოდნელ ადგილას აღმოჩნდა. გარეუბანში, ერთი უსახური, დიდი და გამოცარიელებული შენობის ნულ სართულზე. ძლივს მივაგენით. ერთი ბანერიც კი არ შეგვიმჩნევია არსად. რაც ძალიან უცნაურია… კლუბს რომ რეკლამა არ სჭირდება, უკვე ძალიან საინტერესოა ჩემთვის…
შენობაში, სადაც კლუბი იყო განთავსებული, ძველად ალბათ რაღაც საწარმო თუ ქარხანა იყო, რადგან დიდი დანადგარის კარკასები იყო შემორჩენილი ალაგ-ალაგ. ბევრი ბოდიალის მერე მივხვდით, რომ ნულ სართულზე უნდა ჩავსულიყავით…
კლუბის შესასვლელი კარი ბუნკერის ჰერმეტულ კარს ჰგავდა. ზემოთ სათვალთვალო კამერა ეყენა. ზარი დავრეკეთ. კარი დაცვამ გაგვიღო, რომელსაც ლურჯი უნიფორმა ეცვა, მკერდზე პორტალის ლოგოთი. ფეხი შევდგი თუ არა, მაშინვე გავაცნობიერე, რომ ძალიან უჩვეულო ადგილას მოვხვდი…
4. პორტალი
ყოველთვის, როდესაც თამაშების ლოკაციებზე ვფიქრობ, ვცდილობ, რაც შეიძლება უცნაური და საინტერესო ადგილები წარმოვიდგინო.
მთავარი გმირის ადგილას ჩემს თავს ვაყენებ და ყველაზე წარმოუდგენელ გარემოში ვიწყებ მოგზაურობას… განსაკუთრებით, პოსტ-აპოკალიფსური თემა მომწონს, როდესაც მთელი ქალაქი გაპარტახებულია, არ არის ელექტროენერგია და ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ გადარჩე.
სწორედ პოსტ-აპოკალიფსური შეგრძნება დამეუფლა, როდესაც მე და ფილი კლუბ “პორტალში” შევედით… ეს სახელი ნამდვილად ზედგამოჭრილია ამ ადგილისთვის, რადგან სრულიად მოულოდნელად, ჩვეულებრივი მდგომარეობიდან რაღაც მისტიკურ ადგილას ხვდები, სადაც ყველაფერი ისე უცნაურად გამოიყურება, რომ თავი ფანტასტიკური ჟანრის ფილმში გგონია…
დაცვის თანამშრომელმა, პირველ რიგში, ბარათები მოგვთხოვა, აპარატში გაატარა და გახვრეტილი დაგვიბრუნა. მერე მეტალო-დეტექტორით შეგვამოწმა და რაც ყველაზე უცნაურია, მობილურების დატოვება მოგვთხოვა. თავიდან წინააღმდეგობის გაწევა ვცადეთ, მაგრამ გასაგებად აგვიხსნა, რომ ტელეფონით ვერ შეგვიშვებდა.
გვითხრა, რომ ვერ დავრეკავთ, რადგან კლუბში არც ერთი სატელეფონო ქსელი არ იჭერს. არ შეიძლება ფოტოების და ვიდეოს გადაღება და დიქტოფონის გამოყენება. ასე რომ, მობილურები გამოგვართვა და სპეციალური შესანახის მეცამეტე უჯრაში ჩაკეტა. მხოლოდ ამის მერე შეგვიშვა შიგნით.
მე და ფილი გვირაბივით ვიწრო გასასვლელში აღმოვჩნდით, რომელიც მილივით მრგვალი იყო. დერეფანი იასამნისფრად იყო განათებული და კლუბის დარბაზს უერთდებოდა. დარბაზში შესვლისთანავე იფიქრებდით, გამოსახულებას ეფექტი დაადესო, რადგან ყველაფერი არარეალურს ჰგავდა. აი, ფანტასტიკურ ფილმებში მომავალი როგორც არის ხოლმე წარმოდგენილი, დაახლოებით იგივე სიტუაცია იყო. ელექტრონული მუსიკა უკრავდა და ყველაფერი ბურუსში იყო გახვეული. სპეციფიკური სუნიც იდგა. სასიამოვნო და თითქოს ძალიან ნაცნობი…
მუსიკა სხეულის ყველა უჯრედში აღწევდა და ცეკვისკენ გიბიძგებდა. სულ რომ ხე ყოფილიყავი, მაინც აცეკვდებოდი… შეიძლება ის კვამლიც გარკვეულ ზემოქმედებას ახდენდა ცნობიერებაზე, რადგან ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ კლუბში მყოფი ადამიანები თითქოს ერთგვარ ტრანსში იმყოფებოდნენ. სისხლში ადრენალინის მოზღვავება ვიგრძენი…
მთლიანობაში, კლუბში არ იყო ბევრი ხალხი. ნაწილი ცეკვავდა, ზოგიც რბილ სავარძლებზე იჯდა და საუბრობდა. სპეციფიკური განათების გამო ყველა ძალიან ლამაზი ჩანდა. აქ არ იყვნენ მხოლოდ ახალგაზრდები. ხანშიშესული მამაკაცებიც მშვენიერ დროს ატარებდნენ, ჩილიმს აბოლებდნენ და პატარა სცენას მისჩერებოდნენ, რომელზეც მშვენიერი სტრიპტიზის მოცეკვავე იკლაკნებოდა.
– სტრიპტიზ-ბარში დამპატიჟე, გოგო?
ფელიქსს მოულოდნელობისაგან ყბა ჩამოუვარდა და გაოგნებულმა შემომხედა.
– რა, არ მოგწონს?
იხტიბარი არ გავიტეხე და თავი ისე დავიჭირე, თითქოს ვიცოდი, სადაც მოვდიოდი. ფილი გაოცებული იყურებოდა. ძალიან სასაცილო სანახავი იყო ამ წუთებში.
– წამო, წამო, დავლიოთ რამე.
ვუთხარი და ბართან წავათრიე.
– თქვენი ბარათები მაჩვენეთ!
გვითხრა ბარმენმა, სანამ პირის გაღებას მოვასწრებდით.
– ბარათები?.. აქ რა, ყოველი ფეხის გადადგმაზე ბარათები უნდა გვიმოწმონ?
ცოტა არ იყოს, გამიკვირდა. ბარმენმა ბარათებს დახედა და უკან გამოგვიბრუნა.
– თქვენ საფირმო კოქტეილი გეკუთვნით!
ჭიქები გადმოიღო და კოქტეილის გაკეთებას შეუდგა. ისე სწრაფად ატრიალებდა ხელში ბოთლებს, თვალის მიდევნებას ძლივს ვასწრებდი. კოქტეილი ოთხფერიანი გამოვიდა. მწვანე, ლურჯი, წითელი და იასამნისფერი ფენები ჰქონდა.
– აქ პირველად ხართ, ხომ?
გვკითხა და ჭიქები დახლზე დაგვიდგა.
– კი… როგორ მიხვდით?
– ადვილად. – მოგწონთ?
– რა უცნაურ ადგილზეა? თუ არ იცი, ვერასოდეს იპოვი…
გულუბრყვილოდ უპასუხა ფილმა.
– ასეც უნდა იყოს!
ცოტა გაკვირვებული ტონით თქვა ბარმენმა. როგორც ჩანს, კლუბი რომ ინტერნეტში არ იძებნება, ეს სულაც არ არის შემთხვევითი.
– და რა პონტშია ეგრე? არც ერთი ბანერი არ იყო გარეთ!
არ ჩერდებოდა ფილი.
– იმ პონტში, რომ დახურული კლუბია… მაგრამ თქვენ ეს უნდა გცოდნოდათ, აქ რომ მოდიოდით… საიდან გაქვთ ეს ბარათები?
ბარმენმა დაეჭვებული სახით შეგვათვალიერა. მე მაშინვე მთელი ძალით ვუჩქმიტე ბარძაყზე ფილს, რომ ენაზე კბილი დაეჭირა.
– ვიცით, რომ დახურული კლუბია! უბრალოდ, ვიხუმრეთ…
ჩემი პასუხი არცთუ ისე დამაჯერებლად გაისმა. ბარმენმა კითხვა გაგვიმეორა.
– ბარათები საიდან გაქვთ, ესე იგი?
– გვაჩუქეს!
ვუთხარი და მაშინვე მივხვდი, რომ ასე იოლად არ მოგვეშვებოდა.
– ვინ გაჩუქათ?
ზედმეტი ყურადღების მიქცევა ნამდვილად არ მაწყობდა. სასწრაფოდ რაღაც უნდა მომეფიქრებინა… ფილიპე გაშტერებული მოგვჩერებოდა ხან ერთს, ხან მეორეს და ვერ მიმხვდარიყო, რა უნდა ეთქვა ან გაეკეთებინა.
– გაინტერესებს, ვინ გვაჩუქა? ვინ და მოჩვენებამ! იმედია, მიხვდი, ვისაც ვგულისხმობ!
მიმტან ბიჭს თვალი თვალში გავუსწორე და ძალიან დამაჯერებელი გამომეტყველება მივიღე. მანაც უხმოდ დამიქნია თავი.
– ყველაფერი გასაგებია! კარგი დრო ატარეთ!
სახეზე ისევ გაუკრთა ღიმილი და როგორც იქნა, შეგვეშვა.
– რა იყო ახლა ეს?
მკითხა ფილიპემ, როგორც კი ბარს მოვშორდით და მოყუჩებულ ადგილას დავსხედით.
– ფელიქს… რაღაცაში უნდა გამოგიტყდე…
– ჰო, მეც ეგეთი შეგრძნება მაქვს…
– როგორც ჩანს, აქ მოხვედრა არც ისეთი ადვილია, როგორიც მეგონა… მოკლედ, ეს ორი ბარათი არავის არ უჩუქებია… – ვიპოვე!
– იპოვე? მეღადავები?..
– არა! მართლა… შაბათს მე და თეო კინოში ვიყავით და დარბაზში ვიპოვე. ეტყობა ვიღაცას შემთხვევით ამოუვარდა… ამ კლუბზე რომ “დავგუგლე” სამსახურში, ვერაფერი ვიპოვე და ძალიან დამაინტერესა… ხომ იცი, მიყვარს უცნაური ადგილები… თან, ვიფიქრე, რომ იქნებ სცენარისთვის გამომადგეს, ინსპირაცია მომცეს…
– და “მოჩვენება” რატო უხსენე იმ ბარმენს? ვინ არის “მოჩვენება”?
– იმიტომ, რომ შემეშინდა. ხო ნახე, როგორ ჩაგვაცივდა? აშკარად რაღაც იეჭვა. ხოდა, უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე. რამე დამაჯერებელი უნდა მეთქვა! მილიონერ ლევან გიორგაძეზე გსმენია რამე?
– ისეთ პონტში…
– მაგის ზედმეტსახელია. “მოჩვენებას” ეძახიან. ეს ბარმენი კიდე ასი წელი ვერ გაიგებს სიმართლეს.
– და დამაჯერებელია ეგ? რომ მილიონერმა გიორგაძემ ამ კლუბის ბარათები გაჩუქა?
– ფელიქს, გაიხედ-გამოიხედე! ხედავ, რა კატეგორია დადის აქ? როგორი ჩაცმულები არიან?.. აშკარაა, რომ ძალიან მდიდარი ხალხის რაღაც გასაიდუმლოებული თავშეყრის ადგილია…
– მოკლედ რაა… არა ხარ შენ ნორმალური გოგო! მარა რაღა გაეწყობა? მაშინ ჩილიმიც მოვწიოთ…
– მე რომ არ ვეწევი?
– ვიცი, მაგრამ ჩილიმი უნდა გასინჯო!
– ნაფაზს ვერ ვარტყამ.
– რა უნდა? მე გასწავლი მაგას!
ფილი ძალიან ცდილობდა, ჩემთვის ნაფაზის დარტყმა ესწავლებინა, მაგრამ ვერაფრით გავუშვი ბოლი იქ, სადაც საჭირო იყო. თან კოქტეილს ვწრუპავდი და მალე გავბრუვდი.
სიმართლე გითხრათ, კლუბში პირველად ვიყავი და სტრიპტიზიც პირველად ვნახე “ლაივში”. სიამოვნებით ვიჯდებოდი მთელი ღამე მარტო და კლუბის თითოეულ სტუმარს შევისწავლიდი. ძალიან მაინტერესებს ყველა, ვინც აქ დადის…
– საოცრად გიხდება ეს კაბა! სულ სხვანაირი ხარ! ასე სამსახურში რომ დადიოდე, მე, მაქსი და ირაკლი შენზე ყურებამდე შეყვარებულები ვიქნებოდით!
როგორც იქნა, მოსწყვიტა თვალი ფილმა სტრიპტიზის მოცეკვავეს.
– ხოდა გიფრთხილდებით, რა გინდა?
– იმ მოდელებს ხომ ხედავ? ალბათ სპეციალურად დადიან, ვინმე მდიდარი ბიჭი რომ ააგდონ. ახლა აქ ყველა ელიტის წარმომადგენელია ვითომ? როგორ ფიქრობ შენ?
– ცნობადი სახე აქ არ დამინახავს. იქნებ ეს ხალხი ქურდული სამყაროს წარმომადგენლები არიან?
– დღეს მაინც მოეშვი ამ ზღაპრების გამოგონებას და გაერთე!
– აშკარად ეს კორპუსი კომუფლაჟის როლს ასრულებს. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ კომუნისტების დროს აქ თავშესაფარი იყო. ეს ვიწრო გასასვლელები, მასიური კარი, აშკარად ეგრე იქნება! იდეალური ადგილია დახურული კლუბისთვის. ამ ადგილის რეკლამირება ეტყობა არ სჭირდება მეპატრონეს. მობილურებიც რო დაგვატოვებინეს, არ არის უცნაური? ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს პოსტ-აპოკალიფსურ სამყაროში ვართ და აქედან რომ გავალთ, ზომბები გამოგვეკიდებიან.
– ჰო, მეც ეგეთი შეგრძნება მაქვს! როგორც ჩანს, ესენი ყველა “პასტაიანცები” არიან…
– ჰო… რაღაც საკულტო ადგილივითაა…
– ზუსტად! იმედია ვერ მიხვდებიან, საიდან გაქვს ბარათები, არ დაგვიჭერენ და მსხვერპლშეწირვის რიტუალს არ ჩაგვიტარებენ.
– ჰოო, იმედია!
ორივე კარგ ხასიათზე დავდექით. უცებ დარბაზში კარგად ჩაცმული და სიმპათიური ახალგაზრდა მამაკაცი შემოვიდა, ორი კაცის თანხლებით, რომლებიც უკან მოჰყვებოდნენ. ძალიან ცოტა ხნით გაჩერდა, დარბაზს თვალი მოავლო, რამდენიმე წუთით მზერა სცენაზე შეაჩერა, მერე იმ ორს ხელით რაღაც ანიშნა და ბარისკენ გაემართა.
როგორც ჩანს, ის ორი მისი პირადი დაცვა იყო, რადგან ერთი სწრაფად დაწინაურდა და პირველი მივიდა ბართან. მეორე უკან მიჰყვებოდა და თან სიტუაციას აკონტროლებდა.
წითელქოჩრიანი ბარმენი აშკარად იცნობდა მოსულს, რეაქციაზე შევატყვე. მის მიმიკებს დავაკვირდი. მაინტერესებდა, მნიშვნელოვან რამეზე ლაპარაკობდნენ თუ არა. უცებ ისეთი რაღაც მოხდა, რასაც ვერასოდეს წარმოვიდგენდი… ბარმენმა რაღაც უთხრა ახალ მოსულს და ჩემი და ფილიპეს მაგიდისკენ გამოახედა.
მართალია, საკმაოდ დიდი მანძილი გვაშორებდა, მაგრამ მისი სახის გამომეტყველება კარგად ჩანდა, რადგან ჩვენი ადგილი ნახევრად ჩაბნელებული იყო, ხოლო ბარი კარგად განათებული. აი, ის კი ნამდვილად ვერ დაგვინახავდა კარგად.
სიმართლე გითხრათ, ცოტათი შემეშინდა. მღელვარებისგან გული კინაღამ საგულედან ამომივარდა. ცხოვრებაში პირველად მოვხვდი ისეთ უცნაურ და დაძაბულ სიტუაციაში, როგორზედაც სულ ვოცნებობდი.
“მისტერ იდუმალებამ” მალევე დატოვა დარბაზი და ბარის გვერდითა გასასვლელში გაუჩინარდა, რომელიც წითლად იყო განათებული. როგორც შევამჩნიე, დარბაზს რამდენიმე დერეფანი უერთდებოდა, რომლებიც სხვადასხვაფრად იყო განათებული. ზუსტად იმ ფერებში, როგორც ჩემი საფირმო კოქტეილი…
სტრიპტიზის მოცეკვავე სხვამ შეცვალა. მას მაღალი გეტრები და კოლეჯის მოსწავლის ფორმა ეცვა, მოკლე, კუბოკრული ქვედაბოლო, თეთრი პერანგი და ჰალსტუხი, რომელიც მალევე მოიძრო და დარბაზში გადმოისროლა.
– სად არ არის ირაკლი?
გადავულაპარაკე ფილს, რომელიც მოდუნებული და გაბრუებული სავარძლის საზურგეზე გადაწოლილიყო.
– აბაა!
– ფილ, ცოტა ხნით დაგტოვებ! საპირფარეშოს მოვძებნი.
– კარგი. მიდი…
ტუალეტის საძებნელად წავედი. ბარმენმა თვალი გამომაყოლა. წითელი დერეფნის წინ კიდევ ერთი დაცვის თანამშრომელი იდგა, ისეთივე ფორმაში, როგორიც შემოსასვლელში მყოფს ეცვა.
– უკაცრავად, ტუალეტი სად არის?
– პირდაპირ! მწვანე პორტალში უნდა შეხვიდეთ…
მხოლოდ ახლა მივხვდი, ეს ოვალური გვირაბები პორტალების ასოციაციას იწვევს. კლუბს ხომ “პორტალი” ჰქვია? შემოსასვლელი პორტალი იასამნისფრადაა განათებული. ქალების ტუალეტისკენ მიმავალი – მწვანედ. ლურჯში ალბათ კაცების საპირფარეშოა. საინტერესოა, წითელში რა არის?..
მწვანე დერეფანი გავიარე და ტუალეტში შევედი. კაბინებში ორი გოგო იყო შესული და ერთმანეთს ელაპარაკებოდა. მეც შემთხვევით გავიგონე, რაზე ლაპარაკობდნენ. უფრო სწორად, ერთი მეორეს რაღაც ამბავს უყვებოდა…
– ხოდა, ასე მოულოდნელად, ქუჩაშივე მიუგზავნა დაცვა. ეგრევე აჯახა, ამა და ამ დროს, ამა და ამ ადგილას მოდიო.
– მერე იმან რა ქნა? არ მითხრა, მივიდაო…
– ასე უთქვამს, ჯერ გამიკვირდაო, მარა რო გავიხედე, ისეთი მაგარი მანქანით იყვნენ, მარტო ფილმებში რომ მაქვს ნანახიო… თან, იმ ტიპმა ხელში წითელი კონვერტი მომაჩეჩა და წავიდაო. კონვერტში 500$ იდოო… აზრზე ხარ, გოგო? კაბა რო ეყიდა…
– შოკში ვარ! მერე?
– რა მერე? წავედიო… სასტუმრო “მირაჟში”, ხო იცი? აი იქ! ლუქსში ვახშმით გაწყობილი მაგიდა დამხვდა და კიდევ უცნაური წერილიო…
უცებ კაბინა გაიღო და გოგო, რომელიც ამ ყველაფერს უყვებოდა თავის დაქალს, გამოვიდა. დამინახა თუ არა, მაშინვე გაჩუმდა. მე ჩანთიდან პომადა ამოვიღე და სარკის წინ წასმა დავიწყე. იმან ხელები დაიბანა. მეორეც მალევე მოჰყვა უკან. მე ისეთი სახე მივიღე, თითქოს საკუთარი გარეგნობის გარდა არაფერი მაინტერესებდა. მათაც შეისწორეს მაკიაჟი და გავიდნენ. ისე, რომ იმ ისტორიის დასასრული ვეღარ მოვისმინე.
უცნაური დამთხვევაა, რომ “მირაჟი” ახსენეს. სავსებით შესაძლებელია, ლევან გიორგაძეზე ლაპარაკობდნენ.
უკან რომ დავბრუნდი, ფილი ადგილზე არ დამხვდა. ვიფიქრე, რომ ისიც საპირფარეშოში წავიდა და ჩემს ადგილზე დავჯექი. ლოდინი დიდხანს მომიწია. ცოტა არ იყოს, ავღელდი. ფილის საძებნელად ლურჯი დერეფნისკენ წავედი. თან დარბაზს ვათვალიერებდი. ლურჯ დერეფანში ვიღაც კაცი შემეფეთა. ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს კაიფში იყო.
– ქალების ტუალეტი მოპირდაპირე მხარესაა!
მითხრა და თავიდან ფეხებამდე შემათვალიერა.
– ვიცი. მეგობარს ვეძებ… ახალგაზრდა ქერათმიანი ბიჭი ხომ არ დაგინახავთ შიგნით? ნაცრისფერი ზამშის პიჯაკი აცვია…
– ტუალეტში არავინ არ არის! შენ ახალი ხარ?..
თვალები მოჭუტა და დამაკვირდა.
– გააჩნია რას გულისხმობთ “ახალში”.
ტუალეტთან მაინც მივედი, კარი ოდნავ გამოვაღე და ფილს დავუძახე, მაგრამ არავინ გამომეპასუხა. უკან რომ შემოვბრუნდი, ის მუტრუკი წინ გადამეღობა.
– მიყვარს ახლები…
არაფერი ვუპასუხე, უბრალოდ წასვლა დავაპირე, მაგრამ ისევ შემაჩერა.
– წითელი კოდი გაქვს?
– რა წითელი კოდი? – გამატარე!
– უკარებას თამაშობ?
მკითხა და უცებ კედელზე მიმანარცხა.
– სად მირბიხარ?
ისე ძალიან გავბრაზდი, რომ მზად ვიყავი, იქვე მომეკლა.
– რეებს ბედავ? გამატარე, სანამ დაცვას არ დავუძახე და არ გაგათრიეს აქედან ცემით!
– მომწონს, როცა მეწინააღმდეგეებიან… ვიგზნები!
– ხოდა, ბებიაშენმა დაგაკმაყოფილოს!
გავიბრძოლე, მაგრამ ხელები ისე მაგრად მომიჭირა, რომ მისგან თავის დაძვრენა ძალიან გამიჭირდა, მაგრამ მაინც შევძელი. მუხლი ამოვარტყი და დარბაზში გავიქეცი. ყველგან ვეძებე ფილი, ბარმენსაც ვკითხე, მაგრამ მის კვალსაც კი ვერ მივაგენი. ბოლოს წითელი პორტალისკენ წავედი, მაგრამ დაცვამ შემაჩერა.
– ბარათი მაჩვენეთ, თუ შეიძლება!
ჩანთიდან ბარათი ამოვიღე და გავუწოდე. დაცვამ დახედა და უკან გამომიბრუნა.
– თქვენ ლურჯი კოდი გაქვთ, ამიტომ ვერ შეგიშვებთ, უკაცრავად…
– მეგობარს ვეძებ… ტუალეტში ვიყავი და რომ დავბრუნდი, აღარ დამხვდა…
– თქვენს მეგობარს წითელი კოდი აქვს?
– და რას ნიშნავს წითელი კოდი?..
– თქვენ ლურჯი კოდი გაქვთ! თუ საშვს ლურჯი ლოგო აქვს, ესე იგი, ერთჯერადია. წითელი ლოგო უვადოა. წითელი კოდის მფლობელები კლუბის მუდმივი კლიენტები არიან და ყველგან შეუძლიათ შესვლა. თქვენს მეგობარს აქვს წითელი კოდი?
– არა, არა მგონია…
– მაშინ გამორიცხულია აქ იყოს! სხვაგან მოძებნეთ…
– უკვე ყველგან ვეძებე!
– ესე იგი, წავიდა!
– უჩემოდ არ წავიდოდა, გამორიცხულია! კიდევ სად შეიძლება მოვძებნო?
– რა გითხრათ… შეიძლება რამე პრობლემა შეექმნა და გარეთ გაუშვეს…
– პრობლემა?
უცებ გამახსენდა, რომ ბარმენმა ის უცნობი ჩვენკენ გამოახედა. იქნებ მიხვდნენ, რომ ბარათები ჩვენ არ გვეკუთვნის და სანამ ტუალეტში ვიყავი, მართლა გაუშვეს გარეთ?
სასწრაფოდ იასამნისფერი დერეფნისკენ გავიქეცი, ქურთუკი ავიღე და გასასვლელთან მდგარ დაცვას მივაჭერი, რომელმაც კლუბში შემოგვიშვა. თუ ფილს გარეთ გაუშვებდნენ, აუცილებლად დამელოდებოდა მანქანასთან…
– ჩემთან ერთად რომ ბიჭი იყო, გარეთ გავიდა?
– თქვენთან ერთად? თქვენ ხომ მარტო მოხვედით?
– არა… მარტო როგორ მოვედი? მეგობართან ერთად მოვედი. თქვენ არ შემოგვიშვით? ქერათმიანი, საშუალო სიმაღლის ბიჭი… ნაცრისფერი პიჯაკი აცვია…
– აქედან ჯერ არავინ გასულა!
– ჩვენი ტელეფონები და იქნებ ნახოთ?..
– უკვე მიდიხართ? შოუ ჯერ არ დაწყებულა!
– შოუ?
– შოუს გამო არ მოხვედით?
– ახლა მხოლოდ ჩემი მეგობრის პოვნა მინდა, რომელიც კლუბში რატომღაც აღარ არის… ასე რომ, ტელეფონი დამიბრუნეთ, თუ შეიძლება!
დაცვამ მეცამეტე უჯრა გააღო და მობილური დამიბრუნა.
– ჩემი მეგობრისაც მომეცით!
– აქ მარტო ერთი ტელეფონია!
– როგორ? სალათისფერი აიფონიც უნდა იყოს… ერთად არ შეინახეთ? ორივე მეცამეტე უჯრაში ჩადეთ, კარგად მახსოვს!
– არ არის! თუ არ გჯერათ, თქვენ თვითონ ნახეთ!
კარადასთან მივედი და უჯრა მე თვითონ შევამოწმე. ფილის ტელეფონი იქ არ იყო.
– ესე იგი, აიღო და წავიდა!
– ან არც მოსულა საერთოდ… გეუბნებით, რომ არავინ გასულა აქედან!
– კარგით, გარეთ რომ გავიდე და ვერ ვნახო იქაც ჩემი მეგობარი, უკან შემომიშვებთ?
– თქვენ ერთჯერადი საშვი გაქვთ და ერთხელ უკვე შემოხვედით… როგორც კი გახვალთ, ბარათი ძალას დაკარგავს. გახვრეტილი ბარათით უკან ვეღარ შემოგიშვებთ…
მობილურით ფილიპეს ნომერი ავკრიფე, მაგრამ ქსელი არ იჭერდა…
– მიდიხართ თუ არა, ბოლოს და ბოლოს?
– კარგით, გამიღეთ კარი…
ქუჩაში გამოვედი და ფილის მანქანისკენ გავიქეცი. პოსტ-აპოკალიფსური განწყობა აქაც გამომყვა… ქუჩა ცარიელი იყო და სამარისებური სიჩუმე იდგა. ასე მეგონა, დედამიწაზე მხოლოდ მე დავრჩი…
ფილის მანქანა იქ აღარ იყო. მობილური ამოვიღე და ისევ ვცადე მასთან დარეკვა.
– “ნომერი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან”
გაისმა ტელეფონში. ასე არასოდეს შემშინებია. პანიკამ მომიცვა. თანაც, ჯერ არ ვიყავი ბოლომდე გამოფხიზლებული. თავში ათასი აზრი მიტრიალებდა და წარმოდგენა არ მქონდა, რა უნდა მექნა… ასეთი დაბნეული ცხოვრებაში არ ვყოფილვარ…
უცებ მოვისაზრე, რომ შემეძლო პატრული გამომეძახა, მაგრამ მოულოდნელად ზურგსუკან ვიღაცის ფეხის ხმა გავიგე. შემოვბრუნდი. შენობის უკანა მხრიდან ვიღაც სწრაფი ნაბიჯით მოდიოდა. მხოლოდ მის სილუეტს ვხედავდი, რადგან მოსახვევში საკმაოდ ბნელოდა.
– ფელიქს!
დავუძახე და მეც მის შესახვედრად გავიქეცი, მაგრამ უცებ გავჩერდი… მამაკაცი, რომელიც მიახლოვდებოდა, სულაც არ იყო ფილი…

5. გაუჩინარებული


ჩემი ოთახი ძალიან ჰგავს ერთ ფერში შესრულებულ გადღაბნილ ნახატს. აქ ყველაფერი თეთრია: კედლები, ავეჯი, საგნები… ერთადერთი განსხვავებული ფერი კედლის საათის წითელი ისარია, რომელიც შეუჩერებლად ტრიალებს და ისეთ შეგრძნებას მიქმნის, თითქოს დროს დროის გასწრება უნდა…
მდიდარი ფანტაზიის გარდა, ფოტოგრაფიული მეხსიერებაც მაქვს. საკმარისია ადამიანი ერთხელ ვნახო, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ზუსტად გავიხსენებ, რა ეცვა, სად შემხვდა და რაზე ვილაპარაკეთ… მამის სიკვდილის შემდეგ, სტრესის ნიადაგზე ჩემმა ტვინმა ჩემივე სურვილის წინააღმდეგ დაიწყო მოქმედება. მინდოდა ეს თუ არა, ყოველი უმნიშვნელო წვრილმანი და დეტალი ჩემს ყურადღებას იქცევდა. ქუჩაში უბრალო გამვლელის ჭრელი კაბის ორნამენტიც კი თვალში მეჩხირებოდა. მერე ყველაფერი ერთმანეთში ქაოტურად ირეოდა და გულისრევამდე მივდიოდი, რადგან ამდენი სიჭრელის ატანა აღარ შემეძლო…
დედამ ფსიქოლოგთან წამიყვანა. ყველაფერი შიშისა და სტრესის ბრალი იყო. ასე მეგონა, მეც, დედასაც და თეოსაც მამას ბედი გვეწეოდა და ყველას და ყველაფერს ზედმიწევნით ვაკვირდებოდი. ყველაფერს საეჭვოდ მივიჩნევდი. ამის ფონზე ინსომნიაც დამემართა. ფსიქოლოგის რჩევით, ჩემს ოთახში კედლები თეთრად გადავაღებინეთ და ყველა განსხვავებული ფერის ნივთი გავიტანეთ. ღამით საგნების კონტურები ერთმანეთში ირეოდა და ოთახი ერთ მთლიანობად იქცეოდა. მხოლოდ აქ შემეძლო დასვენება. მომაბეზრებელი დეტალები აღარ მეჩხირებოდა თვალში და აღარ იჭრებოდა ჩემს გონებაში.
დროთა განმავლობაში კონცენტრაცია, საკუთარი თავის კონტროლი, შიშის იგნორირება ვისწავლე და აღარ ვიტანჯებოდი. თერაპიამაც თავისი შედეგი გამოიღო და ყველაფერი ნორმაში ჩადგა. უბრალოდ, დეტალებზე დაკვირვება და მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამახსოვრება გადამეზარდა ჩვევაში.
ასეთი დიდი სტრესი ცხოვრებაში ორჯერ გადავიტანე: როდესაც მამა დავკარგე და მეორედ ახლა, როდესაც ფილი დაიკარგა. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ საკუთარ სხეულში ჩავიკეტე და გონების ბნელ ლაბირინთში დავბორიალობ…
იასამნისფერ დერეფანს ბოლო არ უჩანს. მივდივარ, მივდივარ… დაუსრულებლად მივდივარ… როგორც იქნა, მწვანე პორტალში გავედი, მაგრამ ახლა მწვანე დერეფანი გაიწელა უსასრულოდ. მწვანეს ლურჯი ცვლის, ლურჯს – ნარინჯისფერი… ფერები ერთმანეთში ირევა. მე კი წითელ გასასვლელს ვეძებ, რადგან შინაგანი ხმა მკარნახობს, რომ ერთადერთი გზა სამშვიდობოზე, წითელი პორტალია…
თითქოს ჩემს სხეულს წონა არ გააჩნია. უკვე კი აღარ დავდივარ, – მივსრიალებ. შავი დერეფანიც გავიარე და როგორც იქნა, წითელი სინათლეც გამოჩნდა.
წითელ დარბაზში მოვხვდი. სცენაზე შიშველი ქალი ცეკვავს, რომელსაც ხარის თავი აბია. ირგვლივ ყველაფერი თეთრ კვამლშია გახვეული. ფილს ვხედავ და მასთან მისვლა მინდა, მაგრამ კვამლი კარაქივით შედედდა და გადაადგილება მიჭირს. როგორც იქნა, ფილიპესაც მივუახლოვდი. ხელითაც შევეხე, მაგრამ უცებ სახეზე ნაკვთები წაეშალა… ჩემ წინ უსახო ადამიანი დგას…
– ანიკა, ანიკა გაიღვიძე… რატო კვნესი, დე?
თითქოს ქუთუთოებზე გირები ჩამომკიდეს… სიზმრების სამყაროდან გამოსვლა ძალიან გამიჭირდა… წითელი დარბაზი უსახო კაციანად სადღაც დაიკარგა და თვალი გავახილე. მაღლიდან დედას შეშფოთებული სახე დამყურებდა… მისი სახე ერთადერთი ნათელი წერტილი იყო იმ კოშმარში, რაც მოულოდნელად დამატყდა თავს. კონცენტრაცია დედაჩემის სახეზე მოვახდინე და ნელ-ნელა რეალობის აღქმაც დამიბრუნდა.
– კოშმარი დაგესიზმრა? რა ცუდი ფერი გადევს…
საწოლზე გაჭირვებით წამოვჯექი. სხეულს ძლივს ვიმორჩილებდი.
– რომელი საათია?
სიტყვებიც ძლივს ამოვთქვი. თითქოს ერთი თვე დამუნჯებული ვიყავი.
– თერთმეტის ნახევარია. სამსახურში არ მიდიხარ? გუშინ ძალიან გვიან მოხვედი. გირეკავდი და მიუწვდომელი იყავი. არ დამეძინა, სანამ კარის ხმა არ გავიგე. სად იყავი? ან რა გაცვია, დედი, ეს? იყიდე?
– ჰო… მოგიყვები, ოღონდ გეხვეწები, ყავა გამიკეთე რაა!..
დედა ოთახიდან გავიდა. მე შევეცადე, აზრები დამელაგებინა.
– სწორად მოვიქეცი გუშინ? სად არის ახლა ფილი? ვინ წაიყვანა? იქნებ ჯობდა, პატრული გამომეძახა?.. უნდა დამეჯერებინა იმ უცხოსთვის თუ არა? და საერთოდ, როგორ გაიგეს, რომ ბარმენი მოვატყუე?
თავში უამრავი კითხვა მიტრიალებდა, პასუხები კი არ მქონდა. მობილურის ძებნა დავიწყე, რომელიც მთელი ღამე არ გამიშვია ხელიდან… როგორც ჩანს, ისე გავითიშე, რომ ხელში მეჭირა და ფილიპესთან ვრეკავდი.
ტელეფონი ლოგინში ვიპოვე. არც ერთი შემომავალი ზარი… გული ცუდს მიგრძნობდა… ხელის კანკალით ავკრიფე ირაკლის ნომერი.
ირაკლიმ ხმის ამოღება არ დამაცადა.
– სად ხარ, გოგო, აქამდე? მტრისამ უკვე “არა” დაგიწერა.
– მტრისა ყველაზე ნაკლებად მადარდებს… ფილიპე მოვიდა სამსახურში?
ყველაფერს მივცემდი, ოღონდ დადებითი პასუხი გამეგო ირაკლისგან.
– არა, არ მოსულა!
გულში რაღაც ჩამწყდა.
– მაგრამ დარეკა, ვერ მოვალო…
– დარეკა? როდის დარეკა? შენ დაგირეკა?
საწოლიდან გიჟივით წამოვხტი და ოთახში ბოლთის ცემა დავიწყე. სიხარულისგან გული კინაღამ საგულედან ამომიხტა.
– ჰო. დაახლოებით ნახევარი საათის წინ… რა მოხდა? აშკარად რაღაც მოხდა თქვენ ორს შორის და მე ტყემალზე ვზივარ…
– როგორი ხმა ჰქონდა?
– ვის?
– ფილს….
– რავი მე, ფილისეული… შენ მართლა რა გჭირს, გოგო?
– არაფერი… მთელი ღამე ვურეკავდი და ვერ დავუკავშირდი… გამორთული ჰქონდა ტელეფონი.
– მეც რაღაც სხვა ნომრიდან დამირეკა. მობილური დავკარგე, თუ რამეა, სახლში დამირეკეთო…
– სად ვარო, არ გითხრა?
– სახლშია… მგონი, სასმლის ინტოქსიკაცია აქვს. გუშინ ბევრი დავლიეო…
– ირაკლი, მეც დამაგვიანდება დღეს!
– შენ უკვე დაგაგვიანდა, ჩიტო…
– ვიცი, კიდე უფრო ძალიან დამაგვიანდება! დაახლოებით საათნახევარში მოვალ და გეხვეწები, რამე მოიფიქრე… ახლა მაგაზე ვერ ვფიქრობ მე…
– მშვიდობა გაქვს საერთოდ? შენს თავს არ ჰგავხარ რაღაც…
– კი… რაღაც საქმე მაქვს მოსაგვარებელი და მოვალ!
ყურმილი გავთიშე, აბაზანაში შევვარდი და ზუსტად ხუთ წუთში გადავივლე წყალი. დედა ოთახში დამხვდა, ყავა შემომიტანა…
– სად იყავი, გოგო, აღარ იტყვი?
– ღამის კლუბში, დედა. ფილიპესთან ერთად… ერთი ჭიქა კოქტეილი დავლიე და რაღაცნაირად გავითიშე…
– შენი თანამშრომელი ფილიპე? არ ვიცოდი, თუ მოგწონდა…
– ფილი ჩემი მეგობარია. არაფერი არ ხდება!
– მეგობრების კოლექციას აგროვებ? რად გინდა ამდენი მეგობარი, არ მესმის… შენხელა რომ ვიყავი, ერთდროულად რამდენიმე ბიჭი მომწონდა. იმდენი თაყვანისმცემელი მყავდა… მაგრამ მამაშენმა ყველა ერთიანად გადაწონა…
– ვიცი, დე…
რაც ხელში მომხვდა, ის ჩავიცვი, ყავა არაყივით გადავკარი, დედას ლოყაზე ვაკოცე და კორიდორში გამოვედი.
– თმა გაიშრე, ანიკა!
– უკვე ძალიან დამაგვიანდა…
– გაცივდები!
– ქუდს დავიხურავ!
საკიდიდან თეოს ქუდი ავიღე, თავზე ჩამოვიფხატე და გარეთ გავედი. კიბეები სწრაფად ჩავირბინე. ყელში ბურთი მქონდა გაჩხერილი და სიხარულისაგან ტირილი მინდოდა. ასე სწრაფად არასოდეს მიტარებია მოტო. გზაში გუშინდელ ღამეზე ვფიქრობდი. ყველაფრის დეტალურად გახსენებას შევეცადე…
უცნობი, რომელიც ფილიპე მეგონა, სწრაფი ნაბიჯით მომიახლოვდა. აქეთ-იქით გაიხედ-გამოიხედა, თითქოს ეშინოდა, ვინმეს არ დაენახა და მხოლოდ მაშინ ამოიღო ხმა, როცა დარწმუნდა, რომ იქ ჩვენ მეტი არავინ იყო.
– ძალიან ცოტა დრო მაქვს და ყურადღებით მომისმინე, არ შემაწყვეტინო! ძალიან დიდ რისკზე მივდივარ და ამიტომ რასაც გეტყვი, კარგად დაიმახსოვრე! რაც შეიძლება მალე წადი აქედან და “პორტალში” აღარასოდეს მოხვიდე! ვიცი, რომ მეგობარს ეძებ… ვიცი, რომ ჩემი სიტყვები შენთვის არაფერს ნიშნავს და არც მე შემიძლია გარანტიის მოცემა… მხოლოდ ერთს გეტყვი! შენი მეგობარი კარგად იქნება და სახლში მალე დაბრუნდება – ამაზე მე ვიზრუნებ! თუ შენც გინდა, რომ ფილიპეს ცუდი არაფერი შეემთხვას, ახლავე უნდა წახვიდე სახლში.
– ფილიპეს გარეშე ფეხს არ მოვიცვლი! ახლა პატრულს გამოვიძახებ და ყველაფერი მოგვარდება!
– თუ გინდა, რომ ფილიპე ცოცხალი ვეღარასოდეს ნახო, შეგიძლია დარეკო პოლიციაში, მაგრამ დამიჯერე, არასოდეს აპატიებ შენს თავს ამას… და არც ესენი გაპატიებენ…
– რას მეუბნებით? ვის რაში სჭირდება ფილიპეს სიკვდილი?
– მე არ ვიცი, საიდან გაქვს ამ კლუბის ბარათები, ანიკა, მაგრამ ორი სერიოზული შეცდომა მაშინ დაუშვი. ერთი, როცა აქ მოხვედი და მეორე, როცა ბარმენი მოატყუე. მაგ ტყუილმა ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ დაგაყენა შენც და შენი მეგობარიც…
– ჩემი სახელი საიდან იცი?
– ახლა ამის ახსნის დრო არ არის, მაგრამ გპირდები, რომ დრო მოვა და მე თვითონ დაგიკავშირდები. ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც ახლა უნდა მიიღო, ის იქნება, თუ სასწრაფოდ წახვალ სახლში!
ძალიან მშვიდი და სანდო ხმის ტემბრი ჰქონდა. სწრაფად, მაგრამ აუღელვებლად და დამაჯერებლად ლაპარაკობდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ მისი არ მეშინოდა…
– სად არის ფილიპე?
– ფილიპეს არაფერი დაემართება, ნუ გეშინია. მალე გამოუშვებენ…
– გამოუშვებენ? საიდან? ვინმემ დაიჭირა?
– შენ ეტყობა მართლა ვერ გააცნობიერე, სად მოხვედი… მოკლედ, ეს ფული გამომართვი და ტაქსი გააჩერე… ოღონდ ამ ჩასახვევს დაუყევი და სკვერი გადაჭერი. სკვერი განათებული არ არის და ვერავინ დაგინახავს! გზებს ერიდე… სავარაუდოდ, ვინმე გამოგყვება. ვიცი, რომ ძალიან ძნელია მეგობრის დატოვება, მაგრამ სხვა გზა არ გაქვს! ფილიპეზე იფიქრე…
– არ მჭირდება ფული! თუ დახმარება გინდა, ფილიპე გამოუშვი!
– სწორედ მაგას ვცდილობ… მაგრამ შენი დახმარების გარეშე არაფერი გამომივა!
– და ვინ ხარ? რა გქვია? არაფერს მეუბნები და გინდა, რომ ბრმად გენდო?
შევეცადე, მისი სახე კარგად დამენახა, მაგრამ სადაც ვიდექით, ძალიან ბნელოდა.
– ლევანი მქვია… მეტის ცოდნა არ არის საჭირო! რაც უფრო ნაკლები გეცოდინება, მით უკეთესია შენთვის! ახლა კი წადი და მენდე! ვიცი, რომ წარმოუდგენელ რაღაცას გთხოვ, მაგრამ ამას მხოლოდ შენი მეგობრის უსაფრთხოებისთვის ვაკეთებ… თუ დამიჯერებ, ფილიპე გადარჩება!
ეს მითხრა, ხელში რაღაც ჩამიკუჭა და სიბნელეში გაუჩინარდა. შენობაში სულ სხვა მხრიდან შევიდა. ალბათ, კლუბს არაოფიციალური შესასვლელიც აქვს… მთელი სხეული მიკანკალებდა და ნორმალურად ფიქრიც კი არ შემეძლო. ხელი გავშალე. ოცლარიანი კუპიურა მეჭირა…
ისევ ავკრიფე 112 და დარეკვის ღილაკზე დაჭერა დავაპირე, მაგრამ რაღაც შინაგანი ძალა ამის გაკეთების საშუალებას არ მაძლევდა. – ეს შიში იყო. ფილის დაკარგვის შიში…
ვიგრძენი, როგორ გაიხსნა გონებაში გალიის დაკეტილი კარი და რაც წლების წინ შიგნით გამოვამწყვდიე, გარეთ გამოიჭრა. პანიკამ მომიცვა. იქნებ ის უცნობი მართალია და თუ პოლიციას გამოვიძახებ, ფილიპეს ვეღარასოდეს ვნახავ? სასწორზე ჩემთვის ძალიან ძვირფასი რამ იდო და ასე იოლად ვერ გავაკეთებდი არჩევანს… ჩემი მეგობრის ბედი ჩემს ხელში იყო. მე კი სწორი გადაწყვეტილება უნდა მიმეღო. ყველაზე დიდი საშინელება ამ ყველაფერში კი ის იყო, რომ წარმოდგენაც კი არ მქონდა, რა იყო სწორი…
არ ვიცი რატომ, მაგრამ იმ უცნობის მჯეროდა… შეიძლება სიდებილემდე გულუბრყვილოდ ვიქცეოდი, მაგრამ ინტუიცია მკარნახობდა, რომ მართლა ცდილობდა ჩვენ დახმარებას.
უცებ შენობის ცენტრალური შესასვლელიდან ხმაური მომესმა და სასწრაფოდ მოვშორდი იქაურობას. ქუჩა გადავჭერი და გზას ქვემოთ დავუყევი, როგორც უცნობმა მირჩია. თან უკან-უკან ვიყურებოდი. სკვერიც დავინახე და ჩქარი ნაბიჯით გადავუხვიე. შორიდან მანქანის ხმა მომესმა. უზარმაზარ ალვის ხეს მოვეფარე. გზას თვალს არ ვაშორებდი. მოსახვევში შავი მანქანა გამოჩნდა, დაბურული მინებით. ძალიან ნელი სვლით გაიარა და მთავარი ტრასისკენ გადაუხვია.
აშკარა იყო, რომ ვიღაცას ეძებდნენ. სავსებით შესაძლებელია, რომ ის ვიღაც მე ვიყავი…
ახლა უფრო ვირწმუნე იმ უცნობის სიტყვები. გზაზე გასვლა ვერ გავრისკე, სკვერი ბოლომდე გავიარე, საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში გავძვერი და კარგა ხნის მერე გავედი მთავარ ტრასაზე. ირგვლივ ყველაფერი უცხო იყო ჩემთვის… სიცივე ძვალ-რბილში მქონდა გამჯდარი და ნაბიჯებს მექანიკურად ვადგამდი. საკუთარი თავი ჩემი გამოგონილი პერსონაჟი – მერი მეგონა, რომელიც ალტერნატიულ რეალობაში მოხვდა და ქუჩებში ბრმად დაბოდიალობდა…
ჩემს ბედზე ერთადერთმა ტაქსიმ გამოიარა. მეც სასწრაფოდ გავაჩერე და მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქე შვებით, როცა ჩავჯექი და მანქანა ადგილიდან დაიძრა. ჩემი სახლის მისამართი ძლივს გავიხსენე. ტაქსის მძღოლი წარამარა სარკიდან მიყურებდა. მე კიდევ ყველაფერი მაღიზიანებდა: სარკეზე ჩამოკიდებული ბეწვის ციყვი, შავი ღილის თვალებით, რომელიც რიტმულად ქანაობდა, საჭეზე გადაკრული ყავისფერი გაცვეთილი ტყავის სარჩული, მანქანაში მიკრული პატარა ხატები, მძღოლის მაჯის საათი, ნაქსოვი ჯემპრიდან რომ უჩანდა და ყველაფერი, რასაც ვხედავდი, ჩემს ყურადღებას იქცევდა…
თვალები დავხუჭე და შევეცადე დავმშვიდებულიყავი… ცოტა გავთბი და აზრებიც ნელ-ნელა დალაგდა. თავში სულ იმ უცნობის სახელი მიტრიალებდა… ლევანი… ლევანი… ლევანი…
სახლში მშვიდობით მივედი. თუკი ამას მშვიდობა ერქვა… კარი ჩუმად გავაღე და ჩემს ოთახში ფეხაკრეფით შევიპარე. დედას და თეოს გაღვიძება არ მინდოდა. კაბიანად საწოლზე მივეგდე და დილამდე შეუჩერებლად ვურეკავდი ფილს…
– “მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან”.
გაუთავებლად ისმოდა ეს ფრაზა ტელეფონში. მახსოვს, როგორ ირიჟრაჟა. მერე გავითიშე…
მოტო ფილის სადარბაზოს წინ დავაყენე და შვიდი სართული ფეხით ავირბინე. მის სახლში სულ სამჯერ თუ ოთხჯერ ვარ ნამყოფი. ბიჭებთან ერთად, რა თქმა უნდა! მარტო ცხოვრობს. კარზე ზარი დავრეკე და დავაბრახუნე კიდეც… ფეხის ხმა არ გამიგია, მაგრამ ჭუჭრუტანა ჩაბნელდა, მერე საკეტმა გაიჩხაკუნა და კარი ჯაჭვზე გაიღო. ღრიჭოდან ფილიპეს ქერა, გაბურძგნული თავი გამოჩნდა. კარი ისევ დაიხურა, ჯაჭვი ბუდეში გასრიალდა და ისევ გაიღო. ფილს სპორტულები ეცვა. პირველ რიგში, სახეზე დავაკვირდი. ნაცემი არ იყო…
აქოშინებული შევვარდი და გიჟივით ჩავეხუტე.
– ევა?
– ფილ… სად იყავი? ასე ცხოვრებაში არ მინერვიულია…
– შემოდი!
ფილმა კარი ჩაკეტა და სასტუმრო ოთახისკენ წავიდა. მეც უკან გავყევი. ოთახში ფარდები იყო ჩამოფარებული და ბნელოდა. ჟურნალის მაგიდაზე ყავის ჭიქა და სიგარეტის ნამწვავებით სავსე საფერფლე იდო. ფილი დივანზე დაჯდა და ხელით მანიშნა, მის გვერდით დავმჯდარიყავი. უცნაური მომეჩვენა.
– რა მოხდა კლუბში? სად გაქრი? იცი, რამდენი გეძებე?
– ვიცი.
– რა მოხდა, მომიყვები?
– ის ბარათები შენ ნამდვილად კინოს დარბაზში იპოვე?
ფილმა თვალებში შემომხედა. თავი საშინლად ვიგრძენი…
– არა.
– ასეც ვიცოდი…
– ბარათები…
– კიდევ კარგი, რომ მომატყუე! არ მინდა! არ მითხრა, ვინ მოგცა!
– რატომ?
– რომ მცოდნოდა, მათქმევინებდნენ… არ მინდა რამე ვიცოდე მაგ კლუბის შესახებ!
– ვინ? ვინ გათქმევინებდა?
– არ ვიცი, ვინ იყვნენ… შენ რომ ტუალეტში წახვედი, ორი ვერზილა მომადგა. ერთი წუთით უნდა გამოგვყვეო… პრობლემაა რამე-მეთქი? არა, არაფერიო… უბრალოდ, რაღაცას ვამოწმებთო… წითელ დერეფანში გამიყვანეს. იქ კიდე ყოფილა ერთი სართული ქვემოთ… მანდედან ჩადიხარ…
ფილმა სიგარეტს მოუკიდა.
– კაროჩე, პატარა ოთახში შევედით. რკინის მაგიდა იდგა და ორი სკამი. მეტი არაფერი.
– რა უნდოდათ?
– დამკითხეს… ვინ ხარ, საიდან, აქ რა გინდა… ბარათები საიდან… თავიდან არაფერს არ ვეუბნებოდი, მარა მერე მოვწვი, რომ რაღაც მაგარ შარში ვარ… მოკლედ, მომიწია იმის თქმა, რომ ბარათები შენ იპოვე… ანუ, რაც სიმართლე მეგონა, ის ვუთხარი… მერე ვიღაც ტიპი გაეძრო. მე მივხედავ ყველაფერსო. მეთქი, დამბრიდავდნენ… მაგრამ ის კარგი როჟა აღმოჩნდა და “ჩორნი ხოდით” გამიყვანა. მითხრა, რომ შენც სახლში გაგიშვა და არ უნდა მენერვიულა. ტელეფონიც არ მქონდა, რომ დამერეკა…
– მანქანა?
– მანქანა უკანა შესასვლელთან დამხვდა. იმ ოთახში რომ შემიყვანეს, გასაღები მაშინ გამომართვეს… მგონი, მანქანაც “დაშმონეს…” მოკლედ, ევა! ძალიან გთხოვ, რომ სხვა დროს უფრო დაფიქრებულად მოიქცე! შენ ხო აღარ ხარ პატარა გოგო?
– ფილ… მაპატიე…
– არა, საპატიებელი რა გაქვს? საიდან უნდა გცოდნოდა, რა მოხდებოდა იქ… უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ ძალიან სახიფათო რაღაცასთან მოგვიწია შეხება. არ ვიცი, რა დაწესებულებაა, ვინ დადის და რას აკეთებენ სინამდვილეში და არც მინდა ვიცოდე! და შენც არ უნდა იცოდე, გესმის?..
– ჰო…
– არა, კარგად გესმის? აცნობიერებ, როგორ გადავრჩით? ის ვიღაც ტიპი რომ არა, კაცმა არ იცის, სად ვეგდებოდით ორივე…
– ნუ ამბობ მაგ საშინელებას!
– დამპირდი, რომ იქ აღარასოდეს წახვალ!
– გპირდები! იქ რაღა წამიყვანს… ის ტიპი, ვინც გამოგიყვანა… იცი ვინ იყო?
– აზრზე არა ვარ!
– სახელი გითხრა?
– არაფერი უთქვამს! მარტო დამარიგა და გამაფრთხილა, რომ ენას კბილი დავაჭირო და ეგ ადგილი დავივიწყო, და კიდევ მითხრა, რომ შენც იგივე გაიძულო!
– ასე ცხოვრებაში არ მინერვიულია… შენ არ იცი, რა გადავიტანე!
– მე მკითხე აბა? კაი, მორჩა! დავივიწყოთ, რაც მოხდა…
– კარგი… მე სამსახურში წავალ…
– ყავას გაგიკეთებ!
– არა, სამსახურში დავლევ! სახლში ჯდომას ყველაფერი მირჩევნია. გადავერთვები ცოტა…
– როგორც გინდა. მე დღეს არსად არ გავალ. ცოტა აზრზე უნდა მოვიდე… გრამი არ მძინებია!
– შენ რომ რამე მოგსვლოდა, არასოდეს ვაპატიებდი საკუთარ თავს!
– ზოგი ჭირი მარგებელია, ხო იცი? აწი აღარ წახვალ გაურკვეველ ადგილებში… იმედია…
ფილიპეს სახლიდან დამშვიდებული გამოვედი, მაგრამ მთელი გზა აქეთ-იქით ვიყურებოდი, რადგან მეგონა, მანქანებიდან ვიღაცეები მითვალთვალებდნენ…
– როგორ ხარ?
მკითხა მაქსმა, რომელიც სამსახურის დერეფანში შემხვდა.
– არა მიშავს. ძალიან ცოტა მეძინა გუშინ…
– წამო, ყავა დავლიოთ!
– ორმაგი ესპრესო თუ მიშველის ახლა…
მე და მაქსი ყავის აპარატთან მივედით. მტრისას მისაღების კარი ღია იყო და დამინახა თუ არა, მაშინვე გამოვიდა გარეთ.
– ევა, კარგად ხარ? პირველის თხუთმეტი წუთია!
– ვიცი, ნატა… რაღაც პრობლემა შემექმნა…
– ჰო, ირაკლიმ მითხრა! ყავას რომ დალევ, შემოდი. დობროვსკი გელოდება დილიდან!
– კარგი…
კედელს მივეყრდენი და სახეზე ხელები ავიფარე. ალბათ, კროულიმაც გაიგო ყველაფერი…
– რას გადაგეკიდა ეგ კაცი? ევა… კარგად ხარ?
– არ ვიცი…
მაქსმა ყავა მომაწოდა. დერეფნის სკამებზე დავსხედით. მაქსი გაკვირვებული მომჩერებოდა.
– ასეთი მოწყენილი პირველად გნახე!
– ყველაფერი კარგად იქნება, შენ არ ინერვიულო…
ყავა აუჩქარებლად დავლიე და მტრისასთან შევედი.
– ცოტა ხანს ჩამოჯექი, ტელეფონზე ლაპარაკობს…
ნატას მაგიდის გვერდით დავჯექი.
– ნატა, რაღაცის კითხვა მინდა…
– გისმენ…
– კარნავალის სტუმრების სია ხომ შენ გქონდა?
– კი. რა იყო?
– სახელი და გვარი რომ გითხრა, შეგიძლია მერე შეამოწმო, იყო თუ არა მოწვეული სტუმრების სიაში?
– კარგი, ვნახავ! მითხარი…
– ლევან კალანდაძე…

ლაბირინთი – იდუმალი ვიზიტორი (ეპიზოდი VI)
“ლაბირინთში” პირველად ექვსი წლის წინ მოვხვდი. იმ პერიოდში ძალიან “თამაშდამოკიდებული” ვიყავი. მთელ დღეებს კომპიუტერთან ვატარებდი. დეპრესიის გამო ძველ მეგობრებსაც ჩამოვცილდი და საკუთარ თავში ჩავიკეტე, რადგან არავის დანახვა არ მინდოდა. ოთახიდანაც აღარ გამოვდიოდი. მხოლოდ თამაშების ვირტუალურ სამყაროში მინდოდა ყოფნა.
ერთხელ, როდესაც ინტერნეტში ახალ თამაშს ვეძებდი, შემთხვევით განცხადებას გადავაწყდი. კომპიუტერული თამაშების კომპანია “ლაბირინთი” გეიმერებისთვის საინტერესო კონკურსს მართავდა, პირველი ქართული კომპიუტერული თამაშის დასატესტად. ათი მოთამაშიდან ვინც უფრო სწრაფად დახურავდა თამაშს, მას გეიმერების ლეპტოპს – Alienware M11x-ს აჩუქებდნენ, რომელსაც ოთხი გიგაბაიტი რამი და Nvidia Geforce CT335m-ის გრაფიკა ჰქონდა, რაზეც იმ დროისთვის მხოლოდ ოცნება შემეძლო…
რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ დავრეგისტრირდი და დათქმულ დღეს კომპანიაში მივედი. სწორედ მაშინ გავიგე პირველად “ლაბირინთის” შესახებ. თამაში ორსაათნახევარში დავხურე და მთავარი პრიზიც დავიმსახურე. ათი მონაწილიდან ერთადერთი გოგო ვიყავი. სწორედ ამ დღეს გავიცანი მაქსი და ფილიპე. ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ თამაშების სპეციფიკაზე. მეც გავუზიარე ჩემი მოსაზრებები თამაშებთან დაკავშირებით და გულწრფელად გამოვხატე ამ სფეროში მუშაობის სურვილი. რამდენიმე დღის შემდეგ “ლაბირინთიდან” დამირეკეს და სამსახურის დაწყება შემომთავაზეს.
ასე მოვხვდი დობროვსკის კომპანიაში საცდელი ვადით. მას შემდეგ ექვსი წელი გავიდა… ბიჭებს ძალიან დავუმეგობრდი. შეიძლება ითქვას, რომ ისინი ჩემი ერთადერთი მეგობრები არიან…
– მე მოწვეული სტუმრების სია მაქვს, ანიკა. აქედან ვინ მოვიდა და ვინ არა, ეს უკვე აღარ ვიცი. სიაში ის ხალხია, ვის სახელზეც მოსაწვევები გავეცით. ოღონდ ჩატში ჩაგიგდებ, კარგი? საკმაოდ გრძელი სიაა და ერთი ადამიანის ძებნის დრო ახლა ნამდვილად არ მაქვს…
– ჩამიგდე, მე თვითონ მოვძებნი! მოსაწვევების გარეშე შემოვიდოდა ვინმე დარბაზში?
– გამორიცხულია! ვინ არის ეს ლევან კალანდაძე? რატომ გაინტერესებს? რაღაც არ მეცნობა ეგ გვარი…
– სიმართლე გითხრა, არც მე ვიცი. კარნავალზე გავიცანი, ნიღბით იყო… უბრალოდ, მაინტერესებს, სად მუშაობს და ვინ არის…
– რახან შენ ვიღაცამ დაგაინტერესა, ჩხირი კედელს!
– დობროვსკის რა უნდა, ხომ არ იცი? რაზე მიბარებს?
– არ უთქვამს… დილით გიკითხა, მაგრამ არ იყავი… მოიცა, გავაგებინებ, რომ ელოდები!
ნატამ კროულის კაბინეტში სულ რამდენიმე წამით შეყო თავი, ხმაც არ ამოუღია. მაშინვე გამობრუნდა და მანიშნა, შევსულიყავი. მტრისას და კროულის აშკარად ტელეპატიური კავშირი ან საკუთარი ჟესტების ენა აქვთ… რაღაცნაირად აღარ ვღელავდი. პრინციპში, იმდენი ვინერვიულე ამ ერთი ღამის განმავლობაში, რომ ემოციებისაგან მთლიანად დაცლილი და შინაგანად გამოფიტული ვიყავი. საკუთარი თავი ბედს მივანდე (რომლისაც ნაკლებად მჯერა) და კროულის კაბინეტში თამამად შევედი.
– მოდი!
ოთახის სიღრმიდან მისი ბოხი ხმა მომესმა.
– ყავას ხომ არ დალევ?
მკითხა, როდესაც მის მაგიდამდე მივაღწიე.
– არა, გმადლობთ, ბ-ნო აბრამ… ახლახან დავლიე…
ვიზიტორის სკამზე ჩამოვჯექი და შევეცადე, კროულის სახეზე ამომეკითხა, იცოდა თუ არა ბარათების ამბავი… დობროვსკის მშვიდი სახე ჰქონდა და აღელვება არ ემჩნეოდა. პრინციპში, როგორც ყოველთვის… მას ძალიან უემოციო სახე აქვს. ცვილის ფიგურა გეგონება…
– როგორ მიდის სცენარის საქმე?
– კარგად. ვმუშაობთ ყველა…
– ძალიან კარგი. ბიჭებისთვის ხომ არაფერი გითქვამს იმასთან დაკავშირებით, რაზეც მაშინ გელაპარაკე?
– არა, რა თქმა უნდა!
– მშვენიერია! იმ პიროვნებას უნდა, რომ დღეს, საღამოს რვა საათზე შეგხვდეს და დაგელაპარაკოს.
– დღეს საღამოს?..
– კი, დღეს საღამოს… იმედია, სხვა გეგმები არ გაქვს! თუ გაქვს, აჯობებს გადადო, რადგან ამ პიროვნებას დრო ძალიან შეზღუდული აქვს. როგორც უკვე გითხარი, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ მისი ინტერესები უმაღლეს დონეზე იქნას დაკმაყოფილებული. შენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს, ანიკა! გარდა იმისა, რომ სოლიდურ ჰონორარს აიღებ, შეიძლება ერთგვარი ტრამპლინიც იყოს ეს საქმე შენს კარიერაში… ერთი სიტყვით, ძალიან ყურადღებით მოუსმინე! ლაპარაკი არავითარ შემთხვევაში არ შეაწყვეტინო! არ უყვარს, როცა აწყვეტინებენ…
მხოლოდ მნიშვნელოვანი კითხვები დაუსვი. საუბრის დროს თვალებში უყურე. ასე იგრძნობს, რომ საქმეს სერიოზულობით ეკიდები და პროფესიონალი ხარ!
– ყველაფერი გასაგებია! ახლა მაინც არ მეტყვით, ვინ არის? ხომ უნდა ვიცოდე, ვის ვხვდები? ან როგორ მივმართო?
– გაგეცნობა თვითონვე…
– უბრალოდ, არ მესმის, რა საჭიროა ასეთი კონფიდენციალურობა… პოლიტიკოსია?
– არა, ანიკა. არ არის პოლიტიკოსი, მაგრამ ძალიან გავლენიანი ფიგურაა და ერთი თავისებურება აქვს – არ ენდობა ადამიანებს! განსაკუთრებით მათ, ვისაც არ იცნობს. ამიტომ ყოველთვის გადამეტებულ სიფრთხილეს იჩენს ხოლმე…
– როგორც ჩანს, კარგად იცნობთ… თქვენ თუ გენდობათ?
კროულის გაქვავებულ სახეზე ძლივს შესამჩნევად, წამიერად ღიმილის მსგავსი მიმიკა გაუკრთა, მაგრამ არაფერი მიპასუხა.
– შეხვედრიხართ პირადად ოდესმე?
აღარც მე მოვეშვი.
– იმედია, ამდენ კითხვას მას არ დაუსვამ!
– ვეცდები… ალბათ, ამიტომაც არის ის კაცი ასეთი გავლენიანი…
– რატომ?
– იმიტომ, რომ არავის ენდობა!
– შეიძლება… კარგი, ანიკა. თუ ყველაფერი გასაგებია შენთვის, მაშინ შეხვედრის დეტალებზე გადავიდეთ…
– გადავიდეთ…
– საღამოს რვა საათზე სასტუმრო “მირაჟში” მიხვალ…
– “მირაჟში”?
თავისით აღმომხდა და გაკვირვება ვერ დავმალე.
– რატომ მაინცდამაინც “მირაჟში”?
– იმიტომ, რომ ყველაზე პრესტიჟული დაწესებულებაა ქალაქში. ყველაზე კარგად დაცული, ყველანაირი კომფორტით… “მირაჟის” ვერანდა იდეალურია საქმიანი, რომანტიკული და თუნდაც კონფიდენციალური შეხვედრებისთვის… იქ რომ მიხვალ, ადმინისტრატორს უთხარი, რომ “ლაბირინთიდან” ხარ და შეხვედრა გაქვს დანიშნული რვა საათზე. ათი წუთით ადრე რომ მიხვიდე, ძალიან კარგი იქნება! დანარჩენს ადმინისტრატორი მიხედავს. დღეს შეგიძლია ადრე წახვიდე და მოემზადო. ლამაზად ჩაიცვი! კარგად უნდა გამოიყურებოდე. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია! შენ მიდიხარ, როგორც ჩვენი კომპანიის სახე. ჩვენ უნდა წარგვადგინო…
– საინტერესოა!
– რა არის საინტერესო?
– როდესაც შეხვედრაზე მიდიხარ ვიღაც ძალიან მნიშვნელოვან პერსონასთან და აზრზე არა ხარ, ვინ არის…
– მესმის, რომ ყველაფერი უცნაურად გამოიყურება, მაგრამ ჩათვალე, რომ ესეც ერთგვარი სტრატეგიაა… დამკვეთის სტრატეგია. ჩვენ კი პატივი უნდა ვცეთ…
– ყველაფერი კარგად გავიგე! რვას რომ ათი წუთი დააკლდება, სასტუმრო “მირაჟის” ფოიეში ვიქნები!
– ხვალ დილით მოხვალ თუ არა, პირდაპირ ჩემთან შემოდი! აბა, წარმატებულ საღამოს გისურვებ!
კროულის კაბინეტიდან დაინტრიგებული გამოვედი. დაკვირვებული ვარ, ცხოვრებაში ან არაფერი ხდება, ან ყველაფერი ერთად დაგატყდება თავს. უცნაური მოვლენები ჯაჭვივით გადაებმება ხოლმე. თანაც, ისეთი საინტერესო ამბები, როგორიც ამ რამდენიმე დღის მანძილზე განვითარდა, ადამიანების ცხოვრებაში ძალიან იშვიათად ხდება. მე არ მჯერა იმ მოსაზრების, რომ ადამიანების ცხოვრებაში ყველაფერი წინასწარაა გადაწყვეტილი “ზემოდან”.
თუმცა, მჯერა იმის, რომ რაზეც ხშირად ვფიქრობთ, ვიზიდავთ… შეიძლება ეს სამყაროს ერთგვარი კანონიცაა, როცა რაღაცის გეშინია, სწორედ ის გემართება.
რატომღაც პირიქით უფრო იშვიათად ხდება. შეიძლება იმიტომ, რომ ადამიანები უარყოფით თემებზე უფრო ბევრს ვფიქრობთ, ვიდრე კარგ რაღაცებზე ვოცნებობთ… რატომღაც ბევრი ოცნებას დროის ფუჭად გაფლანგვად მიიჩნევს. არადა, ოცნება აუცილებელია! სწორედ ჩვენს ოცნებებში იკვეთება ჩვენი პიროვნების საინტერესო შტრიხები, სურვილები, ხასიათი… ისე, მგონი, გადავრჩი… კროულიმ კლუბში მომხდარი ამბების შესახებ, როგორც ჩანს, ვერაფერი გაიგო. ძალიანაც კარგი…
– როგორც იქნა, მოაღწიე!
ოთახში ფეხი შევდგი თუ არა, ირაკლი ჩემ შესახვედრად გამოემართა.
– რას შვრებით? – მაქს, როგორ ხარ?
მაქსი კომპიუტერში იყო შემძვრალი და ჩემი მოსვლა არც გაუგია.
– კარგად… ევა, რო მოიცლი, მოდი, მერის პერსონაჟი უნდა გაჩვენო!
– მერი კი არა, მოდი ერთი აქ, გოგო! გამარკვიე, რა მოხდა…
ირაკლიმ ხელი მომკიდა და ჩემს მაგიდასთან მიმიყვანა.
– არაფერი… პირადი პრობლემა მქონდა!
– მოაგვარე?
– იმედია.
– გადაღლილი სახე გაქვს…
– ცუდად მეძინა. შენ რა ქენი, შეხვდი იმ გოგოს?
– შევხვდი და როგორც მირჩიე, ისე მოვიქეცი. ბილიარდი ვითამაშეთ, ერთი სურვილი წააგო. მერე გავისეირნეთ, ტირამისუ ვჭამეთ და ეგ იყო… მგონი, ვევასები იმასაც, მარა ბიჭო, მიმტანი ხოა? და ენის მიმტანიც ყოფილა! ყველაფერი თავის დაქალებს ჩაუკაკლა…
გულიანად გამეცინა.
– შენ რა იცი?
– მითხრა კაცო თვითონ… მთელი ღამე ჩატში მწერდა. შენ გგონია, მე გამოვიძინე?.. ორი დაქალი ჰყავს, ორივე გათხოვილია და დაგრუზეს… რაღაც ნოტაციები წაუკითხეს…
– ისე, ჭორაობა ჰქვია მაგ “ენის მიმტანობას” ქალებში….
– არა, კი კაი გოგოა, მარა ურთიერთობის ასე უცებ გასერიოზულება ნაღდად არ მაწყობდა! ჯერ ხო უნდა გაიცნო ადამიანი?
– აბსოლუტურად გეთანხმები! შენც დაანახე, რომ არსად გეჩქარება! მიხვდეს, რომ სერიოზული ტიპი ხარ! არა, სინამდვილეში კი არ ხარ, მაგრამ ნუ, ვითომ ხარ რაა…
– ჰო!
– კიდე როდის უნდა ნახო?
– რავი. რამდენიმე დღე არ ვნახავ. თავი რო არ მოვაბეზრო…
– როცა ნახავ, შეგიძლია სასხვათაშორისოდ ჰკითხო, თუ იცის, ვინ არის “მირაჟის” მფლობელი?
– რა პრობლემაა… და რაში გაინტერესებს? არ მითხრა, იმ ტიპზე ვქექავ რამესო…
– ვინ ტიპზე?
– აი, იმ დაქნეულ მილიონერზე…
– არ შეიძლება უბრალოდ მაინტერესებდეს? დღეს მივდივარ მანდ, რაღაც შეხვედრა მაქვს…
– ვაჰ… “პეროც” უნდა გაირჭო?
– თუ საჭირო გახდა, გავირჭობ კიდეც!
– ვის ხვდები? შენ ახლა ისე არ მოგივიდეს, ქაჩალი თავს არ მოიფხანს და თუ მოიფხანა – დაიგლიჯავსო… აქამდე ყველა გეკიდა და ახლა მილიონერს უმიზნებ!
– რა სასაცილო ბიჭი ხარ, ირაკლი! არ ვუმიზნებ არავის…
ირაკლიმ ხასიათზე მომიყვანა. მხოლოდ მას შეუძლია ადამიანი კარგ ხასიათზე დააყენოს მაშინაც კი, როცა თავს უბედურად გრძნობს…
– დამიზნებას წინ რაღა უდგას? ღმერთმა ქნას, გაარტყა! ბავშვს მე მოგინათლავთ! საჭმელად არ წამოხვალ? მე უკვე მივდივარ. დილით ვერ მოვასწარი ჭამა.
– ახლა არ მოვედი? ცოტა ხანი მაინც დავჯდე კომპიუტერთან, ზრდილობის გულისთვის…
– თუ გინდა, წამოგიღებ რამეს.
– არა, შენ წადი!
ირაკლი გავიდა. მე მაქსთან მივედი, რომ მერის პერსონაჟი მენახა.
– აი, ნახე! ორი ვარიანტი გავაკეთე…
– ორივე კარგია!
– თმა და ჩაცმულობა რომლის ჯობია? ვერაფრით ავარჩიე…
– და იყოს ორივე! ორი მერი არ გვეყოლება? ერთი ერთ რეალობაში, მეორე მეორეში…
– ხედავ შენ… მაგაზე კი აღარ მიფიქრია!
– ლეოზე რას ფიქრობ?
– კლასიკურად ჩავაცმევ. ვფიქრობ, “პლაში” ან პალტო მოუხდება…
– გეთანხმები… მაქს, ისე ჩემს პერსონაჟს რომ ქმნიდე, რა ფერის თმას გაუკეთებდი?
– პერსონაჟს გააჩნია და ჟანრს. ფანტასტიკა თუ იქნება, არ შევცვლიდი არაფერს. სხვა შემთხვევაში შოკოლადისფერს ან შავს. თმის ფერის შეცვლა გადაწყვიტე? გინდა გაჩვეულებრივდე?
– არ მიფიქრია მაგაზე… ისე გკითხე, უბრალოდ…
– მე მომწონხარ ასეთი. ნატურალური ფერის თმით ვეღარ წარმომიდგენიხარ.
– ჰო… ვერც მე… კარგი, მიხედე მერის… აღარ მოგაცდენ!
ჩემს მაგიდას დავუბრუნდი და კომპიუტერი ჩავრთე. შიდა ქსელში შევედი და კორპორატიული ჩატი გავხსენი. “ვორდის” ფაილი ჰქონდა გამოგზავნილი. მოწვეული სტუმრების სია საკმაოდ გრძელი აღმოჩნდა. ასთხუთმეტი ადამიანი იყო. სულ ცხრა ლევანი შემხვდა, მაგრამ ამათგან კალანდაძე არც ერთი არ იყო. თუმცა, გიორგაძე ნამდვილად ფიგურირებდა.
ნატამ თქვა, რომ მოსაწვევის გარეშე კარნავალზე ვერავინ მოხვდებოდა. ლევან კალანდაძის სახელით გატანილი ფორმა სავსებით შესაძლებელია, სულაც სხვისთვის ყოფილიყო განკუთვნილი, ან კიდევ, იმან, ვინც ფორმა იქირავა, რატომღაც სხვა სახელი და გვარი ჩააწერინა. თუმცა, ეს ვერსია ნაკლებსავარაუდოა, რადგან როცა მე ვქირაობდი ლილუს კოსტიუმს, იმ ბიჭმა პირადობა მომთხოვა. ესე იგი, გამოდის, რომ ფორმა ვიღაც ლევან კალანდაძემ გაიტანა გარდერობიდან. ოღონდ მას მოსაწვევი არ ჰქონია…
მოკლედ, ერთი დიდი თავსატეხია იმ მეკობრის ვინაობა! მე კიდე ახლა უფრო მაინტერესებს მაგ იდუმალი ვიზიტორის ვინაობა…
ფაქტია, რომ სწორედ იმ კარნავალის მერე განვითარდა მოვლენები ძალიან სწრაფად და უცნაურად. ყველაფერი ჩაიხლართა და დაშლილ ფაზლს დაემსგავსა, რომელიც უნდა დავალაგო. თუ ერთ ნაწილს მაინც არასწორად დავდებ, მთლიან სურათს ვერ დავინახავ…
შევეცადე, საღამოს შეხვედრაზე აღარ მეფიქრა, რადგან თავი უკვე გახეთქვაზე მქონდა ფიქრისგან და ყურადღება სხვა რამეზე რომ გადამეტანა, თამაშის სცენარს მივუბრუნდი.
ახლაღა შევამჩნიე, რომ გამომძიებლის პერსონაჟის სახელიც უცნაურად დაემთხვა. რატომ დავარქვი მაინცდამაინც ლეო? ეს დღეებია სულ იმ მოჩვენების ირგვლივ განვითარებული ამბები მესმის, ან ჩემი მდიდარი წარმოსახვა უკავშირებს ყველაფერს მას…
ფიქრი გამომძიებელ ლეოზე დავიწყე. წარმოსახვაში უკვე გამოიკვეთა მისი ფიგურა. წაბლისფერი თმა, პატარა ცხვირი და თაფლისფერი თვალები…
პირველი ლოკაცია – მერის სახლია. ჩაი ისევ თბილია, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ხანი არ არის, რაც მერი გაუჩინარდა. მობილურში უპასუხო ზარები ვის ეკუთვნის? ვინ ურეკავდა გოგოს, რომელიც მარტო ცხოვრობს და სავარაუდოდ, მეგობრებიც არ ჰყავს? რამდენიმე ზარი იყოს მეზობლის, რომელმაც ხმაური გაიგონა და შეშინებული კარზე უკაკუნებდა… დანარჩენი?
“ვორდი” გავხსენი და ვერსიები ჩამოვწერე: 1. პარაფსიქოლოგი, რომელთანაც დადიოდა მერი. ლეო ნახავს პარაფსიქოლოგს და გაიგებს, რისი ეშინოდა მერის. 2. მერის სამსახურის უფროსი. ლეო იგებს, რომ მერი ერთი კვირა არ გამოჩენილა სამსახურში. 3. ნომერი, რომლიდანაც ზარები შემოვიდა მერის ტელეფონში, რეგისტრირებული არ არის…
ინვენტარი: ლეო პოულობს მერის დღიურს და ამულეტებს, რომლებიც ვერცხლის ლურსმნებზე ჰკიდია. ერთ-ერთი ამულეტი იქნება ურბოროსი. უძველესი სიმბოლო. გველი, რომელიც საკუთარ კუდს ჭამს. ურბოროსი სამყაროს მარადიულობას, გარკვეულ ციკლს განასახიერებს, რომელიც მეორდება და მეორდება. ეს აღწერილობები ეკრანზე ნაწერის სახით გამოვა და ყველაფერი მერის დღიურში შეინახება…
სამსახურში ექვსის ნახევრამდე დავრჩი. ჭამაზე დრო აღარ დავხარჯე და პირდაპირ სახლში წავედი. დედამ ცხელი სადილი დამახვედრა. მიყვარს, როცა მოვდივარ და სახლში მხვდება. ხანდახან ისე მინდება პატარა ვიყო, რომ იმაზეც თანახმა ვარ, ავად გავხდე, ლოგინში ჩავწვე და დედამ მომიაროს…
დედაჩემი ძალიან ლამაზი ქალია და თითქმის ყოველთვის ფორმაშია. მიუხედავად იმისა, რომ მამას სიკვდილი ძლივს გადაიტანა, ცხოვრების ხალისი მაინც არ დაუკარგავს… შეიძლება არ უნდოდა, ჩემთვის და თეოსთვის თავისი განცდები ეჩვენებინა. დედა ცოცხალი მაგალითია იმისა, რომ წარმოუდგენელი იმედგაცრუების და ტკივილის მერეც არ უნდა მოეშვა. არ უნდა დანებდე და ცხოვრება გააგრძელო…
– თეო სად არის?
– თეო ინგლისურზეა! შენ როგორ ხარ?
– კარგად. დე, შენი რჩევა მჭირდება!
– აღარც კი მახსოვს, ბოლოს როდის მკითხე რჩევა…
– ერთ საათში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს! საქმიანი… სასტუმრო “მირაჟში” და წარმოდგენაც კი არ მაქვს, რა უნდა ჩავიცვა!
– როდის მე გეუბნებოდი, ერთი ხელი კლასიკური ტანსაცმელი უნდა გეკიდოს გარდერობში-მეთქი? ის კი არა, გამიკვირდა, გუშინ იმ კაბით რომ დაგინახე…
– მაგ კაბით იქ ვერ წავალ!
– რა თქმა უნდა! რამე სერიოზული, სადა და დახვეწილი გინდა… ჩემი გარდერობიდან ავარჩიოთ რამე!
დედას თავის ოთახში გავყევი. ჩემგან განსხვავებით, მისი კარადა იდეალურადაა დალაგებული. ყველაფერი დახარისხებული აქვს. პერანგები ერთად, კაბები ერთად… დედას ყველაფერი უხდება. სხეულის აგებულებით მას ვგავარ.
– აბა, ეს ნახე!
დედამ სპილოსძვლისფერი, ნახევრად გამჭვირვალე აბრეშუმის პერანგი ჩამოიღო საკიდიდან და მომაწოდა.
– მაგას სწორი, კლასიკური ქვედაბოლო უნდა! ესეც ჩაიცვი. წესით, კარგად უნდა გქონდეს! იმედია, კოლგოტი მაინც გექნება…
– კი. კოლგოტი მაქვს.
გამეცინა და ტანსაცმელი მოვიზომე. ყველაფერი მომერგო.
– ფეხზე რა ჩავიცვა, დე?
– ოხ, ანიკა! რანაირი ქალი ხარ, არ ვიცი…
– შენი დიდი მომივა?
– ერთი ზომით დიდი გექნება ჩემი… მოიცა, დახურულ ფეხსაცმელს მოგცემ, შესაკრავიანს, რომ არ გაგძვრეს… ოღონდ ხელფასს როგორც კი აიღებ, წაბრძანდები და იყიდი წესიერ ტანსაცმელს! ხო ხედავ, კაცებსაც არ მოსწონთ სულ ჯინსებამოცმული გოგოები!..
ჩემი თავი დედას მივანდე. თმაზეც მან იზრუნა. მაღლა ამიწია ლამაზად. მაკიაჟიც თავისი ხელით გამიკეთა. ჩანთაც მათხოვა და პალტოც. რვის ოც წუთზე ტაქსი გამოვიძახე. კიბეზე რომ ჩავდიოდი, თავს ისე უცნაურად ვგრძნობდი, თითქოს მე მე კი არა, დედაჩემი ვიყავი…
მაღალქუსლიანებზე სიარული გამიჭირდა, მაგრამ შევეცადე, ძალიან არ მეყანყალა და “მირაჟის” ფოიეში თავდაჯერებული გამომეტყველებით შევედი. ადმინისტრატორი კოხტად გამოწყობილი ახალგაზრდა, სიმპათიური ბიჭი იყო. განუწყვეტლივ იღიმოდა. “ლაბირინთი” ვახსენე თუ არა, მაშინვე ლიფტისკენ წამიძღვა. როდესაც ლიფტის კარი დაიხურა და ზემოთ აგვიყვანა, მუცელში პეპლები ამიფუთფუთდა.
ლიფტის სარკის კედლებში საკუთარი თავი შევათვალიერე და გული დამწყდა, რომ მარტო არ ვიყავი, რადგან აუცილებლად გამოვუყოფდი საკუთარ თავს ენას. ეს ხრიკი მამამ მასწავლა, როცა პატარა ვიყავი. როცა რაღაცაზე ვნერვიულობდი, მეშინოდა ან უბრალოდ, ცუდ ხასიათზე ვიქნებოდი, სარკეში საკუთარი თავისთვის ენა უნდა გამომეყო. მომენტალურად მოგეხსნებოდა ყველანაირი დაძაბულობა და კარგ ხასიათზე დადგებოდი…
ლიფტი ბოლო, მეათე სართულზე გაჩერდა და გრძელ კორიდორში გამოვედით. ადმინისტრატორმა კორიდორი ბოლომდე გაიარა, მეც უკან მივყვებოდი. დედას ფეხსაცმელები ისე პაკუნობდა, რომ მტრისა გამახსენდა…
– აქეთ მობრძანდით!
ადმინისტრატორმა დიდი კარი გამოაღო და წინ მე გამიშვა. კიბესთან აღმოვჩნდი.
– ზემოთ უნდა ავიდეთ!
ოცი საფეხური ავიარეთ და ვერანდაზე მოვხვდით. სემირამიდას დაკიდებული ბაღები ამაზე
ლამაზი ნამდვილად ვერ იქნებოდა… ვერანდიდან ულამაზესი ხედი იშლებოდა. მთელი თბილისი ხელისგულივით ჩანდა. დიზაინი სპარსულ სტილს ჰგავდა ძალიან… ვერანდაზე რამდენიმე ფანჩატურების მსგავსი ოთახი იყო, ფირუზისფერი მოზაიკით მოპირკეთებული კედლებითა და ლამაზი ფარდებით… შიგნით ლამაზი, მრგვალი მაგიდა და ფუმფულა დივნები იდგა, რომლებზეც მოქარგული ბალიშები ელაგა.
მუსიკა უკრავდა და საერთოდ არ ციოდა. ადმინისტრატორმა ერთ-ერთ ასეთ ფანჩატურთან მიმიყვანა და სასიამოვნო საღამო მისურვა. საათზე დავიხედე. რვას ხუთი წუთი აკლდა… ფარდები გადაწეული იყო და ვერანდა კარგად ჩანდა. ოღონდ სხვა ფანჩატურებში მსხდომებს ვერ ვხედავდი, ფარდების გამო.
რვა საათი შესრულდა თუ არა, ვერანდაზე შემოსასვლელი კარი გაიღო და შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილი ახალგაზრდა კაცი გამოვიდა. კართან დადგა და ვერანდა მოათვალიერა. მას უკან კიდევ ორი ტიპი მოჰყვა. ისინიც კლასიკურად იყვნენ ჩაცმულნი. ამ სამიდან ყველაზე დაბალი რომელიც იყო, ფანჩატურისკენ გამოიხედა და დამინახა თუ არა, ჩემკენ წამოვიდა.
ისევ ამიფუთფუთდა მუცელში პეპლები და ფეხზე წამოვდექი, რადგან ვინც ახლა ჩემთან შესახვედრად მოემართებოდა, სწორედ ის “მისტერ იდუმალება” იყო, რომელიც კლუბ “პორტალში” ვნახე… ამაში ეჭვი არ მეპარებოდა…
ლაბირინთი – მაცდური წინადადება (ეპიზოდი VII)
ადამიანებს საოცარი უნარი გაგვაჩნია, ძალიან მოკლე დროში გავაცნობიეროთ არსებული სიტუაცია, რომელშიც სრულიად მოულოდნელად აღმოვჩნდით და უსწრაფესად შევიმუშაოთ ქცევის ტაქტიკა.
თუ საჭიროება მოითხოვს, სულ რაღაც წამებში, უამრავი რაღაცის გაფიქრება შეგვიძლია. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, საჭირო დროს ვიბნევით და იდეალური პასუხი ან საქციელი, რომელიც ჩვენს საუკეთესო მხარეს წარმოაჩენდა, გვიან გვაფიქრდება.
“მისტერ იდუმალება” გემოვნებით და ძალიან დახვეწილად იყო ჩაცმული. ძვირფასი მაჯის საათი ეკეთა და რაღა თქმა უნდა, ძვირფასი ფეხსაცმელებიც ეცვა. ყველაზე უცნაური კი თვალის ფერი ჰქონდა. ძალიან ღია, გაცრეცილი ცისფერი, ოდნავ ფირუზისფერი რომ დაჰკრავს… ასეთი ფერის თვალები მხოლოდ სურათებში თუ მინახავს… თმა ლამაზად ჰქონდა შეჭრილი. მთლიანობაში სიმპათიური იყო, მაგრამ არც ძალიან გასაგიჟებელი.
აუჩქარებლად მომიახლოვდა და მომესალმა. ხელი ჩამომართვა და ჟესტით მანიშნა, ფანჩატურში შევსულიყავი. ერთმანეთის პირისპირ დავსხედით. მისი დაცვის ორივე თანამშრომელი გარეთ დარჩა. დავსხედით თუ არა, ოფიციანტი ბიჭი მოგვიახლოვდა და ორი მენიუ მოიტანა.
– რას მიირთმევთ?
თავაზიანად შემეკითხა. თვითონ მენიუ არც გადაუშლია…
– მე არ მშია…
– არც გწყურიათ?
– რამეს დავლევდი…
– რას?
– რასაც თქვენ!
აშკარად დაძაბული ვიყავი და ისიც მშვენივრად ამჩნევდა ამას. გაეღიმა.
– ნუ გერიდებათ!
– არ მერიდება…
– მეეჭვება, თქვენც ტეკილა დალიოთ!
– გავრისკავ!
– როგორც ჩანს, რისკი გიყვართ… ძალიან კარგი. და ტეკილამდე რას მიირთმევთ? უგემრიელესი საჭმელი აქვთ აქ. მე ძალიან მშია!
– მაშინ თქვენ მიირთვით…
– მე მივირთვა და თქვენ მიყუროთ? ეგრე არ გამოვა!
მისტერ იდუმალება ოფიციანტს მიუბრუნდა.
– ესე იგი, ორი ტეკილა “კასა ნობლე” მოგვიტანე! სტეიკი გარნირით, სალათა და სუშის ასორტი. მანგოს წვენი. დესერტს მოგვიანებით შევუკვეთავთ…
შევცბი. რატომ მაინცდამაინც სუში?.. ნუთუ ესეც უბრალო დამთხვევაა? გამორიცხულია, ის მეკობრე იყოს! იმას თაფლისფერი თვალები ჰქონდა. არა მგონია, ლინზები ჩაედგა…
როგორც იქნა, გამბედაობა მოვიკრიბე და ხმა ამოვიღე.
– უკაცრავად…
– ვიცი, ვიცი! არ გაგეცანით! – თქვენ იცით, ვინ ვარ?
– არა. არ უთქვამს ჩემს უფროსს…. მითხრა, რომ თქვენ თვითონ გამეცნობით…
– ეჭვიც არ გაქვთ, ვინ შეიძლება ვიყო?
– ეჭვი შეიძლება მაქვს…
– გამიზიარებთ?
– არ ვარ დარწმუნებული, რომ მინდა!
– კეთილი.
გაეღიმა.
– მე ლევან გიორგაძე ვარ! ეს სახელი ალბათ რაღაცას გეუბნებათ…
– ძალიან ცოტას! მხოლოდ ის ვიცი, რომ ლევან გიორგაძე ბიზნესმენია! ამ სახელის გარშემო ბევრი ლეგენდა ტრიალებს…
– თქვენ გჯერათ ლეგენდების?
– მე მხოლოდ იმის მჯერა, რასაც საკუთარი თვალით ვხედავ და მესმის…
– საინტერესოა! მეეჭვება საკუთარი თვალით გენახათ, როგორ გაჩუქეთ კლუბი “პორტალის” ბარათები…
მერჩივნა, მიწა გამსკდარიყო და შიგ ჩავეტანე, ვიდრე ასეთ უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩენილიყავი…
– ნება მომეცით, აგიხსნათ…
– საჭირო არ არის, ნუ ღელავთ… სიმართლე გითხრათ, აღფრთოვანებულიც კი ვარ თქვენი საქციელით! მიყვარს გაბედული ადამიანები, რომელთაც არ ეშინიათ სარისკო ნაბიჯის გადადგმის. შეგიძლიათ მითხრათ, საიდან გქონდათ ის ბარათები? იმედია, მეც იმას არ მეტყვით, რომ კინოთეატრში იპოვეთ…
როგორც ჩანს, ფილი გიორგაძის ხალხმა დაჰკითხა. სავარაუდოდ, ჩემზე უკვე ყველაფერი ეცოდინება და ამ შემთხვევაში, ტყუილით ვერ გამოვძვრები…
– ბარათები ჩემი კომპანიის უფროსის კაბინეტში
ვიპოვე. უფრო სწორად, მისი ნაგვის ურნიდან ამოვიღე…
ასეთ პასუხს ნამდვილად არ ელოდა და სიცილი ვერ შეიკავა.
– მაპატიეთ… ძალიან მოულოდნელი პასუხი იყო… კი ვხვდებოდი, რომ დობროვსკისგან გქონდათ ბარათები, მაგრამ საიდან – ეს მაინტერესებდა, რადგან დობროვსკი თავისი ნებით არ მოგცემდათ მაგ ბარათებს…
– დობროვსკის ალბათ უთხარით ბარათების ამბავი…
– არა, რა თქმა უნდა! არც ვაპირებ… რა საჭიროა ზედმეტი ვნებათაღელვა? თანაც, თქვენ პირველი ქალი ხართ, ვინც ჩემი გაოცება მოახერხა! როდესაც ბარმენმა მითხრა, თქვენ რომ დაპატიჟეთ, ის წყვილი დარბაზშიაო, გამოვიხედე და ვერც ერთი ვერ გიცანით, რაღა დაგიმალოთ და ძალიან დავინტრიგდი…
– ვწუხვარ, რომ ასე მოხდა! დაუფიქრებლად მოვიქეცი… სათანადოდ ვერ შევაფასე არსებული სიტუაცია და რაც ენაზე მომადგა, ის ვთქვი… ესე იგი, იმ ბარათების ამბის გასარკვევად დამიბარეთ…
– არა, არა! მე მანამდეც მინდოდა თქვენთან შეხვედრა. იმ ამბის მერე კი ორმაგად უფრო მომინდა!
– ჩემი მეგობარი, ფილიპე თქვენმა ხალხმა გაიყვანა დასაკითხად?
– თქვენ ალბათ უკვე მიხვდით, რომ ის კლუბი ჩვეულებრივი გასართობი ადგილი არ არის, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია შესვლა…
– ძალიან დიდი ნერვიულობის ფასად დამიჯდა ამის მიხვედრა, მაგრამ მთავარია, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა… საქმეზე გადავიდეთ, ბატონო ლევან… აქ რატომ ვარ?
– მე ვიცი, რომ ძალიან ნიჭიერი ხართ თქვენს საქმეში! დობროვსკიმ ბევრი მელაპარაკა თქვენს ფანტაზიაზე, თქვენს ამოუწურავ შესაძლებლობებზე…
– მიკვირს… დობროვსკიმ არ იცის ადამიანების ქება!
– პირადად არა და ეს სწორი მიდგომაა! როდესაც ადამიანს პირში აქებ, დიდი შანსია, თავში აუვარდეს და მუშაობის ხარისხი დააგდოს. მე რამდენიმე ბიზნესი მაქვს, ანიკა! მაქვს სასტუმროების ქსელი, ერთი-ორი საწარმო, ტოტალიზატორები, კაზინო და დახურული კლუბი…
– “პორტალი”?
– კი ბატონო… მოდი, “შენობით” ფორმაზე გადავიდეთ, თუ წინააღმდეგი არ ხარ… არ მიყვარს ოფიციალური ტონი…
– გადავიდეთ…
– როგორ ფიქრობ, ანიკა… რაში კეთდება ყველაზე დიდი ფული?
გიორგაძე დივანს მოხერხებულად მოერგო და ჩემ მოსასმენად მოემზადა. როგორც შევატყვე, წინ სერიოზული საუბარი გველოდა.
– ამაში ექსპერტი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ საკვებ პროდუქტში. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი შემოსავლების უმეტესი ნაწილი საჭმელში იხარჯება!
– მართალია! ოღონდ მე ერთსაც დავამატებდი… – თამაში! – “მიეცით ხალხს პური და სანახაობა” – ამბობდა რომაელი იმპერატორი გაიუს ოქტავიანე, ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში და აბსოლუტურად მართალი იყო! არსად არ კეთდება ისეთი ფული, როგორიც კაზინოში და ტოტალიზატორებში…
– განსხვავება უფროსებსა და ბავშვებს შორის მათი სათამაშოების ღირებულებაშია, ხომ?
– რა ზუსტად თქვი!
– მე არა, რობერტ ფროსტმა თქვა! მე, უბრალოდ, დავეთანხმე…
გიორგაძეს ისევ გაეღიმა. რაც უფრო ბევრს ვლაპარაკობდით, მით უფრო უბრალო მეჩვენებოდა. აღარ ვღელავდი და გონებაც უფრო გამეხსნა.
ოფიციანტმა ვახშამი მოგვიტანა. სანამ სინიდან მაგიდაზე გადმოალაგებდა თეფშებს, დრო ვიხელთე და გიორგაძის დაცვის წევრებისკენ გავიხედე. ორივე მაღალი იყო და კარგად ნავარჯიშები სხეული ჰქონდათ. ჩვენგან ოდნავ მოშორებით, სკამებზე ისხდნენ. ერთი პერიმეტრს აკონტროლებდა, მეორე თვალს არ მაცილებდა.
– სად გავჩერდით?
მკითხა გიორგაძემ, როგორც კი მიმტანი წავიდა.
– თამაშზე…
– ისე, ძალიან უცნაური დამთხვევაა! წარმოიდგინე, თამაშების სცენარისტს ვეძებდი, რამდენიმე კანდიდატი განვიხილე, შევარჩიე და შეხვედრა გადავწყვიტე. წინა დღეს, უფრო სწორად – ღამეს, სრულიად შემთხვევით, საკუთარ კლუბში მატყობინებენ, რომ ვიღაც უცნობი გოგო ამბობს, რომ კლუბის ბარათები ვაჩუქე. ამ გოგოს ვინაობით ვინტერესდები და ნაცნობი სახელი და გვარი მესმის… შემდეგ ვიგებ, რომ სწორედ ისაა, ვისთანაც შეხვედრა მაქვს დაგეგმილი. შენ გჯერა ასეთი “შემთხვევითი” დამთხვევების? თუ ფიქრობ, რომ ეს გარკვეული ნიშნებია?
– მინდა მეორის უფრო მჯეროდეს!
– ნიშნების?
– კი. როდესაც გჯერა, რომ სამყარო გარკვეულ ნიშნებს გიგზავნის, უფრო მეტი შანსია, მართლა არსებობდეს რაღაც უზენაესი ძალა და სიკვდილის შემდეგ ყველაფერი არ მთავრდებოდეს…
– ყველაზე მეტად სიკვდილის გეშინია?
– თვითონ სიკვდილის არა! – რა არის სიკვდილი? ხარ და უცებ აღარ ხარ… საკუთარი სიკვდილის არ მეშინია! მე ჩემი საყვარელი ადამიანების დაკარგვის შიში მაქვს… არ მინდა მათი სიკვდილის მომსწრე გავხდე…
– საინტერესო მოსაუბრე ხარ! მომწონს, როდესაც შეგიძლია ქალს ასეთ თემებზე ესაუბრო…
– თქვენ რისი გეშინიათ?
– ჩვენ “შენობით” ფორმაზე შევთანხმდით, არა?
გამიღიმა.
– ცოტათი მიჭირს ადაპტირება…
– არც კი ვიცი, რისი მეშინია… მგონი, არაფრის…
– აბა, დაცვით რატომ დადიხარ?
ამაზე გულიანად გაეცინა.
– როგორი ჩამჭრელი კითხვები გცოდნია! შენი აზრით, რატომ დავდივარ დაცვით?
– ალბათ, სიკვდილის გეშინია…
აღარაფერი მიპასუხა. ჭიქა აიღო და მომიჭახუნა.
– მოდი, ჩვენი გაცნობის სადღეგრძელო დავლიოთ!
მეც ავიღე ჭიქა და მივუჭახუნე. ვახშმის დროს ცოტას ვლაპარაკობდით. მნიშვნელოვანი არაფერი უთქვამს, ვიდრე ჭამას არ მოვრჩით.
– სანამ ჩვენი შეხვედრის კონფიდენციალურ ნაწილზე გადავალ, დალევა არ გვაწყენს…
გიორგაძემ ბარმენს ხელით ანიშნა მოსულიყო და დესერტი შეუკვეთა.
– მთავარზე გადავალ, რომ ძალიან არ დაგღალო.
– გისმენ…
– “პორტალის” შესახებ მინდა გითხრა რაღაც… მოკლედ, როგორც უკვე მიხვდი, ეს არის დახურული კლუბი, სადაც სერიოზული ხალხი დადის… სერიოზული რა მხრივ, სერიოზულ თანამდებობებზე მომუშავე, მათ შორის, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და ასე შემდეგ. ამ ადამიანებს არ აწყობთ ყურადღების ცენტრში მოხვედრა. გართობა კი, როგორც მოგეხსენება, ყველას უნდა! მათ იციან, რომ “პორტალში” დაცვა უმაღლეს დონეზეა და არაფერი არ ემუქრებათ… შეუძლიათ გაერთონ. “პორტალში” ასევე მოდიან მნიშვნელოვანი კავშირების დასამყარებლადაც, საიდუმლო შეხვედრებისთვის და ასე შემდეგ… ეს შენ ნაკლებად გეხება! – როგორ ერთობიან უფროსები? – ძირითადად კაზინო, კარტი, “რულეტკა”, სათამაშო აპარატები და ასე შემდეგ… კაზინოები მრავალი წელია არსებობს და კლიენტების სიმრავლეს არ უჩივის, მაგრამ ყველაფერი მაინც ძალიან მოსაბეზრებელი ხდება!
– მე რა უნდა გავაკეთო?
– კლუბის წევრებისთვის თამაშის მოფიქრება მინდა! რამე სერიოზული, საინტერესო და ცოტა ეროტიკულიც…
– ეროტიკული?
– მინდა, რომ მაქსიმალურად გაშალო ფანტაზია და იდეები შემომთავაზო! ნურაფერში ნუ შეიზღუდები! ამ დღეებში მე შენ “პორტალს” დაგათვალიერებინებ და უფრო კარგად მიხვდები, რისი გაკეთება შეიძლება! არ მინდა არც კარტი, არც ბანქო… მსგავსი არაფერი! მხოლოდ რეალური თამაში, რეალური ფიგურებით…
– გასაგებია…
– რაც შეეხება ანაზღაურებას, თუ შენი სცენარი ჩემს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, მზად ვარ, ათი ათასი გადავიხადო!
– აა… ათი ათასი ლარი?..
თვალები შუბლზე ამივიდა.
– ლარი არა, დოლარი… ოღონდ ერთადერთი პირობა, რომელიც უნდა შეასრულო, ისაა, რომ არავის არაფერი არ უნდა მოუყვე! დობროვსკისაც კი…
მანგოს წვენი მოვსვი, რომ აზრზე მოვსულიყავი.
– აბა, რას იტყვი?
– საინტერესო წინადადებაა! ვიფიქრებ, რა შეიძლება გაკეთდეს…
– “პორტალში” როდის წავიდეთ? მე, სამწუხაროდ, შაბათამდე არ მცალია…
– იყოს შაბათი… ისე, არ გეშინიათ? ხელისუფლებამ რომ გაიგოს კლუბის ამბავი…
– მთავრობის წარმომადგენლების უმრავლესობა კლუბის წევრია. დასკვნა თვითონ გამოიტანე.
გაეღიმა გიორგაძეს.
– ეგ სულ დამავიწყდა…
– კიდევ გაქვს კითხვები?
– რამდენი ხანია, რაც ეს კლუბი არსებობს?
– დიდი ხანი არ არის… წელიწადნახევარი იქნება, დაახლოებით!
– უფრო მეტი მამაკაცი დადის თუ ქალი?
– მამაკაცები გაცილებით მეტნი არიან.
– გასაგებია… ასაკი?
– ოცდაორი წლიდან ზემოთ…
– კლუბი რომელ საათზე იხსნება?
– ღამის ათიდან დილამდე.
– დობროვსკი კლუბის წევრია?
– არა. რამდენჯერმე გავუგზავნე ერთჯერადი ბარათები, მაგრამ მოსვლისგან თავი შეიკავა!
– ალბათ ამიტომ გადაყარა ნაგავში…
– ალბათ…
– იმ ღამეს, ჩემს მეგობარს რომ ვეძებდი, დაცვამ მითხრა, რომ წითელ დერეფანში შესვლის უფლება არ მქონდა…
– წითელ პორტალში შესვლის უფლება მხოლოდ კლუბის მუდმივ წევრებს აქვთ.
– და რა არის იქ?
– სწორედ მაგის ჩვენება მინდა შაბათს…
– ისე, სულ მაინტერესებდა… როგორ ხდებიან მილიონერები მილიონერები? რაში მდგომარეობს წარმატების ფორმულა?
გიორგაძეს გაეღიმა.
– მე არ მიწვალია ბევრი. ქონება ბაბუაჩემისგან მერგო. “სტარტი” აღებული ჰქონდა, მე უბრალოდ მის დაწყებულ საქმეს მივყვები… რა თქმა უნდა, საკუთარი იდეებიც განვახორციელე. დაწყებაა ძნელი. შენარჩუნება და შემოსავლების გაზრდა ადვილია.
დაიქირავებ პროფესიონალებს და ისინი მიხედავენ ყველაფერს… წარმატებული რომ გახდე, ძალიან მოხერხებული უნდა იყო! უნდა შეგეძლოს სარისკო ნაბიჯების გადადგმა, ლავირების უნარი უნდა გაგაჩნდეს და საჭირო დროს “ვა-ბანკზეც” უნდა წახვიდე… რასაკვირველია, იღბალიც ძალიან დიდ როლს თამაშობს…
– მე მეტი კითხვა არ მაქვს! აღარ მოგაცდენთ და თქვენს ზარს დაველოდები…
– სასიამოვნო იყო შენთან საუბარი, ანიკა!
– ბარათების ამბავზე კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს…
– ისევ “თქვენობით” ფორმაზე გადახვედი.
გაიღიმა გიორგაძემ და ფეხზე წამოდგა. მეც ავდექი.
– მეც კიდევ ერთხელ გეუბნები, რომ საბოდიშო არაფერი გაქვს! პირიქით, მე მაპატიე, თუ რაიმე უხერხულობა შევქმენი, შენს მეგობართან დაკავშირებით…
გიორგაძის დაცვა წამში ფანჩატურთან გაჩნდა.
– ლაშა, ამ გოგოს გაბარებ! მანქანაში ჩასვი და ვაჟას უთხარი, სახლამდე მიიყვანოს!
– არა, არ არის საჭირო! ტაქსით წავალ!
– არავითარ შემთხვევაში! ეს საკითხი არ განიხილება! უი, კინაღამ დამავიწყდა…
გიორგაძემ შარვლის ჯიბეში ჩაიყო ხელი და ფილის მობილური ამოიღო.
– ეს შენს მეგობარს დარჩა! ელემენტია დამჯდარი…
– მადლობა!
– აბა, წარმატებები და შაბათს შევხვდებით!
გიორგაძემ კიდევ ერთხელ ჩამომართვა ხელი და ერთმანეთს დავცილდით. მე და მისი დაცვა ლიფტში შევედით. სანამ პირველ სართულზე ჩავიდოდა ლიფტი, დაცვის ბიჭმა მობილურით დარეკა და მძღოლი სასტუმროს შესასვლელთან დაიბარა. შენობიდანაც ერთად გამოვედით.
– მანქანა ახლავე მოვა!
– მადლობა… არ იყო საჭირო, მე თვითონაც წავიდოდი…
– ჩანთას დაგიჭერთ!
– არა, ნუ შეწუხდებით…
მისი ხმის ტემბრი რაღაცნაირად ნაცნობი მეჩვენა, მაგრამ ვერ გავიხსენე, საიდან მეცნობოდა. ორ წუთში “მირაჟის” შესასვლელთან ის შავი მანქანა გაჩერდა, რომელმაც იმ ღამეს ქუჩაში ნელი სვლით ჩამიარა, სკვერში რომ ვიმალებოდი. ლაშამ უკანა კარი გამოაღო და ჩაჯდომაში დამეხმარა. მეც მადლობა გადავუხადე და გიორგაძის მძღოლმა სახლში გამაქროლა.
ლევან გიორგაძეზე სულ სხვა წარმოდგენა მქონდა, სანამ ვნახავდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ძალიან არ მომეწონებოდა, რეალობაში რომ მენახა ოდესმე.
სახლში რომ შევედი, ჯერ კიდევ ემოციებში ვიყავი.
– ანიკა, შენ ხარ?.. დედა მეგონე…
– ჰო, მე ვარ, თეო! დედა არ არის სახლში?
– არა, მამიდასთანაა. მალე მოვალო… რატომ გაცვია დედას ტანსაცმელი?
თეომ ინტერესით შემათვალიერა.
– მნიშვნელოვან შეხვედრაზე ვიყავი და ოფიციალურად უნდა მცმოდა…
– გშია?
– არა… ჩაის კი დავლევ შენთან ერთად სიამოვნებით!
– კაი, დავადგამ…
– მე მანამდე გავიხდი…
რამდენიმე წუთში თეოსთან ერთად დივანზე ვიჯექი და ჩაის ვსვამდი.
– ანიკა…
– ჰოუ…
– კვირას გოგოები “დრაივში” მიდიან და შეიძლება ის ბრჭყვიალა კაბა ჩავიცვა?
– დედა ჩაგაცმევს მაგას?
– დედამ კაიო… ოღონდ მოსაცმელი მოიცვიო.
– დიდი არ გექნება?
– არა, ზუსტად მაქვს… უკვე გავისინჯე. ეგ ხო იწელება!
– სასაცილო გოგო ხარ შენ!
თეოს ჩავეხუტე. სხეულში სითბო ჩამეღვარა. პატარა რომ იყო, სულ ვკოცნიდი, ახლა დიდი გოგოა და ეთაკილება… დედაც მალე მოვიდა. დაწოლის წინ სამივემ ერთად ფილმს ვუყურეთ და მერე ჩემს ოთახში განვმარტოვდი. ძილის მეტი არაფერი მინდოდა…
დილით ძალიან ადრე ავდექი და ფილიპეს გავუარე სახლში. ჯერ კიდევ ეძინა.
– მშვიდობაა?
მკითხა, როგორც კი კარი გამიღო.
– ტა რაამ!
ცხვირწინ მობილური ავუფრიალე.
– აუუ… სად იპოვე?
წამში გამოფხიზლდა.
– არსად… კლუბის მფლობელს წავართვი!
– ღადაობ?
– რა მნიშვნელობა აქვს! მიდი, ჩაიცვი და სადმე დავლიოთ ყავა! მე გეპატიჟები…
– რაღაც კარგ ხასიათზე ხარ… მოხდა რამე?
– განსაკუთრებული არაფერი! მიდი და ქვემოთ დაგელოდები…
– ბაიკით ხარ?
– ჰო…
– კაი. მალე ჩამოვალ!
მე და ფილი “მაკდონალდსში” ვისხედით და ყავას ვსვამდით, როდესაც მობილურზე დედამ დამირეკა.
– ანიკა, რა ადრე წახვედი… ჩემი ჩანთიდან ამოვალაგე ახლა შენი ნივთები, გუშინ რომ გქონდა წაღებული და კონვერტი დაგრჩა, დედა… არ გჭირდება?
– რა კონვერტი?
– ყავისფერი კონვერტი… ზედ რომ არაფერი არ აწერია…

ლაბირინთი – ათი ქალწული (ეპიზოდი 8)

რაში მდგომარეობს წარმატების საიდუმლო? – ამ კითხვაზე უმრავლესობას ერთნაირი პასუხი აქვს: მიზანსწრაფვა, ბევრი შრომა, იღბალი, განათლება…
ჩემი აზრით კი, წარმატების გასაღები – წარუმატებლობაშია. ყოველი შეცდომა ახალ რაღაცას გვასწავლის და გვაძლევს სტიმულს, რომ კიდევ ვცადოთ… ვცადოთ იქამდე, სანამ წარმატებას არ მივაღწევთ!
მოგონებები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანების ცხოვრებაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოგონებები წარსულის გასაღებია და სწორედ აქ ვცდებით, რადგან მოგონებები მომავლის გასაღებია, რომელსაც შეუძლია განბლოკოს კარი და თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე გაგვიყვანოს, და თუ საჭირო დროს, საჭირო ადგილზე გავიხსენებთ იმას, რაც საჭიროა, მაშინ შევძლებთ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას…
– გამომძიებელი ლეო მერის საწერი მაგიდის უჯრაში გასაღებს პოულობს. ურნაში დაჭმუჭნული ფურცელი გდია. მოთამაშე უნდა მიხვდეს, რომ ურნაც შეამოწმოს. ფურცელზე მისამართი წერია. გადავდივართ შემდეგ ლოკაციაზე, გარეუბანში. საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში, სადაც პარაფსიქოლოგი ცხოვრობს. ბინაში შესვლისთანავე ჩაირთვება ვიდეორგოლი, სადაც პარაფსიქოლოგისა და ლეოს დიალოგია.
პარაფსიქოლოგი უყვება, რომ მერიმ რამდენიმე დღის წინ მიმართა მას და დახმარება სთხოვა. “ვერცხლით დამიწების” საჭიროებასაც უხსნის. ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ მოთამაშე უნდა მიხვდეს, რომ პარაფსიქოლოგს პიქტოგრამის ფოტოსურათი აჩვენოს, რომელიც მერის ოთახში გადაიღო…
– პიქტოგრამა თუ პენტაგრამა?
– პენტაგრამა სხვაგან წაგვიყვანს, მაქს… ვიფიქრე ამაზე და პიქტოგრამა სჯობს!
– ჩვენი ლოგოს და პენტაგრამის კომბინაციას ვერც გავაკეთებდი. პიქტოგრამას კი ისედაც ჰგავს “ლაბირინთის” ლოგო. – არა, ფელიქს?
– პიქტოგრამა ჯობია ყველა ვარიანტში! პარაფსიქოლოგი რას გვაძლევს, ევა?
– წიგნს, რომელშიც ეს პიქტოგრამაა გამოსახული და ახსნაც უწერია. ეს ფურცელი მერის დღიურში უნდა “დასეივდეს”. პიქტოგრამა, ვერცხლით დამიწება და ამულეტები გარკვეული დროით ხსნის პარალელურ სამყაროში გასასვლელ პორტალს.
– სულ რამდენი ლოკაცია მექნება შესაქმნელი?
– ბევრი არა. მერის სახლი, ქუჩა, ლეოს კაბინეტი, პარაფსიქოლოგის სახლი, მერის სახლი – ალტერნატიულ რეალობაში, ლაბორატორია, მეორე მერის მკვლელობის ადგილი და შეიძლება კიდევ ერთი-ორი ლოკაცია მოვიფიქრო… ალბათ, ათი, მაქსიმუმ თხუთმეტი გამოვიდეს…
– მერის სახლის აწყობა დაწყებული მაქვს. ინვენტარის ზუსტი სია მჭირდება. სად რა ავეჯი დგას, სად რა დევს… აქედან რა არის უძრავი და რისი აღება შეუძლია მოთამაშეს.
– სიას დღეს გაგიკეთებ, მაქს!
– კარგი, საქმეს შევუდგეთ! კარგი დასაწყისი საქმის ნახევარია… გაზაფხულამდე თუ მოვრჩებით, მაგარი იქნება! –
თქვა ფილმა და თავის მაგიდას მიაშურა. სამსახურში პირველები ჩვენ მოვედით. ცოტა ხანში მაქსი და მტრისა მოგვყვნენ უკან.
კროული კი ჯერაც არ გამოჩენილა. მე კიდევ, თავში სულ ის კონვერტი მიტრიალებს, რომელიც დედამ ჩანთაში იპოვა. ერთი სული მაქვს, როდის მივალ სახლში და გავხსნი. დედამ მითხრა, შიგნით რაღაც მყარი, ოთხკუთხედი საგანი დევს. მას არ გავახსნევინე, რაღაცნაირად დავიბენი და ავღელდი… წარმოდგენაც კი არ მაქვს, რა შეიძლება იყოს…
გიორგაძეს ჩემს ჩანთასთან შეხება არ ჰქონია. თვითონ ვერ ჩამიდებდა კონვერტს. ეჭვი მისი დაცვის წევრზე მაქვს, იმ ლაშაზე, რომელმაც შემომთავაზა, ჩანთას დაგიჭერო. ალბათ, იმ მომენტში ჩააგდო კონვერტი, როცა მანქანაში ვჯდებოდი…
იმ ორი გოგოს დიალოგი გამახსენდა,
რომელსაც “პორტალის” ტუალეტში მოვკარი ყური. ერთი მეორეს რომ უყვებოდა, როგორ მისცა კონვერტი დაცვის თანამშრომელმა ვიღაც გოგოს და შიგნით ფული იდო… იქნებ ამ ყავისფერ კონვერტშიც ფული დევს? შეიძლება პირადად მოცემა მოერიდა და დაცვას ჩაადებინა? როგორც ჩანს, მის ირგვლივ შექმნილი ლეგენდები არცთუ ისე უსაფუძვლოა… იქნებ ასე ერთობა? გოგოებს აგიჟებს? – კაცმა არ იცის…
– ამის დედა ვატირე, რა უბედურებაა ეს ადრე ადგომა! თერთმეტზე რო იწყებოდეს სამსახურები, დაიქცევა ქვეყანა?
ოთახში ირაკლი შემოვიდა.
– შენ და ბუზღუნი, ირაკლი?
– მაგრა ტეხავს ადრე გაღვიძება, რაა! – რა გაგიკვირდა? ცხოვრებაში ერთხელ მეც რო ვიყო რაღაცით უკმაყოფილო, არ შეიძლება?
– შენ არ გიხდება ცუდ ხასიათზე ყოფნა!
– თამაშისთვის მუსიკა გვინდა, ირაკლი…
გამოსძახა ფილმა.
– პრომოს ვაწყობთ უკვე?
– ჯერ არა, მაგრამ შენ დაიწყე! ძალიან რომ არ გაიწელოს პროცესი.
– შენ როგორ ხარ, ფელიქს? რაღაც სხვანაირი მეჩვენები… გუშინ ლუდზეც უარი მითხარი.
– ჰო, რაღაც ბანძი “პალასა” წავიდა… ცოტა დრო მინდა, რო აზრზე მოვიდე!
– მე ყავაზე მივდივარ! ვინმეს თუ გინდათ, წამოგიყოლებთ!
ირაკლი ჭკუამხიარული კი არის, მაგრამ ვერაფერს გამოაპარებ. სწორად შენიშნა, ფილი მართლა სხვანაირი გახდა იმ ღამის შემდეგ. “მაკდონალდსშიც” თითქმის არ გვილაპარაკია. რაღაც ვერ ავაწყეთ საუბარი, რაც ძალიან უცნაურია. არც თავისი მობილურის ამბავზე ჩამეძია. არ დაინტერესდა, როგორ დავიბრუნე და დედასთან ლაპარაკის მერეც, მხოლოდ – “ხო მშვიდობაა” – მკითხა. აშკარად თავს არიდებს იმ ამბების გახსენებას. როგორც ჩანს, დაემუქრნენ და ეშინია. არ მგონია, სხვა მიზეზი იყოს… ექვსი წელია ვიცნობ და ზუსტად ვიცი, რომ რაღაცას განიცდის…
დერეფანში მტრისას ფეხსაცმელების კაკუნი გაისმა და რამდენიმე წამში ჩვენს ოთახში შემოყო სალონში დავარცხნილი თავი.
– ევა, აბრამი მოვიდა!
– გამოვალ ახლავე!
– მოსულა ჩვენი მამა აბრამი! რა წარა-მარა გეძახის? რაშია საქმე? ხომ არ შეუყვარდი?
ირაკლის ხუმრობის საბაბი მიეცა.
– ნუ ხარ შენ ცანცარა!
– ჰა, გამოტყდი! სტყორცნა უკვე ისარი კუპიდონმა?
– შენ შენ გარჭობილ ისარს მიხედე რაა…
– წამოდი, გაგაცილებ და მე ყავას დავლევ!
მე და ირაკლი ერთად გამოვედით დერეფანში.
– გოგო, ვკითხე გვანცას, რაც გაინტერესებდა…
– გვანცა ვინ არის?
– ჩემი მიმტანი…
– აა, მერე?
– იმ ტიპის ყოფილა, გიორგაძის. ოღონდ “წიომნად” მითხრა რა. არ აბაზრებენ…
– მეც ეგრე ვიცოდი…
– თან მანდ ცხოვრობს ახლა თურმე.
– სად? “მირაჟში?”
– ჰო…
– რატო? სახლი არა აქვს?
– უფ… რას ჰქვია! იმისთანა სახლი აქვს, პრეზიდენტის რეზიდენცია მიმიქარავს…
– აბა, მანდ რატო ცხოვრობს?
– გაიგებ? მე რა გითხარი? ყველა მილიონერი დაქნეულია-მეთქი!
– რაღაც მიზეზი ექნება მაგას… კაი, შევედი მე კროულისთან!
– მიდი! და არ იცელქო!
ნატამ ცნობისმოყვარეობით ანთებული მზერა გამომაყოლა. ვიცი, რომ კვდება, ისე აინტერესებს, რა საქმეზე მიბარებს კროული ასე ხშირად, მაგრამ ვერ მეკითხება. ალბათ, არ უნდა შეიმჩნიოს, რომ არ იცის. სულ იმას ტრაბახობს, რომ კროული თვალდახუჭული ენდობა და ყველა საქმეს ანდობს.
კროულის კაბინეტში დიდი სეიფი და ტყავის სამეული უდგას. კედელში კი ბარი აქვს გაკეთებული, სადაც ძვირფას სასმელებს ინახავს. კედელზე “ბოსხის” ერთ-ერთი ნახატის რეპროდუქცია უკიდია, რომელზეც სრული ქაოსი და ანარქიაა გამოსახული. რამდენი შევხედავ, იმდენი თვალები მიჭრელდება, რადგან ძალიან ბევრი დეტალია…
– აბა, რა მოხდა გუშინ? შეხვდით ერთმანეთს?
– დიახ… გავიცანი და ვისაუბრეთ. როგორც აღმოჩნდა, კომპიუტერული თამაში არ უნდა…
– არა?
გაუკვირდა კროულის.
– ზუსტად ჯერ მეც ვერ გავიგე. კვირის ბოლოს კიდევ უნდა შევხვდეთ და დეტალურად ამიხსნის. მითხრა, რომ არავის არაფერი ვუთხრა. თუ სცენარი მოეწონება, თანახმაა, ათი ათასი დოლარი გადაიხადოს. მაგრამ ამაზე ალბათ პირადად დაგელაპარაკებათ…
კროულის თვალები გაუბრწყინდა, ფეხზე ადგა და ბართან მივიდა.
– მარტინის ხომ დალევ?
– სამსახურში?
– ეს ამბავი უნდა აღვნიშნოთ! შენ თვითონაც ხომ ხვდები, რას ნიშნავს ათიათასდოლარიანი საქმე?
– აღნიშვნა ჯერ ადრე არ არის? არაფერი რომ არ გამომივიდეს?
– ყველაფერი გამოგივა! შენს შესაძლებლობებში დარწმუნებული რომ არ ვყოფილიყავი, რეკომენდაციას არ გაგიწევდი! ასე რომ… გამომართვი ეს ჭიქა! ჩვენი კომპანიის წარმატების სადღეგრძელო დავლიოთ!
კროულიმ ჭიქა მომიჭახუნა. ორივემ დავლიეთ. ზედმეტი კითხვები არ დაუსვამს. მხოლოდ ის მკითხა, კიდევ როდის უნდა შევხვდე… წამოსვლის წინ მითხრა, რომ თუ რამეში მისი დახმარება დამჭირდება, აუცილებლად მივმართო. ეს იყო და ეს…
დერეფანში რომ გამოვედი, ყავის აპარატთან ფილი დამხვდა.
– რა უნდოდა? ისევ თამაშზე გელაპარაკა?
– ჰო…
– უცნაურია, მარტო შენ რომ გიბარებს… ექვსი წლის მანძილზე, თუ რამე შენიშვნა ჰქონდა, მე მეძახდა. – ახლა რა შეიცვალა?
– შედი და ჰკითხე…
– კონკრეტულად რა გითხრა?
– ვიკამათეთ. ის ამბობს, რომ თამაში მერის ხაზით უნდა წავიდეს, მე ვფიქრობ, რომ გამომძიებელი უნდა იყოს სამოძრაო ფიგურა. შენც გკითხავს აზრს…
– მეც ვფიქრობ, რომ გამომძიებლის ხაზი ჯობია. შევალ ბარემ და დაველაპარაკები…
– მიდი…
მე და ფილი ერთმანეთს დავცილდით. მგონია, რომ აღარ მენდობა და ძალიან განვიცდი ამ ამბავს. მგონი, ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებს. ვატყობ, რომ დაძაბულია…
ოთახში დავბრუნდი და საქმეს შევუდექი. მერის ოთახის აღწერას შევყევი. თითქმის მთელი დღე დამჭირდა… ხუთი საათი რომ ხდებოდა, ძალიან უცნაური რაღაც მოხდა. მოულოდნელად, ჩემი კომპიუტერის მონიტორზე ფანჯარა გაჩნდა, სადაც ლექსი ეწერა:
“სასუფეველით მსგავსება მათით ოცნებამ იცის,
ათი ქალწული სანთელით ათით ელოდენ სიძეს.
მათგანი ხუთი იყო გონიერ, ხუთი – სულელი;
სულელთ ვერ ჰპოვეს ჭურჭელთა მიერ ზეთი სურნელი.
და ღამით, ოდეს სძინავდა ყოველს, ზარით, ებანით
ხმა ისმა: აჰა, ესერა მოვალს, მიეგებენით.
აღსდგა წამშივე ქალწული ათი – ჰპოვა სანთელი,
ხუთს ჩაჰქრობოდა სრულიად მნათი იმ წუხანდელი.
წარვიდენ სყიდვათ. მას ჟამსა შინა გზად იდგა ქარი,
მოვიდა სიძე, განაღო ბინა და დახშა კარი.
ოდეს დაბრუნდა წყებანი სხვანი მშვენიერ ქალთა,
დააგვიანდათ. ისინი დგანან დახურულ კართან.”
დარწმუნებული ვიყავი, რომ ირაკლი მაიმუნობდა.
– ამით რისი თქმა გინდა, ირაკლი… რომ გაუთხოვარი დავრჩები?
გადავძახე ხმამაღლა. ირაკლიმ გაკვირვებული სახით შემომხედა.
– რაზე ამბობ?
– ვითომ არ იცი… გინდა მაფიქრებინო, რომ კროული მწერს ლექსებს?
გამეცინა. ირაკლი თავისი მაგიდიდან ადგა და ჩემთან მოვიდა. ცოტა ხანი გაკვირვებული მიშტერებოდა ფანჯარას.
– ეს რა არის, გოგო?
– მეც მაგას არ გეკითხები? რისთვის გამომიგზავნე?
– შენს თავს ვფიცავარ, მე თუ გამომეგზავნოს… – რა გახსენი?
– არაფრისთვის არ მიხლია ხელი. “ვორდი” მაქვს მარტო გახსნილი. თავისით ამოხტა!
– მაქს, მოდი ერთი წუთით რა…
მაქსიც ჩემს მაგიდასთან მოვიდა და მონიტორს შეხედა.
– რა ხდება მანდ?
გამოგვძახა ფილმა.
– ევას ვიღაც ინკოგნიტო ლექსებს სწერს. ჩატიდან არაა, ბიჭო… ასეთი რამე პირველად ვნახე.
ფილიპე მაშინვე ჩვენთან გაჩნდა.
– ევა, დამსვი ორი წუთით…
მაქსს ჩემი ადგილი დავუთმე და მე მის უკან დავდექი.
– დახურე ფანჯარა, მაქს! ვირუსი არ იყოს…
აღელდა ფილი.
– არ იხურება! დაეკიდა კომპი… “დაგვჰაკეს” მგონი… ჰაკერია შემოსული ქსელში…
– რანაირად, ტო?
სამივე გაშტერებული მივჩერებოდით ეკრანს. მაქსი ფანჯრის დახურვას ცდილობდა, მაგრამ არც მაუსი მუშაობდა, არც კლავიატურა.
– აიტის დაუძახეთ ვინმემ!
ფილი ოთახიდან გავარდა.
– ხო მარა, ეს ლექსი რა პონტია?
– აზრზე არა ვარ!
სანამ ფილიპემ “აიტიშნიკი” მოიყვანა, ფანჯარა თავისით გაქრა და ყველაფერი ამუშავდა. კომპიუტერთან აღარ მიგვაკარეს. აიტიმ ქსელის შემოწმება დაიწყო. კროულიც საქმის კურსში ჩავაყენეთ. როგორც ჩანს, მაქსი მართალია, ქსელში მართლა შემოძვრა ჰაკერი, მაგრამ ფანჯარა მხოლოდ ჩემს მონიტორში გაიხსნა. გამოდის, რომ ის ლექსი ჩემთვის იყო განკუთვნილი…
– რა იყო იმ ფანჯარაში? გახსოვთ ვინმეს?
გვკითხა კროულიმ. ძალიან არ ესიამოვნა ეს ამბავი. შეშფოთებული ჩანდა.
– გალაკტიონ ტაბიძის ლექსი იყო, თუ სწორად მახსოვს… “ბიბლიის” ერთ-ერთ იგავზეა ეგ ლექსი დაწერილი… ქალწულები სიძეს რომ ელოდებიან და ხუთი მათგანი ზეთის საყიდლად რომ წავა…
– “ათი ქალწული” ჰქვია მაგ ლექსს!
გაიხსენა მტრისამ.
– და რა კავშირშია ეგ ლექსი ჩვენთან?
გვკითხა დობროვსკიმ.
– არანაირ კავშირში არ არის…
– ევა, ვის შეიძლება ეგ გაეკეთებინა? არ გაქვს რამე იდეა?
– არა, ბატონო აბრამ… წარმოდგენაც კი არ მაქვს… მგონი ვიღაცამ იხუმრა…
– იმედი ვიქონიოთ… ის ვიღაცა ზედმეტად კარგად ერკვევა კომპიუტერებში! კარგით, შეგიძლიათ წახვიდეთ სახლებში. დღეს მაინც ვეღარაფერს გააკეთებთ!
ოთხივე ერთად გამოვედით სამსახურიდან.
– რამე ხომ არ გვეჭამა სადმე? რამდენი ხანია ერთად არსად წავსულვართ!
შემოგვთავაზა ირაკლიმ. ბიჭები დათანხმდნენ. მე ერთი სული მქონდა, სახლში როდის მივიდოდი… ამ ყველაფერმა ძალიან დამზაფრა. ყველაზე მეტად იმ კონვერტის გახსნა მინდოდა. ბიჭებს უარი ვუთხარი, მაგრამ ირაკლი არ მომეშვა. თითქმის ძალით შემათრიეს უახლოეს კაფეში.
ქუჩაზე რომ გადავდიოდით, ფილმა დრო იხელთა და ჩუმად მითხრა, ეს ამბები შეიძლება “პორტალს” უკავშირდებოდესო… როგორც შემეძლო დავამშვიდე და ვუთხარი, რომ “პორტალის” ხალხს გალაკტიონ ტაბიძის ლექსის გამოგზავნა არაფერში არ სჭირდება… თუმცა, მე თვითონაც გამიჩნდა ეჭვი… ჯერ კონვერტი, მერე ეს… რას უნდა ნიშნავდეს ეს ყველაფერი? იქნებ რამე მესიჯია და მე ვერ ვხვდები?
კაფეში ერთი საათი დავყავი. მერე სახლში წამოვედი. არავინ დამხვდა. ქურთუკიც არ გამიხდია, მაშინვე იმ კონვერტს დავუწყე ძებნა. ჩემს ოთახში, ტუმბოზე იდო… დავინახე თუ არა, მთელ სხეულში ჟრუანტელმა დამიარა. ხელში ავიღე. შიგნით მართლა რაღაც მყარი ნივთი იდო… კონვერტს გარედან არაფერი ეწერა.
ხელის კანკალით გავხსენი. ის მყარი ნივთი მეტალის მართკუთხედი ფორმის თხელი კოლოფი აღმოჩნდა. გარედან არც არაფერი ეხატა და არც არაფერი ეწერა.
გული ამიჩქარდა. საწოლზე ჩამოვჯექი და გავხსენი… კოლოფში გასაღები იდო, რომელსაც “თავი” წითლად ჰქონდა შეღებილი…
დიდხანს ვატრიალე ხელში კონვერტიც, კოლოფიც და გასაღებიც, მაგრამ ერთი წერტილიც კი არსად ეწერა… თავში მხოლოდ ორი კითხვა მიტრიალებდა: – რას უნდა აღებდეს ეს გასაღები და რატომ ჩაადებინა ჩანთაში დაცვას? რატომ პირადად არ მომცა?
უცებ თავში ერთმა აზრმა გამიელვა. ერთი წუთით დავუშვათ, რომ დაცვა მის ბრძანებას კი არ ასრულებს, არამედ დამოუკიდებლად მოქმედებს… იქნებ მის დაცვას ჩემთვის რაღაცის თქმა უნდა? მაგრამ რის?..
სასწრაფოდ ლეპტოპი ჩავრთე და ლექსი მოვძებნე. ძალიან ყურადღებით წავიკითხე… თუ ეს რაიმე გზავნილია, რას უნდა მივხვდე?.. ერთადერთი კავშირი ლექსსა და გასაღებს შორის – კარია!
“მოვიდა სიძე, განაღო ბინა და დახშა კარი.
ოდეს დაბრუნდა წყებანი სხვანი მშვენიერ ქალთა,
დააგვიანდათ. ისინი დგანან დახურულ კართან…”

ლაბირინთი – წითელი გასაღები (ეპიზოდი- IX)


უსაშველოდ გრძელი კიბე ბოლომდე ჩავიარე და ბნელ დერეფანში მოვხვდი. ვერაფერს ვხედავ. მხოლოდ მუსიკის ხმა მესმის შორიდან და მეც ძალიან ფრთხილად მივიწევ მისკენ.
კიდევ კარგი, დერეფანი ძალიან ვიწროა და შემიძლია ორივე ხელით კედლებს შევეხო. წინ ხუთი პატარა, ვარსკვლავივით მბჟუტავი შუქი გამოჩნდა და ნელა მიახლოვდება… გავჩერდი და დაველოდე. სიბნელეში ქალის ხუთი სილუეტის გარჩევა შევძელი. კოჭებამდე დაშვებული გრძელი კაბები აცვიათ და გაშლილი თმა აქვთ. თითოეულ მათგანს ხელში ერთი ანთებული ლამპარი უჭირავს.
ხუთივეს გაყინული და უსიცოცხლო სახე აქვს. გვერდზე ჩამიარეს და კვლავ სიბნელეში გაუჩინარდნენ. ძარღვებში სისხლი გამეყინა… გამბედაობა ძლივს მოვიკრიბე და გზა განვაგრძე. ძალიან მეშინია, მაგრამ საკუთარი შიში მაძლიერებს…
მუსიკის ხმა ძლიერდება და ვგრძნობ, რომ მიზანთან ახლოს ვარ… წინანდელივით გაიელვა პატარა სინათლეებმა და კიდევ ხუთმა ქალმა ჩამიარა გვერდით… ამჯერად გავბედე, რომ დამეძახა:
– ერთი წუთით…
ყურადღება არ მომაქციეს. თითქოს იქ არც ვყოფილიყავი… ესენიც, მათი წინამორბედების მსგავსად, სიბნელეში მიიმალნენ.
მოულოდნელად, ჩემ წინ წითელი კარი გამოჩნდა. ნაბიჯს ავუჩქარე და მივუახლოვდი. როგორც აღმოჩნდა, მუსიკა სწორედ ამ კარიდან ისმოდა…
კარი დალუქული იყო და სახელური საერთოდ არ ჰქონდა. მარტო ერთი საკეტი ეყენა. დავიხარე და გასაღების ჭუჭრუტანაში შევიხედე. ხვრელიდან რაღაც დარბაზის მაგვარი ოთახი მოჩანდა. მაგიდებთან სმოკინგებში გამოწყობილი მამაკაცები ისხდნენ და ნახევრად შიშველ ქალებს შეჰყურებდნენ, რომლებიც მაგიდებს შორის თეძოების რხევით მიმოდიოდნენ. ქალები მხოლოდ საცვლების ამარა იყვნენ.
უცებ ერთ-ერთი სმოკინგიანი მამაკაცი ფეხზე წამოდგა და ჩემკენ წამოვიდა. მაშინვე ვიცანი – ლევან გიორგაძე იყო. კარს რომ მოუახლოვდა, წელში გავიმართე, რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე და დაველოდე, მეგონა, გააღებდა. კარს შიგნიდან ვიღაც მოაწვა…
– გააღე!
ნაცნობი ხმა გავიგონე და მივხვდი, რომ წითლად შეღებილი გასაღები სწორედ ამ კარისთვის იყო განკუთვნილი. მე კი ის თან არ მქონდა…
რა უცნაურია… ნუთუ ეს კარი მხოლოდ გარედან იღება?..
კარზე ზარი დარეკეს… ალბათ, გიორგაძე რეკავდა ზარს შიგნიდან. ზარი რამდენჯერმე განმეორდა… მე კიდევ ვიდექი და არაფრის გაკეთება არ შემეძლო.
მოულოდნელად კარი სიბნელემ შთანთქა. მე კი თითქოს უხილავმა ძალამ მიბიძგა და უკან გადამაგდო. ეს ყველაფერი უცებ ძალიან არადამაჯერებელი მეჩვენა და გავაცნობიერე, რომ მეძინა. მივხვდი, რომ სიზმარი იყო და ზარი, რომელიც ძილში ჩამესმოდა, ჩემი მობილურის ხმა იყო. ტელეფონი მირეკავდა…
ხელის ფათურით გადავწვდი ტელეფონს, მაგრამ აღება ვეღარ მოვასწარი… ფარდები გახსნილი დამრჩენოდა და მთელი ოთახი გადათეთრებული იყო. მზის სინათლემ თვალი მომჭრა. ამიტომ ცოტა დრო დამჭირდა, ვიდრე თვალი სინათლეს შეეჩვეოდა.
როგორც იქნა, გამოვფხიზლდი და მობილურის ეკრანს დავხედე. ნომერი, რომლიდანაც რეკავდნენ – დაფარული იყო. გადარეკვა ვცადე, მაგრამ არ დაირეკა. დილა საინტერესოდ დაიწყო, ვერაფერს იტყვი…
ტუმბოს უჯრიდან გასაღები ამოვიღე. წინასწარმეტყველური სიზმრების არ მჯერა. ვიცი, რომ რაც გვესიზმრება, ყველაფერი საკუთარი ფანტაზიის ნაყოფია და ყველა პერსონაჟი, რომელიც სიზმარში ფიგურირებს – ჩვენ თვითონ ვართ! ამ ბოლო დროს სულ ასეთ უცნაურ სიზმრებს
ვნახულობ. როგორც ჩანს, ძილში იმ ლექსზე ფიქრი ჩამყვა და ჩემმა არაცნობიერმა სიზმარში ყველაფერი ერთმანეთთან დააკავშირა.
იქნებ გიორგაძეს ჩემი შესაძლებლობების გამოცდა უნდა? აინტერესებს, რას და როგორ მივხვდები? შეხვედრაზე გასაგებად ამიხსნა, რომ თამაში მხოლოდ რეალური ადამიანებით უნდა… – იქნებ ესეც ერთგვარი თამაშია? თუ ეს სიმართლეა, ალბათ, ძალიან დიდ სიამოვნებას იღებს ადამიანების მანიპულირებით…
ჩემს კულონს ჯაჭვი გამოვაძრე და მასზე გასაღები ჩამოვკიდე. არ ვიცი, რატომ გადავწყვიტე, თან ვატარო… იქნებ ყველაზე წარმოუდგენელ დროს და ადგილას დამჭირდეს? თუ ეს ყველაფერი რაღაც თამაშია, მაშინ ჯობია მეც კომპიუტერული თამაშის გმირებივით მომზადებული ვიყო…
სიმართლე გითხრათ, ეს მინიშნებები, დაძაბულობა, თავსატეხები – სიგიჟემდე მომწონს… ჩემი რეალური ცხოვრება პირველად გახდა ასეთი საინტერესო…
ჩავიცვი, პირი დავიბანე და ყავის დასალევად სამზარეულოში გამოვედი. დედა სენდვიჩებს ამზადებდა.
– რა ადრე ამდგარხარ, დე…
– ჰო… ადრე გამეღვიძა.
– მიდი რა, ბარემ თეო გააღვიძე, თორე დააგვიანდება. ყავას მე გაგიკეთებ.
– კარგი.
თეოს კედელზე ჯერ კიდევ უკიდია ფუმფულა სათამაშოები და ძმები ვინჩესტერების “პოსტერები” სერიალ “ზებუნებრივიდან”. განსაკუთრებით დინ ვინჩესტერი მოსწონს. როგორი ინფანტილურია… ცოტა არ იყოს, მეშინია, ვიღაცამ გული არ ატკინოს… თეოს რომ ვუყურებ, საკუთარი თავი მახსენდება მის ასაკში. მეც ძალიან მგრძნობიარე და მიმნდობი ბავშვი ვიყავი, მაგრამ ამან კარგი არაფერი მომიტანა.
– გაიღვიძე, ფისუნია!
– აუუ…
– ვიცი, მაგრამ უნდა ადგე… სამაგიეროდ, დღეს კარგი ამინდია! როგორც იქნა, მზე გამოვიდა…
თეომ გაიზმორა და საწოლში წამოჯდა.
– ან, მოტოთი მიმიყვან სკოლამდე?
– ხო იცი, რომ დედა წინააღმდეგია?
– და ნუ ეტყვი დედას! რას გაიგებს? დავიხურავ ჩაფხუტს, რა მოხდაა…
– ოჰ, თეო…
– ერთხელ წამიყვანე რა, რა მოხდება?
– სულ ორი ნაბიჯი გაქვს გასავლელი სკოლამდე…
– ხოდა, მით უმეტეს!
– კარგი, წაგიყვან! ოღონდ არ უთხრა დედას…
თეო წამში გამოფხიზლდა და საწოლიდან წამოხტა. სახლიდან ერთად გამოვედით. დანაპირები ავუსრულე და როგორც მთხოვა, სკოლის ეზოში მივიყვანე. იქამდე არ წავედი, სანამ შენობაში არ შევიდა. გარეთ მდგომ ბიჭებს წინ ამაყად გაუარა. მათაც გააყოლეს თვალი. მგონია, რომ ვიღაც თავისი სკოლელი ბიჭი მოსწონს და მოტოთი წაყვანაც ამიტომ მთხოვა. ამას მისი სიარულის მანერით მივხვდი…
სამსახურში ჯერ მარტო ირაკლი იყო მოსული. თავის მაგიდასთან იჯდა და დაბღვერილი შეჰყურებდა მონიტორს.
– რა ხდება, კიდევ რამე ფანჯარა გაიხსნა?
ზურგჩანთა ჩემს მაგიდაზე დავაგდე და ირაკლისკენ წავედი.
– ფანჯარა კი არა, საერთოდ ვეღარ შევდივარ! “პასვორდია” შეცვლილი… მიდი, შენი კომპი ჩართე, აბა, უცებ…
ჩემს მაგიდასთან დავბრუნდი და კომპიუტერი ჩავრთე. ირაკლი თავზე დამადგა. პაროლი ჩავწერე, მაგრამ ვერ შევედი.
– ეე… ხედავ? – არც მე მიშვებს!
– მაგ კაცს შიგ ხო არა აქვს?
– ვინ კაცს?
– კროულის, ტო! “პასვორდები” შეაცვლევინა იმ რაღაცა დებილი ლექსის გამო…
– სისტემური ადმინისტრატორი არ მოსულა?
– არავინ არ არის ჯერ… ტფუ, ამის…
– კაი, რა განერვიულებს? მოვა და გვეტყვის, რა ხდება! აშკარად გუშინდელი ამბის გამოა…
– ხოდა, რისი ეშინია? დავუშვათ, მართლა ჰაკერი შემოძვრა. აი, რა უნდა გატეხოს? რას გაიტანს ისეთს აქედან?
– რა იცი? იქნებ კროულის კომპიუტერში მნიშვნელოვანი ფაილები აქვს შენახული?
– მგონი, ნატალია მოდის!
– ჰო, მაგის ფეხის ხმაა…
მე და ირაკლი მტრისას დასახვედრად დერეფანში გამოვედით.
– რა ადრე მოსულხართ…
– მერე? – სულ დაგვიანებებზე რომ შეგაქვს მოხსენებითი წერილები დობროვსკისთან, ახლა შეირბინე და მოახსენე, რომ დროზე ადრე მოვედით სამსახურში!
– მასხარა ხარ, რა!
– ჩემს საკუთარ კომპიუტერში რატომ ვერ შევდივარ, ხომ არ მეტყვი?
– აბრამმა ყველაფერზე ახალი პაროლები დააყენებინა და ძალიან შეზღუდა სერვერებზე წვდომა…
– გაარკვიეს ბოლო-ბოლო, რა მოხდა გუშინ?
ვკითხე მტრისას.
– ვერაფერიც ვერ გაიგეს! წამომყევით, პაროლებს მოგცემთ, ოღონდ ერთმანეთსაც არ უნდა უთხრათ! ყველამ თქვენ-თქვენი პაროლი დაიმახსოვრეთ!
– გეგონება უშიშროებაში ვმუშაობდეთ, რაა…
– ნუ წუწუნებ, ირაკლი!
ნატას თავის ოთახში გავყევით. მან ჩანთა სკამზე დადო, პალტო გაიხადა და საკიდზე ჩამოკიდა. მერე თავისი მაგიდის უჯრა გააღო და ორი კონვერტი ამოიღო. კონვერტებზე ჩვენი სახელები ეწერა.
– აი, გამომართვით! ფილიპე და მაქსი რომ მოვლენ, ჩემთან გამოუშვით. იმათაც პირადად უნდა მივცე!
– მალე ყველა კარზე თითის ანაბეჭდების ამომცნობ აპარატს ჩამოკიდებს მგონი ეს კაცი! აშკარად კლიმაქსი დაეწყო და უშველე რამე, ნატა!
– ეგ ენა რომ არ გქონდეს გადმოგდებული, რა გეშველებოდა?
– მაშინ სხვა რამეს გადმოვაგდებდი…
– წადი, გამეცალე ახლა აქედან!
მტრისამ ლამის ძალით გამოგვყარა მისაღებიდან. მე და ირაკლი ოთახში დავბრუნდით. კონვერტი გავხსენი. პატარა ფურცელი იდო, რომელზეც პაროლი ეწერა. ლათინური ასოებისა და რიცხვების გრძელი კომბინაცია. ზოგი ასო “შიფტით” იყო დასაწერი და მთლიანობაში, საკმაოდ ძნელად დასამახსოვრებელი პაროლი გამოდიოდა.
– პაროლია ეს თუ ალგორითმი?
გაბრაზდა ირაკლი.
– მე უკვე დავიმახსოვრე!
– შენ დაიმახსოვრებდი, ანომალიური ხარ და მე რა ვქნა? ამას რა დამამახსოვრებინებს?
– ჩაიწერე შენც ტელეფონში!
– და კომპიუტერის ყოველ ჩართვაზე ტელეფონი უნდა ამოვიღო? რა მარაზმია ეს?
– კაი, დამშვიდდი და მისმინე… რაღაც მინდა გკითხო… აი, დაფარული ნომრიდან თუ დაგირეკა ვინმემ, შესაძლებელია იმ ნომრის ამოცნობა?
– მე როგორც ვიცი, დაფარული ნომრის ამოცნობის სერვისი უნდა გქონდეს ჩართული, რაც საკმაოდ ძვირი ჯდება… თუმცა, ამ შემთხვევაშიც ყოველთვის ვერ ამოიცნობს… არის რაღაც შეზღუდვებიც… – რაში გაინტერესებს?
– დილით ზარი შემომივიდა დაფარული ნომრიდან მობილურში და ვერ მოვასწარი აღება…
– აღარ გადმორეკა?
– არა…
– კაცი ხო არ მოკალი და დაგდევენ? რაშია საქმე? აშკარად ვიღაც გადაგეკიდა, ჩემო ევპიტე! ჯერ ლექსი, ახლა ეს ზარი…
– არავინ მომიკლავს ჯერჯერობით…
გამეცინა, მაგრამ ისე რომ ვთქვათ, სასაცილოდ სულაც არ მქონდა საქმე.
– მაშინ დაწუნებული “კავალრები” გაიხსენე! ვის დაწყვიტე გული? ეტყობა სამაგიეროს გიხდის რომელიმე მათგანი!
– კარგი რა…
– არა, სერიოზულად გეუბნები! ვიღაც გყავს აკიდებული შენ…
– ეგრეც რომ იყოს, ვერ გავიგებ, ვინ გადამეკიდა, იმიტომ, რომ ბევრს დავწყვიტე გული თავის დროზე…
– ოჰო, მე რატომ არ ვიცი ეგ ყველაფერი?
– იმიტომ, რომ არ იყო მნიშვნელოვანი! სტუდენტობის პერიოდში ვიღაცებს მოვწონდი. ეს იყო და ეს… მე მაშინ არავინ მაინტერესებდა!
– და ოდესმე მოგწონებია საერთოდ ვინმე?
– როგორ არა! ადრე…. ჩემი მეზობელი მიყვარდა ხუთი წელი…
– მერე?
– მერე ცოლი მოიყვანა და მე დეპრესია ავიკიდე. კაი, მოვრჩეთ ახლა ჩემს თაყვანისმცემლებზე ლაპარაკს… შენ ის მითხარი, გვანცა როგორ არის?
– აუ, არ გამახსენო!
– რა ხდება?
– ყველაფერი “საკაიფოდ” მიდიოდა და უცებ “ატკაზი” დამირტყა!
– რატო?
– ზედმეტად მიზიდავ და მეშინიაო…
– რაო?
სიცილი ვერ შევიკავე.
– ხო, რა! ქალწულია ეტყობა… მარა, მე კი არ ვეცემოდი? არაფერი ზედმეტი არ გამიკეთებია. ერთი-ორჯერ ვაკოცე. ეგ იყო და ეგ!
– ესე იგი, დაკომპლექსებულია! – რას აპირებ?
– როგორმე უნდა მოვიყვანო აზრზე. შოკური თერაპია მოუხდება მაგას! ყველაფერი საკაიფოდ მიდიოდა და უცებ არ მაჯახა, მეგობრებად დავრჩეთო?
– მაგ ფრაზას კიდევ ამბობს ვინმე?
– ხვალ ეგ და მაგისი დაქალები ერთ კაფეში იკრიბებიან და შენც მოდიო. მეგობრულადო, გესმის?
– წადი მერე შენც! წაიყვანე შენი რომელიმე მეგობარი…
– აუ, ისე ეგ რა მაგარი აზრია, ეე?.. მეგობართან ერთად მივალ, ოღონდ გოგო მეგობართან…
– გინდა რომ იეჭვიანოს?
– მინდა რომ მიხვდეს, რა იდიოტურადაც იქცევა! ხო წამომყვები, ჩიტო?
– მეე?
– აბა, სხვა გოგო მეგობარი სად მყავს?
– ირაკლი, დაძაბული სიტუაციები უკანასკნელია, რაც ახლა მჭირდება…
– მიდი რა, წამო! “განხეთქილების ვაშლი” ჩამოაგდე! – რისთვის ხარ ევა? ცოტა ხანი დავრჩეთ… თუ არ მოგეწონება, სულ ნუ დავრჩებით…
– კარგი, წამოვალ, ნუ შემჭამე!
– აი, ამიტომაც მიყვარხარ! შენთან ვალში ვიქნები, რაც გინდა მთხოვე! ხვალ სამსახურის მერე წავიდეთ!
ოთახში ფილი შემოვიდა და ირაკლიც გაჩუმდა. მისგან განსხვავებით, ფელიქსს არ გამოუხატავს უკმაყოფილება პაროლების შეცვლაზე. პირიქით, მოეწონა კიდევაც, რომ კროულიმ დაცვა გააძლიერა.
მე მთელი დღე კომპიუტერის ეკრანს შევყურებდი. სულ მეგონა, რომ კიდე ამოხტებოდა ახალი ფანჯარა, ახალი მინიშნებით, მაგრამ ყველაფერი რიგზე იყო. გასაღები კულონის ნაცვლად მეკეთა, ოღონდ არ ვაჩენდი. ჯემპრის შიგნით ჩავიგდე. ჩემ ირგვლივ განვითარებული მოვლენები ძალიან დამეხმარა სცენარის წერაში.
გადავწყვიტე, ალტერნატიული მერის მკვლელობის ადგილი “პორტალის” მაგვარი კლუბი ყოფილიყო. გასაღები, რომელიც მოთამაშემ მერის საწერი მაგიდის უჯრაში უნდა იპოვოს, ამ კლუბის საწყობს გააღებს, სადაც მკვლელობა იქნა ჩადენილი. გამომძიებელი ლეო მეორე მერის მკვლელობის იარაღს და მის პირად ნივთებს პოულობს. მაგალითად, ხელჩანთას, სადაც პასპორტია. ასე გაიგებს მისი ბინის მისამართს…
– ევა, გაქვს დრო? წამო, ყავა დავლიოთ!
ფილმა წერა შემაწყვეტინა. ორივე ყავის დასალევად გავედით.
– უკვე სამი საათი ხდება და კროული ჯერაც არ მოსულა. უცნაურია, არა?
ვუთხარი ფილს და ყავის აპარატში ორლარიანი ჩავაგდე.
– ალბათ შეხვედრა აქვს… რამე ახალი ხომ არ მომხდარა?
– რა მხრივ?
– რავი, არაფერი უცნაური არ შეგინიშნავს?
– არა, რა ვიცი…
გადავწყვიტე, ფილს დაფარულ ნომერზე არაფერი ვუთხრა. ისედაც სულ ეჭვებშია და შიშები აქვს. არ მინდა რაიმე საფუძველი მივცე.
– გუშინდელზე ვიფიქრე და მაინც მგონია, რომ ვიღაც გამოწმებს…
– მაგაზე ხომ უკვე ვილაპარაკეთ გუშინ?
– ვილაპარაკეთ, მაგრამ შენ არ გაქვს პირადი ურთიერთობები, რომ ვინმე კონკრეტულზე მიიტანო ეჭვი. მეორე მხრივ, ლექსის დანიშნულებას ვერ გიკავშირებ…
– და არ გიფიქრია, რომ შეიძლება შემთხვევით მოხვდა ის ფანჯარა ჩემს კომპიუტერში?
– როგორ?
– ხომ შეიძლება სისტემაში რაღაც პროგრამული ხარვეზი მომხდარიყო?
– თეორიულად ეგეც შესაძლებელია… მაგრამ მე იმ ლექსზე მაინც ვიფიქრე გუშინ. ბიბლიიდანაა ეგ იგავი.
– რამე საინტერესო აღმოაჩინე?
ჩემი ყავა ავიღე და დივანზე დავჯექი. ფილიც გვერდით მომიჯდა.
– მათეს სახარება, ოცდამეხუთე თავია… განმარტებაც კი მოვიძიე.
ფილმა ჯიბიდან ოთხად გაკეცილი ფურცელი ამოიღო და გამომიწოდა.
– წაიკითხე ყოველი შემთხვევისთვის, იქნებ მიხვდე რამეს…
ფურცელი გავშალე და წავიკითხე:
– “ლამპარი სიმბოლურად სხეულს აღნიშნავს, ზეთი კი მადლს. ბრძენმა ქალწულებმა სხეულებრივი და სულიერი სიწმინდე შეინარჩუნეს, უგუნურებს კი ცარიელი და ბნელი ლამპრები ჰქონდათ. როდესაც სიკვდილი მოვა და სხეული მიწას შეუერთდება, სულს ზეთი წყალობისა უნდა წაუძღვეს და გზა გაუნათოს… თუ არადა, უკუნი შთანთქავს. – როგორ გავიდეთ ამ ვიწრო კარში? სული შიშობს და თრთის. მის ირგვლივ საშინელი ლანდები და მოჩვენებები არიან, კოშმარული სიზმრების მსგავსნი, მძინარე ადამიანს რომ სტანჯავს…”
ჩემი დღევანდელი სიზმარი გამახსენდა და ტანში უსიამოვნოდ გამაჟრიალა.
– აბა?
– აქედან რას უნდა მივხვდე, ფელიქს? გამორიცხულია, ეს ლექსი “პორტალს” რამენაირად უკავშირდებოდეს!
– დაბლა რომ ჩამიყვანეს, ნახევრად შიშველი ქალები ცეკვავდნენ…
– მერე? სტრიპტიზ-კლუბია და რას ელოდი? ახლა რელიგიაში არ გადავარდე, ძალიან გთხოვ! თუ ვინმეს იმის თქმა უნდა, რომ “პორტალში” მომუშავე ქალებმა სულიერ და სხეულის სიწმინდეზე უნდა იზრუნოს, ან მე რა შუაში ვარ, ან შენ?
– მართალი ხარ… ძალიან გავჭედე უკვე…
– იმ ამბებმა ჩაიარა! რაღატომ ნერვიულობ, არ მესმის… რამე არის ისეთი, რაც მე არ ვიცი?
ფილი დაიძაბა. ხანმოკლე პაუზა გააკეთა, თითქოს ფიქრობდა, ეთქვა თუ არა, მერე გამიღიმა და მოეშვა.
– არა, არაფერი…
კროული ხუთის ნახევარზე მოვიდა სამსახურში და პირადად მოგვახსენა, რომ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. ფილის მოცემული ფურცელი მე დავიტოვე. რაღაცნაირად ამაფორიაქა… საღამოს სამსახურიდან ბიჭებთან ერთად გამოვედი. ერთმანეთს “პარკინგზე” დავშორდით. მე ქურთუკი ბოლომდე შევიკარი, ჩაფხუტი დავიხურე და მოტოზე დავჯექი. უცებ თავში ერთმა აზრმა გამირბინა, ირაკლის მანქანასთან მივაჭერი და ფანჯრის მინაზე მივუკაკუნე. ირაკლიმ ფანჯარა ჩამოსწია.
– ირაკლი, გალაქტიონ ტაბიძის ქუჩა ხო არის თბილისში?
– როგორ არა! სოლოლაკშია სადღაც… მე მგონი, თავისუფლების მოედნიდან რო ადიხარ ზემოთ…
– მადლობა! აბა, ხვალამდე…
ირაკლიმ რაღაცის კითხვა დააპირა, მაგრამ მოტო ადგილიდან დავძარი და გიჟივით გავაქროლე. ტაბიძის ქუჩა ადვილად ვიპოვე. ნელი სვლით მივდიოდი და ნომრებს ვაკვირდებოდი. ათ ნომერში ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი იდგა. მოტო იქვე დავაყენე, ჩაფხუტი მოვიხადე და ზურგჩანთაში ჩავდე. შენობა ახლოდან მინდოდა დამეთვალიერებინა…
როდესაც მაღლა ავიხედე, გული ამიჩქარდა… შენობა ძველი იყო. ფასადი სულ მოჩუქურთმებული ჰქონდა. სულ ზემოთ კი ქალების ბარელიეფები იყო გამოკვეთილი… ქალებს გაშლილი თმა ჰქონდათ და თავზე ყვავილების გვირგვინები ედგათ. სულ ხუთი ქალი დავთვალე.
შენობა ოთხივე მხრიდან დავათვალიერე. ეზოს მხარესაც ზუსტად ასეთივე ხუთი ქალის ბარელიეფი იყო. მთლიანობაში ათი გამოდიოდა. სახლს ორი სადარბაზო ჰქონდა. ჯერ პირველში შევედი და ხუთი სართული ფეხით ავიარე. მეც არ ვიცოდი, რას ვეძებდი…
მერე მეორე სადარბაზოშიც შევედი და ხუთივე სართული დავიარე. ჩემი ყურადღება მეხუთე სართულის შუა კარმა მიიქცია. მასზე მხოლოდ ერთი საკეტი ეყენა და გასაღების შესაყოფი ადგილი წითელი საღებავით ჰქონდა შეღებილი.

ლაბირინთი – ქაოსი (ეპიზოდი 10)


თავში ყველაფერი ამერია. ძალიან მიჭირს, ლოგიკური ჯაჭვი შევინარჩუნო. ჩემ წინ დიდი, დაქუცმაცებული ფაზლია, რომელიც უნდა დავალაგო. მხოლოდ ასე შევძლებ მთლიანი სურათის დანახვას. უნდა შევძლო და როგორმე ამ ქაოსში გავერკვე. იმიტომ, რომ მე ვიცი – ქაოსი არის წესრიგი, რომელიც უნდა გაშიფრო!
ეს ჩემი ყველაზე საყვარელი გამონათქვამია, რომელიც განსაკუთრებით, თამაშების სცენარის წერის დროს მახსენდება. ჯერ უნდა მოვიფიქრო ამბავი, შევქმნა წესრიგი, მერე დეტალები და მიმდევრობა ავურიო და მივიღო ქაოსი…
ადამიანები იმაზე გაცილებით ძლიერები ვართ სინამდვილეში, ვიდრე წარმოგვიდგენია. რთულ სიტუაციებში მოულოდნელად აღმოჩენა სარისკო ნაბიჯების გადადგმასაც გვაიძულებს ხოლმე. ზოგჯერ კი ისეთ რამეს ვაკეთებთ, რასაც ფიქრშიაც კი ვერასოდეს წარმოვიდგენდით. მაგალითად ახლა, როდესაც მე თვითონ აღმოვჩნდი ამ ქაოსში, ძალიან მიჭირს სტრატეგიის შემუშავება. არადა, თეორიულად ხომ ყველა შესაძლო ხრიკი ვიცი? მე თავად ვწერ, თავად ვქმნი ასეთ ქაოსს…
იმ სახლის სადარბაზოში ვდგავარ, ხელში გასაღები მიჭირავს და ერთი შეხედვით ჩვეულებრივ კარს შევყურებ, რომელიც ძალიან მისტიკური მეჩვენება… მას მხოლოდ ბინის ნომერი – ოცდაცხრა აწერია. ვფიქრობ, ზარი დავრეკო თუ გაღება ვცადო… ბინაში ვინმე რომ დამხვდეს, რა უნდა ვუთხრა?
გონებაში ყველა შესაძლო ვერსიას ვატრიალებ და ვცდილობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღო. თუ სახლში ვინმე დამხვდება, ვეტყვი, რომ მისამართი შემეშალა…
ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და ზარი დავრეკე. კარს არავინ აღებს… დავაკაკუნე და მივაყურადე. შიგნით სიჩუმეა. გამბედაობა მოვიკრიბე და გასაღები საკეტში გავუყარე. უპრობლემოდ მოერგო ჭუჭრუტანას. გასაღები საათის ისრის მიმართულებით გადავატრიალე. მესამე გადატრიალებაზე საკეტმა გაიჩხაკუნა და კარი გაიღო.
მაშინვე შესვლა ვერ გავბედე. კარი ბოლომდე შევაღე და ზღურბლთან გავჩერდი. კორიდორი გამოჩნდა. მარცხენა კედელზე ტანსაცმლის საკიდი და სარკე ჰკიდია. პირდაპირ კი ოთახში შესასვლელი კარი მოჩანს. კარი დახურულია. საკიდზე შავი ქოლგა და ქალის შარფია ჩამოკიდებული…
სახლში ვინმე რომ ყოფილიყო, აქამდე გამოვიდოდა. ცნობისმოყვარეობამ მძლია და ბინაში შევედი. შემოსასვლელი კარი ფრთხილად მივკეტე. ჯერ საკიდზე ჩამოკიდებულ თავსაფარს შევეხე ხელით, ცხვირთან მივიტანე და დავყნოსე. სუნამოს სურნელი ვიგრძენი.
ოთახში შემავალი კარი გავაღე და სასტუმრო ოთახში შევედი. ოთახი დიდი არ იყო. ყველაფერი სადად და გემოვნებით იყო მოწყობილი. კედელთან სამეული და ჟურნალის მაგიდა იდგა. დივანზე პატარა, ფერადი ბალიშები ეწყო. ჟურნალის მაგიდაზე ყავის ჭიქა, ტელევიზორის პულტი, ჟურნალები და ლარნაკი იდო. ლარნაკში ხელოვნური ყვავილები ეწყო. თუ არ ვცდები, ორქიდეები უნდა ყოფილიყო…
კედელთან თანამედროვე დიზაინის წიგნების კარადა იდგა. სამეულის პირდაპირ პლაზმური ტელევიზორი ეკიდა. ოთახში უცნაური სიმშვიდე სუფევდა. პირველად ჟურნალის მაგიდასთან მივედი და ყავის ჭიქა ავიღე. ძირში მიმხმარი ყავა იყო დარჩენილი და პომადის კვალიც ემჩნეოდა.
სასტუმრო ოთახიდან ლოჯში გავედი, რომელიც სამზარეულოსთან იყო გაერთიანებული. სასადილო ოთახში დიდი მაგიდა, სკამები და “დესაუ” იდგა, რომელზედაც ჩარჩოში ჩასმული სურათები ელაგა. როდესაც სურათების დასათვალიერებლად ახლოს მივედი, თავზარი
დამეცა… ამას ნამდვილად არ მოველოდი…
ჩარჩოებში ჩემი სურათები იყო…
ერთ ფოტოზე დედა, მამა, მე და თეო ვართ… თეო ჯერ მხოლოდ ორი წლისაა… მეორე ჩარჩოში ჩემი, მაქსის, ფილიპეს და ირაკლის ერთობლივი სურათია, რომელიც შარშან, ლუდის ფესტივალზე გადავიღეთ… მესამე ჩარჩოში ჩემთვის სრულიად უცნობ ადამიანებთან ერთად ვარ… ჯგუფური ფოტოა, მაგრამ არავინ არ მეცნობა… ჩარჩო გავხსენი და ფოტო ამოვიღე. საკუთარ თავს დავაკვირდი და მივხვდი, რომ “ფოტოშოპია”. აშკარად სხვა ფოტოდან “ამომჭრეს” და ამ ხალხში “დამამონტაჟეს”…
აზრები სულ ამერია. გადავწყვიტე სურათი სახლში წამეღო. შევეცდები გავიგო, ვინ არიან ეს ადამიანები… ნეტა ვის ეკუთვნის ეს ბინა და რატომ აქვს ჩემი ოჯახის და ჩემი პირადი ფოტოები? ალბათ დარწმუნებული იყო, რომ მინიშნებას გავშიფრავდი და აქ მოვიდოდი…
ზურგჩანთა მოვიხსენი და მაგიდაზე დავდე. ის ჯგუფური სურათი ჩანთაში ჩავდე. მაგიდაზე “სონის” ლეპტოპი იდო… სანამ ლეპტოპს ჩავრთავდი, გადავწყვიტე, ჯერ ბინა დამეთვალიერებინა კარგად. ეს ფოტოები ჩემს დას, თეოს უდევს “ფეისბუქზე.” ალბათ იმან, ვინც აქ მომიყვანა, ინტერნეტიდან გადმოწერა, მერე დააბეჭდინა… მე და ბიჭები რომ ვართ, იმ სურათს ირაკლის “ფეისბუქიდან” აიღებდა. მაგრამ ამ უცნობებში რატომ დამამონტაჟეს?… ვის რაში სჭირდება ამის გაკეთება?
ისევ სასტუმრო ოთახში დავბრუნდი და საძინებელი ოთახის კარი შევაღე. საძინებელში ტანსაცმლის კარადა, დიდი საწოლი, კომოდი, ტუმბო და სარკე იდგა. სარკეზე კოსმეტიკა და პარფიუმერია ეწყო. კარადაში მარტო ქალის ტანსაცმელი ეკიდა. საკიდიდან ერთ-ერთი კაბა ჩამოვხსენი და მივიზომე. ზომა ჩემსას დაემთხვა.
კომოდის უჯრები სათითაოდ გამოვაღე. ძირითადად, ქალის საცვლები და პირსახოცები ელაგა. ტუმბოზე სახლის ტელეფონი იდო. ყურმილი ავიღე და ჩემი მობილურის ნომერი ავკრიფე. მინდოდა ზარი დაფიქსირებულიყო. იქნებ ის მაინც გავიგო, ვის სახელზეა გაფორმებული ტელეფონი…
საკუთარი თავი ჩემი შექმნილი პერსონაჟი – მერი მგონია. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მეც მასავით პარალელურ განზომილებაში მოვხვდი, სადაც ჩემი მეორე “მე” სულ სხვა ცხოვრებით ცხოვრობს… საინტერესოა, ვის აწყობს, რომ ასე მაფიქრებინოს?
ტუმბოს უჯრა გამოვაღე. უჯრაში ბლოკნოტი იდო, შიგ რამდენიმე ადამიანის გვარები და საკონტაქტო ნომრები ეწერა. ბლოკნოტიც თან გამოვიყოლე და სასადილო ოთახში დავბრუნდი. სახლში მისვლისთანავე ამ ნომრებსაც შევამოწმებ. რადაც არ უნდა დამიჯდეს, ნებისმიერ ფასად უნდა გავიგო, ვის ეკუთვნის ეს ბინა.
ყველაზე მეტს, ბინის იდუმალ მეპატრონეზე მისი ლეპტოპი მეტყვის. სკამი გამოვწიე და მაგიდასთან დავჯექი. ძალიან ვღელავდი. ლეპტოპი გავხსენი და დაველოდე, როდის ჩაიტვირთებოდა. – არ გამიმართლა, რადგან ლეპტოპს პაროლი ედო. ცოტა ხანი გაუნძრევლად ვიჯექი და ეკრანს შევყურებდი. ვფიქრობდი… მერე, ყოველი შემთხვევისთვის ჩემი პაროლი ჩავწერე, რომელიც სამსახურის კომპიუტერზე მეყენა იქამდე, სანამ კროული ახალ პაროლებს მოგვცემდა…
ვერ აღგიწერთ რა ვიგრძენი, როდესაც “დესკტოპი” გამოჩნდა…. სისხლში ადრენალინი მომაწვა. ლეპტოპის ჩართვისთანავე “სკაიპიც” ავტომატურად გაიხსნა და მისმა ხმამ ცოტათი შემაშინა. პირველად სურათების “ფოლდერი” გავხსენი, მაგრამ ცარიელი იყო. ყველაფერი შევამოწმე: დოკუმენტები, ვიდეო – ვერაფერი ვიპოვე. მხოლოდ მუსიკის “ფოლდერში” იყო რამდენიმე სიმღერა… ინტერნეტბრაუზერიც კი გავხსენი და ნახვების ისტორიაც ვნახე. ან ყველაფერი წაშლილი იყო, ან ლეპტოპი იყო ახალი და ჯერ არავის გამოეყენებინა…
როცა ვინჩესტერზე ვერაფერი ვიპოვე, “სკაიპის” ფანჯარა გავშალე, კონტაქტების სია და მომხმარებლის სახელი რომ მენახა. მომხმარებელი “ანიტას” სახელით იყო დარეგისტრირებული და მარტო ერთი კონტაქტი ჰყავდა დამატებული – ვიღაც “კუპიდონი”.
ცოტა ხანი ვიფიქრე და “კუპიდონს” “სმაილი” გავუგზავნე… პასუხი არ მომსვლია. ლეპტოპი ჩართული დავტოვე, ჩანთიდან მობილური ამოვიღე და ბინაში სურათების გადაღება დავიწყე. სახლში მივალ თუ არა, ყველაფერს კარგად დავაკვირდები. იქნებ ისეთი დეტალი შევამჩნიო, რასაც ახლა ვერ ვხედავ…
აბაზანაშიც შევედი. საკიდზე პირსახოცის ხალათი ეკიდა. სარკის თაროზე სავარცხელი, კბილის ჯაგრისი, კბილის პასტა და სახის კრემი იდო. საშხაპესთან კი შამპუნი და “დუშგელი”, საზამთროს არომატით…
სავარცხელი შევამოწმე. წესით, თმის ერთი ღერი მაინც უნდა ყოფილიყო ზედ, მაგრამ სავარცხელი სუფთა იყო. საეჭვო და ხელმოსაჭიდი ვერაფერი ვიპოვე და სამზარეულოში გადავინაცვლე. თაროები და უჯრები გამოვაღე. ძალიან ცოტა ჭურჭელი იყო. ქვაბები და ტაფები აშკარად ახალი და უხმარი იყო. გეგონებოდათ, ვიღაცამ ყველაფერი მოსაჩვენებლად დაალაგა… იმისთვის, რომ ილუზია შეექმნა, თითქოს ბინაში ვიღაცა ცხოვრობს… ერთადერთი ნივთი, რასაც ადამიანის კვალი ეტყობოდა, ჟურნალის მაგიდაზე დადგმული ყავის ჭიქა იყო…
ერთადერთი ვერსია, რაც იმ წუთებში მომაფიქრდა, ლევან გიორგაძე და მისი თამაშია. ალბათ, ჩემს შესაძლებლობებს ამოწმებს…
მაცივარი გამოვაღე თუ არა, მოულოდნელად “სკაიპის” ზარი გაისმა. როგორც ჩანს, “კუპიდონი” რეკავდა… უცებ ისე შევშინდი, კინაღამ იქვე ჩავიკეცე… ზარი არ ჩერდებოდა… მაგიდისკენ წავედი. ნერვიულობისგან ფეხები მებლანდებოდა. სკამზე ჩამოვჯექი და ეკრანს შევხედე. ნამდვილად “კუპიდონი” რეკავდა…
მწვანე ყურმილის ღილაკს ვუყურებდი და ვერ გადამეწყვიტა, დამეჭირა თუ არა… სავარაუდოდ, პასუხი ჩემს ყველა კითხვაზე, სწორედ ეს ღილაკი იყო. როგორც იქნა, გავბედე და დავაჭირე.
“კუპიდონი” ხმის ამოღებას არ ჩქარობდა. დინამიკიდან ჯერ გაურკვეველი შრიალი და სუნთქვის ხმა გავიგონე… მომეჩვენა, რომ დრო უსასრულოდ გაიწელა. ხმის ამოღება ვერც მე გავბედე. გაქვავებული ვიჯექი და ეკრანს შევყურებდი. როგორც იქნა, მამაკაცის ოდნავ ხრინწიანი ხმა გაისმა…
– გამარჯობა…
გული ისე სწრაფად მიცემდა, მეგონა, გამისკდებოდა. ნერვიულობისგან მგონი დავმუნჯდი კიდეც.
– მანდ ხარ?
ნერწყვი გადავყლაპე და როგორც იქნა, ერთი სიტყვა ამოვთქვი…
– კი…
ისევ სიჩუმე ჩამოწვა.
– ევა…
აი, ამას ნამდვილად არ ველოდი. – საიდან იცის ჩემი ზედმეტსახელი? ევას მარტო ირაკლი, ფილი და მაქსი მეძახიან…
– რომელი ხარ?..
– ძალიან გაბედული და უშიშარი გოგო ხარ! ჭკვიანი, მოსაზრებული… ასეც ვიცოდი!
– ვის ველაპარაკები?..
– ნუ გეშინია! მე არაფერს დაგიშავებ… შევეცდები, გარკვევით აგიხსნა, რა ხდება და რატომ ხარ აქ…
– გისმენ…
უცბად “კუპიდონმა”კამერა ჩართო და მისი სახე დავინახე. ეს იმდენად მოულოდნელი იყო, რომ კინაღამ სკამიდან გადავვარდი.
– ასე უკეთესია?
მკითხა და გაიღიმა. ახალგაზრდა კაცი იყო. წაბლისფერი თმა და თაფლისფერი თვალები ჰქონდა. პირწმინდად გაპარსული წვერი. ნიკაპზე პატარა ნაიარევი ემჩნეოდა… სახე ეკრანთან უფრო ახლოს მივიტანე და დავაკვირდი. კიდევ კარგი, ის ვერ მხედავდა…
– ვინ ხართ?..
– ის, ვისაც შენი გაცნობა დიდი ხანია უნდა…
– უფრო კონკრეტულად?
– ეროვნული უშიშროების თანამშრომელი ვარ…
– რა?
გავშტერდი.
– შეგიძლია კამერა ჩართო? მირჩევნია გხედავდე…
– არა, მე არ მირჩევნია!
– ალბათ, დაბნეული ხარ… წარმომიდგენია, რას გრძნობ…
– არაფერიც არ წარმოგიდგენიათ! ვერც კი წარმოიდგენთ, რა შეგრძნებაა, როცა ანონიმურ წერილს პოულობ ჩანთაში, მერე ვიღაც შენს კომპიუტერში შემოძვრება და გაურკვეველ მესიჯს გიგზავნის… ვიღაცის ბინაში შეგიტყუებს, სადაც საკუთარ სურათებს ნახულობ, ჩარჩოში ლამაზად ჩასმულს…
– ეს ჩვენი ერთ-ერთი კორპორატიული ბინაა. მანდ არავინ ცხოვრობს… მხოლოდ კონკრეტული სიტუაციების დროს ვიყენებთ…
– ჩემგან რა გინდათ?
– შენ კომპიუტერული თამაშების კომპანია “ლაბირინთში” მუშაობ…
– მერე?
– ეს კომპანია ერთ-ერთია, რომელსაც ჩვენი გამოძიების სამიზნე, მთავარი ფიგურა შავი ფულის გასათეთრებლად იყენებს…
– რა სამიზნე? რეებზე მელაპარაკებით საერთოდ?
ნერვიულობამ გადამიარა, მაგრამ სამაგიეროდ, სიბრაზის ტალღა მომაწვა და თითი კამერის ღილაკს დავაჭირე, რომ მასაც დავენახე.
– აი, ასე უკეთესია!
მითხრა უცნობმა და გაიღიმა.
– მე არ ვიცი, ვინ ხართ სინამდვილეში… არ მინდა თქვენი ბინძური თამაშის მონაწილე გავხდე! ამიტომ ახლა წავალ სახლში და არასოდეს აღარ შემაწუხოთ!
– ნუ მისცემ უფლებას ემოციებს, გმართოს! ეს უბრალოდ ემოციებია, რომელიც ცოტა ხანში გაივლის და შენ ისევ ბევრი კითხვა დაგრჩება… პასუხგაუცემელი კითხვები, რომლებიც არ მოგასვენებს! დაფიქრდი, ევა! აბრამ დობროვსკიზე საეჭვო არასოდეს არაფერი შეგიმჩნევია? თუ არასოდეს შეგპარვია ეჭვი, მაშინ შეგიძლია ადგე და წახვიდე… ძალით არავინ არაფერს გაიძულებს… ეს იცოდე!
ამ სიტყვებზე ის სატელეფონო საუბარი გამახსენდა, რომელიც კროულის კაბინეტში შესვლამდე შემთხვევით მოვისმინე. გონებაში ფრაზები ამომიტივტივდა…
“ჯერ ნურაფერს ჩარიცხავთ, ვერ გავაპრავებ! მე თვითონ გეტყვით, როდის… შენ თვითონაც ხომ ხვდები, რა მოხდება, კუდზე რომ დამაჯდნენ ეგენი?” – იქნებ უშიშროებას გულისხმობდა?.. იქნებ ჩემი ეჭვები მართლა არ იყო უსაფუძვლო?
– კარგი, მოგისმენთ ბოლომდე…
– ჩვენ ერთი ადამიანის უკანონო საქმიანობას ვიძიებთ, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყანას და ხალხს… საქმე საკმაოდ რთული და ჩახლართულია… ამიტომ გვჭირდება ადამიანი, რომელსაც შეგვიძლია ვენდოთ… ჩვენ მას საფრთხეს არ შევუქმნით! პირიქით, დავიცავთ… მოკლედ, ჩვენ გვინდა სანდო პიროვნება კომპანია “ლაბირინთში”…
– ჯაშუში? იმედია, ხუმრობთ… გამორიცხულია!.. რა კანონს არღვევს ამისთანას დობროვსკი, რომ ჩემი “დავერბოვკება” დაგჭირდათ?.. ან მე როგორ უნდა დაგეხმაროთ?.. დაუჯერებელია!
აღვშფოთდი.
– ვიცი, როგორც ჟღერს ეს ყველაფერი… საქმე ასეთი რთული რომ არ იყოს, არ ჩაგრევდი…
– მეტი ინფორმაცია მჭირდება! გავიგე, რომ დობროვსკი თქვენი სამიზნეა… ეს არ არის საკმარისი…
– დობროვსკი არა! დობროვსკი მხოლოდ პაიკია… ჩვენი სამიზნე სხვა პიროვნებაა…
– ვინ?
– ლევან გიორგაძე!
სრული შოკი მივიღე. თვალებზე ხელები ავიფარე, რადგან თავში ისევ ქაოსი დამიტრიალდა…
– ერთი წუთით… იმის თქმა გინდათ, რომ გიორგაძე და კროული ერთად მოქმედებენ?..
– არა. გიორგაძე რამდენიმე კომპანიას საკუთარი მიზნებისთვის იყენებს. მათი დახმარებით ფულს ათეთრებს.
– და დობროვსკიმ ეს იცის?
– რა თქმა უნდა! იცის და თვითონაც მოგებაშია. საკმაოდ სარფიანი გარიგება აქვთ…
– დავუშვათ ასეა! – მე რა შუაში ვარ? რატომ მაინცდამაინც მე და არა ვთქვათ, ფილიპე, ირაკლი, მაქსი…
– შენზე ყველაზე ნაკლებად მიიტანენ ეჭვს… შენ იდეალური კანდიდატი ხარ! გოგო, რომელსაც სხვების ცხოვრება არ აინტერესებს… საკუთარ სამყაროში ცხოვრობს… ინტროვერტია… გარდა ამისა, ლევან გიორგაძემ თვითონ მოგძებნა და საქმიან წინადადებას გთავაზობს… ევა, იდეალური კანდიდატი ხარ!
– ეს საიდანღა გაიგეთ?..
– წელს დიდ წარმატებას მივაღწიეთ… გიორგაძის პირად დაცვაში ჩვენი კაცი გვყავს… ეს ძალიან ბევრს ნიშნავს…
– ის ლაშა, ვინც კონვერტი ჩამიდო?..
– სწორედ ის ლაშა… გიორგაძემ ბევრ ადამიანს დაუნგრია ცხოვრება! ალბათ, გსმენია მის ირგვლივ გავრცელებული ლეგენდები… რომ საუკეთესო ქალებს არჩევს და მათი ცხოვრება ზღაპარს ემსგავსება…
– რაღაც ასეთი მსმენია, კი…
– მერე… როგორ ფიქრობ, რატომ რჩება დღემდე ეს ყველაფერი ლეგენდად?
– რატომ?
– იმიტომ, რომ სიმართლე მხოლოდ იმ ქალებმა იციან… რაც ყველაზე უცნაურია, ვერც ერთ მათგანს ვერ მივაგენით… ვერც ერთს! შენ კი მოგეცა შანსი, მის წრეში შეაღწიო…
– ფიქრობთ, რომ იმ ქალებს რაღაც ცუდი შეემთხვათ?
– ასე რომ არ ვფიქრობდეთ, ამის გარკვევას არ შევეცდებოდით…
– დავუშვათ, დავთანხმდი… კონკრეტულად რისი გაკეთება მომიწევს?
– უბრალოდ, ასი თვალი და ასი ყური უნდა გამოიბა… თვალი ადევნო, ვინ მოდის დობროვსკისთან, თუ შეძლებ, ყური მიუგდო, ვის ელაპარაკება… ოღონდ ეს ისე უნდა გააკეთო, რომ ვერავინ ვერაფერი შეგამჩნიოს… რაც შეეხება გიორგაძეს, როგორც ჩემთვის ცნობილია, “პორტალში” წაყვანას დაგპირდა… ეს ყველაზე მნიშვნელოვანია! დააკვირდი ყველას და ყველაფერს… თუ დაგვთანხმდები, პატარა მიკროფონს დაგამაგრებთ, რომ ჩვენც შევძლოთ თქვენი მოსმენა… თუ რამე ისე არ წავიდა, ლაშა იქ იქნება… გიორგაძე დაცვას არასოდეს იშორებს გვერდიდან…
– შეიძლება ყველაფერი კარგად გავაანალიზო, მოვიფიქრო და პასუხი მერე გითხრათ?
– რა თქმა უნდა! ეგ გასაღები შენია. როცა მოგინდება, ნებისმიერ დროს შეგიძლია მოხვიდე აქ. ღამეც დარჩე… ჩემთან კონტაქტზე გამოსვლას რომ გადაწყვეტ, “სკაიპში” დამირეკე. ტელეფონში მუდმივად ჩართული მაქვს და მაშინვე გიპასუხებ…
– შეგიძლიათ თქვენი სიტყვები დაამტკიცოთ? საიდან ვიცი, რომ სიმართლეს ამბობთ?
“კუპიდონმა” საფულე გახსნა და კამერაში მოწმობა დამანახა. მერე, ლეპტოპი შემოატრიალა. მისი კაბინეტი დავინახე… მინის კედლიდან დიდი პავილიონი ჩანდა, სადაც უამრავი მაგიდა იდგა, რომლებთანაც ხალხი მუშაობდა… შორს, კედელზე ასოებიც მოჩანდა – “შინაგან საქმეთა სამინისტრო…”
– ეს “მოდულის” შენობაა?
– დიახ!
– თქვენ ჯაშუში ხართ?
უცნობს გაეცინა.
– იცი, შენ უკვე მეორედ მეკითხები ამას! მეც მეორედ გიპასუხებ: მე ძალიან მნიშვნელოვანი მისია მაკისრია და ძალიანაც რომ მინდოდეს, მაინც ვერ გეტყვი, სად ვმუშაობ…
ამ სიტყვებმა უცებ ყველაფერი შეცვალა…
– იმიტომ, რომ გრძელი ისტორიაა?
ვკითხე და გული ისევ საშინლად ამიჩქარდა. მან თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და გამიღიმა.
– მაგრამ მე არსად მეჩქარება…

ლაბირინთი – დეჟა ვუ (ეპიზოდი – 11)

ჩვენ ყოველდღიურად ბევრ ადამიანს ვხვდებით. ისინი ყველგან არიან: სამსახურში, ქუჩაში, მაღაზიებში, ტრანსპორტში… ასე მგონია, ერთ მთლიანობას ქმნიან და იმ გარემოს ნაწილები არიან, რომელშიც ვიმყოფები…
ალბათ, ყველას გვაქვს შეგრძნება, რომ დედამიწა ჩვენ გარშემო ტრიალებს, მთავარ როლში ჩვენ ვართ, სხვები კი, უბრალოდ, “ჩვენი სპექტაკლის” მასობრივ სცენებში თამაშობენ… ჩვენ იშვიათად ვფიქრობთ იმაზე, რომ მათაც აქვთ ფერი და სუნი… რომ ისინიც მნიშვნელოვანი პერსონაჟები არიან და მათთვის ჩვენც მასის ნაწილი ვართ…
თუ წარმოიდგენ, რომ ბედნიერი ხარ, მართლა შეიგრძნობ ბედნიერებას. თავი უბედურად არ უნდა იგრძნო იმის გამო, რომ სამყარო სრულყოფილი არ არის. ჩემი აზრით, ყველა ადამიანი თვითონ ქმნის თავის სამყაროს. ადამიანზეა დამოკიდებული, საინტერესო იქნება თუ არა მისი სამყარო. მე ყველაზე მეტად სწორედ ეს მინდა!
სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, ოდესმე მეკობრეს თუ ისევ შევხვდებოდი. ეკრანზე მის სახეს რომ ვუყურებდი, ძალიან უცნაური შეგრძნება მქონდა. კარნავალის ღამე გამახსენდა და დაძაბულობა მაშინვე მომეშვა.
– კარნავალზე შენ გამო მოვედი, მაგრამ ისე მოულოდნელად გაიქეცი… ჯერ კიდევ მაშინ მინდოდა შენთან დალაპარაკება, მაგრამ ალბათ შენ თვითონაც ხვდები, რომ ადამიანს შეუმზადებლად ვერ აჯახებ ასეთ რამეს… ჯერ უნდა გაარკვიო, რამდენად მზად არის მისი ფსიქიკა ასეთი ინფორმაციის მისაღებად. მერე, უნდა ამოიცნო, როგორი პიროვნებაა, რა ინტერესები აქვს… ესეც ძალიან საინტერესოა! მხოლოდ ამის მერე გეცოდინება, როგორ მიუდგე სწორად…
– და ჩემი ხასიათი ადვილად შეიცანი?
– იცი, შენს მოფიქრებულ თამაშებს ბევრი რაღაცის თქმა შეუძლია შენზე. ასე მგონია, რომ შენს გმირებს აკეთებინებ იმას, რაც გინდა, რომ შენ გადაგხდეს თავს… შენ იმ ადამიანთა კატეგორიას ეკუთვნი, ვისაც ჩვეულებრივი ყოველდღიური ცხოვრება მალე ღლის და მუდმივად სიახლეების ძიებაშია. სწორედ ამიტომ მგონია, რომ ჩვენთან თანამშრომლობას დათანხმდები…
– შენი სახელი არ გითქვამს… თუმცა, მგონი, ისედაც ვიცი…
– იცი?
მეკობრეს სახეზე გაკვირვება გამოეხატა.
– ლევან კალანდაძე არ ხარ?
– როგორ გაიგე? სტუმრების სიაში ვერ ნახავდი…
– ის ნიღაბი მაგიტომ არ ჩამიდე?
– არა… ნიღაბი იმიტომ ჩაგიდე, რომ როცა ნახავდი, ჩემზე გეფიქრა… ასე ვთქვათ, პატარა ინტრიგა შემოვიტანე… ეს ერთგვარი ტაქტიკაა! ასეთი დეტალები, როგორც წესი, კარგად მუშაობს ხოლმე… ნამდვილად არ მიფიქრია, თუ საკარნავალო ფორმების გაქირავების სააგენტოს მოძებნიდი და გაიგებდი, ვის სახელზე იყო გატანილი კოსტიუმი…
– სპეციალურად არ მიძებნია. შემთხვევითობამაც დიდი როლი ითამაშა… იმ ლექსის ამბავიც შენი ნამოქმედარია? ახლა მესმის, რატომაც “დაჰაკეს” ასე ადვილად დობროვსკის კარგად დაცული სერვერი… როგორც ჩანს, მაგრა მუშაობს შსს… მაგრამ ეს მინიშნებები რა საჭირო იყო? ჩემს IQ-ს ამოწმებდით? გაინტერესებდათ, “გავქაჩავდი” თუ არა?
– დაახლოებით…
– და ჩემი სურათების გამოფენა რა საჭირო იყო აქ? ან ეს “ფოტოშოპი” ვიღაცეებთან…
– ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის! თუ გიორგაძე მოულოდნელად შენს სახლში მოსვლის სურვილს გამოთქვამს, აქ უნდა მოიყვანო… ამიტომ შენი ალტერნატიული ბინა მოვაწყეთ…
– რა სისულელეა! გიორგაძეს ჩემს სახლში რა ესაქმება?
– დამიჯერე,
ესაქმება! როცა ვინმესთან ურთიერთობას იწყებს, მნიშვნელობა არ აქვს, საქმიანს თუ პირადს, აუცილებლად ინტერესდება მისი ცხოვრებით. ყველაფერს გაარკვევს! შენს ბიოგრაფიას, წარსულს, აწმყოს, გყავს თუ არა “ბოიფრენდი”, ვინ არიან შენი მეგობრები, ნათესავები… ჩვენ გვაწყობს, თუ იფიქრებს, რომ მარტო ცხოვრობ…
– ისე მსჯელობ, თითქოს უკვე დაგთანხმდით… ესეც ერთგვარი ტაქტიკაა?
– არა. უბრალოდ, მგონია, რომ დათანხმდები…
– დავუშვათ, დავთანხმდი… “პორტალში” დაცვა უმაღლეს დონეზე რომ არის, ესეც გეცოდინებათ… – რა მოხდება, მიკროფონი რომ მიპოვონ? ფიქრობთ, ის ლაშა დამიცავს?
– ლაშამ ერთხელ უკვე დაგიცვათ შენ და შენი მეგობარი… ასეც რომ არ იყოს, მიკროფონს ვერ იპოვიან!
– რატომ?
– იმიტომ, რომ საყურეში იქნება მოთავსებული.
– თუ ასე მარტივია, ლაშას რატომ ვერ დაამაგრეთ? ის ხომ ყველგან დაჰყვება გიორგაძეს?
– გიორგაძის დაცვის წევრები ყოველდღიურად საფუძვლიან შემოწმებას გადიან. ასეთ რისკზე წასვლა არ გვიღირს, სასწორზე ვერ დავდებთ ყველაფერს. გვირჩევნია, უშუალოდ ლაშასგან მივიღოთ ინფორმაცია. თუმცა, გიორგაძის პირად დაცვასაც აქვს გარკვეული შეზღუდვები. როცა თავის კაბინეტში პირად მოლაპარაკებებს აწარმოებს, დაცვას შიგნით არ უშვებს. ასევეა “პორტალშიც”. წითელი ფლიგელის ყველა ოთახში არ აქვთ შესვლის უფლება.
– იქ ოთახებია?
მეკობრემ დასტურის ნიშნად თავი დამიქნია.
– ამ დეტალებზე იმ შემთხვევაში ვისაუბრებთ, თუ პირადად გნახავ. ეს შენს პასუხზეა დამოკიდებული.
– მოკლედ, ყველაფერს ისე აკეთებთ, რომ მე თვითონ მომანდომოთ ამ საქმეში გარევა! იცი, ლევან! ძალიან ბევრი ფილმი მაქვს ნანახი ჯაშუშებზე და დაზვერვის საიდუმლო სამსახურებზე… ჩემი ფსიქიკა ასე ადვილად სამართავი არ გეგონოს!
– შენს მართვას არც ვაპირებთ, ევა! მე უკვე გითხარი, არავინ არაფერს დაგაძალებს! ისიც გითხარი, რატომ აგირჩიეთ…
– უბრალოდ, გულისამრევია ის ფაქტი, რომ სინამდვილეში თქვენი სტრატეგიის ნაწილი ვარ და ის ფლირტიც, კარნავალზე მხოლოდ სტრატეგიის ნაწილი იყო…
– მესმის შენი… არ ვიცი, დამიჯერებ თუ არა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, იმ კარნავალზე აუცილებლად დავინტერესდებოდი შენით… გახსოვს, პირველად რა გკითხე? გამიხარდება, თუ ისეთივე საინტერესო ხარ, ვისი კოსტიუმიც გაცვია-მეთქი… მინდა გითხრა, რომ შენ ნამდვილად ძალიან საინტერესო პერსონაჟი ხარ… კოსტიუმის გარეშეც!
ჩანთას გადავწვდი და ის სურათი ამოვიღე, რომელზეც უცხო ხალხთან ერთად ვარ დამონტაჟებული.
– ეს ადამიანები ვინ არიან? რატომ ჩამსვით მათთან?
სურათი კამერაში დავანახე.
– ეს ისე, უბრალოდ… შემთხვევითი ადამიანები არიან. შენი სურათების პოვნა გაგვიჭირდა. სოციალურ ქსელში არ გიდევს. მარტო “ლაბირინთის” ბიჭებთან გადაღებული სურათები მოვიძიეთ… შენი ასაკის გოგოს, წესით, ბევრი ფოტო უნდა ჰქონდეს მეგობრებთან და ნაცნობებთან გადაღებული… ევა, ახლა უნდა წავიდე. როცა მზად იქნები, ამ ბინაში მოდი და “სკაიპში” შენი გადაწყვეტილება მითხარი.
– კარგი.
– ვიცი, რომ არ დამჭირდება იმის ახსნა, რომ ეს ყველაფერი საიდუმლოდ უნდა დარჩეს…
– არ დაგჭირდება!
– ძალიან კარგი.
– ისე, რატომ მაინცდამაინც “კუპიდონი”?
– ეს ანგარიში მარტო შენთვის გავხსენი. პირველი, რაც გამახსენდა, “მირაჟის” ჭერი იყო. როდესაც პირველად დაგინახე, ზემოთ იყურებოდი, კუპიდონებს აკვირდებოდი…
– და “ანიტა” მე ვარ?
– ესეც ისე, უცებ ჩავწერე. სასურველია, ერთმანეთს ტელეფონსა და ინტერნეტში ალტერნატიული სახელებით მივმართოთ… თუ არ მოგწონს, შეგიძლია შეცვალო.
– მაშინ “აფროდიტედ” გადავაკეთებ!
მეკობრეს გაეცინა.
– მომავალ შეხვედრამდე, აფროდიტე!
“სკაიპი” გავთიშე. ნერვიულობამ საერთოდ გადამიარა. აღარ მეშინოდა. ის ქაოსიც თავისით დალაგდა თავში. გონებაში ფაზლის აწყობა დავიწყე… უშიშროება იძიებს გიორგაძის საქმეს, ძიებამ ჩვენს კომპანიამდე მოიყვანა და მოკავშირე დასჭირდათ. თანამშრომლებიდან მე ამომარჩიეს. გამომძიებელი ლევანი – ღმერთო, ესეც რა უცნაურად დაემთხვა? გამომძიებელი ლეო მოდის კარნავალზე, რომ “შემაბას”. მე კიდევ მოულოდნელად გავრბივარ… როგორი ეშმაკური სტრატეგიაა… ყველაფერი ისე გააკეთა, რომ მე თვითონ მომეძებნა და კონტაქტზე გავსულიყავი.
ლეპტოპი გამოვრთე, ბინა დავკეტე და გარეთ გამოვედი. ღამე იყო. ნეტა რა საქმითაა დაკავებული ეს გიორგაძე? სულელიც კი მიხვდება, რომ ამხელა ფულს პატიოსანი გზით ვერ იშოვიდა…
სახლში მივედი, ვივახშმე და ჩემს ოთახში შევიკეტე. იმ ბინიდან წამოღებული ბლოკნოტი ამოვიღე და შიგ ჩაწერილ ნომრებზე დავიწყე რეკვა. არც ერთი ნომერი არ იყო ჩართული. სავარაუდოდ, სახელები და გვარებიც გამოგონილი იქნება…
ძილის წინ ლევანის შემოთავაზებაზე ძალიან ბევრი ვიფიქრე. საკუთარი თავი საიდუმლო აგენტის როლში წარმოვიდგინე. მერე ლეპტოპი ჩავრთე და google-ში “ლევან გიორგაძე” ჩავწერე. რამდენიმე სტატია ამომიგდო, სადაც ძირითადად სასტუმროებზე და კაზინოზე იყო საუბარი და სავარაუდო მფლობელად გიორგაძე იყო დასახელებული. ინტერნეტში არც ერთი მისი ფოტო არ იდო.
მობილურიდან იმ ბინაში გადაღებული სურათებიც “ლეპტოპში” გადავიტანე და ყურადღებით დავათვალიერე. ისეთი ვერაფერი აღმოვაჩინე, რაც ბინაში ყოფნისას არ მენახა.
ღამე კარგად მეძინა. სიზმარიც კი არ მინახავს… დილითაც სხვანაირი განწყობით გამეღვიძა. ახლა მომეცა შანსი, რომ ჩემი ცხოვრება საინტერესო გავხადო. მიუხედავად იმ რისკისა, რაზეც ალბათ წასვლა მომიწევს…
მოტოციკლი რომ დავაყენე, კროულის მანქანის ადგილს გავხედე. მისი მანქანა უკვე ადგილზე ეყენა. როგორც ჩანს, სამსახურში ადრე მოვიდა. მანქანასთან მივედი და შიგნით შევიხედე. სავარძელზე ფაილში ჩასმული თაბახის ფურცელი იდო. აქეთ-იქით გავიხედ-გამოვიხედე და რომ დავრწმუნდი, ვერავინ მხედავდა, იმ ფაილს ფანჯრიდან მობილურით სურათი გადავუღე…
როცა შენობაში შევედი, გავაცნობიერე, რომ როლში ვიყავი შესული. ახლა ყველაფერს მუშტრის თვალით ვუყურებდი. დერეფანი ბოლომდე გავიარე და ყავის აპარატთან მივედი. სანამ ყავა ჩამოისხმებოდა, მტრისას მივესალმე. ძალიან დაკავებული ჩანდა, რაღაცას წერდა… გავიგონე, როგორ დარეკა ტელეფონმა. მტრისას ლაპარაკიდან მივხვდი, რომ ვიღაც კროულისთან რანდევუს ითხოვდა… ნატა ჩვენი კორუმპირებული უფროსის ოთახში შევიდა და ორ წუთში უკან გამობრუნდა. ყურმილი ისევ აიღო და ვიღაცას უთხრა, რომ პირველი საათისთვის მოსულიყო…
მე ჩემი ყავა ავიღე და ჩვენს ოთახში წავედი. მარტო ირაკლი დამხვდა.
– შენ ხარ, ირაკლი?
უაზროდ ვკითხე…
– არა, გეჩვენება! გოგო, შენთან საქმე მაქვს…
– რა საქმე?
ირაკლი მომიახლოვდა და ჩემს მაგიდაზე ჩამოჯდა.
– გუშინ რომ შევთანხმდით, იქ რო უნდა გამომყვე, ხომ გახსოვს?
– არა, დამავიწყდა!
– ოღონდ კაფეში აღარ იკრიბებიან.
– აბა?
– გვანცასთან სახლში. ხო წამოხვალ, ფისო?
– რომელ საათზე?
– ეგრევე რა, სამსახურის მერე…
– კი მეზარება, მაგრამ რადგან დაგპირდი, წამოვალ!
– ბიჭებს არ უთხრა, თორე დაიწყებენ მერე…
– არც ვაპირებდი…
– ჩემი ბრილიანტი ხარ შენ!
– ნუ მელაქუცები ერთი რა…
ორივეს გაგვეცინა. დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა. პირველი რომ ხდებოდა, ისევ ყავაზე გავედი და თან მაქსი წავიყოლე. კროულისთან ვიღაც ხმელ-ხმელი ახალგაზრდა კაცი მოვიდა. ხელში დიპლომატი ეჭირა. მისაღებში ზუსტად შვიდი წუთი იჯდა. დროდადრო საათს შეჰყურებდა. ერთი-ორჯერ ჩვენკენაც გამოიხედა. მე მობილური ამოვიღე და მაქსს მოულოდნელად ფოტო გადავუღე, როცა ყავის აპარატში ფულს აგდებდა. ოღონდ ეს ისე გავაკეთე, რომ უკანა ფონზე ის ხმელი კაციც გამოჩენილიყო…
მაქსი გაკვირვებული დარჩა, რადგან კარგად იცის, რომ არ ვეკუთვნი იმ გოგოების კატეგორიას, რომლებიც ყოველ ნაბიჯზე ფოტოაპარატს აჩხაკუნებენ…
ხმელი კაცის წასვლის დროც ჩავინიშნე. კროულის კაბინეტში ნახევარი საათი დაჰყო, მერე წავიდა. ძალიან სპეციფიკური სიარულის მანერა ჰქონდა. ბრბოშიც კი ადვილად გამოვარჩევდი. დიდ ნაბიჯებს ადგამდა და ხელებს ნორმაზე მეტად აქნევდა. რაღაცნაირი, მოუხერხებელი მოძრაობები ჰქონდა.
საკუთარი თავი ისევ გამოვიჭირე იმაში, რომ ამ თვალთვალში ძალიან გავერთე. ფოტოები სამსახურის კომპიუტერში არ გადავიტანე, რადგან არ იყო უსაფრთხო. დღის ბოლოს მე და ირაკლი ერთად გამოვედით გარეთ. მოტო “პარკინგზე” დავტოვე და ირაკლის მანქანაში ჩავჯექი.
– ნერვიულობ?
ვკითხე ირაკლის, რადგან აღელვებული მეჩვენა.
– არა, რავი… შეიძლება სულ ოდნავ…
– რაც უფრო “დაიკიდებ”, მით უფრო ბუნებრივად გამოვა ყველაფერი. იცის, რომ უნდა მივიდეთ?
– შენზე არ დამიკონკრეტებია. ვუთხარი, მეგობარს წამოვიყვან-მეთქი. უეჭველი ბიჭი ჰგონია.
– ხოდა ეგონოს!
– არადა, არ ჩანს, ტო, ეგეთი კდემა და მოსილება… საკმაოდ სექსუალურადაც იცვამს… რატო ჩაიცვამდა ეგრე, თუ “მონაზონა” როჟაა? მაზოხისტია?
– მე უფრო მგონია, რომ გაწვალებს… ან შეიძლება ვიღაც სხვაც მოსწონს და ვერ გადაუწყვეტია, ვისკენ გადაიხაროს… ხდება ხოლმე ასეთი რაღაცები ქალებში.
– აბა, დააკვირდი შენც, შენი ქალური ინტუიციით უფრო მიხვდები.
– არ უნდა მაგას ინტუიცია. ისედაც მივხვდები…
ირაკლიმ ჯერ სუპერმარკეტში შეიარა, მარტინი და შოკოლადები იყიდა, მერე ნუცუბიძეზე წავედით. მანქანა თექვსმეტსართულიანი კორპუსის ეზოში გააჩერა. გვანცა მეშვიდე სართულზე ცხოვრობდა. ირაკლიმ შოკოლადები მე დამაჭერინა, თვითონ მარტინის ბოთლი დაიკავა ხელში და კარზე ზარი დარეკა. კარი მალევე გააღეს…
– ირაკლი?
– დიახ! გამარჯობა…
– გამარჯობა, შემოდი…
კარი ფერფლისფერთმიანმა გოგომ გაგვიღო. როგორც მივხვდი, გვანცას ერთ-ერთი დაქალი იქნებოდა. მე ქალური ინტერესით შემათვალიერა, ქურთუკები გამოგვართვა და საკიდზე ჩამოჰკიდა. მერე სასტუმრო ოთახისკენ წაგვიძღვა.
– გვანცა სად არის?
ჰკითხა ირაკლიმ.
– გვანცა სააბაზანოშია და გამოვა ახლავე!
ოთახში შევედით. სამეულის წინ დაბალი მაგიდა იყო გაშლილი, რომელზეც ხილი და ნამცხვრები ელაგა. ირაკლიმ ბოთლი მაგიდაზე დადგა. მეც დავდე შოკოლადები და დივანზე დავსხედით.
– შენი სახელი?
– დიანა…
გვითხრა ფერფლისფერთმიანმა.
– მე რომ ირაკლი ვარ, კი იცი! – ეს ევაა!
– სასიამოვნოა…
რაღაც უსიამოვნოდ მითხრა. მე, უბრალოდ, გავუღიმე.
– გოგოებს ვეტყვი, რომ მოხვედით!
დიანა ოთახიდან გავიდა.
– ნაღდად ყველა ერთადაა შესული იმ სააბაზანოში. ეტყობა “იკრასკებიან”… ისე, რა იციან ამ გოგოებმა ჯგუფურად ტუალეტებში სიარული…
– ადრე ხომ არ მოვედით?
– შეიძლება. დამავიწყდა, რვის ნახევარი მითხრა თუ რვა…
– სავარაუდოდ, რვას გეტყოდა!
გოგოების სიცილ-კისკისი გაისმა და ოთახში ერთდროულად ექვსი გოგო შემოლაგდა. ირაკლი ფეხზე ადგა და ოთხს სათითაოდ ჩამოართვა ხელი, მეხუთე გადაკოცნა. მივხვდი, რომ გვანცა ის იქნებოდა… დავინახე თუ არა, “დეჟავუ” დამემართა. დარწმუნებული ვიყავი, რომ სადღაც მყავდა ნანახი.
– ეს ჩემი მეგობარია, ევა!
მეც ავდექი ფეხზე და გოგოებს მივესალმე. ყველა ისე მათვალიერებდა, თითქოს გონებაში ქულებს მიწერდნენ… ალბათ ასეც იყო…
– არ ვიცოდი, გოგო მეგობარი თუ გყავდა!
თქვა გვანცამ ირონიანარევი ტონით… მისი ხმა გავიგე თუ არა, მაშინვე მივხვდი, საიდანაც მეცნობოდა… ეს სრული შოკი იყო ჩემთვისაც კი… დარწმუნებული ვიყავი, რომ გვანცა ის გოგო იყო, რომელიც “პორტალის” ტუალეტში ვნახე… ჩემი ფოტოგრაფიული მეხსიერება არასოდეს მღალატობს! საკმარისია, ერთხელ ვნახო ადამიანი, რომ წლების მერეც ვიცნობ…
როგორც ჩანს, გვანცამ ვერ მიცნო. ან რას მიცნობდა, არც კი შემოუხედავს ჩემთვის მაშინ წესიერად…
გოგოებმა სასმელი გახსნეს და ჭიქები გამოიტანეს. მუსიკაც ჩართეს… ირაკლი რაღაც ამბავს უყვებოდა და აცინებდა. მისი სიტყვები საერთოდ არ შემდიოდა ყურებში. გონებით “პორტალის” ტუალეტში ვიყავი და ვფიქრობდი, როგორ დავლაპარაკებოდი გვანცას ისე, რომ ირაკლის და მის დაქალებს ვერაფერი გაეგოთ…
გვანცა “მირაჟში” მიმტანად მუშაობს. სავარაუდოდ, იქიდან ექნებოდა ბარათი… ის მეორე გოგო, ვისაც იმ ისტორიას უყვებოდა, აქ არ იყო…
– ისეთი “გავუჩალიჩეთ”, ერთი კვირა არ გველაპარაკებოდა! გახსოვს, ევა?
ირაკლიმ მუჯლუგუნი გამკრა.
– რა დამავიწყებს!
ვთქვი და გავიღიმე. არადა, წარმოდგენაც კი არ მქონდა, რაზე ლაპარაკობდა ირაკლი. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ გოგოებს ცოტა სასმელი მოეკიდათ და უაზრო სიცილი დაიწყეს. მე ხელში წვენის ჭიქა ავიღე. ხუთივე ირაკლის ეპრანჭებოდა. მაინც რა უცნაურია ქალის ფსიქოლოგია. მიუხედავად იმისა, რომ იციან, მათ დაქალს ირაკლი მოსწონს, მაინც ცდილობენ, თავი მოაწონონ… ყველა ადამიანს აქვს პაექრობის განცდა და თითქმის ყოველთვის ცდილობს სხვებზე მაღლა დადგეს, ყურადღება მიიქციოს.
ეს ინსტინქტის დონეზეა ჩადებული ყველა ადამიანში. პარტნიორი “გადარჩევის გზით” უნდა მოიპოვო. ყველა ადამიანი ცდილობს გარშემომყოფებში საუკეთესოს ყურადღება მიიქციოს…
ყველას ისევ სიცილის მორიგმა ტალღამ გადაუარა. ირაკლიც იცინოდა… უცებ ჩემკენ გადმოიხარა და ხელი გადამხვია. მეც მომენტით ვისარგებლე და წვენი გადავისხი…
გვანცა სააბაზანოში გამომყვა, რომ პერანგი ამომერეცხა. ამაზე უკეთესი მომენტი აღარ ჩამივარდებოდა ხელში. ამიტომ კარი მივხურე, ონკანი მოვუშვი და გვანცას ძალიან სერიოზული სახით შევხედე. ვცდილობდი, რაც შეიძლებოდა დამაჯერებელი ვყოფილიყავი.
– გვანცა, მე შენ რამდენიმე დღის წინ კლუბ “პორტალში” გნახე…

ლაბირინთი – სიამოვნების ბაღი (ეპიზოდი 12)

ჩემს სიტყვებზე გვანცას სახის გამომეტყველება შეეცვალა.
– ვერ ვხვდები, რას მეუბნები…
ეცადა, დამაჯერებლად გამოსვლოდა, მაგრამ არ გამოუვიდა.
– შავი კაბა გეცვა! ვიღაც გოგოსთან ერთად იყავი…
გვანცამ სააბაზანოს კარი გადაკეტა.
– შენ როგორღა მოხვდი “პორტალში”?
– ერთჯერადი ბარათით… მაგას მნიშვნელობა აქვს?
– კარგი, დავუშვათ, მეც იქ ვიყავი… მერე?
– არაფერი. უბრალოდ, გითხარი…
– შენ იცი, რომ “პორტალზე” უბრალოდ არ საუბრობენ?..
– ვიცი. ხშირად დადიხარ ხოლმე?
– პირველად ვიყავი…
– ტუალეტში გნახე. მეგობარს უყვებოდი რაღაც ამბავს… გოგოზე, რომელსაც რაღაც კონვერტი გადასცეს…
გვანცას სახეზე გაკვირვება გამოეხატა.
– მაგარი მეხსიერება გქონია!
– ჰო, არ ვუჩივი…
– ჩემგან რა გინდა?
– როდესაც იმ გოგოს ამბავს ჰყვებოდი, ლევან გიორგაძეს გულისხმობდი?..
გვანცა გაჩუმდა. სარკისკენ შებრუნდა და თმის სწორება დაიწყო.
– გიორგაძემ იცის, “პორტალში” რომ იყავი?
ამ კითხვაზე ცოტა აღელდა.
– გიორგაძეს იცნობ?
– კი…
– მართლა?
– მართლა! ჩვენ საქმიანი ურთიერთობა გვაკავშირებს…
– გასაგებია… გიორგაძე იმ სასტუმროს მეპატრონეა, სადაც ვმუშაობ…
– ვიცი.
გავუღიმე გვანცას.
– მე ბარათი გიორგაძემ მაჩუქა! ასე რომ, იქ ლეგალურად მოვხვდი…
– იმ გოგოს ამბავი შეგიძლია მომიყვე?
– ბევრი არაფერი ვიცი…
– ნუ გეშინია, ყველაფერი ჩვენ შორის დარჩება!
გვანცა ისევ გაჩუმდა.
– ვიცი, რომ ლევან გიორგაძე ფიგურირებს იმ ამბავში. მე, უბრალოდ, იმ გოგოს ბედი მაინტერესებს, რამე ცუდი ხომ არ შეემთხვა.
– რატომ ფიქრობ, რომ რამე ცუდი მოუვიდოდა იმ გოგოს?
დაეჭვებული და ოდნავ შეშინებული მზერით მკითხა გვანცამ. მივხვდი, რომ რაღაც იცოდა…
– იმიტომ, რომ მეც ვიცნობდი ადრე ერთ გოგოს, რომელსაც “მოჩვენებასთან” ჰქონდა კავშირი… ის გოგო მერე ქვეყნიდან გაემგზავრა და მისი ოჯახის წევრები დღემდე ეძებენ…
მეც არ ვიცი, საიდან მოვიფიქრე ეს ისტორია, მაგრამ გვანცაზე აშკარად იმოქმედა.
– მოკლედ, ის გოგო “მირაჟში” გავიცანი… პირველად ნომერში ვნახე, როცა საუზმე ავუტანე. ბედნიერი ჩანდა… მკითხა, ვიცნობდი თუ არა პირადად სასტუმროს მფლობელს… აინტერესებდა, მყავდა თუ არა ნანახი… მეც ვუთხარი, რომ მყავდა!
– მერე?
– მერე აღტაცებულმა მომიყვა, რამდენიმე დღის წინ, ქუჩაში ჩემთან მისი დაცვის წევრი მოვიდა და კონვერტი მომცაო… შიგ ფული იყოო… მითხრა, ამა და ამ დროს, სასტუმრო “მირაჟში” მოდი და შენი ცხოვრება შეიცვლებაო… გუშინ საღამოს მოვედიო…
– მეტი არაფერი უთქვამს?
– მარტო ის თქვა, თავი ზღაპარში მგონიაო…
– მას მერე აღარ გინახავს ის გოგო?
– კი, როგორ არა! პერიოდულად რჩებოდა იმავე ნომერში. რესტორნიდან ხან საუზმე ამქონდა, ხან ვახშამი…
– მარტო იყო ხოლმე?
– მგონი კი…
– სახელი ხომ არ გახსოვს?
– ლიზი ბერიძე. სპეციალურად ვკითხე რესტორნის მენეჯერს… მაინტერესებდა, ვინ იყო… “ფეისბუქშიც” კი ვიპოვე…
– მართლა? თავისი სახელით და გვარითაა?
– კი… “ავატარად” მეგან ფოქსის ფოტო უყენია!
– ბოლოს როდის ნახე?
– დაახლოებით ერთი თვის წინ… ერთი თვეა აღარ მომიკრავს თვალი და “ფეისბუქზეც” აღარ ჰქონია აქტივობა. ბოლოს სტატუსი დადო, რომ პარიზში მოგზაურობდა და მერე აღარც გამოჩენილა…
– შენ რას ფიქრობ ამ ყველაფერზე?
– არ ვარ დარწმუნებული, რომ გიორგაძეს ხვდებოდა იმ ნომერში… ყოველ შემთხვევაში, მე ერთად არ დამინახავს ეგენი… შეიძლება
რაღაც სამსახური შესთავაზა საზღვარგარეთ და ისიც წავიდა… არ ვიცი… მეც ძალიან მაინტერესებდა, მაგრამ მეტი არაფერი უთქვამს ჩემთვის…
– სხვა დღეებში, როცა საუზმე აგქონდა, შეცვლილი არ გეჩვენა?
– პირველ დღეს ძალიან აჟიტირებული იყო… მერე თითქმის არაფერს მეუბნებოდა, მადლობის გარდა… სერიოზული იყო ხოლმე. საეჭვო არაფერი შემინიშნავს… და რა ხდება? შენ რატომ დაინტერესდი?
– ხომ გითხარი, ადრეც იყო მსგავსი შემთხვევა და გამომდინარე იქიდან, რომ მე საქმიანი კავშირი უნდა მქონდეს გიორგაძესთან, უბრალოდ, ვცდილობ, რაღაცეებში გავერკვე… ხომ იცი, “ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია!”
– ჰოო… სწორია! მისმინე… ირაკლის არ უთხრა რა, “პორტალში” რომ მნახე…
– რა თქმა უნდა, ირაკლი ვერაფერს გაიგებს…
– იმ დღეს შეხვედრაზე უარი ვუთხარი… გავცივდი და ვწევარ-მეთქი… სინამდვილეში კი კლუბში წავედი…
– დამშვიდდი, არაფერს ვეტყვი! მადლობა, რომ მომიყევი…
– არაფრის, რა მადლობა… თუ რამეს გაიგებ იმ გოგოს შესახებ, მეც ხომ მეტყვი?
– აუცილებლად!
– მეც თუ რამე გავიგე, გეტყვი…
– იმ ლუქსის ნომერი გახსოვს? სადაც საუზმე აგქონდა?
– კი, როგორ არა… ოცდამეთოთხმეტე ნომერი იყო, მეოთხე სართულზე…
– კარგი, გავიდეთ ახლა, თორე გაუკვირდებათ, სად დავიკარგეთ ამდენ ხანს…
– მოიცა, რამეს მოგცემ, რომ ჩაიცვა. სანამ ეგ გაშრება…
გვანცა სააბაზანოდან გავიდა. მე პერანგი გამოვრეცხე და გვანცას მოწოდებული ზედა გადავიცვი. იქ დიდხანს არ დავრჩენილვართ. დაახლოებით ერთ საათში მე და ირაკლი წამოვედით.
– ჰა, აბა რას იტყვი?
– არ არის ცუდი გოგო და ვფიქრობ, რომ მოსწონხარ! შენ ნუ დააჩქარებ მოვლენებს… დააცადე, გაერკვეს თვითონ, რა უნდა.
– არაფერს არ ვაჩქარებ მე, კაცო. უბრალოდ, ხან კოცნა მოგინდება კაცს, ხან ხელის გადახვევა! ცოტა სიახლოვე თუ არ გექნა ადამიანთან, ისე როგორ შეგიყვარდება?
– ხო იცი, ირაკლი, ქალებს “ყურით” რომ უყვარდებათ?
– აუ, რაც მე მაგას “ვებაზრები”, გოგო. მეტი რა ვქნა? “იმენნა” დეილ კარნეგი “გავეძრე”…
გზაში ბევრი ვიცინეთ. სახლში მოვედი თუ არა, მაშინვე “ფეისბუქი” ჩავრთე და ლიზი ბერიძე მოვძებნე. ადვილად ვიპოვე. პროფილის ფოტოდ მეგან ფოქსის სურათი ეყენა. ყველაფერი საგულდაგულოდ დავათვალიერე. მისი ფოტოები, მეგობრები, ქრონიკა… ბოლო სტატუსი 24 ოქტომბერს ჰქონდა დადებული. როგორც გვანცამ მითხრა, ზუსტად ისე… მანამდე რაღაც ფოტოები ჰქონდა გაზიარებული, ზედ ცნობილი გამონათქვამები რომ აწერია ხოლმე.
მაგალითად, ერთ-ერთს ეწერა – “ნამდვილად მაშინ ხარ ბედნიერი, როდესაც გრძნობ, რომ შეგიძლია მისწვდე ვარსკვლავებს ისე, რომ ფეხის წვერებზეც კი არ დადგე”…
სურათები ყურადღებით დავათვალიერე. საკმაოდ ლამაზი გოგოა. ყველაზე ბევრი ფოტო ერთ გოგოსთან ერთად ჰქონდა გადაღებული. მივხვდი, რომ დაქალები იყვნენ. “თაგით” ადვილად ვიპოვე მისი დაქალი და მივწერე.
– გამარჯობა. ლიზი ბერიძესთან მინდა დაკავშირება და ხომ ვერ დამეხმარებით?
საბედნიეროდ, ლიზის დაქალი შემოსული იყო საიტზე და მომენტალურად მიპასუხა.
– ლიზი “პარიზში” გაემგზავრა, იქ მუშაობს და “ფეისბუქისთვის” ვეღარ იცლის… მე მითხარით, რაც გინდათ და გადავცემ.
– მე ფოტოგრაფი ვარ! ლიზის ფოტო შემთხვევით ვნახე, მომეწონა და მისი გადაღება მომინდა…
– აა, გასაგებია. სამწუხაროდ, ეგ ვერ მოხერხდება.
მომწერა და მოწყენილი “სმაილიც” მოაყოლა.
– სამწუხაროა! მადლობა… ისე, მალე აპირებს ჩამოსვლას, თუ იცით?
– დაახლოებით ერთი თვის წინ წავიდა. ეგ ეგრე მალე არ ჩამოვა! ალბათ ხუთი წელი დარჩება, რომ საბუთი მიიღოს… სულ ოცნებობდა “პარიზში” წასვლაზე… ახლა ისეთი ბედნიერია, გამორიცხულია მალე დაბრუნდეს…
– ძალიან კარგია, თუ ბედნიერია. წარმატებებს ვუსურვებ მასაც და თქვენც…
– მადლობა.
სულ ეს იყო ჩვენი მიმოწერა. როგორც ჩანს, თავის დაქალს პერიოდულად მაინც ეხმიანება. იქნებ ვინმე აიძულებს, რომ უთხრას, ბედნიერი ვარო?
საათს შევხედე. ღამის თორმეტის ნახევარი იყო. ვიცოდი, რომ ხვალ საღამომდე ვერ მოვისვენებდი. ამიტომ დედას ვუთხარი, რომ ჩემს ბიჭებს ბარში უნდა შევხვედროდი. ქურთუკი ჩავიცვი და შსს-ს კორპორატიულ ბინაში წავედი. მინდოდა ყველაფერი მეკობრესთვის მომეყოლა…
კარი ჩვეულებრივ, გასაღებით გავაღე და ბინაში შევედი. ყველაფერი ისევ ისე დამხვდა, როგორც დავტოვე. “ლეპტოპი” ქსელში შევაერთე და ჩავრთე. “სკაიპიც” ჩაიტვირთა. პირველ რიგში, “ანიტა” “აფროდიტედ” გადავაკეთე და “კუპიდონს” მივწერე.
– “აფროდიტე” იძახებს “კუპიდონს”.
ღიმილის “სმაილიკიც” მივაყოლე. დაახლოებით ათი წუთი დამჭირდა ლოდინი, ვიდრე “კუპიდონი” მიპასუხებდა.
– ასე მალე არ გელოდი…
– არც მე ვაპირებდი, მაგრამ რაღაცეები მოხდა…
– დაგირეკა?
– არა, ჯერ არა! სხვა რაღაცეები…
– საინტერესოა! შეგიძლია ათი წუთი კიდევ დამელოდო? საჭესთან ვარ… დავაყენებ მანქანას და მაშინვე მოგწერ.
– დაგელოდები…
– სამზარეულოში ყავა და ჩაია. შეგიძლია მიირთვა მანამდე…
– ძალიან კარგი.
სამზარეულოში გავედი, ელექტროჩაიდანი ჩავრთე, წყალი ავადუღე და ჩაი დავისხი. “კუპიდონმაც” მალე მომწერა…
– აქ ხარ?
– კი…
– ახლა კურიერი მოვა და რაღაცას მოიტანს… შეგიძლია კარი გაუღო?
– გავუღებ… რას მოიტანს?
– ნახავ…
კარზე მართლა გაისმა ზარი. კორიდორში გავედი და ჭუჭრუტანაში გავიხედე. ბიჭის კეფა დავინახე და კარი გავაღე. კურიერი ზურგით იდგა და უცებ შემობრუნდა.
– შეენ? რატომღაც არ გამიკვირდა…
სადარბაზოში მეკობრე იდგა და მიღიმოდა.
– შეიძლება შემოვიდე?
– “არა” რომ გითხრა და კარი დავკეტო, რას იზამ?
– მაშინ გასაღებით გავაღებ და შემოვალ…
– ჰოდა, აბა, ეს კითხვა რაღა საჭირო იყო….
გამეცინა და კარი ფართოდ გამოვაღე. შემოვიდა, ხელი ჩამომართვა, პალტო გაიხადა და საკიდზე ჩამოკიდა.
– ის “ბაიკი” შენია, ქვემოთ?
– კი…
– ლამაზია.
– ჩაის დალევ?
– სიამოვნებით.
რატომღაც არ ვგრძნობდი თავს უცხოდ. ორივე სამზარეულოში შევედით. ჩაი დავასხი. ის იქვე იჯდა და მაკვირდებოდა.
– გადაწყვეტილება უკვე მიიღე?
– კი…
– მეტყვი?
– კი!
– გისმენ…
– უკვე გითხარი ამწამს, – კი!
ლევანს გაეღიმა.
– ძალიან გამიხარდა!
– გადაწყვეტილების სათქმელად არ მოვსულვარ აქ, ასე გვიან… სხვა მიზეზი მქონდა.
– გისმენ ყურადღებით!
– როდესაც “პორტალში” ვიყავი, შემთხვევით, საპირფარეშოში ორი გოგოს ლაპარაკს მოვკარი ყური. ერთი მეორეს უყვებოდა, როგორ გააჩერა ვიღაცა გოგო ქუჩაში კერძო დაცვის თანამშრომელმა და კონვერტი გადასცა, სადაც ფული იდო. ეს გოგო დაცვამ “მირაჟის” სასტუმროში დაიბარა…. ჰოდა, დღეს საღამოს, შემთხვევით ვნახე ის გოგო, რომელიც ამ ამბავს ჰყვებოდა…
– რას ლაპარაკობ! სად ნახე?
– მის სახლში…
– მის სახლში?
– ჰო, საერთო მეგობარი აღმოგვაჩნდა… მოკლედ, ცალკე გავიყვანე და ვუთხარი, რომ “პორტალში” ვნახე და იმ ამბავზეც ვკითხე…
– რა გითხრა?
– მითხრა, რომ ის გოგო ერთსა და იმავე ნომერში მოდიოდა და რჩებოდა. დილით ამ გოგოს საუზმე აქონდა მასთან, იმიტომ, რომ რესტორანში მუშაობს მიმტანად… მისი სახელი და გვარიც გავიგე…
– მიმტანის?
– არა, იმ გოგოსი… ლიზა ბერიძე ჰქვია! “ფეისბუქშიც” ვიპოვე.
– შეგიძლია მაჩვენო?
ლევანმა “ლეპტოპი” სასტუმრო ოთახში, ჟურნალის მაგიდაზე დადო, ორივე დივანზე დავსხედით და ლიზი ბერიძის პროფილი დავათვალიერეთ.
– იმედია, ვარსკვლავებს მისწვდა და არა პირიქით…
თქვა ლევანმა და ყველაფერი დაწვრილებით მომაყოლა. კროულის კაბინეტში მოსულ კაცზეც ვუთხარი… ყურადღებით მისმენდა.
– ევა, განცვიფრებული ვარ შენით! ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მაგარი კადრი შევიძინეთ…
– იმ გოგოს იპოვით? ლიზის?
– იმედია!
– მე რა უნდა გავაკეთო?
– შენ ახლა კარგად გამოიძინე, ხვალ სამსახურში წადი და უბრალოდ, ყურადღებით იყავი… თუ გიორგაძე დაგირეკავს, შეხვედრაზე შეუთანხმდი და გამაგებინე.
უცებ პიჯაკის ჯიბეში ხელი ჩაიყო და მობილური ტელეფონი ამოიღო. ძველებური “ნოკია” იყო…
– ეს შენ უნდა გქონდეს და თუ რამეა, აქედან დამირეკავ… კონტაქტებში მარტო ჩემი ნომერი წერია. შეგიძლია მშვიდად დამირეკო ხოლმე, არავინ მოგვისმენს… ჰო, კიდევ უნდა გკითხო რაღაც…
– რა?
– “სიამოვნების ბაღი” რამეს გეუბნება? რამე კონკრეტული თუ გახსენდება, ან თუ სადმე მოგიკრავს თვალი, რომ ეწეროს ეს სიტყვები…
– არა… წარმოდგენაც კი არ მაქვს! რატომ მეკითხები? რამეს უნდა ნიშნავდეს?
– ვფიქრობთ, რომ რაღაც მინიშნებაა, ფარული მესიჯია და რაღაც ადგილს უნდა უკავშირდებოდეს… “თბილისის” ყველა ბაღი შევამოწმეთ, მაგრამ საეჭვო ვერაფერი ვიპოვეთ… შენ თუ მოჰკრავ ყურს რამეს “ლაბირინთში”, შემატყობინე.
– ისეთი სახელია, საროსკიპოს რომ უნდა ერქვას! კარგი, ახლა წავალ, თორე ძალიან გვიანია…
– კარგი, ევა! ჯერ შენ წადი, მერე მე წავალ… ერთად არავინ არ უნდა დაგვინახოს!
ქუჩაში პირველად მე გამოვედი. მოტოს რომ მივაქროლებდი, თავს სხვანაირად ვგრძნობდი… ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ცხოვრებას ახლიდან ვიწყებდი…
დილით მობილურის ზარმა გამაღვიძა. ეკრანს დავხედე. ვიღაც ისევ დაფარული ნომრით რეკავდა…
– გისმენთ…
– დილა მშვიდობისა, ანა! ხომ არ გაგაღვიძე?
– არა, რომელი ხართ?
– ლევან გიორგაძე…
საწოლში წამოვჯექი.
– გამარჯობა, ლევან…
– ჩვენი შეხვედრის თაობაზე გირეკავ, შაბათს, თორმეტის ნახევარზე რომ მოგაკითხოს მანქანამ, შეძლებ “პორტალში” წამოსვლას?
– რა თქმა უნდა…
– მაშინ შაბათამდე გემშვიდობები და წარმატებულ დღეს გისურვებ!
– მეც ასევე…
– შეხვედრამდე.
– შეხვედრამდე…
ლოგინიდან წამოვხტი და სახეზე ცივი წყალი შევისხი. მერე მეკობრის მოცემული “ნოკია” ჩავრთე და დავურეკე. ვუთხარი, რომ შაბათს, თერთმეტის მერე გიორგაძესთან მქონდა რანდევუ…
ჩავიცვი, ვისაუზმე და სამსახურში წავედი. პირველ რიგში, მტრისასთან შევედი. მშვენიერი მიზეზი მქონდა, რომ კროულის კაბინეტში შევსულიყავი…
– დობროვსკის ნახვა მინდა!
– რასთან დაკავშირებით?
– იცის თვითონ…
ნატამ უკმაყოფილო სახით აიღო ყურმილი და კროულის მოახსენა, რომ მისაღებში ველოდებოდი.
– შედი!
ჯერ ერთი კარი გავაღე, მერე მეორე. თუ ამ ორ კარს შორის დადგები და ორივეს დახურავ, თავი კუბოში გეგონება… საშინელი შეგრძნებაა…
– შემოდი, ანიკა!
შევედი და მისი მაგიდის წინ დავდექი. უნდა მეთქვა, რომ გიორგაძე შეხვედრაზე შემითანხმდა, მაგრამ ამ დროს ტელეფონმა დაურეკა. ერთი წუთითო, ხელით მანიშნა და უპასუხა. მე მაგიდას მოვშორდი და სავარძლებისკენ წავედი. თვალში ისევ “ბოსხის” რეპროდუქცია მომხვდა. ამჯერად კარგად დავაკვირდი მასზე გამოსახულ ბაკქანალიას…
– ბოდიში, ანიკა. აუცილებლად უნდა მეპასუხა! აბა, რაზე შეწუხდი?
– ბატონო აბრამ, ამ ნახატს რა ჰქვია?
– ეს არის ბოსხის “მიწიერი სიამოვნების ბაღი”, ანიკა…

ლაბირინთი – იდუმალი ტრიპტიქი (ეპიზოდი 13)

– მოგწონს? – მკითხა კროულიმ და ჩემკენ წამოვიდა. მე ნახატის წინ ვიდექი, ყურადღებით ვაკვირდებოდი და ვცდილობდი, რამე განსაკუთრებული შემემჩნია.
– გამადიდებელი შუშა უნდა გეჭიროს ხელში და იმით აკვირდებოდე, იმდენი დეტალია…
– ეს ბოსხის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახატია… ტრიპტიქია! იკეცება…
– იკეცება?
– კი. სამი ცალკეული პანელი ხომ არის? მარჯვენა და მარცხენა დარაბებია. რომ დაკეცო, მეოთხე ნახატს დაინახავ!
– რა საინტერესოა! შეგიძლიათ მაჩვენოთ?
კროულიმ ძალიან ფრთხილად, ჯერ მარცხენა დარაბა დახურა, მერე მარჯვენა.
– ცოტა უკან დაიხიე და ისე შეხედე!
რამდენიმე ნაბიჯი უკან გადავდგი.
– ეს დედამიწაა?
– ეს არის სამყარო, შექმნის მესამე დღეს, როდესაც ჯერ არ არსებობდა სიცოცხლე. არც ადამიანი, არც ცხოველები…
დობროვსკიმ ისევ გაშალა დარაბები. კედელზე ვერაფერი საეჭვო ვერ შევნიშნე… თუ კედელში სეიფია, ალბათ ნახატის ცენტრალური ნაწილი ფარავს…
– ნახე, ანიკა! ტრიპტიქის მარცხენა ნაწილში ედემის ბაღია, სადაც ეგზოტიკური მცენარეები და ცხოველებია ასახული. ცენტრალურ ნაწილში – მიწიერი ტკბობის, იგივე სიამოვნების ბაღია, ხოლო მარჯვენაში – ჯოჯოხეთი. მთლიანობაში, ნახატი კაცობრიობის შექმნისა და ცოდვის გაჩენის ისტორიას მოგვითხრობს…
– ძალიან საინტერესოა!
– ამიტომ მიყვარს ასე ძალიან ბოსხი! სულ მგონია, რაღაც დიდი საიდუმლო იცოდა და თავის ნახატებში დაშიფრა. საქმეს დავუბრუნდეთ. – რამე ახალი ამბავი უნდა მითხრა, ანიკა?
– დიახ! შაბათს ისევ უნდა შევხვდე ლევან გიორგაძეს და ამის სათქმელად მოვედი…
– ძალიან კარგი გოგო ხარ, ყველაფრის საქმის კურსში რომ მაყენებ… ყურადღებით მოუსმინე, რომ კარგად გაიგო, რა უნდა. კითხვების დასმაც არ მოგერიდოს…
– არ მომერიდება…
– ჩემგან რამე ხომ არ გჭირდება?
– არა, არაფერი…
– ორშაბათს რომ მოხვალ, შემოდი და მომიყევი, როგორ ჩაივლის შეხვედრა.
– აუცილებლად, ბატონო აბრამ…
კროულის კაბინეტიდან რომ გამოვედი, ისევ იმ ნახატზე ვფიქრობდი… ნეტავ, რას უნდა ნიშნავდეს ეს ნახატი? ან რა ინფორმაციას ფლობს ლევან კალანდაძე? სამწუხაროა, რომ კროულის კაბინეტში მარტო ვერ მოვხვდები, რომ შევამოწმო, არის თუ არა რამე ნახატის უკან…
ზეგ უკვე შაბათია. როგორმე უნდა მოვიცალო და საყიდლებზე წავიდე. ჩემი გარდერობი აშკარად განახლებას მოითხოვს. “პორტალში” ისევ იმ კაბით ხომ ვერ წავალ…
საღამომდე ვერ მოვითმინე, სამსახურიდან გარეთ გამოვედი და ქუჩის მოპირდაპირე მხარეს, მარკეტში შევედი. არავის არაფერი რომ არ ეეჭვა, შოკოლადები ვიყიდე და ვიდრე სამსახურში დავბრუნდებოდი, ლევან კალანდაძეს დავურეკე. მეორე ზარზე მიპასუხა.
– მოხდა რამე?
– გახსოვს, სიამოვნების ბაღზე რომ მკითხე…
– რა თქმა უნდა! მერე?
– მგონი გავიგე, რასაც უნდა ნიშნავდეს…
– სად ხარ? სამსახურიდან ხომ არ მელაპარაკები?
– არა. გარეთ ვარ…
– აბა, მითხარი! ოღონდ სახელების და გვარების ხსენების გარეშე.
– google-ში ჩაწერე “ჰიერონიმუს ბოსხი, მიწიერი ტკბობის ბაღი!”
– ნახატია?
– კი…
– სადმე ნახე ეგ ნახატი?
– უფროსის კაბინეტში კიდია! მეტყვი, რა არის ამ ნახატში?
– ჯერ მე თვითონაც არ ვიცი… მარტო ის ვიცი, რომ “სიამოვნების ბაღში” რაღაც მნიშვნელოვანი ინახება!
– იქნებ სეიფია ნახატის უკან, კედელში?
– მეც ეგ გავიფიქრე… ამაზე საღამოს ვილაპარაკოთ. სამსახურის მერე შეძლებ ჩემთან შეხვედრას?
– შევძლებ…
– მაშინ დროებით დაგემშვიდობები… ძალიან ყოჩაღი გოგო ხარ!
ტელეფონი გავთიშე და სამსახურში ავედი. მაქსს მერის სახლი უკვე დაესრულებინა და ყველა დეტალი გავიარეთ. სასწრაფოდ მეორე ლოკაციაზე უნდა დავიწყო მუშაობა. მაქსს დეტალები სჭირდება. მე კიდევ, იმ ნახატზე ფიქრი არ ამომდის თავიდან.
მაგიდასთან დავჯექი თუ არა, მაშინვე ბოსხის ნახატი მოვიძიე. ვიცოდი, რომ ვერ დავიწყებდი მუშაობას იქამდე, სანამ რაღაც პატარა ინფორმაციას მაინც არ ვნახავდი…
აი, რა გავიგე ნახატის შესახებ:
” ბოსხის “მიწიერი სიამოვნების ბაღი” ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი და ამოუცნობი ნახატია, მსოფლიოში არსებული ხელოვნების ცნობილი ნიმუშებიდან. სიმბოლოებით და ნიშნების თამაშით, ბოსხმა გრანდიოზული ფერწერული სიმფონია შექმნა. ტილო “მიწიერი სიამოვნების ბაღი” ოთხი ნაწილისგან შედგება, რომელიც ერთი მთლიანი იდეით და სიმბოლური ქვეტექსტით არის გაერთიანებული.
ეს არის სამყაროს ოთხი კოსმოსური ქმნილება. ედემის ბაღში, ერთი შეხედვით, სრული ჰარმონია სუფევს, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით დეტალებს, შეამჩნევთ, რომ ბოროტებას არ სძინავს. კატას პირში დამხრჩვალი თაგვი უჭირავს, ხოლო მტაცებელი ცხოველი ირემს ფატრავს… ხოლო სიცოცხლის მშვენიერ შადრევანში ჭოტმა დაიბუდა, რომელიც ბნელი, დემონური ძალის სიმბოლოა და თავად სიცოცხლის დაბადებასთან ერთად ჩნდება…
ედემის ბაღში დაბადებული ბოროტება ტრიპტიქის მეორე ნაწილში, დედამიწაზე იფურჩქნება. ნახატის ცენტრალურ ნაწილს მკვლევარები “ცრუ სამოთხეს” უწოდებენ. შიშველი მხედრები უზარმაზარი თევზებით და ჩიტებით ჩაკეტილ წრეზე დადიან. ეს კაცობრიობის გზაა, დაუსრულებელი ჩიხი… წრის ცენტრში ცოდვაა ასახული. ადამიანების ფიგურები კი იეროგლიფებს მოგვაგონებს… უმეტესობა სიმბოლოებისა, რომლებიც ნახატშია დაშიფრული, დღემდე გაუშიფრავი რჩება.”
– რას კითხულობ?
თავზე მოულოდნელად ფილი წამომადგა. როგორც წესი, სამსახურში ყოველთვის პირველი მოდის ხოლმე. ახლა დაიგვიანა. ისევ არ მტოვებს შეგრძნება, რომ იმ დღის მერე შეიცვალა…
– კროულის კაბინეტში ნახატი რომ უკიდია, იმან დამაინტერესა!
– რამე საინტერესო იპოვე?
– ნახატი თვითონაა საინტერესო…
– დღეს მეორე ლოკაცია უნდა დავიწყოთ! მზად გაქვს შენ ინვენტარის სია?
– ახლა მაგას ვაკეთებ!
– ფელიქს, მოდი, რაღაც უნდა მოგასმენინო!
ირაკლის ყურსასმენები ეკეთა და დილიდან მუსიკას ამუშავებდა. სამსახურში შვიდ საათამდე დავრჩი. იქიდან პირდაპირ ტაბიძეზე წავედი. ლევანი უკვე იქ დამხვდა. სენდვიჩები და კარტოფილი ფრი მოეტანა და სასტუმრო ოთახის პატარა მაგიდაზე სუფრა გაეშალა.
– ეს რად გინდოდა?
ვკითხე და დივანზე დავჯექი.
– სამსახურიდან მოდიხარ და მშიერი იქნები.
– ნახატზე წავიკითხე რაღაცები…
– ჩვენები უკვე მუშაობენ მაგაზე. როგორ მიხვდი ამ ყველაფერს, შეგიძლია მომიყვე?
– დილით კროულის კაბინეტში შევედი…
– კროულის?
– დობროვსკის… ასე ვეძახი. პირში არა, რა თქმა უნდა!
ლევანს გაეცინა.
– კარგად დაგირქმევია! მერე?
– ეს ნახატი ადრეც მქონდა შემჩნეული. ამჯერად სხვა თვალით შევხედე… ამიტომაც ვკითხე სახელი…
– დაახლოებით რამხელაა ნახატი?
– რეპროდუქციაა, მაგრამ მაღალი ხარისხის! სიგრძე ერთი მეტრი იქნება! სიგანე ცოტა ნაკლები… გვერდითა ნაწილები დარაბებივით იხურება.
– დარწმუნებული ხარ?
– კი, მაჩვენა! მაგრამ კედელს არაფერი ეტყობოდა საეჭვო… თუ შიგნით სეიფია, მაშინ ცენტრალური ნაწილის უკან იქნება!
– შესაძლებელია!
– ზუსტად რა მოისმინა ლაშამ, ვერ მეტყვი?
– გიორგაძე ტელეფონით ელაპარაკებოდა დობროვსკის. რაღაც კომპრომატი მოიკითხა და მერე ერთი ფრაზა თქვა: “სიამოვნების ბაღში” არავინ დაიწყებს ძებნას და მანდ იყოსო…
– თუ ასეა, გამოდის, რომ სეიფია იქ…
– ახლა იმაზე ვმუშაობთ, მის კაბინეტში როგორ მოვხვდეთ ისე, რომ თვითონ იქ არ იყოს…
– ეგ გაგიჭირდებათ! როცა კაბინეტში არ არის, ორივე კარი დაკეტილი აქვს და სიგნალიზაციაა ჩართული…
– ვიცი, მაგრამ არის რაღაც ხერხები, რისი გამოყენებაც შეგვიძლია! შენ არავითარ შემთხვევაში არ მიიღო გადაწყვეტილება დამოუკიდებლად. შეიძლება ყველაფერი წყალში ჩაიყაროს…
– ნუ გეშინია, ასეთი დებილიც არ ვარ…
– ეგ არც მიგულისხმია!
– ვიცი…
– და კიდევ ერთი, დარეკვას ჯობია, მესიჯი მომწერო ხოლმე.
– კარგი…
– ახლა რაც შეეხება შაბათს!
კალანდაძე ფეხზე წამოდგა და ქეისი გახსნა. იქიდან პატარა კოლოფი ამოიღო.
– ეს შაბათს უნდა გაიკეთო!
კოლოფი გავხსენი. წყვილი საყურე იდო.
– ამაშია მიკროფონი?
– კი, მარჯვენაში!
– მეტალოდეტექტორში გამატარებენ…
– ნუ გეშინია! არ დაიწრუპუნებს… ასეთი რისკის ქვეშ არ დაგაყენებდი. საყურე სპეციალური გარსითაა დაფარული. ვერავინ ვერაფერს მიხვდება. ჩვეულებრივად გაიკეთებ და შესვლის წინ ამ გიშრის თვალს დააჭერ თითს. დანარჩენს თვითონ იზამს… ოღონდ მიკროფონი მხოლოდ მარჯვენაშია. კოლოფიდან არ ამოიღო გაკეთებამდე, რომ არ აგერიოს… აჯობებს, თუ მარჯვენა ყურზე გაიკეთებ.
– გასაგებია! არ შემეშლება…
– თუ ყველა ფლიგელი დაგათვალიერებინა, რაც ძალიან მეეჭვება, ეცადე, დეტალებზე გაამახვილო ყურადღება და ადამიანებსაც დააკვირდი… სახეებს… მერე ფოტოებს გაჩვენებ და იქნებ ვინმე ამოიცნო. თუ რამე ისე არ წავიდა, თქვი “აქ ძალიან უჰაერობაა”.
– ეს რაღაც სიტყვა-კოდის მსგავსია?
– ჰო. ოღონდ გამოუვალი მდგომარეობის დროს იტყვი ამას! თუ შენს სიცოცხლეს რამე საფრთხე შეექმნება! ცუდი არაფერი მოხდება, დარწმუნებული ვარ, მაგრამ ჯობია დაზღვეულები ვიყოთ!
– გავიგე… თუ მარტო ეს არის, რაც უნდა გეთქვა, მაშინ სახლში წავალ!
– ჯერ სენდვიჩი მიირთვი!
მე და ლევანმა სენდვიჩები შევჭამეთ და ცოტა კიდე ვისაუბრეთ. სახლიდან პირველი მე გამოვედი. მეორე დღეს, დილის თერთმეტ საათზე, სამსახურში “ყაზტრანსგაზის” ორი თანამშრომელი მოვიდა. თქვეს, რომ რაღაც დაზიანება მოხდა და ყველა ოთახში დაიწყეს ცენტრალური გათბობის მილების შემოწმება. თანამშრომლები ცოტა ხნით დერეფანში გამოგვიყვანეს. კროულის არ უნდოდა კაბინეტის დატოვება, მაგრამ წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია და ისიც ჩვენთან ერთად გამოვიდა.
მე მაშინვე მივხვდი, რომ სინამდვილეში, ეს “ხელოსნები” უშიშროების სამსახურიდან იყვნენ… ინტერესი მკლავდა! სავარაუდოდ, ნახატს ამოწმებდნენ…
– რა ხდება, გაზი ჟონავს?
ჰკითხა ირაკლიმ, როცა კროულის კაბინეტიდან გამოვიდნენ.
– არა. აქ ყველაფერი რიგზეა! შეგიძლიათ განაგრძოთ მუშაობა.
– იმედია, არ გავიგუდებით!
– შეწუხებისთვის ბოდიშს გიხდით…
– თქვენს მაგიდებს დაუბრუნდით!
გვითხრა დობროვსკიმ და თვითონ თავისი კაბინეტისკენ გაეშურა. დღეს კროულიმ ნება დამრთო, ადრე წავსულიყავი სახლში. ვუთხარი, რომ კლუბში წასასვლელად ჩასაცმელი არ მქონდა… ჯერ სახლში მივედი, ვივახშმე და მერე მე, დედა და თეო ერთად წავედით სავაჭრო ცენტრში. გზაში მესიჯი მომივიდა.
– ვისი ტელეფონია?
გაუკვირდა თეოს.
– ჩემია…
ვთქვი და “ნოკია” ამოვიღე.
– მოიცა, ის გაგიფუჭდა?
– არა, ისიც მაქვს!
– და რად გინდა ორი?
– ამაში კორპორატიული ნომერია და ბიჭებს უფასოდ ველაპარაკები… მოგვცეს და წამოვიღე.
დედა საჭესთან იჯდა. არაფერი უთქვამს… მე მესიჯი წავიკითხე.
– “ბაღში ის არ აღმოჩნდა, რასაც ველოდით”.
როგორც ჩანს, მართალი ვყოფილვარ. ის ორი ბიჭი ნამდვილად უშიშროებიდან იყო… საინტერესოა, რა არ აღმოჩნდა? ალბათ, სეიფი…
– “სულ ვერაფერი იპოვეთ?”
მივწერე ლევანს. პასუხმა არ დააყოვნა.
– “ვერაფერი”.
თუ ნახატის უკან სეიფი არ არის, ესე იგი, საქმე თვითონ ნახატშია… ნეტა რა უნდა იყოს შიგ დაშიფრული?
სავაჭრო ცენტრში საკმაოდ ბევრი ვიბოდიალეთ. თეომაც იყიდა რაღაცები. მე არჩევანი მთლიანად დედას მივანდე. მის გემოვნებას თვალდახუჭული ვენდობი. ძალიან ლამაზი შარვალი, ორი ზედა, ქვედაბოლო და წითელი კაბა შემირჩია. ფეხსაცმელიც ვიყიდე, ერთი კლასიკური, ერთიც მაღალქუსლიანი ჩექმა. საყიდლების მერე ყავა დავლიეთ და სახლში საკმაოდ გვიან მოვედით.
შაბათი დღეც გათენდა. კარგად გამოვიძინე. შხაპი მივიღე და ყავა დავისხი. ნელ-ნელა ვსვამდი და “პორტალზე” ვფიქრობდი. დღე ოჯახთან ერთად გავატარე. საღამოს კალანდაძისგან მესიჯი მომივიდა, აინტერესებდა, ხომ არ ვნერვიულობდი. სინამდვილეში საკმაოდ ვღელავდი…
ათ საათზე გიორგაძემ დამირეკა დაფარული ნომრით. მითხრა, რომ მანქანას გამომიგზავნიდა, მაგრამ უარი ვუთხარი. ვთქვი, რომ მე თვითონ მივიდოდი ტაქსით. ასეც მოვიქეცი. ტაქსი გამოვიძახე და კლუბში წავედი.
წითელი კაბა ჩავიცვი. საყურეებიც გავიკეთე. ტაქსიდან რომ გადმოვედი, გიორგაძის მანქანა დავინახე, რომელიც შესასვლელთან ეყენა. ჩემკენ შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილი ახალგაზრდა მამაკაცი წამოვიდა.
– გამარჯობა!
ხმით მაშინვე ვიცანი ლაშა. სწორედ ის იყო, ვინც იმ ღამეს მელაპარაკა…
– გამარჯობა…
– მე შეგიყვან! წამოდი…
ლაშას გავყევი. დაცვას არ მოუთხოვია ბარათი, მაშინვე გაგვატარა. არც მეტალოდეტექტორში გამივლია, პირდაპირ დარბაზში შევედით…
ლაშა ხმას არ იღებდა. მხოლოდ ხელით მიჩვენებდა მიმართულებას, საით წავსულიყავი. წითელი დერეფანი გავიარეთ და კიბეზე დავეშვით. თითი მარჯვენა საყურეს მივაჭირე. მინუს ერთი სართული ორი იმდენი ჩანდა ფართობით, რაც მის ზემოთ იყო… ოღონდ აქ კიდევ უფრო ვიწრო დერეფნები იყო, რომლებიც ლაბირინთივით იხლართებოდა ერთმანეთში.
– ეს ძველად თავშესაფარი იყო?
ვკითხე ლაშას.
– ჰო. უფრო სწორად, საიდუმლო კომუნიკაციის მიწისქვეშა სადგური იყო, საბჭოთა პერიოდში…
– ასეც ვიფიქრე!
ლაშამ დიდ დარბაზში შემიყვანა. აქაც ყველაფერი წითელი იყო… იატაკი, კედლები, განათება… ზედა სართულის დარბაზისგან განსხვავებით, აქ უფრო მოზრდილი სცენა იყო. ხოლო დასაჯდომი ადგილები ერთმანეთისგან ფარდებით იყო გამოყოფილი…
– აქეთ…
ლაშამ ერთ-ერთი ფარდა ხელით გადასწია, მანიშნა, შიგნით შევსულიყავი…
– მოდი, ანიკა!
გიორგაძე ფეხზე წამოდგა და ხელი ჩამომართვა.
– “მირაჟის” ვერანდას მაგონებს ეს ფარდები…
– ჰო, ორივე ერთმა დიზაინერმა გააკეთა! შენ როგორ ხარ? არაჩვეულებრივად გამოიყურები…
– მადლობა! კარგად ვარ…
მაგიდაზე ხილის უზარმაზარი ასორტი და მარტინი იდგა.
– დალევ?
– სიამოვნებით!
გიორგაძემ ჭიქები შეავსო, თავისი ბოკალი ხელში აიღო და მომიჭახუნა.
– შენ გაგიმარჯოს!
დავლიეთ.
– ეს დარბაზი რით განსხვავდება ზედა დარბაზისგან?
– გახსოვს, გითხარი, “პორტალში” ცნობილი ადამიანები დადიან-მეთქი? მათ შორის, პოლიტიკოსები…
– მახსოვს…
– ჰოდა, ეს დარბაზი მათთვისაა! აქ ერთობიან, ხვდებიან ვიღაც-ვიღაცებს…
– ეს ფარდებიც ამიტომ აქვთ ჩამოფარებული?
– რა თქმა უნდა!
გიორგაძემ მაჯის საათზე დაიხედა.
– კარგ დროს მოხვედი! შოუ წუთი-წუთზე დაიწყება!
– შოუ?..
– “ცეკვა დემონთან!” ჰქვია! ჯერ შოუს ვუყუროთ და მერე დაგელაპარაკები საქმეზე… შოუს მერე უფრო ადვილად გაიგებ, რა მინდა! მანამდე ხილი მიირთვი…
ანანასის ნაჭერს ჩანგალი ჩავარჭე და თეფშზე გადმოვიღე. გიორგაძემ ისევ დაასხა მარტინი. ჩვენი ფარდა შუაში გახსნილი იყო და სცენა მოჩანდა. უცებ სცენის წინ ერთმა გოგომ გაიარა. ოქროსფერი, ბრჭყვიალა კაბა ეცვა. თუმცა კაბასაც ვერ დაარქმევდით… ძლივს უფარავდა გენიტალიებს…
გოგო ვიღაცას ეძებდა. სულ რამდენიმე წამით შეჩერდა სცენის ქვემოთ, მაგრამ ესეც საკმარისი იყო, რომ მაშინვე მეცნო… ეს გოგო ლიზი ბერიძე იყო, რომლის შესახებაც გვანცამ მომიყვა… “ფეისბუქზე” მისი ყველა ფოტო დავათვალიერე და ამაში ეჭვიც არ მეპარებოდა…
– ანიკა, მოემზადე! შოუ იწყება!
მითხრა გიორგაძემ და გამიღიმა.

ლაბირინთი – ცეკვა დემონთან (ეპიზოდი – 14)

– “მე აქ ვარ! ვდგავარ უძლური და სიკვდილისთვის განწირული. უკვე ძალიან ბევრი დღე გავიდა… რა ადვილია იპოვო ტყუილი და რა ძნელია, იპოვო სიმართლე… მე არ დავრჩები დიდხანს ამ სამყაროში და ეს არასწორია! – დახუჭეთ თვალები და მითხარით “მშვიდობით!” მე ამაღამ ვიწყებ ცეკვას დემონთან…
შენ ვერ გაბედავ ჩახედო მას თვალებში, როცა ჩვენ ორნი დავიწყებთ ცეკვას ამაღამ… მე უკვე ვგრძნობ, როგორ მისრიალებს ჩემს კანზე ის თრთოლვით… ვგრძნობ მის ცივ, მკვდარ თვალებს, რომლებიც ჩემკენაა მომართული…
ჩემი ცხოვრება მოპარულია! მე ვეღარ დავრჩები დიდხანს ამ სამყაროში და ეს არასწორია!”
– ეს იმ სიმღერის სიტყვებია, რომლითაც შოუ დაიწყო. ამ სიმღერამ ჩემზე ძალიან იმოქმედა… დარბაზში ჯერ დაბნელდა და გონგის ხმა გაისმა, რომელსაც მუსიკა დაერთო. მერე სცენა წითლად ამონათდა და თხელ, თეთრ კაბაში ჩაცმული გოგო გამოჩნდა… ნაზად და ლამაზად დაიწყო ცეკვა. უცებ, თითქოს მიწიდან ამოძვრაო, სცენაზე დემონი გაჩნდა. შავებში გამოწყობილს თავზე ორი მოღუნული რქა ედგა, მთელი სხეული მოხატული ჰქონდა და უცნაურ, მკვეთრ მოძრაობებს აკეთებდა…
ცეკვა რაღაც რელიგიურ რიტუალს უფრო ჰგავდა… თითქოს ის გოგო სიცოცხლისთვის იბრძოდა, უხილავ ძაფს ეჭიდებოდა, რომელიც ნელ-ნელა წყდებოდა და გოგოს წყვდიადი თავისკენ ექაჩებოდა. დემონს კი მისი დაუფლება სურდა!
ფონად სხვა გოგოებიც ცეკვავდნენ და მოძრაობებით თითქოს ცოდვილი სულების ტანჯვას გამოხატავდნენ.. დემონისა და გოგოს ცეკვა საკმაოდ ეროტიკული იყო… მთელ სხეულში ჟრუანტელმა დამიარა. სცენას სუნთქვაშეკრული მივჩერებოდი. ასე მეგონა, გულიც კი აღარ მიცემდა…
როდესაც დემონმა გოგონას კაბა შემოაგლიჯა, ის ძირს დავარდა. მან კი მისი დაუძლურებული სხეული ხელში ჩაიგდო. გრძელი, შავი და ბასრი ბრჭყალები მის კანზე დასრიალებდა და როცა დემონის სხეულმა მთლიანად გადაფარა გოგონა, სცენა სიბნელემ შთანთქა.
ეს ყველაზე ემოციური და სულისშემძვრელი შოუ იყო, რაც კი ცხოვრებაში მინახავს. რამდენიმე წამის განმავლობაში ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, თავი სამარეში მეგონა. მერე ისევ განათდა სცენა და დარბაზში ტაშის ხმა გაისმა. ოღონდ სცენაზე აღარ იყვნენ გოგო და დემონი. მხოლოდ ის გოგოები დარჩნენ, რომლებიც ფონთან იყვნენ შერწყმულნი…
გოგოებმა ცეკვა გააგრძელეს. ისინი ნელ-ნელა დარბაზში ჩამოდიოდნენ და მაგიდებთან მიდიოდნენ. ფარდები ხელს მიშლიდა, დამენახა, თუ რა ხდებოდა შიგნით.
– მოგწონს?
მკითხა გიორგაძემ. მისი არსებობაც დავიწყებული მქონდა…
– ძალიან შთამბეჭდავი იყო… ესენი ყველა პროფესიონალი მოცეკვავეები არიან?
– ესენი მხოლოდ “პორტალში” ცეკვავენ, სხვაგან არა!
– არა? რატომ?
– ასეთი კონტრაქტი აქვთ! საკმარისად კარგად უხდიან მათ ამ ექსკლუზივისთვის…
გაიღიმა ლევანმა.
– გასაგებია…
– მე არ მჭირდება საზიარო თანამშრომლები… ერთდროულად რამდენიმე ადგილზე რომ მუშაობენ. ვინც ჩემს რომელიმე კომპანიაში ან დაწესებულებაში მუშაობს, მხოლოდ მე უნდა მეკუთვნოდეს.
– ალბათ, სწორედ ეს მოგწონს…
– რა?
– საკუთარი ძალაუფლების შეგრძნება!
– არ დაგიმალავ! ნამდვილად მომწონს…
– მაშინ ამ შეგრძნებას გაუმარჯოს! მიუხედავად იმისა, რომ მე არ გამომიცდია არასდროს!
ჭიქა ავიღე და მარტინი დავლიე.
– არაფერი არ არის გვიან!
მითხრა ღიმილით და მანაც
დალია.
– აი, ეს არის ის სანახაობა, რაშიც ეს ადამიანები ბევრ ფულს იხდიან, ანიკა… – შეხედე! როგორი სიფრიფანა ფარდებით არის შემოსაზღვრული მათი პირადი სივრცე… მიუხედავად იმისა, რომ ეს თხელი ფარდები მათ ვერ დაიცავს, ისინი ახლა მაინც კომფორტის ზონაში არიან. თითოეულ მათგანს აქვს თავისი მცირე პირადი სივრცე… ამ პირად სივრცეში მათ არ ახსოვთ არც თავიანთი თანამდებობა, არც ვალდებულებები, მორალი… ისინი ყველას და ყველაფრისგან თავისუფლები არიან! თავისუფლება კი ყველაზე ძვირფასი რამაა ამქვეყნად!
– რას აკეთებენ, გარდა იმისა, რომ ჭამენ, სვამენ და სტრიპტიზს უყურებენ?
ვკითხე და თვალებში შევხედე.
– გამომყევი!
რაღაცნაირი, მტკიცე ხმით წარმოთქვა, ფეხზე წამოდგა და ჩვენი პატარა სივრცე გაარღვია… მეც უკან მივყევი.
ხელი მომკიდა და მაგიდებს შორის გამატარა. შევეცადე, დამენახა, ვინ იყვნენ ფარდების შიგნით, მაგრამ ვერ შევძელი.
დარბაზი გადავკვეთეთ და დერეფანში გავედით. დერეფანი ვიწრო და მიხვეულ-მოხვეული იყო. გიორგაძე პირველივე კართან შეჩერდა და შეაღო. პატარა ოთახში შემახედა. თუმცა, ოთახიც არ ეთქმოდა ამას. საკანს უფრო ჰგავდა… მაღლიდან ორი მსხვილი ჯაჭვი იყო ჩამოშვებული და ზედ ხელბორკილი ეკიდა.
– ეს რა არის?
ვკითხე გაკვირვებულმა.
– ეს საწამებელი ოთახის იმიტაციაა!
– რისთვის?
– აკრძალული თამაშისთვის!
გიორგაძემ ოთახის კარი გამოხურა და ახლა მომდევნო გააღო. აქ ფართო, მდიდრული საწოლი და მოჩუქურთმებული სარკე იდგა. თითქოს ყველა ნივთი თუ საგანი, რაც აქ იყო, რომელიმე მეფის კუთვნილება იყო ძველად… საწოლთან ლამაზი საკიდი იდგა და ზედ სექსუალური თამაშებისთვის განკუთვნილი ინვენტარი ეკიდა…
– ეს საროსკიპოა?
ვკითხე გიორგაძეს დაბნეულმა. გაეღიმა.
– როგორც ხედავ. თან საკმაოდ უჩვეულო!
მესამე კარის სახელურზე წითელი ფირფიტა ეკიდა.
– ეს დაკავებულია!
შემდეგი ოთახი საავადმყოფოს პალატას ჰგავდა. ერთში კი აუზი იყო და კედლებში აკვარიუმი იყო გაკეთებული. წყლის ათინათები მთელ ოთახში თამაშობდა. თითქოს წყალქვეშ იყავი… ძალიან ლამაზი იყო.
ცხრა ოთახი ვნახე. სამი დაკავებული იყო. როგორც მივხვდი, “პორტალი” კლიენტების ნებისმიერ სურვილს, ნებისმიერ გემოვნებას და მოთხოვნას აკმაყოფილებდა… რაღაც მსგავსს კი მოველოდი, მაგრამ ნანახმა მაინც ძალიან ამაღელვა და ამაფორიაქა. გონებაში იმ გოგოებზე ვფიქრობდი, ვინც გიორგაძეს ოდესმე მოსწონებია… იქნებ რამენაირად აიძულებს მათ, თავიანთი ნების წინააღმდეგ იმუშაონ აქ? – ეს უკვე ტრეფიკინგია და ძალიან სერიოზული ზომების მიღებაა საჭირო!
ამ ფიქრებში ვიყავი წასული და გიორგაძეს უხმოდ დავყვებოდი უკან. მან ბოლო კარი გააღო და კიდევ ერთ ოთახში შემიყვანა. იქაურობა სამოთხის ზღაპრულ ბაღს ჰგავდა. დაბალ ხმაზე სასიამოვნო მუსიკა უკრავდა და ჩიტების და ჩანჩქერის ხმაც ერთვოდა. მართალია, მცენარეები ხელოვნური იყო, მაგრამ ძალიან ჰგავდა ნამდვილს…
– ეს რა არის?
– ნიმფების ბაღი!
– ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არალეგალურია…
ჩავილაპარაკე და ხელოვნურ ბალახზე ჩამოვჯექი. მაღლიდან ლიანები იყო ჩამოშვებული და ზედ სურო ჰქონდა დახვეული.
– ნებისმიერი ასეთი დაწესებულება არალეგალურია, მაგრამ ყველამ იცის, რომ არსებობს!
– მე მაინც ვერ ვხვდები… მე რა უნდა გავაკეთო?
გიორგაძე ჩემ გვერდით ჩამოჯდა.
– დაახლოებით თუ გაქვს წარმოდგენილი, რა ხდება ჩვეულებრივ ბორდელებში? მოდის კლიენტი, იხდის ფულს, შედის ოთახში, სადაც დახვდება გამოცდილი მეძავი, რომელიც მაქსიმუმ თხუთმეტ წუთში დააკმაყოფილებს მას… ყველაფერი მექანიკური და ხელოვნურია! ცხოვრება თამაშია და ჩვენ, ყველა დროდადრო რაღაცების იმიტაციას ვაკეთებთ… ჩვენ იშვიათად ვაჩენთ რეალურ სახეს, ზოგჯერ მოგვწონს სხვადასხვა როლის მორგება. აი, მაგალითად შენ! რატომ წერ თამაშებს? – იმიტომ, რომ მოგწონს სხვადასხვა რეალობის შექმნა! შენ მითხარი, რომ არ იცი, რა არის ძალაუფლების შეგრძნება… შეცდი, ანიკა! სინამდვილეში ძალიან კარგად იცი ეს! შენ მგავხარ…
შენ ქმნი რეალობებს და შენ წყვეტ პერსონაჟების ბედს და ეს სიამოვნებას განიჭებს! რასაც გინდა, იმას აკეთებინებ მათ… განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ შენთან ეს ყველაფერი წარმოსახვითია, ჩემთან კი რეალური…
– შეიძლება ასეცაა, მაგრამ რეალობაში მე ვერ შევძლებდი სხვის ცხოვრებაში ჩარევას…
– აბა, ჰკითხე საკუთარ თავს, რატომ ხარ აქ დღეს? მე გითხარი, რომ მინდა რეალური თამაში, რეალური ფიგურებით… გულის სიღრმეში შენც ძალიან გაინტერესებს, უბრალოდ, საკუთარ თავსაც არ უმხელ ამას…
– ფიქრობ, რომ ბევრი რამ იცი ჩემზე?
– საკმარისად ბევრი…
– სინამდვილეში ასე არ არის! მე ყველაზე მეტად ცხოვრებაში მძულს ის ადამიანი, ვინც გადაწყვიტა, რომ უფლება ჰქონდა, სხვისი ცხოვრება შეეცვალა… სხვისი ბედი გადაეწყვიტა! იმ ადამიანმა მე მამა წამართვა და მასთან ერთად ყველაფერი… ასე, უბრალოდ მიითვისა ის, რაც მას არ ეკუთვნოდა! დედა მეუბნებოდა, რომ მას არ შერჩებოდა ეს და რომ სამართალი ადრე თუ გვიან იზეიმებდა, მაგრამ ეს ყველაფერი სისულელეა! საკუთარი თავის დასამშვიდებლად მოგონილი ტყუილი…
– რა დაემართა მამას?
მკითხა გიორგაძემ და ჩემკენ შემობრუნდა.
– ამაზე სალაპარაკოდ არ მოვსულვარ…
– არა, მაგრამ მინდა მოვისმინო!
– მამას ჰქონდა ბიზნესი და საკმაოდ წარმატებული… ბავშვობის მეგობარი ჰყავდა, რომელიც დაასაქმა თავისთან. ანდო ყველაფერი… წუმპედან ამოათრია. ერთხელაც, მამა მოკლეს… თავში ჰქონდა მოხვედრილი ტყვია. მისი მეგობარი რუსეთში გაიქცა და მთელი ფული თან წაიღო. საქმე გაუხსნელი დარჩა… მას ყველაფერი შერჩა. ჩვენ კი მარტო ვალები დაგვიტოვა, რის გამოც ყველაფერი გავყიდეთ…
– შეგიძლია იმ კაცის ვინაობა მითხრა?
– თამაზი… თამაზ წულაია!
გიორგაძე გაჩუმდა და დაფიქრდა.
– იცნობ?
– შორიდან…
– კარგი. საქმეს დავუბრუნდეთ…
– მე მინდა, რომ შენ მოიფიქრო თამაშის სცენარი. ისეთი, რომ “პორტალის” კლიენტებმა თავი სხვა ამპლუაში, სხვა ადამიანებად იგრძნონ. რომ ერთფეროვნება არ მობეზრდეთ და უფრო და უფრო ხშირად იარონ… აქ მათ სხვა რეალობა უნდა დახვდეთ! მიხვდი, რის თქმა მინდა?
– მივხვდი, რაც გინდა! მარტო ერთ კითხვას დაგისვამ…
– გისმენ…
– ეს გოგოები… ყველა თავისი ნებით მუშაობს აქ?
გიორგაძემ თვალებში ჩამხედა. თითქოს ჩემი აზრების წაკითხვას ცდილობდა.
– რა თქმა უნდა, ანიკა! დემონი კი არ ვარ, ძალით დავიმონო ვინმე. მე არავის არაფერს ვაიძულებ! შეიძლება გაგიკვირდეს, მაგრამ მე ყველასთვის კარგი მინდა…
უცებ ხელით თმაზე შემეხო და ყურთან გადამიწია. მე მის ღია ცისფერ თვალებს დავაკვირდი… მომეჩვენა, რომ შუშის თვალები ჰქონდა და ემოციების განცდა არ შეეძლო. უბრალოდ, ყველაფერს ძალიან კარგად თამაშობდა!
– არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან მიზიდავ… ალბათ, შენი სამყარო მიზიდავს! საინტერესო და ამოუცნობი სამყარო…
ვიცოდი, რომ კოცნას დამიპირებდა, ამიტომ ფეხზე ავდექი…
– კიდევ არის რაღაც, რაც უნდა ვნახო?
– არა. არაფერი.
გაეღიმა და ისიც ფეხზე წამოდგა. ორივენი დერეფანში გამოვედით. ერთ-ერთ კარში შავ ლატექსის ტყავებში გამოწყობილი ქალი და კოსტიუმიანი კაცი შედიოდნენ. ორივე ხმამაღლა იცინოდა.
დარბაზში დავბრუნდით. ეროტიკული ცეკვები გრძელდებოდა. გიორგაძემ ჩვენს მაგიდამდე მიმაცილა, ფარდა გადასწია, რომ შევსულიყავი.
– სულ რამდენიმე წუთით დაგტოვებ, კარგი? ლაშა აქვეა და თვალს არ მოგაშორებს, ნურაფრის შეგეშინდება!
– არ მეშინია…
გიორგაძე იმ მიმართულებით წავიდა, საიდანაც თავიდან შემოვედი. მე ჯერ ლაშას გავხედე. ოდნავ მოშორებით იდგა და მიყურებდა. მერე დარბაზი მოვათვალიერე და ლიზი დავინახე. ხელში ცარიელი სინი ეჭირა და გასასვლელისკენ მიემართებოდა. რაღაც მომენტში, ჩვენი მაგიდისკენ გამოიხედა და მეც გაუაზრებლად ხელი ავუწიე. ლიზი შეჩერდა. აქეთ-იქით გაიხედ-გამოიხედა, მერე ჩემკენ წამოვიდა.
– გნებავთ რამე?
ოდნავ უხეში ტონით მკითხა.
– წყალი, თუ შეიძლება!
ლიზიმ წასვლა დააპირა, მაგრამ შევაჩერე.
– ერთი წუთით…
– გისმენთ?
– დიდი ხანია, რაც აქ მუშაობთ?
კითხვა არ ესიამოვნა.
– რატომ მეკითხებით?
– ძალიან მეცნობით სახეზე…
– მე არ მეცნობით! და არ მაქვს უფლება, პირადი ინფორმაცია გავამჟღავნო უცნობებთან…
– მესმის… უბრალოდ, მეც ვფიქრობ აქ მუშაობის დაწყებაზე და მაინტერესებდა, რას მირჩევდით…
ლიზი გაჩუმდა. ცოტა ხანს მიყურა, მერე მითხრა:
– თუ “პორტალში” დაიწყებ მუშაობას, უკან დასახევი გზის პოვნა გაგიჭირდება! აქედან იშვიათად მიდიან, ამიტომ კარგად უნდა დაფიქრდე! რამდენად გინდა და რამდენად მზად ხარ… ისე, მიკვირს მე რომ მეკითხებით ამას და არა თქვენს კომპანიონს…
– გასაკვირი არაფერია აქ! მე უშუალოდ იმ ადამიანის აზრი მაინტერესებს, ვინც თვითონ მუშაობს და არა იმის, ვისზეც მუშაობენ…
– წყალს მოგიტანთ!
თქვა ლიზიმ და წავიდა. გიორგაძე ძალიან მალე დაბრუნდა. როდესაც ლიზიმ წყალი მომიტანა და მაგიდაზე დადგა, გიორგაძეს მიესალმა, ოღონდ ამ მისალმებაში საყვედურის ტონი იგრძნობოდა… მის მზერაში კი ეჭვიანობა დავინახე…
– რას მიირთმევ?
მკითხა გიორგაძემ.
– მხოლოდ ხილს… არაფერი არ მინდა.
– რას ფიქრობ ჩემს წინადადებაზე?
– ვფიქრობ, რომ დავთანხმდები. რაღაც იდეები უკვე მომივიდა!
– შესანიშნავია! კიდევ როდის შევხვდეთ?
– მზად რომ ვიქნები, დობროვსკის ვეტყვი და წინასწარ დაგიკავშირდება.
– კარგი.
გიორგაძეს გაუხარდა, რომ დავთანხმდი. კლუბში ცოტა ხანს კიდევ დავრჩი. რაღაც თემებზე ვისაუბრეთ. თვალი სულ დარბაზისკენ მეჭირა. დროდადრო ფარდებიდან ვიღაცები გამოდიოდნენ და ოთახებისკენ მიემართებოდნენ. ვცდილობდი, მათი სახეები დამემახსოვრებინა. მხოლოდ ერთი მამაკაცი ამოვიცანი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი…
სახლში ისევ იმ მძღოლმა წამიყვანა, ოღონდ ჩემს ალტერნატიულ სახლში… ვუთხარი, რომ ტაბიძის ათში ვცხოვრობდი. შუაღამის ოთხი საათი ხდებოდა, როდესაც კარი გასაღებით გავაღე და მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქე შვებით…
საყურეები მოვიხსენი და მაგიდაზე დავაწყვე. ლეპტოპი ჩავრთე. მეორე მობილური, რა თქმა უნდა, არ მქონდა წაღებული თან.
“კუპიდონი” ჩემს ზარს ელოდა.
– როგორ ხარ?
– მგონი, კარგად…
– ძალიან ინერვიულე?
– ძალიან არა…
– მე კი ძალიან ვინერვიულე…
– რატომ? ხმა არ გესმოდა?
– თავიდან კი. მერე, რაღაც მომენტში გაწყდა. მერე ისევ გაისმა და ასე რამდენჯერმე… რაღაცის საჩვენებლად რომ წაგიყვანა, მაგ დროს გაწყდა….
– ოთახების…
– მივხვდი, რომ რაღაც ოთახებში შეჰყავდი… როგორც ჩანს, იმ ოთახებში ყველანაირი ელექტრომოწყობილობა კვდება… რა ოთახებია?
– სხვადასხვანაირი… ასე ვთქვათ, უჩვეულო საროსკიპოა!
– ახლა დაღლილი ხარ… ხვალ დეტალურად მომიყევი, რა ნახე იმ ოთახებში… ვინმე ამოიცანი?
– საგარეო საქმეთა მინისტრი…
– მიმტანიც?.. მიმტანს უცნაურად ელაპარაკებოდი…
– ეგ ის გოგოა, ლიზი ბერიძე…
– რას ამბობ… ესე იგი, აქ არის…
– აქ არის და ცოცხალია… თქვენ იცოდით, რომ “პორტალში” ბორდელია?
ლევანი გაჩუმდა.
– რა თქმა უნდა, იცოდით… და არ მითხარი…
– ამაზე ხვალ ვილაპარაკოთ! ყველაფერს ძალიან კარგად გაართვი თავი! დაისვენე, გამოიძინე… ხვალ დილით მოვალ, ერთად ვისაუზმოთ და ყველაფერი ერთად გავიაროთ…
– კარგი… ახლა აზროვნებაც მიჭირს…
– ძილი ნებისა, ევა…
ლეპტოპი დავხურე და იქვე, დივანზე მივწექი. თვალები დავხუჭე. ხან სცენა ამომიტივტივდებოდა გონებაში, ხან ოთახები, ხან გიორგაძის წყალწყალა თვალები…
მისი ცოტათი მეშინოდა, მაგრამ სწორედ ეს შიში მიზიდავდა… ჩემს თვალში ის იყო დემონი, რომელსაც საკუთარი პატარა ჯოჯოხეთი ჰქონდა და ასე მეგონა, რომ ჩემი ცეკვა დემონთან სწორედ ამაღამ დაიწყო…

ლაბირინთი – კლონი (ეპიზოდი 15)

არ მახსოვს, ბოლოს როდის მეძინა სხვაგან. ალბათ, ემოციებისაგან ძალიან დაღლილი ვიყავი, რადგან დავწექი თუ არა, მაშინვე გავითიშე.
ძალიან არეული სიზმრები მესიზმრებოდა. ეტყობა ძალიან ზედაპირულად მეძინა, რადგან გასაღების გადატრიალებისა და კარის გაღების ხმა ძილშივე გავიგე. მივხვდი, რომ ლევანი მოვიდა…
როდესაც საძინებლიდან გამოვედი, სასადილო ოთახის მაგიდასთან იდგა და პარკებიდან რაღაცებს ალაგებდა.
– მე გაგაღვიძე?
მკითხა შეწუხებულმა.
– არა, უკვე გაღვიძების სტადიაში ვიყავი…
– როგორ ხარ?
– მგონი, კარგად. აბაზანაში შევალ, მოვწესრიგდები…
– მე მანამდე მაგიდას გავაწყობ. ჩაის დალევ თუ ყავას?
– ყავას.
ვუთხარი და აბაზანისკენ გავემართე. ცოტა ხნის მერე ორივე მაგიდასთან ვისხედით და ვსაუზმობდით. ლევანმა სენდვიჩები და დონატები მოიტანა. ყავის პირველივე ყლუპმა გამომაცოცხლა. ლევანს ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი. შოუდან დაწყებული, ოთახების დეტალური აღწერით დამთავრებული, უმნიშვნელო წვრილმანიც კი არ გამომრჩენია.
– საოცარია. ასე დეტალურად როგორ გახსოვს ყველაფერი?
– ეგ ჩემი ანომალიური ტვინის ბრალია.
გამეცინა.
– მინდა თუ არა, ყოველი წვრილმანი დეტალი თვალში მეჩხირება და მამახსოვრდება. ამის გამო ფსიქოლოგთანაც დავდიოდი ადრე. ჩემი ოთახი რომ ნახო, იქ ყველაფერი თეთრია. კედლები, ავეჯი, საგნები…
– მართლა? რა უცნაურია!
– ჰო… უცნაურია. ადრე მკურნალობის კურსი ჩავიტარე. მერე ნელ-ნელა ვისწავლე ემოციების მართვა. ახლა უკვე ვიცი, რა უნდა გავაკეთო, თუ პანიკა დამეწყება…
– პანიკა?
– რამდენიმე წლის წინ კინაღამ გადავედი რელსებიდან. არ მიყვარს იმ პერიოდის გახსენება…
– ევა… ჩემზე ნაწყენი ხარ, ხომ?
– ნაწყენი? რატომ უნდა ვიწყო შენზე ნაწყენი?
– ყველაფერი რომ არ გითხარი “პორტალთან” დაკავშირებით…
– მერე რა? მე მესმის, რომ ყველაფერს ვერ მეტყოდი…
– არ მინდა, რამე გეწყინოს. მინდა იცოდე, რომ ძალიან ვაფასებთ იმას, რასაც ჩვენთვის აკეთებ. ამიტომ ეს შენია!
ლევანმა კოსტიუმის ჯიბიდან კონვერტი ამოიღო და მაგიდაზე დამიდო.
– ეს რა არის?
– ეს შენი ჰონორარია! რაშიც დაგჭირდება, გამოიყენე.
– ფული? მე ფულის გამო არ გავაკეთე ის, რაც გავაკეთე…
– ვიცი! სავარაუდოდ, ბევრი გაუთვალისწინებელი ხარჯი გექნება. ფული კი ყველას სჭირდება. არც შენ ხარ გამონაკლისი. გარდა ამისა, შენ არ ხარ მარტო. დედაზე და დაზეც იფიქრე…
– მამაჩემის ამბავი იცი, არა?
– ჯერ კიდევ მაშინ გავეცანი შენი ოჯახის ისტორიას, სანამ იმ კარნავალზე მოვიდოდი… ძალიან ვწუხვარ, ასე რომ მოხდა… საშინელი დრო იყო მაშინ. სრული განუკითხაობა იყო ქვეყანაში.
– ვიცი…
– საქმესაც ეტყობა, რომ შეთითხნილია. ბევრი ბუნდოვანი და გაურკვეველი დეტალია…
– მამას საქმე ნახე?
– კი. გამოვითხოვე არქივიდან და გავეცანი… სამწუხაროდ, ახლა არაფრის გაკეთება აღარ შემიძლია…
– მესმის…
– ისე, რაც პირადად გაგიცანი, სულ საქმეზე ვლაპარაკობთ. არადა, ისე საინტერესოდ დაიწყო ყველაფერი იქ, კარნავალზე… მსუბუქად და სასიამოვნოდ. რაღაც მომენტში დამავიწყდა კიდეც, სად ვმუშაობდი და რისთვის ვიყავი მოსული.
– დაგავიწყდა? მე კიდევ პირიქით მგონია! ის ფლირტი, კოცნა – ყველაფერი საქმეს სჭირდებოდა. ისე, რომ არ გავქცეულიყავი მაშინ, როგორ გაგრძელდებოდა ყველაფერი? ალბათ თავს შემაყვარებდი, რომ ადვილად დაგეთანხმე, ხომ?
– რეებს ამბობ? რა თქმა უნდა, არა! ფლირტი და კოცნა არ
დამიგეგმავს. სპონტანურად მოხდა! თუმცა, ძნელია ამის დაჯერება, ვიცი…
– კარგი. ისევ საქმეს დავუბრუნდეთ! მაინტერესებს, ვინც “პორტალში” მუშაობს, ნეტა საკუთარი ნებით არიან იქ? იქნებ ის გოგოები არიან, რომლებიც გიორგაძეს მოსწონებია? იქნებ სინამდვილეში მექალთანე კი არ არის, კლუბისთვის არჩევდა შესაფერის კანდიდატებს?
– როგორც ლაშამ თქვა, ყველა გოგო, ვინც იქ მუშაობს, ფსევდონიმს იყენებს… ჩვენ არ ვიცით მათი ნამდვილი სახელი და გვარები, ლიზი ბერიძის გარდა, რომელიც შენ იპოვე. ჩვენები მუშაობენ ამ ხაზით… მალე გვექნება გეგმა, ლიზისთან დაკავშირებით.
– ალბათ, ძალიან საინტერესოა თქვენი სამსახური… სულ მაინტერესებდა! სინამდვილეშიც ყველაფერი ისეა, როგორც ფილმებში?
ლევანს გაეცინა.
– დაახლოებით… ისე, გაქვს რამე იდეა, რა შეიძლება შესთავაზო გიორგაძეს? თამაშთან დაკავშირებით?
– ვფიქრობ ამაზე…
– ძალიან რთულია!
– მიყვარს სირთულეები… მნიშვნელოვანი საქმეები მარტივად არ კეთდება!
– ეგეც მართალია! რომელი დონატი გინდა?
– მარწყვის იყოს… ჩემი შემდეგი ნაბიჯი რა იქნება, ლეო?
– ლეო?
– თამაშის სცენარზე ვმუშაობ და იქ მყავს პერსონაჟი, გამომძიებელი ლეო…
ორივეს გაგვეცინა.
– პერსონაჟს ლეო დაარქვი?
– კი, ოღონდ მანამდე დავარქვი, სანამ შენ გაგიცნობდი… რაღაცნაირად დაემთხვა, არა? ისე, დაკვირვებული ვარ! ასეთი უმნიშვნელო რამეები უცნაურად ამიხდება ხოლმე.
– არის ერთი ასეთი მოსაზრება, რომ დაწერილი სურვილები სრულდება. რაღაცაზე ხშირად რომ ფიქრობ, ისიც… შენ გჯერა ამის?
– არ ვიცი, შეიძლება! შეიძლება ადამიანები მართლა ვიზიდავთ იმას, რაზეც ხშირად ვახდენთ კონცენტრაციას. სულ მინდოდა შენთვის მეკითხა…
– რა?
– რატომ მეძახი ევას?
– იმიტომ, რომ ევას ძალიან ცოტა ადამიანი გეძახის… ასე უფრო უსაფრთხოა! მაგალითად, როდესაც ტელეფონით ვლაპარაკობთ… თან, მომწონს! გიხდება!
– მაშინ მე ლეოს დაგიძახებ, კარგი? კაპიტან ჯეიმსს დაგიძახებდი, მაგრამ ეს უფრო საეჭვო იქნება სხვების თვალში…
– ეგ რა გაიხსენე…
ლევანს სიცილი აუტყდა. მერე უცებ დასერიოზულდა.
– იცი რა? რაც პირადად უფრო ახლოს გაგიცანი, სულ საქმეზე ვლაპარაკობთ! არ შეიძლება ასე…
– პირადზე ლაპარაკი მაინც არ მიყვარს… ინტროვერტი ვარ!
– ვიცი… ის თამაში თუ იცი, “სიმართლე თუ მოქმედება” რომ ჰქვია?
– უნდა ვითამაშოთ?
გამეღიმა.
– განტვირთვა არც ერთს არ გვაწყენს! მოკლედ, მე გეკითხები – “სიმართლე თუ მოქმედება”, შენ ირჩევ რომელიმეს. თუ “სიმართლეს” აირჩევ, მე კითხვას დაგისვამ და შენც სიმართლე უნდა უპასუხო. თუ “მოქმედებას” აირჩევ, რასაც გეტყვი, ის უნდა შეასრულო. მერე შენ მეკითხები – “სიმართლე თუ მოქმედება” და მე ვირჩევ რომელიმეს…
– ოჰო… როგორი სარისკო თამაშია!
– შენ ხომ გიყვარს რისკი?
– კარგი. რატომაც არა? ვითამაშოთ!
– ოღონდ აქ არა! დივანზე გადავინაცვლოთ!
მე და ლეო სასტუმრო ოთახში წავედით. ის დივანზე დაჯდა, მე სავარძელში მოვკალათდი.
– მე დავიწყებ!
დავასწარი.
– კარგი…
– სიმართლე თუ მოქმედება?
– სიმართლე!
დავფიქრდი, რის გაგება მაინტერესებდა ყველაზე მეტად მასზე. ფაქტობრივად, ლევანზე არაფერი ვიცოდი.
– რატომ აირჩიე ეს პროფესია?
– ბავშვობაში კონან დოილი მიყვარდა. შერლოკ ჰოლმსი მინდოდა გამოვსულიყავი. რომ გავიზარდე და ბევრი უსამართლობა ვნახე, მომინდა ვყოფილიყავი ერთ-ერთი, ვინც ამ უსამართლობების წინააღმდეგ იბრძოლებდა… ასე ვთქვათ, წესრიგის დამყარება მომინდა! დავისახე მიზანი და ვიბრძოლე მის მისაღწევად. რაღაცებში გამიმართლა. საჭირო დროს, საჭირო ადგილას აღმოვჩნდი… დაგაკმაყოფილა პასუხმა?
– კი.
– მაშინ ჩემი ჯერია! სიმართლე თუ მოქმედება?
– სიმართლე.
– სერიოზული ურთიერთობა გქონია მამაკაცთან?
– არ ვიცი, რამდენად სერიოზული შეიძლება დავარქვა, მაგრამ რაღაც ასეთი მქონია! მესამე კურსზე ვსწავლობდი… ინსტიტუტში გავიცანი ბიჭი და გარკვეული პერიოდი ვხვდებოდით ერთმანეთს. იყო მომენტები, როდესაც მეგონა, რომ მიყვარდა, მაგრამ ახლა რომ ვუფიქრდები, უფრო საკუთარი თავის დაჯერება მინდოდა ამაში. ხუთი თვე გავქაჩეთ, მეტი ვეღარ გამიძლო.
გამეცინა.
– დაგაკმაყოფილა პასუხმა?
– შეიძლება ასეც ითქვას!
– სიმართლე თუ მოქმედება?
– სიმართლე.
– გქონია სერიოზული ურთიერთობა ქალთან?
– რამდენჯერმე. ხანგრძლივი არც ერთხელ. ალბათ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ვცდილობ არ გავაბა ხანგრძლივი ურთიერთობები… სიმართლე თუ მოქმედება?
– მოქმედება…
– მაკოცე!
– რა?
– მაკოცე!
ამას არ მოველოდი. ისეთი სერიოზული სახით მითხრა, ხუმრობა მაშინვე გამოვრიცხე. დივანთან მივედი და მის გვერდით დავჯექი.
– რაღაც ძალიან ადვილად მითანხმებ ხოლმე კოცნაზე… იმედია, ეს ამბავი ქრონიკულში არ გადაიზრდება. – მზად ხარ?
ვკითხე.
– ისე, როგორც არასდროს!
მისკენ გადავიხარე და ვაკოცე. უკან გაწევა რომ დავაპირე, არ გამიშვა. მარჯვენა ხელით თავი დამიჭირა, მარცხენა წელზე მომკიდა. აუჩქარებლად, ძალიან ნაზად მკოცნიდა. მე არ ვარ რომანტიკული ადამიანი. ასეთ მომენტებზე შეიძლება ნებისმიერმა ქალმა დაკარგოს თავი, მაგრამ მე არა… ზოგჯერ ცოტა მეშინია კიდეც, ასეთი რომ ვარ. მაშინაც, როცა შეყვარებული მყავდა, ასეთ მომენტებში სიამოვნებას კი არ განვიცდიდი, უფრო ჩემს თავს ვაკვირდებოდი. მაინტერესებდა, რამე ცვლილებას თუ ვიგრძნობდი. ადრენალინის მოზღვავებას, პულსის აჩქარებას, აგზნებას და ა.შ. ალბათ, ასე რომ ვაკვირდებოდი, იმიტომაც ვერ ვგრძნობდი ვერაფერს…
ლევანის შემთხვევაში ვიგრძენი… თავიდან მეუცნაურა, მერე მოვეშვი და შევეცადე, არაფერზე არ მეფიქრა. ამან იმუშავა, რადგან ჯერ მსუბუქი ღელვა ვიგრძენი, გული ამიჩქარდა. თითქოს რაღაც ტალღამ გადამიარა, ჩემს სხეულში უხილავი ენერგია დაიძრა და მუცელთან მოგროვდა…
მეცნიერების ნაწილი ვარაუდობს, რომ ადამიანის სული სწორედ მუცლის ზედა ნაწილში ცხოვრობს. თითქოს საკუთარი სული შევიგრძენი… ეს ძალიან უცნაური და სასიამოვნო გრძნობა იყო…
თამაში აღარ გაგვიგრძელებია. კოცნის მერე მალევე წამოვედი სახლში. კიდევ კარგი, კვირა დღე იყო და სამსახურში არ მიწევდა წასვლა. შხაპი მივიღე და ჩემს ოთახში შევიკეტე. დასვენება და მომხდარის გადახარშვა მინდოდა. ჩანთიდან ლევანის მოცემული კონვერტი ამოვიღე და გავხსენი. კონვერტში ორიათასი ლარი იდო. ათასი დედას მივეცი, ნახევარი კი მე დავიტოვე გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის…
გაუთვალისწინებელ ხარჯებში ალბათ ჩასაცმელი იგულისხმება. ვერ ვხვდები, რა საჭიროა, გიორგაძესთან ყოველ შეხვედრაზე პრინცესასავით მეცვას? ჩემი ნება რომ იყოს, “პორტალში” ჯინსის შარვლითაც წავიდოდი… ლეომ კი რამდენჯერმე გაუსვა ხაზი ჩემთან საუბრისას, რომ გიორგაძეს როცა შევხვდები, იდეალურად უნდა გამოვიყურებოდე…
– ლეო…
ამ სახელის გაფიქრებაზე სითბო ჩამეღვარა სხეულში. ალბათ აწყობს, რომ გიორგაძეს ჩემ მიმართ რამე გრძნობა ან სიმპათია გაუჩნდეს… გაცილებით ადვილი იქნება მის წრეში მოხვედრა, თუ მე ის ყურებით მეყოლება დაჭერილი. ისე, არ არის ეს ცუდი იდეა! რაც უფრო ხშირად შევხვდები მას, მით უფრო ბევრს ილაპარაკებს და შესაბამისად, მეტი შანსია იმისა, რომ რაღაც წამოსცდეს…
ჩემ მიმართ სიმპათია რომ აქვს, ეს უკვე ვიცი, რადგან ჩემი კოცნა სცადა. რაც შეიძლება მალე უნდა მოვიფიქრო რამე, თამაშთან დაკავშირებით… გიორგაძემ მითხრა, რომ კლიენტებს მოსწონთ, როდესაც თავს სხვა პერსონაჟებად გრძნობენ. ოთახების არჩევანით თუ ვიმსჯელებ, იქ მათი ბნელი სურვილები ფრთებს ისხამს. ვიღაცა ოცნებობდა საწამებელ ოთახში, ჯაჭვით დაბმულ ქალთან სექსზე და აიხდინა… ვიღაცას ექთანთან გართობა უნდოდა და აისრულა ესეც… ანუ კლიენტები თავად ირჩევენ, რა როლი ითამაშონ. მათ წინასწარ იციან, სად შევლენ და რა სიტუაციაში აღმოჩნდებიან.
რა იქნება, თუ ყველაფერი პირიქით მოხდება? ჩვენ კი არ ვითამაშებთ “პორტალის” კლიენტების წესების მიხედვით, არამედ ისინი ითამაშებენ ჩვენი დადგენილი წესებით?
თავში ძალიან მაგარი იდეა მომივიდა და სასწრაფოდ ჩავინიშნე. ჩემს საწოლზე ავძვერი, მუხლებზე ლეპტოპი დავიდე და წერა დავიწყე… ჯერჯერობით მუზა არ მღალატობდა. უცებ ჩემმა მობილურმა დარეკა.
– გისმენთ!
– ანნიკა, როგორ ჩაიარა გუშინდელმა შეხვედრამ?
– ბატონო აბრამ?
– დიახ, მე ვარ!
– კარგად ჩაიარა…
– შეგიძლია საღამოს რვა საათისთვის ჩემთან მოხვიდე?
– სამსახურში იქნებით?
– არა, არა. ჩემთან, სახლში!
– თქვენთან?
კარგა ხანია ასე ძალიან არაფერი გამკვირვებია.
– რამე პრობლემა ხომ არ არის შენთვის, თუ მოხვალ? სამსახურში არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი…
– არა, არავითარი პრობლემა არ არის! მოვალ…
– მისამართს მესიჯად გამოგიგზავნი. რვისთვის გელოდები…
– კარგით, მაშინ შეხვედრამდე…
– დროებით, ანნიკა!
საწოლიდან გიჟივით წამოვხტი და ოთახში გავიარ-გამოვიარე. კროული საკუთარ სახლში მეპატიჟება! წარმოუდგენელი ამბავია!
ლევანის მოცემული ტელეფონი ჩავრთე და დავურეკე. ეს ამბავი გავაგებინე. მასაც გაუკვირდა, მაგრამ გაუხარდა კიდეც. ამჯერად აღარ დამარიგა, რომ ყურადღებით ვიყო. უკვე იცის, რომ საჭიროზე მეტად დაკვირვებული ვიქნები…
რვა საათზე აღნიშნულ მისამართზე მივედი. კროული საკუთარ სახლში ცხოვრობს. ეზოს მაღალი გალავანი აქვს შემოვლებული და ჭიშკართან დაცვაც უყენია. დაცვამ პირადობის მოწმობა გამომართვა და შემიშვა. მოვლილი და ლამაზი ეზო გავიარე. სახლიც ძალიან ლამაზი იყო. აგურით ნაშენები… ცოტა გოთიკურ სტილს წააგავდა.
კარი მოახლე ქალმა გამიღო და სტუმრების მისაღებ ოთახში შემიძღვა.
– აბრამი ახლავე ჩამოვა!
ტყავის დივანზე დავჯექი და დობროვსკიც დავინახე. კიბეზე ჩამოდიოდა. არაოფიციალურ ფორმაში სხვანაირი მეჩვენა. ხელი ჩამომართვა და ჩემ მოპირდაპირედ დაჯდა.
– რას დალევ?
– არაფერი არ მინდა.
– არც ჩაი?
– ჩაის დავლევ…
– მარია, ორი ჩაი და გირჩის მურაბა მოგვიტანე!
გასძახა მოახლეს.
– აბა, რა ხდებოდა გუშინ?
– შევხვდით, კლუბი დავათვალიერე, ვისაუბრეთ… კლუბის წევრებისთვის უნდა თამაშის გაკეთება. რამე საინტერესო და აზარტული…
– გაქვს იდეები?
– რაღაც მომაფიქრდა, მაგრამ ჯერ ვმუშაობ ამაზე.
– აგიხსნა, ზუსტად რა უნდა?
– ეს თვითონაც არ იცის… თამაში ისეთი უნდა იყოს, რომ კლიენტები “პორტალს” მიაჯაჭვოს. რომ სულ იქ უნდოდეთ მოსვლა…
– მოთხოვნები და ამბიცია დიდი ჰქონია!
გაეცინა კროულის. გაცინებული პირველად ვნახე.
– ნამდვილად!
– ანნიკა, რაღაც მინდა გაჩვენო. აქ ამისთვის მოგიყვანე…
– მაჩვენოთ?
– ჰო… ჩემს კაბინეტში ავიდეთ!
კროული ფეხზე წამოდგა და კიბისკენ წამიძღვა.
– მარია, ჩაი ზემოთ ამოგვიტანე!
ისევ გასძახა მოახლეს. კიბე ავიარეთ და მეორე სართულზე ავედით. კროულის სახლშიც საოცარი კაბინეტი ჰქონდა. უძვირფასესი, ანტიკვარული ავეჯით… შესვლისთანავე ადგილზე გავქვავდი და კედელს მივაშტერდი…
– შენ გეტყობა, ძალიან მოგწონს ეს ნახატი!
მითხრა კროულიმ, რომელსაც ჩემი რეაქცია არ გამოჰპარვია.
მაგიდის უკან, კედელზე ზუსტად ისეთივე ნახატი ეკიდა, როგორიც სამსახურის კაბინეტში, ბოსხის “მიწიერი სიამოვნების ბაღი”. ოღონდ ეს არ იყო რეპროდუქცია. როგორც ჩანს, ის იყო ამ ნახატის კლონი…

ლაბირინთი – საიდუმლო გეგმა (ეპიზოდი 16)

დობროვსკი ფანჯარასთან მივიდა და ჟალუზები დახურა. მერე ოთახში შუქი ჩააქრო. სრული სიბნელე ჩამოწვა. ავღელდი, რადგან ვერ მივხვდი, რას ნიშნავდა მისი საქციელი.
გავიგონე, როგორ მივიდა თავის საწერ მაგიდასთან და რაღაცა ჩართო. პროექტორის მბჟუტავმა სინათლემ ოთახი ოდნავ გაანათა და კროულის შავი სილუეტი გამოიკვეთა. იმ კედელთან მოვიდა, რომელთანაც ვიდექი და თეთრი ეკრანი ჩამოშალა.
– ანიკა, მაგიდასთან დადექი, გენაცვალე!
– რა უნდა მაჩვენოთ?
– ერთი ძალიან წარმატებული კომპანიის გენერალური დირექტორი დამიკავშირდა ამას წინათ პოლონეთიდან. საკმაოდ ცნობილი და წარმატებული სამშენებლო კომპანიაა. იმ შენობების 3D პროექტების პრეზენტაცია გამომიგზავნა, რომელიც ჯერ არ განუხორციელებიათ. საკმაოდ ინოვაციური პროექტებია. მოკლედ, ჯერ უყურე და მერე აგიხსნი ყველაფერს!
კროულიმ პრეზენტაცია გაუშვა, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივი გამოდგა. ყურების პროცესში ვიყავით, როდესაც კაბინეტში მარია შემოვიდა და სინით ჩაი და მურაბა შემოიტანა. სანამ მაგიდასთან მოვიდოდა, სიბნელეში სკამს დაეჯახა და წაიქცა. ყველაფერი ძირს დაცვივდა და ნამსხვრევებად იქცა. ჩაიც დაიღვარა.
– იაკ შე მაშ, მარია! იაკ შე მაშ!
დობროვსკი ფეხზე წამოხტა, შუქი აანთო და მარია ფეხზე წამოაყენა.
– პშეჟევამ, პშეჟევამ…
ამოიკვნესა მარიამ და სკამზე ჩამოჯდა. ხელით ფეხს ისრესდა, როგორც ჩანს, იტკინა.
– ხომ არ დაიწვით?
ვკითხე და მეც მასთან მივედი.
– არა, ფეხზე ცუდად დავეცი… ახლავე ტილოს მოვიტან…
– რა ტილოს? სახეზე ფერი აღარ გადევს! წამოდი, შენს ოთახამდე მიგაცილებ, ცოტა ხანი წამოწექი…
უთხრა კროულიმ მარიას და კაბინეტიდან კოჭლობით გაიყვანა.
– ნამტვრევებს მე ავიღებ, თქვენ იქნებ ტილო მოიტანოთ, ბატონო აბრამ…
გავძახე კროულის. ნატეხები ძალიან სწრაფად ავკრიფე და სინზე დავყარე. მერე მობილური ამოვიღე და კაბინეტს ვიდეო გადავუღე. ნახატთანაც მივედი, ერთ-ერთი დარაბა მოვკეცე და მის უკან შევიჭყიტე. კედელში სეიფი იყო… დარაბა ისევ ისე გავშალე, ნახატს რამდენიმე ფოტო გადავუღე და მობილური ჯიბეში ჩავიდე. ამასობაში კროულიმ იატაკის ტილო ამოიტანა. გამოვართვი და ძირს დაღვრილი ჩაი მოვწმინდე.
– არ მინდოდა შენი შეწუხება, ანიკა.
– რა შეწუხებაა! სად შეიძლება ხელები დავიბანო?
ვკითხე და წელში გავიმართე. კროულიმ სააბაზანო ოთახამდე მიმაცილა და თვითონ სამზარეულოში ჩავიდა. სანამ ხელები დავიბანე, ჩაი ხელახლა დაასხა და კაბინეტში ამოიტანა.
– რატომ შეწუხდით, ბატონო აბრამ…
– ამ ბოლო დროს ძალიან მოუხერხებელი გახდა მარია. არადა, თერთმეტი წელია ჩემთან მუშაობს… ოჯახის წევრივით არის, ხომ გესმის?
– მესმის…
პრეზენტაციას ბოლომდე ვუყურეთ. თან ჩაის ვსვამდით. ბოლოს კროულიმ პროექტორი გამორთო და მომიბრუნდა.
– მოკლედ, ძალიან უცნაურ დიზაინს ქმნის ეს კომპანია. პიარ-მარკეტინგიც ძალიან ინოვაციური აქვთ! რამდენიმე თვის წინ დამიკავშირდა ამ კომპანიის დირექტორი, კონტენტ რეკლამა უნდოდა. მერე რატომღაც თავი შეიკავეს და ახლა ისევ გამოჩნდნენ. ფარული რეკლამა უნდათ… თამაშის სახით წარმოდგენილი. ჰოდა, შენი ახალი იდეა, რომელზედაც ვმუშაობთ, გავაცანი მე და მოეწონათ! მაგათ კომპანიას “ახალი სამყარო” ჰქვია და შენც თამაშში ალტერნატიული სამყარო გაქვს, ხო ასეა?
– ასეა…
– ჰოდა, შეგვიძლია ლოკაციები, რომლებიც გეიმერმა უნდა გაიაროს, ამ კომპანიის მაკეტების მიხედვით შევქმნათ… არა მგონია, შენ ამან რამეში ხელი
შეგიშალოს… რას იტყვი? მე ჯერ შენ გითხარი ეს ყველაფერი პირადად, რადგან შენი აზრი გამეგო. თუ თანახმა იქნები, ხვალ თათბირზე განვიხილოთ ბიჭებთან ერთად.
– მადლობა, რომ ჯერ მე მითხარით. თუ თქვენ გაწყობთ და ფიქრობთ, რომ ასე უკეთესი იქნება, გავაკეთოთ მაგ მაკეტების მიხედვით ლოკაციები…
– საქმე რაშია იცი, ანიკა? ეს პროექტი რომ განვახორციელოთ, გარდა იმისა, რომ ჰონორარები გაორმაგდება, ეს კომპანია პიარზეც იზრუნებს, თამაშს მაგარ რეკლამას გაუკეთებს პოლონეთში და მომავალში კიდევ უფრო მეტ კლიენტებს მოვიზიდავთ, გესმის?
– მესმის! ხვალ თათბირზე აჩვენეთ ბიჭებსაც… მგონი, მაქსის აზრი იქნება გადამწყვეტი. რამდენად შეძლებს თამაშში ამ მაკეტების გაცოცხლებას…
– მართალი ხარ! ასე მოვიქცეთ…
– კარგით, ბატონო აბრამ, მაშინ მე წავალ!
– რატომ ჩქარობ?
– სცენარს უნდა მივხედო და ცოტა ადრე მინდა დავიძინო… თქვენ მარიას მიხედეთ, ნაღრძობი არ ჰქონდეს ფეხი.
– რადგან ასეა, აღარ შეგაყოვნებ!
ფეხზე ავდექი და სანამ კაბინეტიდან გამოვიდოდი, მექანიკურად ნახატისკენ გავიხედე.
– იცი, ანიკა! ბოსხი გამორჩეულად მიყვარს! ძალიან საინტერესო მხატვარია. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მარჯვენა ნაწილში, ანუ “ჯოჯოხეთში” უცნაური ფიგურა რომ არის, თავად ჰიერონიმუსის ავტოპორტრეტია…
მითხრა კროულიმ, რომელსაც არ გამოეპარა ჩემი მზერა.
– საინტერესოა, რას მალავს ეს ნახატი… ხომ შეიძლება რამე ფარული გზავნილია დაშიფრული შიგ, თავისი შემქმნელის მიერ?
– სავსებით შესაძლებელია! შენი და ლევან გიორგაძის საქმე როგორ მიდის? მოიფიქრე რამე?
– ვმუშაობ ამაზე. საკმაოდ რთულია…
– რთულია, აბა რა! ამიტომაც იხდის ამდენს…
კროულის გამოვემშვიდობე და სახლში წამოვედი. ის სურათები და ვიდეო, რომელიც მის კაბინეტში გადავიღე, ლევანს “სკაიპში” გადავუგზავნე. ცოტა ხანში დამირეკა.
– ლაპარაკი შეგიძლია?
– კი, ჩემს ოთახში ვარ!
– ეს დობროვსკის კაბინეტში გადაიღე? როგორ მოახერხე?
– რაღაც პერიოდი მარტო დავრჩი და ვისარგებლე მომენტით… ნახატის უკანაც შევიხედე!
– მართლა?
– ჰო… სეიფია კედელში!
– დარწმუნებული ხარ?
– ასი პროცენტით…
– როგორი სეიფია, გახსოვს?
– მგონი, დასატრიალებელი კოდის მექანიზმით…
– გასაგებია…
– რას აპირებთ?
– მოვიფიქრებთ რამეს! მაგრამ ძალიან რთული იქნება…
– წარმომიდგენია…
– რა უნდოდა, რაზე დაგიბარა?
– პოლონურ კომპანიასთან უნდა თანამშრომლობა და მაგაზე… ისეთი არაფერი.
– როგორი სახლი აქვს?
– საკუთარი სახლია, ორსართულიანი. გარეთ დაცვა ჰყავს.
– მარტო ცხოვრობს?
– დამხმარე ქალი ჰყავს, ხნიერი. მარია ჰქვია. როგორც მივხვდი, ისიც პოლონელია.
– გასაგებია… მომენატრე, იცი?
– არ ვიცი…
– სიამოვნებით დავლევდი ახლა შენთან ერთად ჩაის და მოგისმენდი დილამდე.
– რომელი ორატორი მე მნახე…
გამეცინა.
– ორატორი არა, მაგრამ საინტერესო მოსაუბრე ხარ! კარგი, დაისვენე… მე დაველოდები ჩვენი შეხვედრის დღეს. ძალიან მინდა, მალე დადგეს.
– ძილი ნებისა, ლევან!
– ძილი ნებისა!
ყურმილი რომ გავთიშე, მაშინ მივხვდი, რომ ვიღიმებოდი. ორშაბათი დილა სამსახურში თათბირით დაიწყო. ახალი პროექტი განვიხილეთ. მერე მე და ბიჭები ჩვენს ოთახში დავბრუნდით. მაქსმა პრინტერზე ამობეჭდილი მაკეტის სურათებიდან რამდენიმე შენობა ამოარჩია და ერთად გავანაწილეთ, სად რა ყოფილიყო.
– სასტუმრო არ გაქვს, ხომ თამაშში?
– არა, მაქს, სასტუმრო არ მაქვს…
– მოკლედ, რომელი შენობებიც არ დაგვჭირდება, ისე ჩავდგამ. ქუჩებს შევავსებ. ეს სასტუმრო ძალიან მომწონს… მოთამაშე ვერ შევა შიგნით, მაგრამ ერთ-ორ ფანჯარას გავააქტიურებ, რაღაც მოძრაობა რომ იყოს. გარედან რომ გამოჩნდეს ფანჯარაში ვინმე ტიპი…
– მაქს, გენიოსი ხარ!
მაქსის ნათქვამზე რაღაც მომაფიქრდა და გახარებულმა ლოყაზე ვაკოცე.
– რა ვთქვი ისეთი?
– რაღაც იდეა მომივიდა…
– რა გიკვირს, ბიჭო? არ იცი ამის ამბავი? შეიძლება მიხოზე და ვირზე ჰყვებოდე ანეკდოტს, ეს უცებ წამოხტეს და ფსიქოლოგიური დრამა დაწეროს…
– ირაკლიი… წამო რა, ყავა დავლიოთ! რაღაც საქმე მაქვს შენთან!
ირაკლი დერეფანში გამოვიყვანე.
– რა მოიფიქრე ამჯერად?
მკითხა და სიცილი დაიწყო.
– ირაკლი, შენ ხარ ადამიანი, რომელსაც თვალდახუჭული შემიძლია ვენდო!
– რა უნდა მთხოვო, ფისო?
– შეგიძლია რაღაც გააკეთო ჩემთვის ისე, რომ არაფერი არ მკითხო?
– ეუფ… რამე შარში ხომ არ ხარ გახვეული?
– არა!
– კაი, ვეცდები… შენთან ვალში ვარ! მითხარი, რით შემიძლია გემსახურო.
– მისმინე! მე მოგცემ ფულს, შენ სამსახურის მერე წახვალ სასტუმრო “მირაჟში” და შენს სახელზე დაჯავშნი ნომერს…
– რა?
ირაკლის გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა.
– იცი რა ღირს მანდ ნომრის ქირაობა?
– შენ მაგაზე არ იდარდო. ფული მაქვს!
– ბანკი გაძარცვე?
– კარგი რა, ეგეთი ძვირიც არ არის…
– მოიცა, ვინმეს ხვდები იქ?
– არა კაცო! არავის… მარტო უნდა დავრჩე.
– გადამრევ შენ გოგო. მარტო რა მუღამი აქვს?
– მაშინ შენც დარჩი…
ირაკლის ყავა გადასცდა და ხველება დაიწყო.
– ნუ დაიხრჩობი ახლა! ჯერ დამეხმარე…
– რა ჩაიფიქრე, მითხარი? თუ კითხვები არ უნდა დაგისვა?.. ჰო, “იასნა”, არ უნდა დაგისვა… ცოტა მაშინებ, იცი? ამ ბოლო დროს ძალიან უცნაური გახდი…
– ჩემი დახასიათება სასტუმროშიც შეგეძლება. დილამდე დრო გექნება… დამეხმარები?
– შენ უარს გეტყვი, აბა?
– ამათთან არ შეიმჩნიო, ოკეი?
– კაი. ერთად წავალთ “მირაჟში”?
– არა. შენ წახვალ და ჯერ 34-ე ნომერს მოითხოვ. თუ დაკავებული იქნება, მაშინ 32-ეს ან 36-ეს. თუ ესენიც დაკავებული იქნება, მაშინ 33 ან 35 აიღე… ფულს, რო გავალთ გარეთ, მერე მოგცემ! მე ცოტა გვიან მოვალ… ასე თერთმეტისთვის!
– მოიცა, იქამდე რა ვაკეთო მე მარტომ?
– ჩადი რესტორანში, ივახშმე. გვანცა ნახე…
– და გვანცას რა ვუთხრა? ღამე ევასთან ერთად ვრჩები ნომერში, მაგრამ ცუდი არაფერი იფიქრო, უბრალოდ, მეგობრული “პიჟამაფართი” გვაქვსო?
– რა აუცილებელია რამე უთხრა? გულახდილობის ფიცი დადეთ ერთმანეთთან?
– არა, ტო! ღმერთმა დაიფაროს…
– ჰოდა, ძალიან კარგი. ფილს და მაქსს წავუღოთ ყავა…
ცოტა ხანში მე და ირაკლი ოთახში დავბრუნდით. საღამოს პირველები ჩვენ ორნი წამოვედით. ირაკლის მანქანამდე მივყევი და ფული მივეცი.
– ხუთასი ლარი ღირს ნომერი?
– სავარაუდოდ, ლუქსი იქნება…
– იმედია, ვისაც უნდა უთვალთვალო, ღირს ამად!
– ვუთვალთვალო?
– გოგო, მხიარული ვარ, დებილი კი არა…
– კარგი, კარგი… წადი! აბა, შენ იცი. დამიმესიჯე, რომელ ნომერს აიღებ, კარგი?
– კაი, ფისო!
სახლში წამოვედი. ისე ვღელავდი, რომ ადგილს ვერ ვპოულობდი. რამდენჯერმე ლევანის მოცემული მობილური ავიღე ხელში და მასთან დარეკვა დავაპირე, მაგრამ გადავიფიქრე. სავარაუდოდ, მეტყოდა, ამ განზრახვაზე ხელი ამეღო… სიმართლე გითხრათ, ძალიან კარგად ვაცნობიერებდი, რომ ცეცხლს ვეთამაშებოდი, მაგრამ საკუთარი ძალების მჯეროდა…
ლამაზად ჩავიცვი, თმა ავიწიე და დედას შლაპა დავიხურე. სათვალეც გავიკეთე და წითელი პომადა წავისვი. მერე თეოს ოთახში შევედი. ჩემი და მეცადინეობდა. რომ დამინახა, გაკვირვებისაგან პირი დააღო.
– ბეღურა, ასე ქუჩაში რომ დაგენახე, მიცნობდი?
ვკითხე თეოს.
– ვაიმე, არაა… მე კი არა, მშობელი დედაც ვერ გიცნობდა!
თეოს სიცილი აუტყდა.
– სადმე მიდიხარ?
– ხო… დედას უთხარი, რომ დღეს არ მოვალ სახლში.
– აუ, ანიკა მომიყევი რაა!
– რა მოგიყვე?
– ვინ შეგიყვარდა?
– არავინ არ შემყვარებია, საიდან მოიტანე?
– ეს დღეები სულ გვიან მოდიხარ, ან არც მოდიხარ…
– ჰო, ვიცი… უბრალოდ, ძალიან უცნაური შეკვეთა გვაქვს და ამაზე ვმუშაობთ…
– ღამღამობით?
– ზოგჯერ ღამღამობითაც! კარგი, წავედი და აბა, შენ იცი…
– მართლა ასე მიდიხარ?
– ჰო. ირაკლის სიურპრიზს ვუწყობთ დღეს…
ტაქსი გავაჩერე და სასტუმროში წავედი. ირაკლიმ 36-ე ნომერი აიღო. მეოთხე სართულზე ლიფტით ავედი. თვითონ ნომერში არ დამხვდა. ქუდი და სათვალე მოვიხსენი და დავურეკე.
– ჰო, ფისო… მოხვედი?
– კი. შენ წახვედი?
– არა, ქვემოთ ვარ, ვჭამე და გვანცა ვნახე. ამოვალ მალე….
– კარგი…
მობილური გავთიშე და ნომერი დავათვალიერე. ნახევრად ლუქსი იყო. კარადა გამოვაღე და თეთრი პირსახოცის ხალათი გამოვიღე. კაბაზე შემოვიცვი და თავზე კაპიუშონი წამოვიფარე. მერე აივანზე გავედი და რომ დავრწმუნდი, რომ ვერავინ მხედავდა, ოცდამეთოთხმეტე ნომერში შევიხედე. ოთახი ჩაბნელებული იყო.
კარის ხმაზე უკან შემოვბრუნდი. ირაკლი მოსულიყო.
– შენ უკვე ხალათში ხარ?
მკითხა დაბნეულმა.
– არა.
ხალათი გავიხადე და საწოლზე დავჯექი.
– რაღაცას ხო არ მიჩალიჩებ?
– არა, არა…. ტელევიზორი ჩართე და მოდი!
ირაკლიმ ტელევიზორი ჩართო და გვერდით მომიჯდა.
– რასაც ახლა გეტყვი, საიდუმლოა!
ირაკლიმ თავი დამიქნია.
– მოკლედ, “მოჩვენება” ხო იცი?
– აუ, ვიცოდი რაა! ეგრეც ვიფიქრე, რო მაგას ეხებოდა საქმე!
ირაკლი ფეხზე წამოხტა და ოთახში ბოლთის ცემა დაიწყო.
– შენ თუ რამემ დაგაინტერესა, საზღვარი არ იცი მერე რა… იმ ს გამო შვლიპე გოგო 300 ლარი?
– დამაცდი, აგიხსნა?
– ჰო, ჰო…
ირაკლი ისევ ჩემთან მოვიდა და გვერდით მომიჯდა.
– მოკლედ, ეგ დაუკავშირდა კროულის და სცენარისტთან შეხვედრა სთხოვა. ჩემთან ანუ…
– ღადაობ?
– არა. მოკლედ, შევხვდი და მოვუსმინე. სცენარი უნდა დავუწერო…
– რა სცენარი, გოგო?
– მაგას ვერ გეტყვი და არ გეწყინოს რა! ეგ კროულიმაც კი არ იცის…
– მერე?
– არაფერი. ჭორის დონეზე ვიცი, რომ 34-ე ნომერში ცხოვრობს…
– მოიცა, სახლი არა აქვს ტო?
– აქვს, მაგრამ რაღაც მიზეზის გამო, მგონი, აქ რჩება…
– უნდა დაადგე?
– დებილი ხარ რაა… დავადგე არა ის… უბრალოდ, მაინტერესებს, რა ხდება ამ 34-ე ნომერში. არ მინდა, რამე შარში გავყო თავი, გესმის?
– არ მესმის, მაგრამ თან მესმის…
– “ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია” – ხო იცი?
– ხო…
– ხოდა, მეც ვფრთხილობ! მეც დავჯავშნიდი ნომერს, მაგრამ არ მინდა, ჩემი სახელი დაფიქსირდეს…
– მივხვდი… ესე იგი, მთელი ღამე უნდა ველოდოთ ოცდამეთოთხმეტე ნომრის იდუმალ მცხოვრებს?
– ასე გამოდის…

ლაბირინთი – უცნაური ღამე სასტუმროში (ეპიზოდი 17)

არაფერია იმაზე უცნაური, როდესაც სასტუმროს ნომერში ღამეს მამაკაცთან ერთად ათევ და თქვენ შორის არაფერი ხდება, თუნდაც ეს მამაკაცი შენი საუკეთესო მეგობარი იყოს.
ირაკლის შევთავაზე, რომ სახლში წასულიყო, მაგრამ მარტო არაფრით დამტოვა. შხაპი მიიღო და საწოლში ჩაწვა. მე ისევ ოცდამეთოთხმეტე ნომერს ვყარაულობდი, რომლისგანაც მარტო ერთი კედელი მყოფდა. რადგან ირაკლის ეს ნომერი არ მისცეს, ესე იგი, დაკავებულია და ღამის პირველ საათამდე რომ არავინ მოვიდა, სავსებით შესაძლებელია, მართლა გიორგაძე ცხოვრობდეს…
– შეიძლება ტელევიზორი ჩავრთო? თუ დილამდე ეგრე უნდა იჯდე, კედელზე ყურმიდებული?
მკითხა ირაკლიმ და თავქვეშ ბალიში ამოიდო.
– ჩართე, ოღონდ არ აღრიალო! თუ გინდა დაიძინე, შენ მე ნუ მიყურებ.
– დავიძინებ, აბა, რას ვიზამ? ღამეს ნაღდად ვერ გავათენებ… ისედაც მაგარ კურიოზულ სიტუაციაში გავეძრე… ქალაქის ყველაზე პრესტიჟული სასტუმროს ნომერში ვარ გოგოსთან ერთად, რომელიც მეზობელ ნომერში სხვა კაცს ყარაულობს… მე კიდე პატარა ბავშვივით უნდა დავხუჭო თვალები და დავიძინო…
– შემოგთავაზე სახლში წასვლა, მაგრამ არ მოინდომე და რა გიყო?
ვუთხარი სიცილით ირაკლის.
– არა, კი არ ვწუწუნებ, უბრალოდ, მეც კაცი ვარ და თან, გოგოსა და ბიჭის მეგობრობის საკითხს სკეპტიკურად ვუყურებ.
– მაგით რის თქმა გინდა?
– რის და შენ, პირველ რიგში, ქალი ხარ და მერე ჩემი მეგობარი. შეუძლებელია ქალთან წმინდა მეგობრობა ყოველგვარი ეროტიკული აზრის გარეშე. ყოველ შემთხვევაში, კაცებთან ასეა. შეიძლება გამოხატულად არ ფიქრობდე ამაზე, მაგრამ “ბექგრაუნდში” თუ არ გიზიდავს ქალი სექსუალურად ოდნავ მაინც, იმასთან მეგობრობაც ძალიან გაგიჭირდება. ინტუიციის დონეზე მაინც უნდა იყო დარწმუნებული, რომ რამე რო იყოს, მასთანაც გექნებოდა შანსი… ხვდები, რის თქმას ვცდილობ?
– ჰო, რა მიხვედრა მაგას უნდა?! დებილი კი არ ვარ… თან ახალი არაფერი გითქვამს, მეც ვიცი, რომ ასეა!
– დაიცა, შენ გიფიქრია ოდესმე ჩემთან იმაზე?..
ირაკლი საწოლში წამოჯდა.
– კარგი რაა, ირაკლი! რა დროს ეგ არის ახლა?
– ახლაა მაგის დრო, აბა, როდისღა?
სავარძლიდან პატარა ბალიში ავიღე და ვესროლე.
– რა მოხდა? გიტყდება?
– შენ მაინც ხომ იცი, რომ ცხოვრების ნახევარზე მეტს ფიქრებში ვატარებ? მგონი, ყველაფერზე მიფიქრია, რაზეც კი ფიქრი შეიძლება… ნუ, გაფიქრებით მაინც…
– დაიცა, კროულისთან სექსზეც?
– ფუუ….
ირაკლიმ სიცილი დაიწყო.
– არა, მართლა მაგრა ვკაიფობ, მე და შენ “პიჟამაფართი” რომ გვაქვს… მოდი, წამოწექი, ვიჭორაოთ!
– მორჩი მაიმუნობას!
– მაპატიე… დამავიწყდა, რა მნიშვნელოვან საქმეზე ხარ მოსული…
– დასალევი არაფერი გინდა? დავრეკავ, ვეტყვი, ჩაი ამოგვიტანონ…
– გაგიჟდი? გვანცაა დღეს მორიგე. ხო აზრზე ხარ, ჩაის რო შემოიტანს და ასე დაგვინახავს? მიდი მერე და უხსენი, ეს ის არაა, რაც შენ გაიფიქრეო…
– უი, ხო… ეგ სულ არ გამხსენებია!
– მომიყევი რა, ჩემზე რეები გიფიქრია!
– საერთოდ არ გეძინება?
– შენ წარმოიდგინე, არა!
– არ მახსენდება მართლა… რომ მახსოვდეს, მოგიყვებოდი. არ მომერიდება…
– მე, მაგალითად, მახსოვს, რასაც შენზე ვფიქრობდი… გითხრა?
– არა, იყოს…
– ისე, ვინ მოიგონა, რომ მეგობრებს შორის სექსი “გრეხია”? პირიქით არ უნდა
იყოს წესით? აი, დაფიქრდი! მეგობარი არის ის ადამიანი, რომელიც ყველაზე კარგად გიგებს, შენც უგებ. გისწორდება მასთან საუბარიც, გართობაც, დალევაც… აი, რაღა მაინცდამაინც სექსი არ უნდა გისწორდებოდეს? – მართლა არ მესმის!
– შენ რამე ჯადო ხო არ გაჭამა დღეს გვანცამ?
– მე სულ ასეთი ვარ! უბრალოდ, დღეს უფრო სექსუალურად ვხუმრობ…
– ყველაზე საყვარელი ხარ!
სიცილი ვერ შევიკავე. უცებ ძალიან მომინდა, მივსულიყავი და ჩავხუტებოდი ირაკლის, მაგრამ არ გავრისკე.
– კაცს მარტო ერთადერთ შემთხვევაში ესიამოვნება, თუ ეტყვი – საყვარელი ხარო, როცა სიტყვა “საყვარელში” სხვა მნიშვნელობას იგულისხმებ. ჩემნაირ სიმპათიურ, სექსუალურ, ნავარჯიშები სხეულის მქონე კაცს რო “საკალელი” ხარო, ეუბნები, ცოტა არ იყოს, დამამცირებელია. მე კი არ მწყინს, უბრალოდ, გეუბნები, რომ სხვა კაცებთან გაითვალისწინო რა…
– მეც ხო რიგი მიდგას სხვა კაცების…
– ისე, ეს “მოჩვენება” რა როჟაა? საინტერესო “მასტია”?
– საკმაოდ. ზუსტად იცის, რა უნდა, რას აკეთებს, რისთვის და ისიც იცის, როგორ უნდა გააკეთოს. ზერელე ლაპარაკი არ უყვარს. რასაც ამბობს, საინტერესო მოსასმენია.
– ვა… მე ჩლუნგი მეგონა.
– არა, არ არის ჩლუნგი. გახსოვს, კარნავალზე მითხარი, ძალიან საეჭვო ფიგურააო?..
– ჰო… მაგარი “წიომნი ლაშადკაა!”
– შეიძლება საკუთარ თავსაც არ ვუტყდები, მაგრამ მგონი, ეგ მიზიდავს რაღაცნაირად…
– გევასება?
– არა. თითქოს არა… მაგრამ მომენტებში… არ ვარ დარწმუნებული… ძალიან არ მინდა, რომ მომწონდეს…
– რატო?
– იმიტომ, რომ სავარაუდოდ, ძალიან ცუდი საქმიანობითაა დაკავებული. ერთმნიშვნელოვნად ძალიან ცუდი კაცია! კრიმინალი…
ირაკლი საწოლში წამოჯდა.
– მოიცა, იცი რამე?
– არა, მაგრამ რა ცოდნა მაგას უნდა? ამხელა ფული რომ ეგრე ადვილად არ იშოვება, შენც ხო იცი?
– ეგ ხო… და იმას დაევასე?
– არ ვიცი…
– “ბულშით”… რას ჰქვია, არ იცი? ქალი ხარ და მიხვდებოდი.
– ვფიქრობ, რომ რაღაც სიმპათიები აქვს…
– მიდი მერე, დაუახლოვდი და აახიე მაყუთი.
ირაკლიმ სიცილი დაიწყო.
– რაში მჭირდება მაგისი “შავი ფული”? ხო იცი, “შავი ფული” რაღაც ძალიან დიდი უბედურების ხარჯზე მოიპოვება…
– “შავი ფული” საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 60-70%-ს შეადგენს. ამ თანხის მხოლოდ ნაწილის, სადღაც – 30-40%-ის ლეგალიზება, ანუ გათეთრება ხდება, დანარჩენი კი ისევ უკანონო შემოსავლების მიღებას ხმარდება… ასე რომ, “მოჩვენება” არც პირველია, არც უკანასკნელი…
ღამის ორი საათი ხდებოდა, როდესაც ირაკლის ტელევიზორის ყურებაში ჩაეძინა. ცდილობდა, ფხიზლად ყოფილიყო, მაგრამ წინა ღამეს საერთოდ არ სძინებია და როგორც ჩანს, ვეღარ გაძლო. მე ტანსაცმელი გავიხადე და ხალათი ჩავიცვი. ფუმფულა სავარძელში ვიჯექი და ჟურნალს ვათვალიერებდი, როცა გვერდზე ნომრიდან ყრუდ კარის გაღება-დახურვის ხმა გავიგე.
წყლის ცარიელი ჭიქა ავიღე და კედელს მივადე. ყური ჭიქის ძირთან მივიტანე და მივაყურადე. ოცდამეთოთხმეტე ნომერში მართლა შემოვიდა ვიღაც…
სასტუმროს ერთჯერადი ჩუსტები მეცვა. აივანზე ფეხაკრეფით გავედი და ძალიან ფრთხილად შევიჭყიტე გვერდითა ნომერში. სინათლე ენთო, მაგრამ არავინ ჩანდა. ისევ ოთახში შემოვბრუნდი და კედელს მივადე ყური. შორიდან წყლის ხმა ისმოდა. როგორც ჩანს, შხაპს იღებდა… ოცი წუთის მერე წყლის ხმაური შეწყდა და აბაზანიდან ვიღაც გამოვიდა. მესმოდა, როგორ დადიოდა ოთახში.
ისევ აივანზე გავედი, მაგრამ აღარ გადამიხედავს. ნომრების გამყოფ კედელთან ვიდექი და ჩრდილს ვაკვირდებოდი, რომელიც ჩვენი აივნების პირდაპირ, კედელს ეცემოდა.
აივნის კარის გასრიალების ხმაც გავიგე და მივხვდი, რომ ჩემი იდუმალი მეზობელი აივანზე გამოვიდა. სანთებელას ტკაცუნი გაისმა და სიგარეტის ბოლი ჰაერს შეერია. უხმოდ ეწეოდა. სახე ხალათის კაპიუშონში მქონდა ჩამალული და კედელს ვიყავი აკრული. მისი სუნთქვაც კი მესმოდა…
მერე ოცდამეთოთხმეტე ნომრის კარზე დააკაკუნეს და აივნის კარიც მიიხურა. მხოლოდ ახლა გავბედე გახედვა. თხელი ფარდიდან გამოსახულება ცუდად ჩანდა, მაგრამ დავინახე, რომ კარი ხალათიანმა გოგომ გააღო, რომელსაც თავზეც პირსახოცი ჰქონდა შემოხვეული. ცუდია, რომ ხმა გარეთ არ ისმოდა. სიამოვნებით დავტოვებდი ყურებს ნომერში, რომ ერთდროულად მომესმინა კიდეც…
ნომერში მამაკაცი შემოვიდა. ხალათიანი გოგო მას მოეხვია და კოცნა დაუწყო. როდესაც შემოსასვლელშივე გახადა ხალათი კაცმა, თავი ძალიან უხერხულად ვიგრძენი და ნომერში შემოვბრუნდი. პათოლოგი დედამთილივით ვიყავი მიყურადებული და ველოდი, როდის შეწყდებოდა ინტიმური ხმები… რაღაც მომენტში ისიც კი ვიფიქრე, ძალიან ზედმეტი ხომ არ მომივიდა-მეთქი…
როგორც იქნა, სიჩუმემ დაისადგურა და ცოტა ხანში ქალის და კაცის ლაპარაკი გაისმა. სიტყვების გარჩევა შეუძლებელი იყო. კიდევ კარგი, ირაკლის დაეძინა და ვერ ხედავდა, როგორ გავდიოდი და გამოვდიოდი ლანდივით ოთახიდან აივანზე და პირიქით… მე უფრო ვგავდი მოჩვენებას, ვიდრე გიორგაძე…
წყვილი საწოლში იწვა. გოგო თმებით ვიცანი. ლიზი იყო… მამაკაცის გარჩევა ვერ შევძელი, მაგრამ ვიფიქრე, რომ სავარაუდოდ, ლევანი იქნებოდა… ოთახში სინათლე ენთო. გარეთ ბნელოდა და ჩემ დანახვას ისინი ვერ შეძლებდნენ. რაღაც დრო რომ გავიდა, მამაკაცი საწოლიდან წამოდგა, ხალათი მოიცვა და აივანზე გამოვიდა მოსაწევად. მოაჯირს იდაყვებით დაეყრდნო და ისე ეწეოდა. მე კი მის მარცხენა ხელს ვხედავდი…
– მოდი, ნახე, როგორი სავსე მთვარეა!
წამოიძახა მოულოდნელად და მეც გავქვავდი. ლიზი აივანზე გამოვიდა. როგორც ჩანს, მთვარის ყურებით ტკბებოდნენ. მე კი ვნატრობდი, კიდევ ეთქვა რამე, რადგან მისი ხმა ჩემთვის ძალიან, ძალიან ნაცნობი აღმოჩნდა…
– დღეს მაგრა დავიღალე!
ეს ლიზის ხმა იყო.
– ძალიან გვიან მოდიხარ ხოლმე…
– დღეს ხო ადრე მოვედი, რა გინდა?
– და სულ რომ წამოხვიდე, არ გინდა?
– ვერ წამოვალ! ხომ გთხოვე, ჩემს სამსახურზე ნურაფერს მკითხავ-მეთქი…
ამ სიტყვებზე ლიზი ოთახში შებრუნდა. მე მთელი სხეული მიკანკალებდა, რადგან მივხვდი, ვინც იდგა კედლის იქითა მხარეს…
კონცენტრაცია მის მარცხენა ხელზე მოვახდინე და ველოდი, როდის გაამოძრავებდა. როდესაც სიგარეტის ნამწვი მოისროლა, წამიერად დავინახე ის, რის დანახვასაც ვცდილობდი, რომ საბოლოოდ დავრწმუნებულიყავი… მაჯის შიდა მხარეს პატარა ტატუ ჰქონდა. პატარა ისარი…
ნომერში შემოვბრუნდი და საწოლზე გადავწექი. ჭერს ვიყავი მიშტერებული. მერე გადმოვბრუნდი და ირაკლის შევხედე. ბავშვივით უდარდელად ეძინა. ვერ გადავწყვიტე, მეთქვა თუ არა ის, რაც ვნახე… ბოლოს, ვეღარ დავიტიე ამდენი ემოცია და გავაღვიძე.
– ირაკლი…
– რა მოხდა, ფისო?
– ვერ წარმოიდგენ, რა მოხდა…
ირაკლი საწოლში წამოჯდა და თვალები მოიფშვნიტა.
– ჰა, რა ხდება? მოვიდა?
– ჯერ გოგო მოვიდა…
– გოგო?
– ჰო. ვიღაც გოგო… იბანავა და ცოტა ხნის მერე…
ფეხზე ავდექი და ოთახში გავიარ-გამოვიარე.
– ამოთქვი! ფერი არ გადევს სახეზე… ვინ მოვიდა ამისთანა? პრეზიდენტი?
– ფილი…
როგორც იქნა, ამოვთქვი და ირაკლისკენ შევბრუნდი.
– რა თქვი? ვინ ფილი?..
– რა ვინ ფილი, ირაკლი! ჩვენი ფილიპე…
– ფელიქსა? ღადაობ!
– მიდი, გადი ჩუმად აივანზე და გადაიხედე, ოღონდ ფრთხილად!
მეც მინდოდა, რომ ჩემი სიტყვები ირაკლისაც დაედასტურებინა, რადგან უკვე აღარ ვიცოდი, მეჩვენებოდა თუ მართლა ხდებოდა ეს სიგიჟე… ირაკლიმ გადაიხედა და ოთახში შემობრუნდა.
– ეგ არის… აუ, აქ საიდან, ტო… ჩემთვის არ უთქვამს, ნაშა თუ ჰყავდა…
– მომისმინე! შენ არაფერი უთხრა, გესმის?
– რა უნდა ვუთხრა, გოგო, მე და ევა გვერდითა ნომერში ვიყავითო, ხო არ ვეტყვი? ფელიქსა, ბიჭოო… ამას რას წარმოვიდგენდი… ნაღდად თქვენი გაჩალიჩებულია ყველაფერი!
– გაგიჟდი?..
– არა, ვერ ვიჯერებ…
– დამშვიდდი… ვერც მე ვიჯერებდი და ამიტომ გაგაღვიძე…
– და ეს გოგო ვინ არის, იცი?
– არა, არ ვიცი. ხვალ ეცადე, სადმე წაიყვანო, დალიეთ ან რამე… იქნებ მოგიყვეს თვითონ… უთხარი, გუშინ ღამე შემოგიარე სახლში და არ დამხვდი-თქო… ან რამე ისეთი, რომ არაფერი იეჭვოს!
– შენ რაღაცას მიმალავ! რა ხდება, გამაგებინე!
– წარმოდგენა არ მაქვს… ვერაფერს ვფიქრობ…
დილამდე თვალი არ მომიხუჭავს. აღარც ირაკლის დაეძინა. მთელი ღამე ვლაპარაკობდით. სასტუმრო დილის შვიდ საათზე დავტოვეთ. არ გვინდოდა, ფილიპეს შემთხვევით დავენახეთ… სახლში წავედი, შხაპი მივიღე და ცოტა ხნით ლოგინში ჩავწექი. ფიქრებში ჩამეძინა და დედამ ათ საათზე გამაღვიძა, სამსახურში გაგვიანდებაო…
ირაკლი არ მოვიდა და მობილურზეც არ მიპასუხა. როგორც ჩანს, გაითიშა და ეძინა… ფილი ჩვეულებრივად იქცეოდა. როცა საჭმელად გავედით მე, ფილი და მაქსი, საუბარი ჩვენს სამსახურზე ჩამოვუგდე.
– ფელიქს, შენ აქ როგორ მოხვდი, ეგ ისტორია კი არ ვიცი…
– ჩვეულებრივად. “სივი” გამოვაგზავნე… არაფერია მოსაყოლი.
– თავიდანვე ამ თანამდებობაზე დაგნიშნეს?
– თავიდანვე მარკეტინგის განყოფილებაში ვიყავი…
– მაქს, შენ?
– მე კომპანიის შექმნის პირველივე დღიდან აქ ვარ! თავიდან რეკლამებზე ვმუშაობდით მარტო. თამაშები მერე დავიწყეთ…
ფილს განსაკუთრებული ვერაფერი წამოვაცდენინე. სამსახურის მერე პირდაპირ ტაბიძეზე წავედი და ლევანს დავურეკე. “სკაიპში” და ტელეფონში არ მინდოდა ლაპარაკი, ამიტომ მოსვლა ვთხოვე. დაახლოებით ოც წუთში მოვიდა.
– მოხდა რამე? აღელვებული ხმა გქონდა… შემოსვლისთანავე მკითხა.
– არც კი ვიცი, როგორ გითხრა…
– გაგშიფრეს?
ლევანს გამომეტყველება შეეცვალა.
– არა! სხვა რაღაც მოხდა…
– მოდი, დავსხდეთ და მომიყევი…
დივანზე დავსხედით.
– გუშინ სასტუმრო “მირაჟში” ვიყავი…
– დაგირეკა?
გაკვირვებულმა შემომხედა.
– არა. ჩემს მეგობარს ვთხოვე, ნომერი თავის სახელზე გაეფორმებინა. ღამე იქ დავრჩი. ნუ გეშინია, არავის დავუნახივარ…
– ეს რატომ გააკეთე? ვერ ვხვდები…
დაიბნა ლევანი.
– ოცდამეთექვსმეტე ნომერში ვიყავი…
– რა?
– ვიცოდი, რომ გაბრაზდებოდი, მაგრამ მაინც გავრისკე…
– მერე?
– ლიზი ბერიძე მოვიდა. საკმაოდ გვიან… მარტო არ იყო…
– გიორგაძე?
– არა… ჩემი მეგობარი… ფილიპე…
– შენი თანამშრომელი ფილიპე, “პორტალში” რომელიც წამოგყვა?
– ჰო…
ლევანი ფეხზე წამოიჭრა და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა. თავზარდაცემული იყო…
– ეგ იცი, რას ნიშნავს?.. შეიძლება გიორგაძეს ლაშაზე აქვს ეჭვი… ან უარესი, იცის, ვინც არის…
– ჰო, მაგრამ ფილი ვერ იქნება შეკრული გიორგაძესთან! გამორიცხულია… სხვა რაღაცაშია აქ საქმე…
– გამორიცხული არაფერი არ არის! ამ სფეროში რომ ტრიალებდე, მიხვდებოდი, რომ ხშირად ყველაზე წარმოუდგენელი რაღაცები ხდება…
– ფილიპეს წლებია ვიცნობ! ჩემი უახლოესი მეგობარია! გამორიცხულია, გიორგაძის ჯაშუში იყოს…
– აბა, როგორ ახსნი მაგ ორის კავშირს?
– იქნებ პირიქითაა? ლიზი არის გიორგაძის ჯაშუში და თავს იზღვევს, აინტერესებს ფილის ამბები… ფილმა “პორტალი” ხომ ნახა?
– შეიძლება ეგრეც იყოს, მაგრამ ვარაუდებს ვერ ვენდობით…
– და რას აპირებ?
ლაბირინთი – ორმაგი თამაში (ეპიზოდი 18)

ყველაზე მეტად ის არ მინდა, რომ ფილი გიორგაძის შავ საქმეებში აღმოჩნდეს გარეული. არ მინდა ვიფიქრო, რომ ორმაგ თამაშს თამაშობს. ლევანი კარგა ხანი ბოლთას სცემდა ოთახში, მერე დიდხანს იჯდა ჩაფიქრებული.
– რას აპირებ, ლევან?
კითხვა გავუმეორე. როგორც იქნა, გამოერკვა ფიქრებიდან და შემომხედა. მგონი, დაავიწყდა კიდეც, იქ რომ ვიყავი…
– “კუდზე დააჯდებით”?
– რა? შენ საიდან იცი ეგ გამოთქმა?
მკითხა გაკვირვებულმა.
– მე მაინც არ მგონია, ფილი იყოს გარეული. ისეთი კარგი მსახიობიც არ არის, “პორტალის” ამბებს ასე კარგად ვერ გაითამაშებდა. მართლა შეშინებული იყო… კარგად ვიცნობ და ვიცი…
– მაგას აუცილებლად გავარკვევთ!
– რანაირად?
– გავარკვევთ, ვის ელაპარაკება ტელეფონით, ვის ხვდება, სად დადის… ნუ გეშინია, თუ არაფერში არ არის გარეული, არაფერი მოუვა.
– და თუ გარეულია?
– ნუ მაშინ, არ ვიცი… გააჩნია, როგორ და რა დოზით… ფულის გათეთრება საკმაოდ მძიმე დანაშაულია…
– როგორ ფიქრობ, რით შოულობს შავ ფულს გიორგაძე? ნარკოტიკით ვაჭრობს?
– ყველა ფინანსური აფერა იწყება იმით, რომ მაქინაციის ორგანიზატორი კომპანია რამდენიმე “შვილობილ” ფირმას ქმნის. ასეთი საქმე დიდი ფულის კეთების, ანუ გათეთრების საშუალებას იძლევა. “შავი ფული” ნაწილებად იშლება და სხვადასხვა შუალედურ ბანკში ან კომპანიებში ხვდება. ჩვენ მას ჭიანჭველებს ვეძახით… მერე ფიქტიური ოპერაციები იწყება. ფული გადადის ბანკიდან ბანკში, იქამდე, სანამ შეუძლებელი არ გახდება ფულის წარმომავლობის დადგენა. ბოლოს ირიცხება ფირმის ანგარიშზე… ასახსნელად ძნელია, ევა. არსებობს ფულის გათეთრების უფრო მარტივი და რთული გზებიც…
– გამოდის, რომ ჩვენი “ლაბირინთი” ერთ-ერთი ჭიანჭველაა…
– შენ არაფერი უთხრა ფილიპეს. ეგ საქმე მე მომანდე. როდის აპირებ გიორგაძის ნახვას? მოიფიქრე რამე?
– მაქვს ერთი იდეა. საჩქაროა შეხვედრა?
– რაც უფრო მეტად დაახლოვდებით, უკეთესია… როგორც მივხვდი, მოსწონს შენთან ლაპარაკი…
– ასე ფიქრობ?
– კი. არ უნდა გაცივდეს სცენა…
– მოვიფიქრებ რამეს და შევხვდები ამ დღეებში.
– საყურეს ელემენტი ექნება შესაცვლელი.
– ელემენტი?
– ჰო, რო დაშლი, პატარა ელემენტი დევს შიგნით. შენ არ დაშალო, შეიძლება დააზიანო. მე მომიტანე.
– კარგი.
– არ დარჩები?
– არა. მთელი ღამე არ მძინებია. წავალ, გამოვიძინებ…
– რადგან ასეა, აღარ დაგაყოვნებ!
გარეთ საკმაოდ ციოდა. რაღაცნაირად ეს სიცივე მესიამოვნა. მოტოციკლი დავქოქე, მაგრამ პირდაპირ სახლში არ წავსულვარ. ჯერ ქუჩებში ვისეირნე. ფილის სახლთანაც ჩავიარე, რამდენიმე წუთი შევჩერდი და მის ფანჯარას ავხედე. სინათლე ენთო. როგორც ჩანს, სახლში იყო…
იქიდან პირდაპირ სახლში წავედი. კარი თეომ გამიღო. შესვლისთანავე ახალგამომცხვარი ნამცხვრის სუნი მომივიდა და რაღაცნაირი, ძალიან სასიამოვნო შეგრძნება დამეუფლა.
– კარგ დროს მოხვედი, ანიკა. ნამცხვარი გამოვაცხვე.
გამომძახა დედამ სამზარეულოდან. მეც ხელები დავიბანე და ნამცხვრის გასასინჯად სამზარეულოში შევედი.
– გშია?
– არა! ნამცხვარი და ჩაი მინდა მარტო…
– დაჯექი. დაგისხამ! ამ ბოლო დროს სულ ვეღარ გხედავ სახლში. ან ძალიან გვიან მოდიხარ, ან საერთოდ არ მოდიხარ. მშვიდობა გაქვს?
– კი, დე… ბევრს ვმუშაობ უბრალოდ!
– ღამღამობითაც?
– არა, საქმიანი შეხვედრა მქონდა…
– შუაღამისას?
– ჰო. ღამის კლუბში…
– ღამის კლუბში აღარ გამიგია საქმიანი შეხვედრები…
ჩაილაპარაკა დედამ და ჭიქებში
ჩაი დაასხა.
– ღამის კლუბისთვის უნდა მოვიფიქრო რაღაც თამაში. ამიტომაც შევხვდი კლუბის მეპატრონეს…
– ის ფული მაგან მოგცა?
– ჰო. ეგ ავანსი იყო. კიდე ავიღებ, გაცილებით მეტსაც… შენ მაცივარი რომ გინდოდა, ვიყიდოთ!
– არ მინდა გადაიღალო, ანიკა! შენთვის არ არის კარგი გონების ასე დაძაბვა, დედი… დაგავიწყდა, რა პრობლემები გქონდა?
– არ დამვიწყებია!
– არაფერი დამიმალო! თავის ტკივილები ხომ არ გაქვს?
– ყველაფერი კარგად არის, არ ინერვიულო!
– მაგას მგონი შეყვარებული ჰყავს, დედა!
წამოიძახა თეომ.
– ვაიმე, შენს პირს შაქარი, თეო! ნეტა მართლა ჰყავდეს…
გაეცინა დედაჩემს. მეც გამეცინა.
– საიდან დაასკვენი ეგ, ბეღურა?
ვკითხე თეოს.
– როდის იყო, შენ ასე იცვამდი? ამ ბოლო დროს რომ იპრანჭები! თან, ვიცი, ვისაც უყვარხარ…
– რეებს ლაპარაკობ? ვის ვუყვარვარ, აბა?
– ვის და შენი თანამშრომელი როა, იმ ბიჭს!
– ირაკლის?
– მაგას არა, მეორეს… ქერა როა… ზღაპრის პრინცივით სახელი რო ქვია!
– ფილიპეს?
– ჰო, მაგას!
– საიდან მოიტანე?
– ინგლისურიდან მოვდიოდი ერთხელ, შენ მოტო გამოგყავდა “გარაჟიდან”. დაგიძახე, მაგრამ ვერ გაიგე… დაქოქე და წახვედი…
– მერე ფილი რა შუაშია?
– მანქანაში იჯდა და უკან გამოგყვა. ეტყობა, გელოდებოდა. არ დაგეწია?
– ეტყობა მოგეჩვენა! ფილი აქ რო მოსულიყო, ჯერ დამირეკავდა!
– არაფერიც არ მომჩვენებია! მე ჩამიარა გვერდით და დავინახე. სურათებში როა, ზუსტად ეგ ტიპი იყო… ხოდა, რომ არ დაგირეკა, მაგაშია საქმე! ალბათ, ეჭვიანობს და ვერ გეუბნება… აინტერესებდა ეტყობა, სად წახვიდოდი…
– როდის იყო ეგ?
– აუ, რა მახსოვს… ერთი ან ორი კვირის წინ… მაგის მერე კიდე დაგინახეთ, შენს სამსახურთან.
– ჩემს სამსახურთან რა გინდოდა?
– შატალოზე წავედით კლასი, მანდ რო სახინკლეა, იქ… შენ გადასასვლელზე გადადიოდი და ტელეფონზე ლაპარაკობდი. ეგ ფილიპე კიდე შენი სამსახურიდან გამოვიდა და უკან გამოგყვა!
– მეღადავები, გოგო?
– დედას გეფიცები…
– იქნებ მართლა მოსწონხარ ფილს, დედი?
მკითხა დედაჩემმა. მე კიდევ ლაპარაკის უნარი წამერთვა. ნეტა როდის იყო ეგ? ლევანს რომ დავურეკე, მაშინ ხომ არა? დავიჯერო, ფილი მითვალთვალებს?
– არა, რა მოვწონვარ! მეგობრები ვართ…
– ყველაფერი მეგობრობიდან იწყება! თეო, შენ ის მითხარი, როდის აქეთ დაიწყე შატალოები?
ვიდრე დედაჩემი ჩემს დას ელაპარაკებოდა, ჩემს ოთახში გავედი. ტანსაცმელი გავიხადე, აბაზანა წყლით ავავსე და ჩავწექი. აღარაფერზე ფიქრი აღარ მინდოდა… დედას სიტყვებმა, ცოტა არ იყოს, დამაფიქრა. მართლა მაშინდელივით არ დამემართოს, რეალობა და ფანტაზია ლამის ერთმანეთში რომ ამერია…
თერთმეტი საათი ხდებოდა, როდესაც ირაკლიმ დამირეკა.
– ევანგელინა, სახლში ხარ, ფისო?
– კი. სახლში ვარ. სად დაიკარგე?
– ფელიქსასგან მოვდივარ, ერთად ვიყავით…
– მერე?
– შენს სახლთან რომ მოვიდე, ჩამოირბენ ცოტა ხნით?
– შენ ამოდი!
– სირცხვილია… გვიანაა გოგო. რას იფიქრებს დედაშენი?
– არაფერს არ იფიქრებს, მოდი.
სასწრაფოდ გავიმშრალე და ჩავიცვი. ჩემები გავაფრთხილე, რომ ირაკლი შემომივლიდა. თეომ ეშმაკურად გაიცინა და დედას თვალი ჩაუკრა. თმა ისევ სველი მქონდა, ირაკლი რომ მოვიდა.
– ძალიან მიხარია, ბოლოს და ბოლოს რომ გავიცანი ჩემი შვილის მეგობარი!
– მეც მიხარია და ბოდიშს გიხდით გვიანი სტუმრობისთვის.
– ძალიან კარგ დროს გვესტუმრე. ისეთი გემრიელი ნამცხვარი გავაკეთე… ახლავე გამოვიტან!
მე და ირაკლი მისაღებ ოთახში, დივანზე დავსხედით.
– მშვიდობაა?
ვკითხე და ტელევიზორში ხმას ავუწიე.
– კი. სახლში დავადექი ლუდით. დავლიეთ და ვიბაზრეთ.
– მერე?
დედაჩემმა ნამცხვარი შემოიტანა.
– ჩაი, ყავა?
– ნუ შეწუხდებით…
– საერთოდ არ ვწუხდები.
– მაშინ, ჩაის დავლევ…
დედა ისევ გავიდა.
– რაო? რამე გითხრა?
ახლა თეო შემოვიდა და ირაკლის მიესალმა.
– ეს შენი დაა? რა მაგარი და გყოლია!
ირაკლი ფეხზე წამოხტა და თეოს მიესალმა. თეო ცოტა წამოწითლდა სახეზე და უხერხულად გაიცინა.
– საერთოდ არა გგავს!
დედამ ჩაი გამოიტანა. სანამ ნამცხვარი და ჩაი არ მიირთვა ირაკლიმ, დალაპარაკება ვერ მოვახერხეთ. ბოლოს, როგორც იქნა, ჩემს ოთახში წავათრიე.
– ამოღერღე ახლა, თორე გავგიჟდი უკვე!
– რანაირი ოთახია, გოგო?
– რანაირი?
– რაღაცნაირი, გადაფითრებული…
– სპეციალურად არის ეგეთი… – რაო ფელიქსამ?
– ჰო, მოკლედ, ცოტა რო დავლიეთ, მე გვანცაზე ვებაზრე რაღაცები. გული გადავუშალე, რა! ჰოდა, მერე მაგანაც ამოთქვა, როგორც იქნა…
– რაო?
– ერთი გოგო გავიცანი და მევასებაო. ვხვდებით ერთმანეთსო. მე ვუთხარი, დავსხდეთ ერთხელ კაფეში ყველანი ერთად, გაგვაცანი-მეთქი და ეგ ჯერ ადრეაო.
– სახელი გითხრა?
– კი, ლიზი ჰქვიაო. გოგო, მგონი, მართლა შემთხვევით მოხვდნენ იმ ნომერში და ტყუილად ვაბრალებთ რაღაცას…
– შეიძლება… კიდე რა გითხრა? სად გავიცანიო?
– პარკინგზეო.
– პარკინგზეო?
– ჰო, მანქანას ვერ ქოქავდაო. ამასაც იქვე ეყენა თავისი და სახლში წაუყვანია.
– სახლში? რა მისამართზე?
– მისამართსაც ხო არ ვკითხავდი? გამაგიჟებ შენ! გამომძიებელი ხარ, ტო?
– ვითომ შემთხვევით მოხდა ეგ ყველაფერი? იქნებ სპეციალურად გააკეთა, ვითომ ვერ დაქოქა, რომ ფილს წაეყვანა სახლში.
– ბოლოს რა კინოს უყურე შენ?
– ირაკლი… რაღაც უნდა გთხოვო!
– კიდევ?
– თუ შემატყობ, რომ უცნაურად ვიქცევი, მაგალითად, შიზოფრენიკივით, პირდაპირ მითხარი, კარგი?
– ძალიან მაშინებ შენ!
– როდის აქეთ გახდი ქვეშაფსია? უბრალოდ, დამპირდი!
– კარგი, ხო… გპირდები!
მეც არ ვიცი, რატომ, უცებ ირაკლის ჩავეხუტე. ალბათ, ძალიან მჭირდებოდა ვიღაცისგან თანაგრძნობა და სითბო მეგრძნო. ამ დროს თეომ შემოაღო კარი, ხილი უნდა შემოეტანა და რომ დაგვინახა, უკან შამპანურის საცობივით გავარდა…
ირაკლისთვის არ მითქვამს, რაც თეომ ფილზე მითხრა. ის კი არა, ლევანისთვისაც არ ვაპირებდი თქმას. მერჩივნა, ჯერ ჩემით გამერკვია ყველაფერი და დავრწმუნებულიყავი, რომ რაღაც გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. ლიზი ბერიძე არ ჰგავს მსხვერპლს. პირიქით, მტაცებელი უფროა. მე კიდევ ძალიან არ მომწონს ის ფაქტი, რომ ფილთან აქვს კავშირი. ინტუიციურად ვგრძნობ, რომ ფილს გარკვეული მიზნებისთვის იყენებს…
მეორე დღეს, სამსახურში გვიანობამდე შემოვრჩი. მაქსს თამაშის მეორე ლოკაციის შექმნაში ვეხმარებოდი. ფილი კარგ ხასიათზე იყო. ოთხივე ერთად გავედით საჭმელად კაფეში, რომელიც ჩვენი სამსახურის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს. მე პატარა ექსპერიმენტი ჩავატარე. ვითომ ტელეფონზე რაღაც მესიჯი მომივიდა, მოულოდნელად ავდექი და ქუჩაში გამოვედი. სინამდვილეში ჩემს დას, თეოს დავურეკე და რაღაც სისულელეები ვუთხარი, რომ დრო გამეწელა.
ცალი თვალი კაფეს ფანჯრისკენ მეჭირა, საიდანაც კარგად ჩანდა ჩვენი მაგიდა. მაინტერესებდა, ფილი რამდენჯერ გამოიხედავდა. ჩემდა გასაკვირად, ბიჭებთან ლაპარაკში იყო გართული და არც ერთხელ არ გამოუხედავს. სიმართლე გითხრათ, გამიხარდა კიდეც.
უკან რომ ვბრუნდებოდით, დერეფანში ის მაღალი, ხმელ-ხმელი კაცი შემოგვხვდა, ამას წინათ რომ იყო მოსული კროულისთან. ამჯერად ახლოდანაც შევძელი მისი შეთვალიერება. გვერდით ჩამიარა, მაგრამ ზედაც არ შემოუხედავს, თავი დაღუნა და დიდი ნაბიჯებით გასწია გასასვლელისკენ. ისეთი უემოციო სახე ჰქონდა, თითქოს ცვილის ფიგურა იყო…
წამოსვლის წინ გადავწყვიტე, კროულისთან შევსულიყავი. მიზეზად იმ პოლონური სამშენებლო კომპანიის მიერ მოწოდებული შენობების მაკეტი მოვიმიზეზე.
– დღეს რაღაც ვერ არის ხასიათზე…
გამაფრთხილა მტრისამ.
– რატო? მოხდა რამე?
– ერთი ქალი ჰყავს მაგას სახლში, დამხმარე… კოჭი აქვს გაბზარული თუ რაღაც სჭირს და დროებით წასულა… ჰოდა, მაგის გარეშე ეს ეტყობა უმწეო ბავშვივითაა!
მითხრა მტრისამ ჩურჩულით.
– მერე აიყვანოს სხვა, რა პრობლემაა?
– ჰმ, შენ არ იცნობ დობროვსკის! ეგ ეგრე ადვილად არავის ენდობა.
უცებ კროულიმ თავისი კაბინეტიდან ზარი დარეკა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მასთან შესვლა შემეძლო. რომ შევედი, სახით ფანჯარასთან იდგა, ხელები ზურგს უკან დაეწყო და ქუჩას გაჰყურებდა.
– მოდი, ანნიკა!
– როგორ ბრძანდებით?
– არა მიშავს… თავად როგორ ხარ?
– მეც კარგად… მარია როგორ არის?
– ოჰ, მარიას თაბაშირში ჩაუსვეს ფეხი და იძულებული გახდა, თავის შვილთან წასულიყო. მის გარეშე თითქოს ორივე ხელი მომაჭრეს!
– მესმის… დროებით რომ აგეყვანათ ვინმე?
– სადღა იპოვი ამ დროში სანდო ადამიანს, ანიკა? მარიამ ყველაფერი იცოდა. რას ვჭამდი, რას არა… როდის რა ტანსაცმელი მოემზადებინა, სად რა დაეწყო…
– იცით, ბატონო აბრამ, მე ვიცი ერთი გოგო… ძალიან პატიოსანია და თან პროფესიონალი. გადასარევად ამზადებს საჭმელს…
კროულიმ ცალი თვალი მოჭუტა და გამომხედა.
– იცნობ?
– ჩემი შორეული ნათესავია. ათი წელია სახლებს ალაგებს. ენერგეტიკის მინისტრის მოახლეც იყო…
– რას ამბობ… ანუ, სანდოა?
– რომ არ იყოს, არც გირჩევდით…
– კარგი. მიეცი ჩემი ნომერი და უთხარი დამირეკოს! რა ჰქვია სახელი?
– ფატიმა!
მეც არ ვიცი, საიდან მოვიტანე ეს სახელი.
– დავიბარებ და გავესაუბრები…
– ვეტყვი, რომ დაგირეკოთ!
– შენ რა საქმეზე ხარ ჩემთან?
– გიორგაძესთან მინდა შეხვედრა… თუ არ შეწუხდებით, იქნებ დაუკავშირდეთ და გადასცეთ…
– როგორც ვხედავ, რაღაც მოგიფიქრებია!
– კი, რაღაც მოვიფიქრე…
– იმედია, მოეწონება. კარგი, მოგვიანებით დავეკონტაქტები…
– მადლობა.
სამსახურიდან ტაბიძეზე შევირბინე და საყურეები დავტოვე. მერე ტელევიზორი ჩავრთე, ხმას ავუწიე და ლევანს დავურეკე.
– ევა…
– მისმინე, ლეო! სასწრაფოდ ვინმე გოგო უნდა მოძებნოთ… დობროვსკი მოახლეს ეძებს… მე ვუთხარი, ჩემს შორეულ ნათესავს გამოვგზავნი-მეთქი. დამირეკოს და დაველაპარაკებიო! ეგ მთელი დღე გასული იქნება სახლიდან. მშვენიერი შანსია მის სეიფთან მისაღწევად…
– მშვენიერია! გოგო პრობლემა არ არის… კიდევ რა უთხარი? რა მითი შექმენი? ყველაფერი მითხარი!
– ათი წლის სტაჟი აქვს, ძალიან პატიოსანია, გემრიელ საჭმელებს ამზადებს, ფატიმა ჰქვია…
– ასაკი?
– ასაკი არ მითქვამს, გოგოა-მეთქი. ამიტომ ძალიან ბებერსაც ნუ გაუშვებთ…
– გასაგებია. კიდევ?
– ჰო, კიდევ ვუთხარი, რომ ენერგეტიკის მინისტრთანაც მუშაობდა… ნდობისთვის, რა! მაგას ვერც შეამოწმებს…
– გენიალურია! შენ დობროვსკის ნომერი გამოუშვი მესიჯად.
– კარგი…
– აზრზე არა ხარ, რამხელა საქმე გაგვიკეთე ახლა!
– ოღონდ ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ… რამე თუ იეჭვა, ეგრევე შარში გავეხვევი!
– მაგაზე არც იფიქრო! ყველაფერი იდეალურად ჩაივლის. სეიფში, სავარაუდოდ, თანხის გადარიცხვებთან დაკავშირებულ საბუთებს ინახავს. უკვე ნივთმტკიცება გაგვიჩნდება და ასე ჰაერზე აღარ ვიქნებით. კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთ…
– კარგი… მოგვიანებით შეგეხმიანები!
– ბრილიანტი ხარ! შეუფასებელი…
– ზედმეტს ნუ მაქებთ, კაპიტანო ჯეიმს!
მობილური გავთიშე და ცოტა ხნით დივანზე გადავწექი. ემოციურად ვიყავი დაღლილი. გადავწყვიტე, ყავა დამელია და სამზარეულოში გამოვედი. სახლში ცოტა გვიან მივედი. რომ ჩავწექი, ოთახში ჩემი და შემოვიდა და საწოლში ჩამიწვა.
– ანიკაა…
– რა გინდა, ბეღურა?
– ვეღარ გავიგე, რომელია შენი შეყვარებული. ფილი თუ ირაკლი?
– არც ერთი, შტერუკა! ორივე ჩემი უახლოესი მეგობარია.
– და გოგო მეგობრები რატომ არ გყავს?
– არ ვიცი… რაღაცნაირად, საერთო ვერავისთან გამოვნახე და ალბათ ამიტომ!
– მე ირაკლი უფრო მომწონს…
მე და თეომ ღამის პირველ საათამდე ვილაპარაკეთ. მერე ჩაეძინა. დილით, მოტო რომ უნდა გამომეყვანა, მობილურმა დამირეკა. დაფარული ნომერი იყო. მივხვდი, ვინც რეკავდა და პირდაპირ სახელით მივმართე.
– გამარჯობა, ლევან!
– სიჩუმეზე მიცანი?
ტელეფონში სიცილი გაისმა.
– არა, ნომრით გიცანი.
– დობროვსკიმ მითხრა, რომ ჩემი ნახვა გინდოდა. მეც მინდოდა შენი ნახვა ძალიან!
– რაღაც მოვიფიქრე… როდის შევხვდეთ?
– დღეს საღამოს გეცლება? ჩემი მძღოლი სამსახურში გამოგივლის, ასე შვიდი საათისთვის და წამოგიყვანს.
– “პორტალისთვის” შესაფერისად არ ვარ ჩაცმული…
– “პორტალში” არ წავალთ! ჩემი საყვარელი ადგილი მინდა გაჩვენო.

ლაბირინთი – ქოხი ტყეში (ეპიზოდი 19)

პირველად მოხდა, რომ სამსახურში მაქსზე დიდხანს დავრჩი. შენობაში მარტო მე და დარაჯი ვიყავით.
ლეოს მოცემულ “ნოკიას” ელემენტი ბოლომდე ჰქონდა დამჯდარი, ამიტომ მის წაღებას აზრი არ ჰქონდა და ჩემი მაგიდის უჯრაში შევინახე. გარეთ კოკისპირულად წვიმდა. დათქმულ დროს ქვემოთ ჩავედი და პარკინგი მოვათვალიერე, მაგრამ გიორგაძის დაბურულმინებიანი მანქანა არსად ჩანდა.
უცბად შავი “პაჯეროს” წინა ფარები აინთო და საჭესთან მჯდომმა მანქანიდან ხელი დამიქნია. წვიმაში ცუდად ჩანდა, ვინ იყო, მაგრამ მივხვდი, რომ მე მელოდა. მანქანასთან მივირბინე და მოულოდნელობისგან გავშრი. საჭესთან ლევან გიორგაძე იჯდა.
– ჩქარა, თორე სულ დასველდი!
მითხრა და კარი გამიღო. მეც მანქანაში ჩავჯექი და ზურგჩანთა უკანა სავარძელზე გადავაგდე.
– მეგონა, მძღოლს გამოაგზავნიდით…
– შენ ისევ “თქვენობით” მელაპარაკები?
გამიღიმა ლევანმა და მანქანა დაქოქა.
– სად მივდივართ?
– ჯერ არ გეტყვი…
გიორგაძე კარგ ხასიათზე ჩანდა.
– გცივა?
– არა. მიჩვეული ვარ სიცივეს… ზამთარში მოტოთი რომ დავდივარ, გიჟს მეძახიან…
– ესე იგი, შენი მოტოციკლი იდგა პარკინგზე…
– ჰო…
– ლამაზია. გიკვირს ალბათ, დაცვის გარეშე რომ მხედავ, არა?..
– ცოტა კი. მეგონა, ყველგან დაცვით დადიოდი.
– ზოგჯერ მარტოც გამოვიპარები ხოლმე…
– მაინც ვერავინ გიცნობს…
– ბუნება გიყვარს?
– რა ვიცი, კი… თუმცა ხშირად ვერ ვახერხებ გასვლას… რამდენიმე წელია არ დამისვენია.
– სერიოზულად?
– ჰო… დასასვენებლად ბოლოს მაშინ ვიყავი, როცა მამა გარდაიცვალა…
– გასაგებია… და ნადირობა გიყვარს?
– ნადირობა?..
– აჰა!
– არასოდეს მინადირია. მეეჭვება, რამე მოვკლა! პატარა რომ ვიყავი, ტარაკანა ვერ გავსრისე… კარგა ხანი ვუყურებდი და ვფიქრობდი, დამედგა თუ არა ფეხი…
ლევანს გულიანად გაეცინა. მეც კარგ ხასიათზე დავდექი. რაღაც მომენტში დამავიწყდა კიდეც, ვინ იჯდა ჩემ გვერდით. თავს ისე ვგრძნობდი, როგორც ფილთან და ირაკლისთან ერთად ვარ ხოლმე.
– მე ცამეტი წლიდან ვნადირობ. პაპაჩემს დავყავდი ხოლმე… ნადირობა მისი ჰობი იყო. ხომ უამრავი საქმე ჰქონდა? მაგრამ ნადირობისთვის მაინც პოულობდა დროს.
რაც უფრო მეტს ვლაპარაკობდით, მით უფრო კომფორტულად ვგრძნობდი თავს. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ცივი გარეგნობა ჰქონდა ლევანს, მისგან ძალიან დიდი პოზიტივი მოდიოდა და ალბათ ერთადერთი ადამიანი იყო, რომელმაც ასე დამაინტერესა… არ ვიცი რატომ, მაგრამ მის შესახებ ყველაფერი მაინტერესებდა. რატომღაც მეგონა, რომ ძალიან საინტერესო ბიოგრაფია უნდა ჰქონოდა…
თბილისიდან გამოვედით და წავკისის მიმართულებით წავედით. ლევანმა ტყის გზაზე გადაუხვია. წვიმამ იკლო, მაგრამ ისეთი ნისლი იდგა, ერთი მეტრის იქით აღარაფერი ჩანდა. თითქოს ჩვენ წინ უხილავი კედელი იყო.
– ხედავ რამეს?
– ზეპირად ვიცი ეს გზა. თვალდახუჭულიც გავატარებ, ნუ გეშინია.
გამიღიმა გიორგაძემ. გზა საკმაოდ მიხვეულ-მოხვეული იყო. ასფალტი დამთავრდა და შიგ ტყეში გადავუხვიეთ.
– რა კარგი “საოფროუდე” გზებია…
ვუთხარი ლევანს და მინას ოდნავ ჩავუწიე. ტყის სუნმა მანქანაში შემოაღწია. გზა სულ უფრო რთულად გასავლელი ხდებოდა.
ამ სიტუაციის შესაძლო განვითარება წარმოვიდგინე. როგორ მივყავარ ტყეში ლევანს, მერე რაღაც ორმოში ჩამაგდებს და დამტოვებს. ან მძევლად ამიყვანს. ან კიდევ, მაწამებს იქამდე, სანამ ყველაფერს არ მათქმევინებს… ამ არასასიამოვნო ფიქრებიდან ძლიერმა ბიძგმა გამომომიყვანა.
– ფუ შენი…
წამოიძახა ლევანმა და მანქანა ხელახლა დაქოქა.
– რა მოხდა?
ვიკითხე და ფანჯრიდან გადავიხედე. წინა ორი ბორბალი ტალახიან ორმოში იყო ჩავარდნილი და სრიალებდა. ლევანი წვალობდა, რომ როგორმე ამოეყვანა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
– მგონი, გავიჭედეთ…
თქვა ბოლოს და ძრავა გათიშა.
– არა უშავს… მიყვარს თავგადასავლები.
– ამას არც ერთი გოგო არ იტყოდა! იჯექი, მე გადავალ, ვნახავ, რა ხდება!
ლევანი გადავიდა, რომ სიტუაცია შეეფასებინა. მერე მანქანას შემოუარა და ჩემი კარი გააღო.
– ბუქ დასჭირდება! ორი ვარიანტია, ან უნდა ველოდოთ, როდის მოვლენ და ამოგვიყვანენ, ან გზა ფეხით უნდა გავაგრძელოთ. პრინციპში, თითქმის მოსულები ვართ…
– თუ თითქმის მოვედით, მაშინ მივიდეთ ბარემ, სადაც მივდიოდით!
ვუთხარი და ზურგჩანთას გადავწვდი.
– ხელში უნდა აგიყვანო.
– რა სისულელეა!
– შემხედე, მუხლებამდე ლაფში ვარ…
– მერე რა? ტალახია, ლავა ხომ არა?
– ამ მონაკვეთზე გადაგიყვან მარტო. ნუ ჯიუტობ, ანიკა!
– კარგი, რადგან არ იშლი შენსას, გადამიყვანე…
გიორგაძემ ხელში ამიყვანა და ტალახში გატოპა. ასე უხერხულად არასოდეს მიგრძვნია თავი. მე მშრალ ადგილას დამსვა, თვითონ მანქანასთან დაბრუნდა, საბარგულიდან დიდი ზურგჩანთა ამოიღო და მხარზე მოიგდო. მერე მანქანა დაკეტა და ჩემთან მოვიდა.
ძირს ჯერ კიდევ ეყარა გამხმარი ფოთლები. მიწა სველი იყო და ფეხი მისრიალებდა. ლევანმა ხელი მომკიდა. დაახლოებით თხუთმეტი წუთი ვიარეთ და პატარა ქოხს მივადექით. ქოხს უკნიდან დიდი გორაკი ეფარებოდა, წინიდან ხეები. მისი ზუსტი ადგილმდებარეობა რომ არ გცოდნოდა, ვერასდროს იპოვიდი. შევხედე თუ არა, მაშინვე ზღაპრის წიგნში დახატული ილუსტრაცია გამახსენდა, რომელსაც ყოველ ღამე ვათვალიერებდი. ეს იყო ზღაპარი ობოლ გოგონაზე, რომელსაც ტყეში აებნა გზა და ქოხს მიადგა. ქოხში ბაბა-იაგა დახვდა…
ეს წიგნი და ზღაპარი დავიწყებული მქონდა და ქოხის დანახვამ ჩემი ბავშვობის მოგონება გააცოცხლა…
– რა სილამაზეა! ასეთი ქოხი მარტო ზღაპრებში მინახავს!
ლევანი კუნძთან მივიდა, ნაპრალში ხელი ჩაყო და გასაღები ამოაძვრინა, რომელიც პატარა კოლოფში იდო. ქოხი პატარა იყო. სულ ორი მოცუცქნული ოთახი ჰქონდა. პირველ ოთახში ღუმელი და ძველი ავეჯი იდგა. მეორეში ორი საწოლი და კარადა. კედლებზე ცხოველების ტყავები ეკიდა. ლევანმა პირველ რიგში ღუმელი აანთო და თვითონ მეორე ოთახში გავიდა, შარვალი რომ გამოეცვალა. მე ღუმელს მივუჯექი. სახლი პატარა იყო და ძალიან მალე დათბა. ქურთუკი გავიხადე.
– გათბი?
– კი…
– ახლა ჩაის ავადუღებ!
ლევანმა ზურგჩანთიდან წყლის ბოთლი ამოიღო, ჩაიდანში წყალი ჩაასხა და ღუმელზე შემოდგა. მერე ტახტიდან შალის თხელი პლედი აიღო და მხრებზე მომახურა. თვითონ კი ჩემს გვერდით ჩამოჯდა.
– ძალიან უცნაურია…
თავისით აღმომხდა.
– რა არის უცნაური?
– მეგონა, არ შეგეძლო კომფორტის გარეშე!
– შენ ჩემზე ბევრი რამე არ იცი. ეს პაპას სახლი იყო… იცი, რა მაგარი კაცი იყო პაპაჩემი? უღარიბეს ოჯახში გაიზარდა…
– მართლა?
– აჰა!.. თერთმეტი წლიდან მუშაობდა და თავისი ხელფასი ჰქონდა…
– რას ამბობ…
– სოფელში, სათბურში ეხმარებოდა თანასოფლელებს… მერე მოსკოვში წავიდა და ძალიან დიდი ფული იშოვა! მამაჩემი სხვანაირი იყო… არ ჰგავდა პაპას…
– მამაშენის შესახებ არაფერი მსმენია…
– ახალგაზრდა დაიღუპა.
– ძალიან ვწუხვარ!
– ბაბუა ალბათ ხედავდა ჩემში რაღაც ნაპერწკალს… ფიქრობდა, რომ მას ვგავდი. პატარაობიდან მაჩვევდა დამოუკიდებლობას. მიუხედავად იმისა, რომ ფული თავზე საყრელად გვქონდა, გაჭირვების გემოც ვიცოდი… აი, ამ ქოხში მოვყავდი ხოლმე. ხშირად მარტო პური გვიჭამია. ერთად ვნადირობდით… მოდი, ნახე!
გიორგაძე ფეხზე წამოდგა და ძველ სკივრს თავი ახადა. მეც მივედი და ჩავიხედე. სკივრში სანადირო თოფები ეწყო.
– სად ნადირობდით?
– საკმაოდ შორს მივყავდი ხოლმე… წალკისკენ! ღამღამობით მანქანაში გვეძინა.
– მე რატომ მიყვები ამ ყველაფერს?
ვკითხე უცებ და თვალი გავუსწორე.
– მინდა და იმიტომ. მსგავსებას ვხედავ… მიუხედავად იმისა, რომ მესამედ შეგხვდი, ვფიქრობ, რომ ბევრი საერთო გვაქვს. პირველად მაშინ ვიგრძენი ეს რაღაცნაირი სიახლოვე, როდესაც შენი სცენარები წავიკითხე. მივხვდი, რომ არაჩვეულებრივი გოგო ხარ! მე იშვიათად ვცდები ადამიანებში…
– მაინც რაში ფიქრობ, რომ ერთმანეთს ვგავართ?
– შენც ჩემსავით ზუსტად იცი, რა გინდა. ფანტაზიორი ხარ, მაგრამ არა მეოცნებე… ადვილად არ ენდობი ადამიანებს. მარტო საკუთარი თავის იმედი გაქვს და ყოველთვის ყველაფერს თავად ამოწმებ!
– ვამოწმებ?
– ჰო, აბა რატომ ამოიღე ბარათები აბრამის ნაგვის ურნიდან? იმიტომ, რომ რაღაცას ეჭვობდი და გინდოდა შეგემოწმებინა… ლიზი ბერიძესაც ამიტომ გამოელაპარაკე, გაინტერესებდა, თავისი სურვილით მუშაობდა თუ არა “პორტალში”. შენ ჭკვიანი გოგო ხარ, ანიკა!
– ან, უბრალოდ, ცნობისმოყვარე…
– მე ვფიქრობ, რომ ცნობისმოყვარე ადამიანები არ არსებობენ! არსებობენ წინდახედული, ჭკვიანი და ფრთხილი ადამიანები… შენ ერთ-ერთი მათგანი ხარ! იცი, ზოგჯერ, ვიღაცებს ჰგონიათ, რომ ეშმაკობაში მაჯობეს, მაგრამ სინამდვილეში, მე ყოველთვის მინიმუმ ერთი ნაბიჯით მაინც მათზე წინ ვარ! აი, ჩაიც ადუღდა…
ლევანმა ფეჩიდან ჩაიდანი გადმოდგა. მისი სიტყვები არ მომეწონა.
– ვინ არიან ეს ადამიანები? ვისაც ჰგონია, რომ ეშმაკობაში გაჯობეს?
ვკითხე და გულუბრყვილო სახე მივიღე.
– მტრების მეტი რა მყავს? ჩემ ირგვლივ თითქმის ყველა ასეთია!
– მერე, არ გღლის ამდენი თვალთმაქცობა?
– როგორ არა. მეც ხომ ადამიანი ვარ? მაგრამ სამაგიეროდ ეს ქოხი მაქვს!.. და შენც აქ რომ ხარ, ბედნიერი ვარ. აი ახლა, ამ მომენტში… შენ ოდნავადაც არ იგრძნო თავი უხერხულად იმის გამო, რაც წეღან გითხარი, კარგი? პირიქით, მე პატივი გეცი ამის გამო!
ლევანი განჯინასთან მივიდა და იქიდან ჭიქები, ჩაი და შაქარი გადმოიღო.
– მართალი ხარ, ადამიანებს არც მე არ ვენდობი… აქ რატომ მომიყვანე?
– ჩემი საყვარელი ადგილი მინდოდა მეჩვენებინა. ჰო, და კიდევ რაღაც… ოღონდ ჯერ ჩაი დავლიოთ!
გარეთ ისეთი სიბნელე იყო, თვალთან თითს ვერ მიიტანდი. შორიდან ძაღლების თუ მგლების ყმუილი ისმოდა. ლევანმა ზურგჩანთა გახსნა და საჭმელი ამოალაგა. პური, მონადირული ძეხვი და მჟავე კიტრი. მგონი, ცხოვრებაში არ მიჭამია ასე გემრიელად.
– მანქანაზე რა ვქნათ?
ვკითხე ლევანს და თითები ჩაის ჭიქას მოვუჭირე.
– ევაკუატორს გამოვიძახებდი, მაგრამ გზაზე ისეთი ნისლია, მეეჭვება მოვიდეს. შენ პრობლემა გაქვს აქ დარჩენაზე? დილით კიდევ ვეცდები მანქანის ამოყვანას… მეორე ოთახში საწოლებია. ღამის გათევა პრობლემა არ არის, თუ რა თქმა უნდა, წინააღმდეგი არ ხარ…
– არა, არ ვარ წინააღმდეგი. უბრალოდ, დედას უნდა დავურეკო და გავაფრთხილო…
– აქ არ იჭერს… გარეთ უნდა გავიდეთ!
ლევანი მეორე ოთახში გავიდა და კარადიდან კაცის თბილი ქურთუკი გამოიღო.
– ეს ჩაიცვი! ძალიან თბილია.
ლევანის ქურთუკი ჩავიცვი. მანაც ჩაიცვა თავის ქურთუკი და ორივენი გარეთ გამოვედით. მობილური მართლა არ იჭერდა.
– ცოტა იქით უნდა გავიდეთ!
მითხრა ლევანმა და ფარანი აანთო. უკან მივყვებოდი და თან მობილურის ეკრანს ვუყურებდი. როგორც ჩანს, მართლა ზეპირად იცის, რა ადგილებში იჭერს ტელეფონი.
სახლს დაახლოებით ოცი მეტრით მოვშორდით.
– აბა, ახლა სცადე!
– მგონი, იჭერს…
ლევანი ცოტა მოშორებით დადგა, რომ დამერეკა. ლაპარაკს რომ მოვრჩი, მეც მისკენ გავემართე. უცებ ტყის სიღრმიდან შემზარავი ხმაური გაისმა. თითქოს უთვალავი მხედარი მოჰქროდა… წამიერად ვერც კი მივხვდი, რა იყო… ლევანი ჩემკენ გამოქანდა, ხელი მომკიდა და დიდ ხესთან წამათრია. სულ რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით, დაახლოებით თხუთმეტმა ცხენმა ჩაგვიქროლა. ცხენები დაოთხილი მირბოდნენ. ლევანი რომ არ ყოფილიყო, ზედ გადამივლიდნენ და ჩამქოლავდნენ…
კარგა ხანს ხმა ვერ ამოვიღე, შოკში ვიყავი.
– როგორ ხარ?
მკითხა, როცა ფლოქვების ხმა მიწყდა.
– ეს რა იყო?
– ცხენების ჯოგი… ეტყობა რაღაცამ დააფრთხო….წამოდი, სახლში დავბრუნდეთ!
თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავი დავუკანტურე და მორჩილად გავყევი. ხელს ხელზე ისე მაგრად მიჭერდა, ცოტა მეტკინა – კიდეც…
– ასეთი რაღაც პირველად ვნახე!
ვთქვი, როდესაც სახლში შევედით და ქურთუკი გავიხადე.
– ბეწვზე გადარჩი!
თქვა ლევანმა და კარი ჩაკეტა.
– შენ გადამარჩინე! რომ არ მოვარდნილიყავი, იქ ვიდგებოდი… ასე რომ… ვალში ვარ შენთან!
– სისულელეს ნუ ლაპარაკობ! მე რომ არ წამომეყვანე, საფრთხეში არც აღმოჩნდებოდი… ძალიან შეგეშინდა?
– ფაქტობრივად, ვერც აღვიქვი, რა მოხდა…
ფეჩთან დავსხედით. ახლა შევამჩნიე, რომ ლევანს ცოტათი ფერი ჰქონდა დაკარგული სახეზე. როგორც ჩანს, ძალიან ინერვიულა.
– მე რაღაც იდეები გამიჩნდა, თამაშთან დაკავშირებით…
– მართლა?
– გითხრა?
– აუცილებლად! მოდი, ცოტა დავლიოთ…
ლევანმა ჩანთიდან მარტინის ბოთლი ამოიღო და ჭიქებში ჩამოასხა. ერთი მე გამომიწოდა და გვერდით მომიჯდა.
– მოკლედ, კლიენტები ხომ თვითონ ირჩევენ ოთახებს და ქალებს? ანუ იციან, რა იქნება და როგორ…
– აჰა…
– ჰოდა, პირიქით რო იყოს? წარმოიდგინე, მოდის კლიენტი კლუბში, ხედავს გოგოებს, რომლებიც ყველა ერთნაირადაა ჩაცმული. შეარჩევს რომელიმეს და მაგიდასთან დაპატიჟებს… თითო ჭიქას დალევენ, თან საუბრობენ. კლიენტი უნდა ეცადოს, რომ გოგოს თავი მოაწონოს და აალაპარაკოს…
– აალაპარაკოს?
– ჰო… გაიგოს, ვინ არის, რა ისტორია აქვს… ეს ისტორიები უნდა იცვლებოდეს, რა თქმა უნდა!
– გავიგე. მერე?
– მერე, თუ ყველაფერი კარგად გააკეთა და გოგოს მოეწონა, მიჰყავს რომელიმე ოთახში. კლიენტმა არ იცის, იქ რა დახვდება…
– მომწონს… მაგალითად, რა შეიძლება დახვდეს ოთახში?
– მაგალითად, ქალი-ვამპირი ან ლილიტი… ან რომელიმე მითოლოგიური პერსონაჟი. შეიძლება უბრალოდ დედოფალი, ან კლეოპატრა… კლიენტს ხომ ჰგონია, რომ ქალი უკვე დაკერა? აღმოჩნდება, რომ ის უბრალოდ შუამავალი იყო… სინამდვილეში კლიენტი თვითონ გაება მახეში… ეს სცენარები ბევრნაირად შეიძლება გაკეთდეს, მე ერთ-ერთ მაგალითს გეუბნები…
– კი, მივხვდი! ზუსტად ჩაწვდი არსს! ხო გეუბნები, რაღაცით მგავხარ-მეთქი? იცი, რა მოსწონთ ადამიანებს! შეუცნობელის შეცნობის სურვილი ყველაზე ძლიერი სურვილია!
– ეს ჯერ იდეის დონეზეა. რა თქმა უნდა, დავხვეწავ…
– ეჭვიც არ მეპარება!
– შენ რა უნდა გეჩვენებინა ჩემთვის?
ლევანმა ჩანთიდან აიპედი ამოიღო და რაღაც ვიდეო ჩართო. ვიდეო რესტორანში იყო გადაღებული. კადრში მაგიდა ჩანდა და ხუთი მამაკაცი, რომლებიც ნასვამები იყვნენ და ერთხმად ლაპარაკობდნენ. სიტყვები ვერ გავარჩიე, რადგან რუსული სიმღერა ძალიან ხმამაღლა ისმოდა…
– რა არის ეს?
ვკითხე ლევანს გაკვირვებულმა.
– ამ კაცს დააკვირდი…
ლევანმა ერთ-ერთს თითი დაადო.
– დავაკვირდი, მერე?
– არ გეცნობა?
– უნდა მეცნობოდეს?
– ეგ კაცი თამაზ წულაიაა…
ამ სიტყვებმა თავზარი დამცა. ლევანს აიპედი ხელიდან გამოვგლიჯე და მამაჩემის მკვლელს დავაკვირდი. ისეთი უდარდელი სახით მღეროდა… უცებ ძალიან მომინდა მისი მოკვლა…
– საიდან გაქვს ეს ვიდეო?
– მე გადავიღე. მოსკოვში ვიყავი, რამდენიმე დღის წინ… საქმიანი მოლაპარაკება მქონდა მასთან…
ლევანს გაოგნებულმა შევხედე.
– მე ყველაფერს ისე გავაკეთებ, რომ მისი ქონება შენს სახელზე გადმოვიდეს. უბრალოდ, ცოტა დრო დამჭირდება…
სრული შოკი მივიღე.
– მე არაფერში არ მჭირდება მაგ კაცის ფული…
ძლივს ამოვთქვი.
– მაგ კაცის ფული?.. არა, ანიკა! ეს შენი ფულია! მამაშენის წვალებით ნაშოვნი ფული! მითხარი, რას გრძნობ ახლა?.. რას გააკეთებდი, აქ რომ იყოს ეს ახვარი კაცი?
– არ ვიცი… ალბათ, ერთ-ერთ თოფს ამოვიღებდი შენი სკივრიდან და შუბლში დავახლიდი… როგორც… როგორც…
წინადადების დასრულება ვეღარ შევძელი, რადგან ყელში ბურთი გამეჩხირა.
– ახლა ამ ბიჭს შეხედე…
ლევანმა ახალგაზრდა ბიჭის ფოტო დამანახა. დაახლოებით ჩემი ასაკის იქნებოდა…
– ეს ვინღაა?
– ეს თამაზის შვილია. ბექა ჰქვია! ახლა აქ არის, თბილისში…
ლაბირინთი – შეხვედრა მტერთან (ეპიზოდი 20)
ქოხში სიჩუმე იყო. მხოლოდ შეშის ტკაცუნისა და კრამიტის სახურავზე დაცემული წვიმის წვეთების ხმა ისმოდა. ამ სასიამოვნო სიმფონიას დროდადრო ქუხილის ხმა არღვევდა. ლევანი ხმას არ იღებდა.
იჯდა და მოთმინებით ელოდა, რას ვიტყოდი. მეც ჩუმად ვიჯექი და ახალგაზრდა, შავგვრემანი ბიჭის ფოტოს ვაკვირდებოდი. მინდოდა ყველაფერი კარგად დამემახსოვრებინა.
ბიჭი სიმპათიური იყო. შავი ტყავის ძვირფასი ქურთუკი ეცვა, მუქი ლურჯი ჯინსის შარვალი, ტყავის მაღალყელიანი ფეხსაცმელი, ქურთუკის შიგნით კი თხელი ნაქსოვი მდოგვისფერი სვიტერი. ხელში, სავარაუდოდ, მანქანის გასაღები ეჭირა. ფოტო ქუჩაში იყო გადაღებული. ბიჭი მანქანასთან იდგა. 2015 წლის Porsche Boxster-ი, რომელიც დაახლოებით 75 000$ ღირს… ბიჭი კადრში არ იყურებოდა, როგორც ჩანს, იმ მომენტში გადაუღეს, როცა მანქანაში ჩაჯდომას აპირებდა. ყველაზე დიდხანს სახეზე ვაკვირდებოდი. შეიძლება მეჩვენებოდა, მაგრამ ასე მეგონა, ზედმეტად თავდაჯერებული უნდა ყოფილიყო…
– რას აკეთებს თბილისში?
როგორც იქნა, სიჩუმე დავარღვიე და ლევანს შევხედე. მივხვდი, რომ ცდილობდა, ჩემი მიმიკებით და სახის გამომეტყველებით გამოეცნო, რას ვგრძნობდი ამ წუთებში…
– არდადეგებზე ჩამოვიდა. როგორც მე ვიცი, ერთობა!
– ვისთან ერთად? ჰყავს აქ მეგობრები?
– კი, ჰყავს. ბავშვობის მეგობრები, ალბათ…
– რა იცი?
– მამამისისგან ვიცი… ხომ გითხარი, ერთად ვიყავით რესტორანში-მეთქი…
– კიდევ რა გითხრა?
– ჯერ საქმეზე ვილაპარაკეთ ბევრი. თავი მოჰქონდა, რომ ბიზნესი საშინელ დროში წამოიწყო და გაამართლა… ჰყვებოდა, რამდენი იწვალა…
– ესე იგი, გაამართლა…
ჩავილაპარაკე და ისევ ბექას სურათს დავხედე.
– მახსოვს, შვილი რომ ჰყავდა…. ერთხელ ვნახე კიდეც ეს ბიჭი…
– ნახე?
– ჰო, კიკეთში ამოვიდნენ. მე და თეო ბებიასთან ერთად ვისვენებდით. შაბათ დილას მამა ამოვიდა მანქანით ჩვენ სანახავად. თამაზი და მისი შვილი ეჯდა მანქანაში… რამდენიმე საათით დარჩნენ. მე, თეო და ბექა ერთად ვთამაშობდით… მახსოვს, აუტანელი ბავშვი იყო… ბადრიჯანი ამოიღო პარკიდან და თეოს გამოეკიდა, უნდოდა, ჩაერტყა. მე წავართვი, წავაქციე და ზემოდან მოვექეცი… თმაში ჩავაფრინდი. იმან ღრიალი დაიწყო. მერე მამა მოვიდა და დამტუქსა. იშვიათად მიბრაზდებოდა მამა… მაგ ბიჭს ბადრიჯანა შევარქვი. მთელი დღე ასე ვეძახდი…
ლევანმა სიცილი ვერ შეიკავა.
– მოგისწრია მაგისი გამწარება, რა გინდა…
– შენ როგორ აპირებ ამ ყველაფერს?
ლევანისკენ შევბრუნდი და თვალებში ჩავხედე.
– რას?
– რაც მითხარი… ქონებაზე…
– ეგ მე ვიცი. არის რამდენიმე ხერხი. შენ რაც უფრო ნაკლები გეცოდინება, მით უკეთესია! არ გინდა, ნუ ჩაერევი… მე უბრალოდ იმიტომ გითხარი ეს ყველაფერი, რომ შენგან ნებართვა მჭირდებოდა. შენი თანხმობის გარეშე მე არაფერს გავაკეთებ!
– მე არ მინდა, რომ შენ ან ნებისმიერი სხვა ადამიანი ჩემ გამო შარში გაეხვეს ან საფრთხეში აღმოჩნდეს.
ლევანს გაეღიმა.
– ჩემი ცხოვრება ერთი დიდი საფრთხეა, ანიკა. ერთი საფრთხით მეტი, ერთით ნაკლები – ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს! თან, როგორც უკვე გითხარი, მე ყოველთვის ვიზღვევ თავს. ნებისმიერ სიტუაციაში! შენ წარმოიდგინე, შენი მეგობრის შემთხვევაშიც კი დავეზღვიე…
– რომელი მეგობრის?
ცოტა არ იყოს, ავღელდი.
– აი, იმის, “პორტალში” ვისთან ერთადაც მოხვედი მაშინ!
– ფილის?..
– ჰო, ფილის… ჯობია ეს ჩემგან გაიგო. მერე რამე გაუგებრობას რომ არ ჰქონდეს
ადგილი ჩვენ შორის. მინდა ყველაფერი იცოდე, რაც შენ გეხება. მინდა იცოდე, რომ მე შენ არასოდეს მოგატყუებ!
– რა უნდა ვიცოდე ფილიპეზე?
– შენ იცი, რომ “პორტალი” დახურული კლუბია, ამიტომ ვერ გავრისკავდი ფილიპეზე… შეიძლება ვინმესთვის ეთქვა რამე ან დამოუკიდებლად დაეწყო რაღაცების გარკვევა. ამას ვერ დავუშვებდი…
– მერე?
– არა, ისეთი არაფერი, უბრალოდ, შორიდან ვაკონტროლებ. იმედია, არ გაბრაზდები… მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ ფილიპემ ის ადგილი დაივიწყა.
– მაშინ ისე შეაშინეს შენმა გოლიათმა მცველებმა, მეეჭვება, ოდესმე გაიხსენოს ის ღამე!
– ვწუხვარ, ასე რომ მოხდა…
– ეგ ჩემი ბრალია. მე წამოვიყვანე… როგორ აკონტროლებ ფილს? გოგო მიუგზავნე?
ლევანმა გაოცება ვერ დამალა.
– საიდან იცი?
– ვიცი, რომ ფილი ვიღაც გოგოს ხვდება… მოგვიყვა მე და ირაკლის.
– შეყვარებულია?
მკითხა ლევანმა და გაიღიმა.
– დავუშვათ, შეუყვარდა… არ გეცოდება? როგორ შეიძლება ადამიანის გრძნობებზე თამაში?
– ეგ არაფერი, გადაუვლის, დამიჯერე!
– არც მე ვარ დიდად რომანტიკული პიროვნება, მაგრამ სხვის გრძნობებს პატივს ვცემ… როგორ შეგიძლია ასეთი ცივსისხლიანი იყო?
უცებ სიბრაზე მომერია.
– ძალიან კარგი, თუ არ ხარ რომანტიკული პიროვნება, უკეთესიცაა… როცა ვიღაც გიყვარს, ადვილი სამიზნე ხდები… ადვილია შენით მანიპულირება. სიყვარული ადამიანს კი არ აძლიერებს, ასუსტებს! დაუცველს ხდის…
– გყვარებია ვინმე საერთოდ?
– შეიძლება კი, შეიძლება არა… აუცილებელია ვინმე გიყვარდეს?
– შეიძლება არც არის აუცილებელი… შეიძლება შენ მართალი ხარ, სიყვარულს უფრო მეტი ტკივილი მოაქვს, ვიდრე ბედნიერება…
– ესე იგი, მაძლევ უფლებას, შენ მაგივრად ვასწავლო ჭკუა იმ გარეწარს?
– ვინმე მოკვდება?
ლევანს გაეცინა.
– რა საყვარელი ხარ, ნეტა იცოდე… არა, რა თქმა უნდა! არავინ მოკვდება. მე მკვლელი არ ვარ…
– მაშინ თანახმა ვარ…
– ეს შეთანხმება ჩვენ შორის უნდა დარჩეს! არავისთან არაფერი არ უნდა წამოგცდეს! საერთოდ არც ახსენო იმ კაცის სახელი ან გვარი…
– ნუ გეშინია, შემიძლია საიდუმლოს შენახვა! მაგრამ განზე დგომაც არ შემიძლია… მეც მინდა მონაწილე ვიყო წულაიას გაკოტრების საქმეში…
– შენი გვარი, შენი ვინაობა სადმე რომ ამოტივტივდეს, ყველაფერი წყალში ჩაიყრება!
– მაშინ ვიქნები ევა, ვთქვათ, ანდრიაძე…
– ეგრე შეიძლება! მაშინ შენც გექნება ერთი დავალება…
– რა დავალება?
– ისე უნდა მოახერხო, რომ ბადრიჯანა “პორტალში” მოვიდეს…
– არ არის პრობლემა…
– შეძლებ?
– რა თქმა უნდა!
– დარწმუნებული ხარ?
– შენ მე არ მიცნობ…
ლევანი წამოდგა, ქურთუკი აიღო და ჯიბიდან მეტალის თხელი კოლოფი ამოიღო.
– ეს გამომართვი, შენია!
კოლოფიდან “პორტალის” ბარათი ამოიღო და მომცა. ბარათს წითელი ლოგო ჰქონდა.
– კარგად შეინახე. როცა მოგინდება, თავისუფლად შეძლებ კლუბში შესვლას… ეს ერთჯერადი ბარათები ბექასთვისაა! – გამომართვი… ოთხი ცალია!
ბარათები გამოვართვი და ჩემი საფულის საიდუმლო ჯიბეში ჩავმალე.
– ბექას ხვალ საღამოს ნახავ, გოლფ კლუბში დადის…
– საიდან გაიგე?
– თბილისში მარტო ერთი გოლფ კლუბია და ისიც ჩემია.
გაეღიმა ლევანს.
– მანდ წინასწარ ეწერებიან… ხუთ საათზე უნდა მივიდეს წესით, თავის ძაკაცებთან ერთად.
– რამდენი ხანი ითამაშებს?
– ორი საათი.
– ძალიან კარგი.
– ჩაგწერო?
– არა, სხვა გეგმა მაქვს…
– აბა, როგორ ნახავ?
– ეგ მე ვიცი.
– აი, როგორ ცვლის ყველაფერს ადამიანის ცხოვრებაში მიზანი, ხედავ?
ლევანს თავი დავუქნიე.
– შენ გამოძინება გჭირდება! უკვე ძალიან გვიანია… მიდი, რომელი საწოლიც მოგეწონება, აირჩიე და დაიძინე.
– შენ?
– მეც მალე დავწვები.
დავემორჩილე, რადგან რაღაცნაირად ძალა მქონდა გამოცლილი… საწოლზე ტანსაცმლიანი მივწექი და ზემოდან საბანი გადავიფარე. წვიმა რიტმულად კაკუნობდა სახურავზე. აღარ ქუხდა. თვალები თავისით დამეხუჭა. სასიამოვნო სიმსუბუქეს ვგრძნობდი. კიკეთი დამესიზმრა. თეო, ბექა და… მამა… რამდენი წელია მამა არ დამსიზმრებია. სულ ვოცნებობდი, ერთხელ მაინც დამსიზმრებოდა… გაღიმებული სახით მომიახლოვდა და ხელი ნაზად ჩამომისვა ლოყაზე, მერე სახიდან თმა გადამიწია. ეს შეხება რეალურად ვიგრძენი…
დილის რვა საათზე გამეღვიძა. თვალები გავახილე და ოთახი მოვათვალიერე. ლევანი არსად ჩანდა. თავს ძალიან უცნაურად ვგრძნობდი. ღუმელი გიზგიზებდა. ლევანი არც მეორე ოთახში იყო. მისი მოცემული ქურთუკი მოვიცვი და გარეთ გამოვედი. სახლის წინ ფიჩხი იყო დახვავებული. აღარ წვიმდა, მაგრამ ნისლი ისევ იყო…
ერთხელ დავუძახე, მაგრამ არავინ გამომეხმაურა. გაუცნობიერებლად იმ მხარეს წავედი, სადაც გუშინ დასარეკად წამიყვანა. ლევანის ხმა შორიდანვე გავიგონე. ტელეფონზე საუბრობდა. მალე დავინახე კიდეც და მისკენ გავემართე. მან ვერ შემამჩნია. ოდნავ მოშორებით გავჩერდი და დაველოდე, როდის მორჩებოდა ლაპარაკს.
– ვიცი, რომ სარისკოა, მაგრამ მაქვს-მეთქი გარანტია! არ მეშინია! ფენიქსი რისთვის მყავს? დაგავიწყდა? ჰო… არა… ფენიქსია ჩემი გარანტია!.. ვინ იპოვის? არავინ არ იცის, სად არის… მე თუ არ ვიტყვი, კაციშვილი ვერ მიაგნებს… როგორც არ უნდა დაგვემუქრონ, ვერაფერს იზამენ, სანამ ფენიქსი არსებობს! გესმის? ჰოდა, მორჩი ახლა სისულელეებს და მიხედე საქმეს! საღამოს ჩამოვალ…
ლევანმა მობილური გათიშა და ჩემკენ წამოვიდა. მეც მისკენ გავემართე…
– ანიკა?..
ოდნავ შეცბა, რომ დამინახა.
– ევაკუატორი გამოიძახე?
– არა. ჯერ მე თვითონ ვცდი ამოყვანას… შენც დამეხმარები… როგორ გეძინა?
– ბავშვივით…
ორივე სახლისკენ გავემართეთ.
– ავიბარგოთ ნელ-ნელა.
ლევანმა ცეცხლი ჩააქრო, მე საჭმლის ნარჩენები პარკში ჩავყარე. სახლი ისევ დაკეტა და გასაღები თავის ადგილას დააბრუნა. მერე ფიჩხი თოკით შეკრა და მანქანამდე წამოიღო. გზაშიც ვლაპარაკობდით. ასე მეგონა, კარგა ხანია, რაც ლევანს ვიცნობდი… მისი გარეგნობაც აღარ მეჩვენებოდა ისეთი ცივი…
ფიჩხის ნაწილი ორმოში ჩაყარა.
– მე დავქოქავ, შენ ეს დანარჩენებიც მიაყოლე ნელ-ნელა…
მითხრა და მანქანაში ავიდა. დაახლოებით სამ წუთში მანქანა ორმოდან ამოიყვანა. მე ტალახის შხეფებისგან ჯიქს ვგავდი.
შუადღის თორმეტ საათზე უკვე სახლში ვიყავი და ჩემებს ვუხსნიდი, რატომ ვიყავი ტალახში ამოგანგლული. მერე ირაკლიმ დამირეკა, ჩემი მოტოციკლი პარკინგზე უნახავს და სამსახურში რომ არ მივედი, შეეშინდა. ავუხსენი, რომ წვიმის გამო ტაქსით წამოვედი. თავს შეუძლოდ ვგრძნობდი და სამსახურში ვერ მივიდოდი…
ცხელი შხაპის ქვეშ დიდხანს ვიდექი და ვფიქრობდი, რა მეთქვა კალანდაძისთვის. გამახსენდა, რომ მობილური სამსახურში დავტოვე, ამიტომ გამოვედი თუ არა, “სკაიპი” ჩავრთე და მივწერე, რომ მობლური სამსახურში დამრჩა, დამჯდარი იყო და არ ენერვიულა. გუშინდელი თავგადასავლების შესახებ არაფერი მითქვამს. არც სახლი მიხსენებია და მით უმეტეს, არც წულაიების ამბავი. ლევანმა საღამოს შეხვედრა მთხოვა, მაგრამ უარი ვუთხარი. მოვიგონე, ვითომ დედასთან და თეოსთან ერთად მივდიოდი სადღაც…
ხუთი საათისთვის საგულდაგულოდ გამოვეწყვე. ტყავის შარვალი და ტყავის ქურთუკი ჩავიცვი. ტაქსი გამოვიძახე და სამსახურში წავედი, მოტოციკლი უნდა წამომეყვანა. გზად დონატები ვიყიდე და ბიჭებს ავუტანე. ენერგიის მოზღვავებას ვგრძნობდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ დღეს ჩემი დღე იყო…
– ოჰო, ავადმყოფის არაფერი გეტყობა!
შესვლისთანავე მომახალა ირაკლიმ.
– უკეთ ვარ… აჰა, შეესიეთ!
დონატების ყუთი მაქსის მაგიდაზე დავდე.
– უფლებას გაძლევ, ხანდახან გააცდინო ხოლმე სამსახური.
მითხრა ფილმა და ცხვირზე მომიჭირა თითები. მე კიდევ გული შემეკუმშა, მასში ეჭვი რომ შევიტანე…
– რა ვიდზე ხარ, გოგო! ჯაშუშს გავხარ!
მითხრა ირაკლიმ.
– ჰოდა, ძალიანაც კარგი, თუ ვგავარ!
ვუთხარი და ჩემი მაგიდიდან ჩაფხუტი ავიღე.
– წავედი და აბა, თქვენ იცით! ორშაბათამდე…
– ეს უეჭველი პაემანზე მიდის! დღეს სხვანაირად უბრწყინავს თვალები…
– ისე, ირაკლი მართალი ხარ, მეც შეცვლილი მეჩვენება დღეს ევა!
დაეთანხმა მაქსი და დონატი ჩაკბიჩა.
– ვინ არის ის უბედური?
მკითხა ირაკლიმ.
– შენი საქმე არ არის…
– ოჰო! გითხარით? აშკარად “სტრელკა” აქვს!
– თუ ძალიან გინდა, შეგიძლია ბადრიჯანათი მოიხსენიო…
მივაძახე ირაკლის და წამოვედი. ბექას ლურჯი პორშე შორიდანვე დავინახე. გოლფ-კლუბის შესასვლელთან ეყენა. მოტოციკლი სპეციალურად ისე დავაყენე, რომ გზა ჩამეკეტა მისთვის. ჩემ გარეშე მანქანას ვერ გამოიყვანდა. მე მოპირდაპირე ქუჩაზე, კაფეში შევედი, ყავა შევუკვეთე და დაველოდე, როდის გამოვიდოდა გარეთ. რვის ათი წუთი იყო, როდესაც კლუბიდან ოთხი ბიჭი გამოვიდა. ბექა მაშინვე ვიცანი. მართალია, სახე არ უჩანდა, მაგრამ ჩაცმულობით მივხვდი, რომ ის იყო. ყველაზე გამორჩეულად ეცვა და სიარულის მანერაც სხვანაირი ჰქონდა… ეტყობოდა, რომ “მოსკოვებში გამდიდრებული” მამიკოს ბიჭი იყო…
ცოტა ხანი შესასვლელთან იდგნენ და ღლაბუცობდნენ. მერე მანქანისკენ დაიძრნენ. მე სეირის საყურებლად მოვემზადე. ბექა ბიჭებს გამოეყო, მანქანას შემოუარა და ჩემს მოტოს დაუწყო ყურება. მერე აქეთ-იქით გაიხედ-გამოიხედა. დანარჩენებიც დაბნეულები იდგნენ და ელოდნენ. ბექა ისევ კლუბში შევიდა და დაცვის თანამშრომელი გამოიყვანა. დაცვამ სავარაუდოდ ჩემი მოტოციკლის ნომერი ჩაიწერა. თხუთმეტი წუთი კიდევ დავრჩი. როგორც ჩანს, ბექას სადღაც ეჩქარებოდა. წარამარა საათზე იხედებოდა. მეტი ვეღარც მე მოვითმინე, კაფედან გამოვედი და აუჩქარებლად გავემართე ჩემი მოტოციკლისკენ.
ბიჭებისთვის ზედაც არ შემიხედავს, გვერდით ჩავუარე, მოტოსთან გავჩერდი, ჩაფხუტი სკამზე დავდე და მობილური ამოვიღე. პერიფერიული მზერით ვხედავდი, როგორ იდგნენ და მიყურებდნენ, მერე ბექა გამოეყო დანარჩენებს და მომიახლოვდა.
– შენი ბაიკია?
– აჰა…
მობილურიდან თავი არ ამიწევია, ისე ვუპასუხე.
– მერე?.. გზას რო მიკეტავდი, რაზე ფიქრობდი?
მხოლოდ ახლა შევხედე და უდარდელი გამომეტყველებით გავეცი პასუხი.
– რავი, აღარ მახსოვს… მგონი, ღამის კლუბზე ვფიქრობდი…
– გეტყობა! ერთი საათია ვდგავარ ვით და ველოდები, როდის გაწევენ ამ ჯართს!
– როგორც ჩანს, მანქანებში უკეთ ერკვევი, ვიდრე მოტოებში…
ვუთხარი და მისი მანქანა შევათვალიერე.
– გაწევ, ბოლოს და ბოლოს?
– რას?
– რა რას? – ჯართს როდის გაწევ-მეთქი, მეღადავები ხო?
– რომელი ჯართის გამწევი მე მნახე? სადმე მაწერია, რომ ჯართს ვიბარებ?
– აუ, ეს მეღადავება, ჩემი კარგი…
ბექა ბიჭებისკენ შებრუნდა. ისინიც მოგვიახლოვდნენ.
– ძაან ძერსკი ხარ?
მკითხა ერთ-ერთმა.
– საკმაოდ! თქვენ ამისი დამცველები, ხომ?
კითხვა შევუბრუნე.
– მევასება შენნაირები! რა გქვია?
– ევა…
– მე ადამი! წამო, ედემის ბაღს დაგათვალიერებინებ!
ბიჭებმა სიცილი დაიწყეს.
– სხვა დროს, თუ უფრო ორიგინალურ პასუხს მოიფიქრებ, შეიძლება წამოვიდე კიდეც! მანამდე, თუ გინდა მე დაგათვალიერებინებთ ჯოჯოხეთს!
– მიდი, აბა!
ქურთუკის ჯიბეში ხელი ჩავიყავი და “პორტალის” ოთხი ბარათი ამოვიღე.
– ხვალ, ღამის თორმეტ საათზე! გელოდებით… მისამართი ზედ აწერია!
ბარათები ბექას ქურთუკის ჯიბეში ჩავუდე, ჩაფხუტი დავიხურე და ჩემი მოტო მაქსიმალური სიჩქარით გავაქროლე ქუჩაში…

ლაბირინთი – პოლიამორია (ეპიზოდი 21)

– ნამდვილად ყველაფერი რიგზე გაქვს?
– კი… რატომ მეკითხები?
– შეცვლილი მეჩვენები. მიყურებ, მაგრამ ასე მგონია, სადღაც სხვაგან ხარ…
მითხრა ლევანმა და თვალებში შემომხედა. ასე მეგონა, ჩემს ფიქრებს კითხულობდა.
– ხვალინდელ დღეზე ვფიქრობ. არ ვიცი, რამდენად მოეწონება გიორგაძეს ჩემი იდეა.
– მთავარია, შენ მოეწონო. იდეა მეორეხარისხოვანია… როგორმე უნდა დაუახლოვდეთ ერთმანეთს…
– სექსს გულისხმობ?
– არა, ეგ არ არის აუცილებელი…
ლევანმა თვალი ამარიდა.
– არა? …და რომ გახდეს?
ამჯერად მე ჩავხედე თვალებში. მაინტერესებდა, მართლა ჰქონდა ჩემ მიმართ რამე გრძნობა თუ უბრალოდ საქმისთვის ვჭირდებოდი.
– ეგ უკვე შენი გადასაწყვეტია, რამდენად გიღირს…
– მიღირს? მე გამოძიებას ვეხმარები, ხომ ასეა? პირადად მე რატომ უნდა მიღირდეს ან არ მიღირდეს გიორგაძის განადგურება? მე არავითარი პირადი ინტერესი არ გამაჩნია ამ ადამიანის მიმართ…
– ვიცი, რომ გამოძიებას ეხმარები და მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. მე ვერაფერს დაგავალდებულებ, ევა! არ მაქვს არავითარი უფლება, რამე მოგთხოვო… სიმართლე გითხრა, არ მომწონს, მას რომ ხვდები ხოლმე, მაგრამ ახლა ჩემი პირადი ემოციების და გრძნობების დრო არ არის.
– აბა, რისი დროა?
– მეჩვენება თუ მცდი?
– გეჩვენება!
ვეცადე, ეს მსუბუქი დაძაბულობა ჩვენ შორის ღიმილით მომეხსნა.
– საყურე უნდა მეკეთოს?
– რა თქმა უნდა!
– რამეს ხომ არ იეჭვებს? მეორედაც იმავე საყურით რომ მნახავს?
– დამიჯერე, არ ემახსოვრება! კაცები ეგეთ რაღაცებს ყურადღებას არ აქცევენ. ელემენტი გამოცვლილია. ახლავე ჩაიდე ჩანთაში, რომ არ დაგავიწყდეს! მობილური სად გაქვს?
– ჩანთაში. სამსახურიდან წამოვიღე. სახლში რომ მივალ, დავტენი.
– ეცადე, აღარ დაგრჩეს სამსახურში, კარგი?
– აჰა… შენ ის მითხარი, კროულიზე რა ქენით?
– დღეს დაიწყო მუშაობა ჩვენმა ოპერმუშაკმა…
– ახალგაზრდაა?
– ოცდაცამეტი წლის.
– გეგმა გაქვთ?
– სამწუხაროდ, არ მაქვს უფლება, ამაზე ვილაპარაკო… მაპატიე…
– კარგი, “დაიკიდე”…
– ვერაფერს მიხვდება. შენზე არაფერს იეჭვებს, შეგიძლია მშვიდად იყო! არა, მართლა სხვანაირი ხარ დღეს…
– დავიღალე უბრალოდ.
– მე კიდევ მგონია, რომ განიცდი და გაწუხებს ეს ამბავი…
– რა ამბავი?
– ამ ყველაფერში რომ გაგხვიე. ტყუილების თქმა გიწევს შენი ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისთვისაც…
– გინახავს ადამიანი, რომელიც არ იტყუება?
ლევანს გაეცინა და თავი გადააქნია.
– იცი როგორ მინდა, შენთან ერთად სადმე წასვლა? თუნდაც კინოში, რესტორანში… თუმცა, ეს საიდუმლო შეხვედრებიც ძალიან მომწონს!
ლევანი ხელით ძალიან ნაზად შემეხო სახეზე. მე კი ქოხში ნანახი სიზმარი გამახსენდა. უფრო სწორად კი, ის შეგრძნება, რომელიც რეალურად ვიგრძენი ძილში. ხომ შეიძლება, გიორგაძე შემხებოდა? სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა, რომ არც ერთხელ არ სცადა ჩემთვის ეკოცნა ან მომფერებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ის ღამე რომანებში აღწერილ სცენას ჰგავდა… შეიძლება არ მოვწონვარ, როგორც ქალი (მეჯავრება ეს გამოთქმა) ან ასეთი შეხვედრები მისთვის ჩვეულებრივი ამბავია და არაფერი განსაკუთრებული… ან იქნებ სპეციალურად იქცევა ასე, რომ მე ამ ყველაფერზე მაფიქრებინოს? – ვინ იცის. გიორგაძე საკმაოდ ჭკვიანია და როგორც მივხვდი, კარგად ერკვევა ადამიანების ფსიქოლოგიაში…
– ევა…
ფიქრებიდან ლევანის შეძახილმა გამომიყვანა.
– აი, ისევ…
– რა?
– ისევ გაითიშე… ნეტა რაზე ფიქრობ…

ჩემი წასვლის დროა!
– ასეც ვიცოდი…
თქვა დამწუხრებულმა და ფეხზე წამოდგა. მეც ავდექი.
– თუ არ ხარ დარწმუნებული იმაში, რასაც აკეთებ, ან თუ რამეზე გინდა დალაპარაკება, მე აქ ვარ! შეგიძლია ყველაფერი მითხრა!
– ვიცი.
გავუღიმე და საყურეების კოლოფი ჩანთაში ჩავაგდე.
– ხვალ რას იცვამ?
– არ ვიცი, რამეს…
– მისმინე, ეს სავიზიტო ბარათი გამომართვი, სილამაზის სალონია. საჭიროებისამებრ გვემსახურებიან ხოლმე, როცა გვჭირდება. ძალიან მაგარი სტილისტი ჰყავთ. ხვალ კლუბში წასვლამდე შეიარე და ყველაფერს გაგიკეთებენ! მაკიაჟი, ვარცხნილობა…. ზღაპრულად უნდა გამოიყურებოდე! შენ არაფრის გადახდა არ დაგჭირდება!
ლევანს სავიზიტო ბარათი გამოვართვი და დავხედე.
– “ვენერა” ჰქვია?
– ჰო… აუცილებლად წადი!
– კარგი, წავალ. მადლობა, ლევან.
ერთი სული მქონდა, როდის მივიდოდი სახლში. ფიქრი მინდოდა. ფიქრი და საკუთარ გრძნობებში გარკვევა. ცხოვრებამ ორი ჭეშმარიტება მასწავლა. ერთი ის, რომ დრო გადის და ყველაფერი იცვლება, მეორე ის, რომ არასდროს არ უნდა თქვა – “არასდროს”. მე იმის გაკეთება მომიხდა, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი…
ვივახშმე, შხაპი მივიღე და ჩემს ოთახს მივაშურე. მხოლოდ აქ შემიძლია განტვირთვა და დასვენება. სიბნელეში ჩემი ოთახი თითქოს ტრანსფორმაციას განიცდის და თეთრის ნაცვლად შავად გარდაიქმნება.
ლეპტოპი ჩავრთე და ბექა წულაია მოვძებნე. ბევრი ფოტო ედო. როგორც ჩანს, ბევრს მოგზაურობს. ნეტა რა გეგმა აქვს ლევანს? რატომ უნდა, რომ “პორტალში” შეიტყუოს? შევეცადე, ქაოტური ფიქრები დამელაგებინა და საკუთარ სურვილებში გავრკვეულიყავი. ძალიან მინდა, წულაია დაისაჯოს, მაგრამ არ მინდა ვინმეს სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას. არც თამაზის სიკვდილი მინდა. პირიქით, მინდა ცხოვრება ტანჯვასა და სინანულში გაატაროს!
რაც შეეხება ლევანს, ასეთი გაორებული არასოდეს ვყოფილვარ. ვიცი, რომ კანონებს არღვევს და ფულს ცუდი გზებით შოულობს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მის მიმართ კარგად ვარ განწყობილი… მომწონს, როგორც აზროვნებს და ვატყობ, რომ საკუთარი საქციელის გამართლებას ვცდილობ… პირველად ხდება, როდესაც არ ვიცი, გონებას მივენდო თუ გულს, რადგან გული სხვა რაღაცას მკარნახობს. არ ვიცი, რა იქნება სწორი და რა იქნება შეცდომა. იქნებ კანონების დარღვევა სწორი გადაწყვეტილებაა? ან იქნებ სულაც არ არის ყველაფერი ისე, როგორც კალანდაძემ დამიხატა?
იქნებ სახელმწიფოს უბრალოდ გიორგაძის ქონების მითვისება უნდა? ყოველ შემთხვევაში, დარწმუნებული არაფერში აღარ ვარ… იმასაც ვფიქრობ, იქნებ გიორგაძემ იცის, რომ მე შსს-ს ვეხმარები და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს ეჭვი გამჩენოდა და მის მხარეზე გადავსულიყავი? იპოვა ჩემი სუსტი წერტილი და პირდაპირ იქ დამარტყა?
ერთადერთი, რასაც მკაფიოდ ვაცნობიერებ, ისაა, რომ უცნაურ ლაბირინთში ვიხლართები… ერთადერთი გამოსავალი კი სწორი მიმართულების პოვნაა, რომელიც გასასვლელისკენ გამიყვანს… მაგრამ რომელია სწორი გზა – ეს ჯერ კიდევ გასარკვევი მაქვს!
დილით ხმაურმა გამაღვიძა. კარზე ზარი დარეკეს… სანამ გამოვფხიზლდებოდი, კარი დედამ გააღო. მე საათს შევხედე. რვას თხუთმეტი წუთი აკლდა. ვინ უნდა იყოს ასე ადრე?..
ოთახიდან რომ გამოვედი, დედა დავინახე, რომელსაც ხელში ლამაზად შეფუთული დიდი ყუთი ეჭირა.
– ვინ იყო, დედა?
– კურიერი… შენ გამოგიგზავნეს რაღაც…
დედამ ყუთი ჟურნალის მაგიდაზე დადო. როგორც ჩანს, თეოსაც გაეღვიძა და წინდების ამარა გამოვიდა სასტუმრო ოთახში.
– რა არის?
– ანიკასია…
– აუ, გახსენი რა!
ყუთს გაუბედავად მივუახლოვდი, დივანზე ჩამოვჯექი და ქაღალდი შემოვაცალე. მერე გავხსენი და მოულოდნელობისგან სუნთქვა შემეკრა.
– კაბაა?
თეომ ვეღარ მოითმინა და კაბა ყუთიდან ამოიღო. თხელი, ჰაეროვანი და ნახევრად გამჭვირვალე ქსოვილი გაიშალა და სამივეს გაოცების შეძახილი აღმოგვხდა. კაბა ძალიან ღია ცისფერი იყო. ნაზი, პასტელის ფერებით ნაქარგი და ბისერით გაწყობილი.
– ვაიმე, ანიკა! “არმანია”…
– ვინ… ვინ გამოგიგზავნა?
დედა შოკიდან ვერ გამოსულიყო. ყუთში ფეხსაცმელები და ქლათჩიც იდო. ბოლოში პატარა, შუაზე გადაკეცილი ფურცელი, რომელზეც მხოლოდ ხუთი სიტყვა ეწერა:
“ვფიქრობ, რომ შენთვისაა შექმნილი”.
ლევანი.
– ბილ გეიტსს შეუყვარდი, ანიკა?
მკითხა თეომ და ახლა ფეხსაცმელს გადასწვდა.
– იცი, რა ეღირება ესენი დაახლოებით მაინც? ჩვენი ბინის ფასია…
– ანიკა!
დედამ მხოლოდ ჩემი სახელი წარმოთქვა, მაგრამ ეს იმას ნიშნავდა, რომ მისთვის ყველაფერი უნდა მეთქვა.
– ადრე გითხარი, კერძო შეკვეთაზე ვმუშაობ-მეთქი… დამკვეთი ლევან გიორგაძეა, ოღონდ ეს არავინ უნდა გაიგოს!
– ბიზნესმენი?
– ჰო, დედა!
– მოსწონხარ?
– არ ვიცი, ალბათ… სულ სამჯერ შევხვდი… ძალიან მეგობრული დამოკიდებულება აქვს ჩემ მიმართ…
– მეგობრული? გუშინ ღამე მასთან იყავი?
– ჩვენ შორის არაფერი ხდება! დღეს ღამე კლუბში უნდა წავიდე, საქმიანი შეხვედრა გვაქვს. დახურული კლუბია და “დრესკოდს” იცავენ… ჩემი ჩაცმის სტილიდან გამომდინარე, ალბათ იფიქრა, რომ კაბა არ მექნებოდა და გამომიგზავნა… ეს არის და ეს!
– მე არასოდეს დამიშლია შენთვის ვინმესთან შეხვედრა. უბრალოდ, არ მინდა, ვინმემ გული გატკინოს… შენც ხომ ხვდები, როგორი ცხოვრებით ცხოვრობს სავარაუდოდ ეგ კაცი?
– დე, შეიძლება ბევრი საყვარელი ჰყავს, მაგრამ დამიჯერე, ასეთ საჩუქრებს ყველას არ გაუკეთებდა! განსაკუთრებულად შეურჩევია კაბაც, ფეხსაცმელიც და ჩანთაც!
უთხრა დედას თეომ.
– ანიკაც განსაკუთრებულია და იმიტომ!
გაეღიმა დედას.
– მე არ ვნერვიულობ შენზე, იმიტომ, რომ ვიცი, ჭკვიანი გოგო ხარ და თავს არავის მოატყუებინებ!
დედას მეტი აღარაფერი უთქვამს ჩემთვის. არც არასოდეს მიკითხავდა ნოტაციებს… ისე გამზარდა, რომ დამოუკიდებლად შემძლებოდა გადაწყვეტილებების მიღება. ზედმეტად არასოდეს ჩარეულა ჩემს საქმეში. რჩევასაც თავისებურად მაძლევდა. უბრალოდ მეტყოდა, როგორ მოიქცეოდა ის, ჩემს ადგილას რომ ყოფილიყო…
დღე მალე გავიდა. საღამოს ტაქსი გამოვიძახე და სალონში წავედი. სტილისტი ახალგაზრდა ბიჭი იყო, ვოვა ერქვა. მხოლოდ კაბის ფერი მკითხა, რომლის ჩაცმასაც ვაპირებდი. თმა სანახევროდ ამიწია, ზემოთ უცნაურად ჩახლართა და ბოლოები დაახვია. მაკიაჟს დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში მიკეთებდა. ყველაფერი წამისვა, მაგრამ არაფერი მეტყობოდა… სარკეში მხოლოდ მაშინ ჩამახედა, როდესაც ყველაფერს მორჩა. წამიერად მეგონა, რომ სხვა ადამიანს ვუყურებდი…
სახლში ისევ ტაქსით დავბრუნდი და კაბა ჩავიცვი. საოცარი სიზუსტით მომერგო ტანზე.
– არ ვიცი, როგორია ეგ გიორგაძე, მაგრამ გემოვნება რომ იდეალური აქვს, ეს აშკარაა!
მითხრა დედამ, როდესაც ჩემს ოთახში შემოვიდა.
– ნებისმიერ კაცს შეუყვარდებოდი, ანიკა!
თეო ჩემს საწოლზე იჯდა და თვალს არ მაცილებდა.
– თეთრი ყვავივით ვარ!
ვთქვი და სარკეში კიდევ ერთხელ შევათვალიერე საკუთარი თავი.
– როგორია? სიმპათიურია?
– ვინ, ბეღურა?
– ეგ მილიონერი…
– გიორგაძე? რა ვიცი… საკმაოდ. უცნაური გარეგნობა აქვს!
– როგორ მაინტერესებს! ირაკლის ჯობია? მე ყველაზე მეტად ირაკლი მომწონს შენი კაცებიდან…
თეოს ნათქვამზე გამეცინა. დაახლოებით ცხრა საათზე კალანდაძემ დამირეკა და მკითხა, თავს როგორ ვგრძნობდი. მოგვიანებით კი ჩემი მობილურის ეკრანზე დაფარული ნომერი დაფიქსირდა. სასწრაფოდ ჩემს ოთახში გავედი, რომ მეპასუხა.
– გისმენ, ბატონო ლევან!
– რატომ ასე ოფიციალურად?
გაისმა ტელეფონში ნაცნობი ხმა.
– ვხუმრობ…
– თერთმეტ საათზე ჩემი მძღოლი მოგაკითხავს…
– დიდი მადლობა საჩუქრებისთვის… არ იყო საჭირო…
– მე საკუთარი სიამოვნებისთვის არაფერს ვიშურებ! – მოგეწონა?
– არა, მაგრამ მაინც ჩავიცვი…
ტელეფონში სიცილი გაისმა.
– ყველაფერი მოგერგო?
– კონკიასავით! ამბობენ, რომ მიხდება კიდეც!
– ვინ ამბობს?
– დედაჩემი და ჩემი და.
– ეჭვიც არ მეპარებოდა! ხომ არ ნერვიულობ?
– არა, უბრალოდ უცნაურად ვგრძნობ თავს…
– როგორ?
– ქალივით….
– დღეს ხუმრობის ხასიათზე ხარ და ეს მომწონს! ერთი სული მაქვს, როდის დაგინახავ. აღარ მოგაცდენ, შეხვედრამდე…
ტელეფონი გავთიშე და საწოლზე ჩამოვჯექი. დარწმუნებული ვარ, კონკია ნამდვილად ჩემსავით გრძნობდა თავს, როდესაც სასახლეში მიდიოდა…
თერთმეტ საათზე მანქანამ მომაკითხა. მომეჩვენა, რომ გზა უსასრულოდ გაიწელა. “ჯაშუშების საყურე” ხელში მეჭირა და ვერ გადამეწყვიტა, გამეკეთებინა თუ არა. ბოლოს მაინც გავიკეთე. თუმცა, ღილაკზე თითის დაჭერას არ ვაპირებდი… თავის გასამართლებლად რაღაც უნდა მომეფიქრებინა. ბოლო-ბოლო, სახლში დავშლიდი და შეუმჩნევლად გავაფუჭებდი. ლევანს კი ვეტყოდი, რომ ღილაკს დავაჭირე, მაგრამ არ იმუშავა… ჯობია იფიქროს, რომ ელემენტის გამოცვლის დროს დაზიანდა.
ლევანი “პორტალში” დამხვდა. ზედა სართულზე, მაგიდასთან იჯდა და მელოდა. რომ დამინახა, ფეხზე წამოდგა და ჩემ შესახვედრად გამოემართა.
– ყოველგვარ ზღვარს გადახვედი!
მითხრა უცბად და წარბები შეჭმუხნა. დავიბენი.
– რას გულისხმობ?
– ასეთი სილამაზეც არ შეიძლება! შენ ჩემს ფსიქიკაზე ძალადობ!
გამეცინა.
– კარგი რა… ლამაზი არ ვარ!
– ლამაზი არა, მაგრამ ულამაზესი ნამდვილად ხარ! წამოდი, დავსხდეთ…
ჩვენი მაგიდა მოყუჩებულ ადგილზე იყო და კარგად ჩანდა შემოსასვლელი.
– არ მოსულან?
– ჯერ არა, მაგრამ აუცილებლად მოვლენ!
– რა იცი?
– უბრალოდ ვიცი. დალევ რამეს?
– აუცილებლად… რამე მაგარს!
– ლევანმა ბარმენს რაღაც ანიშნა ხელით, იმანაც თავი დაუქნია. მე თვალით ლაშას დავუწყე ძებნა. მაინტერესებდა აქ იყო თუ არა.
– დაცვის გარეშე ხარ?
– დღეს კი…
– ამ ბოლო დროს მოუკელი უსაფრთხოების ზომების დაცვას…
– აქ უსაფრთხოდ ვარ ისედაც!
– რომ მოვიდნენ, რა უნდა ვქნათ?
– ჩვენ არაფერი, ისინი იზამენ…
– რას?
– სავარაუდოდ, შენ დაგიწყებენ ძებნას! ჩემთან ერთად რომ დაგინახავენ, თავს შეიკავებენ, მაგრამ მე მალე დაგტოვებ და…
– შეგიმუშავებია გეგმა!
გამეღიმა. ნაცნობმა ბარმენმა “აბსენტი” და პიტნისა და ლაიმის წვენი მომიტანა.
– ცუდი გემო აქვს, მაგრამ მომენტალურად იგრძნობ გრადუსს…
ჭიქა გამოვცალე და წვენი მივაყოლე. თითქოს ჩემს სხეულში ლავა ჩაიღვარა…
– შენი აზრი მაინტერესებს ურთიერთობებზე…
მკითხა ლევანმა და ვისკი მოსვა.
– კონკრეტულად?
– მამაკაცის და ქალის ურთიერთობებზე. ვეცადე გამერკვია, გყავს თუ არა ვინმე… ან გყავდა თუ არა, მაგრამ…
– მამოწმებ?
– არა, უბრალოდ შენი პიროვნება მაინტერესებს. მინდა ვიცოდე, როგორი ხარ, რა ინტერესები გაქვს, რა მოგწონს, რა არ მოგწონს, რომელია შენი კარგი და ცუდი მხარე…
– ურთიერთობებში ექსპერტად ნამდვილად ვერ გამოვდგები. თუმცა, ვფიქრობ რომ ადამიანები იმდენ ხანს უნდა იყვნენ ერთად, სანამ საერთო ინტერესები აქვთ და სანამ სიამოვნებას იღებენ ამ ურთიერთობით…
– მარტო ერთი ადამიანი შენს ყველა მოთხოვნას და სურვილს ვერ დააკმაყოფილებს. შეუძლებელია ადამიანის ყველა თვისება მოგწონდეს… რას აკეთებენ სტანდარტული წყვილები? რომლებსაც ერთი შეხედვით იდეალური ურთიერთობა აქვთ? ვთქვათ, შენ არ მოგწონს, როდესაც მე აბაზანაში ვმღერი. მე, ჩემი მხრივ, მიყვარს აბაზანაში სიმღერა. ეს ჩემი, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი წახნაგია იმ ბევრი წახნაგიდან, რომლებიც მაქვს… იმის გამო, რომ შენ ჩემი აბაზანაში სიმღერა გაღიზიანებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა შევწყვიტო და ეს წახნაგი მოვიცილო. სტანდარტული წყვილები კი ასე იქცევიან. ეწყობიან ერთმანეთს ფაზლივით და იცილებენ იმ “ზედმეტ” წახნაგებს, რომლებიც მათ პარტნიორს არ მოსწონს. ამით გარკვეულწილად საკუთარ თავსაც კარგავენ… არსებობენ ისეთი წყვილებიც, რომლებიც ამ ყველაფერს კარგად აცნობიერებენ და შეთანხმებულად ცხოვრობენ. მათ აქვთ კავშირი ერთდროულად რამდენიმე ადამიანთან, რომლებიც მათ სხვადასხვა წახნაგს ეწყობიან ფაზლებივით… მარტო სექსს არ ვგულისხმობ! ეს ურთიერთობები ათასნაირი შეიძლება იყოს. მაგალითად, ერთთან გაქვს გადასარევი სექსი, მაგრამ ვერ ელაპარაკები ისეთ თემებზე, რომელიც შენი ინტერესის საგანია. ამისთვის გყავს სხვა… და ასე შემდეგ… ამას პოლიამორია ჰქვია.
– მე რატომ მეუბნები ამას?
– შენი შეხედულება მაინტერესებს და იმიტომ…
– პირადად მე ლოგიკური მეჩვენება, მაგრამ ვიცი, რომ ადამიანთა 99% ამგვარ ურთიერთობებს აუცილებლად დაგმობს.
– რატომ? იმიტომ, რომ ასე ასწავლეს?.. უთხრეს, რომ ასე არ შეიძლება! ცოდვაა და ასე შემდეგ…
– ალბათ… ბევრისთვის მიუღებელია! ადამიანები მაინც მესაკუთრეები არიან და პარტნიორს ისე უყურებენ, როგორც თავის საკუთრებას! ჩემია და მორჩა… ურჩევნიათ საკუთარი ინტერესებიც დათრგუნონ, ოღონდ ვინმე მათ საკუთრებას არ შეეხოს…
– მოვიდნენ!
თქვა უცებ ლევანმა და მზერა შემოსასვლელისკენ გადაიტანა. ამ ერთმა სიტყვამ ჩემზე სასწაულად იმოქმედა. ვიგრძენი, როგორ მომაწვა ადრენალინი. შეუმჩნევლად გავაპარე თვალი შემოსასვლელისკენ და ოთხი ბიჭი დავინახე, რომლებიც დარბაზში შემოსულიყვნენ და დაბნეული უყურებდნენ სცენას, სადაც სტრიპტიზის მოცეკვავე ცეკვავდა.

ლაბირინთი – მახე (ეპიზოდი 22)

მერი აცნობიერებს, რომ ალტერნატიულ რეალობაში მოხვდა და თავისი ალტერნატიული ვერსიის სიკვდილის გამოძიებას იწყებს, რომელიც მისგან განსხვავებით, ძალიან წარმატებული აღმოჩნდა.
პარალელურ სამყაროში კარანტინია. ადამიანები ვირუსს ებრძვიან. მერი თავს ძალიან უცნაურად გრძნობს, რადგან თითქოს საკუთარ სიკვდილს იძიებს… კვალი მას ერთ-ერთი დანგრეული შენობის თავშესაფარში მიიყვანს, რომელიც ალტერნატიული მერის ბოიფრენდს ეკუთვნის… ეს მისი მკვლელობის ადგილია.
გამომძიებელი ლეო შეძლებს პორტალის გააქტიურებას და მერის საძებნელად ისიც ალტერნატიულ რეალობაში გადაინაცვლებს…
ჩემს ცხოვრებაში მომხდარი მოვლენები ხშირად თამაშების სცენარის წერაში მეხმარება. ამჯერად, გამომძიებელი ლეო – ლევან კალანდაძის პროტოტიპია, გიორგაძე კი – ალტერნატიული მერის ბოიფრენდი. ბექა წულაია მერის მკვლელის როლში წარმოვიდგინე…
“პორტალში” თავს ისე ვგრძნობდი, როგორც ალბათ მერი – ალტერნატიულ რეალობაში მოხვედრისას. ასე მგონია, მეც ერთგვარ თამაშს ვთამაშობ და ეს ყველაფერი სინამდვილეში ჩემი ფანტაზიის ნაყოფია…
ბიჭები დაბნეული სახეებით იდგნენ და აქეთ-იქით იყურებოდნენ. მერე ბართან მივიდნენ, რომ სასმელი შეეკვეთათ. ბარმენმა, სავარაუდოდ, საფირმო კოქტეილი შესთავაზა უფასოდ, როგორც მაშინ მე და ფილიპეს. ფილის გახსენებაზე გული შემეკუმშა. იმ ღამეს რამდენი ინერვიულა და ისიც არ იცის, რომ გოგოს, რომელსაც ხვდება – უბრალოდ, მისი გაკონტროლება დაავალეს…
– შენ წახვალ, ესენი სავარაუდოდ მოვლენ… მერე რა იქნება?
ვკითხე ლევანს და წვენი მოვსვი. აბსენტმა დამათრო და ჩემ გარშემო ყველაფერი ტრიალებდა.
– მაგაზე ბევრი ვიფიქრე… გახსოვს, ქოხში რომ მითხარი შენი იდეის შესახებ? კლიენტი მიჰყვება გოგოს ოთახში და იქ სხვა ქალი რომ დახვდება?
– როგორ არა… მერე?
– შენ თუ მოახერხებ, როგორმე ბექას ცალკე დაელაპარაკო და ქვემოთ ჩამოიყვანო, წითელ პორტალში… აუხსენი, რომ წითელ პორტალში მხოლოდ “ვიაიპი” წევრებს შეუძლიათ შესვლა. იქ რა ხდება, ნუ ეტყვი, დააინტრიგე. უთხარი, რომ არალეგალურად ჩაგყავს. ანუ შენ შეგიძლია ეს გააკეთო… აყურებინე შოუს, მერე დარბაზში დატოვე და უთხარი, ათ წუთში მესამე ოთახში შევიდეს… დანარჩენს მე მივხედავ!
– შენ მიხედავ?
– უფრო სწორად, ჩემი გოგოები…
– მაინც არ მესმის… ეს ყველაფერი რას გვაძლევს ჩვენ?
– კომპრომატებს!
– სექსის გადაღებას აპირებ?
ლევანმა აღარაფერი მიპასუხა. უბრალოდ, გამიღიმა და ფეხზე წამოდგა.
– აბა, შენ იცი, მე აქ ვარ! თვალს არ მოგაცილებ არც ერთი წუთით…
ლევანმა ხელზე მაკოცა და წითელ პორტალში გაუჩინარდა. ალკოჰოლის ზემოქმედების გამო ნელა ვაზროვნებდი. მიუხედავად ამისა, გონებაში რაღაც დეტალები ამომიტივტივდა და ერთმანეთს ფაზლივით შეუერთდა. გამახსენდა ლევანის ადრინდელი ლაპარაკი, მთავრობის წარმომადგენლებთან დაკავშირებით. ძალიან დარწმუნებული იყო იმაში, რომ მის კლუბს ვერანაირი საფრთხე ვერ დაემუქრებოდა და ვერც თვითონ… იქნებ იმიტომ, რომ მთავრობის წევრებზეც აქვს კომპრომატები? იქნებ ამიტომ აქვს ამდენი ფული?.. იქნებ ამიტომ ატარებს შსს ფარულ გამოძიებას?
ტყეში მოსმენილი სატელეფონო საუბარიც გამახსენდა: “- ვიცი, რომ სარისკოა, მაგრამ მაქვს-მეთქი გარანტია! არ მეშინია! ფენიქსი რისთვის მყავს? დაგავიწყდა? ფენიქსია ჩემი გარანტია!.. ვინ იპოვის? არავინ არ იცის, სად არის… მე თუ არ ვიტყვი, კაციშვილი ვერ მიაგნებს… როგორც არ უნდა დაგვემუქრონ, ვერაფერს იზამენ,
სანამ ფენიქსი არსებობს!”
ფენიქსი აშკარად ვიღაცის ზედმეტსახელია. ვიღაც მის გარანტიას იცავს… გარანტია სავსებით შესაძლებელია, კომპრომატები იყოს… ნეტა კროული ხომ არ არის ფენიქსი და კომპრომატებს ნახატის უკან, სეიფში ინახავს?.. ან იქნებ თვითონ ამ სახელშია რაიმე მინიშნება?.. ფენიქსი მითოლოგიური ფრინველია, რომელიც საკუთარ თავს თვითონვე იწვავს, როდესაც სიკვდილი უახლოვდება. შემდეგ კი ფერფლიდან ხელახლა აღსდგება. ის მუდმივი განახლების სიმბოლოცაა. ძალიან უცნაურია ეს ყველაფერი… ვინ იცის, იქნებ ძალიან ცუდი საქმე გავაკეთე, როდესაც კალანდაძეს კროულის ნახატის ამბავი შევატყობინე…
– ეი! შენ არა ხარ ის ბაიკერშა?
ფიქრებში ისე ვიყავი გართული, რომ ვერც მივხვდი, როგორ მომიახლოვდა ბადრიჯანას ერთ-ერთი ძმაკაცი.
– არა, გეჩვენება!
– იასნა შენ ხარ! თმის ფერით გიცანი…
– მერე?
– რა მერე? შენ არ დაგვპატიჟე აქ?
მაგიდასთან დანარჩენებიც მოვიდნენ. მე ოთხივე სათითაოდ შევათვალიერე და თითქოს ახლა მივხვდი, ვინც იყვნენ…
– აა, გამახსენდა…
– ეს რა “ზავიდენიაა”?
– “ზავიდენია” – დაწესებულებაა ქართულად… დახურული კლუბია! მიხვდებოდით ალბათ თქვენითაც…
– ტელეფონები დაგვატოვებინეს… რა იყო, პრეზიდენტი “ტუსოვკობს” თუ რა მაფიაა?
თქვა ბექამ და ოთხივემ სიცილი დაიწყო.
– გამორიცხული არაფერია!
– კაი და, შენ რატო დაგვპატიჟე აქ? შენი ჩაცმულობით თუ ვიმსჯელებ, აქ არ უნდა მუშაობდე. არც კლიენტს გავხარ, რადგან გოგოები სტრიპტიზ-ბარებში მარტო არ დადიან… შენია ეს კლუბი?
ბექას სიტყვებმა დამაფიქრა. გიორგაძე ძალიან ჭკვიანია. იქნებ იმიტომაც გამომიგზავნა ასეთი ძვირფასი კაბა, რომ ბექას ეს ეფიქრა?
– შეიძლება…
– ეს უკვე საინტერესოა!
თქვა წულაიამ და ჩემ მოპირდაპირედ დაჯდა. დანარჩენებმაც მიბაძეს.
– შეიძლება დავსხდეთ შენთან?
– უკვე ზიხართ!
– შენ ყოველთვის ასეთი ხარ?
– გააჩნია, “ასეთში” რას გულისხმობ…
– “ძერსკი”…
– მე მაგას პირდაპირობას ვეძახი… და კი, ყოველთვის ყველაფერს პირდაპირ ვამბობ!
– მართლა ევა გქვია?
– კი.
– მე ბექა! – საბა, თოკო და გეგა, ჩემი ბავშვობის მეგობრები… დალევ რამეს?
– უკვე დავლიე!
– ამ კლუბზე მოგვიყევი, რა პონტია?
– თქვენ რაც მოგეცით, ეგ ერთჯერადი ბარათებია.
– მრავალჯერადიც არსებობს?
ქლატჩი გავხსენი და ჩემი ბარათი ამოვიღე.
– ასეთი მხოლოდ კლუბის წევრებს აქვთ… ისინი ბევრი პრივილეგიებით სარგებლობენ…
– მაგალითად?
– კლუბის დახურულ ფლიგელში შეუძლიათ შესვლა…
– და იქ რა ხდება?
– ის, რაც არსად, არასოდეს გექნება ნანახი…
– ანუ?
– მაგას ვერ გეტყვი. საიდუმლოა! ოფიციალურად ეს ადგილი არ არსებობს! აქედან რომ გახვალთ, “პორტალის” არსებობა უნდა დაივიწყოთ!
– ნახე, როგორ გვაინტრიგებს ეს? მე წავედი, სტრიპტიზს უნდა ვუყურო!
თქვა უცებ საბამ და ფეხზე წამოდგა. გეგა და თოკოც გაჰყვნენ. მე კი საშუალება მომეცა, ბექასთან პირისპირ მელაპარაკა. მისკენ გადავიხარე და ვუჩურჩულე:
– ბართან წითელი გასასვლელი რომ არის, მანდედანაა ჩასასვლელი საიდუმლო ფლიგელში… ყოველთვის დგას დაცვა… თუ გინდა, მე შემიძლია ჩაგიყვანო…
– რო ჩაგვავლონ, შარი არაა მერე?
– არ ჩაგვავლებენ, ნუ გეშინია!
– შენზე მომიყევი…
– არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი.
– რატომ? დასამალი გაქვს რამე?
– არა, უბრალოდ საკუთარი ისტორია რომ ვიცი, არ არის ჩემთვის საინტერესო. მირჩევნია სხვამ ილაპარაკოს და მე ვუსმენდე… შენ რით ხარ დაკავებული?
– ლონდონში ვსწავლობ…
– ოჰო… როგორც ჩანს, მდიდარი მამიკო გყავს…
– ბიზნესმენია. იცი, როდის დაიწყო ბიზნესი? აი, საშინელი დრო რომ იყო, 90-იანებში… ძალიან მიზანდასახულია. რაღაცას რომ იტყვის, უნდა გააკეთოს… მე არ ვგავარ მაგაში, სამწუხაროდ…
ხელი მაგიდის ქვეშ ჩავწიე და მუშტად შევკარი. თავში სადისტურმა აზრებმა გამიელვა და ვეცადე, კონცენტრაცია სხვა რაღაცაზე გადამეტანა. ბექას სავარაუდოდ არ ეცოდინება სიმართლე მამამისის შესახებ…
– რა გვარი ხარ?
– ანდრიაძე…
– მაინც მგონია, რომ ეს კლუბი შენი უნდა იყოს… აბა, რატომ გქონდა ამდენი ერთჯერადი ბარათი? თან, ამბობ, რომ დახურული კლუბია და ქუჩაში შემხვედრ უცნობებს პატიჟებ…
– ჩათვალე, რომ ეს შენი მანქანის დამსახურებაა! ეს კლუბი მხოლოდ VIP კლიენტებზეა გათვლილი. აბა, რა მოიფიქრე? წამოხვალ საიდუმლო ფლიგელში?
– ისე ჟღერს, რომ… წამოვალ! ოღონდ ორი წამი დამელოდე, ბიჭებს ვეტყვი რაღაცას…
ბექამ დამტოვა და თავის მეგობრებთან მივიდა. მე ფეხზე წამოვდექი, კაბა გავისწორე და ნელი ნაბიჯით წავედი წითელი პორტალისკენ. ისე ძალიან აღარ მეხვეოდა თავბრუ. ბექა გზაში დამეწია. ორივენი წითელ კორიდორში შევედით. კიბესთან დაცვის თანამშრომელი იდგა. რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ მე დავასწარი.
– ჩემთან არის!
ამ სიტყვებზე გვერდზე გაიწია და ჩვენც კიბეზე დავეშვით.
– რა უცნაური ადგილია! რა იყო აქ ადრე?
– თავშესაფარი…
– ეს კარები ისეა ჩამწკრივებული, საკნები მეგონა.
უცებ ნახევრად შიშველმა გოგომ და თავგადაპარსულმა მამაკაცმა გვერდით ჩაგვიარეს და ერთ-ერთ ოთახში შევიდნენ.
– მოიცა, ბორდელში მომიყვანე?
მკითხა ბექამ და გაოცებისგან პირი დააღო.
– ეს არის ადგილი, სადაც ნებისმიერი ფანტაზია და ოცნება ხდება…
შოუ უკვე დაწყებული იყო. დარბაზში ბნელოდა. ბექა თავისუფალ მაგიდასთან მივიყვანე, ფარდა გადავწიე და შიგნით შევედი. სცენაზე ამაზონკები ცეკვავდნენ. ძალიან ეროტიკული ბრძოლის სცენა იყო…
– ამაზონკებზე ამბობენ, რომ ლესბოსელები იყვნენ…
– კაცები არ ჰყავდათ და რა ექნათ, აბა?
ბექას გაეცინა.
– დავლიოთ?
– რატომაც არა! მიმტანი თვითონ მოვა ცოტა ხანში…
– შენ სად გნახო?
– ჩემი ნახვა გინდა?
– ჰო აბა! ამ ერთი შეხვედრით ხომ არ შემოვიფარგლებით?
– არ ვიცი… ჩემი ნახვა ადვილი არ არის… განსაკუთრებით, დღისით.
– რატო, ვამპირი ხარ?
გაეცინა ბექას.
– შეიძლება ასეც ითქვას…
მიმტანი მოგვიახლოვდა.
– რას დალევ?
– დაიკირი იყოს… აბსენტი მაქვს დალეული და ჯერ კიდევ მიტრიალებს ყველაფერი თვალებში…
– დაიკირი და ტეკილა მოგვიტანეთ!
მიმტანმა დაგვტოვა. ცოტა ხანი შოუს ყურებაში გავერთეთ. ამაზონკები გველიანმა ქალმა ჩაანაცვლა. ტანზე უზარმაზარი ჭრელი გველი ჰქონდა შემოხვეული და ისე ცეკვავდა.
– მეჯავრება გველები!
მითხრა ბექამ და ჩემკენ ახლოს მოიწია.
– ჩვენ გაცნობას გაუმარჯოს!
– კაი…
– მინდა გითხრა, რომ შენნაირი გოგო პირველად ვნახე.
– რას გულისხმობ?
– ყველაზე მისტიკური და იდუმალი ხარ… და ეს მე ძალიან მომწონს! ასე მგონია, რაღაცას მალავ…
– ყველა მალავს რაღაცას…
– შენ სხვანაირად. თითქოს მეთამაშები…
ბექა ხელით ჯერ თმაზე შემეხო, შემდეგ ლოყაზე. ბოლოს თითი ტუჩებზე ჩამომისვა.
– მერე, არ გიყვარს თამაში?
– ვგიჟდები…
– ვითამაშოთ?
– სიამოვნებით…
მიუხედავად იმისა, რომ ბნელოდა, მაინც დავინახე, როგორ მოაწვა ვნება და წამოწითლდა.
– მე გავალ… 10-15 წუთში ადექი და საკნები რომ გეგონა, იმ მხარეს წამოდი. მესამე კარში შეხვალ… აწერია კიდეც, ნომერი…
– ერთად რატომ არ უნდა წავიდეთ?
– იმიტომ, რომ მე სიურპრიზი უნდა დაგახვედრო…
– ოჰო… მოკლედ, ინტრიგის დედოფალი ხარ!
ბექა მაგიდასთან დავტოვე და დერეფანში გამოვედი. კორიდორში დაცვამ შემაჩერა და მითხრა, სულ ბოლო, შავ კარში შევსულიყავი… იქ ლევანის კაბინეტი აღმოჩნდა. თვითონ მაგიდასთან იჯდა და მონიტორს უყურებდა. რომ შევედი, ადგა და ჩემთან მოვიდა.
– ყველაფერი კარგადაა?
– კი… მესამე ოთახში შევა…
– მოდი, ერთად ვნახოთ, რას იზამს…
ლევანმა ხელი მომკიდა და მონიტორთან მიმიყვანა.
– დაჯექი!
მითხრა და სავარძელი შემოატრიალა. მე დავჯექი და მონიტორს შევხედე. თვითონ ჩემს ზურგს უკან დადგა და ხელებით სავარძლის საზურგეს დაეყრდნო. ეკრანზე მთავარი დარბაზი ჩანდა.
– რომელია ჩვენი მაგიდა?
ლევანმა თითით მაჩვენა.
– ისევ ზის?
– ჯერ კი… რაზე გელაპარაკა?
– ისეთი არაფერი უთქვამს. ლონდონში ვსწავლობო… მამაჩემი ძალიან მიზანდასახულიაო…
– ეტყობა, როგორი მიზანდასახულიცაა…
ფარდა გამოძრავდა და ბექა გამოჩნდა. მაგიდებს შორის გაიარა და კადრიდან გავიდა. ლევანმა ღილაკს დააჭირა თითი და ამჯერად დერეფანი გამოჩნდა. ბექა დერეფანში იდგა და იხსენებდა, რომელი მიმართულებით წასულიყო. უცბად თვალები ამიჭრელდა და ერთიანად მოვწყდი.
– ლევან… მგონი, ზედმეტი მომივიდა სასმელი…
ძლივს ამოვთქვი და სავარძელზე გადავწექი.
– ცუდად ხარ?
მკითხა შეშფოთებული სახით და ხელი შუბლზე დამადო.
– არა, თვალები მეხუჭება…
– ნუ გეშინია! მოიცა…
სავარძელი შემოატრიალა და ხელში ამიყვანა. მე თვალები თავისით დამეხუჭა. ასე მეგონა, ატრაქციონზე ვიჯექი და ვტრიალებდი… ვიგრძენი, როგორ დამაწვინა დივანზე.
– ახლავე მაგარ ყავას მოვატანინებ! გამოგიყვანს.
მისი ხმა ძალიან ტკბილად ჩამესმა.
– უბრალოდ, მეძინება…
ამოვილუღლუღე. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ჩემი სხეული ბუმბულის წონა გახდა და ჰაერში დაიწყო ლივლივი. ძილ-ბურანში ვიყავი… ხან ბექას სახეს ვხედავდი ბუნდოვნად, ხან ლევანისას… მერე ამაზონკები გამოჩნდნენ… ბურუსში იყვნენ და უცნაურ მოძრაობებს აკეთებდნენ… მე მგონი, ცეკვავდნენ…

ლაბირინთი – შეთქმულება (ეპიზოდი 23)

ჩემს სხეულს წონა არ გააჩნია. თითქოს უწონადობაში ვლივლივებ. ირგვლივ მხოლოდ სითეთრეა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემ ირგვლივ არაფერია. არც საგნები, არც ადამიანები – საერთოდ არაფერი. საოცარ სიმშვიდეს ვგრძნობ. არ მეშინია. ჩემი გონება მამას სიკვდილის მერე პირველად ისვენებს… არაფერი მაწუხებს. საერთოდ არაფერი…
შორიდან, ყრუდ გაურკვეველი ხმები ჩამესმის. მიჭირს გავარჩიო ამ ხმების წარმოშობა… სითეთრეში ვიყურები და ვტკბები იმით, რომ ათასი წვრილმანი და დეტალი აღარ იჭრება ჩემს გონებაში. მახსოვს ყველაფერი, მაგრამ არაფერი მაშფოთებს. უბრალოდ, მაინტერესებს, სად ვარ… იქნებ მოვკვდი და ეს სამოთხეა? თუ ასეა, მაშინ ვფიქრობ, ჯოჯოხეთი შავი უნდა იყოს…
ვცდილობ კონცენტრაცია იმ ხმებზე მოვახდინო, რომლებიც ჩამესმის. გაურკვეველი და ქაოტური ბგერები ნელ-ნელა ლაგდება, იფილტრება და თითქოს ფორმას იძენს. ხმის ტემბრიც მეცნობა. ეს დედაჩემის ხმაა…
– რატომ არ იღვიძებს?
– კარგია, იძინოს! დაისვენებს, დამშვიდდება… გაიღვიძებს და ვნახავთ, როგორ იმოქმედა თერაპიამ…
– არადა, ყველაფრის მჯეროდა, რასაც მიყვებოდა…
დედა ტირის.
– ეგ იმიტომ, რომ თვითონაც ასე სჯეროდა. ეს არც მისი ბრალია და არც თქვენი…
თვალების გახელა მინდა, მაგრამ ასე მგონია, ქუთუთოებზე გირები ჩამომკიდეს. ეს ნამდვილად დედას ხმაა, მაგრამ ვის ელაპარაკება? ან რას გულისხმობს ამ სიტყვებში?..
ვცდილობ, ბოლოს განვითარებული მოვლენები გავიხსენო. მახსოვს კლუბი, ბექა და მისი მეგობრები… მახსოვს, როგორ ჩამყავს ქვემოთ და შემდეგ მარტოს ვტოვებ. მერე შავ კარში შევდივარ… იქ ლევანი მელოდება. მონიტორით უნდა ვადევნოთ თვალი ბექას…. მერე, მგონი ცუდად გავხდი… ალკოჰოლი ბევრი მომივიდა?.. – ახლა სად ვარ? ალბათ, რომელიღაც კლინიკაში. ნუთუ ასე ცუდად გავხდი?
ვცდილობ, დედა წარმოვიდგინო. როგორ დგას ჩემს საწოლთან და დამყურებს… ხელზე შეხება ვიგრძენი. დედას ხელია, ვიცი… სითეთრე ნელ-ნელა მუქდება და ჩემი სხეულიც მძიმდება. თითქოს დაბლა ვეშვები. დავმძიმდი და საკუთარი სხეულიც შევიგრძენი. როგორც იქნა, თვალები გავახილე.
– ანიკა…
ტუჩები თითქოს ერთმანეთზე მაქვს შეწებებული. პირის გაღება მიჭირს. მწვანე უნიფორმიან ქალს წყლიანი ჭიქა მოაქვს და ტუჩებზე მადებს.
– ცოტა წყალი დალიე, ანიკა.
წყალი ოთახის ტემპერატურისაა. მხოლოდ ახლა ვიგრძენი, როგორ მწყურია.
– რა მოხდა?
როგორც იქნა, ამოვთქვი.
– როგორ შეგვაშინე…
მითხრა დედამ და გაღიმებას შეეცადა.
– ბოლოს რა გახსოვს?..
მწვანე უნიფორმიანი ქალი ან ექიმია, ან ექთანი.
– შეხვედრაზე ვიყავი… ცოტა დავლიე…
– კლუბ “პორტალში”?
ჩამეკითხა და ოდნავ შეუმჩნევლად გაეღიმა. მე გავშრი. ვერაფერი ვუპასუხე. საიდან გაიგო? შეიძლება უგონოდ რომ ვიყავი, ვბოდავდი…
– ისევ არ ახსოვს…
ჩაილაპარაკა დედამ და ფანჯრისკენ შებრუნდა. ფანჯარას გარედან გისოსები ჰქონდა.
– დედას ცალკე მინდა დაველაპარაკო! – ვუთხარი ექიმს. მანაც თავი დააქნია და ოთახიდან გავიდა. პალატა მოვათვალიერე. კედლები და ავეჯი თეთრია, როგორც ჩემს ოთახში…
– კლუბის შესახებ შენ უთხარი ექიმს? რატომ უთხარი, დედა?
– ანიკა, შენ ხომ გჯერა ჩემი? ხომ იცი, რომ მე არასოდეს მოგატყუებ?
– მაგას რატომ მეუბნები? რა მოხდა?
– ანიკა, ეგ კლუბი არ არსებობს! შენ გამოიგონე… ყველაფერი შენ თვითონ გამოიგონე…
დედას ხმა აუკანკალდა.
– ვინ გითხრა ეგ?
– ყველამ! ბოლო ორი კვირა სამსახურში არ გივლია… ხუთი დღის წინ ფილიპემ რაღაც ნახევრად დანგრეულ შენობაში გიპოვა. უგონოდ იყავი… გესმის, ანიკა? სასწრაფო გამოიძახა…
– ნახევრად დანგრეულ შენობაში მიპოვა?
დედას სიტყვებმა თავზარი დამცა. ნუთუ გიორგაძემ კლუბიდან გამომიყვანა და იმ ცარიელ შენობაში დამტოვა? – ამას ვერ დავიჯერებ! მაგრამ ფილი როგორ გაჩნდა იქ? რატომ არაფერი მახსოვს? თითქოს ჩემი მეხსიერებიდან ვიღაცამ რაღაც მონაკვეთი საერთოდ ამოშალა.
– ყველაფერს გავარკვევ, მაია… შენ არ ინერვიულო, რა!
– არა, ჯერ აქ დარჩები და მკურნალობას გააგრძელებ, სანამ ბოლომდე არ გამოკეთდები… ასე უკეთესია შენთვისაც და ჩვენთვისაც… თეო იცი როგორ ნერვიულობს შენზე?
– მართლა კარგად ვარ, დედა! ხუთი დღის წინ გიპოვა ფილმაო, რომ მითხარი… ესე იგი ხუთი დღეა, რაც აქ ვარ?
ვკითხე დედას და წამოვჯექი.
– მართლა არ გახსოვს?
– რა უნდა მახსოვდეს?
– გახსოვს, მამას ამბის მერე ძლიერი სტრესი რომ გქონდა? რეალობა და წარმოსახვა რომ გერეოდა ერთმანეთში?.. ახლაც ასე დაგემართა… მაგრამ ექიმმა თქვა, რომ ამჯერად უფრო მძიმე მდგომარეობაა… – იმ არაკაცის ვიდეომ იმოქმედა, ხომ? თეომ იპოვა შენს ლეპტოპში…
– ვინ არაკაცის?
– წულაიასი… რატომ არ გინდა დაივიწყო მაგ გარეწრის არსებობა? მამას ეშველება რამე? – აღარაფერი! ჩვენზე იფიქრე…
დედას თვალები აუწყლიანდა.
– რა სისულელეა, დედა! კარგად ვარ, არანაირ სტრესს არ განვიცდი, დამიჯერე… ტყუილად გაგიჟებენ ექიმები! სასაცილოა, საერთოდ რომ ვლაპარაკობთ ამაზე!
დედამ ცრემლები მოიწმინდა და თვალებში შემომხედა.
– ანიკა, კიდევ ფიქრობ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობ?
მკითხა მტკიცე ტონით. საშინლად დავიბენი. აღარ ვიცოდი, რა მეფიქრა.
– ჩუმად! ხმამაღლა ნუ ამბობ ეგეთ რაღაცას… ვინ გითხრა? საიდან მოიტანე?
დედამ ამოიოხრა. ამ დროს ოთახში ექთანი შემოვიდა და ლანგრით საჭმელი შემოიტანა. დედამ ლანგარი გამოართვა და ჩემს საწოლზე ჩამოჯდა.
– საჭმელი უნდა ჭამო! ძალიან ხარ დასუსტებული…
წინააღმდეგობა აღარ გავუწიე. თავში სრული ქაოსი მიტრიალებდა. როგორც ჩანს, წამლებისგან და ძლიერი დამამშვიდებლებისგან ისევ გაბრუებული ვიყავი… ერთადერთი, რასაც ვხვდებოდი, ის იყო, რომ აშკარად იმ ღამეს რაღაც მოხდა. რაღაც მოხდა და ვიღაცამ ყველაფერი ისე გააკეთა, რომ ყველას გიჟი ვეგონო…
საჭმელი რომ დავინახე, მივხვდი, რომ მშიოდა. არაფრის მტკიცებას აზრი არ ჰქონდა. აქედან რაც შეიძლება მალე უნდა დამეღწია თავი და სიმართლე გამერკვია. არ მჯერა, რომ გიორგაძემ მიმატოვა იქ… ნამდვილად რაღაც მოხდა “პორტალში” იმ ღამეს…
ვიზიტის დრო რომ ამოიწურა, დედა წავიდა. ექთანმა უფლება მომცა, ფეხზე ავმდგარიყავი და ცოტა გამევლო. საშინლად დასუსტებული ვიყავი.
დერეფანში გამოვედი. რბილი სავარძლები და ტელევიზორი იდგა. ტელევიზორში კომედიური ფილმი გადიოდა, ლუი დე ფიუნესის მონაწილეობით. სავარძელში ჩავჯექი. ჩემ გარდა, კიდევ სამი პაციენტი იჯდა და ფილმს უყურებდა. ერთი ახალგაზრდა გოგო და ორი ხანშიშესული ქალი. ერთმანეთში ლაპარაკობდნენ… ცოტა ხანი ყური მივუგდე და მივხვდი, რომ ჯანსაღ გონებაზე არ უნდა ყოფილიყვნენ… ახალგაზრდა გოგო ჩუმად იჯდა. მისი სახე ძალიან მეცნო, მაგრამ ვერ გავიხსენე საიდან.
ისევ ავდექი და ფანჯარასთან მივედი. ამ ფანჯარასაც გისოსები ჰქონდა. ცოტა მოშორებით სანიტარი იჯდა და მიყურებდა. გადავწყვიტე, გამოვლაპარაკებოდი.
– ეს რომელი საავადმყოფოა?
ვკითხე და გავუღიმე. შევატყვე, რომ ოდნავ დაიბნა. თითქოს ვერ გადაეწყვიტა, რა ეპასუხა.
– რეაბილიტაციის ცენტრია…
– როდის გამწერენ?
– ეს შენზეა დამოკიდებული.
მითხრა და გამიღიმა.
– და დარეკვა შეიძლება?
– სად გინდა, რომ დარეკო?
– ჩემს მეგობართან!..
– კარგი, გამომყევი!
სანიტარს გავყევი. იქვე, პატარა კაბინეტში შემიყვანა. თვითონ კართან გაჩერდა.
– მარტო ქალაქის ნომერზე შეგიძლია დარეკო, ოღონდ ბევრი არ ილაპარაკო!
საწერ მაგიდაზე ძველებური ტელეფონი იდო, დასატრიალებელი ციფერბლატით… არ მეგონა, ასეთი ტელეფონები თუ კიდევ არსებობდა… ყურმილი ავიღე და ფილის სახლის ნომერის გახსენებას შევეცადე. უცბად გამახსენდა. ფილმა მეოთხე ზარზე მიპასუხა…
– გისმენთ!
– ფილ…
ყურმილში წუთიერი სიჩუმე ჩამოწვა.
– ევა, შენ ხარ?
– კი, მე ვარ! შეგიძლია მითხრა, რა მოხდა?
ისევ სიჩუმემ დაისადგურა.
– ფილ! გეხვეწები, ყველაფერი მომიყევი! აქ მითხრეს, რომ შენ მიპოვე… მართალია?
– კი… ნამდვილად მე გიპოვე… იმ შენობაში იყავი, ადრე რომ წამიყვანე… გახსოვს? ყველგან გეძებდნენ და რომ ვერ გიპოვეს, ეგ შენობა გამახსენდა და ყოველი შემთხვევისთვის შევამოწმე. ჰოდა, იქ გიპოვე… ევა, ახლა როგორ ხარ?
– კარგად ვარ! უბრალოდ, არ მახსოვს, რა დამემართა…
პირთან ხელი მივიფარე და ჩურჩულით გავაგრძელე ლაპარაკი.
– იქ მოხვედი და წამომიყვანე, ხომ?.. ჩვენ რომ ვიცით…
– სად იქ?.. ვერ ვხვდები, რას ამბობ…
– შეგიძლია ხვალ მოხვიდე? პირადად მინდა დაგელაპარაკო! არ ვიცი, როდის გამწერენ აქედან…
– რა თქმა უნდა! აუცილებლად მოვალ…
– გელოდები!
ყურმილი დავდე და დერეფანში გამოვედი. ცოტა თავბრუ დამეხვა და პალატაში დავბრუნდი. ფეხებში ძალა არ მქონდა. იმ გოგოს ისევ გავხედე. მანაც გამომხედა და მიყურა, სანამ ოთახში არ შევედი. ნეტა საიდან მეცნობა? პირველად ხდება, როცა ვიღაც მეცნობა და ვერ ვიხსენებ, საიდან…
ცხრა საათზე ექთანი შემოვიდა, ჩაი და ფუნთუშა შემომიტანა, წნევა გამიზომა და გავიდა. თხუთმეტ წუთში ისევ მობრუნდა და წამალი მომცა.
– აბა, გადაყლაპე უცებ!
– რა წამალია?
– დაგამშვიდებს და დაგაძინებს…
– ისედაც მშვიდად ვარ!
– ანიკა, ხომ გინდა რომ მალე წახვიდე სახლში? თუ არ დაგვიჯერებ, ვერ გამოჯანმრთელდები და სახლშიც ვერ წახვალ!
წამალი გამოვართვი და წყალი მივაყოლე.
– გინდა შენი წიგნი მოგცე?
– ჩემი წიგნი?..
– ჰო, რასაც კითხულობდი ეს დღეები… დაგავიწყდა?
– არა, მომეცით…
ექთანმა ტუმბოს უჯრა გააღო და სქელტანიანი წიგნი ამოიღო. წიგნს დამცავი ყდა ჰქონდა გადაკრული. წიგნი საწოლზე დამიდო და გავიდა. მე გაოგნებული ვიყავი… დედამ მითხრა, რომ ხუთი დღის წინ მომიყვანეს აქ… მე მეგონა მთელი ამ დროის მანძილზე უგონოდ ვიყავი… ექთანი კიდევ მეუბნება, რომ წიგნსაც ვკითხულობდი…
ბალიში წამოვწიე და წამოვჯექი. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ეს ყველაფერი არ იყო ნამდვილი… თითქოს ყველამ ჩემ წინააღმდეგ შეკრა პირი… თითქოს დიდი შეთქმულება მომიწყვეს…
წიგნი ხელში ავიღე და გული ამიჩქარდა. გარეკანზე ბოსხის ნახატი იყო დაბეჭდილი… სწორედ ის ნახატი, რომელიც კროულის უკიდია კაბინეტში და სახლშიც… “მიწიერი სიამოვნების ბაღი”… წიგნი სასწრაფოდ გადავშალე. ლექსების კრებული აღმოჩნდა. სხვადასხვა ავტორის ლექსები იყო თავმოყრილი.
ოცდამეთოთხმეტე გვერდზე სანიშნი იდო. გადავშალე თუ არა, მოულოდნელობისგან ლამის წიგნი ხელიდან გამივარდა. ოცდამეთოთხმეტე გვერდზე გალაქტიონ ტაბიძის “ათი ქალწული” ეწერა…
წამალმა მოქმედება დაიწყო და ქუთუთოები დამიმძიმდა. წიგნი ხელიდან არ გამიშვია, ისე ჩამეძინა. ისევ ის სასიამოვნო სიმსუბუქე ვიგრძენი. თითქოს ჩემმა სხეულმა წონა დაკარგა და ლივლივი დაიწყო…
დილით უცნაურმა ზარის ხმამ გამომაღვიძა. წამოვდექი… სკამზე გადაკიდებული ხალათი ავიღე და მოვიცვი. ჯერ ტუალეტში შევედი. სახეზე ცივი წყალი შევისხი და დერეფანში გამოვედი. ის სანიტარი დავინახე, რომელმაც გუშინ ტელეფონზე დამარეკინა.
– შეძლებ სასადილოში წამოსვლას? თუ პალატაში ისაუზმებ?
– წამოვალ…
პაციენტები ერთი მიმართულებით მიდიოდნენ. მეც მათ გავყევი… სასადილო საშუალო ზომის იყო. გრძელი მაგიდები იდგა. დავჯექი. მაგიდაზე მოხარშული კვერცხი, კარაქი, პური, ყველი და სოსისები ელაგა. ყავა მოვითხოვე, მაგრამ არ ჰქონდათ… დანა-ჩანგალი პლასტმასის იყო…
პაციენტები არ იყვნენ ბევრნი. სულ თორმეტი ქალი დავთვალე. არც ერთი მამაკაცი არ იყო… ვხვდებოდი, რომ ფსიქიატრიული კლინიკა იყო, მაგრამ ამის დაჯერება არ მინდოდა… მართალია, არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ კალანდაძე აუცილებლად გამომიყვანს აქედან, როგორც კი გაიგებს… ალბათ უკვე მეძებს, ამდენი დღე რომ არ გამოვჩნდი…
საუზმის შემდეგ ექიმის კაბინეტში შემიყვანეს. ექიმი ახალგაზრდა კაცი იყო. დიდი კაბინეტი ჰქონდა. კედლებზე ფერადი პლაკატები იყო გაკრული. ერთზე ადამიანის თავის გამოსახულება იყო და ტვინი უჩანდა. დეჟა ვუ დამემართა. მივხვდი, რომ ეს ოთახი ადრეც მინახავს… აი მაშინ, მამის მკვლელობის მერე ცუდად რომ ვიყავი… დედას აქ დავყავდი. თუმცა, ოთახი მაშინ სხვანაირად გამოიყურებოდა. ახლა გაერემონტებინათ და ავეჯიც გამოეცვალათ, მაგრამ მაინც ვიცანი. მხოლოდ ამ ოთახს არ ჰქონდა გისოსები… ფანჯრიდან ალვის ხე ჩანდა. ეს ხედიც მეცნო… მხოლოდ ექიმი არ მეცნობოდა…
– როგორ ხარ, ანიკა?
– უკეთესად… როდის გამწერთ?
– ყველაფერს თავისი დრო აქვს! მე რაღაც კითხვებს დაგისვამ და შენ მიპასუხე, კარგი?
მხრები ავიჩეჩე და სკამის საზურგეს მივეყრდენი.
– სად მუშაობ?
– “ლაბირინთში”…
– რას აკეთებ იქ?
– ვიზუალურ რომანებს ვწერ… ანუ კომპიუტერული თამაშების სცენარებს…
– კარგი… რა ჰქვია შენს უფროსს?
– გუნდის უფროსს ფილიპე, კომპანიის უფროსს – აბრამი…
– ვინ არიან შენი მეგობრები?
– ჩემი თანამშრომლები… ირაკლი, მაქსი და ფილი…
– დაქალი არ გყავს?
– არა…
– რატომ?
– რა ვიცი… ასე მოხდა!
– მოდი, ეს თემა ცოტა გავშალოთ! უცნაურია, შენხელა გოგოს რომ არ ჰყავს გოგო მეგობარი… არ ფიქრობ ასე?
– არა, რატომ?.. მეგობარს შეკვეთით ვერ შეიძენ! უნდა იპოვო ისეთი ადამიანი, რომელიც შენთან ახლოს იქნება… ანუ რაღაც საერთო უნდა იპოვო…
– და ბიჭებთან გაქვს რაიმე საერთო?
– კი. ჩვენ ერთად ვმუშაობთ, პერიოდულად დავდივართ ხოლმე ბარში ან რომელიმეს სახლში ვიკრიბებით…
– მათთან თავს კომფორტულად გრძნობ?
– დიახ…
– კარგი. რომანტიკულ მხარეზე რას მეტყვი? გაქვს ურთიერთობები?.. მოგწონს ვინმე?..
– შეიძლება ასეც ითქვას…
– ვინ?
– ამას ვერ გეტყვით…
– რატომ?
– არ მინდა და იმიტომ!
– ანუ მალავ?..
– არ ვარ დარწმუნებული, რას ვგრძნობ და შესაბამისად, დასკვნებსაც ვერ გავაკეთებ!
– კეთილი. შეგიძლია მითხრა, იმ ცარიელ შენობაში რას აკეთებდი? გარეუბანში, მიყრუებულ ადგილას რატომ წახვედი?
– ერთ ადამიანს უნდა შევხვედროდი…
– მერე, შეხვდი?
– კი… უბრალოდ, მერე რა მოხდა, ვერ ვიხსენებ!
– მე კიდევ მგონია, რომ ის ადგილი იმისთვის ამოირჩიე, რომ ყველას და ყველაფერს მოსცილებოდი. მარტო გინდოდა ყოფნა, ისეთ ადგილას, სადაც ვერავინ მოგაგნებდა… ასეა?
– რატომ უნდა მდომებოდა ასე?
– აი, მთავარ მიზეზს ვუახლოვდებით ნელ-ნელა… შენ ბოლო დროს საკუთარ თავში ჩაიკეტე… საკუთარი სამყარო შექმენი. საკუთარი, გამოგონილი გმირებით…
– ვერ ვხვდები, რაზე ლაპარაკობთ საერთოდ…
– თამაზ წულაიაზე რა შეგიძლია მითხრა?
– არ მინდა მაგ სახელის ხსენებაც კი…
– მესმის, მაგრამ პრობლემაც ამაშია… რეალობას გაურბიხარ!
– კარგით, გიპასუხებთ… თამაზ წულაია არის მკვლელი. მამა მომიკლა. ჩვენი ფული მიითვისა და ვალებში დაგვტოვა. თვითონ რუსეთში გაიქცა და ბედნიერად ცხოვრობს! – საკმარისია?..
– შენ მოძებნე ვიდეო, რომელზეც ის თავის ძმაკაცებთან ერთად ქეიფობს… ამ ვიდეომ შენს ფსიქიკაზე ძალიან იმოქმედა… შენ შეიქმენი ილუზია, სადაც შურს იძიებდი და ყველაფერს გამოასწორებდი. ამისთვის დაგჭირდა პერსონაჟები, რომლებიც დაგეხმარებოდნენ…
– ძალიან სასაცილოდ ჟღერს ეს ყველაფერი.
გამეცინა. უცებ კაბინეტის კარი გაიღო და გოგომ შემოიხედა.
– ბატონო გია, მეექვსე პალატაში გელოდებიან…
როგორც ჩანს, მისი მდივანი იყო.
– მოგვიანებით გავაგრძელოთ… შეგიძლია წახვიდე, ანიკა!
ექიმმა კარებამდე მიმაცილა. ჩემს ოთახში დავბრუნდი და ისევ ის წიგნი გადავშალე. ნეტა რამე ნიშანი ხომ არ არის? იქნებ კალანდაძემ დამიტოვა?
სადილამდე არაფერი მომხდარა. სადილის შემდეგ, ოთხ საათზე ირაკლი და ფილი მოვიდნენ….

ლაბირინთი – ჩიხი (ეპიზოდი 24)

მერი და გამომძიებელი ლეო ერთმანეთს პარალელურ სამყაროში ხვდებიან და გადაწყვეტენ, საქმე ერთად გამოიძიონ. კვალი მათ საიდუმლო ლაბორატორიაში მიიყვანს, სადაც ალტერნატიული მერი მუშაობდა.
შენობას, რომლის სარდაფშიც ღამის კლუბი მდებარეობს, რამდენიმე მიწისქვეშა გასასვლელი აქვს. ერთ-ერთი გასასვლელი კი სწორედ ამ ლაბორატორიას უერთდება. მეორე მერის მკვლელი დოქტორი ვები აღმოჩნდება, რომელსაც მერის მიერ შექმნილი ანტივირუსის რეცეპტის მითვისება სურდა.
ლეო ცდილობს მერი სახლში დააბრუნოს, მაგრამ მას ეს არ უნდა. მის ალტერნატიულ “მეს” გაცილებით საინტერესო ცხოვრება ჰქონდა. მდიდრულ სახლში ცხოვრობდა და ბევრი მეგობარი ჰყავდა, მერისგან განსხვავებით. მკვლელობის ამბავი არავის გაუგია, ამიტომ მერის აქვს შანსი, მისი ადგილი დაიკავოს.
ლეო უკან ბრუნდება და პორტალს დახურავს. მერი უარს ამბობს თავის ძველ ცხოვრებაზე და სხვა რეალობაში დარჩება. დოქტორი ვები “გაცოცხლებული” მერის დანახვისას ჭკუიდან შეიშლება და ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსებენ.
ვიზუალური რომანის დასასრული.
***

თაბახის ფურცლებზე დაწერილი თამაშის სცენარი იმ უჯრაში ვიპოვე, საიდანაც ექთანმა წიგნი ამოიღო. საოცარია. რატომ არ მახსოვს, როდის დავწერე? კალიგრაფია აშკარად ჩემია და თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მე ყოველთვის ლეპტოპში ვწერ ხოლმე, გამოდის, რომ დასასრული აქ დამიწერია…
ამ ფაქტმა დამაფიქრა. ნეტა ჩემს ცხოვრებაში განვითარებულ მოვლენებს ავსახავ სცენარში თუ პირიქით? რასაც ვწერ, მგონია, რომ რეალობაშიც ხდება?.. ყველაზე დიდი საშინელება, რაც შეიძლება დაემართოს ადამიანს, საკუთარი ფსიქიკის სიჯანსაღეში ეჭვის შეტანაა. ეს იგივეა, ვიღაცამ მტკიცება დაგიწყოს, რომ შენ სინამდვილეში სხვა ხარ…
მე ცუდად მახსოვს ის ფსიქოლოგიური პრობლემები, რომლებიც მამის მკვლელობის მერე დამეწყო. ეს ერთადერთი ბუნდოვანი მონაკვეთია ჩემს ცხოვრებაში. მე ასევე არ მახსოვს იმ ფსიქოლოგის სახე, ვისთანაც დავყავდი დედას. – საინტერესოა, რამდენი რამ შეუძლია თურმე ადამიანის გონებას… ტვინმა შესანიშნავად იცის, რა აყენებს ყველაზე დიდ ზიანს ადამიანს და იმ უჯრედების მოშორებას იწყებს, რომელიც უარყოფით მოგონებებს ინახავს. – ეს თავდაცვის ერთგვარი მექანიზმია!
როგორც ჩანს, ჩემმა გონებამ იმ უსიამოვნო პერიოდის დავიწყება გადაწყვიტა და ეს შესანიშნავად მოახერხა. ერთადერთი, რაც მახსოვს, ისაა, რომ ის ფსიქოლოგი ძალიან ახალგაზრდა იყო… თუმცა, დარწმუნებული აღარაფერში ვარ…
როგორც გავიგე, მნახველებს პალატაში არ უშვებდნენ. შეხვედრებისთვის ცალკე ოთახი იყო გამოყოფილი. მე კი მოუთმენლად ველოდი ბიჭებს. სარკის წინ კარგა ხანს ვიდექი. თავიდან დახუჭული თვალებით… ვერ ვბედავდი გახელას, საკუთარ ანარეკლს გავურბოდი. ალბათ მეშინოდა… მეშინოდა იმის, რაც შეიძლებოდა დამენახა…
ოთხი საათი ხდებოდა, როდესაც პალატაში ექთანმა შემოიხედა და მითხრა, რომ მნახველები მომივიდნენ. როდესაც ვიზიტორების ოთახში მივდიოდი, გული საშინლად მიცემდა. იმედი მქონდა, ირაკლისა და ფილის დახმარებით დავაღწევდი თავს იმ ლაბირინთს, რომელშიც ასე უცნაურად გავიხლართე.
– როგორ ხარ, ფისო?
ირაკლიმ დანახვისთანავე გამიღიმა და ჩამეხუტა. მის გამომეტყველებაში სიბრალული და თანაგრძნობა ამოვიკითხე, თუმცა, მაქსიმალურად ცდილობდა, ეს ემოციები შეენიღბა.
– ბარში რომ ვისხდეთ და ლუდს ვსვამდეთ, გეტყოდი, შესანიშნავად ვარ-მეთქი.
ვუთხარი და მეც გავუღიმე.
– ეგ დროც მოვა!
– როგორ ხარ?
მკითხა ფილმა და გადამკოცნა. უხერხულობისგან სახეზე ოდნავ
წამოწითლდა. ჩემთვის თვალის გასწორებას ვერ ბედავდა.
– სცენარის წერა დავასრულე!
ვუთხარი და იქვე, დივანზე დავჯექი. ბიჭებიც დასხდნენ.
– როდის?
– აი, ეგ არ მახსოვს! დაწერილი ვიპოვე…
– არ მეგონა, ლეპტოპი თუ გქონდა თან.
– ლეპტოპი არა, ფურცლები ვიპოვე უჯრაში…
– მიხარია, კარგ ხასიათზე რომ გხედავ, ფისო!
თქვა ირაკლიმ და ლოყაზე ნაზად მიჩქმიტა.
– მინდა მალე გამოვიდე აქედან!
– როდის მე გეუბნებოდი, აიღე შვებულება და წადი სადმე, დაისვენე-მეთქი? რამდენი წელია არ დაგისვენია? ასეთ დატვირთვას ნორმალური ადამიანი ვერ გაუძლებს!
– მერე, მე ხომ არანორმალური ვარ?
ჩემს ნათქვამზე ყველას გაგვეცინა.
– არანორმალურებსაც სჭირდებათ დასვენება!
– ჰოდა, ახლა ავინაზღაურებ ამდენი წლის “დაუსვენლობას”, მაგრამ მანამდე რაღაცების გარკვევა მინდა… თითქოს ბურუსში ვარ… – ფილ, შეგიძლია მომიყვე, რა მოხდა იმ ღამეს?
– როგორც უკვე გითხარი, გეძებდნენ… შენი და მოვიდა ჩვენთან, სამსახურში… მისგან გავიგეთ, რომ ღამე სახლში არ მისულხარ და მობილურზეც არ პასუხობდი. იმ მომენტში ის ადგილი არ გამხსენებია. გვიან გამახსენდა, ღამე იყო. მანქანით წავედი და გიპოვე… უგონოდ იყავი…
– იმ შენობაზე რა იცი?
ვკითხე ფილს და მთელი ყურადღებით დავაკვირდი მის მიმიკებს. ვცდილობდი, ტყუილში გამომეჭირა.
– აბრეშუმის თუ რაღაცის ფაბრიკა ყოფილა ძველად. გახსოვს, დაახლოებით ერთი თვის წინ რომ წამიყვანე? მითხარი, რაღაც კლუბიაო… არ ვიცი, საიდან მოიტანე…
– მერე?
– ჩემი მანქანით წავედით, მაგრამ არანაირი კლუბი იქ არ ყოფილა…
– არ ყოფილა?
ჩავეკითხე და პირდაპირ თვალებში შევხედე.
– არ გახსოვს?.. ჩემი მობილურით ვანათებდით, ისეთი სიბნელე იყო… მხოლოდ გამოშიგნული შენობა დაგვხვდა…
– მერე რა მოხდა?
– არაფერი. წამოვედით და გზად რაღაც სხვა ბარში შევედით. დავლიეთ… მერე სახლში მიგიყვანე… სულ არაფერი გახსოვს?
ფილს სახეზე მწუხარება დაეტყო. მე თავი გადავაქნიე.
– სიტყვა “პორტალი” არაფერს გეუბნება?
– როგორ არა! ასე არ დაარქვი იმ კლუბს, თამაშში?
– ჰო, ალბათ… ირაკლი, ახლა შენი ჯერია!
– მკითხე, რაც გინდა!
– ლევან გიორგაძეზე რა შეგიძლია მითხრა?
ახლა ირაკლის მივაშტერდი. სახეზე გაკვირვება გამოეხატა.
– მეორედ მეკითხები მაგ ტიპზე…
– პირველად როდის გკითხე?
– არ გახსოვს? – კარნავალზე…
– და შენ მითხარი, რომ…
– რომ იდუმალებით მოცული პიროვნებაა. არავინ იცის, როგორ გამოიყურება… “მოჩვენებას” ეძახიან და… კიდე რაღაცები მგონი…
– მე უბრალოდ რაღაც დეტალების დაზუსტებას ვცდილობ! მეხსიერება მინდა აღვიდგინო…
– ჰო, მესმის, ფისო! გვკითხე, რაც გინდა!
– ფილ, ვინმეს ხვდები?
– გახსოვს?
გაუხარდა ფილს.
– ბუნდოვნად…
– რა გახსოვს, აბა?
– იმ გოგოს ლიზი ჰქვია?
– ჰო… ლიზი ჰქვია! გახსოვს, როგორ გაიცანი?
– კი, მაგრამ მირჩევნია, შენ მითხრა… შენი ვერსია მაინტერესებს…
– სამსახურიდან საჭმელად რომ გავედით კაფეში, იქ მოვიდა და ერთად ვისადილეთ…
– მე სხვანაირად მახსოვდა, მაგრამ მიხარია, რომ კარნავალზე მაინც ნამდვილად ვყოფილვარ.
უცბად რაღაც გამახსენდა და ირაკლის მივუბრუნდი.
– იმ კარნავალზე არავინ გამიცვნია, თუ გახსოვს? ვინმესთან ერთად ხომ არ დამინახე?
ირაკლი რამდენიმე წამით დაფიქრდა.
– კი, რაღაც ასეთი მართლა იყო… მგონი, ვიღაც გაიცანი… თუ არ ვცდები, მეკობრის კოსტიუმი ეცვა!
– ჰო! ნამდვილად ეცვა მეკობრის ფორმა!
სიხარულისგან თვალები ამიწყლიანდა.
– ფისო, ყველაფერი კარგად იქნება! გადაიწვი უბრალოდ… ხო იცი, რა მურტალი რამეა ეს დეპრესია? ათას პრობლემას იწვევს… შენ ძლიერი ხარ და ყველა სირთულეს დაძლევ! ამაზე იფიქრე, კარგი?
– ვეცდები… მაგრამ ადვილი არ იქნება! ასე მგონია, სხვა რეალობაში გავიღვიძე…
– როგორც მერი…
– ზუსტად! როგორც მერი…
– ჰოდა, დროა, ცოტა ხნით შეეშვა ამ ვირტუალურ სამყაროს და რეალურზე იფიქრო!
– ეგ რეალობაც რომ პირობითი ცნებაა… ერთ დღესაც შეიძლება გაიღვიძო და აღმოაჩინო, რომ ყველაფერი, რაც მანამდე რეალური გეგონა, შენი ფანტაზიის ნაყოფი ყოფილა… თითქოს საკუთარ თავში დავიკარგე… ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ მე თვითონ გავარკვიო, რა მოხდა სინამდვილეში და რა იყო ჩემი ფანტაზიის ნაყოფი…
– დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება! ყველაფერში თავად გაერკვევი.
მითხრა ფილმა.
– სცენარის დასასრულს წაიკითხავ?
ვკითხე მას და ხალათის ჯიბიდან ოთხად გაკეცილი ფურცლები ამოვიღე.
– რასაკვირველია! წავიღებ და დავასკანერებ კიდეც…
– ფილ…
– ბატონო…
– შეგიძლია გაიხსენო, იმ ღამეს, როდესაც იმ შენობაში მიპოვე, რა მეცვა?
– მაგას რა დამავიწყებს! – კაბა გეცვა… მგონი პირველად გნახე კაბაში და დამამახსოვრდა…
– როგორი კაბა იყო?
– ლამაზი… ფერიას ჰგავდი. მძინარე ფერიას…
– და… საყურეები მეკეთა?
– საყურეები?.. აუ, ეგ ნამდვილად არ მახსოვს! რატომ მეკითხები?
– აქ რომ გამეღვიძა, საავადმყოფოს ტანსაცმელი მეცვა. სამკაულები არ მეკეთა. არც ჩემი ნათლობის ჯვარი… როგორც ჩანს, ყველაფერი მომხსნეს…
– ჰო, აქ არ შეიძლება ეგეთი რაღაცები… საყურე ბასრია და ეტყობა მაგიტომ.
– ფისო, ჩვენი წასვლის დროა! არ გვიშვებდნენ და მერე იმ პირობით შემოგვიშვეს, რომ დიდხანს არ გავჩერდებოდით… დაბლა დედაშენი იცდის… რომ ჩავალთ, ის ამოვა!
– ძალიან გამიხარდა, რომ მოხვედით!
– რაც არ უნდა დაგჭირდეს, დარეკე, გესმის? …და მალე მოდი აზრზე, თორე მოვიწყინეთ უშენოდ! მთელი დღე მტრისას ჩემმა მტერმა უყუროს.
ირაკლიმ ამჯერადაც მოახერხა ჩემი ხასიათზე მოყვანა.
– ჰო, მართლა! რა უნდა მეკითხა… კროულის კაბინეტში ბოსხის ნახატი კიდია, თუ გახსოვთ? სამგანყოფილებიანი?..
– კი! არის ასეთი… ეგ რაღაში გაგახსენდა?
– არა, ისე… ირაკლი…
– ჰო, ფისო…
ირაკლისთან ახლოს მივედი, ფეხის წვერებზე ავიწიე და ყურში ჩავჩურჩულე.
– მე და შენ სასტუმროს ნომერში ღამე არ გაგვითევია?
– მაგას სერიოზულად მეკითხები?
ირაკლის ლამის ყბა ჩამოუვარდა გაოცებისგან.
– არა, მაგრამ შენ თუ გინდა გავათიოთ, რა პრობლემაა?!
– ყოველთვის მაიმუნობის ხასიათზე როგორ ხარ, ვგიჟდები…
– აბა, ამ ცხოვრებას სერიოზულად ჩემმა მტერმა უყურა!
ირაკლიმ თავზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა. ზუსტად ხუთ წუთში დედაჩემი ამოვიდა. რომ დამინახა, ჩამეხუტა და დიდხანს აღარ გამიშვა.
– გინდა პალატაში წავიდეთ?
– მნახველებს არ უშვებენო და…
– ეგ მე არ მეხება!
მე და დედა ჩემს პალატაში დავბრუნდით და საწოლზე დავსხედით.
– აბა, მითხარი, დღეს როგორ ხარ?
– უკეთესად! სახლში როდის წამიყვან?
– შეიძლება ხვალაც გამოგიშვას მიშა ექიმმა. ოღონდ იმ პირობით, რომ მარტო არ გახვალ სახლიდან…
– თანახმა ვარ შიდა პატიმრობაზე! აქაურობა მთრგუნავს…
– ვიცი, დედიკო!
– თეო როგორ არის?
– განიცდის…
– დე, ეს წიგნი შენ ხომ არ მომიტანე?
დედას ლექსების კრებული ვაჩვენე.
– კი, მე მოგიტანე! საწოლთან გედო ხოლმე სულ და ვიფიქრე, აქაც წაიკითხავდი…
– ეს გადასაკრავი ამ წიგნის არ უნდა იყოს…
დედამ წიგნი გამომართვა და ბოსხის ილუსტრაცია გაშალა.
– ჰო… არ ვიცი, ანიკა! ასე გედო ტუმბოზე. ავიღე და წამოგიღე. არც გადამიშლია…
– დე, აქ რომ მომიყვანეს, რა მეცვა?
– ის კაბა გეცვა, ჩვენ ერთად რომ ვიყიდეთ მაშინ…
– ანუ სახლში საჩუქარი არ მომსვლია? “არმანის” კაბა არავის გამოუგზავნია?
დედამ ისეთი სახით შემომხედა, რომ მივხვდი, ჩემთვისვე უკეთესი იქნებოდა, თუ მსგავს კითხვებს საერთოდ აღარ დავუსვამდი.
– სამკაულები მეკეთა?
– კი, სამკაულები გეკეთა!
– სად არის?
– სახლში… რატომ მეკითხები?
– მეც მახსოვდა, რომ მეკეთა და ხომ არ დაიკარგა-მეთქი…
– ისევ რეალისტურად გახსოვს ყველაფერი, რასაც ჰყვებოდი?
მხრები ავიჩეჩე.
– მე რომ წავალ, მიშა ექიმი გნახავს და დაგელაპარაკება. ჰოდა, გადაწყვეტს, ხვალ გამოგიშვას თუ არა სახლში.
– კარგი, დედა!
დედაჩემი დაახლოებით ნახევარი საათი დარჩა. როდესაც წავიდა, საწოლზე წამოვწექი და თვალები დავხუჭე. გონებაში ცეკვა დემონთან წარმომიდგა. შეუძლებელია ასე იდეალურად წარმომედგინა ყველაფერი… დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი მოგონებების რაღაც ნაწილი მაინც რეალობა იყო…
– შეიძლება?
პალატაში ექიმი შემოვიდა.
– მობრძანდით!
საწოლზე წამოვჯექი.
– ცუდია, საუბარი რომ შეგვაწყვეტინეს…
– არა უშავს, ახლა გავაგრძელოთ!
ექიმი სკამზე ჩამოჯდა.
– რას კითხულობ?
– არაფერს… ლექსებია…
– გიყვარს პოეზია?
– არა. პოეზია არასოდეს მყვარებია! მარტო პროზა…
– აბა, რატომ კითხულობ? ალბათ, ეგ წიგნი შენთვის ძვირფას ადამიანს გახსენებს…
ექიმის ნათქვამმა დამაფიქრა. წიგნი ხელში ავიღე და გადავფურცლე. მეორე თუ მესამე ფურცელზე მელნის კალმით ვიღაცას წარწერა გაეკეთებინა:
“სახსოვრად აფროდიტეს – კეთილი სურვილებით! ლ.კ.”
უცებ ხელები ისე ამიკანკალდა, ლამის წიგნი ხელიდან გამივარდა. ამ ინიციალების დანახვამ ჩემზე ძალიან იმოქმედა. “ლ. კ.” სავარაუდოდ ლევან კალანდაძეა… თუ ასეა, ასეთი პიროვნება მართლა არსებობს…
– ანიკა…
– არაფერი, წარწერა ვნახე… როგორც ჩანს, მართლა ვიღაცის საჩუქარია…
– მოდი, იმ მოვლენებს დავუბრუნდეთ! მინდა პატარა ექსპერიმენტი ჩავატაროთ… თუ წინააღმდეგი არ ხარ…
– რა ექსპერიმენტი?
– მინდა დაწვე, მოდუნდე, თვალები დახუჭო და რომელიმე კონკრეტული ადგილი წარმოიდგინო, სადაც ფიქრობ, რომ იყავი ამ რამდენიმე დღის წინ…
უხმოდ დავემორჩილე. ზურგზე დავწექი, თვალები დავხუჭე და კლუბის პირველი დღე გავიხსენე.
– ანიკა, ახლა ეცადე, რომ კონკრეტული ადამიანები გაიხსენო, ვინც შენთან ერთად იყვნენ იქ… ეცადე მათ სახეებს დააკვირდე! მე მაინტერესებს, რამდენად მკაფიოდ გახსოვს ისინი…
პირველად ბარმენის სახე წარმომიდგა თვალწინ. უფრო სწორად, მისი ვარცხნილობა და პირსინგი წარბზე. სახის ნაკვთებს თითქოს ბურუსი ფარავდა… ვეცადე, მაგრამ ვერაფრით გავიხსენე ვერც მისი თვალის ფერი, ვერც ცხვირის ფორმა… შემდეგ “პორტალის” დაცვა წარმოვიდგინე. ზორბა მამაკაცი გადაპარსული თავით. სახეზე არც ის მახსოვდა… არც მოცეკვავე გოგოების სახეები დამამახსოვრდა.
ყველანი თითქოს ერთ თარგზე იყვნენ გამოჭრილნი… როგორც აღმოჩნდა, მკაფიოდ მხოლოდ სამი ადამიანი მახსოვს: ლევან გიორგაძე, ლევან კალანდაძე და დაცვის თანამშრომელი, იგივე ჯაშუში – ლაშა…
ამ ფაქტმა თავზარი დამცა და ძალიან შემეშინდა. მე ხომ ზედმიწევნით კარგი მეხსიერება მაქვს? საკმარისია ადამიანი ერთხელ ვნახო, რომ რამდენიმე წლის შემდეგ თავისუფლად ვიცნობ.
– მეხსიერების დაკარგვა რის ბრალი შეიძლება იყოს?
ვკითხე ექიმს თვალდახუჭულმა.
– მეხსიერების ნაწილობრივი, მოკლევადიანი დაკარგვა არის ადამიანის მოგონებების დროებითი გაქრობა. ასეთი სახის დარღვევა საკმაოდ იშვიათია, მაგრამ დიდი ალბათობაა იმისა, რომ მთლიანად აღდგეს… ამის გამომწვევ მექანიზმს ჯერ კიდევ სწავლობენ. ტვინი ადამიანის ყველაზე არაპროგნოზირებადი ორგანოა. შენს შემთხვევაში, მიზეზი ვფიქრობ, რომ მწვავე ემოციური სტრესია, რომელსაც ბოლო პერიოდში განიცდიდი, მაგრამ ცდილობდი, შენშივე ჩაგემარხა. ეს კი რეალური გრძნობებისა და ემოციების არგამოვლენაა. შენ ატარებდი ნიღაბს, თითქოს ყველაფერი იდეალურად იყო… ამას დაერთო ძილის ნაკლებობა და შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.
– ამას ეშველება?
– აუცილებლად!
– ე.ი. შიზოფრენია არ მჭირს?
– შესაძლოა, რეაქტიული ფსიქოზი იყოს… ის ვითარდება ძლიერი ფსიქიკური ტრავმის ზემოქმედების შედეგად, მაგალითად, ახლობლის დაკარგვის. ჰალუცინაციებს იწვევს და ადამიანი კარგავს რეალობასთან კონტაქტს, აღენიშნება ირაციონალური იდეები და დამახინჯებული აღქმა. ნუ გეშინია, ანიკა. შენი მდგომარეობა რეაბილიტაციას ექვემდებარება. საშიში არაფერია!
ექიმის სიტყვებმა შვება მომგვარა.
– აბა, გაიხსენე სახეები?
– ყველასი ვერა. თითქოს გონება მაქვს დაბინდებული…
– მაინტერესებს, შენ თვითონ თუ უშვებ იმ ვერსიას, რომ ყველაფერი, რაც აქამდე რეალური გეგონა, შესაძლოა წარმოსახვა იყოს?
– აქამდე არ ვუშვებდი, მაგრამ ახლა ვუშვებ… ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ძალიან ჰგავდა თამაშის სცენარს… რეალურად ვიცი, რომ ასეთი რაღაცები სინამდვილეში არ ხდება! მაგრამ, ექიმო… რაღაცები ძალიან მკაფიოდ მახსოვს… მაგალითად, მთავარი პერსონაჟები. შესაძლებელია, რომ რაღაც ნაწილი რეალურად მომხდარიყო?
– რა თქმა უნდა! მე იმისთვის ვარ, რომ ყველაფრის დალაგებაში დაგეხმარო! მთავარია, შენ წამომყვე…
– ყველაფერს გავაკეთებ, რასაც მეტყვით!
– კარგი, ანიკა. მაშინ ხვალ სახლში გაგწერ და თერაპიაზე ივლი. რას იტყვი?
– მშვენიერია!
– სახლში წამლების მიღებას გააგრძელებ. ეცადე, თავიდან მარტო არსად წახვიდე. დანარჩენს მერე შევხედავთ… ახლა შეგიძლია ეზოში გაისეირნო.
– დიდი მადლობა!
საოცარი სიმშვიდე დამეუფლა. დერეფანში გამოვედი. პაციენტები კლინიკის შიდა ეზოში ჩადიოდნენ. მეც გავყევი. ეზო გალავნით იყო დაცული. ლამაზი ბაღის გვერდით პატარა კორტები იყო. უცებ ახალგაზრდა ბიჭი დავინახე. დაცვის თანამშრომელი უნდა ყოფილიყო. გალავანთან იდგა. რომ დამინახა, გამიღიმა. მაშინვე ვიცანი – ლაშა.

ლაბირინთი – დაკარგული ოთახი (ეპიზოდი 25)

ყოველთვის, როდესაც მგონია, რომ გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, თავში ყველაფერი ამერია და წარმოდგენაც კი არ მაქვს, როგორ მოვიქცე, ჩემს საყვარელ გამონათქვამს ვიხსენებ: “ქაოსი არის წესრიგი, რომელიც უნდა გაშიფრო”.
ჩემს თავში ახლა სრული ქაოსია. ძალიან კარგად ვხვდები, რომ ტვინის ყველაზე ბნელ კუნჭულში უხილავი ოთახი შევქმენი, სადაც საკუთარი მოგონებები გამოვამწყვდიე. უხილავ ოთახს უხილავი კარები დავუყენე და გასაღები, რომელიც ამ კარს გააღებს, მე თვითონ დავმალე… თუ გასაღებს არ ვიპოვი, ოთახი დაიკარგება. მასთან ერთად კი ჩემი წარსულის მნიშვნელოვანი ნაწილიც…
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ლოგიკური აზროვნება მიჭირს, ის დამამშვიდებლებია, რომლებსაც კლინიკაში მასმევენ. საოცარ სიმშვიდეს ვგრძნობ. არაფერი მაღელვებს. მინდა გარკვეული მოვლენები ერთმანეთს გადავაბა და ამბის ქრონოლოგია წარმოვიდგინო, მაგრამ ჩემს თავში თითქოს ბურუსია და მეც თითქოს კომპიუტერივით, ძილის რეჟიმში ვიმყოფები…
ეზო აუჩქარებლად გადავჭერი და ლაშასკენ გავემართე. ჩემ შესახვედრად თვითონაც წამოვიდა.
– გამარჯობა…
მივესალმე და დავაკვირდი. მშვიდი სახე ჰქონდა.
– როგორ ხარ, ანიკა?
მშვიდი ტონით მკითხა.
– სიმართლე გითხრა, არ ვიცი…
– რამე ხომ არ გაგახსენდა?
– რადგან ამას მეკითხები, გამოდის, რომ იცი ჩემი პრობლემის შესახებ…
– კი, ვიცი… ძალიან გამიხარდა, რომ მიცანი…
– რომ გიცანი?
– ხომ მიცანი? ისე წამოხვედი ჩემკენ, მეგონა, მიცანი…
– ლაშა გქვია?..
გაუბედავად ვკითხე.
– ესე იგი, გახსოვს! იცი, მართალია, საკმაოდ შეცვლილი ხარ მას მერე, რაც ბოლოს გნახე, მაგრამ დაგინახე თუ არა, მაშინვე გიცანი…
– ბოლოს როდის მნახე?
– რამდენიმე წლის წინ… მაშინ პატარა გოგო იყავი. პრინციპში, მეც პატარა ბიჭი ვიყავი. ალბათ, ამიტომაც დამამახსოვრდი.
– გაიცინა ლაშამ.
– მაგრამ შენ ეს არ გახსოვს…
– არა, არ მახსოვს… შენ მახსოვხარ! ძალიან მკაფიოდ… ოღონდ სხვა გარემოებაში…
– მართლა? საინტერესოა…
– რას აკეთებდი აქ, როდესაც პატარა ბიჭი იყავი?
– მაშინ სამედიცინო კოლეჯში ვსწავლობდი. ლექციების მერე მამაჩემთან მოვდიოდი ხოლმე…
– მამაშენთან?
– ჰო, მიშა მამაჩემია!
– მიშა ექიმი მამაშენია?.. აბა, დაცვაში არ მუშაობ?
– არა, რა დაცვაში… უმცროსი ექიმი ვარ, ჯერჯერობით. აქ რომ მოგიყვანეს, მე ვიყავი მორიგე. მე მიგიღე… არ გახსოვს?..
– არა… სამწუხაროდ, არაფერი მახსოვს…
– ნუ გეშინია, აუცილებლად გაგახსენდება… ისე, არ ვიცოდი, თუ მეც გარკვეული როლი მომანიჭე შენს სამყაროში…
– არც მე ვიცოდი… ამ წუთას გავიგე…
ლაშამ გამიღიმა.
– შენ რას მირჩევ, როგორც ექიმი?
– წამოდი, დავსხდეთ სკამზე…
მე და ლაშა ბაღის სკამზე დავსხედით. პაციენტი გოგო, რომელიც სახეზე მეცნობოდა, ჩვენ წინ იდგა და ცეკვავდა… უცებ თვალწინ დემონის და უბიწო გოგოს ცეკვა წარმომიდგა და მივხვდი, რატომაც მეცნობოდა… იმ მოცეკვავეს ზუსტად მისნაირი სახე ჰქონდა…
– მე გირჩევ, რომ დღიური აწარმოო. ყოველ საღამოს დაწერე, რა გააკეთე იმ დღეს. ჩაიწერე ყველაფერი, რაც გაგახსენდება… ეს ძალიან დაგეხმარება! კიდევ, თუ არის რამე კონკრეტული ადგილები, რომლებსაც უკავშირდება შენი მოგონებები, აუცილებლად წადი
და მოინახულე! არ შეგეშინდეს, თუ ადგილი, რომელიც მკაფიოდ გახსოვს – სხვანაირი აღმოჩნდება. ჩათვალე, რომ საკუთარი გონება გეთამაშება. ასევე ადამიანებთანაც… თუ ვინმე გახსოვს, ვინც შენი ცხოვრების ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებში იღებდა მონაწილეობას, შეხვდი და გაესაუბრე. ჰკითხე, ბოლოს როდის და სად გნახა. რა გააკეთეთ, რაზე ილაპარაკეთ… სთხოვე, ყველაფერი დეტალურად მოგიყვეს!
– კარგი რჩევებია, მადლობა… გავითვალისწინებ! ისე, რა საინტერესოა, რომ ჩემს წარმოსახვაშიც მსგავსი როლი მოგანიჭე…
– რას ვაკეთებდი?
– მიცავდი…
– იცი, რატომ ვარ დარწმუნებული, რომ ყველაფერი კარგად იქნება?
– რატომ?
– იმიტომ, რომ შენ სხვა პაციენტებისგან განსხვავებით, არ ფიქრობ, რომ დიდი შეთქმულების მსხვერპლი ხარ და ყველა შენს წინააღმდეგაა შეკრული. შენ გადასარევად აცნობიერებ ყველაფერს!
გამიღიმა ლაშამ. მასთან საუბარი მსიამოვნებდა. ეზოში ცოტა ხანს კიდევ დავრჩი. მერე ვახშმის დრო მოვიდა და სასადილოში ავედი.
ლაშამ თავისი მორიგეობის დასრულების მერეც მომინახულა და ტელეფონის ნომერი დამიტოვა. მითხრა, ნებისმიერ დროს დამერეკა, თუ მისი დახმარება დამჭირდებოდა.
მეორე დღეს, როგორც იქნა, სახლში გამიშვეს. დედამ წამიყვანა ტაქსით. როდესაც ჩემს ოთახში შევედი, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს არც არაფერი მომხდარა… ლეპტოპი ჩავრთე. უცებ კარი გაიღო და თეო შემოვიდა.
– რას შვრები?..
მკითხა და ჩემს საწოლზე ჩამოჯდა.
– რა ვიდეო იპოვე ჩემს ლეპტოპში, ბეღურა? შეგიძლია მაჩვენო?
– დედამ წაშალა! იმ კაცის ვიდეო იყო… სადღაც რესტორანში გადაღებული…
– გასაგებია… შენ როგორ ხარ?
თეომ მხრები აიჩეჩა. მივხვდი, ჩემს ამბავს ძალიან განიცდიდა.
– დედა ერთ კვირაში შვებულებას აიღებს და დასასვენებლად წავალთ…
– სამივე?
– ჰო…
– კარგი…
– ანიკა, მე კიდევ რაღაც ვნახე შენს ლეპტოპში და დედას აღარ ვუთხარი…
– რა ნახე?
– ინტერნეტის ნახვების ისტორია… ვიცი, რომ არ უნდა მენახა, მაგრამ ცუდად რომ იყავი, ვიფიქრე, იქნებ რამე ისეთი მეპოვა, რაც დაგეხმარებოდა…
– არა უშავს, ბეღურა. მითხარი, რა ნახე?
– იმ ბიჭის პროფილს ნახულობდი ხშირად… რამე ხომ არ ჩაიფიქრე?
– ვინ ბიჭის?
– იმ საშინელი კაცის შვილის… მგონი, ბექა ჰქვია!
გულმა ბაგა-ბუგი დამიწყო.
– ბექა წულაია?
– ჰო…
– სად ვნახულობდი?..
– “ფეისბუქზე”…
– მაჩვენებ?
თეომ ლეპტოპი გამომართვა და ბექას პროფილი მოძებნა. მეგობრებში არ მყავდა დამატებული, მაგრამ როგორც ჩანს, ხშირად ვათვალიერებდი. ბექა წულაია ზუსტად ისე გამოიყურებოდა, როგორც ჩემს მეხსიერებაში…
მის ფოტოებში გადავედი და თვალში ბოლოს ატვირთული სურათები მომხვდა, სადაც ბექა თავის ძმაკაცებთან ერთად გოლფ-კლუბში ერთობა… ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ კლუბის ინტერიერი ძალიან მეცნო.
დარწმუნებული ვიყავი, რომ საკუთარი თვალით მქონდა ნანახი იქაურობა. არადა, კარგად მახსოვს, იმ საღამოს შიგნით რომ არ შევედი…
ბექას ფოტოებში ლურჯი “პორშეც” ფიგურირებდა. როგორც აღმოჩნდა, მისთვის არაფერი მქონდა მიწერილი…
– შეგიძლია ის საყურეები მომიტანო, რომელიც ბოლოს მეკეთა?
ვკითხე თეოს. მან თავი დამიქნია და ოთახიდან გავიდა. მეც დრო ვიხელთე და ტუმბოს უჯრა გამოვაღე. მაშინვე დავინახე ძველი “ნოკია”… მობილური ამოვიღე და ჩავრთე. ელემენტი ბოლო ხაზზე იყო ჩამოსული. ზარების ისტორია შევამოწმე, მაგრამ არც შემომავალი ზარები იყო დაფიქსირებული და არც გამავალი. კონტაქტების სიაც ცარიელი იყო… ტელეფონში ვერაფერი ვიპოვე… მერე “სკაიპი” ჩავრთე და აფროდიტეს პროფილით ვცადე შესვლა.
დარწმუნებული ვიყავი, რომ დაიწერებოდა – ასეთი “ექაუნთი” არ არსებობსო, მაგრამ შევცდი. პირველივე ცდაზე შევედი…
კონტაქტების სიაში მხოლოდ ერთი ადამიანი მყავდა, – კუპიდონი… ამ მომენტში არ იყო შემოსული… საშინლად ავღელდი… ფაქტია, ვიღაც კუპიდონთან ნამდვილად მქონდა რაღაც კონტაქტი…
თეო ოთახში დაბრუნდა და საწოლზე საყურეები დამიდო. ისეთი იყო, როგორიც მახსოვდა, მრგვალი, დიდი გიშრის თვალით…
– გშია?
მკითხა თეომ.
– რამეს შევჭამდი…
– დედა ამზადებს და ვისადილებთ მალე…
– მიდი, მიეხმარე! მე ცოტას დავისვენებ…
– კარგი…
თეო გავიდა თუ არა, კუპიდონს “სმაილი” გავუგზავნე. მიმოწერის ისტორია ცარიელი იყო, რადგან პარამეტრებში დაყენებული მქონდა, რომ ისტორია არ შეენახა… “სკაიპი” ჩავკეცე, ლეპტოპი ტუმბოზე დავდე და საყურეები ხელში ავიღე. ჩემს მაგიდასთან მივედი, უჯრიდან ქლიბი ამოვიღე და გიშრის თვალი ამოვაგდე. არავითარი მიკრო ჩიპი არ იყო არც ერთში… საყურეები მაგიდის უჯრაში ჩავყარე და უცებ ჩემს ზურგჩანთას მოვკარი თვალი.
საწოლზე გადმოვყარე ყველაფერი, რაც ჩანთაში მეწყო. საფულეში 45 ლარი, ხურდები და ბანკომატის ქვითარი ვიპოვე. დაახლოებით ერთი თვის წინ, ჩემი ანგარიშიდან 600 ლარი მქონდა გამოტანილი. საინტერესოა, რაში დავხარჯე…
ჩანთაში ასევე ჩემი მობილური, კოსმეტიკის ჩანთა და საქმიანი დღიური იდო, რომელშიც ბოლო ერთი თვეა არაფერი ჩამიწერია. ჩემი მოტოციკლის და სახლის გასაღებიც ვნახე. ხელში მზის სათვალის ბუდეც მომხვდა. შიგნით რაღაც იდო… გავხსენი და სუნთქვა შემეკრა, რადგან უცნაური ფორმის გასაღები დავინახე. თუ არ ვცდები, ტაბიძის ათ ნომერში მდებარე სახლის, შსს-ს კორპორატიული ბინის გასაღები უნდა ყოფილიყო…
თავიდან ფეხებამდე ჟრუანტელმა დამიარა. ერთი სული მქონდა, როდის შევამოწმებდი, მაგრამ მე ხომ შინაპატიმრობა მქონდა მისჯილი? მარტოს არავინ გამიშვებდა გარეთ… ვერც ვერავის გავიყოლებდი თან, ეს ძალიან სარისკო იყო…
მე, დედამ და თეომ ვისადილეთ. მთელი დღე სახლში იყვნენ, გვერდიდან არც ერთი არ მომშორებია. ძილის წინ კიდევ შევამოწმე “სკაიპი”, მაგრამ კუპიდონი არ შემოსულა. ბოლოს, ვეღარ მოვითმინე და დედას წიგნზე გაკეთებული წარწერა ვაჩვენე.
– მაია, არ იცი, ვის შეიძლება ეს დაეწერა? ან, საერთოდ, საიდან მაქვს ეს წიგნი?
დედამ წიგნი გამომართვა და ნაწერს დახედა.
– წიგნი შენ არ მოიტანე?.. დაახლოებით ორი თვის წინ… ჩემთვის არ გითქვამს, ვინ გაჩუქა, მაგრამ ლ. კ. შეიძლება ის ბიჭი იყოს, კარნავალზე რომ გაიცანი…
– კარნავალზე? რა მოგიყევი, გაიხსენე რა!
– შენ არ გიყვარს მოყოლა, ანიკა! მარტო ის თქვი, რომ კარნავალზე ვიღაც გაიცანი… მერე მასთან შესახვედრად წახვედი. გახსოვს, კაბა რომ ვიყიდეთ ერთად?
სისხლში ადრენალინი მომაწვა.
– ხომ არ მითქვამს, რომ ლევან კალანდაძე იყო ის ბიჭი?
– კი… ასე თქვი… მგონი, ეს წიგნიც იმ დღეს მოიტანე, როცა მას შეხვდი… მგონი ასე იყო…
– კიდევ რა გახსოვს?
– მე მგონი, ეგ ბიჭი მოგწონდა!
მითხრა თეომ.
– რატომ ფიქრობ ასე?
– რა ვიცი, განსაკუთრებულად გამოიპრანჭე, როცა უნდა შეხვედროდი… მერე, რომ მოხვედი, თვალები გიბრწყინავდა!
– კიდე? კიდე რა გახსოვს?..
– იმ ბიჭის ვინაობა და მობილურის ნომერი საკარნავალო ფორმების მაღაზიაში გაიგე. გახსოვს, ნიღაბი რომ ვიპოვე შენს კოსტიუმში?
– ესე იგი, ეგ ნამდვილად მოხდა…
თეომ თავი დამიქნია.
– ანიკა, ერთბაშად ნუ ეცდები ყველაფრის გახსენებას, დედა! თანდათანობით ყველაფერი კალაპოტში ჩადგება!
როგორც იქნა, დაღამდა. ჩემს საწოლში ვიწექი, მაგრამ ძილი არ მეკარებოდა, მიუხედავად იმისა, რომ წამალი მქონდა დალეული. კუპიდონი ისევ არ შემოსულა “სკაიპში”. ბექას პროფილი რამდენჯერმე გავხსენი, მაგრამ მიწერა ვერ გავბედე. დილით დედა სამსახურში წავიდა. თეო სკოლაში. მე მარტო დავრჩი. მართალია, დედამ მკაცრად გამაფრთხილა, სახლიდან არ გავსულიყავი, მაგრამ ამ პირობის შესრულება ვერ შევძელი. თერთმეტის ნახევარზე სახლიდან გავედი, ტაქსი გავაჩერე და ტაბიძის ათ ნომერში წავედი. ხელში გასაღები მეჭირა.
შენობა ზუსტად ისეთი იყო, როგორიც მახსოვდა. გამოდის, რომ აქ ნამდვილად ნამყოფი ვიყავი. კიბეები გულის კანკალით ავიარე და ნაცნობ კართან გავჩერდი. გასაღები ხელში მეჭირა. როგორც იქნა, გავბედე და საკეტში შევუყარე. გასაღები ნახევრამდე შევიდა და გაიჭედა. დიდხანს ვაწვალე, მაგრამ აშკარად არ იყო ამ კარის…
მოულოდნელად კარი შიგნიდან გაიღო და ხალათში გამოწყობილი გვანცა დავინახე… ირაკლის გვანცა… რომ დამინახა, თავიდან გაშტერდა, მერე შეშინებულმა მკითხა:
– ირაკლის რამე დაემართა?
მეც არანაკლებ დავიბენი.
– არა… ირაკლის არაფერი…
– აბა, რა მოხდა? მოდი, შემოდი…
გვანცამ კარი გამოაღო. მეც შევედი… არ ვიცი, ამაზე უცნაური შეგრძნება თუ კიდევ არსებობს… ეს ბინა შიგნიდან საერთოდ არ ჰგავდა იმას, რაც ჩემს მეხსიერებაში იყო… გვანცას ბინა შიგნიდან ზუსტად ისეთი იყო, როგორიც ირაკლისთან ერთად ვნახე. უბრალოდ, როგორც აღმოჩნდა, გვანცა ტაბიძის 10 ნომერში ცხოვრობს…
– ყავას დალევ?
მკითხა დაბნეულმა.
– ყავა არ მესმევა… ჩაის დავლევ, თუ გაქვს…
გვანცას სამზარეულოში გავყევი. არ ვიცოდი, როგორ ამეხსნა მისთვის ჩემი უცნაური საქციელი. გვანცაც დაბნეული და გაკვირვებული იყო, ჩემი მოულოდნელი სტუმრობით.
– შერიგება უნდა?
მკითხა უცებ.
– ვის?
– ირაკლის…
– არ ვიცოდი, თუ იჩხუბეთ…
– არ უთქვამს?
– სიმართლე გითხრა, არ მახსოვს… ძალიან ბევრი რაღაც არ მახსოვს…
– რას ამბობ… მეხსიერება დაკარგე?
– ნაწილობრივ! რაღაცები სხვანაირად მახსოვს, რაღაცები საერთოდ არა…
– ტვინის შერყევა გქონდა?
– არა, როგორც ექიმმა თქვა, სტრესი გადავიტანე…
– ჩემთან რატომ მოხვედი?
– ეს ბინა გამახსენდა… შენი სახლია, როგორც მივხვდი…
– ჰო…
– და მე ნამყოფი ვარ…
– კი… ირაკლისთან ერთად იყავი…
– არ მინდოდა შენი შეწუხება, გვანცა… მახსოვდა, რომ ამ ბინაში სხვა ცხოვრობდა…
– არა, რა შეწუხებაა! უბრალოდ, რომ დაგინახე, ვიფიქრე, ირაკლის რაღაც საშინელება დაემართა…
– არა, ირაკლი კარგად არის…
ვუთხარი და გასაღებს ხელი მოვუჭირე. გული მიგრძნობდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანს აღებდა… შესაძლოა, სწორედ ესაა იმ დაკარგული ოთახის გასაღები, სადაც პასუხები ინახება… პასუხები ჩემს ყველა კითხვაზე…
– შეიძლება რამდენიმე კითხვა დაგისვა? რაღაცების გახსენებას ვცდილობ…
– კი, როგორ არა! მკითხე, რაც გინდა…
– შენ “მირაჟში” მუშაობ?
– ჰო… “მირაჟის” რესტორანში.
– ლევან გიორგაძე გინახავს ოდესმე?
– კი. ერთხელ ვნახე…
– როგორია? როგორ გამოიყურება?
ვკითხე და ვეცადე, აღელვება დამეფარა.
– რა ვიცი… საშუალო სიმაღლის კაცია. დაახლოებით 40-45 წლის…
– ცისფერი თვალები აქვს?
– ცისფერი?.. არა… პირიქით, მუქი ყავისფერი. შავგვრემანია. გამხდარი…
– გასაგებია… და კლუბ “პორტალზე” გსმენია რამე?
– პირველად მესმის…
– მე შენ კლუბში არასოდეს მინახიხარ?
– “ბუდუარში” რომ შევხვდით, იმას გულისხმობ?
– “ბუდუარში”?
– ჰო… მე რომ გთხოვე, ირაკლისთვის არ გეთქვა…
– სად არის ეგ “ბუდუარი”, შეგიძლია მითხრა?

ლაბირინთი – ფინალური ეპიზოდი – EXIT

“მე “ლაბირინთში” ვმუშაობ! ასე ჰქვია კომპანიას, რომელიც კომპიუტერულ თამაშებს აწარმოებს. მე მნიშვნელოვანი მისია მაკისრია – ვიზუალურ რომანებს ვწერ.
ვიზუალური რომანი – კომპიუტერულ თამაშებში წარმოდგენილი ამბავია, რომლის სიუჟეტურ ხაზს მიჰყვება მოთამაშე. ვიზუალური რომანი პერიოდულად, საკვანძო მომენტებში ჩნდება ეკრანზე ნაწერის ან პატარა ვიდეორგოლების სახით. ის აუცილებლად საინტერესო უნდა იყოს. ჩვენ ძირითადად სათავგადასავლო, დეტექტივის და ფანტასტიკის ჟანრის თამაშებს ვქმნით. შეიძლება ითქვას, რომ ვირტუალურ სამყაროში ვცხოვრობ…
საქმე იმაშია, რომ ცხოვრებაში ძალიან იშვიათად მხვდებიან რეალურად საინტერესო ადამიანები. ჩემ მიერ შექმნილი პერსონაჟები კი იმდენად საინტერესოები არიან, რომ რეალობაში აღარავინ მომწონს. ყველაფერი ისეთი მოსაწყენი და უღიმღამოა, რომ პროტესტის გრძნობა მიჩნდება. როგორც წესი, ყოველთვის წინასწარ ვხვდები მოვლენების შესაძლო განვითარებას. ვიცი, რას მეტყვის ბიჭი, რომლის გონებამაც გადაწყვიტა, რომ უნდა მოვეწონო და ყავაზე დამპატიჟოს.
კიდევ, წარმოვიდგენ ხოლმე, როგორ განვითარდება კონკრეტული მოვლენები, ან ადამიანებს ალტერნატიულ ისტორიებს ვუფიქრებ. ეს გონების ვარჯიშს ჰგავს.
რაც თავი მახსოვს, სულ ფანტაზიაში ვცხოვრობ… ძალიან, ძალიან ბევრს ვოცნებობდი ბავშვობაში. ერთი სული მქონდა, როდის დაღამდებოდა, რომ დავწოლილიყავი და ჩემი წარმოსახვითი მოგზაურობა გამეგრძელებინა. ღამით ხელს არავინ მიშლიდა… სკოლაში, როგორც წესი, გამოუძინებელი მივდიოდი.
ერთი უცნაური უნარიც მაქვს: ჩემი გონება ნებისმიერ ლაქას, ჩრდილს, შპალერის ორნამენტებს, მოკლედ, ნებისმიერ ფაქტურას ფიგურებად აღიქვამს და ყველაფერს ფორმებს აძლევს, რაც თავიდან ძალიან მიშლიდა ხელს, მერე მივეჩვიე. ახლა ხანდახან შიში შემიპყრობს ხოლმე… ზოგჯერ მგონია, რომ რეალობასა და ფანტაზიას შორის საზღვარი იმდენად შემცირდა, რომ შეიძლება ერთხელაც გაქრეს. საინტერესოა, რა მოხდება მერე?”
***
უჯრებში რომ ვიქექებოდი, შემთხვევით ჩემი ძველი ჩანაწერი ვიპოვე, რომელიც გასულ წელს, საქმიან დღიურში მქონდა გაკეთებული… უცნაურია, ჩემი არაცნობიერი ალბათ წინასწარ გრძნობდა, რომ რეალობისა და ფანტაზიის დამაკავშირებელი ზღვარი წაიშლებოდა და ასეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი, ჩემ მიერ გამოგონილ პერსონაჟებთან ერთად…
მიუხედავად იმ დიდი გაურკვევლობისა და ქაოსისა, რისი გადატანაც მიწევს, რაღა დაგიმალოთ და ჩემი ცხოვრება გაცილებით უფრო საინტერესო გახდა ამ ბოლო პერიოდში, ვიდრე ოდესმე ყოფილა… აღარც კი ვიცი, რომელი სჯობს… ბანალური სიმართლის გარკვევა თუ ამ იდუმალებით მოცულ, მისტიკურ სამყაროში დარჩენა. თუნდაც, არარეალურში…
და მაინც…
ჩემმა გონებამ შექმნა ორი მთავარი პერსონაჟი:
ლევან კალანდაძე – დადებითი პერსონაჟი, რომელიც ერთდროულად გიცავს და თან საფრთხესაც გიქმნის…
ლევან გიორგაძე: სექსუალური, წარმატებული, ჭკვიანი, საკუთარ თავში დარწმუნებული მამაკაცი, რომელსაც ძალიან ძნელია მიაკუთვნო დადებითი ან უარყოფითი სტატუსი, რადგან იმდენად არაპროგნოზირებადია, რომ შეიძლება რაღაც მომენტში ყველაფერი თავდაყირა დადგეს.
ამ ორ პერსონაჟს ერთი საერთო აქვს, ეს არის იდუმალება. ორივე იდუმალების ბურუსითაა მოცული. ეს ყველაფერი კი ჩემი “მეს” გასაღებია… მე ვხვდები, მთავარი ის კი არ არის, რომ რეალობაში ეს ადამიანები არ არსებობენ, არამედ ის, თუ რატომ დამჭირდა მე მათი გამოგონება…
გვანცასთან დიდხანს არ დავრჩენილვარ. იქამდე წამოვედი, სანამ თეო სკოლიდან მოვიდოდა. სახლში მისვლისთანავე ფილს დავურეკე.
– გაქვს ორი წუთი? თათბირზე ხომ არ ხარ?
– არა,
არა… როგორ ხარ?
– კარგად… მისმინე, რაღაცის კითხვა მინდა!
– გისმენ!
– მაშინ რომ მითხარი, იმ შენობაში პირველად რომ წავედით და არაფერი დაგვხვდა… შენ თქვი, რომ გზად სადღაც შევიარეთ, რაღაც ბარში…
– ჰო, მერე?
– თუ გახსოვს, იმ ბარს “ბუდუარი” ერქვა?
– მგონი კი… ასე ერქვა… – გაგახსენდა?
– ნაწილობრივ… შეგიძლია მითხრა, სად არის?
– წასვლა გინდა?
– ექიმმა მითხრა, რომ ყველა ის ადგილი უნდა მოვინახულო, სადაც ბოლო პერიოდში ვიყავი…
– მაია მარტოს არ გაგიშვებს, ამიტომ სამსახურის მერე გამოგივლი და მე წაგიყვან…
– მართლა გააკეთებ ამას?
– შენთვის ყველაფერს გავაკეთებ, ეს შენც კარგად იცი!
– მადლობა, ფილ…
– მადლობა საჭირო არ არის… მეგობრები რისთვის ვართ?
– კარგი… მაშინ საღამომდე!
– მიხარია, რომ გახსენდება რაღაცები!
ყურმილი გავთიშე და ლეპტოპი ჩავრთე. ისევ ბექას პროფილში შევედი, მაგრამ მეტი ვეღარ მოვითმინე და მხოლოდ ერთი სიტყვა – “გამარჯობა” მივწერე. პირველად ავტვირთე ჩემი ფოტო ჩემს პროფილში. მაინტერესებდა, მიცნობდა თუ არა… მერე “სკაიპი” ჩავრთე და გული გამიჩერდა. კუპიდონს რაღაც მოეწერა ჩემთვის…
– სად დაიკარგე, აფროდიტე? ჩემი საჩუქარი ასე ძალიან არ მოგეწონა?
და მოწყენილი “სმაილი”. პასუხი ხელის კანკალით მივწერე…
– საავადმყოფოში ვიწექი, ტვინის შერყევა მქონდა და მეხსიერება ნაწილობრივ დავკარგე.
ტექსტი გავაგზავნე და სასაუბროს ცარიელ ფანჯარას მივაჩერდი. უცბად დავინახე, როგორ დაიხატა ფანქარი… პასუხს მწერდა…
– ხუმრობ?
– სამწუხაროდ, არა… შეგიძლია მითხრა, საიდან გიცნობ და რა საჩუქარს გულისხმობ?
თითქოს არ ვიყავი ისეთი ემოციური, როგორიც ბოლო პერიოდში გავხდი. ლეპტოპი მისაღებ ოთახში გამოვიტანე და სავარძელში ჩავჯექი. გული ლამის საგულედან ამომივარდა… კუპიდონი ცოტა ხანი არ მწერდა პასუხს. ალბათ ფიქრობდა…
– წიგნი, სამსახურში რომ გამოგიგზავნე… არ მჯერა, რომ დაგავიწყდა… მეხუმრები, ხომ?
– ლექსების კრებული?
– დიახ…
– წარწერაც გაუკეთე?
– კი, წარწერაც გავუკეთე…
– ლევანი გქვია?
– კი, აფროდიტე, ლევანი მქვია…
– კალანდაძე?
– უცნაურად იქცევი! მეუბნები დამავიწყდიო და ჩემი სახელი და გვარი გახსოვს… ისევ მეთამაშები, არა?
– არა, მართლა არ ვხუმრობ! რაღაცები მახსოვს, რაღაცები არა…
– მეხსიერება როგორ დაკარგე? ავარიაში მოყევი?
– ჰო.. ავარიაში მოვყევი… – და სად გავიცანით ერთმანეთი?
– არც ეგ გახსოვს? რა სამწუხაროა…
– მითხარი!
– კორპორატიულ კარნავალზე…
– მეკობრე იყავი?
– გაგახსენდა?
– ხომ გითხარი, რაღაცები მახსოვს და რაღაცები არა!
– მე კიდევ მგონია, რომ ჩემთან შეხვედრა არ გინდა და მეთამაშები…
– კარნავალის მერე არ შევხვედრივართ ერთმანეთს?
– ?
– ვიცი, რომ ბრაზილიურ სერიალს ჰგავს ეს ყველაფერი, მაგრამ ძალიან მჭირდება სიმართლის ცოდნა… მომიყევი ყველაფერი, შენ ხომ არაფერს კარგავ ამით?
– კარგი… ერთმანეთს კარნავალზე შევხვდით, საინტერესოდ ვისაუბრეთ, ბაღშიც გავისეირნეთ, მაგრამ შენ უცბად წამოხტი და გიჟივით გაიქეცი სადღაც… მთელი ღამე გეძებდი…
– როგორ მიპოვე?
– მე ვერა, შენ თვითონ მიპოვე… ნიღბით… მითხარი, რომ საკარნავალო კოსტიუმების მაღაზიაში გაიგე ჩემი სახელი და გვარი, მერე სამსახურში მოწვეული სტუმრების სია ნახე და ასე გაიგე, სადაც ვმუშაობ…
– სად მუშაობ?
– იურიდიულ კომპანიაში…
– იურისტი ხარ?
– დიახ…
– მერე, როგორ გიპოვე?
– მეილი მომწერე… მერე “სკაიპში” დავუკავშირდით ერთმანეთს… მე მინდოდა შენთან შეხვედრა, მაგრამ შენ რატომღაც თავს იკავებდი… მერე წიგნი გამოგიგზავნე სამსახურში…
– რატომ?
– მინდოდა ჩემი გზავნილი გაგეშიფრა. მივხვდი, რომ სხვა გოგოებს არ ჰგავხარ და რაღაც განსაკუთრებულის გაკეთება მინდოდა… შენი ნახვა ძალიან მინდა, ამიტომ ვიფიქრე, რომ თუ ორიგინალური ხერხით დაგინიშნავდი შეხვედრის ადგილს, მოხვიდოდი… მაგრამ მას მერე გაქრი. აღარც აქ შემოსულხარ, არც ტელეფონს პასუხობდი… მეც ვიფიქრე, რომ კონტაქტზე გამოსვლა საერთოდ აღარ გინდოდა და დამაიგნორე…
– რა გზავნილზე მეუბნები?
– შენი თამაშის მიხედვით დავშიფრე იმ წიგნში… “ფლიგელი 72”-ში რომ მეთოდი გაქვს გამოყენებული, ის გავიმეორე…
– ცოტა ხანს დამელოდე!
სასწრაფოდ ის ლექსების კრებული მოვიტანე და ბოლო გვერდზე გადავშალე. “ფლიგელი 72” ჩემი ერთ-ერთი ძველი თამაშია, რომელიც ძალიან წარმატებული პროექტი გამოდგა. იქ მოთამაშემ ჩემ მიერ მოფიქრებული შიფრის ამოხსნის მეთოდით უნდა გაიგოს ადგილი და დრო, რომელიც წიგნის ბოლო გვერდზეა დაშიფრული. ვინც არ უნდა იყოს რეალური ლევან კალანდაძე, საკმაოდ ორიგინალური ხერხი მოუფიქრებია…
– სად წახვედი? რა ქენი, იპოვე?
– კი… და უკვე გავშიფრე კიდევაც… როგორც ჩანს, ადრეც გავშიფრე და იმ ადგილას წავედი კიდეც… მიტოვებული შენობა, ძველი თავშესაფრით…
– ყოჩაღ!
– რატომ მაინცდამაინც ეს ადგილი?
– იმიტომ, რომ შენს თამაშებში სულ ასეთი ადგილებია და ვიფიქრე, მოგეწონებოდა, თუ თავადაც მსგავს ადგილას აღმოჩნდებოდი…
– როგორც მივხვდი, შენ არ მოხვედი…
– ორი საათი გელოდე, მერე წავედი… არ ვიცი, შეიძლება დროში ავცდით ერთმანეთს…
– საინტერესოა! მაგ დღეს რატომღაც ჩემი მეგობარი წამოვიყვანე…
– მართლა? შეიძლება გულის სიღრმეში გეშინოდა ან არ მენდობოდი…
– ან, უბრალოდ, ლაბირინთში დავიკარგე…
– სად?
– არაფერი…
– მისმინე… შენ ყველაზე უცნაური გოგო ხარ, ვინც კი ოდესმე შემხვედრია…
– მერე არ გაშინებს ჩემი უცნაურობა?
– კი… მაგრამ ეს მიზიდავს სწორედ შენში! ამიტომ ძალიან მინდა გნახო… ადგილი შენ შეარჩიე… სადაც მეტყვი, იქ მოვალ!
– ჯერჯერობით ვერ გამოვდივარ სახლიდან, რეაბილიტაციას გავდივარ… მაგრამ აუცილებლად შეგხვდები!
– ხომ აღარ დაიკარგები?
– არა… ჩემი მობილურის ნომერი გაქვს?
– რა თქმა უნდა!
– დღეს ჩავრთავ და შეგიძლია დამირეკო ხოლმე!
– კარგი, აფროდიტე… გამოჯანმრთელებას გისურვებ!
“სკაიპი” გავთიშე და ღრმად ამოვისუნთქე… შვება ვიგრძენი. ისე ძალიან აღარ მეშინოდა სიმართლის გაგების…
საღამოს ფილი მოვიდა. ყველამ ერთად ვივახშმეთ. მერე დედაჩემი დავარწმუნეთ, რომ ფილთან ერთად გასეირნება ჩემთვის უკეთესი იყო, ვიდრე სახლში ჯდომა. “ბუდუარიც” მოვინახულე… ძალიან ჰგავდა ჩემს შექმნილ “პორტალს”. იგივენაირი განათება და ფარჩის ფარდებით გარშემორტყმული მაგიდები… ბარმენიც მეცნო…
ცოტა ხანში ირაკლი და მაქსი მოვიდნენ და ძველებურად გავატარეთ საღამო… თითქოს არც არაფერი მომხდარა…
ძილის წინ ყველაფერი ლაშას მოცემულ რვეულში დავწერე და დასაძინებლად დავწექი. მეორე დღეს მიშა ექიმთან ვიზიტმა კარგად ჩაიარა. მითხრა, რომ გამოჯანმრთელების გზას ვადგავარ და ასე გავაგრძელო… გარეთ გასვლის უფლებაც მომცა, ოღონდ ვინმესთან ერთად…
საღამოს “ფეისბუქზე” ბექამ მიპასუხა. როგორც გავარკვიე, გოლფ კლუბში გავიცანი მას შემდეგ, რაც ის ვიდეო ვნახე… კლუბში წასვლას რომ აპირებდა, ეს ინფორმაცია, სავარაუდოდ, მის პირად გვერდზე ვნახე და ამიტომაც წავედი… წარმოდგენა არ მაქვს, რის გაკეთებას ვაპირებდი… შეიძლება უბრალოდ მისი ნახვა მინდოდა…
მოცემულ რეალობაში თავი ვეღარ შევიკავე და ბექას გრძელი წერილი მივწერე, სადაც ჩემი განცდები, წარსული, ტკივილი – ყველაფერი ერთად ჩავაქსოვე. მივწერე, ვინც ვიყავი და მამამისმა რაც გააკეთა – ისიც მივწერე… როგორც ჩანს, ბექას ამ წერილმა თავზარი დასცა. ნახევარსაათიანი პაუზის მერე, როგორც იქნა, მომწერა, რომ მამაჩემის გამო ძალიან წუხს და ვერ იჯერებს, რომ ამ ამბავში მამამისი რამენაირად შეიძლება იყოს გარეული… კიდევ, დამპირდა, რომ აუცილებლად დაელაპარაკებოდა ამ თემაზე მამამისს და სიმართლეს გაარკვევდა…
მისი სიტყვები გულწრფელი მეჩვენა. შეიძლება არც იყოს ცუდი ადამიანი, ვინ იცის… მე ახლა ორი მნიშვნელოვანი რამ უფრო მაინტერესებს: ლევან კალანდაძის ნახვა და იმის გაგება, ვისი პროტოტიპია ჩემ მიერ შექმნილი გიორგაძის პერსონაჟი…
***
დროს ერთი ძალიან მაგარი თვისება აქვს – ყველაფერს ადრე თუ გვიან თავის ადგილას ალაგებს… ხან მეჩვენება, რომ ძალიან სწრაფად გადის, ხან პირიქით, წუთები უსასრულოდ იწელება…
ჩემს თეთრ ოთახში ვწევარ, სადაც კონტურები ერთმანეთში ირევა და მხოლოდ ერთადერთი განსხვავებული ფერი მხვდება თვალში – საათის წითელი ისარი, რომელიც ბორბალში გამომწყვდეული ზაზუნასავით დარბის ციფერბლატზე შეუჩერებლად… როდესაც 12-ს მიაღწევს, ოცდამესამე დღე გახდება, რაც კლინიკიდან გამომწერეს…
ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცვალა. მეც შევიცვალე… ახლა რეალურ რაღაცებზე უფრო მეტს ვფიქრობ, ვიდრე ვირტუალურზე… ვგრძნობ, რომ მიწაზე მყარად ვდგავარ და ერთ რამესაც მივხვდი, რეალური ადამიანებიც შეიძლება იყვნენ საინტერესოები… მაგალითად, როგორც ლევან კალანდაძე – მეკობრე, რომელიც კარნავალზე გავიცანი…
როგორც იქნა, მასაც შევხვდი… დაახლოებით ისეთი გარეგნობა აქვს, როგორიც ჩემმა გონებამ წარმოიდგინა, როდესაც წარმოსახვაში ხელოვნური წვერი მოაშორა… ლევანი სიმპათიურია და საინტერესო მოსაუბრე… ლაპარაკი უყვარს. ადვოკატია და სხვანაირად როგორ იქნება?.. მასთან თავს კომფორტულად ვგრძნობ. ხშირად ვავლებ პარალელს ჩემ მიერ წარმოდგენილ შსს-ს თანამშრომელს და მას შორის და რეალური ლევანი უფრო მეტად მომწონს…
დღეს პირველად ვჯდები ჩემს მოტოზე, რომელიც საშინლად მენატრებოდა. რაღაც მაქვს ჩაფიქრებული და აუცილებლად უნდა განვახორციელო. ძალიან მინდა ტყეში წავიდე და ქოხი ვნახო, რომელიც წარმოვიდგინე… ბოლომდე ვერ ვეგუები იმ ფაქტს, რომ გიორგაძე არ არსებობს… ზოგჯერ საშინლად მენატრება…
გაზაფხული ჩემი საყვარელი სეზონია. უცნაურია, მაგრამ გზა ზედმიწევნით ზუსტად მახსოვს… ის გადასახვევიც ზუსტად ისეთია, როგორიც მახსოვდა… თქვენ წარმოიდგინეთ, თხრილიც კი ვნახე, სადაც გიორგაძეს მანქანა ჩაუვარდა… ეს ყველაფერი ჩემზე მაგიურად მოქმედებს…
მოტოციკლს ხესთან ვტოვებ და გზას ფეხით ვაგრძელებ. გაზაფხულის სურნელი მსიამოვნებს… მივდივარ და დარწმუნებული ვარ, რომ ქოხი ადგილზე დამხვდება… ეს განცდა ძალიან ჰგავს დეჟა ვუს…
დაბურული ხეივანი გავიარე და ქოხიც გამოჩნდა… ზუსტად ისეთია, როგორიც მახსოვდა… მეც ზუსტად ვიცი, რომ ჩანთაში ნაპოვნი გასაღები, რომელიც კორპორატიული ბინის მეგონა, ამ ქოხის კარს აღებს…
საკეტი ჟანგმა გააფუჭა და კარი წვალებით გავაღე. ოთახში შევედი და სხეულში საოცარი სითბო ჩამეღვარა. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ დიდი ხნის მოგზაურობიდან სახლში დავბრუნდი…
ღუმელი, პლედი, ჭურჭელი – ყველაფერი ადრეც მინახავს… სკივრთან მივდივარ და გულის კანკალით ვაღებ სახურავს… სკივრში ძველი თოფი და დაჟანგებული იარაღები აწყვია. ნიჩაბი, ფოცხი, ბარი… ოღონდ ტარის გარეშე… კედელზე ძველებური საკიდია, სადაც მამაკაცის ქურთუკი ჰკიდია. ქურთუკი ძალიან ძველია და ნესტისგან ობი აქვს მოკიდებული… იქვეა მამაკაცის მაღალყელიანი ჩექმები… სანადირო ჩექმები, რომელშიც ობობას დაუდია ბინა…
მეორე ოთახში გავდივარ. ყველგან თაგვის ცურცლი და აბლაბუდებია გაბმული. გული ისე სწრაფად მიცემს, ცოტაც და საგულედან ამოვარდება. ვგრძნობ, რომ მიზანთან ძალიან ახლოს ვარ… ვგრძნობ, რომ ყველაფრის პასუხი ამ ქოხშია და სადაცაა, რაღაც საიდუმლოს ავხდი ფარდას…
მეორე ოთახში ძველი განჯინაა, სადაც შოკოლადის ნაკრების გახუნებულ კოლოფს ვპოულობ. კოლოფში რამდენიმე შავ-თეთრი, ნესტისგან დაბრეცილი ფოტოა. სურათები სინათლეზე გამომაქვს და ვათვალიერებ.
ძარღვებში სისხლი მეყინება… ფოტოებზე მამაჩემია პატარაობაში… პაპასთან ერთად. აქ, ამ ქოხში გადაღებული… ვგრძნობ, როგორ იფანტება ბურუსი ჩემს თავში და ყველაფერი მახსენდება! ამ ქოხში მამას მოვყავდი, როცა პატარა ვიყავი… ის ისტორია კი, რომელიც გიორგაძემ მომიყვა, სინამდვილეში მამას ისტორიაა! მამა მოჰყავდა ბავშვობაში პაპას, სწორედ აქ, ამ ქოხში და ნადირობას ასწავლიდა…
თვალები ცრემლებით მევსება და მამას ვეღარ ვხედავ… ჩემმა არაცნობიერმა მამა გააცოცხლა და მისი პატარაობის ისტორიები გამახსენა… ყველაფერი ერთად მახრჩობს! ყველანაირი ემოცია მაწვება ერთდროულად: სიბრაზე, ტკივილი, სიყვარული, სინანული, უსამართლობის განცდა… ყველაფრის დამტვრევა მინდა… მინდა, ისევ პატარა გოგო ვიყო, გარეთ თოვდეს… მე კი ღუმელთან ვიჯდე და მამას მოყოლილ ისტორიებს ვისმენდე… მინდა თვალები დავხუჭო და ყველაფერი რეალურად დავინახო… ისე რეალურად, თითქოს წარსულში ვიმოგზაურე…
ქოხში დაბნელებამდე დავრჩი. მერე უკან დავბრუნდი… მობილურში მოსულმა ლევანის გამოტოვებულმა ზარებმა რეალობაში დამაბრუნა. ორ საათში ერთმანეთს უნდა შევხვდეთ…
მოტოთი მოვქრივარ. გზის ორივე მხარეს ტყეა… გაზაფხულია. ახალი სიცოცხლის დაწყების საუკეთესო პერიოდი… ცხოვრებაში ყველაფერი ციკლის პრინციპს ექვემდებარება. ყველაფერი იწყება და მთავრდება! ყველაფერი საწყის წერტილს უბრუნდება… როგორც ურბაროსი… უსასრულობის მისტიკური სიმბოლო, კუდიჭამია გველეშაპი, რომელსაც საკუთარი კუდი პირში უდევს და დროის მუდმივობას გამოხატავს…
ანსახიერებს ძალას, რომელიც ყოველთვის თვითონ იხარჯება და აღდგება. როგორც ფენიქსი, რომელიც საკუთარ თავს თავადვე წვავს და შემდეგ ფერფლიდან აღდგება, რომ ხელახლა დაიბადოს…
– ფენიქსი…
კიდევ ერთი მოგონება ამომიტივტივდა თავში. მოტოციკლი გავაჩერე და გადმოვედი… “ფენიქსი” – ასე ერქვა დაწესებულებას, სადაც დედას ადრე ფსიქოლოგთან დავყავდი, რომელიც ჩემმა გონებამ დაივიწყა… მეხსიერებიდან ამოშალა მისი სახე… – ახლა გამახსენდა! ყველაფერი გამახსენდა! მივხვდი, ვისი გარეგნობაც მივანიჭე “მოჩვენებას”, რომელიც სინამდვილეში თვალითაც არ მინახავს და ვინ იცის, იქნებ სულაც ის ხმელი კაცია, კროულისთან რომ მოდიოდა და კიდურებს სასაცილოდ იქნევდა…
ცისფერი თვალები, უცნაური გარეგნობა – ახალგაზრდა ფსიქოლოგი, რომელიც ერთხელ უკვე დამეხმარა ლაბირინთიდან გამოსვლაში… მისი ნახვა ძალიან მომინდა!
ისევ დავჯექი მოტოციკლზე და ჩემთვის ჩვეული სისწრაფით გავკვეთე გაზაფხულის სურნელით გაჟღენთილი ჰაერი. ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება! ყველაფერი დალაგდება… თამაზ წულაიაც აუცილებლად დაისჯება…
მე ბედნიერი ვარ, რადგან უსასრულო ლაბირინთში სწორი გზის პოვნა შევძელი… ცხოვრება ხომ ლაბირინთს ჰგავს? თუ არასწორ მიმართულებას აირჩევ, უკან დასაბრუნებელი გზის პოვნა ძალიან გაგიჭირდება….
ლაბირინთში კი მხოლოდ ერთი მიზანი გაქვს – იპოვო გასასვლელი. თუმცა, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ადამიანები შეგნებულად არ ეძებენ გასასვლელს და ლაბირინთში იკარგებიან…

ავტორი:თეა ინასარიძე
________________________
იმედი მაქვს მოგეწონათ ჩემს მიერ ატვირთული სიახლე. ეს ისტორია ჩემი საყვარელი ისტორიაა.



№1 სტუმარი kati

Saintereso iyo.ai mesmis fantazia

 


№2  offline წევრი თ.მ

რა იყო ეს???? სასწაულიიიი


მაგრამ ბოლოში ცოტა გაუგებარი იყო❤❤❤❤

 


№3  offline წევრი Mari-Mariami.16

თ.მ
რა იყო ეს???? სასწაულიიიი


მაგრამ ბოლოში ცოტა გაუგებარი იყო❤❤❤❤


Mari-Mariami.16
თ.მ
რა იყო ეს???? სასწაულიიიი


მაგრამ ბოლოში ცოტა გაუგებარი იყო❤❤❤❤

ადამიანს რომელიც ფსიქოლოგიურად არ არის "მწყობრში" მისთვის ყველაფერი რთული გასარჩევია ირგვლივ და ხშირ შემთხვევაში რეალობის შეგრძნებას კარგავენ და მათი ფანტაზიის ნაყოფი ჰგონიათ რეალობა, რომელიც მხოლოდ მათ გონებაში არის ასახული... ამ შემთხვევაში ანიკამ მის მიერვე შექმნილი სცენარი გამოიყენა თავის "რეალობაში", და თავი დაარწმუნა ამ რეალობაში. მისი პირველი ფსიქოლოგისგან და მამამისის ხასიათით შექმნა "ლევან გიორგაძე- პიროვნება რომელიც, როგორც დადებითი ამავე დროს უარყოფითი თვისებებით იყო წარმოდგენილი"... უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც რომ მარტო თამაში არ იყო სცენარად გამოყენებილი, ამავე დროს მამამისის ცხოვრების ნაწილი ჩაერთო თხრობაში, რამაც თქვენი დაბნეილობა გამოიწვია. ანიკამ გამოიტანა დასკვნა რომ მას მართლაც ჰქონდა ფსიქოზი და მან თავი საბოლოოდ დააღწი მისმერვე შექმნილ "ლაბირინთს" ❤
--------------------
"One choise can transform you" M.G

 


№4  offline მოდერი zia-maria

ძალიან მომეწონა,ყოჩაღ. kissing_heart

 


№5  offline წევრი meocnebe_

კომენტარი რომ არგამეკეთებინა მოვკვდებოდი ალბათ. ყოჩაღ, ძალიან, ძალიან კარგი იყო.. სასწაულად ჩამთრევი შემყოლი და არვიცი მოკლედ სასწაულად კარგია.. წარმატებები ^^:*

 


№6  offline წევრი Mari-Mariami.16

zia-maria
ძალიან მომეწონა,ყოჩაღ. kissing_heart

მადლობა დიდი ❤

meocnebe_
კომენტარი რომ არგამეკეთებინა მოვკვდებოდი ალბათ. ყოჩაღ, ძალიან, ძალიან კარგი იყო.. სასწაულად ჩამთრევი შემყოლი და არვიცი მოკლედ სასწაულად კარგია.. წარმატებები ^^:*

დიდი მადლობა ასეთი თბილი შეფასებისთვის ❤❤❤
--------------------
"One choise can transform you" M.G

 


№7 სტუმარი სტუმარი მარიამ კორძაია

ძაან მაგარია, საერთოდ რომ არ ველოდი ისე განვითარდა ყველაფერი..ფინალიც კარგი იყო.

 


№8  offline წევრი Annia

ეს არის ძალიან ძლიერი ისტორია❤️ საოცარია, ამ სახელით ეს და კიდევ ერთი ისტორია მოიძებნა, კიდევ კარგი რომ იმის წაკითხვის მიუხედავად ესეც წავიკითხე და არ გავატარეე. ❤️❤️❤️საოცარია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent