შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ის მწარედ ტიროდა


16-08-2017, 17:06
ავტორი Kochofonia
ნანახია 1 215

სასეირნოდ გასვლა იმ დღეს შეუძლებელი იყო. მართალია, დილით ერთი საათი დავეხეტებოდი ქუჩებში, მაგრამ ნასადილევს ზამთრის ცივმა ჰაერმა დაჰბერა, ცას შავი ღრუბლები გადაეკრა და ისეთი წვიმა წამოვიდა, რომ მისი სუსხი სხეულშიც კი ატანდა და სისხლს აშრობდა. ასეთ ამინდში გასეირნებაზე არავის უფიქრია.
გულში ვზეიმობდი. არ მიყვარდა დიდხანს სეირნობა, ისიც ნაშუადღევს ცივ ამინდში. ჭირის დღესავით მძულდა, როცა შებინდებისას ხელ-ფეხ გაყინული შინ ვბრუნდებოდი. ამ დროს ქუჩები და მოედნები მტვრის სქელ ბურუსშია გახვეული.
ღამით თუ მოითქვამს სულს ქალაქი. როდესაც აღმოსავლეთიდან მონაბერი გრილი ნიავი მტვრის ბურუსს დასავლეთისაკენ ერეკება. აღარ ისმის ქუჩის ხმაური, იშვიათად მანქანა თუ ჩაივლის. დავეხეტები ჩემთვის ქუჩებში, ხანდახან შემხვედრ ნაცნობს თუ გამოველაპარაკები. მაგრამ საკითხავია, რატომ უნდა გადავეყარო მას ასე ხშირად? მის დანახვაზე მაგონდება ძველი ამბავი, მასთან რომ შემემთხვა.
როგორც კი დავინახე იგი, ჩემსკენ მომავალი, მაშინვე შევბრუნდი ხელებით ერთ ლოდს დავეყრდენი და ვითომ გარემოს თვალიერებით გავერთე აგერ გვერდი-გვერდ ლამაზად მიყრდნობილი სახლები, ბებერი, უზარმაზარი ხეები. იმედი მქონდა შორიდან ვერ შემამჩნევდა, ზურგიდან კი ვერ მიცნობდა. დამავიწყდა კიდეც მისი არსებობა, რომ უეცრად იგი ჩემ გვერდით დავინახე. ჩემსავით ხელებით დაყრდნობოდა ლოდს და თავი გვერდზე გადაეხარა. სწორედ ისე, როგორც რამდენიმე წლის წინ. ჩვენ ასე ხმაამოუღებლად შევსცქეროდით ერთმანეთს.
ბოლოს იგი წავიდა, მე კი გზა განვაგრძე გრძელი ქალაქისაკენ. ქუჩებში დავხეტიალობდი საათობით, შემდეგ შინ დავბრუნდი.
ახლა ღია ფანჯარასთან ვზივარ და ვწერ ყველაფერს ამას, ვისთვის? არც არავისთვის, თითქმის არც ჩემთვის, რადგან დღეს არასოდეს ვკითხულობ იმას, რაც დავწერე გუშინ და მით უმეტეს, არ წავიკითხავ ხვალ. ვწერ იმიტომ, რომ ხელი რამით დაკავებული მქონდეს, აზრი თავისით მოდის. ვწერ, რომ მოვკლა უძილო ღამე. რატომ არ მეძინება? მე ხომ არავითარი დანაშაული არ ჩამიდენია. მაგრამ არსებობს რაღაც რაც ამის საშუალებას არ მაძლევს. ან იქნებ ასეცაა საჭირო.
ბავშვობაში საკმაოდ პატივმოყვარე ვიყავი, ადრე მივეჩვიე თვითშეზღუდვას და კარგად ვარჩევდი ფარულ სურვილს დროებითი, წუთიერი აღძვრისაგან. პირველს ხმას ვუსმენდი, მეორეს ყურშიც არ ვუშვებდი. შემდგომში შევნიშნე, რომ ეს თვისება საკმაოდ იშვიათია, უფრო იშვიათია, ვიდრე ნიჭი გენიოსობა, და ამის გამო ხანდახან ვფიქრობ, რომ ჩემგან არსებითად არაჩვეულებრივი, მნიშვნელოვანი პიროვნება უნდა გამოსულიყო. ეს ალბათ გამოწვეული იყო იმითაც, რომ მუდამ დამოუკიდებლად ვცხოვრობდი. ჩემი ფანტაზია არასოდეს არ ემთხვეოდა ჩემი ნაცნობებისას. მე თვითონვე ვთხზავდი ლამაზ, საუცხოო ზმანებას სიყვარულზე. რადგან არ მინდოდა გამემხილა ჩემი ნამდვილი შეცდომა, რომელიც ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდ შეცდომად შეიძლება ჩაითვალოს.
სიყვარულის ზმანება, იყო დრო როდესაც ის სულ ახლოს იყო ჩემთან. მახსოვს პირველი შეხვედრა, მისთვის ყურადღება არ მიმიქცევია პირველი ნახვისას, მაგრამ მის მიმართ დრო და დრო ყურადღებას ვიჩენდი.
ეთხელ შუაღამისას გავემართეთ კოცონის დასანთებად. გზა აშოლტილი ფიჭვების ტყეში გადადიოდა. ერთად მივდიოდით, და როდესაც ღამის ბინდში, იგი ფიჭვის გამოშვერილ ფესვს წამოედო, ხელი შევაშველე. ნეტარებით ამავსო მისმა ნაზმა, თბილმა ხელმა. ხელი მაგრად ჩავჭიდე და გავემართეთ იმ ლოდისაკენ, რომელსაც, სიყვარულის ლოდს ეძახდნენ. რაზე ვსაუბრობდით? არ ვიცი. არცერთი სიტყვა არ შემორჩა მეხსიერებას. მახსოვს მხოლოდ ელექტროდენივით მივლიდა სხეულში მისი ხმა. მისი ყოველი სიტყვა სავსე იყო უხილავი მორჩილების თრთოლვით, თითქოს მთელი თავისი სიცოცხლე ოცნებობდა იმ დღეზე, როცა ჩემთან ერთად გაივლიდა ტყის ამ ბილიკზე. როდესაც ლოდთან მივედით, კოცონი გავაჩაღეთ და მის გვერდით შემოვჯექით. ნათელი, ლურჯი სამყარო ლივლივებდა ჩვენს თავზე. მისი ხელი მეჭირა ხელში. იგი სუნთქავდა მშვიდად, თანაბრად და თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე.
მას ნათელი, გულწრფელი თვალები, იშვიათი ქერა თმა და ლამაზი ცხვირი აქვს. ბაგე! ბაგე არ მახსოვს. თუმცა დიახ, ძალიან წითელი და ცოტა მსხვილი, ზუსტად მაინც არ მახსოვს. მასში არის რაღაც ისეთი, რაც პასუხობს ჩემს უწინდელ, ფარულ ოცნებას ქალზე, ოცნებას, რომელიც დღესაც ისეთივე ძალით ცოცხლობს ჩემში. ასეთი რამის ახსნა შეუძლებელია.
მიხაროდა საკმაოდ ჭკვიან და დაკვირვებულ გოგოსთან ურთიერთობა. მეტად მიზიდავდა მისი გონებამახვილობა და თავისებურება. თანაც თავი ისე თავმდაბლად ეჭირა, რომ მის სიახლოვეს დიდ თავისუფლებას ვგრძნობდი. ის ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი იყო და ცხოვრებასაც, რასაკვირველია, ჩემზე უკეთ იცნობდა. ხშირად ისეთ ამბებს მიყვებოდა, რომლის მოსმენა ძალიან მიყვარდა და მთლიანადაც აკმაყოფილებდა ჩემს ცნობისმოყვარეობას. რაც შეეხება ჩემს ნაკლს, ის არასოდეს მკიცხავდა ამისთვის. როცა რაიმეს ვუყვებოდი, არასოდეს მაწყვეტინებდა. მას კარგი თხრობა ეხერხებოდა, მე კი ანალიზი. მას რჩევა დარიგების მოცემა უყვარდა, მე კი შეკითხვების. ჩვენ ჩინებულად შევეწყვეთ ერთმანეთს. თუ ამ ურთიერთობამ ვერავითარი სიკეთე ვერ მოგვიტანა, სიამოვნება მაინც გვაგრძნობინა.
ეს სრული ჭეშმარიტებაა. ვიცოდი და ვგრძნობდი ამას. მიუხედავად იმისა, რომ სრულქმნილი არსება არ იყო და უამრავი ნაკლიც გააჩნდა, მაინც არასოდეს მბეზრდებოდა მასთან ურთიერთობა. ან კი რა გააქრობდა ჩემში მისდამი გაღვივებულ ასეთ სათუთ სიყვარულსა და თაყვანისცემას? რომელიც სულ თან დამსდევს, განა ოდესმე დაუფლებია ჩემ გულს მას შემდეგ ასეთი გრძნობა? სხვანაირად არც შეიძლებოდა. ის ხომ ყოველთვის და ყველგან ნამდვილსა და გულწრფელ სიყვარულს მიწევდა. ამ ურთიერთობას აბა რას დააკლებდა ხალხის აზრი ჩვენი ურთიერთობისადმი. მაგრამ ჩვენ უკვე ერთად აღარავართ.
მე ნამდვილი წამება გადავიტანე. თითქოს გავარვარებული რკინის ხელი მომიჭირა ვინმემ გულზე. საშინელი წუთები იყო, ნამდვილი ბრძოლა, წყვდიადი და ცეცხლი. ვერც ერთი ადამიანი, რომელსაც კი ოდესმე ამქვეყნად უცხოვრია, ვერ ინატრებდა ამაზე ძლიერ სიყვარულს, როგორითაც მას მე ვუყვარდი. მას კი, ვისაც ასე ვუყვარდი, მე თვითონაც ვაღმერთებდი, მაგრამ დავუშვი ისეთი შეცდომა. რომლის პატიებაც მან ვერ შეძლო.
მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, იმდენად პატარა, რომ არ შემეძლო გადაწყვეტილება მიმეღო და ამ გადაწყვეტილების შემდგომი შედეგი გამეანალიზებინა. ალბათ გგონიათ, რომ მაშინ გრძნობა და გული არ გამაჩნდა, თქვენ ცდებით! მე ისეთივე სული მქონდა და ისეთივე გრძნობით სავსე გული, როგორიც თქვენ. თქვენ მე არ გესაუბრებით ახლა პირობითად დადგენილ ზნე-ჩვეულებებისა და ადათწესების მიხედვით, არც როგორც მიწიერ ქმნილებას. არამედ ჩემი სული ესაუბრება თქვენს სულს, თითქოს მათ ორივემ ჩაიარეს სამარის კართან და ახლა ღვთის ფეხთით დგანან თანასწორნი, როგორც სინამდვილეში არიან ადაიმანები.
უნდა დავწერო სიზმარი, წუხელ ღამით რომ დამესიზმრა.
ვითომ მის საწოლთან ვიდექი. იგი ღრმა ძილში იყო. კუთხეში ვიღაც პიანინოზე ნაზ მელოდიას უკრავდა. არ ჰგავდა მოცარტს, არც რომელიმე გარკვეულ მელოდიას, თითქოს წყვეტილი, აღმავალი და დაღმავალი ცხოვრებისეული ბგერები. კარი ღია იყო, რაც ძალზედ მაწუხებდა, მაგრამ ვერაფრით ძალა ვერ მოვიკრიბე, დამეხურა. ამ დროს მას გაეღვიძა და თითქოს მკაცრი და ასევე დამაყრუებელი ხმით შემომძახა: მომშორდი! შენი ცხოვრება ხანმოკლეა.
ამ სიტყვებზე გამომეღვიძა.
ავდექი, ტანზე რაღაც შემოვიხურე და ყველა ოთახში ავანთე შუქი. არ მახსოვს, რამდენ ხანს ვიარე წინ და უკან. ბოლოს სარკის წინ შევჩერდი და დიდხანს ვუყურე ჩემს უფერულ, უაზრო გამოსახულებას, თითქოს უცხო იყო იგი ჩემთვის. უეცრად ისეთი დიდი სურვილი გამიჩნდა გამეტეხა ეს ძველებური, ჩემი ბავშვობისა და თითქმის მთელი სიცოცხლის, და კიდევ ჩემ გაჩენამდე ბევრზე ბევრი ამბის მომსწრე სარკე, რომ შეშინებულმა უკან დავიხიე და გაღებულ ფანჯარასთან დავდექი. მთვარე აღარ ჩანდა. წვიმის შხეფები სახეზე მხვდებოდა და ეს დიდ სიამოვნებას მგვრიდა. მაგრამ ისევ და ისევ იმ სიტყვებზე ვფიქრობდი, რომელიც სიზმარში მოვისმინე მისგან. მინდა ვიცოდე, მაინც რას ნიშნავს. მინდა ავწონ-დავწონო და ყველაფერს ჩავსწვდე. ასეთი ბუნება მაქვს. ვერაფერს ვიტან ნახევრად აუხსნელს, შეუცნობელს, ბოლომდე გაურკვეველს, როცა ჩემს უფლებებშია სააშკარაოზე გამოვიტანო და ყოველმხრივ განვიხილო ეს შეუცნობელი.
საწერ მაგიდასთან ვზივარ. გადავწყვიტე ჩემ საიდუმლო ყუთში ჩავიხედო. მშვენივრად ვიცი შიგ რაც არის, მხოლოდ ერთი პატარა, მრგვალი კოლოფია, სადაც აბები ყრია. არ მინდა აფთიაქში შევინახო და წამლებში ამერიოს. ეს აბები შევიძინე რამდენიმე წლის წინ. არ გეგონოთ, რომ იმ დროს თვითმკვლელობაზე ვფიქრობდი. უბრალოდ საჭიროდ ჩავთვალე, რადგან მწამს, ჭკვიანი ადამიანი ყოველთვის მზადყოფნაში უნდა იყოს.
ეს აბები სანამ გაიხსნება და იმოქმედებს, შეგიძლია მშვიდად დადგა ჭიქა მაგიდაზე, მოხერხებულად დაჯდე ცეცხლთან, სიგარა გააბოლო და გაზეთიც გადაათვალიერო. თავი უეცრად მკერდზე დაგივარდება და ტანი გვერდზე გადაქანდება. ექიმი ტვინში სისხლის ჩაქცევის დიაგნოზს დასვამს. თუ გაკვეთენ უსათუაოდ აღმოაჩენენ შხამს, მაგრამ რადგანაც თვითმკვლელობაში ეჭვის შესატანი ფაქტები სახეზე არ იქნება, გაკვეთას არ აწარმოებენ. ამ შემთხვევაში არც შეიძლება თვითმკვლელობაში ეჭვის შეტანა, როდესაც ადამიანის გულის ძგერა წყდება მაშინ, როცა არხეინად აბოლებს სიგარას და გაზეთს კითხულობს.
ასეა თუ ისე გამშვიდებს იმის შეგრძნება, რომ გაქვს ეს პატარა, ცომისებური ბურთულები, მათში დიდი ძალაა, ძალა თავისთავად ავი და საძულველი, დაუძინებელი მტერი ადამიანისა. იგი სამოქმედოდ გამოგვყავს მაშინ, როცა ცუდ ვითარებაში ერთადერთ და სასურველ მხსნელად გვევლინება.
მაინც რა მქონდა მხედველობაში, როცა ამ აბებს ვინახავდი? თვითმკვლელობა უიმედო სიყვარულის ნიადაგზე? არვიცი.
უსათუოდ დადგება დღე, როცა სიკვდილის უფლება აღიარებული იქნება ამაზე უფრო მნიშვნელოვან, ხელშეუვალ ადამიანურ უფლებად, ვიდრე საარჩევნო ყუთში ბიულეტენის ჩაგდებაა. და როდესაც დადგება ეს დრო, მაშინ ყველა განუკურნებელ ავადმყოფს, ასევე ყველა დამნაშავეს და თუნდაც უიღბლო სიყვარულის მქონეთ, საშუალება ექნებათ თავის დასახსნელად ექიმს მიმართონ.
ღამე მშვიდობისა, ბოროტო ძალავ. იძინე მშვიდად შენს მრგვალ ყუთში, იძინე, სანამ არ დამჭირდები. სანამ დრო არ დადგება, ჩემი სურვილით, არ გაგაღვიძებ. დღეს წვიმს, მაგრამ, იქნებ ხვალ გამოიდაროს. და იმ დღეს, როდესაც თვით მზეც მომეჩვენება ბნელი და მიმქრალი, მხოლოდ მაშინ გაგაღვიძებ, რათა მე დავიძინო.
წელი წელს მიზდევდა და ცხოვრება ჩემგან შორიახლოს მიედინებოდა. ვხვდებოდი ქალებს, სურვილს რომ აღმიძრავდნენ ანაზდად, მაგრამ რატომღაც ისინი ვერასოდეს მამჩნევდნენ. თითქოს მათთვის არც ვარსებობდი. მაშინ მიკვირდა, რატომ ხდებოდა ასე, ახლა კი ვხვდები. მხოლოდ შეყვარებულ ქალში, მის მიმოხვრაში, კანის ელფერსა და მთლიანად მის არსებაში იმალება სწორედ ის მომხიბვლელობა, რომელიც მე გრძნობას მიღვივებდა. სწორედ ისინი, ის ქალები აღანთებდნენ ჩემში სურვილს. მაგრამ, რამდენადაც მათი სიყვარული უკვე სხვას ეკუთვნოდა, ბუნებრივია, მე ვეღარ მამჩნევდნენ. ან იქნებ მე არ მინდოდა, რომ შევემჩნიე მათ. არვიცი საკუთარ თავთან წვდომა ძალიან რთული რამაა.
უფერულია ჩემი დღეები, შავია წუთები. არ ვეკუთვნი ბედნიერთა რიცხვს. მიუხედავად ამისა, არავისში არ გავცვლიდი საკუთარ თავს. იმის გაფიქრებაც კი მზარავს, რომ შეიძლებოდა ჩემი რომელიმე ნაცნობთაგანი ვყოფი- ლიყავი. არა! არავითარი სურვილი არა მაქვს, ვინმე სხვა ვიყო.
ადრეულ ასაკში ძალიან განვიცდიდი ჩემს უშნო გარეგნობას, თავი სიმახინჯედ წარმომედგინა და გახელებული ვოცნებობდი, ცოტაოდენო სილამაზე მქონოდა. ახლა ვიცი, რომ ბევრად არ გავნსხვავდები უმრავლესობისაგან, მაგრამ ეს აზრი ვერ მამშვიდებს.
გულახდილად რომ ვთქვა, ყოველთვის მარტო ვიყავი. უამრავ ხალხში მუდამ თან მსდევდა მარტოობა, როგორც ლოკოკინას თავის ნიჟარა. ზოგიერთისათვის მარტოობა თვისებაა და არა შემთხვევითი გარემოება. ალბათ უფრო მეტად გაღრმავდება ჩემი მარტოობა ამის შემდეგ. როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი, კარგად თუ ცუდად, ჩემთვის დასჯის უმაღლესი ზომა იქნება ერთადერთი - სამუდამო მარტოობა.
სულელო! არარაობავ! მუდამ ჩამესმის ეს სიტყვები ყურში. რომელიც მან ბოლო შეხვედრისას მითხრა. ამ სიტყვების მიზეზი კი ჩემთვის დღემდე გაუგებარია. მან მითხრა, რომ მე ის სხვაში გავცვალე. ყოველთვის მქონდა იმის შიში, რომ არ უნდა მემეგობრა არასასიამოვნო რეპუტაციის მქონე გოგონებთან, რადგან ამას ცუდი შედეგი მოჰყვებოდა, იმის და მიუხედავად, რომ მე მათთან არანაირი შეხება არ მქონია. მაგრამ თავს მაინც დამნაშავედ ვთვლიდი.
უეცრად შევნიშნე, რომ იგი ტირის, არ ქვითინებს, მხოლოდ ცრემლი ჩამოსდის. მისი ტირილი ჰგავდა იმ ადამიანის ტირილს, მთელი სიცოცხლე რომ ტირის და ვერც კი ამჩნევს ამას.
მე ვუთხარი: არასოდეს გამივლია აზრად ასეთი ჭრილობა მომეყენებინა შენთვის, თუ რომელიმე ადამიანს ყოლია ერთადერთი პაწაწინა კრავი, რომელიც ისეთივე უძვირფასესი ყოფილა მისთვის, როგორც საკუთარი ქალიშვილი, რომელსაც ის საკუთარი ხელით აჭმევდა, ასმევდა და საკუთარ მკერდზე აძინებდა, ხოლო მერე კი რაღაც შეცდომის გამო სასაკლაოზე თვითონვე დაღვარა მისი სისხლი, ის ალბათ ვერ შეძლებდა თავისი გამოუსწორებელი შეცდომა ისე მძიმედ მოენანიებინა, როგორც მე ვინანიებ ახლა. შეგიძლია ოდესმე მაპატიო?
- არა!
- მიდიხარ?
- მივდივარ
- და ასე მტოვებ?
- დიახ
- აღარ მოხვალ? აღარც ჩემი ნუგეშის მცემელი იქნები და არც ჩემი მხსნელი? ჩემი ასეთი დიდი სიყვარული, ეს აუტანელი მწუხარება და გულმხურვალე ლოცვა, არაფერს ნიშნავს შენთვის?
მან მხოლოდ ჩემი სახელი წარმოსთქვა.
- კარგი, თანახმა ვარ, დავშორდეთ, მაგრამ გახსოვდეს, რა მწუხარებასა და განსაცდელში მტოვებ.
შემდეგ კი გულის სიღრმიდან ამოსული ქვითინი გავიგონე.
უკვე კარებთან ვიყავი მისული, მაგრამ, უკან მივტრიალდი, მივედი მასთან, სახე ჩემსკენ მოვუტრიალე, ვუყურებდი და თმეს ვუსწორებდი.
- ღმერთი გფარავდეს ჩემო ძვირფასო. მადლობა იმ სიკეთისათვის რაც აქამდე გამიწიე.
- სიყვარული იქნებოდა ჩემთვის უდიდესი სიკეთე. მიპასუხა მან. უშენოდ ჩემი გული დაიმსხვრევა, მაგრამ შენთანაც არ შემიძლია.
თვალებზე სისხლი მოაწვა, ცეცხლის ნაპერწკლებმა იელვა მის თვალებში, ხელები გაშალა და გულში ჩასაკრავად მოემზადა. მე კი მის ხვევნას თავი ავარიდე და ოთახიდან მაშინვე გავედი.
მშვიდობით! გაჰკიოდა ჩემი გული, როდესაც ოთახი დავტოვე.
მოვდიოდი და მასზე ვფიქრობდი. გავიხსენე, პირველად რომ მოვიდა ჩემთან და დახმარება მთხოვა. როგორ უეცრად გამანდო საიდუმლო ყოველგვარი აუცილებლობის გარეშე.
როგორ ეწვოდა ლოყები. მახსოვს, ვუთხარი: ამგვარი ამბები საიდუმლოდ უნდა შეინახო მეთქი. მან კი მითხრა: მინდოდა მეთქვა, მინდოდა გაგეგო, ვინ და როგორი ვარ მე. ხომ შეიძლებოდა მასაც მოესმინა ჩემთვის, მაშინ ხომ რეალური გახდებოდა ყველაფერი. მეც მინდა, მივიდე მასთან და ვუთხრა: ძალიან მიჭირს ჩემი ვინაობის დამალვა, მიჭირს ყველგან და ყველასთან გამუდმებით ნიღბით სიარული. ვიღაცას ხომ უნდა გამოვუტყდე, ვიღაცამ ხომ უნდა იცოდეს, ვინ ვარ მე.
არა, ეს შეუძლებელია. ორივენი ჭკუიდან შევიშლებოდით ალბათ.
დავხეტიალობდი ქუჩებში, თავად არ ვიცი სად. ვფიქრობდი ნეტავ რას აკეთებს ახლა? წიგნს კითხულობს, თუ ზის თავზე ხელებშემოწყობილი და ფიქრობს, ან იქნებ თმას ისწორებს, დასაწოლად ემზადება... ოჰ, ნეტავ მის გვერდით ვიყო. მაგრამ, ყველაფერს, რასაც დასაწყისი გააჩნია, დასასრულიც უნდა ჰქონდეს. უმჯობესი იქნებოდა, არ ყოფილიყო არც დასაწყისი, არც დასასრული.
არასოდეს არ გახდება იგი ჩემი, არასოდეს.
იმ ღამით ძილზე სრულიად არ მიფიქრია, ოთახში ვიწექი. ღამე უსასრულოდ მეჩვენებოდა და გული შიშით მიკრთოდა.
გავიდა ერთი, ორი, მრავალი წელი, მაგრამ ვერაფრით ვერ შევძელი დამერწმუნებინა იგი, რომ მართალი ვიყავი. ბოლოს დავასკვენი, რომ უმჯობესი იყო ყველაფერი ძველებურად დარჩენილიყო. მაინც ვერ მივხვდი, რით იყო გამართლებული ჩემი არსებობა ამქვეყნად. ბოლოს მივედი იმ დასკვნამდე, რომ ჩემი საიდუმლო ყუთი უნდა გამეხსნა. ვფიქრობდი: ნუთუ ამ მოხეტიალე ცოდვილს, რომელიც ახლა მიელტვის სულიერ მყუდროებას და ყველაფერი მონანიებული აქვს, უფლება არა აქვს დაჰგმოს საზოგადოების აზრი, სუიციდისადმი. რომ თავისი ბედი სამუდამოდ დაუკავშიროს წმინდა, ლმობიერ არსებას. რათა მისი მეოხებით მოიპოვოს სულის მშვიდობა, გონიერება და მკვდრეთით აღადგინოს დაღუპული ცხოვრება და თვითონაც აღსდგეს.
მე ფრინველი არა ვარ და ვერავითარი გალია ვერ დამიჭერს. მე თავისუფალი ქმნილება ვარ, სრულიად დამოუკიდებელი სურვილისა და უფლების მქონე, და ის მაიძულებს, რომ დაგტოვოთ.
გავხსენი ჩემი საიდუმლო ყუთი, ამოვიღე აბები. ვიფიქრე რა საშინელება უნდა იყოს ლოგინში წოლა და სიკვდილის მოლოდინი, როცა ქვეყანა ასეთი თვალწარმტაცია. რა ძნელია მასთან განშორება და წასვლა სადღაც. და მერე ვინ იცის სად...
მაშინ ჩემი გონება პირველად შეეცადა ღრმად ჩასწვდომოდა ზეცისა და ჯოჯოხეთის საიდუმლოს.
როდესაც აბები გადავყლაპე, შიშით ვთრთოდი იმის გაფიქრებაზე, რომ თუ ოდნავ გავინძრეოდი, მოვწყდებოდი დედამიწას და ჩავინთქმებოდი ამ ქაოსში.
არვიცი რატომ, მაგრამ მინდოდა, რომ სიკვდილის წინ გულში ჩამეკრა, უკანასკნელად მეკოცნა, ერთხელ კიდევ მომესმინა მისი სიტყვები და მეც მეთქვა რამე. როდესაც ვუთხარი ჩემი ნამოქმედარის შესახებ, მისგან თანხმობა მივიღე შეხვედრაზე, ამან ძალიან გამახარა. სახლიდან ფარულად გამოვედი, რომ არავის გაეგონა ჩემი წასვლის შესახებ. მინდოდა მათთან მივსულიყავი და ბოლოჯერ მეკოცნა, მაგრამ არ შემეძლო.
აი დავინახე მისი სახე შორიდან, ძალიან დამწუხრებული ჩანდა. მივუახლოვდი მას, თვალებიდან ცრემლი სდიოდა. ჩავიკარი გულში და ჩურჩულით ვუთხარი:
- მე უსაზღვროდ ბედნიერი ვარ ახლა. როდესაც მე სამუდამოდ დაგტოვებ, ნუ აღელდები და ნურც იჯავრებ, სამწუხარო არაფერია. დამშვიდებული ვარ, რადგან არავის ვტოვებ ამ ქვეყნად ისეთს, რომელსაც დიდად დაამწუხრებს ჩემი სიკვდილი. ახალგაზრდა ვკვდები და ამქვეყნიურ მრავალ ტანჯვა-წამებას ავიცილებ თავიდან.
ამ დროს თავი ძირს დახარა და შემდეგ თვალებში შემომხედა, თითქოს ძალა მოიკრიბაო. მისი სისხლიანი თვალები რომ დავინახე ვიფიქრე ნუთუ შემეძლო მისთვის ამგვარი სატანჯველის მიზეზი მიმეცა.
- სიკვდილის შემდეგ კვლავ გიხილავ? მკითხა მან და ატირდა.
- იმედია! ვუპასუხე მე და უფრო მაგრად მოვხვიე ხელები. უფრო ძვირფასი გახდა ის ჩემთვის, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
არასოდეს გამჩენია სურვილი მეცოცხლა საუკუნოდ, მაგრამ იმ წამს ვიფიქრე თუ რა კარგი იქნებოდა მქონოდა შესაძლებლობა მასთან ერთად მეცოცხლა. ცხოვრება კი ჩემთვის მეორეხარისხოვანი გახდებოდა ამ შემთხვევაში. მაგრამ მასთან ერთად სიცოცხლე ხომ ცხოვრებაზე მეტიც კი იქნებოდა ჩემთვის.
ძალა არ შემწევდა განვშორებოდი მას, მაგრამ ვიგრძენი, რომ მეტი აღარ შემეძლო. ნელა მოვაშორე ხელები, უკან დავიხიე და წავიქეცი.
ის მწარედ ტიროდა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent