შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იმედი მაქვს, დღეს მას ისევ შევხდები...


19-08-2017, 10:34
ავტორი Kochofonia
ნანახია 1 479

ძნელია ამ სამყაროში ბედნიერების პოვნა. ვცდილობდი, ბევრს ვცდილობდი... თქვენ გგონიათ ბედნიერნი ხართ ? ცდებით. ბედნიერებაზე მხოლოდ მათ შეუძლიათ საუბარი, რომელნიც ამ ქვეყნად აღარ არიან.
მისდამი სიყვარულის გრძნობამ მაიძულა უდიდესი მოუთმენლობით ველოდო მასთან შეერთებას. მაგრამ, ამასთან ერთად, ვცდილობდი მშვიდად დავკვირვებოდი ჩემს მდგომარეობას და ვუფიქრდებოდი იმას, რა უნდა ამერჩია. ვყოფილიყავი მარტო თუ მისდამი სიყვარულის გამო უარი მეთქვა ყოველგვარ ამქვეყნიურ სიამოვნებაზე და სუფთა სინდისით, საკუთარი სურვილით მეტვირთა დამცირება, ტკივილი და უამრავი სიძნელე, იმ იმედით, რომ რაკი ტანჯვას გავიზიარებდი, ზოგჯერ მცირედ მაინც შევუმსუბუქებდი ნაღველს ჩემი სიხარულით.
მკაცრად გამოვცადე საკუთარი თავი და დავრწმუნდი, რომ ჩემი სულიერი თუ ხორციელი ძალები არ მაძლევენ უფლებას ავირჩიო პირველი, მეორისკენ კი ძალუმად მიმიწევს გული...
დეკემბრის პირველია. გარეთ აღარ თოვს, აღარც წვიმს, მაგრამ ქარი ამოვარდა და ქუჩაში დაგროვილი მტვერი ჰაერში დაატრიალა, რომლებიც სულ მაღლა და მაღლა მიიწევდნენ ცაში. ჩაქვრა შუქი. ირგვლივ სიბნელებ დაისადგურა. ამ წუთში გავიფიქრე ეს ყველაფერი ძალიან მიაგავს ჩემს ცხოვრებას მეთქი. მართლაც, ჩემს ცხოვრებაშიც ასე უცებ იცვლება ერთი მეორეთი და ბოლოს საერთოდ ქრება ხოლმე.
მოდიოდნენ...
მიზიარებდნენ...
ცდილობდნენ დამშვიდებას...
ტიროდნენ, თითქოს ბანს მაძლევდნენ...
შემდეგ ისევ ვრჩებოდით მარტო, მე და ფიქრები.
უკვე აუტანელი ხდებოდა მარტოობა, მაგრამ არ შემეძლო რაიმე გამომესწორებინა. მივსულიყავი მასთან ? ეს შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში თუ მე ყველაფერზე უაერს ვიტყოდი. არასდროს არ გამჭირვებია დამეტოვებინა ყველაფერი მის გამო, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარად იყო.
მივხვდი გვაინი იყო, თითქმის დილის ხუთი საათი. გადავწყვიტე თვალები დამეხუჭა და მოჩვენებით მაინც მომეტყუებინა გონება, თითქოს ყველაფერი კარგად იქნებოდა, ყველაფერი გამოსწორდებოდა. მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ვგრძნობდი, რომ ვერადროს შევძლებდი გამეღიმა ისე, როგორც მხოლოდ მაშინ ვიღიმოდი როდესაც მას ვხედავდი ბედნიერს, ლაღს, ჩვენი ურთიერთობით გახელებულს.
ძილი ისევ არ მეკარებოდა. ახლა ჩემი გონება გადასწვდა შემოდგომის იმ ბედნიერ დღეებს, როდესაც მე და ის ერთად ჩქარი ნაბიჯებით დავდიოდით ქუჩებში. მისი სურნელოვანი, ფაფუკი თმები სახეში ხვდებოდა და მომცინარე სახე უცებ ეკვროდა ხოლმე. მივიჩქაროდით ისე, როგორც ნადირი გარბის მტაცებლის დანახვისას, როგორც ბავშვი მშობლების გაკიცხვის თავიდან ასარიდებლად... ჩვენც მივიჩქაროდით, თითქოს ვგრძნობდით, რომ სადაცაა ხელიდან გამოგვეცლებოდა ყველაზე კარგი რაც გაგვაჩნდა. რა? რათქმაუნდა ერთმანეთი.
მახსოვს როგორ ვიკრავდი მის თბილ ხელებს გულში, როგორ ვუბწვნიდი თმებს, როგორ ვუშრობდი ცრემლებს. სხვა გზა არც მქონდა, არ შემეძლო მისი ტკივილის გაზიარება, რომ ცოტათი მაინც შემემცირებინა მისთვის სატანჯველი, რომელიც არც კი დაუმსახურებია.
მთელი ჩემი ცხოვრება დაზარალდა იმის გამო, რომ დავკარგე ის და დავრჩი ისეთი ხელმძღვანელის გარეშე, ვისაც თამამად ვენდობოდი ყველაფერში, ვინაიდან მასში სიკეთისა და ჭეშმარიტების ქომაგს ვხედავდი. ის იყო ნათელი და კაშკაშა შუქი, რომელიც მშვენიერი ზაფხულის დღის განთიადივით ანათებდა ჩემს გულს, მაგრამ თანდათან დაბინდდა და უფრო და უფრო შეიკუმშა ჩემი გარემომცველი წყვდიადი. ამაოდ ვეძებდი შუქს, რათა ბარბაცით მივყოლოდი...
ერთხელ მივდიოდი წინამძღვართან. მონასტრის ჭიშკარი ჩარაზული დამხვდა. დავაკაკუნე. წვეროსანმა მეკარემ ურდული გასწია. მასიური ჭიშკარი მსუბუქად და უხმაუროდ შებრუნდა. მე შვებით ამოვისუნთქე და სასურველ ზღურბლს გადავაბიჯე. ბერებს ვსთხოვე, მორჩილად მიმიღეთ-მეთქი. ჩემმა მთრთოლვარე ხმამ თუ გულწრფელმა სიტყვებმა აიძულა მოძღვარი, მოსულს გულთბილად მომპყრობოდა.
- რა იცი? - მკითხა მან.
- ის, რომ ქვეყნად ყველაფერი ღმერთმა შექმნა და ისევ ღმერთს უბრუნდება. როგორც ჩვენ.
- რა გინახავს?
- ბედნიერი ადამიანი, რამდენიმე ხნით, შემდეგ გაცამტვერებული...
- რა გსმენია?
- ერთგულების ფიცი, ქცეული ღალატად...
- შენ დატანჯულხარ... ილოცე.
მე მუხლებზე დავეცი.
იმავე წუთს ვიფიქრე და მივხვდი, რომ ჩემი სამოთხე მხოლოდ სიზმარია.
ჩემს შესახებ იმას ვიტყვი, რომ ჩემი ცხოვრება ბავშვობიდანვე უჩვეულოდ წარიმართა. არ მქონია ბედნიერი წუთები, მაგრამ მუდამ ნიღაბს ვატარებდი , რადგან არ მინდოდა ვინმესთვის თავი მომებეზრებინა ჩემი მუდმივი განწირული წუთებით და სწორედ ამიტომ მჭირდებოდა შენიღბვა.
უნდა ვაღიარო, რომ ბევრი პოეზია იყო ჩემსა და არავინის ცხოვრებაში. არავინი მე მას შევარქვი იმის გამო, რომ დაგვემალა ჩვენი სიყვარულის შესახებ. არ გვინდოდა პრობლემები შეგვქმნოდა. არავინ რატომ ? - თუ მკითხავდნენ ვინ გიყვარსო, თუნდ ფიცით, თუნდ მუქარით, მე ვიტყოდი, რომ არავინ მიყვარდა. მიყვარდა იგი, როგორც ყველაზე სათუთი ქმნილება სამყაროში. თუ მომკლავდნენ ამის გამო, მე ბედნიერი ვიქნებოდი იმით, რიმ მისი სახელი იქნებოდა ჩემი ბოლო სიტყვა.
ჩვენ ბევრი რამ გვქონდა სანუგეშო. ყველაფერი საერთო გვქონდა, მწუხარებაცა და სიხარულიც, ყველაფერს ვიზიარებდით, ყველაფერში თანავუგრძნობდით ერთმანეთს. ყველაზე მჭიდრო რამ გვაკავშირებდა ერთმანეთთან - სიყვარული. რაც უსიამოვნებათა გადატანას გვიადვილებდა და ბევრ რამეს გვავიწყებდა.
ძნელი წარმოსადგენი იყო ჩემთის, ასეთ ურთიერთობას როგორ შეიძლებოდა დასასრული ჰქონოდა. თავს რომ არ მოვიკლავდით ეს ვიცოდი, მაგრამ სხვა რა უნდა მომხდარიყო?.. გაგონილი მქონდა, რომ უწინ ადამიანები სიყვარულისგან კვდებოდნენ. ეს მხოლოდ ღიმილს იწვევდდა ჩემს სახეზე. ნუთუ ჩვენ, რომელთაც ერთმანეთის მიმართ ასეთი წრფელი სიყვარული გაგვაჩნდა, როგორ შეიძლებოდა ერთ-ერთი ჩვენგანი ამ სიყვარულს გადაჰყოლოდა. არა ეს უბრალოდ აზრია. აზრი, რომელიც სულელებს მოსდით და მხოლოდ სულელებივე იჯერებენ.
ერთხელ, როდესაც ერთად ვიყავით, დიდხანს ვისაუბრეთ ჩვეულებისამებრ. პოეტებზე, მწერლებზე, მეგობრებზე, ადამიანობაზე, მაგრამ ის როგორც ყოველთვის გადასწვდებოდა ხოლმე იმ თემას, რომლის შესახებაც მუდმივად დასმული მისი კითხვები მაკვირვებდა ხოლმე.
ერთხელ მკითხა:
- გჯერა სიკვდილის შემდგომ სამოთხესა და ჯოჯოხეთში ცხოვრების?
- მე მხოლოდ შენთან ერთდ ცხოვრების მჯერა.
- შევძლებ იმ ცოდვების მონანიებას, რომელსაც ვატარებ და სამოთხეში მოხვედრას ?
- ანგელოზების ადგილი სამოთხეშია ! შესაბამისად შენიც...
ამ სიტყვების გაგონებაზე ლოყები აუწითლდა. მივხვდი, სიმორცხვემ იჩინა მასში. უნდოდა გაეგრძელებინა კითხვების დასმა, მაგრამ შევაწყვეტინე და ვკითხე:
- გეშინია სიკვდილის?
- მე შენი მარტო დატოვების მეშინია!
- გინდა პირობა მოგცე ?
- რა პირობა?
- იმის, რომ მე შენთან შენს დაბადების დღეზე მოვალ.
- არა!..
ხმამაღლა და თითქოს დაუსრულებლად წარმოსთქვა ეს სიტყვები. არ მინდოდა მისი დადარდიანება, ამიტომ გამოვემშვიდობე და შინისკენ წავედი.
ექვსი დეკემბერია. ვზივარ ჩემს ოთახში.
,,ლამაზი დღეა.
თითქოს ყველა ბედნიერია...
გავალ უბანში, ჩამოვჯდები.
ხალხიც ბევრია...
დღეს მე ვკისრულობ!
დავიძახებ და ბირჟას დავშლი...
მერე მახლობლად რესტორანში
დიდ სუფრას გავშლი...
ვერ მიხვდებიან მიზეზს
ჩემი ხელგაშლილობის.
ზოგს დარდის ბრალი ეგონება,
ზოგს შეშლილობის...
ბოლოს ავიღებ განსხვავებულს,
მოვითხოვ სიტყვას.
იუბილარის სადღეგრძელო
მინდა რომ ითქვას!
ყველას სახეზე გაოცება დაეტყო თითქოს.
ვერაფერს მიხვდნენ.
ვერც ბედავენ რომ შემეკითხონ.
მომშტერებია დაბნეულად მე ბევრი თვალი.
ნაღდად ყველას ვგონივარ მთვრალი...
მე კი ვაგრძელებ...
მას ერთი წლის, ამ ადგილას
მოვხვიე ხელი.
დღეს დაიბადე მშვენიერო
აბა რას ელი?
რასაც ინატრებ მას გაჩუქებ
არ მიჭირს ფული.
მან კი ღიმილით ჩამჩურჩულა
მაჩუქე გული...
მე ვადღეგრძელებ
ვინც ამ წუთას ჩემგან შორს არის.
თან ჩემი ჰქვია,
ამავ დროს ჩემთან არ არის...
ვიცი ნებითაც დღეს ჩემს მკერდში
გულიც არაა
და მაინც ჩემთის,
მასზე კარგი არავინ არის!..
ცოტა ხნის შემდეგ მე ავდგები
და გარეთ გავალ...
დავკრიფავ ვარდებს 21 ცალს
ისევ ნამიანს.
ნაცნობ აღმართზე სიბნელეში ნელ-ნელა ავალ.
და მივადგები ამ გზის ბოლოს ღობეს ჟანგიანს.
კარებს გავაღებ,
თვალს მოვავლებ,
სულ ბალახია.
იმ ადგილს ვეძებ
სადაც ჩემი გული მარხია.
და გავჩერდები ნაძვის ძირში
მე ერთ საფლავთან.
ვარდებს დავაწყობ,
ჩამოვჯდები საფლავის ქვასთან.
ხომ არ გეგონა დამავიწყდი
ჩემო სიცოცხლე?!
ეჰჰ... რა უზომოდ მენატრები
ნეტავ იცოდე...
დაბადების დღის მოსალოცად ამოგიარე.
გადაგიხადე და ამიტომაც დავაგვიანე..."
მე აქამდე ვერაფრით ვიჯერებდი იმას, რომ ადამიანი შეიძლება სიყვარულმა მოკლას. მაგრამ ახლა მჯერა და მზად ვარ, რომ ამ სიყვარულს შევეწირო. ჩემი პირობაც შესრულდება, რომელიც მას მივეცი. მას ლეიკემია ჰქონდა. ჩვენ ერთად ვებრძოდით ამ დაავადებას, მაგრამ ვერ დავამარცხეთ...
იმედი მაქვს, დღეს მას ისევ შევხვდები...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent