შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იყალთოელი ბიჭები ,,ლენა,, (ნაწილი 14)


25-08-2017, 12:28
ნანახია 1 396

სანდროს ლენა იასამნების ქვეშ დაუხვდა.
გოგო გაკვეთილებს ამზადებდა.
ბიჭმა გაიკვირვა:
-გაკვეთილებს ხვალ ვერ დაამზადებ?
-როგორ, ხვალ შენ არ მიდიხარ სიმინდის სამტვრევად?
-მე კი მივდივარ, მაგრამ გოგოებს რაღა გინდათ იქ?
-შენ, სანდრო, რატომ უყურებ გოგოებს ასე ათვალწუნებით? შენ რატომ..
-კარგი, კარგი, ლენა, წამოდი, ისე.. შენ, საერთოდ, ყოჩაღი გოგო ხარ... ჩემს რგოლშიც იმიტომ დაგტოვე.
-როგორ თუ დამტოვე? მეც გარიცხვას მიპირებდი?
-არა, გარიცხვას კი არა, ისე.. უნდა მეთხოვა, დალის რგოლში გადასულიყავი, ადგილს გაუცვლიდი სნაიპერს.
-ვინ სნაიპერს?
-ვახტანგ მრელაშვილს.
-შენ გინდა, რომ მე იმ რგოლში გადავიდე, სანდრო?
-არა, მე მინდოდა შენთვის მეთხოვა, ლენა.
ფეხზე წამომხტარი გოგო ძალიან ნაწყენი დაჯდა, იასამანს ერთი ტოტი წაატეხა და ფოთლებს გლეჯა დაუწყო. მერე წარბშეყრილმა შეხედა და თითქმის ჩურჩულით უთხრა:
-კარგი, წავალ შენი რგოლიდან.
-აი, ლენა, ხომ გითხარი, კარგი გოგო ხარ-მეთქი? ახლა კი ნამდვილი გუნი მეყოლება, თუ ლილიც დავითანხმე.
გოგომ ყური ცქვიტა.
-რა გუნდი გეყოლებაა?
-ფეხბურთის გუნდი. მარტო ჩემი რგოლი იქნება.. და სულ ერთია, გინდა ბუჩუკურთელის რგოლი დაუძახე, გინდა ბუჩუკურთელის გუნდი.
გოგომ წიგნი დაკეცა, იდაყვები დააყრდნო ზედ და მუშტები ლოყებზე შემოიწყო.
-მერე, გაკვეთილები?
-შენ არ შეგიმჩნევია, რომ ახლა უფრო ხშირად ვიცი რუსულის გაკვეთილი?
-შევამჩნიე.. მერე რა?
-მერე ისა, რომ არ მინდა ვინმემ თქვას, ნიკოსავით ბურთს გადაჰყვა და გაკვეთილებს აღარ ამზადებსო. ჩვენი ბიჭები ახლა უფრო კარგად მეცადინეობენ. ერთმანეთს ვეხმარებით, არითმეტიკაში სოსოსთან ვმეცადინეობ, გეოგრაფიას კი ეფრემას ბიჭს მე თავად ვასწავლი.. იცი, რა მოვიგონე ახლა, ლენა?
-რა მოიგონე?
-ის მოვიგონე, რომ სანამ მინდორში ბურთის თამაშს დავიწყებდეთ, მანამდე დავსხამ ბიჭებს და მეორე დღის გაკვეთილს ვაყოლებინებ.. თუ არ იციან, სანამ სიტყვას არ მომცემენ, რომ ისწავლიან, თამაშს არ ვიწყებ.
-ოჰო! გაიკვირვა გოგომ, ხშირად თამაშობთ?
-ხშირად.
-მაშ, რატომ ,,ხშირად'' არ იციან გაკვეთილები შენი რგოლის წევრებმა?
-ჯერ არ მიჩვეულან, ლენა, აი, მიეჩვევიან და ნახავ, როგორი ბიჭები იქნებიან. ახლა უფრო უკეთ სწავლობენ, რადგან იმ კაცს ბურთს არ ვაკარებ, ვინც გამოკითხვისას არა მპასუხობს კარგად.
-შენ ყოველთვის იცი გაკვეთილი?
-არა. სტუმარმა გვიან გასცა პასუხი.
-როცა გაკვეთილი არ იცი, მაშინ მაინც თამაშობ ბურთს?
-ვთამაშობ.
-რატომ თამაშო ხოლმე შენ მაშინ, როცა სხვებმა თუ არ იციან, არ ათამაშებ?
-როგორ? დაიბნა ბიჭი, მე კაპიტანი ვარ და უნდა ვითამაშო.
-ვინ გასწავლით თამაშს?
-ვარდუაშვილი.
-ჩვენი პიონერხელმძღვანელი?
-ჰო, რატომ გაიკვირვე?
-ისე... იმან გითხრა, ასე მოექეცი რგოლის წევრებსო?
-ჰო, იმან მითხრა, ყოყმანის შემდეგ გამოტყდა სტუმარი.
გოგო ჩაფიქრდა, მერე თავი ასწია და სანდროს თვალებში ჩახედა.
-აი რა, სანდრო... მე ხშირად გამიგონია ჩვენი გოგო-ბიჭებისა და უფროსებისაგან, რომ შენ ყოჩაღი და კარგი ბიჭი ხარ.
ბიჭს ეამა ქათინაური და კისერი მოიმამლაყინწა.
გოგომ განაგრძო:
-შენ გინდა, რომ შენი რგოლი სანიმუშო იყოს, ყველა კარგად სწავლობდეს, გამბედავები და კარგი ფეხბურთელები იყვნენ?
-მინდა, რა თქმა უნდა, მინდა.
-პატიოსნები სა სამართლიანები იყვნენ.
-ჰო, აბა რა!
-მაშინ, სანდრო, პირველ რიგში შენ უნდა იყო პატიოსანი და სამართლიანი!
-როგორ! შეხტა ბიჭი და აიმრიზა. მე არა ვარ სამართლიანი?!
-არა.
-რატომ?
-აი, რატომ, სანდრო: შენ როდესაც გაკვეთილი არ იცი, ბურთს მაინც თამაშობ, ხოლო სხვებმა თუ არ იციან, არ ათამაშებ.
-მერე რა, მე კაპიტანი ვარ.
-კაპიტანი რა შუაშია, სანდრო. თუ გინდა, რომ სხვებმა გაგიგონონ და დაგიჯერონ, შენს თავსაც ისე მოექეცი, როგორც სხვებს ექცევი, როცა გაკვეთოლი არ იციან... აბა, რამდენიმეჯერ სცადე, სანდრო, და ნახე, როგორი კარგი იქნება.
ბიჭი გაოცებით მიაჩერდა მასპინძელს. კარგა ხანს ისე უცქირა, თითქოს ამ გოგოს პირველად ხედავსო. მერე იასამნებს იქით გაიხედა.
-შენ მართალი ხარ, ლენა... ვეცდები ისე გავაკეთო, როგორც შენ მირჩიე... მხოლოდ.. აი,
ლილისაც უთხარი, ზიზის რგოლში გადავიდეს... სთხოვე, მე არ დამიჯერებს, აყვირდება, ქვეყანას შემიყრის. შენ კარგი გოგო ხარ... ან პაპაშენს უთხარი. ძალიან უყვარს ლილის პაპაშენი. იმას გაუგონებს. მართლა. სად არის პაპაშენო, რამდენი ხანია, თვალი არ მომიკრავს.
-აკადემიაშია, ლენა უცებ გამოცოცხლდა და გადაიკისკისა. იცი, სანდრო, პაპაჩემს ფერისცვალების საყდრიდან გამოცვივნილი ეშმაკები უნახავს. გაგიგია ასეთი რამე?
სტუმარი პასუხზე შეყოყმანდა. მან კარგად იცოდა, რომ სოფელში გროზნამ დაარხია ეს ხმა, მაგრამ მაინც იხტიბარი არ გაიტეხა.
-ტყუილია, ლენა, იქ არავითარი ეშმაკები არა ყოფილან.
სანდრომ სიფრთხილით აქეთ-იქით მიმოიხედა და მაგიდაზე მასპინძლისკენ ჩურჩულით გადაიხარა.
-ის ეშმაკები ჩვენ ვიყავით.
გოგომ გაოცებისაგან უკან დაიწია.
-როგორ თუ თქვენ?
-ღამე წავედით, გვირაბში გვინდოდა ჩასვლა, მაგრამ სახურავს კლიტე ადევს და ვერ გავაღეთ.
-იმ ბნელ გვირაბში გინდოდათ ჩასვლა?
-ჰო, გასანათებლად სანთლები წავიღეთ.
-აჰ! წამოიძახა გოგომ, პაპაჩემმაც ასე თქვა, სანთლები ეჭირათო. მერე რატომღა გამოცვივდით ისე სწრაფად გარეთ?
-მელანა ბებოს ფურს მგელი სჭამდა.
-მგელი?
-ჰო, მგელი.
-ნამდვილი მგელი?
-ნამდვილი, აბა, მაღაზიაში ნაყიდი?..
-მერე, სანდრო? გოგო წინ გადმოიხარა.
-გადავარჩინეთ.
-როგორ, თქვენ გადააღჩინეთ მელანა ბებოს ფური?
-ჩვენ ვიყავით.
გოგოს თვალები უბრწყინავდა.
-როგორ გადაარჩინეთ, მგლისა არ შეგეშინდათ?
ბიჭი ამაყად გაიმართა წელში.
-ჩვენ მშიშრები არ გახლავართ. სულ ვეფხვებივით ბიჭები ვიყავით, ერთი მგელი რას გვიზამდა? მოვკალით და გავატყავეთ კიდევაც.
გოგო აკისკისდა.
-მოკალით და გაატყავეთ კიდევაც?
-მოვკალით და გავატყავედ კიდევაც.
-არა სტყუი, სანდრო?
ბიჭი წამოდგა და უკმეხად გადახედა მასპინძელს.
-გამოდის, რომ შენთან არც ღირს საუბარი.
გოგო წამოხტა და ხვეწნით ისევ დასვა სკამზე.
-მოიცა, სანდრო, მე ხომ იცი.. თითქოს არა მჯერა.
-არა გჯერა და ნუ ჰჯერა. არავინ გეხვეწება, დაიჯერეო... აი, თუ ჩემთან მოხვალ, გაჩვენებ ტყავს. სხვენში მაქვს. გავჭიმე და, რადგან ბევრი მარილი ვერ ვიშოვეთ, ნაცარი წავაყარე.
-მართლა მოვიდე, სანდრო?
ბიჭი ცოტა ხანს შეყოყმანდა მერე გაახსენდა აქ მოსვლის მიზანიც, და დასთანხმდა.
-მოდი, მხოლოდ არავის უთხრა.
-არ ვეტყვი.
-დაიფიცე.
-მამა მომიკვდეს.
-კარგი, როცა გინდა, მოდი და გაჩვენებ. სტუმარი ერთხანს დაფიქრდა, მერე ლენას ტკბილი ხმით ჰკითხა:
-ის გვირაბი არ გინახავს, ლენა?
-არა.
-არც გინდა ნახო?
-როგორ არ მინდა, მინდა, მაგრამ პაპა არ მიშვებს, ეშინია.
-რისი ეშიინია?
-არვიცი.
-იქნებ იქ ჩაბუდებული ეშმაკებისა? გაიღიმა ბიჭმა.
-არ ვიცი, შეიძლება მაგისიც.
-შენ გჯერა, რომ ეშმაკები ნამდვილად არსებობენ?
ლენა დაფიქრდა.
-არა, სანდრო, ეშმაკები, საერთოდ, არ არსებობენ.
-არც მოგლანდებია როდისმე?
-როგორ თუ მომლანდებია?
-აი, ღამე სადმე არ გივლია?
-როგორ არა, თბილისშიც და აქაც.
-ვინმესთან არა. მარტო თუ გივლია.
-ლილისთან ვყოფილვარ ღამე და იქიდან შინ წამოვსულვარ.
-ჩვენს ხევში თუ ჩასულხარ ღამე?
-ჩავსულვარ.
-არაფერი მოგჩვენებია?
გოგო აიტუზა.
-არ მომჩვენებია, სანდრო, რა ეჩვენებათ ხოლმე?
-რა ვიცი, ვინც მშიშარაა, ხშირად ეჩვენება.
-შენ მოგჩვენებია, სანდრო, როდისმე?
-ერთხელ მომეჩვენა მთაში.
-ნამდვილად, სანდრო?
-ნამდვილად, მაგრამ მერე ადამიანი გამოდგა.
-ეგ როგორ, სანდრო, ადამიანად იქცა?
-არა, ადამიანად კი არა, თვითონ იყო ადამიანი, ჩემი შეშინება უნდოდა.
-მერე, არ შეგეშინდა?
-ცოტა შევფიქრიანდი, გამოტყდა ბიჭი, მაგრამ პაპაჩემისეული დამბაჩა მქონდა გატენილი და შიგ ანთებულ თვალებში დავახალე.
-როგორ თუ ანთებულ თვალებში?
-აი, როგორ: აყუდებულის მთა არის ერთი, სადაც ჩვენი კოლექტივი ბალახს თიბავს ხოლმე. მამაჩემმა კარგი თიბვა იცის და როცა სათიბავად მიდიან, მეც მივყავარ ხოლმე... ეს შარშანდელი ამბავია... ჰოდა, იქ, დაბლა ხევში, ერთი ცივი წყაროა, შამბიან-ბურახიანი. იქამდე ჩასასვლელი ბილიკი ხეებითაა ჩაბნელებული, წყალი იქიდან ამოაქვთ ხოლმე მთიბავებს. ერთ საღამოს ბაზერაანთ მიხა დანაძლევებია მამაჩემს: შენი ბიჭი ახლა წყაროდან წყალს ვერ ამოიტანს, შეეშინდებაო. მამაჩემმა იცის, რომ მე მშიშარა არა ვარ, კარგიო, უთქვამს. გამგზავნეს წყალზე. წავედი და ტყისპირა ბულულის ქვეშ დამალული ჩემი დამბაჩა გამოვიღე, ჯიბის ფარანიც გავიყოლე. მგლებს სინათლისა ეშინიათ... მიხას თურმე ჩუმად მოულაპარაკია ლაცაბიძიანთ ფარნაოზთან. ჰოდა, წყალზე წასული, ტყეში რომ შევედი, უცებ ისეთი ღრენა-ღმუილი გავიგონე, კინაღამ ხეზე არ ავვარდი. გავიხედე, მოშორებით ორი ანთებული თვალი მიყურებს.
-ვაიმე! უცებ წამოიძახა გოგომ, მე გული გამისკდებოდა. მერე?
-მერე არაფერი, ვიძრე დამბაჩა და დავახალე.
-მოკალი? აღტაცებით დაიძახა გოგომ.
-ვერა.
-მაშ, როგორ გადარჩი? არ გიკბინა მაინც?
-მგელი არ ყოფილა.
-ეშმაკი? კიდევ აიტუზა გოგო.
-არა, ლაცაბიძიანთ ფარნაოზი იყო.
-როგორ გაიგე?
-თვითონ დაიძახა: არ მომკლა, შე ქვისნატეხო, ლაცაბიძიანთ ფარნაოზი ვარო!
-მაშ, თვალები როგორ უელავდა?
-ორი ანთებული პაპიროსი მიეტანა თვალებთან.
-ვაიმე! რაზე მოკლავდი!
-მაშ, რაზე მოვკლავდი! წააგეს სანაძლეო.
-ესე იგი, ეშმაკი არ იყო.
სანდრომ გაიცინა.
-როგორც გინდა დაუძახე, ფარნაოზი ეშმაკზე ნაკლებიი არ არის.
გოგო კვლავ ჩაფიქრდა.
-მაშ, შენ კიდევ აპირებ წასვლას?
-ჰო, მარტო მე კი არა, მთელი რგოლი წავალთ.
-დღისით?
-არა, დღისით პაპაშენი დაგვიფრენს იქიდან ღამე.
-ბევრი იქნებით?
-თერთმეტ-თორმეტი კაცი.
-უჰ! იცი, სანდრო... მე ვერ წამიყვანთ?
სანდრო წამოხტა, გოგოს ახედ-დახედა და ჩაიხითხითა.
-შენა? ღამე, აკადემიაში, გვირაბში!
-ჰო, სანდრო, წამოვალ.
-მერე, არ გეშინია?
-თქვენთან არ შემეშინდება, სანდრო, და, საერთოდ, არა ვარ მშიშარა.
-შეგეშინდება.
-არ შემეშინდება.
-ინანებ, ლენა.
გოგო დაფიქრდა.
-არ ვინანებ.
ბიჭმა ყინჩად გაიარ-გამოიარა მაგიგის გასწვრივ, მერე გაჩერდა და ღირსებით, დიდსულოვნად დართო ნება.
-კარგი, წამოდი.
მასპინძელი სიხარულით შეხტა.
-რა კარგია, უეჭველად წამოვალ, სანდრო... როდის წახვალთ?
-აი, საქმეც ეგ არის ლენა.
-რა არის, სანდრო?
-რა და ისა... რომ გვირაბის გასაღEბი არა გვაქვს და პაპაშენიც ხელშიც არ გვიგდებს.
-მაშ, რა უნდა ვუყოთ? დაღონდა გოგო.
ბიჭმა აქეთ-იქით მიიხედ-მოიხედა.
-აი, რა ლენა, უნდა მოჰპარო პაპაშენს ის გასაღები.
ლენამ უკან დაიხია.
-არა, სანდრო, მე მაგას ვერ ვიზამ.
ბიჭმა ყურები ჩამოყარა.
,,ერიჰაა! მაშ, ამდენ ხანს ტყუილად ვიქაქანე? ნუთუ გასაღებს ვერ ჩავიგდებთ ხელში?.. არა, გასაღები აუცილებელია''.
-როგორც გინდა, ლენა, მე შენთვის გეუბნები, უმაგისოდ ჩვენ იქ ვერ ჩავალთ... და არც დავკარგავთ იმ გასაღებს ისევ მოვუტანთ.
-არ შემიძლია, სანდრო.
-რატომ? იმას რა დიდი რამე უნდა?
-მოპარვა? არა, სანდრო, ჩემს სიცოცხლეში არაფერი მომიპარავს.
ბიჭი დაღონდა.
-როგორმე სხვანაირად ჩავიდეთ, სანდრო.
-იქ ერთი ჩასასვლელია, სხვა გზა არა აქვს.
-მაშ, რა ვუყოთ?
-უნდა მოვპაროთ.
-არ შემიძლია.
-იცი რა, ლენა, განა ეგ ქურდობა იქნება? არ იქნება, დამიჯერე. ქურდობა რომ იყოს, მე თვითონ არ გირჩევდი. გასაღებს ისევ დაგიბრუნებთ, არ დავკარგავთ.
-რომ დავკარგოთ?
-არ დავკარგავთ.
-კარგი, სანდრო, ოღონდ ნუ დავუკარგავთ. ძებნას დაუწყებს და იწვალებს, როდის-როდის ამოღერღა გოგომ.
-უეჭველად წაგიყვანთ შენც, ლენა.
-კარგი, როდის წავალთ?
-გაგაგებინნებთ.
-არ გამომიშვებენ, ჩუმად უნდა გამოვიპარო.
-კარგი, გამოიპარე.
-როგორ გამაგებინებთ?
-დღისით გეტყვით, ღამე კი გოგია ჭოტივით დაიკივლებს.
-როგორ კივიან ჭოტები.
-აი, ასე: ჭოოტ! ჭოოტ! ჭოოტ! დააჯავრა ჭოტს ბიჭმა, სამჯერ დაიძახეს და გამხმარ ნეკერჩხალთან დაგიცდის რიყის პირას.
-კარგი, გამოვალ.
-ახლა წავედი, ლენა, აჩქარდა ბიჭი.
-კარგი, წადი, სანდრო, ხვალ ხომ მოხვალ სიმინდში?
-უეჭველად.
უცებ გოგოს რაღაც გაახსენდა და გაბრუნებულ ბიჭს გასძახა:
-სანდრო!
-რა გინდა, ლენა? ბიჭი შეშფოთებული მოტრიალდა, გასაღების მოპარვა ხომ არ გადაიფიქრაო.
-იცი, რა, სანდრო, მიუახლოვდა გოგო. შენ და ნიკომ რაზე იჩხუბეთ?
ბიჭი შეხტა გაოცებისაგან.
-როდის, ვინ გითხრა?
-არავინ, ხმები დადის.
-როგორ თუ ხმები? რა ხმებია. ზალიკო გეტყოდა.
-ზალიკო არც მინახავს სალაპარაკოდ.
ბიჭი აფეთქდა.
-ჩვენი რგოლიდან ვინმემ?
-თქვენს ბიჭებს გაზით ვერ ამოაცლი ასეთ რამეზე სიტყვას.
-მაშ, ვინ მოჩმახა?
-არავინ, მე თვითონ ვიცი.
-საიდან იცი?
-ვიცი.
-სისულელეს ამბობ.
გოგომ იწყინა.
-აქ დამიცადე, ამ წუთში მოვალ.
შემცბარი ბიჭი უნებურად გაჩერდა.
-ცოტა ხნის შემდეგ გოგო სახლიდან გამოვიდა და თან მთელი დასტა ქამრები გამოიტანა.
-წაიღე, სანდრო. ნიკო მე ავხსენი მსხლიდან... სამჯერ მოვიდა, მეხვეწა და არ გავატანე... წაიღე, ბალთაზე და ამომწვარ ასოებზე ვიცანი შენი ქამარი.
იდგა გახვევებული ბიჭი და მზერა ხან ქამრებზე გადაჰქონდა და ხან მის მომტანზე. მერე გოგრასავით თეთრი კბილები გამოჰყარა გარეთ.
-აი, თურმმე რატომ ვერ მოიტანა სნაიპერმა იმ ღამეს.
კარგა ხანს არაფერი უთქვამს. მერე მადლობა გადაუხადა და გახარებულმა შინისაკენ გასწია.
გულდაწყვეტილი გამობრუნდა გოგო, მაგრამ ჯერ კიბემდე არ იც კი იყო მისული, რომ ისევ დაუძახეს.
ლენა გამოტრიალდა.
მობრუნებული სანდრო წინ გაუჩერდა და ერთხანს იტკეპნებოდა ადგილზე. მერე უცებ თავი ასწია, თვალებში შეხედა და ყოყმანითა სთქვა.
-იცი, რა, ლენა, პიონერხელმძღვანელს ნუღარაფერს ეტყვი დალის რგოლში შენს გადასვლაზე...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent