მარიონეტი (პირველი თავი)
„თუ ღმერთი ერთი წამით მაინც დაივიწყებდა, რომ მე ნაჭრის ნაკუწებისგან შეკერილი თოჯინა ვარ და მაჩუქებდა სიცოცხლის ერთ პაწაწინა ნაგლეჯს, ალბათ არ ვიტყოდი ყველაფერს, რასაც ვფიქრობ, მაგრამ აუცილებლად ვიფიქრებდი ყველაფერზე, რასაც ვამბობ“. გაბრიელ-გარსია-მარკესი დეკემბრის შუა რიცხვები იდგა თბილისში, როცა მძიმე სამუშაო დღის შემდეგ, დაღლილი, ასე ოცდაათ წლამდე ქალი ოფისში დაბრუნდა. მართალია მუშაობა ეზარებოდა, მაგრამ როგორც მდივანმა შეატყობინა, სამუშაო მაგიდაზე მორიგი, ახალი საქმე ელოდა. ავტომობილი ავტოსადგომზე გააჩერა. გარეთ ისევ თოვდა. შურით გახედა ლამპიონების შუქით განათებულ მოფარფატე თოვლის ფიფქებს. სხვა დროს ალბათ კმაყოფილი, ბედნიერი სახით, ხელებგაშლილი იტრიალებდა, სახეს მიუშვერდა და დატკბებოდა ესოდენ მონატრებული თოვლით, მაგრამ ახლა მოგონებებმა მტკივნეულად შეახსენეს თავი. უარყოფის ნიშნად თავი გააქნია, თითქოს ასე სურდა აბეზარი ფიქრების მოშორება. - მგონი მართლა ვბერდები! - ირონიულად ღრენით გააკრაჭუნა კბილები. კაშნეს ნაცვლად ლაბადის საყელო ისე აიკეცა, რომ ნახევარი სახე დაეფარა. ავტომობილის უკანა სავარძელზე დალაგებული დოკუმენტებით სავსე ფოლდერები წამოკრიფა და გეზი ჩაბნელებული შენობისკენ აიღო. ქუსლების კაკუნის ნაცვლად, ფეხქვეშ ისევ სასიამოვნოდ ღრიჭინებდა თოვლი. შენობაში შესვლამდე ერთხელ კიდევ შეავლო თვალი თოვლით გადათეთრებულ ნაგებობას. ოფისი გარედან დიდი ვერაფერი. ჩვეულებრივი ხუთსართულიანი, ნაცრისფერი, ცემენტით შელესილი ძველი, კომუნისტებისდროინდელი ადმინისტრაციული შენობა გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ მისი სამუშაო ადგილი არც გაპრანჭულ, რაიმით დიდად გამორჩეულ ადგილას, არც VP მეზობლებით დასახლებულ უბანში არ გახლდათ, თბილისში (და არამარტო თბილისში) მაინც ყველამ იცოდა ამ ადილზე იურიდიული კომპანიის არსებობის შესახებ. ამ შენობას აშკარად აღარაფერი ჰქონდა საერთო იმ მოჟამულ კარკასებთან პირველად რომ ნახა მეგობრებთან ერთად, რაც უდავოდ მისი და მისი მეგობრების, მუყაითი შრომის შედეგი გახლდათ. დოკუმენტებით დატვირთულ ქალს ოდნავ შესამჩნევად გაეღიმა, ახლა მუშაობის ნაცვლად ყველაფერზე მეტად მათთან ყოფნა სურდა. - მალე ახალი წელიც დადგება! - ხმამაღლა ფიქრობდა. იყო, დრო როცა ამ დღეს ერთად ხვდებოდნენ. მონატრება ასე მძაფრად არასოდეს უგრძვნია - რაღაც ზედმეტად შემომიტიეს სენტიმენტებმა! - ჩაფიქრებული მძიმედ მიაბიჯებდა ნაფეხურებით გაკვალულ, დატკეპნილ ბილიკზე. შენობაში შესვლამდე რამდენიმეჯერ შეხტა, ამ ჩვევას ვერა და ვერ გადაეჩვია, ბავშვობიდან ასე ცდილობდა დათოვლილი ლაბადიდან თოვლის ჩამოყრას. მეთოდმა ამჯერადაც გაამართლა. ფეხების ტყაპუნით შევიდა ჰოლში. ჩაბნელებულ, თანამშრომლებისგან დაცლილ შენობაში, მხოლოდ დაცვის თანამშრომლის ჯიხური იყო განათებული. - კომუნალურების თანხას ზოგავს?! - ღრენით მიარტყა ხელი კარებთან დამონტაჟებულ ჩამრთველს და მისაღებიც განათდა - მიშა ბიძია ნეტა გამაგებინა, სიბნელეში ჯდომა რატომ მოგწონთ?! დაცვის ჯიხურიდან გამოსულ სამოცდაათ წლამდე, ულვაშიან დაცვის თანამშრომელს საყვედურები მყისვე დააყარა. თუმცა მამაკაცს მისი ტონი არც შეუმჩნევია და არც სწყენია. ქალის გვიან მისვლა ნამდვილად არ გაჰკვირვებია, სამხედრო ფორმის, ძველი, ხელით დაკერებული, „დალატკული“ ლაბადა მისი ასაკისთვის შეუფერებლად მკვირცხლად შეისწორა და დოკუმენტების ნაწილი ჩამოართვა. - რამდენჯერ უნდა გითხრათ. ამ სიმძიმე ფოლდერებს თქვენ ნუ დაატარებთ! - წყრომით გახედა კაბინეტის გასაღების მოლოდინში დაცვის ჯიხურის კარებთან გაჩერებულ ქალს. - ეჰ, ბატონო მიხეილ. ასე სადაა. როცა საქმე ითხოვს. - შეძლებისდაგვარად, აშკარად ხელოვნური ხალისიანობით უპასუხა. - როდემდე შვილო, როდემდე?! ეტკინა ნინოს მისი სიტყვები. თვალები ცრემლებით აევსო, თუმცა თავის შეკავება მაინც შეძლო. მოხუცმა კარგად იგრძნო მისი ხასიათის ცვლილება. ჩამორთმეული დოკუმენტები მაგიდაზე დაალაგა. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად იცოდა ქალის კაბინეტის ნომერი, დროის გასაყვანად, მაინც ჩაეკითხა. გასაღებების მოზრდილ ნუსხაში სასურველი ნომრის მოსაძებნად სქელყდიანი ჟურნალი სათითაოდ გადაფურცლა, გასაღების გადაცემის დასადასტურებლად ხელიც მოაწერინა. როგორც კი დარწმუნდა, რომ ხელისმოწერა სრული წესების დაცვით შეასრულა, გასაღებების საგულდაგულოდ დალუქულ კარადას ლუქი ახსნა და როგორც იქნა ოთახის გასაღებიც მიაწოდა. - მაპატიე შვილო, ხომ იცი ჩემი გრძელი ენის ამბავი?!. - აშკარად ნანობდა მოხუცი ნათქვამს. - არაფერია, მიშა ბიძია. უკვე მივეჩვიე! - ისევ გაღიმება სცადა ნინომ. - ცხოვრება კიბეა შვილო, ხან მაღლა ადიხარ, ხან - დაბლა. მოწიწებით წამოკრიფა მაგიდაზე მოთავსებული ფოლდერები და კიბეებისკენ მიმავალ ქალს ფეხდაფეხ მიჰყვა. მორიგი შეცდომის შიშით ხმას არ იღებდა მოხუცი. არც დაღლილ ნინოს ჰქონდა გულთბილი საუბრის განწყობა. ფიქრებში ისევ მამაკაცის ნათქვამ ფრაზას უტრიალებდა. მისთვის ცხოვრება დიდიხანია დაღმა ეშვებოდა. დასასრული კი არადა არ ჩანდა. ღრმად ჩაისუნთქა და თვალი მოავლო ჩაბნელებულ ოთახებს. ხალხმრავალობას მიჩვეულს არ უყვარდა დაცლილი, ჩაჩუმებული დარბაზების ცქერა. ერთი სული ჰქონდა სწრაფად შესულიყო კაბინეტში. დოკუმენტებით დატვირთული წყვილი მძიმედ მიაბიჯებდა ხის კიბეებზე. მდუმარებას მხოლოდ მათი ნაბიჯების ხმა არღვევდა. გზადაგზა ჩამრთველებს რთავდნენ და დარბაზებიც ერთი-მეორეს მიყოლებით, რიგ-რიგობით ნათდებოდა, ნინოსაც თითქოს ნელ-ნელა ეხსნებოდა მხრებზე ტვირთივად დაწოლილი სიმძიმე. სულ რამდენიმე წუთში ყვითლად განათებული კოლიდორიც გადაკვეთეს და როგორც იქნა კაბინეტში შევიდნენ. - ნინო შვილო, დაბლა ვიქნები, თუ დაგჭირდი დამიძახე. - რა თქმა უნდა, მიშა ბიძია. დიდი მადლობა! - არ მოგერიდოს იცოდე! - გამაფრთხილებლად დაუქნია ხელი მოხუცმა. - არ მომერიდება! - ამჯერად თბილად გაუღიმა კარში მდგომს. მიხეილი გავიდა თუ არა, სავარძელში ჩაჯდა. დაღლილი თვალები მოავლო ოთახს. თითქოს არაფერი შეცვლილიყო. ისევ პატარა მაცივარი, რომელსაც ყავის მოსადუღებელი მაგიდის ფუნქციაც ეტვირთა. ზედ ედგა ფერადი ელექტრო ჩაიდანი და რამდენიმე ჭიქაც. მარჯვენა კედელი მთლიანად ფერად-ფერადი ფოლდერებით დატვირთული თაროებით იყო სავსე, ერთმანეთისგან გასარჩევად პატრონს ლამაზი კალიგრაფიით მიეწერა საქმის ნომრები და კლიენტების სახელები და გვარები. ოთახის შუაგულში თაროებისვე ფერი ხის მაგიდა მოეთავსებინა, ასეთივე ფერის ტყავის სავარძლით. სამუშაო მაგიდა მუდამ სუფთად ჰქონდა მილაგებული. არაფერი ზედმეტი, მხოლოდ სამუშაო კომპიუტერი და ერთად-ერთი წლების წინ გადაღებული ფოტო, რომლიდანაც სამ, აკადემიურად ჩაცმულ ვაჟთან ერთად საღამოს კაბაში გამოპრანჭული ბედნიერი ნინო იღიმოდა. კედელზე დაკიდებულ სარკეში საკუთარი გამოსახულება შეათვალიერა. წინ მდგომ ქალს არაფერი ჰქონდა საერთო ფოტოდან მომღიმარ, უდარდელ გოგონასთან. თვალებთან გაჩენილ წვრილ ნაოჭებს აღარც სქლად დატანილი მაკიაჟი ფარავდა. აღარც თვალები უცინოდა. სარკიდან ცხოვრებისგან დაჩაგრული, გაწამებული ადამიანი შემოსქცეროდა. ერთი კი გაექცა თვალები კომპიუტერის კლავიატურასთან დადებულ ტყავის მოზრდილი საქაღალდისკენ, თუმცა დოკუმენტების ნახვა ვერ გაბედა. იმდენად იყო დამძიმებული, რომ ახლა სხვისი პრობლემების მოგვარების არც სურვილი ჰქონდა და არც განწყობა. - ყავას დავლევ, იქნებ ოდნავ მაინც მიშველოს. - თუმცა ჩაიდნამდე ვერ მიაღწია. ლაბადის ჯიბეში მობილური აწკრიალდა. უხალისოდ ამოიღო ტელეფონი, ერთი კი დახედა ეკრანზე გამოსახულ ფოტოს და სხეულში გააცია. - არ ვუპასუხებ! - ისევ უკან ჩატენა. თუმცა მობილური ჯიუტად რეკდა და რეკდა. საბოლოოდ მოწყინდა, როგორც იქნა დააჭირა ტელეფონის მწვანე ღილაკს და მამაკაცის ხრინწიანი, გაღიზიანებული ხმაც გაისმა: - დაყრუვდი, ტელეფონს რატომ არ პასუხობ?! - ავტომობილით ვმოძრაობდი და არ მესმოდა. - ურცხვად იცრუა ქალმა. - მოძრაობდი, ანუ უკვე გაჩერდი, ახლა სად ხარ? - სამსახურში გადაუდებელი საქმე გამომიჩნდა და იძულებული გავხდი დავბრუნებულიყავი. - გადაუდებელი? შენ და შენი საქმეები, - ტელეფონში ირონიულად ახარხარდა მამაკაცი - ანუ, ამაღამ არ მოხვალ? - სავარაუდოდ. - არ მოგბეზრდა?! - ვერ მივხვდი?! - დაიბნა ნინო. - სახლში რომ არ მოხვიდე, ყოველთვის ამას იმიზეზებ. შეიძლება ყოველთვის ასე მპასუხობდე?! - ვერ გავიგე, გგონია ვცრუობ? - ხმა აუკანკალდა. - იმედია ამაღამ საერთოდ არ მოხვალ. იცოდე, კარს ურდულით ვკეტავ და შემოსვლას ვერ მოახერხებ. - ურდულით რატომ, გასაღები არ გვაქვს? - ვერ მიუხვდა ნინო. - ალბათ გვაქვს, მაგრამ მე ასე მინდა. დარწმუნებული ვარ იპოვი ღამის გასათევს. - გგონია, აქ ყოფნა მსიამოვნებს? - ხმას აუწია ქალმა. საპასუხოდ ტელეფონის მეორე მხარეს მხოლოდ უშვერი სიტყვებით გინება მიიღო. ეკრანზე გამოსახულ ფოტოს ზიზღით დახედა და ტელეფონი უხეშად მოისროლა. არ უნდოდა, მაგრამ ცრემლების შეკავებას ვეღარ ახერხებდა. ნერვებისგან ცახცახებდა. კარგად ხვდებოდა, აქ ყოფნას აზრი აღარ ქონდა, დღეს მუშაობას მაინც ვეღარ შეძლებდა. თუმცა ეს ხომ აქ მოსვლამდეც იცოდა?! მაშ რა სჭირდა, რატომ მოვიდა? პასუხი იცოდა, თუმცა ხმამაღლა ვერ აღიარებდა. თავადაც ხვდებოდა, რომ ტელეფონის მეორე მხარეს მყოფ მამაკაცს გაღიზიანების საფუძველს თავადვე აძლევდა. თუმცა ამას შეგნებულად არ აკეთებდა. უბრალოდ ეს ერთად ერთი ადგილი იყო, სადაც სხვის პრობლემებს ამოფარებულს, საკუთარ სადარდებელზე საფიქრად აღარ ეცალა. კიდევ ერთხელ ეტკინა, კიდევ ერთხელ მოიტყუა თავი. წელმოწყვეტილმა ძლივს აითრია სხეული. ისე მძიმედ წამოდგა, თითქოს ასი წლის მოხუცი ყოფილიყო. არ უნდოდა, თუმცა მექანიკურად მოქმედებდა. მაგიდაზე დაგდებული ავტომობილის გასაღებს დაწვდა და ერთხელ ამოვლილ კიბეებს დაუყვა. - ნინო, შვილო, აბა, მუშაობას ვაპირებო? - მიშა ბიძიამ თავი გამოყო მცირე ზომის სარკმლიდან. - დღეს არა, დღეს ვეღარ! - ცრემლებს ვეღარ იკავებდა ქალი. - ფრთხილად იარე. - უკვე საჭესთან მჯდომს დაეწია ოფისის კარებში მდგომი დარაჯის აღელვებული ხმა. ქალს ხელები უკანკალებდა, ძლივს მოარგო გასაღები კლიტეს. სალონში ჩაჯდა. ავტომობილი დაქოქა, თუმცა ადგილიდან დაძვრა ვერ შეძლო. თავი საჭეზე ედო და ისე ტიროდა. როგორ მოვიდნენ ამ ეტაპამდე, როდის ისწავლეს ერთმანეთის სიძულვილი? სიყვარულით შექმნილმა ოჯახმა როდის მიიღო ჯოჯოხეთის სახე?! არადა, ყველაფერი სრულიად სხვაგვარად დაიწყო, ლაღად, ბავშვურად და ეგონა ასევე გაგრძელდებოდა. ახლაც გუშინდელივით ახსოვდა წარსული, ახლაც ისევე სტკიოდა. ნინო ერთი ჩვეულებრივი თბილისელი გოგო იყო. ოდნავ მეჩხერი კბილებით, კაფანდარა, სიფრიფანა. ორად გაყოფილი, მსხვილი ნაწნავებითა და დიდი მეტყველი თაფლისფერი თვალებით. ერთი შეხედვით თითქოს არაფრით გამორჩეული, მაგრამ რაღაც გაურკვეველი ხიბლით. შეუძლებელი იყო ქუჩაში გაევლო და გამვლელების ყურადღება არ მიექცია. ლამაზს ვერ უწოდებდი, თუმცა ისიც ფაქტი იყო, რომ არც უშნო ითქმოდა. ჩაცმულობა - ალბათ, უფრო სპორტული. ჩაჩაჩული ჯინსებითა და თითქმის სამი ზომით დიდი მაისურებით მუდამ ბიჭურად, გან-გან დადიოდა. არ ატარებდა მაკიაჟს, არ იპრანჭებოდა. თავზე უკუღმა შებრუნებული ტყავის, გადახუნებული კეპი ეფარა. ერთად-ერთი რაც მის ქალურ შტრიხებს გამოყოფდა უზომოდ გრძელი, თხელი და მუდამ მოვლილი თითები და გრძელი თმა გახლდათ. ხომ ასეთი მშვიდი იყო, მაგრამ სადაც ნინო იყო, მუდამ ბევრი ხალხი ტრიალებდა. გგონიათ ამას განზრახ აკეთებდა? როგორ გეკადრებათ. უბრალოდ ზედმეტად მშვიდი ნინოსგან არავინ მოელოდა ბავშვური სიცელქის გამოვლინებას, მცირედიც კი უკვირდათ, აოცებდათ და შემდეგ წლობითაც იგონებდნენ. მუდამ გამოირჩეოდა ყველაზე ურჩი და ავარა მეგობრებით. ერთად დადიოდნენ ყველგან, შატალოებიდან დაწყებული - დაბადების დღეებით დამთავრებული. ერთად თვრებოდნენ და ერთადვე ფხიზლდებოდნენ. მეგობრებს შორის მსგავს დამოკიდებულებაში ალბათ არაფერი იყო უცნაური და განსაკუთრებული, თუ არ ჩავთლით იმას, რომ მისი მეგობრები მამრობითი სქესის წარმომადგენლები გახლდნენ. მისი ჩაცმულობისა და მეგობრების გამო, სამეზობლოს ჭორიკანა ქალბატონებმა „ქალა-ბიჭას“ იარლიყიც მიაკრეს. თუმცა ამ ფაქტს არც ქალიშვილი და არც მისი ოჯახი დიდად არ აუღელვებიათ. მიუხედავად მრავალრიცხოვანი მეგობრებისა, მის ცხოვრებაში მაინც გამოარჩევდით სამ მთავარ მოქმედ გმირს: დათუნას, ტატოს და ლაშას. რატომ მაინც და მაინც ისინი? არ ვიცი, თითქოს ყველაფერი შემთხვევით დაიწყო. უბრალოდ ასე უნდა მომხდარიყო და მოხდა კიდეც. წინასწარ ერთმანეთის გაცნობა არც ერთს არ დაუგეგმავს. თუმცა მგონი ჯობს ყველაფერი ნელ-ნელა გიამბოთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.