მარიონეტი (მეორე თავი)
ორივე საბურთალოზე, ვეძისში ცხოვრობდნენ, ის და დათუნა ქათამაძე. თავიდან მხოლოდ კარის მეზობლები, შემდეგ საერთო ბაღი, დათუნასთან გაზიარებული მაგიდა ოთახის კუთხეში და გვერდით მჯდომი ტყუპი ძმა, ლაშა და ტატო. თუმცა ძმებს შორის ნამდვილად გაგიჭირდებოდათ მსგავსების ნახვა. ლაშა, ქერა, ცისფერთვალება, ბუთხუზა და ასაკთან შედარებით საკმაოდ დიდი ტანის ბავშვი იყო. ტატო კი პირიქით, მუქი წაბლისფერი თმით, გამხდარი, გასლიკული, მკვირცხლი, ანცი თაფლისფერი თვალებით, სიმაღლეშიც საგრძნობლად ჩამორჩებოდა ძმას. ბავშვები ერთმანეთს შორიდან აკვირდებოდნენ. დათუნას და ნინოს რატომღაც არ მოსწონდათ ტვიქსებივით, ერთმანეთის მსგავსი ტანისამოსით შემოსილი, მუდამ ერთად მოსიარულე, ვიზუალურად აბსოლიტურად განსხვავებული ტყუპი. შორიდან უბღვერდნენ და როგორც კი საშუალება მიეცემოდათ ეკინკლავებოდნენ. საჩხუბარ მიზეზს კი რა დალევდა?! ან სათამაშოებს ვერ იყოფდნენ, ან სახატავ ფანქრებს. მასწავლებლები მათ დაშოშმინებას ვერა და ვერ ახერხებდნენ. ბოლოს ისიც კი გადაწყვიტეს, ოთახის სხვადასხვა ბოლოში დაესვათ, რომ ერთმანეთთან ნაკლები შეხება ჰქონოდათ. თუმცა უშედეგოდ. დაუსრულებელ კინკლაობაში გადამწყვეტი როლი მორიგმა ჩხუბმა შეიტანა. ამჯერად პატარებმა წითელი ვაშლი ვერ გაინაწილეს. პედაგოგებს აშკარად არ გაუმართლათ: ნინოს და ლაშას ერთი და იგივე ვაშლი მოეწონათ. დათუნამ ნინოს დაუჭირა მხარი, ლაშას - მისმა ძმამ. წაკინკლავება ამჯერად დათუნას და ტატოს ჩალურჯებული და დალილავებული სახეებით, ნინოს ღერა-ღერა დაწიწკნილი კიკინებითა და გაჩეჩილი, გაწეწილი თმით დასრულდა, მაგრამ ქალიშვილს მისი თმა აშკარად არ აღელვებდა, ვაშლის მოპოვებით გახარებული, გამარჯვებული, ყურებამდე იღიმოდა. სამაგიეროდ ვაშლის დაკარგვით ნაწყენ, ბიჭების მსგავსად ნაცემ და ტანისამოს შემოძენძილ, იქვე მდგომ, ატირებულ ლოყებღაჟღაჟა, ბუთხუზა ლაშას უშედეგოდ ამშვიდებდა ძმა. - ბიჭები არ ტირიან! - დათუნას ამოფარებულმა, კოპებშეკრულმა გახედა ატირებულ ჯგუფელს ნინომ. სინდისის ქენჯნა კი იგრძნო, მაგრამ რა ექნა?! აშკარად მადის აღმძვრელად გამოიყურებოდა წითელი, პრიალა ვაშლი, თუმცა უნდა ვაღიარო, გოგონამ, როგორც კი თავი გამარჯვებულად დაიგულა, ვაშლის შეჭმის სურვილიც დაკარგა. გვერდულად გახედა იქვე მდგომ, ნაცემ მეგობარს, რომელსაც საკუთარი, თითქმის ანალოგიური ვაშლი ხელშეუხებლად ედო თეფშზე. არადა, მსუნაგი ლაშა ისევ აღვარღვარებდა ცრემლებს. - აღარ მინდა. ამ ვაშლს არ შევჭამ. - როგორც იქნა ამოღერღა და დათუნას შეაჩეჩა ნადავლი. - არც მე მინდა. - ხელში არტიალებდა ბიჭი, თუმცა არც ბავშვებისთვის ემეტებოდა. - არ გეცოდებათ, პატარას როგორ ჩაგრავთ?- დიდი კაცივით გაეყინჭათ ცხვირპირ-დალილავებული ტატო. - პატარას? - გაოცებულნი უმზერდნენ მათზე ბევრად მაღალსა და მსუქან ლაშას ნინო და დათუნა. - დიახ, პატარას. ჩემზე უმცროსია, მთელი ნახევარი საათით. - უკანასკნელი სიტყვები შეთქმულივით, ჩურჩულით წამოსთქვა ტატომ. - ნეხევარი საათით?! - ჩურჩულითვე გაიმეორეს ბავშვებმაც. - დიახ. დედამ ასე მითხრა. შენზე უმცროსია, არ უნდა ატკინო და უნდა დაიცვაო! - ამაყად ჩურჩულებდა ტატო. არ ვიცი რა იფიქრეს, რა გადაწყვიტეს, ერთი კი ახედეს ეჭვით წინ მდგომ ატირებულ ბიჭს. ფაქტი იყო, რომ ბავშვებს ტატოს ნახსენები ნახევარი საათი აშკარად დიდ შუალედად მოეჩვენათ. ვაჟი ნინომ და დათუნამაც მათზე ბევრად უმცროსად ჩათვალეს, ერთმანეთში რამდენიმე წამიანი თათბირის შემდეგ, ამხელა ბრძოლითა და ჩხუბით მოპოვებული ვაშლი, ნებით დაუთმეს ატირებულ ცალს. - შენ არ გინდა? - ამჯერად საკუთარი ვაშლიც მიაწოდა ტატოს დათუნამ. - არა. მე დიდი ვარ, უფროსები კი ვაშლს არ ჭამენ! - მტკიცედ გამოუცხადა ბიჭმა. ასე მიიღო ლაშამ ზედმეტსახელად „პატარა“. მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში ძმები თვეებით უფროსები იყვნენ დათუნაზეც და ნინოზეც, ვაჟი მაინც სამივესთვის უმცროს ძმად რჩებოდა. ბავშვებს შორის მომხდარ დაპირისპირებას, რა თქმა უნდა უკვალოდ არ ჩაუვლია. დირექტორის კაბინეტში ოთხივეს მშობელი დაიბარეს. აწურული უფროსები შვილების ნაცვლად იხდიდნენ ბოდიშს და მოთმინებით ისმენდნენ ბაღის ფსიქოლოგის საკმაოდ ხანგრძლივ მონოლოგს, მცირეწლოვან ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში აგრესიის ჩახშობასთან დაკავშირებით. - მითხარით, როგორ მოვიქცეთ?! თქვენი ველური შვილების გადამკიდე დანარჩენებსაც ხომ არ შევუქმნით საფრთხეს? - ვინ იცის მერამდენედ იკითხა დირექტორმა. თავდახრილ მშობლებს კი პასუხი არ ჰქონდათ. - მოიფიქრეთ, გადაწყვიტეთ და თქვენი პასუხი მასწავლებელს გააგებინეთ. ერთმანეთში კაბინეტიდან გამოსვლისთანავე ითათბირეს. ხანგრძლივი სჯა-ბაასის შემდეგ, სამივე წყვილმა მყარად გადაწყვიტა, ბავშვებს იქ აღარ დატოვებდნენ და სასწრაფოდ გადაიყვანდნენ. გადაწყვეტილების გასაცნობად იმ დღესვე მიაკითხეს მასწავლებელს, თუმცა ბავშვების ოთახში შესრულებს, სათქმელი სიტყვები პირზე შეაშრათ, გაოცებისგან თვალები გაუფართოვდათ. ოთხეულს ჯგუფის ბოლოში მაგიდები გაეერთიანებინათ და ერთად ისხდნენ. მულტფილმების პერსონაჟებით გაფორმებული გასაფერადებლები გაეშალათ და ვითომც არაფერი, მშვიდად ხატავდნენ. - ცხელ გულზე გადაწყვეტილების მიღება არ გინდათ. დავაცადოთ, იქნებ აღარც იჩხუბონ. - ფრთხილად შეაპარა დაბნეულ წყვილებს პედაგოგმა. მართალია მშობლები ისევ ყოყმანობდნენ, მაგრამ პედაგოგს მაინც დაუჯერეს და არც შეცდნენ. ასე თუ ისე, ბავშვები როგორღაც მორიგდნენ, დალაგდნენ. იმ დღიდან მოყოლებული ჩვენი ოთხეული ოთახის ბოლოში გაერთიანებულ მაგიდებთან, გვერდი-გვერდ ისხდნენ. მართალია პედაგოგი ბოლომდე ვერ ენდობოდა, რამდენიმეჯერ სცადა კიდეც მაგიდების კუთვნილ ადგილზე მოთავსება, მაგრამ ბავშვები, როგორც კი აღმზრდელს ოთახიდან გაიტყუებდნენ, მაგიდებს ჯიუტად ისევ ერთმანეთს ადგამდნენ. საბოლოოდ ისევ პედაგოგმა დათმო. პატარებიც დამშვიდდნენ, აღარ კინკლაობდნენ, აღარც ვაშლების გამო ჩხუბობდნენ. ყველაზე დაფასებულ პოზიციაში კი მაინც ლაშა გახლდათ. შეიფერა, როგორც პატარასთვის, მისთვის რომ უნდა დაეთმოთ. თუ შეეწინაღმდეგებოდნენ, თვალები მყისვე ცრემლებით ევსებოდა, ბავშვებიც ბუტბუტით გადახედავდნენ ერთმანეთს: პატარაა, ცოდოაო და ყველა სურვილს უსრულებდნენ. შემდეგ მზადება ბაღის გამოსაშვები საღამოსთვის. ხევსურული ცეკვა დადგმული მხოლოდ წყვილისთვის, დათუნაზე და ნინოზე გათვლილი. გაბუტული პატარები და ოთხ მონაწილეზე გადაკეთებული ცეკვა. მიუხედავად ზაფხულისა, კიკინებიანი, ხევსურულ ქვედაბოლოსა და შალის წინდებში გამოწყობილი ნინო და ფოფოხებით შემოსილი ჩოხა-ახალუხიანი ბიჭები. სანახევროდ, ბავშვური მოუხერხებლობით გაკეთებული გასმები და ტეხილები, მაგრამ მათი შესრულებით უზომოდ ბედნიერი მშობლები. შემდეგ, სკოლის შერჩევა. მშობლების სურვილი ოთხეული არ დაშლილიყო და კრახით დასრულებული მცდელობა. გგონიათ საუკეთესო პედაგოგს ეძებდნენ?! არა, უბრალოდ ერთ კლასში ოთხი თავისუფალი ადგილი სურდათ. სამწუხაროდ, ბავშვების სიების გადანაწილებისას ბიჭებთან ნინოს ადგილი არ აღმოჩნდა. სასწავლო წლის დასაწყისში თბილსის 123-ე საშუალო სკოლის კარებში ერთმანეთს ჩახუტებული, ატირებული პატარები, ჩაბჟირებამდე მისული ნინო და მშობლების დაპირება, რომ სულ მალე ისევ ერთად იქნებოდნენ. პირობის შესრულება უფროსებმა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მოახერხეს, როცა ერთ-ერთ ბავშვმა ტყუპისა და დათუნას კლასელმა სკოლის შეცვლა გადაწყვიტა, სწავლის გასაგრძელებლად სხვა სკოლაში გადავიდა. ალბათ, წინასწარ ვერ გათვალეს პედაგოგებმა, ამ ოთხის ერთად ყოფნას რა პრობლემები შეიძლება მოჰყოლოდა, თორემ დარწმუნებული ვარ ყველანაირად ეცდებოდნენ ხელი შეეშალათ ნინოს მათთან გადასვლაში. ბუნებით ლიდერობას მიჩვეულნი სწავლაშიც პირველები იყვნენ და ონავრობაშიც. პირველად გაკვეთილები მერვე კლასში გააცდინეს. 1989 წლის გაზაფხული იდგა. „შატალოს“ ინიციატორი რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო ნინო გახლდათ. გოგონას სიტყვა „შატალო“ დასრულებული არ ჰქონდა, ჩანთა აკიდებული ბიჭები უკვე საკლასო ოთახის კართან ელოდნენ. ზარის დარეკვამდე საპირფარეშოსთან მდებარე დამლაგებლების ოთახში დაიმალნენ. დამრიგებელი საკლასო ოთახში დაიგულეს თუ არა, გეზი პირველი სართულისკენ აიღეს. შესაშური სიფრთხილით შეთქმულებივით, ნახევრად წელში მოხრილები, ფრთხილი ნაბიჯით ჩაიპარნენ მესამე სართულიდან პირველზე. იქვე დაცვის ყარაულთან მოლაპარაკე დირექტორს უკნიდან ისე მოუარეს, რომ უფროსებმა ვერც კი შენიშნეს და სკოლის ეზოში შეუმჩნევლად გასხლტომაც მოახერხეს. როგორც კი თავი სკოლის კედლებს გარეთ დაიგულეს, შვებით ამოისუნთქეს, თუმცა არც სიფრთხილის ზომები არ დაუკარგავთ. სკოლას მოუარეს, უკან მდგომი ავტოფარეხებისკენ გაძვრნენ და, ყოველი შემთხვევისთვის, იქვე მდგომ სატვირთო ავტომობილს დაუდგნენ უკან. მიუხედავად იმისა, რომ აშკარად ვერავინ ხედავდა, ერთმანეთში მაინც ჩურჩულით თათბირობდნენ: - სად წავიდეთ? - სიჩუმე დათუნამ დაარღვია და როგორც იდეის ავტორს, ნინოს შეხედა. - არ ვიცი. - მხრები აიჩეჩა გოგონამ. - შატალოზე წავიდეთო, შენ არ თქვი?! - მისმა პასუხმა აშკარად გაღიზიანა ტატო. - ვთქვი, მაგრამ არ მეგონა, მართლა თუ წამოხვიდოდით. - ალალად აღიარა გოგონამ. - ჩვენთან წავიდეთ რა, დედა დილით კატლეტებს აკეთებდა! - ნერწყვი გადაყლაპა ლაშამ. - გადაირიე? მერე რა ვთქვათ, სახლში რატომ მოვედითო?! - თვალები დაუბრიალა ტატომ ძმას. - აბა, რომ მშია?! - დამნაშავე ბავშვივით დააფახუნა თვალები ლაშამ. - ზოოპარკში წავიდეთ. გუშინ ახალ ამბებში გამოაცხადეს, სპლიყვი ჩამოუყვანიათ. - შესთავაზა ბავშვებს დათუნამ. - ბილეთების ფული გვაქვს? - ამჯერად ნინო ჩაეკითხა. ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს. ფული რათქმა უნდა არც ერთს არ ჰქონდა. - მე ვიცი, მოკლე გზა. უბილეთოდ, შეძრომას მოვახერხებთ. - ზოოპარკში წასვლის იდეა აშკარად მოეწონა ტატოს. - ზოოპარკში წასვლას იქნებ მიტინზე წავიდეთ?- ფრთხილად შეაპარა ქალიშვილმა. ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს, აშკარად მოეწონათ მისი აზრი. ის-ის იყო სამალავიდან გამოსვლა დააპირეს, რომ სკოლის ეზოში დირექტორი და დამრიგებელიც გამოჩნდნენ დაცვის თანამშრომლის თანხლებით. აშკარად ბავშვებს ეძებდნენ, თვალებს აქეთ-იქით აცეცებდნენ. - ნინიკოოო! - გაპრანჭული ხმით ვინ იცის მერამდენედ ეძახდა დამრიგებელი. - ნინოკო კი არა. თხაა ეგ გოგო, თხა!... - გაკაპასებული სიბრაზეს ვერ მალავდა დირექტორი. - არ გამიკვირდება, ეს ამბავი მაგისი წამოწყებული იყოს. - ცეცხლზე ნავთს ასხამდა ყარაული. - ნინიკო, ლაშა, ტატო, დათუნა!.. - ამჯერად ოთხივეს ეძახდა პედაგოგი. - ცუდადაა ჩვენი საქმე. იქნებ გავიდეთ?! - შიში შეეპარა ხმაში ლაშას, როცა შენიშნა, რომ ეზოში გამოსული პედაგოგები ქუჩაში გამოვიდნენ და გამოცდილი მეძებრებივით, გეზი თავადაც ავტოფარეხებისკენ აიღეს. - გაგიჟდი? დასჯა მაინც არ აგვცდება. ბარემ ბოლომდე ვისიამოვნოთ. - ადრენალინისგან თვალები უციმციმებდა დათუნას. მოულოდნელად პედაგოგები სწორედ მათი სამალავისკენ წამოვიდნენ. იმდენად დიდი იყო გადარჩენის სურვილი, თავადაც არ ახსოვდა ნინოს, როგორ მიიღო ავტოფარეხის სახურავზე აძრომის გადაწყვეტილება. სულ რამდენიმე წამში მოექცა შენობას წვერში. - მგონი მართალია ლამარა. მართლა თხა ხარ! - სიცილით მიჰყვა უკან დათუნაც. - მოიცა, ტო.. მეც მომეხმარეთ! - ბუთხუზა ლაშას ერთდროულად ექაჩებოდნენ ზემოთ სახურავზე მდგომი წყვილი, ქვემოდან კი ტყუპისცალი აწვებოდა. - ცოტა რომ გახდე, არ გინდა?! - ვეღარ სუნთქავდა ტატო. - მორჩი მაიმუნობას, სულ ცოტა კიდევ მომაწექი! - ბღვერით ჩამოსძახა დაბლა მდგომს. - მეტი როგორღა მოგაწვე?! მოვკვდი. ამას მერჩია ლამარას გამოვეჭირეთ. - წუწუნებდა ვაჟი. - დროზე, დროზე, აქეთ მოდიან! - ზემოდან ჩამოსძახა შეშინებულმა ნინომ. გოგონას ნათქვამმა აშკარად დააფრთხო ლაშა. თავადაც ვერ მიხვდა, რამდენიმე წამში, როგორ მოახერხა სახურავზე ასვლა. - შიში ოხერია! - სიცილს ვეღარ იკავებდა ქვემოთ მდგომი. - ამოეთრიე, დეგენერატო... - ღრენით ჩამოსძახეს ზემოთ მდგომებმა. საკუთარი მოხერხებლობით კმაყოფილნი, გვერდი-გვერდ იწვნენ ბეტონის ფილებით (სინკარებით) გადახურულ სახურავზე და ქვემოთ მოსიარულე პედაგოგებსა და დირექტორს გასუსულები დასცქეროდნენ. უშედეგოდ დაარტყეს უფროსებმა ავტოფარეხებს რამდენიმე წრე, ლამის ტირილამდე მისულ დამრიგებელს ლამარა უშედეგოდ ამშვიდებდა. მუდამ მკაცრი დირექტორი არც თავად იყო ნაკლებად განერვიულებული, ეხვეწებოდა, ემუდარებოდა ბავშვებს გამოსულიყვნენ სამალავიდან, თუმცა უშედეგოდ. მიუხედავად იმისა, რომ მუდამ ხმაურიანი და უხეში ლამარა დიდად არ ეპიტნავებოდათ, უნდა ვაღიაროთ, რომ გულისსიღრმეში მაინც შეეცოდათ. ვერასოდეს იფიქრებდნენ, უწყინარ შატალოს თუ ამხელა ნერვიულობა მოჰყოლოდა. - ახლა უკან დახევა გვიანია! - თითქოს მეგობრებს მიუხვდაო, ისე წარმოსთქვა ჩურჩულით დათუნამ. მართალიც იყო. უკვე ზედმეტად გვიანი გახლდათ. პედაგოგმა სხვა, რომ ვერაფერი მოიფიქრა, უბნის ინსპექტორთან დარეკა, რომელმაც თავის მხრივ მშობლებს შეატყობინა. რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, სკოლაში დედების ნაცვლად, მამები გამოცხადდნენ. უფროსები შენობაში არ შესულან, ეზოში იდგნენ და შუბლშეკრულნი, სერიოზული სახეებით მსჯელობდნენ, ყველა სავარაუდო ადგილს ასახელებდნენ, სადაც შეიძლებოდა წასულიყვნენ მათი თოთხმეტი წლის შვილები. - კიდევ? კიდევ სად შეიძლება წასულიყვნენ? - დაშტამპული, ერთი მიმიკით, ცივად კითხულობდა ინსპექტორი. - თუ კაცი ხარ, შუბლი გახსენი. ბავშვი არ ყოფილხარ, თუ შატალოზე არ გივლია? - მისმა ტონმა გააღიზიანა დათუნას მამა. - კი გვივლია, მაგრამ ახლა სხვა დროა. მიტინგზე ხომ არ გაიპარნენ? - ისევ პანიკის მორიგი შეტევა ეწყებოდა დამრიგებელს. - კომკავშირიდან გავრიცხავ! - საჩვენებელ თითს იქნევდა ლამარა. - მოშიმშილეებთან?! - გვერდით მდგომ მშბლებს მრავალმნიშვნელოვნად გადახედა ნინოს მამამ. გოგონას არ მოსჩვენებია, აშკარად იგრძნო მამის ხმაში გაპარული შიში. მთელი გულით მოუნდა მისი დამშვიდება, ერთი სული ჰქონდა, როგორმე ენიშნებინა, სად იმალებოდა, მაგრამ მამა ზურგით იდგა. - აშკარად კარგად მოვიფიქრეთ, მოშიმშილეებთან უნდა წავიდეთ! - პედაგოგის სიმტყებმა საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში კიდევ ერთხელ დაარწმუნა ზემოდან მომზირალ ტატოს. - ახლა თუ გადავრჩით, აუცილებლად წავიდეთ. - სიცილით გამოუცხადა ტყუპის ცალმა. - ეჭვი მაქვს, როცა გვნახავენ მკაცრი სასჯელი არ აგვცდება. - აწუწუნდა ნინო. - აბა. არადა, ჩემები დამპირდნენ მიტინგზე ჩვენვე წაგიყვანთო. - ისე დასწყდა გული დათუნას, თითქოს გასართობ ადგილზე წასვლაზე უთხრეს უარი. - ბარემ ჩვენვე წავიდეთ! - ადრენალინისგან თვალები უციმციმებდა ტატოს. - სახლში ინერვიულებენ. - ყოყმანობდა ნინო. - უკვე ნერვიულობენ. - ქალიშვილის არგუმენტებმა ვერ დაარწმუნა. - თუ გეშინია, არ გაძალებთ. - თვალები გამომცდელად დაუწვრილდა დათუნას. - არა. მოვდივარ! - მეგობრისგან ეჭვნარევი კითხვა იუკადრისა, ერთი კი გახედა სკოლის ეზოში მდგომ მამას და ავტოფარეხის სახურავზე ლანდებივით გამსხლტარ ბიჭებს უკან მიჰყვა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.