შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოლეანდრა (1)


15-11-2017, 20:29
ავტორი MariamG
ნანახია 2 689

“ამაში მდგომარეობს სიყვარული: გამოიგონო, სანამ გაიცნობ.”
*-*-*

დეკემბერი მიწურულიყო. ღელავდა ზღვა, ეხეთქებოდა სველ, გაშავებულ კლდეს. ბობოქრობდნენ ტალღები, გამწარებულებსა და გაშმაგებულებს ქაფი ადგებოდათ, იღვრებოდნენ, თუმცა ნაპირი არსად ჩანდა. ზღვიდან სიცივე მოდიოდა. ავისმომტანი, ძვლებამდე ჩასული. უნაპირო ზღვაში, თვალუწვდენელ სივრცეში კლდე აღმართულიყო. მის წვერზე იდგა შავ მოსასხამში გამოწყობილი, შლაპიანი მამაკაცი. სიგარას აბოლებდა და წყლისფერ, ამღვრეულ თვალებს უსწორებდა შორს გაწოლილ ჰორიზონტს. პალტოს საყელოები აეწია, ქვედა ყბა არ უჩანდა ახალგაზრდა კაცს. მხოლოდ ნერვიულად აბოლებდა, წამიერად ხვნეშდა, სიცივისაგან აკანკალებულ თითებს იზელდა. ბოლომდე დააცადა სიგარას, ვიდრე ჩაიწვებოდა და იქვე დააგდო, ფეხი დააბიჯა, სველ კლდეს გაეგლისა.
-ამბობენ, შტორმი იქნება, ზღვაში გასული გემები კიდევ დიდ ხანს ვერ დაბრუნდებიანო. ბატონო, თქვენი გემიც იგვიანებს. ქალაქის მერიაში ამბობენ, წერილები დააგვიანებს, უახლოესი სადგურებიც კი არ მუშაობსო. წამობრძანდით, ბატონო, ცა ნათდება, იწვიმებს. -ახალგაზრდა კაცის უკან,ყავისფერ პალტოში გახვეული ყმაწვილი თავდახრილი ლუღლუღებდა. წელში მოხრილი, წინ გადაწეულიყო. მხოლოდ შავ თვალებს სწევდა მაღლა, ახალგაზრდა ბატონისაკენ აპარებდა შეშინებულ მზერას.
-ბატონო, გემუდარებით, წამობრძანდით. თქვენი ოთახი მოვამზადეთ, სახლში თბილა. ვის გაუგონია ამ ამინდში აქ დგომა, დიასახლისი გელით, ბატონო. -ახალგაზრდა კაცმა ხელები ასწია, პალტოს საყელოები შეისწორა და ხელები უკან წაიღო, წელზე გადაიჯვარედინა. თავი ჰქონდა აწეული და კვლავ ჰორიზონტს უსწორებდა თვალს.
-რას ამბობენ, როდის გამოიდარებს?
-წინასწარ არაფერი იციან, ჩემო ბატონო. მაგრამ გემუდარებით, აქ ნუ გაჩერდებით, ღმერთმა უწყის როდის გამოიდარებს.
-მაშ, თუკი ასეა, წავიდეთ ანტუან. -მთელი ტანით მიბრუნდა კაცი ყმაწვილისაკენ. სახე გაუნათდა მაცნეს, გვერდით ამოუდგა ბატონს.

თავადის სახლი, რომელიც მეტად ჰგავდა სასახლეს, ზღვიდან მოშორებით, მინდორში, თეთრი ქვით აეშენებინათ. გალავანი გალუმპულიყო, ჭრიალით გაიღო და დაიკეტა მთავარი ჭიშკარი. სახლის ეზოში მრგვალი შადრევანი აღმართულიყო, ზედ ქალის ქანდაკება დაედგათ, აკეცილი თმითა და გაშლილი, ზემოთ აწეული ფრთებით. ფეხმოკეცილი იჯდა ქალი, ხელი კალთაზე დაედო და მისი კალთიდან იღვრებოდა წყაროსავით წმინდა წყალი და გაყვითლებულ, მარმარილოს აუზში ჩადიოდა. კოხტად გაეკრიჭათ ბალახები, თუმცა გადაუღებელმა წვიმამ სათითაოდ გააცალა ყვავილები ტოტებს. ობლად შემორჩენილიყვნენ და მონაბერი სიო ნაზად არხევდა მათ. უზარმაზარ კართან შეჩერდა ახალგაზრდა კაცი, მუხის კარს ძლიერად მიაწვა. სითბო იღვრებოდა სახლის შუაგულიდან. ირგვლივ, თითქმის ყველაფერი ძველი, ძვირფასი ხისგან გამოეთალათ. კედლებს ჩუქურთმები მიუყვებოდა, ჭერამდე ასულ ძელებზე შანდლები ჩაემწკრივებინათ, ვიღაცას საგულდაგულოდ აეთალა სანთლებიდან დამდნარი ნაწილი და ცეცხლი თავმომწონედ იჭრებოდა ზემოთ, კუთხეებიდან ანათებდა უზარმაზარ დარბაზებს. მიუხედავად რძისფერი კედლებისა, სახლი ჭაობისფრად ელვარებდა. კუთხეში, ზემოთ ასასვლელი კიბე აივანს ერწყმოდა. კიბის ბოლოებში, კოხტად გამოჭედილ, ქოთნის ფორმის ძელებზე უზარმაზარი შანდლები ელვარებდნენ. ჩუქურთმები მიუყვებოდა კიბის მოაჯირს და გამოყვანილ, თითქოს ხელით ნაძერწ აივნებს გზას უხსნიდა.
ახალგაზრდა კაცმა პალტო და შლაპა ანტუანს გადააწოდა, სველი, ტყავის ფეხსაცმელი გაიხადა და კიბეს აუყვა. უზარმაზარ კარს მიადგა, ჩამკეტი გადასწია და ფართოდ გააღო. ბატონს უკან მიჰყვა ანტუანი, გალუმპული და სიცივისაგან აკანკალებული. ხელები ერთმანეთისთვის გადაეჭდო და ცახცახს მალავდა, თუმცა დარბაზში დანთებული ბუხრიდან გადმოსული სითბო ყმაწვილს სასიამოვნოდ მოედო სხეულზე. შიშით მიაპყრო მზერა სამიოდე მეტრი სიმაღლის ჭერიდან დავარდნილ მომწვანო, ხაკისფერ ფარდებს და მის გარშემო წრიულად შემორტყმულ ბუმბერაზ კედლებს, რომლებზეც ხელით გამოეჭედათ სხვადასხვა გამოსახულებანი. შუაში დიდი, მუხის მაგიდა იდგა, ტკბილეულის ლანგრები და ღვინის სურა ამშვენებდა. მეორე მხარეს, კიდევ ერთი, საწერი მაგიდა და სავარძელი დაედგათ. ზედ ეყარა გადაშლილი წიგნები და ჩანაწერები. გადაქცეული მელანი გართხმულიყო ქაღალდებზე, დახეული და გროვად ნაქცევი ფურცლები კი იატაკზე ეყარა. მის წინ, ბუხართან ახლოს ორი დივანი იდგა, ერთმანეთის საპირისპიროდ. ახალგაზრდა კაცი იქით დაიძრა, დაღლილი ჩაესვენა და ფეხები ტყავის სკამზე შემოაწყო, თავი ჭაობისფერ ბალიშზე დადო და თვალები დახუჭა. ანტუანი უხერხულად შეიშმუშნა, თითქოს მის ბატონს დავიწყებოდა,რომ აქ იდგა. სითბოს მიუხედავად, სველი ტანსაცმელი კანს უციებდა და ძვლებამდე ატანდა. მეტის მოთმენა აღარ შეეძლო, ნერვიულად იჭამდა ტუჩებს და ერთი სული ჰქონდა, როდის მიიღებდა ახალ დავალებას.
-ბატონო, რაიმე ხომ არ გესიამოვნებათ, რას ინებებთ? -თითქოს ენამ წინ გაუსწროო, თქვა და მაშინვე მაგრად დახუჭა თვალები, ენაზე იკბინა, ასჯერ დასწყევლა საკუთარი თავი.
-წადი ანტუან, ივახშმე, გათბი. -წამოიწია და გასწორდა ახალგაზრდა კაცი. გაყინულ, აკანკალებულ ყმაწვილს გახედა, ბიჭი ადგილზე ვერ ისვენებდა, ფეხებს აბაკუნებდა და თითებს ერთმანეთში ხლართავდა. -გრძელი და დამღლელი დღე იყო. წინ კიდევ უარესი გველის. ხომ ხედავ, არც ამინდი გვწყალობს. მიდი, მეგობარო, ავად ნუ გახდები, აქ ხარ საჭირო. ანტუან, როცა გახვალ, მისტერ კლოდს გადაეცი, ჩემთან შემოვიდეს. მერე შენც შემოდი, უთუოდ იქნება სიახლეები. შეუძლებელია გემი, ანდაც მატარებელი არ გამოჩნდეს. -ჩაფიქრებულმა მიაპყრო თვალები მაღალ ჭერს ბატონმა. ანტუანმა თავი ნელა დააქნია, სწრაფად გავარდა ოთახიდან. ახალგაზრდა კაცი წამოდგა, არეულ საწერ მაგიდას მიუახლოვდა და ზიზღით დახედა გათხაპნილ მელანს. ათიოდე წერილი, დაუსრულებელი და არეული სიტყვებით დაწერილი შავ მელანს დაეფარა. ხელი მოუსვა მაგიდის ზედაპირს, იატაკზე გადაისროლა ყველაფერი და ფეხი მიჰკრა მაგიდას.
-სებასტიან, ჩემი ნახვა გსურდათ?! -დარბაზში შემოაბიჯა საშუალო სიმაღლის, ბორდოსფერ მანტიაში გახვეულმა კაცმა და ბატონი ინტერესით შეათვალიერა. სებასტიანი მაგიდას დაყრდნობოდა, ნელა, თუმცა ღრმად სუნთქავდა. კაცმა მანტია შეიხსნა, სიცხე შემაწუხებლად მოედო სხეულზე. საკიდზე ჩამოჰკიდა და ბუხრის წინ მდგომ დივანს მიაშურა.ორმოცდაათიოდე წლის, ნაადრევად შევერცხლილი, სასიამოვნო აღნაგობის მამაკაცი უდარდელად შეჰყურებდა ბუხარში ავარდნილი ცეცხლის ნაპერწკლებს. სებასტიანმა ორ ბოკალში წითელი ღვინო გაანაწილა, კაცს გაუწოდა.
-მისტერ კლოდ, თქვენი შეწუხება ამ დროს არ მინდოდა, მაგრამ მოგეხსენებათ, ეს ამინდი... -მობეზრებით ჩაილაპარაკა ახალგაზრდა კაცმა.
-რას ბრძანებთ, ჩემო ბატონო. ქალაქის საბჭო შეძრწუნებულია ამ სიახლით. გემები შუაგულ ოკეანეში შემორჩნენ, სადგურები ცარიელია, მატარებლები ადგილიდან ვერ იძვრიან.
-ვიცი, კლოდ, ვიცი. -ამოიხვნეშა სებასტიანმა და საზურგეს მიეყრდნო. -მაგრამ ჩემი გემი უნდა გამოჩნდეს, მისი დაკარგვა ახლა სიცოცხლედ მიღირს.
-ჩემო ბატონო, ღმერთის თუ გწამთ, ამას ნუ გაიმეორებთ. -წამოიწია მისტერ კლოდი და შეშინებული თვალებით მიაშტერდა სებასტიანს. სწორედ იმ დროს, როცა დარბაზში ნელა შემოაბიჯა ანტუანმა და გაუფრთხილებლობისათვის მოუბოდიშა.
-მოდი, ანტუან, ჩამოჯექი.
-ჩემო ბატონო, არ შემიძლია. -დაიმორცხვა ყმაწვილმა.
-დაჯექი, ბიჭო! -ხელი მოუქნია გახალისებულმა მისტერ კლოდმა და ანტუანიც მის გვერდით დაეშვა, მორჩილად ახედა მის ბატონს. მუდამ მოღუშულსა და წარბშეკრულს. წყლისფერი თვალები კედლისთვის გაეშტერებინა.
-ილაპარაკე, ანტუან, თუ ღმერთი გწამს! -მოთმინება დაკარგა სებასტიანმა და ღვინო მოსვა. ყმაწვილმა გაჭირვებით დაისველა გამშრალი ტუჩები, მსუბუქად ჩაახველა და ხელები ერთმანეთში გადახლართა.
-ჩემო ბატონო, ვიცი, ამის დრო არ გაქვთ, თუმცა მეტად უცნაური და არასასიამოვნო ჭორები დადის ქალაქში. მეზობელი ქალაქიდან, ჟან ნიკოლა რიჩარდსის ერთადერთი ქალიშვილი, ჩვენკენ მობრძანდება. ამბობენ, სიტყვებით აღუწერელია მისი სილამაზე, თოვლივით თეთრი და უმანკოა, სწორედ ამით მოხიბლულმა გრაფმა კი, ქალიშვილი საკუთარ სახლში მიიპატიჟაო. ჩემო ბატონო, გევედრებით, მე ნუ გამიბრაზდებით, მხოლოდ ის ვიცი, რასაც ქალაქში ამბობენ. -თვალები აემღვრა ანტუანს. სებასტიანს გაოცებისაგან თვალები გაუფართოვდა, ფერდაკარგულ კლოდს მიაშტერდა.
-ეს რა თავხედობაა! გაუგონარი წინდაუხედავობა, უზრდელობა! -აბობოქრდა მისტერ კლოდი. -როგორ, იმ ღორის, არაადამიანის ქალიშვილს რა დარჩენია ჩვენს ბატონთან?! -მისტერ კლოდი საყელოებში სწვდა ანტუანს, ფეხზე წამოაგდო და ძლიერად შეანჯღრია. -იცოდე, თუ რამეს გვატყუებ, თავს მოგაჭრი და ღორებს მივუგდებ საჯიჯგნად!
-გეფიცებით, ჩემო ბატონო. თუ ვიტყუებოდე, აქვე მოვკვდე! ასე ამბობენ, ჭორებმა ქალაქის მერიამდე მიაღწია, ამ ამბით გახარებული თავადები კი ათას მადლობას სწირავენ ჩვენს ბატონს. გემუდარებით, მე ნუ მიბრაზდებით. -ცრემლები წამოსცვივდა ჯერ კიდევ გამოუცდელ, ცხრამეტი, ან ოცი წლის ყმაწვილს.
-მისტერ კლოდ, ხელი შეუშვით, ის რა შუაშია? -წამოდგა სებასტიანი და ხელი შეაშველა ანტუანს, გვერდზე გასწია და შეუბღვირა კლოდს. -ანტუან, გაუგონარი თავხედობაა მისტერ რიჩარდსის ქალიშვილის სტუმრობა. ნუთუ, სამშვიდობო ზავს მთავაზობენ ამ ჭორებით? -გაცოფდა ახალგაზრდა კაცი.
-სებასტიან, იციან, თქვენს ღირსებას ამქვეყნად არაფერზე გაცვლით. სწორედ, ამიტომ ააგორეს ჭორები. უდანაშაულო ქალიშვილს რომ არსად გაისტუმრებთ, კარგად მოეხსენებათ. -სავარძელში ჩაეშვა მისტერ კლოდი და ხელი გადაისვა შევერცხლილ თმაზე.
-ჩემო ბატონო, ქალიშვილს წარმოდგენაც კი არ აქვს ვინ ბრძანდებით. ამბობენ, მამამისი, თავადი რიჩარდსი დაბადებიდან ისე უფრთხილდება, გოგონა სახლის მინდვრებს არ გასცდენია. ალბათ, ამიტომ გავრცელდა ჭორები. თქვენ და ქალბატონს გასაყოფი არაფერი გაქვთ. ის კი ლამაზია, ჩემო ბატონო. თოვლზე მეტად თეთრი, მზერით თბილი და ბაგით ტკბილი. მომიტევეთ ბატონო, თუ გაწყენინეთ. -თავი დახარა ანტუანმა და სებასტიანს ხელზე ეამბორა. ყმაწვილის სიტყვამ ხასიათი წაუხდინა ახალგაზრდა კაცს.
-რას აპირებთ, სებასტიან? -ჩაეკითხა მისტერ კლოდი და უხალისოდ მოსვა ღვინო.
-ვერაფერს გეტყვით, მისტერ კლოდ. -ხელები გაშალა სებასტიანმა და თვალი გაუსწორა დაპატარავებულ, სიახლით შეძრწუნებულ კაცს. -გვიანია, სჯობს წახვიდეთ. ხვალ, საუზმის შემდეგ მობრძანდით ჩემთან. შენ კი, ანტუან, ქალაქში წადი, ტყუილიც და მართალიც შემატყობინე! უნდა ვიცოდე რა ხდება ჩემს თავს. მსახურები კი სანაპიროზე გაგზავნეთ, ჰორიზონტს თვალი არ მოაშორონ, ის წყეული გემი მჭირდება, თუნდაც წყალმა წაიღოს მთელი სამყარო! -ბრაზმორეულმა ღვინოს ხელი გაჰკრა, თქრიალით შეესხა სითხე ბუხარს და ცეცხლი ავარდა. ზღვისფერ, წყლიან თვალებში აერეკლა ნაპერწკლები და უმალვე ჩაქრა.

*-*-*
ადრე გაიღვიძა თავადმა. ბუხრის წინ იჯდა და სიგარას აბოლებდა, თითებს იმტვრევდა ბრაზისაგან. ვერ დაეჯერებინა, რომ მის წინ მორბენალმა ენებმა საქმე აქამდე მიიყვანეს. კარზე გაისმა კაკუნი, შემდეგ თავი შემოჰყო ანტუანმა.
-ჩემო ბატონო, შეიძლება?
-მოდი ანტუან. რა ამბებია? -ბიჭი დაღლილი, სუნთქვაარეული მიუახლოვდა სებასტიანს და სუსტად ჩაახველა.
-ჩემო ბატონო, ასე ამბობენ, ქალიშვილი სამი ქალაქის დაშორებითაა და ავდარს თუ გავითვალისწინებთ, ორ დღეზე ადრე აქ ვერ ჩამოვა.
-ჩამოჯექი ანტუან და ისე მითხარი, რა უნდა იმ ქალს აქ? -გამოსცრა ბრაზმორეულმა თავადმა და ზღვისფერი თვალები გაუსწორა ანტუანს. ბიჭმა დაიმორცხვა, მისი მზერა ბატონის თვალებიდან წამში დაეცა იატაკს და მორჩილად დაეშვა რბილ სავარძელში.
-ჩემო ბატონო, მომიტევეთ თუ რაიმეს არასწორად ვამბობ, მაგრამ ასე ამბობენ, მისი მსგავსი ქვეყანაზე მეორე არ დადის. წელამდე დასთრევს აბრეშუმივით რბილი და ნაზი თმა, თვალ-წარბი კი, ჩემო ბატონო, აქამდე თვალით უნახავი და აღუწერელი ჰქონია. ბაგენი ვარდს მიუგავს, ბატონო. ხმა კი, ნოზივით ტკბილი აქვს. გამოხედვით კაცს აქვავებს, თურმე მისი შესადარი კეთილშობილი ქალბატონი, მეორე აღარ არსებობს. მაპატიეთ, ჩემო ბატონო, მაგრამ მას წარმოდგენა არა აქვს ვინ ბრძანდებით. არც მამამისს სცოდნია სად მოდის, თორემ დაუშლიდა. წასასვლელი არა ჰქონია უცხო ქალაქში და ჭორები რომ გაუგონია, სიხარულით წამოსულა ჩვენკენ. -ანტუანმა ნერვიულობისაგან თითები დაიმტვრია, გამშრალ ტუჩებს ისველებდა და თვალები მაგრად დაეხუჭა. შიშზე უფრო მეტად, კეთილშობილი და სამართლიანი ბატონის მორიდება ჰქონდა. არ უნდოდა მისი განაწყენება, სათითაო სიტყვას უფრთხილდებოდა, მაგრამ მაინც ამოიკითხა ბატონის თვალებში ბრაზი. სხეული დასჭიმვოდა სებასტიანს, ყბები ერთმანეთზე მაგრად მიჰკრობდა და მის ძვლებზე გადაჭიმულ კანს სუსტი ჭრიალი გაჰქონდა.
-სილამაზე განა ყველაფერია, ანტუან? -ჩაილაპარაკა მან ბოლოს. წამოდგა, ღვინო ჩამოისხა და ერთი ბოკალი ანტუანს გადააწოდა. -ხშირად, საუკეთესო საშუალებაა ბოროტების შესანიღბად. ლამაზ ქალებს მამაკაცის გულისაკენ გზა ხსნილი აქვთ, ხელთ კი ოქროს გასაღები მოეპოვებათ, რომლითაც ნებისმიერ კარს ხსნიან. -სებასტიანმა ოდნავ დაისველა ტუჩები ღვინით და ცეცხლს გაუსწორა მზერა.
-ჩემო ბატონო, მომიტევეთ, მაგრამ თუკი ეს ყოველივე სიმართლეა, უდანაშაულო ქალბატონს ცუდად ხომ არ მოექცევით? გააგდებთ?
-არა ანტუან,მე იმ ხალხს არა ვგავარ, წლების წინ ჟან ნიკოლას წინაპრებს რომ უსწორდებოდნენ. ჩემთვის ეს ყველაფერი მოსაბეზრებელი, უინტერესო თამაშია. სიმართლე გითხრა, არც კი მახსოვს მამაჩემსა და ჟან ნიკოლას რა ჰქონდათ გასაყოფი. მხოლოდ ის ვიცი, რომ მუქარა არ წყდება. -გამხიარულდა სებასტიანი და ბოკალი ბოლომდე ჩაცალა. -თუ ქალიშვილმა არაფერი იცის, მაშ, მოვუწყოთ მას შესაფერისი დახვედრა. შენ კი, ქალაქში წადი და ხმა გაავრცელე, რომ განაწყენებული თავადი სებასტიანი მოწყალებაზე უარს ამბობს.
-ეს როგორ ბატონო? -შეშფოთდა ანტუანი და ფეხზე წამოიჭრა. -ზამთარია, ჩემო ბატონო, გაჭირვებულებს რა ეშველებათ?
-სიკეთეს სიკეთით პასუხობენ, ან საერთოდ არაფრით, ჩემო მეგობარო. ზურგში დანა ჩასცე მას, ვინც შენზე ზრუნავს, გაუგონარი სისასტიკეა. ახლა წადი, ანტუან, არ იდარდო. მე წავალ, ცოტას გავისეირნებ.
-ჩემო ბატონო, თუ ღმერთი გწამთ, თოვს და მალე იწვიმებს. გათენებულს არა ჰგავს ცა, მოღრუბლულია. ნუ გახვალთ, ჩემო ბატონო, ავად არ გახდეთ. -შეევედრა ანტუანი. ბიჭს ხორბლისფერ სახეზე ნაოჭები გამოუჩნდა, მუდარით შეხედა გაწბილებულ ბატონს. სებასტიანი წამოდგა, ახალგაზრდა ბიჭს მხარზე ხელი მეგობრულად დაჰკრა და თავით ანიშნა გასულიყო, გულდამძიმებული გავიდა ანტუანი, არ სურდა ყინვასა და წვიმაში მისი ბატონი გარეთ გასულიყო. ამინდი კარგს არაფერს უქადდა.
ცოტა ხანს დარბაზში ტრიალებდა სებასტიანი, აქეთ-იქით დადიოდა და სტუმარზე ფიქრობდა. რა უნდოდა ქალიშვილს ხუთი ქალაქის დაშორებით, თუკი მამამისი სახლის მინდვრებს იქით არ უშვებდა? არ მოსწონდა ეს ამბავი სებასტიანს, აშფოთებდა და გულს უწუხებდა. სხვა სადარდებელიც ჰქონდა, გემი იგვიანებდა. მისი წერილები ოკეანის შუაგულში ჩარჩენილიყვნენ და ჩამოსვლას არ ჩქარობდნენ. მოსვენება დაკარგა სებასტიანმა, ჩუქურთმებიან კიბეზე სწრაფად ჩაირბინა, მსახურებს არ დალოდებია, მოსასხამი მხრებზე მოიგდო, შლაპა დაიხურა და სწრაფად გავარდა გარეთ. ყინავდა მაიოტაში. ფიფქები თავზე ეყრებოდა თავადს. მისი ეგზოტიკური შადრევნიდან გადმოსული წყალი გაყინულიყო, მხოლოდ წვეთები ეცემოდა მარმარილოს აუზს. გარშემო ყინვის კვალი თეთრად მოსდებოდა ქანდაკებას. გადაუღებელი წვიმისაგან ჩამოდნობოდა კაბის კალთები. სებასტიანმა გვერდი აუარა შადრევანს, ჭიშკარის ჭრიალა კარი გამოაღო და სახლის მინდვრებს გასცდა. გაყინული, ფერდაკარგული ბალახი მისი ძვირფასი, ტყავისაგან შეკერილი ზამთრის ფეხსაცმლის ძირებში ყვებოდა და ისრისებოდა. ჯიბიდან ხელთათმანები ამოაძვრინა თავადმა, გაყინული ხელები რბილ ქსოვილში შეჰყო და პალტოს საყელოების ქვეშ შარფი შეისწორა, ყელამდე ასწია და ცხვირი ჩაჰყო. ციცაბო კლდეს მიადგა, გაყინულსა და გალუმპულს. ფიფქები არც ზღვას სწყალობდნენ, აბობოქრებულიყო, ადიდებული ტალღები კლდეებს თითქმის წვერამდე ეხეთქებოდნენ. ქვები ერთმანეთის მიყოლებით იყრებოდა ზღვაში. ზღვას კი ისინი ოკეანემდე მიჰქონდა, სადაც სებასტიანის გემი შტორმს ებრძოდა. ჰორიზონტს გახედა თავადმა. მოზამბიკის სრუტის ცივი ჰაერი სახეზე არასასიამოვნოდ ედებოდა. წყლისფერ თვალებში უვლიდა და უყინავდა. თვალები დახუჭა სებასტიანმა, პირი დააღო და ღრმად შეისუნთქა სრუტის ჰაერი. ნესტიანი, სველი ქარი.
-თავადო სებასტიან, არ უფრთხილდებით თქვენს თავს. -გვერდში ამოუდგა სებასტიანს მისტერ კლოდი. ახალგაზრდა კაცს ღიმილი შეეპარა.
-მისტერ კლოდ, რომ იცოდეთ, თქვენი იმედები შუა ოკეანეშია და შესაძლოა, უამინდობის მსხვერპლი გახდეს, როგორ ფიქრობთ, სახლში ჯდომას ამჯობინებთ? -ხელი მაღლა აღმართა სებასტიანმა, ღიმილით გადახედა თბილ მოსასხამში გახვეულ, სიცივისაგან ფერდაკარგულ მისტერ კლოდს. კაცმა ჩაახველა, უხერხულობა იგრძნო.
-თავადო სებასტიან, სრუტე თქვენ გეკუთვნით. არ მინდა ცუდად გამიგოთ, მაგრამ არა მხოლოდ იმ გემის, ჩვენი ქალაქის პატრონიც თქვენ ხართ. გემი ოდესღაც იქნება და ჩამოვა, თუნდაც თვე დასჭირდეს, ჩემო ბატონო. თქვენ კი დღეს, ხვალ და მომავალშიც ქალაქს სჭირდებით.
-ოჰ, მისტერ კლოდ. -ჩაეცინა სებასტიანს. -ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, იმ დროიდან მახსოვს თქვენი გრძელი, ორაზროვანი საუბარი. დრომ ვერ გასწავლათ, რომ სათქმელი მოკლედ უნდა ითქვას.
-მაშ, რადგან ყბედობაში ჩამეთვალა. -გაწბილებით გააქნია თავი მისტერ კლოდმა. -თქვენი უმოქმედობა ხალხში ეჭვებს იწვევს. ქალაქში არ ჩასულხართ, თითქმის თვე იწურება. გადასახადებს არაფრად აგდებთ, დეკემბერია, ბატონო. ხალხს დახმარება სჭირდება, თქვენი იმედი აქვთ. ჩვილი ბავშვებით ხელში ბილიკს გადაჰყურებენ, ელოდებიან, როდის გამოჩნდებით.
-მისტერ კლოდ. -წარბებს შორის ნაოჭი გამოეკვეთა სებასტიანს. -სიკეთის კეთებას თუ ცდილობთ, მაშ, ჩემი ნებართვა რა საჭიროა? ღმერთმანი! მისტერ კლოდ, გონებას მოუხმეთ! დატვირთეთ მსახურები ტანსაცმლითა და საკვებით, შეშა მიეცით მოსახლეობას. ნუთუ, ოდესმე მიყოყმანია, მისტერ კლოდ? ვერ ვხვდები რა გზაზე მაყენებთ. -ბრაზი მოერია სებასტიანს.
-მომიტევეთ, სებასტიან. გაუგონარი თავხედობა გამოვიჩინე.-თავი დახარა მისტერ კლოდმა. -მარტო დაგტოვოთ? იქნებ ჩემთან ერთად წამობრძანდეთ, ყინავს.
-წაბრძანდით, კლოდ. -ზურგი აქცია მას თავადმა და ზურგსუკან ხელებგადაჯვარედინებული შებრუნდა ზღვისაკენ.

*-*-*
ტალახიან, სველ მიწაში აბიჯებდა ყმაწვილი და ისე მორბოდა, ხელში ჩაებღუჯა გაყვითლებული ქაღალდი, დახვეული და ოქროსფერი ლენტით მაგრად შეკრული. სუნთქვა უჭირდა ახალგაზრდას, მკერდზე მაგრად აწვებოდა შეკრული პერანგის სარტყელი. ცივი ნიავი და ქარს გამოყოლილი წვიმა სახეში ეხეთქებოდა, თუმცა წარბიც არ შეუხრია ბიჭს, პირი დააღო და ხარბად შთანთქა ყინულივით მკაწრავი ჰაერი.
შორიდან დანალდა ყმაწვილმა ჭიშკარი, კიდევ უფრო ახლოდან მოსჩანდა შადრევანზე აღმართული ფრთიანი ქანდაკება. დაძველებული, ჩამოღვენთილი და წელში მოხრილი, თითქოს შუაში გადასამტვრევად მომზადებული. გულზე ხელი მიიჭირა ახალგაზრდამ, ჭიშკრის გისოსებს წაატანა ხელი და წინ მოზიდა, ჭრიალით შეაღო გალუმპული, სრიალა და ცივი კარი, ზურგსუკან ზათქით დაიკეტა და ჩაირაზა უზარმაზარი რკინა. მუხის უზარმაზარ, გაციებულ კარს მუშტები დაუშინა ყმაწვილმა, უმალვე გაუღეს, დიდხანს არ ალოდინეს. ფეხზე არ გაუხდია ტალახიანი, შელახული ტყავის ფეხსაცმელი, მაშინვე კიბეზე აირბინა, აივნებს გასცდა და მხრით მიაწვა დარბაზის ოდნავ შეღებულ კარს. მაგიდასთან იჯდა თავადი სებასტიანი და მელნით ფურცლებზე კაწრავდა ასოებს. წყლისფერი, სიცხისაგან ამღვრეული თვალებით ახედა მის წინ მდგომ ბიჭს და წარბები შეკრა.
-ანტუან, -ფეხზე წამოდგა იგი. მაგიდას შემოუარა და ყმაწვილი აათვალიერა. ბუხრისაკენ მიუთითა, ხელი მხარზე დაჰკრა და წინ ჩამოისვა.
-ჩემო ბატონო, როგორც კი ეს ამბავი შევიტყვე, თქვენკენ გამოვიქეცი.-სუნთქვაარეული, თვალებს აბრუნებდა და მკერდზე ხელს იჭერდა ბიჭი. ბუხრიდან გადმოღვრილი სითბო ღაწვებზე სასიამოვნოდ მოელამუნა, წამში აუშრა გარუჯული სახიდან წყლის წვეთები.
-კარგი ანტუან, ნუ ჩქარობ. -გაეღიმა სებასტიანს. -გათბი, წყალი დალიე და მომახსენე. -ხელით მიუთითა თავადმა წყლით სავსე ჭიქისაკენ. ანტუანი მოურიდებლად დასწვდა მრგვალ ჭიქას, ერთ ამოსუნთქვაში დაცალა და გამშრალი ყელი ამოივსო, ორიოდე წუთი ჩუმად ისხდნენ, ყმაწვილი სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა. რამდენიმე კილომეტრი დაუფიქრებლად, ათიოდე წუთში დაეფარა ახალი ამბით თავზარდაცემულს. მოსასხამი მოიხსნა ბიჭმა, დაკეცა და კალთაზე დაიდო, მაჯები შეითბო და სებასტიანს ახედა. თავადი მოთმინებით ელოდა, კმაყოფილი უმზერდა საიმედო მაცნეს.
-ჩემო ბატონო, ეს ინებეთ. -შეკრული ქაღალდი გაუწოდა სებასტიანს. თავადმა ეჭვით შეავლო მზერა გაყვითლებულ, ძველ ჩანაწერებს და ოქროსფერი ლენტი შემოაძრო, ბუხარში შეუძახა. თვალი გააყოლა ახალგაზრდამ თავადის ქმედებას, ჩუმად მიიწია ბუხართან უფრო ახლოს და ხელისგულები მიუშვირა. ბატონი წარბშეკრული მიშტერებოდა გაკრული, თუმცა ლამაზი ხელით ნაწერ ფურცლებს. -ბატონო, სადგურიდან სიახლე მოვიდა. ქალიშვილი მზის ამოსვლისას აქ იქნება. ეს ქაღალდებიც მათ მომაჩეჩეს, ასე დამავალეს, შენს ბატონს გადაეციო. ჩემო ბატონო, გეფიცებით, წარმოდგენა არა მაქვს რა ამბავია.
-ეს ჟან ნიკოლას ქალიშვილის წერილია, ანტუან. -ბრაზმორეულმა ახედა ყმაწვილს, რომელსაც წამში შეეცვალა მზერა, ხორბლისფერ კანზე ნაოჭები გაუჩნდა და შუბლი უსიამოვნოდ შეჭმუხნა. -მისტერ კლოდს სთხოვე, ჩემთან შემოვიდეს, თანაც დაუყონებლივ! -შესძახა თავადმა და ფეხზე წამოდგა, მაგიდასთან მივიდა, წერილი გაშალა და კუთხეებში დაამაგრა. გაფართოებული თვალებით მისჩერებოდა ქალიშვილის წერილს.
„ჩემო ბატონო,
მომიტევეთ, გაუფრთხილებლად მიწევს თქვენს ქალაქში ჩამოსვლა. მითხრეს, მაიოტას გულკეთილი, ხელგაშლილი ბატონი ჰყავსო. შეწუხება არ მიფიქრია, თუმცა ზოგჯერ ბორბალი სხვა მხარეს იწყებს ბრუნვას. ნუ გამიწყრებით, თავადო. მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს, ვიდრე ჩამოვალ, მამაჩემს, ჟან ნიკოლა რიჩარდს ნურაფერს შეატყობინებთ.
მადლიერებითა და პატივისცემით სავსე,
ვ. რიჩარდსი. „
-ღმერთმა დასწყევლოს! -ხელი აიქნია სებასტიანმა და დაიღმუვლა. -ეს ურჯულო, დამპალი სულის გვარი! ნეტავ, ეს რა თამაშია? ამჯერად რას მიმზადებ, ბებერო ღორო?
-სებასტიან, ასე ნუ იღელვებთ, რას იწერება ქალიშვილი? -დამფრთხალი შემოვარდა დარბაზში მისტერ კლოდი, სახელოები აიკეცა და სებასტიანის მაგიდას დახედა, რამდენჯერმე გადაიკითხა წერილი და ხელები გულზე შემოიყარა.
-საზიზღარი ქალიშვილი, წარმოუდგენელი თავხედობაა. როგორ გაბედა ასე ვულგარულად მოეწერა? -ზიზღით აღაპყრო მზერა სებასტიანისაკენ. ახალგაზრდა კაცი მოღუშული, წარბშეკრული შეჰყურებდა ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლს.
-მისტერ კლოდ, როგორ გგონიათ, ისეთი კაცი, ისეთი ბინძური სისხლის, როგორიც ჟან ნიკოლაა, ქალიშვილს ასე შორს გამოუშვებდა? ნუთუ, ამ ავდარში გემს ანდობდა, თუნდაც მატარებელს? შეხედეთ, კლოდ, ეს რა ციტირებაა, რის თქმას ცდილობს ეს ქალი?
-თავადო, დაბრძანდით, ასე ნუ იღელვებთ. ჩამოვა, შეატყობთ რა უნდა, თუკი საეჭვოს ნახავთ რაიმეს, ბარგს სახეში მივაყრით და გემით ჩავძირავთ! ამ ქვეყნად ვერავინ გაბედავს თქვენს მოტყუებას, ბატონო. -მხარზე ხელი დაჰკრა და დასაჯდომად უბიძგა ახალგაზრდა კაცს. სებასტიანი მისტერ კლოდს დაჰყვა, სავარძელში ჩაესვენა და ხელები მაგრად შეკრა, ცეცხლი ენთო თვალებში, ყელში მყესები დასჭიმვოდა. ვერ ისვენებდა, მოქმედება სურდა. სძულდა ქარაგმები, ვერ იტანდა, როცა სიმართლე არ იცოდა. ხელი გადააქნია, მაგიდიდან ყველაფერი გადაყარა, დაიღრიალა და ძლიერად დასცხო მუშტები მუხის მაგიდას. მისტერ კლოდი შეცბა, ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, შორიდან უმზერდა ბუხარში აგიზგიზებულ ცეცხლს და ეშინოდა, კანკალებდა, როცა მზერა შემთხვევით თავადისაკენ გაეპარებოდა.
-მაშ, თუკი ასეა, თუ ჩემთან თამაში მოისურვეს, ბოლომდე ვითამაშოთ, მისტერ კლოდ. -ჩაილაპარაკა სებასტიანმა და თავი ასწია, დაბნეულ, გაურკვეველი მიმართულებით მომზირალ კაცს ახედა. -არავის მივცემ უფლებას ბინძურ თამაშში პაიკად მაქციოს, კლოდ. ყველაფერი, რაც ჩემს მიწაზე სხვისი ხელით იწყება, ჩემით სრულდება. -წამოდგა თავადი, სწრაფად გადაკვეთა დარბაზი და იქვე, აქამდე ყველასათვის შეუმჩნეველ კარში გადაიკარგა.
კისერი წაიგრძელა მისტერ კლოდმა, ფეხის წვერებზე აიწია და სცადა დაენახა რას მალავდა კარში თავადი, თუმცა არ დასცალდა, კარში თავი შემოყო ანტუანმა.
-ბატონო კლოდ, თავადი სებასტიანი დასასვენებლად თუ წაბრძანდა, გემუდარებით, გამობრძანდით.
-მოვდივარ, საქმეს მიხედე, ლაწირაკო. -ხელი აუქნია მისტერ კლოდმა და ყბამოღრეცილმა დატოვა დარბაზი. ხელების ქნევით დაეშვა კიბეზე. -როგორ მომბეზრდა! -ჩურჩულებდა იგი, უკან კი ანტუანი მოჰყვებოდა, ჭორებისა და ამბების მაცნე ყმაწვილი. -მომბეზრდა! ღმერთმა დამწყევლა! ჯერ ცხონებული მამამისი, ახლა თვითონ ის. ღმერთო, ამ წუმპედან ამოათრიე ჩვენი თავადი. გამოუცდელი, ბრაზის ტომარა! -ხმადაბლა შეიკურთხა მისტერ კლოდმა. ანტუანმა წარბები ასწია, გაეღიმა. კარი ფართოდ გაუღო მისტერ კლოდს და ხელში ქოლგა მიაჩეჩა.
-ღამე მშვიდობის, ბატონო კლოდ. -ღიმილი დააწია წვიმაში გასულს და ჭაობისფრად მოელვარე ოთახს მოავლო თვალი. კედელთან აყუდებული საათი თერთმეტს უჩვენებდა.

*-*-*
თავადი სებასტიანის საძინებელი, მისი დარბაზის უკანა მხარეს მდებარეობდა. სწორედ იქ, სადაც ყოველი ღამის თერთმეტ საათზე, ახალგაზრდა კაცი იკარგებოდა და ვერავის გაეგო - რატომ. სებასტიანის საძინებელს ორი კარი ჰქონდა. ერთით, მსახურები სარგებლობდნენ, მრგვალი, ჩუქურთმებიანი აივნის მოპირდაპირედ რომ მდებარეობდა. ხოლო მეორე, თავად სებასტიანს დარბაზსში ჰქონდა ამოჭედილი. საძინებელი მაღალჭერიანი, უზარმაზარი ოთახი იყო. ჭერში, ზემოთ, მრგვალი ფორმის ჭრილი ოქროსფრად მოეჩუქურთმებინათ, ხოლო დიდი, მომწვანო ფერის, აბრეშუმის გადასაფარებლიან საწოლზე, ჭერიდანვე ეცემოდა ჭაობისფერი, გახუნებული, ძვირფასი ქსოვილისაგან ხელით შეკერილი ფარდები. თავადის საწოლის ზემოთ, ნიჟარა გამოესახათ, მწვანე შეფერილობის, დიდი ხნის წინათ ხელით ნაჭედი ორნამენტებით. კუთხეებში, სებასტიანს პატარა ზომის ქანდაკებები ჩაემწკრივებინა, კედლებს კი ნახატები ამშვენებდა. მარმარილოსა და ძვირფასი ქვებისაგან ხელით თლილი ქანდაკებები ავად შეჰყურებდნენ საძინებელში შესულებს, თუმცა თავადს სულაც არ აფრთხობდა, პირიქით, ცოცხლებივით უყვარდა.
სებასტიანის საძინებელს კიდევ ერთი კარი ჰქონდა, რომელსაც უზარმაზარ ბიბლიოთეკაში გაჰყავდა ახალგაზრდა კაცი. სწორედ, ბიბლიოთეკის აივანზე, მრგვალ მაგიდასთან, რბილ სავარძელში იჯდა მაიოტას თავადი და ბერძნულ ენაზე კითხულობდა წიგნს. ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე, ახალგაზრდა თავადს გაჰღვიძებოდა და მოსვენებადაკარგულს, ბიბლიოთეკისაკენ მიუშურებია. არ მოსწონდა აზრი, რომ ქალიშვილი სავარაუდოდ, ქალაქში იყო და მისი სახლისაკენ მოემართებოდა. წიგნში ტყავისაგან შეკერილი სანიშნე ჩადო სებასტიანმა, გვერდზე გადადო და თავი საზურგეზე გადააგდო. ყველაზე უფრო მეტად, გემი ანაღვლებდა. კარგი პირი არ უჩანდა მის მდგომარეობას, დიდ ხანს ვერ გაძლებდა მისი გემი შუაგულ ოკეანეში. სწრაფად უნდა ჩამოსულიყო, თორემ ყველაფერი, რაც მნიშვნელობას ატარებდა, წამში გაუფასურდებოდა. ისიც კი არ იცოდა, სურდა თუ არა ჟან ნიკოლას ქალიშვილს შეხვედროდა. „სილამაზე“ - გაიფიქრა თავადმა უხალისოდ და თვალებით ფანჯარას გადასწვდა. გადაუღებელი წვიმის სასიამოვნო ხმაური ბიბლიოთეკის სიჩუმეში აღწევდა. სიგარას დასწვდა სებასტიანი და მოუკიდა, ღრმად შეისუნთქა კვამლი და უკან, ჰაერში დააბრუნა. კაკუნი გაისმა ბიბლიოთეკის კარზე, აივნიდან გადმოხედა სებასტიანმა დიდ, მუხის კარში თავგამოწეულ ანტუანს. ქერა თმა გასწეწვოდა და მორიდებით შეჰყურებდა ბატონს.
-დილამშვიდობისა, ანტუან. -მიესალმა სებასტიანი და ანიშნა, შესულიყო. ყმაწვილმა მორიდებით გახსნა კარი, თვალი მოავლო უზარმაზარ, ორ სართულად დაყოფილ ბიბლიოთეკას და კარი ზურგსუკან დაკეტა.
-დილამშვიდობის. ღმერთი გფარავდეთ, ბატონო.
-აქ ამოდი. -ანტუანმა ოთახის ბოლოში, ხის კიბეს გახედა და მისკენ დაიძრა. შეშინებული მიიწევდა ზემოთ, ბატონისათვის თვალებში ჩახედვა ვერ გაებედა. სებასტიანმა სავარძელზე მიუთითა ყმაწვილს. ანტუანს გულში რაღაცამ გასწიწკნა, უსიამოვნო შეგრძნება დაეუფლა. არ სურდა, ბატონის ძვირფასი ტყავის სავარძელი საკუთარი გახუნებული, დასვრილი ტანსაცმლით შეელახა. ბოლოსდაბოლოს, დილით თუ ღამით, ანტუანი სოფლიდან სოფელში, ქალაქიდან ქალაქში დარბოდა, წვიმა იყო თუ მზე, მას არ ადარდებდა. თუმცა ატყობდა თავადს, ჭორების გაგების გუნებაზე არ იყო. შორს ეცემოდა მისი ბატონის წყლისფერი თვალებიდან წამოსული მზერა.
-ჩემო ბატონო, რაიმე ხომ არ გჭირდებათ, შეწუხებული მეჩვენებით. -ამოიხავლა ყმაწვილმა ბოლოს. სებასტიანმა თავი გააქნია, სიგარა ჩააქრო და ანტუანს მიაშტერდა. შეცბა ბიჭი წამიერი ცვლილებით, უხერხულად შეიშმუშნა და თავი დახარა.
-როგორ ფიქრობ ანტუან, სილამაზე რაშია? -კითხვამ ბიჭი სულ დააბნია, თვალების აქეთ-იქით ცეცებას მოჰყვა. მანამდე, არავისგან სმენია მსგავსი კითხვა. ობოლ, ამბების მაცნე ყმაწვილთან საუბარს ყველა გაურბოდა, მით უფრო უკვირდა თავადისაგან, რომელსაც, დარწმუნებული იყო, სხვა მეტად მნიშვნელოვანი საქმეები ჰქონდა, ვიდრე ანტუანის აზრის მოსმენა იყო სილამაზესთან დაკავშირებით. თუმცა ბიჭმა მსუბუქად ჩაახველა, ვერ გაბედა კითხვის მიზანზე რაიმეს თქმა.
-ჩემო ბატონო, სილამაზე სამყაროშია. -გაუბედავად წამოსცდა ყმაწვილს.
-ნუ გრცხვენია, ნუ გერიდება. ასაკით ერთმანეთს დიდად არა ვცდებით, ანტუან. ხომ იცი, მსახურად კი არა, მეგობრად გთვლი. თავისუფლად ისაუბრე. -ხელი აიქნია სებასტიანმა. წელში გასწორდა ანტუანი, ბატონის სიტყვებმა სითამამე შეჰმატეს.
-სამყარო მაშინაც ლამაზი იყო, სანამ ადამიანები გაჩნდებოდნენ, ბატონო, თუმცა, ჩემი აზრით, ჩვენი გაჩენის მიზეზიც ის იყო, რომ მეტად გაგველამაზებინა სამყარო. ოღონდ, გარეგნულად არა, ბატონო. სილამაზე სულშია. ხოლო, თუკი გსურს, ადამიანის სულს შეეხო, მისი თვალები უნდა გხიბლავდნენ. -სებასტიანმა თავი ასწია. მოიხიბლა ყმაწვილის საუბრით, ბაგე ღიმილმა შეუკრთო.
-რატომ თვალები, მეგობარო?!
-ვფიქრობ,სინამდვილეში, სილამაზე მხოლოდ თვალებშია მოქცეული. მომიტევეთ ბატონო, თუკი თქვენს აზრს ვეწინააღმდეგები ჩემი სიტყვებით. -წამში დაფრთხა ბიჭი, სებასტიანმა ხელი გაშალა, გააქნია და ახალგაზრდა ბიჭს გაუღიმა.
-ამ ქვეყნად ყველა ადამიანს აქვს უფლება, სილამაზე ისე აღიქვას, როგორც სურს. მეუბნები, რომ ლამაზი თვალები, ლამაზი სულის ნიშანია?
-დავიბენი, ბატონო. -შეიშმუშნა ბიჭი და შეწუხდა. -თუმცა დიახ, ასე ვთვლი. თვალები არასდროს იტყუებიან, ყოველთვის გასცემენ ტყუილს. -გაეღიმა თავადს, ესიამოვნა და დამშვიდდა კიდეც.
-ახალი რა ისმის, რიჩარდსის ქალიშვილი როდის მობრძანდება? მზადაა მისთვის საძინებელი?
-დიახ ბატონო, მალე აქ იქნება. მისტერ კლოდმა მკითხა, თუ აპირებდით განსაკუთრებულად დახვედრას, აქაურ ბატონებთან ვახშამს?!
-არა, ანტუან. მსგავსი არაფერი იქნება. მეტიც, დღეს საბჭოს საქმეზე ვიქნები, შესაფერისი კოსტიუმი მომიმზადეთ. ქალიშვილი რომ ჩამობრძანდება, გაუმასპინძლდით, როგორც მე მეკადრება და მოასვენეთ. დღეისათვის საკმარისი იქნება. -ყმაწვილმა მორიდებულად დაუქნია თავი თავადს, ბიბლიოთეკის კიბეზე სწრაფად ჩაირბინა და ოთახი დატოვა. ჩაფიქრებული იჯდა სებასტიანი. ვერაფრით ხვდებოდა, როგორ აძლევდა ჟან ნიკოლა საკუთარ ქალიშვილს უცხო, თანაც მტრის ბუნაგში ჩამოსვლის უფლებას?! წარმოუდგენლადაც კი ეჩვენებოდა, რომ ახალგაზრდა ქალს მის შესახებ არაფერი სცოდნოდა. ბრაზმორეული იჯდა, ვერაფერი გაეწყო.
მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ წამოდგა, საძინებელში გამზადებული, კოხტად დაკეცილი ტანსაცმელი მოირგო და იმ დროისათვის სრულიად უსარგებლო საბუთებს დასწვდა. "მირჩევნია მთელი დღე საბჭოს ბოდვას ვუსმინო, ვიდრე რიჩარდსებს პატივით დავხვდე." - გაიფიქრა თავადმა და წარბშეკრულმა გაიჯახუნა სახლის კარი.
დამფრთხალი შეჰყურებდნენ მოსამსახურეები თავადის უჩვეულო საქციელს. თავადი სებასტიანი თავშეკავებული, განათლებული ჯენტლმენი გახლდათ. პასუხისმგებლობას არასდროს გაურბოდა, სამაგიეროდ, ცხოვრებაში უხვად ჰყავდა მოღალატეები. მიუხედავად ამისა, არასდროს ტყდებოდა. გულში, ღრმად სწამდა, რომ ადამიანების გამოსწორება სიკეთით შესაძლებელია და ვინ იცის, სწორედ, ამ უკუღმართობამ დაატრიალა თავადის ბორბალი სხვა მხარეს.

*-*-*
სისხლივით იფეთქა ქალიშვილის ლალისფერმა თმამ. მაღალი, გამხდარი, თოვლივით თეთრი მოაბიჯებდა თავადის სახლისაკენ. შავი კაბით შემოსილიყო ახალგაზრდა ქალი, თუმცა მკერდზე წითლად ამოექარგა ვიღაცის ნატიფ თითებს ვარდები. მაღალი ყელი, გამოკვეთილი ლავიწები მიჰყვებოდა ქალიშვილის სხეულს, ბავშვურ, ჯერ კიდევ აბრეშუმივით კანზე შესხმოდა წვიმის წვეთები. ქვეყანაზე, ყველაზე უფრო ტკბილი და მშვენიერი, გოგონას ბაგე იყო. წითელი, როგორც სისხლი და ლამაზი, როგორც ვარდი. დაღლილი მზერა ეღვრებოდა მშვენიერ ქალბატონს ძალიან დიდი, ღია თაფლისფერი თვალებიდან.
დაბნეულმა, ქალის სილამაზით მონუსხულმა მსახურებმა ჭრიალით გაუღეს მთავარი ჭიშკარი. კაბის ბოლოები ტალახში ამოსვროდა, თუმცა მაინც ნელა მიიწევდა წინ, გაბადრული შეჰყურებდა ეზოს შუაში ანგელოზის ქანდაკებას და მისი კალთიდან გადმოღვრილ წყალს.
თვალი მოავლო ქალიშვილმა ეზოს, ძლივსშესამჩნევად გაიღიმა და სახლის მძიმე, შეღებულ კარში გაუჩინარდა.
სითბო მთელს სხეულში ჩაეღვარა, უცნაურად აივსო მუხტით. მსახურებმა მოსასხამი გამოართვეს, მთავარ დარბაზში შეიპატიჟეს და ბუხრის წინ დაჯდომა შესთავაზეს. ქალიშვილი ღიმილით დაჰყვა მათ ნებას, აგიზგიზებულ ცეცხლს გაყინული ხელისგულები მიუშვირა.
-ქალბატონო, თქვენს ოთახში წამობრძანდებით, თუ ჯერ ჩაის ინებებთ? -წინ აესვეტა საშუალო ასაკის, გარუჯული მოახლე ქალიშვილს.
-იცით, დაღლილი ვარ, თანაც მოწესრიგება არ მაწყენდა. თავადი სად ბრძანდება?
-ჩვენი ბატონი ქალაქის საბჭოშია, თუმცა არასდროს იბარებს - რატომ.
-ჰმ. -თითქოს ეწყინაო, ცეცხლს გაუშტერა თვალი ქალიშვილმა. -ოთახში მიმაცილეთ, თუ შეიძლება. მანამ, შესაძლოა, თავადიც დაბრუნდეს. -ქალიშვილის ოთახი სებასტიანის დარბაზისა და საძინებლის ახლოს, თითქმის მოპირდაპირედ მოემზადებინათ. შესვლისთანავე, გოგონა მოიხიბლა, მოჩუქურთმებული სარკის წინ დაჯდა და სველ თმაზე იქვე დადებული, ვერცხლისფერი სავარცხელი ჩამოისვა.
-ჩემი დახმარება ხომ არ გჭირდებათ?
-არა. თავისუფალი ხართ. მხოლოდ ერთი -გასასვლელთან შეაჩერა მსახური ქალიშვილმა. -თავადი რომ მოვა, თუკი ძალიან დაღლილი არ იქნება, აუცილებლად მომახსენეთ.
-როგორც ინებებთ. -მსახურის გასვლის შემდეგ, დიდ ხანს არ უყოყმანია ქალიშვილს, სააბაზანოში წყალი გაცხელებული დახვდა, ცოტა ხანი დაჰყო თბილ წყალში და მოუსვენრობით შეპრყობილი, მალევე დაბრუნდა ოთახში. არ იცოდა რატომ, თუმცა ძალიან ეჩქარებოდა თავადის ნახვა. იცოდა, ხელგაშლილი და კეთილი ბატონი ჰყავდა ამ მხარეს, თუმცა მაინც სხვა, უფრო დიად ფიქრებს აეტანათ ქალიშვილის გონება.

*-*-*
საბჭოში, როგორც ყოველთვის, ხმაური და არეულობა დახვდა სებასტიანს. თუმცა ვიდრე საბჭოს შენობამდე მიაღწევდა, მაიოტას მთავარ ხიდზე, რომელიც ბატონის სახლსა და ქალაქს აკავშირებდა, ერთ ჯგუფად შეგროვებული მოსახლეობა დახვდა. სებასტიანი წუთით შეჩერდა, თვალი მოავლო პირგაკერილ მამაკაცებს, შემცბარ, ნაწყენი თვალებით მომზირალ ქალბატონებს და მათ კალთებზე აკრულ პატარა ბავშვებს.
-მოგესალმებით, მშვიდობიანი და ნაყოფიერი დღე გქონოდეთ. -მსუბუქად დაუკრა თავი სებასტიანმა იქ შეკრებილებს და ნაბიჯი გადადგა.
-უდიდესი პატივისცემის მიუხედავად -გაისმა ხმა სებასტიანის ზურგსუკან. -თავადო სებასტიან, მთელმა ქალაქმა იცის, რომ უცხო ქალაქიდან პატივსაცემი ქალიშვილი გესტუმრათ, ვხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის, რომ სათანადოდ დახვდეთ და უჩვენოთ, რამდენად ხელგაშლილი ბრძანდებით, თუმცა ნუ დაივიწყებთ, რომ მაიოტა თქვენს იმედზეა დარჩენილი. სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ეს ადამიანები გულუბრყვილოდ ელიან თქვენს ამ ხიდზე გამოჩენას. ვიდრე ქალიშვილს უმასპინძლებდეთ, ქალაქს მიხედეთ, თავადო, ქალაქს. -სებასტიანი წამით შეცბა, სახეზე გადაურბინა ბრაზმა, თუმცა წამში შეცვალა მისი გამომეტყველება ღელვამ. მის უკან საბჭოს წევრები იდგნენ, ერთ-ერთი მათგანი, მეტად ზარმაცი და მხოლოდ ენადგაკრეფილი დარენ მარტინი გახლდათ.
-მისტერ დარენ, ვფიქრობ, ამ საკითხზე დავა საბჭოს შენობაში უკეთესი იქნება. -მშვიდად მიბრუნდა სებასტიანი. პირდაპირ შეეჩეხა მარტინის ანთებულ თვალებსა და სახეზე გადაგლესილ მრისხანებას.
-რატომ თავადო, რატომ? თქვენს სიტყვებს ხომ მაინც გააჟღერებენ? მოდით, აქვე გავმართოთ კრება, ხალხის წინ გადავწყვიტოთ რა იქნება უკეთესი.
-მისტერ დარენ, პატივისცემის მიუხედავად, თავს უფლებას ნუ მისცემთ ენამ გაგისწროთ და უპატიებელი წამოიძახოთ. -მოკლედ მოჭრა სებასტიანმა, თუმცა იგრძნობოდა მის ხმაში სიმკაცრე, ბრაზი და კატეგორიულობა. თითქოს მეხი დაეცაო მარტინს, წამში უკან დაიხია და ბრაზმორეული შეერია საბჭოს წევრების ჩამწკრივებულ რიგებს.
თავადი ხალხისაკენ მობრუნდა, შესამჩნევად გაიღიმა და ხელები გაშალა.
-იცით, მე ჩემი ქალაქი მიყვარს. ზამთარია, დეკემბერია და თქვენს მრავალრიცხოვან ოჯახებს შეშა, საკვები და ფული სჭირდება, თუმცა მინდა გითხრათ, რომ თქვენთვის ეს ყოველივე მატერიალური, არასდროს წამირთმევია. ქალაქის საბჭოს მოჰკითხეთ, განსაკუთრებით კი, მისტერ დარენს, საბჭოში დატოვებული დანაბარები რომ არასდროს სრულდება. -გაკვირვების უზარმაზარმა ტალღამ გადაურბინა მოსახლეობას სახეზე, წამში წყვილ-წყვილი მზერა დაეცა ვირთხასავით ერთ ადგილზე მიმწყვდეულ, წამში დაპატარავებულ კაცს.
-მისტერ დარენ, ნუთუ არ გრცხვენიათ? ეს ხომ ქალაქის ცენტრი არაა, აქ გაჭირვებული ხალხი ცხოვრობს. თქვენ კი, დაუდევრად სათქვენოდ იყენებთ ქალაქის ბიუჯეტს და გატყობთ, ზამთარს არაჩვეულებრივად გადაიტანთ. ღმერთს მადლობა, ცხოვრებამ ყრანტალის მეტი ნიჭი არ მოგცათ, თორემ ხელისგულზე გადაატარებდით მაიოტას სიმყუდროვეს. -სებასტიანმა კმაყოფილებით გადახედა შემცბარ საზოგადოებას. დაიბარა, საბჭოს შენობაში დაგხვდებითო და უკანმოუხედავად დატოვა იქაურობა.
დიდ ხანს სწვდებოდა მის სმენას ხალხის გაოცებული შეძახილები, ესმოდა მისტერ დარენის ერთი-ორი გასამართლებელი წინადადებაც, თუმცა ნელ-ნელა შორდებოდა იქაურობას და ხმებიც წყდებოდა. წარმოდგენა არ ჰქონდა ვინ იყო მისი მეგობარი, ვინ - მტერი, ან ვინ იდგა განზე.



№1  offline წევრი შამხათი

ძალიან საინტერესოა, მომწონს. ველოდები, როგორ განვითარდება მოვლენები.

 


№2  offline ახალბედა მწერალი lullaby

როგორ იგრძნობა შენი წერის სტილის დახვეწილობა და როგორ ნათლად ჩანს სიტყვებში შენი გემოვნება მარ...
აი ეს გრძნობა მიყვარს, ასეთი სიუჟეტის და ასეთი გამართული ტექსტის კითხვისას რომ მეუფლება. მშვიდად ვკითხულობ. ვიცი, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც საჭიროა.
ამბავს რაც შეეხება, ძალიან ძალიან საინტერესოა, დაწყებული სათაურიდან დამთავრებული გემით, რომელშიც ძაააააალიან მაინტერესებს, რა არის ასეთი საიმედო სსებასტიანისთვის.
ანტუანის პერსინაჟით მოვიხიბლე. რა ვქნა, მეორეხარისხოვანი, კეთილი პერსონაჟები ჩემ ყურადღებას ადვულად იპყრობენ. :დ ^^

რა თქმა უნდა, საიდუმლოებები და წარსულის ინტრიგებიც ძალიან მაინტერესებს და რატიმღაც ვივიენიც ცოტა მაეჭვებს, ამიტომ მოუთმებლად ველი შემდეგ თავს <3

 


№3  offline ახალბედა მწერალი MariamG

შამხათი
ძალიან საინტერესოა, მომწონს. ველოდები, როგორ განვითარდება მოვლენები.

მიხარია ^^

lullaby
როგორ იგრძნობა შენი წერის სტილის დახვეწილობა და როგორ ნათლად ჩანს სიტყვებში შენი გემოვნება მარ...
აი ეს გრძნობა მიყვარს, ასეთი სიუჟეტის და ასეთი გამართული ტექსტის კითხვისას რომ მეუფლება. მშვიდად ვკითხულობ. ვიცი, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც საჭიროა.
ამბავს რაც შეეხება, ძალიან ძალიან საინტერესოა, დაწყებული სათაურიდან დამთავრებული გემით, რომელშიც ძაააააალიან მაინტერესებს, რა არის ასეთი საიმედო სსებასტიანისთვის.
ანტუანის პერსინაჟით მოვიხიბლე. რა ვქნა, მეორეხარისხოვანი, კეთილი პერსონაჟები ჩემ ყურადღებას ადვულად იპყრობენ. :დ ^^

რა თქმა უნდა, საიდუმლოებები და წარსულის ინტრიგებიც ძალიან მაინტერესებს და რატიმღაც ვივიენიც ცოტა მაეჭვებს, ამიტომ მოუთმებლად ველი შემდეგ თავს <3

უღრმესი მადლობა.
შენგან განსაკუთრებით სასიამოვნოა ასეთი სიტყვები^^
მიხარია, რომ პირველივე თავით კმაყოფილი ხარ <3
ისტორიას რაც შეეხება, ყველაფერში გეთანხმები.
იმასაც მალე გავიგებთ ვინ რას ელის და ვინ რას მალავს ^^

 


№4  offline წევრი An_Gel

ისე მინდოდა გუშინვე წამეკითხა და გამეზიარებინა აზრი, მაგრამ ორი აბზაცი რომ წავიკითხე და მივხვდი, აზრი ვერ გამომქონდა, გადავწყვიტე დილისთვის შემომენახა.
პირველ რიგში, როგორც კი გავხსენი ეს ისტორია და დავიწყე კითხვა, ვიგრძენი როგორ მენატრებოდა აი ეს! შენი სტილი, თხრობის მანერა, შინაარსობრივი სიმდიდრე. მოკლედ, ის, რითიც ათასში გამოგარჩევ.
რაც შეეხება ისტორიას. შუასაუკუნეების ევროპაში წარმოვიდგინე თავი. და კითხვის პროცესში რატომღაც სულ ვგრძნობდი, რომ "გრაფი მონტე კრისტოს" და "ურჩხული და მზეთუნახავის" სამყაროები იკვეთებოდნენ ჩემში. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ძალიან მომწონდა ეს გრძნობა.
სებასტიანის პერსონაჟი ძალიან მომეწონა. ღირსეული, გონიერი და დინჯი ადამიანის შთაბეჭდილება დამიტოვა. მაგრამ ჩემი ფავორიტი, ჯერ-ჯერობით, ანტუანია. ასე ვთქვათ, ამ ნაწარმოებში მათეს ადგილი ანტუანმა დაიკავა :დ (თუმცა მეეჭვება ის გახდეს ჩემთვის, რაც მათე)
ლალაბაის თქმის არ იყოს, მეც ძალიან მაინტერესებს რა არის იმ გემზე ასეთი. და მგონია, რომ ეს ამ ისტორიის მთავარი ინტრიგაა. წარსულში მომხდარი ამბებიც თავისთავად საინტერესოა. მაგრამ ყველაზე მეტად ის მაინტერესებს, დაუპატიჟებელი სტუმარი იმ მოლოდინებს გაამართლებს, რომელიც დამხვედრებს აქვთ თუ თავისი გარეგნობის შესაფერისი შინაგანიც ექნება. (მე მეორეს ვიმედოვნებ)
მოკლედ, მარ, არ მინდა ბევრი ვილაპარაკო. პირველი თავია მაინც და მოვლენების გავითარებას დაველოდები. ერთი შეხედვით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ბევრი პერსონაჟი, ბევრი ინტრიგა და პრობლემა გადაიკვეთება ერთმანეთში. და სებასტიანის თქმის არ იყოს, მეც ძალიან მაინტერესებს, ვინ არის მტერი, ვინ - მოყვარე და ვინ დგას განზე.
საოცარი გოგო ხარ! ამას თქმაც არ ჭირდება. და მიხარია, რომ გადაწყვიტე დაბრუნება. ველოდები შემდეგ თავს heart_eyes heart_eyes
პ.ს. როგორც კი პირველი სცენა წავიკითხე მივხვდი, რომ სურათი ერთ-ერთშია relaxed

 


№5  offline ახალბედა მწერალი MariamG

An_Gel
ისე მინდოდა გუშინვე წამეკითხა და გამეზიარებინა აზრი, მაგრამ ორი აბზაცი რომ წავიკითხე და მივხვდი, აზრი ვერ გამომქონდა, გადავწყვიტე დილისთვის შემომენახა.
პირველ რიგში, როგორც კი გავხსენი ეს ისტორია და დავიწყე კითხვა, ვიგრძენი როგორ მენატრებოდა აი ეს! შენი სტილი, თხრობის მანერა, შინაარსობრივი სიმდიდრე. მოკლედ, ის, რითიც ათასში გამოგარჩევ.
რაც შეეხება ისტორიას. შუასაუკუნეების ევროპაში წარმოვიდგინე თავი. და კითხვის პროცესში რატომღაც სულ ვგრძნობდი, რომ "გრაფი მონტე კრისტოს" და "ურჩხული და მზეთუნახავის" სამყაროები იკვეთებოდნენ ჩემში. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ძალიან მომწონდა ეს გრძნობა.
სებასტიანის პერსონაჟი ძალიან მომეწონა. ღირსეული, გონიერი და დინჯი ადამიანის შთაბეჭდილება დამიტოვა. მაგრამ ჩემი ფავორიტი, ჯერ-ჯერობით, ანტუანია. ასე ვთქვათ, ამ ნაწარმოებში მათეს ადგილი ანტუანმა დაიკავა :დ (თუმცა მეეჭვება ის გახდეს ჩემთვის, რაც მათე)
ლალაბაის თქმის არ იყოს, მეც ძალიან მაინტერესებს რა არის იმ გემზე ასეთი. და მგონია, რომ ეს ამ ისტორიის მთავარი ინტრიგაა. წარსულში მომხდარი ამბებიც თავისთავად საინტერესოა. მაგრამ ყველაზე მეტად ის მაინტერესებს, დაუპატიჟებელი სტუმარი იმ მოლოდინებს გაამართლებს, რომელიც დამხვედრებს აქვთ თუ თავისი გარეგნობის შესაფერისი შინაგანიც ექნება. (მე მეორეს ვიმედოვნებ)
მოკლედ, მარ, არ მინდა ბევრი ვილაპარაკო. პირველი თავია მაინც და მოვლენების გავითარებას დაველოდები. ერთი შეხედვით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ბევრი პერსონაჟი, ბევრი ინტრიგა და პრობლემა გადაიკვეთება ერთმანეთში. და სებასტიანის თქმის არ იყოს, მეც ძალიან მაინტერესებს, ვინ არის მტერი, ვინ - მოყვარე და ვინ დგას განზე.
საოცარი გოგო ხარ! ამას თქმაც არ ჭირდება. და მიხარია, რომ გადაწყვიტე დაბრუნება. ველოდები შემდეგ თავს heart_eyes heart_eyes
პ.ს. როგორც კი პირველი სცენა წავიკითხე მივხვდი, რომ სურათი ერთ-ერთშია relaxed

გამორჩეული ისტორიების და კომენტარების ავტორი ხარ.
ავტორისათვის ერთი დიდი სიამოვნებაა შენი კომენტარები იკითხოს საკუთარ ისტორიაზე. ძალიან მიხარია, რომ თავი შუა საუკუნეების ევროპაში იგრძენი და ძალიან მესიამოვნა მაღალი დონის კლასიკის "აფეთქებამ" ჩემს ერთ, პატარა ამბავში.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ როგორც თქვენს, ასევე ჩემს იმედებს გაამართლებს ყველა პერსონაჟი. თუმცა, რა თქმა უნდა, მათე ვერაფრით ჩანაცვლდება და ვერავინ ამოავსებს მის ადგილს (თუკი მათემ საერთოდ ადგილი დატოვა. ეგოისტი მე. )
უზომოდ მიხარია, რომ ჩემთან ხარ <3

 


№6  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

დავიწყე...
აი, ჰილეგის მერე, მე შენი ნიჭი რომ ვაღიარე ეწვია აღარ შემპარვია. თუმცა კითხვა რომ დავიწყე, მეხამუშა. იმიტომ კი არა რომ რამე ისეთს წავაწყდი, რაც არ მომეწონა, ან იმედი გამიცრუვდა. უბრალოდ სახელი ისეთია... აი არ ვიცი.
მოქმედების დრო, ადგილი, სიტუაცია, ხალხი, ურტიერთობის სულ სხვა ხარისხი და დონე, ეს ყველაფერი მაფიქრებს და მერე პირადად გეტყვი რატომაც. სებასტიანი, კეთილი, დაღლილი, მრავალჭირგამოვლილი ახალგაზდდა ბატონი, ვისთვისაც ეს მდგომარეობა ტვირთად გცეულა. აშკარაა რამდენად დაღალა იმ მდგომარეობამ, უფლებამ რაც მისი სტატუსის კაცს აქვს. ამიტომაც ესწრაფვის განმარტოვებას, სამწუხაროდ კი მხოლოდ ოთახში ახერხებს ამას. მისტერ კლოდი, ანტუანი...
ბრონტეს პერსონაჟებს ჰგვანან ორივე. სებასტიანი და ეს გარემოც რაღაცით მარგარეტ მიჩელისეულ ამერიკის მაღალი წრის ადამიანების ცხოვრებას ჰგავს. მომწონს. ძალიან მომწონს და ველი გემის ამბავს.იმედია რაიმე მატერიალურის გამო არ ღელავს სებასტიანი. ქალბატონი რიჩარდსი ვ. სავარაუდოდ ვივიენი, ძალიან არ მომეწონა. ანტუანმა ისე დაახასიათა რომ სხვას ველოდი. სხვა შემრჩა : დ თუმცა რა ვიცი რა გიტრიალებს ამ ლამაზ თავში.ის ვიცი იმედს რომ არ გამიცრუებ და ამიტომ მშვიდად ვარ. ხო, მერე ცალკე რაღაცას გეტყვი კიდევ.
წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent