სანდრო. ჩემი მზე. (ნაწილი 1)
... სანდრო შემთხვევით გავიცანი. თუმცა, მგონი, ახლა, როცა რვა წლის შემდეგ, მას კვლავ ვუყურებ, მჯერა, რომ შემთხვევით არაფერი არ ხდება. სანდრო შემთხვევით გავიცანი და მგონი, ეს იყო ყველაზე ბედნიერი და რთული მომენტი ჩემს ცხოვრებაში. მე ის შემიყვარდა. და ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ მე რვა წელი მეტარებინა ეს გრძნობა ჩემი ხელისგულებით, ჩემი ღიმილითა და ჩემი თვალებით. რვა წლის შემდეგ კვლავ შევხვდი სანდროს. თუმცა, სჯობს, იმ პირველი შემთხვევითობით დავიწყოთ, რომელმაც მე სანდრომდე მიმიყვანა. ... - მალე მოხვალთ დე ? - დაბალი ხმით ვიწყებ საუბარს და კარებს ვეყრდნობი - გასაღები დამრჩა. - რატომ ხარ ასეთი უყურადღებო... მერამდენედ ხდება ასე... - ჩვეული, მკაცრი, უზომოდ სერიოზული ხმით იწყებს პასუხს დედა და პატარა პაუზას აკეთებს. აშკარად ნერვების მოთოკვას ცდილობს და რამდენიმე წამის შემდეგ აგრძელებს - ფული გაქვს ? - კი - კვლავ ჩუმად ვპასუხობ და თვალებს ვხრი, არ მინდა მოპირდაპირე კარიდან გამოსულ ადამიანს შევხედო ან მისი ყურადღება მივიპყრო, თუმცა ეს არ გამომდის. აშკარაა, მე სახლში ვერ შევდივარ, ჩემს პირდაპირ მდგარი ბიჭი კი - ზედმეტად ზრდილობიანია. - უკაცრავად, დახმარება ხომ არ გჭირდებათ? - არა, მადლობა - სწრაფი, ოდნავ უკმეხი პასუხით ვცდილობ ჩემი „დამხმარის“ მოშორებას და გვერდით ვტრიალდები. - დარწმუნ... - დარწმუნებული ვარ, მადლობა - ახლა უკვე ირონიულ ღიმილსაც ვაყოლებ და კვლავ მობილურს უკან არსებულ ქალს ჩავძახი - დე.. - ტკბილეული იყიდე და ჩვენს პირდაპირ გადმოსულ მეზობლებს ეწვიე, მაინც ვაპირებდით ამას - კვლავ საქმიანად აგრძელებს დედა, მე კი თვალებს ვწკურავ. - არ გამოვა ეგ ამბავი. ნინისთან ავალ და თუ ძალიან გაგვიანდებათ იქ დავრჩები. - ოჰ, არც ეგ ამბავი გამოვა, ტკბილეულს იყიდი და მეზობლებს ესტუმრები, ბიჭი ევროპის ჩემპიონია ჭიდაობაში, ოჯახის დანარჩენ წევრებზე არაფერი ვიცი, ასე რომ, აღარ შემეწინააღმდეგო. ორ-სამ საათში მოვალთ - თვალებს ვატრიალებ და სწრაფად ვთიშავ მობილურს. - ომმ... - ღრმა ამოსუნთქვას რამდენიმე ბგერას ვაყოლებ და თვალებს კიბეებისკენ ვაპარებ. ცუდია, აშკარად იმ ბიჭს ვეუხეშე, რომლის ოჯახსაც უნდა ვესტუმრო. კვლავ მაღლა ვწევ წარბებს, თმას ვისწორებ და სწრაფად ვეშვები კიბის საფეხურებზე. ახლა ისღა დამრჩენია ტკბილეული ვიყიდო ან დედას მოვატყუო და ნინისთან ავიდე - ოხ - კვლავ წუწუნებ და თავს ვაქნევ. მეც მშვენივრად ვიცი, ჩემს ყველაფრისმცოდნე დედას ვერ მოვატყუებ. ხარბად ვისუნთქავ სუფთა ჰაერს, მერე მაღაზიაში შევდივარ და იქიდან ხილითა და ტკბილეულობით ხელში გამოვდივარ. არანაირი სურვილი არ მაქვს, ჩემი ახალი მეზობლები მოულოდნელი სტუმრობით გავახარო, თუმცა რას ვიზამ, დედა ასეთია - იკვლევს ყველაზე ყველაფერს და გიჟდება მაღალი ელიტის ხალხთან მეგობრობაზე. ბოლო საფეხურსაც ვაბიჯებ, სახეზე ყალბ ღიმილს ვიფარებ და ფრთხილად ვაკაკუნებ კარებზე. - გამარჯობა - თითქმის ერთდროულად ვამბობთ მე და ჩემს პირდაპირ მდგარი, ოდნავ დაბალი, თბილი ხმის მქონე და ზედმეტად უბრალო ქალბატონი. - ამ.. მე თქვენს მოპირდაპირედ ვცხოვრობ, გავიგე ახლახანს გადმოხვედით და გადავწყვიტე გსტუმრებოდით - ცოტა დაბნეული ვაყრი მომღიმარ ქალს და ხელებს ვათამაშებ. - მოდი შვილო, მე ლელა ვარ - ჰაეროვანი ნაბიჯებით მიძღვება ჩემი ახალი მეზობელი შინ და მეც პატარა, ყვავილებით გაფორმებულ, სადა მისაღებში ვაბიჯებ. - მია - სწრაფად ვიძახი და ლელას შეფუთვებს ვაწვდი. - არ იყო საჭირო - თავის ქნევით მკიცხავს ლელა და სასტუმრო ოთახში მიძღვება - მოდი, ცოტახნით დამელოდე, მე ყავას მოგიტან. ჩემი ვაჟიც მოვა მალე - ოთახს კვლავ გულწრფელი და ზედმეტად მელოდიური ხმა ავსებს. ლელა სამზარეულოსაკენ მიაბიჯებს და მეც ვასწრებ სახის დამანჭვას. ოღონდ მისი ბიჭი არ მოვიდოდეს და თუ უნდა, კიბეებზე დაგორდეს, მანქანა დაეჯახოს ან რავიცი, იქნებ ციდან სპილოც დაეცეს. უიმედოდ ვაქნევ თავს და დასამშვიდებლად ოთახს ვათვალიერებ. ვერ ვიტან სხვისი ნივთებით ან ცხოვრებით დაინტერესებას და ალბათ ჩემი ჯელტმენი მეზობელი გრძნობს ამას - მაშინვე იღება კარები და ბიჭის სიხარულით სავსე ხმა მესმის. - დე, იზა დეიდა შემხვდა, ყავას ამზადებს და გელოდება - არა, რატომ არ დაგორდა ეს ბიჭი კიბეებზე ან რატომ არ აარიდა მზერა იზა დეიდას თუ ვიღაცას? ჯანდაბა, აშკარად მარცხენა ფეხზე ავდექი, დედაჩემის უჟმური ლაპარაკის მოსმენა არ მეყოფოდა? ფიქრებში გართული უკვე ფეხებსაც ვათამაშებ და მზერას მისაღებისკენ ვაპარებ. ბიჭმა აშკარად არ იცის სტუმარი რომ ჰყავს - უი, ყავას აკეთებ? თუ გინდა ვეტყვი იზა დეიდას, ამოვიდეს - ყრუდ აღწევს ჩემამდე სამზარეულოში გასული ბიჭის ხმა. - არა, სანდრო, მოდი, სტუმარი გვყავს, თქვენ აქ დალიეთ ყავა, მე ქვემოთ ჩავალ - მესმის ლელას ხმა და მხრებს ვწურავ, ოღონდ აქ არ ვიჯდე, ოღონდ ამ ქალის ხმას არ ვუსმენდე და ოღონდ მისი შვილის შეხვედრის თავიდან აცილების შესაძლებლობა მქონდეს. სწრაფად შემოდის ლელა სასტუმრო ოთახში, პატარა, ხის მაგიდაზე ყავის ჭიქებს აწყობს და სახეგაბრწყინებული მეუბნება - აბა, დროებით საყვარელო, გამიხარდა შენი გაცნობა. - მეც, ლელა დეიდა - დაძაბული ვპასუხობ და ამ ტანდაბალ, მოფუსფუსე, უკვე მისაღებისაკენ გასულ ქალბატონს ვაყოლებ თვალს. მშვენიერია, მიყვარს გამოუვალი მდგომარეობები, განსაკუთრებით მაშინ, თუ ჩემი საქციელის უნდა მრცხვენოდეს. - გამარჯ.. - ჯერ ოთახში შემოსულიც არაა სანდრო, რომ უკვე მოსალმებას იწყებს, თუმცა მალე ხმა სადღაც იკარგება და სივრცეს მისი სიცილი ავსებს. - ჰა ჰა, რა სასაცილოა - გაუაზრებლად, ირონიით გაჟღენთილი ხმით ვიძახი და ვითომ გაღიმების ნიშნად ვწევ ტუჩის კუთხეებს განზე. - მეგონა დახმარება არ გჭირდებოდა - კვლავ ეღიმება ჩემს წინ მდგარ შავთმიან, მუქთვალება ბიჭს და მე უარესად მეშლება ნერვები - სანდრო. - მია - მშრალად ვაბრუნებ პასუხს და ჯიქურ ვიყურები ჩემს პირდაპირ, აღარ მინდა სანდროს შევხედო, თუმცა არ გამოდის, ის აუჩქარებლად ჯდება ისე, რომ ზუსტად მას ვუყურებდე. - აბა, რა შეემთხვა ჩვენს მეზობელს? რაო, გასაღები არ გქონდა და ხელით უნდა შეგემტვრია კარები თუ როგორც ფილმებშია, პატარა თმისამაგრით ფიქრობდი გაღებას? - ინტერესით მაკვირდება სანდრო, წინ იხრება, ხელებით მუხლებს ეყრდნობა და მიღიმის. არ ვიცი, რა ვთქვა და ამიტომ თავს დაბლა ვხრი. არ მინდა, რაიმე სისულელე წამოვიძახო და მერე კვლავ ვინანო ამიტომ სიჩუმეს ვამჯობინებ - არ მელაპარაკები თუ ? - ვხვდები კვლავ განათებული სახე შემომყურებს და ცოტახნით ვშორდები გაბუტული ბავშვის როლს. - არ შეიძლება უბრალოდ ჩუმად ვისხდეთ? - დანაშაულის გრძნობით სავსე ვიწყებ და როგორც იქნა, თვალს ვუსწორებ სანდროს - უბრალოდ არ მინდა კიდევ გამიფუჭდეს ხასიათი. - როგორც გენებოს - სახის არცერთი ნაკვთი არ ეცვლება სანდროს, ისე იღებს ყავის ჭიქას, მერე ნელა დგება და ღიღინით გადის გარეთ. აშკარად არ იცის რას ნიშნავს ჩუმად ყოფნა, ან უბრალოდ ჩემს ნერვებზე თამაშობს - რაღაცას ამბობს, რამდენიმე პატრა მოქმედებას აკეთებს და მუსიკას რთავს. პატარა მისაღები სწრაფად იფარება მელოდიის ხმით. ნაცნობი რიტმია, თუმცა ვერ ვიხსენებ, საიდან უნდა ჩარჩენილიყო ჩემს გონებაში. - რეი ჩარლზი, რეი ჩარლზი, რეი ჩარლზი - ვამბობ სწრაფად და ვიღიმი. მახსენდება, რა მშვიდად ვზივარ ყვავილებით ჩაფლულ ეზოში ბაბუასთან ერთად და როგორ ვღიღინებ საყვარელ მელოდიას. წამიერად ცვლის ჩემს მოწყენილობას აღტაცება. ვდგები, ხმას მივყვები და აღფრთოვანებით შევყურებ ძველებურ ფირფიტას - ისაა - ისე ვამბობ, თითქოს მარტო ვიყო ოთახში და მხოლოდ მერე მახსენდება ჩემს უკან მჯდომი სანდრო. - რაო, პატარა ქალბატონო ? - ვითომ დაეჭვებული შემომყურებს სანდრო და რომ ხვდება მელოდიამ გამაბედნიერა ირონიულად აგრძელებს. - თქვენც გცხიათ რაღაც გულწრფელი. ისე, ეს შეფუთვები შენებია ? - არა, დედაშენს მოვუტანე. - ანუ ჩემია, მშვენიერია, ვგიჟდები ტკბილეულობაზე - მოურიდებლად იღებს სანდრო ერთ-ერთი შეფუთვიდან შოკოლადებს და სწრაფად მიირთმევს - შენც ხომ არ გინდა? - არა, ხილი მირჩევნია - ვეუბნები და იქვე მდგარ თეთრ, ულამაზეს, სადა სკამზე ვჯდები. - ოხ, ხილზე ბოდიშით. თავად მოემსახურეთ საკუთარ თავს. - რა თავაზიანი ხარ. სამზარეულოს გამოყენების ნებართვა მჭირდება ? - სერიოზული სახით ვაჩერდები მოცინარ თვალებს და უნებლიედ შეკითხვას ვცვლი - სულ ასეთი ბედნიერი ხარ ? - ჯერ ერთი - ნებართვა არ გჭირდება და მეორეც - შენი საქმე არაა მე სულ მოწყენილი ვარ თუ ბედნიერი. ... - დიეტაზე ხარ მია ? - უკანმიუხედავადაც ვხვდები, რომ კვლავ გაბრწყინებული სახით ტლიკინებს ვაჟბატონი და თეფშების ძებნით გართული, ოდნავ დაბნეული ვპასუხობ - უბრალოდ ხილი მიყვარს. სად ინახა... - ზემოთ, შენგან მარჯვნივ ვინახავთ თეფშებს. გინდა, ყავაც გამოგიტანო? - კი, თუ არ შეწუხდები -ღიმილით ვპასუხობ აწ უკვე ჩემს მეგობრებში მითვლილ სანდროს და კარადას ვეყრდნობი. - სამწუხაროა საყვარელო, შევწუხდები - მაკვირვებს მისი ასეთი ბავშვური პასუხი, თავს ვერ ვიკავებ, თვალებს ვატრიალებ და ვიცინი. აუღელვებლად ვაწყობ მაგიდაზე ხილს, ორ მომცრო ზომის თეფშეფსა და დაბლა უჯრაში ნაპოვნ დანა- ჩანგლებს. მერე ნელა გავდივარ სასტუმრო ოთახში და იქიდან ჩემი ყავის ჭიქით ვბრუნდები. სანდრო კვლავ მაგიდასთან ზის, ახლა უკვე ხილსაც მიირთმევს და უზომოდ უცნაური, ღიმილიანი, ბედნიერი თვალებით მიყურებს. ძალიან თბილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს , თუმცა აშკარად უზომოდ ჯიუტია და ეს მახალისებს. კვლავ მეცინება, ცხვირს ვჭმუხნი, ოდნავ ვიჭყანები და ღიმილით ვკითხულობ - სად აორთქლდა ის ზრდილობიანი ბიჭი, კარებთან დახმარებას რომ მთავაზობდა? წამიერი პაუზის შემდეგ კვლავ მოულოდნელ პასუხს ვიღებ და არ შემიძლია არ გამიბრწყინდეს სახე - ისევ კონდენსირდება თუ დაიმსახურებ - სანდრო თვალს მიკრავს და ჭამას განაგრძობს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.