შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კესანე (სრულად)


17-12-2017, 15:41
ავტორი ანაკონდა
ნანახია 10 428

ქალაქში, სადაც ის ცხოვრობდა, ხშირად წვიმდა.
წვიმისას, როცა წვეთები შეუჩერებლივ ისწრაფვიან დედამიწისკენ, გვეჩვენება, რომ დრო ჩერდება. ზოგჯერ იგი გრძნობდა, რომ ამ მონოტონურობის ტყვეობიდან თავს ვერასოდეს დააღწევდა და ეგუებოდა. შეგუება მხოლოდ მანამდეა ძნელი, სანამ მივხვდებით, რომ სხვა გზა არ არსებობს, ან, თუ არსებობს, ამაზე უარესია.
ცოტას და ღრმად ოცნებობდა. ფანტაზიას მტკიცე მარწუხებში მოაქცევდა ხოლმე, რადგან იცოდა, რა ელოდა მას, ვინც შეეცდებოდა რეალობიდან გაქცევას.
მწვანეთვალება გოგო იყო კესანე. უცნაურად მწვანე იყო მისი თვალები: არც ძალიან მუქი, არც ძალიან ღია. მათში ჩახედვისას ჩაიკარგებოდით ცისფრად მოლაჟვარდე ლაგუნაში და ოქროსფერი მზის სხივების სითბოც მოგწვდებოდათ. თვალწინ დაგიდგებოდათ მზით გადამწვარი უდაბნო და ხავსმორეული ტბები ერთდროულად. მისი თვალები ბევრს ავიწყებდა თავს.
ოცნებებზე ბევრი მიზანი ჰქონდა გოგონას. მოთმინებით მიჰყვებოდა გზას, რომელიც ერგო და ზღაპრული, ზედაპირული ოცნებებისგან განსხვავებით არცერთი მიზნის დავიწყებას არ აპირებდა.
კესანე გიჟდებოდა თავის სახელზე. ეს იყო ერთადერთი, რაც დედისგან დარჩა. უყვარდა ლეგენდა, რომლის თანახმადაც პაწაწინა მგრძნობიარე ყვავილმა მცენარეთათვის სახელების დარქმევის დღეს უფალს სთხოვა, არ დავიწყებოდა მის შესახებ და ,,არ დამივიწყო“, ანუ კესანე დაერქვა. გოგონას ოდესღაც მამა უყვებოდა, თუ როგორ ყვარებია დედას ეს ყვავილი. ის ოცი წლის წინ 16 თებერვალს მოევლინა სამყაროს, მეორე დღეს კი დედა გარდაეცვალა. მიუხედავად საოცარი სიყვარულისა, რომელსაც ეს ტრაგედია უცბად დაატყდა თავს, მამას არასოდეს დაუდანაშაულებია, გულშიც კი, ზამთრის პირქუშ ღამეებში, როცა კაცის სული სასოწარკვეთას ებრძოდა და და ტკივილის გამოსახატავად ფრჩხილებით ლამობდა კედლებში შეღწევას, პაწაწინა მწვანეთვალება დანატოვარისადმი მხოლოდ სიყვარულს გრძნობდა. ღმერთს ფიქრებში საყვედურობდა დანაკარგის გამო, უფლისთვის კი ფიქრები სიტყვებზე ბევრად ხმამაღალია.
კესანეს წვიმა უყვარდა და კიდევ ზღვა. ეს უკანასკნელი ფოტოზე გამოსახულ დედის თვალებს აგონებდა და საოცრად ამშვიდებდა სანაპიროზე საათობით ჯდომა. საზაფხულო არდადეგებს მშობლიურ სახლში ატარებდა და ერთი სული ჰქონდა, სწავლა დაემთავრებინა, რომ მერე თავი პედაგოგობისთვის მიეძღვნა. ეს მიზნად პირველი დამრიგებლის გაცნობისას დაისახა და აღარც შეუცვლია აზრი.
მზით განათებულ სამზარეულოში ჭიქა ყავა მოიდუღა და ეზოს მიაშურა. ამ ყვავილებს დედა ოდესღაც მონდომებით რგავდა და უვლიდა, თან კი მუცლადმყოფ პატარას ესაუბრებოდა ხოლმე. ახლა ნატრობდა, შეძლებოდა იმ უჩვეულო, უპასუხო დიალოგების აღდგენა, წარმოდგენა მაინც, რას ეუბნებოდ დედა, რომელიც ვერ გაიცნო.
_ ადრე გაღვიძება სასარგებლოა, მაგრამ მგონია, რომ დასვენებას იმსახურებ, კესო, _ შემოესმა ფიქრებში წასულს დედინაცვლის ხმა.
_ახლაც ვისვენებ, მამა როდის დაბრუნდება, ქეთა?
_სავარაუდოდ ერთ კვირაში. მაინც როგორ გამოვიდა, რომ მივლინებაში წასვლა სწორედ შენი ჩამოსვლის წინა დღეს მოუხდა_ გამოეპასუხა ქალი, რომელიც გეიშას ჭრელ ხალათში გამოწყობილიყო და მონდომებით ურევდა ყავას.
სამზარეულოს ღია ფანჯარაში გადაყრდნობილი ქეთა ღიმილით გასცქეროდა მწვანეთვალებას, რომელიც სიგიჟემდე უყვარდა. მეუღლესთან შვილი არ გასჩენია, კესანეს კი გერად არც არასოდეს მიიჩნევდა.
კესოს გული უთბებოდა ამ ძილისაგან სახეავარდისფერებული ქალის ყურებისას, რომელსაც თვალის კუთხეებში სიცილისაგან გაჩენილი ნაოჭები უფრო აახალგაზრდავებდა.
ეძვირფასებოდა, მაგრამ დედად ვერასოდეს მიიღებდა.
_ უკვე ვაგვიანებ, ქეთა, ჩემი ფინჯანიც გარეცხე, რა,_ ეშმაკური სახით უთხრა და საძინებელში ავიდა, სამსახურში წასასვლელად რომ მომზადებულიყო.
ეს საზაფხულო სამუშაო განტვირთვა უფრო იყო გოგონასთვის, რომელიც აღმერთებდა ლიტერატურას. კესანე ადგილობრივ წიგნების მაღაზიაში კონსულტანტი იყო. დიდი მინებიდან ზღვის ხედი ატყვევებდა ხოლმე და, როცა მყიდველი არ ჩანდა, შეეძლო კაპუჩინო ეწრუპა და რამე ეკითხა.
იმ დღესაც, ჭრელ სარაფანში გამოწყობილი ღიმილით ჩაენაცვლა თამარს, რომელიც უკვე წლების განმავლობაში ამ მაღაზიას ვერ ელეოდა. რამდენიმე წიგნი მალევე აღმოჩნდა ახალ მფლობელთა ხელში.
ხელის მარტივი მოძრაობით საყვარელი მუსიკა დინამიკზე ჩართო და პატარა შენობაში, სადაც თანაბრად იგრძნობოდა ჯეინ ოსტინისა და სტივენ კინგის ნაშრომთა სურნელი, მელოდია აჟღერდა. ბოლო დროს კესანე გამუდმებით ამ სიმღერას უსმენდა და მისი დამთავრებისას ყოველ ჯერზე ჰქონდა განცდა, რომ მუსიკა რაღაცის თქმას ცდილობდა მისთვის.
ზღვის თავზე შეყრილ ღრუბლებს გახედა, გაახსენდა დილა მზით განათებულ ბაღში და კიდევ ერთხელ დაფიქრდა ცვალებადობაზე. შეიცვალა თვითონ: სკოლაში ერთი საკუთარ თავში ჩაკეტილი გოგო იყო, თვითრწმენას მოკლებული. ახლა მის ცხოვრებას დამოუკიდებლობის ელფერი დაჰკრავდა.
უცბად მაღაზიის წინ ნაცნობმა სახემ ჩაიარა. კესოს მოაგონდა, მეშვიდე კლასში საკლასო ჟურნალის გაფუჭება რომ დააბრალეს მოშურნე გოგონებმა და როცა უკვე ტირილს აპირებდა მასწავლებლის საყვედურებით გულამომჯდარი, ახალმა თანაკლასელმა დაიცვა და თავის თავზე აიღო დანაშაული. წამის წინ დანახული ნაცნობი სახე სწორედ მას ეკუთვნოდა. კესანეს გაახსენდა, რომ ლექსოს მშობლები უცხოეთში გაემგზავრნენ, ვაჟის ახალ სკოლაში გადაყვანისთანავე, ის კი ბებიასთან დატოვეს. იმ დღეს გოგონამ მადლობის გადახდაც ვერ მოიფიქრა მისთვის, კლასელებთან დაპირისპირებასაც მოერიდა: ლექსო, როგორც ,,ახალი“ დიდად გულზე არ ეხატებოდათ. წლებმა ბევრი რამ შეცვალა, ალექსანდრე ყველასთან დამეგობრდა, კესოს გარდა. თავიდან გოგონა უხეიროდ ცდილობდა მისი კეთილგანწყობის მოპოვებას, შემდეგ კი შეეგუა. თავზეც ბრაზობდა, რომ უშედეგოდ იბრძოდა თანაკლასელის სიმპათიის მოსაპოვებლად. ამასობაში სკოლა წარსულს ჩაჰბარდა. დასრულდა არაერთი ურთიერთობაც და კესოს ცხოვრებაში ახალი ადამიანები გაჩნდნენ. ფიქრებში წასული რეალობაში ტელეფონიზ ზარმა დააბრუნა. ეკრანს დახედა და სწრაფად გააგონა მონატრებულს:
_ მთელი კვირაა თურმე აქა ხარ, მე კი ცოტაც და თბილისში ჩამოგაკითხავდი, ამის მერე ადამიანი როგორღა გიწოდო, არაა, უბრალოდ არ მესმის... კიდევ ჩუმად ხარ? იმედია მზად გაქვს რეალური, ხელშესახები მიზეზები თავის გასამართლებლად.
_ სალომე, უბრალოდ დასვენება მჭირდებოდა,_ შეაწყვეტინა მოულოდნელად.
_ გასაგებია,_ გაისმა და კავშირიც გაწყდა.
_ ეჰ, სალომე, არ იცვლები,_ ამოიოხრა და თავად გადარეკა. ყურმილი არ აიღეს, კიდევ სცადა და წყენისგან დაგუდული ხმაც გაისმა:
_ გისმენ!
_ მომენატრე...
კესანეს გულში ეცინებოდა: ახლა სალომე ფიქრობდა ღირდა თუ არა შერიგების გაჭიანურება. და შვებით ამოისუნთქა, როცა, ბოლოსდაბოლოს,ვითომ სიმკაცრეშერეული კითხვა მოესმა:
_რომელზე ამთავრებ?
_ექვსზე,_ უპასუხა და სალომაც დაკიდა ყურმილი.
კესანეს ბავშვობის მეგობარს მართლაც განსაცვიფრებელი ხასიათი ჰქონდა. ერთი წლით იყო სალოზე პატარა, თუმცა ყოველთვის გრძნობდა თავს უფროსად, სალომე კი სიამოვნებით ირგებდა ჭირვეული ბავშვის პოზიციას. კესანე ამას უკვე არად დაგიდევდათ, ესმოდა, რომ სალომეს მთელ თავის ნაცნობ-მეგობრებში ყველაზე მეტად უყვარდა. დრომ მიაჩვია მის ახირებულ ბუნებას, ამ ერთი კვირის განმავლობაში კი მხოლოდ იმიტომ ვერ შეეხმიანა, რომ ქეთას ეხმარებოდა შინ, შემდეგ სამსახურის ამბებს აგვარებდა და გადაავიწყდა, როგორი სასჯელი ელოდა მრისხანების დედოფლისაგან ამ დაუდევრობისთვის. სიცილს ძლივს იკავებდა, როცა გაბრაზებულ მეგობარს უსმენდა და თავისი პასუხით რომ უფრო გააბრაზა, ესეც ართობდა.უყვარდა, როცა სალოს უწევდა მის გამო თავისი სიფიცხის დაჯაბვნა. სიამოვნებდა, რომ მათი მეგობრობა ყოველთვის წყენაზე მაღლა იდგა.
წვიმას აპირებდა. სალომე ვერ იტანდა ,,ციურ ცვარს“ და კესანეს გაეცინა, რომ წარმოიდგინა, როგორი გაბრაზებული მირბოდა ქოლგით ხელში მაღაზიისკენ მასთან შესახვედრად. გოგონამ თაროზე დააბრუნა წიგნი, რომელსაც კითხულობდა, არეული ტომეული შეასწორა და კარის ხმაც შემოესმა. მაღაზიაში ტურისტების ხმაური შემოიჭრა, რომელსაც, არც მეტი არც ნაკლები, ერთ დროს მისი უცნაური დამცველი და ვერშემდგარი მეგობარი ალექსანდრე ქალდანი მოუძღოდა. წამით კესანემ მღელვარება იგრძნო და გაქცევაც მოუნდა, თუმცა სამსახურებრივი მოვალეობა გაახსენდა და ნაძალადევი, მაგრამ უშუალო ღიმილი მოირგო და შეეეგება. ლექსო რომელიღაც სლავურ ენაზე ესაუბრებოდა ერთერთ გოგონას. ამასობაში კონსულტანტსაც მოჰკრა თვალი და შედგა:
_კესანე?
გოგონა ვერ მიხვდა, რას განიცდიდა ქალდანი, იმდენად უცნაურად უმზერდა. ალბათ, მხოლოდ გაოგნებას, იქნებ ცოტა ნოსტალგიასაც სკოლის წლების გახსენების გამო. თავადაც არ იცოდა, რატომ, მაგრამ მაინცდამაინც ახლა მოაგონდა კესანეს, რომ დიდი ხნის განმავლობაში ძალიან წუხდა ლექსოს დამოკიდებულების გამო. გაახსენდა, რომ ერთხელ გვერდით მიუჯდა ქალდანს, ის კი ზარის დარეკვისთანავე უკანა ცარიელ მერხთან გადავიდა. სცენა იმდენად ცხადად დაუდგა თვალწინ, თითქოს წინა დღეს გადახდენოდა თავს და ცივი გამომეტყველებით, ოდნავ უკმეხად მიუგო:
_ რით შემიძლია, დაგეხმაროთ?
ამის მერე იყო ლექსოს გაოცებული სახე, ცალყბა ჩაცინება, მისი უცხოელი მეგობრებისთვის შერჩეული წიგნების შეძენა და ფრაზა: ,,ნახვამდის, კიდევ შევხვდებით.“
მათი წასვლისთანავე კესანე უღონოდ დაებერტყა რბილ სკამზე და მხოლოდ ახლაღა მიხვდა, რად უჯდებოდა ძველ ნაცნობთან ერთად გატარებული თითოეული წამი. ამოიოხრა, გაახსენდა თთოეული ჩაშლილი პაემანი და , ვინ იცის, რამდენი უარყოფილი თაყვანისმცემელი. ამის მიზეზი თავადაც არ იცოდა. ან , შეიძლება იცოდა კიდეც და მის რაღაც ნაწილს არ უნდოდა სიმართლისთვის თვალის გასწორება. ლექსოსთან შეხვედრა მეხის დაცემას ჰგავდა. პირველი და უკანასკნელი ცეკვა სკოლის ბანკეტზე, ზედმეტი სიტყვების გარეშე. თუმცა იქნებ არც ყოფილიყო ზედმეტი რამის თქმა. კესანე ვერ იგებდა ეს უცნაური მომენტები რატომ ვერ გადაივიწყა, რატომ ვერ გააუფერულა დრომ. თავი მკვეთრად გააქნია არასასურველი აზრების გასაფანტავად და იგრძნო, ვიღაც უყურებდა. სალომე ჩუმად შეპარულიყო მაღაზიაში და დაღვრემილი, ჯალათის გამომეტყველებით იდგა. კესანემ უცბად დაფარა მათ შორის მანძილი და მონატრებულ მეგობარს მთელი ძალით მოეხვია. სალომე ეხუტებოდა და გაუთავებლად ლანძღავდა.
_ნაყინი ვჭამოთ, ათ წუთში ვამთავრებ,_ უთხრა კესომ
_ ჰო და ახსნა-განმარტებებსაც ველოდები...
_კარგი, მორჩი, რომ იცოდე დღეს ვინ ვნახე...
საუბარში ათი წუთიც გავიდა და ახლომდებარე კაფეში შემდეგი ორი საათიც.
_ ესე იგი, ბატონი ალექსანდრეც აქაა,_ მრავალმნიშვნელოვნად შეაჯამა სალომემ მონაყოლი,_ და მაინც ვერ ამიხსნია ასე რატომ ვერ იტან,_ მიაპყრო გამომცდელი მზერა მეგობარს.
_ ჩვეულებრივად ვარ, რა გინდა ვერ ვხვდები, ვაა,_ გაკაპასდა კესანე,_ ის მიამბე ახლა შენს კონკურსთან დაკავშირებით რა ხდება.
_ ჯერ-ჯერობით კარგად ვმუშაობ, სექტემბერში კი ჩემი ბედიც გადაწყდება,_ დაღლილი ხმით გაეპასუხა გოგონა. სალომეს მშობლებს ძალიან უნდოდათ ის მათსავით ექიმი გამხდარიყო. სალოს კი დიზაინი ყველაფერს ერჩია. ბევრი თხოვნის შემდეგ მშობლები დაიყოლია, ერთწლიანი პაუზის აღებაზე და არც უთქვამს, რომ რეპეტიტორებთან სიარულის პარალელურად კოლეჯში დადიოდა და ყოველდღე ძალიან ბევრ ესკიზს ამზადებდა, რათა სექტემბერში საუკეთესოები წარედგინა. კურსს თუ წარმატებით დახურავდა, საფრანგეთში სწავლად უფინანსებდნენ დიზაინის მიმართულებით. თუ წარმატებას მიაღწევდა საბოლოოდ მშობლებსაც მოუწევდათ მის გადაწყვეტილებასთან შეგუება.
კესანეს ძალიან მოსწონა მეგობრის მიზანდასახულობა და მთელი გულით ამხნევებდა:
_ ხომ იცი, ყველაფერი გამოგივა, თუმცა მე რა მეშველება უშენოდ მერე, ეგ აღარ ვიცი.
_ კარგი რა, კესო, ხშირად შევხვდებით, რამეს მოვიფიქრებ ხოლმე, ეჭვი გეპარება?
ორივეს გაეცინა. გაახსენდათ, როგორ აძვრა ბავშვობაში სალომე კესანეს პალატის ფანჯარასთან კიბით და მერე ფეხიც მოიტეხა: კესოს ვირუსი ჰქონდა და ექიმები უკრძალავდნენ მონახულებას.
ცოტა ხნის შემდეგ გოგონები ერთმანეთს გამოემშვიდობნენ. კესანე ფეხით გაუყვა გზას შინისაკენ. შეეძლო ავტობუსს დალოდებოდა, თუმცა ყოველთვის ერჩივნა .ესეირნა სუფთა ჰაერზე, როგორც კი ამის საშუალება მიეცემოდა.
მოულოდნელად ძახილი შემოესმა. უკან მოიხედა. ქუჩას ბინდი დასწოლოდა, ზღვის ხმა შორიდან მოისმოდა და წამით უჩვეულო სიცივე იგრძნო, თითქოს ნისლმა მის ძვლებშიც შეაღწია. ვიღაც აშკარად მოჰყვებოდა უკან. სილუეტის არეულ ნაბიჯებს წამით მოჰკრა თვალი მობრუნებისას და მიხვდა, კაცი ფხიზელი არ უნდა ყოფილიყო. მანძილი მათ შორის თანდათან მცირდებოდა. ფეხს აუჩქარა და თხელი ჟაკეტი უფრო მჭიდროდ მოიხურა. ცოტაც და ტირილს დაიწყებდა.ნერვებმა უმტყუნა და, როცა იგრძნო, მდევარი სწრაფად იწევდა წინ, გაიქცა, რამდენადაც სწრაფად შეეძლო. მამაკაცის ნაბიჯების ხმა ახლოვდებოდა. გოგონამ შიშისაგან ყრუდ ამოიკივლა და ვიღაცას ძლიერად დაეჯახა. ფართო გულ-მკერდს მზერა ააყოლა და ნაცნობ თვალებს წააწყდა. მათში წამით ბრაზმა გაიელვა. უეცრად მოვლენილი მხსნელის დანახვისას მთვრალმა ბარბაცით ჩაუარა ორივეს, გოგონას გააკანკალა და ლექსოს ძლიერად ჩაეკრა გულში. სუნამოს სიგრილე უსაფრთხოების სურნელად მოეჩვენა. სახე ჯერ კიდევ მის პერანგში ჰქონდა ჩამალული და, როცა ძლიერი ხელები წელზე მტკიცედ შემოეჭდო, ყველა შიში და ტკივილი ერთბაშად გადაავიწყდა, რაც კი ცხოვრებაში ენახა.
რამდენიმე წამით ორივე უძრავად, მდუმარედ იდგა. ბოლოს ისევ კესანე გამოეცალა, უხერხულობისგან სახეალანძულმა თავი დახარა და ჩაილუღლუღა:
_გმადლობ... და მაპატიე!
წასვლას აპირებდა, მაგრამ ლექსო თითებზე ნაზად და თან მტკიცედ ჩაეჭიდა და ჰკითხა:
_ სულ რატომ გარბიხარ?_ თითქოს ხმაში სევდა შეჰპარვოდა, თუმცა მალევე ტონი ოდნავ ირონიული გაუხდა,_ მეგობრებს ასე არ ხვდებიან, თანაც უნებურად გადაგარჩინე.
ხმადაბალი, სასიამოვნო სიცილი ჰქონდა, მაგრამ მის სიტყვებში თვითკმაყოფილება ჩანდა. ამან კესანეს სულ გადაავიწყა ცოტა ხნის წინ გადატანილი, თავი ამაყად ასწია და მიუგო:
_ მადლობელი ვარ დახმარებისთვის, თუმცა მართალი ხართ: უნებურად მომეშველეთ ! და თქვენს ადგილას არც არავინ გამწირავდა, ასე რომ დამერწმუნეთ, სატრაბახო აქ არაფერია. მე არავის გავურბივარ, მხოლოდ შინ მაგვიანდება და ამიტომაც ვჩქარობ. ჰო და კიდევ, ჩვენ მეგობრები არასოდეს ვყოფილვართ. მშვიდობით!
ლექსომ თითქოს კიდევ დააპირა რაღაცის თქმა, მაგრამ კესანემ ოდნავ დაუკრა თავი და სწრაფად გაეცალა. ქალდანი მანამ იდგა იქ, სანამ ბინდმა მთლად არ შთანთქა ნაცნობი სილუეტი.
მხოლოდ პარმაღზე მიხვდა, სწრაფი სიარულისგან გული აჩქარებოდა. ღრმად ჩაისუნთქა და კარი შეაღო. სხვა დროს ქეთას არ გამოეპარებოდა მისი აღელვება, თუმცა ოჯახის უფროსი დაბრუნებულიყო და ამან მოვლენების განვითარება შეცვალა.
_ მამა, დაბრუნდი?!_ გაუღიმა და მისკენ დაიძრა, ცოტა ხნის წინ თავსდამტყდარი კი მთლიანად ამოუვარდა გონებიდან.
მამამ ოდნავ მოუხეშავად, მაგრამ ენით აღუწერელი სითბოთი ჩაიკრა გულში მონატრებული ქალიშვილი. ოჯახურმა ვახშამმა ზღვის სუნით გაჟღენთილ პარმაღზე სასიამოვნოდ ჩაიარა. გული დროდადრო ახსენებდა თავს. ბოლო დროს უწინდელზე ხშირად სტკიოდა, თუმცა ამაზე არავისთან საუბრობდა. არ უნდოდა ოჯახის წევრების განერვიულება.
ვახშმის შემდეგ კესანემ საძინებელს მიაშურა. მუსიკა ჩართო და აივნის კარი გააღო. მოაჯირს მიეყრდნო. საღამოს სიგრილემ და ჰაერმა ქალდანის სუნამო მოაგონა რატომღაც. საკუთარი ფიქრებით შემცბარი სასწრაფოდ დასაძინებლად დაწვა, მაგრამ ძილი არა და არ ეკარებოდა. ჰოდა გიჟური იდეაც მოუვიდა თავში.
ცოტა ხნის შემდეგ უკვე სანაპიროზე იჯდა. ტერფებს ტალღები უსველებდა და სავსე მთვარეც არ აკლებდა იდუმალ სხივებს.
_ უცნაური ვინმე ხარ. დღევანდელის შემდეგ შუაღამისას პლაჟზე წამოსკუპებული თავს სრულიად მშვიდად გრძნობ, არა?_ შეაკრთო კესანე ბოხმა ბარიტონმა. როგორც ჩანს მხოლოდ მას არ იტაცებდა ღამის ზღვა. თავის მიუბრუნებლად უპასუხა:
_ რატომღაც არ მგონიხართ ის, ვინც ჭკუას უნდა მარიგებდეს.
ლექსო უკვე მის გვერდით იჯდა. წყლიდან ახლახან ამოსულს სხეულზე ჯერ კიდევ წვეთები უბრწყინავდა და თვალებით საოცრად უელავდა მთვარის შუქზე. ცოტა ხანს მდუმარედ უცქერდა გოგონას, ის კი ჯიუტად არ აბრუნებდა თავს მისკენ. მერე ჰკითხა:
_ ასეთი უხეში რატომ ხარ, კესანე? თითქოს რაღაც დაგიშავე და პასუხს მთხოვ...
_ რა სისულელეა!
_მაშინ?
_ თქვენი ტონი მაიძულებს.
_ თქვენობით ელაპარაკებიან კლასელს? არც ისე ცოტა ხანს ვსწავლობდით ერთად!
_ რა მნიშვნელობა აქვს, სკოლა დიდი ხანია, დასრულდა._ კესანეს ხმა დაუწვრილდა, ვეღარ უმკლავდებოდა კითხვების კორიანტელს.
_ არ მესმის... რამე გაწყენინე?
_ რა კითხვებია, ღმერთო ჩემო, მეჩქარება, ნახვამდის!_ წამოხტა და სველ ქვაზე ფეხაცურებულმა ძლივს შეიკავა თავი წყალში რომ არ გადაშვებულიყო. გულში ზედმეტად ხმამაღლა შეიკურთხა და ლექსოს ჩაცინება რომ გაიგონა, უკანმოუხედავად გაიქცა სახლისკენ.
ოთახში თავი უსაფრთხოდ დაიგულა, მერე კი ისევ შიშმა შეიპყრო. ალექსანდრესთან თავს ვერ აკონტროლებდა. რამდენადაც მოსწონდა, იმდენად მძაფრად უჩნდებოდა გაქცევის სურვილი და ყოველი ახალი შეხვედრისას მეტად დაბნეული და გაღიზიანებული ესაუბრებოდა ხოლმე. ქალდანი მართალი იყო, რომ უსაყვედურა. ,,თავს ვერაფერს ვუხერხებ, რა ვქნა...“ ამოიოხრა გოგონამ და ამდენი ემოციით გადაღლილს მალევე ჩაეძინა.
ძილი სალომეს ზარმა დაუფრთხო:
_ კესუნა, ვიცი რომ მიბრაზდები, რომ გაგაღვიძე, მაგრამ უკვე თორმეტი საათია, დღეს ისვენებ და კაკი გველოდება. დღეს დაბდღე აქვს. ხომ გახსოვს? ბავშვები თითქმის ყველანი აქეთ არიან. არ მოგენატრნენ მაინც? _ როგორც ჩანს, სალომე შეჩერებას არ აპირებდა,_ ეწყინება კაკის...
_ ვაიმე, სალომე, გაჩუმდი და გამომიარე!
_ კაიი.
კესომ გათიშა და თავი ბალიშში ჩარგო. დილა მასზე ფიქრით იწყებოდა. წესით, წვეულებაზედაც შეხვდებოდა. სულ არ მივაქცევ ყურადღებასო, გული დაიმშვიდა და აბაზანაში შევიდა. სარკეში ჩაიხედა და მოულოდნელად გულის ტკივილმა აიძულა, ჩაკეცილიყო. ფარმაცევტის რჩევით შეძენილი წამალი სწრაფად მონახა და ცოტა უკეთ იგრძნო თავი. ეს შეტევა უფრო მძიმე იყო, პირველად დაფიქრდა ექიმთან მისვლაზე.
სამზარეულოში შესულმა ბარათი აღმოაჩინა: ,, ხომ გახსოვს, ერთ კვირაში დავბრუნდებით, კესუნა, გაერთე კაკისთან, მაცივარში რაღაცები დაგიტოვეთ, გვიყვარხარ .“ ახლაღა მოაგონდა ქეთა და მამა მეზობელ ქალაქში აპირებდნენ წასვლას მეგობრებთან. წამით გაუხარდა, რომ შინ მარტო დარჩებოდა და შეძლებდა რაღაცებზე დაფიქრებულიყო.
სალომეს კარი ჯერ კიდევ პიჟამიანმა გაუღო. მისი წუწუნისდა მიუხედავად შავი ტანზე მომდგარი კაბა შეარჩევინა კესანეს, რომელიც საოცრად უხდებოდა მის სხეულს. ყავის დალევაც მოასწრეს. კესანემ ბევრი იფიქრა და საბოლოოდ გადაწყვიტა ღამეული თავგადასავლის შესახებ არ ეამბა მეგობრისთვის და თავადაც დაევიწყებინა. ვიღაც რომ აედევნა და ლექსომ იხსნა, ეს კი უთხრა. სალომეს სახე წამებში ეცვლებოდა ამბის მოსმენისას. ბოლოს სწრაფად ჩაიკრა კესანე გულში და სიტყვაც არ უთქვამს. კესოს გული უთბებოდა მისი შეშინებული სახის დანახვისას.
_ უკვე საშიში არაფერია,_ უთხრა და ახლა თავად ჩაეხუტა ჯერ კიდევ შეშფოთებულ სალომეს.
_ გვიან აღარ უნდა იარო გარეთ, კიდევ რომ აგედევნონ?
_ ნუ ღელავ, არაფერი დამემართება, ასე მალე ვერ დაიხსნი თავს ჩემგან.
_ სულელი ხარ, რაა, _ ხელი წაჰკრა და სიცილით გავიდნენ სახლიდან.
კაკი საკმაოდ ახლოს ცხოვრობდა. მათს კლასში ყველაზე მხიარული ბიჭუნა 21-ისა გახდა. გოგონებს კარი იუბილარმა გაუღო. გადასცეს საჩუქრები, როგორც ყოველთვის წინდახედულ სალომეს რომ შეეძინა სახელდახელოდ და საერთო კურიოზებზე საუბრით შევიდნენ. კესო მხოლოდ ახლა მიხვდა, როგორ ენატრებოდა ეს ხალხი, გაიაზრა, რომ ვერავინ შეუცვლიდა მათს საერთო წარსულს და ვინც უნდა გაეცნო მომავალში, თანაკლასელების ადგილს ვერავინ დაიკავებდა.
კარზე ზარი მესამედ რომ დაირეკა და ეს ქალდანი ისევ არ იყო, კესანემ თავი გამოიჭირა, რომ ღელავდა მისი შესაძლო მოსვლის გამო და მისი შესაძლო არმოსვლის გამოც ღელავდა. საბოლოოდ მოდუნება არჩია. მეგობრებთან ერთად იმღერა კიდეც და მერე, როგორც ყოველთვის მსგავს თავყრილობებზე, ერთი შეხედვით არაფრის გამოწვეული სევდა იგრძნო. მხიარულ საზოგადოებას აივანზე გაეპარა და ფილტვები სუფთა ჰაერით აივსო.
_ საღამო მშვიდობისა!
იმდენად აღარ ელოდა ამ ხმის გაგონებას, ცოტა სიმარჯვე რომ არა, უეჭველად გადავარდებოდა.
ალექსანდრე კუშტად იმზირებოდა. კესოს ჯერ კიდევ არ გაქრობოდა შიშის განცდა და გაბრაზებული მიუბრუნდა ვაჟს:
_ ჩემი მოკვლა გინდა? ბევრად უმტკივნეულო გზებიც არსებობს!
_ მაპატიე, არ მიფიქრია, შემეშინებინე.
_რომ არაფერზე გიფიქრია, ეგ ცხადია! _ ისევ წაკბინა გოგონამ.
ერთხანს მდუმარედ პირდაპირ თვალებში უყურებდა ლექსო და მის მზერას თანდათან ერეოდა მრისხანება. კესანე დაიძაბა, მაგრამ ჯიუტად უყურებდა ბრაზისგან სახეარეულს.
_ იცი რა? _ თუმცა იქვე გადაიფიქრა თქმა _ მშვიდობით, კესანე!
შენობაში შევიდა და კარი ხმაურით გაიხურა. კესო ისევ შეხტა. შიში მყისიერად ჩაანაცლა სირცხვილნარევმა სინანულმა და ბიჭს უკან უყოყმანოდ გამოჰყვა. სწორად მაშინ წამოეწია, როცა კაკის უხსნიდა, სასწრაფო საქმის გამო წასასვლელი ვარო.
_ ლექსო, ერთი წუთით შეიძლება?
ვაჟს გაუკვირდა, თუმცა ბაღისაკენ დაძრულ გოგონას სწრაფად აედევნა. კესანე მისკენ მობრუნდა და იმ ტონით უთხრა, როგორითაც ერთხელ, ბავშვობაში, ქეთას მეგობრის შვილს მოუბოდიშა მშობლების თვალწინ ალიყურის გამო, რომელიც მისი აზრით სრულიად დამსახურებული იყო : იმ გოგომ თოჯინა არ ათხოვა მაშინ, კესანემ დაარტყა და ძუნწიც უწოდა.
_ მაპატიე, უხეშად და უსამართლოდ მოგექეცი. გადაღლილი ვარ და ბოლო დროს ემოციების კოტროლი მიჭირს. მესმის, ეს არაფერს ცვლის, ვწუხვარ.
_ ჩავთვალოთ, არც არაფერი მომხდარა.
კესანემ შვებით ამოისუნთქა და ოდნავ გაიღიმა. წყვილი ნელი ნაბიჯებით მიიწევდა ეზოს სიღრმისკენ. გოგონამ მხოლოდ ახლა შეათვალიერა კარგად ალექსანდრე. მისი შავი თვალები, ალბათ ნებისმიერს თავგზას აუბნევდა. ყოველ შემთხვევაში, კესო ყოველთვის იყო მისი მზერის ტყვე. ამის გამო სალომე ჯერ კიდევ სკოლაში ხშირად დასცინოდა. ბიჭი მასზე ერთი თავით მაღალი იყო და საოცრად მშვიდი, აუღელვებელი ნაბიჯები ჰქონდა. კესომ ეს მხოლოდ ახლა შეამჩნია და ძალიანაც მოიხიბლა თავისი აღმოჩენით.
_ აქ დიდი ხნით ხარ? _ ჰკითხა უცბად ბიჭმა.
_სწავლის დაწყებამდე. და შენ?
_ მე ვმუშაობ. უნივერსიტეტიდან სტაჟირებაზე გამომიშვეს. აქაური ტურისტებისთვის ერთგვარი ცოცხალი გზამკვლევი ვარ. თბილისში ჯერ-ჯერობით მხოლოდ გამოცდებისთვის ჩავალ ხოლმე.
_საინტერესოა. იმედია, მეც მალე ვიმუშავებ ჩემი პროფესიით.
_ რა თქმა უნდა. მთავარია, გინდოდეს._ გაუღიმა ლექსომ. კესანემ იგრძნო, როგორ გაუთბო გულის რაღაც ნაწილი ამ ძალიან ჩვეულებრივმა ადამიანურმა ჟესტმა.
_ გმადლობ გამხნევებისთვის,_თავადაც გაუღიმა საპასუხოდ. თითქოს ამ საღამომ მთლიანად გაუქრო უარყოფითი ემოციები, რომლებსაც ლექსოს ახლოს ყოფნა იწვევდა ხოლმე და დაძაბულობაც სადღაც გაუქრა._დავბრუნდეთ, კაკისთან უხერხულია. ალექსანდე უხმოდ დამორჩილდა. ამჯერად მათ შორის მანძილი მკვეთრად შემცირებულიყო. მუსიკის ხმაც საკმაოდ შორიდან მოისმოდა და სიჩუმე უჩვეულოდ სიამოვნებდა კესანეს.
_ თავად ითხოვ, რომ არ დაგივიწყონ, შენ კი დაუფიქრებლად მომიტოვე სკოლის წლებში._ უცნაური ტონით ნათქვამი სიტყვები პირდაპირ გოგონას სულში შეიჭრა და ძლივს მოპოვებული სიმშვიდეც წამში გაუჩინარდა.
_ მე... მე არავინ დამვიწყებია.
_ ნომერი შეცვალე, ინტერნეტ-გვერდები გააუქმე. ორი წელი ისე გავიდა, მშობლიურ სახლშიც კი არ ჩამოსულხარ.
_ თითქოს ბრალს მდებ._ უკმეხად უპასუხა. თუმცა გაუხარდა, რომ თურმე ლექსოს ის აღელვებდა._ დავიჯერო, მეძებდი და ვერ მიპოვე? _ ირონიული ტონით , დასვა კითხვა, რომელიც აწუხებდა.
_ მენატრებოდი, კესანე, აღარ მინდა შენთან დაშორება._ გაკვეთა სიბნელე აღელვებულმა ხმამ. კესო ამას არ ელოდა.
_ ალექსანდრე... მე..._ სანამ სათქმელს დააწყობდა, საოცარი შეგრძნება დაუბრუნდა, რომელიც პირველად მაშინ განიცადა, ლექსომ რომ იხსნა უცხო მამაკაცისაგან. ალექსანდრე ქალდანი, ბიჭი, რომელიც მეშვიდე კლასიდან გაუცნობიერებლად და უსაშველოდ ღრმად უყვარდა, მაგრად ეხვეოდა, თითქოს ეშინოდა მისი ხელებიდან არ აორთქლებულიყო და მალევე ჩურჩულიც შემოესმა:
_უბრალოდ, ჩემგან აღარ წახვიდე, რა...




მოგესალმებით <3 ერთგული მკითხველი ვარ უკვე რამდენიმე წელია. აქაურობა ძალიან მიყვარს და მოთხრობების კითხვაც ერთგვარ რიტუალად მექცა. თუმცა პირველად გადავწყვიტე, ჩემიც გამეზიარებინა თქვენთვის. მინდა, რომ მაქსიმალურად კრიტიკულები იყოთ. თქვენი თითოეული შეფასება ჩემთვის მნიშვნელოვანია.



№1  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ვაიმეეე ტკბილი თბილიიი როგორ მომეწონააა ♡♡♡

 


№2 სტუმარი Mariami

Dzalian kargi iyo. Momewona.

 


№3 სტუმარი სტუმარი ანაკონდა

Anuki96
ვაიმეეე ტკბილი თბილიიი როგორ მომეწონააა ♡♡♡

<3 <3 მიხარია, გმადლობ.

Mariami
Dzalian kargi iyo. Momewona.

გმადლობ <3 <3 <3

 


№4  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ტკბილი იყო და ძალიან სასიამოვნო.. მიყვარს რა ეს ზედმეტად ჩაუხლართავი ისტორიები.. აი რო კითხულობ და თბები ისეთია საყვარლობა იყო ძალიან მომეწო ა <3

პ.ს და ვგიჟდეჰი სახელ "კესანეზე" ^-^

 


№5  offline წევრი მოცინარი

ძალიან კარგი ხომ იყო, მაგრამ პირველის კვალობაზე უძალიანკარგესად კარგი :დ <3 სასიამოვნო... <3 ერთი-ორ ადგილას გაგეპარა შეცდომა, მაგრამ ეგ არაფერი :* კიდევ დაწერე <3

 


№6 სტუმარი სტუმარი ანაკონდა

მოცინარი
ძალიან კარგი ხომ იყო, მაგრამ პირველის კვალობაზე უძალიანკარგესად კარგი :დ <3 სასიამოვნო... <3 ერთი-ორ ადგილას გაგეპარა შეცდომა, მაგრამ ეგ არაფერი :* კიდევ დაწერე <3

რა შეცდომებს გულისხმობდი მითხარი მაინც და გმადლობ<3

ანი ანი
ტკბილი იყო და ძალიან სასიამოვნო.. მიყვარს რა ეს ზედმეტად ჩაუხლართავი ისტორიები.. აი რო კითხულობ და თბები ისეთია საყვარლობა იყო ძალიან მომეწო ა <3

პ.ს და ვგიჟდეჰი სახელ "კესანეზე" ^-^

მეც მიყვარს ეს სახელი :დდ და არაჩახლართულობები. მიხარია, რომ მოგეწონა <3

 


№7 სტუმარი სტუმარი ირინკა

ძალიან კარგი იყო,ყოჩაღ ❤❤

 


№8 სტუმარი სტუმარი ანაკონდა

გლოკტა
რა კარგი ვინმე ხარ <3
ბევრი სასიამოვნო რაღაც დავიჭირე ტექსტში, უდავოდ ნიჭიერი ხარ.
ლექსიკაზე გეტყობა რომ ბევრს კითხულობ.
გრამატიკულადაც გამართული და აზრობრივად საინტერესო ისტორიაა.
თბილი და ლამაზი.
ასე რომ, სულ წაგიკითხავ ხოლმე.
იმედი მაქვს, სისტემატიური იქნები <3
წარმატებები.

უი, სტივენს კინგზე ვგიჟდები :))

ვერ წარმოიდგენ, როგორ გამახარა შენმა სიტყვებმა. ყველანაირად ვეცდები მეტი დრო გამოვნახო წერისათვის. ????????????

სტუმარი ირინკა
ძალიან კარგი იყო,ყოჩაღ ❤❤

დიდი მადლობა ❤❤❤

 


№9  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

როგორი დახვეწილი და სუფთა ნაწერია. მიყვარს, როცა ადამიანის ნიჭიერება და შეგნება მისსავე ნაწერებში ჩანს.აუცილებლად უნდა წერო, მითუმეტეს თუ ეს პირველია. წარმატებები

 


№10 სტუმარი სტუმარი ანაკონდა

Chikochiko
როგორი დახვეწილი და სუფთა ნაწერია. მიყვარს, როცა ადამიანის ნიჭიერება და შეგნება მისსავე ნაწერებში ჩანს.აუცილებლად უნდა წერო, მითუმეტეს თუ ეს პირველია. წარმატებები
საოცარი მოტივაციაა ეს კომენტარები ჩემთვის. რაღაცაზე მუშაობა უკვე დავიწყე, როცა დავასრულებ, დავდებ. არ მიყვარს მე თვითონ თავებად წაკითხვა, ემოციას უკარგავს მკითხველს. გმადლობ, კიდევ ერთხელ. ❤

 


№11  offline წევრი blondeangel631

საყვარლეები <3

 


№12  offline წევრი ანაკონდა

გეგე მარიშკა
საყვარლეები <3

❤❤❤

 


№13  offline წევრი Barbare ❤

ashkarad arafershi ar etyoboda, rom pirveli istoria iyo. yvelanaerad gamartuli. mxolod ert rchevas mogcem. satauri namdvilad sheefereboda, magram am sataurit sxva istoria ukve devs saitze da vfiqrob uketesi iqneboda axali da gansxvavebuli mogefiqrebina. me piradad ramodenimejer chavuare am istorias radgan meore kesane megona. warmatebebi.❤️❤️

uii... kidev dzalian momewona kesanes chemsavit 16 tebervals, rom hqonda dabadebis dge ❤️❤️:D

 


№14  offline წევრი INGOBERNABLE

მომეწონა❤❤❤ შემიყბარდა, ძალიან კარგი იყო... არც გაწელე და არც მუფუჩეჩებული არ იყო❤❤ ძალიან კარგია❤❤❤❤

 


№15 სტუმარი მადონა

ძალიან მომეწონა,მე პატარა კესანეს მოლოდინში ვარ...მიყვარს ეს სახელი.ძალიან კარგი სტილი გაქვს წერის,მარტივი,პირდაპირი გააზრებულ დალაგებული.ძალიან მომეწონა,ასე გააგრძელეთ., ????

 


№16  offline წევრი ანაკონდა

Barbare ❤
ashkarad arafershi ar etyoboda, rom pirveli istoria iyo. yvelanaerad gamartuli. mxolod ert rchevas mogcem. satauri namdvilad sheefereboda, magram am sataurit sxva istoria ukve devs saitze da vfiqrob uketesi iqneboda axali da gansxvavebuli mogefiqrebina. me piradad ramodenimejer chavuare am istorias radgan meore kesane megona. warmatebebi.❤️❤️

uii... kidev dzalian momewona kesanes chemsavit 16 tebervals, rom hqonda dabadebis dge ❤️❤️:D

გმადლობ❤

მადონა
ძალიან მომეწონა,მე პატარა კესანეს მოლოდინში ვარ...მიყვარს ეს სახელი.ძალიან კარგი სტილი გაქვს წერის,მარტივი,პირდაპირი გააზრებულ დალაგებული.ძალიან მომეწონა,ასე გააგრძელეთ., ????

უღრმესი მადლობა ❤ და ღმერთმა ბედნიერი გაგიზარდოთ თქვენი პაწაწინა. თუ ოდესმე ქალიშვილი მეყოლება, მინდა, მეც კესანე დავარქვა❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent