შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სისხლიანი ვახშამი ( III თავი )


4-01-2018, 17:42
ავტორი cool baby
ნანახია 1 371

III თავი
მზე ჩადიოდა , როცა სასაფლაოს მივადექი. აგრილდა. მთიდან მონაბერი ნიავი გახურებულ სხეულსა და აწეწილ ნერვებს მიმშვიდებს. გზას უჩვეულო სიმშვიდეში მივიკვლევ. აქ ბევრი მისახვევ - მოსახვევია . მგონი, იმ ბილიკს ვადგავარ , რომელმაც, წესით, სუსიკოს და თაზოს საფლავზე უნდა გამიყვანოს.
მაპატიე, სუსიკო, რო ყვავილები არ მომაქვს , მაგრამ დღეს რომ არ დაგელაპარაკო , გული გამისკდება და ყვავილების ამომტანიც აღარ გეყოლება. ლალიკოს არ სცალია, ერთბაშად ინაზღაურებს მარტოობაში გატარებულ წლებს . პირდაპირ იმ ვიწრო დერეფანში, სადაც
ჩვენ ფეხსაცმლის გახდას გვთხოვდა - აქაოდა, იატაკი არ დაისვაროსო. რას იზამ ცხოვრება გრძელდება , საფლავში ამხანაგი კი არა , ღვიძლი დედა არ ჩამოგყვება. ღმერთო, დედა რომ შვილის სიკვდილს მოესწრება...
შევდექი. მარჯვნივ საფლავები, მარცხნივ საფლავები, წინ საფლავები. მინდა გითხრათ, საერთოდ არ მეცნობა ეს ადგილი. უკან ვბრუნდები. შორიახლოს ქალების ყაყანი მესმის. დამლაგებლები იქნებიან . წეღან თვალი მოვკარი , როგორ ინაწილებდნენ თონის პურს. თან ჭორაობდნენ . პრინციპში მეც საჭორაოდ ამოვედი.
ჩხაკუნის ხმაზე შევცბი. თავს ვაბრუნებ და ორიოდე ნაბიჯში მდგარ მამაკაცს ვხედავ . არხეინად უკიდებს სიგარეტს. ხელში სანთებელა უჭირავს .
რამ დამზაფრა, ის ხომ ჩვეულებრივი ჭირისუფალია, ახლობლის საფლავზე მოსული და ფიქრებში წასული. ჩამავალი მზის ფონზე მკაფიოდ იკვეთება მისი რომაული პროფილი . ასეთპროფილიანი მამაკაცი ნეაპოლის ნაციონალურ მუზეუმში მინახავს და ის რომის იმპერატორს , გაიუს ავგუსტუს ეკუთვნოდა.
გზას ვაგრძელებ . ვარაუდით მივდივარ , წარმოდგენა არ მაქვს, სად შეიძლება იყოს ჩემი მეგობრების საფლავი. მეტის ღირსი ვარ , მარტო რომ ამოასკდები სასაფლაოს , ის მაინც უნდა იცოდე , სად მიდიხარ , ან ხე დაიმახსოვრო , ან ბუჩქი , ან ვიღაცის ბიუსტი...
უცებ თვალჭინ დამიდგა მარმარილოს სტელა კენწეროში მოქცეული თაბაშირის ანგელოზით. როცა სუსიკოს და თაზოს უკანასკნელ გზაზე ვაცილებდი, ვიფიქრე, იმ სტელის ძირში ბავშვი არის დამარხული - მეთქი.
ვერ ვიხსენებ , ამ სტელას უკვე ჩავუარე, თუ წინ მელოდა ? თუ ჩავუარე , რაღა აზრი აქვს ამ გზის გაგრძელებას ?
უკან ვბრუნდები და ისევ ავგუსტუსის პროფილიან მამაკაცს ვაწყდები.
- უკაცრავად , ხო არ იცით სად არის ანგელოზიანი სტელა ?
ის მრავალმნიშვნელოვნად დუმს , მგონი, შეშლილი ვგონივარ . არცაა გასაკვირი, ვინ იცის , რამდენჯერ ავუარ- ჩავუარე.
- საფლავი დამეკარგა, უფრო სწორად , ვერ მივაგენი , სტელას მახლობლად იყო, ასეთი მარმარილოს სტელაა,- ხელით გაურკვეველ მოძრაობას ვაკეთებ ,- კენწეროში ანგელოზით.ფრთიანი ანგ...
- ვიცი, მაწყვეტინებს ის და თავს დასავლეთისკენ აბრუნებს, იქ, სადაც ზანტად ჩადის ბროწეულისფერი მზე,- რამდენიმე მეტრს გაივლით და პირდაპირ მიადგებით თქვენს სტელას.
- გმადლობთ.
ვითომ რატომაა ის სტელა ჩემი ? ჩემი აქ არაფერია, ჰაერის გარდა. ამდენი თუ ვიბორიალე ჰაერიც არ მეყოფა და დავიხრჩობი . სუსი, მეც შენი საფლავის ძებნაში ამომხდა სული , ვირისთვალება მაიორი კი თავის დავთარში ჩაწერს : „ალექსანდრა რატიანის საფლავის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპოვნი იქნა მოქალაქე იათამზე მდივნის ცხედარი“...
აი სტელა ! აი საფლავიც !
სტოპ!
საფლავის პარაპეტზე ნაცნობ სილუეტებს ვხედავ , ზურგით სხედან და ხმამაღლა ბჭობენ , შეთქმულებივით. სუსიკოს და თაზოს საფლავზე მისულ ნებისმიერ ადაიანს წარმოვიდგენდი , ირას და ლადოს გარდა. რა კავშირი აქვთ ერთმანეთთან მოკლულ სოფოს ქმარსა და ცოცხალ წკრიალას ცოლს ?
ჩემი დაჟინებული მზერა იგრძნეს თუ რა იყო , მოულოდნელად ირამ მოიხედა .
- იათამზე , შენ ?! - შესძახა გაკვირვებულა და ხელი
ჩანთისკენ გააცოცა.
თავს ვერ დავდებ , რომ ჩანთაში იარაღს ინახავდა , მაგრამ ომ მომენტში ყველაზე უარესი ვიფიქრე . ფიქრი და გაქცევა ერთი იყო.
გავრბივარ, ვიღაცის საფლავებს ვახტები, ისინი კი ერთხმად მეძახიან :
- იათამზე... იაა...
მეტეორივით ჩავუქროლე გარინდულ იმპერატორს , რომელსაც სიგარეტის მოწევა მოესწრო და ახლა ჩემკენ მოეღრიცა ამაყად ჩამოსხმული კისერი.
- დახმარება გინდათ? - მეკითხება და ნაბიჯს დგამს.
- მინდა, მომდევენ ! - აქოშინებული ვღრიალებ ლამის ფეხებში ვუვარდებიპირველსავე შემხვედრს.
- ნუ გეშინია. მე აქ ვარ .
და მე ვხვდები ... არა , არა მთელი არსებით ვგრძნობ , რო ეს არ არის პირველი შემხვედრი, ეს კაცი ღმერთმა გამომიგზავნა .
- მიშველე , იმას იარაღი აქვს !
- ვის ?
- იას ! - ხელს უკან ვიშვერ სტელას მიმართულებით.
უცნობი მაჯაში მკიდებს ხელს და ი ადგილისკენ მიბიძგებს , სადაც წეღან იდგა. ეს იყო საკმაოდ მაღალ პარაპეტიანი შავი ლაბრადორის ფილებით მოპირკეთებული საფლავი.
- დაწექით ! - მისი ხავერდოვანი ბარიტონი ბრძანბესავით ჟღერს .
შევხედე. აშკარად არ ხუმრობს . მკაცრი და შეუვალი გამომეტყველება აქვს ., ორი ასკეტური ნაოჭი ღაწვების გაყოლებაზე . 37 წლის იქნება , შეიძლება მეტის.
მორჩილად ვწვები ვიღაცის საფლავის ძირში და ვცდილობ , არ ვისუნთქო. ცხვირში ვარდისფერი აზალიები მიღიტინებენ , შუბლი ცივ ფილაზე აქვს მიბჯენილი . ოდნავ ვაბრუნებ თავს , მზერა ეპიტაფიაზე გადამაქვს . „მარინა“-ვკითხულობ ქვაზე ამოტვიფრულ სახელს.ღმერთო ჩემო რა ახალგაზრდა მომკვდარა საბრალო. ეს კაცი ალბათ მისი ქმარია ... მაპატიე, უცნობო მარინა, რომ შენს საფლავზე გავიშოტე და რუდუნებით დარგული აზალიები წავბილწე . რას იზამ, ცოცხალი კაცი ყველა არსებული და არარსებული უჯრედით ებღაუჭება სიცოცხლეს . მეც ცოცხალი ვარ . ჯერჯერობით...
- იათამზე!.. ია!.. ჯანდაბას მაგის თავი ! - მესმის მესმის ირას სირენასავით ხმა.
- უკაცრავად, აქ ახალგაზრდა ქალს არ ჩაუვლია?
უეჭველი ჩემს მხსნელს ავგუსტუსს მიმართავს.
- ეს წუთია , ვიღაცამ ჩაიქროლა, მგონი, ქალო იყო , - პასუხობს ის.
ვაფასებ მის იუმორს. ისე გავრბოდი, სირაქლემა გახუნდებოდა.
- ქალი კი არა ნამდვილი ქაჯია! - ქოშინით ამბობს ლადო , ახლადგამომცხვარი ქვრივი.
აღშფოთებისგან ლამის მიწა შევჭამო . რამდენს ბედავს ეს მოკლეხელება ბებერი დინოზავრი?
- ყოვერთვის დარეხვილი იყო , - არც ირას ასვენებს ეშმაკი, მაინცდამაინც უნდა გამაფარჩაკონ უცნობი ადამიანის წინაშე.
- რა ვქნათ ? - კითხულობს ლადო.
- რა უნდა ვქნათ და, წავიდეთ , ისედაც ამოვარდნაზე მაქვს გული.
ახლა მე მკითხეთ, რა დღეში ვარ ! გული ხელით მიჭირავს, სრული ამ სიტყვის მნისვნელობით.
- ადექით, - მეძახის უცნობი.
მე მის გამოწვდილ მარჯვენას ვხედავ : ძლიერს, ვაჟკაცურს, სანდოს (იმპერატორის შესაფერისს)... ვეჭიდები , ვქაჩავ , მიწაზე ვდგები და უპირველეს ყოვლისა , ჩემს შიშველ ტერფს ვამჩნევ . მეორე ფეხზე თხელძირიანი , შავი ფეხსაცმელი მაცვია, „ბალეტკებს“ რომ ეძახიან , ისეთი.
- დაკარგეთ? - მეკითხება.
- ჰო, სირბილისას თუ გამძვრა... - ცალ ფეხს წეროსავით ვკეცავ და სუსიკოს საფლავისკენ ვიცქირები.
ის ჩემს მზერას თვალს აყოლებს და უსიტყვოდ იძვრის ადგილიდან.
- ეი, საით ? - დავადევნე ხმადაბლა.
- ფეხსაცმლის საპოვნელად.
- რას იპოვით , დაბინდდა უკვე.
- ვცდი.
- რომ დაბრუნდნენ ?
- სტვენა იცი ?
- მგონი.
- აბა, დაუსტვინეთ.
„დაწექით“, „დაუსტვინეთ“... ამას მე ძაღლი ხომ არ ვგონივარ ?! და მაინც , გაჭირვებით ვუყრი თავს ტუჩებს და მონდომებით ვუსტვენ .
- არაუშავს, თუ გამოჩნდებიან , დაუსტვინეთ.
ის წავიდა , მე კი ვრჩები გაღიმებული. ვიცოდე მაინც , რა მიხარია.
ოციოდე წუთში ჩემი გმირი ხელცარიელი დაბრუნდა. ვერ იპოვა დაკარგული ფეხსაცმელი.
- ეგ არაფერი, მთავარია ცოცხალი გადავრჩი,- ვცდილობ დავამშვიდო.
ის იმხერბს იჩეჩავს და ეჭვიანად მომჩერებია:
- ხომ არ აჭარბებთ ?
- არა.
- შეიძლება ვიცოდე , ვის საფლავზე მოდიოდით ?
- ჩემი მეგობრების . ორიოდე კვირის წინ წყნეთში ტრაგედია დატრიალდა , ექვსი კაცი მოწამლეს. მე... მე ნახევარი საათით დამაგვიანდა , - თვალს ვარიდებ და ყელში მომდგარ ცრემლიან გორგალის გადაყლაპვას ვცდილობ
- მაშინ სხვა საკითხია. დაჯექით. - მხრებში ხელს მკიდებს და საფლავის პარაპეტზე მსვამს . ჯიბიდან ლურჯი ხელსახოცი ამოაქვს , მიწაზე აფენს და ფეხზე მანიშნებს- დადეო.
ფეხის ზომასთან დაკავშირებით პატარა კომპლექსი მაქვს , თუმცა , ჩემი სიმაღლის ქალს კონკიასავით მინიატურული ფეხი რო არ ექნება , ცხადზე ცხადია . ამიტომ აღარ ვიპრანჭები, მორიდებულად ვდებ ტერფს ცხვირსახოცზე და საშუალებას ვაძლევ , ქალამნის მსგავსი კონსტრუქცია მომიხლაფორთოს. მართალია, მთელი ამ მანიპულაციის შემდეგ მისი ძვირფასი ცხვირსახოცი გადასაგდები იქნება, მაგრამ არის სიტუაციები, როცა ზედმეტად თავის გამოდება და ბოდიშები უბრალოდ გოიმობაა.
- ახლა კი მომიყევით,- ბოლოს ნასკვს აკეთებს და გვერდით მიჯდება .
- რა მოგიყვეთ ?
- ყველაფერი .

* * *
დათა მეტრეველი- ასე ერქვა საფლავზე გაცნობილ მამაკაცს, რომელმაც სახლამდე თავისი მანქანით მიმაბრძანა , ლიფტი გამომიძახა და წავიდა. არც სახელი უკითხავს , არც გვარი, არც ტელეფონის ნომერი. არადა , სიამოვნებით ჩავურაკრაკებდი.
შინ მისვლისთანავე აბაზანაში ვხტები და დიდხანს და მონდომებით ვიხეხები. უფრო დიდხანს ვდგავარ გამოღებულ მაცივართან და ვმსჯელობ - რისი გაკეთება შეიძლება გაყინული ქათმის ფილეთი. ცხელი ვახშამი მირჩევნია თუ ცივი სალათა? პომიდორი მაქვს , არაჟანი მაქვს , ოხრახუშიც კი მაქვს , მაგრამ ვიდრე ფილე გალღვება, ვიდრე ჩავშუშავ , შევაზავებ , გავაციებ, ღამის თორმეტი საათი გახდება . ღამის თორმეტ საათზე რომ ხორცით გამოვსკდე , სჯობს დავივიწყო ის შესანიშნავი, ზომიერად პროვოკაციული ფრანგული კაბა , რომელიც ამასწინათ დედაჩემმა გამომიგზავნა და რომელიც ისეთი ვიწროა, ორი კაცის დახმარება მჭირდება , რომ ჩავეკვეხო. არადა, გავიდა სეზონი, გამარიაჟება მაინც მოვასწრო.
ამ ფიქრებში ზარმა მომისწრო. ან მკვლელია, ან მხსნელი - ვასკვნი ჩემთვის და გულის ფანცქალით მივიწევ კარისკენ . ცხადია, ჯერ ჭუჭრუტანას ვაკვდები ცალი თვალით.
ირა რო მარტო ყოფილიყო , გამორიცხულია შინ შემომეშვა, მაგრამ მერაბ წკრიალაშვილი ჩემი ბავშვობის მეგობარია და ძმასავით ვენდობი.
- დარწმუნებული ვარ, გლაზოკიდან გვთირავს ,- ქმარს ეჩურჩულება ირა.
- თუ გვთირავს , ე.ო. გააღებს, - ცივად პასუხობს ის .
ჰოდა , მეც ვაღებ . ბავშვობის მეგობარს ხომ არ გავაწბილებ ?! ვაღებ და თვალი ტორტის კოლოფზე მრჩება , როელიც მერაბს გაშლილ ხელისგულზე უდევს. გულის კუნჭულში მიხარია , რომ ქათმის გაკეთებას გადავრჩი. თუმცა ტორტში გაცილებით მეტი კალორიაა, ვიდრე გამოფშიკინებულ ქათმის ფილეში.
ირა კისერზე მეკიდება ბიბლიური გველივით. ცხვირში „ემპიორი არმანის“ სურნელი მირტყამს, ქალი კი არა, მოარული პარფიუმერიის სალონია, სუნამოს საშუალებით ცდილობს შნიღბოს თავისი ბნელი არსი.
- არ გცხვენია , იამზე , ჩემი შეგეშინდა ?! რომ არ ვიცოდე , რა სტრესი გადაიტანე, ვიფიქრებდი, რომ დაირეხვე.
„იფიქრე კიდეც და ხმამაღლაც თქვი“,- ვპასუხობ გულში და მერაბს ვესალმები.
იცოცხლე , ამასაც მიუღია ოდეკოლონის აბაზანები, მაგრამ მე არ აღიზიანებს წკრიალას სუნი . მისგან დადებითი ენერგეტიკა მოდის .
- იაკო, როგორ ხარ ? - მეკითხება.
ხმამაღლა ოხვრით ვპასუხობ , ირამაც რო გაიგოს და გულზე გასკდეს.
- ჩაის დაგვალევინებ ?
- რა თქმა უნდა.
ტორტის კოლოფიანად სამზარეულოში გავდივარ. ირა ფეხდაფეხ მოყვება.
- არა, მაინც რატომ დაგაზე, რა დაინახე ასეთი? თუ სუსიკოს და თაზოს საფლავზე სიარული მხოლოდ შენი ექსკლუზიური უფლებაა? თუ ფიქრობ , მარტო შენ გიყვარდა ისინი, ძალიან ცდები. რამ გაყო ჩემი და ჩემი ქმრის მეგობრები ?! დაგავიწყდა , რამდენი დრო გვაქ ერთად გატარებული ?
არ დამვიწყებია. პირველი ხუთი- ექვსი წელი ირა ინტენსიურად გვეპატიჟებოდა დაბადების დღეებზე . სუსიკო გიჟდებოდა ირას გაკეთებულ ნამცხვრებზე, ცომეულის დედოფალს ეძახდა. თან ჭორაობდა, თან ხეთწავდა , თან თვალს მიკრავდა და ირას ნამღერ რომანებს უსმენდა . უნდა ვაღიარო, ირას არ ქონდა ცუდი ხმა,მაგრამ სიმღერის აღსაქმელად ხმა არ არის საკმარისი , სული უნდა ჩადო , თუ გაგაჩნია .
ვიდრე მე მაგიდაზე თეფშებს ვალაგებ , ირა თავის მართლებას განაგრძობს .
- რა ჩემი ბრალია ლადო თუ დამხვდა ... არ უნდა დავლაპარაკებოდი ?! თუ კეთროვანია ? უსათუოდ ვინმესთან უნდა შემეთანხმებიდა სასაფლაოზე წასვლა , თუ რაშია საქმე ?!სხვათა შორის, იქ შენც არავინ გელოდა , მაგრამ მიხვედი. ხო ასეა, იათამზე. რატომ დუმხარ , ენა გადაყლაპე ?
ენა არ გადამიყლაპავს , უბრალოდ , ვხვდები , ეს ქალი სადღაც მართალია და ისღა დამრჩენია , დავდუმდე. თვითონაც არ ვიცი , რა ბზიკმა მიკბინა როცა ისინი ერთად დავინახე ! ეტყობა, ეს ბზიკი ჩემს ქვეცნობიერში იჯდა და გაქცევა მიკარნახა. ქვეცნობიერი კი, მოგეხსენებათ, უძირო ორმოა, მე კი არა , ფროიდმა ვერაფერი გაუგო.
- შინ ეწევი? - სამზარეულოში მერაბმა შემოიხედა.
თაროდან საფერფლეს ვიღებ , ერთ ღერს მერაბის კოლოფიდან ვაძრობ და სტუმარივით ვჯდები მაგიდასთან .
- თქვენ მოწიეთ, მე იქამდე ტორტს დავჭრი და ჩაის დავასხამ , - დაფაცურდა ირა ,- ზღაპრული ტორტია , ყველგან კი არ იყიდება ასეთი...
„ზღაპრული“ - ირას საყვარელი ფრაზაა. მის მიერ ნაყიდი მარტივი ქინძისთავიც კი ზღაპრულია , ამით ხაზს უსვამს თავის განსაკუთრებულ გემოვნებას . ვინ იცის , წყნეთში დატრიალებულ ტრაგედიასაც ზურგსუკან ზღაპრულს ეძახის . კაცმა რომ თქვას , ეს ყველაფერი მართლა ჩამოჰგავს ბოროტი მეზღაპრის დაწერილ ზღაპარს.
მერაბი კვნესით ჯდება ჩემ პირისპირ.
- ისევ გტკივა ? - ვეკითხები .
თავს მიკრავს და ანთებულ სანთებელას მახვედრებს . მერაბს ქრონიკულად აწუხებს წელის ტკივილი - სპორტული წარსულიდან გამოყოლილი გრავმა . ტკივილი მატულობს წონის მატების პრპორციულად . მერაბზე ვერავინ იტყვის , მსუქანიაო, მაგრამ გადაბმულმა ქეიფმა საგრძნობლად შეუცვალა წელის გარშემოწერილობა . ვაბოლებთ, ერთმანეთს ვუყურებთ და ვგრძნობთ - ჩვენს წუხილს სიტყვები ვერ გამოხატავს.
- შენს ადგილას დროებით მოსკოვში წავიდოდი, - ამბობს მერაბი.
- რა დამრჩენია , რო ?
- დედაშენს ნახავ, გულს გადააყოლებ .
უკვე ოთხი წელი იქნება, რაც დედაჩემი მოსკოვში , თავის დასთან გადავიდა საცხოვრებლად. ევი მაქვს , მე გამექცა , უფრო სწორად , ჩემი ვერ შემდგარი ქორწინება ვერ მოინელა და უარესის მოლოდინში რუსეთში გადაიხვეწა. შეთავაზება „გულის გადაყოლებაზე“ მშობელი დედისგან უკვე მივიღე და უარის თქმაც მოვასწარი . ვიდრე ბოროტმოწმედი თავისუფლად დანავარდობს , ფეხს არ დავძრავ თბილისიდან . იმავეს ვუმეორებ მერაბსაც .
- საქმე აღძრულია, ძიება მომდინარეობს , შენ რა შუაში ხარ ? - მეკითხება მერაბი .
- მე ვითანამშრომლებ გამოძიებასთან , რადგან ალღოთი ვგრძნობ - ამ მკვლელობაში შინაურის ხელი ურევია.
- ვინმეზე გაქვს ეჭვი ?
- არა.
- აბა, მარტო ინტუიციით შორს ვერ გავფრინდები. მიანდე ეგ საქმე გამოძიებას .
- გამოძიებას ორი კვირის განმავლობაში მაინც უნდა გამოევლინა ეჭვმიტანილი . ლადოზე რას იტყვი ? - ვეკითხები მოულოდნელად.
მერაბი იბნევა , ირას ჭიქაზე დამიზნებული ჩაიდანი ავიწყდება და თვალებდაჭყეტილი მიყურებს . მდუღარე მაგიდაზე იქცევა. უსიტყვოდ ვაწვდი ტილოს . ირა ფართხაფურთხით წმენდს მაგიდას .
- მე რომ ლადო არ მევასება , არაა ახალი, -ამრეზით ამბობს მერაბ, - მაგრამ ჩემი დამოკიდებულება ერთია, ეჭვმიტანილის სტატუსი - მეორე.
მზერა ირაზე გადამაქვს . მექანიკურად ჭმუჭნის ტილოს . თითები უცახცახებს . ირა ყოველთვის ეჭვიანობდა მერაბის პირველ სიყვარულზე . სოფო აღარ არის ცოცხალი , ირა კი მის ქმარს ხვდება . შეიძლება არც არაფერი , მაგრამ მერაბის დაწუნებული ინტუიცია სულ სხვა რამეს მკარნახობს - ეს იყო დაგეგმილი შეხვედრა .
- რამ შეგაშფოთა ირა ?- რაც შეიძლება შინაურულად ვეკითხები.
- რამდენიმე დღის წინ ჩვენი სახლიდან ოქროს ბეჭედი მოიპარეს , უცებ გამახსენდა და ...
- რა შუაშია შენი ბეჭედი წყნეთის ამბებთან ? შენც იტყვი რა ! ხელს იქნევს ერაბი. ამ ჟესტში იკითხება გულგრილობა , გაღიზიანება , საყვედური... ბევრი რამ , - ბეჭედს უეჭველი ნუციკო დაკარგავდა .
13 წლის ნუციკო ირას და მერაბის უფროსი ქალიშვილია - ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი და უბრალოდ კარგი გოგო , თუმცა დედამისივით წიკვინა ხმა აქვს .
- იცი, რას ვფიქრობ ? ვინმეს ხო არ აჩუქა მაგ მამაძაღლმა ბავშვმა , მე კი გიორგუნას ძიძას დავაბრალე , - ირას ცბიერად ეჭუტება თვალები .
- მორჩი ახლა ფანტაზიორობას , გვაღირსე ნაქები ტორტი და ცხელი ჩაი , ნახა რა სალაპარაკო თემა !- ცოლს უღრენს მერაბი .
მე რომ ქმარი ასე აგდებულად მელაპარაკოს , თანაც სხვისი თანდასწრებით, ცხელ ჩაის ფეხებს შუა შევასხამდი , ტორტს კი ზეგ ფიზიოზე დავაკრავდი . ირა კი , ვითომც არაფერი , ისეთი გამომეტყველებით ჭრის ტრტს , აშკარად აკრძალულ ფიქრს აგრძელებს . წაყრუებაც თ, თავისებური სტრატეგიაა, „ც“ კი არა , ოჯახის შენარჩუნების ერთ-ერთი წინაპირობა . მე ეს არასოდეს შემეძლო , იმიტომაც ვარ მარტო .



№1  offline წევრი modemodka

Kargia , dzalian kargia , velodebi shemdeg tavs da male dadeb ,imedia.

 


№2  offline წევრი cool baby

modemodka
Kargia , dzalian kargia , velodebi shemdeg tavs da male dadeb ,imedia.

მიხარია რომ კითხულობ <3 ხვალ დავდებ თან დიდ თავს <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent