შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სისხლიანი ვახშამი (VI თავი)


7-01-2018, 19:47
ავტორი cool baby
ნანახია 1 214

VI თავი
ცხელმა წყალმა გული ამიჩქარა. სასწრაფოდ ვკეტავ ონკანს და დაბურულ სარკეს პირსახოცით ვეხები. გაწმენდილ ფრაგმენტში ჩემი სახე კრთის . წითელი ვარ, როგორც მოხარშული კიბორჩხალა, მხოლოდ თვალები ანათებს მწვანედ. კოსმეტიკა აქვე მაქვს , მაგრამ ახლა რომ დამაკიაჟებული გამოვცხადდე , დათა იფიქრებს მეპრანჭებაო... მით უმეტეს, მართლა ვეპრანჭები . ხომ შეიძლება ჩემი მაკიაჟი გამომწვევად აღიქვას და გამექაჩოს? ვინ იცის , შხაპის მიღებაც თავისებურად მოთარგმნა და საბრძოლო მდგომარეობაში დამხვდეს.
პერსპექტივის წარმოდგენამ პულსაციის მომატება გამოიწვია. დროზე უნდა გავასწრო ამ გაბუღული აბაზანიდან , თორემ გული შემიღონდება და მართლა შევრცხვები. თაროდან პირსახოცის ხალათი ჩამომაქვს - თეთრი და ფუმფულა. ზეწრის იმპროვიზებულ ინდურ სარის კი ჯობია.
დათას ტახტის კუთხე ტანსაცმლისგან გაუნთავისუფლებია და სიას ჩაჰკირკიტებს . თავშიც არ მოსვლია უზნეო აზრები, მე კი, რა აღარ წარმოვიდგინე. ლალიკოსი არ იყოს, ამ ბოლოს ყველაფერი ინტიმურ ჭრილში გადამყავს და სექსუალურად დამოუკიდებელი ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ . რაც არც ისე შორსაა ჭეშმარიტებისგან ( მეორე ქმართან გაყრის მერე არავინ მყოლია ).
- ეს ირა რა ქალია ? - მეკითხება.
- ირა ?.. ხარბი, ეჭვიანი, ჩასაფრებული. ნებისმიერ ქალში მეტოქეს ხედავს . ჩემზეც კი ეჭვიანობდა, წარმოგიდგენია ?
დათა უცერემონიოდ მაღვალიერებს. ალბათ ღირდა მაკიაჟის გაკეთება , ბანაობის მერე ცხვირის წვეტი მიწითლდება ხოლმე. სველ თმას ვისწორებ და მზერას ვარიდებ. მეუხერხულება.
- იმის ადგილზე მეც ვიეჭვიანებდი, - ამბობს პაუზის შემდეგ.
- ჩემზე ?
- ჰო, შენზე, - შენობით მომმართავს დათა . გამიშინაურდა, ასე ვთქვათ. ჩემი არ იყოს, ეტყობა , ესეც ფანტაზიებში გადავარდა.
- გამორიცხულია. მე და წკრიალა ბავშვობის მეგობრები ვართ.
- მერე რა ?
- თუ გაინტერესებთ, წკრიალა ჩემი პირველი ქმრის მეჯვარეა , თითქმის ძმა.
- მეორეც გყავდა ? - დათას გამოცოცხლებულ სახეზე ირონია იკითხება .
- დიახ.
- ოჰო!
- თქვენ კი მესამე ქმარს მაგონებთ ძალიან , - ვამბობ ნიშნისმოგებით.
- ჩაგეთვალა, - იცინის დათა.
არა, რა მომწონს ეს კაცი ! მთავარია, არ შემეტყოს. საწოლის კიდეზე ვჯდები და გაშლილი თითებით სახეს ვინიავებ . მცხელა საშინლად. არადა, თითქოს აგრილდა.
- რატომ მეკითხებით ირაზე ?
- ხმა არ მომეწონა . მჭახე ხმა აქვს, კაჭკაჭივით.
- ელაპარაკეთ?
- ჩემი მობილურიდან დავრეკე. ოვატყუე - ჩემს მობილურზე თქვენი ნომერი დაფიქსირდა - მეთქი . რეაქცია მაინტერესებდა.
- მერე?
- ნორმალური რეაქცია ჰქონდა - რაღაც გეშლებათ, მე ამ ნომერზე არ დამირეკავსო. ამით მოვრჩი ლაპარაკს. რასაც ვერ ვიტყვი ვინმე თემოზე... აი, იმან , დამიწყო გამოკითხვა - როდის შემოვიდა ზარი , რომელ საათზე , ბოლოს ჩემი ვინაობით დაინტერესდა. ვინ არის თემო ?
- არ ვიცი, არ ვიცი ... - თავს ვაქნევ და ისეთ სისუსტეს ვგრძნობ , სადაცაა, გული წამივა.
გლახად არის ჩემი საქმე , არ უნდა მებანავა. სახე მიხურს, გული ამოვარდნაზე მაქვს , შიგნიდან კი მაკანკალებს...
- წყალი მომიტანეთ, რა ... იქ, სამზარეულოში ... რაღაც ვერ ვარ კარგად.
დათა სწრაფად გადის. მე კი არც განიავების თავი მაქვს , არც აზროვნების.
დათა ცალი ხელით წყალს მაწვდის . მეორეთი - პულსს მისინჯავს.
- წამოწექი,- მკაცრად ეუბნება და საწოლზე დაყრილი ზედახორიდან ბალიში ამოაქვს .
- რა მჭირს , თითქოს გული მეპარება...
- მშიერი ხარ ?
- კი, მაგრამ ახლა ჭამის ღავი არ მაქვს .
- შაქრიან წყალს მოგიტან .
- სადღა არის შაქარი...
- თაფლი ?
- სადღაც უნდა იყოს . კარადაში ალბათ.
თავს ბალიშზე ვდებ და გვერდულად ვწვები. არ მომწონს ეს სიტუაცია. ჯანდაბას !
- მოდუნდი და ნურაფერზე იფიქრებ .
- რა მჭირს ?
- სტრესული მდგომარეობა იწვევს გარკვეულ ბიოქიმიურ რეაქციას, რომელიც უკავშირდება ადრენალინის გაძლიერებულ სეკრეციას და ასე შემდეგ და სე შემდეგ.
- რა იცით ? - ვეკითხები კბილების კაწკაწით.
- მაგის მეტი რა ვიცი, ექიმი ვარ. ნუ გეშინია, თაფლიან წყალს მოგიტან და მოვალ.
„ექიმი“- ვიმეორებ გულში და თავისით მეხუჭება თვალები. ბუნდოვნად მესმის ნაბიჯის ხმა, მინდა გავახილო თვალები , მაგრამ ძილმა უკვე გამხვია თავის უხილავ საბანში და მეც ვნებდები.


* * *
უჩვეულო სიჩუმეში მეღვიძება. კედელზე მწვანე ციკლოპივით ფეთქავს ელექტრონული საათი. ღამის სამი საათია. ნუთუ ამდენ ხანს მეძინა ? ოთახს ფრაგმენტულად ეცემა მთვარის შუქი , სიბნელეში აქა- იქ დაყრილი ნივთები იკვეთება. თავწაკრული ნაგვის პარკები , უთავი ჯუჯა მხედრებს გვანან. შიში გაათმაგებული ძალით მიტევს - მგონია სახლში ვიღაცაა.
სამზარეულოსა და მისაღები ოთახის მომიჯნავე კარის ქვეშ სინათლის ვიწრო ზოლი მოიპარება. ერთი ნახტომით ვჩნდები კართან , ფეთიანივით ვაღებ და დათას ვხედავ .
ის მაგიდასთან ზის და მშვიდად ათვალიერებს საოჯახო ფოტოალბომს. საფერფლეში სიგარეტი ინავლება.
- შენ !... თქვენ ... - ვლუღლუღებ მადლიერი.
არ ვიცი, დათას მშვიდობიანმა პოზამ იმოქმედა თუ გულჩვილობა სტრესის თანმდევი მოვლენაა, ფაქტია, რომ ღაპაღუპით ჩამომდის ცრემლები . ვდგავარ შუა სამზარეულოში აქსელერატი ბავშვივით და ვღრიალებ.
დათა მიახლოვდება, მხრებზე ხელს მადებს და თმაზე მეფერება. მე მის მკერდზე ვაგრძელებ მოთქმას . თავის აწევა მერიდება, რადგან ვიცი, რა მოჰყვება ამას. უნდა გავრისკო, თორემ დავიხრჩობი. თავს ვწევ და მის თვალებში ვიძირები. ხდება ის, რასაც ქვეცნობიერად ველოდი, იმ მომენტიდან ველოდი, როგორც კი საფლავებს შორის მისი უავგუსტუესი ფიგურა დავინახე. ის მკოცნის. ჯერ შუბლზე, მერე ლოყაზე, მერე ტუჩებზე , მერე არ მახსოვს...

* * *
ვერამ დღის ორ საათზე დამიბარა. ამჯერად სახლში არ მეპატიჟება, ჭიშკართან აწვდის ბუნკერის გასაღებს და მკაცრად მაფრთხილებს , რომ ჩემს განკარგულებაშია ერტი საათი. დაგვიანება გამორიცხულია.
თავს ვუკრავ და ეზოში შესვლას ვლამობ .
- საით გოგო ?! - უხეშად მაჩერებს ვერა , - მე დუბლიკატის გასაკეთებლად გიშვებ , ლადო ახლა წასულია და იმიტომ გავრისკე. უცებ რომ მოვიდეს , მერე რა ვკნა ?
- აუუ...
- აუუ, არ უნდა. ზეგ რაიონში მიდის და შენ მოდი. როგორც კი ცავა გირეკავ .
- შევიჭყიტები მაინც .
- სუმა საშლა ! - შეიცხადა ვერამ და ლამის გამწიხლა ეზოდან .
ტაქსის ვაჩერებ და უახლოეს სახელოსნოში მიყვანას ვთხოვ . მძღოლმა ვაკეში, ვინმე სერჟ აზნაუროვი მირჩია - პატიოსანი ხელოსანია , არ მოგატყუებსო.
პატიოსანი სერჟ აზნაუროვი პლაკატების ფონზე იჯდა ერთ გაზინტლულ ოთახში. პამელა ანდერსონი, მადონა, მაშა რასპუტინა, იოსებ სტალინი. დიდი ბელადის პლაკატი იმდენად არის შელახული , ცალი ულვაში ჭიაყელას მიუგავს. სერჟმა, სანთლისფერთმიანმა ასაკოვანმა მამაკაცმა , ყურადღებით მოუსმინა ჩემს ზღაპარს გასაღების დაკარგვასთან დაკავშირებით , ყალიბი აიღო და ხვალისთვის დამიბარა.
ვაკიდან ისევ ბაგებში მივქრივარ , გასაღებს ვერას ვუტოვებ და ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრში მივემართები , იქ, სადაც ბოლოს მუშაობდა სოფო კანკავა. ცენტრის დირექტორი , ქალბატონი დოდო, ერთხელ სოფომ გამაცნო , თუმცა იმის იმედი , რო ვახსოვარ , მაინცდამაინც არ მაქვს.
დოდო კაბინეტში დამხვდა და სათამაშო სარწყავით ფანჯრის რაფაზე შემოდგულ ყვავილებს რწყავდა. ეს იყო ორმოციოდე წლის ქალი მოკლე თმითა და გამჭრიახი მზერით. თავი შევახსენე და აუდიენცია ვთხოვე.
ის მგიდაზე დადებულ საკვოიაჟს უყურებს , ვხვდები, რომ წასასვლელად ემზადებოდა და ახსნა - განმარტებას ვჩქარობ:
- ბევრ დროს არ წაგართმევთ , სულ რამდენიმე კითხვა ...
- არა უშავს, დაჯექით.
- იმ გოგონას ბედი მაინტერესებს , ვისი შვილად ავანაც სოფოს უნდოდა .
- გოგონა თავს ნორმალურად გრძნობს , - მშრალად მპასუხობს დოდო და სარწყავს ფანჯრის ქვეშ დებს .
- სად არის ?
- ცენტრთან არსებულ თავშესაფარში, საკმარისია, რაც ქუჩაში იწანწალა.
- ქუჩიდან მოიყვანეთ ?
- რა მნიშვნელობა აქვს, ჩვენთან რეაბილიტაციის კურსს გადიან როგორც ქუჩიდან მოყვანილი ბავშვები , ისე ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი.
- შეიძლება გავიგო, რატომ თქვა უარი სოფომ მის შვილად აყვანაზე ?
- სოფოს არ უთქვამს უარი, ეს მე გავისტუმრე უარით თქვენი მეგობარი.
- რატომ ?
დოდო ბუთქუნა საკვოიაჟიდან სიგარეტს იღებს, ღრმა ნაპასს არტყამს და გამომცდელად მიყურებს.
- გარდაცვლილებზე ან კარგს ამბობენ , ან არაფერს, მაგრამ მე დავარღვევ წესს და გეტყვი : სოფო ნარკომანი იყო.
ზათარში ცივი შხაპი მიგიღიათ ? თუ არა, ხომ წარმოგიდგენიათ . ჰოდა , წარმოიდგინეთ , რა დღეში აღმოვჩნდი ?
- ხუმრობთ, ქალბატონო დოდო? - ნირწამხდარი ვეკითხები.
- ასეთ საკითხზე არ ხუმრობენ , ჩემო კარგო. ისე თქვენი მეგობრის პრობლემებს მე არ უნდა გიყვებოდეთ.
- არც ისე მჭიდრო მეგობრობა გვაკავშირებდა , ბოლო წლებში, თუმცა ვიღებ შენიშვნას. უნდა მცოდნოდა. რასაკვირველია, უნდა მცოდნოდა, - ვიმეორებ დაბეჯითებით.
- რას გაძლევთ პოსტ ფაპტუმ იმის ცოდნა , რომ თქვენი კლასელი ნარკომანი იყო ?
- მე არ ვიცი, ვინ მოკლა ჩემი მეგობრები, მაგრამ ფაქტებს თუ შევაჯერებთ, კვალი სოფოსთან მიდის. თუ შეგიძლიათ, დაწვრილებით მომიყევით, საქმის გასახსნელად ზოგჯერ დეტალიც საკმარისია.
ქალბატონი დოდო თანაგრძნობით მიკრავს თავს და მოყოლას იწყებს ...
ქეთი ბესელაშვილი, ასე ერქვა გოგონას , რომლის შვილად აყვანაც თავის დროზე სოფომ განიზრახა. ქეთი 10 წლის ასაკში გაიქცა შინიდან , პოლიციამ დეზერტირის ბაზრის მახლობლად იპოვა და იძულების წესით მიიყვანა ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრში. თავდაპირველად გაჯიუტებულ გოგონას , არც ვინაობის გამხელა სურდა, არც მისამართის, მაგრამ ფსიქოლოგების წყალობით, გამოტყდა .
აღმოჩნდა, რო ქეთის დედაც ჰყოლია, მამინაცვალიც, სამი მცირეწლოვანი და - ძმანიც და ლოგინად ჩავარდნილი ბებიაც . ოჯახი სოციალურად დაუცველთა კატეგორიაში გადიოდა. დედა, ერთი დაბეჩავებული ქმრისგან დაბრიყვებული ქალი იყო, მამინაცვალი-ლოთი, რომელიც სიმთვრალეში ოჯახს აწიოკებდა , ცოლს ურტყამდა , გერს ნაბიჭვარს ეძახდა , სიდედრს ფანჯრიდან გადაგდებით ემუქრებოდა . ცენტრის კურატორებს აგრესიულად შეხვდა , მაგრამ როდესაც შვილების წართმევით დაემუქრნენ , მოლბა და პატიება ითხოვა. კურატორებმა ხელწერილი დააწერინეს და ქეთი გულის კანკალით დააბრუნეს ოჯახში.
ორი წლის თავზე ქეთი ისევ ქუჩაში აღმოჩნდა . პოლიციამ ისევ ცენტრში მოიყვანა. ამჯერად წინააღმდეგობა არ გაუწევია , ის უკვე იყო ძალადობის მსხვერპლი. რეაბილიტაციის კურსს მოზარდი სოფო კანკავასთან გადიოდა. სოფო პაციენტების ნაკლებობას არ განიცდიდა , მაგრამ ეს ნაადრევად გაზრდილი , უკარება მოზარდი სიბრარულზე უფრო აღაფრთოვანებდა. ქეთი არ ჰგავდა სხვებს - ბალერინასავით სიფრიფანა, გრძელკისერა, პლასტიკური... კონტაქტში რთულად შემოდიოდა , თუმცა მოსმენა უყვარდა, განსაკუთრებით სოფოს ოსმენა. მოგვიანებით, სოფომ წიგნებიც შეაპარა, ქეთიმ წაიკითხა ცხოვრებაში პირველი წიგნი - „პეპი-გრძელი წინდა“. მერე სოფომ შინ წაიყვანა და რამდენიმე დღით დატოვა. ის უკვე სერიოზულად ფიქრობდა გოგონას შვილად აყვანას.
ასეც მოხდებოდა , რომ არა ერთი შემთხვევა...
სამუშაო დღე დამთავრებული იყო, ცენტრის ადმინისტრაციულ შენობაში მხოლოდ დოდო შეყოვნდა. ყოველ შემთხვევაში, თავიდან ასე ეგონა. ის უკვე ტოვებდა კაბინეტს, როდესაც დერეფნის მხრიდან ლაპარაკი შემოესმა. დოდო დაინტერესებული წავიდა იქით და ერთ- ერთ ოთახში ფსიქოლოგი სოფო კანკავა დაინახა . სოფო ზურგშექცევით იდგა და ვიღაცას მობილურით ელაპარაკებოდა, უფრო სწორად ლტიმატუმს უყენებდა : „თუ არ დამახვედრებ, საერთოდ არ მოვალ შინ“ . ქმარია დაასკვნა დოდომ და ჩუმად გაცლა ამჯობინა - რა წესია სხვისი ლაპარაკის მოსმენა - მაგრამ მეორე წინადადებამ დააეჭვა. „იცოდე მე ვიშოვი და მერე შენ ოგიწევს საპროცესოზე ჩალიჩი“. მერე იყო პაუზა, რომელსაც მოჰყვა უცნაური პრაზა : „ჯანდაბას თანახმა ვარ“.
იმ წუთში დოდო საქმის აფიშირებას მოერიდა , მაგრამ სოფოს თვალთვალი დაუწყო. მისი ეჭვი დადასტურდა - სოფო ნარკომანია. დოდო დილემის წინაშე დადგა. როგორც დირექტორი, ვალდებული იყო, სამსახურიდან დაეთხოვა წამალზე დამოკიდებული თანამშრომელი , მაგრამ სოფო კანკავამ ქმრის შუამავლობით არაერთი გრანტი მოიპოვა ცენტრისთვის და მომავალშიც დიდი გეგმები ჰქონდა.
უხერხულობა თავისთავად მოიხსნა, როდესაც სოფო ქეთის შვილად აყვანაზე დაელაპარაკა. დოდოს ხელ - ფეხი გაეხსნა და უარის მიზეზიც მოახსენა . სოფოს არ უცდია თავის მართლება , უსიტvყვოდ გავიდა კაბინეტიდან , მეორე დღეს კი ცენტრიდან წასვლაზე განცხადება დაწერა.
- როდის მოხდა ეს ამბავი ? - ვეკითხები მოსმენილით გაოგნებული.
- დაახლოებით ერთი წლის წინ .
- ქეთის ნახვა მინდა.
ქალბატონი დოდო სიგარეტის ნამწვს ვედროში აგდებს და უნდობლად მიყურებს .
- გინდა რჩევა ?
მზადყოფნით ვუკრავ თავს.
- დაანებეთ ამ საქმეს თავი.
- ისინი არ მანებებენ , გუშინ სახლი გამიტეხეს, ხვალ ალბათ თავს გამიტეხავენ .
- ქეთის ნახვა რას გიშველით ?
- იქნებ რამე ისეთი იცის სოფოს ოჯახის შესახებ ?
- პირდაპირ მითხარით, ლადოზე გაქვთ ეჭვი ?
ვჩუმდები . ბუნკერზე რომ დავიწყო ლაპარაკი , სულელი ვეგონები. შეიძლება ვარ კიდეც სულელი... არ ვიცი. არ ვიცი...
- სიჩუმე თანხმობის ნიშანია , - ოხრავს დოდო, - კეთილი, დაელაპარაკეთ ქეთის, თუმცა ვეჭვობ რამე იცოდეს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent