შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პაემანის დღიურები: ცნობილი ფეხბურთელის და უცნობი სესილის პირველი პაემანი


11-02-2018, 20:10
ავტორი anushka 5
ნანახია 2 249

პარასკევი
დღეს გავიცანი ტიპი. ცნობილი ფეხბურთელი. ჰო და, კი მეცნო, მაგრამ მთელი საღამო კალათბურთელი მეგონა. მერე, დამშვიდობებისას კიდევ ერთხელ რომ ვახსენე, - კალათბურთი საინტერესო სპორტია-მეთქი, ცოტა გაღიზიანებულმა მითხრა, რომ ფეხბურთს თამაშობს...
ჩვეულებრივი კვირა საღამო იყო, ვიწექი ოთახში და "ფეისბუქს" ვსქროლავდი. პარასკევის შეხვედრა თითქმის მონელებული მქონდა. გვერდით ბებიაჩემის გამოგზავნილი ჩურჩხელები მედო და ვნთქავდი. ხელში ტელეფონი აძიგძიგდა. მოულოდნელობისაგან შეშინებულმა ინსტინქტურად მოვისროლე. საბედნიეროდ, ტელეფონს რეკვა არ შეუწყვეტია. მივედი, ავიღე. ტელეფონის ნომერი არ მეცნო. ანუ არც სახელით და არც გვარით არ მყავდა შეყვანილი, თორემ ეგრე დედაჩემის ტელეფონის ნომერიც არ მახსოვს ზეპირად. მომხდარით შეწუხებულმა, პირში ნახევრად ჩაღეჭილი ჩურჩხელის გადაუყლაპავი ლუკმით ვუპასუხე, - მმმალო, - რაღაც ასე. იქიდან კი თითქოს ნაცნობი ხმა მომესმა.

- გამარჯობა, მიცანი? - დავიბენი. დიდად არ ვარ განებივრებული უცხო მამაკაცების ზარებით. ხანდახან მამაჩემი თუ მირეკავს და მეკითხება, როგორ ვარ, რამე ხომ არ მჭირდება, ეგაა და ეგ.

- რატომ? - ლოყაში დაგროვებული ჩურჩხელა ჩავღეჭე და როგორც იქნა, გადავყლაპე, სანამ ის ფიქრობდა, რა ეპასუხა.

- რა რატომ? - არ დააყოვნა ხმამ.

- რატომ უნდა მეცნე. ანუ არა, თუ ვერა...

- კარგი, მე ვარ ხო და იცი, მინდა ხვალ სადმე დაგპატიჟო! - პირდაპირ მაჯახა დარეკვის მიზეზი. როგორც კი მისი სახელი და გვარი გავიგე, ყურებში წუილი დამეწყო და სიხარულით მუშტები შევკარი - იეს! იეს! - დავიძახე გულში. იმედია, გულში... მოულოდნელი სიხარულის დროს არაადეკვატური ვხდები და მერე ვერ ვიხსენებ, რა ვთქვი, როგორ გამოვხატე ემოცია. თან იმედი აღარ მქონდა, რომ ოდესმე დამირეკავდა. - რა იმედი! წარმოდგენითაც ვერ დავუშვებდი, ბოლო შეხვედრის, ანუ პირველად გაცნობის შემდეგ საერთოდ თუ დამირეკავდა, თან ჩემი ტელეფონიც არ იცოდა. ეს კიდევ ბევრს ნიშნავდა, ძალიან ბევრს! სანამ ჩემს ტვინში მოცეკვავე ოფოფები სამაიას ასრულებდნენ, ტელეფონიდან ხმამ კვლავ შემახსენა თავი.
- გესმის ჩემი?

- ააჰ, შხრიალებდა, რა თქმა უნდა, მეცლება! - ვუპასუხე გულწრფელად და მაშინვე ვინანე, დაუწერელი წესებისა და ვიღაცის მიერ მოგონილი კანონების თანახმად, ასე სწრაფად რომ არ შეიძლება დათანხმდე შემოთავაზებულ შეხვედრას, სიტუაციის გასამძაფრებლად, მინიმუმ, საკურსო რომ გაქვს სასწრაფოდ დასაწერი, ის უნდა მოიგონო და მაქსიმუმ, ბრმა ლეკვის დამტოვებლის არარსებობა. მე კიდევ - სიამოვნებითო, - თან ისეთი ამაყი და ბედნიერი ხმით ვთქვი. - რას იფიქრებდა? რომ არავინ მეპატიჟება არსად. რომ საღამოობით მარტო ვარ და "ფეისბუქს" ვსქროლავ, თან ჩურჩხელებს ვითვისებ. მერე რა, რომ ასეა, მაგრამ მაინც.

ჩემს თავზე გავბრაზდი. ბარემ ისიც მიმეყოლებინა, რომ ვერც კი წარმოვიდგენდი და დავუშვებდი, რომ დარეკავდა! მაგრამ აწი რა აზრი ჰქონდა რაიმეს შეცვლას?

- კეთილი, მაშინ ხვალ რვა საათზე გამოგივლი, თუ სხვა დრო გირჩევნია?-მკითხა ხმამ.

- არა, იყოს რვა. - ვუპასუხე და მეორედ ვინანე. ხომ შემეძლო, რამე მომეფიქრებინა და მეჩვენებინა, რომ ძალიან დაკავებული ვარ და თუნდაც ერთი საათით გადამეწია შეხვედრის დრო? რა თქმა უნდა, მე ხუთი საათიდან გამზადებული და მოწესრიგებულ-დავარცხნილი საათს მიშტერებული ვიჯდებოდი, მაგრამ, მაინც. უკვე იმ კაპიტნის ხმით ვპასუხობ, რომლის გემი მაინც იძირება და აზრი არა აქვს ცურვის სწავლას.

- მშვენიერი, მაშინ დროებით. - მიპასუხა ხავერდოვანმა ხმამ.

- მოიცა! - შევყვირე, რომ ტელეფონი არ გაეთიშა.
- ჰო, გისმენ...
- ეს ხვალინდელი შეხვედრა, ისე შეხვედრაა თუ პაემანია? - წარმოსახვითი ტიტანიკი თითქმის მთლიანად ჩაიძირა და მეც წყალმა დამიფარა ფეხები.

- ჰეეჰ, - გაეცინა ხავერდოვან ხმას. - როგორც გინდა, ისე დაარქვი, ან რა საჭიროა დაკონკრეტება? თუ გინდა, ისე შეხვედრა იყოს, თუ გინდა პაემანი... რაში გაინტერესებს? - ტვინში განგაშის ზარებმა შემოჰკრა, - არა რა, კითხვა იყო ეს? - მომეშალა ჩემს თავზე ნერვები.

- იცი, იმიტომ გკითხე, რომ ვიცოდე, რა ჩავიცვა. თუ ისე შეგხვდები, მაშინ დიდად არ გამოვიპრანჭები. - ამაზე თავად გამეცინა, რადგან უკვე აზრობრივად ვეძებდი, სად მქონდა შენახული ფეხებზე თმის ასაფხრეწი ცვილი და რა უნდა ჩამეცვა.

- აჰ, გასაგებია. იცი, მოდი, მაშინ ისე შეხვედრა იყოს. არც შენ დაიძაბები. მგონია, რომ ძალიან კარგად გამოიყურები და სულ არ გჭირდება გამოპრანჭვა. ასე რომ, როგორც გინდა, ისე მოდი, ისე შეხვედრაზე - დალახვროს ეშმაკმა! გულმა ისეთ ხმაზე დაიწყო ბაგაბუგი, ეჭვი მაქვს, ესმოდა. - კარგი, ანუ შემიძლია პიჟამოთიც მოვიდე?

- რატომ პიჟამოთი?- გაისმა გაოცებული ხმა.

- ჩემს მეგობრებს ისე შეხვედრებზე ასე ვხვდები, მეზარება გაპრანჭვა,- უფრო გაოცებული ვპასუხობ თავად. რომელიღაც ჩემი შინაგანი მე, გულისგამაწვრილებლად აკაკანდა. რა პიჟამო, რის ღამის პერანგი, პიჟამო საერთოდ არ მაბადია. სასწრაფოდ თუ არ დავემშვიდობე, იმდენს ვიზამ, რომ ხვალ დამირეკავს და მეტყვის, რაღაც საქმეები გამომიჩნდა და არ მცალიაო...

- კარგი, როგორც გინდა, ისე წამოდი, მართლა. მოკლედ, ხვალამდე, - მიპასუხა მშრალად და გათიშა. დავრწმუნდი რა, რომ მართლა გათიშა, ტელეფონი ახლა უკვე ნებაყოფლობით მოვისროლე რბილ სავარძელზე და მეც იქვე, უღონოდ ჩავესვენე. მერე თავი ხელებში ჩავრგე - ეს რა ქენი, სესილია! რა ჩაიდინე ( იმ გოგოს ხმით, ლუის რომარიოს რომ მიუძღვნა ლექსი, სისინა და ჩლიფინა სიტყვებით). სასწრაფოდ მოვიცვი პალტო და მაღაზიაში ჩავირბინე. ახლა რომ არ მომეწია, გავგიჟდებოდი. ბოლო სამი საათი, მეათე სართულიდან ჩასვლა რომ მეზარებოდა გაფუჭებული ლიფტის გამო, იმიტომ ვჭამდი ყველაფერს, რათა ნიკოტინის შიმშილი დამეოკებინა.
როგორც ხდება, უკანა გზაზე ფეხით ამოსვლისას მეექვსე სართულზე გავჭედე და სულს ვერ ვითქვამდი. სესილია, ასე არ შეიძლება - შევძახე საკუთარ თავს. ან უნდა დაანებო მოწევას თავი, ან არ ვიცი. წარმოიდგინე, ყველაფერმა რომ კარგად ჩაიაროს და საქმე სექსამდე მივიდეს, არა, რა უნდა ვქნა? მაშინვე წარმოვიდგინე სურათი, ის, ჩემ ქვემოთ, მე კიდევ მასზე ზემოდან მოთავსებული, ვითარცა მხედარი. და მერე რომ დავიღლები, რა უნდა ვქნა? - არა რა, ისევ საკუთარი თავი თუ გიმტრობს, აბა, ახლა რატომ გამახსენდა ჩემი ერთი წლის წინანდელი სექსის ამბავი? მაშინაც რამდენიმე წუთი შეუჩერებლივ ვიხტუნავე პარტნიორის მუცელზე, მერე კი ისე დავიღალე ... გული ამომივარდა, ყველა კუნთი ერთიანად ამტკივდა.
ხომ არ ვეტყოდი, რომ სუნთქვა არ მყოფნიდა და მალე ხველებასაც დავიწყებდი, ამხელა ფიზიკური დატვირთვის გამო. იდეაში შეუსვენებლივ ორასმეტრიან გარბენას ჰგავდა ჩემი ენერგიული მოძრაობა. ჰოდა, სასწრაფოდ ორგაზმის სიმულირება დავიწყე და ბოლოს ვითომ ღონემიხდილი გულაღმა მის გვერდით გადავწექი.

- რა მალე ათავებ, - მითხრა კმაყოფილმა და ცოტა შემცბარმა. - მე კიდევ, რადგან ძალიან კმაყოფილი ვიყავი ჩემი სიმულირებული ორგაზმით, ხელით ვანიშნე, ცოტა ხანს გაჩუმებულიყო, მერე კი შემპარავი ხმით გადავუდუდუნე: - შენ ისეთი კარგი ხარ... რატომაც არა.

როგორც იქნა, ავაღწიე მეათე სართულზე. ცოტა სული მოვითქვი თუ არა, სიგარეტს გავუკიდე. მალე ჩავწვი ღერი. ხანდახან როგორი ცოტაა - ჩავილაპარაკე და აბაზანაში შევედი. ამასობაში ათი საათი გამხდარიყო, მე კიდევ ვერაფერზე ვფიქრობდი. განსაკუთრებით, ხვალინდელ შეხვედრაზე.

ორშაბათი
უთენია წამოვხტი ფეხზე. ბანაობას არ ვჩქარობდი, თითებზე გადავთვალე, რამდენი საათი იყო დარჩენილი ნანატრ შეხვედრამდე. ზუსტად 12 საათი. აი, რა ვაკეთო ეს დრო, ვერ ვხვდები. სამსახური არ მაქვს. მეგობრები მუშაობენ. იმ ახალ წლებზე მომატებულ სამ კილოგრამს ასე სწრაფად ვერ დავიკლებ და მთავარი! - რა ჩავიცვა! ისეთი, რომ არც ძალიან მეტყობოდეს, განსაკუთრებულად თუ მოვემზადე და არც მარკეტში გადასულს ვგავდე. ,,პიჟამო" - გამახსენდა, გუშინ რომ დავაბრეხვე და ისე, ისე, მომეწონა ეს აზრი, არ დავაყოვნე, დავლიე ყავა, მაშინვე ჩავიცვი და ნუცუბიძის პლატოდან ქალაქში დავეშვი. დავუყევი წინასწარ ინტერნეტში მოძიებულ თეთრეულის მაღაზიებს, მაგრამ ისეთი ფასები ჰქონდა პიჟამოებს, იმ ფასში კარგი კაბა და ნორმალური ჯინსის შარვალი მომივიდოდა.

ხელი ჩავიქნიე და მეტროში ჩავედი. ერთ საათში ლილოში ვიყავი. კითხვა-კითხვით მივაგენი თეთრეულის ტერიტორიას და მშვენიერი ატლასის პიჟამო ვიყიდე, რომელზეც ნაყინები და მანქანები ეხატა. სულ რაღაც სამოცდაათ ლარად. ბედნიერი გამოვიქეცი სახლში. ხუთ საათზე სავარძელზე მიფენილ მუქ ვარდისფერ პიჟამოს ვათვალიერებდი, ნაყინებიანი და მანქანებიანი პრინტით, რომელიც შუქზე ლაპლაპებდა. თან ჩემს თავს ვეკითხებოდი, - სესილია, დავიჯერო ეს მართლა უნდა ჩაიცვა? აი, ჯინსი, გინდა ის გახეხილი, გინდა მეორე, პარიზში რომ ვიყიდე, ან გრძელი ნაქსოვი კაბა... რა უჭირს, ორივე ,, ქეჟუალ" სტილია, თან ამ თვალიერებაში აღმოვაჩინე, რომ სადღაც გვერდით, ამ პიჟამოს პრინტს ნაკლი ჰქონია, ნაყინი ნახევრად ეხატა და მანქანაც ნახევარი - გასაფერადებელი იყო, მეორე ნახევარი - წითელი.

ფეხები სპეციალურად არ გავიპარსე, თუ ზედმეტად რომანტიკული იქნებოდა პაემანი და ყველაფერი წავიდოდა სექსისკენ, გასაპარსი ფეხები შემაჩერებდა. უმალ გონს მომიყვანდა და უარს მათქმევინებდა, ამით კი თუნდაც კიდევ ერთი შეხვედრით გავიხანგრძლივებდი მასთან ყოფნას, თუ მას მხოლოდ სექსუალური ინტერესი ჰქონდა ჩემ მიმართ. რა თქმა უნდა, სადღაც არსებობს გოგოობის დაუწერელი ზეპირსიტყვიერი კანონები, სადაც დიდი ასოებით წერია: ,,არა მისცე მას პირველ შეხვედრაზე", მაგრამ ვის ახსოვს ეგ? მაშინ, როცა გვერდს სიმპათიური მამაკაცი გიმშვენებს, რომელთან შეხვედრაზე ვერც კი იოცნებებდი.

ჩემი ფეხბურთელი, რომელიც ჯერ არცაა ჩემი, ქალაქში საკმაოდ ცნობილია. მოდი, უბრალოდ დავნომრავ და ისე მოვიხსენიებ. თუ არაფერი გამოგვივიდა და ეს დღიურიც დავკარგე, ვინც ნახავს, ვერ მიხვდება, ვისზე ვწერ. იმ ძველი დღიურივით არ დამემართება, ოცდაორი წლისას მიშო რომ შემიყვარდა და ჩემდა ჭირად, მისი მისამართი და ტელეფონიც დღიურში დავწერე, მერე კი სადღაც დამრჩა და ვინც იპოვა, ჯერ ხომ თავად წაიკითხა, ეგ არ მაკმარა, ადგა და იმ მისამართზე მიიტანა.

ამ ამბის მერე თითქმის რვა წელი გავიდა, მაგრამ გახსენებაზე კვლავ ისე ცუდად ვხდები, როგორც მაშინ, მიშომ რომ დამირეკა და დღიური გადმომცა, რომელშიც მას ყველა ბრუნვაში ვატრიალებდი ოცნებაში. იფიცა, რომ არ წაუკითხავს, მაგრამ როგორ დამეჯერებინა? კითხვა ხომ მაინც გაუჩნდებოდა, თუ რატომ მიუტანეს მას ჩემი დღიური. ისე კი, ამ ამბიდან ერთი კარგი საქმე გამოვიდა. გოგო, რომელმაც ჩემი დღიური იპოვა, რომელსაც მაშინ ვაწარმოებდი, როცა მიშოზე ვიყავი უიმედოდ შეთხლეშილი, მერე მიშოს გაჰყვა ცოლად და მიუხედვად იმისა, რომ ნაწერებში ფანტაზიას გასაქანი მივეცი (რეალურად კი არაფერი მომხდარა, "ფრენდზონას" არ გასცდენია ჩვენი ურთიერთობა), დღემდე ამრეზით მიყურებს, თუ სადმე შემთხვევით გადავეყარე ცოლ-შვილით დახუნძლულ მიშოს (არადა, ჩემი მადლიერი არ უნდა იყოს ის გოგო?). მე რომ ამდენი არ მეწერა მიშოზე, ხომ არ დაინტერესდებოდა? ეჰ...

საათს დავხედე. შვიდი ხდებოდა. მე კიდევ ყველაფერი მოვისინჯე, რაც მქონდა გარდერობში. ზოგი ძალიან უბრალო იყო, ზოგი ძალიან გამომწვევი და პირდაპირ ყვიროდა: ,,ამ ვახშმის მერე შენთან ან ჩემთან ავიდეთ", - ეს უფრო იმ კაბას ეხებოდა, რაღაც ჩინური საიტიდან რომ გამოვიწერე, ღრმა დეკოლტეთი. არსად მცმია, მაგრამ ვერც ვაგდებდი. გადახდილი ოცი ლარი მენანებოდა თუ ეს ვულგარული კაბა, ჯერ კიდევ ვერ ვხვდები.
საათს წარამარა ვუყურებდი. რვის ნახევარი გახდა. ტელეფონი ვიბრო ზარიდან ხმამაღალ რეჟიმზე გადავრთე. ოთახში გროვად დაყრილი ტანსაცმელი ასევე დავტოვე. ვინიცობაა, გასაპარსმა ფეხებმა ვერ შემაჩერა, ხომ შეიძლება სახლში შემოვიპატიჟო და სანამ ის დამელოდება, სწრაფი წესით გავიპარსო? არა, ჩემი ნდობა არ შეიძლებოდა ასეთ დროს, ამიტომ მეორე წინაღობა დავტოვე (ჯერარშემდგარი პაემნის მერე სავარაუდო სექსის არმოხდენისა).

რვას აკლდა 15 წუთი, ტელეფონმა რომ დარეკა. ამჯერად დაეწერა სახელი - ,,ექვსი". - ასე დავარქვი. გადავწყვიტე, იმ ნომრით მოვიხსენიო, რა ნომრითაც ნაკრებში თამაშობს. ამის გახსენებაზე ისიც გამახსენდა, რომ აზრზე არ ვიყავი ფეხბურთის. ვუპასუხე. შემატყობინა, რომ მალე ჩემს სახლთან იქნებოდა და მზად ვყოფილიყავი. თავი დავუქნიე და გავუთიშე. მერე გავაცნობიერე, რომ თავი კი დავაქნიე, მაგრამ ვერ დამინახავდა და კიდევ, რაღაცას მეუბნებოდა, რომ გავთიშე.
დაზაფრულმა მოვავლე ტანსაცმელების გროვას თვალი. არც მაკიაჟი მქონდა გაკეთებული, არც თმა მქონდა დავარცხნილი. - ვაიმე, ვერ ვასწრებ!!! დავპანიკდი და აქ გამახსენდა, რომ არც წყალი მქონდა გადავლებული.
- მერე მოვასწრებ, მერე მოვასწრებ და... - ეგეც შენი მოვასწრებ!! გავვარდი აბაზანაში. რვა წუთში მზად ვიყავი. თმის ფენით გაშრობასაც ოთხი წუთი მოვუნდი. საათის ისრები დაუნდობლად მიიწევდა წინ. ზუსტად ხუთი წუთი მრჩებოდა, მე კიდევ ოთახში ვიდექი, უბრალოდ მშრალი თმით და ისიც არ ვიცოდი, რა ჩამეცვა. - გავარდეს ჯანი! წამოვიძახე და ვეცი დილით ლილოში ნაყიდ პიჟამას. - რომ არ მომერგოს და მომიხდეს, დავიღუპე! - გავიფიქრე.

სარკეში ანარეკლს თვალი შევავლე. არაა ცუდი. ის მომატებული სამი კილოც არ მეტყობა. ის კი არა და, ეს პიჟამო მომატებულ ათ კილოზეც რომ ჩამეცვა, არც მაშინ შეეტყობოდა. რაცაა, ესაა... ვერ ვაიძულე ჩემი თავი, ჯინსებისკენ გამეხედა, ახლა კი ჯერი ფეხსაცმელზე მიდგა. თვალი ჩემი დაბადების დღისთვის სპეციალურად ნაყიდი და ერთხელ ჩაცმული წვრილქუსლიანი ფეხსაცმლისკენ გამექცა. - არა!! - დავიძახე სწრაფად და "ბალენსიაგას" ბოტასები ამოვიცვი, მერე ქერა წამწამებზე ტუში წავისვი, თმა "ცხენის კუდად" შევიკარი. სიჩქარეში დეზოდორანტის წასმა კი დამავაწყდა. მერე, გრძელი პალტო მოვიცვი და ტელეფონს, რომელიც რეკავდა, არც დავხედე, ისე ჩავძახე - "მოვდივარ ახლავე" და გავთიშე.

სწრაფად ჩავირბინე ათი სართული. მხოლოდ პირველ სართულზე გამახსენდა, რომ დეზოდორანტის წასმა დამავიწყდა. ეგ კი არა და, სუნამოს დასხმაც კი გადამავიწყდა. ჩანთაში უიმედოდ ვეძებე, ეგებ რამე ტესტერი მეპოვა, მაგრამ ამაოდ, არაფერი ამდაგვარი. ტესტერი იმ დღეს, საქმე რომ არაფერი მქონდა, გავხსენი და ხელისგულებზე წავისვი, მერე დავიბანე. არადა, როგორ მჭირდებოდა ახლა ერთი წვეთი სუნამო. ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ აწი არასდროს, არავითარ შემთხვევაში არ გავფლანგავდი უაზროდ ტესტერებს და შევინახავდი ასეთი გამოუვალი სიტუაციებისთვის.

ქვემოთ არავინ მელოდა. ადგილზე გავშრი. აბა, რას მირეკავდა, თუ ჯერ არ იყო მოსული? - გავიფიქრე გულმოსულმა. ბოლო შემოსულ ზარს დავხედე, - ის იყო. დავიწყე ლოდინი, წინ და უკან დავდიოდი. ამასობაში ათი წუთი გავიდა, ის კიდევ არ ჩანდა. ხომ არ დავურეკო და ვკითხო, სადაა? გონებაში ვადგენ, ამ ათ წუთში რომ დამეგვიანა ჩამოსვლა და ასე არ გამოვვარდნილიყავი, პუნქტუალურად, რამდენ რამეს მოვასწრებდი!! იქნებ სხვა რამეც ჩამეცვა. თმები დამევარცხნა, ბოლოს და ბოლოს, დეზოდორანტს წავისვამდი და სუნამოსაც ვიპკურებდი. ახლა კი გულგასიებული ველოდები. გაბრაზება შიშმა შეცვალა, ეგებ გადაიფიქრა, ეგებ გამამასხარავა, გამეკაიფა ვინმე, მოუყვა, რომ ამ ქალაქში ცხოვრებს გოგო, სახელად - სესილი, რომელსაც ჯერ კიდევ სჯერა, რომ არსებობენ ოცნების მამაკაცები და ეძებს ჭეშმარიტ სიყვარულს, ოცდარვა წლის ასაკშიც. არა, ასეთი ბოროტიც არავინ მეგულება ირგვლივ. იქნებ " 6" ნომრის შეყვარებულია ჩემი ნაცნობი? რომელსაც ერთხელ რამეზე ვაწყენინე და ახლა ასე მიხდის სამაგიეროს, დამანახა და არ მომცა? და ახლა ორივენი ერთად სხედან სადმე და დამცინიან. სახლში ასვლასაც აზრი არა აქვს, შუა გზაში რომ დამირეკოს, მოვედიო? ავიდე, დავჯდე, ვალოდინო და მერე ჩამოვიდე? ლიფტი რომ მუშაობდეს, კიდევ რა უჭირს და ფეხით? ჯერ ადი, მერე ჩამოდი. ახლომახლო არც მარკეტია, რომ იქ გადავირბინო და დეზოდორანტი ვიყიდო. უცებ ჩემი საზეიმო განწყობა სადღაც გაქრა და ყელში სევდის ბურთი მომაწვა. ტირილიც კი მომინდა.

ცხრის ნახევარი იყო, ის კი არ ჩანდა. ალბათ, გადაიფიქრა. ბოლოს ხომ ვერ გავიგე, რატომ დამირეკა, რა მითხრა, პირდაპირ ჩავძახე ყურმილში - "გამოვდივარ-თქო" და გავუთიშე. ალბათ, მეუბნებოდა, რომ აღარ მოდის. უკვე დავიჯერე და ვირწმუნე ეს ვერსია. მეც ვერ მივხვდი, როგორ ამიცრემლიანდა თვალები გულდაფუფქულს. საკუთარ თავში დავპატარავდი.

ავტორი სესილია



№1 სტუმარი სტუმარი თათა

რაღაც კი კაი იყო მომეწონა, მაგრამ ვერ გავიგე რატო არ მივიდა

 


№2 სტუმარი ბუთხუზა????

მომეწონა საინტერესო იყო ❤იმედია გავრძელებ❤❤

 


№3 სტუმარი Tilda

ავტორი რომ თეა ინასარიძეა რატომ არ გაქვს მითითებული?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent