,,ბედნიერი" ვალენტინი (1)მანქანის ნახევრად ჩამოწეულ მინის შუშაზე, რომელზეც სიცივის ნალექი იორთქლებოდა, ირიბად იყო მოხაზული გულის ფორმა-სიყვარულისა და ერთგულების სიმბოლოდ. ტყავის სავარძლები და წინა სარკესთან ჩამოკიდებული საცხებელი რომელიც ავრცელებდა ანანასის სუნს მთელ ამ სივრცეში, ორი ჩრდილი, ერთი ფართო მხარ-ბეჭიანი და მეორე სუსტი, ნაზი სხეული, სკამების სავარძლების სახელურებს იყო ჩაფრენილი და სივრცის განთიადს ადევნებდა თვალს. არავინ იღიმოდა და არავინ არ იყო ბედნიერი, ეს იყო შეუფერებელი მასები, სხეულები და მოხაზულობა რომლებიც უკუპროპორციულები არიან ყოველგვარი რომანტიულობის და ამით გამოწვეული ეიფორიის. თითებში ტაბლეტებს ათამაშებდა, ქერათმიანი, ტყავის ქვედაბოლოში გამოწყობილი ქალი და ღრმად სუნთქავდა. - დიდხანს იფიქრებ?- მამაკაცურმა, უხეშმა ხმამ ეს იდილია უხმოდ შთანთქა. ქალს გაეცინა, თითები ტუჩებთან მოისვა და მარილიანი ცრემლი მოიშორა. - არა,ცოტაც... ახსენდებოდა ყველაფერი, სიმწრის სიცილი აღბეჭდვოდა მის ჰაბიტუსს. - შეიძლება რაღაც მოგიყვე?-ჰკითხა ღიმილით. ამრეზილმა გამოხედვამ ვერ დაუკარგა საუბრის სურვილი. - ზუსტად ამ დღეს, სადღაც ოცი წლის წინათ, დეიდაჩემიც ასე იჯდა ჩემსავით- მე კი უკანა სავარძელზე მეძინა. ის კაცი, რომელიც ახლა ბიძაჩემია, ზუსტად შენსავით იჯდა საჭეს ჩაფრენილი, ჩაფიქრებული, დასველებული შუბლით და შიშნარევი თვალებით. მე მეძინა, ის ბორგავდა და დეიდაჩემი ტიროდა უხმოდ. სწორედ ამ უხმო ცრემლებმა გამომაფხიზლეს და ალბათ ამათვე მაიძულეს თავი მძინარედ მომეჩვენებინა,თითქოს ასეც იყო საჭირო. დეიდას მუცელზე ხელი ჰქონდა წაჭერილი და ტიროდა, უკვე ხმაურიანად მოთქვამდა და ბიძაჩემის გაფრთხილებას რომ გაჩუმებულიყო (მე რომ არ გავეღვიძებინე) ყურადღებას არ აქცევდა. თითები თეძოებზე ედო და დაუფარავად ყლაპავდა ცრემლებს. თვალები მივლულე ისე რომ მისი სახის აღქმა შემძლებოდა. ,,-გეტკინა?“- ჰკითხა ,,- არც ისე“ ,,-მაშინ რატომ ტირი?“- ოფლიანი შუბლი ხელსახოცით მოიწმინდა და დეიდაჩემის ხელები მიიტანა ტუჩებთან. ,, -ასე იყო საჭირო“- უთხრა და აკოცა. ისევ რაღაც უთხრა და ისევ აკოცა. დეიდა კი ისევ მოთქვამდა,ვერ მშვიდდებოდა. ,,- ჩვენ ამასაც გავუძლებდით“- ბიძაჩემის ხელი სახისკენ წაიღო და ლოყაზე ჩამოაცურა. ,,- თვითონ ის ვერ გაუძლებდა ირინა,თორემ ჩვენ მაგასაც გადავიტანდით.“. ,, ასეთი მარტივი რატომ არის. მე ვგრძნობდი მის სუნთქვას, მის ავადმყოფ სხეულსაც და მის დაუბადებელ ღიმილსაც“. ,, მორჩი, ნუღარ ტირიხარ. რაც იყო,იყო. ხუთი შვილი გვეყოლება, ხუთივე ჯანმრთელი“. ,,რა თქმა უნდა“- დეიდას გაეღიმა,, შეიძლება უფრო მეტიც გვყავდეს, მაგრამ მისი არსებობა მაინც მთელი ცხოვრება მემახსოვრება. უფროსწორედ მისი ,,არარსებულობა“- ,,-ირინა..“ და მივხვდი რომ ბიძაჩემსაც ჩამოუგორდა ცრემლები, ვერ ვხედავდი, მაგრამ მივხვდი. მას მერე იმ ბავშვზე,რომელიც დაუბადებლად გარდაიცვალა, არავის არაფერი უთქვამს,. ვიცოდი რომ პრობლემური ნაყოფი იყო და ყველა შესაძლო საფრთხის თავიდან ასაცილებლად გადადგეს ეს ნაბიჯი,ვიცი რომ შეიძლებოდა ყველაფერი ფატალურად დასრულებულიყო და ისიც ვიცი როგორ უელავდათ ტკივილი,წვა,სიჩუმე... ახლა სამი დეიდაშვილი მყავს და კიდევ ორს გეგმავენ, შეთანხმების მიხედვით მაგრამ ყოველი მშობიარობის ბოლოს, როდესაც მის სანახავად მივდიოდით მთელი ოჯახი, ყვავილებით, ტკბილეულითა და ალკოჰოლით დატვირთულები... როდესაც შევაღებდით ორსულის ოთახის კარს სადაც თეთრი ფარდები და ახალშობილების სუნი იღვრებოდა-ვხედავდით მას... გაუცინარს, ცრემლნარევს, საბანში ჩარგულს. ვერავინ ხვდებოდა, მხოლოდ მე ვიცოდი. ველოდებოდი ყველას გასვლას და მერე ჩუმად ვიღებდი მის საყვარელ იოგურტს, მისკენ მივდიოდი, ლოგინში ჩავუცურებდი და შუბლზე ვკოცნიდი. მინდოდა ეგრძნო რომ მარტო არ იყო, რომ მე ყველაფერი ვიცი... რომ ვპატიობ რადგან დავინახე მისი სახე, მისი აკანკალებული სხეული,ვპატიობ მისი შვილის სახელით,რომელიც ვერ დაიბადა და ვპატიობ კაცობრიობის სახელით,რომელიც სხვა გამოსავალს, რიგ შემთხვევებში-ვერ პოულობს... ჩემს დასანახად ერთ კოვზს მიირთმევდა, მერე უკან მატანდა და მადლობას მიხდიდა. როგორც წესი, ერთი კვირა-ბავშვს ვერ იკარებდა,მისი დანახვაც არ უნდოდა. ყველა განიცდიდა ამ ამბავს და ორსულობის შემდეგ-დეპრესიულ პერიოდს უკავშირებდა. მერე კი ყველაფერი მწყობრში დგებოდა, თავის შვილს იხუტებდა და მის სუნს იყნოსავდა. სულ მაინტერესებდა რატომ მაინცდამაინც ერთი კვირა და არა-სამი დღე, ერთი თვე... რატომ ეს შვიდდღიანი ინტერვალი. მარიამის დაბადების შემდეგ(მესამე შვილის), გავბედე, მივედი ბიძაჩემთან და მთელი სიცხადით მოვუყევი ჩემი სიფხიზლის შესახებ იმ საღამოს. მისი გაბრაზება რომ არ შემემჩნია პირდაპირ ინტერესის თემას დავუბრუნდი. ,, რატომ ერთი კვირა?“-ვკითხე. ,, ერთი კვირის თავზე გაიკეთა აბორტი... მანამდე ყველაფერი კარგად ჰქონდა. რატომღაც აეკვიატა რომ ეს პერიოდი სჭირდება“; ,,რისთვის?“ ,,არსებულის, უფროსწორედ ,,არარსებულის“ დასავიწყებლად“- ხელი თმაზე მომითათუნა და მთხოვა ჩუმად ვყოფილიყავი. - და მე რატომ მიყვები მაგ ყველაფერს?- ქალი გამოფხიზლდა და პარტნიორს შეხედა. - არ ვიცი, სიმბოლურად დაემთხვა რომ მეც და ისიც,სიყვარულის დღეს ვიშორებთ ნაყოფს. მეტი არაფერი... ნოსტალგიის ამბავია. უბრალოდ იცი რაზე ვფიქრობ? კაცმა თავი ჩაქინდრა, ვეღარ ფარავდა გაღიზიანებას. - ამ რუტინულობაში სადაც ვართ, რაღაც-თუ ვიღაც... ხელთ რომ ჩაგივარდება და მზა პროდუქტივით მოგეშენება სხეულზე, ბედისწერა არ არის? რა საოცარი რამეა და რამდენ რამეზე გაფიქრებს... - რავიცი, მე ვერაფერზე ვერ ვფიქრობ. - აი ჩვენ მართლა მაგის გარეშე ვართ... სრულიად ჯამრთელ ნაყოფს ვიცილებ, მიზეზგარეშე-პრინციპში, მიზეზი მაქვს, უსიყვარულოდ მოვლენილი ბედნიერი ვერ იქნება. უბრალოდ დიდად ვერ განვიცდით... როცა სამყარო ლპება, ადამიანები ცდილობენ საკუთარი ისტორია დატოვონ მათი სახით.. მე კი მარტივად, დავლევ ორ აბს და მისი ჯამრთელი სხეული ჩამომცილდება. და არ ვიტირებ... როგორ შემიძლია არ ვიტირო?! ისევ მოიშორა რამდენიმე ცრემლი და კაცს მიაშტერდა,რომელიც სრულიად უემოციოდ მიშტერებოდა,რადიოს ღილაკს სადაც გაურკვეველი ციფრები ერთმანეთში ირეოდნენ. გაისმა ჯაზი, გაღიზიანებულმა ხელი მიარტყა ღილაკს და ქალს შეხედა. - მე შენ მიყვარხარ- უთხრა მშვიდად- საჭიროა მაგის გაკეთება,რადგან ვამბობ ესეიგი საჭიროა. აუცილებელია. - კონკრეტული პასუხი არ გაქვს. კონკრეტული მიმართულება რატომაა საჭირო შვილი არ გვყავდეს. სიყვარული ასე უფრო თავისუფლდება?... - ეს გაუთვალისწინებელი იყო. - ბევრი გაუთვალისწინებელი რამეა აქ, მაგრამ ისინი ფართოვდებიან და მიმართულებას პოულობენ. - ეჭვი გეპარება რომ... - შეხედა ქალს და მისგან წამოსროლილმა ცივმა მზერამ სხეული მოსუსხა- რომ მიყვარხარ? - დარწმუნებული ვარ მასეა. მაგიტომ არ მიჭირავს ეს აბები? ამ აზრის განსამტკიცებლად. შენი სიყვარულის დასტურად. რას გააკეთებ თუ ამაზე უარს ვიტყვი? ტაბლეტებს დახედა და ისევ შეხედა. კაცი აიმღვრა. - მე ვერაფერს გაიძულებ... უბრალოდ მზად არ ვართ. არც შენ არ ხარ მზად... - რა არის საჭირო მზადყოფნისთვის?- ძლივს მოლოკა მიმხმარი ტუჩები,რომ საუბარი გაეგრძელებინა-მითხარი რა არის საჭირო და გავაკეთებ. - თუ ბავშვს დაიტოვებ, ერთად ვერ ვიქნებით- თქვა მოჭრით. - რატომ?- - იმიტომ რომ ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. - პასუხისმგებლობა რომლის ჩემთან ერთად გაზიარებაზეც უარს ამბობ. ასე უფრო მარტივია, გაცილებით მარტივი. - მარიამ- - არა მე დავლევ. რადგან მიჭირავს დავლევ... აქამდე მოვედით, უკან წასვლის დრო აღარ არის. უბრალოდ ერთი ფაქტი იქნება- ფაქტი,რომელსაც ვერც მე და ვერც შენ, ვერ შევცვლით... მე აღარ მინდა შენთან ყოფნა. მე არ მჭირდება შენი სიყვარული. ასეთი ფორმა მიიღო ამ ყველაფერმა, ოვალური და მდგრადი გახდა. მე მას მოვიშორებ, მაგრამ ვიცი... არასოდეს დამავიწყდება. ვაღიარებ რომ სუსტი ვარ, ვაღიარებ რომ ვერ შევძლებ ყველაფერს მოვედო, ყველაფერი გადავიტანო და მაინც საღი დავრჩე. რაღაც მსხვერპლს ყველა გავიღებთ... შენც გაგახსენდება... ისე როგორც დეიდაჩემს ახსოვს. წლები გადის და ყველა ნაბიჯი უკან მოაქვს. ბუმერანგივით გვიბრუნებს უკან და ჩვენ რეაქციებს ელის. ჩვენ ვტირით, სახეს ვიხოკავთ, საწოლის კიდეს ვეჭიდებით, სხეულს ვტკენთ, მაგრამ გაკვალულის შეცვლისთვის არასოდეს გვიბრძოლია, ჩვენ ვიღიმით, ვისრუტავთ ყოველ დილის ნამს და მაინც არ ვიცით რატომ გვაქვს ამის უფლება, საიდან ჩნდება ამ ყველაფრის დედააზრი, ვიმსახურებთ კი სიცოცხლეს? აბები გადაყლაპა და საზურგეს მიეყრდნო. ირგვლივ მხოლოდ დუმილი იდგა, რომელსაც მკრთალად არღვევდა სამშობიაროდან გამოსული ჩვილის ხმები, სუნი რომელსაც ვერასოდეს შთანთქავდა და კანი,რომელსაც ვერასოდეს შეეხებოდნენ მისი თითები. << |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.