პაემანის დღიურები. ეპიზოდი 5. გასვენება შუაღამეს და საპატრულო პოლიცია
ხელოსანმა ათი წუთი უჩხიკინა ტელეფონს, ბოლოს გამოვიდა და დამწუხრებული სახით მამცნო, რომ არაფერი ეშველებოდა, რადგან იგი გარდაიცვალა. გული ჩამეთუთქა. ჩემი ტელეფონი, ჩემი საუკეთესო მეგობარი, რომელიც რამდენი წელია მომყვება ემოციებისა და ცხოვრების გზაზე, რომელიც ხელგაუშვებლად ათენ-აღამებს ჩემთან. პირველი და ბოლო, ვისაც ვხედავ ძილის წინ და გაღვიძებისას, გამოვიტირე გუნებაში და გადავწყვიტე, ახალი მეყიდა. უკვე დრო იყო, თან ახალ ტელეფონზე მეტად უფრო ის მადარდებდა, რომ აზრზე არ ვიყავი, რა ხდებოდა მესენჯერსა და შემომავალ ზარებში. ხან წარმოვიდგენდი, რომ ექვსი ნომრის უამრავი „მისთქოლი“ დამხვდებოდა, ხან კიდევ გული მეყინებოდა, რომ არაფერი არ იქნებოდა. ბევრი ფული ნამდვილად არ მქონდა, ამიტომ ყველაზე იაფფასიანი სმარტფონი ვიყიდე, მერე კი იქვე, უახლოეს კაფეში შევედი და ბარათი ჩავტენე. გულის ფანცქალით დაველოდე, რა იქნებოდა. რა თქმა უნდა, ახალი ტელეფონი დუმდა, არც შემოსული ზარები, არც ახალი მესიჯები. ვერ მოვითმინე, გადავწყვიტე, ექვსი ნომრისთვის თავად დამერეკა. იქნებ რეკავდა და გამოტოვებული ზარები იმ განსვენებულ ტელეფონშია? ახალში კიდევ არ მიჩანს, მაგრამ ჰოი საოცრებავ, როგორც ჩანს, ტელეფონის მეხსიერებაში იყო მისი ნომერი და შესაბამისად, ბარათს არ გადმოჰყოლია. ასე რომ, ახლა რაც დამრჩა, ესაა მისი ზარის ლოდინი. სადღაც თორმეტი საათი იყო. კაფეში ჩემი „ფეისბუქფრენდი“ ელისი დავლანდე. დიდად არ მეხატება გულზე, ნარცისი მგონია და ასეც არის. ვერ მიცნო. მგონი, თავისი ცხვირის იქით არავის ხედავს, თან ახლა რაღაც წიგნიც დაუწერია. კი მაინტერესებს, რა დაწერა ასეთი, მაგრამ აი, მომკალი და ვერ წარმომიდგენია, ამან რა უნდა დაწეროს საინტერესო? უაზრო თვალებით შემომხედა და მერე კვლავ თავის მოსაუბრესთან გააგრძელა რაღაც თემაზე ლაპარაკი. იქვე ჩამოვჯექი და ყური მივუგდე. ვერაფერი გავიგე. ვინმე ბაირონს ახსენებდა, რომელსაც მისმა მეგობარმა სცემა ლონდონში. ის მეორე მოსაუბრე კი პირღია უსმენდა და მერე დაამატა, რომ გოეთეს ვალიც ჰქონდა. მგონი, გიჟები არიან. გადავწყვიტე, არასდროს აღარ დამელაიქებინა მისი პოსტები. ტელეფონი უცნაურად დუმდა, არც ნელიკო რეკავდა, არც მამაჩემი. ყავა დავლიე და გამოვედი. ოთხ საათამდე ქალაქში ვიხეტიალე. ხან ავუწიე ტელეფონის ხმას, ხან დავუწიე. მინდოდა მესროლა, დამემსხვრია. რაღაცნაირად უსუსურობის განცდა მკლავდა, რომ ექვსი ნომერი არ რეკავდა და ვერც მე დავურეკავდი. ჩემს თავზე მეშლებოდა ნერვები, რატომ, არ ვიცი. ზეპირად ნომერი სპეციალურად არ დავიმახსოვრე. ცუდად ვხდებოდი იმის გააზრებაზე, რომ წუხანდელი შეხვედრა შეიძლებოდა ბოლო ყოფილიყო და ამიერიდან, ვერასდროს ვნახავდი. სახლისკენ ამოვუხვიე და მარკეტში პროდუქტი ვიყიდე. თბილ მოგონებასავით გავხედე ანაკომის სუპებს, მაგრამ არ ვიყიდე. ამიერიდან ექვს ნომერს გამახსენებდა და სანამ სენსიტიური ვიყავი მისი პერსონის მიმართ, გადავწყვიტე, რომ არც მეყიდა და არც მეჭამა. საათს დავხედე. უფრო სწორად, ტელეფონს. გამიკვირდა, მამაჩემიც კი არ რეკავდა, აქამდე ასჯერ უნდა დაერეკა და მოვეკითხე, მე კიდევ სურვილი არ მქონდა, საერთოდ ვინმესთვის გამეცა ხმა. მოლარესთან რომ მივედი ფულის გადასახდელად, აღმოვაჩინე, რომ საფულე აღარ მქონდა და იქვე გავიყინე. ჯერ ჩანთა ამოვატრიალე. საერთოდ არ შემრცხვა, როცა ამოპირქვავებული ჩანთიდან გადმოიყარა, ჩამოვთვლი: პინცეტი, ,,ბრიტვა", სტაფილო და სოდა პაკეტში, რადგან ყელი მტკივდება ხშირად და როგორც კი ამტკივდება, სადაც არ უნდა ვიყო, სოდიან წყალს ვიკეთებ. ლურსმანი, სამი ფლეშკა, მოკბეჩილი შოკოლადი „ბაუნტი“, უკვე ჩაზელილი საკაიფოდ და სამი წლის წინ ნაყიდი პრეზერვატივები, რომლებიც არასდროს დამჭირვებია. აი, ამ პრეზერვატივზე, გვერდით მდგარმა ქალმა, რომელიც პატარა ბავშვთან ერთად იდგა ჩემ გვერდით, ისეთი ამოიგმინა, თავი სერსეი ლანისტერი მეგონა სირცხვილის კორიდორში. ამ ქალის ამოკივლებაზე ბავშვმაც ინტერესით შემომხედა და პრეზერვატივებისკენ გაიქაჩა, „ბებოო, კევა მიყიდეე, ბებოო“, - ხელი დაადო ჩემს პრეზერვატივს. სასწრაფოდ ჩავყარე ყველაფერი უკან, მოლარეს მოვუბოდიშე, არჩეული პროდუქტი იქვე დავტოვე, სიტუაცია ავუხსენი და გარეთ გამოვვარდი. საფულე კი გამახსენდა, სადაც დამრჩა, დილანდელ კაფეში და რადგან მხოლოდ ხუთი ლარი მედო, დანარჩენი კი ბარათზე, დიდი ალბათობით, არავინ დახარბდებოდა. გადავედი გზის მეორე მხარეს და მარშუტკას დაველოდე. სადღაც ექვსი ხდებოდა, კაფეში რომ შევედი. ელისი ისევ იქ იჯდა, ისევ იმ ტიპთან. ასეთი აუდგომელი საქაქანო რა სჭირდათ, არ ვიცი, თორმეტი საათიდან რომ იქ ისხდნენ. მხრები ავიჩეჩე და ოფიციანტთან მივედი. ჩემი საფულე დამიბრუნეს. ძალიან გამიხარდა. თავს არარაობად ვგრძნობდი მის გარეშე. ყველაფერი იქ მქონდა, სხვათა შორის, გასაღებიც და ფეხით რომ ავიდოდი მე -12 სართულზე, არ ვიცი, ალბათ 112-ს გამოვიძახებდი და კარებს შევანგრევინებდი ან მეზობლის აივნიდან გადავძვრებოდი. უკან ჩამსვლელი რომ არ ვიყავი, ვიცი. უცებ მარტო მჯდომი ლუკა დავინახე, ჩემი კურსელია. თვალი ავარიდე, მაგრამ რად გინდა, მიცნო და ხელი დამიქნია. გავუღიმე ფეისბუქის სმაილივით, აი, სწერვა სმაილი რომაა, ისე. ხოდა, ადგა, მოვიდა და ჩაიზე დამპატიჟა. მის მაგიდასთან ჩამოვჯექი. გავიხსენეთ უნივერსიტეტი და კურსელები. მოკლედ, საშინელი საღამო იყო. მე სახლში მინდოდა, რომ მეტირა, ის კიდევ არ ჩერდებოდა. - კარგი, ჰოო!!! - მინდოდა მეთქვა, წამოვმდგარიყავი და გავქცეულიყავი, მაგრამ რას მიშავებდა ლუკა? ამასობაში ელისი და ის ტიპი წავიდნენ. რაღა დაგიმალოთ და, გამიკვირდა, მეგონა, ღამემდე იქნებოდნენ. რა თქმა უნდა, ვერც ახლა მიცნო და საერთოდ, გადავწყვიტე, რომ მეგობრებიდან წამეშალა. ათი ხდებოდა, სახლთან რომ მივედი, ჩაით გაჭყეპილი და მშიერი. მარკეტი დაკეტილი იყო. სახლში კი არაფერი მებადა, კვერცხის გარდა. ჯანდაბა! კვერცხიც ექვს ნომერს გამახსენებდა ამიერიდან. ძლივს ამოვედი კიბეებზე ჩვეული ხველებით და არითმიით. კართან გაშეშებული შევდექი. ჩემი სახლის კარების წინ, ფეხის დასაფენზე თვით ექვსი ნომერი იჯდა. სიხარულით კინაღამ ჩავიკეცე. მინდოდა გადავხვეოდი. რომ დამინახა, წამოდგა და თავად ჩამეხუტა. - სესილი, სად ხარ, როგორ მანერვიულე. გირეკავ მთელი დღე, გწერ და გამორთული გაქვს ტელეფონი. - აი, არ ვიცი, ამის გაგონებაზე რა დამერთა და რატომ, უცებ ტირილი დავიწყე. გაოცებულმა ექვსმა ნომერმა კიდევ ჩამიხუტა და მერე თვალებში ჩამხედა: "რა ხდება, სესილი, ხომ მშვიდობა გაქვს?" - რა მეთქვა, რომ მთელი დღის მანძილზე ასჯერ გამოვიტირე, რომ იმდენად უყურადღებო ვარ, რომ ტელეფონის ,,კარტა" ცუდად ჩავდე და ვერ მივხვდი? და აზრად არ მომსვლია გადამოწმება? ასევე, იმდენად მოუქნელი ვარ, რომ ოცნების კაცთან ყველა შეცდომა დავუშვი, რაც არსებობს და ის მაინც ჩემთანაა და რომ ვერ გამიგია, რატო, და რომ ძალიან გამიხარდა, რომ ის აქაა, და საერთოდ ყველაფერს ველოდი ამის გარდა, აი, რა მეთქვა? რა? ჰოდა, ვუთხარი: - მოკვდა და ძალიან განვიცადე. - ვაიმე, სესილი, ვინ მოგიკვდა?! -ტელეფონიიი. - ამოვაყოლე ზლუქუნით. - ექვსმა ნომერმა კვლავ თბილად მიმიხუტა მკერდზე. - ჩუ, ჩუ, არ იტირო, ახლავე წავალთ და ახალ ტელეფონს გიყიდი. ჩემნაირი მოგწონს? - მკითხა და თვისი „აიფონ 8“ გამომიწოდა. კინაღამ ხელიდან გამივარდა, ისე ავღელდი. სხვა ვერაფერი მოვიფიქრე და ისღა შევთავაზე, ჯერ ძველი უნდა დავმარხო-მეთქი. - რაა? - ექვსმა ნომერმა უკან დაიხია. - ხო, ძველი ტელეფონი უნდა დავმარხო. სადღაც ყუთი მაქვს სახლში. იქ ჩავასვენებ და... წამომყვები, სადმე ხის ძირას რომ დავმარხოთ? ასე გადაგდება არ შეიძლება. ამდენი წელი მემსახურა, არაადამიანობა იქნება. -კი, რა თქმა უნდა, არასდროს ვყოფილვარ ტელეფონის გასვენებაში და წამოგყვები. აი, სულ ვფიქრობ, რამ შეიძლება კიდევ გამაოცოს და არ ჩერდები. - შევჩერდი და ეჭვით შევხედე ექვს ნომერს, - თუ გინდა, მარტო ვიზამ! - არა არა, მეც მოვდივარ! ხვალვე ვიყიდოთ ახალი. სესი, რომ იცოდე, როგორ ვღელავდი. რა არ ვიფიქრე, რომ არ აიღე ყურმილი. მეგონა, რამე გეწყინა ან უარესი - რომ მოიწამლე გუშინდელი საჭმლით. მერე სახლში ამოვედი და არ აღებდი კარს. მეზობელმა მითხრა, რომ დილას გახვედი. მერე დავმშვიდდი. ხოდა, ექვსი საათიდან გელოდები, ხო მოხვიდოდი... სანამ ექვსი ნომერი მისაღებში იჯდა, მე ძველი ტელეფონის ყუთს ვეძებდი და ვფიქრობდი, რა მექნა, დამემალა, რომ ახალი ტელეფონი მაქვს უკვე თუ მიმება „აიფონ რვით“. იდეაში ამხელა ფულს თუ ჩადებდა ჩემში, მერე ასე ადვილად ვერ დამშორდებოდა, ხოო? არასდროს მეგონა, რომ მე ვინმე ასეთ საჩუქარს გამიკეთებდა. პირიქით, მგონია, რომ ასეთი რამეები ან მოგონილია, ან სხვა კატეგორიის გოგოების თავს ხდება და არა ჩემნაირის. ამასობაში ყუთი ვიპოვე და მისაღებში გავედი. მერე ძველი ტელეფონი ამოვასვენე ჩანთიდან და თავის ყუთში გადავასვენე. სანამ ექვსი ნომერი გაოცებული მიყურებდა, გადავწყვიტე, სიმართლე გამემხილა და გულდათუთქულმა მოვახსენე, რომ უკვე მქონდა სხვა ტელეფონი და ვაჩვენე კიდეც. გაოცებულმა გამომართვა და მერე ღიმილით მითხრა: "სესი, სავარაუდოდ, კარტაა დამწვარი. ასე რომ, თუ გინდა და სანამ სადმე გავალთ, ქალქგარეთ, გამოვცვალოთ". მოულოდნელობისაგან შევხტი. ესე იგი, ხვალ ქალქგარეთ გავდივართ. სიხარულისგან ხტუნვა მინდოდა, მაგრამ გამახსენდა, რომ ტრაურში ვიყავი და მაგიდაზე ,,მიცვალებული ესვენა“. ამიტომ სერიოზულობა შევინარჩუნე. სახლის ტელეფონმა დარეკა. საერთოდ თუ მქონდა ხაზის ტელეფონი, არც მახსოვდა. გავედი. მამაჩემი იყო. მოკლედ ავუხსენი ვითარება, მოვიკითხე და დავემშვიდობე. ისიც მირეკავდა თურმე. გამიხარდა, კარგია მამა!! სულ რომ არავის ვახსოვდე, მამაჩემს მაინც ვემახსოვრები. მერე შემრცხვა ჩემი თავის, რომ დღეს დარეკვა დამეზარა. არა, რას დავრეკავდი, მაგრამ მაინც. მერე დავტაცე ხელი მკვდარ ტელეფონს და სახლიდან გავედით. სადღაც ათი საათი ხდებოდა. მანქანში რომ ჩავსხედით, მაშინ მკითხა, სად ვაპირებდი ტელეფონის დამარხვას. - არ ვიცი, - მხრები ავიჩეჩე. ბუდისტი რომ ყოფილიყო, დავწვავდი და ფერფლს მოვფანტავდი იმ მაღაზიის წინ, სადაც ვიყიდე, ან ჩემი ოპერატორი რომელიცაა, იმათი ოფისის წინ, მაგრამ არ ვიცი და უბრალოდ დავმარხოთ, თუ გინდა ლისიზე იყოს. - შევთავაზე. - ექვსმა ნომერმა გაიცინა და მანქანა დაძრა. სასიამოვნოდ ბედნიერი ვიყავი. ლისიზე ციოდა, ხალხი არ იყო. რამდენიმე ადამიანი დარბოდა მხოლოდ. ერთი წრე დავარტყით სწრაფი ნაბიჯით. ხედი დავიწუნე და მერე ლისის ტბის თავზე ავედით მანქანით. აი, იქ კი, გზის მეორე მხარეს, ნაძვნართან გააჩერა მანქანა და გადავედით. რამდენიმე ნაბიჯში ერთი ნაძვი შევარჩიე. მის ძირას კარგი ადგილი იქნებოდა. - რამე არ გაქვს? - ვკითხე ჩამუხლულმა ექვს ნომერს. - რა, მაგალითად? - მაგალითად, ბარი, თოხი, დანა, ბოლოს და ბოლოს. - არა, არფერი მაქვს, მე არასდროს დამისაფლავებია ტელეფონი, პირველად ვესწრები. რომ მცოდნოდა, წამოვიღებდი. - რა გაეწყობა, - ავიჩეჩე მხრები და ხელით გავთხარე ფხვიერი მიწა. პატარა ორმო გამომივიდა და ვერ დაიფარა ყუთი. ამიტომ ზემოდან დავაყარე მიწა. უკან ექვსი ნომერი მედგა და მობილურით მინათებდა, კარგად რომ დამენახა ამ სიბნელეში რამე. მოვრჩი, წამოვდექი. - წავიდეთ და შესანდობარი დავლიოთ სადმე. ახლა შენც იცნობდი ჩემს ტელეფონს, - ვუთხარი მშვიდად და მანქანისკენ შევბრუნდით, რომელიც ათიოდე მეტრში, გზაზე იყო გაჩერებული. სანამ დაღმართი ჩავიარეთ, ექვსი ნომრის მანქანას ფერადად აციმციმებული პატრულის მანქანა მოადგა. რომ მივუახლოვდით, პატრული გადმოვიდა და გაგვეცნო: "ლეიტენანტი ჟღენტი". მერე კი დაინტერესდა, ჩვენ რას ვაკეთბდით აქ. სანამ ექვსი ნომერი რამეს ეტყოდა, მშვიდად, გულწრფელად მივუგე, რომ ტელეფონი დავმარხე. იმიტომ უფრო ვთქვი, რომ არ ჰგონებოდათ, რომ იმ ტყეში სხვა რამეს ვაკეთებდით, მაგალითად - ,,უზრდელობებს“. მოკლედ, ამის მერე მეორე პატრულიც გადმოვიდა და ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჯერ დამარხული ტელეფონი ნახეს, ,,ეგსგუმაცია" გაუკეთეს და წამოიღეს, მერე კი განყოფილებაში აღმოვჩნდით. დაბნეული და შეშინებული ვიყავი და რაც მთავარია, საშინლად მრცხვენოდა ექვსი ნომრის. სასაცილო სიტუაციებში მე რომ ვიყავი, ეგ არაფერი და აი, ეგეც რომ გავშარე, მინდოდა. ეს უკვე ნამდვილად უკანასკნელი დღე თუ ღამე იყო, როცა ექვს ნომერს შევხვდი. ტიპს რა გავუკეთე? პატრულს დავაჭერინე. საპატრულოში ჩანთა გამიჩხრიკეს და იქ სოდიან პაკეტზე ატყდა ამბავიიი, ვერ შევაგნებინე, რომ სოდა იყო... მერე მე ცალკე გამიყვანეს და ექვსი ნომერი ცალკე. მომაშარდინეს. სანამ რაღაცას ველოდებოდი, რატომღაც მშვიდად, რადგან აი, არანაირად არ ვიყავი დამნაშავე და მჯეროდა, რომ კარგად დასრულდებოდა ყველაფერი. იქვე ვიჯექი განყოფილებაში. რას ველოდებოდი, არ ვიცი, მგონი, შარდის ანალიზის პასუხს. სადღაც ღამის სამი საათი ხდებოდა, როცა დადგინდა, რომ არც ალკოჰოლი მქონდა მიღებული, არც მოწეული და არც სოდა იყო კოკაინი. არადა, ვეხვეწებოდი, ძმარი დაასხით და ნახავთ-მეთქი. თან გულში ვლოცულობდი, იმედია, არც კოკაინი შიშხინებდა ძმრის დასხმაზე. ექვსი ნომერი არ ჩანდა, ვინ იცის, თავისი ნაცნობების წყალობით გამოძვრა ან ადრევე გაუშვეს, ან რას გამოჩნდებოდა? ალბათ, დასანახად ვძულდი. ყველაფერი რომ დასრულდა, გამომიშვეს. მკვდარი ტელეფონიც გამომატანეს. ჩანთაში ჩავიგდე. განყოფილების კიბეებზე ჩამოსვლისას წინ საპატრულოსთან მისი "პორშე კაიანი" დავინახე. თვალი ავარიდე, სირცხვილით დამწვარმა ფეხს ავუჩქარე, გავცდი. საკუთარი გულის ბაგაბუგი მესმოდა მარტო. თავი დავხარე და თითქმის გავიქეცი. - სესი! სესილი, სად მირბიხარ? - მომესმა ექვსი ნომრის ხმა. იქვე გავიყინე. კიდევ მელაპარაკება ეს? არ ვიცი, გამხარებოდა თუ შემშინებოდა უკვე. ცოტა ხანში მის მანქანაში ვიჯექი. ეს ყველაფერი ექვსი ნომრისთვის სახალისო იყო, ჩემთვის კიდევ მიზეზი, ასჯერ მომეხადა ბოდიში. სულ მეგონა, რომ ზრდილობის გამო მეუბნებოდა, რომ არაფერი იყო სანერვიულო და ძალიან საინტერესო იყო, როგორც საერთოდ ჩვენი ყველა შეხვედრა, ისე ეს საღამოც. - სესი, ნუ ხარ რა მოწყენილი, გეხვეწები. - თავისი ტორი ხელზე დამადო. გინდა სადმე წავიდეთ და გემრიელად ვი... - აქ გაჩერდა და შემომხედა: - მისმინე, დღის თუ ღამის ამ მონაკვეთში საუზმეა? სადილი თუ რა ჰქვია, იციი? - თავი გავაქნიე: - არა, უბრალოდ ჭამენ, - მოწყენილმა და დაღლილმა ვუპასუხე. - რამე იქნება ღია? - რა გშია, რას შეჭამდი ახლა? - არ ჩერდებოდა ექვსი ნომერი. - ხაშს, - მივუგე მშვიდად. - კარგი, იყოს ხაში, - მიპასუხა გაოცებულმა. - მერე სახლში ადი, გამოიცვალე და თუ არ გეძინება, დღეს ქალქგარეთ გავიდეთ. მცალია, თან რაღაც მინდა გითხრა მნიშვნელოვანი. თუ გინდა, გუდაურში ავიდეთ. იცი სრიალი? აბა, რას ფიქრობ? მხრები ავიჩეჩე. ვანიშნე, რომ სულერთი იყო. მართლა ვერ ვხვდებოდი, რატომ მომეკედლა ეს ბიჭი ასე, რატომ? დავიჯერო, ვუყვარვარ? ნეტავ რა უნდა მითხრას? თუ მშორდება, ახლავე მითხრას, რად უნდა ამას მთის და კავკასიონის ხედი? უნდა ვკითხო, რა უნდა ჩემგან? ასეთი რამეები ფილმებშიც არ ხდება, არამც თუ სესილის თავს. აი, შევჭამ ხაშს, რომელიც მძულს და მერე ვკითხავ. რაღაცნაირად მოწყენილი ვარ... გაგრძელება იქნება ოთხშაბათს სესილის დღიურები |
პაემანის დღიურები ეპიზოდი გასვენება შუაღამეს და საპატრულო პოლიცია პაემანის დღიურები ეპიზოდი გასვენება შუაღამეს და საპატრულო პოლიცია
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.