საყვარელი ვენები. I და II დღე
თვალი რომ გაახილა თბილისს უკვე გასცდენოდნენ. მზე ისე უმოწყალოდ აღარ აჭერდა როგორც მაშინ, მანქანაში რომ ჩაჯდა და გაურკვეველი ვადით გამოემშვიდობა ქალაქს. აუჩქარებლად წამოჯდა. პირი ჰქონდა გამშრალი და თავი უბჟუოდა. მანამდე აფათურა ჩანთაში ხელი, სანამ არ გაახსენდა რომ მობილური აღარ ჰქონდა. მინიმუმ ერთი თვე ტელეფონის, კომპიუტერის და ტელევიზორის გარეშე უნდა გაეძლო. ეს უკანასკნელი როდის გამოიყენა ბოლოს აღარც ახსოვდა. აი უტელეფონობა და უკომპიუტერობა ცოტა არ იყოს, რთული ეჩვენებოდა 25 წლის გოგოს და ექმის გასაგონად ჩაილაპარაკა, „რას წარმოვიდგენდი თუ ოდესმე ამიშების ცხოვრების წესს გავიზიარებდიო“. სამაგიეროდ, წიგნებისთვის ექნებოდა დრო თავზე საყრელად. ასე რომ, გამარჯობა უცხო პერსონაჟებო, მშვიდობით ბურუსით მოსილო წარსულო. თანამედროვე მწერლების წიგნებით გამოტენილი ჩანთიდან მზერა თინეიჯერ ბიჭებზე გადაიტანა. ერთ-ერთს ჯინსის უკანა ჯიბეში ორად მოკეცილი რვეული ედო. „აბიტურიენტი“ გაიფიქრა ღიმილით და დასევდიანდა. იმის მაგივრად, მაგისტრატურისთვის ემზადებოდეს, სოფელში უნდა გადაცხოვრდეს. სუფთა ჰაერი, მშვიდი გარემო, უამრავი წამალი და ჯანსაღი საკვები გამოსაჯანმრთელებლად. დაკარგულ წელს ვინ ჩივის, მთავარია სიკვდილი დაამარცხა. აკი უთხრეს, იმ ავარიას მხოლოდ იღბლიანი ადამიანი თუ გადაურჩებოდაო. თავის ტრავმასაც ეშველება და მეხსიერებასაც აღიდგენს ნელ-ნელა. გონება დაძაბა გაეხსენებინა პირველი დღე უნივერსიტეტში. ბურუსი. რომელიმე ლექტორი - ბურუსი. ჯგუფელები - ბურუსი. სტუდენტობის ერთი დღე - ბურუსი. - ჯანდაბა! - ჩაილაპარაკა გაღიზიანებულმა და ღრმად ჩაისუნთქა. - არაფერზე ინერვიულო და არც გონებას დაატანო ძალა. დრო მოვა და ყველაფერი გაგახსენდება, რაც საჭიროა. - დამშვიდობებისას უთხრა ბებიამ. ორივე ლოყაზე აკოცა და თვალცრემლიანმა დაამატა, „მთავარი ისაა რომ ცოცხალი ხარ, ღმერთის წყალობით“. ღმერთი ახსოვდა და სწორედ ამას თვლიდა ბედის ირონიად. გახსოვდეს ვიღაც და იმაშიც არ იყო დარწმუნებული ნამდვილად არსებობს თუ არა. მაღაზიის კარები როგორც იქნა გაიღო და ბაკებ შევერცხლილი, მომღიმარი კაცი მისკენ გამოემართა. საბედნიეროდ, ამ ოდნავ ჩაპუტკუნებულ კაცს კარგად იცნობდა. მამამისი იყო. 13 სექტემბერი. 2017 წ. დღე I სოფელში ვარ. მამას მეგობრის ოჯახში. ეს ორსართულიანი სახლი ნამდვილი სამოთხეა უზარმაზარი ბაღებითა და ხილის ხეებით. იმდენი ბროწეული ვჭამე, ტუჩები გამიშავდა და გატკბილულ ხელებზე მანამდე მასხდნენ ბუზები სანამ დავიბანდი. რა სულელურად ვიწყებ ახალი დღიურის შევსებას, რომლის ყდასაც ოკულტიზმის მოხეული ყდა მივაწებე, ცნობისმოყვარე ხალხისგან თავის დასაცავად. დახედავს კაცი და იფიქრებს, დღიური კი არა, უნიჭო შარლატანის უნიჭოდ ნათარგმნი ქართული ვერსიააო და გადაუშლელად მიაგდებს „წიგნს“. ორ კაციან ლოგინში ეულად ვარ გაშხლართული და არ ვიცი საიდან დავიწყო წერა. ექიმმა მითხრა, დღიურის წარმოება მკურნალობის ერთ-ერთი პუნქტიაო, ხოდა ვის რაში ადარდებს კალიგრაფია ან შინაარსი. გვერდითა ოთახში მამა წევს. მშვიდად ფშვინვიდან ბობოქარ ხვრინვაზე გადავიდა, რაც მის ლეგენდარულ სიტყვებს უსვამს ხაზს, „თუ რამე მოგინდა, დამიძახე. ვერ გამაღვიძებ, მაგრამ მაინც დამიძახე“. დროა მოვწიო სიგარეტი ჩვენი არსობისა. „ვინსტონის“ კოლოფიდან ერთ ღერს ვიღებ და ვფიქრობ, იქნებ იციან რომ ვეწევი და ტყუილად ვიმალები. ამ კითხვას ერთადერთი გულისდამწყვეტი პასუხი აქვს. თუ ასეა, მანქანაშივე შემომთავაზებდა თავის კენტს. სასაცილოა პირდაპირ, მამა უფრო მსუბუქს ეწევა, ვიდრე მისი ქალიშვილი. რბილად რომ ვთქვათ, უჩვეულო მდგომარეობაში ვარ. ამასწინათ თვალი გავახილე და პალატაში აღმოვჩნდი. ჩემს თავთან დახრილ მედდას ისეთი ბედნიერი სახე ჰქონდა თითქოს ჯეკპოტი დასცემოდა ჩემი გაღვიძებით. ნუ იტყვი და კომიდან გამოვსულვარ წინა ღამით. შემაქო, ძლიერი გოგო ხარო და ისეთი ცხვირ-პირის მტვრევით მოძუძგა ექიმის მოსაყვანად თითქოს მოგებული ფული უნდა მოეხსნა ტოტალიზატორიდან. შემდეგ დაიწყო სიზმრისეული დღეები. სამედიცინო ტერმინების უხვი ნაკადი. ავტოავარიას გადავურჩი, რისთვისაც მადლობას ვწირავ განგებას, მაგრამ ამავე განგებამ მეტად დიდი მსხვერპლი მოითხოვა ჩემგან. მთელი 5 წელი. ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ რა საკვირველია, ზაფხული იყო, რომელიც ჯერ რაჭაში შემდეგ კი ბათუმში გავატარე. გარუჯული დავბრუნდი თბილისში. დავიძინე, გავიღვიძე და საავადმყოფოში ამოვყავი თავი. თითქოს საერთოდ არ ყოფილა სტუდენტობა. მაშ ასე დედამიწელებო, ეს მე ვარ, ანი - გოგონა წარსულის გარეშე. იმდენად აბსურდულად ჟღერს ეს წინადადება რომ ისღა დამრჩენია არ ვიფიქრო და დავიძინო. სინათლეს ვაქრობ და სიბნელეში მტკიცედ ვხუჭავ თვალებს. თითქოს საწოლის თავთან დამონტაჟებული შუქის ჩამრთველ-გამომრთველივით შემიძლია გამოვიყენო ჩემი არსი და როცა მომინდება დაძინების ღილაკს დავაჭირო თითი. მსოფლიოში ყველაზე საწყალი ადამიანივით ვგრძნობ თავს. ხვალ მამას ვკითხავ და იმედია, იმას მაინც მომიყვება რაც იცის. უფროსი თაობა ძირითადად ორ საუკეთესო პერიოდს გამოყოფს ცხოვრებაში, რომელსაც ბედნიერ წლებს ეძახის - სკოლა და სტუდენტობა. მე უბედურს პირველი მძულდა, მეორე კი ისე დავამთავრე ერთი დღეც არ მახსოვს. გავაგრძელე თუ არა ძველ მეგობრებთან ურთიერთობა? ბევრია ახალი? ვხვდები ვინმეს? შეყვარებული... ჯანდაბა! გიორგი! თვალწინ მიდგას მაღალი, სიმპათიური ბიჭი და ვხვდები რომ აღარ მიყვარს. აშკარად დავშორდი. არადა, რა შორსმიმავალი გეგმები გვქონდა... იქნებ ვინმე სხვა გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, არა, იმას კი არ ვგულისხმობ რომ მე გადავდგი პირველი ნაბიჯი დაშორებისკენ და ასე შემდეგ. უბრალოდ, იგი თუ წავიდა, ხომ არის შესაძლებელი სხვა მოვიდეს, ასე არ გვამშვიდებს ერთი კაცი ქალაქ რუსთავიდან? და იმ ახალს მოერიდა ჩემი მშობლების და ამიტომ არ მოვიდა სანახავად. უსინდისოდ ვატყუებ თავს. ის ხომ მაინც ვიცი, რომ მყვარებოდა, არ დამავიწყდებოდა. ის მაინც არ დამავიწყდებოდა. როგორ გავაგრძელო ცხოვრება თუ არ მეცოდინება ვინ ვიყავი ბოლო წლების განმავლობაში. მე, რომელსაც ღრმად მწამდა რომ სიცოცხლე ზედმეტად ხანმოკლე იყო და ყოველი დღე საჩემოდ უნდა გამომეყენებინა. იმ მგზავრივით ვგრძნობ თავს, რომელსაც ავტობუსში ჩაეძინა და უცხო ქვეყანაში ამოყო თავი. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ წარსული დავაბრუნო. თუნდაც დავწყევლო ეს დღე, ეს გადაწყვეტილება რომ მივიღე. 14 სექტემბერი. დღე II არ ვიცი რომელ საათზე გამეღვიძა, მაგრამ ფაქტია ძალიან ადრე, რადგან ჯერ კიდევ ყველას ეძინა. მაისურიც და ზეწარიც ლამის გასაწური იყო. გული კი საშინლად მიცემდა. თითქოს მომდევდნენ მე კი რაც შემეძლო სწრაფად გავრბოდი. უცნაური სიზმარი იყო. ხელები სულ დაკაწრული და დასისხლიანებული მქონდა. თითქოს ვიღაცას ეკლიანი ჯოხი ერტყას. ძალიან მეშინოდა. ყველაფრის მეშინოდა. მხოლოდ ის ვიცოდი რომ საიმედო ადგილი უნდა მომეძებნა და დავმალულიყავი. მაგრამ ვის რა დავუშავე, ვინ მომდევდა ან რატომ, ეგ არ ვიცი. პირველ სართულზე რომ ჩავედი და ჩაიდანი გაზზე შემოვდგი, ჯერ კიდევ დამფრთხალი თაგვივით აქეთ-იქით ვაცეცებდი თვალებს. გეგონება ბნელი კუთხეებიდან ზღაპრული ურჩხული უნდა გამომხტარიყო ჩემს გადასაყლაპად. მაგრამ როგორცვე ეზოში გავედი ოხშივარმოკიდებული ყავის ჭიქით და ჰამაკში ჩავწექი, უკეთ ვიგრძენი თავი. დილის სიჩუმეში ფერმიდან მწყერების მხიარული ხმები გამოდიოდა, რომელიც მე იავნანად ჩამესმოდა და ცოტა ხანში ჩამეძინა კიდეც. წარსულში არასოდეს ვიძინებდი დღის საათებში. ვთვლიდი რომ დროს ვკარგავდი და მენანებოდა. მითუმეტეს კარგ ამინდში ძილი დანაშაული იყო. თავს ჯერ კიდევ სუსტად ვგრძნობ. მალე ვიღლები. არადა რას ვაკეთებ. ბაღში დავყიალობ, თვალს არ ვაშორებ ინკუბატორს, სადაც პაწაწინა ჭრელი კვერცხებიდან ბუსუსებიანი, აქა-იქ ბუმბულებიანი ბარტყები იჩეკებიან. მწირი ცოდნის ნიადაგზე დავასკვენი რომ მათ უფრო დიდი ბრძოლის გადატანა უწევთ რომ დაიბადონ, ვიდრე ჩვენ. როგორ თავგამოდებით ცდილობენ ნაჭუჭის გატეხვას და გამოძრომას. ფერმაში შევედი და დავათვალიერე ასაკის მიხედვით შემომსხდარი მწყერები ქანდარაზე. ყველაზე პატარები, ანუ ინკუბატორიდან გადმოყვანილები ხის ყუთში დაფარფატებდნენ და ყურის წამღებად ქვითკირებდნენ. - მწყერის შვილს წიწილა ჰქვია? ვკითხე ბიძია მიხოს და მისმა პასუხმა გამამხიარულა. მწყერის შვილს ჩოჩორი ჰქვიაო. ესეც შენი ჰარმონიულად მოწყობილი სამყარო. როგორ შეიძლება იმხელა ვირის შვილსაც ჩოჩორი ერქვას და ამ პაწაწუნებსაც. ნედლი თხილით, კაკლით და მჟავე ვაშლით რასაც ჰქვია, ამოვიყორე მუცელი. მაგრამ კიდევ რაღაც მინდა და ვერ გამიგია რა. ალბათ რამე ისეთი ხილი, რომელსაც ჩემი დაკარგული წარსულის გემო აქვს. შევჭამ და ისევ მე ვიქნები. საღამოს გრილზე მწყერი შევწვით და გემრიელად ჩავახრამუნეთ. დარეჯანივით სულ სმა-ჭამაზე კი ვწერ, მაგრამ რა ვქნა, რაც ხდება ჩემს გარშემო იმას ავღწერ. ტყუილების მოგონებას ხომ არ დავიწყებ, აქაოდა დღემ ისე საინტერესოდ ჩაიარა დღის უნახავი გახდებოდიო. მამა ვერ დავიმარტოხელე, ასე და ამგვარად ჩემი კითხვები საზოგადო იყო. ჯგუფელებიდან განსაკუთრებით ვმეგობრობ სოფოსთან. კარგად ვსწავლობ და სტიპენდიანტი ვყოფილვარ. უკითხავად მივხვდი რომ ჩემი მშობლები არ შერიგებულან. დედას ორჯერ ველაპარაკე მამას ტელეფონით. მთხოვა რომ თავს გავუფრთხილდე. არაფერზე ვინერვიულო და წამლების მიღება არ დამავიწყდეს. - თუ რამე დაგჭირდა ან ცუდად იგრძენი თავი, მაშინვე დამირეკე. ნებისმიერ დროს. ხომ იცის, ტელეფონი მუდამ ჩართული მაქვს. მითხრა და გაჭირვებით გადაყლაპა ნერწყვი. მივხვდი რომ თავს ძლივს იკავებდა არ ეტირა. მთავარი კითხვა, ვხვდები თუ არა ვინმეს, ჰაერშია გამოკიდებული. ხვალ დილით მამა რაიონში მიდის ცხოველების მისახედად. თხებისა და ძროხების ფერმა გვქონია. მეგონა მეხუმრებოდა. მამა და ფერმერი ვერ წარმომიდგენია, იმის მიუხედავად რომ ყოველთვის უყვარდა ოთხფეხა არსებები. მე აქ ვრჩები. ჩომახაშვილების ოჯახში. მიხოს, ნინოს და ორი წლის თამარის სახლში, რომელიც მამას ნათლული ყოფილა. დედამ, მამამ და ფსიქოლოგმა შეთქმულებივით კატეგორიულად ამიკრძალეს ფეისბუქის გამოყენება, რადგან ერთბაშად დიდმა ინფორმაციამ შეიძლება ზიანი მომაყენოს. ამას ერთვის ექიმის გაფრთხილება ტექნიკაზე. ჩემი თავის ამბავი რომ ვიცი, პირობას მივცემდი, მაგრამ პირველივე შესაძლებლობას გამოვიყენებდი ინტერნეტში საძრომიალოდ. ალბათ ჩემი ეს თვისება მშობლებსაც და ფსიქოლოგსაც კარგად მოეხსენებათ მაგრამ მათ სასარგებლოდ შემიძლია ვთქვა რომ წარმოდგენა არ მაქვს რა შეიძლება დამეყენებინა პაროლად. ყველაფერი ვცადე. ჩემი საყვარელი მწერლებით დაწყებული, ფილმებითა და აწ განსვენებული ძაღლით დამთავრებული. არც ოჯახის წევრების დაბადების თარიღი და ყოფილი შეყვარებულის სახელი დამვიწყებია. იმისთვის რომ პაროლი აღვადგინო ჩემი ტელეფონის ნომერია საჭირო. ტელეფონი აღარ მაქვს. მამამ დამამშვიდა, თუ მოგინდება მეგობრების მოკითხვა ჩემი ფეისბუქის პაროლს გეტყვი და იქიდან მიწერეო. წამის მეასედში კინაღამ დავთანხმდი. გონს მაშინვე მოვედი და რატომღაც ეს იდეა არ მომეწონა. წყლის ამოტანა დამავიწყდა ოთახში და ძლივს გადავყლაპე სიმინდის მარცვლისხელა აბები. სასაზე ისევ მომწარო გემოს ვგრძნობ და თავს ძლივს ვიკავებ ღებინებისგან. ამ სახლში ვერსად ნახავ საათს, ამიტომაც არ ვიცი რა დროა. თამარს 9ზე აძინებენ. მეც ამ დროს უკვე მოკრეფილი მქონდა ვაშლი და დასაძინებლად წამოვედი. ლოგინში ჭამა ისევ მყვარებია. რა მოხდებოდა, ეს მავნე ჩვევაც დამვიწყებოდა სხვა მრავალ რამესთან ერთად. დაახლოებით 9 საათია ალბათ და მე უკვე ვიძინებ. თავი ქათამი მგონია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.