საყვარელი ვენები. II ნაწილი. XIII დღე. საღამო.
25 სექტემბერი. დღე XIII. საღამო. თვალები რომ გავახილე, მზე უკვე ჩასულიყო. ლოგინიდან ნაცემ-ნაბეგვივით წამოვიმართე. ფეხები ძლივს მივათრიე სარკემდე და სკამზე ჩამოვჯექი. სარკის ზედაპირზე ჭორფლიან, ქერათმიან გოგონას ვხედავ სევდიანი თვალებით. ეს მე ვარ. იმდენ ხნს ვუყურებ ჭაობისფერ თვალებს, თითქოს ველოდები რომ სტიგმატივით ამომეწვება გუგები ან კანი და ჯვრების მაგივრად ნომერი 13 გამომესახება. ვინ არის ნომერი 13? ის, ვისაც წიგნებიც უყვარს. წიგნები ყველას შეიძლება უყვარდეს, არა? რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში ისეთი რომ თავი პაციენტი ნომერი 13 მგონია. რა ვავნე თავს? რა დავუშავე ხალხს? ნუთუ ცუდი ადამიანი ვარ? ნუთუ ნარკომანი ვარ? ამის გაფიქრებაზეც ჟრუანტელი მივლის და თავბრუ მეხვევა. ისეთი ბასრი ტკივილი მეპარება, თითქოს მყესები გადამიჭრესო, ფეხზე ადგომასაც ვეღარ ვბედავ. სარკეში ჩახედვასაც ვეღარ ვბედავ. გულის ფეთქვას ყელში ვგრძნობ და მეჩვენება რომ ცოდვებისგან ვიხრჩობი. გულს რომ ვიჯერებ ტირილით და დასიებული თვალებით ისევ სარკის ზედაპირზე არეკლილ სევდიან სახეს შევხედავ, მახსენდება ლიზას ცხოვრება და იმედის ნაპერწკალი დაუპატიჟებელი, მოულოდნელი სტუმარივით მეწვევა. რაღაც შეცდომაა, რაღაც შეუსაბამობაა... მე... არ შეიძლება ნარკომანი ვიყო. გამორიცხულია, ნარკომანი ვიყო. ეს უბრალოდ, სასაცილოა, მე ვერ ვიქნები, არ არსებობს, ეს... ეს დაუჯერებელია, აბსურდია, შეუძლებელია! მიუღებელია! მართალია, ხანდახან რაღაცას ვგრძნობ... მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ ლიზას გავლენაა. მან მომიწამლა გონება! მან ამირია ტვინი! თუ ნარკომანი ვარ, მაშინ რატომ არ მინდება? აი, ხო! რატომ არ მინდება? ფანჯრიდან ვუყურებ გაყვითლებულ ფურცლებზე დაცემულ მზის სხივს და ტრანსში მაგდებს. ვუყურებ ბალახის წიწკნით გართულ ქათამს და ეს სილამაზე მატყვებებს. ვუყურებ, სტაფილოსფერ ძროხას, თეთრი კოპლები რომ უმშვენებს ზურგს და ისე საყვარლად ცოხნის ბალახს, მინდება რომ ჩავეხუტო. მე ვუყურებ ძროხას და ბედნიერი ვარ, ესეიგი არ ვარ ნარკომანი, ხომ მართალი ვარ? ყოვეგვარი ელეზდეს თუ ბიოს გარეშე შემიძლია სამყაროს სილამაზით დავტკბე. შემიძლია, სექტემბრის თბილ ამინდს მივუშვირო სახე და ტუჩებზე სიოს შეხება ვიგრძნო. შემიძლია ეს სიო იმ კაცის ტუჩებად წარმოვიდგინო, რომელიც მიყვარს. შემიძლია თვალები დავხუჭო და იმ ნათებებს გავყვე, რომელიც ლიზას ასე ძლიერად უყვარს. ვიწრო გვირაბებში ვირბინო და პარალელური სამყაროს კარები ფრთხილად გავხსნა. რაში მჭირდება ამფეტამინი, როდესაც მდიდარი ფანტაზიის წყალობით შემიძლია ჰალუცინაციების გამოწვევა. ვაკვირდები ოდნავ ამობურცულ ვენებს და ვერაფერს ვგრძნობ... მახსენდება ოთახი, სადაც სისიხლი ჩავაბარე და... ვმშვიდდები, რადგან ნემსის დანახვაზე აღშფოთებული, შეშინებული თვალები მე მეკუთვნის. მე ნემსის მეშინია, ნემსს გავურბივარ, ნემსი მაშფოთებს, რაც იმას ნიშნავს რომ მე ნარკომანი არ ვარ. ისევ და ისევ ლიზას ბოროტი ოინები, ისევ მახეში გამაბა. ისევ ცდილობს რომ სინდისის ქენჯნა ვიგრძნო, თავიდანვე რომ არ გამოვიძახე პოლიცია და მიწას არ მივაბარე. მაშინ... მაპატიე ლიზა... ვიცი რომ ჩემი სიტყვები ირონიულ ღიმილს მოგგვრის, მაგრამ ღმერთია მოწამე, შენი დაკარგული სული ძალიან მტკივა. გული მეწურება, სუნთქვა მეხუთება, ისე მეცოდება ვარდისფერ ოთახში მიტოვებული, ჩარჩენილი გოგონა, რომელიც ძალიან მგავს... ეს წინადადება ისე მიფორიაქებს სულს, როგორც სიკვდილის ანგელოზის გამოჩენა. . . . თვალებიდან სიწითლემ რომ გადამიარა და ძლივს დავემსგავსე ადამიანს, ერთ ჭეშმარიტ დასკვნამდე მივედი, თუნდაც პაციენტი ნომერი 13 ვიყო, ეს იმას არ ნიშნავს რომ მე მოვკალი ლიზა. ცხოვრების ნომერ პირველ მიზნად დავისახე მისი მკვლელის მოძებნა და ვიცი, ამაში კამალია დამეხმარება. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ თუ მკვლელი არსებობს, კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯოს. ამ გადაწყვეტილებამ ისე დამამშვიდა, თითქოს უკვე დავიჭირეთ დამნაშავე და გამარჯვებულები, მე, კამი, ნათია და ვუგო ინტერვიუს ვაძლევთ ინტრიგას ჩასაფრებულ ჟურნალისტებს. ტანსაცმელი გამოვიცვალე, თმა დავივარცხნე, ერთი სიტყვით, გავემზადე მეგობრებთან შესახვედრად და ბარბარეს მოცემულ წიგნებით გაძეძგილ ჩანთას კრიტიკულად გადავხედე. დილითაც კამისთან მივდივარ, შუადღითაც, საღამოსაც... აიღე და ბარემ კამისთან დამაბი, როგორც ჩვენი საყვარელი კახი იტყოდა. ეჭვი რომ არ გასჩენოდათ ჩომახაშვილებს, (რომელ ეჭვზეა საუბარი, მათ რა იციან რომ უკვე დიდი ხანია, რაც ცხედარი ვნახე, მაგრამ მაინც. ქურდს კუდი ეწვისო, ჩემზეა ნათქვამი) შეპირებულ წიგნს, „ვახშამს“ დავუწყე ძებნა. ვითომ, ამის წასაღებად მივდიოდი მეზობელთან. ჩანთაში... ყოველთვის ასე რატომ ხდება? ცხვირწინ მიდევს წარსულის ნაგლეჯი და თითქოს განგებ არ ვხედავ. წიგნებიდან ერთ-ერთზე გამიშტერდა თვალი და გულიც ამიჩქარდა. ამ ბოლო დროს ისე ხშირად მიჩქარდება ამ ახალ-ახალი მოვლენების გადამკიდე რომ მგონი, ბოლოს, ინფარქტით მოვკვდები. ვინ იცის, ლიზას როგორ გაუსწორდეს... იქნებ ამიტომაც მანერვიულებს რომ საიქიოში მარტო არ იყოს? „ბედის ვარსკვლავის ბრალია“ როგორცვე დავინახე, მაშინვე მივხვდი რომ წაკითხული მქონდა. არა მხოლოდ შინაარსი, ის დღეც გამახსენდა, როდესაც ეს წიგნი მომიტანეს. ლოგინში ვიწექი. მუცელი საშინლად მტკიოდა, ვტიროდი და სიგარეტს ვეწეოდი. კარების გაღების ხმა გავიგე. მეგონა, ჩემი უმცროსი ძმა დაბრუნდა სკოლიდან და ცრემლები მოვიწმინდე. მივაყურადე და მამიდაჩემის ხმა მომესმა. სიგარეტი ფანჯრიდან მოვისროლე. სუნამოს გასხმა მომინდა სიგარეტის სუნის ჩასახშობად, მაგრამ სანამ მე ლოგინიდან წამოვდგებოდი, სტუმარი მანამდე მოასწრებდა საძინებელში შემოსვლას. მარინა მამიდამ მხიარულად შემოაღო კარები, ხელში პარკი ეჭირა. თვალში მომხვდა მისი პუტკუნა სახე და გამხდარი სხეული, პარიკი... მაგრამ მაინც ბედნიერი გამომეტყველება. მან არც ჩემი ცრემლიანი სახე შეიმჩნია, არც სიგარეტის სუნი და პირდაპირ წიგნების კედლისკენ წავიდა. - უყურე შენ, რა ლამაზად მოუწყვია თაროები და რამდენი ახალი წიგნი მიუმატებია?! ამდენი მეც კი არ მაქვს. - ჩაილაპარაკა ვითომ შურით გამსკდარმა და მაინც შეძლო ტკივილსგან გატანჯულს გამღიმებოდა. - თავს როგორ გრძნობ? ხომ არ გშია? - მეკითხება უდარდელად და პარკიდან წიგნებს ალაგებს. - რომ მშია, რა მეჭმება, თორე კი. - ვპასუხობ გაბუტული ბავშვივით და ისევ ცრემლები მიდგება თვალებში. - ასე მგონია რომ ვერასოდეს გამოვჯანმრთელდები. - ტუტუცო! რა სისულელეს ამბობ, ვის არ ამოუჭრია ბრმა ნაწლავი, კარგი რა? წიგნები მოგიტანე რომ გაერთო. შეხედე, ყველაზე ძალიან ეს მომეწონა. - მეუბნება საყვარელი მამიდა, რომელიც ქიმიას იკეთებს და ლოყები მოსუქებია, მაგრამ მე მაინც ლამაზი მეჩვენება. ვიცი, დარწმუნებული ვარ რომ ის შეძლებს და დაამარცხებს დაავადებას. წიგნს ინტერესით ვართმევ და სათაურს ხმამაღლა ვკითხულობ: - „ბედის ვარსკვლავის ბრალია“, რაზეა? - გოგო, იმდენი ვიტირე, ძლივს ჩავამთავრე კითხვა. კიბოთი დაავადებულებზეა... - მპასუხობს მარინა მამიდა, რომელსაც ფილტვის კიბო დაუდგინეს და სამზარეულოში მიდის საჭმლის, უფრო სწორად, წვნიანის გასაკეთებლად. წიგნს გულში ვიკრავ, თითქოს მას ვეხუტები, ვემშვიდობები და რამდენიმე წუთით ლიზას ამბავიც კი მავიწყდება. მსგავსად ამ წიგნის პერსონაჟებმა, ვერც მამიდაჩემმა დაამარცხა კიბო. ცხოვრება ბოროტი, სასტიკი და დაუნდობელია. . . . სანამ კამალიასთან წავიდოდი, მანამდე გავიგე „ახალი“ ამბავი. პირველ სართულზე ჩასულს მეზობლები დამხვდნენ სამზარეულოში. ნინომ დაღლილი თვალები მომანათა და მანიშნა, დავმჯდარიყავი. - ყავას ხომ დალევ? - მე გავაკეთებ. - ვუთხარი აღელვებულმა და კარადას ვეცი. - რა ხდება? - ვკითხე ჩურჩულით და ჭორაობაში ეშხში შესულ სტუმრებზე ვანიშნე. - რა ხდება და, იმდენი იძახე, საშინელებათა ფილმები მიყვარსო რომ მართლაც ჰიჩკოკისეული დღე გაგვითენდა. ჩვენს მეზობლად გამორჩეულად ლამაზი სახლი რომ დგას, ხომ არ შეგიმჩნევია? „ჰმ, შემიმჩნევია რომელია“ გავეპასუხე გულში. - პრინციპში, სტადიონი აქეთაა, კორახაშვილებისკენ ვერ მოხვდებოდი, არ გეცოდინება. მერე გავისეირნოთ და გაჩვენებ, ვიცი, გიყვარს მასეთი ამბები... - ნინო, ეს გოგონა თამარის ძიძაა? - მე და ნინომ ერთმანეთს გადავხედეთ და მაშინვე მოვარიდეთ მზერა რომ სიცილი არ წაგვსკდომოდა. - არა, მანანა ბიცოლა. თამარის ნათლიის შვილია და ჩვენთან სტუმრადაა. - მანანა ბიცოლას აღწერას მთელი დღე მოვუნდები და კიდევ დამრჩება სათქმელი. ამ ქალს ვერასოდეს ამოწურავ. ერთი ასეთი ნათესავი ან მეზობელი ყველას ჰყავს. ინტელიგენტი, კეკლუცი, მომღიმარი, სასიამოვნო, საუბრის მოყვარული და ზღვარგადასულად ცნობისმოყვარე. 70 წლის ასაკშიც კი ულამაზესი და მოვლილი. იმის მიუხედავად რომ ამდენი დადებითი თვისებითაა შემკული, მაინც ყველა გაურბის და ემალება. ასეთმა ადამიანმა დაწვრილებით იცის, ვის რამდენი მიუვიდა გაზის გადასახადი და ვის რამდენი აქვს ვალი მაღაზიაში. მან ზუსტად იცის რომელ საათზე ბრუნდება მეზობელი ნათელა სამსახურიდან და რამდენი საყვარელი ჰყავს მოშორებით ქუჩაზე მცხოვრებ მაყვალას. მანანა ბიცოლას თეთრი შლიაპა ახურავს ბამბასავით თეთრ, ფუმფულა თმაზე და მაღალწელიანი ნაჭრის შარვალი აცვია. წვრილ წელზე ნიანგის ტყავის ქამარი შემოუკრავს და ისე მათვალიერებს, როგორც სადედამთილო რძლის კანდიდატურას. ვუყურებ მის საოცარ ფიგურას და ვოცნებობ რომ 70 წლის ასაკში მას დავემსგავსო. - ნათლიის შვილი? არ გადამრიო, ნინო. რა კარგი გოგოა, გათხოვილია? - არა, სწავლობს და ჯერ არ აპირებს ოჯახის შექმნას. - უპასუხა გაბეზრებულმა ნინომ და მაცივრისკენ წავიდა ნამცხვრის გამოსაღებად. გზად დაელმებული თვალები დამანახა. ვინანე სამზარეულოში ფეხის შედგმა, მაგრამ სახლიდან გაუფრთხილებლად წასვლაც არ მინდოდა. - რა მოხდა? - ვიკითხე ნინოს გასაგებად, მაგრამ ვინ აცალა პასუხის გაცემა? - აჰა, ესეიგი, სტუმარია. არა, კი დავინახე კვირანახევრის წინ ეზოში... ვიფიქრე, ნეტავ, ვინ არის-მეთქი. ბაბულიასთან მივდიოდი ქვაბის გამოსართმევად. წაღება იციან, მოტანა არა. წარმოგიდგენია, რა უცნაურია? ამასწინათ, უდარდელას გოგო მოვიდა, ყველის საწური უნდოდა. გამიკვირდა, დედამისი ქალაქში აბარებს კამეჩის მაწონს და ყველს. შვილი კი ჩემთან მოვიდა საწურის გამოსართმევად. არადა, როგორ დავიჯერო რომ დედამისს არ ექნებოდა? თავისას უფრთხილდებიან, გაგონილა? არა, კი მივეცი, ნინო. ღმერთმა სიკეთეში მოახმაროს, მე იმაზე კი არ მაქვს საუბარი... - ნინო, წავალთ ჩვენ. ძროხები მოვიდოდნენ. - უხერხულად ჩაილაპარაკა მანანა ბიცოლას ანტიპოდმა ვენერამ. საწყალი, მოთმინებით, თავაზიანად ელოდა მეზობლის გაჩუმებას რომ სიტყვა ჩაეკვეხებინა, მაგრამ არა და არ იქნა მანანას დამუნჯება. სანამ ნინო მეზობლებს აცილებდა, ნამცხვარი დავჭერი, ყავა ჩამოვასხი ფინჯნებში და მანანა ბიცოლას მივართვი. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ სუნთქვასაც კი არ იღებდა საუბრის დროს. გაუჩერებლად ყვებოდა ქათმის კვერცებიდან დაწყებული, პარლამენტში ახალი კანონის დამტკიცებით დამთავრებული, ყველაფერზე. უზარმაზარი დარტყმა მაშინ მივიღე, როდესაც ნინომ მოწიწებით მთხოვა სტუმართან დავრჩენილიყავი, სანამ თამარს მოიყვანდა ბაღიდან. უარი როგორ მეთქვა, სასწრაფოდ უნდა გავუტანო კამალიას წიგნი და ვერ დავრჩები-მეთქი. ცოტა ხანი ვუსმინე, ვუთმინე ენაწყლიან ნათესავს და რომ ამევასო მოთმინების ფიალა, და რადგან პაუზა არ გაუკეთებია რომ სიტყვა ჩამეკვეხებინა, პირდაპირ ვკითხე. - მანანა ბიცოლა, დღეს რა მოხდა? - უიმე, არ იკითხო, შვილო. რომ ვეუბნები ამ ხალხს, მეორედ მოსვლა დაიწყო-მეთქი, არ მიჯერებენ, გაგონილა ასეთი ამბავი? ღმერთმა ნათელში ამყოფოს, საწყალი გოგო. ახლა მედიკოს მდგომარეობას აღარ იკითხავ? საწყალი, სამსახურს დაკარგავს. საცოდავი მედიკო, მშვენიერი გოგო იყო, ვინ იფიქრებდა თუ ასეთ ცუდ ბედში ჩავარდებოდა. მახსოვს, თბილისიდან ჰყავდა მთხოვნელები, მაგრამ მაგას ეს ბედოვლათი ზვიადი შეუყვარდა. ასეა შვილო, სიყვარული ბრმააო, ამბობენ. რა მოეწონა მაგ გაღლეტილში, არ ვიცი. ახალგაზრდები ჰორმონებით ფიქრობენ. რა ნახა ცხოვრებაში? არც არაფერი. ამ სოფელს არ გაცილებია საწყალი. ვეუბნებოდი... - მედიკო რა შუაშია იმ გოგოს მკვლელობასთან? - ვიცი რომ უზრდელობაა მოსაუბრეს სიტყვას რომ აწყვეტინებ, მაგრამ თავი ვეღარ შევიკავე. მანანა ბიცოლამ გაოცებისგან აწკიპა ფანქრით დახატული წარბები და მივხვდი რომ ზედმეტი წამომცდა. - მკვლელობასთან? - არა... რა ვიცი, ნინომ მითხრა... გარდაცვლილი იპოვესო, თუ... შეცდომებით გავიგე? - - სხვათაშორის ვკითხე და შეციებული ყავა მოვსვი. ნინო მალე დაბრუნდებოდა უკვე, ცოტაც უნდა გამეძლო. მანანა ბიცოლა საქმიანად გასწორდა სკამზე და მისმა სიტყვებმა პირთან მიტანილი ჭიქა ხელში გამიშეშა. - მაგაზე აქამდე არ მიფიქრია, სიბერეს რა ვუთხარი, გამომაბენტერა. შეიძლება მართალი იყო, შვილო. ეგ გოგო გზასაცდენილი იყო და ადრე თუ გვიან მასე დაამთავრებდა სიცოცხლეს. მე მედიკო მეცოდება. ამბობს, ერთი თვის წინ დავალაგე სახლიო, მაგრამ წიწილებს შემოდგომით ითვლიან. ვნახოთ ექსპერტები რას იტყვიან, თუ თვეზე... - ვინ გოგო? იცნობდით? - მანანამ ისე შემომხედა, თითქოს მეკითხებოდა, მე ვის არ ვიცნობო. - ნახეთ ცხედარი? - რა ნახვა უნდოდა, ანა, შვილო. ევგენის სახლში ერთი მედიკო მიდის და მეორე ევგენის გერი. აბა, სან-ფრანცისკოდან ხომ არ ჩამოვიდოდა სტუმარი კორახაანთ სახლში საცხოვრებლად? - მღელვარების დასაფარად ყავის ჭიქას ჩავაფრინდი, ხმის ამოღება, კითხვის დასმა არ მჭირდებოდა, იმაზე უფრო მეტს ამბობდა, ვიდრე ვიფიქრებდი. - სადღაც, 25-30 წლის გოგონა იყო ელზა, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული, შავთმიანი, მაღალი, გამხდარი და... ნარკომანი. მახსოვს... - რა იცით რომ ნარკომანი იყო? მედიკომ იცოდა რომ ელზა მაგ სახლში ცხოვრობდა? - არა, შვილო, კი არ ცხოვრობდა, ხანდახან მოდიოდა ხოლმე. მედიკო იფიცება, არ ვიცოდიო... - და, აბა, თქვენ საიდან იცით? - გადავირიე, ევგენის გერი იყო ლიზა და კამალიამ არ იცოდა? ლიზა სტუმრობდა ამ სახლს და კამალიამ არ იცოდა? არ ვიცი, თავი როგორ შევიკავე რომ არ წამოვხტი და კამალიასთან არ გავიქეცი. „საერთოდ, რა ხდება?“ მხოლოდ ეს კითხვა მიტრიალებდა თავში. - რას ჰქვია, საიდან ვიცი? - შეიცხადა მანანა ბიცოლამ. - ევგენი ჩემ ხელშია გაზრდილი, შვილო, ომარის ნათლულია. კარის მეზობლები ვიყავით, პურსაც კი ერთად ვჭამდით. განა დღეს როგორი გადაგვარებულიცაა ხალხი, მაშინაც ასე იყო. არა, შვილო, მაშინ მეზობლობა... - რა იცით ლიზას შესახებ? საიდან იცნობდით? ან საიდან იცით რომ ნარკომანი იყო? - ლიზა თუ ელზა, კაცო? ნუ დამაბნიე. - უკაცრავად, ელზა. - მანანამ თვალები მოჭუტა, ნიკაპი მოიფხანა და აბუტბუტდა - გოგიაანთ შალომ ცოლი რომ მოიყვანა, მაგ დღეს ჩამომივიდა წყალი. ეგ დღე იყო უეჭველად, რადგან გელას არ ეცალა ჩემთვის, ქორწილში მიდიოდა და მე მომიწია ხელოსნის გამოძახება. უი, ჩემი სიკვდილი! - შესძახა აღელვებულმა მანანა ბიცოლამ და ნაქსოვი ხელჩანთა გახსნა. სათვალე ცხვირზე დაისკუპა და მობილური ამოიღო. ჯერ უყურა, ეწვალა და ბოლოს მოწიწებით გამომიწოდა - შენს გაზრდას, შვილო, თუ არ შეწუხდები, დარეკილები მონახე მენიუში და ბოლოდან მესამე ნომერზე გადამირეკე, სასწრაფოა! ეგ ამბავი ჯერ ერთი თვისაც არაა და შემიძლია დავამტკიცო. - მობილური ჯერ კიდევ დაბნეულმა გამოვართვი. ერთბაშად ამდენმა ინფორმაციამ და ამდენმა კითხვის ნიშანმა საერთოდ დამიკარგა აზროვნების უნარი. - რა არ არის ერთი თვის ამბავი? შალოს ქორწილი? - ელზას სიკვდილი, კაცო. - ჩაილაპარაკა მანანამ და მობილური გამომართვა - დავით, გენაცვალე, მანანა დეიდა ვარ. - იმხელა ხმაზე ჩასძახა, სკამზე შევხტი. პაპამაც ასე იცოდა. ნახევარ მეტრზე ვწევდით ხოლმე მობილურს რომ არ დავყრუებულიყავით. - დავით, გესმის? - ჯერ არ უპასუხია, მანანა ბიცოლა. ზარი გადის... - ვუთხარი დელიკატურად. ვიღას ახსოვდა კამალია. ჩემთან იჯდა ქალი, რომელიც ლიზას იცნობდა და რომელიც ამტკიცებდა რომ ერთი თვის გარდაცვლილი არ იყო. შეუმჩნევლად ვიჩქმიტე ბარძაყზე. მეღვიძა, თუმცა ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სიზმარში ვიყავი. არ ვიცი ვინ იყო დავითი, მაგრამ მან არ უპასუხა და მეც ტუზი დამეცა. საუბრისთვის მომართულ ქალს ერთადერთი მსმენელი ჰყავდა ჩემი სახით. - მანანა ბიცოლა, წყალი ჩამოვიდა, დაგეტბორათ სამზარეულო, გამოიძახეთ ხელოსანი, შემდეგ რა მოხდა? - ხელოსნებთან საქმის დაჭერას, ეშმაკებთან დაიჭირო საქმე, გირჩევნია. ჩემს მტერს! ერთი საათის საქმეს მთელი დღე უნდებიან. ეგეც, თუ მოვიდნენ საერთოდ. ესეიგი დავურეკე არტურას, უდარდელამ მიქო ძალიან, მაგას აბანო გაურემონტა ნორმალურ ფასად. თვითონ მითხრა 760 ლარად ვიყიდეო, მარა მაგას დამაჯერებდა ამხელა ქალს? თავიდანვე არ მომეწონა ხარისხი, ჩემ გოგოს... აი, ისევ გადავუხვიე თემას. ვიცი შენ რაც გაინტერესებს, მაგრამ რა ვქნა შვილო? საუბარს მონატრებული ვარ და თავი შეგაწყინე... - არა, რას ამბობთ, პირიქით. - თავი გამოვიდე და გეზი მივეცი - საიდან იცით რომ ერთი თვე არაა, რაც ელზა გარდაიცვალა? - ხოდა მეც მაგას გეუბნები, უდარდელამ მომცა-მეთქი არტურას ნომერი. დავურეკე და მითხრა, ორ-სამ საათში მოვალო. გავიდა ეს სამი საათი, არა და არ იქნა იმ ოხერის მოსვლა. ვურეკავ, აი გზაში ვარ. ვურეკავ, აი შემოვედი სოფელში, ვურეკავ, აი მოვედი. გავედი მეც ქუჩაში, შვილო. კი ავუხსენი სადაც უნდა მოსულიყო, მაგრამ ერთი დაბდურა ჩანდა და ვიფიქრე, ემანდ, სხვასთან არ შევიდეს-მეთქი. ველოდები ხელოსანს და რას ვხედავ, ნუკრიას ჭიშკართან ევროპული მანქანა დგას. შავი ჯიპი... - შავი ჯიპი არც თუ ისეთი იშვიათობაა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ მე მაინც ოფლმა დამასხა - ...კაცო, ვფიქრობ, ნუკრიას ვალებში თავი არ უჩანს, ჯერ მარტო მაღაზიაში 300 ლარამდე აქვს ვალი და პურსაც აღარ აძლევენ ნისიად, განა როგორ გამდიდრდა ერთ კვირაში ისე რომ ახალი მანქანა იყიდა-მეთქი. - იქნებ სტუმრის მანქანა იყო? - უყურე შენ, რა ჭკვიანი გოგო ხარ. მეც ეგ ვიფიქრე, შვილო და საქმეც მაგაშია. ის მანქანა ნუკრიას სტუმრის არ იყო. ეზოს კარები მავთულით იყო გადაკეტილი. ესეიგი, ნუკრიაანი სახლში არ იყვნენ და სტუმარი უმასპინძლო სახლში არ შევიდოდა. მაგრამ მანქანა ხომ არ მომეჩვენებოდა? არა, მასეც არ გამოვბრუტუნებულვარ ჯერ. ხოდა, მივხვდი რაშიც იყო საქმე. - რას მიხვდით? - მანქანის პატრონი ან ელზა იყო, ან ელზას კავალერი. ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როდესაც უცხო მანქანა გამოჩნდა ჩვენს მეზობლად და ჩვენ არ გვეკუთვნოდა. დამიჯერე შვილო, ფანჯრიდან ყურების მეტს რას ვაკეთებ, რა საქმე მაქვს? - ვერ გავიგე, რა შუაშია... რატომ ფიქრობთ რომ ის მანქანა ელზას ეკუთვნოდა? რატომ გააჩერებდა მანქანას სხვის სახლთან? - ეს ქალი ან ყურადღების მისაქცევად იგონებდა ამ ყველაფერს, ან ეჩვენებოდა რაღაცეები და თვითონაც ვერ ხვდებოდა. - იმიტომ რომ იმალებოდა. ფსიქოტროპული წამლები ადამიანს აგიჟებს, ანა შვილო, მაგის მეტი რა ვიცი და რა მინახავს, ჩემი ქმარი ანესთეზიოლოგი იყო და ჩემი გელას ნათლია ნარკოლოგი. მანქანას იმიტომ არ აჩერებდა სახლთან რომ ვინმეს არ შეეწუხებინა, ან იმიტომ რომ პოლიცია არ დასდგომოდა... - მივხვდი რომ მანანა ბიცოლა ცოტა ვერ იყო დალაგებული და გული დამწყდა. სათუო იყო მისი დაჯერება. სახელიც არ იცოდა ნორმალურად და მანქანებზე რასაც ამბობდა, საერთოდ ლოგიკას მოკლებული იყო. ბოდვა იყო. - რა იცით რომ ელზა ნარკომანი იყო? - მოგახსენებ ახლავე, ჯერ წყალი დამისხი თუ არ შეწუხდები... საიდან ვიცი და ერთი საღამოცაა, კარებზე მიკაკუნებენ. რომ არ მოგატყუო, სტუმრის მიღების დრო არ მქონდა, სერიალს ვუყურებდი. თავიდან წავუყრუე, ვიფიქრე, რეკლამის დროს გავიდოდი, მაგრამ რომ არა და არ შეწყდა კაკუნი, მეტი გზა არ დამრჩა და გავხედე. მაშინ პირველად და უკანასკნელად ვნახე ეგ საცოდავი. ისე იყო, ფეხზე ძლივს იდგა. ატორტმანებდა... თავიდან ნასვამი მეგონა, რადგან ალკოჰოლის სუნი ვიგრძენი. სახეზე ხვითქი გადასდიოდა, თმაც სველი ჰქონდა. საშინელი სიცხეები იდგა და თავიდან ყურადღება არ მივაქციე მაგას, მხოლოდ მოგვიანებით, მარილი რომ გავუტანე, მერე მივხვდი... - რა გაუტანეთ? - რა მარილი, რა ალკოჰოლი... საერთოდ, ერთ ადამიანზე ვსაუბრობთ? გავიფიქრე და კიდევ ერთხელ განმიმტკიცდა ის აზრი რომ ტყუილად ვუსმენდი. - მარილი მთხოვა. ევგენის ოჯახის წევრი ვარ, პატარა წვეულებას ვაწყობთ, მწვადებს ვწვავთ და მარილის ყიდვა დაგვავიწყდა. მაღაზია დაკეტილი დაგვხვდა და მარნეულშო რომ არ წავიდეთ, თუ გაქვთ, ცოტა მომეცითო. დავუჯერე... - ჩაილაპარაკა ნაღვლიანად და გაჩუმდა. - მარილს თეფშე რომ ვყრიდი, მაშინღა დავფიქრდი, ამ სიცხე-პაპანაქებაში გრძელსახლებიანი ჟაკეტი ეცვა. სცხელოდა, განა არა სცხელოდა, სულ სველი იყო, მაგრამ მაინც გრძელსახლებიანი ეცვა. რატომ? მწვადის სუნი არ მეცა, არც საღამოს, არც ღამე. თან მარილი მთხოვა... და მაშინ მივხვდი უკვე რაშიც იყო საქმე. რომ გავედი, კარებშივე დავდექი და თეფში ისე დავიჭირე, თვითონვე რომ გამოეწვდინა ხელი გამოსართმევად. - მანანას გააკანკალა და ისევ გაჩუმდა. ვუყურებდი მის შეკრულ კოპებს და უკვე აღარ ვფიქრობდი რომ ბოდავდა - ხელი გამოიშვირა თეფშის გამოსართმევად, სახელო სულ ოდნავ აეწია, შვილო, სულ ოდნავ. მაგრამ ჩემნაირი ბრუციანისთვისაც კი საკმარისი აღმოჩნდა რომ დამენახა... კიდევ სცადე დარეკვა, ანა, შვილო, დაგღალე... - სინანულით მითხრა მანანა ბიცოლამ და ისევ მომაწოდა მობილური. - როგორ გეკადრებათ. და რა დაინახეთ? - პასუხი უკვე ვიცოდი. - ნანემსრები. დავითმა არც ამჯერად გვიპასუხა. არადა, მანანაზე მეტად მე მინდოდა ეპასუხა. დავითი გამომძიებელია, რომელმაც კამალიას მთელი ოჯახი განყოფილებაში წაიყვანა დასაკითხად. თამარს ვაჭამე, ნინოს ვუთხარი რომ წიგნის წასაკითხად ავდიოდი საძინებელში, რამდენიმე აბი დამაძინებელი დავლიე და დავწექი. . . . - ანი, საყვარელო, მოდი, მომიჯექი გვერდით და კომფორტულად მოეწყე. მინდა მოგიყვე იმ უჩვეულო დღეზე, როდესაც თვალები გავახილე და პირველად განარკოტიკებულ ცხოვრებაში, დილა ამფეტამინზე ფიქრით არ დავიწყე. დიდებულად ვისაუზმე. ბებიის შეკაზმული ჭინჭარი ნეტარებით მივირთვი და ცხელი ყავაც დავაყოლე. არაფერი მოუხდებოდა იმ დღეს ისე, როგორც დახეული ჯინსები, მაგრამ ჩემი კლასიკური გული რა ვთქვი, მაინც შავ პერანგსა და შავ ქვედაბოლოში გამოვეწყე. შინდისფერი, დაბურული ტუჩსაცხი წავისვი და ღია თავთუხისფერი თმები... - შენ ხომ, შავი ფერის თმა გაქვს? ვეკითხები გაოცებით და კორახაშვილების სამზარეულოში გაზზე დადგმულ ჩაიდანს ცეცხლს ვუნთებ. ამჯერად, შავი კაბა აცვია. ლამაზ ქვრივს გავს, რომელმაც მემკვიდრეობის მისაღებად ასაკიანი, მდიდარი ქმარი მოწამლა და ახალგაზრდა საყვარელთან ვნებიან მომავალს გეგმავს. ჩემს კითხვაზე თვალებს გაოცებით აფართოებს, მშვიდად აგრძელებს შაქრის ჭიქებში გადანაწილებას და რომ ამომხედავს, ისევ ის მზაკვრული ღიმილი ეფინება სახეზე, რომელიც მუდამ მაშინებს. - ისტორია ჩემია და ფერებსაც თვითონ ავირჩევ. - მპასუხობს რბილად და ყავას ნეტარებით ყნოსავს - მიყვარს ყავის მარცვლების სუნი, ბავშვობას მახსენებს. იმ დროს, როდესაც ჩუმად ვეპარებოდი მაგიდაზე დარჩენილ ჭიქებს და სანამ სტუმრების გასაცილებლად წასული დედა დაბრუნდებოდა, თითებით ვტლიკავდი ნალექს. - რამდენიმე წამი თვალებში ვუყურებთ ერთმანეთს... აღარ ვაპირებ დავუთმო და ჩემი გამაქვს. ლიზა ფარხმალს ყრის და ისეთ გამომეტყველებას იღებს, თითქოს დედაა, რომელმაც ხელი ჩაიქნია მცირეწლოვანი შვილის საქციელზე და უსიტყვოდ, საყვედურების გარეშე კრეფს ძვირადღირებული ლარნაკის ნატეხებს. - კარგი, ჯანდაბას შენი თავი. ყოველთვის მინდოდა თმის ქერად შეღებვა, მაგრამ ვერ მოვასწარი. მოკლედ, შავი თმა შუბლიდან გადავიწიე... - პაციენტი ნომერი 13 მე ვარ? - მან უაზრო თვალებით ამომხედა. ისეთი ცარიელი გამომეტყველება ჰქონდა, როგორც თოჯინას. ცოტა ხანი მიყურა და ბოლოს მკითხა. - ასეთი დებილი... როგორ ხარ? - შეურაწყოფისგან და წყენისგან ხმა ვერ ამოვიღე. მომინდა ცხელი ჩაიდანი შემომერტყა ცხვირ-პირში. - ეგ არ ქნა! - კბილებში გამოსცრა ლიზამ და ისეთი ბოროტი თვალები შემომანათა, სკამს შევეზარდე. - თუ კიდევ ერთხელ გაბედავ და შემაწყვეტინებ, ლოგინში გაახელ თვალს ოფლის სუნად აყროლებული. - გამაფრთხილა იმ ალქაჯმა და მეც იაფად შეძენილი ცხვარივით, თვინიერად დავუქნიე თავი. - სახლიდან მშვენიერ განწყობაზე გამოვედი. დიდებული ამინდი იყო. რამდენიმე წამით მივუშვირე მზის სხივებს სახე და ხარბად შევისუნთქე გაზაფხულის დილის ჰაერი. თვალები მანქანის სიგნალმა გამახელინა. ის უკვე მოსულიყო და მელოდებოდა. სანამ გზას გადავჭრიდი, ვიღაცამ დამისიგნალა და ცერი ამიწია. მართალია, გაზეთილთმიანი ჯეელი იყო, რომელიც გაჭრილი ვაშლივით გავდა შიმპანზეს, მაგრამ მაინც მესიამოვნა და მეც კიდევ უფრო შევანელე ნაბიჯი რომ მანქანებისთვის გზა გადამეღობა. ერთ რამედ ღირს, როდესაც კაცების აღტაცებულ, მოხიბლულ, გამოთაყვანებულ სახეებს ხედავ. შეიძლება, ვიღაცას სულელურად და სახიფათოდ მოეჩვენოს, მე კი გადასარევად ვერთობი, როდესაც გზაზე დაუდევრად გადავდივარ. ვიცი რომ ისინი აუცილებლად დაამუხრუჭებენ და აღგზნებულ ღიმილს გამომაყოლებენ. ისიც მართალია რომ დაუდევრად არ გადავდივარ და წინასწარ ვაკვირდები, საჭესთან ვინ ზის. თუ მძღოლი ქალია, კანონმორჩილივით ვშეშდები ტროტუარზე ან ზებრაზე, რადგან ჩემი სექსუალურობა მათთან არ ჭრის და სურვილი არ მაქვს სიცოცხლე მანქანის სახურავზე, ბაყაყივით მიჭ....ტილმა დავასრულო. გადაჭარბებული დოზაც მეყო, არა? - ისე გამოიყურები, შეიძლება უფასოდაც კი მოგვემსახურონ მუშები. - მითხრა თვალებგაბრწყინებულმა ლუსიმ და თავიდან ფეხებამდე შემათვალიერა. - ზღაპარია. დაიმახსოვრე, კაცები არასოდეს არაფერს გიკეთებენ უფასოდ. ლარიან ყავასაც იმიტომ გასმევენ რომ ერთხელ მაინც მოგიფათურონ ხელი. აბა, რას შვრები? ხარ ხოდზე? - შენი შემხედვარე, ხოდზე კი არა, მთებს გადავდგამ. - მითხრა მხიარულად და დიდი ხნის უნახავივით გადამეხვია. - მაღლებით აპირებ მუშაობას? - კომფორტულია. - დავამშვიდე და ჩანთიდან დღიური ამოვიღე. ორ დღეში ხელფასი უნდა გადამეხადა ხელოსნებისთვის. ასე ვიყავით შეთანხმებული. ელექტრიკს უკვე დამთავრებული ექნებოდა საქმე. რჩებოდა მხოლოდ კოსმეტიკური რემონტი, რომელსაც თვითონ მივხედავდით და ინვენტარი. - ჭურჭელზე რა ქენი? - რა ხანია შევუკვეთე, ფულს ელოდებიან. გოგო... - არა! - მოკლედ მოვუჭერი და სიის შესწავლა გავაგრძელე. ვიცოდი, რაც უნდა ეთქვა და წინააღმდეგი ვიყავი. - დღეს გვექნება ფული და არ დაგვჭირდება მამაშენის გაქურდვა. - გაქურდვა რატო... - ლუსი, გთხოვ, ამაზე ხომ ვისაუბრეთ უკვე. გეგმის მიხედვით ვიმოქმედოთ, კაი? ნახატებზე რა ხდება? - საბარგულში აწყვია. დანარჩენს საღამოს მოიტანს ჩემი მეგობარი. შევპირდი რომ ერთი თვის განმავლობაში უფასოდ მოვემსახურებით. - აუცილებლად. - ვუპასუხე დაბეჯითებით და ისევ საქმეს მივუბრუნდი. მაგიდის დიზაინი უკვე შერჩეული გვქონდა. მხოლოდ მასალა ვიყიდეთ და აკადემიის სტუდენტები უფასოდ გვიკეთებდნენ. თავდაპირველად, ფასზე დავუწყე საუბარი და ვთხოვე რომ ცოტა დრო მოეცათ. საერთო მეგობრები გვყავდა და მაშინვე დამთანხმდნენ. შემდეგ კი, როდესაც მოისმინეს ბარის დანიშნულების შესახებ, დამირეკეს და მითხრეს რომ ფულს არ აიღებდნენ. სანაცვლოდ ერთ საღამოს ითხოვდნენ, უნდოდათ რომ ბარში ქანდაკებების გამოფენა მოეწყოთ და მეც დიდი ენთუზიაზმით დავთანხმდი. ეგ კი არა, შევთავაზე რომ ხშირად მოაწყონ გამოფენა-გაყიდვა. ერთი სიტყვით, ისინიც კმაყოფილები დარჩნენ და მეც. მინდოდა რომ ყველაფერი ორიგინალური ყოფილიყო და ყავის დასალევად შემოსული სტუმარი, მთელი დღით დარჩენილიყო ჩვენი სახლის სილამაზით დატყვევებული. მაგიდების ერთი ნაწილი მაღალფეხიანი იქნებოდა, მეორე ნაწილი კი დაბალფეხიანი რომ პუფები შემოგველაგებინა გარშემო. ახლა იმაზე ვფიქრობდი სანთლები მოუხდებოდა, თუ ელექტრო ლამპები. - ლიზა! - ლუსიმ ისე დამიყვირა, შეშინებულს კალამი გამივარდა ხელიდან. - ჯანდაბა, რა გულს მიხეთქავ? - მესამედ დაგიძახე უკვე, რაღაც მანქანა მოგვყვება და ძაღლები ხომ არ არიან? - იყვნენ მერე, რას გიშავებენ? შენც ფაქტით არ მოძრაობდე. - ვუთხარი გაღიზიანებულმა და ისევ დღიურს მივაჩერდი. „დასაწყისისთვის ერთი მიმტანიც საკმარისი იქნებოდა, მაგრამ პრობლემა ის იყო, საზოგადოება როგორ მიიღებდა ტრანსგენდერ... - ვმოძრაობ... - „მიმტანს. ნუკრის მზარეულობაც ეხერხება და იქნებ, უკეთესი იყოს, სამზარეულოში გავამწესო? ვიცი, ვიცი კი არა, დარწმუნებული ვარ, ეწყინება...“ - გესმის? უეჭველი ჩვენ მოგვყვება... - დაიკიდე-მეთქი. სუფთები ვართ. – „მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ტრანსგენდერი დღევანდელ თბილისში...“ - არ ვართ სუფთები... - კაი. - „...არც თუ ისეთი ჩვეულებრივი მოვლენაა“. - რა?! - ფრთხილად გავაპარე თვალი მარჯვენა სარკისკენ და პულსი ამიჩქარდა. შავი „შკოდა“ ნამდვილად გავდა იურისტების... ჯანდაბა! მენტების მანქანას. ბედის ირონია, რამდენი თვის ფხიზელი, „გამოჯანმრთელებული“, რა დროს მიწია ცოდვებმა, ჰმ, ღმერთები დამცინოდნენ. - რა გაქვს და სად... - ოღონდ, არ გაბრაზდე. გთხოვ, მაპატიე... - მითხრა ათრთოლებული ხმით ლუსიმ. ტირილამდე აღარაფერი აკლდა. - მე ჯანდაბას. მთავარია, ისინი არ გაბრაზდნენ. - ისეთი გამწარებული ვაკრაჭუნებდი კბილებს, მიკვირს როგორ არ ჩამომემსხვრა. - სად გაქვს? - ჩანთაში მიდევს. მაპატიე, გთხოვ, მინდოდა გამეხარებინე და... - ჩანთა აკანკალებული თითებით გავხსენი - ბასიანზე გავაძრე, ჩემი ახლობელი ყიდიდა... - სად დევს? - ...თან, ჯიგარი ტიპია და ცოტა მიპადარკა... - სად დევს? - ვუყვირე იმაზე ხმამაღლა, ვიდრე ვაპირებდი და ძალიან მეტკინა ყელი. ვგონებ, რაღაც ჩამწყდა. - ნუ მიყვირი. - ჩაიჩურჩულა ლუსიმ და ტირილი ამოუშვა. - მაპატიე, დროზე მითარი, სად დევს? - შკოდამ ფარები აგვინთო, მანქანის გადაყენებას გვთხოვდა. - ლიზ, გაზს დავ... წვები და... - დამშვიდდი, დამშვიდდი, საყვარელო. ჩვენ ყველაფერი კარგად გვაქვს. სასწრაფოდ მომეცი და მანქანა გადააყენე. - „ლუს 002 გადააყენეთ მანქანა“ - გაისმა საძულველი დიქტოფონის ხმა და სისხლი მომაწვა. „ბასიანი“, „მიპადარკა“, აშკარად ჩაშვებულები ვიყავით. ვერ გადმოვცემ რა ვიგრძენი, რადგან თუ არ გამოგიცდია, ვერ მიხვდები. აპოკალიფსი, სამყაროს დასასრული... მომინდა მწვანე თმაში ჩამევლო ხელი და სიკვდილამდე მიმეყვანა. ვაი რომ ეგ უარესი იქნებოდა. ლუსიმ ხავერდის პატარა კოლოფი ამოიღო, ისეთი, იდიოტური გამომეტყველების ყმაწვილი მუხლებზე დაჩოქილი რომ უწვდის პირველ ღამეზე მეოცნებე გოგოს და ცოლობას... ამის დედაც! აგრესიის კონტროლის თავი არ მაქვს. რა დამიშავეს წყვილებმა, ეს მე ვარ, რომელსაც ყველა ეტრფის, მაგრამ ცოლობას არავინ სთავაზობს. - ესაა ცოტა? - აღმომხდა გადარეულს. სუფთა სისხლი, სუფთა შარდი და ამხელა ფაქტი... ეს უკვე ბარიგობის მუხლს გავდა. ან ვინ სთხოვა, რამე გამიჩითეო, ეს გოგო მეღადავებოდა. - რას აპირებ? - მკითხა ხაფანგში გაბმული ვირთხის თვალებით და ის საძულველი ხმაც კიდევ განმეორდა. - ცრემლები მოიწმინდე და ახლავე გააჩერე მანქანა. - ვუთხარი ცივად. - გადააგდე გთხოვ. გაზს დავაწვები და გადააგდე, მაგის დედაც! მაგის გამო 15 წელი... - მოკეტე და გადააყენე მანქანა. - ლიზ, გთხოვ, გადააგდე... - ახლა მეუბნები მაგას, როდესაც დავინახე? - დავკივლე გაავებულმა და ისე ძლიერად მოვუჭირე მკლავზე, მე მეტკინა თითები. - გააჩერე მანქანა, ამის დედაც! და დაიმახსოვრე, რომ ვკვდებოდე, სისხლისგან რომ ვიცლებოდე, ყველაფერს გადავაგდებ, ყველას დავთმობ, მაგრამ ამას არა! - და პირში ჩავიდე. ვინ უთხრა საჩუქარი გამიკეთეო, ვინ სთხოვა? ეს როგორ გამიკეთა? იცოდა, ოთხი თვე და 27 დღე იყო, რაც ფხიზელი ვიყავი... ამ წყეულ ლურჯ ცხოვრებაში პირველად გათენდა, როდესაც ეშმაკს სიამაყით გავუსწორე მზერა და ის თავისი საყვარელი, ცეცხლოვანი ვაშლი შიგ ხახაში ჩავთხარე! ჩემი სიკაშკაშით დაბრმავებული, საწყალი იმბეცილი კოჭლობით გახოხდა და უმწეოდ მოიბუზა, როგორც ყინვაში გამოსული უკლიენტო მეძავი. ახლა კი... ყურებში ჩამსისინებს მისი საზარელი ხმა და აღგზნებული სატრფოსავით ჩურჩულებს, „ლიზა, ძვირფასო, შენ ისევ მე მეკუთვნი“. მანქანა გააჩერა. დირექტორის კაბინეტში დაბარებული, დამფრთხალი ბავშვივით გადმომხედა, რომელსაც მასწავლებლის სკამზე ჭიკარტების მიწებება ბრალდება და კიდევ ერთხელ ჩაილაპარაკა. - მაპატიე, ჩემია და მე ვაგებ პასუხს. - ფეხი ფეხზე გადავიდე, კაბის კუთხე ოდნავ ამოვიწიე მაღლა, სურნელოვანი ზეთით გაპრიალებული ფეხების გამოსაჩენად. თმა თითებით ავიწეწე, ლოგინიდან ახალწამომდგარს რომ დავმსგავსებოდი. ვიცი, რა შეგრძნებებს გამოვიწვევდი ასეთი, ვითომ დაბნეული, სულელი გოგონას შტერულად გაფართოებული თვალებით და ცოტა დავმშვიდდი. გინდაც ჩაშვებული ყოფილიყო ლუსი, მაინც გავაცუცურაკებდი კანონდამცველ ძიას, მაგრამ რაღაც ძალიან უიღბლოდ განვითარდა მოვლენები და ვაითუ, ქალთმოძულე ყოფილიყო ძია მენტი? ან გეი, სულაც, მდედრი? იესო, მუჰამედ, კრიშნა, ბუდა, იეღოვა, შივა... გევედრებით, ამ ერთხელაც გადმომხედეთ და გპირდებით, ამიერიდან უფრო ჭკვიანურად მოვიქცევი. მანქანის კარი გაიღო და გადმოვიდა. დავინახე მისი სახე. სათვალე ეკეთა, მაგრამ გონებით მაინც ვხედავდი მის თვალებს. კრიტიკულ მომენტშიც კი დოჩანაშვილის უკვდავი პერსონაჟი, ღმერთ-კაცი პერსონაჟი გამახსენდა თავისი უჩვეულო შედარებებით, „გავძეხი“. არა, ის ვინც ჩვენკენ მტკიცე ნაბიჯით მოემართებოდა, გამაძღარს არ გავდა. ის უფრო გაუმაძღარს გავდა და სხეულის ყველა წერტილით გადმოგვცემდა, „მე უძლეველი“. ასეთი პოლიციელი სერიულ მკვლელზე სახიფათოა ჩემთვის, უშეცდომო და უდრეკი. ასეთს სულ სტრიპტიზი რომ უცეკვო და ფეხები გადაუშალო, მაინც დაგადებს ბორკილებს და მანქანაში უდრტვინველად ჩაგტენის. ასეთი საკუთარ ძმასაც დაუფიქრებლად ჩასვამს ციხეში... კანონის სახელით და ღამე ტკბილადაც დაეძინება. რატომ? იმიტომ რომ ასე სწამს. ის ღრმად დარწმუნებულია რომ სამყაროს გაკეთილშობილებაში წვლილი შეაქვს. ხანდახან... თუ ეჭვმიტანილს ყბაში მოსდებს, მაშინაც მართალია, რადგან... უზენაესი კოდექსის სახელით ხელმძღვანელობს. ერთი სიტყვით, ის იმდენად მაგარია რომ ეპატიება თუ სიგარეტის ნამწვს ქუჩაში მოისვრის, როგორც ეს ამ წამს გააკეთა. ღვედის გადაჭერაც არ სჭირდება, ისედაც კარგად ატარებს მანქანას, არა? - დილა მშვიდობისა, მოქალაქევ, წარმომიდგინეთ საბუთები. - ზედაც არ შემოუხედავს. ის უფრო ცივი და შეუვალია იყო ჩვენთვის, ვიდრე ტიტანიკისთვის აისბერგი. „ციხეს ვერ აცდი“, წამისისინა გველმა. არაუშავს, წიგნებს მაინც წავიკითხავ, დავუკივლე მეც გულში და რადგან თავისთნ უფრო ვჭირდებოდი, საზარელი ხერხი შემომთავაზა, „გადაყლაპე“. - რამე დავარღვიეთ ბატონო? - მშვიდად ჰკითხა ლუსიმ. რაც არის, არის. გადავყლაპავ, უკანასკნელად მაინც მივიღებ სიამოვნებას. ვენაში ხომ არ ვუშვებ და შეიძლება არც მოვკვდე-მეთქი, გავიფიქრე და... ჰმ, როგორ გინდა, მოზრდილი ქლიავისხელა ბურთი გადაყლაპო წყლის გარეშე? წყალიც ვერ მიშველიდა. მავთული უნდა ჩამეთხარა პირში თუ მინდოდა, როგორმე ჩამეტენა საყლაპავ მილში. ოფლმა დამასხა და ახლაღა შევხედე უძლეველ რაინდს. ახალმა აზრმა ლამის გულ-მუცელი გამომიფატრა. მას არც ფორმა ეცვა, არც ჟეტონს გვაჩვენებდა და ჰქონდა კი ჩვენი გაჩერების უფლება? არ ვიცი, ლუსის სიტყვები რას დავაბრალო, გონება გაეხსნა და თვითონ მივიდა მაგ დასკვნამდე... გამიგია, შეშინებულ ადამიანს ისეთი შეუძლებელი რამ ჩაუდენია, რასაც ახსნა არ მოეძებნება. აი, მაგალითად, ჩემს მეზობელ გივის ძაღლი გამოეკიდა და შეშინებული სამ მეტრიან გალავანს გადააფრინდა. არ ვიცი, იქნებ, შიშისგან ტელეპატიურმა ნიჭმა იფეთქა და პატარა მეგობარმაც ჩემს თავში მოფარფატე კითხვა გააჟღერა. საქმიანად მიმართა. - თქვენ, ბატონო, არც პატრულის მანქანიდან გადმოსულხართ, არც ფორმა გაცვიათ და გაქვთ კი ჩვენი შეყოვნების უფლება? - წამომიდგინეთ საბუთები! – ჩემზე რამდენიმე წლით უფროსმა კაცმა შეუვალი ტონით გაიმეორა ეგ საძულველი წინადადება (ჭირს და სიკვდილს უფრო დიდი სიამოვნებით წარმოგიდგენდი, მივაწყევლე გულში) და დემონსტრაციულად გადაიღეღა შავი პიჯაკი. ქამარში გარჭობილი ცივი იარაღის დანახვამ ნოკაუტში ჩამაგდო. ნეტავ, ისე უხერხულად დაჯდებოდე რომ შემთვევით სასხლეტზე გამოგეკრას თითი და ფეხებშუა ორგანო გაგეგლიჯოს, მაინც ვერაფერში იყენებ. მეწვია ბოროტი აზრი. არა, რადგან ზედ არ შემომხედა, მაგიტომ არ ვამბობ.. უბრალოდ, იმპოტენტი იყო და მორჩა! ან არ იყო... ჯანდაბა, აშკარად იმპოტენტი იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთხელ მაინც გამოაპარებდა თვალებს ფეხებისკენ. ლუსიმ აკანკალებული თითების დამორჩილება სცადა. ვიცოდი იმ წუთს რა ცეცხლიც ტრიალებდა მის გულში, მაგრამ მაინც კარგად ეჭირა თავი. უტვინო თავი დიდად ნასიამოვნებმა დაუქნია, აქაოდა, ახლა გასაგებიაო. მხრები აიჩეჩა, რა პრობლემააო და სარკის ჯიბიდან მართვის მოწმობა და მანქანის პასპორტი ჩამოიღო. - ლიზა! შე კაიფის ქალღმერთო და ნარკომანების მფარველო ანგელოზო, რას შვები? - მოულოდნელობისგან კინაღამ შევყვირე და ნარკოტიკიც გადმოვაფურთხე. იმაზე უფრო შეშინებული ვიყავი, ვიდრე იარაღის გადატენის ხმაზე გაღვიძებული კაცი, რომელსაც თავზე ნიღბიანი ადგას და შუბლზე ცივი ლულა ეხება. ის არაადამიანი, კვაზიმოდოზე ბევრად მახინჯი... უფრო სწორად, სულით მახინჯი ეყრდნობოდა მანქანას და იმაზე უფრო ცბიერად მიღიმოდა, ვიდრე 1960 წელს გადაღებული „ფსიქოდან“ პერკინსის პერსონაჟი. წყეულიმც იყავ, უკუნითი უკუნისამდე, ამინ! გულით ვუსურვე და ვცადე გამეღიმა. - როგორ ხარ კნუტო? - თავი მართლაც დანაშაულში გამოჭერილ, კუთხეშე მიმწყვდეულ კნუტად წარმოვიდგინე, რომელიც მაცდურად გადიდებული თვალებით ასცქერის პატრონს და არწმუნებს რომ მას არ გაუტეხავს რძის ქილა. არა, მაგას როგორ იზამდა? ის კი არ იცის რომ ულვაშებზე რძის წვეთები შერჩენია და ლევანიც უფრო ახლოს იწევა ჩემთან. - უცოდველი ადამიანის კვალობაზე, ზედმეტად ხო არ გასხამს ოფლი, ჰმ? - მკითხა მან ღიმილით და თითები სახეზე ჩამომისვა. მძულდა, მაგრამ სხეული არ ემორჩილებოდა ტვინს და ჟრუანტელს ვერაფერი მოვუხერხე, ვერ შევაჩერე. მისი თითები ამოძრავდა და ყელიდან კისერზე გადაინაცვლა. - სუფთა ხარ? - მკითხა იმ ჯალათმა და მეც მონდომებით დავუქნიე თავი. - აბა სველი რატომ ხარ? - წამით ავხედე. იმ მონადირის სახე ჰქონდა, რომელმაც მიზანში ამოიღო ჯიხვის შუბლი და ჯერ არ ემეტება სასხლეტზე თითის გამოსაკრავად. გგონია, ეცოდება? ჰმ, არა, ის უბრალოდ სიამოვნებას იხანგრძლივებს. წყეული სადისტი. - ჩემმა დანახვამ აღგაგზნო? - ისევ თავი დავუქნიე - ანუ დასველდი? – „წადი შენი!“ - კარგი, რადგან პასუხს არ მცემ, თვითონვე შევამოწმებ. - ისე მითხრა, თითქოს საშინლად ეზარებოდა, მაგრამ მეტ გზას არ ვუტოვებდი. მისმა ხარხარმა ისევ გულ-მუცელი ამომიტრიალა - ნახე, ბიჭო, გოგოს კაბა აუწევია რო ესიამოვნებინე. შენ კიდე, საბუთებიო ტო... არა გრცხვენია? ნწ, ნწ, ნწ... იმენა ბოროტი იმპოტენტია, არა ლიზ? - მეორემ ცალყბად ჩაიცინა და საბუთები ხელში შეათამაშა. დაბრუნებას არ ჩქარობდა. - თქვენი საქციელი არაკანონიერია. - ჩაილაპარაკა ლუსიმ და ზიზღით ახედა ლევანს, რომელიც უკვე სინჯავდა ჩემი ფეხების სიმხურვალეს. - ზატო, ბასიანზე ცელქობაა კანონიერი. არა, ლიზ? თუ დამჯერი გოგო იქნები და ფეხებს გადამიშლი, უფრო მალე შევამოწმებ, რისგანაა სისველე გამოწვეული და შეიძლება გაგიშვათ კიდეც. არა, ბატონო მირიან? - თავისთავად. თუ სუფთები იქნებიან, მაგას რა სჯობს. ჩვენც ეგ არ გვინდა და მაგაზე არ ვიდგამთ წელებზე ფეხს? - ადვოკატი იყავი, მაგრამ როდიდან გახდი ძაღლი? დავკივლე გულში და ფეხიდან ფეხი გადმოვიღე. როგორ ხდება ადამიანი ცივ სისხლიანი მკვლელი? ძალიან მარტივად. იმ წუთებში, როდესაც კაბამ ხელი ჩაყლაპა და რვაფეხას ფეხებივით მოქნილი თითები საცვალზე შემეხო, „ხერხის“ შემქმნელებსაც კი გააკვირვებდათ რომ მოესმინათ, თუ რამდენად მრავალფეროვანი წამების ხერხები მომაფიქრდა. სკამზე მყავს მიბმული და არჩევნის უფლებას ვუტოვებ, თვალებზე დავაპკურო მჟავა თუ ყურებში ჩავასხა. მოკვეთილი ყური ძუძუზე მივაკერო თუ მეორე ყურზე. ვითომ, რადიაციის ბრალია და ორივე ერთ მხარეს ამოუვიდა. - ო... ცუდადაა საქმე. - ჩაილაპარაკა დანაღვლიანებულმა ლევანმა და დაღლილი მოხუცივით ამოიხვნეშა. - რატო, რა ხდება? - დაინტერესდა მეორე. - მშრალია, ბატონო მირიან... - განაჩენივით გაისმა ლევანის სიტყვები. „თქვენ გაქვთ დუმილის უფლება. ყველაფერი, რასაც ახლა იტყვით, თქვენს წინააღმდეგ იქნება გამოყენებული სასამართლოზე. თქვენ გაქვთ...“ აზრი ლუსის სიტყვებმა გამაწყვეტინა. - ადვოკატთან დაგვარეკინეთ. ეს უკანონობაა. უფლება არ აქვს კაც პოლიციელს ქალი გაშმონოს. ეს კანონის დარღვევაა... - მართალი ხარ. - ჩაილაპარაკა ლევანმა და მანქანის კარი გამიღო - მანქანიდან გადმოდი, განყოფილებაში მივდივართ. - პარალელურად ლუსის მხრიდანაც გაიღო კარი. აწყლიანებული თვალებით ავხედე სატანის ყველაზე ბოროტ მსახურს და თვალი თვალში გავუყარე... ის აღარ ტყუოდა, აღარ თამაშობდა, აღარ ხუმრობდა. მის თვალებში... მყარი გადაწყვეტილება იკითხებოდა. და მიხვდი... ყველაფერზე იყო წამსვლელი, ოღონდ სამაგიერო გადაეხადა. ყველაფერი იყო მისგან მოსალოდნელი. ისე გამწირავდა, თვალსაც არ დაახამხამებდა. რატომ? იმიტომ რომ არაფერი აგიჟებს ქართველ კაცს ისე, როგორც უარი. თავი გავაქნიე უარყოფის ნიშნად და ცრემლი ჩამომიგორდა აწითლებულ სახეზე. - რამის თქმა გინდა, ფისო? - მკითხა მან ინტერესით და ისევ დაიხარა - გისმენ. – „ჭაობში მობინადრე გველეშაპო, საუბარი რომ შემეძლოს, დიდი ხნის წინ გაგიშვებდი სამ ასოზე“. დავჩხავლე გულში და ცრემლები მოვიწმინდე. - ხმას რატო არ იღებს? - იკითხა დაინტერესებულმა მირიანმა. მაინც ვერ ავცდი ამ კითხვას. - გაციებულია. - ჩაილაპარაკა ლუსიმ და ნერწყვი გაჭირვებით გადაყლაპა. - ხო, არა? ბაზარი არაა. ისეთი ცუდი ვირუსები დადის, მტრისას! შენც ეგ ვირუსი შეგეყარა ლიზ? - თავი მონდომებით დავუქნიე. - იმ ოხერმა ანგინამ გძლია და ხმა წაგართვა? - ისევ ბეჯითად დავუქნიე. - ეგ ცუდია. რა ვქნათ, ბორკილები დაგადო და განყოფილებაში წაგაცუნცულო, როგორც მელაკუდამ ლამაზი ვარია, ჰმ? - თავი გავაქნიე. - ე, ის სიმღერა გამახსენდა, მელაზე როა. გინდა გიმღერო? იზვინი რა, ფისო, ცეცხლმოკიდებული ფიალა განყოფილებაში დამრჩა და მაგის გარეშე გიმღერებ. საქათმეში შეპარულა მეელააა, ქათმებს ეჩურჩულებოდა ნეელააა, შენ მამალო ჩაიკმიდე ეენააა, შენ დედალო გამომყევი ნეელააა“ - მირიანმა თავი ვეღარ შეიკავა და სიცილი აუტყდა. მის სიცილზე ჩემი საყვარელი საშინელებათა ფილმი გამახსენდა, „მიმიფურთხებია თქვენი საფლავებისთვის“. სიამოვნებით ვაქცევდი მეოთხე სერიას რეალობად. - ეხლა შენი ჯერია, ლიზ... არაოო, არაოო, მელა მატყუარაოო, არ წამოვალ ა-რა-ა-ოოო. გადმოხვალ თუ გადმოგათრიო? - კბილებში გამოსცრა მურვან ყრუმ და მკლავზე წამეპოტინა. რაც კი სევდა იყო ჩემში, ყველა ერთად შევკრიბე და ვედრებით ავხედე. წამიერად რაღაც გაკრთა მის თვალებში. მეგონა, გული მოვულბე და მაპატია უარი და გინება, მაგრამ შევცდი. - გეშინია, არა? თავი იმ ვარიად წარმოიდგინე მელამ რომ შეახრამუნა და გგონია, თუ განყოფილებაში წაგაცუნცულე, იქიდან მხოლოდ მოხუცი დაუბრუნდები საზოგადოებას, არა? მართალი ხარ, მართალი. არადა, ასეთი მშვენიერი არსება ნამდვილად ძალიან დასანანია ციხეში დასალპობად. არ მეთანხმები, მირიან? ნახე რა ბარკლები აქვს, „სადიას“ შეშურდება. ეჰ, რა დაუნდობელია ჩვენი სამართალი და წუთისოფელი, არა ლიზ? შივაა მოწამე, არ მემეტები ციხისთვის. არადა, ხო იცი, მთელ ცხოვრებას შენთან ერთად გავატარებდი ლოგინში. კაი, გვეყო სენტიმენტალური მიმოხილვა. მითხარი, რა ვქნათ? მდედრი პოლიციელი მოგიყვანოთ, თუ მე გაგშმონო? რომელმა წინადადებამ გაგახარა ასე ძლიერ, პირველმა, თუ მეორემ? სხვას არც ველოდი. - ჩაილაპარაკა იმ ავადმყოფმა და გასწორდა. - კაი, გადმოდი მანქანიდან, თუ გინდა რომ მუხლები შეგიმსუბუქო... - სულ რამდენიმე წამით გამიელვა რომ მიმეფურთხებინა ყველაფრისთვის და წიხლი ამომეცხო, სადაც საჭირო იყო. ალბათ, ვეღარ მოვთოკე და სიძულვილით აღსავსე თვალები შევანათე, რადგან უხეშად შემატრიალა, კარებს ამაკრა და ხელები მანქანის სახურავზე დამაწყობინა... ეს ყველაზე დამამცირებელი წუთები იყო ჩემს ცხოვრებაში. ასეთი შერცხვენილი, თავმოყვარეობაშელახული მაშინაც კი არ ვყოფილვარ, როდესაც სანათესაო კრებას ვესწრებოდი, სადაც ჩემი ავადმყოფობა განიხილეს. შუა ტრასაზე... ფაქტიურად, გამაშიშვლა... - სუფთაა. - ჩაილაპარაკა ლევანმა, როდესაც მაისურიდან გამომაძრო გახსნილი ბიუსჰალტერი და მეძებარი ძაღლივით დაყნოსა. - მიხარია. - უპასუხა მირიანმა, რომელიც ღიმილს ძლივს იკავებდა და როგორც იქნა, დაუბრუნა პატრონს საბუთები. - ამჯერად, თავისუფალი ხარ. ამიერიდან გეცოდინება, ვის როგორ ელაპარაკო და ვის რაზე უთხრა უარი. - ჩაილაპარაკა კმაყოფილებით აღსავსემ და ბიუსჰალტერი ხელში შეათამაშა. - ამას დავიტოვებ, ხანდახან რო გაგიხსენო და ჩამოვკრა. წინააღმდეგი ხო არ იქნები? - „ისე ჩამოკარი რომ ყელზე შემოგეხვიოს და დაგახრჩოს“, ვუსურვე გულით და მანქანაში ჩავჯექი. ლუსიმ ღვედი გადაიჭირა და აკანკალებული თითებით გასაღები გადაატრიალა. - ნადმვილი კანონმორჩილი მოქალაქეები არიან. ღვედის გადაჭერა არ ავიწყდებათ. - შეგვაქო ლევანმა და უხეშად ჩამავლო თმაში. ბოლო გაფართხალება იყო, უნდა მომეთმინა. - ქალის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. არა? რას იტყვი? - თავი დახარა, ტუჩებზე ვნებიანად მაკოცა, შემდეგ ყურთან მომიტანა ტუჩები და ჩამჩურჩულა - სხვა დროს, გახსენი და ეგრევე გადაყლაპე. - ვუყურებდი, როგორ გადაიკიდა ზურგზე ჩემი ბიუსჰალტერი და შკოდისკენ წავიდნენ. კარები ერთდროულად გამოაღეს, სიცილი აუტყდათ და მანქანაში ხარხარით ჩასხდნენ. შურისმაძიებელ ქალზე საშიში... არაფერი არ არსებობს ამ სამყაროში და ეს ავიწყდებათ კაცებს. მე შურისძიება მინდოდა და იმაზე უფრო სახიფათო გავხდი, ვიდრე გველის ნაკბენში ჩანთხეული შხამი. - მოვკლათ! - ჩაილაპარაკა ლუსიმ, როდესაც მანქანამ ჩაგვიარა და მეც გამოვიღე პირიდან ვერცხლის ქაღალდში გახვეული ნარკოტიკი. - იარაღი გავაძროთ, სროლაში ვიმეცადინოთ და ჩავაძაღლოთ... - ლუსი, მოაბრუნე მანქანა, სახლში უნდა შევირბინო. - თუ სასწრაფოდ არ დავაბინავებდი ამფეტამინს, კონტროლს დავკარგავდი. იმ ერთ პროცენტსაც გავუშვებდი ხელიდან და აფთიაქს ისე ჩავაფრინდებოდი, როგორც უდაბნოდან გამოღწეული მწყურვალი თბილ გუბეს. - პატიმრის კარიერაზე რომ ვოცნებობდე, წეღანდელს არ ავიტანდი. - შეგვიძლია ისე მოვკლათ რომ ჩვენზე არავინ მოიტანოს ეჭვი. - მაინც, როგორ? - გეგმა შევცვალე. ყველაფერს დეტალურად ვაანალიზებდი, მილიგრამებს ვწონიდი. - ცხოველის ქონს იყენებენ ადამიანის მოსაკლავად. - დიდი ენთუზიაზმით გააგრძელა ლუსიმ - ჩემ დაქალს შავი მაგიის წიგნი აქვს. ცხოველის ქონი უნდა ვიშოვოთ და შევულოცოთ... - უფრო ზუსტად, დათვისა და მგლის ქონი გამოიყენება ჯადოს გასაკეთებლად. - წავეშველე ლუსის. შავი იუმორი, ყოველთვის მშველოდა - შეგვიძლია საფლავში ჩავმარხოთ ლევანის ტანსაცმელი. სულაც, დაველოდოთ ჩემი ასაკიანი მეზობლების გარდაცვალებას. სამძიმარზე მისული, ჭირისუფალივით ავკივლდები და შეუმჩნევლად ჩავაცურებ იმ ნაბიჭვრის სურათს კუბოში. თუმცა, ჩემი ბედი რომ ვიცი, ახლა გამოკეთდება ყველა. ლოგინად ჩავარდნილი 102 წლის ჯიმშერაც კი მოჩიტდება. - ტელეფონი მოვიმარჯვე. დათუნას ვწერდი, „გადაწყვიტე. ან დღეს, ან აღარასდროს“. - ...ხოდა, გავარკვევ რა, კაი? - რას გაარკვევ? - კაცს, რომელიც მესაფლავესთან დაგვაკავშირებს. - მესაფლავე რაში გვჭირდება? - მისმა პასუხმა თმები ყალყზე დამიყენა. - ო... რა მოგივიდა, შეჩ.მა, რას ვერ ხვდები? ახალი მიცვალებული რომ იქნება, დაგვირეკოს და სანამ მიწას მიაყრიან, კუბოში ჩაგვადებინოს სურათი... - ლუსი... შენ ამას სერიოზულად ამბობ? - ხალხო!!! ის სრული სერიოზულობით მთავაზობდა... წამიერად, კარგად ვიგრძენი თავი, რატომ? ვიღაცა ჩემზე სასტიკი იყო. - ანუ, არა? - მკითხა გაოცებულმა და უცებ აფეთქდა - ასე დაგამცირა, ჯერ საყვარლობა შემოგთავაზა ცოლიანმა კაცმა. შემდეგ კი ის სპექტაკლი დაგვიდგა. შუა ტრასაზე, ბოზ.ვით გადაგიყვანა და ფაქტიურად, მანქანაზევე გაგჟიმა. ისე მოგექცა, როგორც ქუჩის კ.ხპას და შენ მაინც გიყვარს... - სიმშვიდეს კბილებით ვინარჩუნებდი. ლუსი ისტერიკაში იყო. - მომისმინე... - არა, არ მოგისმენ. მე შენ მშობლებზე მეტად მიყვარხარ, მათზე წინ გაყენებ, შენ კი... შენ კი მაინც ის ცხოველი გიყვარს... - მომისმინე! - დავუღრიალე გააფთრებულმა - ჯერ ერთი, როგორ ადარებ თავს? რა შუაშია, სად კაცი და სად დაქალი, საერთოდ, აზროვნებ? რა აბსურდულ რაღაცას მეუბნები, ცოტა დაფიქრდი, ლუსი! - მაშინ, მომეცი უფლება რომ მოვკლა... - არა! - ესეიგი, გიყვარს. ის კაცი გიყვარს, რომელიც ისე გექცევა, როგორც... - მოკეტე! რომ მყვარებოდა, მაშინ დავთანხმდებოდი ურთიერთობაზე. - ნუ მაცინებ! - დამკივლა სახიფათოდ გადარეულმა. გზას თითქმის აღარ უყურებდა. სახე ჩემკენ ჰქონდა მომართული. - გიცნობ, ლიზა, გიცნობ! და ჩემთან ეგ ზღაპრები არ გაგივა. შენ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ უთხარი უარი საყვარლობაზე რომ არასოდეს, არასოდეს, არასოდეს იქნები ვინმეს ცხოვრებაში მეორეხარისხოვანი. იმდენად ამაყი ხარ რომ თუნდაც ამფეტანივით გიყვარდეს კაცი, მაინც არ იქნები მის ცხოვრებაში მეორეხარისხოვანი ქალი. - ხმა ვერ ამოვიღე. პირი რომ გამეღო, თავს ვერ მოვერეოდი და ყელში ვეცემოდი მაგ სიტყვების გამო. კბილებით გამოვაგლეჯდი ხორცს და ნეტარებით შევსვამდი ამ თავხედის თბილ სისხლს. - მოვკლავ. - ჩაილაპარაკა ჯიუტი ბავშვივით და ტელეფონი მოიმარჯვა. მისგან აღარაფერი გამიკვირდებოდა და პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ხელიდან გამოვატაცე მობილური. - არა, ლუსი, არ მოკლავ. - რატომ? - ისე ვუყვიროდით ერთმანეთს რომ სახლთან მისულებს, ხმები გვქონდა წასული. - იმიტომ რომ მკვლელი არ ვარ, არც შენ ხარ. და იმიტომ რომ უარესს ვუმზადებ. დაკმაყოფილდი? - უარესს, რას? ცოლს მოუწამლავ რომ მუცელი მოეშალოს? - არა, ლევანსაც კი სიამოვნებით დავჩეხავდი ცულით, მაგრამ უფრო მეტი სიამოვნებით, ამ რეგვენს გავუსწორდებოდი. ეგ როგორ გამიბედა, როგორ მითხრა, როგორ მაკადრა? თავი ხელებში ჩავრგე რომ თმებში არ ვწვდომოდი. - ასეა? - ახლა კარგად მომისმინე... - არა, არ მოგისმენ, ჯერ მიპასუხე, მასეა? - არა! - დაიფიცე... - ლუსი, ნუ ჩაწიხლავ მოსმენის კულტურის ღმერთს, რადგან თუ დამაცდი და მომისმენ, დარწმუნდები რომ ცდები. - ვუთხარი მშვიდად და ისიც მოეგო გონს. ჩაცხრა. ძლივს გადაიტანა მზერა გზისკენ. - რაც ნარკომანი გავხდი, ძალიან ბევრმა რამემ დაკარგა ფასეულობა. ძალიან დიდი ძვრები მოხდა. გადამიხარისხდა მსოფლმხედველობა, მაგრამ არა ძირფესვიანად. ნარკოტიკი დიდად არ გცვლის. მას უბრალოდ, შეუძლია გამოგავლინოს, რაც თავიდანვე იყავი, მაგრამ საკუთარ თავსაც არ უტყდებოდი. ეს იმას არ ნიშნავს რომ ცუდ თვისებებს ხელი დავაფარო და არ ვიმუშაო საკუთარ თავზე, საკუთარ შეცდომებზე. შეიძლება, ცუდი ადამიანი ვარ. შეიძლება... ყველაფერი შეიძლება, მაგრამ არა მკვლელი! დამამთავრებინე... თუ ამ სამყაროში პატარა სიწმინდეს ვხედავ... და მერწმუნე, ძალიან ცოტა სიწმინდეს ხედავს ჩემი გახელილი თვალები. თუ ამ ბნელ სამყაროში ნათებები არსებობს, თუ რაღაცას აზრი აქვს, მაშინ იცოდე... ჩემთვის, პირველ ადგილზე დგას ორსული. - როგორც იქნა, ჩაიგდო ენა და დათუნას მესიჯიც გავხსენი, „შენ გვერდითაა ჩეგევარა და კიდე ორი“. - კარგი, მაშინ მითხარი, რა მოუფიქრე? - არ მინდოდა ამ საქმეში გამერიე... - მაგრამ ღირსი ხარ, გავიფიქრე ღვარძლიანად. - რა საქმეში? გავიტაცოთ და ვაწამოთ? - უი დედა, ეს გოგო მართლაც ჩემზე უარესი ჩანდა. - ლუსი, დაფიქრდი და ისე მიპასუხე, რა შეიძლება მომეფიქრებინა ისეთი, რომ ერთი გასროლით ორი კურდღელი დამეჭირა. სისხლისა და ბასრწვეტიანი იარაღების გარდა. ხო მართლა, გაარკვიე რაც დაგავალე? - ხომ გითხარი, საბარგულში დევს-მეთქი. - სურათებზე არ გეკითხები, კამერების მცოდნე. - ა... ხო. მაგრამ ეგ რა შუაშია? - თავშია. დაურეკე და ჰკითხე, თუ შეუძლია ბარში მოვიდეს. სადღაც... ერთ საათში. - ვუთხარი და მანქანიდან გადავედი. თამუნას ნომერი მოვძებნე და სახლშიც შევედი. მეოთხე ზარზე მიპასუხა. - სად დაყიალობ? სად ხარ აქამდე? - გაისმა მისი რბილი ხმა. - გოგო, მოგიყვები რომ გნახავ. შეგიძლია ერთ საათში ბარში იყო? - უყურე ერთი ამას, - გადაულაპარაკა ვიღაცას - ჩვენ რა ხანია აქ ვართ და გავწყდით მუშაობით. როგორც გატყობ, უკვე მოირგე დირექტორის ამპლუა და დაგვიკიდე. - ღიმილი მომგვარა მისმა სიტყვებმა და ვიგრძენი რომ ისევ მოვდიოდი ხასიათზე. - აუ, რა უსინდისო ვარ... - ნამდვილად. - მომიჭრა თამუნამ და ისევ ხაზის იქით გააგრძელა საუბარი - ლიზა, პირადობა თან გაქვს? - კი, რამდენი დამიმტკიცდა? - 1500. ლუსის 700, მე 850, ნუკრის 800. ერთი სიტყვით, ცუდი არაა დასაწყისისთვის. დღეს მუშების ნაწილს გადავუხდი და ტუალეტებს მივხედავ... - მგონი, დღეს ვერაფერს მიხედავ. გაემზადეთ. - მეღადავები? დღეს? - აღელდა თამუნა და პასუხის თქმაც აღარ დამაცადა - კაი, გელოდებით, დროზე მოდი. - ყველა მანდ ხართ? - კიი. - კარგი ტკბილო, მოვქრივარ. ჩემს უსაყვარლეს კედელთან დავდექი... კედელი სავსე იყო წიგნებით. რამდენიმე სუვენირი, საგვარეულო დროშა, ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ბავშვობაში ბალიშის ქვეშ მედო და კოშმარებისგან მიცავდა. საათობით შემეძლო ამ კედლის წინ ვმდგარიყავი და დავმტკბარიყავი. ჩემი წიგნების კოლექციით დავმტკბარიყავი. მათი ყდები სურათებს გავდა, რომლებიც მახსენებდნენ როდის, სად და რა განწყობით შევიძინე ესა თუ ის წიგნი. არა, ახლა წასაკითხად არ მივადექი, არც დასატკბობად. ის, რისთვისაც მივედი, კიდევ ერთ ცხოვრებად ღირდა... თუ სად, რომელ წიგნში შემენახა ძვირფასი ამფეტამინი. „ფსიქოპათი“ ზედმეტად თხელი იყო. „ინტერვიუ ვამპირთან“? მართალია, იყო მასში რაღაც... ლუისა და არმანის დიალოგმა ღამე გამათენებინა, იმდენად ამაღელვებელი იყო ვამპირების დიალოგი ღმერთზე. მაგრამ ვამპირებს თავისიც გაჭირვებიათ, ნარკოტიკით ვეღარ დავამძიმებდი. აქეთ რა გვაქვს? ჰმ, „ნაშუაღამევის ოთხი წუთი“, თუ მეორე წუთზე გადავშლიდი და „საიდუმლო სარკმელი, საიდუმლო ბაღში“ ჩავდებდი, ერთი გასროლით ორს მივაგებდი პატივს, სტივენ კინგსა და ჯონი დეპს. მშვენიერი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ რატომ მაინც და მაინც კინგი? მერე რაა, თუ მომხმარებელი იყო? მაგას ისედაც ბევრი ფანი ჰყავდა და დრო იყო უპირატესობა ქართველისთვის მიმენიჭებინა. დიახაც, ქართველისთვის. „დიდოსტატის მარჯვენაში“ არაერთხელ შემინახავს ბიო გინდა თუ მოსაწევი, მაგრამ ფხვნილი არასოდეს. პირდაპირ ფარსმანის თავზე გადავშლიდი და... მაგრამ არა, ვინმე ახალი მინდოდა, ვინმე სხვა... და გონება გამინათდა. უკვდავი ჯავახიშვილის არც თუ ისეთი ცნობილი, მაგრამ დამანგრეველი, დამატყვევებელი, უკვდავი „კ უ რ დ ღ ე ლ ი“. სახლიდან ისევ დიდებულ ხასიათზე გამოვედი. ამჯერად, ლეპტოპიც გამოვაყოლე და ლუსის საქმიანად მივმართე. - დაურეკე ჩვენ ბიჭს? - გზაშია, და სხვათაშორის, გოგოა. - მთავარია, სანდო იყოს, ლუსი. თუ ეჭვი გეპარება... - სანდოა. - მომიჭრა უხეშად. უხასიათოდ ჩანდა. ესეც მე მემდურებოდა, ამას რაღა დავუშავე? - წეღან რაც მითხარი, გაბრაზებულზე თქვი თუ მართლა მასე ფიქრობ? - ჰმ, თურმე რა აწუხებდა. მართალია, სულელი და „ისტერიჩკა“ იყო, მაგრამ მაინც ჩემი მეგობარი ერქვა და მიყვარდა. თუ კაცთმოძულეობას არ ჩავთვლით, ძალიან კეთილი იყო და ძაღლივით ერთგული. - დაკონკრეტდი. - კლდიდან რომ ვიჩეხებოდეთ და არჩევნის უფლება გქონდეს, რომელს გადაარჩენდი, მე თუ ამფეტამინს? - მეტყველების უნარი დავკარგე, გავოგნდი. არ მესმის, თუ ასეთი არაადამიანი ვეგონე, ჩემთან როგორ მეგობრობდა? ერთი საათის განმავლობაში ისეთი კითხვები დამისვა... შევშფოთდი. - ოღონდ, სიმართლე მითხარი. - ჰმ, თან, სიმართლეო. მეწყინა. დიახ, ძალიან მეწყინა. მეგობარს ვუწოდებდი ადამიანს, რომელმაც ჯერ ორსულის მკვლელობა, თუ ემბრიონის განადგურება დამაბრალა, ახლა კი საკუთარ თავზე მეკითხებოდა. გადავარჩენდი თუ მოვკლავდი. სადღაც რაღაც შემეშალა, რადგან ეს კითხვა გაუჩნდა, მაგრამ რა, სად, როდის? - გამომალენჩე. - აღმომხდა გულახდილად. - თუნდაც ერთი კილო კრისტალი დამიდო... - ათი რომ დაგიდო? - მკითხა აღელვებულმა. მევაჭრებოდა... რა ვუწოდო? რბილად რომ ვთქვა, სულელი ბავშვი. - ასი იყოს. ყველაზე ცუდი ადამიანიც რომ დამიყენო, ბავშვების მკვლელი, ტერორისტი, მანიაკი, ქურდი... - ბოლო სიტყვაზე გამეღიმა - ვინც არ უნდა იყოს, მნიშვნელობა არ აქვს. როდესაც სულიერსა და უსულოს შორის, უსულოზე აკეთებ არჩევანს, მაშინ შენც უსულო ხარ. არ ვიცი, შეიძლება ვცდები, მაგრამ ასე ვფიქრობ. და... ადამიანად ვგრძნობ თავს. შეიძლება ამაშიც ვცდები, არ ვიცი. ახლა კი თვითონ გადაწყვიტე, რომელს აგირჩევდით. - გასაგებია. - ჩაილაპარაკა დამშვიდებულმა და თავის მართლებას მოჰყვა - ხანდახან ისეთს აძრობ ხოლმე, რომ... აი მაგალითად, წეღან... - იცი, ლუსი, ქართველებს ერთი ულამაზესი სიტყვა გვაქვს და ერთიც შესანიშნავი წინადადება, და მგონი, შენ არაფერი გსმენია მათზე. - რომელი? - „გადატანითი მნიშვნელობა“ და „ჰიპერბოლა“. - გიჟი ხარ. - მითხრა მან სიცილით და ისევ ძველ თემას მიუბრუნდა - ლევანს რა ვუყოთ? - გავქურდოთ. - სერიოზულად გეკითხები. - მეც სერიოზულად გპასუხობ. - რა?! - რაც გაიგე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.