შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკუპროპორციული 1


2-04-2018, 21:41
ავტორი დეიდა ჯუდი
ნანახია 1 036

სამსახურიდან დაღლილი პირდაპირ სახლში მივედი. არც წარმოსახვითი შეყვარებულის მეგობრებისთვის გამივლია და არც რეალური ადამიანებისთვის დამითმია დრო. სახლთან ახლოს მაღაზიაში პროდუქტები ვიყიდე და ბინას მივაშურე. კარების გაღებისთანავე მარტოობისა და წარმოსახვითი ადამიანის სუნს შევეჩეხე. დილას კარჩაკეტილი სახლი, სიბნელით მოცული, ადამიანის არსებობით გავახალისე და შუქი თითქმის ყველა ოთახში ავანთე (მინდა, გაცნობოთ, ჩემი ეგო სიბნელის შიშით ხასიათდება).
-მოვედი! -შევძახე ისე, თითქოს სამზარეულოდან ფქვილით კალთებდასვრილი დედა გამომეგებებოდა, ან თმებკიკინა არსება ჩამომეკიდებოდა კისერზე. სიამოვნებაშეპარული მოწყენით ამოვიოხრე და პროდუქტები იქვე, სამზარეულოს კარებთან დავაწყვე. (სიამოვნება იმიტომ, რომ მარტობა არც ისე ცუდია, მყუდროა თავისებურად და ადამიანებთან ურთიერთობაში ნიჰილიზმით გამორჩეულისთვის საკმაოდ კომფორტულიც).
-ეფეოს! -დავუძახე. -ეფეოს, სახლში ხარ? -ვიკითხე და შემდეგ დავფიქრდი კითხვის ირონიულობაზე. როგორ შეიძლება ჩემი შექმნილი ადამიანი, სხვა გარემოში წავიდეს? ჩემთვის არ ეცალოს?
-აქ ვარ! -გამომძახა საძინებლიდან. მაშინვე იქით გავეშურე. კმაყოფილი ღიმილით შევაღე მუქი ფერის კარი და სილუეტს გავუღიმე.
-საღამომშვიდობისა...
-მოხვედი? -ღიმილით მკითხა და სათვალე მოიხსნა. წიგნი იქვე გადადო და ჩემკენ წამოვიდა.
დიახ, ეფეოსი არც კატა იყო, რომლის პატრონსაც სახელის შერჩევის იდეალური უნარი ჰქონდა, არც მითოლოგიური გმირი.
დიახ, ეფეოსი ერქვა გამოგონილ, არარსებულ ადამიანს, რომელიც არარსებობასთან ერთად ყველაზე არსებულ იდეალურობას ჰქმნიდა. ეფეოსი დავარქვი, იმიტომ, რომ უხდებოდა. ბერძნული ქალაქის ღირსებასავით შესანიშნავი იყო და თან გამორჩეულიც. ხშირად გაბუტული მსაყვედურობდა, სხვა სახელი დაგერქმიაო, მაგრამ მაინც დარწმუნებული ვარ, მასაც ძალიან, ძალიან უყვარდა შერქმეული, რადგან ჩემი მოფიქრებული იყო, ჩემი გადაწყვეტილი. და ჭკუიდან იშლებოდა ჩემგან გადადგმულ ნაბიჯებს რომ ხედავდა. ეფეოსი ერქვა, სასაცილო, ორიგინალური და ჩემი დარქმეული სახელი. და ქალაქ ეფეოსივით თბილზე თბილი.
როგორც მოგახსენეთ, საკითხავი სათვალე, რომელიც ასევე ზე სექსუალურს ხდიდა, დუმბაძის მოთხრობებს მიუდო გვერდით, ბედნიერი მზერა მე მომაპყრო და წამოდგა. გულში ჩამიკრა, თითქოს, სულ რამდენიმე საათის წასული არ ვყოფილიყავი და ოდნავ გაუპარსავი წვერით ტუჩები ლოყაზე გამიხახუნა.
დამაჟრიალა.
მუქი მწვანე კუბოკრული პერანგი გახსნილად შემოეცვა, რა თქმა უნდა, თეთრ მაისურზე (ისე ცდუნებას ვერ გავუძლებდი), მოზრდილი თმა თბილ, ღია ფერის თვალებთან ჩამოფხატოდა.
-ჰო, მოვედი! -გავუცინე და ლოყები გავუწელე. -შენი საყვარელი რძე არ ჰქონდათ და ოდნავ უფრო ცხიმიანი წამოვიღე. -ვუთხარი და მისი მკლავებიდან განვთავისუფლდი. სახე დამანჭა და თხელი, გრძელი თითები ჯიბეებში ჩაიწყო. ასე იცოდა, როცა რაღაცით უკმაყოფილო იყო.
-კარგი, დავლევ... მთავარია, სოფლის ძროხის არ იყოს!- ტუჩები უკმაყოფილოდ დააწკლაპუნა და სახე ისე შეეცვალა, თითქოს, წარმოიდგინაო. პატარა, გაბუტულ ბავშვს ჰგავდა. ისე მომინდა, ისე, მივვარდნოდი და ეს გაწითლებული გაუბუშტავი ტუჩები დამეკოცნა... ფიქრები თავის გაქნევით გავფანტე, ხმამაღლა გავიცინე და მკერდზე ხელი ვკარი.
-უნდა გამოვიცვალო!
-მერე, რა! მაინც არ ვარსებობ. -წარბაწეულმა ნიშნისმოგებით მითხრა და კედელს ზურგით მიეყრდნო. ტუტუცი!
-ეს ხრიკები არ გაგივა! -თითი ცხვირწინ დავუქნიე. ტუჩი ჩემდაუნებურად ჩამეტეხა კუთხეში. კარი კი მაინც მოვუხურე.
გიჟი არ გეგონოთ, არც დეპრესიული შინაბერა, პირველი კოცნის გარეშეც რომ ამოხდება სული. არც შეყვარებულზე დახამებულად ჩამთვალოთ. თუმცა ფაქტი ფაქტია- როცა უნივერსიტეტის ბოლო კურსზე ხარ, აქამდე ბიჭს ცალი თვალითაც არ შემოუხედავს და შენთვის მელოდრამად შექმნილი ცხოვრებაა სამყარო, ერთი წარმოსახვითი შეყვარებული ჯიბეში აუცილებლად უნდა გეგდოს.
უშნო არ ვარ, დაბეჯითებით გეტყვით. არა, ეს ნარცისიზმის სუნი არ არის, უბრალოდ რასაც ვხედავ, იმას აღვნიშნავ. უშნო არასდროს ვყოფილვარ, არც "დაცემისგან" გატეხილი ფეხებამდე ცხვირი მქონია (არადა, ზოგჯერ ასეთი ცხვირი როგორი ლამაზია.) და არც ზედმეტად არასიმეტრიული სახე. მგონი, სწორედ ამის ბრალია ზედმეტი ყურადღების ქვეშ რომ არ ვყოფილვარ- არც გამორჩეული თვისებები მქონია, არც გამორჩეული ნაკვთები სილამაზისა ან სიმახინჯისაგან ვინმეს ყურადღება რომ მიექცია. საშუალოზე ოდნავ დაბალი ვიყავი, სულ, სულ ოდნავ გაბუშტული ცხვირითა და ყავისფერი თვალებით. თვალებით მამას ვგავდი...
მალევე გამოვიცვალე, გამოსასვლელი ფორმა მაღალყელიანი თბილი ჩუსტებით და მუხლებამდე ნაქსოვი, საშინაო კაბით შევცვალე.
მოღრუბლული იყო, წვიმის ამინდი, ჩემი და ეფეოსის. ჰოდა, მეც დილას სახლიდამ გასული იმ იმედით დავბრუნდი, რომ გულაჩუყებული ცის წვეთებს ზღაპრულ პერსონაჟთან ერთად ხელში ყავადამშვენებული შევეგებებოდი. თავს კალთაში ჩავუდებდი, ის თითებს თმებში შემიცურებდა, "უცნობი ქალის წერილს" კიდევ მეათიათასედ გადაშლიდა და წვიმის რითმას შეუთავსებდა. დიახ, ასეთი რომანტიკული გახლდათ ჩემი ეფეოსი.
-მთელი დღე უჭმელი გოჭივით მშია! -მაშინვე სამზარეულოსკენ გავეშურე. დიდი ენთუზიაზმით შევაჭერი და გაზქურას თვალი მოვავლი, ისე, თითქოს, დილით არაფერდატოვებული ქვაბები თავისით აივსებოდა გემრიელი, გემრილი კერძებით.
-შედარებები გაქვს სასწაული! -გაეცინა ეფეოსს. თავი გავაქნიე.
-ყველა შენსავით იდეალური ვერ იქნება! -სარკასტულად შევნიშნე და ენა გამოვუყავი. -საჭმელსაც ამზადებდე და სამუდამოდ დაგიტოვებდა ქალი. სრულყოფილი გარეგნობით, სრულყოფილი ხასიათით, სრულყოფილი გემოვნებით -ჩემს თავზე ვანიშნე. - სრულყოფილი ბუზღუნით. მეტი რა უნდა კაცების სინსილას გაწყვეტაზე მეოცნებე გამწარებულ ქალს?! -გამეცინა. თან ნაუცბათევი სადილი მოვიმზადე, მადიანად შევექეცი და დღის განვლილ ამბებზე დავიწყე მოყოლა.
ისიც მისმენდა.
ცალი იდაყვით ბანალურ გადასაფარებლიან მაგიდას დაყრდნობოდა და ყურადღებით მისმენდა.
მისმენდა დიდი ინ ტერესით, თითქოს რამის გამორჩენის ეშინოდა.
დიდი, ლამაზი თვალები ჰქონდა, მთელი სამყარო გადაგდეშლებოდა მათში ჩახედვისას. ჩვეულებრივი იყო, ნამდვილებზე ცოტათი უკეთესი.
-ახლა ეს თეფში გარეცხე, ყავა მოიდუღე და წამოდი ფანჯარასთან დავსხდეთ, ცა გაშავდა. -თითით ფანჯრისკენ მანიშნა და თვალი ჩამიკრა. -მანამდე მე ცვაიგს გამოვიტან. -და სამზარეულოდან გავიდა. -შაქარი ბევრი არ ჩაიყარო, ტკბილი არ გიყვარს! -მომაძახა ოთახიდან გასულმა.
გამეცინა. ზოგჯერ ჩემს თავზე უკეთ მიცნობდა.
მითითებები შევასრულე, შუქიც ჩავაქრე და მისაღებში გავედი. წვიმა მართლაც დაწყებულიყო. ეფეოსი კი დივანზე პლედმომარაგებული მიცდიდა. დიდი ხანია ასეთი წესი დამჩემდა- წვიმის დროს დივანს ფანჯრისკენ ვაჩოჩებ. ვჯდები, ხედით ვტკბები და ვფიქრობ ძალიან, ძალიან ბევრს.
"იცით, რომ სიყვარული წვიმის წვეთებს მოჰყვება?
მოჰყვება და მოფარფატებს.
ისე მოფარფატებს, თითქოს წვიმის წყლის სიმძიმე არც დასწოლია.
ამიტომაც თუ სიყვარული გინდა, წვიმიან ამინდს უნდა ელოდო, ელოდო და ოდესმე შენი სიყვარულით სავსე წვეთი შენც დაგეცემა და შენც დაავადდები.
აი, ისე, როგორც კუპიდონის ისარი.
სინამდვილეში, ის კი არ იცით, რომ ეს ნანატრი კუპიდონი, სწორედ წვიმის წვეთებია.
მახარობელი და ტკბილი.
არა, ცოცხალი, არარსებული არსება, არამედ წვიმად გადაქცეული ნამცეცა.
საყვარელი, სიყვარულით გაბუშტული, გაბერილი, რომელსაც ერთი სული აქვს, ვინმეს დაეცეს და ეს დიიდი ბუშტი ვინმეს დააყაროს სიყვარულის მტვერით.
ასე, რომ წვიმა სიყვარულისეულია.
რომანტიკისეული.
და თუ სიყვარული გსურთ, წვიმას უნდა ელოდოთ."
დივანზე დაღლილად დავეშვი, ღრმად ამოვიოხრე და პლედი გადავიფარე.
-როგორ გრილა. -ამოვიბუზღუნე, კარგად ჩავიფუთნე და წიგნს დავწვდი. კითხვა ხმამაღლა დავიწყე.
თითქოს, ვინმე მომისმენდა.
მომისმენდა ისე, როგორც გამოგონილი ეფეოსი.
ისე, თითქოს ამქვეყნად ყველაზე, ყველაზე მნიშვნელოვან სიტყვებს ვკითხულობდი და დაინტერესდებოდა.
ვკითხულობდი და თან ვგრძნობდი, უკვე გვარიანად გაციებული ორმაგი ყავაც ვერ მშველიდა. ჯერ უნივერსიტეტიდან, შემდეგ კი სამსახურიდან გადაღლილს ძილი უფრო და უფრო მერეოდა, უაზრო სიზმრების სამყარო მიხმობდა. ჯანდაბა! არადა, როგორ არ მიყვარს დღის ძილი!
-როგორი იდეალური ხარ... -უკვე მძინარემ ამოვიჩურჩულე. წარმოსახვით კალთაზე ჩამოვადე თავი და წიგნი გულზე მივიხუტე.
-სულ მე არ ვიქნები იდეალური. ოდესმე შენც იპოვი არსებულ სიყვარულს... -ბოლოს რაც გავიგე, ეფეოსის სითბოთი სავსე სიტყვები იყო და წარმოსახვითი ტუჩები შუბლზე მომაკრო, ჩამოფხატული თმები უკან გადამიწია, ტკბილი სიზმრები მისურვა და ჩემს მღვიძარ გონებასთან ერთად სადღაც გაქრა.
დამესიზმრა, რომ საკაცეთის ქვეყანაში ვიყავი. ტუჩებდაპრუწული, საკოცნელად გამზადებული სიმპატიური, ზესექსუალური ტიპები ჩემკენ მოიწევდნენ. "მაკოცე!" აშკარად აცხადებდნენ სურვილით სავსე ფიქრებს. დაკუნთული სხეულით, უფრო და უფრო ახლოს მოდიოდნენ, ნარცისიზმით გაჟღენთილი თვალებით მიყურებდნენ და ამბობდნენ, მხოლოდ შენთვის შევიქმენით, მოდი და ჩაგვკოცნეო. მეც რაც ძალი და ღონე მქონდა, მათ შესახვედრად ვემზადებოდი, თუმცა ტუჩები სადღაც გამქრობოდა. ვიწევდი და ვიწევდი, მაგრამ ამაოდ- არც ზედა ბაგე ამშვენებდა ნიკაპზედა ტერიტორიას, არც- ქვედა.
განერვიულებულს გამომეღვიძა.



№1  offline წევრი Firefly

რა საინტერესოა და განსხვავებული არ მინდოდა დასრულებულიყო ერთი სული მაქ როდის დადებ შემდეგ ნაწილს ♥ ძალიან საინტერესოდ წერ
--------------------
M.T

 


№2  offline წევრი დეიდა ჯუდი

Firefly
რა საინტერესოა და განსხვავებული არ მინდოდა დასრულებულიყო ერთი სული მაქ როდის დადებ შემდეგ ნაწილს ♥ ძალიან საინტერესოდ წერ

დიდი მადლობა, მართლა♥ რა კარგია რომ მოგეწონა ♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent