შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაზაფხულის წვიმა (ნაწილი 7)


4-04-2018, 18:46
ნანახია 2 041

დილით გაღვიძებული, წინა ღამის გახსენებამ გამაბედნიერა. რა უჩვეულო იყო, როდესაც ერთ დღეს შეეძლო ასე შეეცვალე. თავს სხვანაირად ვგრძნობდი, უფრო ლაღად და თავისუფლად, ჰაერიც უფრო სუფთა მეჩვენებოდა და სამყარო ლამაზი. საწოლიდან ღიღინ-ღიღინით წამოვხტი, სანამ უეცრად თავბრუ არ დამეხვა და გადაქცევის პირს მყოფი, ისევ არ ჩამოვჯექი. ფანჯრიდან მწვანე ტყეს და ბუნებას გავხედე. ჰორიზონტზე მაღალი ფიჭვები და ნაძვები მოჩანდა. სეირნობა გადავწყვიტე, ამინდიც ხელს შემიწყობდა, ამიტომ თავი დასაზღვევად თბილად ჩავიცვი და ქვევით ჩავირბინე.
მისაღების ვრცელ დივანზე, ერთმანეთზე გადახლართული ორი სხეული შევამჩნიე და მათში ალექსი და თეა რომ ამოვიცანი, დიდად არ გავკვირვებულვარ. ალბათ, ძირს გადაწოლილ ნინიზე და ლაშაზეც ნაკლები გაოცება უნდა გამომეხატა, რადგან დაახლოებით ვხვდებოდი, სასმლით მომარაგებულები რამდენ ხანს გაძლებდნენ უძილოდ.
კაფეტერიის შესასვლელში გამოფხიზლებული დემეტრე დამხვდა, თუმცა მარტოსული სულაც არ ჩანდა, უკვე მოესწრო ბარმენ გოგონასთან საუბრის გაბმა და საკმაოდ თავისუფლადაც უცინოდა გოგო, ამიტომ მათთან აღარ მივსულვარ, პირდაპირ გასასვლელი კარისკენ ავიღე გეზი და გარეთ გავედი. ფილტვები სუფთა ჰაერით გამებერა და ადრენალინის მოზღვავებაც ვიგრძენი. სირბილით გავუყევი გზას ბილიკზე, გზად ჩემთვის უცხო ხმები ჩამესმოდა, თუმცა ძალიან მსიამოვნებდა ხეზე ჩამომსხდარი ჩიტების გაბმული გალობა თუ ბუნების მშვიდი, აუღელვებელი ხმა. მივდიოდი და წარმოუდგენლად მამშვიდებდა ეს ყველაფერი, რადგან ვხვდებოდი, აქ არავინ იყო, მე იმაზე მეტად თავისუფალი ვიყავი ვიდრე ოდესმე. მდინარემდეც მივაღწიე და ნაცნობი ლოდის დანახვისას ჟრუანტელმა დამიარა, რადგან გამახსენდა, როგორ გადმომიყვანა ანდრიამ. ნაცნობი ადგილები მოგონებებს აღმიძრავს და ადამიანებსაც მახსენებს. სულ ამისგან შედგებოდა ჩემი ცხოვრება-მომენტებით, რომლებიც მახსოვდა. სხვა ვერაფერს დაიტევდა ვერც ჩემი არსებობა ამ ქვეყნად და ვერც ჩემი გული, რადგან იგი ან წარსულის სასიამოვნო მომენტებს იმახსოვრებდა, ან მომავლის იმედებს.
ბალახზე ჩამოვჯექი და წყლის ზეპირზე მოთამაშე ჩიტებს გავხედე. წყალი მათ კუდებს, ფრთებს და პატარა ბუმბულს ირეკლავდა, გაუბედავად ხტოდნენ ზედაპირზე და მაინც თავისებურად ტკბებოდნენ სილაღით. ამიტომ მშურდა ჩიტების. ვის არ შურს ჩიტების? ვის არ უნდა თავისუფლება? თუმცა ამჯერად ჩემთვის თავისუფლება ფრთებთან არ ასოცირდებოდა. მათ არ ეკისრათ ვალდებულება. ისინი სილაღით და მშვენიერებით ცხოვრობდნენ. იქნებ სიცოცხლით ტკბობა იყო კიდეც მათი ვალდებულება, სანამ ველური ძალა, ვინმე ბრაკონიერი, ან ბუნება არ მოუსპობდა მათ გაუმიზნავ არსებობას? აქამდე ვერ ვხვდებოდი, რატომ უშვებდა ღმერთი იმას, რომ ყველას ერთნაირი სიკვდილი ელოდა-მტყუანსაც და მართალსაც. მაგრამ, სიკეთეში და სიმშვიდეში თუ მიხვდები ამის პასუხს-არ არსებობდა ბოროტი არსება, არსებობდა არასწორი საქციელი. და ჩვენ არ უნდა გამოგვეყო კეთილი ადამიანები და ბოროტები, რადგან თუ ბოროტისთვის რაიმე კარგს გააკეთებ, სიკეთეს ისე შეეჩვევა ის, როგორც შენ ასწავლი შენი საქციელით.
გარემოში, სადაც მე ვიჯექი, რაღაც უცხო და უცნაურ, თუმცაღა სასიამოვნო ჰარმონიას ვგრძნობდი, თითქოს მეც ფრთები გამომესხა.
თვალები დავხუჭე და ხელგაშლილი გადავწექი ბალახზე. ცაზე თეთრი ღრუბლები გადაწოლილიყვნენ. იწვიმებდა. მე კი, სულაც არ მქონდა სურვილი სასტუმროში დაბრუნების, მინდოდა, ისევ ეწვიმა , ხეებს ისევ დაბრუნებოდათ წვიმის სურნელი, ფოთლებს კი ნამი, ცხვირან ბალახს ანდროს სუნი გაეხსენებინა ჩემთვის, წვიმის სველი სიგრილე მეგრძნო და ისევ ისე დავსველებულიყავი, როგორც იმ ღამით.
მაგრამ ნიავმა ყოველი ღრუბელი გადაყარა და ცისფერი ციდან მზემ ჩამომანათა. თვალებში გაზაფხულის თბილი და ნაზი მზე ამებლანდა და აღარ გამიხელია. გაზაფხული მხოლოდ ამ სეზონზე მერჩია ყველა სხვას. ზაფხულზე, და შემოდგომაზე ყოველთვის აზრი მეცვლებოდა. ზაფხულზე ველური და მწველი მზე მერჩივნა, სიცხეში აუზში გაგრილება და შლაპით სიარული. შემოდგომაზე, ყვითელი მზე და ყავისფერი გარემო, კანაქერცლილი ხეები და დაცვენილი, დამჭკნარი ფოთლები. ამ დროს ფოთლები რაც უფრო ჭკნებოდა, მით მეტი სინაზე და სილამაზე ემატებოდა, მით მდიდრული და მოოქროვილი ჩანდა.
გაზაფხულის მზე იყო, მაგრამ წვიმის გარეშეც მშვენივრად ვგრძნობდი ყელში შერჩენილ ანდრიას სურნელს. თითქოს სამუდამო კვალი დატოვა ამ უბრალო, უცნობმა და მოუსვენარმა ბიჭმა. ჩემთვის სულის წართმევას ცდილობდა და გამოუვიდა კიდეც. ამ წამს ასე ვფიქრობდი-ჩემი ხელით გადავულოცე ჩემი სული.
თავი ბალახიდან წამოვწიე, როცა მზის სხივმა ზედმეტად დამიწვა კანი და წამოვდექი. თმაში დაგორგოლავებული ბალახი და ფოთლები მეყარა. გამიკვირდა, ამდენი როგორ მოვახერხე, თავიც არ გამინძრევია-თქო. სეირნობით გავიარე ვრცელი ტყის მხოლოდ მცირედი და ჩემს ფეხებთან ამოსულ პაწაწინა იებს რომ მოვკარი თვალი, ჩამეღიმა. გამიხარდა, რომ მალევე შევამჩნიე და ფეხი არ დავაბიჯე ყვავილს. მერე, იების კვალს გავაყოლე თვალი და შევნიშნე, მთელ ტყე იისფერი იყო, ყვავილებს ბალახიც გადაეფარათ დ თავაწეულნი მიყურებდნენ. შესაძლოა, ჩემმა ბედნიერებამ ისინიც გაახარა, ან ინტერესი გაუღვივა.
სასტუმროში მისულს, ყველა ფეხზე დამხვდა, ანდროს გარდა. კაფეტერიაში სასაუზმოდ ჩასული, ნინის გვერდით დავიკავე ადგილი და ყურში შეუმჩნევლად ვუჩურჩულე (ვცადე მაინც):
-შენი ბიძაშვილი ასე უცებ სად გაქრა, ვინმეს ხომ არ ემალება?
ნინიმ გადმომხედა და მანაც სხვებისგან შეფარვით მიპასუხა:
-დღეს დილით თბილისში დაბრუნდა.
-რატომ?-ენას კბილი ვერ დავაჭირე, მაგრამ სულაც არ მინანია, რომ ეს კითხვა წამომცდა, პასუხი იმდენად მაინტერესებდა. ხასიათი მაშინვე გამიფუჭა ამ ახალმა ამბავმა.
-თქვა, რომ საქმე ჰქონდა-მეორე მხარეს მჯდარმა თეამ გადმომჩურჩულა და ეშმაკური ღიმილით მომაბყრო მზერა-ხომ არ მოგენატრა?
-შენ შენს ალექსის მიხედე-შევუბღვირე ნირწამხდარმა და ახალი ფაქტიც მალევე მომადგა ენაზე-ერთად დაწოლის უფლება ვინ მოგცათ, ჰა?
ნინიმ თავჩახრილმა მორიდებულად გაიცინა, მაგრამ ჩემი სახე და ემოცია რომ დაინახა, დასერიოზულდა.
ცივი ჩაის მოსატანად ავდექი და გაბრაზებულმა გავაბოტე მიმტანისკენ.
-რამეს ინებებთ?
-კი, ოცი წვეთი ვალერიანი გაურიეთ წყალში და ძალიან გთხოვთ, ახლა არ დაიწყოთ ძებნა და წამლების მომარაგებაზე ზრუნვა.
გოგომ თავი დამიქნია და დამტოვა, მე კი იქვე მდგარ ნარინჯისფერი ტყავის სავარძელში მოწყვეტით ჩავეშვი. არაფრის თავი აღარ მქონდა, ყველა ემოცია ერთად მიტევდა და სადაცაა, წამლეკავდა.
-არაა, არა, ეს როგორ გააკეთა? სად დატყდა? რა მოტაცებული პარატძალივით იპრანჭება, გამაგიჟებს ეს ბიჭი მე...-ჩემს თავთან დავიწყე ბაასი, რადგან ფიქრებს თავში ვეღარ ვაჩერებდი და არც წესიერი მოსაუბრე გამომიგზავნა ღმერთმა-საქმე გამოუჩნდა არა? საქმეზე გაიქცა ბიჭი. საქმიანი მამაკაცია, აბა რა! თავხედი! ველური!
-გოგონა-თავზე დამდგარმ მიმტანმა გამომაფხიზლა და პატარა ყავის ჭიქით ვალერიანი გამომიწოდა.
წამლის სუნი ვიყნოსე და დაჯღანულმა დავლიე. გოგონა უკვე წასულიყო. მადლობის თქმა როგორ დამავიწყდათქო, კი გავიფიქრე, მაგრამ აზრი?
-რა დალიე?-გვერდით ახლადგამოჩეკილი თეა მომისკუპდა და შუბლზე ხელი მომადო. რომ ვერაფერი იგრძნო (რაც უნდოდა, რომ ეგრძნო), მერე პულსის გასინჯვაზე გადავიდა და მკითხა-რა გჭირს?
-რა უნდა მჭირდეს თეა, ცოცხალი რომ ვარ, ვერ ხედავ?-თავი ტახტის საზურგეს მივადე და ჭერს დღლილი თვალებით ავხედე. მივხვდი, როგორ გადავდიოდი ნაცრისფერ ბურუსში და ვიღვენთებოდი.-დედა მინდა.
თეა გაოცებული მიყურებდა და ვერ ხვდებოდა, რა დამემართა ამ ორ წამშ, სანამ თვალიდან ორი ცალი ცრემლი არ გადმომვარდა. მერე, ჩემკენ მოიწია და თავი მხარზე დამადო. ყურში ისეთი სიჩუმე ჩამესმა, ვიგრძენი, თავი როგორ მიამდებოდა ნელ-ნელა.


მაპატიეთ მოკლე თავი, მალე დავდებ შემდეგ თავსაც და ასეთი მოკლე აღარ იქნება. იმედია, მოგწონთ მადლობთ ჩემს მკითხველებს ყურადღებისთვის.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent