შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გადმონაშთი (1)


16-04-2018, 00:30
ავტორი ჰუნი
ნანახია 1 345

მწერლისათვის, უპირველეს ყოვლისა, მთავარი, სწორი არჩევანის გაკეთებაა. არჩევანისა, რომელიც ორ მხარეს შორის არის მოქცეული. მწერალი ან ვარდისფერ სამყაროს ირჩევს, ან რეალობას. ზოგისთვის არჩევანის გაკეთება მარტივია, ზოგისთვის კი პირიქით. რომელია უკეთესი, ზღაპრულ სამყაროზე წერო, მკითხველს ამ სამყაროს არსებობა დააჯერო, თუ აღწერო რეალობა, თვალები აუხილო, მაგრამ ამასთან ერთად, ამ რეალობამ დატანჯოს?
მე თუ მკითხავთ, მწერლისათვის ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალზედ რთულია.
და ამიტომაც, მე, თქვენი მონა-მორჩილი, ვწერ ისტორიას, ზღაპრისა და რეალობის უცნაურ და ამაღელვებელ შერწყმაზე. ვწერ ისტორიაზე, რომელიც არ იწყება "იყო და არა იყო,რათი" და არ მთავრდება მტანჯველი, განმგმირავი სიკვდილით. ეს არის ამბავი სიყვარულზე, რომელიც ოდესღაც, თითქოს კარგად დაიწყო და მზად იყო საჭიროებისამებრ, სამყაროს წინააღმდეგ წასულიყო. რომლის დასასრული ჯერაც ვერ მომიფიქრებია და ახლა, როდესაც ამ პროლოგს ვწერ, მაშინაც მაწუხებს ის კითხვა, ბოლოს მაინც რომელ სამყაროს ავირჩევ? თუ შევძლებ, რომ ამ ორი სამყაროს შერწყმა ბოლომდე იდეალურად მივიყვანო და არც ერთს არ მივანიჭო უპირატესობა.
კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია. ასე რომ, ჩემო მკითხველო, თუ შენ ახლა მე მკითხულობ, თავს ნუ დაიტანჯავ იმ კითხვის პასუხის გამოცნობაზე, რომელიც ჯერ მეც კი არ ვიცი. წამიკითხე და ეცადე ისიამოვნო. გამანდე შენი ფიქრები. მთავარი მხოლოდ ისაა, რომ შენს გულამდე მისაღწევი კარი ღია დატოვო, და მე გპირდები, მოვალ და მუდამ შენს გვერდით ვიქნები.
***
1.

ბოთლი წრეზე მეხუთედ რომ დატრიალდა, სამარადისო სიჩუმემ მოიცვა მთელი ოთახი. რამდენიმე წყვილი თვალი ბოთლს მისჩერებოდა და იმის მოლოდინში იყვნენ, ამჯერად მაინც გაჩერებულიყო იმ ადამიანის წინ, რომლის დაკითხვაც ასე ძალიან უნდოდათ.
და ბინგო!
მამაზეციერმა არ ვიცი, მაგრამ ეშმაკმა მაინც შეისმინა მათი ვედრება და სწორედ მაშინ გაჩერდა, ის იყო, გაიფიქრა, დღესაც სუფთად გამოვალო.
-ვერ გადაგვირჩები!-ავად გაასავსავა ბექამ ხელები და თვალი ჩაუკრა.
ლეამ ნერწყვი გრაციოზულად გადააგორა და წამში იგრძნო პულსაციის აჩქარება.
-სიმართლე. მიდი, გელი! -გამბედავად ყელი მოიღერა და კითხვის მოლოდინში ლამის ადგილზე აქცმუტდა.
მოქმედების თავი ნამდვილად არ ჰქონდა. რამე სისულელის ჩადენას არ აპირებდა. ისიც იცოდა, რომელიმე უბრალოდ კითხვითაც ვერ გამოძვრებოდა, მაგრამ მაინც ეს არჩია და არც მეტი, არც ნაკლები, უნივერსიტეტის ამჟამინდელი ყველაზე პოპულარული და ძველი სკოლელის სამიზნე გახდა.
სანამ კითხვა გაჟღერდებოდა, საწყალი თვალებით გახედა ბავშვობის მეგობარს-თიკას, რომელმაც გამამხნევებლად აუწია ცერა თითი და ტუჩების მოძრაობით ანიშნა, მხნედ იყავიო.
თავი რომელიმე რეალითი შოუში ეგონა, სადაც გამარჯვებულის გამოცხადების მოლოდინში დროს ძალით წელავდნენ.
-რას გვეტყვი კოტეზე?
კითხვამ გონგის ხმასავით გაიჟღერა.
ოთახში მყოფთაგან ნახევარმა მოულოდნელი კითხვისაგან თვალები დაქაჩა, ხოლო, იმათმა, რომლებიც ვერ გარკვეულიყვნენ, თუ რა ხდებოდა, მხოლოდ მხრები აიჩეჩეს და მოვლენების სიანტერესოდ განვითარების მოლოდინში გემრიელად მოკალათდნენ.
-ეს კითხვა არ არის, ბექა! -კბილებში ძლივს გამოსცრა ლეამ.
სიბრაზისაგან ხელები შეუმჩნევლად აუკანკალდა და იგრძნო, მის სასარგებლოდ თუ არ შემოატრიალებდა სიტუაციას, საღამო კარგად არ ჩაივლიდა, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ლეასთვის.
-სხვათა შორის, კარგად თუ დაუკვირდები, დიახაც, ეს კითხვაა. გაგიმეორებ, რას გვეტყვი კოტეზე? წინადადების ბოლოს კითხვის ნიშანს გრძნობ?
ბექას ამ შეპასუხებაზე კვლავ გააკანკალა, ამჯერად შეუმჩნეველი არ დარჩენილა.
-ბექა, გეყოფა!-მეგობრის შემხედვარე თიკა მაშინვე წამოენთო.
-შენ ნუ ერევი!-საჩვენებელი თითი დაუქნია ბიჭმა. -ლეა, ეს თამაშია და წესების დაცვას თუ არ აპირებ, მაშინ რატომ ხარ აქ? -ახლა ლეას მიუბრუნდა და საერთოდ ვერ მიხვდნენ, უბრალო თამაშიდან სერიოზულობამდე როდის გადავიდნენ, განსაკუთრებით კი, ბექა.
ლეას ყურთა სმენა დაეხშო. დღემდე ვერავინ უბედავდა ამ თემაზე საუბარს, გარდა ერთი-ორჯერ წამოკვრით საუბრისა, ისიც იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ასიდან ერთხელ თუ ნახავდა.
-წესების დარღვევისთვის ბოდიში, მაგრამ უნდა წავიდე, -თქვა და არავის შეპასუხებას არ დალოდებია ისე წამოდგა და ოთახიდან უკანმოუხედავად გავიდა.
წარსულის შეხსენებაზე თვითკონტროლი დაკარგა. კოტეს ხსენებით მხოლოდ იმას კი არ ახსენებდნენ, თუ როგორ მიატოვა, არამედ იმასაც, ამ მიტოვებამ ლამის ფატალურ შედეგამდე რომ მიიყვანა.
-ჰეი, -მხარზე თიკას შეხება იგრძნო. -ძალიან ვწუხვარ, არ მეგონა ასე თუ შეტოპავდა, -გულწრფელად უთხრა და კედელს მიეყრდნო.
-ხომ გაგიგია, ცნობისმოყვარეობა კლავსო, მაგრამ ამჯერად, სამიზნე მე ვიყავი. -ნერვიულად ჩაეცინა.
ყოველთვის უკვირდა და აღიზიანებდა, რატომ არ შეეძლო ყველას საკუთარი ცხოვრებისთვის მიეხედა. რატომ ყოფდნენ ცხვირს იქ, სადაც მათი ადგილი ყველაზე ნაკლებად იყო და რატომ ერეოდნენ, მაშინ, როდესაც დრო განკურნების მცდელობაში წინსვლას გრძნობდა.
ამით სიამოვნებას იღებდნენ? იმით, რასაც ადამიანებს უშვრებოდნენ. იმ რეაქციით, წარსულის შეხსენების მერე რომ ჰქონდათ.
ალბათ, ბევრს გაიცინებდნენ. ბევრს იხალისებდნენ. დასცინებდნენ, მანამ, სანამ არ მობეზრდებოდათ და შემდეგ, ახალ მსხვერპლზე გადავიდოდნენ.
ჯერ სამიზნე, შემდეგ მსხვერპლი და ბოლოს, უვარგისი ნივთი, რომელიც უზარმაზარ სანაგვეში აუცილებლად ამოყოფდა თავს.
-ის ხომ იდიოტია, ნუ მიაქცევ ყურადღებას. ყველას ასე რომ ავყვეთ, თავებს დავიღუპავთ.
თიკასთან საუბარი უყვარდა. ყოველთვის ისეთი მშვიდი და გაწონასწორებული იყო ეს გოგო, უკვირდა ხოლმე. მართალია, არც ლეა უჩიოდა სიმშვიდესა და თვითკონტროლს, მაგრამ მომენტებში თავის მოთოკვა უჭირდა. ისე ბრაზდებოდა ხოლმე, არაფერს იტყოდა, მაგრამ თანდათან იბერებოდა და შემდეგ, საპნის ბუშტივით სკდებოდა. ოღონდ, მისი ბრაზი ჰაერში კი არ ქრებოდა, არამედ ცრემლებად მიმოიფანტებოდა.
-ის ნამდვილად იდიოტია, -ოდნავ დამშვიდებულმა თავი დაუქნია და ხელის გულები ლოყებზე მიიდო. -მაგრამ მაინც არ აქვს ჩემს ცხოვრებაში ჩარევის უფლება, -ბოლო თავისთვის უფრო ჩაილაპარაკა, ვიდრე მეგობრის გასაგონად.
***
წაბლისფერი, გრძელი ტალღოვანი თმა. ზღვასავით ცისფერი თვალები, მარწყვივით წითელი ტუჩები და გულწრფელი ღიმილი, რომელსაც ვერა და ვერ დაივიწყებდით. თუმცა, ეს წლების წინანდელი ლეას აღწერილობა უფრო იყო, ვიდრე ამჟამინდელის. გრძელი თმა მხრებამდე დაემოკლებინა. აღარც იმდენად ტალღოვანი ჰქონდა. ზღვასავით ცისფერი თვალები კვლავ კაშკაშებდნენ, მაგრამ, კარგად დაკვირვების შემდეგ მარტივად შესამჩნევი იყო, შუაში პატარა წერტილი, რომელიც გამუდმებით გაჰყვიროდა,ოღონდ რას, ეგ გაურკვეველი იყო. მარწყვივით წითელ ტუჩებს ვერაფერი მოუხერხა. ვერც გულწრფელ ღიმილს, გარდა იმისა, რომ ძალიან იშვიათი გახდა. ძველი ლეასგან ბევრი რამ შემორჩა და ამავდროულად, იმდენი რამ წაართვა წლებმა...
მანქანის განუწყვეტელი სიგნალის ხმა რომ მოესმა, მხოლოდ მაშინ დაიხედა მაჯის საათზე და ის იყო, თიკა უნდა დაეტუქსა, რა დღეში ხარ, დრო ჯერ კიდევ მაქვსო, საათის ციფერბლატმა ხმა რომ ჩააწყვეტინა.
-ჯანდაბა!-ჩუმად შეიკურთხა.
აგვიანდებოდა. როგორც ყოველთვის, აგვიანდებოდა.
-ათ წუთში ჩამოვალ! არც მეტი, არც ნაკლები! -ფანჯრიდან გადასძახა მანქანას მიყუდებულ მეგობარს და პასუხს არც დალოდებია, ისე მოხურა ფანჯარა, ჩაკეტა და აუცილებელი ნივთები პატარა ზურგჩანთაში ჩაალაგა.
ოთახს თვალი მოავლო, რამე ხომ არ მრჩებაო, შემდეგ კი, ზურგჩანთასთან ერთად უზარმაზარ ჩემოდანს დასწვდა და წვალებით ჩაიარა კიბის თხუთმეტივე საფეხური.
-ყოჩაღ! ერთი წუთით ადრე გამოხვედი, -აღტაცების ნიშნად ხელები ჰაერში აღმართა მეგობარმა და საბარგული გაუღო.
-იმას თუ არ ჩავთვლით, რომ 20 წუთში ჩასხდომა იწყება, კი, ნამდვილად ადრე გამოვედი. -სიცილით უპასუხა ლეამ და მძღოლის გვერდითა ადგილი დაიკავა.
მანქანა მაშინვე ადგილს მოსწყდა, როგორც კი თიკა მიუჯდა საჭეს.
თიკა კი იყო მშვიდი, სამაგიეროდ, მისი სიმშვიდე სადღაც ქრებოდა, როდესაც საჭესთან იჯდა. სიჩქარის მოყვარული იყო და ნელა არასდროს არ დადიოდა. ახლა ხომ მითუმეტეს, მიზეზი ჰქონდა, ბავშვობის მეგობარს აგვიანდებოდა.
-იცოდე, ერთ კვირაზე მეტით დარჩენა არც კი გაბედო!-მანქანიდან რომ გადმოვიდნენ, თიკამ მაშინვე გააფრთხილა და მეგობრის ბორბლებიან ჩემოდანს დასწვდა.
-თუ გამიმართლა და სექტემბრიდან საერთოდ გადავედი, შენ რა მოგივა, საინტერესოა!-მეგობრის გაფრთხილებაზე ლეა გახალისდა.
-ვინ გითხრა, რომ რამე მომივა?!-შეიცხადა თიკამ, და მერე კმაყოფილი გამომეტყველებით დაამატა, -მეც გადმოვალ.
რომ გითხრათ, უერთმანეოთ ვერ ძლებდნენ-მეთქი, მოგატყუებთ. მეგობრების სულ სხვანაირ კატეგორიას მიეკუთვნებდნენ ლეა და თიკა. ბავშვობიდან ერთად მოდიოდნენ. სულ ერთად იყვნენ, მაგრამ ცალ-ცალკეც შეეძლოთ ყოფნა. სიშორე ვერას აკლებდა მათ ურთიერთობას. მაგრამ, ამჯერად, თუ ლეას გაუმართლებდა, სექტემბრიდან, საქართველოდან სამუდამოდ უწევდა წასვლა, ეს კი მათ ძალებს აღემატებოდა,
-რეისი თბილისი-ლონდონის მიმართულებით, ჩასხდომა დაწყებულია. -გაისმა ქალის მონოტორული ხმა.
-ჩემი წასვლის დროა, -შეაპარა ლეამ და სახეარეულ მეგობარს გადაეხვია. -მხოლოდ ერთი კვირა.
-არც მეტი, არც ნაკლები, იცოდე!
-რა თქმა უნდა, არც მეტი არც ნაკლები!-ლეამაც დაუდასტურა. შემდეგ მოშორდა და წავიდა.
***
ხუთსაათიანი მგზავრობის შემდეგ, ლონდონის აეროპორტში თბილისიდან მომავალი თვითმფრინავი მშვიდობიანად დაფრინდა. სწორედ იმ წამს კი, კიდევ ერთი თვითმფრინავი დაჯდა ლონდონის აეროპორტში. ორივე თვითმფრინავიდან თითო ქართველი ჩამოვიდა და ლოდონის ნესტიანი ჰაერი შეისუნთქეს. ერთი პატარა ზურგჩანთასა და უზარმაზარ ჩემოდანს მოაგორებდა, მეორე კი, მხოლოდ სპორტული ზურგჩანთის ამარა იყო და თავდაჯერებული ნაბიჯებით მიიწევდა პირველივე შემხვედრი ტაქსისკენ.
-აკი გითხარი, გზის გაგნებას თვითონაც შევძლებ-მეთქი! -დამტუქსველი მზერა სტყორცნა BWM-ს მიყრდნობილ, მომღიმარ ბიჭს და მისვლისთანავე მონატრებულს გადაეხვია.
-ნანას ვერ გადავურჩებოდი, -ღიმილით გააქნია თავი და ისე ძლიერ მოჰხვია გოგონას ხელები, ლამის შემოატყდა. -დილიდან ემზადება შენს დასახვედრად. -კვლავ გაეცინა დედის ფუსფუსის გახსენებაზე.
ღმერთო, ისე ძლიერ ენატრებოდა აქაურობა ლეას, ამ ერთკვირიანმა გამომგზავრებამ სულზე მოუსწრო.
-ნანას საფირმო ნუტელიანი კრუასანი თუ არ დამხვდა, იცოდე უკან დავბრუნდები! -ხუმრობით დაუქნია საჩვენებელი თითი, შემდეგ კი, ღვედი გადაიკრა და მაშინვე გზას დაადგნენ.
-რა უნამუსო ხარ! აქ კრუასანების გამო ჩამოხვედი?-მოჩვენებითი აღშფოთებით შესძახა ბიჭმა, -აუცილებლად ვეტყვი ნანას! -დაემუქრა და ისეთი სერიოზული სახით გახედა, ის იყო ლეას სახიდან ღიმილი გადაუვიდა, მძღოლის სიცილმა მთელი მანქანა რომ მოიცვა.
-საბა, რა იდიოტი ხარ!-გაბრაზებულმა მხარზე უჩქმნიტა და ბოლოში თვითონაც ჩაეღიმა.
ამ ყველაფერმა მართლაც რომ სულზე მოუსწრო. დაახლოებით ერთი წელი არ ენახა თავისი მამიდა და მამიდაშვილი და უკვე ეგონა, იხრჩობოდა, ისე ენატრებოდა მათთან ყოფნა და დროის გატარება. განაბული იჯდა სავარძელზე და ღიმილით ათვალიერებდა გზას. ხეებს, რომლებიც ერთი-მეორის მონაცვლეობით იყვნენ განლაგებულნი. ეს გზა უკვე ზეპირად იცოდა და დახვედრა მართლა არ იყო საჭირო, მაგრამ საბასი და ნანას ამბავი რომ იცოდა, გონებაშიც არ გაუვლია იმ ფაქტს, რომ ტაქსით, მარტო მოუწევდა მამიდას სახლში მისვლა.
რამდენიმე წუთში, უზარმაზარი სახლის წინ გაჩერდა მანქანა. საბას არც დალოდებია, ისე გამოხსნა მანქანის კარი და სირბილით დაუყვა სახლისკენ მიმავალ ბილიკს.
ხელი ასწია, ზარი უნდა დაერეკა, უეცრად კარი რომ გაიღო და ყურებამდე გაღიმებულ, ნაცნობ სახეს შეეჩეხა.
-როგორ მენატრებოდით!-მოგუდული ხმით ამოილაპარაკა მამიდას მკლავებში მოქცეულმა გოგონამ და ხელები კიდევ უფრო ძლიერ მოუჭირა.
-ნანა კი ბოლო ერთი კვირაა დღეებს ითვლის. ივნისის ბოლოს რომ არ ჩამოხვედი, ლამის დეპრესია დაეწყო ქალს. მგონი, ჩემზე მეტად უყვარხარ. -სახლში შესულმა საბამ დედის ჩაშვებაც მოასწრო და საპასუხოდ, მსუბუქი მუჯლუგუნიც მიიღო.
-ნუ მაიმუნობ შენ!-სიცილით დაუბრიალა ნანამ თვალები და კვლავ გოგონას მიუბრუნდა. -შენი საყვარელი კრუასანები დაგახვედრე. -წარბების თამაშით მიუთითა სამზარეულოზე და გოგონას ღიმილი უფრო მეტად რომ გაეზარდა, გადაიკისკისა. -ზუსტად ასეთ რეაქციას ველოდი!
***
-აბა, მომიყევი, ახალი რა ხდება?
ლეას ჩამოსვლიდან ნახევარ საათში, მისაღები ოთახის დივანზე იყვნენ ჩამოსკუპებულნი ლეა და ნანა და ჩიფსებს ახრამუნებდნენ.
-მმ, -დაიზმუვლა გოგონამ, კიდევ ერთი ჩიფსი რომ გაიქანა პირში, -ახალი არაფერია. ხომ იცი, ისეთი მოსაწყენი ცხოვრება მაქვს, ვერაფერს ვერ მოუხერხებ. -დაამატა და საკუთარ ნათქვამზე უსიამოვნოდ შეეჭმუხნა წარბები.
-ისევ მარტო დაეხეტები?-დაქალივით ჩაეკითხა ნანა.
-აბა, ჩემნაირ უჟმურს ვინ შეიყვარებს?-კითხვა კითხვითვე შეუბრუნა და ნანას ხითხითი რომ მოესმა, მიხვდა, ახლა ის აღიარა, რასაც ეგონა რომ არასდროს არ აღიარებდა.
ნანა 17 წლის იყო, როდესაც გათხოვდა. 18 წლის ასაკში კი, საბა შეეძინა. 23 წლამდე შვილი ქმართან ერთად აღზარდა, შემდეგ კი, ლევანი ისე უეცრად გარდაიცვალა... 23 წლიდან, დღემდე კი, მარტო ზრდიდა საბას და ისე მამაცურად მოეკიდა ამ ყველაფერს, ისე ჩამოყალიბდა და ისეთი ძლიერი გახდა, ნანა ლეასთვის სამაგალითო მამიდა იყო. საამაყო შვილიც აღზარდა. ახლა 41 წლის იყო ნანა და ჯერ კიდევ არ კარგავდა იმის მხნეობას, რომ კვლავ ისეთ დედად და მამიდად დარჩენილიყო, რომელიც შვილსა და ძმისშვილს მეგობრობას გაუწევდა.
-მიკვირს რა, ასეთ ლამაზსა და მომხიბვლელ გოგოს ასეთი ხასიათი როგორ დაგჩემდა! -დატუქსვასავით გამოუვიდა ნანას. -სხვათა შორის, იცი საბას რა ძმაკაცები ჰყავს? რომელიმეს გაგირიგებს, იქნებ მოგარჯულოს!
-აქამდე ვერ მომარჯულეს და გგონია, რომელიმე ლონდონელი ფლეიბოი ამას შეძლებს?
-ჯერ ეს ერთი-მისთვის არავის გაცნობას არ ვაპირებ! -თვალებმოჭუტულმა საბამ თავი სამზარეულოდან ეჭვიანად გამოყო, - მეორე- არც ერთი არ არის ფლეიბოი. და მესამე-მართლა გაქვს იმის იმედი, რომ ამას ვინმე მოარჯულებს? -სერიოზულად ჰკითხა ნანას.
-ამას რომ მოუსმინო, ვერავისთვის ვერ გაგიმეტებს და შინაბერას დაგტოვებს.-შვილის გამოხტომით გახალისებულმა ნანამ ლეას გადასჩურჩულა.
-ვერ გავიგე რა უთხარი, მაგრამ დარწმუნებლი ვარ, კარგს არაფერს ეტყოდი. -მკაცრი უფროსივით წაადგა ორივეს თავს.
ღმერთო, ისე უყვარდა ლეას ამათი დედა-შვილური ურთიეთობა!
-სა, დღეისთვის რა გეგმები გაქვს?-მოულოდნელად ამოუდგა ლეა გვერდით და ხელი მხარზე ძლივს გადაჰხვია.
საბაზე ორი თავით დაბალი იყო, მიუხედავად ამისა, თავის სიმაღლეს მაინც არ უჩიოდა.
-სამსახურში შვებულება ავიღე, ამიტომ მთელი ეს კვირა შენ უნდა დაგითმო. -ცხვირზე თითი ჩამოჰკრა და გაბრწყინებულ თვალებს რომ შეეჩეხა, გაეცინა.
-მაააშინ, -სიტყვის გაწელვით, ლეამ ხელები ეშმაკურად გაასავსავა, -დღეს ღამით კლუბში გავიდეთ და გავერთოთ, -საკუთარი შეთავაზებით კმაყოფილმა ყელი წაიღერა.
-როგორც თქვენი უდიდებულესობა იტყვის!- ხუმრობით თავი დაუკრა საბამ.
იშვიათად თუ დადიოდა ლეა კლუბებში, ან მსგავს გასართობ ადგილებში. ზედმეტად იშვიათადაც კი. არ უყვარდა ხმაური. არც ალკოჰოლს არ ეტანებოდა. ბინძური თამაშების მოყვარული არ იყო, მაგრამ იმ დღეს, ერთ ადგილზე ვერ გაჩერდა, ვერც ხუთსაათიანმა მგზავრობამ ვერ დაღალა. დასვენება კი არა, თითქოს, უშრეტი ენერგიის წყაროდ იქცა და საკუთარ თავს ვერაფერს უხერხებდა.
საღამოს შვიდი საათი იყო, ბოლოჯერ რომ დატრიალდა სარკის წინ. არაფერი განსაკუთრებული; მუხლებამდე, სწორი, შავი ფერის კაბა და თეთრი ვანსები. გაშლილი თმა და მსუბუქი მაკიაჟი. ტელეფონისთვის და საკრედიტო ბარათისთვის პატარა ჩანთა გადაიკიდა და მზად ვარ-ის ძახილით პირველ სართულზე ჩავიდა.
-ვანსებს მაინც ვერ ელევი, არა? -საბამ სიცილით დახედა ფეხებზე.
მოსწონდა ამ გოგოს ასეთი ჩაცმულობა.
-ხომ იცი, მაღლებს ვერასდროს ვერ შევეჩვევი,-მხრების ჩეჩვით უპასუხა.
სანამ სახლიდან გავიდოდნენ, ნანამ მიაძახა, ჭკვიანად იყავითო. შემდეგ, საბას მანქანა ადგილიდან მოწყდა და ბიჭისთვის ნაცნობი კლუბისკემ მიმავალ გზას დაადგნენ.
-შენი სიმპათიური ძმაკაცებიც იქნებიან?- წარბების თამაშით მიუბრუნდა ლეა და საბას დაბღვერილი მზერა რომ დაიმსახურა საპასუხოდ, სიცილისაგან მხრები აუცახცახდა.
ლეას ბიჭებთან ფლირტი არ გამოსდიოდა და მეტიც, მათდამი ყურადღებას აღარ იჩენდა. სერიოზული ურთიერთობისთვის ამჯერად მზად არ იყო.
-კი, მაგრამ იცოდე, თვალ-ყურს გადევნებ!
-კარგი რა, ხომ იცი, ბიჭებთან ურთიერთობა ისედაც არ გამომდის. -ხელი აიქნია და საზურგეს მიაწვა.
ხუმრობდა, მაგრამ ამ ხუმრობაში იმხელა ტკივილი იმალებოდა. მცდელობების მიუხედავად წარსული მაინც თან დასდევდა და არა და არ ასვენებდა.
რამდენიმე წუთში კლუბის წინ გაჩერდა მანქანა. ლეა ისეთ კარგ ხასიათზე აღარ იყო, მაგრამ საბასთან ეს არ შეუმჩევია და უპრობლემოდ გაჰყვა კლუბის შესასვლელამდე. ჩვეულებისამებრ, Face Controlი გაიარეს და მალევე შიგნით შეუშვეს. ალკოჰოლითა და ნიკოტინით გაჟღენთილი ჰაერი მაშინვე ეცა ლეას და უეცარი თავბრუსხვევა იგრძნო.
მაშინვე ინანა კლუბში ფეხის შედგმა. კარგი ხასიათი ვერა და ვერ მოიბრუნა და ახლა თავის მოჩვენება უწევდა. მაინც, რა უცებ წაუხდა ხასიათი!
-აი, ისინიც, -საბამ მეგობრები შენიშნა.
გოგონას მაჯაზე მოჰკიდა ხელი და ლამის ძალით მიიყვანა კლუბის კუთხემდე.
-ეს ლეაა, ჩემი ბიძაშვილი. -სიამაყით წარუდგინა მეგობრებს გოგონა და ლეასაც სამივე სათითაოდ გააცნო.
ლეამ შვებით ამოისუნთქა, ყველა ბიჭი რომ არ აღმოჩნდა. მათ სამეგობროში ერთადერთი გოგო თუ იქნებოდა, თავს უხერხულად იგრძნობდა.
ღიმილით გაეცნო შავთმიან მარიას და მასთან საერთო ენაც მაშინვე გამონახა.
-ე.ი. შენც საქართველოდან ხარ? -ბრიტანული აქცენტით ჰკითხა მარიამ.
-ხო, ასეა. -ღიმილით დაუქნია თავი და კოქტეილი ნელა მოსვა.
-ანუ ჩვენს სამეგობროში უკვე მესამე ქართველი ხარ, -სიახლით აღტაცებულმა მარიამ, ტაში შემოჰკრა და ამის აღსანიშნავად ლეას ჭიქას თავისი მიუჭახუნა.
-მესამე?-გაუკვირდა ლეას, -მე, საბა და კიდევ არის ვინმე?
-კი. სხვათა შორის, წუთი-წუთზე უნდა მოვიდეს. დღეს დილით ჩამოვიდა მილანიდან. -თქვა და კარისკენ მოუთმენლად გაიხედა, -აი, უკვე მოვიდა.
ლეას კი, ღიმილი სახეზე მიეყინა ნაცნობ სილუეტს რომ მოჰკრა თვალი. ცივმა ოფლმა დაასხა და ყელში უზარმაზარი გორგალი გაეჭედა. კრინტი ვერ დაძრა, ვერც თავი მიაბრუნა. ვერც სახეზე მიყინული ღიმილი ვერ მოიშორა. თითქოს, ვერც სიტუაცია ვერ გაანალიზა. მხოლოდ იმის შემდეგ მოვიდა გონს, სიბრაზისაგან თხელი ჭიქა ხელში რომ შემოეფშვნა და ნატეხმა ხელი გაუჭრა.



№1 სტუმარი Mariami

https://www.facebook.com/le.vani.73594 am gverdze momweret tu survili geqnebat minda anonimurad davdo xolme sxvisi piradii azrebi problemebi siyvarulis ambebi

 


№2 სტუმარი სტუმარი lia

kargi istoriiz dasawkisia,momewona
velodebi axal tvs
sxva motxrobebivit esec ar miatovo

 


№3  offline წევრი ჰუნი

სტუმარი lia
kargi istoriiz dasawkisia,momewona
velodebi axal tvs
sxva motxrobebivit esec ar miatovo

არა, ამას ნამდვილად არ მივატოვებ შუა გზაზე. სისტემატიურად დავდებ ახალ თავებს. მადლობაა <3

 


№4  offline წევრი Ignifex

ძალიან, ძალიან მომეწონა!
ნამდვილად საინტერესო დასაწყისია, ვერაფერს ვიტყვი. მითუმეტეს, ამ თავის დასასრული, რა იყო ეს, რა cliffhanger-ისთვის გაგვიმეტე smile ნეტავ, ბექაა თუ კოტე...
სასიამოვნოდ წერ, არ მღლიდა შენი ნაწერი კითხვისას, პირიქით, უფრო და უფრო მითრევდა.
ძალიან კარგად გქონდა ლეას გარეგნობა აღწერილი, მომეწონა ძვენ ლეასთან შედარება და საერთოდ, მართლა კარგი იყო ჩემთვის ♥
ველი შემდეგ თავს და არ გამომაპარო, მე თუ გამომრჩა, აუცილებლად მომწერე, გთხოვ heart_eyes heart_eyes

 


№5  offline წევრი ჰუნი

Ignifex
ძალიან, ძალიან მომეწონა!
ნამდვილად საინტერესო დასაწყისია, ვერაფერს ვიტყვი. მითუმეტეს, ამ თავის დასასრული, რა იყო ეს, რა cliffhanger-ისთვის გაგვიმეტე smile ნეტავ, ბექაა თუ კოტე...
სასიამოვნოდ წერ, არ მღლიდა შენი ნაწერი კითხვისას, პირიქით, უფრო და უფრო მითრევდა.
ძალიან კარგად გქონდა ლეას გარეგნობა აღწერილი, მომეწონა ძვენ ლეასთან შედარება და საერთოდ, მართლა კარგი იყო ჩემთვის ♥
ველი შემდეგ თავს და არ გამომაპარო, მე თუ გამომრჩა, აუცილებლად მომწერე, გთხოვ heart_eyes heart_eyes

ეს კომენტარი ისე ძალიან მიხარია! ძალიან დიდი მადლობა heart_eyes მეორე თავი დევს უკვე და შეგიძლია ნახო heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent