ნაყოფი
იქნებ უოცნებია რომელიმე თქვენგანს ჩასძინებოდა ძილით, რომელიც გააქრობდა ყველაფერს: წარსულს, აწმყოსა, ცნობიერსა და არაცნობიერს, რომელიც გათიშავდა არსებობიდან და უბრალოდ მისცემდა დატანჯული ადამიანის სულს დასვენების საშუალებას, ყოველგვარი ჯოჯოხეთისა და სამოთხის გარეშე? არ ვიცი რამდენად გამოდგება ოცნებად, მაგრამ მე კი ნამდვილად მძინებია მსგავსი ძილით. ეს არ იყო სიკვდილი, ეს არის სიცოცხლის საწყისი, რადგან ის რაც თვლემს ადრე თუ გვიან გამოიღვიძებს და გააცოცხლებს რაღაც ახალს. სინამდვილეში იმდენად ძველს, რომ დავიწყებულია ადამიანის ცნობიერის მიერ და რადგანაც შეუცნობელია თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ახალი. *** ვერკვევი... ჩემს წინ ვიღაცის ვეებერთელა სახე დაგრეხილა, იმანჭება და იცინის. ერთი წუთითაც არ მაძლევს მოსვენებას მე კი მისთვის ნამდვილად არ მცხელა, თანაც წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა, ცდილობს შემაშინოს თუ გამამხიარულოს. ვცდილობ მზერა სხვა რამეზე გადავიტანო, მაგრამ თავს საითაც მივატრიალებ სახე იმ მხრიდან აღიმართება და მანჭვა-გრეხვასთან ერთად უცნაურ ხმებსაც გამოსცემს. არასასამოვნო სიტუაციაში აღმოვჩნდი. რა უნდა იყოს გაურკვევლობაზე არასასიამოვნო? ვერაფრით გავარკვიე ვინ არის ეს ჯამბაზი და საერთოდ რატომ არ შემიძლია გავეცალო. ირგვლივ ვერაფერს ვარჩევ გარკვევით, თან ეს ვეება მანჭია სულ თან დამდევს და ხედს მიფუჭებს. თვალებს მაგრად ვხუჭავ და რამოდენიმე წამში ისევ ვახელ. თავზე შუა ხნის ქალბატონი წამომდგომია და შეუსვენებლად ქაქანებს. სახე ვიცანი, იმ ჯამბაზთაგან ერთ-ერთისა უნდა იყოს რამოდენიმე წამის წინ რომ იგრიხებოდა. როგორ დასერიოზულებულა. ახლა მისი ლაპარაკიც უკვე გასაგებია ჩემთვის, მაგრამ ჯერ კიდევ ყრუდ მესმის ბგერები, თითქოს თავი ბალიშში მქონდეს ჩარგული. მგონი რაღაცაში მადანაშაულებს. თავს დაბლა ვხრი და დანაშაულის გრძნბა გაუცნობიერებლად მეუფლება. თითქოს მივუხვდი საკუთარ დანაშაულს, ამის გამო სინდისიც კი მქენჯნის, მაგრამ რა დავაშავე წარმოდგენაც კი არ მაქვს. ის კი არ ჩუმდება... როდის მოეღება ამას ბოლო, თვალებს ხელებით ვისრეს იქნებ უკეთ გავერკვე. -უკაცრავად, ზეთი სად დევს შვილო?- ვეებერთელა სათვალეებიდან ნოღა კიდევ უფრო ვეებერთელა თვალები ამომცქერიან. ჩემს წინ ნაცნობი სახის ბებო დგას, თვალებში ისე მიყურებს თითქოს იქ ეძებს ხსნასო. მე კი წარმოდგენა არ მაქვს რა ზეთი... მზერა მოვატარე. პროდუქტით დახუნძლული თაროები შემოჯარულან ირგვლივ... ნამდვილად სუპერმარკეტში ვარ. -პირდაპირ და მარცხნივ მესამე თარო- ბოლომდე არც კი გამოვრკვეულვარ, მაგრამ ის კი დანამდვილებით ვიცი თუ სად დევს ზეთი. -გაიხარე შვილო- მოხუცი ტრიალდება და ნელი ნაბიჯით მიემართება ნანატრი დახლისაკენ. იქნებ გზაში კიდეც დაავიწყდეს სად მიდის? დარწმუნებული ვარ ასეც იქნება. იქნებ მთელი დღე მოუწიოს სასურველი პროდუქტის ძიება წარუმატებლად? ამის გაფიქრება საკმარისია იმისთვის, რომ სიბრალულმა და თანაგრძნობამ მაშინვე წამოყოს თავი, თავში ჩაგიკაკუნოს, მოსვენება დაგიკარგოს, გიბიძგოს მოქმედებისაკენ, მიდი.. მიდი... დაეხმარე! მაგრამ რთულია ადგილიდან დაძრა თუნდაც საკუთარი თავი უმოტივაციოდ. სიკეთე კარგი რამაა მაგრამ მოტივაციად ყოველთვის არ გამოდგება. მოხუცი იმდენად ნელი ნაბიჯით მოძრაობს.. იმის წარმოდგენა თუ რა დრო და ნებისყოფა დამჭირდება მისი ზეთის დახლამდე მისაყვანად საკმარისია იმისათვის, რომ კეთილი განზრახვა უკუვაგდო სიზარმაცის ძალით მოპოვებული გულცივობით და თვალი ავარიდო მიმავალს. კიდევ ერთხელ მოვატარე მზერა ირგვლივ და ვცადე გამეხსენებინა რას ვაკეთებდი აქ, მაგრამ ამაოდ. ვერაფერი გავიხსენე. თუმცა დიდად არ მანაღვლებდა რა იყო მანამდე, მითუმეტეს რომ აქ ტემპერატურა კარგად იყო დარეგულირებული, მუსიკა სასიამოვნოდ უკრავდა და ირგვლივ სულო და გულო რა გინდა რომ არ ყოფილიყო. დახლებს შორის სიარულს მოვყევი, ვათვალიერებდი მათ და იმ წესრიგით ვტკბებოდი რომელიც ირგვლივ სუფევდა. შეიძლება დიდ უაზრობად მოგეჩვენოთ ჩემი საქციელი, ხომ შეიძლება ვერ გამიგოთ და საინტერესო ადამიანად სულაც არ ჩამთვალოთ, თუმცა მე წინააღმდეგი ნამდვილად არ ვიქნები. არაფერია იმაზე უფრო უაზრო, რომ ყველაფერში აზრი ეძებო. მცირე გასეირნების შემდეგ ხილის სექციას მივადექი, რომელიც განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა მაღაზიაში. სხვადასხვა სიმაღლეზე შემოდგმული ყუთები ნაირ ნაირი ხილით იყო სავსე. ზოგიერთი მათგანიდან სასიამუვნო სურნელიც კი იფრქვეოდა ირგვლივ. მე მოშორებით ვიდექი და იქიდან ვაკვირდებოდი ამ სექციას, რადგან მომწონდა ერთიან კონტრასტში რომ აღვიქვამდი ამ მრავალფეროვნების ტრიუმფს. ჩემთვის მოულოდნელად ჩემი ყურადღება წამის მეასედში მიიქცია ერთმა არსებამ, უფრო კონკრეტულად ადამიანმა. გაოცებულიც კი დავრჩი საკუთარი თავით. ვერ წარმომედგინა როდესმე ადამიანი თუ მოახერხებდა ჩემ დაინტერესებას ასე ძლიერად. ტვინი ხომ დამოუკიდებლად მეტს მუშაობს ვიდრე ჩვენი უშუალო ზემოქმედებით, ის ზოგჯერ ჩვენგან დამოუკიდებლად ამუშავებს ინფორმაციას და მზა სახით გვაწვდის მას. კაცი ქალს (საპირისპირო სქესს) ისეც კი იცნობს, ქალმა სულ უბრალოდ გვერდით რომ ჩაუაროს, მისი ხედვის ობიექტივშიც კი არ მოექცეს, ისე რომ არც კი მიაქციოს კაცმა ყურადღება, წამითაც არ შეხედოს და ამ დროს საქმითაც იყოს გართული. ჩემი ყურადღება ასე ძვირფასი წამის მეასედში მიიქცია ქალმა რომელიც სექციას უახლოვდებოდა. როგორც კი ხილით სავსე ყუთებს მიუახლოვდა ნელი ნაბიჯით განაგრძო სიარული მათ გასწვრივ. ქალი იმდენად მშვენიერი იყო თავისი უბრალოებით, რომ რაც უფრო დიდხანს ვუყურებდი მით უფრო დიდ ინტერესს იწვევდა ჩემში. ის სადღაც ოცი წლის ან ცოტა მეტის უნდა ყოფილიყო. თუმცა ქალი უფრო ეთქმოდა ვიდრე გოგონა, რადგან სრულყოფილი იყო ყველა იმ დიდებულებით რაც განასხვავებს ქალს გოგოსაგან. მისი სხეული იყო თავად სრულყოფილება, მისი ჩაცმულობა კი იმდენად სადა, რომ გაკვირვებაში მოვყავდი. ამ საუკუნეში აქამდე არ მენახა ამ ასაკის ქალი რომელიც ასეთ სხეულს ასე დამალავდა. მათ ხომ ერთი სული აქვთ მაშინვე გაუსვან ხაზი საკუთარ უპირატესობას როგორც კი ამის საშუალება მიეცემათ. ის კი ამას არ აკეთებდა, რადგან იცოდა უპირატესობა ისედაც ნათელი იყო. მის მიხვრა-მოხვრაში იყო რაღაც ღვთიური, არ აკეთებდა ზედმეტ მოძრაობებს რომლითაც მშვენიერი ბანოვანნი ცდილობან ხაზი გაუსვან მათ ქალურობას. თითქოს ამით ამბობდა, მე არ მჭირდება ეს, მე ხომ ისედაც მშვენიერი ვარ. აღტაცებაში მოვყავდი მის თმებს, რომლებიც ჩანჩქერისებულად ეშვებოდნენ დაბლა. ეს იყო ღია წაბლისფერი თმები, ამ ფერის თმას ერთი ჯადოსნური თვისება აქვს, მზის სხივების შეხებისთანავე ფერს იცვლიან და ოქროსფრად იწყებენ ელვარებას. ალბათ სასიამოვნო სურნელსაც აფრქვევდნენ რომელსაც ცხადად ვგრძნობდი ნესტოებში. ეს იყო საოცრად დამათრობელი სურნელი რომელიც კიდევ უფრო მაბრუებდა. თმები შუბლს გარდიგარდმო ეფინებოდა. ეს იყო მაღალი, თაღოვანი, ოდნავ ამოზნექილი შუბლი. ვფიცავ ყველაზე წმინდას ჩემს წარმოსახვაში მხოლოდ ანგელოზს შეიძლება ქონოდა მსგავსი შუბლი. დღემდე ვარ დარწმუნებული, მარტო შუბლითაც კი შევძლებ მის გამორჩევას შვიდი მილიარდი ადამიანისგან. ჩემ მზერას არც მისი მშვენიერი თითები გამოჰპარვია. ეს იყო ღვთიურობის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება. მე მზად ვიყავი მხოლოდ ასეთი თითების გამოც კი მოვმკვდარიყვავი, თვითო თითის გამო თვითოჯერ, ეს იყო პოეზიის ათი უნატიფესი მწვერვალი. ქალს ხელში სასურსათო კალათა ეჭირა, მხარზე კი ჩანთა ჰქონდა გადაკიდებული. ის განაგრძობდა სიარულს სავსე ყუთების გასწვრივ და თითქოს დიდი დაკვირვებითა და სიფრთხილით ცდილობს სასურველი ნაყოფის შერჩევასო. ბოლოს შეჩერდა და ფრთხილად დაწვდა ერთ-ერთ მათგანს. ეს იყო საკმაოდ მოზრდილი გვერდებაწითლებული ნაყოფი რომელიც მშვენიერ თითებში მოექცია და დიდი ინტერესით ათვალიერებდა. ხან ყუთს ჩახედავდა სადაც სხვა წითელი ნაყოფის მსგავსი მრავალი იყო ხან ისევ მის ხელთ არსებულს მიაპყრობდა მზერას. ბოლოს თითქოს დარწმუნდა ის რაც ჩემს ხელთაა ნამდვილად საუკეთესოაო, ფრთხილად განათავსა კალათაში და სასწორისაკენ გაემართა. ამ სცენის შემდეგ ძალიან მომინდა მეც შემეძინა ეს საოცარი ხილი. მიუხედავად იმისა რომ ის აქამდეც ბევრჯერ მინახავს ასეთი ცხოველური ინტერესი ჯერ არ გამოეწვია ჩემში. ფრთხილად მივუახლოვდი ყუთს და ზემოდან დავაცქერდი. ისინი ახლოდან უფრო მიმზიდველად გამოიყურებოდნენ, უცებ მათი გასინჯვის ველურმა სურვილმა მომიარა. გადავწყვიტე, რომ ერთი ეს საუცხოო ხილთაგანი ჩემი გამხდარიყო მაგრამ ვერა და ვერ მოვიფიქრე რომელი მათგანი ამეღო. იქნებ ქალისათვის მიმებაძა და მათ შორის ყველაზე კარგზე შემეჩერებინა არჩევანი? ან უბრალოდ, შემთხვევითი შერჩვით, ბევრი ფიქრისა და მსჯელობის გარეშე დამევლო ხელი რომელიმე მათგანისათვის და ჩემად მეგულა? ამ ფიქრებში ვიყავი გართული როდესაც ყუთის კუთხეში ერთმა მათგანმა მიიქცია ჩემი ყურადღება. თვალში საცემი იყო მისი ზომა რომლითაც ის ბევრად ჩამორჩებოდა დანარჩენებს, ასევე მისი ფერი, ცოტა არ იყოს ფერმკრთალი მეჩვენა სხვათა ფონზე, მხოლოდ ცალ მხარეს ოდნავ დაკრავდა წითელი ფერი. ამ დროს იმაზე დავიწყე ფიქრი, რომ არცერთი მყიდველი არ მოინდომებდა ამ უვარგისი ხილით გაესველებინა პირი, რომ ყველა დანარჩენი გაიყიდებოდა და ის დარჩებოდა ცალად ყუთში. თვალწინ წარმომიდგა ცარიელი ყუთი რომელშიც ეს ფერმკრთალი, კენტად დარჩენილი განისვენებს და ცოტა არ იყოს გულიც კი ამიჩუყდა. ამ დროს მივხვდი რომ ერთადერთი ვიყავი ვისაც მისი ამ მდგომარეობიდან ხსნა შეეძლო. ეს ჩემი მხრიდან სულაც არ იქნებოდა მსხვერპლის გაღება რადგან თავად მქონდა სურვილი ამ ჯიშის ხილი შემეძინა და რომელი მათგანი იქნებოდა ჩემი ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ისინი ხომ ყველა თითქმის ერთნაირი იყო. ხილს ხელი დავავლე და სასწორისაკენ გავემართე, მიუხედავად იმისა, რომ ხილის სექციიდან სასწორამდე სულ რაღაც ათი ნაბიჯიღა თუ იქნებოდა, ეს გზა კარგა მოზრდილი მანძილიც კი მეჩვენა. ხილი ხელში ისე ჩამებღუჯა თუ კარგად არ დააკვირდებოდა კაცი ვერც კი შეამჩნევდა მის არსებობას. გზაში წარმოვიდგინე სასწორთან მდგარი კონსულტანტის ირონიული ღიმილი როდესაც ის ჩემი რჩეულის აწონვას შეუდგებოდა, იქნებ რამე ხუმრობაც კი მოეფიქრებინა ექსპრონტად და მხოლოდ მქირდავი ღიმილით არ დაკმაყოფილებულიყო. ამის შემდეგ იგივე განმეორდებოდა სალაროსთანაც და ასე ორმაგად შერცხვენილი დავტოვებდი მაღაზიას, დიდებული შენაძენით ხელში. ამ ფიქრებში ვიყავი გართული როდესაც სასწორს გულგრილად ჩავუარე და სალაროსაკენ გავემართე. როგორც კი მივუახლოვდი მოლარეს დავუწყე თვალებით ძებნა. მინდოდა მისთვის მაინც მეცნობებინა ჩემი მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში თანხა გადამეხადა. არ მინდოდა მაღაზიდან ისე გავსულიყავი როგორც დამნაშავე. მოლარეც გამოჩნდა და შვებით ამოვისუნთქე რადგან მინდოდა ანგარიში რაც შეიძლება მალე გამესწორებინა, რაცარუნდა უმნიშვნელო ყოფილიყო ის. მაგრამ მოხდა ის რისიც ასე მეშინოდა, მოლარემ სულ რაღაც წამით შემავლო მზერა და რადგან ვერაფერი შენიშნა ჩემს ხელთ რისი გატარებაც მოუწევდა სალაროში, თითქიოს ამითი კმაყოფილმაც კი განაგრძო თანამშრომელთან რომელიღაც ძუნწ კლიენტზე ჭორაობა, რომელიც თურმე რამდენჯერმე შეუნიშნავს ერთი და ორ თეთრიანებით ანგარიშსწორებისას. წარმოვიდგინე რა ამბავს მოაყოლებდა ჩემი მაღაზიიდან გასვლის შემდეგ იმას, რომ მხოლოდ ერთი პატარა ხილის გამო ვიმყოფებოდი სუპერმარკეტში, წარმოვიდგინე როგორ გავწითლდი როდესაც მას ხილის ფასზე ვეკითხავდი, დაწმუნებული ვიყავი რომ აბუჩად ამიგდებდნენ, გამაპამპულავებდნენ და სიცილ-ხარხარით გამომისტუმრებდნენ. ამ ყველაფრით აღგზნებულმა ისე გულგრილად გავიარე სალარო, თითქოს ჩემი გულგრილობა სასჯელი ყოფილიყოს საზოგადოების მიმართ რომელიც მხოლოდ იმისგამო დამცინოდა და მასხრად მიგდებდა, რომ მზად ვიყავი მცირედითაც კი დავკმაყოფილებულიყავი. *** შენობა საშინელ ხასიათზე დავტოვე, ცოფებს ვყრიდი და მზად ვიყავი შური მეძია სამყაროზე იმ დამცირების გამო რომელიც რეალურად არ გადამიტანა. მაგრამ გარეთ გამოსვლისთანავე მზის სხივებმა მომჭრა თვალი, ამან მგონი ცოტათი მაინც გამომაფხიზლა. სახეზე ხელები ავიფარე მზის სხივებისაგან თავდასაცავად და ამ დროს შუბლში მომხვდა რაღაც. წამით სულ დამავიწყდა, რომ ცალი ხელი დაკავებული მქონდა. ტკივილისაგან სახე დამებრიცა. ვერ წარმოვიდგენდი ამ ზომის ხილს ასეთი ტკივილის მოყენება თუ შეეძლო. შუბლზე ცალი ხელი მოვისვი და მოვისრისე, ამან ვერ მიშველა. რამოდენიმე წამში იგივე გავიმეორე და შუბლზე ბურცობი ვიგრძენი თითებს შორის. კოპი ამომდიოდა. ამ დროს უცნაური ხმა შემომესმა, ყური კარგად დავუგდე, ყურებში რაღაც გაბმულად წრიპინებდა. ყურადღება არ მივაქციე ამ ხმას ვფიქრობდი რომ უბრალოდ გაივლიდა არ იყო საჭირო ყველაფრის გამო ტვინის ჭ....ტა. ზოგჯერ როდესაც არასასიამოვნო რაღაც ხდება ჩვენს თავს თუმცა ბოლომდე გარკვეული არ არის ამ ამბის არასასიამოვნო ვითარება ჩვენ ვცდილობთ უბრალოდ არ ვიფიქროთ მასზე, ამ ამბავს ისე მარტივად უგულებელვყოფთ თითქოს საერთოდ არ იყოს მნიშვნელოვანი. ამ დროს ტვინმა უკვე ქვეცნობიერად გაანალიზა მდგომარეობა და იცის, რომ ჩვენი ცნბიერის მიერ მდგომარეობის გაანალიზებას შეიძლება მძიმე ნერვული შეტევა მოჰყვეს და ცნობიერს ინსტინქტის ძალით გულგრილობისაკენ უბიძგებს. გზას გავუყევი და ვცადე ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა, არ მინდოდა მეფიქრა იმ უცნაურ ამბავზე რაც რამდენიმე ხნის წინ დაიწყო და ახლაც ჩემ თავს ხდებოდა. მაგრამ ხელში ხილის ერთი სახეობის ერთი წარმომადგენელი მეჭირა და მოსვენებას მიკარგავდა. გამახსენდა რომ მაღაზიაში ვერც კონსულტანტმა და ვერც მოლარემ ვერ შენიშნეს ის რადგან იმდენად პატარა იყო ჩემ ხელში თავისუფლად იმალებოდა, მაგრამ ახლა ხელი სრულად ვერ ახერხებდა მის დაფარვას და არც ისეთი ფერმკრთალი ჩანდა როგორც თავიდან. იქნებ მზის ბრალი იყო რომ ყველაფერი ასე თვალნათლივ შესამჩნევი იყო? ეს ამბავი მზეს გადავაბრალე და გზა განვაგრძე. სად მივდიოდი ან რატომ არ მახსოვს, მგონი უბრალოდ მთავარი იყო წავსულიყავი. ზოგჯერ უბრალოდ შეუძლებელი ხდება გაჩერდე რადგან მოძრაობა თავისუფლების შეგრძნების ყველაზე რეალური საშუალებაა. თავისუფლება კი ადამიანის სულის უმაღლესი მოთხოვნილებაა. ყურებში წრიპინი ნელ-ნელა გაძლიერდა და უკვე სულაც არ გავდა წრიპინს, ეს იყო ნაცნობი ხმა, რომელიც მანამდე არაერთხელ მსმენია მაგრამ ასეთი საშინელი შეგრძნება არასოდეს მქონია სირენის გაბმული ხმის გაგონებისას. ხმა ჯერ შორიდან ისმოდა თუმცა ნელ-ნელა მოიწევდა ჩემსკენ. ამან რატომღაც ცუდ განწყობაზე დამაყენა. ვცადე ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა და ქუჩაში გამვლელებს დავუწყე თვალიერება. დიდი ვერაფერი გასართობი იყო მაგრამ თავშესაქცევად არაუშავდა. ქუჩაში ბევრი ხალხი არ მოძრაობდა, ამიტომ საფუძვლიან დაკვირვებას ვახორციელებდი თვითოეულ ინდივიდზე. მახსოვს ერთმა ბრგე მოხუცებულმა რომელიც პენესის სათვალეებს ატარებდა და წვერი ნახევრად შეთეთრებოდა, მხოლოდ იმიტომ მიიქცია ჩემი ყურადღება, რომ მზერა ჩემი მიმართულებით მოემართა მაგრამ მე არ მიყურებდა. მივხვდი რასაც უყურებდა და ვცადე ხელი რომელშიც ხილი მქონდა ჩაბღუჯული ჯიბეში ჩამედო მაგრამ ამაოდ, როგორც აღმოჩნდა ჩემი ჯიბე ხელს და ხილს ერთდროულად ვერ დაიტევდა. მაშინ ვცადე მხოლოდ ხილი ჩამედო ჯიბეში მაგრამ არც ეს მოხერხდა. მომეჩვენა რომ მოხუცმა ენაც კი გააწკლაპუნა, თითქოს ძალიან უნდოდა მისით პირი გაესველებინა, ისეთი სახე ჰქონდა ცოტაც და მუხლებზე დაჩოქილი შემევედრებოდა ხილი მისთვის მეწილადა. ცოტა არ იყოს გამაბრაზა მოხუცის ასეთმა თავხედურმა გამოხედვამ. რატომ უნდა გამეყო ის მისთვის? რომლის გულისთვისაც ამდენი უსიამოვნება გადამხდა. ნაბიჯს ავუჩქარე და მოხუცს დროულად გავეცალე. პირველივე მაღაზიაში შევიარე, გამყიდველს ქაღალდის პაკეტი გამოვართვი და ხილი მასში ფრთხილად ჩავდე. აი ასე, ახლა არავინ შეეცდებოდა წაერთმია ის ჩემთვის. გზა მშვიდად განვაგრძე მაგრამ სირენების გამკივანი ხმა რომელიც შორიდან მიახლოვდებოდა მოსვენებას მიკარგავდა, ყოველი გამვლელი კი მეგონა რომ ჩემ პაკეტს უკირკიტებდა. ამან ისევ საშინელ ხასიათზე დამაყენა, უცბად ძალიან მომინდა გავცლოდი ამ საშინელ ქალაქს სადაც მუდამ სირენის ხმა ისმოდა და ყველას ერთი ინტერესი კლავსდა, თუ რით გქონდა დაკავებული ხელები. გადავწყვიტე გავრიდებოდი ქალაქის ცენტრს და ერთ-ერთი გარეუბნისაკენ გავემართე, რომელიც ახლოს მეგულებოდა. იქამდე მისასვლელად მოკლე გზა ვიცოდი და სწორედ ამ გზას დავადექი. ჩვეულებრივ სწრაფად დავდივარ და თან შეძლებისდაგვარად დიდ ნაბიჯებს ვდგამ. უკვე ერთი საათი იქნებოდა რაც მაღაზიიდან გამოვედი და ფეხით მივდიოდი, რამაც ცოტა არ იყოს მომქანცა. ხელში, რომელშიც პაკეტი მეჭირა, ტკივილი ვიგრძენი, ის რაც ერთი საათის განმავლობაში მომქონდა უფრო დამძიმდა, თითქოს მაღაზიიდან ერთის ნაცვლად მთელი ყუთი წამომეღოს. თუმცა გასაკვირი არაფერი არ იყო, ჩვეულებრივ ხომ ასეც ხდება; რაც არ უნდა მსუბუქი იყოს ტვირთი, მისი ტარება რაღაც დროის შემდეგ აუტანელი ხდება, თითქოს დრო მას წონას მატებს და ტვირთი უფრო და უფრო ძლიერად გეწევა დაბლა. ნაცნობ უბნამდე მივაღწიე რომელიც სამხრეთიდან ქალაქის უკიდურესი დასახლება იყო. ამ უბანს კარგად ვიცნობდი და მაშინვე დავიწყე ფიქრი იმაზე თუ სად შემეფარებინა თავი. დასვენება ნამდვილად მჭირდებოდა რადგან გაუთავებელი სიარულისგან დაღლას ვგრძნობდი, ხელიში ტკივილი სულ უფრო და უფრო მატულობდა და სირენის საშინელი გამკივანი ხმა კი უფრო ახლოდან ისმოდა. ამასობაში გზაჯვარედინზე აღმოვჩნდი სადაც ოთხი გზაგასაყარი იყო ერთი მათგანიდან მე მოვედი და ახლა კი სამი გზიდან ერთი უნდა ამერჩია. ამ სამიდან ორს კარგად ვიცნობდი, ვიცოდი თითოეული სად მიმიყვანდა. აი მესამეზე კი არასოდეს ვყოფილვარ, ეს ქუჩა არასდროს არ იწვევდა ჩემში ინტერესს რადგან ყოველთვის ცარიელი იყო და თან აღმართს მიუყვებოდა. ახა კი თავშესაფარი მჭირდებოდა და ვიცოდი, ყველაზე კარგი თავშესაფარი სწორედ ის შეიძლება გამოდგეს რომლისთვისაც არასდროს შეგიფარებია თავი. ამიტომ გზა პირდაპირ განვაგრძე და აღმართს ავუყვი. *** ამ უკაცურ ქუჩაზე ტრანსპორტიც კი არ მოძრაობდა. რაც უფრო ვშორდებოდი ქალაქს სიცოცხლის ნიშანწყალი მით უფრო ქრებოდა, შენობები ჯერ იყო და დაპატარავდნენ, შემდეგ გამეჩხერდნენ. ბლოს ძველი ნასახლარებიღა გასდევდნენ ქუჩას აქაიქ. აღმართში სწრაფად სიარული შეუძლებელი გახდა რადგან დაღლილი ვიყავი, ამიტომ ნაბიჯი შევანელე. ან რატომ უნდა წავსულიყავი სწრაფად განა ის სირენის ხმა ყურში რომ ჩამესმოდა მართლა ჩემს გამო ხმაურობდა? ნუთუ შესაძლებელი იყო ამ პატარა ნაყოფის გამო ასეთი ამბავი ამტყდარიყო? ალბათ სადმე ხანძარი მძვინვარებდა და ამიტომ არ წყდებოდა ეს ხმა ჩემ ზურგსუკან. მაგრამ რა მნიშვნელობა ჰქონდა რატომ ისმოდა სირენის ხმა? მე ხომ ის წამოვიღე რაც არ მეკუთვნოდა? რა მნიშვნელობა ჰქონდა ნაყოფის ზომას, ის ხომ ჩემი არ იყო და მივითვისე ისე, რომ საფასურიც კი არ გადამიხდია. რაც არ უნდა ბევრი მეფილოსოფოსა ვერ გავექცეოდი იმ ფაქტს, რომ ხელში ნაქურდალი მეჭირა და მთელი ამ დროის განმავლობაში რაც გზაში ვიყავი კი არ ვსეირნობდი არამედ გავრბოდი. ამ ყველაფერს გაუცნობიერებლად ვაკეთებდი მაგრამ არა იმიტომ რომ არ შემეძლო გამეცნობიერებინა საკუთარი საქციელი, არამედ იმიტომ რომ არ მინდოდა გამეცნობიერებიანა. ხომ გაგიგიათ არცოდნა არ ცოდვააო, მაგრამ რამდენი მინახავს ცოდვილი სწორედ ამ არცოდნას რომ ამოფარებია. ამ წუთას საკუთარი თავიც ამოვიცანი მათ შორის და შემრცხვა. რამდენჯერ დამიცინია მსგავსი საქციელის გამო სხვებისთვის, დამიცინია საკუთარ გულში აი იმ გრძნობით თავი მათზე კარგი რომ გგონია, რომ შენ ასე არასოდეს მოიქცევი თითქოს ამის გამო მათზე ორი თავით მაღლა იდგე. ხო და სწორედ ამ მაღლობიდან რომელზეც თვითონ ავიყვანე საკუთარი თავი, თვითონვე გადმოვუძახე დაბლა, საღი მსჯელობის საშუალებით რომელიც საბედნიეროდ ისევ შემრჩენოდა. სიარულის სურვილი სრულიად გამიქრა, სულაც არ მინდოდა დავმალვოდი ვინმეს ან რამეს. რაც არ უნდა ყოფილიყო მზად ვიყავი საკუთარი დანაშაული გამომესყიდა, ადრე თუ გვიან ეს მაინც მოხდებოდა, ასე რომ არაფერი მქონდა დასამალი. მომინდა ჩამოვმჯდარიყავი და სული მომეთქვა მაგრამ ჩამოსაჯდომიც კი ვერსად ვნახე. გზის პირას ერთი გარაჟი დავინახე რომელის ახლოს ნასახლარიც კი არ მოჩანდა. ცოტა არ იყოს გამაკვირვა ამ ფაქტმა ვინ ააშენებდა გარაჟს სახლიდან ასე მოშორებით. გარაჟს ქუჩის მხრიდან ჰქონდა შესასვლელი მაგრამ კარები არ ეკიდა. მზის სხივები შიგნით აღწევდნენ და ნახევარი გარაჟი განათებული იყო ნახევარი კი ბნელს მოეცვა. გადავწყვიტე შევსულიყავი იმ იმედით რომ იქ დასაჯდომს ვნახავდი. სანამდეც მზის სზივები აღწევდნენ ის სრულიად ცარიელი იყო ამიტომ ბნელი ნაწილისკენ გავემართე. თავიდან სიბნელეში ვერაფერი გავარჩიე და ადგილზე გავშეშდი მეშინოდა რამეს არ წამოვდებოდი. თვალი ნელ-ნელა მიეჩვია სიბნელეს და გავარჩიე ისეთივე უსახური და ცარიელი კედლები როგორიც განათებულ ნაწილში იყო. მაგრამ ჩემს წინ კედლიდან ოდნავ მოშორებით გრძელი სკამი შევნიშნე, ის იმდენად გრძელი იყო რომ კიდევ ბევრ ჩემნაირს დაიტევდა. ფეხები ამდენი სიარულისგან მეკვეთებოდა, ბევრი არ მიფიქრია მაშინვე ჩამოვჯექი სკამზე. პაკეტი რომელიც ხელს, გულს და სულს ერთდროულად მიმძიმებდა სკამზე ჩამოვდე ჩემ გვედრით და ცოტა არ იყოს მომეშვა. რამოდენიმე წუთში დაღლამ სრულიად გამიარა, გულმა ისევ ჩვეულ რიტმში დაიწყო ფეთქვა. მაგრამ ახლა სხვა უბედურებამ იჩინა თავი, რაღაც მღრღნიდა შიგნიდან და ამას მხოლოდ ახლა ვგრძნობდი, როცა სულის მოთქმა მოვახერხე. რაც მაღაზიიდან გამოვედი მას შემდეგ სულ მოძრაობაში ვიყავი და საკუთარი შინაგანი ხმა ჩემ ყურამდე გარკვევით ვერ აღწევდა. ხმა მოსვენებას არ მაძლევდა და რაც უფრო ვუფიქრდებოდი ამას მით უფრო ვუჩქარებდი ნაბიჯს. გავურბოდი გაურკვეველ ხმებს რომელსაც ხან რას მივაწერდი და ხან რას. სინამდვილეში კი გავურბოდი საკუთარ ხმას. რაც უფრო და უფრო შორს მივდიოდი ხმა მით უფრო ძლიერდებოდა და ბოლოს ამ დევნამ იმდენად დამღალა რომ დავნებდი, დავნებდი საღ აზრს. მე შეიძლება გავქცეოდი სირენის ხმას, გავქცეოდი პოლიციას და ნებისმიერ მსაჯულს რომელიც ჩემს მიღმა იყო მაგრამ ვერ გავექეცი მსაჯულს რომელიც თან მიმყავდა რომელის გარეშეც მე, მე არ ვიქნებოდი. სინდისი განუყოფელი ნაწილია ადამიანის სულისა. თუ ადამიანს სინდისი არ აწუხებს ის ნახევარი ადამიანია. სინდისი ნაყოფია ადამიანის ცოდვების ის უცოდველებს ნამდვილად არ სჭირდებათ. და მე რომელსაც მახრჩობდა სინდისი, გულს მარწუხებად ეჭდობოდა და სულს მიხუთავდა არ შემეძლო თავი დამეღწია მისი მომწამლავი ბრჭყალებისაგან. გული ყოველი ფეთქვისას მარწუხებს ეხეთქებოდა თითქოს მათ გარღვევას ცდილობსო მაგრამ იმდენად უსუსური იყო მისი ეს მცდელობა როგორც ჩიტის რომელიც ხელში მოგვიქცევია და მისი გულის გამალებულ ფეთქვას შევიგრძნობთ. ფრინველი ვერც ფრთებს ამოძრავებს, ვერც ფეხებს, მხოლოდ გული იწყებს გამალებით ფეთქვას იმისათვის რომ გადარჩეს, ამ დროს მისი ბედი ბოლომდე ჩვენს ხელშია. სწორედ ამ მდგომარეობაში აღმოჩნდება სინდისით დაჯილდოებული ადამიანი როდესაც საკუთარი სამართლის ღვთიურ სამსჯავროზე წარსდგება. არ ვიცი რამდენხანს ვიჯექი და ვიტანჯებოდი სიბნელეში სკამზე სადაც განძრევაც კი არ შემეძლო. ეს იყო ჯოჯოხეთი რომელსაც შინაგანი ტანჯვით განვიცდიდი. ამისთვის წამიც კი მთელი მარადისობა იქნებოდა. ამიტომ დროის საზომი ერთეულები იმ ჯელის გასაზომად არ გამოგვადგება. ქუჩაში, პირდაპირ გარაჟის წინ პოლიციის მანქანა გაჩერდა. ორი პოლიციელი გარაჟისაკენ მოემართება. გარაჟში შემოდიან მხოლოდ მის განათებულ ნაწილამდე და ჩერდებიან. ალბათ ახლა ველურებივით მეცემიან, ხელებს გადამიგრეხენ და მანქანაში ჩამტენიან. მაგრამ ჩემთვის სულ ერთია, ისინი ვერასოდეს დამსჯიან ისე საშინლად გოგორც ამას საკუთარი განცდები ახერხებენ. მათი მცდელობა დამსაჯონ იგივეა რაც თვითმკვლელს რომელმაც თავი უკვე მოიკლა,გაროზგვა მიუსაჯონ. მაგრამ ისინი ადგილიდან არ იძვრიან, დგანან და ელიან რაღაცას. ცოტაც და მოთმინებას დავკარგავ რა საჭიროა ეს მასკარადი? იქნებ დროულად მოვიდნენ და წამიყვანონ. აქ ვიჯდები თუ სადმე სხვაგან ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. მაგრამ არა ისინი ისევ დგანან მოთმინებით. დგანან და მელიან მე. სკამიდან წამოდგომას ძლივს ვახერხებ და ვცდილობ გავიმართო. მგონი მთელი საათი მოვუნდი ბოლომდე გამემართა მუხლები, წელი, კისერი. ძვლები ამ დროს უცნაურ ხმებსაც კი გამოსცემდნენ. ბოლოს გადავდგი ნაბიჯი ნელა დიდი სიფრთხილით, მერე მეორე უფრო სწრაფად, მესამე უკვე თავდაჯერებულმა. წელში გამართული, თავდაჯერებული ნაბიჯებით ვუახლოვდები პოლიციის ინსპექტორს. განათებულ ნაწილში გავდივარ, ვხედავ ინსპექტორის მეგობრულ ღიმილს და გამოწვდილ ხელს. ხელს ვართმევ და გულწრფელი ღიმილითვე ვპასუხობ. არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ პაკეტი რომელიც სკამზე დავტოვე ცარიელი არაა. მზე კი ისე უხვად აფრქვევს სხივებს ჩვენს თავზე ვერ ვახერხებ დუმილი შევინარჩუნო და აღმომხდა: - დაე იყოს ნათელი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.