ცისფერი სასახლე (თავი VI-VII)
თავი VI რამდენიმე კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც დედოფალი უკანასკნელად ვიხილე. ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ მოხდა. ცხოვრების არცერთი ეტაპი არ მქონია ემოციურად, ფიზიკურად თუ გონებრივად ასეთი დატვირთული. მე და ქრისტოფერი შევრიგდით. საუზმობას ის ჩემამდე ბევრად ადრე მორჩა, თუმც ელოდებოდა თუ როდის გავიდოდა ყველა. მინიშნებად მივიღე და მეც დავრჩი. ბაღში გავისეირნეთ, ვისაუბრეთ. მე ბოდიში მოვუხადე, ის კი შემპირდა, რომ თავის ისტორიას მომიყვებოდა. მხატვრობის საქმეც კარგად მიდიოდა. მინდოდა მარია გამეოცებინა და სამუშაო მალე დამესრულებინა, მაგრამ თუ ეს ასე მოხდებოდა, სასახლეში დასარჩენი მიზეზი აღარ მექნებოდა და მას ვეღარასდროს ვიხილავდი. ამიტომ ვცდილობდი, თავი მეკონტროლებინა და დრო დამერეგულირებინა. კიდევ ერთი რამ მოხდა, რამაც გული სიხარულით, იმედითა და ლოდინის გრძნობით ამინთო: კოსტანტინემ საღამოს ლოცვაზე მასთან ერთად წასვლა შემომთავაზა, სახლში დაბრუნების შემდეგ კი ვახშამზე დამპატიჟა, სადაც სავარაუდოდ მარიაც იქნებოდა. ბავშვობა გავიხსენე და ეკლესიაში წასასვლელად საგულდაგულო მზადება დავიწყე. - ახლაც უარყოფ?- მკითხარ მეგობარმა და თავისი ახალთახალი ტანისამოსი საჩუქრად გადმომცა. - რას?- გავიკვირვე მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი რის შესახებ იყო საუბარი. - რატომ ხარ ასეთი აღელვებული, ტაძრის ხილვას ვეღარ ითმენ თუ ვახშმობისთვის ემზადები? - არ მსურს ამაზე საუბარი. - არ მენდობი და მეგობრობას მთავაზობ. უცნაურია... - სანამ დავინახავდი მანამდე ავენთე მის მიმართ ინტერესით. ზუსტად ისეთი იყო, როგორიც წარმოვიდგინე. მისმა ხმამ არსებული სიცარიელე შემივსო. ბოლოს რომ ვნახე მაშინ ყველაზე მიმზიდველი მომეჩვენა. - როგორც ჩანს, ჩვენ ერთი ბედი გვერგო. - რას გულისხმობ? - ვახშმობის შემდეგ მოგიყვები.- კონკრეტული პასუხი,თუ როდის მოვისმენდი მეგობრის ისტორიას, პირველად მქონდა. როდესაც ამ სამეფოში ჩამომიყვანეს, მაშინვე სასახლეში მიმიყვანეს. ეტლიდან ფეხის გადმოდგმისთანავე ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ რომაულ სავალებს ვეღარასდროს ვიხილავდი. ნოსტალგიის შეგრძნება არ მქონია, რადგან არც კი მახსოვს თუ როგორ ვატარებდი დღეებს მშობლიურ ქალაქში. ერთადერთი, რაც თვალწინ მიდგას, ესაა ულამაზესი ხედები, შელამაზებული შენობები და დილიდან დაღამებამდის, და ზოგჯერ ღამითაც, საშოვარზე გასული ლუკასი. ერთი პერიოდი ტაძარში ფრესკებსაც კი ვხატავდი. ბოლოს კი აქ ჩამოვედი. ამდენი ხნის შემდეგ პირველად გამოვედი სასახლის გარეთ. მე, კონსტანტინე, გეორე. მეფის მარჯვენა ხელი, ფრედერიკი, გავიცანი. ჩვენთან ერთად მეფის თითქმის მთელი პირადი გვარდია იყო წამოსული. დანარჩენი, ალბათ, აქეთ-იქით იყო მიმოფანტული და მიმალული. ნაწილი უკვე ტაძარში იდგა და გველოდა. - ცოტა გვიან შევიდეთ,- გადაულაპარაკა მეფემ ფრედერიკს- მეზარება მთლიანი რიტუალების განმავლობაში იქ დგომა. - სიმართლე გითხრათ, მეც არ მაქვს ამის სურვილი.- როგორც დავაკვირდი, ისინი ძალიან ახლო მეგობრებიც კი იყვნენ. დიდი ხანია მარია არც დამინახავს, კარგადაა?- მისი სახელის გაგონებისთანავე მთელი ჩემი ყურადღება მათკენ მივმართე. - ავადაა, ექიმებმა ყველაფერი იღონეს და გადაარჩინეს. მალე მომჯობინდება და კვლავ დაგვატკბობს, ხომ იცი... გეორგე- დაიყვირა მეფემ, ხალხს უთხარი ოქრო დაურიგონ მოსახლეობას. - წვიმების შემდეგაც ხომ დავარიგეთ?- შეხედა ფრედერიკმა გაოცებით. - ახლა მცხუნვარე ამინდები იყო... სანამ იმაზე მეტს არ ილაპარაკებენ ჩემზე, ვიდრე რონალდ IV-ზე, მთელ სასახლესაც კი გავაჩუქებ.- და ხრინწიანი, ხველებანარევი სიცილით შევიდა ტაძრის ეზოში. დანარჩენებიც უკან მივჰყევით. კონსტანტინე შევიდა თუ არა, ხალხის მასა მაშინვე ორად გაიყო და ყველაზე წინ დადგომის საშუალება მისცა. მასთან მხოლოდ ფრედერიკი და რამდენიმე მეომარი დარჩა, გვარდიის დანარჩენი ნაწილი მრევლს შორის დადგა, გეორგე ოქროს არიგებდა: „ჩვენმა კონსტანტინემ გულმოწყალება გამოიჩინა“... „ის დღედაღამ ჩვენზე ფიქრობს“... „ღმერთმა დალოცოს ჩვენი კონსტანტინე“ მე კი ჩემთვის ვიდექი, უცხო ხალხს შორის და სანამ დროის გასაყვანად რაიმეზე ფიქრს დავიწყებდი, მეფემ ერთ-ერთი მსახური ჩემს მოსაძებნად და მასთან მისაგრგველად გამოგზავნა: - მარტო ნუ იქნები, საშიშია. მოდი, გვესაუბრე.- გულთბილად მიმიღო ფრედერიკმა. - ის რომაელია- უთხრა ბებერმა მეფემ თავის მეგობარზე და გამიღიმა. - როგორც ჩანს, ერთი სამშობლო გვქონია.- კვლავ გამოიჩინა პირველმა ვეზირმა ჩემდამი სითბო და ხელი ჩამომართვა. - ნეტავ, მალე მორჩება ეს საცოდაობა?- ამოიხვნეშა კონსტანტინემ. - არავინ გაძალებდათ აქ მოსვლას.- პირდაპირ გამოვხატე ჩემი გაკვირვება, რის შემდეგაც ვეზირმა აღნიშნა, რომ ძალიან მოვწონდი. - მე თუ შევწყვეტ აქ სიარულს ან მე მომიშორებენ, ან ტაძარს. შეხედე ამ ხატს,- და ყველაზე დიდ, ოქროს, ლალებითა და ზურმუხტებით მოჭედილ ღვთისმშობელზე მიმანიშნა,- ყველას ჰგონია, რომ მის აქ მოსატანად ჯერ შვიდი ზღვა გამოვიარე, შემდეგ კი ფეხით შემოვატარე ორ სამეფოში. - რელიგია ფარი არაა. ის ჯვარია, რომელსაც ან ატარებ, ან ვერა. ნებისყოფაა, რომელიც ან გაძლიერებს, ან ვერა, რწმენაა, რომელიც ან გაცოცხლებს, ან გკლავს.- უხეშად უთხრა ფრედერიკმა და ლოცვის მოსმენა განაგრძო. მეფემ კი თქვა: - ის ხმალია, რომლითაც გკლავენ, ან კლავ!- მის წინ მდგარ ღვთისმსახურს თვალი თვალში გაუყარა და მის უკან მდგარ ხალხთან ერთად პირჯვარი გადაიწერა. თავი VII ვახშმობას მართალია ისე არ ჩაუვლია, როგორც ველოდი, მაგრამ იმან, რაც იქ ითქვა, მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება გადაწყვიტა და ნათლად დამანახვა, თუ საითკენ უკვევდა ჩემი ბედის გზა. მეფემ ლაშქრობაში წასვლა გადაწყვიტა. გადაწყდა. სამხედრო მომზადების დასრულებისთანავე ჩვენი მეზობელი და მოკავშირე, ჰონსულუს სამეფოს, გაატარებდა ჯარს, ზღვას გადაკვეთდნენ და იერიშს ტრისტერების სახელმწიფოზე მიიტანდნენ. კონსტანტინე ვენიტატს სამასი ათას მეომართან ერთად დატოვებდა და ქვეყანას დროებით ფრედერიკს ჩააბარებდა. მართალია მარიას საკმაოდ ძლიერი დაცვა ჰყავდა, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ დედოფალს ხშირად მოუწევდა ჩემთან კონტაქტი. მეც ბედნიერი ვიქნებოდი მისი ცქერითა და იმის ცოდნით, რომ სადღაც, ამ კედლებს შუა ბებერი მეფე არ დაძრწის. ქრისტოფერმა კი მხოლოდ ის მიპასუხა, რომ ჩვენ მართლაც რომ ერთი ბედი გვქონდა. ამის შემდეგ კი თავს ძალა დაატანა და თავისი ამბავის თხრობას შეუდგა: - აქამდე საკმაოდ ცარიელი ცხოვრება მქონდა. თითქოს არასდროს არაფერი არ ხდებოდა. რომც მაიძულო და მკითხო, თუ როგორი ვიყავი მაშინ, როდესაც წესით პირველად რომ უნდა მეგრძნო მამაკაცობა, ვერ მოგიყვები. არ გიმალავ არაფერს... უბრალოდ მართლა არ მახსოვს. ჩემი მეხსიერებას სათავეს მას შემდეგ იღებს, რაც ვენიტატში დავსახლდი. კონსტანტინეს მამამ, რონალდმა, არსუტის დაპყრობის შემდეგ მონად წამომიყვანა. როგორც იცი, ჰონსულუ ჩვენი ახალი სამეფოს მოკავშირეა. ამიტომაც სწორედ ჰონსულუს პორტში ჩამოგვყარეს და მონები გაინაწილეს. განაწილების პროცესი შემდეგნაირია: ჰონსულუს ლამაზი გოგონები, ოღონდ ძალიან ახალგაზრდები და მუშა ყმაწვილები ეკუთვნის, ვენიტატს კი მოსამსახურე ქალები და მეომარი მამაკაცები. იშვიათ და გამონაკლის შემთხვევებში კი ერთმანეთს ტყვეებს უცვლიან. თავიდან ჰონსულუში გადამანაწილეს, ჩემი აღნაგობის გამო, მაგრამ რონალდმა ჩემს თითზე ულამაზესი ბეჭედი შენიშნა, შემდეგ გაარკვია რომ იუველირი ვიყავი და სასახლეში წამიყვანა. ეს ყველაფერი ხუთი ან ექვსი ზამთრის წინ მოხდა. ერთი ქალი შემიყვარდა. იდეალური იყო. საოცრება. მასაც სიგიჟემდის ვუყვარდი. ერთმანეთს ჩუმად ვხვდებოდით, მიუხედავად იმისა, რომ ხელის შემშლელი ჯერ არავინ გვყავდა. - ჯერ? და შემდეგ რა მოხდა? - შემდეგ რონალდის მემკვიდრის, კონსტანტინეს გული დაუტყვევებია თურმე, თავისი უბრალოებით თავბრუ დაუსხმია და ერთ დღეს, ჩემს მხარზე ჩაძინებული გამომტაცეს ხელებიდან. მას მერე აღარ მიხილავს იგი. ამბობენ, რომ მეფე მასზე ძალადობდა, მრავალ მამაკაცის საყვარლად აქცია, რომ თავად მიეღო რაიმე სარგებელი. რამდენიმე თვეში კი თავი მოუკლავს. მის გარდაცვალებამდე დილეგში ვყავდი გამოკეტილი, შემდეგ კი თავის მსახურად დამიყენა. - რატომ ემსახურები? რატომ არ გარბიხარ? ან შენც რატომ არ იკლავ თავს?- თავი კი ყველაზე მეტად იმაზე დარდით გამომეჭედა რომ ჩემი დედოფალი ასეთი კაცის გვერდით როგორ კვდებოდა და დნებოდა, მე კი არაფრის გაკეთება არ შემეძლო. - მას ისე გამოვუთხრი ძირს, რომ ვერც კი მიხვდება. მხოლოდ შურისძიება მაცოცხლებს დღემდე. ვიქტორიას გვამიც კი ვერ დავიტირე, საფლავიც კი არ აქვს.- ქრისტოფერმა თვალიდან ცრემლი ისე მოიწმინდა, რომ მე არ დამენახა, მაგრამ მაინც შევამჩნიე. პირველად ვირძენი, რომ სამყაროში პრობლემები მხოლოდ მე არ მქონდა. როგორც კი ჩემში იმის უნარი აღმოვაჩინე, რომ მეგობრობა შემეძლო, ცხოვრებას აზრი მიეცა. ახლა კი როდესაც საყვარელი ქალის ბედი წარმომიდგა, მიზანიც გამიჩნდა და დამესახა. გადავწყვიტე, რომ სიცოცხლის ფასადაც კი დამეცვა იგი, მაგრამ როგორ შევძლებდი ამას არ ვიცოდი. რადგან მეგობრის ლოდს მეც ვათრევდი, მომინდა ქრისტოფერის დარდისთვისაც მომეთხოვა პასუხი. მაგრამ მაშინ არ მქონდა გააზრებული აქ დამკვიდრებული გამონათქვამი: „ვინც არ იჩოქებს, მუდმივად მუხლებზე რჩება ის“. არც მუხლების მოკვეთა მაშინებდა. მაგრამ აქვთ გაზაფხულის ყლორტებს ძალა გაუძლონ მარტის ყინვას? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.