შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პაემანის დღიურები. ეპიზოდი 14. გაქცევა


25-04-2018, 23:05
ავტორი anushka 5
ნანახია 2 297

ქრონოლოგიურად უნდა მივყვე წუხანდელ დღეს, გავიხსენო და მოგიყვეთ. ჯერ დრო მაქვს, სანამ ჩასხდომა გამოუცხადებიათ. უინტერესოდ ვადევნებ თვალს აეროპორტში მორუზრუზე ხალხს. რამდენიმე საათი და მერე, როგორც კი თვითმფრინავი მოწყდება მიწას და ჰაერში აფრინდება, ყველანაირ პრობლემას დავტოვებ აქ, ამ ქვეყანაში და ერთი კვირა მაინც ვეცდები, ისე ვიფიქრო, ისე ვიმოგზაურო და ვნახო ახალი ქალაქები და ქუჩები, რომ არ ვიფიქრო, რა ამბები დავატრიალე. უფრო სწორად, რა ამბები დატრიალდა ჩემდა დამოუკიდებლად აქ, რომლებიც მოუგვარებელი და ადომხალებული დავტოვე!

დილით მეღვიძება ჩვეულ დროს და ვამოწმებ ფეისბუქს. მხვდება
ქეთენოს გრძელი წერილი, სადაც ძირითადად, მეორდება შემდეგი სიტყვები: არ გახსოვარ, არ გიყვარვარ, სულ დამივიწყე, ეს არაა ნამდვილი მეგობრობა. - უინტერესოდ გადავხედე მის მონაწერს, გულის სიღრმეში დავეთახმე კიდეც, რომ არ იყო ნამდვილი მეგობრობა, რადგან ყველაფერს ვუმალავ და ვატყუებ, არც ახსნის ნერვები მაქვს. მგონი, აჯობებს, ლინკი ჩავუგდო ამ ბლოგის და აქ წაიკითხოს ყველაფერი. გულები, კოცნების ემოჯები გავუგზავნე, ვუთხარი, რომ შაბათს აუცილებლად ვნახავდი და ყველაფერს ავუხსნიდი, რომ ახალ სამსახურში იმდენი საქმე მქონდა, რომ ვერაფრისთვის ვიცლიდი. მერე ავდექი და სტანდარტული დილა, ყავით პროცედურები მოვიწყვე, რომელიც ერთდროულად თან მახარებს და ასე მგონია, არასდროს მომბეზრდება, თან მახსენებს, რომ ყველაფერი ეს საოცრად ერთფეროვანი და რუტინულია. შუშასგანაც დამხვდა დიდი საყვედურებით სავსე წერილი. ვუპასუხე. მოვიკითხე, მივწერე, ასეც რომ არ შეიძლება, ვიცი და საღამოს შვიდ საათზე შეხვედრაზე შევუთანხმდი. დავამატე, რომ ის იყო ჩემთვის ყველაზე მთავარი და ნომერი პირველი და დღეს, სანამ ჩვენს ურთიერთობაში შემდეგი ნაბიჯი გადაიდგმებოდა, უნდა მენახა. სანამ წერილს წაიკითხავდა, კმაყოფილმა, რომ ორი ამბავი უკვე მოვაგვარე და ერთი პატარა ნაბიჯი გადავდგი, შემდეგ მესიჯს მივუბრუნდი.

ექვსი ნომრის მესიჯი მრჩებოდა წასაკითხი. არ ვიცი, რატომ მოვიტოვე ბოლოსთვის. არ მაინტერესებდა, რას მწერდა თუ პირიქით, ტკბილ ლუკმად შევინახე?.. ამასაც რამე უნდა მოვუხერხო. ეგებ შუადღისას ვნახო? საერთოდ სამსახური რომ გავაცდინო და არ მივიდე? - მერე რა, რომ ახალი თანამშრომელი ვარ. მგონი, არც ერთ კომპანიას არ აწყობს დასტრესილი და პირადაბურდული თანამშრომელი, რომელიც გაუაზრებლად ნახევრად თავის ცხოვრების დალაგებაში გადავარდნილი ფიქრებით აკეთებს საქმეს. ავკრიფე ჩემი უშუალო ხელმძღვანელის ტელეფონის ნომერი და ხმაც მოვისაწ..... ვუთხარი, რომ ცუდად ვიყავი და მაღალი სიცხე მქონდა, ლოგინიდან ვერ ვდგებოდი. ნიამ გამოჯანმრთელება მისურვა.

სხვათა შორის ვახსენე, რომ თუ საჭირო იქნებოდა, სახლში ვიმუშავებდი, თუ მეილზე გამომიგზავნიდა დოკუმენტებს, რადგან სავარაუდოდ, ვირუსი მქონდა და არ მინდოდა, სხვებისთვის გადამედო. ვირუსი სპეციალურად ვახსენე, რადგან ნია ექვსი თვის ორსული იყო და ეს ახალი კადრების აყვანაც მის შეცვლას, დეკრეტულ შვებულებაში ყოფნის დროს საქმის გამგრძელებლად ყოფნას ემსახურებოდა. ნიამ ამიხსნა, რომ არ იყო საჭირო არც ეგ და გამოჯანმრთელება მისურვა. ტელეფონი დავაგდე და ექვსი ნომრის მოწერილი მესიჯი გავხსენი. მოვემზადე წასაკითხად და ტელეფონმაც დარეკა. ნია იყო. მთხოვდა, როგორმე მივსულიყავი და პირბადე გამეკეთებინა. სულ რაღაც ერთი საათით, თუ შევძლებდი. კარგი-მეთქი, დავეთანხმე და ჩემი სიხარულის განწყობაც სადღაც გაქრა. მივლასლასდი გარდერობთან, გადმოვიღე ჯინსი, მაისური გადავიცვი და საათს დავხედე. კიდევ ერთი საათი მრჩებოდა სამსახურში წასვლამდე და ექვსი ნომრის წერილიც გავხსენი. გავშრი და გავშეშდი, გამაცია. თვალებიც კი ამიჭრელდა. ბოლოს ძლივს დავალაგე აზრი და მესამედაც გადავიკითხე მისი ლათინურასოებიანი ტექსტი. ელენეს დაშორდა. მე ამარჩია! სად იყო გამარჯვების და სიხარულის ყიჟინა? სად იყო თვითკმაყოფილების ეგოს გონგი? ყველაფერი უცებ გაშავთეთრდა და განაცრისფრდა. თავი ცუდად ვიგრძენი. რა გამოდის, მე აქ ცხოვრებას ვალაგებ და ეს კიდევ ყველაფერს მირევს. მკიდებს პასუხისმგებლობას, რომ ჩემ გამო რადგან დაშორდა ორსულ საცოლეს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მოიყვანა, რომ ორსულადაა, მე ამის გამო, რა გამოდის, აუცილებლად მასთან უნდა ვიყო? ეს არის ცუდი თამაშის წესები! რამე უნდა ვიღონო და დავარწმუნო ექვსი ნომერი, რომ დაუბრუნდეს უკან. იმედია, მთავარი არ უთხრა, რომ ჩემ გამო ან საერთოდ, სხვა ქალის გამო შორდება მას. საწყალი ელენა, უცებ ძალიან შემეცოდა და ცოტა ჩემი თავისაც შემრცხვა. გასარეცხი ყავის ჭიქა ნიჟარაში ჩავდგი და სამსახურში გავიქეცი.

გზად გულმა ვერ მომითმინა და ექვს ნომერს მივწერე: - პირველ საათზე გნახავ და დაგელაპარაკები-მეთქი. პასუხი ათ წუთში მომივიდა. სანამ გავხსნიდი, აფთიაქში შევედი და პირბადე ვიყიდე. ქალღალდის ცხვირსახოცებიც, რომ ავადმყოფისა და გაციებულის შთაბეჭდილება დარჩენოდათ თანამშრომლებს. მერე მესიჯიც გავხსენი - მხოლოდ ოთხ საათზე იცლიდა ჩემ სანახავად, მანამდე ვარჯიში ჰქონდა და ვერ გააცდენდა. სახლში დავიბარე.

სამსახურში საქმეები მალევე მოვაგვარე. სულ რაღაც ნახევარი საათი დამჭირდა. შუბლზე ჩამოფხატებული თბილი ქუდი, პირბადე და საცოდავი ხმა. მგონი, ეჭვი არავის შეჰპარვია. ის კი არადა, აქეთ შემაქეს თავდადებისთვის, რომ არ დამეზარა და მაინც მოვედი. ნია შორიახლოს იდგა და ხელში პატარა დეზინფიცატორი ეკავა, წამდაუწუმ ხელებზე ისხამდა და იწმენდდა. თორმეტ საათზე თავისუფალი ვიყავი. ისე შევედი მუშაობის მუღამში, სანამ არ გამაგდეს, წადი, დაისვენეო, არ მოვდიოდი. ის კი არა, ერთი პირობა ისიც ვიფიქრე, ხომ არ ვუთხრა, რომ უკეთ ვარ და ნახევარი დღე დავრჩები-მეთქი, მაგრამ როგორც ჩანს, სამსახურში ვირუსიანი თანამშრომელი უფრო აშინებთ, ვიდრე ჩემი გასაკეთებელი საქმის თავის თავზე აღება. რადგან ოთხამდე მქონდა დრო, ჩემი და ჯოკერის, ანუ გიორგის შეხვედრების კაფეში წავედი. წვენი და ყავა შევუკვეთე და გიორგის დავუწყე ლოდინი, რომ მერე, როგორც მისი რჩევების კარგ გამთვალისწინებელს, ამაყად ჩამებარებინა რეპორთი ჩემს გეგმებზე... და მთავარი, არ დამვიწყებოდა მისი ტელეფონის ნომრის გაგება.

როგორც ყოველთვის, პირველ საათზე გამოჩნდა. ნაცრისფერი შარვალი ეცვა, შავი, თხელი პულოვერი. სპორტულ ფორმაში იყო, რაღაცნაირად ლაღი. თავზე ჩამოფხატებული ქუდის და მაგიდაზე პირბადის შემჩნევისთანავე დაინტერესდა, რა მჭირდა. მეც ის იყო, მოვაღე პირი, რომ ამაყად მომეხსენებინა ჩემი ფანდობა-ეშმაკობის ამბავი, თუ როგორ დავიძვრინე თავი დღეს სამსახურიდან, რომ უცებ გამახსენდა, რომ ჩემი უფროსის უფროსი იყო და უხერხული გამოვიდოდა. არ მინდოდა, დარჩენოდა ის განცდა, რომ მასთან მეგობრობით რამე პრივილეგიებით ვსარგებლობდი. ამიტომ არ მომიყოლია არაფერი. ან იქნებ უნდა მომეყოლა კიდეც, ეგ ხომ გამიგებდა? ბოლოს და ბოლოს, პირად ცხოვრებას ვალაგებდი. სანამ შეკვეთილ კერძს მოგვიტანდნენ, გიორგიმ ყურადღებით მოისმინა ჩემი სამომავლო და ასე თუ ისე დალაგებული გეგმები. სახეზე ვაკვირდებოდი მის გამომეტყველებას, როცა შუშაზე ვუყვებოდი, თუ რა გადავწყვიტე, მერე კი არც მისი შუბლის შეკვრა გამომრჩა. დავინახე, როგორ შეეცვალა სახე, როცა ხმა-ტემბრშეცვლილმა მოვუყევი ექვსი ნომრის გადაწყვეტილება - დაშორებოდა საცოლეს. შუბლი შეიჭმუხნა, ნიკაპზე ხელი მოისვა.
- არ არის ეგ კარგი ამბავი, სესილი. - უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა.

Image result for coffee first date
- ჰო, ვიცი. არ მინდა, სხვის უბედურებაზე ავაშენო ჩემი ბედნიერება. - წარმოვთქვი უგაცვეთილესი ფრაზა.
- ეჰ, ჩემო პატარა გოგონა, შენ არ გიყვარს ექვსი ნომერი, თორემ განა ეგეთ უბედურებებზე და მაგაზე უარესებზე არ აშენებულა სხვისი ბედნიერება? მაგაზე კარგად რა ვიცი. ცხოვრებას შენ არ გაუბოროტებიხარ, არ გაუმწარებიხარ, თორემ დამიჯერე, როცა საქმე მიზანს და მიზანშერეულ სიყვარულს ეხება, ადამიანი არაფერზე არ იხევს უკან. ხშირად მსხვერპლად ისეთ საყვარელ და ერთ დროს ძვირფას ადამიანებსაც სწირავენ, როგორებიცაა შვილები და ცოლი. სხვისი იქნება თუ საკუთარი, ეს მეორეხარისხოვანია. ხშირ შემთხვევაში ყველა ბედნიერების უმრავლესობა ვიღაცის უბედურების ხარჯზეა შექმნილი. რა, შენ არ იყავი ცუდად და უბედური? როცა ოფსაიდში დაგტოვეს ელენამ და ექვსმა ნომერმა, არ შეეწირა შენი განცდა და ნერვები მათ მაშინდელ გადაწყვეტილებას? ჰოდა, რა გამოდის, ახლა შენი უბედურების ხარჯზე შედგა მათი ბედნიერება, - დაასრულა გიორგიმ და მოსვა ყავა. მე კიდევ ვუყურებდი და ვფიქრობდი. ვერ ვხვდებოდი, რისი თქმა სურდა ამით, ანუ სინდისი არ ამხედრებულიყო ჩემი, თუ მე მაინც ექვს ნომერთან გადავწყვეტდი დარჩენას? მაგრამ მაშინ რა გამოვა, რომ შუშას უბედურების ხარჯზე მოხდებოდა ეს ყველაფერი, ხო?

- უუუჰ, ძალიან რთულია ცხოვრება!! - ამოვიოხრე და ჩემი ყავის ბოლო ყლუპი მოვსვი. საათს დავხედე. კი არსად მეჩქარებოდა ოთხამდე, მაგრამ მაინც. მერე კი, რომ არ დამვიწყებოდა, გიორგის ტელეფონის ნომერი ვთხოვე, რადგან გუშინ შეხვედრაზე ახსენა, რომ სოც. ქსელებს არ სწყალობდა. თავისი სავიზიტო ბარათი მომცა და მითხრა, როცა რამე დამჭირდებოდა, შემეძლო დღე-ღამის ნებისმიერ დროს დამერეკა მისთვის, ეს იქნებოდა შველა, რჩევა თუ აზრის გაზიარება. კმაყოფილმა გამოვართვი ბარათი და ჩანთაში ჩავიგდე. მერე კი მისი შესვენების დროც ამოიწურა. მე ცოტა ხანი შევყოვნდი, ის კიდევ წავიდა. მერე გამოვედი და სახლისკენ ავიღე გეზი, რომ ცოტა მომეწესრიგებინა იქაურობა. ჯერ ექვს ნომერს მივხედავ, მერე შუშას დავპატიჟებ სახლში. ჩემი მოყოლილი ამბის გამო რა რეაქცია ექნებოდა, არ ვიცი და არ მინდოდა, სკანდალისა თუ ახსნა-გარჩევის მოწმეები სხვები და უცხო თვალი ყოფილიყო.

სამ საათზე ვიყავი სახლში. ქეთენოსგან პასუხი არ ჩანდა. არადა, დამსინა. ჰოდა, დავურეკე. მეოთხე ზარის მერე აიღო და ნაწყენხმიანმა ალო გადმომიგდო. მოვიკითხე და შევპირდი, რომ ხვალ თუ სურვილი ექნებოდა, შევხვდებოდი და ყველაფერს მოვუყვებოდი.

- ჰო, რავი, როგორც გინდა, სესილი, - მიპასუხა ცალყბად. კინაღამ ვუყვირე ტელეფონში და მივახალე ყველაფერი. რომ იცოდეს, ახლა რა დღეში ვარ, რამხელა შარში და როგორ არ შემიძლია მისი ეს გაბუსხვები და წყენები. როგორ არ მინდა და არ მჭირდება მასთანაც თავის მართლება იმაზე, რომ ცხოვრებას ვილაგებ და ხანდახან, რამდენადაც საუკეთესო მეგობარი არ უნდა იყოს, არის მომენტები, როცა მინდა ან ყველას უნდა (ეგ კი არ ვიცი, ვერ დავდებ თავს), რომ სხვისი რჩევის და ჩარევის გარეშე, თავად მოვაგვარო, რადგან მე კარგად ვიცნობ იმ ადამიანებს, ვიცი, რა უნდა დავიჯერო და რა არა; რომ ჩემი მეგობარი ჩემი მოყოლილიდან იცნობს და ექმნება შთაბეჭდილება და არ უნდა მომახვიოს ამიტომ თავისი აზრი მასზე, რადგან მე ვგრძნობ იმ ადამიანებს, ის არა. მისთვის ის ცოცხალი არსება მხოლოდ ამბავია და მეტი არაფერი, ჩემგან განსხვავებით, მაგრამ თავი შევიკავე, რადგან ახლა ყველაზე ძალიან ქეთენოსთან კინკლაობა არ მინდოდა. და მოწყენილმა და მაინც ნაწყენმა, რამდენიმე დაზეპირებული ფრაზის გაცვლის მერე, გავუთიშე ყურმილი.

აი, ახლა ყველაზე კარგი მრჩეველ-კონსულტანტი დღესდღეობით ჩემთვის გიორგია, რომელიც, ქეთენოსგან განსხვავებით, კი არ მოითხოვს, რომ ზუსტად ისე მოვიქცე, როგორც თავად მეუბნება, არა! გიორგი მთავაზობს არჩევანის რამდენიმე ვერსიას და შემდეგ მე მანდობს, გადაწყვეტილების მისაღებად რომელს გამოვიყენებ. აი, ეს არის სწორი მიდგომა ადამიანებთან და არა ის - გოგო, როგორც გეუბნები, ისე გააკეთე! - იდეაში, რა არის აქაც გასაკვირი? ეს სხვის ცხოვრებაში ვართ ადამიანები ჭკვიანები და გამოცდილები, თორემ როცა საქმე ჩვენს ცხოვრებას ეხება, იქ ბრმა თევზებივით დავბოდიალობთ.

ოთხს აკლდა თხუთმეტი წუთი, კარზე რომ დააკაკუნეს. გულმა ფრთხიალი დამიწყო. პირით ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და კართან მივედი. არ გამიხედია, ვიცოდი, რომ ექვსი ნომერი იყო. გავაღე. როგორ შეცვლილა ამ ორ დღეში. წვერი ჰქონდა გასაპარსი, მხრებში მოხრილი იდგა და რაღაცნაირი შელახულ-დაბეჩავებულიც კი იყო. ჩემს თვალში მის იდეალიზმს კიდევ ერთი ქულა ჩამოაკლდა. სახლში შემოვიპატიჟე. არც ის ჩემი თავბრუდამხვევი სუნამო ესხა.
რადგან ხმას არ იღებდა, მე კიდევ ორი საათში მეორე შეხვედრა მქონდა დანიშნული, ამიტომ როგორმე უნდა მომესწრო ექვსი ნომრის აზრზე მოყვანა და დამუნათება. შესაბამისად, ასე გარინდული ჯდომა და ერთმანეთის ყურება არაფრის მომტანი იყო და როგორც ჩანს, არც თავად აპირებდა ლაპარაკის დაწყებას. იჯდა ჩუმად, თავჩაქინდრული და იატაკზე ერთ წერტილს მიშტერებული. მის მზერას თვალი გავაყოლე და ის ერთი წერტილიც ამოვიცან, რასაც მიშტერებოდა - დაღვრილი ყავის ლაქა. შემრცხვა. ვინ იცის, რას ფიქრობდა. ან საერთოდ არაფერს. რა იცის ახლა მაგან დაღვრილ-დალაქავებულია ეს იატაკი თუ დეფექტიანია პარკეტი.

- ყავას დალევ? - ვკითხე.
- არა, არ მეყავება საერთოდ, - ჩაიბურტყუნა და კვლავ ხამად მიაშტერდა ლაქას. უკვე ნერვებს მიშლიდა. ცოტაც და, თუ არ მოაშორებდა ლაქას მზერას, ავდგებოდი და მოვწმენდდი.
- როგორ ხარ? რატომ დაშორდი ელენას? - მაშინვე მივხვდი ჩემ მიერ დასმული კითხვის უაზრობას, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, დრო გადიოდა.
- შენ მიყვარხარ! - მიპასუხა მშვიდად. როგორც იქნა, ამომხედა და თვალი თვალში გამიყარა. გულმა ფრიალი დამიწყო! ო, როგორ ველოდებოდი! არა, რას ველოდებოდი. ვერც კი დავუშვებდი ამ სიტყვებს მისი პირიდან ამოსულს, მაგრამ აი, ახლა თავად მეუბნება მშვიდად, დაბეჯითებით. ვაიმე, რა ვქნა, რაა - დავიწყე ფიქრი და წამოვხტი, ვეცი ჩანთას და სიგარეტის ახალი კოლოფი ამოვიღე, გავხსენი.

- არ გიყვარვარ! გგონია, - ვეცადე, ამერიდებინა ბრალდება სიყვარული.
- მიყვარხარ, სესილი. სულ შენზე ვფიქრობ, სადაც უნდა ვიყო. სულ მენატრები და მჭირდები. საოცრად ბედნიერი ვარ მხოლოდ ახლა და შენთან - წამოდგა, მოვიდა და ჩემ წინ ჩაიმუხლა, კალთაში ჩამიდო თავი, მე კიდევ გავშეშდი. ერთ ხელში სიგარეტი მეკავა და მეორე ხელი თავზე გადავუსვი. ჩემში რაღაც განცდა აფუთფუთდა, მწარე შეცოდების და სინანულისა.

- მისმინე, მე, მმე.... - ვერ ვეუბნები, რომ არ მიყვარს! არადა, რა ადვილი მეგონა!
- ჰო, ვიცი, არ გიყვარვარ. ახლა ისიც ვიცი, რომ ამ გამარჯვებით ტკბები, მე ხომ ისე ცუდად მოგექეცი, ისე გატკინე გული, მიგაგდე, დაგიკიდე. არც მაქვს იმის ილუზია, რომ გიყვარვარ, რომ მაპატიებ.
- არ გაქვს უფლება, ორსულ ქალს ეგრე მოექცე, მიატოვო. გესმის?! არ შეიძლება, ეს ამორალურია, - ვუმეორებ და ალბათ, კიდევ ასჯერ გავუმეორებ, რომ ეგებ რამე გაიგოს.

- არ მაინტერესებს! გესმის, სესიი, - მხვევს წელზე ხელს და მუცელზე მკოცნის. ცოტაც და, ნახევრად ჩამწვარი სიგარეტი გამივარდება ხელიდან. ვერ ვიწევი საფერფლისკენ, რომ ჩავსრისო! მერე როგორღაც ვახერხებ ამას და საფერფლეში ვაგდებ სიგარეტს, ორივე ხელს ვკიდებ სახეზე და თვალებში ვუყურებ.
ჩემი ფერის თვალები აქვს, რაღაცნაირი, ჭაობისფერი, ნაცრისფერი, მომწვანო. თვალებში კიდევ მხოლოდ ტკივილი და გადაწყვეტილების მოლოდინი ჩანს. ვიწევი და ტუჩებზე ვკოცნი, ცხვირზე, ლოყებზე. თავადაც მხვევს ხელს, მეფერება! სესი, სესი, რას აკეთებ! - მიყვირის რომელიღაც ჩემი მე. უძლური ვარ, ჩემი სხეული ამ კაცს მთხოვს. რატომ ვიტყუები, რას ვიგონებ? მისი სიახლოვე და ყველა უჯრედი სიცოცხლით მევსება, ითხოვს ექვს ნომერს, მაგრამ მისი სულელური გადაწყვეტილების გამო სხვა ადამიანების წინაშე აღებული ვალდებულების გამო ვერ ვიქნები მასთან, არ შემიძლია!!

გაგრძელება იქნება პარასკევს




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent