შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სად განისვენოს სულმა, სად მიიდრიკოს თავი?


1-05-2018, 01:50
ავტორი lostintheworld
ნანახია 1 460

ჯერ კიდევ ვფიქრობ, როგორ დავიწყო ჩანახატი ისე, რომ მკითხველში ინტერესი გამოვიწვიო და ბოლომდე მომყვეს.
თუმცა ზუსტად არც მე ვიცი, რის დაწერას ვაპირებ.
ალბათ, როგორც ყველას, მეც მომაწვა გრძნობები იმისა, რომ ეს ჩემი ტკივილი ვინმეს გავუზიარო.
რეალურად სულ სხვანაირი ადამიანი ვარ.
მაგალითად, ზოგი ფიქრობს, რომ ჭკვიანი ვარ, მაგრამ ასე არ არის.
ზოგს ჰგონია, რომ ბევრი ვიცი,
არადა, არაფერი არ ვიცი.
ისიც კი არ ვიცი, რა მინდა ამ სამყაროში.
საოცარია და იმდენად შემიძლია ყველაფერს მოვერგო, ბოლოს უკვე ავირიე,
ავიხლართე,
გავიბლანდე,
ტილოზე უშნო ფერებივით გავიდღლაბნე
და ბოლოს მგონი საკუთარი თავიც დავკარგე.
სასაცილო ისაა, რომ დეპრესიის მიზეზი არ მაქვს.
ოჯახის მდგომარეობას, მეგობრებს და სხვა გარემო პირობებს ვგულისხმობ.
უბრალოდ, არ მომწონს ეს სამყარო.
მე მინდა, რომ თავისუფალი ვიყო.
მაგალითად, მინდა საათობით დავიკარგო და ტყეში ან სადმე მყუდრო ადგილას განვმარტოვდე.
მინდა სადღაც შორს ვიყო.
ნეტავ იცოდეთ, როგორ მძაგს ადამიანის წესები.
აბა დაფიქრდი, კი ამბობ თავისუფალი ვარო, მაგრამ რეალურად რამდენი რამის უფლება არ გაქვს.
არადა, რა უფლება აქვს ვინმეს შენი პირადი გააკონტროლოს.
ჰო, მესმის
ასე რომ არ ყოფილიყო ყველა თავის ნებაზე იქნებოდა და განუკითხავობა დაისადგურებდა, მაგრამ
მაინც...
მინდა სადღაც ერთ პატარა სოფელში ვიყო,
შუა საუკუნეების ინგლისის,
მდინარესთან ახლოს მქონდეს სახლი,
ვცხოვრობდე იმ დროის ადამიანებთან, რომლებმაც ტყუილი არ იციან რას ნიშნავს.
ხანდახან ვფიქრობ, ყოველი უბედურების მიუხედავად, მაინც რა ბედნიერი იყო ჯეინ ოსტინი.
ის ხომ ბედნიერ და სულისათვის მშვიდ გარემოში ცხოვრობდა.
ჩემმა აზრების ცვლილებამ, სხვადასხვა თემებზე აქეთ-იქით "ხტუნვამ" არ დაგაბნიოს მკითხველო.
ეს ჩემი ჩვევაა.
სწორედ ამიტომ ვერიდები წერას.
მაგრამ წერა ყველაზე კარგი საშუალებაა გამოხატო შენი ნაომარი, ტკვილნარები და ჭრილობიანი აზრები, ფიქრები, რომლებიც რა მნიშვნელობა აქვს თეთრ ქაღალდზე გადავა თუ კომპიუტერის ეკრანზე.
მთავარია წერ და ისვენებ.
ისვენებს სული
და
გგონია, თითქოს ვიღაცას შესტკივა გული შენ გამო.
თითქოს ამ ყოველივეს შემდეგ ვიღაც განუგეშებს
და
ტკივილიც უფრო ამტანი ხდება.
ბუნებრივია, ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა,
ამას აქ რატომ წერ,
გირჩევნია ვინმე ახლობელს მოუყვეო,
მაგრამ საქმე ისაა, რომ
როცა ვცდილობ, ვინმეს გული გადავუშალო,
ვუთხრა რა მტკივა და რა მახარებს,
მაშინვე იმის შესახებ მიწყებენ ლაპარაკს, რომ თვითონ უფრო უარესად არიან და
მე სადეპრესიო არაფერი არ მჭირს.
შეიძლება, მართლაც არაფერი არ მჭირს,
მაგრამ საქმე ხომ მხოლოდ მატერიალურ მდგომარეობაში არაა, არა?
მაგალითად, მე მტკივა, როცა უცნობი ადამიანიც კი კვდება,
მტკივა, როცა ვიღაც ტირის,
მტკივა, როცა ვიცი, ვიღაც დღეს მშიერია,
მტკივა, ყოველთვის, როცა ვუფიქრდები, რომ
ვიღაცის დახმარება შემიძლია,
მაგრამ ის ვიღაც ჩემგან შორსაა.
მტკივა ისიც, რომ
მეგობრობის
მარადიული სიყვარულისა
და
ერთგულების
აღარ მჯერა.
ასე იოლად გამიქრა რწმენა ყოველგვარი ადამიანური გრძნობების მიმართ.
ახლა ყველაფერი ტყუილი მგონია
და ვცდილობ, ჩემი წარმოსახვით გავილამაზო ცხოვრება.
იცი მკითხველო,
შეგიძლია, როცა თვალებს დახუჭავ, ყველაფერი წარმოიდგინო.
სადაც გინდა,
როცა გინდა,
როგორც გინდა,
შენი სურვილისამებრ იქნება ყველაფერი.
შენ გამოიგონებ სხვა სამყაროს,
უფრო კარგს და უფრო უკეთესს, რომელიც
ბედნიერებას მოგანიჭებს.
შეიძლება გაიფიქრო,
შეშლილია, რაებს ბოდავს, როგორ შეიძლება გამოგონილი სამყაროთი ბედნიერი იყოო, მაგრამ დამიჯერეთ, ცოტა ხანს თუ რეალობას მოსწყდები, არ იქნება ურიგო.
ათასიდან რამდენი ადამიანი იყურება ცაში?
რამდენს აინტერესებს
ან
თუნდაც უყვარს
ვარსკვლავიანი ცა?
უსასრულობაში ცქერა,
მარადისობაზე ფიქრი
და
შენ
მთელი სამყაროს პირისპირ...
მახსოვს, მაშინ როცა მასწავლებელი ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზიას მიხსნიდა, მუდმივად იმეორებდა სიტყვებს: "სულიერი მარტოობა", "უსასრულობისაკენ სწრაფვა", "პირველი სამშობლოს მონატრება" და კიდევ სხვები. რეპეტიტორმა დამცინავად მოგვმართა, თქვენც ხომ ასე ხართ, მუდმივად სულიერ მარტოობას გრძნობთო.
ყველამ გაიცინა,
ჩემ გარდა.
მე ვუთხარი, მე ვგრძნობ-მეთქი და დიახაც, მონატრება მაქვს ჩემი პირველი სამშობლოსი. ყოველ წამს ვფიქრობ სიკვდილზე და მარადისობაზე-მეთქი.
საოცარია და
გაუკვირდა,
მაგრამ მისი გაკვირვება ჩემთვის არ იყო გასაკვირი.
რომ იცოდეთ,
რა კარგად გამომდის გრძნობების დამალვა და
ალბათ, რომ მიცნობდე ვერც შენ მიხვდებოდი, რომ ამ ყველაფერს მე ვწერ, მკითხველო.
ვერ მიხვდებოდი, თუ როგორ მტკივა სული კაცობრიობის გამო.
ვფიქრობ, ეს გრძნობა საუკუნოდ გამყვება,
სიკვდილამდე
და იმედია,
ჩემს ცხოვრებასთან ერთად დასრულდება.

ნაწყვეტი ნიკოლოზ ბარათაშვილის წერილიდან მაიკო ორბელიანს:
,,შენ წარმოიდგინე მაიკო სიმწარე იმ კაცის მდგომარეობისა, რომელსაც მამაცა ჰყავს, დედაც, დებიც, მრავალნი მონათესავენი და მაინც კიდევ ვერვის მიჰკარებია, მაინც კიდევ ობოლია ამ სავსე და ვრცელს სოფელში! ვინც მაღალის გრძნობის მექონი მეგონა,იგი ვნახე უგულო; ვისიც სული განვითარებული მეგონა, მას სული არ ჰქონია, ვისიც გონება მრწამდა ზეგარდმო ნიჭად, მას არცა თუ განსჯა ჰქონია; ვისიცა ცრემლნი მეგონებოდენ ცრემლად სიბრალულისა, გამომეტყველად მშვენიერის სულისა, თურმეყოფილან ნიშანნი ცბიერებისა, წვეთნი საშინელის საწამლავისა! სად განისვენოს სულმა, სად მიიდრიკოს თავი? ვიცი, გაიცინებ, ასე გეგონება, დამწვარი ვლაპარაკობ. ჭეშმარიტად, მაიკო, ასე გულცივად ჯერ განსჯა არა მქონია. ასეთი თავისუფალი ფიქრი მაქვს და ასეთი მტკიცე გული, რომ სამოცი წლის მოხუციც ვერ იქნება ჩემისთანა უსყიდელი მსაჯული. მოიგონე ცოტასხანს დრონი წარსულნი და მაშინ შემიბრალებ. ყმაწვილობითვე შეჩვეული რაზედმე სული ძნელადღა გარდაიცვლის ჩვეულებას და, ვიდრემდის სრულიად გარდაეჩვევა, მწარეა ტანჯვა და ბრძოლა მისი."




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent