შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მდუმარე სასტუმრო - აკლდამა (თავი 10)


18-05-2018, 01:35
ავტორი anushka 5
ნანახია 1 263

სხვენზე ოთახები იყო გაკეთებული, მომსახურე პერსონალისთვის. ალესტერმა გოგონებს ერთ-ერთი ოთახის კარი გაუღო.

ოთახი პატარა იყო. ორი საწოლი, ერთი კარადა და პატარა მაგიდა იდგა. საწოლებს შორის ერთი სარკმელი იყო, რომელიც ეზოს უკანა მხარეს გადიოდა და კარგად ჩანდა ტყე.

- აი, იმ ხეების უკან არის "სურვილების ჭა"…

უთხრა ანამ ელის, როგორც კი ალესტერმა მათი ოთახი დატოვა. ვიღაცას მათი ჩემოდნები ამოეტანა და ოთახში დაეწყო.

- რა საშინელი ადგილია, ანა! ბავშვობის დროინდელი კოშმარები გამახსენდა!
ელი საწოლზე ჩამოჯდა.

- ხედავ? ალესტერს მეთიუს გაუჩინარების ამბავი საერთოდ არ უხსენებია! მაგრამ მე ვიცი, რომ ერთ-ერთ ნომერში გამომძიებელია, რომელიც მეთიუს საქმეზე ჩამოვიდა. როგორც ჩანს, არ უნდათ ამ ამბის გახმაურება და გამოძიებაც ისევე მდუმარედ მიმდინარეობს, როგორიც თვითონ ეს სასტუმროა!

- შენ მაგ ალესტერს არ შეხვედრიხარ?

- პირადად არა! მინდოდა, მაგრამ ასე მითხრეს, ქალაქში გაემგზავრა და მალე ჩამოვაო. ის გამომძიებელიც ძალიან ახალგაზრდაა და რაღაცნაირი, დაბდურა მეჩვენა… მაგან რა საქმე უნდა გახსნას?

- ზუსტად როდის გაუჩინარდა მეთი?

- მეორე დღესვე… საღამოს…

- და ამდენი ხანი აქ იყავი?

- კი… პოლიცია დარეკვიდან რამდენიმე საათში მოვიდა. ყველაფერი შემოიარეს და ვერსად ნახეს. ბოლოს მარწმუნებდნენ, რომ მეთიუ სადღაც წავიდა, თავისი ნებით… მიმატოვა. გესმის, რა აბსურდია?.. სად უნდა წასულიყო უმანქანოდ?

- ჰო…

- მივხვდი, რომ ჩემ აქ დარჩენას მეთიუს ცოლის სტატუსით აზრი არ ჰქონდა! ასე მითხრეს, რომ გამომძიებელი კიდევ ერთი კვირით დარჩება სასტუმროში და თუ მანამდე მეთიუ არ გამოჩნდა, მაშინ ძებნას შეწყვეტენ. წარმოგიდგენია?

- შენ ფიქრობ, რომ მეთიუ აქ არის?

- ვერ გაიგე, რა თქვა ალესტერმა? სასტუმროს ბევრი საიდუმლო გასასვლელი აქვს და ზოგიერთი მათგანის შესახებ ჩვენც არ ვიცითო… შეიძლება მეთიუ რომელიმე ასეთ გასასვლელში მოხვდა! ხომ ნახე, ის გვირაბები ლაბირინთივითაა…

- ღმერთმა არ ქნას, მართალი აღმოჩნდე! ამდენი ხნის განმავლობაში სადღაც გვირაბში თუ ჩარჩა, უწყლოდ და საკვების გარეშე… რას ამბობ!

მოულოდნელად გონგის ხმა გაისმა.

- "მკვდარი საათი" დამთავრდა! წამოდი, საერთო დარბაზში ჩავიდეთ!
ანა და ელი კიბეზე დაეშვნენ. სასტუმრო უცებ გამოცოცხლდა. ნომრებიდან გამოსული სტუმრები დარბაზში გროვდებოდნენ. იქვე იყო ბარი.

- მოდი, რამე დავლიოთ…

უთხრა ელის ანამ და ბარისკენ გაემართა.

- ორი "სისხლიანი მერი", თუ შეიძლება!

უთხრა ანამ ბარმენს და მაღალ სკამზე ჩამოჯდა.

- ხომ უნდა გავსინჯო ჩემი სახელობის კოქტეილი.

გადაულაპარაკა მან ელის და იქაურობა მოათვალიერა.

ელი ანას გვერდით დაჯდა და სტუმრების დაკვირვება დაიწყო. ძირითადად, წყვილები იყვნენ. ექვსი შავებში გამოწყობილი ახალგაზრდა ერთად ჩამოვიდა დარბაზში. სამი გოგონა იყო და სამიც ბიჭი. გოგონებს მძიმე მაკიაჟი ჰქონდათ გაკეთებული. მუქი, თითქმის შავი ფერის პომადა ესვათ და ბევრი პირსინგი ჰქონდათ სახეზე - ზოგს ცხვირზე, ზოგს ტუჩზე, წარბზე და ა.შ.

- ესენი "გოთები" არიან! თითქმის სულ ერთად დადიან...

გადაუჩურჩულა ანამ ელის. ვამპირმა-ბარმენმა გოგონებს კოქტეილი დაუდგა. დარბაზში ზებუნებრივი არსებებიც გამოჩნდნენ. კიდევ რამდენიმე ვამპირი, ორი ორკი, ერთი უთავო მხედარი, რომელსაც რაინდის კოსტიუმი ეცვა. მხრების გასწვრივ, შუაში შეამჩნევდით ორ პატარა ნახვრეტს, საიდანაც თვალები უჩანდა. "მოჭრილი კისერი" მას თავის ზემოთ ჰქონდა. სასაცილო უფრო იყო შესახედად, ვიდრე საშინელი.

ორი მაღალი ქერა ტიპი ბარისკენ გამოემართა. ეტყობოდათ, რომ ტურისტები იყვნენ. რაღაც კოქტეილი შეუკვეთეს, რომელიც ცეცხლმოკიდებული ჭიქებით დაუდგა ბარმენმა დახლზე.

დარბაზში მაქცია გამოჩნდა.

თავიდან ფეხებამდე ბანჯგვლიან კოსტიუმში იყო გამოწყობილი და სახეზეც ნიღაბი ეკეთა. მაქცია დარბაზის შუაგულში შეჩერდა რამდენიმე წამით და გოგონების მხარეს გამოიხედა. მერე მძიმე ნაბიჯით გასასვლელისაკენ დაიძრა და გარეთ გავიდა.

- რომელი საათია? რა მალე დაბნელდა გარეთ!

ელიმ "სისხლიანი მერი" მოსვა და ფანჯარას გახედა. კოქტეილი ეგემრიელა.

- ტყე ისეთი დაბურულია, მზის შუქი ძლივს აღწევს… ამიტომ მალე ბნელდება ხოლმე აქ!
ბარში ალესტერი გამოჩნდა, ოღონდ ამჯერად გრაფი დრაკულას კოსტიუმი ჩაეცვა. გოგონები დაინახა თუ არა, მათკენ გამოეშურა.

- აი, თურმე სად ყოფილხართ!.. მე ზემოთ გეძებდით.

- მისტერ ალესტერ, ჩვენ როდის უნდა დავიწყოთ?

- ხვალიდან! ყველა რომ მოგროვდება, გამოვაცხადებ, რომ ხვალიდან სისხლიანი მერის და თეთრი ქალის მოჩვენების ნახვას შეძლებენ! ექვს საათზე ვახშამია. ჯერ სტუმრები ვახშმობენ, შემდეგ ჩვენ! ოღონდ, მონაცვლეობით… მე ისე გავაკეთებ, რომ პირველ ნაკადში ჩაგსვათ!

- სულ რამდენი დამსვენებელია ამჟამად?

- ბევრნი არ არიან. ჩვიდმეტი ნომერია სულ დაკავებული. ექვსი სტუდენტია! გოთური კულტურის მიმდევრები არიან და უკვე მეორე ზაფხულია, რაც აქ ჩამოდიან დასასვენებლად. მათ სამი ნომერი უკავიათ. ექვს ნომერში წყვილები არიან. ერთ ნომერში ახალგაზრდა მამაკაცია. გამომძიებელი…

- გამომძიებელი?

ჩაეკითხა ელი.

- კი! რამდენიმე დღის წინ აქ ქმარმა ცოლი მიატოვა და წავიდა. ის ქალი არ აღიარებს ამას და ამტკიცებს, რომ მისი ქმარი სასტუმროში დაიკარგა! წარმოგიდგენიათ მაინც, რა სისულელეა?

გაიცინა ალესტერმა. ანა სიბრაზისაგან სახეზე წამოწითლდა.

- იქნებ მართლა დაიკარგა სადმე? თქვენ გამორიცხავთ, რომ შეიძლება იმ გვირაბებში გზა არეოდა იმ კაცს?

ჰკითხა ელიმ და კოქტეილი მოსვა.

- რასაკვირველია… შენი სახელი შემახსენე, ძვირფასო?..

- ელი…

- ძვირფასო ელი! რასაკვირველია, გამოვრიცხავ! გვირაბებში ვენტილაციის შახტებია და ხმა ყველაზე ქვედა სართულის გვირაბიდანაც კარგად აღწევს ზემოთ. შეიძლება ჩურჩულიც კი გაიგონო და ყვირილს როგორ ვერ გავიგებდით? გარდა მაგისა, პოლიციამ ყველა გვირაბი დაათვალიერა. ნული სართულის გვირაბებიც კი გამახსნევინეს! გამორიცხულია, რომ ის მამაკაცი აქ იყოს!

ალესტერი ძალიან დამაჯერებლად საუბრობდა. ბოლოს გოგონებს დილამდე დაემშვიდობა და განცხადების გასაკეთებლად თავისი კაბინეტისაკენ გაემართა. ცოტა ხანში მთელი სასტუმროს ტერიტორიაზე მისი ხმა გაისმა. ის გადამცემის საშუალებით მიმართავდა დამსვენებლებს!

ალესტერმა სასტუმროში მყოფთ აუწყა, რომ "სისხლიანი მერის" სააბაზანო ოთახი ხვალიდან ფუნქციონირებას დაიწყებდა. მსურველებს ჟეტონი "ცალთვალა ჯოს" მაღაზიაში უნდა შეეძინათ.

- ანა, მე სურვილების ჭასთან წავალ, მეგის უნდა დავურეკო და ვუთხრა, რომ ყველაფერი რიგზეა!

- წამოგყვე?

- არა, იყავი და კოქტეილი დალიე. მალე დავბრუნდები!

ელი სასტუმროდან გამოვიდა და საფლავებს შორის, ვიწრო ბილიკს გაუყვა. სურვილების ჭა ახლოს იყო. ბევრი ხალხი იყო შეკრებილი. ყველა ვიღაცას ელაპარაკებოდა. ელიმ მეგის ნომერი აკრიფა და უთხრა, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა. ლაპარაკს რომ მორჩა, ისევ სასტუმროს უკანა ეზოში დაბრუნდა და აკლდამა დაინახა. შეამჩნია, რომ მის კედლებზე რაღაც სიმბოლოები იყო გამოსახული და მისკენ გაემართა.

ელიმ ლიანას ტოტები ხელით გადასწია და კედელს დააკვირდა. პირველი, რაც თვალში მოხვდა, მისთვის ძალიან ნაცნობი სიმბოლო იყო, რომელიც მეთიუს სახლში ჰქონდა ნანახი. ნაწერების წაკითხვა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო.

ელის უეცრად მამაკაცის ხმა მოესმა:

- "სიზმრების დამჭერი"… ბევრს სმენია მის შესახებ! ზოგიერთ მათგანს სახლში, დეკორაციასავითაც უკიდია და წარმოდგენა არა აქვს მის მნიშვნელობაზე!
ელი ხმის მიმართულებით შებრუნდა. მის ზურგს უკან ახალგაზრდა კაცი იდგა და უღიმოდა.

გაგრძელება იქნება
ავტორი: თეა ინასარიძე



№1 სტუმარი Deloras Printz

Tired of Checking Your Amazon Affiliate Stats Only to Find Zero Commissions?
Discover The Secret 3-Step Amazon Formula &
Start Earning Affiliate Commissions On Demand
Watch this video: https://jvz6.com/c/1014397/291955

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent