შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მდუმარე სასტუმრო - შეთქმულება (თავი 15)


30-05-2018, 01:13
ავტორი anushka 5
ნანახია 1 198

ბიბლიოთეკა პირველ სართულზე იყო. ეს გახლდათ საკმაოდ დიდი დარბაზი, რომლის ყველა კედელთან ჭერამდე აღმართული ხისთაროიანი კარადები იდგა.

ლამპიონის მსგავსი ჭაღები იდუმალ და მისტიკურ განათებას ქმნიდა. ზედა თაროებს ლამაზი, ხის ჩუქურთმებიანი აივანი ჰქონდა გარშემორტყმული, რომელზე ასვლაც ხის კიბეებით იყო შესაძლებელი.
აქ ყველაფერი ძველებური იყო. ელის შესვლისთანავე გაუჩნდა შეგრძნება, რომ თითქოს უეცრად წარსულში მოხვდა.
ბიბლიოთეკარი ბებერი ქალი იყო. ის გრიმის გარეშეც საკმაოდ უსიამოვნო შესახედავი გახლდათ, თავისი წითლად შეღებილი, გაწეწილი თმითა და დიდი მეჭეჭით ლოყაზე. ჩაცმულობის მიხედვით, ბაბა-იაგას პერსონაჟი ან ბებერიალქაჯი უნდა ყოფილიყო.
მოხუცი წელში მოხრილი მიმოდიოდა ხის ძველებურ, მრგვალ მაგიდებს შორის. ბიბლიოთეკაში ის ახალგაზრდა გოთები იყვნენ შემოსულნი, რომლებიც პირველივე დღეს დაანახა ანამ. მათ მაგიდები შეეერთებინათ და რაღაც უზარმაზარ წიგნს ათვალიერებდნენ.
- ფრთხილად გადაფურცლეთ! ძალიან ძველი და ძვირფასი წიგნია! ასეთი "ვამპირების ბიბლია" სულ სამი გამოცემა არსებობს და ერთ-ერთი თქვენ გიდევთ მაგიდაზე!
ხრინწიანი ხმით დაილაპარაკა ბაბა-იაგა ბიბლიოთეკარმა და ელისაკენ გამოეშურა.
- შენ რას ეძებ, გოგონა?
ჰკითხა და ცხვირზე ჩამოცურებული სათვალე შეისწორა.
- წიგნი ხომ არ გაქვთ ამ შენობის ისტორიის შესახებ?
- რომელი შენობის?
- სადაც ახლა ვიმყოფებით, – "მდუმარე სასტუმროს"…
- წიგნი არა, მაგრამ წიგნზე უკეთესი რაღაც მაქვს! მთავარია, ვიპოვო...
ჩაიხითხითა ბებერმა და კიბისაკენ წალასლასდა. მარჯვენა ხელი მოაჯირს მოჰკიდა, მარცხენა კი ელის მკლავში ჩაავლო და ძლივძლივობით აიარა კიბეები. დიდხანს იქექებოდა წიგნებში და როგორც იქნა, იპოვა, რასაც ეძებდა.
- ძალიან ფრთხილად გადაფურცლე! არ დაგეშალოს… ეს ჩანაწერები ისევე ძველია, როგორც ეს შენობა…
- ჩანაწერები?..
ელიმ ფრთხილად გამოართვა ბიბლიოთეკარს წიგნი, რომელიც ძალიან წააგავდა დღიურს.
- ეს ორიგინალია და მარტო ერთი ეგზემპლარი გვაქვს!
- ფრთხილად გადავშლი! დიდი მადლობა, ქალბატონო…
კიბეზე კვლავ ერთად ჩამოვიდნენ. ელი უახლოესი მაგიდისაკენ გაემართა. ერთი სული ჰქონდა, როდის გადაშლიდა დღიურს.
წიგნი ხელნაწერი იყო. ფურცლები დაგლეჯილი და გაყვითლებული ჰქონდა. ელის იმედი გაუცრუვდა, რადგან ნაწერები, სავარაუდოდ, ლათინურ ენაზე იყო შესრულებული; ისიც, ნახევარი წაშლილიყო დღიურში პერიოდულად პატარა ესკიზები იყო მელნით ჩახატული. ელი ფრთხილად ფურცლავდა წიგნს და ნახატებს აკვირდებოდა.
ერთ-ერთ გვერდზე აკლდამის გარეთა ფასადი ეცნო. მომდევნო გვერდზე, სავარაუდოდ, ამავე აკლდამის ინტერიერი ეხატა, ცენტრში რაღაც ბორბლისმაგვარი მოწყობილობით, რომელიც ძველებურ მზის საათს წააგავდა, ოღონდ ბევრი დანაყოფი ჰქონდა და უცნაური სიმბოლოებით იყო გადაჭრელებული.
მომდევნო გვერდებზეც მსგავსი ნახატები იყო. სადღაც შუა ნაწილში მსხვერპლად შეწირვის სცენა იყო დახატული. იმ მრგვალ, ბორბლისმაგვარ რაღაცაზე გოგონა იყო გაკრული. მკერდში შუბი ჰქონდა ჩასობილი და მისი სისხლი ციფერბლატის ღრმულებში იღვრებოდა.
ელის ნახატის ნახვა საშინლად არ ესიამოვნა და სასწრაფოდ გადაფურცლა. ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს ასეთი ნახატი სადღაც ენახა. ბოლო ორ გვერდზე შენობის გეგმა ეხატა.
ელი რუკას დააკვირდა და თითი ყველაზე ქვედა გვირაბს გააყოლა. სიხარულისაგან კინაღამ გული გაუჩერდა. ძველ რუკაზე გვირაბი სამ ნაწილად იყოფოდა. მესამე გასასვლელის ბოლოს ნამდვილად ეხატა კარი, რომელიც მთლიანად შავად იყო გაფერადებული. რუკაზე ასეთი კარი კიდევ რამდენიმე იყო. ყველა სართულზე თითო შავი კარი იყო.
"შავი ოთახი რამდენიმეა?.. მაგრამ მე ხომ ყველა გვირაბში ვიყავი…"
ელი მიხვდა, რომ ყველა შავი ოთახის კარი, სავარაუდოდ, გადაღებილი იყო.
იქაურობა მოათვალიერა და დარწმუნდა, რომ არავინ უყურებდა. დღიურიდან ფრთხილად ამოხია რუკა. დაკეცა და ბიუსტჰალტერში ჩაიდო. შემდეგ დღიური ისევ იმ მოხუც ბიბლიოთეკარს ჩააბარა.
- კიდევ ერთხელ დიდი მადლობა! თუ არ შეწუხდებით, ეს დღიური ისეთ ადგილას შეინახეთ, რომ ადვილად მოძებნოთ. სავარაუდოდ, კიდევ დამჭირდება!
ღიმილით მიმართა ელიმ მოხუცს და გამობრუნება დააპირა.
- რამდენი ადამიანი ყოფილა აქა… ზოგს ვამპირების ბიბლია აინტერესებს, ზოგს ფენტეზისა და ფანტასტიკის ჟანრის ლიტერატურა, ზოგს რა და ზოგს რა… რატომღაც არავინ დაინტერესებულა იმ შენობის ისტორიით, სადაც დასასვენებლად ჩამოდიან! შენ მეორე ხარ, სასტუმროს გახსნის დღიდან მოყოლებული, ვინც ამ წიგნით დაინტერესდა…
- მეორე? პირველი ვინ იყო?
- ახალგაზრდა ყმაწვილი! ამბობენ, დაიკარგაო… მაგრამ სად უნდა დაკარგულიყო?
- თქვენ იცით ამ შენობის ისტორია?
- შენობა ძალიან დიდი ხნისაა… აკლდამაში აცტეკების კალენდარი ჯერ კიდევ შემონახულია.
- აცტეკების კალენდარი? აკლდამა ხომ დალუქულია?
- დალუქულია! იმიტომ, რომ სარესტავრაციო სამუშაოები არ ჩატარებულა მანდ და არ არის უსაფრთხო ზონა. აცტეკების კალენდარი თუ გაინტერესებს, მოგცემ წიგნს!
- კარგი იქნებოდა! დიდი მადლობა!
ბიბლიოთეკარს ამჯერად ძებნა აღარ დაუწყია. როგორც ჩანს, იცოდა, სად იდო ის წიგნი.
- შეგიძლია წაიღო და მერე მოიტანო!
- მადლობა...
ელიმ წიგნი მკერდზე მიიკრა და ბიბლიოთეკა სწრაფად დატოვა, რადგან არ უნდოდა, ვინმეს დაენახა. პირდაპირ თავისი ოთახისაკენ გაემართა.
ანა ოთახში არ დახვდა. ელიმ დრო იხელთა და რუკა ლეიბის ქვეშ ამოდო. ძალიან იყო დაღლილი. უფრო ემოციურად, ვიდრე ფიზიკურად. თავის საწოლზე წამოწვა და ფიქრი დაიწყო, როგორ გაპარულიყო შავი ოთახების სანახავად ისე, რომ ანას და პიტერს არაფერი გაეგოთ.
საწოლზე წამოწვა და კითხვა დაიწყო:
- ატლკაუალოს თვე (წყლის შეწყვეტა) – წყლის ღვთაებებს ბავშვებს სწირავდნენ. ტლაკაჰიპეუალისტლის თვე – მებრძოლების მსხვერპლად შეწირვა. მათი გატყავება და ქურუმის ცეკვა გატყავებულ კანთან. უეიტოსოსტლის თვე (დიდი სიფხიზლე) – ახალი სიმინდის კურთხევა და გოგონას მსხვერპლად შეწირვა. ეცაკლუალისტლის თვე – წყლის ღვთაებების განსახიერებების რიტუალური გაგუდვა…. – ღმერთო, ეს რა საშინელებები წერია ამ წიგნში!
ელიმ ბიბლიოთეკიდან წამოღებული წიგნი დახურა და მაგიდაზე დააგდო.
- რას კითხულობდი, ელი?
ოთახში ანა შემოვიდა. მას შხაპი მიეღო.
- წიგნი ამოვიტანე ბიბლიოთეკიდან, აცტეკების კალენდარზე წერია რაღაცები… მაგრამ ძალიან რთული გასაგებია! უფრო სწორად, ვერაფერი გავიგე…
- აცტეკების კულტურით დაინტერესდი?
- იმ აკლდამას გარედან ბევრი სიმბოლო ახატია. ერთ-ერთი აცტეკების კალენდარია! მხოლოდ ეს სიმბოლო ვიცანი და "სიზმრების დამჭერი"… ჰოდა, დამაინტერესა! შენ რა ქენი?
- რონი ვნახე! მე მგონი, ეგ ბიჭი სექსუალური მანიაკია! ნეტა განახა, როგორ მიყურებდა… შენც ეგრე გიყურებდა, როცა გამოელაპარაკე?
- არ ვიცი, არ შემიმჩნევია! ცოტა უცნაური კი უნდა იყოს… გითხრა რამე საინტერესო?
- მეთიუ პირდაპირ ვერ ვუხსენე! შეიძლება ვეცნე კიდეც… გრიმის გარეშე ჩემი სახალხოდ გამოჩენა არაფრით არ შეიძლება! დღეს ღამით ისევ ვაპირებ გაპარვას. შენ გამოიძინე, ცოდო ხარ! მე ვეცდები, იმ გვირაბს მაინც გავუგო რამე.
- წამოგყვები! მარტო როგორ უნდა წახვიდე?
- არა, შენ დაისვენე! ისედაც ძალიან ბევრს აკეთებ ჩვენთვის…
- კარგი, რადგან ასე გსურს…
ელიმ წინააღმდეგობა აღარ გაუწია. საკმაოდ გვიანი იყო. სასტუმროს უკანა ეზოში ხალხი ნელ-ნელა ცოტავდებოდა. ბოლოს სულ დაცარიელდა. ცალთვალა ჯოს მაღაზიაშიც ჩაქრა სინათლე.
ელი კედლისაკენ გადაბრუნდა და თავი მოიმძინარა.
ანა ცოტა ხანს ოთახში წრიალებდა, მერე ფარანი აიღო და ოთახიდან ჩუმად გაიძურწა.
ელი რამდენიმე წუთის განმავლობაში გაუნძრევლად იწვა, მერე თვითონაც ადგა და კარის ღრიჭოდან გაიხედა. კორიდორში არავინ იყო. ელი პიჟამის ამარა გაემართა ტუალეტისაკენ. იქაც შეიცადა რამდენიმე ხანი და ბოლოს კიბეებისკენ წავიდა. რუკა თან ჰქონდა.
მესამე სართულზე დაეშვა და კორიდორი შემოიარა. ბოლოს იმ კართან გაჩერდა, რომელიც ძველ რუკაზე შავად იყო აღნიშნული. კარს ფარანი მიანათა და ანჯამების ადგილას, გადაქექილი საღებავის ქვეშ, კარის თავდაპირველი, შავი საფარი შეამჩნია.
- "ესეც ერთ-ერთი შავი ოთახი…"
გაიფიქრა ელიმ და მისი გაღება სცადა. ელის ბარათ-გასაღებს ამ ოთახში წვდომა არ ჰქონდა. შემდეგ მეორე სართულზე დაეშვა და მეორე შავი ოთახიც იპოვა, რომელიც ამჟამად სასტუმროს ადმინისტრატორის კაბინეტს წარმოადგენდა.
- "მისტერ ალესტერის კაბინეტის უკანა შესასვლელი… ამ კარებიდან გამოგვიყვანა მაშინ. ერთ-ერთი შავი ოთახი მისი კაბინეტია!"
ანა არც ამ სართულზე იყო. ელი პირველი სართულის გვირაბებშიც ჩავიდა და მესამე შავი ოთახიც იპოვა. ყოველი შემთხვევისათვის, ამ კარსაც გაუყარა თავისი ბარათი-გასაღები და ძალიან გაუკვირდა, როდესაც კარები გაიღო.
ოთახში სხვადასხვა ზომის მუყაოს ყუთები ეწყო, სადაც წვრილმანი ნივთები ეყარა. აქ იყო მაჯის საათები, სამკაულები, კოსმეტიკა, ძველი ტანსაცმელი და სხვა უამრავი ნივთი… ერთი შეხედვით, იფიქრებდი, რომ ვიღაც მოპარული პირადი ნივთების კოლექციას აგროვებდა.
ელიმ ყველა ყუთი სათითაოდ შეამოწმა. მას ეშინოდა, რომ შემთხვევით ის არ ეპოვა, რაც გაიფიქრა… – მეთიუს საფულე ან სხვა რაიმე პირადი ნივთი, რომელსაც იცნობდა…
უეცრად ხმაური მოესმა და ოთახი შეშინებულმა დატოვა. სხვენზე ისე დაბრუნდა, რომ არავის დაუნახავს. რონის კარს რომ ჩაუარა, შეამჩნია, რომ ოდნავ შეღებული იყო. როგორც ჩანს, რონიც გამოსული იყო გარეთ და კარი საგანგებოდ ღია დაეტოვებინა.
ელი ძალიან ფრთხილად მიუახლოვდა მის კარებს და ღრიჭოში შეიჭყიტა.
ნანახმა საბოლოოდ გაუმყარა ეჭვები ანას შესახებ! ღრიჭოდან პირდაპირ ჩანდა საწოლი, რომელშიც ანა და რონი იწვნენ…

გაგრძელება იქნება ავტორი თეა ინასარიძე



№1 სტუმარი qeta

როდის დადებ შემდეგ თავს ძალიან მაინტერესებს ? fearful heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent