შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მდუმარე სასტუმრო - ბანში (თავი 18)


12-06-2018, 00:26
ავტორი anushka 5
ნანახია 1 355

ტყეში უკუნეთი სიბნელე იყო. მაქცია და ელი სასტუმროში ბრუნდებოდნენ. რონი გზას ფარნით ანათებდა.
- მეტყვი აკლდამაში მისასვლელ გზას?
ჰკითხა ელიმ, რომელსაც ძალიან უჭირდა თხელი ფეხსაცმლით ტოტებზე სიარული. ფეხსაცმელს ძირი, ფაქტობრივად, არ ჰქონდა და ყოველი ნაბიჯის გადადგმისას ელის ტერფები სტკიოდა.
- სანაცვლოდ რას მივიღებ?
- ერთხელ უკვე გითხარი, მეძავი არ ვარ!
- მე მეძავების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს! შეგიძლია იყო კიდეც, თუ მოგინდება, მაგრამ ამჯერად მე შენგან სხვა რამ მინდა!
- მაინც?
რონი შეჩერდა და ელის მკერდზე ფარანი მიანათა.
- შენი მედალიონი!
- მედალიონი?
- ჰო… აბა, შენ რა იფიქრე?
- რაც გინდა, მთხოვე! ამ მედალიონის გარდა!
მტკიცედ წარმოთქვა ელიმ და რონის ხელით ფარანი გააწევინა.
- რატომ? საკმაოდ უბრალო მედალიონია…
- ჩემთვის არა!
- ალბათ, ვინმემ გაჩუქა, რადგან ვერ თმობ!
- ეს მედალიონი სამახსოვრო საჩუქარია ადამიანისაგან, რომელიც შეიძლება ვეღარასოდეს ვნახო…
ჩაილაპარაკა ელიმ და გზა განაგრძო, მაგრამ უცებ წაიბორძიკა და რონის ხელი რომ არ შეეშველებინა, წაიქცეოდა.
- შენთვის ის ადამიანი რამეს ნიშნავდა?
- რაში გაინტერესებს? რა მნიშვნელობა აქვს შენთვის? მედალიონს ვერ მოგცემ, მაგრამ შემიძლია ფული გადაგიხადო! შენ ხომ ფული უფრო გირჩევნია? რად გინდა რაღაც უბრალო მედალიონი?
- არ მინდა შენი ფული, წითურო! უბრალოდ, გამოგცადე! მაინტერესებდა, რას ნიშნავდა შენთვის ეს მედალიონი… ისე, გირჩევ არასოდეს მოიხსნა!
- რატომ?
- მაგ მედალიონს დაცვის მაგიური ძალა აქვს. ასეთ საშინელ ადგილას კიდევ ცოტა რამ შეიძლება მოხდეს?.. რაც შეეხება აკლდამას, იქ მოსახვედრად რამდენიმე გზა არსებობს. მთავარი შესასვლელი დალუქულია. არის კიდევ რამდენიმე მიწისქვეშა გვირაბი, რომელიც სხვადასხვა ადგილიდან უკავშირდება აკლდამას. სულ რამდენი გვირაბია, არ ვიცი. ვიცი, რომ ორი მათგანი სასტუმროდან გადიოდა, მაგრამ ერთ-ერთი ამჟამად გაუქმებულია.
როდესაც შენობა აღადგინეს, სარდაფის გვირაბის სტრუქტურა დაარღვიეს. უწინ სარდაფის გვირაბი სამ ნაწილად იყოფოდა. ყველაზე გრძელი გვირაბის ბოლოს მხოლოდ ერთი შავი კარი იყო, საიდანაც იწყებოდა აკლდამისკენ მისასვლელი გზა. ის გასასვლელი მთლიანად ამოქოლეს, აღარ არსებობს…
- დარწმუნებული ხარ? ამას წინათ დავიკარგე მაგ გვირაბებში და ჩემი თვალით ვნახე, რომ სარდაფის კორიდორი სამ ნაწილად იყოფოდა. მეორე დღეს ისევ ჩავედი, რადგან დამაინტერესა მესამე გასასვლელმა, მაგრამ, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ის გასასვლელი აღარ დამხვდა!
- დარწმუნებული ხარ, რომ არ დაგესიზმრა? ასეთი რაღაც შეუძლებელია! ნუ, თუ რაღაც ზებუნებრივი მოხდა და წარსულში არ მოხვდი, რა თქმა უნდა…
რონი და ელი სასტუმროში მივიდნენ. სტუმრებს კინოდარბაზში მოეყარათ თავი და ხმაურობდნენ. როგორც აღმოჩნდა, მაქცია და თეთრი ქალიშვილი პირველები დაბრუნდნენ დავალებიდან.
- ვინ დადო ფსონი "დაწყევლილ ქოხზე?" გილოცავთ მოგებას!
ალესტერმა დაფაზე მარკერით შემოხაზა მეშვიდე ნომერი, რომლის გასწვრივაც ეწერა: – "დაწყევლილი ქოხი! – მაქცია და თეთრი ქალი."
როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ ორ ადამიანს ჰქონდა დადებული ფსონი ამ ნომერზე. ალესტერმა მოგება მათ შუაზე გაუყო.
- "თეთრი ქალი" და მაქცია ერთი დონით დაწინაურდებიან! თამაში დამთავრებულია! ყველას დიდი მადლობა მონაწილეობისათვის!
"მდუმარე სასტუმროს" ბინადარნი მალევე დაიშალნენ. საკმაოდ გვიანი იყო. ალესტერი გამარჯვებულებთან მივიდა მისალოცად.
- ელი, შენ უკვე მეორე დონე გაქვს! რონი, შენი დონე შემახსენე?
- მეხუთე…
- რას ნიშნავს დონე, მისტერ ალესტერ?
- შენი ბარათი-გასაღებით უფრო მეტ ობიექტზე გექნება წვდომა. საინტერესო თამაში იყო! მადლობა ორივეს!
- ის ისტორიები, რომლებიც ბარათებზე ეწერა, ნამდვილია?
- რა თქმა უნდა, არა, ელი... ყოველი თამაშისთვის ახალი სცენარები იწერება…
- გასაგებია! მადლობა, მისტერ ალესტერ… თქვენის ნებართვით, ჩემს ოთახში ავალ და გამოვიცვლი. ჩემს დას მინდა დავურეკო… ღამე მშვიდობისა…
- ღამე მშვიდობისა, ელი!

ალესტერი თავისი კაბინეტისკენ გაემართა. ელიმ დარბაზი მოათვალიერა. ანა ცალთვალა ჯოს ელაპარაკებოდა. ჯონი მოშორებით იდგა და ალესტერის წასვლას ელოდა. როგორც კი ალესტერმა ელი დატოვა, მაშინვე მისკენ გამოემართა, მაგრამ შუა გზაში ორკის კოსტიუმიანმა ბიჭმა გააჩერა და ლაპარაკი გაუბა. რონი ელის მოუბრუნდა და უთხრა:

- ჩემს ოთახში ავალ! ერთი სული მაქვს, როდის გავიხდი ამ საშინელებას...
- და მეორე გზა? ჩქარა მითხარი… საიდან უნდა მოვხვდე მეორე გვირაბში?
- სასტუმროს მფლობელის კაბინეტიდან! წარმატებებს გისურვებ, ფისო!
რონი შებრუნდა და კიბეებისაკენ გაემართა. ჯონიმაც დაამთავრა ორკთან ლაპარაკი და ელისაკენ წამოვიდა.
- რაზე გელაპარაკებოდა ის მხეცი?
- აკლდამაში მისასვლელი გზა მასწავლა!
- არ მითხრა, რომ მაგ ტიპს ენდობი…
- აკლდამას რამოდენიმე გვირაბი უკავშირდებაო… ერთ-ერთი მათგანი სასტუმროს მფლობელის კაბინეტიდან გადისო… ჯონ, დრო არ ითმენს! უნდა შევამოწმოთ…
- გინახავს შენ სასტუმროს მეპატრონის კაბინეტი?
- არა! მაგრამ ახლა დონე მომემატა და ჩემი ბარათით უფრო ბევრი კარის გაღება შემიძლია! მისმინე, ჯონ! ავალ, გამოვიცვლი და ტელეფონს ჩამოვიტან. მეგის უნდა დავურეკო… ოც წუთში სურვილების ჭასთან ვიქნები.
- კარგი, პატარა! მაშინ მე პირდაპირ იმ ჭასთან წავალ და იქ დაგელოდები! არ მინდა, რომ ანამ კოსტიუმის გარეშე დამინახოს!

***

ანას უკვე გამოეცვალა და ელის გასახდელში ელოდა.
- ფეხზე ძლივს ვდგავარ! ვინაა ის ტროლი? ძალიან დაგიმეგობრდა!
- არ ვიცი… ნიღბის გარეშე არ მინახავს!
- რამხელაა!
- ჰოო… ინდიელია! ინდიელების რომელიღაცა პატარა სოფლიდანაა… ცალთვალა ჯოს მაღაზია დავათვალიერებინე და მიყვებოდა რაღაცებს… ბევრ რამეში ერკვევა!
- რონი რაზე გელაპარაკებოდა?
- თურმე, აკლდამას კიდევ ჰქონია საიდუმლო შესასვლელები… ერთ-ერთი სასტუმროს მეპატრონის კაბინეტიდან გადისო…
- საინტერესოა! დღეს ღამით ისევ ვაპირებ ოთახიდან გაპარვას! სადილის დროს მისტერ ალესტერმა დამიბარა თავისთან…
- რა უნდოდა?
- რაღაც ახალი პროგრამა განვიხილეთ, ჩემს პერსონაჟთან დაკავშირებით… ალესტერს უნდა, რომ კიდევ ერთი როლი მოვირგო.
- ვისი?
- მზის ჩასვლის მერე უნდა, რომ "ბანში" ვიყო…
- "ბანში"?
- ჰო… მოჩვენებაა ეგეც. ნაცრისფერი კაპიუშონიანი ლაბადა აცვია და ლეგენდის თანახმად, სიკვდილის მოახლოებას მოასწავებს. ზოგ ქვეყანაში "მრეცხავსაც" ეძახიან, რადგან მდინარეზეც უნახავთ, როდესაც მკვდრების ტანსაცმელს რეცხავდა. მისი ძირითადი თვისება ტირილი და გოდებაა.
- უნდა იტირო ხოლმე?
- თან, ისეთ ენაზე მოსთქვამს და გოდებს, რომელიც არავის ესმის. მისი გოდება ძალიან ჰგავს ველური ბატების ყვირილს, მიტოვებული ბავშვის ტირილს და მგლების ყმუილს. ალესტერმა თქვა, მაგ ხმებს ჩავწერ დიქტოფონზე და რომ ივლი, ჩართული გექნებაო… კიდევ კარგი! ჩემი სატირალი არ მეყოფოდა? ახლა ბანშის ნაცვლადაც ვიტირო… მაგრამ მე სხვა რაღაცის თქმა მინდოდა შენთვის!

როდესაც მისტერ ალესტერის კაბინეტში ვიყავი, კედელზე ჩამოკიდებულ ნახატებს ვაკვირდებოდი. ერთ ჩარჩოში, თუ არ ვცდები, სასტუმროს გეგმა უნდა იყოს, ოღონდ ძველი… პაპირუსის მსგავს ქაღალდზეა გამოსახული და ძალიან ახლოს თუ არ მიხვედი, ვერაფერს დაინახავ. ეგ რუკა სანახავია! დღეს ღამით აუცილებლად უნდა ჩავიდე კორიდორში…
- რა აზრი აქვს? კარი მაინც დაკეტილი იქნება!
- დაკეტილი იქნება! მაგრამ მე აი, ეს მაქვს… ჯეკ პოტ!
ანამ ბიუსტჰალტერიდან ბარათი-გასაღები ამოიღო და ელის აჩვენა.
- ჩვენი ბარათები ადმინისტრატორის კაბინეტის კარს არ აღებს…
- ჩვენი არა, მაგრამ დამლაგებლის გასაღები ყველა კარისთვისაა!
- დამლაგებელს მოპარე?
ანა ელისკენ გადაიხარა და ყურში ჩასჩურჩულა:
- სისხლიანი მერის ოთახს ალაგებდა, ჰოდა, ვითომ შემთხვევით ამოუვარდა! ხვალ დილით იპოვის… შეეშინდება, სამსახური არ დავკარგოო და არაფერს იტყვის…
ელის აღარაფერი უთქვამს. ტანსაცმელი გამოიცვალა, მერე გრიმი მოიცილა და ანასთან ერთად ოთახში ავიდა.
- მე უნდა ჩავიდე, მეგის დავურეკო!
- კარგი! ჩვენს სახლზეც შეეკითხე, რამე ახალი ხომ არ არის, კარგი?
- "ჩვენი სახლი"… ალბათ, წარმოდგენილი აქვს უკვე, როგორ იცხოვრებს ტკბილად და ბედნიერად
თავის საყვარელთან ერთად მეთის სახლში".
გაიფიქრა ელიმ და ბრაზი მოერია.
ჯონი ჭასთან დახვდა. ელი მეგის დაელაპარაკა და მიახვედრა, რომ ჯონი უკვე ნახა და ყველაფერი რიგზე იყო. ელიმ მოახერხა, რომ ერთი-ორი სიტყვით ჯონისაც დალაპარაკებოდა.
- ამაღამ ანა აპირებს ალესტერის ოთახში შეპარვას!
- როგორ?
- დამლაგებელს მოპარა ბარათი. მეც უნდა წავყვე!
- ყურადღებით ვიქნები, პატარა და უკან გამოგყვებით!
- ძალიან ფრთხილად უნდა იყო, ჯონ! რონიმ არ უნდა დაგინახოს… შენი ოთახის კარს რომ გააღებ, მაშინვე არ დაკეტო, ღია დატოვე. ჯერ სააბაზანოში წადი და რამოდენიმე წუთი გაჩერდი.
- კარგი, პატარა! ნუ გეშინია! მაგ რონიმ რომც დამინახოს, ცხვირ-პირს მივუნგრევ!
ამ სიტყვებზე ელი ჯონს დაემშვიდობა და ოთახში დაბრუნდა. ანა სააბაზანოში იყო წასული. დაბრუნდა თუ არა, შხაპის მისაღებად ახლა ელი გაემართა.
ქალებისა და კაცების სააბაზანოები კორიდორის სხვადასხვა მხარეს იყო. როდესაც ელი უკან ბრუნდებოდა, პირსახოცშემოხვეული რონი დაინახა. ელის თვალი ჩაუკრა და თავის ოთახში შევიდა.
- "რა სხვანაირი იყო დღეს, მაქციის კოსტიუმში" – გაიფიქრა ელიმ და კარი შეაღო. ანას პიჟამა ჩაეცვა და ეძინა. მაგიდაზე მაღვიძარა დაედგა, რომელიც ღამის ოთხ საათზე ჰქონდა დაყენებული. ელიც ძალიან იყო დაღლილი და გამოფიტული. დაწვა თუ არა, თვალები თავისით დაეხუჭა და ძილის სამყაროში გადაეშვა.

გაგრძელება იქნება
ავტორი თეა ინასარიძე



№1 სტუმარი სტუმარი ნინო

გამიხარდა გაგრძელება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent