Lacrimosa [2]
სასტუმროს ნომერში ჩაკეტილ კასანდრას კარი ლამის შეუნგრია საფიამ. -კასანდრა... კასანდრა, გამიღე ეს დაწყევლილი კარი! კარი გაიღო. ვერ აღვწერ იმ პანიკისა და სასოწარკვეთილების ნაზავს, რომელიც კასანდრას სახეზე აღბეჭდილიყო. საფია შეშფოთდა, როცა ადგილზე საეჭვოდ მოქანავე გოგონა დაინახა. ლამის გონდაკარგულ გოგონას წყალი დაუსხა და საძილე საშუალებაც გაურია მის სასმელში. სანამ მკვდარივით ჩაეძინებოდა მთელი ხმით მოთქვამდა: -მე რა დავაშავე ასეთი, საფია... რომ ღმერთი ასე მიმეტებს ყოველ ჯერზე! რა დავაშავე! დედაც არ წამართვას ღმერთმა... დედა მაინც დამიტოვოს... *** დილით გვიან გაეღვიძა. რეპეტიციამდე 1საათით ადრე. ადგა და მაშინვე მზადებას შეუდგა. როცა მიხვდა, რომ ტონალურის ყველაზე სქელი ფენითაც კი ვერ დაიფარავდა გუშინდელი ღამის ნერვიულობასა და ცრემლებს, გადაწყვიტა მაკიაჟზე საერთოდ უარი ეთქვა კონცერტამდე. ოპერის შენობას რომ მიუახლოვდა, მისი სახელი გაიგო. ხმა იცნო. კასანდრას თავისი ახალი მეგობარი ეძახდა. -კას! ნახე, შენი აფიშაა! კასანდრამ ცარიელი მზერა მოავლო აფიშას და უღიმღამოდ ჩაილაპარაკა: -ჰო. სხვანაირს არც ველოდი. როგორც მოელოდა, აფიშაზე მისი ყველაზე ცნობილი ფოტო, ,,წითელი ქალბატონი” გქონდათ დატანილი. ბანალურობამ წარბების შეკვრა აიძულა. ღრმად ჩაისუნთქა და შენობაში შევიდა. ბექას მხედველობიდან არ გამორჩენია კასანდრას ემოციური მდგომარეობა და ცდილობდა, ნაკლები ელაპარაკა, რომ ოდნავაც არ შეეწუხებინა. სცენაზე გავიდნენ და კასანდრამ როიალისკენ აიღო გეზი. -მოდი ჩემთან, ბექა. თავისკენ მოიხმო. ბექა თავისი ახალი ვიოლინოთი გაემართა გოგონასკენ. კასანდრამ ოდნავ გაიწვდინა ხელი მისკენ და ბექა მიხვდა, გოგონას მისი ვიოლინო აინტერესებდა. ხემიც გამოართვა და ბექასთვის მოულოდნელად, ,,ნოკიას” საუნდტრეკი შეასრულა ვიოლინოზე. იქ მყოფმა ორკესტრის წევრებმა აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს გოგონა. ბექა გაოგნდა. -კას... ვიოლინოზე უკრავ? გოგონას მკრთალად გაეღიმა. -ვსწავლობ. ბევრი არაფერი ვიცი. კარგი ვიოლინოა. თუმცა, ამ ბრენდს სჩვევია საკრავების უაზროდ მაღალ ფასად გაყიდვა. გაგიმართლა. ბექამ უკმაყოფილოდ დახედა ინსტრუმენტს. -არა, ძალიან კარგია. მართლა. ამით კარგად დაუკრავ. მოდი, ბექა. ,,ეპილოგი” დავუკრათ. -,,ლა ლა ლენდიდან?” კასანდრამ თავი დაუქნია და უპასუხა: -“სოლ” მომეცი. ბექამ დაუყოვნებლივ დაიჭირა აკორდი და გზა დაუთმო კასანდრას. პირველი ნოტების აღებისთანავე მთელ სხეულში ჟრუანტელმა დაუარა ბექას. რას უშვრებოდა ეს გოგო თავისი მუსიკით. გაშტერებულს ლამის ჩართვა დაავიწყდა. ვიოლინოსა და როიალის ბგერები იდეალურად შეერწყა ერთმანეთს და კასანდრას საოცარი მუსიკალური იმპროვიზაციებით უფრო მეტი ჟღერადობა შეიძინა მელოდიამ. ბექას მთელი ნაწარმოების მანძილზე ეღიმებოდა. პირველად უკრავდა იმ ადამიანთან ერთად, რომელთან ერთადაც მხოლოდ ოცნებებში წარმოიდგენდა რომ დაუკრავდა. მისმა ოცნებამ ფრთები შეისხა. სულ რამოდენიმე საათში თავისი მუსიკალური კუმირის გვერდით დაუკრავდა. -ბექა, სად იჯდები შენ? ჰკითხა გოგონამ, როცა დაკვრა დაასრულეს და მთელ კულისებსა და სცენაზე აპლოდისმენტების ხმა მიწყნარდა. ბექამ უხერხულად, მორიდებით გაიშვირა ხელი სცენის სიღრმისკენ. -მინდა, რომ შენ ჩემთან ახლოს იჯდე. ახლავე დაველაპარაკები იმას, ვისაც ეს ევალება. კასანდრა ფაბრონის სიტყვას მათთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ამიტომ მევიოლინეების ადგილები როიალს მიუახლოვეს. ახლა ბექა მხოლოდ კასანდრას კი არა, მთელ აუდიტორიას მიუახლოვდა. ხოლო კასანდრას დაჟინებული მოთხოვნით, ბექა წინა სკამზე ერთ-ერთი მოხუცი მევიოლინის ნაცვლად დასვეს, რომ გოგონასთან ახლოს ყოფილიყო. მოხუცმა თბილად გაუღიმა ბიჭს და პირველ კონცერტზე წარმატებები უსურვა. კასანდრა ბიჭისკენ მკვეთრად მიტრიალდა: -ეს შენი პირველი კონცერტია?! ბექამ დარცხვენილმა დაუქნია თავი. კასანდრამ ნერვიულად გაიცინა. -რა მაგარია! სცენაზე ტელეფონმომარჯვებული საფია შემოვარდა. -კას... ჟერარდი გთხოვს. გოგონა გიჟივით მივარდა საფიას და ტელეფონი გამოართვა. -მამა! -კასანდრა, ჩემო ნიჭიერო. -რა დროს ესაა, დედა როგორაა?! -ყველაფერი კარგად იქნება, შვილო... -მამა, მითხარი! ხომ იცი, შენს ხმაზე მაინც მივხვდები. ჟერარდმა ღრმად ჩაისუნთქა. -კას... -უბრალოდ თქვი! კასანდრამ მოუთმენლად ჩასძახა ტელეფონში. -კომაშია. კასანდრას მეორედ მოაწვა ნერვული შეტევა. ამის შემხედვარე საფიამ, უახლოეს დაცვას სთხოვა, კასანდრასთვის წყალი მოეტანათ. ბექა დაცვაზე სწრაფი აღმოჩნდა. კასანდრამ უხეში მოძრაობით მოიშორა წყლის ბოთლი და მამამისს აკანკალებული ხმით ჩასჩურჩულა ყურმილში: -მამა, დედა ხომ კარგად იქნება? რომ ჩამოვალ, ხომ ცოცხალი დამხვდება... ჟერარდის ხმა თითქოს დახშობილიყო: -კი, შვილო. აბა რა. შენ არ ინერვიულო. მთელი გულით დაუკარი, კასანდრა. დედაშენისთვის. კასანდრას თვალები დაშრობოდა. ვეღარ ტიროდა. უბრალოდ იდგა თვალდახუჭული და სიჩუმეს უსმენდა. ახლა მართლა სჭირდებოდა დამშვიდება და დაწყნარება. საფიამ თავისით მოაშორა ტელეფონი ყურიდან. ბექამ ოდნავ მოკიდა მკლავზე ხელი და როიალის სკამზე დასვა ფრთხილად. კასანდრა ჩუმად იჯდა რამოდენიმე წუთს. რომ გამოფხიზლდა, ბექას ხელი ხელზე მოუჭირა. -ბექა, ყოველთვის უმეორე შენს ოჯახს, რომ გიყვარს. შეიძლება, მერე გვიანი იყოს. -არ არის გვიანი, კასანდრა. ნუ ნერვიულობ. ყველაფერი კარგად იქნება. აქაც და იქაც. არ მეტყვი, რა ხდება? თუ გინდა, ნუ მომიყვები, უბრალოდ ორი დღეა საშინლად ხარ. გუშინ ისე ვინერვიულე შენზე... კასანდრამ ნელა ახედა ბექას და მადლიერებით სავსე ღიმილი აჩუქა. -დედას მანქანამ დაარტყა. კომაშია. არ იციან, გონს როდის მოვა, ან საერთოდ თუ მოვა. აქამდე მამაჩემის შეშინებული ხმა არასდროს გამეგო, ბექა... ენა პირში არ უბრუნდებოდა... ძლივს ლუღლუღებდა. მუდამ ამაყი და მედიდური ჟერარდი ბექა... ხვდები, რა ხდება? უკვე ყვიროდა. ბექა ამაოდ უსვამდა ზურგზე ხელს და მის დამშვიდებას ცდილობდა. არაფერი გამოსდიოდა. სცენაზე მოულოდნელად გაჩნდა მათ გვერდით სანდრო. -ბექა, მშვიდობაა? ბექამ საცოდავი თვალებით ახედა და კასანდრაზე მზერით ანიშნა. -რა მოხდა? -დედამისია კომაში. მანქანას დაურტყამს. სანდრომ თავი დაუქნია და წყლის ბოთლი, რომელიც აქამდე ხელში ეკავა, გოგონას პირთან მიუტანა. დარწმუნდა, რომ რამოდენიმე ყლუპი მოსვა. მერე ცივი წყლით ხელები დაისველა და კასანდრას სახეზე მოუსვა. გააოცა მისი კანის მხურვალებამ. კასანდრა ერთიანად დამშვიდდა. აკანკალებული ხელები სახეზე მოისვა და ბიჭებს გაუღიმა. -მორჩა. მორჩა ეს დრამის დედოფლობა. აქ ჩემი პანიკების დრო არ არის. აქ საქმე გვაქვს. ბექა, ადგილზე თუ შეიძლება. მე აქ სხვა რამისთვის ვარ. ბიჭები გაშტერდნენ. გაოცებულები მისჩერებოდნენ გოგონას. -ვიოლინო, ბექა! ბექა მარდად წამოხტა და ვიოლინოს დასტაცა ხელი. სანდრო ისევ იქ იჯდა. გაკვირვებული და თვალებგაფართოებული. -ბექა, უთხარი ამ ხალხს თავის ადგილებზე დაერჭონ... ჩაისისინა კასანდრამ და სანდროს მოეჩვენა, რომ ჩუმად დაიღრინა კიდეც. ბექამ ხმამაღლა გამოაცხადა: -ადგილებზე თუ შეიძლება! კასანდრას გაღიზიანებულ სახეს რომ შეხედეს, ორკესტრის წევრებმა გიჟებივით დაიკავეს თავიანთი ადგილები. და დაიწყო მოცარტის კონცერტი... სანდრო მონუსხული მისჩერებოდა მის წინ წარმოქმნილ სანახაობას: ტკივილით სავსე კასანდრა, მთელი იმ ბრაზისა და შიშის მიუხედავად ნაზად ეფერებოდა კლავიშებს, თითქოს მათზე იყო დამოკიდებული სამყაროს ბედი, თითქოს მათი კარგად ყოფნა წყვეტდა გოგონას კეთილდღეობას... ვერაფერს ამჩნევდა მის გარდა. მხოლოდ მას უყურებდა და თვალები ვერსად გაურბოდა. მის ოდნავ თავის გაქნევაზეც ავტომატურად იმავეს იმეორებდა, ერთდროულად სუნთქავდნენ, თითქოს ერთი გულისცემა ჰქონდათ... ატირდა კასანდრა. თითქოს ნაწარმოებიც ხვდებოდა მის სატკივარს, როიალიც, თითქოს ამძიმებდა ნოტებს. სანდრო შეშფოთდა. მთელი გულით სურდა, მასთან მისულიყო და მისი სახე ხელებში მოექცია, დაემშვიდებინა, ცრემლები შეემშრალებინა... მაგრამ თითქოსდა ტრანსში ჩავარდნილ კასანდრას ხელს ვერ შეუშლიდა. არასდროს აპატიებდა, ალბათ. ,,ასე როგორ სტკივა...” ფიქრობდა თავისთვის და გული ეწვოდა იმ ბგერებზე, რომლითაც თითქოს შველას ითხოვდა, ნუგეშს, დამშვიდებას... ნაწარმოების მიწურულს კასანდრას ხელი უმწეოდ მიესვენა როიალის თავზე და მალევე საეჭვოდ მოქანავე თავიც ხელის გზას გაუდგა და როიალზე მიესვენა. იჯდა თავისთვის და მიჩუმებული ბგერების დაჭერას ცდილობდა. სანდრო ფრთხილად მიუახლოვდა და როიალის გრძელ სკამზე მის გვერდით ჩამოჯდა. ორკესტრის წევრები წამოიშალნენ და კულისებისკენ გასწიეს. იცოდნენ, ახლა ,,მთვარის სონატის” შესრულების ჯერი იყო, რომელიც კასანდრას მარტოს უნდა შეესრულებინა. -არ მინდა... აღარ მინდა... ნოა დამეკარგა... ყველაფერი დავკარგე... აღარაფერი დამრჩა... არ ესმოდა სანდროს ფრანგული, ერთი სიტყვაც არ ესმოდა, მაგრამ განა ვერ გრძნობდა? ყველა სიტყვას გრძნობდა. წარბები აეზიდა და სიბრალულით სავსე თვალებით მისჩერებოდა. კასანდრამ მწვანე თვალები გაახილა. არ ტიროდა. უბრალოდ ტკივილით ჰქონდა სავსე თვალები. -არ იტირო, რა. ჩუმად სთხოვა და მის პასუხს დაელოდა. -მე ძლიერი ვარ, სანდრო. ამაზე ბევრად ძლიერი ვარ. სანდრომ თავი მორჩილად დაუქნია და ბექას შეხედა. კასანდრამ მოულოდნელად დაიწყო მოყოლა: -ერთი წლის წინ... აქ მესამედ რომ ჩამოვედით... ჰო, ყველა. მამა არ იყო... ნოაც იყო... ჩემი პატარა, ხუჭუჭა ნოა. 8 წლის გახდებოდა სულ მალე... არ გააჩერა იმ ნაბიჭ*არმა მანქანა, პატარა ბიჭი დაინახა და არ გააჩერა. ნოა მომიკლა, სანდრო! გესმის?! ნოა მომიკლეს! აქ, ქართველებმა მომიკლეს! და წავიდა, დამტოვა ჩემს გაყინულ ძმასთან მარტო... ჩემს პატარასთან... სისხლში ცურავდა ჩემი პატარა... ქერა თმა სულ გაწითლებოდა სისხლით... თავისი საყვარელი მაისური ეცვა... ხელში ჩამაკვდა! და არავინ დამეხმარა! მეზიზღებიან ქართველები, რადგან აქ უგულოები არიან! აქ მომიკლეს ნოა... ხელები სულ უკანკალებდა... მეხვეწებოდა, ჩემთან იყავიო, მეტი არაფერი მინდაო... მტკივა და ხელი მაგრად მომიჭირეო! მე რა მექნა... არავის ვიცნობდი... ჩემი არავის ესმოდა, არავინ შემომთავაზა დახმარება! ვერ მაიძულებ მიყვარდეს აქაურობა, როცა ძმა მომიკლეს! სანდრო ამაოდ ცდილობდა მის გაჩერებას, ხელებს ასავსავებდა... -არ გინდა, კასანდრა, არ გინდა... მაგრამ კასანდრა ვერ ჩერდებოდა. ფეხზე წამომხტარი ჩუმი ხმით ყვიროდა. არ ტიროდა. ერთი ცრემლიც არ გადმოვარდნია. სანდრო სწრაფი ნაბიჯით გაემართა მისკენ და ხელები გაუკავა. კასანდრა მთელი სხეულით გადაიხარა და მკერდზე მიეკრო სანდროს. ღრმად სუნთქავდა ორივე. სანდროს ორივე ხელი გოგონას მხრებზე მოეხვია და უფროდაუფრო მჭიდროდ უჭერდა. ბექა? ბექა შოკურ მდგომარეობაში იჯდა იატაკზე. ვერაფრით იაზრებდა ყოველივეს. აი, გარნიე. აი, ყველა ის ემოცია და გრძნობა, რის მოტანასაც კასანდრა თვეების განმავლობაში ცდილობდა და ვერავინ უგებდა მას. -ჩშშ... ნუ კანკალებ, გეხვეწები, ნუ კანკალებ. *** ,,მთვარის სონატა” აღარ გაუმეორებია. პირდაპირ კონცერტზე დაუკრავდა. *** ფარდები ასწიეს. კონცერტი დაიწყო. ისევ და ისევ, მარიკუნასგან. დიდი სიყვარულით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.