Lacrimosa [1]
ოპერის დარბაზი ხალხით გადაჭედილიყო. მუსიკის ჰანგებით მონუსხულნი თვალებგაფართოებულები მისჩერებოდნენ შავ კაბაში შემოსილ გოგონას. ბეთჰოვენის “მთვარის სონატას” ასრულებდა ახალგაზრდა პიანისტი და თვალებიდან ღვარად ჩამოსდიოდა ცრემლები. მთელი ორკესტრი გრძნობდა პიანისტის მუხტს, როგორი ძალით აწვებოდა კლავიშებს, თითქოს უმძიმდა მათთან განშორება. თუმცა, არავინ იცოდა რა ქარცეცხლი ტრიალებდა ახალგაზრდა პიანისტის გულში. *** ვარჯიშობდა, როცა პიარ მენეჯერმა გიჟივით შემოაღო მისი კარები. -საფია, რამდენჯერ უნდა აგიკრძალო ამის გაკეთება! ჯერ კიდევ ბურუსში მყოფმა პიანისმა დაუყვირა მეგობარს. საფია სირცხვილით აიწურა კართან. -ვეძებდი... ნოას ვეძებდი, საფია! ხომ გთხოვე... ცრემლის თხელ ფენას გადაეკრა გოგონას მუქი მწვანე თვალები. საფიამ თავი დახარა. -უბრალოდ იმის თქმა მინდოდა... რომ... საქართველოში მივდივართ. გოგონა გიჟივით მოტრიალდა მეგობრისკენ. -რა თქვი? *** ბევრი ჭიდილის შემდეგ კასანდრა ფაბრონი თავის მენეჯერ საფიასთან ერთად თბილისის აეროპორტში დაეშვა. კასანდრა თბილისში სამჯერ გახლდათ ნამყოფი. მეტიც, დედა ქართველი ჰყავდა. თამარ ყანდარელს ძალიან სურდა შვილს ქართული სცოდნოდა და საწადელს მიაღწია კიდეც. კასანდრას მამა, ჟერარდ ფაბრონიც, როგორც მაღალი წრის წარმომადგენელს შეეფერებოდა, სამეგობროში მუდამ ტრაბახობდა, რომ მისი მეგობრების შვილებისგან განსხვავებით, კასანდრა 5 ენაზე საუბრობდა გამართულად. თუმცა, ფრანგულმა გარემოებებმა, პიროვნებებმა და სიტუაციებმა კასანდრას აიძულეს მასში შინაგანი კომპლექსი წარმოქმნილიყო. გოგონას ყველა ქართული სიტყვა ესმოდა, მაგრამ ქართულად ხმას ვერ დააძვრევინებდი. ჟერარდმა ტრაბახს მოუკლო. *** პროგრამას გადახედა. ის ხსნიდა და ხურავდა კონცერტს. საღამო მოცარტის 21-ე საფორტეპიანო კონცერტით იწყებოდა და არც მეტი, არც ნაკლები - ,,მთვარის სონატით” მთავრდებოდა. კასანდრა ვერაფრით მიხვდა, თუ რა კავშირში იყო ეს ორი ნაწარმოები ერთმანეთთან, მაგრამ როგორც ასეთი, პანიკის აწევის სურვილი არ გასჩენია. მიუხედავად მისი საოცრად წარმატებული კარიერისა, მას ჯერაც არ შეეძლო საკუთარი სიტყვა ეთქვა მაშინ, როცა საქმე კონცერტზე შესასრულებელ ნაწარმოებებს ეხებოდა. *** ფრენისგან დაქანცულმა კასანდრამ სასტუმროში მისვლისთანავე დაიძინა, რადგან მეორე დღეს საკმაოდ დიდი და დატვირთული დღე ელოდა. არაფერი ჩაუდია ჩანთაში ნოტების გარდა. ისინიც მუდამ თან უნდა ჰქონოდა. ყოველთვის თან დაჰქონდა. არასდროს აძლევდა ვინმეს უფლებას მის ნოტებს ან ინსტრუმენტს შეხებოდა. თამარმაც კარგად იცოდა, რომ თუ კასანდრა თავისი მუსიკის ოთახს დაალაგებდა, ასეთივე მდგომარეობაში უნდა დახვედროდა. ნახევრად ფრანგისთვისაც კი ზედმეტად პედანტი იყო. *** საფიამ იცოდა, როგორი ჩვევა ჰქონდა კასანდრას. იცოდა, როგორ იძირებოდა მუსიკაში რამდენიმე წუთის განმავლობაში, ამიტომ ორკესტრის წევრებს სთხოვა, გოგონა სცენაზე მარტო დაეტოვებინათ. *** სახელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სურათით - ,,წითელი ქალბატონით” გაითქვა, სადაც ხასხასა წითელ კაბაში გამოწყობილი კასანდრა გარნიეს ოპერაში უკრავდა. უნაკლოდ გაპრიალებულ როიალს აჟღერებდა და ,,მთვარის შუქის” ჰანგებში ჰხვევდა ყველა იქ მყოფს. ეს მოულოდნელი კადრი გახდა მისი ცნობადობის საწყისი წერტილი. მისი კარიერა ზენიტს მიუახლოვდა მაშინ, როცა ექვსთვიანი პაუზის შემდეგ პირველად დაუკრა ,,ლა სკალას” სცენაზე. საფიას მთელი ბრძოლა მოუხდა იმისთვის, რომ ეს გამოსვლა შემდგარიყო. რადგანაც ,,რეკვიემი” არ არის საფორტეპიანო ნაწარმოები, კასანდრას სურდა ,,ლაკრიმოზას” საკუთარი ვერსია შეესრულებინა კონცერტზე. ორკვირიანი დავის შემდეგ, ახალგაზრდა პიანისტს დართეს ნება შეესრულებინა ის, რაც მას ყველაზე მეტად სურდა. *** ექვსთვიან პაუზაზე მას არავისთან უსაუბრია. საფიაც მუდმივად გაურბოდა ჟურნალისტებთან ამ თემაზე ლაპარაკს. *** რეპეტიციაზე ყველაზე ადრე მივიდა, რომ მოსალოდნელი ოვაციები თავიდან აერიდებინა. არასდროს მოსწონდა ზედმეტი ყურადღება. არც კარგი და არც ცუდი. მაშინვე საგანგებოდ მისთვის განკუთვნილ როიალს მიუჯდა და ვარჯიში დაიწყო. ერთი... ორი... სამი... სამი ჯადოსნური წამი და კასანდრა აღარ იყო დედამიწაზე. უკვე ზემოთ, ცაში ვარსკვლავებს ეთამაშებოდა. უკვე მთლიანად იძირებოდა მუსიკაში, ნოტებისა და ჰარმონიის ბურუსიდან ხმამაღალმა დაცემის ხმამ რომ გამოიყვანა. დაზაფრული წამოხტა სკამიდან და ხმაურის წყაროსკენ გაიხედა. ახალგაზრდა ბიჭი ნაღვლიანად დაჰყურებდა იატაკს, სადაც გატეხილი ვიოლინოს ნამტვრევები ეყარა. კასანდრას გაბრაზება დამწუხრებამ შეცვალა. -რა მოხდა? იკითხა ინგლისურად. ბიჭმა ნაღვლიანად ამოხედა და უაქცენტო ფრანგულით უპასუხა: -ეს ჩემი საყვარელი ვიოლინო იყო... არ მინდოდა, ხელი შემეშალა თქვენთვის, დიდი ბოდიში. უბრალოდ... ვიბნევი, როცა თქვენ უკრავთ. კასანდრამ ოდნავ გაკვირვებულმა გაუღიმა. -არაუშავს. შემდეგ დაამატა: -გაგეცნობი. მე... -ვიცი, ვინც ხართ. თქვენს არსებობას ვაღმერთებ. კასანდრამ გადაიკისკისა. -რას მეუბნები... -დიახ. ასეა. -მაშინ, მადლობა. გთხოვ, ვიმეგობროთ. უფროსივით ნუ მომმართავ. -რათქმაუნდა. მე ბექა მქვია. -სასიამოვნოა. ბექა, კარგად საუბრობ ფრანგულად. -აბა გამოიცანი, ჩემი ინსპირაცია ვინ იყო... კასანდრას გაეცინა. -ხუმრობ? ბექამ გაუღიმა. -მოკლედ... ამ ვიოლინოს აღარაფერი ეშველება. ტელეფონი ამოიღო და სადღაც დარეკა. -ალიო... ჰო, მომისმინე. ვიოლინო გატყდა. ახალი მჭირდება სასწრაფოდ. ხვალ კონცერტი მაქვს. ბიჭმა ყურმილი შორს დაიკავა, რამაც კასანდრა მიახვედრა, რომ ყურმილს მიღმა ვიღაც ამ ფაქტით მოხიბლული სულაც არ იყო. ოდნავ ჩაეცინა. -იცი, ვისთან ერთად ვარ? კასანდრა ფაბრონთან ერთად. არ გახსოვს, რომ გიყვებოდი? მანქანაშიც მაგის დაკრულს გირთავდი სულ... ერთად ვხსნით კონცერტს. ჰო! კარგი, კარგი. წავედი. ჩემი ახალი მეგობარი მელოდება. ბიჭმა კასანდრას გაუღიმა და საპასუხო ღიმილიც მიიღო. -მაშასადამე კასანდრა, არ გინდა სადმე ვისადილოთ? კასანდრა წამით ჩაფიქრდა. -მგონი მცალია. საფიას უნდა ვკითხო. ბიჭს რაღაც მოაგონდა: -უფს, უფს. კასანდრა, 21-ე კონცერტის ნოტები ხომ არ გაქვს? ჩემები დავკარგე... არა, თავიდან შევადგინე რაც მახსოვდა, მაგრამ მეშინია, არასწორი არ იყოს... მაინც გახსნაა და. შუაში რომ იყოს, არ ვინერვიულებდი. მაგ დროს ხალხი არც მიაქცევდა ყურადღებას. კასანდრას გაეღიმა. -რა მოუხერხებელი ხარ! მე მხოლოდ საფორტეპიანო ნოტები მაქვს. მევიოლინეებს ექნებათ. შენს გარდა ხომ არიან კიდევ... -ჰოო, კარგი. წამოდი, წავიდეთ. *** საფია კულისებში მწეველთათვის განკუთვნილ კუთხეში ეწეოდა ორ სხვა ქალთან ერთად. -კას? რა მოხდა? -საფია, გაიცანი - ეს ბექაა, ჩემი ახალი მეგობარი. ბექა, ეს საფიაა - ჩემი საუკეთესო მეგობარი და პიარ მენეჯერი. ბექამ და საფიამ ერთმანეთს ხელები ჩამოართვეს. -სასიამოვნოა. -სასადილოდ გვინდოდა გასვლა. აქვე ახლოს კარგი კაფეაო, ბექამ. საფიამ მხრები აიჩეჩა. -როგორც გინდა. მაგრამ ექვსზე აქ იყავი, მძღოლი მოვა. ჟურნალისტებთან შეხვედრა გაქვს. კასანდრამ თავი დაუქნია და ბექას გაჰყვა. *** ტაქსიში ჩასხდნენ და კაფესკენ გასწიეს. -გამახსენე რაღაც ფრაზები გთხოვ. ბექამ გაუცინა. -მაგალითად? -,,გამაღჟობა”, ,,ნაქვამდის” ვიცი. -ეუფ! ეგენიც მაგრად გცოდნია! კასანდრამ თვალები სიცილით დააკვესა: -ნახე, კიდევაც რომ დამცინის! -ეგ ,,გამარჯობაა” და ,,ნახვამდის”. -oh, je sais(ოჰ, მე ვიცი) მადლობა. c’est merci, n’est-ce pas? (მადლობაა, ასე არ არის?) -ჰოო. -მე კიდევ ვიცი ,,კი” და ,,არა”. -ყოჩაღ! აბა მითხარი: რა გქვია? კასანდრამ დამტვრეული ქართულით უპასუხა: -,,მეე... მქიაა... კასანდღ...რა.” ბექა სიცილისგან კინაღამ მოიკეცა. კასანდრა გაწითლდა. ეცინებოდა თავის სულელურ მცდელობებზე. -მოკლედ, არანაირი ქართული. დედას სურდა, ქართული მესწავლა, ვლაპარაკობდი კიდეც, მაგრამ დამავიწყდა. ბექას თვალები გაუფართოვდა: -მოიცა, რა? შენს ფრანგ მშობლებს სურდათ, ქართული გცოდნოდა? -დედა ქართველია. თამარ ყანდარელი. ბექა გულწრფელად გაკვირვებული იყო: -რაო? ე, რა მაგარია! ეს აქამდე არსად გაჟღერებულა, თორემ აუცილებლად მეცოდინებოდა. -მიკვირს. მეგონა, საქართველოში არაფერი გამორჩებოდათ. ბექამ მხრები აიჩეჩა. -აი, მოვედით. ტაქსი გაჩერდა. ბექამ ფული გადაუხადა და მანქანიდან გადმოვიდნენ. -ეს რა ქუჩაა? ცნობისმოყვარედ იკითხა კასანდრამ. -რუსთაველი. ასე რომ, კასანდრა, კეთილი იყოს შენი ფეხი თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ძვირ ქუჩაზე. -უი, მართლა? სამჯერ ვარ აქ ნამყოფი. არ მახსოვდა. ბექამ ისევ გაიკვირვა: -მოკლედ, მოულოდნელობებით ხარ სავსე. კაფეში დასხდნენ და ორ წუთში დარეკა ბექას ტელეფონმა. -ჰო... კაფეში ვართ. მოდი რა და აქ მოიტანე ბარემ. მიდი. დროზე, შვიდამდე რეპეტიცია მაქვს მერე. კაი. შეკვეთა მოასწრეს. მანამდე კი ერთმანეთზე ბევრი რამ გაიგეს. ამასობაში მოვიდა ის, ვისაც ბექა ტელეფონზე ესაუბრებოდა. შორიდანვე ესროლა ვიოლინოს ჩანთა ბექას და მის გვერდით დაეხეთქა. -აუ, რანაირი ამინდებია ეე, დილით ლამის აუზი ავავსეთ, ეხა მაგარს დასცხებს. ვა, ეს ვინაა. ბიჭმა შავი თვალები მიაპყრო გოგონას, რომელიც დაბნეული იყურებოდა აქეთ-იქით. ბექამ სიამაყით წარმოთქვა: -ეს არის კასანდრა ფაბრონი. ხვალ ფაქტიურად, კასანდრას სოლო კონცერტია. ერთად ვხსნით კონცერტს. უი, დედა ქართველი ყოლია თურმე. -არ ლაპარაკობს? -ქართულად ვერა. თორემ 4 ენა სცოდნია. -მაგარია რა. დააწვებიან საზღვარგარეთ და სამშობლო რო აქვთ ვაბშე აღარ ახსოვთ. კასანდრა უხერხულად შეიშმუშნა. ყველა სიტყვა ესმოდა. -რა მნიშვნელობა აქვს, ლაპარაკობს თუ არა. მთავარია, ქართველია. -მე ესეთ ქართველებს ქართველებს არ ვეძახი. -აუ, სანდრო მოკლედ რა. ხვალ კონცერტი მაქვს. მოხვალ თუ არა? კესოც მოდის და უნდა მოხვიდე! -რამდენ ხნიანია? შენ რასაც უკრავ ეგ. -6 წუთიანი. -აუუუ! რა ამბავია. კაი 3 წუთი გარეთ ვიქნები, სამი შიგნით - ტელეფონში. კასანდრას ჩაეცინა და... სანდროს ერთიანად მოაწვა სირცხვილის გრძნობა. ბექასაც. ორივე მიხვდა, რომ გოგონას ქართული მშვენივრად ესმოდა. იმდენად, რომ სანდროს მიერ ირონიით ნათქვამი ფრაზაც კი გაარჩია. სანდრომ ჩუმად ჰკითხა ქართულად კასანდრას: -გესმის ქართული? თავის დაქნევა მიიღო პასუხად. -რატო ვერ ლაპარაკობ ქართულად? კასანდრა ბექას მიუბრუნდა: -ბექა, ინგლისურად თუ ფრანგულად? -ინგლისურად, თუ შეიძლება. კასანდრამ ღრმად ჩაისუნთქა: -იმიტომ, რომ მეშინია ქართულის. -გეშინია? -იმის, რომ არ გამომივა. რომ ვერ ვილაპარკებ, რომ ვერ გაგაგებინებ, რისი თქმა მინდა. -მერე არ გინდა, ისწავლო? კასანდრამ თავი ნელა გააქნია. სანდრომ დანანებით ჩაილაპარაკა: -სირცხვილია. რეებს ამბობს ბექა, უსმინე რა. ბექა ამაოდ ცდილობდა სანდროს გაჩუმებას. -კას... გასწავლიდით ჩვენ. კასანდრამ თავი მტკიცედ გააქნია: -არ მინდა. არ მინდა რამემ ნოას თავი გამახსენოს. -ნოა? -ერთდროულად დაუსვეს შეკითხვა ბიჭებმა. -არა, არაფერი. გთხოვთ, ამაზე ნუღარ მელაპარაკებით. ამ დროს ბექას ტელეფონმა დარეკა. -ალიო... საფია? აა, კარგი. ბექამ გაკვირვებული საკით გაუწოდა კასანდრას ტელეფონი. -შენ გთხოვენ. კასანდრამ ტელეფონი ყურთან მიიდო. -საფია? -კას... მომისმინე... შეიძლება ამას არ უნდა გეუბნებოდე, მაგრამ ვიცი, რომ არ გითხრა, არასდროს მაპატიებ. არ ინერვიულო კარგი? -საფია, რა ხდება? -უნდა იცოდე, რომ ყველაფერი კარგადაა. -მორჩი რებუსებით ლაპარაკს. -თამარს მანქანამ დაარტყა. გონება გაეთიშა. ,,თამარს მანქანამ დაარტყა.” ,,თამარს მანქანამ დაარტყა.” წამდაუწუმ უმეორდებოდა ეს ფრაზა და შოკში აგდებდა. -კასანდრა! დამელაპარაკე, კარგად ხარ? -დედა... ჩაიბურტყუნა ქართულად და ხელი სახეზე აიფარა. ბექა ჩუმად გადაჯდა კასანდრასკენ. გვერდით მიუჯდა და ყურადღებით დააკვირდა: -ყველაფერი რიგზეა? -საფია... დედა ხომ კარგადაა? -ცოცხალია, კას. ნუ ნერვიულობ. ყველაფერი კარგად იქნება. კასანდრამ ტელეფონი გათიშა და მთელი სხეულით აკანკალდა. ან აქვე უნდა გაეცა საკუთარი თავი ან ბიჭებისა სა ჟურნალისტების დასანახად თავი ძლიერად უნდა მოეჩვენებინა, ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. საბოლოოდ შუალედური მხარე აირჩია. მთელი სხეულით კანკალებდა და ცდილობდა ის პანიკა და შტორმი დაემალა სხეულში, რომელიც მთელი ძალით ეხლებოდა კანს შიგნიდან და ამოვარდნას ლამობდა. ბექა ნაზად უსვამდა ხელს ზურგზე: -კას... სასტუმროში ხომ არ გინდა? ცუდად ხარ? დამელაპარაკე, რა. კასანდრამ თავი გააქნია. -სასტუმროში მინდა... -აი, სანდრო წაგიყვანს. კასანდრამ თავი ისევ გააქნია. -შენს მეგობარს ვეზიზღები. ტაქსით შემიძლია წავიდე... ბექას ოდნავ გაეღიმა. სანდრო ცნობისმოყვარედ ადევნებდა თვალსა და ყურს მათ დიალოგს: -რაო? -ვეზიზღებიო, შენზე თქვა. -თუ... სასტუმროში უნდა, მითხარი, წავიყვან. ხმას არ ამოვიღებ, ისე მივიყვან. მართლა. ბექამ მოცახცახე კასანდრას გადაუთარგმნა სანდროს სიტყვები. -და ის ჩემი მეგობარი არ არის. ჩემი ძმაა. დამიჯერე, კარგად მოგექცევა. კასანდრა დათანხმდა და სახიდან ხელები მოიშორა. სანდროს გული მოუკვდა მისი სახის შემხედვარეს. თვალები ჩასწითლებოდა, თითქოს ან სატირლად ემზადებოდა, ან უკვე კარგა ხნის ნამტირალევი იყო. სანდრომ ნელა მოკიდა მკლავზე ხელი და თავისი სათვალე გაუკეთა. -ასე ვერ შეგამჩნევენ. მაგრად წვიმდა გარეთ. ცა წვეთებს არ იშურებდა უხვად აყრიდა მიწას. სანდრომ სწრაფი ნაბიჯით მიიყვანა გოგონა მანქანამდე და შიგნით ჩასვა. თვითონ მეორე მხრიდან მიუჯდა საჭეს და მანქანა დაძრა. კასანდრას ეგონა, რადიოს ეძებდა, სინამდვილეში ბექას ,,ფლეილისთს” ეძებდა, თურმე. ამას მერე მიხვდა, როცა გარნიეში შესრულებული ,,მთვარის შუქის” პირველი ნოტები იცნო. -ეს... ჩემი ,,მთვარის შუქია!” გარნიეში, შარშან... სანდრო გაკვირვებული უყურებდა თითქოს ტრანსში ჩავარდნილ გოგონას. თითებს ინსტიქტურად ამოძრავებდა, თითქოს ისევ იქ იყო... საფრანგეთში. გარნიეში. თავი ოდნავ გადააგდო და ღრმად ჩაისუნთქა. საუცხოო სანახაობა გადაიშალა სანდროს წინ. თვალს ვერ აშორებდა გოგონას. ვერც ერთი წამით. წვიმა თქეშში გადაიზარდა. წვეთები ცალკე სიმფონიას ქმნიდნენ მანქანის საქარე მინაზე. მუსიკის მელოდია რომ მიწყნარდა, სანდრომ გადართვა დააპირა, როცა კასანდრამ გაყინული ხელი მთელი ძალით ჩაავლო თითებზე ბიჭს: -ჩშ... გოგონას ხელების ტემპერატურით გაოცებულმა ბიჭმა გათბობა ჩართო მანქანაში. სრული სიჩუმე იყო მანქანაში. და ამ სიჩუმეს უსმენდა კასანდრა. ამ სიჩუმის მოსმენა აბედნიერებდა მას ყველაზე მეტად. ტუჩებს ოდნავ ამოძრავებდა, თითქოს ლოცულობდა. ხელები მოუშვა და მოდუნდა. მანქანა გაჩერდა. უკვე სასტუმროსთან იყვნენ. კასანდრა კი არ ჩქარობდა მანქანიდან გადასვლას. ბოლომდე უნდა დამტკბარიყო იმით, რაც მას სიამოვნებდა. სანდროც არ უშლიდა. მონუსხულივით მისჩერებოდა გოგონას. ბოლოს სახეზე ჩამოშლილი თმა ყურს უკან მოწიწებით გადაუწია და ამით გამოაფხიზლა ბურუსიდან. კასანდრას ღაწვები ცრემლის თხელი ფენით დაფარულიყო. -ვიპოვე... ნოა ვიპოვე... ჩუმად ჩაიბურტყუნა ფრანგულად და თითები სახეზე მოისვა. სანდროს მოუტრიალდა. -დიდი მადლობა, სანდრო. ხვალამდე. კასანდრა სწრაფად გადავიდა მანქანიდან და კარი დახურა. სანდრომ დაინახა, როგორ შევარდა სასტუმროს შენობაში. გაშტერებულმა სანდრომ კი კიდევ ძალიან დიდი ხანი გაატარა მანქანაში იმავე სასტუმროს წინ. უამრავჯერ მოუსმინა თავიდან ,,მთვარის შუქს” და ბოლოს დაასკვნა, რომ გოგონას ძალიან სტკიოდა. *** ყველაზე გავრცელებული თეორია კასანდრას გაუჩინარების მიზეზის შესახებ გოგონას პირველი გამოჩენის შემდეგ გავრცელდა. რეკვიემის ის ნაწილი, რომელიც ექვსი თვის შემდეგ კასანდრამ შეასრულა, მოცარტის სიკვდილის შემდეგ დაიწერა. ხოლო სიტყვა, ლაკრიმოზა - ცრემლიანს ნიშნავს. აზრზე არ ვარ რა დავწერე. რაც არის ეს არის. :) იმედია, მოგეწონებათ. თქვენი მარიკუნა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.