მდუმარე სასტუმრო - სასტუმროს იდუმალი მფლობელი (თავი 22)
- ამოხვალთ თუ მე ჩამოვიდე? ჩამოსძახა ელის უცნობმა. - ამოვალ! ელი კიბეს მაღლა აუყვა. ბოლო საფეხურზე რომ შედგა ფეხი, ვიღაცამ მკლავში ხელი მოჰკიდა და ასვლაში დაეხმარა. - პიტერ? ელის პიტერის დანახვა ძალიან გაუკვირდა. - დაბლიდან შენი ხმა სხვანაირად ჟღერდა, ელი… გეძებდი! - როდის დაბრუნდი?.. - არსადაც არ წავსულვარ! - სულ აქ ვიყავი! - იმალებოდი?.. - ასე იყო საჭირო! - ქოხში რატომ მეძებდი? - ყველგან გეძებე! თამაშის დროს მაქციის კოსტიუმში მე ვიყავი… ახლა ახსნა-განმარტების დრო არ არის! სანამ ღამეა და ბნელა, ჩემს მანქანაში ჩაჯექი და წადი აქედან! პიტერი ინვალიდის სავარძლისაკენ გაემართა და რაღაც დაკეცილი ნაჭერი აიღო. - ეს ანას ლაბადაა. მოისხი, ვერ გიცნობენ… - იქ მეთიუა! საკანშია გამომწყვდეული… რა ხდება, პიტერ? სანამ ყველაფერს არ ამიხსნი, აქედან ფეხსაც არ მოვიცვლი! ვერ დავტოვებ მეთს... - გრძელი ამბავია, ელი, ახლა ვერ მოგიყვები. მალე გათენდება! გამომართვი მანქანის გასაღები და წადი! გარკვეული მიზეზების გამო სცენარი დაირღვა და ერთი ადამიანის პირადი მიზნების მიხედვით განვითარდა. - ვინ არის ის ადამიანი? შენ არაფერს მეუბნები და მითხარი, პიტერ… როგორ უნდა გენდო? რა გარანტია მაქვს, რომ შენც არ ხარ გარეული? - აქ გარანტიები არ არსებობს, ელი… შარშან ზაფხულში, როდესაც მეთიუ აქ დარეგისტრირდა, როგორც სტუმარი, მისი სახელი, გვარი და დაბადების თარიღი სასტუმროს მფლობელმა ნახა ქსელში… - თუ შენ იცი, რომ სასტუმროს მფლობელმა ქსელში მეთიუს გვარი ნახა, მაშინ ისიც გეცოდინება, ვინ არის… - რა თქმა უნდა, ვიცი... - მეტყვი? - სასტუმროს მფლობელი მისტერ სალივანია! - შეუძლებელია! სალივანი 1913 წელს უკვე იმხელა იყო, რომ დღიურებს წერდა. აქედან გამომდინარე, ახლა ას წელზე მეტის უნდა იყოს… - არ ვიცი, საიდან გაქვს შენ ეგ ინფორმაცია, მაგრამ ის, ვისაც შენ გულისხმობ, სასტუმროს ამჟამინდელი მფლობელის, მისტერ სალივანის ბაბუა იყო... - და შენ საიდან იცი ამდენი ელიმ პიტერს გამომცდელი მზერა მიაპყრო. - იქიდან, რომ მე, "მდუმარე სასტუმროს" მეპატრონის, - სალივანის შვილი ვარ! ელის მოულოდნელობისაგან ენა ჩაუვარდა. კითხვების დასმის დრო აღარ იყო! მოქმედება იყო საჭირო. ელიმ მოჩვენება "ბანშის" კაპიუშონიანი მოსასხამი ჩაიცვა და სასტუმროსაკენ გაიქცა. ხელში პიტერის მანქანის გასაღები ეჭირა, მაგრამ სასტუმროს დატოვებას ჯერ არ აპირებდა. ის ჯონის ოთახისაკენ გარბოდა, რომ მისთვის ყველაფერი მოეყოლა. დაბურული ფოთლებიდან ალაგ-ალაგ მოჩანდა ცა. მალე გათენდებოდა. ელიმ სასტუმროს უკანა შესასვლელი კარი ფრთხილად შეაღო და პერსონალისთვის განკუთვნილ კორიდორს გაუყვა. უცებ ზურგსუკან ხმაური მოესმა და შეჩერდა. - რა ადრე ამდგარხარ, ანა! ერთი წუთით შემოდი, უნდა დაგელაპარაკო! ალესტერის ხმა იყო. ელი დაბნეული იდგა და ვერ გადაეწყვიტა, გაქცეულიყო თუ არა. საბედნიეროდ, გვირაბ-კორიდორში საკმაოდ ბნელოდა. ბანშის კაპიუშონიც დიდი იყო და სახეს მთლიანად უფარავდა ელის. მხოლოდ პირი და ნიკაპი უჩანდა… ელი მიხვდა, რომ გაქცევა არ იყო კარგი აზრი. მანქანამდე რომც მიეღწია, შეიძლებოდა მეთიუს და ჯონის სიცოცხლე საფრთხეში ჩაეგდო. ამიტომ ბედს მიენდო და ალესტერს თავდახრილი გაჰყვა კაბინეტში. ალესტერი თავის მაგიდას მიუახლოვდა, სახით ნახატისაკენ დადგა და ხელები ზურგს უკან დაიწყო. - იმისთვის დაგიძახე, რომ მეთქვა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ელიმ იპოვა მეთიუ და გამთენიისას გაემგზავრნენ აქედან… ელი შეცბა. რას ნიშნავდა ეს სიტყვები? ნუთუ ალესტერი ანასაც ატყუებდა და აქამდე მას მართლა ეგონა, რომ სცენარის მიხედვით მოქმედებდა? - შენც და რონიმაც ძალიან კარგად შეასრულეთ როლი. ერთი დონით დაგაწინაურებთ ორივეს და სცენარის ჰონორართან ერთად, ბონუსიც ჩაგერიცხებათ! ალესტერი ელისაკენ შემობრუნდა და პასუხის მოლოდინში თითები მაგიდაზე აათამაშა. - გმადლობთ, მისტერ ალესტერ… თითქმის ჩურჩულით ჩაილაპარაკა ელიმ. - რა გჭირს? უცნაური მეჩვენები! ასე ადრე რატომ ადექი? ბანშის ლაბადაში რატომ ხარ? - ვერ დავიძინე… ყელი ძალიან მტკივა! - ეტყობა გაცივდი! ახლავე სამზარეულოში ჩადი და თაფლიანი რძე დალიე. ჯოს მაღაზიაში აქვს ყელის ტკივილის ბალახები და გამოართვი. მზარეულს უთხარი და მოგიდუღებს! - დაუმშვიდობებლად რატომ წავიდნენ, მისტერ ალესტერ? ისევ ჩურჩულით ჰკითხა ელიმ. - როგორც მოსალოდნელი იყო, გოგონა ძალიან გაბრაზდა! იჩხუბეს... ბოლოს ბიჭმა დაიყოლია და სასტუმრო დატოვეს. ალბათ შენზეც გაბრაზებული იყო და იმიტომ არ დაგემშვიდობა! მეთიუს თქვენი გაღვიძება არ უნდოდა. მოგვიანებით სამადლობელ წერილს გამოაგზავნის… - გასაგებია… ჩაილაპარაკა ელიმ და კარებისაკენ გადადგა ნაბიჯი. - სამზარეულოში ჩავალ... თითქმის უკვე კართან იყო მისული, როდესაც შემთხვევით ფეხი მოსასხამზე დაებიჯა და წაიბორძიკა. თავი შეიმაგრა, რომ არ წაქცეულიყო, მაგრამ პიტერის მანქანის გასაღები ხელიდან გაუვარდა და იატაკზე ჩხრიალით დაეცა. - ეგ რა არის? ალესტერი ჩვეული მკვირცხლი მოძრაობით, წამსვე იქ გაჩნდა და მანქანის გასაღები ხელში აიღო. - ეს ვისი გასაღებია? შენ რატომ გაქვს, ანა? - ეზოში ვიპოვე და ვიფიქრე, რომ რომელიმე სტუმარმა დაკარგა… ელი კარისკენ იყურებოდა და ერთი სული ჰქონდა, როდის გააღწევდა ამ ოთახიდან. მოულოდნელად ალესტერმა ხელი მისი კაპიუშონისაკენ წაიღო და სწრაფად გადახადა. - ელი, ელი… როგორ გამოხვედი გვირაბიდან? იქიდან გამოსასვლელი გზა არ არსებობს! ალესტერი წამიერად გაჩნდა კართან და გადაკეტა. შემდეგ გასაღები გამოაძრო და მანქანის გასაღებთან ერთად ჯიბეში ჩაიდო. - ესე იგი, თქვენ გამოამწყვდიეთ მეთიუ იმ საკანში! ჩემი მოშორებაც გინდოდათ… რატომ, მისტერ ალესტერ? რა მიზანი გაქვთ? ელი ნელი ნაბიჯებით მეორე კარებისაკენ წავიდა. - ეგ კარი დაკეტილია! თქვა ალესტერმა და თავისი მაგიდისაკენ გაემართა. ვისკის ბოთლს სახურავი მოხადა და ჭიქაში დაისხა. - დალევ? ჰკითხა ელის. - თქვენს ადგილას დალევის განწყობა ნამდვილად არ მექნებოდა! ელიმ ოთახში მიმოიხედა. რაღაც ისეთს ეძებდა, რომ საჭიროების შემთხვევაში, თავის დაცვა შეძლებოდა… - შენ ბოროტმოქმედი გგონივარ, არა? - თექვსმეტი წელია, რაც ამ სასტუმროს ვმართავ! პერსონალი ოჯახის წევრებივით მყავს… ჩემი პირადი ცხოვრება გვერდზე გადავდე და ამ სასტუმროს თავი შევწირე… მაგრამ ვინ დამიფასა?.. - არ მესმის, მაგით რის თქმა გინდათ, მისტერ ალესტერ… მეთიუ რა შუაშია ამ ყველაფერთან? ალესტერმა მაგიდის უჯრა გამოაღო და საქაღალდე ამოიღო. - გაეცანი! უთხრა ელის და საქაღალდე მაგიდაზე დაახეთქა. თვითონ სავარძელში ჩაეშვა და ვისკის ჭიქა თითებს შორის მოიქცია. ელი მაგიდას მიუახლოვდა და საქაღალდე გახსნა. იქვე, სკამზე ჩამოჯდა და აკანკალებული ხელით გადაფურცლა. - კი მაგრამ, როგორ? ეს ხომ შეუძლებელია?.. ფურცლები მაგიდაზე დაყარა და გაოგნებული ალესტერს მიაჩერდა. - მეც იგივე კითხვა მაქვს, ელი… როგორ? რატომ? სასტუმროს იმ პირობით ვამუშავებდი, რომ ჩემს საკუთრებაში უნდა გადმოსულიყო… ჩემს ცოლ-შვილს წელიწადში მხოლოდ ერთხელ ვნახულობ! სამაგიეროდ, ბიჭების სწავლას ვაფინანსებ და მათ მომავალზე ვზრუნავ! ამდენი წელი ვიწვალე, რომ მშვიდი სიბერე გვქონოდა მე და ჩემს ცოლს! ხოლო, ჩვენს შვილებს უზრუნველი ცხოვრება, ელი… მაგრამ, მოულოდნელად, სასტუმროს მფლობელმა, ბატონმა სალივანმა პირობა დაარღვია! შენ მითხარი, – რატომ? - მეთიუმ იცის? იცის, რომ ამ სასტუმროს მფლობელია?.. აკანკალებული ხმით იკითხა ელიმ. სალივანმა ვისკი გადაჰკრა და ჭიქა მაგიდაზე დადგა. - საქმე იმაშია, რომ შენი მეთიუ სალივანს არც კი იცნობს… თვალითაც არ უნახავს და უფრო მეტიც, არ იცის, ვინ არის… მე კიდევ ვიცი, ის ჩემს გასამწარებლად მოიქცა ასე! მაგრამ არაფერი გამოუვა, ელი… ეგ მცდელობა წყალში ჩაეყრება! - გინდათ თქვათ, რომ მისტერ სალივანმა მეთიუს უნახავად უანდერძა სასტუმრო? საიდან გაიგო მის შესახებ? - მართალია, ის აქ არასოდეს ჩამოდის, მაგრამ ყველაფერს ინტერნეტით აკონტროლებს! ნახულობს სტუმრების რაოდენობას, აინტერესებს, რა კონტინგენტი ჩამოდის აქ! მეთიუც ალბათ ასე ნახა… აქ მარტო არავინ ჩამოდის და ალბათ ინფორმაცია მოიძია მის შესახებ… - მეთიუმ იცის ეს ყველაფერი? - არა მგონია! ის ბიჭი არაფერ შუაშია… უბრალოდ, ლატარიაში ჯეკ პოტი მოხსნა… ბედი ჰქონია! - ბედი ჰქონია, მისტერ ალესტერ? საკანში გამოამწყვდიეთ და მიზეზიც არ გააგებინეთ… - ძალიან მიჭირს გადაწყვეტილების მიღება, ელი! წესით, აქამდე უნდა გამექრო, მაგრამ მკვლელი არ ვარ! ამდენი ფიქრისაგან თავი გამისკდა! არ ვიცი, რა მოვუხერხო… ჰოდა, ჯერჯერობით საკანში მყავს… - მეც ხელისშემშლელი ფაქტორი ვიყავი, არა, მისტერ ალესტერ? - იმედი მქონდა, რომ მალე შენი ფეხით წახვიდოდი, მაგრამ შეუპოვარი გამოდექი! ძალიან ვწუხვარ… სალივანმა უნდა აგოს პასუხი თავის შეცდომებზე! არ შეიძლება ასე მოექცე ადამიანს, რომელიც წლების მანძილზე ძაღლივით ერთგულად გემსახურა! რადგან ბევრი ფული აქვს, ჰგონია, რომ ყველაფრის უფლება აქვს… - თქვენ უარესად იქცევით, მისტერ ალესტერ! დარწმუნებული ვარ, რომ მეთიუს არაფერში სჭირდება ეს სასტუმრო და სიამოვნებით გადმოგილოცავთ! თქვენ მას არ იცნობთ… გაგვიშვით, სანამ ყველაფერი გვიანი არ არის! ჩვენ არაფერს ვიტყვით… - ვინ იტყვის უარს ორ მილიონად შეფასებულ ქონებაზე, ელი? შენ მე სულელი გგონივარ? ყველაფერს გავაფუჭებ მაშინ, როცა იდეალურად განვითარდა მოვლენები? მსახიობები ვერაფერს ხვდებიან. პიტერი აქ პირველად იყო, მისი როლი ამოიწურა და უკან გავუშვი, სოლიდური თანხით ჯიბეში. ასე რომ, არ დაიწყებს იმის გარკვევას, თქვენი "ლავსთორი ჰეფი ენდით" დამთავრდა თუ არა! ანას და რონის ვეტყვი იმას, რაც შენ გითხარი… პოლიცია, სავარაუდოდ, ძებნას დაგიწყებთ, მაგრამ ვერ გიპოვიან და ჩათვლიან, რომ ალბათ გზაში შეგემთხვათ რამე ან სულაც სადღაც გაიქეცით… "მისტერ ალესტერმა არ იცის, ვინ არის პიტერი". გაიფიქრა ელიმ და ნახატს შეხედა. - ამას მამაჩემი არასოდეს იფიქრებს! მთელ სასტუმროს ამოატრიალებს და მიპოვის! ან ცოცხალს, ან მკვდარს! მაგრამ, ვფიქრობ, რომ აქამდე არ უნდა მივიდეს საქმე, მისტერ ალესტერ! ყოველთვის შეიძლება მოლაპარაკება! უთხარით მეთიუს სიმართლე… დარწმუნებული ვარ, რომ უკეთესი გამოსავალი მოიძებნება! აქვე დააწერინეთ, რომ სასტუმროს თქვენ გჩუქნით… - იურისტი მივუყვანო საკანში და ვანახო, რომ იქ იძულებით მყავდა გამომწყვდეული, ელი? შენ მე უფრო ჭკვიანი გოგონა მეგონე! ალესტერმა მორიგი ჭიქა ვისკი გადაჰკრა. - მისტერ ალესტერ, იქნებ სასტუმროს მფლობელს უფრო მეტი მიზეზი აქვს, რადგან მეთიუს ამხელა ქონება გადაულოცა? ამაზე არ დაფიქრებულხართ? - რა მიზეზი უნდა ჰქონდეს? ალესტერმა ჭიქა ისევ შეივსო და სავარძლის საზურგეზე მოხერხებულად გადაწვა. - მისტერ სალივანს აქვს რაიმე მიზეზი, რის გამოც ასე მოგექცათ? - თერთმეტი წლის წინ აქ უბედური შემთხვევა მოხდა და დღემდე ვერ მპატიობს! ვფიქრობ, ამის გამო დამსაჯა... - უბედური შემთხვევა? თუ უბედური შემთხვევა იყო, თქვენ რატომ გადანაშაულებთ? - ყველაფერი სასტუმროს ადმინისტრატორს ბრალდება, ელი… - რა შემთხვევა იყო, მისტერ ალესტერ? მომიყევით! მე მაინც ვერ გავაღწევ აქედან და დამალვას აზრი აღარ აქვს ელი დროის გაყვანას ცდილობდა. შეატყო, რომ ალესტერს ალკოჰოლი ნელ-ნელა ეკიდებოდა და მისი ალაპარაკება ელისთვის გაქცევის ერთადერთი შანსი იყო… - თერთმეტი წლის წინ აქ სამუშაოდ ერთი ახალგაზრდა ქალი ჩამოვიდა. ოჯახის წევრებისთვის უთქვამს, რომ სადღაც სხვა ქალაქში მიდიოდა სამუშაოს დასაწყებად… ფულის მოგროვება უნდოდა! მეც მივიღე… თეთრი ქალის მოჩვენება იყო ისიც, შენსავით… ელის მუცელში რაღაც შეეკუმშა. - თერთმეტი წლის წინ?.. - ერთი თვე იმუშავა და მერე სადღაც დაიკარგა. მის ოთახში ორი წერილი ვიპოვეთ, ერთი ჩემს სახელზე იყო. მწერდა, რომ აქ ერთ-ერთი დამსვენებელი გაიცნო და შეუყვარდა. მასთან ერთად გაიქცა. მთხოვდა, რომ მეორე წერილი მისი მეუღლისთვის გამეგზავნა… - რა ერქვა?.. მისტერ ალესტერ… იმ ქალს რა ერქვა? ელის მთელი სხეული აუკანკალდა. ალესტერმა გაკვირვებით შეხედა ელის და ვისკი მოსვა. - ნორა! ასე გაგვეცნო ჩვენ…საბუთები არ ჰქონდა! წესების დარღვევა იყო მისი უსაბუთოდ მიღება, მაგრამ მაშინ ძალიან გვაკლდა მუშახელი… "ნუთუ დედა იყო?.. იქნებ სხვა სახელით მოვიდა?" ელის თავში ათასნაირი აზრი უტრიალებდა. წამიერად გადაავიწყდა კიდეც მეთიუ… - მერე, მისტერ ალესტერ? ვინ იყო ის უცხოელი, ვისთან ერთადაც გაიქცა? - სამწუხაროდ, არსად გაქცეულა… მოგვიანებით საშინელმა სუნმა შეგვაწუხა, რომელიც თითქოს კედლებიდან გამოდიოდა. მაშინ სარდაფის გვირაბი დალუქული გვქონდა. დიდხანს ვეძებდით, რა ყარდა ასე ძალიან და სარდაფის გვირაბშიც ჩავედით. მაშინ სარდაფს სამი გასასვლელი ჰქონდა. მესამე გასასვლელის ბოლოში კიდევ ერთი შავი ოთახი იყო, სადაც… ელი სკამის საზურგეს მთელი ძალით უჭერდა ხელებს… - რა იყო იმ ოთახში? აკანკალებული ხმით იკითხა. - ნორა… ყელი ჰქონდა გამოჭრილი… როგორც ჩანს, მან, ვინც მის ნაცვლად დაწერა წერილი, ყველაფერი კარგად გათვალა! ადგილი, მსხვერპლი… - პოლიციას შეატყობინეთ? - რა აზრი ჰქონდა? წერილი გაგზავნილი იყო, ელი… ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, რომ იმ უბედური ქალის ოჯახის წევრებისთვის ნაკლებად მტკივნეული იქნებოდა იმის ცოდნა, რომ ნორა სადღაც სხვა ქვეყანაში ცხოვრობს, თუნდაც სხვასთან… ვიდრე ყელგამოჭრილი აგდია სარდაფში… იმ ოთახის კარი აგურით ამოვაშენეთ, ხოლო მოგვიანებით მთლიანად გავაუქმეთ მესამე გასასვლელი! - ღმერთო ჩემო… ელის ცრემლები წამოუვიდა. - დალიე ვისკი! ძალიან მგრძნობიარე ხარ, ვატყობ… ალესტერმა ელის ვისკი დაუსხა და ჭიქა წინ დაუდგა. - გარდა მაგისა, სასტუმროს სახელი გაუფუჭდებოდა! ბევრი, შიშის გამო აღარ ჩამოვიდოდა აქ, ელი… სალივანმა ეს ამბავი მოგვიანებით გაიგო და ძალიან გაბრაზდა, მაგრამ ვეღარაფერს შეცვლიდა. - მისტერ ალესტერ! იმ ქალზე გაიხსენეთ რამე... როგორი იყო? რა ეცვა... ალესტერმა კიდევ უფრო გაკვირვებით შეხედა ელის, მერე საწერი მაგიდის ერთ-ერთი უჯრა გამოაღო და ჯაჭვზე ჩამოკიდებული მედალიონი ამოიღო. - აი, ეს ეკეთა ხოლმე… ელიმ მედალიონი ხელის კანკალით გახსნა… მედალიონში მისი და მეგის ბავშვობის ძალიან პატარა, გახუნებული სურათი იდო. - იმ ქალს კეიტი ერქვა, მისტერ ალესტერ… და ჩემი დედა იყო… ელის სახეზე ღაპაღუპით წამოუვიდა ცრემლები. ალესტერი გაქვავებული იჯდა და ელის შეჰყურებდა. - დაუჯერებელია! ძალიან ვწუხვარ… იცი, ცალთვალა ჯომ ძალიან მიგამსგავსა ნორას… შეგიძლია, დაიტოვო მედალიონი… ელიმ ვისკი მოსვა და ხელებით ცრემლები შეიმშრალა. მერე მედალიონი დაკეტა და კისერზე ჩამოიკიდა. - იცით, მე ვნახე მესამე გასასვლელი… აგურით ამოშენებული კარიც… ალესტერი ფეხზე წამოდგა და ოთახში ნერვიულად გაიარ-გამოიარა. თან მაჯის საათს დახედა. - ეს შეუძლებელია! - ვიცი… ანაც ჩემთან ერთად იყო! შეგიძლიათ ჰკითხოთ… მეორე დღეს რომ ჩავედი, ის გასასვლელი გამქრალი იყო… იქნებ დედას სულს უნდოდა, რომ… - მოჩვენებები არ არსებობენ, ელი! ალესტერი ნახატთან მივიდა და სიმბოლოები შემოატრიალა. - უცნაურია ეს ყველაფერი, მისტერ ალესტერ… მეც იმავე სასტუმროში მოვხვდი, სადაც დედა მომიკლეს… და ალბათ მეც მის ბედს გავიმეორებ!.. - მე არავის სიკვდილი არ მინდა, ელი… რაღაცას მოვიფიქრებ! დრო მჭირდება... - ტყუით, მისტერ ალესტერ! თქვე ამ ყველაფრის მერე არ გაგვიშვებთ აქედან!.. უკანასკნელი თხოვნა შემისრულეთ… ალესტერმა შავი კარი გააღო და ელისაკენ სახით შემოტრიალდა. - გისმენ… - მითხარით, ვინ მოკლა დედაჩემი?.. გაგრძელება იქნება ავტორი თეა ინასარიძე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.