შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მდუმარე სასტუმრო - ჯოჯოხეთის ძაღლი (თავი 23)


19-06-2018, 01:04
ავტორი anushka 5
ნანახია 1 306

ელის პასუხის მოლოდინში გული საშინლად უცემდა. ალესტერი ცოტა ხანს დუმდა. ბოლოს, როგორც იქნა, ხმა ამოიღო.
- იმ პერიოდში ძალიან ბევრი დამსვენებელი გვყავდა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ კაცი, რომელმაც ეს გააკეთა - მაკლ ბლეკ ტაიკა იყო…
- ვინ?..
- ეს არ იყო მისი ნამდვილი სახელი! მაკლ ბლეკ ტაიკას ჩრდილოეთ შოტლანდიაში "ჯოჯოხეთის
ძაღლებს" ეძახიან… მითოლოგიური ცხოველია ასეთი, შავი ძაღლი ჯოჯოხეთური წითელი ცეცხლოვანი თვალებით… ვერ გეტყვი, რატომ შეარჩია მაინცდამაინც ეს სახელი... მხოლოდ ის ვიცი, რომ მარტო იყო ჩამოსული... ახლა კი ძალიან გთხოვ… გვირაბში დაბრუნდი! ნუ მაიძულებ, ძალა გამოვიყენო...
ელიმ მოულოდნელად მაგიდიდან ვისკის ბოთლი აიღო და მაგიდას ძლიერად დასცხო. შუშის ნამსხვრევები აქეთ-იქით მიმოიფანტა. ვისკი ფურცლებს გადაესხა…
- ერთ ნაბიჯსაც გადმოდგამთ და თვალებს ამოგთხრით!
დაიყვირა ელიმ და გატეხილი ბოთლი წინ გაიშვირა.
- შენ ალბათ არ იცი, რომ შავი ოთახებიდან ხმა არ გადის! ნუ გაართულებ სიტუაციას, შედი გვირაბში…
- საკუთარი ხელითაც ხომ არ გამოვიჭრა ყელი და საქმე გაგიადვილოთ, ალესტერ? თუ ჯერ მეთიუ მოვკლა?
- კარგი! მოდი ასე მოვიქცეთ… გვირაბში მე და შენ ერთად შევალთ და…
- და ეს რას მომცემს?.. არა, ალესტერ! ამჯერად ისე მოვიქცევით, როგორც მე ვიტყვი! ახლა თქვენ მაჩვენებთ, საიდან იღება მეცამეტე საკანი!
ალესტერმა ელისაკენ რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა. ელიმ უკან დაიხია.
- აი, ხედავ? ჩემი გეშინია! მაგ ბოთლსაც სულ ტყუილად იქნევ…
- არ მომიახლოვდეთ!
- ვისი იმედი გაქვს, ელი? აქ ვერავინ დაგეხმარება! ის გამომძიებელიც კი არ არის ნამდვილი…
- დარწმუნებული ხართ, რომ იცით, ვინ არის პიტერი?
- ამას რატომ მეუბნები? გინდა შემაშინო და ყურადღება სხვა რამეზე გადამატანინო? რა თქმა უნდა, ვიცი, ვინ არის პიტერი... პიტერი მსახიობია!
- დარწმუნებული ხართ, რომ პიტერი მსახიობია? გინახავთ მისი მონაწილეობით რაიმე ფილმი ან სპექტაკლი?
- დროის გაყვანას ცდილობ, ელი! მე კიდევ მოთმინების ფიალა ამევსო… დამეთანხმები, რომ ყოველთვის შეიძლება მოლაპარაკება…
- რა თქმა უნდა! დარწმუნებული ვარ, მეთიუსთანაც სცადეთ!
- ახლა უკვე ვიცი, რაც შემიძლია შემოგთავაზოთ! თუ მეთიუ თანახმა იქნება, რომ სასტუმროზე უარი თქვას, მაშინ ორივეს ხვალვე გაგიშვებთ ლუიზიანაში. იქ პატარა სახლი მაქვს, რომელსაც სიამოვნებით დაგითმობთ სანაცვლოდ…
- რატომ უნდა დაგიჯეროთ?
- უკვე გითხარი, მკვლელი არა ვარ! გარდა ამისა, სხვა გამოსავალი მაინც არ გაქვს, ელი… შენ აქ სრულიად მარტო ხარ!
- ეს შენ ფიქრობ ასე…
მოულოდნელად მამაკაცის ხმა გაისმა. ალესტერი შეკრთა და ხმის მიმართულებით შებრუნდა.
გვირაბის გაღებულ კართან პიტერი იდგა.
- პიტ? შენ აქ რას აკეთებ?.. მანდ როგორ მოხვდი?
ალესტერს ხმაში შიში შეეპარა.
- ერთი დაუსრულებელი საქმე დამრჩა აქ და დავბრუნდი, ალესტერ!
- სად არის მეთი?
ჰკითხა ელიმ და გაღებულ კარს გახედა.
- ვერ გამოვიყვანე საკნიდან, მაგრამ არა უშავს… ახლა მისტერ ალესტერი თავად გააკეთებს ამას!
პიტერმა ხელი შარვლისაკენ წაიღო და კაბურადან პისტოლეტი ამოიღო. ალესტერი გაფითრებული იდგა და პიტერს შეჰყურებდა.
- რას აპირებ? რად გინდა ეგ იარაღი?.. თუ თანხა გეცოტავა, შემიძლია…
- თანხა არაფერ შუაშია! სანამ რამეს აგიხსნიდე, აჯობებს, პირველ რიგში, საკანი გააღო! მერე პოლიციას ჩაბარდები და ყველაფერს აღიარებ!
- მგონი, როლებში ძალიან ღრმად შეიჭერი, ბიჭუნავ! თავი მართლა გამომძიებლად წარმოიდგინე?.. გგონია, ყველაფერი იცი… ერევი იქ, სადაც შენი ადგილი არ არის!
გაბრაზებული ალესტერი ცენტრალური კარისაკენ გაემართა.
- შენს ადგილზე მაგას არ გავაკეთებდი!
- რას იზამ? მესვრი?
- თუ საჭირო გახდა!
- ძალიან მეეჭვება!
- როგორ თქვი? შავი ოთახები ისეა აშენებული, რომ ხმა არ გადისო?
ალესტერი კართან შეჩერდა.
- შენ წარმოდგენაც კი არ გაქვს, რამხელა ძალაუფლებას ფლობს ამ სასტუმროს მფლობელი… მე თუ ავლაპარაკდი, მან იცის, რომ კარგი დღე არც მას დაადგება. წლების წინ მომხდარი მკვლელობა ამოტივტივდება და მის კარიერას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის. ასე რომ, თუ გაიგო, რომ ვიღაც ლაწირაკმა თავი მოსამართლედ წარმოიდგინა და…
- "ვიღაც ლაწირაკი", როგორც უწოდებ, იმ დიდი ძალაუფლების მქონე კაცის შვილია!
ამ სიტყვებით პიტერი ალესტერს მიუახლოვდა და თავისი პისტოლეტით ანიშნა, რომ გასაღები მაგიდაზე დაედო.
- მესმის, რომ ვისაც იარაღი აქვს, წესებსაც ის ადგენს, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია! ძალზედ მდიდარი წარმოსახვის უნარი გქონია, პიტერ!
- სალივანი მამაჩემია! სასტუმრო კი მეთიუ ნოელს მხოლოდ და მხოლოდ დანაშაულის შეგრძნებისა და სინდისის ქენჯნის გამო გადაუფორმა! შენ არაფერ შუაში ხარ, ალესტერ!
ალესტერი შეცბა და გაუბედავი მოძრაობით გასაღები პიტერს გაწვდილ ხელში ჩაუდო.
- სალივანის შვილი ხარ?.. კი მაგრამ, აქ რას აკეთებ? ან სინდისის ქენჯნა რა შუაშია?
ალესტერი დაბნეული იდგა და ადგილიდან ვერ იძვროდა.
- მეთიუ მამაჩემის უკანონო შვილია, რომლის არსებობასაც დღემდე ყველას გვიმალავდა! მამაჩემს წლების წინ საყვარელი ჰყავდა, რომელსაც სოლიდური თანხა ჩაურიცხა და სანაცვლოდ, აიძულა ქვეყანა დაეტოვებინა. როგორც ჩანს, მამაჩემს სცოდნია, რომ მშობიარობის შემდეგ დედამ ბავშვს თავისი გვარი მისცა, მაგრამ მისი დატოვება არ ისურვა და თავიდან მოიცილა "ზედმეტი ტვირთი".
- ბავშვთა სახლში ჩააბარა!
ჩაილაპარაკა ელიმ და ბოთლი ძირს დააგდო. ალესტერი გაშტერებული იდგა.
- რატომ მაინცდამაინც ეს სასტუმრო? როცა ამხელა ქონებას ფლობს… წლების მანძილზე მე მისი ნდობით აღჭურვილი პირი ვიყავი! ჩვენ მოვილაპარაკეთ…
- მეთიუ ნაიადაში ცხოვრობს. ეს სასტუმრო კი მის სოფელთან საკმაოდ ახლოსაა. მეთიუს სიცოცხლის ბოლომდე ექნებოდა გარანტირებული შემოსავალი. ახლა კი მაჩვენე, საიდან იღება ის ოხერი საკანი!
- ჯერ გვირაბში უნდა შევიდეთ…
- მხოლოდ შენს შემდეგ!
ალესტერი უხალისოდ შევიდა გვირაბში. პიტერი და ელი უკან მიჰყვებოდნენ. თორმეტი საკანი გაიარეს და იმ ადგილთან გაჩერდნენ, სადაც გვირაბი ოთხ ნაწილად იყოფოდა. ალესტერი მეცამეტე საკნის მხარეს გაემართა.
- პიტერ… შენ იცოდი, რომ მეთიუ შენი ნახევარი ძმაა?
ჩურჩულით ჰკითხა ელიმ პიტერს.
- არ ვიცოდი, ელი… მამასთან დაძაბული ურთიერთობა მაქვს. ძალიან თავისებური კაცია… შემთხვევით ვნახე მის კაბინეტში საქაღალდე, რომელშიც მეთიუს შესახებ ყველანაირი ინფორმაცია იყო თავმოყრილი. ფაქტის წინაშე რომ დავაყენე, მხოლოდ მაშინ აღიარა! მთხოვა, დედასთვის არაფერი მეთქვა…
- აქ როგორ მოხვდი?
- საბუთები რომ ვიპოვე, მერე სცენარისტს დავუკავშირდი. მისგან გავიგე, რომ მსახიობს ეძებდა ალესტერი, ვინც გამომძიებლის როლს შეასრულებდა. ალესტერს არ ვყავდი ნანახი, შესაბამისად, ვერ მიცნობდა! იცი, მე ყოველთვის ვოცნებობდი, რომ და ან ძმა მყოლოდა, ელი. მე რომ გავჩნდი, დედას სისხლდენა დაეწყო და საშვილოსნო ამოაჭრეს. მამა იმდენად იყო გართული თავისი საქმიანობებით, რომ მთავარი რამ გამორჩა მხედველობიდან… ის, რომ მე და დედასაც, მის ფულზე მეტად, მისი ყურადღება და სითბო გვჭირდებოდა…
ალესტერი იმ საკანთან შეჩერდა, რომელშიც მეთიუ იყო გამომწყვდეული. მეთიუ გისოსებთან იდგა და სიძულვილით აღსავსე თვალებით უყურებდა მას.
ალესტერმა აგურები გადათვალა და ერთ-ერთს ხელით მიაწვა. აგური სიღრმეში შესრიალდა და ტკაცუნი გაისმა. საკანი გაიღო. მეთიუ გააფთრებული გამოვარდა და ალესტერს ეცა.
- მეთ, არ გინდა!
ელიმ მათი გაშველება სცადა.
- შეეშვი! ამ კაცმა თავისი წილი სასჯელი უკვე მიიღო!
უთხრა პიტერმა მეთიუს და ხელი გააშვებინა.
- მიიღო? ეს პირუტყვი ციხეში უნდა ჩალპეს!
- შედი შიგნით!
მიმართა ალესტერს პიტერმა და საკანზე მიუთითა. ალესტერი დაემორჩილა. საკანში შევიდა და საწოლზე მოწყვეტით დაეშვა. ცხვირიდან სისხლი სდიოდა.
- შენ კარგად ხარ, ელ?
მეთიუ ელისთან მივიდა და ხელი სახეზე ჩამოუსვა.
- კი… კარგად ვარ, მეთ!
- პოლიციაში დარეკეთ?
პიტერი ჩაფიქრებული სახით იდგა და ალესტერს უყურებდა.
- შენ ბევრი რამ არ იცი…
ჩაილაპარაკა პიტერმა. მეთიუმ საკნის კარები გაასრიალა და მიაჯახუნა. კარი ჩაიკეტა.
- იჯექი აქ პოლიციის მოსვლამდე!
მიაძახა ალესტერს და პიტერისაკენ შებრუნდა.
- ახლა უკვე ბევრი დრო გვექნება სალაპარაკოდ! მაგრამ, პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადო დახმარებისთვის! შენ რომ არა, არც კი ვიცი, მე და ელის რა გველოდა აქ… მადლობა, მეგობარო!
მეთმა ხელი გაუწოდა პიტერს. მანაც ჩამოართვა.
- ახლა გისმენ!
- არ ვიცი, საიდან დავიწყო… დავიწყებ იქიდან, რომ მე აქაურობის მფლობელის, სალივან ბარლოუს კანონიერი შვილი ვარ! შენ კი… შენ, მეთიუ ნოელ… მისი უკანონო შვილი და ჩემი ძმა ხარ!
მეთიუს თითქოს ცივი წყალი გადაასხესო, გაოგნებული იდგა და დაბნეული იყურებოდა.
- და კიდევ, ამ სასტუმროს ახალი მფლობელიც… სწორედ ამიტომ გამოგამწყვდია ალესტერმა! მის გეგმებს უნებურად ხელი შეუშალე…
რამოდენიმე ხანი მეთიუ გაშეშებული იდგა. ბოლოს ძლივს მოახერხა სიტყვის დაძვრა.
- ეს ხუმრობა არ არის, ხომ? კი მაგრამ, როგორ?..
- შენ შარშან ზაფხულში იყავი აქ, როგორც სტუმარი… შენი მონაცემები ქსელში ნახა მამამ… სახელი, გვარი და ასაკი… დაბადების ადგილიც გაიგო, შემდეგ დედაშენის ვინაობა…
- რატომ არ მნახა? სანამ სასტუმროს მიანდერძებდა, რატომ თავად არ მითხრა ყველაფერი?..
- იმიტომ, რომ სალივანმა ეს მოვალეობის მოხდის მიზნით გააკეთა, სამწუხაროდ! ის ისეა დაკავებული თავისი საქმეებით, რომ ოჯახისთვის დრო არ რჩება, მეთ… ჩემთვისაც კი ვერ იცლიდა ვერასოდეს და არ იყო ჩემს გვერდით მაშინ, როცა მჭირდებოდა მამის მხარდაჭერა… მაგრამ, მიუხედავად ამისა, მე არ შემიძლია, რომ პატიმრობისთვის გავიმეტო…
- პატიმრობისთვის?
- მეთ… თერთმეტი წლის წინ აქ დედაჩემი მოკლეს… მისტერ ალესტერმა ეს იცოდა და დამალა… მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვფიქრობდით, რომ დედამ მიგვატოვა და სხვა მამაკაცთან ერთად გაიქცა. სინამდვილეში კი…
ელის ყელში ბურთი გაეჩხირა.
- ახლა რომელი სიმართლე გირჩევნია, ელი? ის, რომელიც იცოდი თუ ის, რომელიც ახლა გაიგე?
გამოსძახა საკნიდან ალესტერმა.
- შენ ჩუმად იყავი, ალესტერ! გეყო, რაც გააკეთე!
- რაც გავაკეთე, ერთადერთი სწორი გამოსავალი იყო, პიტერ! მიუხედავად იმისა, რომ მამაშენი მაშინ საშინლად გაცოფდა, ვიცი, რომ გულის სიღრმეში ჩემი მადლიერია, რომ სწორედ ასე მოვიქეცი…
- სად არის დედა?.. სად დამარხეთ?
ალესტერი საწოლიდან წამოდგა და გისოსებს მიუახლოვდა.
- გაინტერესებს?.. ალბათ საშინელებაა, როდესაც დედის საფლავთან ყვავილებს ვერ მიიტან, არა, ელი?
- მოგკლავ, შენ ნაძირალა!
დაიყვირა მეთიუმ და გისოსებს მუშტი დასცხო.
- პიტერს არ უნდა, რომ მე დამიჭირონ… არა, პიტ?.. არ უნდა, იმიტომ, რომ იცის, რომ მამამისსაც თან გავიყოლებ! ალბათ გეგმა გაქვს, პიტ! სიამოვნებით მოგისმენ…
- მითხარი, რომ ასე არ არის!
მეთიუ პიტერისაკენ შებრუნდა.
- მეთ… ალესტერისთვის ყველაზე დიდი სასჯელი ის იქნება, რომ სახლში ცარიელს მოუწევს დაბრუნება! ყველაფერს დაკარგავს! დედაჩემი ავად არის და ვერ გადაიტანს, მამა რომ დაიჭირონ…
- ამიტომ არ გამოიძახე პოლიცია, პიტერ?
ჰკითხა ელიმ და მეთიუს მხარზე ხელი დაადო.
- იმედი მაქვს, რომ გამიგებთ… რამდენად ძნელიც არ უნდა იყოს…
მეთიუ დიდხანს იდგა და ხმას არ იღებდა. ფიქრობდა. ბოლოს პიტერს მხარზე ხელი დაჰკრა და უთხრა:
- ერთბაშად იმდენი რამ შევიტყვე, რომ ახლა არ შემწევს უნარი, რაიმე გადაწყვეტილება მივიღო, პიტერ! გამიხარდა შენი გაცნობა! სასტუმრო არ მინდა! შეგიძლია გადასცე მამაშენს, რომ მოვალეობის მოხდის მიზნით გაკეთებული საჩუქარი არაფერში მჭირდება! მე და ელი გავემგზავრებით აქედან, რაც შეიძლება მალე… შენ ნებისმიერ დროს შეგიძლია ნაიადაში ჩამოსვლა…
- მეთ! შენი კარგად მესმის, მაგრამ ჩემი აზრით, სასტუმროზე უარი არ უნდა თქვა! სალივანი არ არის ისეთი ადამიანი, რომ ამ საქციელმა გული აუჩუყოს… ჩემი რჩევა იქნება, გამოიყენე ყველაფერი, რასაც შემოგთავაზებს!
გათენებული იყო, როდესაც მეთიუ და ელი "დაწყევლილ ქოხში" ამოვიდნენ და სასტუმროსკენ ერთად გაემართნენ. სურვილების ჭას როგორც კი მიუახლოვდნენ, შორიდან პოლიციის სირენის ხმა მოესმათ. სასტუმროს ეზოში ნისლი იყო, მაგრამ ელიმ მაინც შეძლო გაერჩია ჯონის სხეული, რომელიც მთავარი შესასვლელისაკენ მიემართებოდა.

გაგრძელება იქნება
ავტორი თეა ინასარიძე



№1  offline წევრი anushka 5

ჰაიკო
შენ ჩამოყალიბებული მწერალი ხარ. მაგრამ ერთი რამ გაითვალისწინე, თხრობითი სტილი და დიალოგები თითქმის თანაბრად უნდა იყოს. ცოტა თხრობითი სტილი გაზარდე.



მე არ ვარ ავტორი .. მე უბრალოდ ვდებ საიტზე ..ავტორი თეა ინასარიძეა ))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent