-სიყვარულით, ალექსანდრე (სრულად)
ქეთო, ჩემთან ხარ? მისმენ? ნეტავ, როგორ მომისმენ, მე მანდ არ ვარ. მაგრამ ზუსტად ვიცი, ჩემი ხმა ჩაგესმის გონებაში. ქეთო, როგორ დაგიბრუნო, ნეტავ ვიცოდე. იცი, რას ვიზამდი? მე არ ვიცი. არც კი ვიცი, რას ვიზამდი. უფროსწორად, რას არ ვიზამდი. იცი, როგორი რთულია შენს გარეშე? ასე მგონია, ჩემი თითოეული სუნთქვა მანადგურებს. ყოველი ჩასუნთქვა მწამლავს და ამოსუნთქვა ფილტვებს მისერავს. იცი, ძალიან რომ მომენატრები, შენს სურათებს ვუყურებ ხოლმე. მაშინ მგონია, რომ ჩემთან ხარ და ისევ გიცავ. ისევ გიცავ... მერე ცოტათი ადვილია ყველაფერი. ვიცი, რომ ახლა ცრემლები აგიწვავენ თვალებს და გთხოვ, არ იტირო. მე ხომ ზუსტად ვიცი, როდის ატირდები და არაფრით დამანახებ შენს ცრემლიან თვალებს. მე კი, როგორ მიყვარს შენი ყურება. შენი დანახვა მიყვარს. საშინლად უხერხული წერილია, მაგრამ შენ... შენ ჩემი დუმილისთვის ხომ ვერ გაგიმეტებ. ვუყურებ შენს სურათებს და ვფიქრობ, რა იქნებოდა. რა იქნებოდა, ძლიერი რომ ვყოფილიყავი. რა იქნებოდა, ერთით მეტჯერ რომ ჩამეკარი გულში. ვუყურებ შენს სურათებს და ისე აღარ მიჭირს. ღამეც არ მასვენებ. სულ ჩემთან ხარ. ნიავივით ხარ, გახსოვს? ვერ გხედავ, გგრძნობ. დამეფიცება, ძილშიც შენს ნაზ შეხებას ვგრძნობ თმაზე. და დამფრთხალს რომ გამომეღვიძება ალიონზე, მზის ამოსვლისას, სულ თავიდან მიყვარდები, ქეთო. ამის შეჩერება რთულია, ქეთო. ხომ იცი, არა? ან რატომ უნდა გავაჩერო? მეც ხომ ეს მინდოდა ყველაზე მეტად. ღმერთო, ქეთო, როგორ მენატრები... შენთან მინდა ქეთო. უიმედობით მიწოლილს სულ შენი გაყინული ხელისგულები მახსენდება თბილი თითებით. ჩვენი ხელები იდეალურად ავსებდა ერთმანეთს, ქეთო. ძალას მაძლევდა ეს მე. ეს მჭირდებოდა ყოველთვის და შენც. რატომ ვიხსენებ ამ ყველაფერს, ქეთო? რატომ არ მანებებ თავს? ჩემთვის შენი სიყვარული არ შეიძლება! მაგრამ აკრძალული უფრო ტკბილია, ქეთო. ასე იყო ადრეც და ახლაც. შენთან მინდა, ქეთო. ხელები მიკანკალებს, ხედავ როგორ აცაბაცა იწერება ეს წყეული სიტყვები? სიტყვებმა დაგვაშორეს ჩვენ, ქეთო. ნეტავ ვის რაში სჭირდება? იმ დღეს... იმ საშინელ დღეს... ხმა რომ არ ამომეღო, ახლა შენ ჩემზე მოკრულს გეძინებოდა, მშვიდად. დილით, გარეთ რომ ვიყურები, მახსენდები. როგორ გიყვარდა მარჯვენა რაფაზე ჯდომა, ჩემს მოლოდინში. როგორც კი ზემოთ ამოვიხედავდი, შენს თვალებსა და ნაწნავებს ვხედავდი, ქეთო. ღმერთო, როგორ მინდა შენთან!! შენი ხელები მინდა... შენი თვალები მინდა... შენი ჭორფლები მინდა... ღმერთო, შენი ჭორფლები... გახსოვს, ქეთო, რამდენს გკოცნიდი? გახსოვს, როგორ კისკისებდი და მიშორებდი მობეზრებული? ნეტავ მეტი მეკოცნა, ქეთო. ეს მაინც დამრჩებოდა შენგან, ქეთო. იცი, დღეს რა მითხრეს ქეთო? თუ გიყვარს, უნდა გაუშვაო. მე ხომ გაგიშვი... რატომ არ მანებებ თავს? გთხოვ, წაიღე ჩემგან ფიქრები შენზე... ვიტანჯები ქეთო, მეტი აღარ შემიძლია! არა, არ წაიღო. ძალიან მიყვარხარ, ქეთო. არაფერიც არ არის ადვილი. რატომ მტკივა ასე ყველაფერი? შენთან რომ მოვიდე, დღესვე, ამ ღამეს... არ მომიშვებ, ხო? არაუშავს. გაგიგებ. მე ხომ გაგიშვი ქეთო! შენც გამიშვი! არ შეიძლება ასე, ასე ხომ მომკლავ! ვერ ვსუნთქავ ქეთო, ჰაერი არ მყოფნის! ყველა სარკმელი ღიაა ქეთო და ჰაერი არ იძვრის! ნუ მიხუთავ სულს, ქეთო... მომეცი უფლება, რომ ოდნავ მოშორებით დავდგე. მე ისედაც არასდროს არ დამტოვებენ ფიქრები შენზე, უბრალოდ ოდნავ გამიშვი. ნახე, როგორ დასველებულა ფურცელი. არადა, მინდოდა ჩემი სისუსტე არასოდეს გეგრძნო. მაგრამ არ ვარ სუსტი იმის გამო, რომ მენატრები და მთელი სხეული მენგრევა ისე მინდა შენთან. ვიხრჩობი, ქეთო. ყველგან შენ ხარ, ასე არ შეიძლება. გგონია, არ ვიცი, რომ დავიმსახურე? დავიმსახურე, თან როგორ! მაგრამ... რაღა მაგრამ. სიკვდილსაც ვიმსახურებ, ქეთო! მალე მოვკვდები. მართლა მალე მოვკვდები. და მერე სულ ერთად ვიქნებით. მე რომ მოვკვდები, შენ არ იტირო, კარგი? არ იტირო... მე უფრო მშვიდად ვიქნები. შენ ჩემი გული გაქვს. სხვანაირად არც შეიძლებოდა. ჩემი გული შენ გეკუთვნის დასაწყისიდან. ძალიან მიყვარხარ ქეთო. სულ მეყვარები, ძვირფასო. შენც სულ გიყვარდე, რა. ვერ გთხოვ, გამიხსენეთქო, მაგრამ არ დაგავიწყდე, გთხოვ. -სიყვარულით, ალექსანდრე ცრემლებისგან დასველებული ტუჩებით უკანასკნელად ეამბორა მოგონებებს მასზე და ფურცელი ფრთხილად მოათავსა ქვაზე გამოსახულ მომღიმარ სახესა და გაყინულ მიწას შორის. ძალიან სევდიან ხასიათზე გავიღვიძე დილიდან(ჩემს სიზმარს დავაბრალოთ) და ჩემმა მუზამაც მაშინ გადაწყვიტა მოფრენა. იმედია, ძალიან არ შევტოპე. თქვენი მარიკუნა. :) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.