დანაღმული (პირველი ნაწილი)
ბებიას სახლი ამსტერდამის ყველაზე ლამაზ ქუჩაზე იდგა. ქალაქის აღმოსავლეთით,განაპირა მხარეს,მუდამ ცაცხვის სუნით გაჟღენთილ პატარა უბანში,რომელიც ვიწრო,საკმაოდ გრძელ და მომწვანო არხს ზუსტად გაეყო შუაზე. ხასხასა მწვანე ხავსს ჰქონდა გადაფარული ამ არხის ბეტონის კიდეები და წყალიც დაუკითხავად ირეკლავდა მის მიმზიდველ ფერს,განსაკუთრებით მაშინ,როცა შემოდგომის ღრუბლიანი დღეები იდგა ქალაქში. მასთან სტუმრობა ყოველთვის მიყვარდა შემოდგომისას .ჯერ მონატრებულ ქუჩას ჩამოვუვლიდი, ერთმანეთზე მიჯრილი ფერად-ფერადი სახლების ჩანახატებს გავაკეთებდი ჩემს ალბომში, მერე არხის პირას , ცაცხვის ვეებერთელა ხეებს შორის ჩამწკრივებულ ველოსიპედებს ქართულ ენაზე გადავითვლიდი და ბოლოს ბებიას შინდისფერსახურავიანი, ყავისა და რძის ფერებში გაზავებული,მსუქანა სახლის წინ ავისვეტებოდი სახეზე ფართო ღიმილით. უცნაურია,მაგრამ ამას ყოველ ჩამოსვლაზე ვაკეთებდი. მაიამი სულაც არ იყო ასეთი მყუდრო და სიყვარულისფერი,მელანქოლიური ადგილი ჩემთვის . მე კი ეს მომწონდა ყველაზე მეტად "ფერადი სახლების" ქუჩაზე,სადაც შემეძლო მუქი სტაფილოსფერი აგურით აშენებული, მოძველებული ხიდის კიდეზე საათობით ვმჯდარიყავი და მსოფლიოში ყველაზე დამთრგუნველი სიმღერების ფონზე მთელი გატაცებით მეხატა ჩემი მოთხრობების გმირები მანამდე ,სანამ აივანზე თავის სარწეველა,მოძველებულ ხის სკამზე მყუდროდ მოთავსებულ ბებიას არ შევნიშნავდი.კარგად ვიცოდი,როცა იქ ჯდებოდა, სულაც არ იყო ამაღლებელ განწყობაზე და შვებას სადღაც,ყველაზე მაღალ ცაცხვებს გადაღმა ,ძალიან შორს,უსასრულობაში ეძებდა. თუ ის ცუდად იყო,მეც ავდგებოდი , ხატვას ვწყვეტდი და ჩემს საძინებელ ოთახში მანამდე ვიკეტებოდი,სანამ არ მომაკითხავდა, როგორც ყოველთვის, მოპირდაპირე ქუჩაზე ნაყიდი კარამელიანი დონატებით ხელში. თითქოს ამ ჟესტით ბოდიშს იხდიდა იმისათვის,რომ თავს უფლება მისცა და ფერფლისფერი,ზამთრის სუსხით გაჟღენთილი ლაბადა შემოიხვია თავიდან ფეხებამდე. *** ფოთოლცვენა ახალი დაწყებული იყო, ისევ რომ დავბრუნდი ამსტერდამში. წითელ-ყვითელ ფოთლებს გადაეფარა არხის ორივე მხარეს მთელი ქუჩა, ჭაობისფერი ლივლივა წყალი,ზოგიერთი ფარდულის მოძველებული სახურავიც კი . ფერადი სახლები ისევ მომხიბვლელად გამოიყურებოდნენ მკრთალი ცის ფონზე. მე ისევ ნელა მივსეირნობდი მოიისფრო ყვავილებით მოხატულ, მელნისფერ პალტოში ჩამალული და არხის ორივე მხარეს ჩამწკრივებულ ველოსიპედებს, როგორც ყოველთვის,ქართულად ვითვლიდი. გაჭირვებით,თუმცა მაინც ქართულად .ბებია,ტრადიციულად, წითელმოაჯირებიან ,კვადრატის ფორმის აივანზე დამიხვდა.რა თქმა უნდა,ვერ შემამჩნია. მისი შვება ისევ სადღაც,გოლიათ ცაცხვებზე უფრო უზარმაზარ ღრუბლიან ცაში იშლებოდა შორ მანძილზე და სულაც არ აინტერესებდა რა ხდებოდა დედამიწაზე. სახლში ,როგორც ყოველთვის,იოლად შევაღწიე,რადგან კარები არასდროს მხვდებოდა დაკეტილი. შესვლისთანავე ჩემი მელნისფერი მოსაცნელი შემოსასვლელში უსწორმასწოროდ მივკიდე, პატარა ჩემოდანიც იქვე სარკიან სათავსოსთან მივდგი,წამში გავიარე მოგრძო,მუქი ბორდოსფერი ხალიჩით დაფარული ჰოლი და სასტუმრო ოთახის კარებთან ჩადგმულ ხის, ფართოსაფეხურებიან ,მრგვალ კიბეს სუნთქვაშეკრული ,ნელი ნაბიჯებით ავუყევი. აივნის კარზე აყუდებულს ღიმილი შემეპარა მის დანახვაზე . ისევ იქ იჯდა, რაღაცას ღიღინებდა ქართულად,რაღაც ისეთს,რომ წამის მეასედში ცხელი ტალღა ჩემს ყველა სასიცოცხლო ორგანოს მარწუხივით მჭიდროდ ,დაუნდობლად შემოეხვია და მერე მხურვალე,ვერცხლისფერ პატარ-პატარა ,მლაშე ბურთულებად წამსკდა თვალებიდან. ქარის ზუზუნში ყურს ვუგდებდი მის სევდას და უკლებლივ ყველა ტკივილნარევ სიტყვას ვითავისებდი. მღეროდა ხმადაბლა,ცრემლიანი ხმით, ცაცხვების შრიალის ფონზე და მეგონა,ისინიც ჩუმად განიცდიდნენ მასთან ერთად იმ წარსულის ყოველ წამს,რომელსაც ბებია ასე ჩაბღაუჭებოდა ამდენი ხნის შემდეგაც კი . მაშინ პირველად მივხვდი,რა შეიძლებოდა ყოფილიყო მისი ამდენი წლის ტანჯვის მიზეზი. სულ მთლად თეთრი,თოვლივით ქათქათა თმები ისევ მოკლედ,ყბების გასწვრივ სწორად შეეჭრა.თავიდან ფეხებამდე შავ-წითელი კუბიკებით დაფარულ, ფოჩებიან ნაქსოვ თხელ საბანში გახვეულიყო და ღიღინ-ღიღინით სიფრიფანა მხედველობის სათვალეს შუშებს საგულდაგულოდ უწმენდდა. ვეღარ მოვითმინე და აივნის კარებს ორივე ხელით ჩაბღაუჭებულმა სიტყვები ძლივს ამოვაძვრინე ხორხიდან. - ოდესმე მომიყვები ? _ ვკითხე ფრანგულად.ჩემი ხმა ჰაერში ათას ნაწილად,ზამთრის ძილივით მშვიდად გაიფანტა.არაფერი უპასუხია.ალბათ ვერც გაიგო ან რას გაიგებდა,ღრმა ფიქრებში პირდაპირ თავით იყო გადაშვებული. უკიდეგანო სივრცეში მთელი თავისი არსებით ლივლივებდა . ჩემთვის კი მისი ფიქრები რატომღაც ყოველთვის შემზარავ უფსკრულთან ასოცირდებოდნენ ხოლმე. - ციაკო,ოდესმე მომიყვები ასე რა გაწუხებს? _ ამერიკული აქცენტით გაჟღენთილი ქართული სიტყვებით ახლა უფრო ხმამაღლა ,ენის ბორძიკით გავუმეორე შეკითხვა ბებიას. თითქოს გამოერკვაო მშობლიური ენის გაგონებისას,სწრაფად შემოტრიალდა გაკვირვებაშეპარული თვალებით. - ღმერთო ჩემო,ჟიზელ!ჩამოხვედი ? როგორც იქნა, ჩამოხვედი! _ საბანი ერთი ხელის მოსმით გადაიძრო,ჩემს გაწვდილ ხელებს წამში შეეგება და მთელი სახე გახარებულმა გადამიკოცნა. სიცილი ვერ შევიკავე. ხმამაღლა იცინოდა ისიც. საერთოდ,სულ არ იყო შეცვლილი. კანი ისევ მცხუნვარე მზეზე დაბრაწული ჩალისფერი ჰქონდა.შუბლზე ორი გრძელი ,არც ისე ღრმა ხაზი გასდევდა ლამაზად , შავი თვალები ოსტატურად მოეხატა შავივე საღებავით. ღმერთო, რა ლამაზი იყო ეს ქალი. მიუხედავად ჭაღარისა, მაინც არ ჰკარგავდა ეგზოტიკური, მიმზიდველი აფრო-ამერიკელი გოგონას შეხედულებას. - როგორ მომწონს შენი ტატუ,რომ იცოდე. - საჩვენებელი თითი ფრთხილად გადავუსვი მარჯვენა წარბს ზემოთ ერთი მეორეზე პატარა,უკვე კარგახსნის გაცრეცილ,ზღვისფერ სამ წრეს. - თავის დროზე, მეც მომწონდა. _ მიპასუხა გაღიმებულმა. აქ ძალიან ცივაო მოიმიზეზა და ხელჩაკიდებული შემიყვანა შიგნით. იმ დღეს ბევრი ვისაუბრეთ.ყველაფერი აინტერესებდა ჩემი ცხოვრების შესახებ,ყველა დეტალი,უმნიშვნელოც კი. ერთმანეთის პირდაპირ ვისხედით მოძველებულ ,ჩუქურთმებით გაწყობილ ძველ სკამებზე და რაც თავში მომდიოდა სულ ყველაფერს ვლაქლაქებდი. მე ცხელ-ცხელ , ქაფ-ქაფა ლატეს ვსვამდი დიდი რძისფერი ჭიქით,ის ღია,მომწვანო-მოყვითალო ,თავისივე მოკრეფილ ცაცხვის ჩაის. ჩემი ამბების მოსმენისას გულიანად გაეცინა ჩემს მრავალეროვნებაზე. "საერთაშორისო ბავშვი ხარ,ჟიზელ." _მიმეორებდა ხშირად. მართლაც ასე იყო. მიუხედავად იმისა,რომ აშშ-ში ვცხოვრობდი მშობლებიც და ბებია-ბაბუაც ყველა სათითაოდ სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ წარმოშობით. მთელი დღე გავლიეთ საუბარში.შემოვიარეთ ბებიას მონატრებული საქართველოც,ბაბუას ელეგანტური საფრანგეთიც,დედას მშობლიური ლუქსემბურგიც,გადავწვდით მამას ავსტრალიასაც და ჩემს ამერიკასაც,მაგრამ მე რაც ყველაზე მეტად მაინტერესებდა ეს მისი ცხოვრების ადრეული ხანა იყო,რომელზეც არასდროს არავისთან საუბრობდა. ყველაზე სანუკვარი გაელვება და ამავდროულად ყველაზე დიდი სევდა,ყველაზე დიდი ყინულის ბასრი ლოდი მის გულზე. *** რამდენიმე დღე ამსტერდამის ქუჩებში ბოდიალით გავლიე ფოტოაპარატითა და ხმის ჩამწერით ხელში . ერთი საინტერესო საიტი მქონდა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში მცხოვრები ჩვეულებრივი ადამიანების შესახებ ,რომლებსაც მოგზაურობისას ქუჩაში ვაჩერებდი,ფოტოებს ვუღებდი და მათ ამაღელვებელ,სასაცილო ,გულისამაჩუყებელ ისტორებთან ერთად ამ საიტზე ვათავსებდი. დიდ მოწონებასა და ინტერესს იმსახურებდა ხალხისგან ჩემი საქმიანობა .მეც მეტი რა მინდოდა,მშვენივრად ვკლავდი დროს,როცა მოწყენილობისგან არ ვიცოდი რა მეკეთებინა . მიყვარდა ველოსიპედით სეირნობა არხების ნაპირებზე, მომაჯადოებელი ფერის ყვავილების თვალიერება სრულიად უცხო ადამიანების აივნებზე,პატარა კუთხის კაფეში ჟელატინიანი ნამცხვირს დაგემოვნება ლატესთან ერთად და ფიქრი იმ ხალხე,რომლებიც ჩემს ობიექტივში ხვდებოდნენ. ციაკოს დილა-საღამოს თუ ვნახულობდი ხოლმე,მანამდე, სანამ ერთხელ ძილბურანში გახვეულს კარზე არ მომიკაკუნა რამდენჯერმე. იმ დღეს სეირნობამ ძალიან დამღალა. ფეხის კუნთები ისე მაწუხებდა ,მეგონა ტკივილისგან წვივები მტვერივით წმინდად დამეფშვნებოდა. რატომღაც პირველი რაც მომაფირქდა , ნამდვილად ცუდადაა და ჩემი დახმარება სჭირდება-მეთქი,სხვა შემთხვევაში არც გაწყობილ სუფრასთან პარტნიორობის გასაწევად მაღვიძებდა და არც რაიმე სახლის საქმეში დასახმარებლად. ელვის სიწრაფით წამოვხტი და დაბორიალებულმა,გაფართოებული გუგებით, მთელი ძალით ჩამოვწიე კარის ცივი სახელური. ბოლომდეც კი არ მქონდა გახსნილი, სულმოუთქმელად რომ მითხრა : - მოგიყვები.ოღონდ თბილად ჩაიცვი,აივანზე ცივა. _მტკნარი წყალივით დამშვიდებულმა შევხედე ამ სიტყვების გაგონებისას,თუმცა თავიდან ვერც მივხვდი რას მეუბნებოდა და გაურკვევლობისაგან მოღრეცილი სახით ,თავის ოდნავი გაქნევით ვანიშნე რას მომიყვები-მეთქი. თავბრუ ისე მესხმოდა სწრაფად ადგომისაგან,აზროვნებაც აღარ შემეძლო. - ხომ მკითხე, ოდესმე მოგიყვებოდი, თუ არა? ხოდა დღეს მოგიყვები,თუ რა თქმა უნდა , სხვა გეგმები არა გაქვს. _ გამიცინა გამომწვევად და ისევ ის კუბიკებიანი პლედი უფრო მჭირდოდ შემოიხვია მხრებზე.ელდა მეცა ,კიდევ უფრო დავაჭყიტე თვალები ენაჩავარდნილმა. ისე შევყურებდი,თითქოს წინ მრავალი წლის წინ დაღუპული, მდიდრულად მორთული ტიტანიკი მედგა უვნებელი და საღსალამათი. - გინდა, თუ არა? _ ქართულად მკითხა გაბეზრებული სახით და ოდნავ უკან გადაიზნიქა იმედგაცრუების ნიშნად. თითქოს ცხვირში ნესტის მჭახე სუნი მეცაო,თავი სწრაფად გადავაქნიე დამფრთხალმა. - რა თქმა უნდა,აივანზე დამელოდე._ ვუთხარი მტკიცედ, ჩემი პატარა ხმის ჩამწერი ჯიბეში ჩავიგდე და ცოტა ხანში სწრაფი ნაბიჯებით გავემართე იქით,საითაც თავისი ნებით მელოდა. ჩემთვის არც შემოუხედავს, ისევ ათასობით მთვარის გადაღმა იყურებოდა საკუთარ წარსულ დღეებსა და ღამეებში. - ქართული ხომ არ დაგავიწყდა? _ მკითხა მერე უზადო ფრანგული აქცენტით. - არა. ნებისმიერ ენას დავივიწყებ,ოღონდ არა შენსას. _ გამეღიმა მის კმაყოფილებით სავსე მიმიკაზე. -ყველაფერს ქართულად მოგიყვები.სხვა ენაზე არ მინდა._გამარკვია სიტუაციაში მაშინვე ,გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილივით ერთი ღრმად ამოიოხრა და ცაცხვებს ძლივსმოწყვეტილი, გამომცდელი მზერა დაუბრკოლებრივ გამისწორა. - რა იცი ჩემზე, გარდა იმისა,რომ საქართველოში დავიბადე? _ სათვალიანი ხელი ჩემსკენ გადმოხარა და მთელი ტანით შემოტრიალებული, დიდი ინტერესით დაელოდა ჩემს პასუხს . მივხვდი ,ვერ ხვდებოდა ,საიდან უნდა დაეწყო მოყოლა. - მე... ,_ თავდახრილი ჩავფიქრდი , _ მე შენი ნამდვილი გვარიც კი არ ვიცი ციაკო. _ წამოვიძახე კიდევ უფრო მეტად გაღიმებულმა და რატომღაც შავ კაბაში მკვეთრად გამოჩრილ მის მუხლებს დავაშტერდი, თითქოს მაშინ გავაანალიზე ,თუ რა ცოტა ვიცოდი იმ ადამინზე,რომლის ჩახუტებაც ისე მიკურნავდა სულს,როგორც ჯადომოხსნილ მთავარ პერსონაჟს ფენტეზის ჟანრის ფილმებიდან. - ციაკო მორელ, _ დემონსტრაციულად წარმოთქვა თავისი სახელი , _ რა საშინლად ჟღერს არა? _ გაეცინა ხმამაღლა. -შენი ქართული სახელი და ბაბუას ფრანგული გვარი საინტერესო ნაზავია,რატომაც არა? _ ჩემი პასუხის მოსმენისას თავისი ყაყაჩოებიანი შავი ქუდიდან გაღიმებულმა შემომაპარა გამთბარი მზერა და მაშინ კიდევ ერთხელ გავივლე ოცნება მისნაირ სილამაზეზე. იასამნისფერი ტუჩსაცხი მის ღიმილს მართლაც უფრო უნაკლოს და გამაბრუებელს ხდიდა . ქათ-ქათა თმა მარჯვენა ყურზე ხელის მკრთალი მოძრაობით გადაიწია და თვალები ისე მინაბა,თითქოს იმ წამს შოპენის "ფანტაზიას" უსმენდა შემოდგომის ჭექა-ქუხილიან,გრილ საღამოს და სიცივის მეტი ამ ქვეყნად არავინ და არაფერი ადარდებდა . ეტყობოდა,ესიამოვნა ნერვებისმომშლელად დახლართულ ძაფის გორგლალს რომ მიმიგავდა გონება მისი ამბის მოლოდინში. - მაშ ,იყოს ასე. _ თქვა ბოლოს და წამში ერთიანად გამოცვლილი, გაწყალებული, წაშლილი სახით მომაჩერდა . ძალიან მინდოდა სიტყვა-სიტყვით მეთარგმნა მისი სულის ენა,მაგრამ იმასაც კარგად ვხვდებოდი,რომ ცხრამეტი წლის ასაკში ძალიან გამიჭირდებოა ღრმად, თითქმის ფსკერამდე ჩავწვდომოდი იმ ისტორიას,რისი მოყოლაც ასე მამაცურად გადაწყვიტა იმ დღეს . კარგად ვიცოდი,უკვე დიდი ხანი იყო,რაც ციაკოს ცა სულაც აღარ ანათებდა ლაჟვარდისფრად და მაშინ,სწორედ იმ აივანზე, შემიპყრო საზიზღარმა შიშმა,რომელიც მუცლის არეში ეგოისტურად მოთარეშე ყრუ ტკივილს სავსებით წააგავდა და მოსვენებას უმოწყალოდ მიკარგავდა. რაღაც ისეთი მიფორიაქებდა სულს,რაღაც ისეთი რისი თავი და ბოლოც ვერაფრით აღმომეჩინა და მაინც, მე გულისამრევად მეშინოდა ციაკოს წვეთ-წვეთად ნაგუბარი ყველა ქრონიკული ტკივილის, სხეულის ყველა სისხლძარღვში ჩაყინული გამაბრუებელი , მომაკვდინებელი შხამის - მისი წარსულის. ერთი ვიცოდი, განსაკურნებული წამალი მისთვის მე სულაც არ მქონდა. მისი შველა იმ ადგილს შეეძლო, იმ ადგილს,სადღაც იმ ოხერი ცაცხვების გადაღმა ,სადღაც დედამიწიდან შორს და ვინ იცის,ვისთან რა ძალიან ახლოს. ფიქრებიდან მისმა დამთბარმა ხმამ გამომიყვანა და დაიწყო თუ არა თხრობა, ხმა აღარ გამიღია ზედმეტად. პ.ს ესეც ასე,პირველი თავი. პირველ რიგში,მინდა აღვნიშნო,რომ ვერასდროს ვიფიქრებდი,ჩემთვის ჩემი ნაწერი ასეთი ძვირფასი თუ გახდებოდა ოდესმე. ეს იმის ბრალია, რომ ქალ პერსონაჟში ჩადებულია ჩემი ყველა ის თვისება,რომელიც ძალიან არ მომწონს,მეტიც ზოგჯერ მეზიზღება კიდეც. პერსონაჟის ენით გადმოვცემ იმ გრძნობებს,ფიქრებს,სხვადასხვა საკითხზე დამოკიდებულებას,მოკლედ იმ ყველაფერს,რაზეც ყველაზე უახლოეს ადამიანთანაც არ მისაუბრია. ამიტომ, ამ თავში ფიზიკურად ვერ შეძლებთ,მაგრამ შემდეგ ,როცა ციაკოს-ახალგაზრდა ცირას პერსონაჟს მოუსმენთ,დიდი იმედი მაქვს, არც ლანძღვას დაიშურებთ და თუ რამე მოსაწონია,არც ქებას...და ,ბოლოს. ჩემი ეს მოთხრობა,მთლიანად აგებულია გრძნობებზე და ვწუხვარ,რომ 90%-ს ეზარება წაიკითხოს მსგავსი რამ,თუმცა იმედი მაქვს,რომ მკითხველი მაინც გამოუჩნდება,ჩემს ცხოვრებას ამ ეტაპზე ძალიან,ვფიქრობ,რომ უკიდეგანოდ სჭირდებით. წინასწარ ბოდიშის მოხდით ვარ,ამდენი რომ ვილაქლაქე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.