იღბლიანი შეცდომა (თავი მეთხუთმეტე)
დღეები ერთმანეთს ცვლიდა, დღითიდღე უფრო ვრწმუნდებოდი, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე სწორი და მნიშვნელოვანი არჩევანი სანდრო იყო. მიმოწერა ყოველწუთიერი, შეხვედრები კი ყოველდღიური გახდა. უკვე ვეღარ წარმომედგინა, როგორ უნდა მეარსება მის გარეშე. სექტემბერი ოქტომბერმა ჩაანაცვლა, ჩვენს ხასიათსა და განწყობას ვერც ნოემბრის ცივი დღეები აკლებდა რამეს. რამხელა მნიშვნელობას ვანიჭებთ ადამიანები სულ პატარა და უმნიშვნელო ნივთებსაც კი. პირადად მე ასე ვარ, უაზროდ შევეჩვევი რაღაცას და მერე სიმბოლურ მნიშვნელობას ვანიჭებ. ასეთივე შეგრძნება მაქვს ხოლმე ადამიანების მიმართაც. ისე კი, ვთვლი, რომ ადამიანებსა და ნივთებზე შეჩვევა არც თუ კარგი ამბავია, მაგრამ ჩვენ ხომ რობოტები არ ვართ და ხშირად ყველაფერი ჩვენდა უნებურად ხდება. სანდროს ისე შევეჩვიე, დღე, რომელიც მისი თვალების დანახვის გარეშე ჩაივლიდა, უმიზნო მეგონა. ადრე არ მესმოდა, როცა ამბობდნენ, რომ მთელი ცხოვრება ჩვენს გვერდით მხოლოდ ოჯახის წევრები და განსაკუთრებით საყვარელი ადამიანები რჩებიანო, ვაპროტესტებდი, ახლა კი მეც ვხედავდი სიმართლის მარცვალს ამაში. დეკემბერი ამ წლის ბოლო დღეებს იპარავდა, სანდრომ რომ გამომიცხადა, ჩემი მშობლები უნდა გაგაცნოო : - სოფო, მგონი, დროა, ჩემი მშობლები გაიცნო - მითხრა და გადმომხედა ღიმილით, მანქანაში ვისხედით, ყავას ვსვამდი და ამის გაგონებაზე ცხელმა სითხემ ყელი ჩამწვა, ხველა ამიტყდა. - ახლა, სანდრო? - ვკითხე და განწირული თვალებით შევხედე. - არა, დღეს, არა, შაბათს რესტორანში წავიდეთ ყველანი, ჩემი ბიჭებიც იქნებიან, შენი გოგოებიც დავპატიჟოთ, თავი უხერხულად რომ არ იგრძნო და ჩემს მშობლებსაც გაიცნობ, ძილშიც აღარ მასვენებს უკვე მაიკო, ისე უნდა შენი გაცნობა - ლაპარაკობდა მშვიდად და გზას გაჰყურებდა. - თუ თავს ზემოთ ძალა არაა, სხვა რა დამრჩენია - ავიჩეჩე მხრები. - კარგი, ახლა, ათეულობით სტუდენტს ისე თავდაჯერებით ესაუბრები ყოველ დღე და ორმა ადამიანმა შეგაშინა - მეხუმრებოდა სანდრო. - ეგ ორი ადამიანი იმ ათეულობით სტუდენტს უდრის, რომ იცოდე, რა - გადავხედე ნიშნისმოგებით. - ისე, ყოველგვარი ხუმრობის გარეშე, შენების გაცნობაც მინდა - დაუსერიოზულდა ხმა გიორგაძეს. - ახლა ნამდვილად მეხი დამეცემა - ვცდილობდი ეს თემაც ხუმრობის საგანი გამეხადა. - კარგი, დღეს თავს დაგანებებ, მაგრამ ამ თემაზე საუბარს რომ ვერ აცდები, შენც ხომ კარგად იცი? - ვიცი, სანდრო, მაგრამ ჯერ შაბათი გადამატანინე და მერე რამეს მოვიფიქრებ. - დავსხდეთ სადმე? - აუ, დღეს ვერა, ხვალ მნიშვნელოვანი ლექცია მაქვს, სალომე უნდა შევცვალო სხვა საგანზე და კარგად უნდა მოვემზადო, მასალებს გადავხედო - ჩავილაპარაკე უკმაყოფილოდ. - კარგი, მიგიყვან მაშინ სახლამდე და შეუდექი საქმეს, ინტერნეტი გათიშე და facebook-ს ნუ გადაყვები, ოღონდ - გაიცინა და თვალი ჩამიკრა. - არ გცხვენია, სანდრო? ასე მიცნობ? - მეწყინა თითქოს. - შენ ხარ ყველაზე ჭკვიანი და მოსწრებული გოგო - არ წყვეტდა სიცილს. - მიდი, მიდი, გზას უყურე - ვუთხარი და მუსიკის ჰანგებში ჩავიძირე. კიბეებზე ავდიოდი, გეგას ზარი რომ შემოვიდა მობილურზე : - ნომერი ხომ არ შეგეშალა, გეგუშ - ვუთხარი სიცილით. - გეკადრება, რძალო? შენთან ვრეკავდი ზუსტადაც. - გისმენ, აბა, ყურადღებით - გასაღები გადავატრიალე და სახლში შევედი. - შაბათს სანდროს დაბადების დღეა, ხომ გახსოვს თუ აღარ ეკუთვნი უკვე ამ სამყაროს ? - მახსოვს, გეგა, მაგრამ რესტორანში წავიდეთ და თან ჩემს მშობლებს გაგაცნობო, დღეს მითხრა, ყველა გეგმა წყალში ჩამეყარა - ვუთხარი სინანულით. - მოიცა, მოიცა, ჩვენ “გვტეხავს“ ? - აღშფოთდა ბიჭი. - არა, რას გტეხავს, ბიჭებიც იქნებიან და შენი გოგოებიც დაპატიჟეო, მე მითხრა. - უჰ, კიდევ კარგი, არა, მაინც არ დავაკლდებოდი მაგ ამბავს, მაგრამ სად დაპატიჟებული რომ ხარ და სად ჩანგალზე რომ მიხვალ - ისეთი ტონით თქვა, სიცილი ამიტყდა. - ახლა რაღა მოვიფიქრო, არ ვიცი, გეგმები უნდა შევცვალოთ - ვუთხარი სინანულით. - შენ მაგაზე არ იდარდო, რძალო, რამეს მოვიფიქრებთ, შაბათამდე ჯერ დროა - გამამხნევა გეგამ. - ჰო, ჩემი საჩუქარიც გამოიგზავნა უკვე და წესით პარასკევს საღამოს აქ უნდა იყოს. - აი, ეგ მომენტი უნდა გადავიღო, რა სახე ექნება. - ჰო, მეც მგონია, რომ გავახარებ - ვთქვი და ღიმილი არ მშორდებოდა სახიდან. - შენ ხარ ნამდვილი რძალი, ამდენი ხანია სანდროს მეგობრები ვართ და ეგეთი საჩუქარი ჩვენ ვერ მოვუფიქრეთ, შენ კიდევ ერთი ხელის აქნევით უსრულებ სურვილს. ისე, საგზური ორ კაცზეა გათვლილი? - ჰო, აბა, მარტოს ხომ არ გავუშვებ ამხელა გზაზე? - გავაღე აივნის კარი და ხარბად ჩავისუნთქე ცივი ჰაერი. - ხოდა, მე უნდა გავყვე, ალბათ, ხომ? - სიცილს ვეღარ იკავებდა ბიჭი. - ხო, აბა, რა, როგორც დიდი გულშემატკივარი, შენ გაყევი - ვიცინოდი მეც. - მოკლედ, ხვალ გამოგივლი სამსახურის მერე და მოვიფიქროთ ერთად რამე. - კარგი, ეგრე ვქნათ, რამეს მოვიფიქრებ, სანდრომ რომ არ გამომიაროს და შევხვდეთ სადმე. - აბა, ხვალამდე მაშინ და ბევრსაც ნუ იფიქრებ, ხომ იცი, მაინც მე მოვიფიქრებ რამე დიადს - მითხრა და გამითიშა გეგამ. წინასწარ ვღელავდი მოსალოდნელ შეხვედრაზე. ბევრი მსმენოდა სანდროსგან მის მშობლებზე, მათი გაცნობისა და სიყვარულის ისტორიაც კარგად ვიცოდი. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ორივე არაჩვეულებრივი პიროვნება იქნებოდა, მაგრამ, ბუნებრივია, ასეთი შეხვედრის წინ ყოველთვის ღელავენ ადამიანები. სანამ სალექციო მასალის კითხვას დავიწყებდი, facebook-ი “ჩავსქროლე“ ჩვეულებისამებრ და სანდროს შეტყობინებაც მოვიდა messenger-ში : - „ ხომ გითხარი, ინტერნეტი გათიშეთქო?“ - მწერდა სიცილის ემოციებით. - „ორი წუთით შემოვიხედე და გავთიშავ ახლა“ - დავუბრუნე სწრაფად პასუხი. - „ ორი წუთით მეტი დრო გაგვეტარებინა მერე ერთად, რომ გაიქეცი“ - „ სანდრო, ვუთხრა გოგოებს შაბათის გეგმებზე? აღარაფერი შეიცვლება?“ - „ ჰო, ჰო, უთხარი, რამდენიმე ვარიანტს გაჩვენებ ხვალ და რომელიც მოგვეწონება, დავჯავშნოთ შაბათისთვის, მენიუც ერთად შევათანხმოთ, თორემ დედაჩემსა და მამაჩემს თუ მივანდე ეგ ამბავი, სამსართულიან სუფრას გამიშლიან იქ, თავისი განსხვავებულებით“ - წარმოვიდგინე, როგორ ამბობდა ამას სანდრო და გულიანად გამეცინა. „გაშალონ, მერე, სანდრო, რა გინდა? „ „ კარგი, დანარჩენზე ხვალ ვილაპარაკოთ, ახლა, მიდი, მიხედე შენს საქმეს. მიყვარხარ“ - მომწერა და გულში სითბო ჩამეღვარა. „ მეც ძალიან მიყვარხარ, სანდრო“ - მივწერე და დავემშვიდობე. ყავა მოვიმზადე, სალექციო მასალები დავიწყვე ლეპტოპთან და სანამ კითხვას შევუდგებოდი, ჩათი გავხსენი, გოგოებისთვის უნდა მეთქვა, შაბათის გეგმების შესახებ: - შაბათს არაფერი დაგეგმოთ - მივწერე გოგონებს - ნინა, შენთან ბოდიში - ვუთხარი სვანეთში მყოფ მეგობარს. - რა ხდება? - მკითხა მაშინვე. - სანდროს დაბადების დღეა და რესტორანში მივდივართ, თან მისი მშობლებიც უნდა გავიცნო და ვნერვიულობ - გავანდე ჩემი გულის ტკივილი მეგობრებს. - ვაა, რა ძალიან მაგარი ამბავია, მეც მინდა თქვენთან - მოიწერა ნინამ. - ჩამო, ნინა - უპასუხა მარიამმა - ხომ არ ნერვიულობ დედამთილ-მამამთილთან შეხვედრის წინ ? - მკითხა მეც. - კი - ვუპასუხე სწრაფად- ახლა უნდა გავიდე, ლექციისთვის უნდა მოვემზადო, დანარჩენებიც რომ ნახავენ მონაწერს, გამაგებინეთ პასუხი - გავთიშე ინტერნეტი და მასალების კითხვა დავიწყე. ცოტა ხანში წინ და უკან დავდიოდი, წარმოსახვით სტუდენტებს ვესაუბრებოდი სალექციო მასალის ირგვლივ და ჩემს ცოდნას ვამოწმებდი. ისე გადაცდა შუა ღამეს, ვერაფერი ვიგრძენი, სანდროს ზარმა მომიყვანა აზრზე : - აბა, ლექტორო, მოემზადე ლექციისთვის? - კი, მზად ვარ, ამ წუთას დავამთავრე - მესიამოვნა მისი ყურადღება. - ისე, მეც ხომ არ დაგესწრო? - მკითხა სიცილით. - ისედაც ჩემი მეყოფა, სანდრო, შენებთან შეხვედრაზე ვნერვიულობ და ახლა შენ დამიმატე კიდევ როგორღაც . - რა იყო, ჩემი გრცხვენია? - არა, კი არ მრცხვენია, დავიბნევი რომ შემოგხედავ და სტუდენტებთანაც შევრცხვები - ვუთხარი მოწყენილმა. - კარგი, იყოს, როგორც გინდა, მიდი ახლა, დაწექი და დაიძინე, დაღლილი იქნები, ხვალ გამოგივლი სამსახურის მერე და გავიაროთ ყველა საკითხი ერთად - მითხრა და გამახსენდა, რომ გეგას შევუთანხმდი შეხვედრაზე, როგორღაც უნდა დამეღწია თავი მისგან . - სანდრო, ხვალ მოლში მივდივართ გოგოები, შაბათისთვის რაღაცები უნდა შევარჩიოთ, ცოტა გვიან რომ შეხვდეთ? - მივატყუე პირველად. - მე გაგიყვანთ, არ გინდათ? - არ მეშვებოდა მაინც. - მარიამი იქნება მანქანით და ის გამოგვივლის ყველას, ყველაფერს რომ მოვრჩებით, მერე დაგირეკავ და შევხვდეთ - ვუთხარი და ვნატრულობდი, დამთანხმებოდა. - კარგი, როგორც გინდა, მე მანამდე რესტორნის რამდენიმე ვარიანტს შევარჩევ და ერთად გადავწყვიტოთ, რომ შევხვდებით, მიდი, ახლა, გკოცნი და მიყვარხარ - მითხრა და დამემშვიდობა. გამიჭირდა დაძინება, გარდა უცნაური ღელვისა, განსაკუთრებულ სიხარულსაც ვგრძნობდი, ვიცოდი, ჩემი საჩუქრები ძალიან გაახარებდა სანდროს და ერთი სული მქონდა, მისი სახე მენახა, როცა მისთვის საოცნებო მატჩის ბილეთებსა და საყვარელი ფეხბურთელების ხელმოწერებით გაფორმებულ მაისურს გადავცემდი. ამ ფიქრებში ჩამეძინა. დილით, მაღვიძარას ნაცვლად, სანდროს ზარმა გამაღვიძა : - რა ხდება, ხომ მშვიდობაა, ასე ადრე რომ მირეკავ? - გამოვფხიზლდი უცებ და წამოვდექი შეშფოთებული. - ვიფიქრე, მაღვიძარას ზარის ხმას, ჩემი ხმა აღარ ჯობია-მეთქი? და დაგირეკე, არ მინდოდა შემეშინებინე - მითხრა ოდნავ მოწყენილი ხმით. - ჰო, ცოტა კი შემეშინდა მართლა - ვაღიარე გულწრფელად. - მიდი, გაემზადე და გამოგივლი, ისიც მეყოფა, საღამომდე რომ ვერ უნდა გნახო, სამსახურამდე მაინც მიგიყვან - მეუბნებოდა მზრუნველი ტონით. - ძალიან მანებივრებ, სანდრო, და არ შეიძლება ასე - ვუთხარი და წამოვდექი, ყავისთვის წყალი რომ ამედუღებინა. - სულ ხელის გულზე უნდა გატარო, არ იცი? - მითხრა სიცილით. - არ ვარ წინააღმდეგი - გამეცინა მეც - კარგი, მოვემზადები ახლა უცებ და მალე ჩამოვალ, არ გალოდინებ, მომწერე 5 წუთით ადრე, სანამ მოხვალ, დაგხვდები დაბლა. - ათასჯერ მითქვამს, ლოდინი არ მეზარება და რამდენიც საჭირო იქნება, იმდენს მოგიცდი-მეთქი და შენ მაინც თავ-პირს იმტვრევ, სანამ კიბეებზე ჩამოხვალ - მისაყვედურა სანდრომ. - რა ვქნა, სან, ასეთი ვარ, არც ის მიყვარს, რომ მალოდინებენ და შესაბამისად, არც ის მომწონს, როცა მე ვალოდინებ სხვას - ვუპასუხე და თან ტანსაცმლის შერჩევა დავიწყე. - მერე, მე სხვა ვარ? - კვლავ იცინოდა. - არა, შენ ხარ ერთადერთი და განსაკუთრებული, ცით მოვლენილი და რა ვიცი, კიდევ ბევრი რამ - ავყევი მეც სიცილში. - გეყოფა ახლა, თორემ შევასკდები რომელიმე მანქანას ამდენ კომპლიმენტში. - მოიცა, უკვე გამოხვედი? - შევშფოთდი მე და საათს ავხედე. - მიდი, რა, უცებ მოემზადე და სამსახურამდე ყავის დალევასაც მოვასწრებთ ერთად - შემომაპარა სათქმელი. - ცოტა გვიან გეთქვა ეგ, რა გეჩქარებოდა? - გამეცინა. - შენ ისეთი ხარ, ყველაფერს მოასწრებ, მიდი, ახლა, უცებ ჩაიცვი და მოვალ 10 წუთში უკვე. - ახლა კი ნამდვილად მოგიწევს ცოტა ლოდინი - დავემშვიდობე შეხვედრამდე, ტელეფონი გავთიშე და წინ და უკან დავიწყე ოთახებში სირბილი. 5 წუთის დაგვიანებით ჩავედი, რომ დამინახა, მანქანიდან გადმოვიდა, შავი შარვალი ეცვა, თეთრი პერანგი და მუქი შინდისფერი ჯემპრი მოეხურა მხრებზე, საოცრად სიმპატიური და მიმზიდველი იყო : - სანდრო, ისეთ ფორმაში ხარ, მეც მშურს შენი - ჩავეხუტე და ვაკოცე კისერში. - ოჰო, როგორი კომპლიმენტია შენგან - საპასუხო კოცნა დამიბრუნა მანაც. - კარგი ახლა, სანამ მეზობლებმა გამათხოვეს და ჩემზე ჭორაობა დაიწყეს, ჩავსხდეთ მანქანაში - ავხედე ჩემი კორპუსის ფანჯრებს. - სულაც არ იქნება ჭორი და არც რეალობისგანაა შორს ეგ ამბავი - თვალი ჩამიკრა და მანქანაში ჩაჯდა. ერთიანად ამიხურდა სხეული, გულმა გამალებით დამიწყო ცემა, ღრმად ჩავისუნთქე დეკემბრის ცივი ჰაერი და მანქანაში ჩავჯექი. - გაცივდები, სანდრო, თხლად გაცვია - ვუთხარი მზრუნველი ტონით. - უკანა სავარძელზე მიდევს ქურთუკი - ხელით მანიშნა და მანქანა დაქოქა. - ხო, საერთოდ, ქურთუკები მანქანის სავარძელზე დასატოვებლად იკერება - ვუპასუხე ნიშნისმოგებით და ღვედი შევიკარი. - მაიკო „დვა“ „გაიჩითე“? - დაიწყო სიცილი. - რა სიტყვებია ფილოლოგ ქალთან ? - ავყევი მეც. ვსაუბრობდით ხალისით და მთელი სამყარო ჩვენი გვეგონა. გაცნობის დღიდანვე უამრავი საერთო თვისება აღმოვაჩინეთ ერთმანეთში, პირველ რიგში, ძალიან კარგი მეგობრები გავხდით და უკომპრომისოდ შეგვიყვარდა ერთმანეთი. არ მინდოდა მასთან განშორება, მაგრამ ცხრას 15 წუთი აკლდა უკვე და დროა, წავიდეთთქო, ვუთხარი. სამსახურთან მიმიყვანა, ლოყაზე კოცნის, თმაზე კი მისთვის დამახასიათებელი სურნელი დამიტოვა და წავიდა. - რა ხდება შაბათზე? - ოთახში შესვლისთანავე მკითხა სალომემ - გუშინ ვეღარ მოვახერხე ჩათში რამე დამეწერა, ჩემი სტუმრების გადამკიდე, ხომ იცი, 15 წელია ბიძაჩემი საქართველოში არ ყოფილა და ახლა ოჯახთან ერთად ჩამოვიდა, დავატარებთ აქეთ-იქეთ - დაღლილი სახით მითხრა მეგობარმა. - მეცოდები, დამღლელი დღის შემდეგ კიდევ სხვაგან რომ გიწევს სიარული - გადავხედე სალომეს. - არა, განტვირთვისთვის კი კარგია, მაგრამ სახლში წოლა და ძილი მირჩევნია - აიჩეჩა მხრები. - მზად ვარ, შენი ყველა ლექცია ჩავატარო , შენ მაგაზე არ იდარდო. - ნამდვილი ოქრო ხარ. აბა, სად მივდივართ შაბათს? - მკითხა ინტერესით. - ჯერ არც მე ვიცი, საღამოს უნდა შევხვდეთ და მოვიფიქრებთ ერთად, რამდენიმე ვარიანტი კი ექნება შერჩეული და რომელიმეს ავარჩევთ, გუშინ მეუბნებოდა, დედჩემსა და მამაჩემს რომ მივანდო ეგ ამბავი, სამსართულიან სუფრას გამიშლიანო - ჩავრთე კომპიუტერი და შესასრულებელ სამუშაოებს გადავავლე თვალი. - ძალიან საყვარლები იქნებიან, ეჭვიც არ მეპარება - გამამხნევა სალომემ. - ჰო, მეც ეგრე მგონია, მაგრამ მაინც ვნერვიულობ, ხომ გესმის. - აუ და რა უნდა ვაჩუქოთ? გუშინდელის მერე ვფიქრობ და ჯერ ვერაფერი მოვიფიქრე. - უი, საჩუქარზე გამახსენდა, დღეს გეგას უნდა შევხვდე, რაღაც გეგმები კი მქონდა, მაგრამ ამ სიტუაციაში აღარ გამოდის და რამე ახალი უნდა მოვიფიქროთ, ოღონდ სანდრომ იცის, რომ გოგოები მოლში მივდივართ რაღაცების საყიდლად და იმედია ტყუილში არ გამომიჭერს, სხვებიც უნდა გავაფრთხილო. - კარგი, რა, საიდან გაიგებს ? - ხომ იცი, ყველაფერი მე უნდა დამემართოს, რომელიმეს არ გადაგაწყდეთ შემთხვევით ქუჩაში . - საჩუქარი ჩამოვიდა? - გადმომხედა ინტერესით სალომემ. - პარასკევს აქ იქნებ უკვე, საღამოს, თუ არა და შაბათს დილით მაინც, მე უფრო მიხარია, მგონი - გამახსენდა სანდროს საჩუქარი და მოუსვენრობა დამეტყო. - ისე, როგორ იმეტებ მაგ მაისურს სანდროსთვის? - მითხრა სიცილით. - იმედი მაქვს, მომავალში, ორივესი იქნება - თვალი ჩავუკარი მეგობარს. სამუშაო დღე უცებ გავიდა, უკვე 7 საათი ხდებოდა, გეგამ რომ დამირეკა და მითხრა, 10 წუთში შენს სამსახურთან ვიქნები და სადმე დავსხდეთო. საშინელი წვიმა წამოვიდა, ახლომდებარე კაფეს შევაფარეთ თავი და სანდროს დაბადების დღის გეგმებზე დავიწყეთ საუბარი : - მოდი, ჯერ რამე შევუკვეთოთ, რა, მგელივით მშია - დაიჭყანა გეგა. - მე ყავას დავლევ მარტო, ჩვენი ერთ-ერთი თანამშრომლის დაბადების დღე იყო დღეს და სუფრა „იკისრა“ სამსახურში - ვუთხარი გეგას. - ოხ, შენ უნდა თქვა, ვმუშაობო, აბა, მე ამომხდა სული მშიერს - ჩვეულ ხასიათზე იყო გეგა. პიცა, ცეზარი და ბოსტნეულის სალათი შეუკვეთა მიმტანს : - გეგა, ეს ყველაფერი შენ უნდა შეჭამო? - გადავხედე სიცილით. - ჰო, თუ რამე, მერე დავამატოთ კიდევ - არ წყვეტდა ხუმრობას. - გეგა, სანამ მთავარ თემაზე გადავალთ, ერთი კითხვა მაქვს - შევაპარე გეგას სათქმელი. - მითხარი მერე, რა გვერდიდან მივლი - გამომხედა და ხელებს დაეყრდნო. - შენი და მარის ურთიერთობაზე მინდა, გკითხო. სერიოზულად უყურებ ამ ამბავს? - გული მიგრძნობდა, ეს უნდა გეკითხა - მითხრა და წყალი დაისხა. - ჰო, საწყენად არ გეუბნები, მაგრამ მარის ძალიან კარგად ვიცნობ და შენც გაგიცანი ასე თუ ისე, მისი გრძნობები რომ გულწრფელია, ეჭვი არ მეპარება, აი, შენგან კი მინდა, გავიგო, რას აპირებ - დამისერიოზულდა ტონი. - სოფო - დაიწყო ნერვიულად საუბარი - არ ვიცი, რა აქვს სანდროს ჩემზე მონაყოლი, მაგრამ მე გეტყვი, რომ აქამდე უამრავი ურთიერთობა მქონდა, ერთღამიანი, ერთთვიანი და ასე შემდეგ, მაგრამ არც ერთი სერიოზული. გულწრფელად მინდა გითხრა, რომ ამ ურთიერთობას ყველაზე სერიოზულად ვუყურებ მათ შორის, რაც კი მქონია. პირველად მოხდა ისე, რომ მომავალზე დავიწყე ფიქრი და მხოლოდ დღევანდელი დღით არ ვცხოვრობ. არ მინდა, რამე ცუდად გავაკეთო, რამით ვაწყენინო, გული ვატკინო. ხანდახან მეც ვერ ვცნობ ჩემს თავს - თქვა და წყალი დალია. - ეს ხომ ძალიან კარგია - გავუღიმე ბიჭს. - ჰო, მეც მგონია, რომ კარგია, დანარჩენს დრო გვიჩვენებს, მენდე, ისეთს არაფერს გავაკეთებ, მარის რომ გული ვატკინო, მითუმეტეს შენი მეგობარია და ამას ვიკადრებ, არ გცხვენია? - დაუბრუნდა ძველებური ხასიათი. - კარგი, ახლა მთავარზე გადავიდეთ, ერთი იდეა მაქვს და შენი დახმარება მჭირდება - ვუთხარი გეგას. - გისმენ, აბა, გამანდე შენი ფარული ზრახვები - სალათის ჭამას შეუდგა გეგა. - მოკლედ, მანქანაში ჩაჯდომისთანავე მუსიკას რთავს, ხომ იცი და ჩუმად დისკი უნდა შეუცვალო. - ოჰო, ეს უკვე რაღაც საინტერესოა - შეწყვიტა ჭამა და ამომხედა. - ჰო, პარასკევს არ მივულოცავ, როგორ უნდა მოვითმინო, არ ვიცი, მაგრამ ეგონოს, რომ დამავიწყდა. - და მე, რა თქმა უნდა, არ უნდა მოვისმინო, რა იქნება დისკზე ჩაწერილი. - როგორ მიყვარს მიხვედრილი ადამიანები - გავუცინე გეგას და განვაგრძეთ საუბარი. იმ საღამოს სანდრო არ მინახავს, დეიდაჩემი და ბიძაჩემი მოვიდნენ და მაიკო არ მიშვებსო, მომწერა. შემომთავაზა, იქნებ დღესვე ამოხვიდე და ბარემ სანერვიულოც უცებ მოგეხსნებაო, მაგრამ ვერ დამითანხმა. საკმაოდ დაღლილი ვიყავი, სახლში რომ მივედი, წყალი გადავივლე და მალევე დამეძინა. სანდროს დაბადების დღემდე დარჩენილი დღეები უცებ გავიდა. პარასკევ საღამოს არ შევხვდი, ხვალისთვის მოსამზადებელი ვარ და ბევრი საქმე მაქვსთქო, მოვიმიზეზე. სამსახურიდან გამოსულმა მისი საჩუქარი ავიღე და მაღაზიაში გავიარე, ყუთი რომ შემერჩია. მინდოდა, დანახვისთანავე, ეჭვიც კი არ გასჩენოდა, რა შეიძლებოდა ყოფილიყო შიგ და სპეციალურად ავარჩიე სადა ფერის, არაფრისმთქმელი შავი ყუთი. ისე მოვათავსე საყვარელი ფეხბურთელების ხელმოწერებით გაფორმებული მაისური ყუთში, თითქოს რაიმე განძი მჭეროდა ხელში. ზემოდან კი რეალი-ბარსელონას მატჩის ბილეთი დავადე. ისიც კონვერტში იდო და ვერც იმის გამოცნობას შეძლებდა, რა შეიძლებოდა ყოფილიყო შიგ. საათს ავხედე და უკვე 12 საათი შესრულებულიყო. ვერაფრით ვისვენებდი, თითქოს რაიმე დანაშაულს ჩავდიოდი, რომ არ ვურეკავდი და არც ვწერდი, მაგრამ სხვა გზა არ იყო, უნდა მომეთმინა. *** 12 საათი რომ შესრულდა, კარზე ზარის ხმა იყო და წამოვდექი გასაღებად. ზღურბლზე ზურა, მაიკო, გეგა, თორნიკე და ლიკა იდგნენ. ტორტით, შამპანურებითა და უამრავი პარკით ხელში. - გილოცავთ - დაიძახა გეგამ ხმამაღლა და ბრჭყვიალა ქაღალდების წვიმა მოავლინა ჩემს თავზე. - ვახ, როგორი სიურპრიზია, მადლობა - ვუთხარი და მორიგეობით ჩავეხუტე ყველას. - ეჰ, დამიბერდი, ჩემო ბიჭო, უკვე გულიც გიჩუყდება ასეთ შეხვედრებზე - დამეჭყანა გეგა და თვალსმომდგარი ცრემლის მოწმენდის იმიტაცია გააკეთა. - გილოცავ, დედი, ყველაფერი გაქვს, რაც შეიძლება გისურვო და ერთს გთხოვ, ამ წელს მაინც დაგვაყენე საშველი, მოიყვანე ცოლი და შვილიშვილები გაგვიჩინე - მითხრა მაიკომ და ჩამეხუტა. - დედაშენი არ იცვლება - მხარზე ხელი დამარტყა მამამ. - ჰო, როგორც არასდროს, ისე ახლოსაა შენი სურვილი ასრულებასთან - თვალი ჩავუკარი მაიკოს. - თქვენი დაბრძანდით, მაია დეიდა, მე მივხედავ ყველაფერს - გადახედა მაიას ლიკამ და პარკებიდან პროდუქტების ამოლაგებას შეუდგა. - დღეს ნუ გამწყვიტავთ წელში, ხვალისთვისაც შევინახოთ თავი - გადავხედე მუდარით მეგობრებს. გამუდმებით ტელეფონს დავყურებდი, მეგონა, სოფო მომილოცავდა პირველი, ის კი არ ჩანდა, არც შეტყობინება მოუწერია. არ მინდოდა, მე შემეხსენებინა ჩემი დაბადების დღე და გავჩერდი, იქნებ, არ ახსოვს, ან სულაც, რაიმე აქვს ჩაფიქრებულითქო, ვიფიქრე. საკმაოდ გვიანი იყო, სტუმრები რომ გავაცილე, წაბლისფერთმიანისგან ისევ არაფერი ისმოდა. წყალი გადავივლე და დასაძინებლად წავედი. დილით ადრე გამეღვიძა და მაიკოსთან ჩავედი : - მოვიდა ჩემი იუბილარი - კიდევ ერთხელ მაკოცა მაიამ. - შენ ისეთი ქალი ხარ , „ნაბეღლავი“ გექნება მაცივარში - შევხედე მუდარითსავსე თვალებით. - კი, დედი, ახლავე მოგიტან - მითხრა და მაცივრისკენ წავიდა. სოფოსგან ისევ არაფერი ისმოდა. გამიკვირდა, მაგრამ არ ვიმჩნევდი. მაიკომ ყავაც დამალევინა და წამოვდექი, რესტორანში უნდა შემეთანხმებინა ბოლო დეტალები. მოწყენილმა ჩავირბინე კიბის საფეხურები, მაქანაში ჩავჯექი, დავქოქე და ჩვეულებისამებრს, მუსიკა ჩავრთე, იქნებ გემოვნებიან ჰანგებს მაინც მოვეყვანე ხასიათზე. უცნაური შიშინი გაისმა, დისკის შეცვლას ვაპირებდი, მოულოდნელად სოფოს ხმა რომ გაისმა : „ალბათ, გაკვირვებული და ცოტა ნაწყენიც ხარ, აქამდე რომ არ მოგილოცე. ვფიქრობ და ჩემს თავს რომ წარმოვიდგენ პარასკევს საღამოს, უკვე ხელები მექავება, არ ვიცი, როგორ მოვითმენ, რომ არ დაგირეკო, არ მოგილოცო და არ გითხრა, როგორ ძალიან მიყვარხარ. შენი პირველი დაბადების დღეა, რომელსაც ერთად ვხვდებით, და არ მინდა, ბანალური „გილოცავ, მრავალს დაესწარით“ შემოვიფარგლო. ბევრი ვიფიქრე, როგორ მომელოცა, რა მეთქვა შენთვის და მხოლოდ ამის მოფიქრება მოვახერხე თან არ ვიცი, რის თქმას მოვახერხებდი, თუ პირადად გნახავდი და შენს თვალებში ჩავიძირებოდი. პირველ რიგში, ჩემს თავს ვულოცავ, შენ რომ გაჩნდი ამ ქვეყნად, რომ შემხვდი და იმის ბედნიერება მაქვს, ყოველ დღე გიყურო, გისმინო და ბევრი რამ ვისწავლო შენგან. როცა შენზე ვფიქრობ, მუხრან მაჭავარიანის ის ლექსი მახსენდება, ერთისთვის რომ ერთი არსებობს მხოლოდ, იცი, ალბათ შენც : ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ! - იმ ერთის პოვნის თუ გახდი ღირსი!.. არაერთს ისე მოეღო ბოლო, თვალიც ვერ მოჰკრა გაჩენილს მისთვის. ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ!.. სად არის იგი! - ეს ღმერთმა იცის! იმ ერთის ხილვის, იმ ერთის პოვნის, - ათასში ერთი გამხდარა ღირსი! ასე პოეტურად და ფილოლოგიურად მოულოცავს ვინმეს შენთვის? ეჭვი მეპარება. მინდა გახსოვდეს, რომ მუდამ გეყოლება ჩემი სახით ცხოვრების საიმედო თანამგზავრი. ყოველთვის გამოვნახავ იმის დროს, რომ მოგისმინო, გაგამხნევო, მხარზე თავი დაგადო და გაგრძნობინო, რა ბედნიერებაა შენ გვერდით ყოფნა. სულ რომ ათასი მდინარე ჩაეტიოს ჩვენ შორის, გიპოვნი, ხმას მაინც გაგაგონებ და გეტყვი, როგორ ძალიან მიყვარხარ. ცხოვრებაში პირველად, სიტყვებს ვეღარ ვპოულობ, ვერ გამოვხატავ, რას ვგრძნობ შენ მიმართ. მგონი, უკვე ცრემლებიც მერევა და დროა, დავასრულო ეს მონოლოგი. რომ წარმოვიდგენ, ახლა როგორი ბედნიერი სახე გაქვს, ტანში ჟრუანტელი მივლის და მინდა, ჩაგეხუტო. მიყვარხარ, სანდრო ! დანარჩენი საღამოს გავაგრძელოთ.“ დისკი გაითიშა და მანქანაში სიჩუმემ დაისადგურა. არ მახსოვს, როდის ვიტირე ბოლოს. ახლა კი ნამდვილად ვტიროდი. ვტიროდი, ოღონდ ბედნიერებისგან და არ ვიცოდი, საიდან დავიმსახურე ამხელა სიყვარული. სასწრაფოდ ავკრიბე სოფოს ნომერი და მისი ხმის გაგონებას დაველოდე, გაბმული ზუმერის შემდეგ : - სანდრო, გილოცავ ! - მითხრა სიყვარულითსავსე ხმით. - სოფო, არ ვიცი, რა გითხრა - საკუთარ ხმას ვერ ვიმორჩილებდი, მაგრამ ეს არ მადარდებდა ახლა. - მოგეწონა? - ასე ორიგინალურად და სიყვარულით, ჯერ არავის მოულოცავს ჩემთვის, ეჭვიც არ შეგეპაროს. - ძალიან მიყვარხარ, სანდრო - მითხრა ბედნიერი ხმით. - შენ ის არ იცი, მე როგორ მიყვარხარ - ვუპასუხე აღელვებულმა. - გაგიკვირდა, წუხელ რომ არ დაგირეკე? - ჰო, ჯერ ვიფიქრე, დაავიწყდა-მეთქი, ბოლოს შემეშინდა, ცუდად ხომ არ იყავი, ცოტაც და დარეკვას ვაპირებდი უკვე. - ძლივს მოვითმინე, რომ არ დამერეკა, მაგრამ ასეთი იყო გეგმა და ვერ გადავუხვევდი - დაიწყო თავის მართლება. - და როდის მოასწარი ამ დისკის ჩადება? -დავინტერესდი მე. - გეგას დახმარებით. - ჰო, ეჭვიც არ მეპარებოდა - ვუთხარი სიცილით. - წუხელ არ აღნიშნეთ? - კი, როგორც კი 12 საათი გახდა, მაიკო, ზურა და ბიჭები დამადგნენ ტორტითა და შამპანურებით, დავლიეთ ცოტა. - ოხ, მოგისწრიათ უკვე ქეიფი. - არა, უშენოდ ხიბლი არ ჰქონდა, ხომ იცი, ნამდვილი მოლხენა საღამოს გველოდება. - სანდრო, ძალიან ვნერვიულობ - მითხრა სოფომ ანერვიულებული ხმით. - მე შენ გვერდით ვიქნები და ყველაფერი კარგად იქნება, ეჭვიც არ შეგეპაროს. ჩემები დაუსწრებლად გიცნობენ და ძალიან უყვარხარ უკვე ორივეს, არ იცი? - ვცდილობდი მის დამშვიდებას. - ჰო, ვიცი, მაგრამ მაინც. რას აკეთებს ახლა ჩემი იუბილარი? - რესტორანში მივდივარ, რაღაცები უნდა შევათანხმო და გამოგივლი მერე თუ გინდა - შევთავაზე შეხვედრა წაბლისფერთმიანს. - არა, სანდრო, ძალიან ბევრი საქმე მაქვს, ჯერ სალონში ვარ ჩაწერილი, მერე მაკიაჟი უნდა გავიკეთო, ჩავიცვა, დრო ისე გამეპარება, ვერც შევამჩნევ. ახლა რომ გნახო, ყველაფერი დამავიწყდება, ვიცი, ჩემი თავის ამბავი - მითხრა სიცილით. - ეს ქალური ამბები - ჩავილაპარაკა უკმაყოფილოდ - საღამოს ვერ დააღწევ ჩემგან თავს, იცოდე - ვუთხარი ნიშნისმოგებით. - არც მაქვს მაგის სურვილი - მითხრა სიცილით და დამემშვიდობა საღამომდე. დრო ძალიან ნელა გადიოდა, წინდა უკან დავდიოდი უაზროდ. უკვე რვის წუთები იყო, მაიკომ რომ შემომაკითხა საგულდაგულოდ დაუთოებული ტანსაცმლით და შემახსენა, ჩაიცვი, თორემ დაგვაგვიანდებაო : - მაი, შენ და ზურა ერთად წადით მანქანით, მე სოფოს გავუვლი და ერთად მოვალთ - ვაკოცე მაიას ლოყაზე. - ერთი სული მაქვს, როდის გავიცნობ ჩვენს გოგოს - ღიმილით გადმომხედა. - ოჰო, უკვე ჩვენი გახდა? - ჰო, აბა, რა ! დღეიდან მარტო შენი კი არა, ჩვენი იქნება და მოგიწევს მისი სიყვარული ჩვენც გვიწილადო. - საოცნებო დედამთილი იქნები, ეჭვიც არ მეპარება - გავხედე სიცილით. - ოღონდ ეგ მაღირსე და ზე-დედამთილი ვიქნები - ამყვა სიცილში დედაც. გასვლისას სარკეში საკუთარი თავი შევათვალიერე და კმაყოფილი დავრჩი. თითქმის სოფოს სახლთან ვიყავი უკვე, რომ დავურეკე, მალე მოვალთქო. ჩამოვიდა, დავინახე და გული სიამაყით ამევსო, საოცრად ლამაზი იყო. ვერცხლისფერი, უამრავი მანათობელი თვლით მორთული კაბა ეცვა და თავადაც ანათებდა : - როგორი ლამაზი ხარ - ვუთხარი გულწრფელად. - ამ დღის მთავარი გმირი შენ ხარ, ვერავინ დაგჩრდილავს - ჩამეხუტა. - შენ ფონზე ცოტა ეჭვი კი მეპარება, მაგრამ ვეცდები - გამეცინა მე. - გოგოებს ველაპარაკე და ცოტა ხანში რესტორანთან ვიქნებითო, მითხრეს. - ძალიან კარგი, ზურას და მაიკოს ველაპარაკე ახლა და მივიდნენ უკვე. დღის მთავარი შეხვედრა წინ გველოდება - ჩავუკარი თვალი და შევახსენე მოსალოდნელი შეხვედრა. - ჰო, მაგას რა დამავიწყებს - თქვა ანერვიულებული ხმით. - მაიკო უკვე მეცილება შენს თავში, დღეს გვერდიდან არ მოგშორდება. რესტორანთან რომ მივედით, საგრძნობლად ეტყობოდა სახეზე ნერვიულობა. ხელი ჩავჭიდე და ვაგრძნობინე, რომ მის გვერდით ვიყავი და ყველაფერი კარგად იქნებოდა. დარბაზში რომ შევედით, მაიკოს სახე გაუნათდა, სოფოს დანახვისას. სიტყვის თქმაც არ მქონდა დასრულებული, მაგრად რომ ჩაიკრა გულში. ზურამაც თბილად მოიკითხა და უკვე ვიცოდი, რომ აღარ ნერვიულობდა. ყველაფერი არაჩვეულებრივად იყო, გეგამ რომ გამოაცხადა, ახლა საჩუქრების დრო დადგაო. მთავარი საჩუქარი ასეთი ადამიანების გვერდით ყოფნა იყო, მაგრამ მაინც მაიძულეს, მორიგეობით გამეხსნა მათი საჩუქრები. არ დავმალავ და ყველაზე მეტად სოფოს საჩუქარი მაინტერესებდა. იმას ნამდვილად არ ჰქონდა მნიშვნელობა, ძვირადღირებული იქნებოდა თუ არა, მთავარი იყო, გულით ყოფილიყო შერჩეული. სოფომ შავი ყუთი გამომიწოდა და გეგამ კამერა ჩართო : - იმედი მაქვს, გაგიხარდება - გამიღიმა წაბლისფერთმიანმა. - ასიანში მოარტყი, რძალო - გადმოსძახა გეგამ. ყუთი გავხსენი და კონვერტი მომხვდა თვალში. ამოვიღე, გავხსენი და ემოციების მწვერვალზე აღმოვჩნდი. შიგ რეალი-ბარსელონას მატჩის ორი ბილეთი იდო: - სოფო, არ მჯერა - სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი - არ ვიცი, რა გითხრა, ყველაზე საოცარი ადამიანი ხარ, ვინც ჩემს ცხოვრებაში არსებობს - მაგრად ჩავეხუტე წაბლისფერთმიანს. - მთავარი წინ გელოდება - მანიშნა გეგამ ყუთზე და უკეთესი რა უნდა იყოს-მეთქი, ვთქვი. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ყუთიდან მადრიდის რეალის ფორმა ამოვიღე და მასზე საყვარელი ფეხბურთელების წარწერები შევნიშნე : - არაა, ეს ნამდვილია? არ მეჩვენება? - ახლა ნამდვილად შოკში ვიყავი. - ნამდვილია, სანდრო, შემიძლია, თავი დავდო - მიპასუხა სოფომ ბედნიერი ხმით. ხელში ავიტაცე და იმდენ ხანს ვატრიალე ჰაერში, სანამ მეც თავბრუ არ დამესხა: - საოცარი გოგო ხარ და რა მაგარია, ჩემთვის რომ გაჩნდი. დავსვი მიწაზე და თავში ერთი აზრი მომივიდა, რომელიც უნდა განმეხორციელებინა. მიკროფონთან მივირბინე და ხმამაღლა წავუკითხე სოფოს ის ლექსი, დილით თვითონ რომ მიყვებოდა. ვუყურებდი და ვხედავდი, როგორ მოსდიოდა თვალებიდან ცრემლები. ახლა ნამდვილად ვიცოდი, რომ სწორი იქნებოდა ყველა გზა, რომელსაც ერთად გავივლიდით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.