იღბლიანი შეცდომა (თავი მეთექვსმეტე)
კარგა ხანს გამყვა ის დადებითი მუხტი, დაბადების დღეზე რომ მივიღე გარშემო მყოფებისგან. როცა სოფოსა და მის საჩუქარს ვიხსენებდი, მადლობელი ვიყავი ბედის, რომ იმ თითქოს და ჩვეულებრივ, მაგრამ, ამავდროულად, გამორჩეულ და განსაკუთრებულ დღეს მასთან შემახვედრა. ჰო, სოფო ბედის საჩუქარი იყო ჩემთვის. აი, ასე, მოულოდნელად გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში და ყოველ დღე უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი, რომ არც ერთ დღეს აღარ გავატარებდი მის გარეშე. ვერ ვხვდებოდი, რანაირად შეიძლებოდა ყოფილიყო ერთდროულად ასე უბრალო და გულშიჩამწვდომი. არ მინდოდა, ეფიქრა, რომ ვჩქარობდი და რაიმეს ვაძალებდი, მაგრამ ყოველ დღე მეტად მინდოდა ამ ურთიერთობას ოფიციალური სახე მიეღო და მის მშობლებსაც სცოდნოდათ, რომ მათი შვილის ცხოვრებაში არსებობდა ისეთი მამაკაცი, რომელიც მუდამ მის გვერდით იქნებოდა. სამსახურიდან გასვლამდე მაიკოს შევუარე და წოდორეთის ნაკვეთის საბუთების მოძებნა ვთხოვე : - რამე ხდება და არ ვიცი? - გადმომხედა ღიმილიანი სახით მაიკომ. - ჰო, შეიძლება ასეც ითქვას - დავუბრუნე პასუხი ისე, საბუთებიდან თავი არ ამიწევია. - რამდენი წელია ამ ნაკვეთის ხსენებაც არ გინდა და ასე უცებ რა მოხდა? - ინტერესს ვერ მალავდა დედა. - ჰო, რაღაც გეგმები მაქვს და დღეს სხვა არქიტექტორებთანაც მინდა კონსულტაცია გავიარო. მგონი, დროა, ოცნების სახლის მშენებლობა დავიწყო - თვალი ჩავუკარი მაიკოს, წამოვდექი და სამსახურში წასვლა დავაპირე. - ეს ამბავი დღითიდღე უფრო მომწონს, შენს თვალებს ის ნაპერწკალი დაუბრუნდა, ამდენი ხნის მანძილზე ჩამქრალი რომ იყო. არა, ძველი სანდრო ნამდვილად აღარ ხარ. ბევრად უკეთესი გახდი და ეს ძალიან მახარებს. გული მიგრძნობს, ყველაფერი სოფოს დამსახურებაა. - მაიკო, ზურა გავიდა უკვე? - უცებ ერთი კარგი იდეა მომივიდა და მის განხორციელებაში ზურას დახმარება მჭირდებოდა. - არა, დედი, აბაზანაშია ჯერ, მაგრამ მალე აპირებს გასვლას, რამე საქმე გაქვს? დაელოდე, წესით, მალე უნდა გამოვიდეს უკვე. - კარგი, დაველოდები, მაგრამ ჯერ სამსახურში დავრეკავ, გავაფრთხილებ, რომ აუცილებელი საქმე გამომიჩნდა - ვთქვი და თანამშრომლის ნომერი ავკრიფე. ზურას მოლოდინში წინ და უკან დავდიოდი, გული გამალებით მიცემდა და ძალიან მინდოდა, ყველაფერი ისე გამოსულიყო, როგორც ჩავიფიქრე. სოფოს მოსალოდნელი რეაქცია, ცოტა, მაფიქრებდა, მაგრამ მის გრძნობებში ისევე ვიყავი დარწმუნებული, როგორც ჩემსაში და ეს მაძლევდა იმედს. უცებ ძალიან მომინდა მისი ხმა გამეგონა და გაუაზრებლად ავკრიფე მისი ნომერი : - ცოტა ხნის წინ კი გელაპარაკე, მაგრამ მომენატრე და ვეღარ გავძელი - ვიმართლებდი თავს მის წინაშე. - სანდრო, ნუ მელაპარაკები ასე, თორემ გავუცდენ ახლა ლექციას სტუდენტებს და შენს სანახავად გამოვალ. - აუ, მიდი, რა, არ შეიძლება, ლექტორებიც რომ დადიოდნენ „შატალოზე“ ? გამოიპარე ჩემთან - ვთხოვე წაბლისფერთმიანს. - ახლა არ გამოვა, სანდრო, ხომ იცი, სალომეს ლექციასაც მე ვატარებ და ვერ დავაღალატებ, შევპირდი - მოიწყინა ჩემმა ლექტორმა. - არაუშავს, საღამოს ხო მაინც უნდა გნახო - დამიტკბა ხმა ისევ. - ჰო, საღამოს, კი, აუცილებლად. - კარგი, მიდი, მიხედე შენს საქმეს და გახსოვდეს, რომ ძალიან მიყვარხარ. - მეც ძალიან მიყვარხარ, სანდრო - მითხრა და გამითიშა ტელეფონი. - სანდრო, გამოვიდა მამაშენი სააბაზანოდან - გამომძახა მაიკომ და ზურას ოთახისკენ წავედი. - აბა, რაშია საქმე? დახმარება გინდა რამეში? - მიმიხვდა ზურა ჩანაფიქრს. - ჰო და არ მიღალატო - გავეხუმრე მამას. - მუდამ თქვენს სამსახურში მიგულეთ - თვალი ჩამიკრა ზურამ. - ერთი ბოთლი ღვინო მინდა, მამა, განსაკუთრებული. ყველაზე კარგი რომელიც გაქვს, ის ჩამომისხი. დიზაინს დაგიხატავ და მაილზე გამოგიგზავნი. ხვალ მინდა, რომ მზად იყოს - გადავხედე ზურას. - ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდა - გამიღიმა მამამ - რამე განსაკუთრებული ხდება? - შემომხედა ეჭვის თვალით. - სოფოს ცოლობა უნდა ვთხოვო - გავუმხილე ჩანაფიქრი. - ვახ, რას მოვესწარი, როგორ გაიზარდა ჩემი ბიჭი, რა დრო დადგა - მითხრა ზურამ და შევნიშნე, როგორ ჩაუდგა თვალებში ცრემლი. - ჰო, ამჯერად ვიცი, ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება, რაც ცხოვრებაში მიმიღია. - დაივიწყე, სანდრო, ძველი იმედგაცრუება და მომავალს იმედით შეხედე. ხომ დარწმუნებული ხარ ამ ნაბიჯში? - მომიახლოვდა ზურა. - ისე, როგორც არასდროს - გავხედე მეც ღიმილით. - ბედნიერი იყავი, შვილო, სხვა ჩვენ არაფერი გვინდა - მხარზე ხელი დამარტყა მამამ. - ვიქნები , ზურა, დარწმუნებული იყავი. - რა ხდება, რას ჩურჩულებთ მამა-შვილი ? - ოთახში თავი შემოყო მაიკომ. - კვდება ინტერესით, ამის ამბავი რომ ვიცი - ჩაიცინა ზურამ. - მგონი, იმსახურებს, გაიგოს, რა ხდება - გადავხედე მე მამას. - ჰო, მეც ასე მგონია - სწრაფად დამიბრუნა პასუხი მანაც. - რა ხდება, გამაგებინეთ - კოპები შეყარა მაიკომ. - დედა, სოფოს ხელი უნდა ვთხოვო - გავუმხილე მასაც ჩანაფიქრი. სახე შეეცვალა, პირზე ხელი აიფარა, მერე ჩემსკენ წამოვიდა და გადამეხვია, ტიროდა და ლაპარაკიც უჭირდა : - სანდრო .. - ცდილობდა რაღაც ეთქვა, მაგრამ ხმა ჩაუწყდა. - დედა, არ იტირო, რა, კარგ ამბავს გეუბნები, ცუდს ხომ არა? - ვუსაყვედურე მაიკოს. - ეს სიხარულის ცრემლებია, დედი - თავს იმართლებდა ქალი. - გახსოვს, დაგპირდი, ამიერიდან მხოლოდ სიხარულის ცრემლები იარსებებს ჩვენს ცხოვრებაშითქო და ვასრულებ დანაპირებს. სახლიდან გამოსვლისას კიდევ ერთხელ შევავლე მშობლებს თვალი და თითქოს, ზურგიდან უზარმაზარი ტვირთი მომეხსნა. მათ თვალებს ის ნაპერწკალი დაუბრუნდა, აქამდე რომ ჩამქრალი მეგონა. მათაც ჩემთან ერთად განიცადეს ყველა ტკივილი, რომელიც წარსულში გადავიტანე. მხედავდნენ, როგორ მეცლებოდა ძალა დღითიდღე და როგორ იქცა მხიარული და ბედნიერი სანდრო გულჩათხრობილ და ჩაკეტილ ბიჭად. მეც მიძნელდებოდა მათი ამ დღეში დანახვა, მაგრამ სხვაგვარად მოქცევა არ შემეძლო. მათ კი არა, საკუთარ თავსაც ვერ ვატყუებდი, რომ ერთ დღესაც ჩაივლიდა ეს ყველაფერი და უკეთესობისკენ შეიცვლებოდა რეალობა. მაშინ, წარსულში, ყველაფრის იმედი დაკარგული მქონდა და ერთადერთ შვებას საქმის კეთებაში ვხედავდი. დღე და ღამ სამსახურში ვიყავი და საკუთარ თავზე ვიღებდი ჩემს თუ სხვის საქმეს. სწორედ ამან გადამარჩინა. იმან, რომ სამსახურის გარდა არაფერზე ფიქრის დრო აღარ მრჩებოდა. ამ ყველაფრის შემდეგ დიდი დრო გავიდა, სოფომ ყველა სევდა განდევნა ჩემგან, სიცოცხლის ხალისი დამიბრუნა და მაჩვენა, რომ მომავალი იმაზე უკეთესი შეიძლება იყოს, ვიდრე წარმოვიდგენთ ხოლმე. დღეს, ზუსტად მომავლის იმედი დავინახე ჩემი მშობლების თვალებში და თავი ბედნიერად ვიგრძენი, მათთვის ისევ რომ შევძელი სიხარულის მინიჭება: - თამაზ, დილა მშვიდობის - მივესალმე ჩემს ერთ-ერთ ხელმძღვანელს. - დილა მშვიდობის, სანდრო - მიპასუხა თბილი ხმით. - თამაზ, ორი დღით მინდა გაგეთავისუფლო სამსახურიდან, რაღაც აუცილებელი საქმე გამომიჩნდა, რომლიც გადადებაც არ შემიძლია. - ხომ მშვიდობაა, სანდრო, ასეთი რამ არასდროს გითხოვია, როცა მე გთხოვდი, ცოტა დაისვენე და შენს თავს მიხედე-მეთქი, მაშინაც კი არ გითხოვია გაშვება. - მშვიდობაა, თამაზ, მშვიდობაა და მშვიდობაზე მეტიცაა კიდევ - ჩამეცინა მე. - კარგი ამბისთვის გჭირდება ეს ორი დღე, იმედი მაქვს, ხომ? - ჩამეკითხა კაცი. - კარგი კი არა, ძალიან კარგი და განსაკუთრებული ამბისთვის, ყველაფერს რომ მოვაგვარებ და „თავი ქუდში მექნება“, დაწვრილებით მოგიყვები - ვუთხარი თამაზს და დავემშვიდობე ორი დღით. მანქანის უკანა სავარძელზე ლეპტოპს გადავხედე და წოდორეთისკენ ავიღე გეზი. ძალიან დიდი ხანია, აქ აღარ ამოვსულვარ, ცუდ მოგონებებს მიშლიდა ხოლმე ყველა იმ გეგმაზე ფიქრი, ამ სახლს რომ უკავშირდებოდა. იმ დროს მახსენებდა, თათიასთან ერთად მომავალს რომ ვაწყობდი, ისიც კი გათვლილი გვქონდა, სად რომელი ოთახი უნდა ყოფილიყო. უცებ ჩემი თანამშრომლის შემოთავაზება გამახსენდა, რამდენიმე თვის წინ ხუმრობით მითხრა, წოდორეთის ნაკვეთს წყნეთის ნაკვეთში გაგიცვლიო, მოგვიანებით დასერიოზულდა, მთლად ხუმრობა არ ყოფილა ჩემი შემოთავაზებაო, მაგრამ მაშინ ეს საკითხი არ მადარდებდა. სახლის აშენებაზე ფიქრიც კი შეწყვეტილი მქონდა. კახას ნომერი ავკრიფე და მის პასუხს დაველოდე : - გისმენ, სანდრუშ - მიპასუხა მხიარული ხმით. - კახა, როგორ ხარ? -კარგად, სანდრო, შენ როგორ ხარ? - რა ვიცი, არამიშავს. კახა, რაღაც საქმე მაქვს შენთან და თუ ისევ გსურს, მერე შევხვდეთ და ვისაუბროთ დეტალებზე - გადავედი პირდაპირ საქმეზე. - გისმენ, აბა, რა ხდება? - დაინტერესდა ბიჭი. - რამდენიმე თვის წინ ნაკვეთების გაცვლა მთხოვე, გახსოვს? - კი, როგორ არ მახსოვს, მაგრამ მაშინ შენ მაგ საკითხზე ლაპარაკიც არ გინდოდა, ახლა რა მოხდა? - მოკლედ, რაღაცები შეიცვალა და მაინტერესებს, ისევ მაგ აზრზე ხარ? - ვკითხე და მოუთმენლად დაველოდე მის პასუხს. - კი, სანდრო, სიამოვნებით. იმის თავი ახლა ნამდვილად არ მაქვს, წყნეთის ნაკვეთი გავყიდო და ახალი ვიყიდო. თუ შენ თანახმა იქნები, ჩემი შემოთავაზება ისევ ძალაშია. ჯერ არ დამიწყია მშენებლობა. - ხოდა, ძალიან კარგი, როდის შეძლებ შეხვედრას? დეტალები გავიაროთ და იუსტიციის სახლშიც წავიდეთ, გაცვლის ხელშეკრულება გავაფორმოთ, მე საბუთები მზად მაქვს და ნებისმიერ დროს შევძლებ შენ ნახვას - ვუთხარი და ძალიან კარგ ხასიათზე დავდექი. - 5 საათისთვის, წესით, უნდა მოვახერხო გამოსვლა. მეც მანქანაში მაქვს საბუთები და პირდაპირ იუსტიციასთან რომ შევხვდეთ, გაწყობს? - მკითხა კახამ. - კარგი, შემეხმიანე გამოსვლისას, რომ დრო გავთვალო და არ გალოდინო - ვუთხარი და დავემშვიდობე თანამშრომელს. ახლა უფრო ბედნიერად ვიგრძენი თავი, წოდორეთი წარსულს მახსენებდა მუდამ, მე კი მასთან დაბრუნება აღარ მსურდა. მანქანა მოვაბრუნე და სახლისკენ წავედი, 5 საათამდე ჯერ კიდევ დიდი დრო იყო. ფიქრებში ვიყავი ჩაფლული, ტელეფონის ზარმა რომ გამომაფხიზლა. ზურა მირეკავდა : - გისმენ , მამა. - სანდრო, მზად გაქვს დიზაინი? 30 ლიტრამდე წითელი ღვინო მაქვს, რამდენიმე წლის დაძველებით, ყველას ისეთ ბოთლში ჩამოვასხამ, როგორსაც გამომიგზავნი და გვქონდეს, განსაკუთრებული შემთხვევებისთვის. - ძმა ხარ, ზურა - ძალიან გამახარა მისმა სიტყვებმა. - რა იყო, ეჭვი გეპარებოდა, სურვილის შესრულებაში რომ დაგეხმარებოდი? - თითქოს ეწყინა მამას. - გეკადრება, მამა?! დარწმუნებული ვიყავი. - კარგი, გამომიგზავნე მაშინ და დავამზადებინებ ეტიკეტს, ამ საღამოსაც შემიძლია მზად მქონდეს უკვე, თუ გეჩქარება . - ხვალინდელი საღამოსთვის მინდა, მაგრამ ჩამოიტანე ამ საღამოს, რომ მაგაზე მაინც აღარ ვიფიქრო. - კარგი, ველოდები შენს მაილს - მითხრა მამამ და უკვე გათიშვას აპირებდა. - ზურა, წოდორეთის ნაკვეთს ვუცვლი ჩემს თანამშრომელს წყნეთის ნაკვეთში - გავუმხილე, რის გაკეთებასაც ვაპირებდი. - რას ნიშნავს, უცვლი ? - ჰო, იუსტიციაში გავაფორმებთ გაცვლის ხელშეკრულებას. რამდენიმე თვის წინ შემომთავაზა, მაგრამ მაშინ მაგ საკითხზე ფიქრის თავი არ მქონდა, დღეს დავფიქრდი და ძალიან კარგი იდეაა. - თუ დარწმუნებული ხარ, მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. შენი შრომით ნაყიდი ნაკვეთი იყო, დამოუკიდებელი, სერიოზული და ჭკვიანი ბიჭი ხარ. დარწმუნებული ვარ, იცი, რასაც აკეთებ, შენს გადაწყვეტილებაში არ ჩავერევი და დანარჩენში, რაშიც დახმარება დაგჭირდება, შენ გვერდით მიგულე - გამამხნევა მამამ. - აი, ხომ ვამბობდი, ძმა ხართქო? უბრალოდ, მინდოდა გცოდნოდა. - კარგი, მამა, როგორც სწორად მიგაჩნია, ისე მოიქეცი, მაგრამ ჯერ დიზაინი გამომიგზავნე, რომ მოვასწრო დამზადება - მითხრა და გამითიშა ტელეფონი. მანქანა სახლთან დავაყენე და მაიკოს დავურეკე : - მაი, სახლში ხარ? ამოვდივარ. - კი, დედი, სახლში ვარ. ზარის დარეკვაც ვერ მოვასწარი, ისე გამიღო კარი მაიამ : - ამ დროს სახლში რა გინდა? არ მუშაობ დღეს? - შეშფოთებული ხმით მკითხა დედამ. - ორი დღით გავეთავისუფლე თამაზს, რაღაცები მაქვს მოსაგვარებელი - ვუპასუხე და ლოყაზე მივეფერე ქალს. - გშია, ხო? - გადმომხედა მზრუნველი თვალებით. - ჰო, შენს მომზადებულ საჭმელზე უარს არასდროს ვამბობ, ხომ იცი ? - გავუცინე და ლეპტოპი გავხსენი. - კარგი, ორ წუთში ყველაფერი მზად იქნება - მითხრა და მაცივარში შეიხედა. - მაიკო, ზურას კი ვუთხარი უკვე, მაგრამ შენც მინდა, იცოდე, წოდორეთის ნაკვეთის გაცვლას ვაპირებ წყნეთის ნაკვეთში, ჩემმა თანამშრომელმა შემომთავაზა რამდენიმე თვის წინ, დღეს დავფიქრდი და მგონი, კარგი იდეაა, ასე მირჩევნია. - აღარც გეკითხები, რატომ იქცევი ასე, ვხვდები, წარსულის მოგონებებიდან აღარაფერი გინდა , შემოგრჩეს. მე თუ მკითხავ, ძალიანაც სწორად იქცევი, წადი და ახალი ცხოვრების მშენებლობა მაგ სახლიდან დაიწყე - სერიოზული სახით მითხრა მაიკომ და უცებ ოთახიდან გავიდა. ლეპტოპში ღვინის მარკის დიზაინის ხატვა დავიწყე. მინდოდა, რაღაც ისეთი მომეფიქრებინა, ჩვენს ისტორიასთან რომ იქნებოდა კავშირში, თვალები მოვისრისე და პირველ რიგში, სახელზე დავფიქრდი. წამოვდექი, ჭიქა ავიღე, ონკანი მოვუშვი და ერთი იდეა მომივიდა თავში - „სასო“ , სიტყვა, როგორც „იმედი“ და სიტყვა, როგორც ჩვენი სახელების დამაკავშირებელი პირველი მარცვლები. სასწრაფოდ დავბრუნდი კომპიუტერთან. ტაქსის მანქანის ნიშანი დავხატე და შავ ფონზე, კუბიკების ნაცვლად, წითელი გულები ჩავსვი. ისევ წამოვდექი, გავიარე და ვფიქრობდი, ზედმეტად ბანალურად ხომ არ გამოიყურებოდა, მაგრამ ბევრი აღარ მიფიქრია და სასწრაფოდ გადავუგზავნე ზურას მაილზე, მობილურზე შეტყობინებაც მივწერე, გამოგზავნილია-მეთქი და ამ დროს მაიკოც დაბრუნდა ოთახში, თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე : - დედა, რა ხდება? - მივედი მასთან სწრაფი ნაბიჯით. - სანდრო, ეს ჩემი და მამას ნიშნობის ბეჭედია, ზურას დედამ გადასცა თავის დროზე და მრავალწლიანი ისტორია აქვს. ბაბუაშენსაც ამ ბეჭდით უთხოვია ბებიაშენისთვის ხელი - საუბრობდა და ცრემლები მოსდიოდა - თუ წინააღმდეგი არ ხარ, მინდა შენც ამ ბეჭდით სთხოვო სოფოს ხელი, ცრურწმენასავით მჯერა, რომ დიდი ბედნიერების მოტანა შეუძლია თქვენთვის - დაასრულა და ცრემლიანი თვალებით ამომხედა. - დედა, დიდი სიამოვნებით მივიღებ ამ შემოთავაზებას, შენ არ იცი, ჩემთვისაც რამდენს ნიშნავს ეს - ვუპასუხე არანაკლებ აღელვებულმა და მაგრად ჩავეხუტე. ამ დროს ტელეფონის ზარიც გაისმა : - გისმენ, კახა. - სანდრო, თავისუფალი ვარ უკვე და თუ გინდა, შევხვდეთ, თუ უკვე გცალია და გაქვს საამისო დრო. - კი, კახა, გამოვალ ახლავე და დაახლოებით 20 წუთში იუსტიციასთან ვიქნები. - სავარაუდოდ, მეც მაგდენი დრო უნდა დამჭირდეს, კარგი მაშინ, შეხვედრამდე - მითხრა და დამემშვიდობა. ნაკვეთების გაცვლის საქმე მალე მოვაგვარეთ, რთული ბიუროკრატია არ დასჭირდა ამ საქმეს და მოვიცალე თუ არა, სოფოს დავურეკე: - აბა, რას შვება ჩემი წაბლისფერთმიანი ლექტორი? - დამითბა ხმა უცებ. - ძალაგამოცლილი ვზივარ ოთახში და ადგომის თავიც აღარ მაქვს - მიპასუხა მოწყენილი ხმით. - მორჩი უკვე ყველა საქმეს? - კი, ყველაფერი მზად მაქვს, გამოსვლას ვაპირებ უკვე. - კარგი, გამოგივლი მაშინ და სადმე გავისეირნოთ - მეჩქარებოდა მასთან შეხვედრა. - უკვე გცალია? სამსახურში არ ხარ? - გაიკვირვა წაბლისფერთმიანმა. - არა, დღეს მეც ცოტა ადრე გამოვედი და მაშინვე შენ დაგირეკე - ვიცრუე მოხერხებულად - გამოგივლი მაშინ და დაგირეკავ, რომ მოვალ. - კარგი, სანდრო - დაასრულა საუბარი სოფომ. ჩვეული ხალისითა და ბედნიერი წუთებით დატვირთულმა ჩაიარა იმ საღამომ. ვსაუბრობდით იმდღევანდელ ამბებზე და სამომავლო გეგმებზეც : - სოფო, ძალიან მინდა შენი ოჯახის წევრების გაცნობა, ოღონდ სერიოზულად გეუბნები, ყოველგვარი ხუმრობის გარეშე - ვუთხარი სერიოზულად, ყავა მოვსვი და მისი ხელი ჩემსაში მოვაქციე. - ჰო, სანდრო, მეც ვფიქრობ, რომ დროა უკვე, რაღას უნდა დაველოდო, ვეტყვი ყველაფერს - სრული სერიოზულობით მიპასუხა მანაც. - მართლა? - გამიხარდა და გავუღიმე. - ჰო, ნამდვილად, დარწმუნებული ვარ და გადაწყვეტილებას არ შევცვლი - საპასუხოდ გამიღიმა მანაც. - მაშინ ერთად ვუთხრათ, წავიდეთ შაბათს ან კვირას თერჯოლაში და ვუთხრათ - შევთავაზე ჩემი იდეა მას. - არა, სანდრო, რას ამბობ, ახლა პირდაპირ შენთან ერთად რომ ჩავიდე, გულიც გაუსკდებათ, ჯერ მარტო დაველაპარაკები და მერე გაგაცნობ. - მოიცა, რა, არ ვარ გამოსაჩენი ბიჭი? - ვცდილობდი ხუმრობით შემემსუბუქებინა მდგომარეობა. - კარგი, რა, მაგას რატომ ამბობ, გამოსაჩენზე ბევრად მეტიც ხარ, ხომ იცი, მაგრამ ჯერ ჩემგან უნდა გაიგონ ეს ამბავი და მერე თვითონაც აუცილებლად მოინდომებენ შენს გაცნობას - ისეც დაძაბული იყო სოფო. - კარგი, როგორც გინდა და როგორც სწორად თვლი, ისე მოიქეცი, როცა საჭირო გახდება, მე მაშინ ჩავერევი - ვუთხარი და ვაკოცე ხელზე. - სანდრო, წავიდეთ, რა, ძალიან დავიღალე და საშინლად მეძინება, ხვალ ისევ მძიმე სამუშაო დღე მელის - მთხოვა წაბლისფერთმიანმა. - კარგი, წავიდეთ და როგორც კი მიხვალ, დაიძინე, იმედი მაქვს, კიდევ არაფერი გაქვს წასაკითხი. - კი, ხვალის მასალებს ერთხელ კიდევ უნდა გადავავლო თვალი, ისე არ დამეძინება მშვიდად - შეწუხებული სახით ლაპარაკობდა სოფო. - სწავლის კენწეროში გატკბილებისკენ თქვენკენ არაფერი სმენიათ - ვუთხარი სიცილით. - ჯერ კენწერომდე შორია - ამყვა სიცილში ისიც. - კარგი, გადავიხდი და წავიდეთ - ვუთხარი და წამოვდექით. კორპუსთან მივიყვანე, ვაკოცე, კიდევ ერთხელ ვიგემე მისი ტუჩების გემო და დამშვიდობებისას ხვალინდელი დღისთვის შევამზადე : - ხვალ საღამოს ხომ გეცლება? - წესით, კი, არაფერი მაქვს დაგეგმილი და რა ხდება? - შემომხედა ინტერესით. - სადღაც მინდა წაგიყვანო, ოღონდ არ მკითხო, სად და რატომ, მაინც არ გეტყვი , ხომ იცი? - თვალი ჩავუკარი თან. - კარგი, ვიცი, რომ კითხვების დასმას აზრიც არ აქვს, სიტყვას ვერ დაგაცდენინებ, ასე, რომ , დაველოდები ხვალინდელ დღეს - თქვა და კარი გააღო - მიყვარხარ, სანდრო - მითხრა და წავიდა. ძალიან ვღელავდი მისი მოსალოდნელი რეაქციის გამო. მის გრძნობებში დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ დამთანხმდებოდა თუ არა ასე უცებ და თანაც, მშობლებთან საუბრის გარეშე, არ ვიცოდი და სწორედ ეს მანერვიულებდა. გეგას ნომერი ავკრიფე, ვიცოდი, მასთან ერთად გატარებული დრო დამავიწყებდა ამ უცნაურ ღელვას : - ოო, დიდო სანდრინიო, რატომ დამივიწყე ასე? - სიტყვის თქმაც არ დამაცადა, ისე გადავიდა ჩვეულ ხუმრობაზე. - რა დაგივიწყე, გუშინ ერთად არ ვიყავით ? - გამეცინა მის სიტყვებზე. - შენმა მონატრებამ დროის შეგრძნება დამიკარგა, ხომ იცი - არ წყვეტდა გეგა. - შენს კორპუსთან ვიქნები მალე და ჩამოდი, რა, რაღაც საქმე მაქვს, შენი დახმარება მჭირდება - ვთხოვე მას. - მზად ვარ გემსახურო , სისხლის ბოლო წვეთამდე. - მაინც და მაინც ახლა ნუ დაიცლები სისხლისგან, ჯერ მჭირდები - თავს ვერ ვიკავებდი და მეცინებოდა მეც. - კარგი, დამეხსენი ახლა და მაცადე, გამოვიპრანჭო - მითხრა და გამითიშა სწრაფად. რამდენიმე წუთში მის სახლთან ვიყავი და გეგა უკვე დაბლა მელოდებოდა, ვერაფრით ვერ მივხვდი, როგორ მოასწრო ასე სწრაფად მომზადება : - სულ ასეთი „გამოწკეპილი“ ზიხარ სახლში? როცა არ უნდა დაგირეკო, ზუსტად ორ წუთში სულ ფორმაში ხარ - ვერ ვმალავდი გაკვირვებას. - მორჩი უმიზნო ხუმრობას და მითხარი, ამჯერად რა უნდა გავაკეთო შენთვის - სერიოზული სახით მითხრა, თუმცა დიდხანს ვერ გაძლო და მალევე ჩადგა ჩვეულ ფორმაში. - წყნეთში მივდივართ - ვუთხარი და მანქანა დავქოქე. - მოიცა, მიტაცებ? - შეიცხადა და მანქანის სახელურს ჩაეჭიდა. - ხო, ვიფიქრე და მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრების ერთადერთი სიყვარული შენ ხარ - დავიწყე მეც ხუმრობა. - მაგას დიდი ხნის წინაც უნდა მიმხვდარიყავი, მაგრამ, კარგი, გაპატიებ ამ ერთხელ - მხრები აიჩეჩა გეგამ. გზად წყნეთამდე ჩემი გეგმებისა და იმდღევანდელი საქმიანი შეხვედრის შესახებ მოვუყევი მას. გავუმხილე, რომ სოფოსთვის ხელის თხოვნასაც ვაპირებდი და მინდოდა, წყნეთის ნაკვეთი მენახა, რომ ჩემი ჩანაფიქრისთვის სათანადოდ შემესხა ფრთები. დიდხანს ვსაუბრობდით, მერე ნაკვეთის მონახაზი გავაკეთეთ, ისიც მოვიფიქრეთ, სად რომელი ოთახი შეიძლებოდა ყოფილიყო და საკმაოდ დაღლილები დავბრუნდით თბილისში : - ხვალ ადრე გავალ და ყველაფერს ვიყიდი, რაც საჭიროა, შენ ისედაც ემოციურად რთული დღე გელოდება და მაგაზე აღარ გარბენინებ - როგორც არასდროს, ისეთი სერიოზული იყო გეგა. - შენ ნამდვილი მეგობარი ხარ - ვუთხარი და მხარზე დავარტყი ხელი. - კარგი ახლა, არ გვინდა ეს სენტიმენტები, ისედაც მეტირება, როგორ დაფრთიანდი და უკვე ბუდიდან უნდა გამიფრინდე - დიდხანს ვერ გაძლო გეგამ სერიოზული ადამიანის ტყავში და ძველებურ სტილს დაუბრუნდა - ხვალამდე, სანდრინიო, დაგირეკავ, როგორც კი ყველაფერს მოვაგვარებ - მითხრა და გადავიდა მანქანიდან. 6 საათიც არ იყო, დილით რომ გამეღვიძა, ვერ შევძელი საწოლში დიდხანს გაჩერება და წამოვდექი, ნერვიულად დავდიოდი წინ და უკან და ხელში მრავალწლოვანი ისტორიის მატარებელ ნიშნობის ბეჭედს ვატრიალებდი. ძალიან ნელა გადიოდა დრო, ჯერ ისევ შუა დღე იყო, გეგამ რომ დამირეკა : - აბა, როგორ ხარ? ხომ არ ღელავ? - გაგიკვირდება და ძალიან, ვეღარაფერს ვაკეთებ, წინ და უკან დავდივარ, ბათუმში ჩავიდოდი, გზაზე რომ მეარა - ვცდილობდი მეხუმრა. - იმდენი სანთელი ვიყიდე, უცებ თბილისში შუქი რომ ჩაქრეს, მოუწევთ ბნელში ყოფნა - წარმოვიდგინე, როგორი სახით ამბობდა ამას გეგა და გამეცინა. - ყველაფერი წესრიგშია? - კი, თითქმის ყველაფერი ვიშოვე უკვე და ავალ ცოტა ხანში წყნეთში, რამდენიმე ახლობელი მიმყავს, დახმარება დამჭირდება. - ყველაფერი ზუსტად ისე გახსოვს, როგორც დავგეგმეთ? - კვლავ დავუბრუნდი ღელვის რეჟიმს. - არ ინერვიულო მაგაზე, სანდრო, როდის გამიცრუებია შენთვის იმედი? ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩაიფიქრე, ასიანზე შევასრულებ - იმედი მომცა ბიჭმა. - ჩემი ამოსვლა არ არის საჭირო? ასე უფრო მალე გავიდოდა დრო - შევთავაზე გეგას დახმარება. - არ გინდა, რა, სანდრო, ტყუილად უნდა დაიღალო, საღამოსთვის შემოინახე ძალები, აქ მე მოვაგვარებ ყველაფერს - მითხრა გეგამ და დამემშვიდობა. წაბლისფერთმიანს შეტყობინება მივწერე : - „ ხომ გახსოვს, დღეს სადღაც მივდივართ“. - „ კი, სანდრო, მახსოვს, იმედი მაქვს, შესაფერისად მაცვია“ - დამიბრუნა პასუხი სწრაფად. - „ რაც არ უნდა გეცვას, მაინც ულამაზესი იქნები“ - „ კარგი, გავიქეცი ახლა, შუალედურს ვაწერინებ ბავშვებს და თან შენ გწერ, ყურადღება მეფანტება“. - „ცოტა ამოასუნთქე ეგ ბავშვები, გადაიწერენ თან სანამ მე მწერ“. - „ წავედი, სანდრო!“ - მომწერა და გამეღიმა. რვის წუთები იყო, სამსახურში რომ გავუარე. უცნაურად ლამაზი მომეჩვენა და იმედი მომეცა, ეს ნიშანია-მეთქი. ნორმალურად საუბარსაც ვერ ვახერხებდი, ისე ვღელავდი. ქალაქიდან რომ გადავუხვიე, გავუმხილე, წყნეთში ავდივართ-მეთქი. უკვე ბნელოდა გარეთ. დანიშნულების ადგილს რომ მივუახლოვდით, ვიგრძენი, როგორ დამიხშირდა გულისცემა. მანქანიდან გადმოვედი, კარი გავუღე, ხელი შევაშველე და გზა ვაჩვენე. ირგვლივ ყველაფერი სანთლებით იყო განათებული. ზემოდან რომ დაგეხედათ, იოლად მიხვდებოდით, რომ სანთლებით სახლის კონტურები იყო მოხაზული, ოთახებიც კი იყო გამოყოფილი და საყოფაცხოვრებო ნივთები და ავეჯი იდგა მიწაზე. კედლების გარეშე, თუმცა მაინც იქმნებოდა სახლის იმიტაცია : - რა ხდება, სანდრო? სად ვართ? - გაკვირვების დაფარვას ვერ ახერხებდა სოფო. - ჰო, ცოტა დაიბენი, ალბათ, მაგრამ რას გაგონებს ეს ყველაფერი? - ვკითხე და ზურგიდან ავეკარი. - სახლს, ოღონდ კედლების გარეშე - გაახმოვანა ჩემი ჩანაფიქრი ლექტორმა. - და, რას ფიქრობ, ვისი სახლი უნდა იყოს აქ? - ჩავჩურჩულე ყურში და ვაკოცე ყელზე. - სანდრო, გამარკვიე, რა ხდება, თორემ ათასი სულელური აზრი მომდის თავში - აშკარად დაბნეული იყო გოგონა და არ უნდოდა, მის თავს მომხდარი ამბის დაჯერება. - წამოდი, ჯერ დაგათვალიერებინებ - ვუთხარი და ნელა გადავაბიჯეთ სანთლებზე. - ახლა შენ მისაღებ ოთახში ხარ, მიხვდი, ალბათ ნივთების განლაგებით - ვუთხარი და მივუთითე ტელევიზორსა და რბილ სავარძლებზე. - ეს, ალბათ, სამზარეულო, ხო? - გადააბიჯა მეორე „ოთახში“ და უცებ, მაგიდაზე ღვინის ბოთლი შენიშნა. ხელში აიღო, დახედა და არეული მზერით შემომხედა : - ეს რა არის, სანდრო? - ეს ჩვენი სახელობისა და ამ დღის აღსანშნავად ჩამოსხმული ღვინოა, ნახე, ეს ეტიკეტი ჩვენს ისტორიას იტევს, „სასო“ - სიტყვა, როგორც იმედი და სიტყვა, როგორც ჩვენი სახელების პირველი მარცვლები - განვუმარტე და ცრემლიან თვალებზე ვაკოცე. - სანდრო - მობრუნდა უცებ - ეს ... - ჰო, ეს ჩვენი შვილების ოთახი იქნება - ისევ ჩავეხუტე ზურგიდან - შეგვიძლია გავაფართოვოთ, იმის მიხედვით, რამდენიც გვეყოლება - შემოვაბრუნე ჩემკენ. - სოფო - ვუთხარი და მუხლი მოვიყარე მის წინ - მინდა, ჩემი გულის, გონების, სახლის და მთელი ცხოვრების დიასახლისი გახდე, ცოლად გამომყვები? - ვკითხე და ბედნიერების მომტანი ბეჭედი გავუწოდე. მის სახეზე ერთდროულად მრავალი ემოციის ამოკითხვა შეიძლებოდა, სიყვარულის, ბედნიერების, გაოცების, ცოტა შიშისა და დაძაბულობისაც კი. - სანდრო ... - აუკანკალდა ხმა - თანახმა ვარ - მითხრა და ეს იყო ყველაზე ჯადოსნური სიტყვები, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე გამეგო. დაბნეული წამოვდექი, ბედნიერებისგან თავბრუც მესხმოდა, გაყინული ხელებით ამოვიღე ბეჭედი ყუთიდან და მის ცხელ თითებს შევეხე, კიდევ ერთხელ ჩავხედე თვალებში, ბეჭედი თითზე გავუკეთე და ვუთხარი : - ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება, რასაც შენს ცხოვრებაში მიიღებ, ამაში ყოველ დღე დაგარწმუნებ - მისი ცხელი ტუჩებისა და ცრემლების გემო ერთდროულად ვიგემე. უკვე აღარ ვიცოდი, ბედნიერების რომელ მწვერვალზე ვიმყოფებოდი მასთან ერთად. ახლა დარწმუნებული ვიყავი, რომ ცხოვრების ყველაზე მძიმე სირთულესაც კი მასთან ერთად მარტივად გადავლახავდი. ხელში ავიყვანე და ძალის დაკარგვამდე ვიტრიალე მასთან ერთად. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.