შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იღბლიანი შეცდომა (თავი მეჩვიდმეტე)


4-09-2018, 15:49
ავტორი sofikela
ნანახია 3 097

ყველაზე ტკბილ სიზმარშიც არ მინახავს ის საოცრება, რაც სანდრომ მომიწყო. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ეს დღე ზღაპრად აქცია. საოცრად ლამაზი და ამაღელვებელი იყო ყველაფერი ჩემ ირგვლივ, ყველა დეტალი გათვლილი და წინასწარ მოფიქრებული იყო. კიდევ ერთხელ მადლობას ვეუბნებოდი განგებას, ეს ბიჭი რომ გამოაჩინა ჩემს ცხოვრებაში. ჩემს წინ მუხლმოყრილი, ხელში ბეჭდით რომ დავინახე, გარშემო ყველაფერი გაჩერდა, მეგონა, სამყაროს ცენტრში ვიდექი და ყველაზე ბედნიერი ქალი ვიყავი. ბუნდოვნად, კადრებად მახსოვს, რას ვაკეთებდი, რას ვამბობდი, მხოლოდ ის ვიცი, რომ ყველაზე სასურველ წინადადებას დავთანხმდი და ამით, ჩვენი ცხოვრების სრულიად ახალი ფურცელი გადავშალეთ მე და სანდრომ. დაბრუნებისას მკითხა :
- სოფო, ახლა ნამდვილად მოვიდა იმის დრო, რომ შენს მშობლებს ვუთხრათ ჩვენი ამბავი, როდის ჩავიდეთ?
- ჯერ მე წავალ, სანდრო, აი, პარასკევს წავალ ლექციების შემდეგ და დაველაპარაკები, მერე თვითონაც მოინდომებენ შენს გაცნობას - ავნერვიულდი ისევ და თვალი თითზე წამოცმული ბეჭდისკენ გავაპარე.
- ზურასთან და მაიასთან ერთად ჩამოვალ, ოფიციალური სახე უნდა მივცეთ უკვე ყველაფერს - საუბრობდა სერიოზული ტონით.
- ჰო, ეგრე აჯობებს - ვუპასუხე და ფანჯარაში ჰორიზონტს გავხედე, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვიყავი, სანდრო ჩემს მშობლებსაც ძალიან მოეწონებოდათ, მაინც ვღელავდი მათთან საუბრის წინ.
კიბეები კი არ ავიარე, ავფრინდი, მეგონა, მიწას არ ვეხებოდი, ხელის კანკალით მოვარგე გასაღები საკეტს, კარი გავაღე, შუქი ავანთე, ჩანთა შესასვლელშივე დავაგდე, ღრმად ჩავისუნთქე და ცივი წყალი დავლიე, აზრზე მოსვლა მჭირდებოდა, თავი ჯერ კიდევ ზღაპრულ სიზმარში მეგონა. მეგობრის ნომერი ავკრიფე სასწრაფოდ და მის პასუხს დაველოდე :
- სალ, გოგოებს მიწერე ჩათში შემოვიდნენ, რა, ახალი ამბავი მაქვს თქვენთვის და მე ამ ყველაფერს თავს ვერ მოვაბამ, ისეთ დღეში ვარ ახლა - მივაყარე სათქმელი.
- ხომ მშვიდობაა? - ღელვა დაეტყო ხმაზე მას.
- კი, კი, კარგი ამბავია, დაწერე ჩათში და მეც მოვალ, უცებ წყალს გადავივლებ, კარგი ? - შევუთანხმდი მეგობარს.
- კარგი, მიდი, უცებ ოღონდ, ნუ დამაინტრიგე - ხმაში ინტერესი ეტყობოდა სალომეს.
სააბაზანოში შევედი, წყალი მოვუშვი და კარგა ხანს ერთ ადგილზე ვიდექი, მერე ცხელ წყალს შევეყუდე და კადრებად ვიხსენებდი ყველაფერს, რაც იმ საღამოს მოხდა. მალევე დავბრუნდი რეალობაში, გამახსენდა, რომ გოგონებისთვის ამ ამბის მოყოლას ვაპირებდი და ჩემი ტელეფონის ხმები უკვე მამცნობდა მათ ინტერესს :
- მოვედიი - დავწერე ჩვენს ჩათში.
- რა ხდება? რას დამაინტრიგე? - მოიწერა სწრაფად სალომემ.
- ყველანი აქ ხართ? - ავკრიფე სწრაფად და შევხედე, როგორ ნახეს მინაწერი. თმა გავისწორე და ვიდეო ზარის ზუმერის შემდეგ მათი სახეების დანახვას დაველოდე , ერთმანეთის მიყოლებით ყველას გამოსახულება გამოჩნდა :
- რა ხდება, სოფ, ხომ მშვიდობაა? - ნამძნარევი თვალები ჰქონდა ნათიას.
- სწრაფად თქვი, თორემ ინტერნეტ-პაკეტი მიმთავრდება და მოვკვდები ინტერესით - მთხოვა სვანეთში მყოფმა მეგობარმა.
- მიდი, სოფიკო, ნუ ამოგვხადე სული - უკვე ბრაზდებოდა მარიამიც.
- მზად ხართ? - ვკითხე ხალისიანი ხმით და მარჯვენა ხელი ახლოს მივიტანე ეკრანთან, ბეჭედი რომ კარგად დაენახათ და მათ მოსალოდნელ რეაქციებს დაველოდე :
- რაა? ეს ის არის, რაც მე მგონია? - იყვირა ანამ და პირზე ხელი აიფარა.
ერთმანეთს არ აცდიდნენ კითხვების დასმას, ყველაფერი დაწვრილებით მომაყოლეს, მეც თავიდან განვიცდიდი უდიდეს ბედნიერებას ამ ყველაფრის გახსენებისას :
- ქორწილს როდის უნდა ველოდოთ? - მკითხა მარიამმა.
- ეგ არ ვიცი, ჯერ ჩემს მშობლებს უნდა დაველაპარაკოთ, პარასკევს ვაპირებ თერჯოლაში წასვლას. ყველაფერს რომ ვეტყვი, მერე სანდროც ჩამოვა გასაცნობად.
- რა კარგია, ანუ ნიშნობაც იქნება? - იკითხა ანამ.
- იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად ჩაივლის და ნიშნობაც იქნება - ნერვიულად გამეღიმა მე.
- კარგი რა,სოფ, ყველაფერი რომ კარგად იქნება, მაგას ლაპარაკი უნდა? ძალიან კარგი ბიჭია სანდრო, არაჩვეულებრივი ოჯახი ჰყავს, შენებს ძალიან მოეწონებათ და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ გვინდა - დამამშვიდა სალომემ.
- ჰო, ვიცი, მაგრამ მაინც ვღელავ.
- შენ იმაზეც ღელავ ხოლმე, რაც სანერვიულო საერთოდ არ არის, ასე რომ , დამშვიდდი და დატკბი ამ დღით - ზედმეტად კარგად მიცნობდნენ მეგობრები და მამშვიდებდნენ, რომ არაფერზე ღელვა არ იყო საჭირო. უცებ აბაზანიდან ტელეფონის ზარის ხმა მოისმა, სანდრო რეკავდა :
- სანდრო, მირეკავს, გავთიშავ ახლა და მოგწერთ ცოტა ხანში - დავემშვიდობე გოგონებს.
- სიძე მოგვიკითხე და გადაეცი, რომ ძაან კარგი ტიპია - მომაძახა მარიამმა.
- ჰო, სანდრო - ვუპასუხე სიყვარულითსავსე ხმით.
- ჩემი ყველაზე ლამაზი, ჭკვიანი და საყვარელი საცოლე როგორ გრძნობს თავს? - არანაკლებ სიყვარულითვე მკითხა მანაც.
- ყველაზე კარგად და ბედნიერად , საოცარი და მართლა გამორჩეული დღე იყო ჩემს ცხოვრებაში, დიდი მადლობა, ამ ემოციებისთვის, სანდრო, მართლა არ ვიცი, რა შეიძლება გითხრა იმის გამოსახატად, რასაც ახლა ვგრძნობ - სიტყვებისთვის თავის მოყრა მიჭირდა მე.
- არაფრის თქმა არ არის საჭირო, სოფო, ისიც საკმარისია, რასაც შენს თვალებში ვხედავ.
- ძალიან მიყვარხარ სანდრო და გპირდები, ყოველ დღე უფრო მეტად დაგიმტკიცებ ამას - თვალებში ცრემლი ჩამიდგა მე და ხმაც ამიკანკალდა.
- ტირი? - გაუმკაცრდა ხმა.
- ბედნიერებისგან - ვუპასუხე დაბალი ხმით.
- კარგი, რა, გთხოვ, თორემ ავდგები ახლა და წამოვალ შენთან - მითხრა სანდრომ.
- კარგი, აღარ ვიტირებ, გპირდები - ვთქვი და გავიღიმე - მარიამმა დამაბარა, უთხარი, რომ ძალიან კარგი ტიპიაო - გადავეცი სანდროს მეგობრის დანაბარები.
- უთხარი უკვე გოგონებს?
- ჰო, აბა, რა მომათმენინებდა - გამეცინა.
- ვიცოდი და მაგიტომაც არ დაგირეკე აქამდე , გაცდიდი - ჩაიცინა სანდრომ.
- უკვე ზედმეტად კარგად მიცნობ ხომ ?
- საკუთარი ხუთი თითივით, მოხარშულსაც და შემწვარსაც - არ წყვეტდა სიცილს ბიჭი - მიდი, ახლა, დაიძინე, ემოციურად დაღლილი იქნები, ხვალ კიდევ ერთი სამუშაო დღე გელის წინ, დაგავიწყდა? - შემახსენა ბიჭმა.
- ახლა მაგის გახსენება იქნებოდა, სანდრო? როგორი ბედნიერი ვიყავი - ვთქვი მეც სიცილით - შენ უთხარი შენებს ?
- ჩემებმა ეგ ორი დღით ადრე იცოდნენ, ღვინო მამაჩემმა დამიმზადა, ოღონდ დიზაინი ჩემია, რა თქმა უნდა და რაც შეეხება ბეჭედს, ეგ საგვარეულო ბეჭედია, ბებიაჩემმა დაუტოვა მაიკოს და მაიკომ რომ გაიგო, რას ვაპირებდი, მე გადმომცა, ხედავ, რა იაფად გამოვედი? - სიცილით ამბობდა გიორგაძე.
- რაც არ უნდა მითხრა, შენს „გმირობას“ ვერ გააუბრალოებ, მაინც ყველაზე კარგი ბიჭი ხარ და რაც შეეხება ბეჭედს, საკუთარი თავივით გავუფრთხილდები, გპირდები - შევპირდი სანდროს.
- ისე მოუარე, რომ მერე ჩვენმა ბიჭმა თავის საცოლესაც ამ ბეჭდით სთხოვოს ხელი - ხმა საუთბა სანდროს - ამ სიტყვების გაგონებაზე გულმა გამალებით დამიწყო ცემა, სახე ამიხურდა, ჩვენი მომავალი რომ წარმოვიდგინე.
- ეგ ძალიან შორსაა, სანდრო - ვუთხარი მშვიდი ხმით.
- ეგ კი შორსაა, მაგრამ ის დღე ნამდვილად ძალიან ახლოსაა, ერთად რომ გავიღვიძებთ, ყოველ საღამოს, როცა სახლთან გტოვებ, ფეხები უკან მრჩება, არ მინდა იქ დაბრუნება, სადაც შენ არ მელოდები.
- ჯერ ჩემს მშობლებს დაველაპარაკოთ და ვნახოთ, გამოგატანენ თუ არა ჩემს თავს - გავეხუმრე მას.
- მაგ საკითხზე ხუმრობაც კი არ გაბედო, მოგიტაცებ და სადმე კოშკში გამოგკეტავ, ვერსად რომ ვერ გამექცე.
დიდხანს ვსაუბრობდით,იმდენად დიდხანს , საათს რომ ავხედე გონებამ განგაშის ზარი შემოჰკრა :
- სანდრო, რა დრო გასულა, ხვალ, ალბათ, ვეღარ გავიღვიძებ - ვუთხარი მოწყენილმა.
- არ დააყენო მაღვიძარა, მე გაგაღვიძებ დილით - დამაიმედა გიორგაძემ.
- მეეჭვება, ჩემი გაღვიძება შეძლო - ვუპასუხე სიცილით.
- მაშინ მოვალ და როგორც მძინარე მზეთუნახავს, კოცნით გაგაღვიძებ - მითხრა საოცრად დამთბარი ხმით.
- ჯერ ტკბილი ძილი მისურვე და დანარჩენზე მერე ვისაუბროთ - დავაპირე მასთან დამშვიდობება.
- ტკბილი ძილი, ჩემო ყველაზე საყვარელო , წაბლისფერთმიანო ლექტორო - მითხრა ჩუმად და სიზმრების სამყაროში გადავეშვი.
სწრაფად გაირბინა მთელმა კვირამ, ერთ საღამოს სანდრომ მშობლების სახლშიც ამიყვანა, მაია უკვე უშენოდ ვეღარ ძლებს და მთხოვა, მომიყვანეო, იმართლებდა ამით თავს. საოცრად თბილად დამხვდნენ, ისეთი გარემო შემიქმნეს, თითქოს უკვე მათი ოჯახის წევრი ვიყავი. ყოველივე ეს საოცრად მაბედნიერებდა, თუმცა გულში ხინჯად მქონდა, ჯერ ჩემმა მშობლებმა რომ არაფერი იცოდნენ და მათთვის მიწევდა დამალვა, სად და ვისთან ვატარებდი ყოველ საღამოს. სასწავლო სემესტრიც დასასრულს უახლოვდებოდა, საქმეც თავზე მეყარა, გამოცდები, შეფასებები, თემები, ყველაფერი ერთდროულად დამატყდა თავს და ფიქრისთვისაც კი აღარ მრჩებოდა საკმარისი დრო.
ხუთშაბათ საღამოს ბარგი ჩავალაგე, მეორე დღეს თერჯოლაში წასვლასა და მშობლებთან დალაპარაკებას ვაპირებდი. უკვე 27 დეკემბერი იყო და მეორე დღიდან დასვენების დღეებიც იწყებოდა. დილით, ჩვეულებისამებრ, სანდრომ მომაკითხა კორპუსთან და სამსახურში წამიყვანა :
- მიდიხარ, ხომ, დღეს შენებთან? - მკითხა ცოტა მოწყენილი და ანერვიულებული ხმით.
- კი, მივდივარ საღამოს - ვუპასუხე არანაკლებ ნაღვლიანად.
- მზად გაქვს უკვე ბარგი ? - გადმომხედა გიორგაძემ.
- კი, ერთი ჩანთა მაქვს, წუხელ გავამზადე.
- კარგი და რომელზე გავდივართ? - გადმომხედა ინტერესით.
- გავდივართ? - გავიკვირვე მე.
- ჰო, აბა, რა გგონია, ასეთ სიცივეში და თანაც ღამით, მარტოს გაგიშვებ ამხელა გზაზე? - თითქოს ეწყინა, ისეთი ტონი ჰქონდა.
-სანდრო, რა საჭიროა, ამხელა გზაა, მერე ისევ უკან უნდა დაბრუნდე, სადგურზე გავალ და გავყვები მარშუტს, მერე იქ მამაჩემი დამხვდება - ვუთხარი და მართლა არ მინდოდა, ასე დაღლილიყო ჩემ გამო.
- ისე მოვიქცეთ, თითქოს ეს ლაპარაკი ჩვენ შორის არ ყოფილა, თორემ მეწყინება, იცოდე. არ ვაპირებ ამ თემაზე კამათს, არც განიხილო სხვა ვარიანტი - ხმა გაუმკაცრდა გიორგაძეს.
- სანდრო, უბრალოდ ... ვაპირებდი, ამეხსნა, მაგრამ ხელი ტუჩებთან მომიტანა და გამაწყვეტინა :
- ისიც მეყოფა, რომ მიდიხარ, ვიცი, რასაც ვაკეთებ და გთხოვ, ნუ მეწინააღმდეგები. ეს არ არის ზედმეტი ყურადღება, ეს სიყვარული და ზრუნვაა, სხვანაირად არ შეიძლება - მითხრა მზრუნველი ტონით და ლოყაზე მომეფერა.
- კარგი, როგორც ჩანს, შენთან კამათს აზრი არ აქვს - გავუღიმე მეც.
- უკან როდის დაბრუნდები, ახალი წელი იქეთ უნდა გაატარო?
- მომიწევს, სანდრო, თან ამ ახალ ამბავს რომ გაიგებენ, ისედაც განერვიულდებიან, თავისთავად და რამდენიმე დღეს მაინც გავატარებ მათთან - ვთქვი სერიოზულად.
- ჯერ დაელაპარაკე, აუხსენი ყველაფერი და იქნებ, ახალი წელიც ერთად გავატაროთ ყველამ - თვალი ჩამიკრა სანდრომ.
გზა დამღლელი აღმოჩნდა, თუმცა სანდროს გვერდით სიხარულისა და ბედნიერების გარდა ვერაფერს ვგრძნობდი. მიუხედავად კუნთების ტკივილისა, არ მინდოდა, მასთან განშორების წუთები მალე დამდგარიყო, იმდენად ჩვეულებად ქცეულიყო ყოველ დილით მასთან შეხვედრა და სამსახურის შემდეგაც მისი ნახვა, ვერ წარმომედგინა, როგორ უნდა გამეტარებინა ეს დღეები ამ პროცესის გარეშე.
მშობლიურ ეზოში შევაბიჯე თუ არა, გული სხვანაირი სიხარულით ამევსო. მთელმა ბავშვობამ თვალწინ ჩამიარა, გამახსენდა, როგორ ვემზადებოდით ხოლმე ახალი წლისთვის ყოველწლიურად, დედა 30 დეკემბერსვე იწყებდა საოცარი სურნელის დატრიალებას სახლში, მე კი, როგორც პატარას, კარადებიდან ჭურჭლის გამოლაგება და მათი დაწმენდა მევალებოდა, ხანდახან სამზარეულოშიც შევყოფდი თავს და ჯერ კიდევ დაუსრულებელ საჭმელებს ვიპარავდი სათავსოებიდან. გადამეტებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ჩვენს ოჯახში, გოზინაყის „კულტი“ არსებობდა, დედაჩემის წყალობით. ერთი კვირით ადრე იწყებდა თაფლის გათეთრებას. ყოველ საღამოს, ღუმელზე შემოდგამდა ხოლმე და ზელდა მანამ, სანამ უკანასკნელი ძალაც გამოეცლებოდა მკლავებს. მერე ვხალავდით კაკალს, ვაცლიდით კანს და ვჭრიდით პატარა ფორმებად. თორმეტ საათამდე რამდენიმე საათით ადრე, გამზადებულ კაკალს ცხელ თაფლში ყრიდა და მაგიდაზე გაბრტყელებულ გოზინაყს, სასურველ ფორმებს აძლევდა სასწრაფოდ, გაციებამდე. მიუხედავად იმისა, რომ ტემპერატურა საკმაოდ დაბალი იყო ეზოში, ამ ყველაფრის გახსენებისას საოცარი სითბო ჩამეღვარა სხეულში.
სახლში შევაბიჯე თუ არა, ნაცნობმა სურნელმა ამიწვა ყნოსვის რეცეპტორები. ყველა მოგონება ერთად ამოტივტივდა გონებაში. ჩემი ნივთები უცვლელად ეწყო ოთახში, თითქოს, მთელი ამ დროის განმავლობაში, მე მელოდნენ.
დიდხანს ვსაუბრობდით, სამსახურზე, მეგობრებზე, სხვა ქალაქში ცხოვრებაზე და ყველაფერზე, იმ მნიშვნელოვნის გარდა, რაც ასე მაწუხებდა. საათი უკვე დიდი ხნის წინ გადასცილებოდა თორმეტს, დაძინება რომ გადავწყვიტეთ. უცებ ჩაჩუმდა სახლი, საკვამურიდან ქარის ხმა შემოდიოდა და ღუმელში ნაკვერცხლებს წამოანთებდა ხოლმე. შემოვრჩი, ძილი არ მეკარებოდა, ცეცხლზე გამიშტერდა თვალი. უცებ დედა დაბრუნდა ოთახში, თითქოს იგრძნო, რაღაც რომ მიჭირდა , მომიახლოვდა, თმაზე ხელი გადამისვა, სახე ამიწია, თვალებში რომ კარგად ჩაეხედა :
- სოფო, რა ხდება? რამე გიჭირს? - მკითხა ჩუმად.
- დედა, ერთი ბიჭი მიყვარს - ვუპასუხე ისე, სახე არ მომირიდებია მისი თვალებისთვის.
- მერე? - ცოტა აღელდა.
- მასაც ვუყვარვარ და ხელი მთხოვა - დავიწყე მოყოლა ბოლოდან, მაგრამ ყველაფერს დაწვრილებით ვყვებოდი, მოვუყევი, როგორ გავიცანი, როგორ მიმალავდა მის ნამდვილ პროფესიას, როგორ გავიგე სიმართლე, რა მოხდა მის დაბადების დღეზე, არაფრის დამალვას და შელამაზებას არ ვაპირებდი, ყველაფერს ზუსტად ისე ვუყვებოდი, როგორც სინამდვილეში იყო. ან კი რას სჭირდებოდა შელამაზება, ისედაც ყველაფერი სიზმარს ჰგავდა ჩემ ირგვლივ. დიდხანს იყო ჩუმად, თვალებში ცრემლი ჩაუდგა, მერე გამიღიმა, გულში ჩამიკრა, თმაზე მომეფერა, ყველაფერი კარგად იქნებაო, მითხრა და ჩემი ხელი თავისაში მოიქცია :
- ახლა რას აპირებთ?
- სანდროს ჩამოსვლა და თქვენი გაცნობა უნდა.. - კვლავ ძველი აღელვება დამეტყო ხმაზე.
- მამას მე ვეტყვი - თითქოს მიმიხვდა, რას განვიცდიდი ამდენი ხნის განმავლობაში. უცებ სახე შეეცვალა :
- სოფო, ჩვენ, მგონი, ვიცნობთ ამ ბიჭს, ხომ ? - მის თვალებში ეჭვის ნაპერწკალი კრთოდა.
- ჰო - ჩავხარე თავი და ვეღარაფრის თქმა მოვახერხე.
- მაშინ ... დაიწყო რაღაცის თქმა, მაგრამ სწრაფად შევაწყვეტინე.
- მაშინ არაფერი ვიცოდი, დე, მაშინ უბრალოდ ტაქსის მძღოლი მეგონა, რომელიც თავის მოვალეობას ასრულებდა - ვუპასუხე გულწრფელად.
- არაფერზე ინერვიულო, დე, ყველაფერი კარგად იქნება - მითხრა და სიყვარულით სავსე თვალებით შემომხედა - დაიძინე, ახლა, გვიანია უკვე, ხვალ სერიოზული „დაკითხვა“ გელის წინ, ხომ იცი? - მითხრა სიცილით.
- ჰო, დიდი ხანია ვემზადები სულიერად მაგ მომენტისთვის - გამეცინა მეც.
დავწექი, უფრო მსუბუქად ვგრძნობდი თავს, თითქოს ტვირთის ერთი ნაწილი მომეხსნა მხრებიდან. შეტყობინების ხმა მომესმა, მივხვდი, სანდრო იქნებოდა , მშვიდობით ჩავედიო, მწერდა :
- „დედას ვუთხარი ყველაფერი“ - სწრაფად ავკრიფე ტექსტი.
- „ მერე?“ - სწრაფადვე დამიბრუნა პასუხი.
- „მგონი, ყველაფერი კარგადაა.“
- „ მე რომ გეუბნები, რომ სანერვიულო არაფერია, ესე იგი, მართლა ასეა, მენდე, რა“
- „ძალიან მიყვარხარ, სანდრო“.
- „ მეც ძალიან მიყვარხარ, ჩემო წაბლისფერთმიანო, დაიძინე ახლა, დაიღლებოდი დღეს.“
- „დიდი მადლობა, რომ არსებობ და ჩემს ცხოვრებაში ხარ“ - მივწერე სიყვარულით და დავხუჭე თვალები. იმდენად სწრაფად ჩამეძინა, ვერაფერზე ფიქრი ვერ მოვასწარი. ისე ტკბილად მეძინა, მეგონა, მთელი წელია დაწოლილი ვარ-მეთქი, კარგად გამოძინებულსა და დასვენებულს გამეღვიძა. ოთახში მამა იჯდა და მიყურებდა. მივხვდი, უკვე ყველაფერი იცოდა :
- ჩემი დიდი გოგო - მომიახლოვდა და ძალიან მაგრად ჩამეხუტა.
- მამა .. - გამიწყდა სიტყვა და თვალები ცრემლით ამევსო.
- ყველაფერი კარგად იქნება, მა, შენ არაფერზე იდარდო - გადამისვა ხელი თავზე და უკვე ვიცოდი, ახლა ყველაფერი მართლა ძალიან კარგად იქნებოდა.
- ძალიან მიყვარხარ, მამა - უკვე აღარ ვმალავდი ცრემლებს.
- შენ ძალიან ჭკვიანი და სერიოზული გოგო ხარ, ვიცი, ისეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებ, რომელშიც დარწმუნებული არ ხარ. გენდობი და შენი მჯერა. ყველაფერი ისე იქნება, როგორც თქვენ გინდათ, ვენდობი შენს არჩევანს - მესაუბრებოდა თბილი ხმით და აქეთ ცდილობდა ჩემ დამშვიდებას.
- მამა, სანდროს ჩამოსვლა და თქვენი გაცნობა უნდა.
- ძალიან კარგი, ჩვენც გვინდა მისი გაცნობა - მითხრა ღიმილით.
- მგონი, უნდა რომ მშობლებთან ერთად ჩამოვიდეს - გავუმხილე მამას.
- მაშინ ყველაფერს ოფიციალური სახე უნდა მივცეთ, მოილაპარაკეთ თქვენ და მითხარით, რა როგორ იქნება, ხომ იცი, მეც ყველაფერს ისე გავაკეთებ, შენ რომ გესიამოვნება - მითხრა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, საოცარი ოჯახი მყავდა.
ახლა ნამდვილად მსუბუქად ვგრძნობდი თავს, სრულად შემეძლო ბედნიერება შემეგრძნო, აღარც დანაშაულის გრძნობა მაწუხებდა მათ წინაშე.
- სანდრო - ჩავძახე საოცრად ბედნიერმა ტელეფონში.
- რაო, ჩემო საყვარელო.
- მამას ველაპარაკე და აქეთ მამშვიდებდა, ყველაფერი კარგად იქნებაო - ვუთხარი გახარებულმა.
- აი, ხომ გეუბნებოდი? შენ კიდევ არ დამიჯერე - მოკლედ, მე მაიკოს და ზურას შევამზადებ და პირველში ჩამოვალთ თუ არაფერი ექნებათ შენებს საწინააღმდეგო, აღარ შემიძლია უკვე უშენოდ ყოფნა, მინდა, რომ ძალიან მალე გნახო, ვეღარ გადავდებ.
დიდხანს ვსაუბრობდით, მომავალს ვგეგმავდით და საოცრად ბედნიერები ვიყავით ყველაფრით. საახალწლო სამზადისიც ჩვეულებისამებრ მიმდინარეობდა, უკვე აღარ ვიყავი პატარა გოგონა, მაგრამ მაინც ძველებურად გამოვალაგე ჭურჭლები კარადიდან და მათი წმენდა დავიწყე. მერე, სამზარეულოში შევიხედე და დაგეხმარები-მეთქი, დედას შევთავაზე.
განვიცდიდი სანდროს გარეშე განვლილ დღეებს, მაგრამ მშობლიურ სახლში ყოფნაც ძალიან მსიამოვნებდა. ვცდილობდი, ყველაფერში დავხმარებოდი ოჯახის წევრებს და სრულად შემეგრძნო მათთან ყოფნის ბედნიერება.
სწრაფად გადიოდა დღეები. 31-მა დეკემბერმა ჩვეული ფუსფუსით ჩაიარა, უკვე 12 ხდებოდა, სუფრის გაშლა რომ დავიწყეთ. ჩვენთან ასეთი ტრადიციაა, ახალი წლის დადგომამდე რამდენი წუთით ადრე, მე და მამა გარეთ გავდივართ, მაშხალებს გავისვრით და როგორც კი პირველი იანვარი დადგება, სახლში შემოვდივართ, ჯიბეები ტკბილეულით გვაქვს სავსე, დედა კარს გვიღებს და ჩვენც უხვად ვყრით სახლში შოკოლადებს იმისთვის, რომ ტკბილი წელი დადგეს. ახლაც არ დავივიწყეთ ეს ტრადიცია და 10 წუთით ადრე გარეთ გავედით. მეზობლებიც შემოგვიერთდნენ, ვხალისობდით, ძველ დროს ვიხსენებდით, ზუსტად 00:00 წუთზე ერთმანეთს ახალი წელი მივულოცეთ და ის იყო სახლში დაბრუნებას ვაპირებდით, ცა საოცარმა ფეიერვერკმა გაანათა, გაკვირვებულები შევყურებდით, ამ დროს სანდროს ზარმა დამაბრუნა რეალობაში :
- გილოცავ ჩვენს პირველ ახალ წელს - მითხრა ტკბილი ხმით - ეს ფეიერვერკი შენთვისაა და გპირდები, ასეთივე ლამაზი იქნება ჩვენი ცხოვრებაც.
- სანდრო ... - ჩამიწყდა ხმა, სათქმელს თავს ვერ ვუყრიდი, მიჭირდა ისეთი სიტყვების პოვნა, რომლებსაც სანდრო იმსახურებდა, თავი ნამდვილად სიზმარში მეგონა - შენ ხარ ჩემი ცხოვრების მთავარი ფეიერვერკი - ბედნიერების ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი უკვე.
- ახლა არ მითხრა, რომ ისევ ტირი, თორემ წამოვალ ახლავე მანდ, ისედაც ვეღარ ვითმენ ხვალამდე.
- სხვა გზას არ მიტოვებ, მოულოდნელობით აღსავსე ბიჭი ხარ.
- დღეს იმდენი რამ იყიდა მაიკომ წამოსაღებად, მგონი, მზითვი გამიმზადა, მანდ მიპირებს ჩასიძებას და არ ვიცი - გაიცინა სანდრომ.
- გაუხარდება მამაჩემს - ავყევი სიცილში მეც.
- ნერვიულობ ხვალინდელი დღის გამო ? - მკითხა მშვიდად.
- კი, ცოტათი.
- ხვალვე დავნიშნოთ ქორწილის თარიღიო, თავს იგიჟებენ ჩემები და შენ რას ფიქრობ? - შემომაპარა სათქმელი სანდრომ.
- როგორც უნდათ, ისე გავაკეთოთ, მაგაზე მაინც ნუ ვაწყენინებთ, მამაჩემიც მაგ აზრზე იქნება, ზუსტად ვიცი და დავუთმოთ ცოტა ხნით ასპარეზი - გულწრფელად ვუთხარი გიორგაძეს.
- ნამდვილი მარგალიტი რომ მყავხარ, მითქვამს უკვე შენთვის ? - მითხრა სითბოთი სავსე ხმით.
- არა, ზუსტად მაგ სიტყვებით არასდროს გითქვამს, მაგრამ დაახლოებით ვიცი - გამეცინა მე.
- კარგი, შედი ახლა სახლში, არ გაიყინო, მიულოცე ჩემგან შენი ოჯახის წევრებს, ხვალ მე თვითონაც ვეტყვი ჩემს სათქმელს - დაუსერიოზულდა ტონი.
- მოუთმენლად გელოდები, საშინლად მომენატრე - ვუთხარი შედარებით ჩუმად. მე და მამა სახლში დავბრუნდით, მარჯვენა ფეხი შემოდგიო, ბებიამ გამაფრთხილა და ტკბილეულობა დავაყარე თავზე. ვსვამდით წითელ ღვინოს, ვიხსენებდით ბავშვობის ამბებს, ვუსმენდით მუსიკას და ყველაფერი იდეალურად იყო.
დილით ძალიან ადრე გამეღვიძა, მოუსვენრად ვტრიალებდი ლოგინში და ადგომა ვამჯობინე. ჯერ კიდევ ყველას ეძინა. სამზარეულოში გავედი და ყავისთვის წყალი შემოვდგი ქურაზე. საღამოსთვის თითქმის ყველაფერი მზად გვქონდა, საძინებელში შევბრუნდი, გარდერობში შესაფერისი კაბის ძებნა დავიწყე. არ მინდოდა, ზედმეტად გადაპრანჭული ვყოფილიყავი. მუქი მწვანე ფერის, მოკლე მკლავიანი კაბა შევარჩიე, მთელ სიგრძეზე ღილები დაყვებოდა, სადად, მაგრამ ელეგანტურად გამოიყურებოდა. კმაყოფილი დავბრუნდი სამზარეულოში და ყავა დავისხი. დრო ძალიან სწრაფად გავიდა, იმდენად სწრაფად, რომ ჯერ კიდევ მოუმზადებელი ვიყავი, სანდრომ რომ მომწერა, 5 წუთში სახლთან ვიქნებითო. საოცრად ავღელდი, გულისცემა გამიხშირდა, პულსი ამიჩქარდა, ვიცოდი, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლიდა, თუმცა მაინც ვღელავდი ჩემი მშობლებისა და სანდროს შეხვედრაზე. სწრაფად ჩავიცვი, სარკეში ჩემს ანარეკლს შევავლე თვალი და სანდროს შეტყობინებაც მივიღე : „მოვედით“. ჩემებს გავძახე, მოვიდნენ-მეთქი და ნერვიულად შევისწორე თმა. მხრებში გამართული, თავაწეული შემოვიდა სანდრო ეზოში. დავინახე და თითქოს ღელვა ერთიანად მომეხსნა. საოცრად სიმპატიური იყო. ვიგრძენი, როგორ ამიწითლდა ლოყები. შევხედე, როგორ ჩამოართვა მამაჩემს ხელი და მამას სახეზე ღიმილიც შევნიშნე, მორჩა, უკვე წყნარად ვიყავი. ფეხის გადადგმა ვერ მოვახერხე. გაშეშებული ვიდექი გაშლილ სუფრასთან და ვგრძნობდი, როგორ მიცივდებოდა ხელები ნელ-ნელა. სანდროს შემდეგ ზურას ჩამოართვა მამამ ხელი, მერე მაიკოც გადაკოცნა. დედაც თბილად დახვდა სტუმრებს, ბებია უკვე ცრემლებს ვეღარ ერეოდა. მივხვდი, მათი ყველას ერთად ყოფნა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის აქამდე. პირველმა სანდრომ შემოაბიჯა სახლში, ხელში ორქიდეების თაიგული და რაღაც ძალიან ლამაზად შეფუთული ყუთი ეჭირა. თვალებში უცნაური ნაპერწკალი აენთო ჩემი დანახვისას. ჩამეხუტა, ზურგზე თავისი ცხელი ხელი ააცურა და ღრმად ჩაისუნთქა ჩემი სურნელი :
- საოცრად ლამაზი ხარ, ძალიან მომენატრე - ჩამჩურჩულა ყურში.
- ისეთი სიმპატიური ხარ, გონება მებინდება - გამოვუტყდი გიორგაძეს.
- მორჩა, აღარაფერი მითხრა, თორემ თავს ვეღარ გავაკონტროლებ - თქვა და ჩამომშორდა.
ოთახში მაიკო და ზურა შემოვიდნენ. უფროსმა გიორგაძემ საოცრად თბილად მომიკითხა და ჩამეხუტა. მაიკოს თვალები უკვე ჩასწითლებოდა, ცრემლების შეკავებას ცდილობდა, გულში ჩამიკრა :
- ძალიან ლამაზი ხარ, ჩემო საყვარელო გოგო - თქვა სიყვარულით სავსე ხმით.
- თქვენც საოცრად გამოიყურებით, როგორც ყოველთვის - დავიმორცხვე მეც.
- ხომ გთხოვე, თქვენობით არ მომმართო-მეთქი - გამიღიმა ქალმა.
- კარგი - გავუღიმე და კიდევ ერთხელ ჩავეხუტე.
ყველაფერი ძალიან კარგად და ბუნებრივად მიდიოდა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, თითქოს ძალიან დიდი ხნის წინაც იცნობდნენ ჩვენი მშობლები ერთმანეთს. ჩვეული იუმორით საუბრობდა მამა და ამით მეტ ხიბლს სძენდა ამ საღამოს. შეხვედრა კულმინაციას მიუახლოვდა, როცა სანდრო წამოდგა და მამას ჩემი ხელი სთხოვა. მიუხედავად ღელვისა, გიორგაძის გარდა ვეღარავის ვხედავდი ირგვლივ. საუბრობდა მშვიდი, დამაჯერებელი ტონით. რეალობას მაშინ დავუბრუნდი, თითზე ცივი რგოლის შეხება რომ ვიგრძენი. სანდროს შევხედე, მის თვალებში უსაზღვრო სითბო და სიყვარული ჩანდა. ჩემი გაყინული ხელი თავის ძლიერ, ცხელ ხელში მოექცია და არ აპირებდა გაშვებას. ცოტა ხანში თვალით მანიშნა, გავიდეთო. აივანზე გავედით, სიცივესაც ვერ ვგრძნობდი უკვე:
- აი, ხომ ხედავ, ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა - გამიღიმა თვალისმომჭრელად.
- ჰო, ძალიან კარგად შეეწყვნენ ერთმანეთს, ასე მგონია, კარგა ხანია მეგობრობენ - ვუთხარი გულწრფელად.
- ადრეც გთხოვე, რომ ტყუილად არ გენერვიულა, ეგ ამბავი, შენზე გაცილებით ადრე მოვაგვარე მამაშენთან - თქვა და თვალი ჩამიკრა.
- უკვე შენი მეშინია, ნამდვილი ჯადოქარი ხარ - გაოცება ვეღარ დავმალე.
- ყვავილებთან ერთად ყუთიც მოგეცი, სად დადე ? - მკითხა მოულოდნელად და სახლში შევიდა. სწრაფად დაბრუნდა ყუთით ხელში და მთხოვა, შებრუნდიო. მისკენ ზურგით დავდექი, გულისცემა კიდევ უფრო მეტად გამიხშირდა. უცებ სანდროს ცხელი ხელის შეხება ვიგრძენი ყელზე :
- არასდროს დაგავიწყდეს ეს დღე. დაიმახსოვრე, რომ უფრო და უფრო მეტად მიყვარდები - თქვა და ოქროს, მბრწყინავი კულონი გამიკეთა გულზე. დავხედე, კულონს ზუსტად ის ფორმა ჰქონდა, რაც ღვინის ეტიკეტზე იყო გამოსახული, უკანა მხრიდან კი „სასო“ ეწერა. მადლიერებისგან სიტყვებს თავს ვეღარ ვუყრიდი :
- ასე ყოველ დღე როგორ ახერხებ ჩემ გაოცებას ? - ამოვთქვი გაკვირვებულმა და სიყვარულით სავსე მზერით ჩავხედე ლურჯ თვალებში.
- შენი ტუჩები საკოცნელად მიწვევს და გავრისკო ? - თვალს არ აშორებდა ჩემს ტუჩებს.
- სანდრო, ისედაც დაბნეული ვარ და ნუღარ მიმატებ.
- კარგი, შევბრუნდეთ ახლა სახლში, თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ - ჩამკიდა ხელი და სახლში შემატარა.
- ზუსტად საჭირო დროს შემოხვედით - გამოგვხედა მამამ.
- ქორწილის თარიღი უნდა დავთქვათ - აყვა საუბარში ზურაც.
- ერთს გთხოვთ, ძალიან შორსაც ნუ გადავდებთ - დასერიოზულდა გიორგაძე.
- მარხვა ერთ კვირაში დამთავრდება და 14 იანვარს რომ იყოს? თან კარგი თარიღია - შემოგვაპარა ზურამ და მამაჩემსაც გადახედა.
- მე არ ვარ წინააღმდეგი, ბავშვებმა გადაწყვიტონ - თქვა მამამ მშვიდი ხმით.
- ძალიან კარგია, მომწონს - თავი დაუქნია სანდრომ. თავბრუ დამესხა, ვიცოდი, ძალიან შორსაც რომ აღარ იყო ეს თარიღი, მაგრამ ვერ ვიფიქრებდი, ასე უცებ თუ მოხდებოდა. განწირული თვალებით ავხედე სანდროს და მაგრად ვუჩქმიტე ხელზე, ამაზე მერე ვილაპარაკოთ-მეთქი, ჩავჩურჩულე და ჩემს ადგილს დავუბრუნდი.
ორ კვირაში, ზუსტად ორ კვირაში უკვე სანდრო გიორგაძის ცოლი ვიქნებოდი. თავი სიზმარში მეგონა. ვღელავდი მოსალოდნელი უამრავი საქმისა და გადარბენის გამო, თუმცა გულწრფელად რომ ვაღიარო, მეც აღარ მინდოდა მეტის მოთმენა, სიყვარული, რომელსაც სანდროს მიმართ ვგრძნობდი, გულში აღარ მეტეოდა უკვე.



№1  offline წევრი tamuna.s

ძალიან თბილი და ტკბილი ისტორიაა და იმედი მაქვს ბოლომდე ასე იქნება. ამ ისტორიას რომ ვკითხულობ ვთბები და ვდნები heart_eyes kissing_heart კარგად წერ.

 


№2  offline წევრი დარინა

როგორც ყოველთვის უთბილესი, უტკბილესი და უგემრიელესი თავი იყოოო, ვგიჟდები ამ წყვილზე ისეთი კარგები არიან მათი არსებობით მაბედნიერებენ, როგორ უყვართ ერთმანეთი და ერთმანეთის გარეშე რომ აღარ შეუძლიათ ეს მაგიჟებს, მიხარია ასეთ კარგ ისტორიას რომ წერ, არ მბეზრდება ლოდინიი, კარგი გოგო ხარ და წარმატებებიიი, უკვე მიყვარხარ.

 


№3  offline წევრი sofikela

დარინა
როგორც ყოველთვის უთბილესი, უტკბილესი და უგემრიელესი თავი იყოოო, ვგიჟდები ამ წყვილზე ისეთი კარგები არიან მათი არსებობით მაბედნიერებენ, როგორ უყვართ ერთმანეთი და ერთმანეთის გარეშე რომ აღარ შეუძლიათ ეს მაგიჟებს, მიხარია ასეთ კარგ ისტორიას რომ წერ, არ მბეზრდება ლოდინიი, კარგი გოგო ხარ და წარმატებებიიი, უკვე მიყვარხარ.

ძალიან დიდი მადლობა, ასეთი შეფასებებით რომ მანებივრებთ ყოველთვის და არ გავიწყდებათ თქვენი აზრის დაფიქსირება !
ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის !
<3

tamuna.s
ძალიან თბილი და ტკბილი ისტორიაა და იმედი მაქვს ბოლომდე ასე იქნება. ამ ისტორიას რომ ვკითხულობ ვთბები და ვდნები heart_eyes kissing_heart კარგად წერ.

ნელ-ნელა უახლოვდება დასასრულს ისტორია.
დიდი მადლობა, ასეთი ტკბილი შეფასებისთვის <3

 


№4 სტუმარი სტუმარი ნათია

რატო 14 იანვარი ჯვარს ვერ დაიწერენ 19 იანვრამდე კაი ხო ხელი მოაწერონ და ქორწილში ვიგუგუნოთ ????

 


№5 სტუმარი Qeti qimucadze

Gozinajis taflivit davdni, rasayvarlebi ariann, es yvelaze pozitiuri istoriaaaa, vgijdebi am cyvilzee, ise mabednierebs mati siyvaruliii

 


№6 სტუმარი ლია

რა საყვარელი თავია.აღარ დააგვიანო .ველოდები
ახლ თავს.

 


№7  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

სად დაიკარგეეე?

 


№8 სტუმარი ნანჩო

რატომ აღარ წერთ❓გელოდებით.

 


№9  offline წევრი sofikela

მეგობრებო, ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის. ახალი თავი დღეს დაიდება <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent