შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თორელის მსხვერპლი (1) 16+


21-09-2018, 02:40
ავტორი K. I.
ნანახია 18 252

თორელის მსხვერპლი

შესავალი
სიმპათიისა და მიზიდულობის პარადოქსული რეაქცია, რომელიც მსხვერპლს აგრესორის მიმართ ახასიათებს- ასეთი განმარტება მისცეს ფსიქოლოგებმა სტოკჰოლმის სინდრომს.
სტოკჰოლმის სინდრომი შეიძლება შეგვხვდეს შეყვარებულებში, ცოლ-ქმარში, დედისა და შვილის ან მამისა და შვილის დამოკიდებულებაში და ა.შ. ნებისმიერ ურთიერთობაში, სადაც ერთი, როგორც მსხვერპლი დამოკიდებული ხდება მეორე პირზე და უფრო მეტიც, სიმპათიით ეწყობა მოძალადის მიმართ.
სტოკჰოლმის სინდრომი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში სხვადასხვა ვითარებაში განმეორდა. მისი ფსიქოლოგიური განმარტება წინააღმდეგობრივია, თუმცა მოცემულ მოვლენას ხსნიან, როგორც დაცვის მექანიზმს. ამ მექანიზმს ანა ფროიდმა აგრესორთან იდენტიფიკაცია უწოდა. ადამიანებს ეს ირაციონალური რეაქცია შეიძლება აღმოაჩნდეთ გადარჩენის მცდელობისას, როდესაც რაციონალური რეაქციები არაეფექტური და უიმედოა. აგრესორთან გაუცნობიერებელი სოლიდარობით ადამიანს იმედი აქვს, რომ აგრესორი თავისნაირს ზიანს არ მიაყენებს. ამ ირაციონალური პოზიციის გასამყარებლად მოძალადე აღიქმება როგორც სიმპათიური და კარგი ადამიანი, რადგან სხვანაირად მასთან იდენტიფიცირება გაძნელდებოდა.

***
დედაქალაქისთვის დამახასიათებელი ყოველდღიური ხმაურიდან შორს, ლისის ტბასთან ახლოს, ახალაშენებულ სახლში ავალიშვილების ოჯახი ცხოვრობდა. იქაურობა დიდი შავი ჭიშკრით და მაღალი კედლებით იყო გარშემორტყმული. უზარმაზარი ეზო მწვანედ მობიბინე ბალახს, აქა-იქ დარგულ კიპარისებს, დეკორატიული ბროწეულის ხეებს და სხვა ყვავილოვან ბუჩქებს დაემშვენებინა. სახლის უკან, საზაფხულოდ მოწყობილი ფანჩატური, საცურაო აუზი, შეზლონგები და სამი ძვირადღირებული მანქანის სადგომი იყო. სახლის პირველ სართულზე დიდი მისაღები ოთახი, სამზარეულო, კაბინეტი და საპირფარეშო განთავსებულიყო, მეორე სართულზე კი- ოთხი საძინებელი თავის აბაზანებითურთ. ყველაფერი თანამედროვედ და გემოვნებით მოეწყოთ, ირგვლივ სიმდიდრის კვალი ემჩნეოდა მათ საცხოვრებელს.
დიდი სიამაყის გრძნობით უყურებდა საკუთარი ოთახის აივანზე მყოფი ცისია ავალიშვილი ლონდონის საუკეთესო მუსიკალური სასწავლებლის „Royal Academy Of Music” -დან მოსულ მიწვევას და ნეტარებით შეექცეოდა ფინჯან ყავას. ფიქრებით უკვე ნისლიანი ალბიონის ქვეყანაში იყო. მის ისტორიულ, პატარა ქუჩებში დააბიჯებდა და უკვე შეიგრძნობდა ნაირფეროვანი ბზების სურნელს, რომელიც წვიმისგან დასველებული ასფალტის და შენობების სუნთან ერთად ჰაერში იჟღინთებოდა, გონებამდე აღწევდა და თითოეულ გამვლელს განსაკუთრებულ ემოციებს უტოვებდა. ორსართულიანი წითელი ავტობუსები, წითელი სატელეფონო ჯიხურები, მდინარე თემზა, ტურისტების საყვარელი ეგრეთწოდებული “London Eye”, “Big Ben”, ტრაფალგარის და პიკადილის მოედანი, საყვარელი გალერეები, თეატრები და რა თქმა უნდა, ინგლისური ჩაი- აი, რა ენატრებოდა. გოგონა იქ ერთხელ უკვე ნამყოფი იყო რამდენიმეთვიანი გაცვლითი პროგრამით, მაგრამ ახლა, შედარებით ხანგრძლივი დროით მოუწევდა დარჩენა და საკუთარ თავს ხელმეორედ ამზადებდა მეტად საინტერესო და ევროპის ყველა ქვეყნისგან განსხვავებულ ადგილას საცხოვრებლად.
-ცისა, საუზმე უკვე მზად არის. მშობლები ქვევით გელოდებიან, -ფიქრები შეაწყვეტინა ხანშიშესულმა ქალბატონმა, რომელიც წლების განმავლობაში, ერთგულად ემსახურებოდა ავალიშვილების ოჯახს და გოგონაც თითქმის მისი გაზრდილი იყო.
-ახლავე ჩამოვალ დალი დეიდა, - თაფლისფერი ცქრიალა თვალები შეანათა და თავისებური ღიმილით უპასუხა გოგონამ.
საოცარი ღიმილი ჰქონდა ცისიას, ყოველთვის ლოყები ეჩვრიტებოდა და საყვარელი გოგონას შთაბეჭდილებას სტოვებდა. სკამიდან წამოდგა, კაბა გაისწორა, ხვეული თმები მაღლა აიწია და დედ-მამასთან სასაუზმოდ კიბეებს ჩაუყვა.
-ჩვენი მუსიკოსი მზეთუნახავიც გვეწვია, - სახე გაუნათდა მერაბს, როდესაც ბედნიერი გოგონა მამას თბილად ჩაეხუტა და გადაკოცნა.
-მე არ უნდა ჩამეხუტო? -ტუჩები მოპრუწა ქალბატონმა მეგიმ.
-რა თქმა უნდა,-გაეცინა გოგონას და დედასაც გადაეხვია.
-აბა, რას აპირებ დღეს, რა გეგმები გაქვს? -ჰკითხა მერაბმა შვილს.
-სასწავლებელში უნდა წავიდე, ლონდონიდან რაღაც საბუთებს ითხოვენ და ეს საქმე უნდა მოვაგვარო, საღამოს კი გვანცას დაბადების დღეზე მივდივარ, გრანდიოზულ წვეულებას მართავენ და მეც დამპატიჟეს.
-ოჰო, ალბათ, წვეულება გვიანობამდე გაგრძელდება, თემური უნდა გავაფრთხილო, რომ წამოგიყვანოს.
-არ არის საჭირო, ტაქსით წამოვალ.
-ტაქსი რატომ უნდა გამოიძახო? რისთვის ვუხდი მძღოლს ხელფასს?
-ხომ იცი მამაშენის ამბავი, ცისა? ამასთან კამათს აზრი არ აქვს, -გაეღიმა მეგის.
-კარგი, ჰო, გნებდები, - ხელები ასწია ცისიამ.
-რა თქვი? ლონდონიდან საბუთები მოითხოვესო? -სხვა თემაზე გადაიტანა მამაკაცმა საუბარი.
-კანცელარიაში ვარ მისასვლელი, სულ რაღაც ნახევარი საათი დამჭირდება, წინასწარ უკვე შევუთანხმდი თანამშრომლებს და საქმის კურსში არიან.
-ეჰ, მამა, ხათრს ვერ გიტეხავ, თორემ მე მაინც ავსტრიაში ან უნგრეთში მერჩივნა, რომ წასულიყავი. ამერიკის მუსიკალური კოლეჯებიც არ დაიწუნება.
-კარგი, რა. არჩევანი უკვე გაკეთებულია, აგვისტოს ბოლოს უკვე ინგლისში უნდა ვიყო.
-კი, ბატონო. ოღონდ შენ იყავი კარგად და ხმას აღარ ამოვიღებ, -მერაბმა სიყვარულით გაუცინა გოგონას და საათს დახედა, არ უნდოდა, უცხო პარტნიორებთან შეხვედრაზე დაგვიანებოდა. ბოლო ყლუპი ჩაი მოსვა და მაგიდიდან წამოდგომა დააპირა: -ჩემი წასვლის დროც მოსულა. აბა, ჭკუით იყავი,-შვილს უთხრა, მეუღლე გადაკოცნა, პიჯაკს ხელი დაავლო და ეზოში გავიდა.
მძღოლი უკვე მანქანაში ელოდებოდა. რამდენიმე წუთში, ლისის ტბის ტერიტორიიდან ავტომობილი თბილისის ცენტრისკენ მიაპობდა გზას.
საუზმის შემდეგ ცისია ოთახში ავიდა, მეგი მისაღებ ოთახში ახლად შეძენილი ნივთებისთვის ადგილის მიჩენით იყო დაკავებული, ხოლო დალი სასადილო ოთახში მაგიდის ალაგებდა.
ცისიას ოთახიდან შოპენის მუსიკას კედლების, ფანჯრების და კარის წინაღობები გადმოელახა და ჩვეული სიგიჟით აღწევდა სახლის ყველა კუთხე-კუნჭულში. მეგის გაეღიმა და იქვე მყოფ დალის მიუბრუნდა. გინდა, გითხრა რას აკეთებს ცისა? ხანშიშესულ ქალბატონს გაეცინა და არ დაიბნა:
-პეიზაჟს ხატავს. როგორც ჩვენი ცქრიალა გოგო იტყოდა, პეიზაჟების ხატვას შოპენი უხდება.
-ასეა,-საჩვენებელი თითის აწევით დაეთანხმა მეგი, თან, ეღიმებოდა.
-როგორ მომენატრება, -თვალებში სევდა ჩაუდგა დალის.
-ახლა არ დაიწყო! შენი რომ ვიცი, მერე უნდა ამიყოლიო და მთელი დღე დეპრესიულ ფონზე გამატარებინო,-უსაყვედურა მოხუც ქალბატონს მეგიმ და ოთახში ნივთების გადანაცვლება გააგრძელა.
-კარგი, აღარ გავაგრძელებ,-შეპირდა დალი.
ცისიას ოთახიდან ისევ შოპენის დამამშვიდებელი მუსიკის ხმა გამოდიოდა და აქეთ-იქით განაგრძობდა გავრცელებას. გოგონას ასე სჩვეოდა, ენერგიით რომ ავსებულიყო, ან თავად უნდა შეესრულებინა მუსიკა, ან მოლბერტის წინ დამჯდარიყო და პალიტრაზე შეზავებული ფერებით ნახატი შეექმნა. უცნაური ხასიათი ჰქონდა, პეიზაჟებს შოპენის მუსიკის ჰანგებში ქმნიდა, ხოლო პორტრეტებს- მოცარტის ან ვივალდის. აი, ახლაც ცას ხატავდა, ისეთ ღრმა ცას, შეუძლებელი იყო, ლურჯი, ცისფერი, იისფერი და თეთრი ფერების ჰაეროვან უსასრულობაში არ ჩაკარგულიყავი. ცის ფერებში თვით შოპენის მუსიკაც შეჭრილიყო და აჟღერებული ნოტები თითქოს ღრუბლებში ჩაკარგულიყვნენ.
***
მოსკოვის პრესტიჟულ უბანში, ახალი არბატის ქუჩაზე, ერთ-ერთი კორპუსის საცხოვრებელი ბინიდან ოცდაათი წლის ახალგაზრდა, სიმპათიური ბიზნესმენი სერგი სანიკიძე ირლანდიურ ვისკის ყინულით მიირთმევდა და ფანჯრიდან მდინარის ხედებით ტკბებოდა. უეცრად, მობილურზე ზარის ხმა გაისმა. ეკრანს დახედა, თბილისიდან ახლახან გახსნილი სამშენებლო კომპანიის მენეჯერი ურეკავდა:
-ბატონო, სერგი, გამარჯობა.
-გაგიმარჯოს დაჩი.
-თითქმის ყველაფერი მორჩა, თქვენი კაბინეტის რემონტიც დასრულებულია. კომპანია მზად არის, რომ ფუნქციონირება დაიწყოს.
-ძალიან კარგი. დაახლოებით, ერთ კვირაში მანდ ვიქნები და წვეულებაზე ლენტასაც გავჭრით.
-დიახ, წვეულების ორგანიზება საკმაოდ გამოცდილ ხალხს მივანდეთ. უკვე დიდი ხანია, ამ ბიზნესში არიან და თავის საქმის ოსტატები არიან. ასე, რომ ყველაფერი იდეალურად იქნება.
-შედგენილი სტუმრების სია გადმომიგზავნე. ბოლოჯერ გადავხედავ, არ მინდა, ვინმე გამოგვრჩეს.
-დიახ, რა თქმა უნდა. ახლავე გადმოგიგზავნით ელექტრონული წერილის სახით.
სერგი არც კი დაემშვიდობა დაჩის, მობილური გათიშა და ჯიბეში ჩააბრუნა. ალკოჰოლის მორიგი ყლუპი მოსვა და ისევ თავის ბოროტ ფიქრებში ჩაიკარგა. ცოტა ხანში, საძინებელ ოთახში დაბრუნდა და საწოლში მწოლიარე უნაკლო სხეულის ქალს შეავლო თვალი. იგი მაცდურად უღიმოდა და ნაზი თითებით თმებს მიმზიდველად ეხებოდა:
-აეთრიე და სასწრაფოდ გადი აქედან!-მკაცრად მიმართა ქალს.
ახალგაზრდა გოგონა ვერ მიხვდა, წუხანდელი ღამის შემდეგ ასე უცებ რატომ შეიცვალა მისი პარტნიორი და გაკვირვებულმა შეხედა, თუმცა მეორეჯერაც რომ უკვე ღრიალით, იგივე სიტყვები მოისმინა, სწრაფად გამოერკვა სიტუაციაში, საწოლიდან წამოხტა, ფართხა-ფურთხით ჩაიცვა ტანსაცმელი და მალე დატოვა იქაურობა.
სერგიმ ვასოს ნომერი საკონტაქტო სიაში მოძებნა და მოუთმენლად დაელოდა მამაკაცის პასუხს.
-გისმენ, სერგი.
-ვასო, ახლა არ მითხრა, რომ იმ ყ*ეებს კიდევ არ შეუსრულებიათ დავალება,-მძვინვარებდა მამაკაცი.
-დაწყნარდი, ყველაფერს თავის დრო აქვს, მალე შეასრულებენ, უბრალოდ ხელსაყრელ დროს ეძებენ.
-ფუ, მაგათი...
-როდის? მეჩქარება!-მკაცრად უთხრა ვასოს.
-ჩვენც გვეჩქარება, მაგრამ მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო, რომ საქმე სუფთად გაკეთდეს.
სერგი კიდევ მეტად გაღიზიანდა და ტელეფონი ისეთი ძალით მოისროლა, კედელს შეასკდა და ჰაერში ნაწილებად გაიფანტა. ცოტა ხნის მერე, დაწყნარდა, ვისკის მორიგი ჭიქა გამოცალა და კბილებში მწარედ გამოსცრა:
-ძაღლიშვილო მერაბ, ჩემი დრო მოდის. დამაცადე, საქმე ისე უნდა გაგიხადო, სიმწრისგან საკუთარ ხორცებს იჭამდე, -ცივი გამომეტყველებით და ბოროტი ღიმილით ჩაილაპარაკა ახალგაზრდა მამაკაცმა.

***
ცისიამ ყველა საჭირო საბუთი შეკრიბა და დასკანირებული ფორმით ელექტრონულ ფოსტაზე ლონდონში გააგზავნა. რამდენიმე საათის შემდეგ, წერილის მიღების შესახებ დასტური მოუვიდა. კმაყოფილმა ლეპტოპი გამორთო და საღამოს წვეულებისთვის მზადებას შეუდგა. ჯერ სალონში წავიდა, თმა მოიწესრიგა და მაკიაჟი გაიკეთა, მერე სახლში დაბრუნდა და ტანსაცმელის თვალიერებას მოჰყვა. ბოლოს კოქტეილის სტილის, მაქს-მარას კაბა შეარჩია. ულამაზესი იყო მოკლე, თეთრ კაბაში გამოწყობილი, მაღალ ქუსლებზე შემდგარი ავალიშვილი.
მძღოლმა ცისია წყნეთში აიყვანა და შეუთანხმდა, რომ რამდენიმე საათში, როგორც კი თავად გოგონა დაურეკავდა, მიაკითხავდა და წამოიყვანდა.
დვალიშვილების წყნეთის აგარაკზე ყველაფერი თეთრი ყვავილებით მოერთოთ. წვეულება ეზოში, აუზთან იმართებოდა. ზოგი სტუმარი თეთრი გადასაფარებლებით მორთულ პატარა, მაღალ მაგიდასთან იდგა და ალკოჰოლით იბრუებდა თავს. ზოგი ერთმანეთს ათვალიერებდა, ესალმებოდა, ან ეცნობოდა. ორი მიმტანი ლანგრით ხელში დადიოდა და ვიდრე ალაფურშეტის მაგიდის გაწყობა დასრულდებოდა, სტუმრებს შამპანურს, ღვინოს და გამაგრილებელ სასმელს სთავაზობდნენ. იუბილარი თავის საქმროსთან ერთად იდგა და ყველას თბილად და ღიმილით ხვდებოდა. ისმოდა ახლადმოსულ მუსიკოსთა ბენდის მუსიკაც, რომელიც იქ მყოფთა განწყობას ნელ-ნელა საცეკვაოდ ცვლიდა.
როგორც იქნა, ცისიაც გამოჩნდა. ისეთი სიარულის დახვეწილი მანერა ჰქონდა, შეუძლებელი იყო, რომ ეს მომხიბვლელი, ცხრამეტი წლის გოგონა ვინმეს შეუმჩნეველი დარჩენოდა:
-გვანცა, გილოცავ, საყვარელო და უამრავ ასეთ ლამაზ დაბადების დღეს გისურვებ,- გაუღიმა და საჩუქარი გადასცა.
-მადლობა, ცისა, -შენზე ახალი ამბავი გავიგე, ანიმ მითხრა და ძალიან გამიხარდა, მერე დაგელაპარაკები,-თვალი ჩაუკრა იუბილარმა და საქმროს აეკრო.
-კარგი, -თვალი ჩაუკრა ცისიამაც და ნაცნობებისკენ წავიდა.
-ვაჰ, ეს ვინ მოსულა. რა ლამაზად გამოიყურები, ცისა, -აღფრთოვანება ვერ დამალა დათამ, როდესაც ბავშვობის მეგობარი დაინახა.
-მადლობა, -გაუღიმა ბიჭს.

***
აგარაკს შავი BMW-ს მარკის ჯიპი მიუახლოვდა. ნელი სვლით ათვალიერებდნენ ირგვლივ ჩამწკრივებულ აგარაკებს. ბოლოს ერთ ადგილას გაჩერდნენ. მანქანაში ორი მამაკაცი იჯდა. ერთი დაახლოებით ოცდაცამეტი წლის, საშუალო სიმაღლის, ნავარჯიშევი ტანის, შავგვრემანი და მეორე -ორმოც წლამდე, მაღალი, მხარბეჭიანი და მელოტი მამაკაცი:
-ახლაც თუ ხელიდან დაგვიძვრა ეს ლაწირაკი გოგო, ჩათვალე, რომ ვასო „დაგვბრიდავს“!-სიმწრით გამოსცრა კბილებიდან მელოტმა.
-ოთხი დღეა, ამას დავდევთ. რა გახდა მართლა, ტო? ესეც ახლა ინგლისის დედოფალი მყავდეს, სულ ვიღაც დაყვება, - მხარი აუბა მეორე მამაკაცმა.
-არაუშავს, გამოვიჭერთ სადმე, გიუშ, -სიგარეტს მოუკიდა მელოტმა, თან, ცალი თვალით აგარაკს აკვირდებოდა.
-რა თქვი, რა ჰქვიაო?
-რა ვიცი, მაგისიც. ცისანა თუ ცისია, რაღაც მაგდაგვარი,-უხასიათოდ აბოლებდა მელოტი.
-ერთი გათავხედებული, მამიკოს ფულით გაზულუქებული გოგო იქნება,-ფანჯრიდან გადაანერწყვა გიუშამ.
მელოტის მობილურზე ზარი შევიდა. მამაკაცმა, რომ ეკრანს დახედა, სახე უარესად დაეჯღანა და საპასუხო ღილაკს თითი დააჭირა:
-გისმენ ვასო,-მოკლედ უპასუხა მამაკაცმა.
-სად ხართ?-მკაცრი ტონით ჰკითხა მამაკცმა.
-იმ გოგოს ვუთვალთვალებთ, წყნეთში ვართ.
-მომისმინეთ ახლა, ორ დღეში ეგ გოგო თუ ხელში არ ჩაიგდეთ, ორივეს ტვინებს გაგასხმევინებთ, გაიგეთ?!
-ვმუშაობთ, ყველაფერს ვაკეთებთ.
-მერე როგორ მუშაობთ?! თქვენ ხომ არაფერი გეშლებათ? მე ჩემი ანგარიშები მაქვს და ფეხზე მ*კიდია. მოცემულ ვადაში დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ გაართმევთ? საქმე სხვანაირად წაგივათ! მე ჩემი მითქვამს და არ გაითვალისწინებთ? დედას მო....ნავთ! -ღრიალებდა ვასო.
-დაწყნარდი, ტო. რა ბაზარია? -მამაკაცს სახე აელეწა, არ ესიამოვნა ვასოს სიტყვები.
ვასომ ტელეფონი გათიშა. მელოტს სახე აუწითლდა, ისევ სიგარეტს მოუკიდა და ნერვიულად გააბოლა.
-რაო, უფროსმა, რეზო? -დაბალი ხმით ჰკითხა გიუშამ.
-მაგის დედაც... რას იტყოდა? კარგს არაფერს,-დაიბღვირა მელოტი.

***
-ამ სიმპათიურს შეხედე, თვალებით გჭამს, -ჩუმად ანიშნა ანიმ ცისიას და ეშმაკურად გაეღიმა.
-ვის? - ვითომ ვერ ხვდებოდა, თავი მოიკატუნა ცისიამ.
-ეს ქერა ახალგაზრდა, ჩვენს უკან, მაგიდასთან რომ დგას. იცი ვინ არის?
-არა, -ტუჩები მობრიცა ცისიამ.
-არც მე ვიცი, მაგრამ გული მიგრძნობს, მალე გავიცნობთ,-წარბები აათამაშა ანიმ.
-კარგი რა,-ჩემი გემოვნების არ არის, -გაეღიმა გოგონას.
ამასობაში ბიჭი გვანცასთან ერთად გოგოებს მიუახლოვდა. იუბილარმა მეგობრებს მომავალი მაზლი გააცნო. რამდენიმე წუთის შემდეგ ანის უთხრა, შენთან საქმე მაქვსო და მასთან ერთად იქაურობას გაეცალა. ცისია ახლადგაცნობილთან დარჩა. ისაუბრეს და ერთმანეთს უკეთესად გაეცნენ. ცოტა ხნის მერე, ბიჭმა საცეკვაოდ გაიწვია:
-ცისა, -იშვიათი და ლამაზი სახელია,-გაუღიმა ახალგაზრდა მამაკაცმა გოგონას.
-ცისას ოჯახში და სამეგობრო წრეში მეძახიან.
-აბა, რა გქვია, მაშინ?
-ცისია,-ეს არის ჩემი ნამდვილი სახელი.
-ორივე ლამაზია,-ისევ გაუღიმა ბიჭმა.
-მადლობა, ვატო.
-სწავლობ?
-დიახ.
-სად?
-კონსერვატორიაში.
-გვანცამ მითხრა, რომ სასწავლებლად ლონდონში მიდიხარ.
-დიახ, -უხერხულად გაუცინა, არ ესიამოვნა, რომ მეგობარმა მასთან შეუთანხმებლად მომავალ მაზლს პირადი ინფორმაცია მიაწოდა.
-რა დამთხვევაა, მეც იქ ვსწავლობ, შემდეგ წელს იურიდიულ სკოლას ვამთავრებ.
-სასიამოვნოა, -თავი დაუქნია ცისიამ, თან, ფიქრობდა, მისგან თავი როგორ დაეძვრინა, ახლადგაცნობილთან თავს არაკომფორტულად გრძნობდა. ბოლოს როგორც იქნა, მოიმიზეზა, რომ მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა, ვიღაცისთვის უნდა დაერეკა და ცეკვა შეწყვიტა.
მთელი საღამოს განმავლობაში ცისია ანის აღარ მოსცილებია, ყველანაირად ცდილობდა, რომ ვატოს ხელიდან დასხლტომოდა.
დაბადების დღემ შესანიშნავად ჩაიარა. დახვეწილი გარემო, მუსიკა და მხიარულება, -ყველაფერი იყო იმისთვის, რომ სტუმრებს არ მოეწყინათ და ბოლომდე ესიამოვნათ. დილის ორი საათი იყო დაწყებული, როდესაც ცისიას მძღოლმა მიაკითხა. გოგონა იუბილარს და მეგობრებს დაემშვიდობა, სწრაფად გამოვიდა აგარაკის ეზოდან და მანქანაში ჩაჯდა.

***
ფუ, ამის... კიდევ დაგვიძვრა ხელიდან, -ძლიერად დაარტყა საჭეს ხელი გიუშამ.
ამის დედაც მოვ..ან!- გაშმაგდა რეზოც.

***
მეორე დღეს, ცისია სტომატოლოგთან იყო ჩაწერილი. ვიდრე მძღოლი უკან მიაკითხავდა, რეზომ და გიუშამ სათანადოდ იზრუნეს, რომ თემურის მანქანა გაფუჭებულიყო. მძღოლმა გოგონას ვეღარ მიაკითხა და ტაქსის გამოძახება მოუწია. ვიდრე ქუჩაში ავტომობილს ელოდებოდა, ატირებული ბიჭუნა მიადგა:
-დედას ჩამოვრჩი, დავიკარგე და გეხვეწები, სახლამდე მიმიყვანე.
ცისიას ბავშვი შეეცოდა, ტაქსის გამოძახება გააუქმა და პატარას მისამართი ჰკითხა, რომ დახმარებოდა. ბიჭმა ახლომდებარე კორპუსის ნომერი უთხრა, რომელიც იქიდან ექვსი წუთის სავალზე იყო. გოგონამ თვალებიდან ცრემლები მოუწმინდა, დააწყნარა, ხელი მოკიდა და სახლისკენ წაიყვანა. როდესაც კორპუსს მიუახლოვდნენ, ცისია ეზოში შეჰყვა და სადარბაზომდე მიაცილა:
-ხომ ნამდვილად აქ ცხოვრობ?
-დიახ, ის არის ჩემი ბინა,-ბავშვმა საჩვენებელი თითი ერთ-ერთი ფანჯრისკენ გაიშვირა.
გოგონა ერთხანს დაფიქრდა, მერე გადაწყვიტა, ბიჭუნას ბინაში აჰყოლოდა და დედისთვის ჩაებარებინა, მაგრამ ვეღარ მოასწრო, უეცრად უკნიდან მიადგნენ და ცხვირზე ჰალოტანით გაჟღენთილი ნაჭერი მიაფარეს. ცისიამ იგრძნო, ნელ-ნელა ძალა როგორ ეცლებოდა და გონება უბინდდებოდა. ბოლოს თვალების ქუთუთოები დაუმძიმდა, დაეხუჭა და გაითიშა.

***
-ასეც ვიცოდი, ატირებული ბავშვის მეთოდი გაამართლებდა,-ბოროტი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე რეზოს.
-რას არ მოიფიქრებს შენი ბებერი ტვინი, -ჩაეცინა გიუშას, -რამდენ ხანში გაიღვიძებს? მივასწრებთ ადგილამდე? ამის ხელ-ფეხის ქნევის, ყვირილის და ფრჩხილებით სახის კაწვრის ნერვი არ მაქვს.
-მოვასწრებთ, ნუ ნერვიულობ. ასე მალე არ გაიღვიძებს,-არწმუნებდა მელოტი პარტნიორს.

***
-მერაბ, ცისას ვერ ვუკავშირდები. თემურიმ მითხრა, რომ მანქანას ნაწილი დაუზიანდა და შესაკეთებლად ავტო დახმარების სერვისში უნდა წასულიყო, ხოლო ცისა ტაქსით მოვიდოდა სახლში.
-მობილურზე ბოლოს როდის ელაპარაკე?
-დაახლოებით ორი საათის წინ, მითხრა, რომ ტაქსი გამოიძახა და სახლში აპირებდა მოსვლას.
-მეგობრებთან ხომ არ წავიდა? იქნებ ტელეფონი დაუჯდა?
-დალიმ და მე ყველგან დავრეკეთ, სადაც შეიძლებოდა, რომ ყოფილიყო. არ ვიცი, მერაბ, ძალიან ვღელავ.
-დამშვიდდი, გამოჩნდება. ვიცით, რომელი ტაქსის კომპანია გამოიძახა?
-არაფერი უთქვამს.
-კარგი, გადავამოწმებთ, არ ინერვიულო,-აწყნარებდა მეუღლეს, თუმცა თავადაც აღელდა მამაკაცი, ხმა აუკანკალდა.

***
ცისიას დედაქალაქიდან შორს, მიტოვებული ქარხნის ტერიტორიაზე, ნახევარსარდაფში გამოეღვიძა. თავი გაბრუებული ჰქონდა, თვალებს ძლივს ახელდა. ნესტის სუნით გაჯერებული და შელახული კედლები რომ დაინახა, ვერ მიხვდა სად იყო. მაღლა აიხედა და გისოსებით დაცული პატარა ფანჯრიდან დღის შუქი შენიშნა. დაობებულ და ცივ ოთახში ოდნავ აღწევდა სინათლე. გოგონამ ძირს დაგებულ ქვეშსაგებს დახედა და კიდევ უფრო დაიბნა:
-სად ვარ?-ირგვლივ გაოცებული იყურებოდა და თავს ეკითხებოდა,-აქ რას ვაკეთებ?-აგრძელებდა და ნახევრად ბნელ ოთახში გასასვლელს ეძებდა.
უცბად, ცისიამ რკინის ძველ, დაჟანგებულ კარებს მოჰკრა თვალი და წამოდგომა დააპირა, რომ იქით წასულიყო, მაგრამ დაბარბაცდა და კედელს შეაშველა ხელი, რომ არ წაქცეულიყო. ნელა გაუყვა კარების გზას და დაკეტილი რომ დახვდა, არ ესიამოვნა, გულმა ცუდი უგრძნო:
-არის მანდ ვინმე? -კარებზე რამდენჯერმე დააკაკუნა, რომ ვინმესთვის ხმა მიეწვდინა,-მიპასუხეთ, ვინმეს შეუძლია, ეს კარები გამიღოს?
ხმას არავინ სცემდა...
ცისიამ ხმას აუწია და კარებზე ბრახუნი ატეხა.
ისევ არავინ უპასუხა...
გოგონამ თავდაპირველ ადგილს მიაკითხა და თვალიერება დაიწყო, ხელჩანთას ეძებდა, რომ მობილურით ვინმესთან კონტაქტი დაემყარებინა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერც ის იპოვა. ქვეშსაგების და ერთი სკამის გარდა, ოთახში არაფერი იყო. მოულოდნელად, ერთი ხის კარიც დაინახა. მიუახლოვდა და ფრთხილად გამოაღო. აუტანელი სუნი გამოვარდა. ობობის ქსელებს, ჭუჭყს და ჩაყვითლებულ უნიტაზს რომ მოჰკრა თვალი, გულის რევის შეგრძნება დაემართა და მაშინვე დახურა კარები. ისევ გასასვლელთან მივიდა და კიდევ უფრო დიდი ძალით დაუშინა კარებს მუშტები:
-მიშველეთ, გთხოვთ!
გარეთ ისევ აუტანელი სიჩუმე იდგა...
ბოლოს მიხვდა, რომ მისი ხმა არავის ესმოდა. თავდაპირველ ადგილს დაუბრუნდა, თავი მუხლებში ჩარგო და სიმწრისგან აქვითინდა.

***
-მეგი, რა ხდება? გამოჩნდა ცისა?
-არა, მერაბ. უკვე აღარ ვიცი სად მოვძებნო,-ცრემლებს ვერ იკავებდა ქალი,-შენ რა გაარკვიე?
-ყველა კომპანიაში დავრეკე, ერთ-ერთმა დაადასტურა, დაახლოებით 15:12 საათზე ცისია კომპანიას დაუკავშირდა და ტაქსი გამოიძახა. სამი წუთის შემდეგ კი ისევ გააუქმა.
-ნეტა რა უნდა მომხდარიყო? უკვე აღარ ვიცი რა ვიფიქრო.
-უკვე გზაში ვარ. ცოტა ხანიც დაველოდოთ, იქნებ გამოჩნდეს,-მამაკაცი მაქსიმალურად ცდილობდა, სიმშვიდე შეენარჩუნებინა.

***
გიუშამ საჭმელი იყიდა და მიტოვებულ შენობაში უკან დაბრუნდა. რეზოს დაღლილობისგან ჩასძინებოდა:
-ეი, დევკაცო, გამოფხიზლდი! რა დროს ძილია, ტო?-უსაყვედურასავით მელოტს ახლადმოსულმა.
-საჭმელი მოიტანე?- თვალების სრესვას მოჰყვა რეზო.
-ოჰოჰოჰ, რა შაურმა მოვიტანე, რომ იცოდე, თითებს ჩაიკვნეტ,-საჭმელს ხარბად დასუნა და ნერწყვი გადაყლაპა გიუშამ.
რეზომ პარკიდან „პეპსის“ ბოთლები, კიტრი, პომიდორი, ყველი და პური ამოაწყო და თავადაც ჭამის ხალისზე მოვიდა:
-მოიცადე, სალათას დავჭრი ჩემებურად და მერე დავიწყოთ,-შეაჩერა მეწყვილე მელოტმა.
-კარგი, ჰო, -დაეთანხმა გიუშა და ტელევიზორი ჩართო, -ტყვე როგორ არის, ხომ არ გაიღვიძა?-გოგონა მოიკითხა და ცალყბად გაეცინა.
-რა ვიცი, ერთი მაგისიც,-გულგრილად უპასუხა რეზომ და კიტრის თლა გააგრძელა.
-როდის უნდა „გავასაღოთ“? დაგირეკა ვასომ?
-ჯერ არა,-თავი გააქნია რეზომ.
ცისიას ტელევიზორის ხმა მოესმა. ცოტა ხნის შემდეგ მამაკაცების ხმაც გაიგონა. რაზე საუბრობდნენ, სიტყვების გარჩევა შეუძლებელი იყო, ბგერები აშკარად შორიდან მოდიოდნენ. ადგილიდან წამოდგა და კარებზე ბრახუნი გააგრძელა:
-არის მანდ ვინმე? დამეხმარეთ!-შეურაცხადივით ყვიროდა.
-ოჰ, ჩვენს ტყვესაც გაუღვიძია, -სახეზე ღიმილი შეეპარა გიუშას,-წავალ, მოვიკითხავ.
-მოიცადე, საჭმელი წაუღე და ზედმეტი არაფერი წამოგცდეს!-გააფრთხილა მეწყვილე მელოტმა.
-რომც წამომცდეს, რა აზრი აქვს? მალე „ტრუპია“,-ჩაეცინა მამაკაცს.
-გააკეთე, რასაც გეუბნები, შარის თავი არ მაქვს!-მკაცრად უთხრა მეწყვილეს.
-ისე, სანამ სამოთხეს გავამგზავრებდეთ, ცოტა ხომ არ გავერთოთ, აჰ?-თვალი ჩაუკრა გიუშამ მელოტს.
-შენ ხომ არ გაუბერე, ბიჭო?! გითხარი, ის გააკეთე, რასაც გვავალებენ! გაიგე?
-კარგი, ჰო, ნუ ღრიალებ და თვალების ბრიალს მორჩი!-შეუბღვირა ახალგაზრდამ და საჭმლით ხელში ცისიას ოთახისკენ დაიძრა.
გოგონამ ვიღაცის ფეხის ხმა გაიგონა. მიხვდა, რომ მასთან მოდიოდნენ. რაც უფრო მკვეთრად და ახლოდან ესმოდა ნაბიჯების ხმა, მით უფრო გამალებით უძგერდა გული. შემდეგ ფეხის ხმა შეწყდა და კარებთან გასაღების ჩხაკუნის ხმა გაისმა. ცისია ქვეშსაგებიდან წამოიწია და სულგანაბული ელოდებოდა ოთახში შემომსვლელს. კარი ნახევრად გაიღო, მამაკაცმა იქვე, პარკით საჭმელი დატოვა, გატაცებულს შეხედა და მხოლოდ ორი სიტყვა უთხრა: -საჭმელი მოგიტანე. შემდეგ კარი დახურა და გასაღებით დაკეტვა დაუწყო. გოგონამ ვეღარ მოითმინა, ადგილიდან სწრაფად წამოხტა და კარებს მივარდა:
-მოიცადეთ, სად მიდიხართ? გამომიშვით!
ბიჭი სწრაფად გაეცალა იქაურობას. ცისია არ ცხრებოდა, ისევ მთელი ძალით ურტყამდა კარებს და ყვიროდა.
-ახლა, ამან ასე უნდა იყვიროს?
-მოსწყინდება და გაჩერდება,-ცივი გამომეტყველებით შეხედა რეზომ გიუშას.
-ტვინს წაიღებს, ტო,-ხელები გაშალა ახალგაზრდამ.
-გითხარი, მოიბეზრებს და გაჩერდება-მეთქი!
-როგორ მელაპარაკები?! შემთხვევით თვალში ხომ არ გეპატარავები?! -ამჯერად აღარ მოუთმინა გიუშამ მეწყვილეს.
-ნერვები მასხავს და იმიტომ!-მოკლედ მოუჭრა მეწყვილეს.
-რატომ?
-შენ არაფერ შუაში ხარ, ვასოზე ვარ გამწარებული.
-შენ ვასოზე გაქვს ნერვები მოშლილი, ეგ უფლებას არ გაძლევს, ბრაზი ჩემზე ანთხიო!
-არ გინდა რა, ეგ ბაზარი.
-რა ბაზარი? სიტყვები შეარჩიე და ტონს დაუწიე! არც მე მაქვს დავარცხნილი ნერვები! -სახე აენთო გიუშას.
-კარგი, ჰო, დაწყნარდი. დავსხდეთ და პური ვჭამოთ,-ოდნავ მოლბა მელოტი.


***
-ალო, სერგი გამარჯობა.
-გამარჯობა.
-ახალი ამბავი მაქვს. გოგო ჩვენ გვყავს. ველოდებით შემდეგ დავალებას.
-დამელოდეთ. ორ დღეში თბილისში ვიქნები. საკუთარი თვალით უნდა ვუყურო მის სიკვდილს,-მხოლოდ ეს თქვა და ტელეფონი გათიშა.
ოთახში დაახლოებით ორმოცდათხუთმეტი წლის ქალი შემოვიდა. ბიჭს შეხედა და ქართულ ენაზე დაუწყო საუბარი:
-ყველაფერი ჩაგილაგე. მგონი, არაფერი დამვიწყებია,-თქვა და დაღლილი სახით სავარძელში მოკალათდა.
-რატომ შეწუხდი? ხომ იცი, თავადაც გავართმევდი თავს,-სერგიმ ქალს გადახედა და გაუღიმა.
-არა, შვილო, ეს განსაკუთრებულად სასიამოვნო მოგზაურობაა შენს ცხოვრებაში და მინდა, რაღაც წვლილი მეც შევიტანო,-სიმწრით გაეცინა ქალს, -გენდობი, დარწმუნებული ვარ, ყველაფერს თავს გაართმევ.
- ამ მოგზაურობას არაჩვეულებრივი დასასრული ექნება, გპირდები.
-ვიცი, შვილო, რომ იმ კრიმინალებს კისერს მოუგრეხ. ისიც ვიცი, ძმრად ამოადენ, რაც დაგვმართეს.
-ოთხმოცდაათიანი წლების ცოდვები... კრიმინალური გზებით დაგროვებული ქონება და საზოგადოების თვალში ბიზნესმენად წარმოდგენილი, პატივსაცემი მერაბ ავალიშვილი... -კბილებში გამოსცრა მამაკაცმა ირონიულად გაეცინა.
-შენი აქაური ბიზნესის საქმე ხომ მოგვარებული გაქვს?
-კი, ყველაფერი რიგზეა.
ქალს კმაყოფილების ღიმილმა გადაურბინა სახეზე:
-აბა, მაშინ დროა, შური იძიო! მინდა, შენს წინაშე დაჩოქებული, ნაძირალა მერაბ ავალიშვილი ვნახო, -ქალი თვალებიდან ბოროტებას ასხივებდა.
-ძალიან მალე, ყველაფერს თავის სახელს დავარქმევ! -სერგიმ გაყინული და შეუბრალებელი თვალებით გადახედა ქალს და ვისკის მორიგი ჭიქა გამოცალა.



***
ავალიშვილების ოჯახი სრულმა პანიკამ მოიცვა. მერაბი და მეგი ადგილს ვეღარ პოულობდნენ. ყველგან დარეკეს, არცერთი ნათესავი და მეგობარი გამორჩენიათ, მაგრამ გოგონას ამბავი არავინ იცოდა.
-მერაბ, რას ფიქრობ, სად შეიძლება იყოს ჩვენი ცისა? ვითომ გაიტაცეს? გამოსასყიდს მოგვთხოვენ?
მერაბი ოთახში ნერვიულად დადიოდა, ცოლს პასუხს არ სცემდა. გონებაში ათასი ვერაგი ფიქრი უტრიალებდა და ყველაზე ცუდს რომ წარმოიდგენდა, გულში სარივით ეყრებოდა.
-სად ხარ შვილო? ნეტა შენი თავი დამანახა. ვინ იცის, როგორ გიჭირს და რა პირობებში ხარ,-მოსთქვამდა მეგი.
მერაბიმ ნერვიულობას უმატა. მუხლები აუკანკალდა. თავს შეატყო, რომ სიარული აღარ შეეძლო და სკამზე ჩამოჯდა. ოთახში მეგის და დალის ტირილის ხმები ისმოდა.
-იფიქრე, მერაბ!- საკუთარ გონებას ძალას ატანდა მამაკაცი, -რა შეიძლება, რომ ამ დროს გავაკეთო? როგორ ან სად ვიპოვო ჩემი შვილი? -ტვინს იჭ....ტდა აღელვებული მამა.
მოულოდნელად კარზე ზარის ხმა გაისმა. ყველამ კარებისკენ გაიხედა. მერაბი მის გასაღებად, სასწრაფოდ ეზოში გავიდა და ჩქარი ნაბიჯით ჭიშკრისკენ გაემართა. იქ არავინ დახვდა. ძირს დაიხედა და თეთრი კონვერტი შენიშნა. მასზე არც ადრესატის სახელი და არც გამომგზავნის სახელი იყო დაფიქსირებული. გულმა ვეღარ მოუთმინა და იქვე გახსნა. ამასობაში მეგი და დალი მოადგა:
-რა ხდება, მერაბ?
-დამაცადე, მეგი. რაღაც კონვერტი დატოვეს,-აცახცახებული ხელით გაშალა მერაბმა და წერილს უხმოდ გაეცნო:
გამარჯობა, მერაბ. როგორ გიკითხო, ნაბი*ვარო? მე ის ვარ, ვინც დედამიწაზე ჯოჯოხეთი უნდა მოგიწყოს. სასიამოვნოა შენი გაცნობა. წინ ძალიან ბევრი თავგადასავალი გელის. გეგონა, ცოდვები ასე მარტივად შეგრჩებოდა? ვერ მოგართვი. ის, რაც ახლა შენს თავს ხდება, შენი ნელი სიკვდილის და ოჯახის წევრების განადგურების დასაწყისია. დროებით.
მამაკაცმა წერილი სიმწრით დაკუჭა, ამოიგმინა და შორს გაისროლა. მერე სახლში შევიდა და გარეთ დამონტაჟებული კამერების ჩანაწერებს გაეცნო. კაპიუშონიანი და სათვალეებიანი პიროვნების გარდა, ვერავინ და ვერაფერი დაინახა. წერილის გამომგზავნს ყველაფერი არაჩვეულებრივად ჰქონდა გათვლილი. განერვიულებულმა მერაბმა მობილურ ტელეფონს დაავლო ხელი.
მეგიმ დაკუჭული წერილი იპოვა, გაშალა და დაბეჭდილი ასოებით აწყობილ ტექსტს გაეცნო. როგორც კი კითხვა დაასრულა, სახეზე ხელები აიფარა და გაფითრებული იქვე ჩაიკეცა.
მერაბმა სწრაფად მოძებნა საჭირო საკონტაქტო პირი მობილურში და დასარეკად ღილაკს დააჭირა თითი. ვიდრე უპასუხებდნენ, წამები უსასრულო წუთებად ეჩვენებოდა. როგორც იქნა, ხმა გაიგონა:
-ვანო, მერაბი ვარ.
-ჰო, მერაბ. როგორ ხარ?
-სასწრაფოდ შენი ხალხი მჭირდება, შარში ვარ.
-რაშია საქმე?
-შვილი გაიტაცეს.
-ვისზე გაქვს ეჭვი?
-ჩემს ძველ ბიზნეს პარტნიორზე. დიდი ალბათობით, ეგ ძაღლიშვილი უნდა იყოს.
-მოიცადე, საქმეს აჩქარება არ უყვარს, ძმაო. უნდა შევხვდეთ და დავილაპარაკოთ.
-სად მოვიდე?
-ცოტა ხანში დაგირეკავ და ყველაფერს გეტყვი, დამელოდე.
-კარგი.
სანამ ვანო მერაბს დაუკავშირდებოდა და შეხვედრას დაუნიშნავდა, მამაკაცს თავისი დაემართა. დროდადრო ნერვიულად ახეთქებდა მუშტს მაგიდაზე და ყველაზე მეტად ის აგიჟებდა, საკუთარი შეცდომების გამო, შვილის სიცოცხლე რომ იდო სასწორზე. მეგიმ კაბინეტის კარი შეაღო და მეუღლეს მკაცრი სახით შეხედა:
-მერაბ, პოლიციას უნდა დავურეკოთ, ასე ჩუმად ჯდომა აღარ გამოვა!
-არსად არ დარეკავ!
-როგორ თუ არ დავრეკავ? საქმე ჩვენი შვილის სიცოცხლეს ეხება. ეს წერილი უნდა ვაჩვენოთ.
-არსად არ დარეკავ-მეთქი! გაიგე?- თავს ვერ აკონტროლებდა, ისე ღრიალებდა მერაბი,-მე მოვაგვარებ ყველაფერს, საკუთარი ძალებით.
მეგი მიხვდა, რომ გამძვინვარებულ მერაბთან საუბარს აზრი არ ჰქონდა და კარები უსიტყვოდ გაიხურა.

***
ღმერთო, სად ვარ? ნუთუ ეს კედლები იქნებიან ჩემი სიცოცხლის ბოლო წუთების მაყურებელნი? აქ უნდა მომიწიოს სიკვდილმა? ვინ არიან? რა უნდათ და რას მერჩიან?.. ვითომ მამაჩემს ჩემი თავის სანაცვლოდ ფულს სთხოვენ?.. ალბათ, ესაა მიზეზი და მაშინ არის რაღაც შანსი, რომ აქაურობას თავი დავაღწიო. დაწყნარდი, ცისა, თავი ხელში აიყვანე და პატარა ბავშვივით ნუ იქცევი. მალე გადაიხდის მამაშენი ფულს და ცოტა ხანში, სამშვიდობოს გახვალ. აღარც ნესტიანი კედლების ყურება და აღარც ამ საშინელი, ობის სუნის სუნთქვა მოგიწევს, ან იქნებ უფრო ცუდი მიზეზიც არსებობს? ოჰ, არა... -გააკანკალა გოგონას და საკუთარი თავის გასამხნევებლად იგრძნო, რომ ძალა არ ჰყოფნიდა, მის აზროვნებას წინ შიში უსწრებდა ...
იმ ღამეს, არ უძინია. გაშტერებით უყურებდა პატარა ფანჯრიდან ახალ მთვარეს და მის მკრთალ ნათებაში ფიქრებით იკარგებოდა.
შორიდან ისევ ბუნდოვნად ისმოდა მამაკაცების ხმა...

***
უკვე შუაღამე იყო, როდესაც ვანო მერაბს დაუკავშირდა. ქალაქიდან შორს, დაახლოებით საათნახევრის სავალზე, სადღაც გადაკარგულ ადგილას შეხვდა:
-მოკლედ, ვითარება ასეთია, ვანო. გუშინ, დაახლოებით სამი საათისთვის ჩემი შვილი გაუჩინარდა და მას შემდეგ არაფერი მსმენია მასზე. თავიდან მეგონა, გატაცება იყო და თანხას მოითხოვდნენ, საღამოს კი ეს წერილი მივიღე,- მამაკაცმა ფურცელი გაუწოდა.
ვანო ინტერესით გაეცნო წერილს და უკან მიაწოდა:
-სახლის კამერებმა ვერაფერი დააფიქსირეს?
-ვერა. მხოლოდ ერთი კაპიუშონიანი და სათვალეებიანი ტიპი ჩანს. მოდის, წერილს ტოვებს და ისევ ფეხით მიდის სადღაც. როგორც ჩანს, მანქანა შორს უნდა ჰქონოდა დატოვებული, იქ, სადაც ვერავინ ვერაფერს შეამჩნევდა. ასეთი ადგილები კი ჩემსკენ უხვად მოიძებნება.
-რა თქვი? ეჭვი ჩემს ძველ ბიზნეს პარტნიორზე მაქვსო?
-ჰო, ნოდარ სამადაშვილზე.
-აქ წერია, რომ სასიამოვნოა შენი გაცნობაო- ვითომ ის ნოდარი ისე გამოთაყვანდებოდა, რომ ძველი პარტნიორისთვის ეს მოეწერა?
-ჰო, მაგისთვის ნაღდად არ მიმიქცევია ყურადღება,-ჩაფიქრდა მერაბი.
-მერაბ, მომიყევი ყველაფერი. ვინ არის ნოდარი და რატომ ფიქრობ, რომ მისი ხელი ურევია შენი შვილის გატაცებაში?
-ძველი ამბავია. ერთ დროს, ვმეგობრობდით, კომპანიის წილებს ვფლობდით. მერე ავარიაში მოჰყვა, ხერხემალი დაიზიანა, საქმეს ვეღარ უმკლავდებოდა და მოკლედ თავის წილის დათმობა მოუწია ჩემთვის. რაც მივეცი, ის ფული მალე შეჭამა, გაბოროტდა და მერე ყველაფერს მე მაბრალებდა, სპეციალურად მომიწყე, რომ დაგეძირეო. ყველა გზა მისკენ მიდის, ვანო. სხვა მტერი მე არავინ მყავს.
-კარგი, მისი საცხოვრებელი მისამართი დატოვე, იმუშავებენ ჩემი ხალხი და ყველაფერს გავარკვევთ. ამ დღეებში დაგიკავშირდები.
-შენი იმედი მაქვს, თანხაზე არ მაქვს პრობლემა, ხომ იცი?
-დავიანგარიშებ და თავის დროზე ყველაფერს გაგაგებინებ.
-დროებით.
-დროებით, მერაბ.

***
მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს ცისიას. აღარც ძალა შესწევდა, რომ ეყვირა, თან, მიხვდა, აზრი არ ჰქონდა... იქვე, კარებთან დატოვებულ საჭმლით სავსე პარკს დასწვდა, რაც ხელში მოხვდა, ამოიღო და უაზროდ დაუწყო კარტოფილის ღვეზელის ლუკმებს ღეჭვა.
დაახლოებით დილის 07:00 საათი იქნებოდა, როდესაც რეზოს ვასო დაუკავშირდა და გააფრთხილა, რომ იმ საღამოს ან მეორე დღეს გადაწყდებოდა გატაცებულის ბედი და ნებისმიერ დროს, მზად ყოფილიყვნენ ბრძანების სისრულეში მოსაყვანად.
-გიუშ, ადექი, გაიღვიძე,-ხელით ანჯღრევდა მელოტი ახალგაზრდა მამაკაცს.
-ჰა, -ძილბურანში მყოფმა ახედა რეზოს.
-შეიძლება, დღეს ვასო გვესტუმროს, ამ გოგოს მოშორება მოგვიწევს.
-როდის?
-დღეს საღამოს ან ხვალ. ჯერ ისიც ბრძანებას ელოდება.
-მერე დამაძინე, ტო. რა დროს საღამოა?- ჯუჯღუნებდა გიუშა.
-არა, გიუშ. უნდა ვიფხიზლოთ, არ იცნობ ვასოს. ეგ ერთს იტყვის და მეორეს ასრულებს. რადგან დღევანდელი დღე ახსენა, შეიძლება ახლაც მოვიდეს. ადექი, ადექი! მზად უნდა ვიყოთ.
-აუ, ტვინს ტ**ავთ რა!-თვალებს იფშვნეტდა გიუშა.
-წავედი, საჭმელს ვიყიდი და დავბრუნდები. შენ ფრთხილად იყავი, იმ გოგოს თვალი არ მოაშორო.
-ჰო, წადი,-ჯერ კიდევ ნახევრადმძინარი პასუხობდა რეზოს.
ცისას შორიდან, ისევ ბუნდოვნად ესმოდა მამაკაცების ხმა... გოგონა ყურადღებას აღარ აქცევდა, სიტყვებს მაინც ვერ არჩევდა ერთმანეთისგან.

***
შუადღე იყო, როდესაც მოსკოვის რეისი თბილისში დაეშვა. ძალიან უხალისოდ გამოვიდა სერგი სანიკიძე თვითმფრინავიდან. სახეზე ეტყობოდა, რომ მაინცდამაინც არ ეპიტნავებოდა ახალი ცხოვრების დასაწყისი, მაგრამ შურისძიების წყურვილი ყველაფერს სწონიდა. იმდენად სძულდა მერაბ ავალიშვილი და ნოდარ სამადაშვილი, როდესაც წარმოიდგენდა, რომ ერთი ქვეყნის ჰაერი უნდა ესუნთქათ, ისიც კი გულს ურევდა, მაგრამ სამადაშვილი ისე იმდენად არ ჰყავდა მიზანში ამოღებული, რამდენადაც ავალიშვილი. მისი გეგმის მიხედვით, მერაბი თავად მოუღებდა ბოლოს ძველ პარტნიორს და ამიტომ, გაკოტრებულ, ფიზიკურად შეზღუდულ და მარტოხელა ადამიანზე მოცდენა დიდად არ აწყობდა, მას დიდი ხნის წინ გაუბედურებულ პიროვნებად მიიჩნევდა.
სანიკიძეს სახლი ქალაქის ცენტრიდან შორს, წავკისში შეეძინა და დროებით, იქ აპირებდა დამკვიდრებას. იქამდე ტაქსით მივიდა. როგორც კი ჭიშკარი გააღო, ძალიან ესიამოვნა, როდესაც უზარმაზარი, მწვანე ეზო მხოლოდ ყვითელი ყვავილებით მორთული დაინახა. თბილად გაეღიმა და სახლში შევიდა. დიზაინერებს ოთახები ისე მოეწყოთ, როგორც თავად მოითხოვა, ყველა მისი სურვილი გაეთვალისწინებინათ.
მობილური ჯიბიდან ამოიღო და დაჩის დაურეკა:
-გისმენთ, ბატონო სერგი.
-დაჩი, როგორ მიდის საღამოს გახსნის ამბავი?
-ყველაფერი არაჩვეულებრივად არის.
-ძალიან კარგი. შვიდ საათზე მეც მანდ ვიქნები.
-დიახ, გელოდებით.
კმაყოფილი ღიმილით გათიშა ტელეფონი და საძინებელ ოთახში დასასვენებლად ავიდა.

***
-მეგი, ყველაზე ლამაზი კაბა ჩაიცვი და მოემზადე, საღამოს წვეულებაზე მივდივართ,-მერაბმა ოთახის კარი გააღო და საწოლზე მიწოლილ მეუღლეს უთხრა:
-შენ, რა, მასხარად მიგდებ, მერაბ, თუ რა ხდება?
-ასეა საჭირო, აღარ მალაპარაკო, გააკეთე, რასაც გეუბნები.
ქალს ჯერ ეგონა, რომ მოეჩვენა, შემდეგ, რომ დარწმუნდა, რომ მეუღლე არ ხუმრობდა, თავი ვეღარ შეიკავა და სიმწრისგან ამოხეთქა:
- ისიც არ ვიცით ჩვენი გოგონა, ერთადერთი ქალიშვილი ცოცხალია თუ მკვდარი, არ ვიცით რა პირობებშია, როგორ ეპყრობიან ან რასთან უწევს გამკლავება და მე წვეულებაზე ვიფიქრო? ხომ არ გამოთაყვანდი, მერაბ? აზროვნების უნარი წაგერთვა?
-მეგი, არც მე ვარ წვეულებაზე წასვლის და შამპანურის წრუპვის ხასიათზე, მაგრამ რაც ჩვენს ოჯახში ხდება, არავინ უნდა შეამჩნიოს. გეუბნები და დამიჯერე, ასეა საჭირო.
-პოლიციას არაფერს ეუბნები, თუმცა არ ვიცი რატომ. კერძო დეტექტივი მაინც აგვეყვანა, მერაბ. ვერ ვიტან ასე გულხელდაკრეფილივით ყოფნას.
-არა-მეთქი! ყველაფერს საკუთარი ძალებით მივხედავ! -იყვირა მამაკაცმა. შემდეგ თავადვე მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა და მეუღლეს დასამშვიდებლად მიუახლოვდა: -გპირდები, ვინც არ უნდა იყოს, ყველაფერს გავარკვევ და საკუთარი სისხლით ვაგებინებ პასუხს, არ დავინდობ! ახლა კი გთხოვ, გააკეთე, რასაც გეუბნები და წამომყევი.
-სად მივდივართ?
-რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენია, აქ სამშენებლო კომპანიას ხსნის. მთელი ქალაქის ბიზნესმენები მიგვიწვიეს.
-როგორ არ მაინტერესებს... -სახე დამანჭა და ცრემლები მოიწმინდა მეგიმ.
-ვიცი, საყვარელო. მალე წამოვალთ, გპირდები, -აწყნარებდა მერაბი ქალს.

***
საღამოს ხუთი საათისთვის ვასომ სერგის დაურეკა და ჰკითხა, როდის აპირებდა, ავალიშვილების შვილი მოენახულებინა:
-ვასო, დღეს ვეღარ მოვახერხებ, ხვალისთვის გადავდოთ.
-როგორც იტყვი.
-რაც გითხარი, არ დაგავიწყდეს, ზედმეტი მოწმეები არ მჭირდება. ადგილზე რომ მოვალ, არცერთი ვნახო.
-ყველაფერი რიგზე იქნება,-ჩაიქირქილა ვასომ.
-კარგი,-ცივად უთხრა და ტელეფონი გაუთიშა.

***
მთელი ქალაქის ელიტა -ბიზნესმენები, ქალაქის მერი და კიდევ უამრავი შეკრებილიყო საღამოზე და სერგი სანიკიძეს კომპანიის გახსნას ულოცავდნენ. მოჩვენებითი ბედნიერება, მოჩვენებითი ღიმილი, ყალბი სახეები-გულის შემაწუხებლად მოქმედებდა სერგიზე. აი, მერაბ ავალიშვილიც გამოჩნდა, - ყველაზე „სასურველი“ სტუმარი. თითქოს, კარგად შენიღბულიყო, არავისთვის უნდოდა, ეჩვენებინა როგორ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მაგრამ იქ ნამდვილად იყო ვიღაც, რომელიც გულში ისე დასცინოდა, ხარხარშიც კი გადასდიოდა. ყველამ ყველა მოიკითხა, ერთმანეთის სიხარული „გაიზიარეს“, პრობლემებითაც „შეწუხდნენ“, საუკეთესო ბრენდის ტანსაცმლით თავებიც მოიწონეს, ბევრი ალკოჰოლიც დალიეს და იცინეს კიდეც...
ორ საათში ყველაფერი დამთავრდა. მომდევნო კვირიდან კომპანია ახალი ძალებით და გამოცდილი კადრებით იწყებდა ფუნქციონირებას.

***
ღამის თერთმეტი საათი იყო, როდესაც ვასოს მანქანა მიტოვებული ქარხნის ტერიტორიაზე გაჩერდა. ცისიას ყურებს არაფერი გამოჰპარვია, ჯერ მანქანის მოტორის, შემდეგ კარის გაღების და დახურვის ხმა გაიგონა,-იფიქრა, ვიღაც მესამე პირი ეწვიათ, რომელიც ალბათ, მის ბედს საბოლოოდ გადაწყვეტდა.
მამაკაცი რეზოს და გიუშას მიესალმა და ორივესთან ერთად გატაცებულის ოთახისკენ გაემართა.
-როგორ არის? დაწყნარდა?
-ჰეჰ, სხვა გზა ჰქონდა?-ჩაეცინა რეზოს.
გოგონას კიდევ უფრო ახლოს ესმოდა ნაბიჯების ხმა, მიხვდა, რომ ყველა მისკენ მიდიოდა და მოსალოდნელი საფრთხისთვის მოემზადა. კარები გაიღო და სამივე მის ოთახში აღმოჩნდა:
-მოგესალმები, მზეთუნახავო, -კმაყოფილი მზერა მიაპყრო ვასომ გოგონას.
ცისიას გარედან შემოსულმა შუქმა თვალები მოსჭრა და სახეზე ხელი აიფარა. ვერც ვასოს და ვერც გამტაცებლების სახე კარგად ვერ გაარჩია:
-აქ რა მინდა? -მხოლოდ ეს მოახერხა, რომ ეკითხა მათთვის.
-მაგას ძალიან მალე გაიგებ,-უპასუხა ვასომ და კარები გაიხურა.
-მოიცადე, სად მიდიხართ? პასუხი გამეცით! -ხმას აუწია გოგონამ, მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო, მის სიტყვას აინუნშიაც არ აგდებდნენ.
ცისიამ ხმას აუწია და კარებს მუშტები დაუშინა. მამაკაცებს ნამდვილად არ ეცალათ მისთვის, რაღაცაზე კამათს მოჰყვნენ. უცებ, რამდენჯერმე გასროლის ხმა გაისმა. გოგონამ კარებზე ბრახუნის ხმა შეწყვიტა, ტანში უცნაურმა შიშმა დაუარა და გააჟრჟოლა. მუხლებში ჩაიკეცა და დადუმდა...
დაახლოებით ნახევარ საათში, ნაცნობი მანქანის ხმა გაისმა.
ეს მანქანა ჩემი გამტაცებლების უნდა იყოს. ვითომ ერთ-ერთმა ახლად მოსული და მეორე გამტაცებელი მოკლა და გაიქცა? ნეტა რა ვერ გაიყვეს ან მე რა ბედი მელის? ვის ინტერესებშია ჩემი აქ გამოკეტვა? -თავის ფიქრებში იყო ცისია. რამდენიმე საათში ფეხის ხმა გაიგონა. ვიღაც შენობაში შემოვიდა და ნერვიულად გადი-გამოდიოდა. ეს ვინ არის?-თავის თავს ეკითხებოდა გოგონა. არავინ ხმას არ იღებს, სავარაუდოდ მხოლოდ ერთი პიროვნებაა შენობაში. გამოდის, რომ ორი მოკლეს? ის მესამე, ახლადმოსული პიროვნება ვინ იყო? კარებთან ახლოს მივიდა და ყური მიადო, იქნებ რამე უკეთესად გაეგო, მაგრამ ამაოდ. ცისიას გული უგრძნობდა, რომ შენობაში მკვლელობა მოხდა. ასე, ეჭვებში გაატარა მთელი ღამე.

***
დილით სერგი ვასოს დაუკავშირდა:
-დღეს, დაახლოებით ორი საათისთვის იმ გოგოსთან უნდა წავიდეთ.
-როგორც იტყვი.
-გააკეთე, რაც გითხარი?
-გვიან ღამით ორივე მოწმე მოვიშორე.
-ამ საქმესაც დავამთავრებთ და შეგიძლია, საქართველო დატოვო, აღარ მჭირდები.
-კი ბატონო.
ცოტა ხანში, სერგი სანიკიძე თავის ავტომობილით მიტოვებული ქარხნის შენობისკენ მიდიოდა.
რამდენიმე ღამის უძილო ცისიას როგორც იქნა, თვალი მოეხუჭა. დაესიზმრა, რომ სახლში იყო, მისაღებ ოთახში თავის თეთრ როიალთან დამჯდარიყო და პოლ დე სენევილის „Mariage D’amoure”-ს უკრავდა. მთელი გრძნობით გადასცემდა კლავიშებს თავის სათქმელს , თითები თავისით მოძრაობდნენ, გოგონას ცრემლები ჩამოსდიოდა და სევდას მუსიკის ჟღერადობაში ატანდა...
ვიღაცამ ოთახის კარები გააღო და ნახევარსარდაფში მაღალი მამაკაცის ლანდი გამოჩნდა. ტყვე ხმაურზე უცბად გამოერკვა და გამოფხიზლდა. ფეხზე წამოდგა და სერგი სანიკიძის ლანდს აესვეტა. მამაკაცი ბოროტი თვალებით ათვალიერებდა ცისიას. სამმა დღემ მის გარეგნობას იმდენად დიდი დაღი დაასვა, თითქოს თვალებს ძველებური ხალისი და სიცოცხლე მთლიანად დაჰკარგვოდა. მრისხანე თვალებით აათვალიერა ცისია და მხოლოდ რამდენიმე სიტყვა წარმოთქვა:
-ნაიკის სპორტული ფეხსაცმელი, ამავე ფირმის მაისური და სავარაუდოდ ჯინსიც რომელიმე ხარისხიანი ბრენდის... ჰმ, ვერც კი წარმოიდგენ, რამდენი ადამიანის სისხლით არის ნაყიდი შენი ძონძები,-ზიზღით შეხედა გოგონას და ვასოს უბრძანა, ნახევარსარდაფიდან გამოეყვანა.
ვასომ დაუყოვნებლივ შეასრულა ბრძანება. გოგონამ ირგვლივ მიმოიხედა, არავინ იყო სერგის და ვასოს გარდა: -უნდა მომკლათ, ხომ? -ამოილუღლუღა.
-მუხლებზე დადექი!- მკაცრად უთხრა ვასომ.
გოგონა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაემორჩილა. იმდენად დიდ მზადყოფნას ავლენდა სასტიკი განაჩენის მიმართ, მისი სიმამაცით თავად სერგიც გაოცდა.
-რამდენი წლის ხარ?
-დავიჯერო, არ იცი?- დაღლილი თვალებით ახედა მამაკაცს.
-რომ ვიცოდე, გკითხავდი?
-რომ გაინტერესებდეს, არ გაგიჭირდებოდა ამის გაგება, -ცალყბად ჩაეცინა გოგონას.
-შენ თუ იცი, რომ ბევრს ტლიკინებ?!-გაუწყრა სერგი.
-სიკვდილის წინ მეპატიება,-ისევ აგდებულად უპასუხა გოგონამ.
-შენ სულ ასე ლაპარაკობ?
-არა, სხვათაშორის.
-აბა, აქ, მაინცდამაინც ჩემთან ამოიდგი ენა?
-ხო, რა ვიცი, ასე მომინდა.
-რატომ ვითომ?
-ძალიან მომეწონე,-მხრები აიჩეჩა გოგონამ.
-შენ რა, მეკაიფები? -კბილებში გამოსცრა მამაკაცს და გოგონასკენ დაიხარა, რომ თვალებში ჩაეხედა. სიმპათიური სახის და მრისხანე ცისფერი თვალების დანახვაზე, გოგონას გულს კიდევ უფრო მეტი გამბედაობა შეემატა და სახეში შეაფურთხა.
ვასო ადგილზე გაშრა და მსხვერპლს საფეთქელთან ტყვია მიუტანა. გოგონასგან ასეთ საქციელს არცერთი ელოდებოდა.
-შენ ხომ არაფერი გეშლება? -დაუღრიალა ცისიას ვასომ.
-ნამდვილად არაფერი მეშლება!-დაიღრიალა გოგონამ.
თავი დაანებე,-სერგიმ ხელი აუკრა იარაღზე ვასოს და გვერდზე გაწია. ცხვირსახოცი ამოიღო და ნერწყვი მოიწმინდა.
-რამდენს ბედავ?! -თავის კონტროლს ჰკარგავდა სერგი.
-იმდენს, რამდენიც გეკუთვნით!- არ დაიბნა ცისია.
-მაშ, მაგარი გოგოს როლს თამაშობ, არა?
-არავის როლს ვთამაშობ. იმას ვაკეთებ, რასაც გონება მკარნახობს.
-და ახლა რას გკარნახობს შენი გონება?- ფსიქიკაშერყეული ადამიანივით ახარხარდა სერგი.
-იმას რომ ორივე თქვენგანი ნაბი*ვრები ხართ და მეტს იმსახურებთ!
-გოგო, იცი ვის ელაპარაკები?-არ ცხრებოდა ვასო.
-ვიცი, ნაგავს. მადლობა, რომ შემახსენე.
-სერგი, ამ ქაჯი გოგოს ნერვები აღარ მაქვს. დროზე თქვი, რომ მზად ხარ, ამის ტვინის გასხმას უყურო და დავამთავროთ,-გააფთრებულმა ვასომ საფეთქელზე მიაბჯინა რევოლვერის ლულა ცისიას.
-წყნარად! -ისევ შეაჩერა სერგიმ ვასო.
-არ მეგონა, მერაბ ავალიშვილს, რომ ასეთი საინტერესო გოგო ჰყავდა,-სახეზე ბოროტმა ზრახვებმა გაურბინეს სერგის.
-საინტერესო კი არა, ერთი უზრდელი ლაწირაკია!- მძვინვარებდა ვასო, -დროულად დაუქნიე ხელი და გავისტუმროთ შორეულ მოგზაურობაში.
-ბედნიერი ვიქნები თქვენს ამჟავებულ სიფათებს რომ ვეღარ ვნახავ,-ღიმილით წარმოთქვა გოგონამ.
სერგის მოთმინების ფიალა აევსო:
-საკმარისია! გეგმები იცვლება!
-რაო?-გაოცებული იყურებოდა ვასო.
-ამ გოგოს განადგურების სხვა სტრატეგიაზე გადავდივარ. ჯერჯერობით ისევ იმ ოთახში დააბრუნე, ამ დღეებში დაგირეკავ და ყველაფერს გეტყვი, როგორ უნდა მოიქცე,-ცისიას კიდევ ერთხელ შეხედა და იქაურობას გაეცალა.
ვასომ მხრები აიჩეჩა და ბრძანებას დაემორჩილა.



№1 სტუმარი Skorpion

უმაგრესიააა...
შემდეგი თავი როდის იქნება?

 


№2 სტუმარი სტუმარი ქეთი

ძალიან ძალიან საინტერესო ისტორიაა. წინასიტყვაობაში სჩანს აქ როგორ განვითარდება მოვლენები. მიყვარს თქვენი ისტორიები და დახვეწილი წერის სტილი. მოუთმენლად დაგელოდებით

 


№3  offline წევრი Tamara Tamo

ქეთი, განსხვავებული ჟანრიც როგორ მოიხდინე, მომწონს შენი თხრობის სტილი. ველოდები გაგრძელებას მოუთმენლად...

 


№4  offline ახალბედა მწერალი K. I.

Skorpion
უმაგრესიააა...
შემდეგი თავი როდის იქნება?


მადლობა, რომ წაიკითხეთ. შემდეგი თავი ხვალ აიტვირთება blush

სტუმარი ქეთი
ძალიან ძალიან საინტერესო ისტორიაა. წინასიტყვაობაში სჩანს აქ როგორ განვითარდება მოვლენები. მიყვარს თქვენი ისტორიები და დახვეწილი წერის სტილი. მოუთმენლად დაგელოდებით


მადლობა, რომ შემიფასეთ heart_eyes გამიხარდა, თუ მოგეწონათ. დაელოდეთ მოვლენების განვითარებას.მალე დავდებ გაგრძელებას.

Tamara Tamo
ქეთი, განსხვავებული ჟანრიც როგორ მოიხდინე, მომწონს შენი თხრობის სტილი. ველოდები გაგრძელებას მოუთმენლად...


მადლობის მეტი არაფერი მეთქმის heart_eyes heart_eyes
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№5  offline წევრი kethrine

ახლა დაგიწყე კითხვა, წინასიტყვაობა მართლა მომეწონა შინაარსობრივად. მართლაც კარგი და მძაფრი სიუჟეტები გველის მკითხველს როგორც ჩანს. იმასაც მივხვდი, რომ სერგიმ თავის განძრახვაზე მხოლოდ იმიტომ თქვა უარი, რომ არ ეგონა გოგონა ასეთი სისხარტით და სითამამით თუ გამოირჩეოდა მითუმეტეს ასეთ დაძაბულ დროს, მაგრამ ცისას პოროვნება დამაკლდა დიალოგის დროს, ანუ ის რომ ეწინააღმდეგებოდა, დაცინოდა და ამ ცინიზმით "ქედს არ უხრიდა" ეგ კარგი იყო მაგრამ ყველას, ყველას გვეშინია სიკვდილის, როგორიც არ უნდა იყოს ის. ამ მომენტში ცისას ფიქრები დამაკლდა, რას ფიქრობდა იმ დროს როცა თოფის ლულა მიედო საფეთქელზე, რა იგრძნო როცა სერგი დაინახა და მიხვდა რომ ყველაფრის თავი ის იყო...


მოკლედ მგონი გამიგე. ველოდები საყვარელო ახალ თავს, ისტორიის თემა მომწონს ძალიან და იმედია ასე გააგრძელებ. წარმატებები ❤❤❤
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№6  offline ახალბედა მწერალი K. I.

kethrine
ახლა დაგიწყე კითხვა, წინასიტყვაობა მართლა მომეწონა შინაარსობრივად. მართლაც კარგი და მძაფრი სიუჟეტები გველის მკითხველს როგორც ჩანს. იმასაც მივხვდი, რომ სერგიმ თავის განძრახვაზე მხოლოდ იმიტომ თქვა უარი, რომ არ ეგონა გოგონა ასეთი სისხარტით და სითამამით თუ გამოირჩეოდა მითუმეტეს ასეთ დაძაბულ დროს, მაგრამ ცისას პოროვნება დამაკლდა დიალოგის დროს, ანუ ის რომ ეწინააღმდეგებოდა, დაცინოდა და ამ ცინიზმით "ქედს არ უხრიდა" ეგ კარგი იყო მაგრამ ყველას, ყველას გვეშინია სიკვდილის, როგორიც არ უნდა იყოს ის. ამ მომენტში ცისას ფიქრები დამაკლდა, რას ფიქრობდა იმ დროს როცა თოფის ლულა მიედო საფეთქელზე, რა იგრძნო როცა სერგი დაინახა და მიხვდა რომ ყველაფრის თავი ის იყო...


მოკლედ მგონი გამიგე. ველოდები საყვარელო ახალ თავს, ისტორიის თემა მომწონს ძალიან და იმედია ასე გააგრძელებ. წარმატებები ❤❤❤


დიდი მადლობა, რომ წაიკითხეთ და შემიფასეთ heart_eyes ცისას წინასწარ ამ თემაზე უკვე ნაფიქრალი ჰქონდა და ის შიშიც მოილია სარდაფში ჯდომის დროს და თავი ფსიქოლოგიურად მოამზადა სიკვდილისთვის. იცოდა, რომ მაინც მოკლავდნენ, დასაკარგი არაფერი ჰქონდა, გათამამდა და იმას ეუბნებოდა გამტაცებლებს, რასაც მათზე ფიქრობდა. სიკვდილის შიში გაუქრა ან იქნებ იბრძოდა, რომ თავი გადაერჩინა? გადაირჩინა კიდეც blush
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№7  offline ახალბედა მწერალი K. I.

სალანდერი
ოჰო, აქ რა ამბები ტრიალებს.
ეს ცისია მეკაიტიპა ცოტა, იდეაში დასაკარგი არაფერი ჰქონდა და ბოლოჯეერ გაისროლა, სწორი იყო თუ არა ეს გასროლა, შემდეგ თავებში უფრო გავიგებ.
ამ სერგისთან და მერავთან ძან ჩახლართულობა იგრძნობა. . .
მერაბი ჯერჯერობით ვერაფერი შვილია, აი სერგი ჭკვიანი ტიპი ჩანს.
აშკარად რაღაც ისეთი ჩაიფიქრა სიკვდილს სანატრელს გაუხდის, ამ თავხედ გოგოს. . .
მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკო, დავინტრიგდი და გელოდები. . .


კი, ცისია კარგი ტიპია, მაგრამ სერგი ისეთს ჩაუტარებს... დაელოდე smile
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№8  offline ახალბედა მწერალი K. I.

უცნაური მე
რა ბედნიერებაა, როცა კითხულობ და დანაკლოსის შეგრძნება არ გაქვს, კითხულობ და ვერსად ნახლობ შედომებს არა მხოლოდ გრამატიკულს არამედ არანაირს..
ვერ აღვწერ ისე მომეწონა..
ძალიან საინტერესო და მძაფრი შეგრძნებებით დატვირთული ისტორია გველოდება წინ და მოუთმენლად დაველოდები შემდეგ თავს.
❤️❤️❤️


უღრმესი მადლობა ასეთი კარგი სიტყვებისთვის. მე კი ის მახარებს, რომ თქვენნაირი მკითხველი მყავს heart_eyes
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№9 სტუმარი სტუმარი nancho

ძალიან საინტერესო ისტორია და კარგად წერთ,ველოდები ახალ თავს,

 


№10  offline ახალბედა მწერალი K. I.

სტუმარი nancho
ძალიან საინტერესო ისტორია და კარგად წერთ,ველოდები ახალ თავს,


ძალიან დიდი მადლობა heart_eyes
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№11 სტუმარი სტუმარი Lia

kargi motxrobaa.momewona zalian.mzafrsiujetian films magonebs.sawkali cisia salian mecodeba.
velodebi a al tavs.

 


№12  offline ახალბედა მწერალი K. I.

მადლობა ინტერესისთვის ❤️ ცისას ვერ ვშველი და ძალიან მაწუხებს...
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№13 სტუმარი Cisi

Ra sainteresoa keti velodebi gagrzelebas

 


№14  offline ახალბედა მწერალი K. I.

Cisi
Ra sainteresoa keti velodebi gagrzelebas


მადლობა. ძალიან გამახარე heart_eyes
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№15  offline აქტიური მკითხველი terooo

იმდენად არეულია ყველაფერი რომ არ ვიცი რა ვივარაუდო

 


№16  offline ახალბედა მწერალი K. I.

terooo
იმდენად არეულია ყველაფერი რომ არ ვიცი რა ვივარაუდო

მალე გაიგებ ყველაფერს :))
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№17 სტუმარი სტუმარი მარი

ჯერ მხოლოდ ორი ხაზი წავიკითხე და უკვე ვგიჟდები ამ მოთხრობაზე... ახლა ჩავუჯდები თუ ჩავუწვები :D (ღამეა) და გულისფანცქალით მოვირგებ მკითხველის როლს!!!

 


№18  offline ახალბედა მწერალი K. I.

სტუმარი მარი
ჯერ მხოლოდ ორი ხაზი წავიკითხე და უკვე ვგიჟდები ამ მოთხრობაზე... ახლა ჩავუჯდები თუ ჩავუწვები :D (ღამეა) და გულისფანცქალით მოვირგებ მკითხველის როლს!!!

მარი, იმედი მაქვს, მოგეწონება :))
მადლობა, რომ მკითხულობ heart_eyes
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№19  offline მოდერი ნეაკო

ძალიან კარგი ისტორიაა ❤❤❤ განსაკუთრებული, გამორჩეული და ემოციებით სავსე❤❤❤წარმატებები თქვენ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent