შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრანდოტელი (1)


17-01-2019, 14:00
ავტორი რედი
ნანახია 781

* * *
,,სიყვარულია, როცა ორი ერთარსებად შეერთდება, მამაკაცი და ქალი ანგელოზად იქცევა.
სიყვარული ზეცაა’’ - ჰიუგო.

* * *
ჩვენი გრძნობები უმართავია, ჩვენგან დამოუკიდებლად მოქმედებენ. თითქმის არასდროს ვიცით სად შეიძლება მიგვიყვანოს ჩვენმა განცდებმა. მათ შეუძლიათ ერთიანად მოგვანიჭონ აღმაფრენა და პირიქით.

* * *
პიტნის ჩაით გაცხელებულ ფლამინგოების ნახატებიან ჭიქაზე მჭიდროდ მაქვს თითები შემოხვეული. ვცდილობ, გავალღო გათოშილი ნაწილები, თან ფანჯარაში უაზროდ ვიყურები. ისევ წვიმს. არადა არ წყდება. ვაკვირდები ანცი წვეთები როგორი სიმძიმით ვარდება განათებულ ტრასაზე და საოცარ ხმას გამოსცემს. ალბათ, არასდროს მომბეზრდება ამის ყურება.
ვცდილობ აზრებს თავი მოვუყარო, მაგრამ გაუჩერებელი ზუზუნის ხმა ისმის მხოლოდ ჩემს გონებაში. ერთ კონკრეტულზე შეჩერებას კი ვერ ვახერხებ. რაღაც არ მასვენებს. ვგრძნობ, ისეთი რამ მიახლოვდება, რაც გამანადგურებს ან - პირიქით. დიახ, პირიქით. ამას კი საით მივყავარ წარმოდგენა არ მაქვს.
ტელეფონი გაუჩერებლად ბზუის. როგორ მძულს ეს ხმა. ჭიქას გვერდით, დაბალ ტუმბოზე ვდებ და ისე ვპასუხობ ზარს, თვალს არ ვაშორებ ლამპიონის ქვემოთ ცერად გამოჩენილ წვეთების გუნდს.
- დიახ.
- მარიტა, სასახურში უნდა მოხვიდე ახლავე. - მესმის ჩემი თანამშრომლის, გუბაზის ხმა.
- რა ხდება? - თითქოს მღელვარება მაწვება, მაგრამ უცბადვე ვხვდები რომ ამასაც კი მივეჩვიე.
ჩემთვის ჩვეულებრივია, როცა ღამის პირველ, ორ, სამ საათზე მირეკავენ და სასწრაფო წესით მიწევს სამსახურში გაქცევა. ამას იმდენად მივეჩვიე, რომ ჩვეულებრივ რუტინაში მაქვს გადაზრდილი.
- დასაკითხ ოთახში გელოდებიან. - მოკლედ მითხრა.
სანამ ყურმილს გათიშავდა გუბაზის ყრუ ჩაცინება მისწვდა ჩემს ყურთასმენას და დავიძაბე. ალბათ, ვერასდროს შევეჩვევი მის ხმას, რომელიც ჩემზე ასე გამაღიზიანებლად მოქმედებს. გაცნობისდღიდანვე მაცოფებს მისი ირონია ყველა საკითხთან დაკავშირებით. ზედა და ქვედა კბილებს ბრაზით ვაჭერ ერთმანეთს, შემდეგ კი დამშვიდებისკენ მოვუწოდებ თავს. გუბაზი ასეთია, უბრალოდ ასეთი. მე კი გადაღლილი ვარ, ძალიან გადაღლილი იმისთვის რომ ასეთ უაზრობებზე ყურადღება გავამახვილო.
ზანტად ვიცვამ და თან ვხვდები რომ სისულელეს ვაკეთებ. ჩემი დრო ასე ფუჭად არ უნდა გავფანტო, რომ მელოდებიან, რომ ახლა ზოზინის ადგილი არ არის, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ. სასოწარკვეთილება, რომელიც ჩემშია მთლიანად გამჯდარი მეტასტაზებივით და მოდებულია სხეულს, არ მაძლევს საშუალებას მშვიდად ვისუნთქო.
შენობაში სწრაფად შევდივარ, ჩემს ჩანთას კაბინეტში ვტოვებ. მხოლოდ სამუშაო რვეული და კალამი მიმაქვს.
- გუბაზ, - ვეძახი მამაკაცს - საქმის მასალები და დასაკითხ ოთახში მყოფი პიროვნების დოსიე მჭირდება. მთელი ცხოვრება რა უკეთებია. ბანკები, ოფისები, ჯარიმები. აბსოლუტურად ყველაფერი მჭირდება. - ვიძლევი განკარგულებას და ისეთი ცივი ხმა მაქვს, მეც კი მაფრთხობს.
ყოველთვის, როცა მიწევს ახალი ადამიანის დაკითხვა, არ ვიცი რა მემართება. თითქოს, ჩემში ახალი მარიტა იღვიძებს, რომელიც სამართლიანად დაუნდობელია. ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით.
ორ წუთში ბრუნდება თანამშრომელი ხელში საბუთებითურთ და ალბათ სულ ხუთი წუთი ვუნდები გადაკითხვას, რომ ასე თუ ისე ზოგადი ინფორმაცია მქონდეს, წარმოდგენა შემექმნას.
მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების ხმამაღალი კაკუნით შევდივარ ოთახში და პირველი, რასაც ვამოწმებ ინსტინქტურად კამერაა, რომელიც წითლად ციმციმებს. ჩართულია. პირს, რომელიც წამების შემდეგ ჩემი კითხების კორიანტელის ქვეშ მოექცევა არ ვუყურებ. მშვიდად ვიკავებ ჩემთვის განკუთვნილ ადგილს და წითელ რვეულს მაგიდაზე ვდებ.
- გამარჯობა. მე მარიტა ამაშუკელი გახლავართ, ადამიანი, რომელიც თქვენს დაკითხვას აწარმოებს.
- გამარჯობა, მარიტა.
ბოხი ხმა სწვდება ჩემს ყურთასმენას და სწორედ იმ წამს ვუსწორებ თვალს უცნობს. მისი ყავისფერი თვალები ჩემს სახეზე დაცოცავენ დაჟინებით, რაც ცოტა მაღიზიანებს.
- პირველრიგში თქვენი მდგომარეობა მაინტერესებს. როგორ ხართ? - ვეკითხები იმას, რაც უკვე ჩვევაში მაქვს.
- გმადლობთ. ცოტა მაკვირვებს თქვენი ყურადღება ჩემ მიმართ. - ირონიულად მიღიმის.
- გთხოვთ, კითხვაზე პირდაპირი პასუხი გამეცით და ნუ გადაუხვევთ იმ კონკრეტულ თემას, რომელზეც ჩვენ ახლა ვისაუბრებთ.
უცნობი მხოლოდ თავს მიკრავს რამდენჯერმე, მონოტორულად.
შემდეგ ვიწყებ, ვიწყებ და აღარ ვჩერდები მანამდე, სანამ დაღლას არ ვატყობ ბატონ გიგას. ინფორმაცია, რომელიც მჭირდებოდა ნაწილობრივ მივიღე, ამიტომ შეჩერება ვარჩიე დროებით. ამას სხვა დროსაც მოვასწრებ.
შენობიდან რამდენიმე ღონისძიების ჩატარების შემდეგ კუდამოძუებული გამოვდივარ. სახლში მისვლა რატომღაც არ მინდოდა, ამიტომ ლილესთან გადავწყვიტე მისვლა, ჩემს დასთან. ვიცოდი, ჯერ არ ეძინებოდა. საათს ყოველი შემთხვევისთვის დავხედე. არა, ზუსტად ვიცოდი, არ ეძინებოდა.
კარებს მოღუშული სახით მიღებს და იქიდან გამოქცევას წამში მანდომებს.
- ვაა, მარიტ! - მიღიმის და თავისებურად მესალმება.
- რა გჭირს? - პირდაპირ საქმეზე გადავდივარ.
- გმადლობ, მეც კარგად. შენ როგორ ხარ? - ირონიულად მიღიმის და რევერანსის თანხლებით მატარებს სახლში.
ფეხსაცმელებს შემოსასვლელშივე ვიხდი, ჩანთას იქვე ვაგდებ და სამზარეულოში შევდივარ.
- მორჩი ცანცარს. - ძლივსშესამჩნევად მეღიმება მის ბავშვურობაზე. - ყავას გამიკეთებ?
- აუცილებლად.
- დაჩი სად არის? - ვკითხულობ ორი წლის დისშვილს. - როგორ მომენატრა. რამდენი ხანია არ მინახავს. - დანანებით და საკუთარ თავზე გაბრაზებით ვაქნევ თავს აქეთ-იქით.
- დღეს მამამისმა წაიყვანა, ჩემთან დარჩეს ხვალ მაინც შაბათიაო.
- ერეკლესთან რას შვრები?
- რას უნდა ვშვრებოდე მარიტა?! - მხრებს იჩეჩს. - მოდის, ბავშვს ნახულობს, მე ისე, სასხვათაშორისოდ მომიკითხავს ხოლმე და მიდის. საერთოდ არ ცდილობს ჩემს შემორიგებას და სიმართლე გითხრა, არც მე მინდა მასთან ისევ ცხოვრება.
- იტყუები, - ღიმილით და თითქოს ნიშნისმოგებითაც კი ვუკრავ თვალს. - უბრალოდ გაბრაზებული ხარ, შეიძლება ნაწყენიც მისგან სურვილს რომ ვერ ხედავ, მაგრამ ისიც უნდა გაითვალისწინო რომ ძალიან აწყენინე, ძალიან. რა თქმა უნდა, ის არ გადმოდგავს პირველ ნაბიჯს. რატომ? - მე დავსვი წინასწარ შეკითხვა, რადგან შევამჩნიე როგორ გააღო პირი გასაპროტესტებლად. - იმიტომ რომ ასეთი ქცევა არ შეეფერება ზრდასრულ ქალს. ლილე, არ მინდა შენ საქმეში ჩავერიო, მართლა. არც ის მინდა ნოტაციები გიკითხო და დედა ტერეზად შევირაცხო საკუთარი თავი. უბრალოდ, მაცოფებს ასე უმოქმედად რომ ზიხარ და თან სახე ჩამოგტირის. პრობლემები თავისით არ გვარდება. წადი და დაელაპარაკე, დამიჯერე. ასე უკეთესი იქნება.
- რაღაც არ მიშვებს მარიტ. მართლა. მინდა მივიდე, ბოდიში მოვუხადო, მაგრამ თავმოყვარეობა არ მიშვებს მაქამდე.
- ჯანდაბას თავმოყვარეობა. საყვარელი ქმარი სახლიდან წავიდა შენი დაუფიქრებელი საქციელის გამო. ოჯახი თავზე ჩამოგენგრა. რომ გიყურებ სახეზე გაწერია როგორ უბედურად გრძნობ თავს. რომ არ გიყვარდეს, ხმას არ ამოვიღებდი დაჩის გეფიცები, ხო იცი, მაგრამ ახლა დანებების საშუალებას არ მოგცემ! წადი და დაელაპარაკე! - მკაცრად ვეუბნები.
ყავას არ ველოდები ისე ვიცვამ ფეხსაცმელს, ვიღებ ჩანთას და სახლიდან გავდივარ.

* * *
ქუჩაში დარბაისული სიმშვიდით მივაბიჯებ. მივდივარ და ისიც კი არ ვიცი - სად. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ამ ცხოვრებაში ადგილს ვერ ვპოულობ. მიზანს ვერ ვხედავ. ვერც მიზეზს. რისი მიზეზის დანახვა მინდა, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ვგრძნობ, რომ ჩემ ცხოვრებას რაღაც აკლია. თითქოს ყველაფერი მაქვს იმისთვის რომ ბედნიერი ვიყო, მაგრამ ეს მაინც არ მეხმარება იმაში, რომ ჩემს გონებაში ამტყდარი ფორიაქი ჩავაცხრო.
საკუთარ ყურთასმენას ჩემი მძიმე ოხვრა სწვდება.
სახლის კარებს ვაღებ. ფეხსაცმელებს იქვე ვყრი და შიშველი ტერფების ტყაპა-ტყუპით მივაბიჯებ წინ. უცბად ვშეშდები. ირგვლივ გამეფებული ავის მომასწვალებელი სიჩუმე უცნაურად მიძგერებს გულს.
მარტო არ ვარ! მარტო არ ვარ! ამას თხემით ტერფამდე ვგრძნობ.
იქვე, ტუმბოზე დადებულ ლარნაკს აკანკალებულ ხელს ვკიდებ და გულმკერდზე ვიკრავ, თითქოს ეს უსუსური ნივთი რამეში ჩემ დახმარებას შეძლებდა. სიმწრისგან ჩავიცინე.
ფეხები უკან მრჩებოდა ყოველი ნაბიჯის გადადგმისას, მაგრამ მაინც უდრეკად მივიწევდი წინ. და მაშინაც კი, როცა მეგონა რომ ჩემს სახლში იყო დაუპატიჟებელი სტუმარი, რომელსაც არც კი ვიცი რა მიზანი ამოძრავებდა იქ ყოფნის, მაინც მშვიდად ვიყავი. ნაწილობრივ. გულის ფრთხიალი აშკარად აღარ მესმოდა. ფეხებს მონაცვლეობით ვდგამდი წინ იმაზე თამამად, ვიდრე წუთის წინ. ლარნაკი იქვე დავდე და ოლიმპიური სიმშვიდით მივუჯექი კაცს, რომელიც ჩემს სავარძელში ქანდაკებასავით იყო გაშეშებული.



№1  offline წევრი დარინა

დასაწყისი მომეწონა მიყვარს დეტექტივები. წარმატებები და გელოდები შემდეგი თავით.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent