შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ იპოვი გზას ( ნაწილი მეოთხე)


27-02-2019, 20:11
ავტორი ანაკონდა
ნანახია 1 371

ერთი კვირის შემდეგ თეაკომ, კურსის ყველაზე აქტიურმა გოგომ საერთო სოციალურ ჯგუფში იდეა წამოაყენა, დავგეგმოთ და ამ დღეებში სადმე სალაშქროდ წავიდეთო. აზრი სიხარულით აიტაცეს. თუმცა არა _ ყველამ.
_ შოთა, წამოსვლა არ მინდა-მეთქი, არ გესმის? ა რ მი-ნდა! _ თეკლა ეწეოდა, აბურდულკოსიანი და ცალფეხმოკეცილი მოლბერტის წინ საღებავებს აზავებდა, თან ტელეფონზე საუბრობდა. უფრო სწორად _ ჩხუბობდა.
_ ასეთი ჯიუტი როგორ ხარ, ადამიანო? გაბრიელის ნახვაც მომიწევს და არ მინდა. ისედაც ვცდილობ.. ხომ იცი, ვახ. მაინც მიმათრევ!
_ წამოდი, ერთ წუთსაც არ დაგტოვებ მარტოს გაბრიელთან, არ მინდა უშენოდ წასვლა.
ბოლო ფრაზამ წამით დაადუმა ქალი. ესიამოვნა. ღრმად ამოიოხრა და უპასუხა:
_ მოუშორებელი ჭირივით ხარ, წამოვალ, ჯანდაბას! მაგრამ სად?
_ უჰ, მშვენიერია. ზუსტად მეც არ ვიცი, თეაკომ შეარჩია ადგილი. მგონი, ბატეთის ტბისკენ ვაპირებთ გეზის აღებას. თანდათან მწვანდება ახლა, ძალიან ლამაზი იქნება.
_ აუ, ეს კარვები, კარავში არასდროს მძინებია, არ მომეწონება.
_ ნუ ბუზღუნებ, წინასწარ რატომ აკეთებ დასკვნებს?
_ აი, წამოვალ და, თუ არ მომეწონება, ჯავრს შენზე ვიყრი, იცოდე!
_ გაქცევას არ ვაპირებ! _ შოთას თვითკმაყოფილი სიცილის გაგონებისას თეკლას, უნებლიეთ, თავადაც ჩაეღიმა.

გაბრიელი მეგობრის ბინაში გადაცხოვრდა. თეკლასთან გადასვლისას ნაქირავები ბინა დატოვა და ახლა დროებით იმ ძმაკაცთან რჩებოდა, მერიემის ჩამოსვლის შესახებ რომ შეატყობინა. დათა მისი ბავშვობის მეგობარი იყო, თვალდახუჭული ენდობოდა. ერთმანეთზე, ფაქტობრივად, ყველაფერი იცოდნენ.
_ მინდა, რომ წავიდე და ისიც წამოვიდეს, მაგრამ თეკოც იქნება და უაზრო სიტუაციაში გავეხვევი, რა, _ თქვა გაბრიელმა და ცივი ლუდი მოსვა.
_ ბიჭო, მესმის, მაგრამ კარგ დროს გავატარებთ და რატომ უნდა დარჩე? თეკლასთან შეხვედრა ოდესმე მაინც მოგიწევს. ან ამ მერიემს რა უნდა? რატომ იპრანჭება, ვერ ვიგებ, რა. გიყვარს, უყვარხარ, რა უნდა?
_ ასე ნუ ლაპარაკობ!_ აენთო გაბრიელი და მაშინვე მიხვდა, რომ ცოტა ხმამაღლა მოუვიდა მეგობართან._ ყველაფერი მიამბო.. ძალიან რთული პერიოდი გადაიტანა და ჰგონია, რომ ამის გამო ერთად ყოფნას ვერ შევძლებთ.
_ ვერაფერი გავიგე, _ მხრები აიჩეჩა დათამ.
_ მეტს ვერ მოგიყვები, გამიგე, _ თვალებში შეხედა გაბრიელმა.
დათამ თავი დაუქნია და მხარზე ხელი დაჰკრა:
_ ყველაფერი მოგვარდება, ძმაო. წავიდეთ ბავშვებთან, საერთოდ დაივიწყე ცოტა ხნით, რა, მთელი ეს დავიდარაბა და ძველებურად გავერთოთ, გთხოვ.
გაბრიელი უყურებდა დათას. მოეჩვენა, რომ მისი მეგობარი ყოველთვის იმ პატარა ბიჭად დარჩებოდა, ეზოს ბავშვებთან ერთად ფეხბურთის სათამაშოდ რომ მიათრევდა ხოლმე, როცა თავად შინ ყოფნა და ტელევიზორის ყურება ერჩია. ჩაეცინა:
_ კაი, ჰო, წავიდეთ.
დათა გაიბადრა:
_ ზურგჩანთებს მოვძებნი.

მერიემი დივანზე იჯდა. გახსნილ ლეპტოპს ჩასცქეროდა. უნდოდა კურსელებთან ერთად წასვლა, მაგრამ გაბრიელისა და თეკლას ნახვა _ საერთოდაც არა. არადა, ბოლოს როდის გაატარა დრო ბუნებაში, საყვარელ ადამიანებთან ერთად როდის იმხიარულა აღარ ახსოვდა. ვერ გადაწყვიტა, რა დაეწერა. ბოლოს დააპირა, დავაიგნორებო, მაგრამ სასაუბრო ფანჯარა გაიხსნა: თეაკო სწერდა, რას შვებიო. უპასუხა, მოვდივარო და დეტალების გამოკითხვა დაუწყო.

ლაშქრობის დღეს გაზაფხულის კვალობაზე უკვე საკმაოდ ცხელოდა. ველოსიპედის ძეგლთან შეყრილიყვნენ ყოფილი თანაკურსელები. ხმაურობდნენ და სიცილით იხსენებდნენ ძველ დროს. იმით ამაყობდნენ, რომ სხვა ჯგუფებისგან განსხვავებით ერთმანეთთან მეგობრობა უნივერსიტეტის მერეც არ შეუწყვეტიათ. შოთა სასაცილო ისტორიებს ყვებოდა, თან გარემოს ათვალიერებდა; არ უნდოდა, თეკოს მოსვლა გამოპარვოდა. ამ ქალზე უბრალოდ გიჟდებოდა. ზუსტად იცოდა, ვერასოდეს და ვერავის მიმართ ვეღარ იგრძნობდა რაიმე მსგავსს მაინც. ცოტა ხანში თეკო არა, მაგრამ გაბრიელი და დათა გამოჩნდნენ. გადაეხვივნენ მეგობრებს. გაბრიელმა შოთას გაუღიმა. არაფერი იცოდა ბიჭის თეკლასადმი დამოკიდებულების შესახებ. ნეტავ, რომ გაიგებს, რა რეაქცია ექნებაო, წამით გაუელვა თავში შოთას. რამდენიმე წუთის შემდეგ თეკლაც გამოჩნდა. პირველად შოთას დაძაბული სახე გაარჩია და მერე მის გვერდით მდგომიც. გოგოს სუნთქვა შეეკრა. როგორ უხდებოდა ყოფილ შეყვარებულს ეს ცისფერი მაისური. მისი თვალის ფერს ამკვეთრებდა. უყვარდა ეს მაისური თეკლას. ისევ შოთამ დააბრუნა რეალობაში. გადაკოცნა და მხიარულად მიესალმა. თეკლა შეეცადა, იგივე გაეკეთებინა თავადაც. ყველას დაუქნია ხელი. გაბრიელს სახე გაეყინა და გოგოს თავი დაუკრა. ეს იყო და ეს. თეკლა მიხვდა, რომ დამთავრდა, მართლა დამთავრდა. გული ყელში მოებჯინა, თითქოს კიდევ ჰქონდა იმედი, რომ.. თვალებზე ცრემლები მოაწვა, ცოტაც და იტირებდა, მაგრამ ჩაეხუტნენ. ცხვირი სასიამოვნო სუნმა აუწვა:
_ ჩშშშ.. ახლა ტირილის დრო არაა, პატარა ქალბატონო, თან იმის გამო არ უნდა იცრემლებოდე, ვისაც აღარ უყვარხარ, _ შოთა თმებზე ეფერებოდა და თან ეჩურჩულებოდა._ ყოველ შემთხვევაში, ისე აღარ უყვარხარ, როგორც შენ გინდა, თორემ შენ როგორ არ უნდა უყვარდე ვინმეს, არ მესმის, _ გაიცინა და თმა აუჩეჩა. თეკლასაც გაეცინა. თვალებში ჯერ კიდევ ცრემლები უბრწყინავდა. შოთას ხელზე უჩქმიტა. ბიჭი აწუწუნდა, სიკეთისთვის ასე მიხდიანო. ავტობუსშიც გვერდიგვერდ დასხდნენ. თეკლას მოწყენის საშუალებას არ აძლევდა, გაუთავებლად უყვებოდა ისტორიებს და აიძულებდა, ეცინა.
მერიემი ბოლოს მოვიდა, უკვე გადიოდნენ, ზედაპირულად მოიკითხა კურსელები და სულ წინა სკამზე, მარტო, ფანჯრის მხარეს ჩამოჯდა. დაჯდომამდე გაბრიელსაც მოჰკრა თვალი და თეკლასაც. გულის სიღრმეში გაუხარდა, რომ ერთად არ ისხდნენ და მოღიმარ გოგოს რომ შეხედა, ისიც გაიფიქრა, იქნებ მართლაც არ უდარდია დიდად გაბრიელთან დაშორებაო.
მუსიკას უსმენდა და ვერც გაიგო, როდის ჩაეძინა. როცა გაეღვიძა, აღმოჩნდა, რომ უკვე მისულიყვნენ. ავტობუსიდან ერთერთი პირველი ჩამოხტა და სანახაობამ მონუსხა: ხეებში ჩაფლული ტბის ზედაპირი საოცრად ირეკლავდა მზის სხივებს, გაზაფხული მთელი თავისი მშვენიერებით მობრძანებულიყო. გოგონამ ღრმად ჩაისუნთქა და კიდევ ერთხელ განიცადა დიდი ხნის მივიწყებული გრძნობა _ ბედნიერება.
დღე სასიამოვნოდ იწურებოდა. ბიჭები ადგილს ამზადებდნენ მწვადების შესაწვავად. ზოგი ფოტოებს იღებდა, პატარა ბავშვებივით ანცობდნენ. უცბად დათამ საიდანღაც ბურთი ამოაძვრინა და აღრიალდა:
_ წრეში ბურთი ვის უნდა?
ერთ წამს ყველა გაშეშდა. დათას აღტყინებულ, თვითკმაყოფილ გამომეტყველებას რომ შეხედეს, სიცილი აუტყდათ. მერე ახმაურდნენ: როგორც ჩანს თამაში ყველას უნდოდა. მერიემმა დააპირა, დამჯდარიყო, მაგრამ დათამ ხელი სტაცა:
_ არჩევანი მე ვარ და ჩემს გუნდში ხარ! _ თითქმის უყვირა ყურისძირთან.
გოგოს გაეცინა და დაჰყაბულდა. გაბრიელი და თეკლა ერთ გუნდში მოხვდნენ, შოთა და მერიემი _ მეორეში. დათა მეტოქე გუნდის კაპიტანს, თეაკოს უყურებდა და ჟესტიკულაციით ანიშნებდა, ბოლოს მოგიღებო. წრეში თეაკოს გუნდი აღმოჩნდა. თამაში გახურდა. თეკლა და გაბრიელი მხარდამხარ ,,იბრძოდნენ“. გოგო დროდადრო გადახედავდა ხოლმე, ის კი ზედაც არ უყურებდა. შოთას არცერთი მისი მზერა არ გამოჰპარვია. უფროდაუფრო სწყინდა. როცა მისი სროლის დრო მოვიდა, ვერც გაიაზრა ისე, მაგრამ დარტყმაში მთელი ძალა ჩადო: გაბრიელს უმიზნებდა. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, გაბრიელი განზე გახტა, თეკლამ გაქცევა ვერ მოასწრო და მთელი ძალით ნასროლი ბურთი მუცელში მწარედ მოხვდა. ქალმა დაიკვნესა და ჩაიმუხლა. ჩოჩქოლი ატყდა. თეკლას მისცვივდნენ. შოთა გამოფხიზლდა. ცივმა ოფლმა დაასხა და თავადაც გაიწია ქალისკენ. დათამ ხელი ჰკრა:
_რა გეტაკა, ბიჭო, გოგოს მოკვლას უპირებდი?
შოთამაც უხეშად ჩამოიშორა გზიდან და წინ გავარდა. თეკლა მიწაზე იწვა. მოკუნტულიყო და ხელს მუცელზე იჭერდა. პირს ფართოდ აღებდა, რომ ჩაესუნთქა. შოთას სახე ერთიანად წაუხდა.
_ გაიწიეთ, ჰაერი არ ყოფნის! _ ყვიროდა ვიღაც.
_სასწრაფოში დარეკეთ!
გაბრიელი თმაზე ეფერებოდა თეკლას. მერე ხელში აიტაცა და იმ საბანზე გადასვა, უცბად რომ საიდანღაც გამოათრიეს. სასწრაფომ რომ მოაღწია,გოგო უკეთ სუნთქავდა, უბრალოდ მუცელი ისევ საშინლად სტკიოდა და მოძრაობა უჭირდა. ექიმმა გასინჯა და ყველა დაამშვიდა:
_ შინაგანი სისხლჩაქცევის ნიშნები არაა, ბრმანაწლავიც წესრიგშია. სპაზმები მძიმე დარტყმამ გამოიწვია უბრალოდ და სუნთქვის პრობლემებიც ამიტომ შეექმნა. ცოტა ხანს წამოწექით, დღეს თავი არ დაიტვირთოთ და უკეთ გახდებით.
სასწრაფო დახმარების ჯგუფის წასვლის შემდეგ თეკლა ისევ გაბრიელმა გადაიყვანა კარავში. გოგოს თავი მის მხარზე მიესვენებინა და თვალები მიელულა. შოთამ თვალი გააყოლა წყვილს, მერე ფეხი მაგრად მიჰკრა ძირს დაგდებულ ტოტს და ტყის სიღრმისკენ ჩქარი ნაბიჯით დაიძრა.
_ დარწმუნებული ხარ, რომ სახლში წასვლა არ გინდა? _ გაბრიელი ყურადღებით დასცქეროდა შინდისფერ კარავში რბილად მოკალათებულ გოგოს.
თეკლამ ღრმად ამოისუნთქა და გაუღიმა:
_ სავსებით. გმადლობ, რომ დამეხმარე.
_ არაფერია.. _ ბიჭმა თავი ჩაქინდრა. _ თეკლა, მე..
_ მოიცა, გაბრიელ, არ გააგრძელო!
ბიჭმა გოგოს მზერა გაუსწორა.
_ სანერვიულო აღარაფერია. თუ ოდესმე მზად ვიქნები საამისოდ, შენი უიღბლო სიყვარულის ისტორიას მოვისმენ, როგორც შენი მეგობარი, _ გოგოს თვალები უცინოდა. _ მაგრამ დღეს ამის სურვილიც არ მაქვს. მშვიდად იყავი, მივხვდი, რომ არც მე მყვარებიხარ ისე, როგორც მეგონა, _ გაბრიელი გაოცებული უცქერდა. _ არასოდეს ვყოფილვართ ისეთი წყვილი, როგორიც უნდა ვყოფილიყავით. ჩვენ ერთმანეთს მშვიდობიანად ვეგუებოდით, მაგრამ არ გვქონია.. ცეცხლი. ჩვენ შორის არასოდეს ყოფილა სიყვარულის ცეცხლი. ვფიქრობ, ისედაც დავშორდებოდით, ცოტა რომ არ დაგეჩქარებინა ეს.
გაბრიელს აშკარად გულზე მოეშვა.
_ იმედი მაქვს, გულწრფელი ხარ ახლა, თეკო, არ მინდა, რომ ჩემი დანახვა დისკომფორტს გიქმნიდეს და ..შენი ბედნიერება გამიხარდება.
_ ვიცი, გაბრიელ. შენ არასოდეს ყოფილხარ ბოროტი მამაკაცი, ამიტომაც მომწონდი ამდენ ხანს, _ ქალმა გადაიკისკისა. _ ისე, როგორ აგაფორიაქეთ ყველანი? სკოლაში კიბეზე რომ დავგორდი, მას მერე არ განმიცდია ამ მომენტის სიამე.
_ გადარეული ხარ, _ გაბრიელსაც გაეღიმა. _ გავალ ახლა, დაისვენე. კარვიდან გაძრომა დააპირა, მაგრამ თეკლას ხმამ შეაჩერა.
_ ის ბედოვლათი სადაა?
_ ვინ?
_ მსოფლიოს საუკეთესო დარტყმის ავტორი ,,წრეში ბურთში“.
_ არ ვიცი.. ნახვა გინდა?
_ დაუძახე, თუ არ შეწუხდები. ლამის მომკლა და ახლა ნახვასაც აღარ კადრულობს.
გაბრიელი გარეთ გავიდა. მშვენივრად იგრძნო თეკლას ირონიაში მცირეოდენი სითბოს მარცვლებიც. ამან თავი კიდევ უფრო უკეთ აგრძნობინა და შოთას მოსაძებნად გაეშურა.
გამოსვლისთანავე კინაღამ დაეჯახა მერიემს.
_ როგორ არის?
_ უკეთაა, თუ გინდა, შედი.
_ არა, იყოს, რადგან უკვე გავიგე, როგორაა, აღარ შევაწუხებ, დაისვენოს.
_ ჰო, რავი.. შენ?
_ ჰა?
_ შენ-მეთქი?
_ რა მე?
_ შენ როგორ ხარ?
_ ნორმალურად, გმადლობ.
_ სულ ასე უნდა მელაპარაკო, მერიემ?
_ ნამდვილად არაა საუკეთესო ადგილი ჩვენი ურთიერთობის გასარჩევად!
_ ვაა, ვაა, ამას ნამდვილად აღარ ველოდი, _ ეს თეკლა იყო, მუცელზე ჯერაც ხელს იჭერდა ტკივილის დასაამებლად, უცნაური გამომეტყველებით უცქერდა წყვილს. _ ამას მიმალავდით?
_ თეკლა, ჩვენ.._ მერიემი აირია.
_ გამოდის იმ დღეს, წვეულებაზე, შენ ამიტომ დაგაგვიანდა და მერე საერთოდ მიმატოვე იქ? _ გამაღიზიანებლად წყნარად მიმართა თეკლამ გაბრიელს. _ ჩემი ხელით.. თავად გაიძულე, ყოფილი შეყვარებული გაგეცილებინა და მერე საერთოდ მიმაგდე. _ ახარხარდა. _ რა გინდა, მერიემ. ლანგრით მომირთმევია შენთვის საყვარელი კაცი.
_ თეკო, ასე არაა, მოიცა.
_ გაჩუმდი, გაბრიელ! შენი ხმის გაგონებაც კი ზიზღს მგვრის და, მით უფრო, ასე ნუ მიწოდებ. არ გაქვს უფლება, ასე დამიძახო, გესმის? რატომ არ წახვედი უფრო ადრე მასთან? რატომ მაძლევდი საშუალებას, მგონებოდა, რომ გიყვარდი? რატომ არ დამშორდი? თავს კომფორტულად გრძნობდი ჩემ გვერდით, მაგრამ როგორც კი ის დაბრუნდა, ან, საერთოდ რატომ წახვედი, მერიემ? შენ წახვედი, ესე იგი, მიატოვე ბიჭი, მაგრამ მერე რა, ხომ ხედავ, გამოჩნდი თუ არა, ფინიასავით გამოგეკიდა უკან. მაინც როგორ ხარ ასეთი უთავმოყვარეო კაცი?
_ თეკლა, გეყოფა! არც იცი, რას ლაპარაკობ. _ გაბრიელმა მისკენ წაიწია.
_ შენ რა უფლება გაქვს, გამაჩუმო? გულისამრევი, გამორჩენაზე მყოფი კაცუნა ხარ, მრცხვენია საკუთარი თავისა, შენ გვერდით რომ აქამდე ვიყავი.
_ შეწყვიტე-მეთქი, თეკლა. რომ დამშვიდდები, კიდევ უფრო შეგრცხვება!
_ ზრუნავ კიდეც? რა საყვარელი ხარ. და შენ? რა იყო, ასე დიდხანს გაგყვა იმდროინდელი წყენა? _ ახლა მერიემს მიუბრუნდა. _ როგორც კი შანსი მოგეცა, შური იძიე. კმაყოფილი ხარ?
_ თეკლა, მე არ ვარ გაბრიელთან ერთად, არც ვიქნები, ტყუილად ნერვიულობ.
_ ურცხვად მატყუებ კიდევ.. შენ ვინ ყოფილხარ.
_ ტყუილი არაფერში მჭირდება. დაიჯერებ თუ არა, შენზეა. კი, ადრე ერთად ვიყავით, მაგრამ დიდი ხანია, ეს წარსულს ჩაბარდა და თქვენი დაშორების მიზეზი მე არ ვარ.
გაბრიელს სახე გაუხევდა. მერიემს გაბრაზებულმა გახედა და მერე თეკლას უთხრა:
_ სინამდვილეში არც არაფერი დამთავრებულა და არც დამთავრდება. აქ რომ არ დამდგარიყავი და ისტერიკა არ მოგეწყო, არასოდეს დაგელაპარაკებოდი ასე, მაგრამ უკვე ყელში ამომივიდა. დიახ, მე მიყვარს ეს ქალი და ამასაც ვუყვარვარ, უბრალოდ ეშინია. ამ შიშს მე მოვუვლი. რაც შეგეხება შენ, არასოდეს მდომებია, თავი გამოყენებულად გეგრძნო და ძალიანაც მსიამოვნებდა შენთან ყოფნა, მაგრამ ეს იყო სასიამოვნო ოჯახური სიტუაცია და არა _ სიყვარული. ვწუხვარ, რომ ამის მისახვედრად ამდენი დრო დამჭირდა, მაგრამ მივხვდი და ამით კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, შენც უნდა იყო. ამიერიდან უფრო ყურადღებით იყავი და იქნებ კიდეც მიხვდე, ვის უყვარხარ. ჩვენ კიდევ, _ მერიემს მიუბრუნდა. _ ბევრი რამ გვაქვს გასარკვევი._ გოგოს ხელი სტაცა და წაიყვანა. მერიემს შერცხვა კურსელებისა, რომლებიც იქვე ახლოს კოცონის ასანთებად ფიჩხებს აგროვებდნენ და მდუმარედ დაემორჩილა. უკვე ძალიან აღიზიანებდა ეს სიტუაცია.

კარვის შესასვლელთან იდგა თეკლა და ცრემლები ღაპაღუპით სდიოდა. თავი მაინც ვერ მოთოკა. მისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა დიალოგი, წოლისას რომ შემოესმა და ვერაფრით შეძლო, არ გაემჟღავნებინა, რომ ესმოდა. გაბრიელის მიმართ სულ ოდნავ სევდანარევ სითბოსღა გრძნობდა, მაგრამ მიტოვებული ქალის სტატუსი ახრჩობდა. ახლა კი, რომ მიხვდა, ვის გამო მიატოვეს, თავი კიდევ უფრო დამცირებულად იგრძნო, კიდევ უფრო ეტკინა გული. ,,შოთა უნდა ვიპოვო, დამპირდა, გაბრიელთან ერთ წუთსაც არ დაგტოვებო, ბურთი ჩამაზილა და სად წაეთრა, ღმერთმა იცის. ესეც მაგარი ვინმეა,რა“ _ ბუზღუნით მიიკვლევდა გზას ხეებს შორის.




ესეც მეოთხე თავი. მეტის დაწერა მინდოდა, მაგრამ ისეთი არეულობა მაქვს, ესეც მიკვირს, რომ მოვახერხე. მითხარით, რომ კითხულობთ. თქვენი შეფასებები მნიშვნელოვანია. <3



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ასე მგონია თეკლას მსგავს გოგოებს სირაქლემას პოზა მოსწონთ. ვერაფრით ვიზიარებ მის ტკივილს. რამ შეაშფოთა, ხომ იცოდა გაბრიელს ყოველთვის მერიემი უყვარდა. მაგრამ არც მერიემი მოიქცა სწორად. სხეული არ უნდა გაეყიდა, რაც დაემართა წარსულში თავისი უტვინობის შედეგია. აქ მხოლოდ გაბრიელი მეცოდება, რასაც ჰქვია შეყვარებულმა "დაადო".

 


№2  offline წევრი ანაკონდა

Chikochiko
ასე მგონია თეკლას მსგავს გოგოებს სირაქლემას პოზა მოსწონთ. ვერაფრით ვიზიარებ მის ტკივილს. რამ შეაშფოთა, ხომ იცოდა გაბრიელს ყოველთვის მერიემი უყვარდა. მაგრამ არც მერიემი მოიქცა სწორად. სხეული არ უნდა გაეყიდა, რაც დაემართა წარსულში თავისი უტვინობის შედეგია. აქ მხოლოდ გაბრიელი მეცოდება, რასაც ჰქვია შეყვარებულმა "დაადო".

რადგან ავტორი ვარ, პერსონაჟებზე ჩემს მოსაზრებებს ისტორიის დასრულებამდე არ გავამხელ. თუმცა ვეცდები, თითოეულის აქამდე უხილავი სახე მოვიტანო თქვენამდე. ეს მინდა და ვნახოთ,მუზა ხელს როგორ შემიწყობს ????????

 


№3  offline წევრი izabella

ახლახან წავიკითხე ყველა თავი, უზომოდ მომეწონა და ძალიან მაინტერესებს როგორ გაგრძელდება მერიემის და გაბრიელის ისტორია. იმედია გააგრძელებთ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent