შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მზარეულის დღიური 3


9-03-2019, 13:41
ავტორი გაზაფხული
ნანახია 1 422

რვა მარტიც დადგა. ამ დღეს დასვენება მომიწია, იმიტომ არა, რომ ქალი ვარ, ჩემი სხვა კოლეგები ჩვეულებრივ აგრძელებდნენ მუშაობას, ეს კი უბრალოდ დამთხვევა იყო. არც ყვავილები მოურთმევია ვინმეს იმის გამო, რომ ქალებად გავჩნდით და არც დასვენების დღე გვაჩუქეს, თუმცა მე მაინც გამიმართლა.
წინა დღით ბაზარში შევიარე, მარკეტში არა, გადავწყვიტე ნამდვილი და სუფთა პროდუქტი მეყიდა, ამიტომ შავებში ჩაცმული ბებოსგან ერთი კილო ლობიო ვიყიდე და რვა მარტის დილით ხალათმოცმული სამზარეულოს მაგიდასთან წამოვჯექი, ლანგარზე დავყარე ჩემი ლობიო და დიდ ქვაბში გარჩეული მარცვლები ანაზდად მოვიქნიე. მიუხედავად შავოსანი ბებოს ფიცისა, რომ რჩეულ-რჩეული მარცვლები გამომატანა, რადგან ლამაზი და კარგი გოგო ვიყავი, მაინც ძალიან ბევრი შავი და გაფუჭებული მარცვალი შეხვდა და მეც მთელი დილა მათ გადარჩევაში გავატარე.
როგორც იქნა გაზქურაზე შემოვდგი ლობიოს მარცვლებით სავსე ქვაბი, მე წყალი გადავივლე და სახლის ტანსაცმელში გამოვიწკიპე.
ტელეფონისთვის არც დამიხედავს იმ დილით, ბევრი მომილოცავდა, ყვავილების ფოტოებსაც გამომიგზავნიდნენ, თუმცა რეალური მომლოცველი დედაჩემის გარდა არავინ იყო, ამიტომ მეც მხოლოდ მას დავურეკე.
ქალად დაბადება განაჩენი არ არის! ქალი ყველაზე ძლიერი და ამავდროულად სუსტი არსებაა დედამიწის გულზე. ყველაზე ამოუცნობი და სათუთი არსება. ბოლო-ბოლო ადამმაც ხომ ვერ გაძლო ევას გარეშე, საერთოდ არ იცოდა მისი არსებობის შესახებ, როდესაც უკვე ენატრებოდა და მასთან ყოფნა ყველაზე მეტად სურდა.
***
არავის ველოდი, თუმცა კარზე კაკუნმა ჩემი გეგმები შეცვალა. პირველივე ხმაზე გული საგულეს აღარ ეკუთვნოდა, ეს ჩემი მოღალატე საქმროს ხელის ხმას გავდა, თუმცა მაინც არ დავიჯერე და ნელ-ნელა მივიპარე კართან. მუხლები ლამის ჩამეკეცა მისი დანახვისას. გავშეშდი, გავფითრდი, ძალა მთლიანად წამერთვა, კარგა ხნის განმავლობაში ვიდექი გაუნძრევლად, მეგონა სუნთქვაც კი შევწყვიტე იმ წუთას და გადაწყვეტილების მიღებისთვის საკუთარ თავს რამდენიმე წუთი კიდევ მივეცი.
გაღება გადავწყვიტე, არ ვიცი რატომ, თუმცა ალბათ ძველი სიყვარულის ნაკვალევი კვლავ შერჩენოდა ჩემს გულს.
კარი გამოვაღე.
მისი დანახვისას და თვალების შემონათებისას ელდა მეცა, სულ გავწითლდი, ხმაც არ ამომიღია, უბრალოდ ვიდექი და ვუყურებდი.
-პირველი ქალი ხარ, ვისაც გული ვატკინე, მართა. პირველი ქალი ხარ, ვისთვისაც ბოდიშის მოხდა მომინდა, პირველი ქალი ხარ, რომელიც მთელი გულით შევიყვარე და ერთი სულელური შეცდომის გამო ჩვენს ოცნებებს ნუ დავამსხვრევთ, გთხოვ. კიდევ ერთხელ გთხოვ დაფიქრებას, კიდევ ერთ შანსს გთხოვ, მართა. თითქმის ხუთი თვე გადის ჩვენი დაშორებიდან და მე ყოველ დღე შენზე ვფიქრობ, წამი არ გადის შენზე ფიქრის და ოცნების გარეშე. დამიბრუნდი , გთხოვ.
-ყოველ დღეს შენზე ფიქრში ვატარებ, ლევან, თუმცა ნდობა გაქრა, გესმის? ნდობა აღარ არის და აღარც აშენდება. წარმოიდგინე კედელი, რომელიც ძალიან ლამაზად იყო მოხატული, როგორც არ უნდა ეცადო მის აღდგენას ვერა და ვერ შეძლებ ზუსტად იგივე ნახატი მიიღო ბზარისა და შეცდომების გარეშე, ვეღარც თავიდან დახატვას შეძლებ, უბრალოდ გაქრა, ნაცრად იქცა და ჰაერში გაიფანტა. ღალატს ტყუილი დაემატა, ტყუილს უამრავი გულისტკენა და ახლა ჩვენი გზები სამუდამოდ გაიყო.
ამ სიტყვებზე კარს ხელი კრა, შემოანგრია და ისე შემოვარდა მეგონა მთელ სახლს დაანგრევდა. ყვავილები, რომლებიც სავარაუდოდ ბოდიშის ნიშნად მომიტანა მაგიდაზე დააგდო, თვითონ ჯერ ერთ კედელს დაარტყა მუშტი, შემდეგ კი მეორეს. მოწყვეტით დაჯდა დივანზე და თავი ხელებში ჩარგო.
-მართა, ერთი შეცდომა ამად უნდა დამიჯდეს? რატომ მექცევი ასე?
-შენმა ერთმა შეცდომამ ცხოვრება დამინგრია, რატომ ვერ ხვდები? ნდობა , რომელიც შენ მიმართ გამაჩნდა გაქრა, მოკვდა და ნაცრად იქცა. როგორ გიყურებ იმ დღის შემდეგ არ გიკვირს?
წამოდგა, მკლავებში ხელი წამავლო და შემანჯღრია. სიტყვების კორიანტელი თავს დამაყარა, მისი სუნი კვლავ ძველებურად ძლიერად ვიგრძენი, თუმცა სიყვარულის ნაცვლად ჩემში ზიზღი გამოიწვია, რამდენჯერმე მისი სახე ისე ახლოს მოვიდა ჩემთან, რომ მეგონა ჩამარტყამდა, თუმცა არც ამას მოერიდა და ჩემი უსიტყვობის შედეგად ხელი დასარტყამად წამოწია. საბედნიეროდ, მხოლოდ წამოწია და ჰაერშივე გააჩერა.
***

ოთახში ბოლთას ვცემდი, ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი, ხან რას მივაწყდებოდი, ხან რას, საკუთარ თავს კი ხან ვამშვიდედი, ხანაც რაღაცის დალეწვისკენ მოვუწოდებდი. ბოლოს ნერვებმა მიმტყუნა, შუა ოთახში იატაკზე დავჯექი და ხმამაღლა ავქვითინდი. ცრემლებს ვერ ვიკავებდი, არ ვიცი რას უფრო ვერ ვპატიობდი საკუთარ თავს, ის გარეწარი, რომ სახლში შემოვუშვი თუ კიდევ რომ გამაჩნდა გრძნობა მის მიმართ.
კარზე კვლავ კაკუნი გაისმა, საერთოდ არ მინდოდა ვინმეს ნახვა, თუმცა კაკუნი ბრახუნში, შემდეგ კი ჩემი სახელის ძახილში გადაიზარდა. ხმაზე ვიცანი ვატო იყო. სასწრაფოდ შევიმშრალე ცრემლები და კართან მივღოღდი.
-მართა, კარგად ხარ? - ხელი წამაშველა ჩაკეცვამდე მისულს, სასაჩუქრე ჩანთა და ყვავილები შემოსასვლელშივე დატოვა და მე დივნისკენ ბორძიკ-ბორძიკით მიმიყვანა - სასწრაფოს ხომ არ გამოვუძახო? წყალი ხომ არ გინდა?- და მსგავსი მილიონობით კითხვა დამაყარა, მე კი ყველაფერზე თავს გამალებით ვუქნევდი.
მაგიდაზე ყვავილები მალევე შეამჩნია, დაუდევრად მოქცევის კვალი მაშინვე დაეტყო თაიგულს, მაგიდაზე დარტყმის დროს აქეთ-იქით გავარდა ზოგიერთი ყვავილი, ზოგიც გადატყდა, ამიტომ რთული მისახვედრი არ იყო, რომ აქ რაღაც მოხდა, თუმცა რა ეს ჩემი პირადი იყო.
საბედნიეროდ, ვატოს არ მოუთხოვია ამეხსნა მისთვის თუ რა მოხდა ჩემს სახლში მის მოსვლამდე ერთი საათით ადრე, აღარც ზედმეტი კითხვებით მოუბეზრებია ჩემთვის თავი.
გვერდით მომიჯდა, ჩემი ხელი მის ხელებში მოაქცია და ასე გარინდულები მხოლოდ სუნთქვით ვარღვევდით ოთხ კედელში ჩამოწოლილ სიჩუმეს. ბევრი რამ გქონდა ერთმანეთისთვის სათქმელი, ბევრსაც მოვუყვებოდით ერთმანეთს, თუმცა იმ მომენტში სიჩუმე საუკეთესო გამოსავლად გვეჩვენებოდა.
უეცრად ვატო წამოდგა, იმდენად მოულოდნელი იყო მისი ფეხზე წამოხტომა, რომ შევცბი. ჩემი საძინებლის კართან მივიდა, სახელურს ხელი მოჰკიდა და უკან მდგომს გამომხედა, გაფართოებულ თვალებში ალბათ თანხმობა დაინახა და შეაბიჯა. კარადიდან ჯინსი და ის პულოვერი გადმოიღო, საერთოდ რომ გამქრალიყო ჩემი მეხსიერებიდან და მთხოვა ჩამეცვა. მეც დავთანხმდი, ზედმეტი კითხვების გარეშე და თხუთმეტ წუთში ვატოს მანქანის წინა სავარძელზე ღვედს ვიკეთებდი.
***
არც მანქანაში დარღვეულა ჩვენი სიჩუმე, ნაზი მელოდიის ჰანგებით მივაპობდით ავტობანს. სასიამოვნო დღე იყო, მიუხედავად გაზაფხულის პირველი დღეებისა, მაინც იგრძნობოდა სითბო, სასიამოვნო სურნელი და გაზაფხულის შემობრძანება ჩვენს პლანეტაზე.
გადავუხვიეთ, პირველად მაშინ მითხრა ხადას ხეობაში მივდივართო.
-ბუნება ყოველთვის შველის ადამიანს, არ ვიცი საიდან გრძნობს ან იცის , თუმცა ზუსტ წამალს გამოუწერს ხოლმე პაციენტს და შინ უკვე გამოჯანმრთელებულს უშვებს.
-გზად ანანურშიც ხომ არ შეგვევლო, ვატო? ცოტა ხნით არც ღმერთთან საუბარი აწყენდა ჩემს დამძიმებულ გონებას, ხანდახან კი ვსაუბრობ ხოლმე მასთან, თუმცა ტაძარში სხვანაირად ვგრძნობ მის სიახლოვეს, თითქოს გულიდან ლოდი მეხსნება და ჩემი დანთებული სანთლით ცოდვებს მპატიობს.
თანხმობა მივიღე. გზად ანანურშიც შევიარეთ და საკმაოდ დიდი ხანიც დავყავით იქ. ეკლესიამ , რელიგიამ და თვალწინ გადაშლილმა ულამაზესმა ბუნებამ ჩემი და ვატოს საუბარი კიდევ უფრო საინტერესო გახადა. ძალიან მესიამოვნა, როდესაც ღმერთის მიმართ მასაც ისეთივე დამოკიდებულება აღმოაჩნდა, როგორიც მე.
გზა გავაგრძელეთ, თუმცა კონკრეტულად სად მივდიოდით არ ვიცოდით. გზად მაღაზიაში შევიარეთ, ცხელი შოთის პურები, ვაშლი და საჭმელი ვიყიდეთ. კარგ საპიკნიკე ადგილს ვეძებდით,
ფასანაურშივე გავჩერდით, ვატოს ძალიან ეჩქარებოდა ჩემი ამბის გაგება, რადგან ბუნებით გამოწვეულ აღტაცებასთან ერთად სახეზე სევდას მაინც მატყობდა.
-შენი ღიმილი ამ მთებზე და მდელოზე ლამაზია, ზაფხულის მზეც კი ვერ ათბობს ისე გარემოს, როგორც შენი ორი, ერთმანეთის მსგავსი ტუჩი. არ მინდა რამემ, თუნდაც ძალიან პირადულმა, თუნდაც ძალიან უმნიშვნელომ ან საერთოდაც, ვინმე სხვა პიროვნებამ ეგ ღიმილი სახედან მოგაცილოს. ცნობისმოყვარეობით ვკვდები, ისიც ვიცი საქმე სიყვარულს შეეხება, თუმცა მე შენგან მინდა გავიგო რა ხდება შენს ლამაზ თავში, ყვავილებით მორთულ გულში და ფერად-ფერად ფიქრებში. არ მისცე საშუალება არცერთ ნეგატიურ ფონს, წვეთს და ფერს შენი ლამაზი და მუდამ მომღიმარი სახის დანაღვლიანების უფლება - მარჯვენა ხელი ყურთან შემიცურა და თვალებში ჩამხედა, თითქოს დამწვა ამ მზერამ, მისმა მზრუნველობამ და თვალები ძირს დავხარე - ძალიან ფერმკრთალი ხარ, ძვირფასო. ცოტა დავნაყრდეთ, შემდეგ კი თუკი სურვილი გექნება ვისაუბროთ, ვისაუბროთ ყველაფერზე , რაც გაწუხებს და ერთად მოვიფიქროთ როგორ მოვაგვაროთ ის.
მართლაც ძალიან მშიოდა. ჩემი ლობიო მოხარშული იდგა გაზქურაზე ეულად და ჩემს ხასიათზე მოსვლას ელოდა, მე კი შოთი და ძეხვი უნდა მეჭამა, რადგან შიმშილს ყველანაირი გრძნობა მირჩევნია, მათ შორის გულის გატეხვაც კი.
-ვატო, იცი როგორ მზადდება კიევური კატლეტი? - ჩემმა კითხვამ ჯერ გააკვირვა, შემდეგ კი გააცინა.
-არა, ნამდვილად არ მიფიქრია კიევურ კატლეტზე, რადგან უმეტესად მზა საჭმელს ვყიდულობ ან ვიძახებ შიგადაშიგ.
მე კი მოყოლა დავიწყე, ვიცოდი არ აინტერესებდა, არც საჭირო ინფორმაცია არ იყო, თუმცა მინდოდა საუბარი როგორმე დამეწყო.
-ქათმის ფილეს სასურველია დავუტოვოთ მკერდის ძვალი, მაგრამ უძვლო ფილეს გამოყენებაც შეგვიძლია. ფილე გავრეცხოთ, გავამშრალოთ. ბასრი დანით სიბრტყეზე გადავჭრათ ისე, რომ კიდე არ გავჭრათ და გადაიშალოს. დავაფაროთ ცელოფანი და დავბეგვოთ, რომ უფრო დათხელდეს და გაიშალოს, ხომ ხვდები როგორც? - ვატო ღიმილით მიკრავდა თავს და თან თმას ისწორებდა- შემდეგ კარაქს შევურიოთ მარილი, პილპილი, წვრილად დაჭრილი კამა, მივცეთ მოგრძო კაფსულის ფორმა და გავყინოთ.ფილეს წავუსვათ მარილი და პილპილი.შუაში ჩავუდოთ კარაქის ბურთულა და ისე გადავახვიოთ რომ, ყველა კუთხიდან კარგად დაიფაროს. მიღებული კატლეტი ჯერ ფქვილში ამოვავლოთ, შემდეგ ათქვეფილ კვერცხში, ბოლოს საფანელში. მერე კვლავ კვერცხში და საფანელში. ეს პროცესი საჭიროა იმისთვის, რომ ფილე კარგად შეიკრას და კარაქმა არ გამოჟონოს.კატლეტი შევწვათ ცხელ ზეთში, საშუალო ცეცხლზე. ყველა მხრიდან რომ მოვბრაწავთ, ცეცხლს დავუწიოთ, ტაფას დავახუროთ და ასე დავასრულოთ მომზადება. თან ხშირ-ხშრად ვაბრუნოთ. ოხ, როგორ მომინდა კატლეტი, გინდა ამ დღეებში მოგიმზადო?
პასუხი დადებითი იყო, თუმცა უკვე ვეღარსად გავექცეოდი ჩემი ისტორიის მოყოლას.
-მიღალატეს, ხუთი თვის წინ ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული ჩემსავე საძინებელში ვიღაც ქალთან ერთად საწოლში კოტრიალობდა. მე ქალაქგარეთ ვიყავი წასული კურსელებთან ერთად, ლევანმა კი მთხოვა გასაღები დამეტოვებინა, რადგან სახლში რაღაცებს გააკეთებდა. არც კი დავფიქრებულვარ ისე მივეცი გასაღები და მე მშვიდად წავედი გასართობად. იმავე დღეს ჩემს მეგობარს კაბა დასჭირდა, ხომ გესმის გოგოშკური ამბები, ტანსაცმლის თხოვება და ა.შ. მეც ვუთხარი, რომ ვატო სახლში იყო და შეეძლო ასულიყო ნებისმიერ დროს. სწორედ ამ გოგომ ნახა ის სცენა, რისი წარმოდგენაც დღემდე სულს მიყინავს. ლევანს ბევრი ულაპარაკია, ეხვეწებოდა ჩემთვის არაფერი ეთქვა, ტყუილს ტყუილზე ამატებდა, თუმცა ამ გოგომ მაინც მომიყვა ყველაფერი. დღეს კი გამომეცხადა და ბოდიშები მიხადა, რაზეც უარი მიიღო და სასტიკად გაცოფდა.
კიდევ ბევრი რამ მოუყევი ჩვენი ურთიერთობიდან, ლამაზი დღეები და თავგადასავლები გავიხსენე, ვატო კი იჯდა და მისმენდა, ბოლოს თავი ჩემს კალთაში ჩადო და გაიტრუნა.
ასე იწვა დაახლოებით თხუთმეტი წუთი, მე კი მისი აზრი და შეხედულება მაინტერესებდა.
გული გამალებით მიცემდა, შენჯღრევაც მომინდა, რომ გამოფხიზლებულიყო , თუმცა ხმას მაინც არ იღებდა.
-წითელი მოცხარის საწებლის გაკეთება იცი, მართა?
კითხვამ ისე დამაბნია, თავი ავაწევინე და სახეში შევხედე ხომ არ დამცინისთქო, თუმცა სრულიად სერიოზული სახე ეჭირა. ვიცითქო ვუთხარი და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა ჩემს მუხლებზე.
-კიევურ კატლეტს მოუხდება მგონი, შენ რას იტყვი?
-ნამდვილად უნდა მოუხდეს, თუმცა რამ გაგახსენა საწებელი?
-იქნებ რეცეპტიც მომიყვე და დღესვე შევიაროთ ბაზარში ინგრედიენტებისთვის
-მოცხარი მაის-ივნისში ყვავის, თუმცა მაინც შეიძლება მისი პოვნა - ჩავფიქრდი -ბევრი არაფერი სჭირდება, მოცხარი, ქინძი, ქონდარი, წიწაკა, მარილი და ნიორი.
-ხოდა გავაკეთოთ, რთული არ იქნება შენისთანა ოქროსხელება გოგოსთვის. რაც შეეხება შენს ისტორიას კი , მე ყველაფერს თავის დროზე გეტყვი, რა თქმა უნდა, სწორ დროსა და ადგილას, თუმცა შენ უნდა გადაწყვიტო ყველაფერი. მე ყველანაირად ვეცდები დაგავიწყო ის, ვინც შენი ღირსი არ ყოფილა, ამიტომ კიევური კატლეტი და საწებელი ახლა ყველაზე კარგი გამოსავალი მგონია.



№1  offline წევრი ვიპნი

მინდა ყველაფერი კარგად დასრულდეს,მეცოდება ეს გოგო :(

 


№2  offline წევრი გაზაფხული

ვიპნი
მინდა ყველაფერი კარგად დასრულდეს,მეცოდება ეს გოგო :(

დაველოდოთ მოვლენებს
:*

 


№3 სტუმარი სტუმარი მაკო

მომწონს და მიხარია რომ არ აგვიანებ.

 


№4  offline წევრი გაზაფხული

სტუმარი მაკო
მომწონს და მიხარია რომ არ აგვიანებ.

მადლობა. დღეს შემდეგ ნაწილს გავგზავნი :*

 


№5  offline მოდერი მარტო სახლში

ძალიან კარგია იმეია მალე დადებ

 


№6  offline წევრი გაზაფხული

მარტო სახლში
ძალიან კარგია იმეია მალე დადებ

დღეს დავდებ და იმედია მალე დაადასტურებენ

 


№7 სტუმარი ერთგული მკითხველი

ძალიან განსხვავებული და სასიამოვნო თხრობის სტილია. ინტერესით ველოდები შემდეგ ნაწილს

 


№8  offline წევრი გაზაფხული

ერთგული მკითხველი
ძალიან განსხვავებული და სასიამოვნო თხრობის სტილია. ინტერესით ველოდები შემდეგ ნაწილს

მალე იქნება, ერთგულო მკითხველო????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent