შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მზარეულის დღიური 4


10-03-2019, 20:47
ავტორი გაზაფხული
ნანახია 1 394

იმ დღეს ფასანაურში გაჩერება გადავწყვიტეთ. ბინის პოვნა და ღვთისნიერი ადამიანი, რომელიც თავის ორ საძინებელს დაგვითმობდა მარტივი საპოვნელი აღმოჩნდა. ხშირად რჩებიან ხოლმე აქ მთიდან დაბრუნებული ხალხიო, გვითხრეს სოფლის ორღობეში. ჩვენც მეტი რა გვინდოდა, ორი ოთახი და საპირფარეშო, წყლის გადავლების და აბაზანის მიღების ამბიცია კი არავის ჰქონია.
გაზაფხული ნელ-ნელა შეპარულიყო ბუნებას, ციოდა, თუმცა დღე საგრძნობლად მომატებულიყო, ამიტომ ექვსი საათის ნაცვლად, ახლა შვიდზე იწყებდა შებინდებას. ჩვენ დაახლოებით ექვსზე დავბანაკდით, ამიტომ მშვენიერი დრო იყო დროის ეზოში გასატარებლად. ქალათან შედარებით ძალიან ციოდა, ამიტომ ჩვენმა მასპინძელმა ბებომ დიდი "ადიელები" გამოგვიტანა, ჩვენთან პლედებს რომ ეძახიან. დიდი და თბილი იყო ჩვენი მოსაფარებელი, ძველებური და ცოტა სიძველის სუნიც დაჰკრავდა, თუმცა იმ მომენტში სამოთხედ გვეჩვენებოდა.
ეზოში ორი სკამი გავიტანეთ, ბებო საქონლების მისახედად წავიდა უკან ეზოში, ჩვენ დავჯექით და სოფლის ხმებს ვუგდეთ ყური. მერცხლები ჯერ არ მოფრენილიყვნენ, თუმცა ლამაზი ჩიტების უფრო ლამაზი ჟღურტული იქაურობას აყრუებდა. შიგადაშიგ მეზობლის ძაღლი გაუბრაზდებოდა რაღაცას და ყეფას მორთავდა, თუმცა ეს ხელს ნამდვილად არ უშლიდა სოფლის სამოთხეს. იქვე ბავშვები დაჭერობანას თამაშობდნენ და "სტუკას" ძახილით გაჰქონდათ სოფელი.
ეზოში პატარა, ცქრიალა გოგო შემოფარფატდა, დედას თბილად ჩაუცვამს, მობრეცილი ქუდი და ნახევრად მოხვეული კაშნე ამას ხაზს უსვამდა. ტატიანა ბებო იკითხა და პასუხის შემდეგ უკანა ეზოში გაიქცა.
-თქვენ ქალაქში ცხოვრობთ? - უკნიდან მოგვეპარა პატარა ცნობისმოყვარე - ქალაქში მეც ვიყავი ცოტა ხნის წინ, დედამ წითელი კაბა და ლამაზი ფეხსაცმელი მიყიდა, მითხრა არ გააფუჭო, თორე აღარ გიყიდიო, არადა მე სულ ფეხბურთის თამაში მინდა, არ მიყვარს თოჯინები. ამაზე მეზობლის ბავშვები სულ დამცინიან, მეუბნებიან ქალ-ბიჭა ხარო, მაგრამ რა ჩემი ბრალია?
-თუკი ბურთით თამაში გიყვარს მაშინ ბურთით ითამაშე, თუკი ომობანა გირჩევნია დედობანას, დაე, შენც ეგ ითამაშე. არავის არ უგდო ყური, მთავარია შენ იგრძნო თამაში.
-როგორ უნდა ვიგრძნო? - ვატოს მიუცუცქდა და მის კალთაშიც მოთავსდა
-აი აქ უნდა იგრძნო-თითი ჭიპიდან გულისკენ წაიღო ვატომ და მოუღიტინა.
ბავშვის კისკისმა ეზოს სიცოცხლე შემატა.
-აი, შე მაიმუნო, შეაწუხე ხო უცხო ხალხი- ჩქარი ნაბიჯით და დატუქსვით გამოვიდა ტატიანა ბებო - რა გითხარი მე, არ შეაწუხო ხალხი, დაღლილი იქნებიანთქო, აიტ, შე მაიმუნო.
-ძალიან კარგი ბავშვია, ჭკვიანი და საერთოდაც არ შეგვაწუხა მასთან საუბარმა - დავიცავი პატარა გოგონა და ჩემკენ მივიზიდე.
-ბებო, ცუდი არ ყოფილა ბურთით თამაში, აი ეს გოგოც სულ ბიჭებთან ერთად თამაშობდა თურმე ბავშვობაში ფეხბურთს- ასეთი რამ მისთვის არ მითქვამს, მაგრამ მისმა ოსტატობამ გამაოცა, თვალი ჩავუკარი და დავეთანხმე.
***
სიცივემ შეგვაწუხა და ცხრა საათზე უკვე სახლში შევიყუჟეთ. ნელ-ნელა შეწყდა ჩიტების გალობა, ანცობით დაღლილი ბავშვებიც სახლში შეყუჟულიყვნენ, მხოლოდ ძაღლი თუ შეგვახსენებდა თავს, ისიც ძალიან იშვიათად, ალბათ ვახშმიდან დარჩენილ ძვლებსა და პურს შეექცეოდა.
-რამ ჩამოგიყვანათ ბებო აქ? ხეობაში იყავით? - მაგიდასთან მოგვიჯდა ჩვენი მასპინძელი და ცხელ-ცხელი ლობიანები მოგვიტანა
-არა, ბებო, მართა ცუდ ხასიათზე იყო და სასეირნოდ წამოვიყვანე, მხოლოდ ანანურში გამოვიარეთ და აქვე მდელოზე პიკნიკი მოვიწყვეთ, რომ მცოდნოდა თქვენ შეგხვდებოდით ქალთა დღისთვის საჩუქარს გაჩუქებდით - მიუგო ვატომ
-ოხ, შვილო- დაიმორცხვა და შავი თავსაფარი შეისწორა - რაღა დროს ჩემი ქალთა დღეა, ქალი კი არა კაცი ვარ უკვე რაც ჩემი მეუღლე გარდაიცვალა. შვილებს განათლება მივეცი, ინსტიტუტებიც დავამთავრებინე და ახლა ორივე თბილისში ცხოვრობს, ერთმა ცოლიც მოიყვანა და შვილიშვილიც მყავს უკვე, ხშირად მოდიან, მაგრამ ასე თუ ვინმე შემოივლის ისე მიხარებს გულს, რამდენჯერმე ფულიც მომაწოდეს, მაგრამ ფულს როგორ გადავახდევინებ ვინმეს ჩემს სახლში ღამის გასათევად, სასტუმრო ხომ არ მაქვს, არა ბებო?
სიმართლე ვთქვათ, ჩვენც ფული გვქონდა გამზადებული, რადგან უსასყიდლოდ ღამის გათევა გვერიდებოდა, მაგრამ ამ საუბრის შემდეგ ფულის მიცემაც ძალიან მოგვერიდა.
დასაწოლად წავედით. მეორე სართულზე ერთმანეთის გვერდითა ოთახები გაგვიმზადა ტატიანა ბებომ. ჩემს ოთახში პატარა ხის საწოლი იდგა, თეთრი, გახამებული თეთრეული გადაეკრა, იქვე იდო პატარა სარკიანი კომოდი, რომელსაც სიძველე კარგა ხნის შეპარული ჰქონდა, სარკე მთლიანად დალაქავებულიყო, იქვე კი შავ-თეთრი სურათი ჩამოკიდებულიყო. ახალგაზრდა ტატიანა ბებო, მისი მეუღლე და ორი პატარა მიცქერდნენ შორეული წარსულიდან.
ვინ იცის რაზე ფიქრობდნენ მაშინ ამ ოჯახის წევრები , ალბათ ვერასოდეს წარმოედგინათ, რომ ამ ოთახში მე, ერთი ყველანაირად ჩვეულებრივი, მათთვის უცნობი გოგო გავათევდი ღამეს. ვინ იცის რამდენი ოცნება ჰქონდათ, რამდენი აიხდინეს, რამდენი კი დაივიწყეს და სამუდამოდ ჩააბარეს წარსულს.
ვატოს გავაკითხე. ხის იატაკი ძალიან ჭრიალებდა და ფეხისწვერებზე გავიარე პატარა, მაგრამ ხმაურიანი მონაკვეთი.
გძინავსთქო? კარზე მივუკაკუნე და პასუხის მიღების შემდეგ ოთახში შევედი.
-მადლობისთვის შემოვედი. ნეტავ რა მეშველებოდა მთელი დღე სახლში, რომ გამეტარებინა, ალბათ ტირილში მოვკვდებოდი.
-მადლობა ბუნებას გადაუხადე, მართა. შეიძლება რაღაც გკითხო? - საწოლიდან წამოიწია, სანთლის შუქზე სიმძიმე შევატყვე სახეზე, წარბებიც უჩვეულოდ ჰქონდა შეყრილი, თავი დავუქნიე და მთლიანად გავიყინე კითხვის მოლოდინში - აპატიებ?
გავიყინე, გავშეშდი და თვალი თვალში გავუყარე, ვცდილობდი წამეკითხა რას გრძნობდა, რატომ გადაწყვიტა ესკითხვა მანდამაინც იმ მომენტში დაესვა. მან ხომ მითხრა როცა საჭირო იქნება ჩემს აზრს გეტყვიო, მაშინ რატომ ჩათვალა ამ კითხვისთვის საჭირო დროდ ის ღამე?
-ვაპატიებ - ამოვილუღლუღე და რეაქციას დაველოდე.
-რატომ? - სიბრაზე შეეპარა მის მშვიდ ხმას
-პატიება დაბრუნებას არ ნიშნავს, ვატო. მე შემიძლია ყველაფერი ვაპატიო ადამიანს, დამცირებაც კი, თუმცა ღალატის შემდეგ მასთან ურთიერთობის გაგრძელება ქალის სისუსტედ მიმაჩნია
***
თითქმის მთელი ღამე თეთრად გავატარე. საკუთარ თავს მილიონობით კითხვას ვუსვამდი და პირველად დავრჩი საკუთარ თავთან ისეთი შიშველი, რომ ყოველ ნაწილს ვუყურებდი, ყოველ ლაქას, ნაოჭს თუ ზედმეტ ხორცს. პირველად ვაღიარე საკუთარ თავთან, რომ ლევანი კვლავ მიყვარდა და პატიებაც კი შემეძლო, თუმცა დაბრუნების უფლებას საკუთარ თავს არ მივცემდი.
ერთ დღეს, როდესაც ლევანთან ურთიერთობა ახალი დაწყილი მქონდა სახლთან მოვიდა და საჭმლის მომზადება მთხოვა, მითხრა რომ ლექციებიდან მოდიოდა და რადგან მე კულინარიის პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი რამეს მოვუმზადებდი. მაშინ ჯერ კიდევ ხელმოცარული გოგო ვიყავი და მხოლოდ მარტივი კერძების გაკეთება შემეძლო, თუმცა თავი არ შემირცხვენია და სასწრაფოდ შემოვდგი გაზქურაზე სტაფილო და კარტოფილი მოსახარშად, საჭრელ დაფასთან კი კიტრი, კიტრის მწნილი, მწვანე ხახვი და ბარდა მოვიმარაგე. ყველაფერი წვრილად დავჭერი და ღრმა თასში მოვათავსე, რასაც მოხარშული სტაფილო და კარტოფილი დავუმატე და მაიონეზი შევურიე. ეს ყველასთვის ნაცნობი და მარტივი კერძია, თუმცა უდავოდ გემრიელი. მაშინ პირველად მითხრა ლევანმა, რომ სოკოს ღვეზელი უყვარდა.
-ბავშვობაში ბებოსთან გურიაში როცა ჩავდიოდი უარს ვამბობდი ყველანაირ ხაჭაპურზე და ხორცის ღვეზელებზე, მხოლოდ სოკოს ღვეზელს ვაცხობინებდი. ბებოს ღვეზელებს განსაკუთრებული გემო ჰქონდა, სოკოს საკრეფად მთელი უბნის ბავშვები ერთობლივად მივდიოდით და ღვეზელებიც ერთობლივად მიირთმეოდა.
შეიძლება ვთქვა, რომ პირველად მაშინ ვიგრძენი მისი სიყვარული, საჭმლის გამო არა, მხოლოდ იმიტომ, რომ ის იყო ღია, დაუფარავი და სასიამოვნო ადამიანი.
***
გამთენიისას ჩამეძინა, თუმცა მამლის ყივილი, მეზობლებს შორის გადაძახილი და ძაღლების ყეფა შიგადაშიგ მაინც ჩამესმოდა. სიზმარი ვნახე:
ფერად-ფერადი ყვავილებით მორთულ მინდორში მივაბიჯებდი და თან უამრავ ყვავილს ვკრეფდი. არ ვიცი ვისთვის მიმქონდა, ან საერთოდ მიმქონდა თუ არა სადმე, თუმცა მთელი გრძნობით და სიყვარულით ვაკეთებდი ამ თითქოსდა მარტივ და უდარდელ საქმეს.
დილით, ასე ცხრა იქნებოდა ვატო, რომ ოთხში შემოვიდა და თავთან დამიჯდა
-მართა, არ იფიქრო, რომ რამეში გამტყუნებ, არც ის იფიქრო, რომ შენს გადაწყვეტილებას პატივს არ ვცემ, უბრალოდ მაინტერესებდა როგორ და რას ფიქრობდი, მინდოდა უფრო ღრმად ჩამეხედა შენს გადაწყვეტილებაში და მინდა მადლობა გითხრა შენი გულწრფელობისთვის და ჩემდამი ნდობისთვის. მე ვიფიქრე და შენ ყველაზე სწორ გზას ადგახარ. ადამიანს ყველაფრის პატიება უნდა შეეძლოს, ჩვენს რელიგიაშიც ხომ ასეა, უნდა ვაპატიოთ, მაგრამ მე მეშინია - საწოლიდან თავი უფრო ღრმად წამოვყავი, ჯერ კიდევ ძილნარევი თვალებით გავხედე და გავუღიმე- მეშინია შეცდომა არ დაუშვა და შემდეგ ინანო ეს, გახსოვდეს, შენ ჩემი სახით კარგი მეგობარი და ერთგული ადამიანი გყავს. ახლა კი ჩაიცვი, ცოტა დრო ბუნებას დავუთმოთ და სახლში წავიდეთ, გახსოვს, შენ რომ კიევურ კატლეტს დამპირდი
კიევურ კატლეტზე ჩემი ეულად მიტოვებული ლობიო გამახსენდა. ის ამბავიც გამახსენდა, რატომაც დარჩა ეულად ყველაზე გემრიელი კერძი მთელს დედამიწაზე, თუმცა ბუნებამ კვლავ შეძლო ჩემი ექიმობა და დილის სუსხმა მთლიანად გაყარა ბნელი ფიქრები.
-ადექით შვილებო? - კიბესთან მოგვეგება ტატიანა ბებო - რა ყოჩაღები ხართ, ახლა ხეობაში წახვალთ თუ სახლისკენ გაუყვებით გზას?
-მართას ჩემი სარვამარტო საჩუქარი ჯერ კიდევ არ უნახავს, ყვავილებიც დაჭკნებოდნენ უწყლობით, ამიტომ ქალაქისკენ ავიღებთ გეზს, ბებო. შენ კი როგორ გცეთ პატივი ვერა და ვერ მოვიფიქრეთ
-მართლაც, იქნებ გვითხრათ რით შეგვიძლია თქვენი დახმარება - საუბარში ჩავერთე მეც.
-არაფერი მინდა, შვილო, მშვიდობის გარდა, ყველაფერის ჯანი მოგცეთ ღმერთმა და შეძლება. ეს კარი მუდამ ღია იქნება თქვენთვის და თქვენისთანა კარგი ხალხისთვის, მე კი გიმასპინძლებთ და რითაც შემეძლება დაგეხმარებით. ერთი მოხუცებული ქალი კი ვარ, მაგრამ ცხოვრება გამომივლია, რაღაც მეც გამიგია და შემისწავლია.
დიდი სიყვარულით და სითბოთი დავემშვიდობეთ ჩვენს მზრუნველ და მოსიყვარულე მასპინძელს და ქალაქისკენ წავედით.
უძილობამ გზაში უფრო დამატყო კვალი და ფასანაურიდან თბილისამდე გემრიელად ჩამთვლიმა. მანქანის გაჩერებისთანავე ვჭყიტე თვალები.
-უკვე სახლში ვართ? - თვალები მოვიფშვნიტე და ცუდად გადადებული კისერიც ტკივილის მოსახსნელად მოვისრისე.
***
შაბათობა მოეწყო თითქმის ყველა ჩემს მეზობელს, ყველა სახლიდან გემრიელი სუნი გამოდიოდა და ეზოში იყრიდა თავს, ასევე ყველას გადმოეფინათ ფერად - ფერადი სარეცხები, რაც სილამაზეს ნამდვილად ძენდა ჩვენს დიდ კორპუსს. მეც სახლის დალაგების ხასიათზე დავდექი. სახლში შესვლისთანავე საწოლზე თეთრეული გადავაძვრე, საბანი და ბალიში მზის გულზე გადავკიდე, სარეცხი მანქანა ავათუხთუხე, ფანჯრების და სარკეების წმენდა დავიწყე და ისე შევყევი სახლის დალაგებას, რომ მხოლოდ ხუთ საათზე მოვიცალე დასაჯდომად. სწორედ ამ დროს გადავწყვიტე საჩუქრის ნახვაც, თუმცა ყვავილები, რომლებსაც ჯერ კიდევ შერჩენოდათ სიცოცხლის ნიშან-წყალი ლარნაკი გავუმზადე და შიგ მოვათავსე, რაც შეეხება ლევანის მორთმეულ ყვავილებს, შემოსვლისთანავე ვუკარი თავი დიდ, შავ სანაგვე პარკში და თავიც საგულდაგულოდ მოვუკარი.
ვატოს საკმაოდ ძვირადღირებული სუნამო უყიდია ჩემთვის, პატარა მისალოცი ბარათით.
სუნამო ყველაზე პრეტენზიული საჩუქარია საჩუქრებს შორის. ქალს არ გააჩნია ერთი სუნამო, ის ყოველ დღე, ყოველ ხასიათზე იცვლის მათ ბრენდსა და არომატს
თუმცა ვატოს გემოვნება ჩემსას დაემთხვა და შესანიშნავი საჩუქარიც გამოუვიდა, ამჯერად კი ჩემი კატლეტის დრო იყო. ჩავრთე ტელევიზორში ჩემი საყვარელი სერიალი და ხორცის დაბეგვა დავიწყე.
***
სამსახურში თავის მართლება მომიწია უნებართვოდ აღებული მეორე დასვენების დღისთვის და ანაზღაურების მიზნით მთელი დღე უნდა მემუშავა, თითქმის თოთხმეტი საათი. რა თქმა უნდა, გავაპროტესტე და ნაცნობი ექიმის იმედზე ტყუილის თქმა გადავწყვიტე. ცუდად ვიყავი და როგორ მოვსულიყავითქო, ახლაც ძლივს ვდგავარ ფეხზე და მადლობა მითხარი, რომ მოვედითქო.
საბაბმა გაჭრა, თუმცა ცნობის მიტანა მაინც მთხოვეს, მეც დავურეკე ექიმს და ყალბი ცნობა გავამზადებინე.
შემდეგი ორი დღე ვატო არ გამოჩენილა, არც კაფეში შემოსულა სასაუზმოდ, არც ტელეფონზე დაურეკავს და სახლშიც არ მსტუმრებია. თავიდან თავი დავიფასე, თუ არ უნდა ნუ მომწეროსთქო, თუმცა მესამე დღეს უკვე მის კართან ვიყავი აყუდებული. პირველივე დაკაკუნებაზე გამომხედა.
-როგორ შეგაწუხე, მართა. ალბათ გაგიკვირდა რატომ არ მეხმიანებაო, სამსახურში იმდენი საქმე დაგროვილა ფურცლების ზღვაში ვცურავ. ყველაფერი ამოვბეჭდე და სახლიდან მუშაობა გადავწყვიტე. ხომ არ გაწყენინე, ქალბატონო?
არათქო, ვიუარე, თუმცა მაინც ვერ ვხვდებოდი რა მოხდებოდა ორი წამი, რომ დაეთმო ჩემთვის და ეს ყველაფერი ტელეფონზე ეთქვა. იქნებ გამომცადა კიდეც თუ მოვიკითხავდი, თუმცა რა ვიცი. თითქმის არასდროს მესმოდა კაცების, მხოლოდ მათთვის კარგი საჭმელების მომზადება შემეძლო. მანამ მეგონა კიდეც, რომ შეუცვლელი და ნამდვილი სიყვარული ვიყავი ერთი ადამიანისთვის მაინც, თუმცა ეგეც წარსულს ჩაბარდა, მეც ისევე მეორეხარისხოვანი აღმოვჩნდი, როგორც ბევრი სხვა, უბრალოდ ზოგი გებულობს ამას, ზოგი ვერა, ზოგი თავს იტყუებს, ზოგიც კი ეჩვევა. მე ვერ შევეგუე, მე ვერ მოვითმინე და ლევანი სამუდამოდ გავაქვრე ჩემი ცხოვრებიდან.



№1  offline წევრი Rania

Zalian kargiaaa. Moutmenlad veli gavrzelebass
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline წევრი გაზაფხული

Rania
Zalian kargiaaa. Moutmenlad veli gavrzelebass

შემდეგი ნაწილი ხვალ დაიდება <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent