შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოგონება


15-03-2019, 13:40
ნანახია 920

საღამოხანი. უკვე ბინდია. მარტო ვარ სახლში, დღევანდელი ჩემი გუნება - განწყობის მიხედვით უკვე ვხვდები, რომ კვლავ მოვა მოგონება, გაცოცხლდება ჩემს გარშემო და თავისთან გამიტაცებს. სპეციალურად არ ვანთებ სინათლეს, ქუჩიდან შემოჭრილი თეთრი გარეგანათებაც მყოფნის; უკეთესიცაა, რაღაც სხვა, არაამქვეყნიური ელფერი შემოაქვს, მოგონებებს აცოცხლებს, დროს უკნა ატრიალებს კინოფირივით. ჩვენი კუპრივით შავი კატაც შემოვიდა ოთახში, კრუტუნით მომიახლოვდა, თითქოს ჩემს ფიქრებს კითხულობსო, იდუმალი მზერით მომაჩერდა, მერე ჩემს გვერდით წამოწვა და გაირინდა. დროში გადასახლდა ჩემთან ერთად.
. . . წამის მეათედი და სულ სხვაგან ვარ. . . მატარებლის კუპეში, ისევ თეთრი სინათლე, პატარა სადგურიდან შემოჭრილი, თავით ფანჯრის მხარეს ვწევარ, წინ კუპეს კარს და კედელს შევყურებ, მატარებელი ცოტა ხნით გაჩერდა რომელიღაცა პატარა ბაქანთან. მალე დაიძრა, სინათლის ფონს სვეტების ჩრდილი მიჰყვება, ისმის ჭრიალი, სასიამოვნო რწევა გრძელდება. მატარებელი მიუყვება ლიანდაგს, ჩემს საყვარელ გზას გაგრისკენ, ომარისაკენ!
ვცდილობ, ისევ დავიძინო, თან ნეტარებით ვიშმუშნები, უკვე თვალწინ მიდგას ახალი და ძველი გაგრა, პლაჟი, ზღვა, „კარაველა“. არასოდეს მავიწყდება მზეზე გამთბარი, ლაქწასმული ხის სუნი, რომელიც ამ გემ - რესტორნის გვერდით ჩავლისას მცემდა ხოლმე. ახლაც, წლების მერე, ცხადად შევიგრძნობ, როცა მოგონებებში ვსახლდები.
დილიდან იწყება ბედნიერება, ჩავდივარ და მხვდება ლურჯ - მწვანე ზღვა, წიწვების სუნი, „კარაველა“ და ჩემი ომარი, ჩემი ბავშვობის მეგობარი, დედით აფხაზი, მამით ქართველი ომარ ნინუა. გამხდარი, თეთრი ბიჭი, ღია თაფლისფერი თვალებით. ანგელოზივით უანგარო და უშუალო. ეს მეგობრობა არ იყო მხოლოდ ბავშვობის დამსახურება. რაღაცამ შინაგანად, ინსტიქტურად მიგვიზიდა ერთმანეთისკენ, მე, 11 წლის გოგონა და ის, 9 წლის ბიჭი. ომარის თვალები თითქოს ხანდაზმული ადამიანის სევდას მალავდა, იერი მუდამ დაფიქრებული და თვითონ კეთილი, უცნაურად კეთილი. არ მეშინია ამისი თქმა. მისი არსება თითქოს რაღაც თბილ სინათლეს ასხივებდა.
უკვე მესამე ზაფხულია, ელოდება ხოლმე ჩემს ჩასვლას. მომიყვება,რა მოხდა იქ ჩემი არყოფნის დროს. ახლაც მალევე ვინახულე, რა მომათმენინებდა.

- ზურამ ცოლი მოიყვანა. გოგო მოიტაცა, იმერეთში იყო ნათესავებთან სტუმრად, იქ უნახავს, მოეწონა თურმე ძალიან. მალევე მოიტაცა და ჩამოიყვანა. ძალიან ლამაზი გოგოა, ქორწილი გადაიხადეს, ბავშვებმაც კაი დრო ვატარეთ . . .
რუსუდანი და მედიკო რომ მუშაობენ სასტუმროს ბუფეტში, შენც ხომ იცნობ, ისევ იქ არიან. რუსიკო ვიღაც გერმანელს მოსწონებია, დაუბარებია, კიდევ ჩამოვალ, გნახავო. მთელი კოლექტივი ელოდება თურმე როდის ჩამოუვა თაყვანისმცემელი. გავიაროთ, ვნახოთ.
სიხარულით ვეთანხმები. ავირბენთ სასტუმროს კიბეებს იმ სართულზე, სადაც ბუფეტია და სულ შემწვარი კვერცხისა და კატლეტის სუნი დგას. გოგონები სიხარულით შემოგვეგებებიან, მეგობრები მოგვივიდნენო, გემრიელი კაკაოთიც გაგვიმასპინძლდებიან.პირველად რომ გაგრაში ჩავედით, სასტუმრო „აფხაზეთში“ ვისვენებდით, შემდეგ ზაფხულს ჩემებმა კერძო სახლი შეარჩიეს ომარის მეზობლად და მას მერე იქ ჩავდივართ.
- წელს ზამთარი როგორი იყო გაგრაში, თოვლი მოვიდა? - ვკითხე ომარს.
- რამდენიმე დღე ითოვა. არადა, როგორ მინდოდა ბევრი თოვლი, ვერც ვიგუნდავე . . .

* * *

როგორც უკვე აღვნიშნე, სახლი, სადაც ვისვენებთ ომარის ეზოსთან ახლოსაა, პირდაპირ მალევე ბულვარი იწყება და მას მერე პლაჟი. საღამოს ან ბულვარში ვართ, ან პლაჟზე, ან ომარის ეზოს წინ გრძელ სკამზე ვსხედვართ და ათას რამეს ვუამბობთ ხოლმე ერთმანეთს. ჩასვლიდან მეორე საღამოს ვისხედით ეზოს წინ, უცბად ვხედავ, საშუალო სიდიდის ძაღლმა მოირბინა ომართან.
- ეს საიდან? თქვენ ხომ ძაღლი არ გყავდათ?
- მე მოვიყვანე, პატრონს წავართვი. ცემდა. რას ერჩოდა, ვერ გავიგე, პატარა მიზეზის გამოც ურტყამდა, გამოვესარჩლებოდი ხოლმე, დამიმახსოვრა. ბოლოს ამის საცოდაობას ვერ გავუძელი. ერთხელაც სპეციალურად გავიარე იმ სახლთან, ვიცოდი, რომ შინ არავინ იყო, მოვუხმე, მაშინვე კუდის ქიცინით მოირბინა ჩემთან. მას მერე ერთად ვართ; ჩაიცუცქა, ხელი მოჰხვია; ძაღლი ერთგული, ნაღვლიანი თვალებით მისჩერებოდა. - ერთი სიძნელე გადავლახეთ: კატას მივაჩვიე. ხომ იცი, ჩვენი ფისოც ჩემი ნაპოვნია, ქუჩაში დავინახე, უკანა თათს მიითრევდა საცოდავად, მაშინვე ხელი დავავლე, წამოვიყვანე, ჩემი გადარჩენილი და გაზრდილია. ცოტა დრო დამჭირდა, ერთმანეთთან დამემეგობრებინა, რამდენი გამოეკიდებოდა ყეფით, ვუწყრებოდი, მერე მიეჩვია, ჭკვიანია ჩემი ბომბორა, იცის, რომ ფისოც ჩვენი ოჯახის წევრია.
- სკოლაში რა ხდება? - დავინტერესდი.
- მიდის საქმე ჩვეულებრივად . . .
- კარგი ნიშნები გქონდა წელს?
- კი, მაგრამ კლასელებზე ვარ გაბრაზებული, - თავი ჩაქინდრა.
- რატომ?
- ხშირად ჩხუბობენ, ჭიდაობა უყვართ, მიზეზს იოლად პოულობენ. მე სუსტი ვარ, ვერ ვერევი, მცემენ . . .
როგორც უფროსი მეგობარი, ხანდახან ჩემს თავზე ომარის ჭკუაზე დარიგებასაც ვიღებდი.
- მერე რა, ხან შენ მოერევი, ხან სხვა მოგერევა - დავამშვიდე.
- მეც ხომ უნდა მოვერიო ხშირად, მაგრამ იცი? თეონა, მე არ გამიხარდება, თუ ვინმეს ვცემ ან წავაქცევ.
გული შემეკუმშა. ვიცი! - ვუპასუხე და ახლაც ვპასუხობ გონებაში, - კარგად გიცნობ, შენ ეგ არ გაგიხარდება. პირიქით, დაცემულს, წაქცეულს ხელს გაუწვდი, მეორე ჯერზე კი შეიძლება თავი აცემინო კიდეც, თუნდაც შენზე სუსტი იყოს.
- მესმის შენი, არც მე გამიხარდებოდა - ვთქვი ხმამაღლა.
- რატომ უნდა გაუხარდეს ადამიანს სხვისი ცემა, დაჩაგვრა. შეჯიბრი სხვაა, მეც მიყვარს შეჯიბრის ყურება, მაგრამ რომ ერევიან, სცემენ და დასცინიან, ეს მეზიზღება. იცი? მე კარატეზე უნდა ვიარო.
გამეცინა. - იარე, მაგრამ ვიცი,მალე დაანებებ თავს.
- არა, მინდა. ხომ უნდა ვიარო რაიმე სპორტზე, თან უფრო ღონიერი ვიქნები. ამას რომ ამბობდა, წარბები შეეკრა, მაგრამ ამ დროს უფრო საყვარელი იყო. მისი ბუნება რაღაც უცხოს, მაგრამ აუცილებელს ეპოტინებოდა.
აღარ შევედავე. მე ორი წლით უფროსი ვარ. (მაშინ ჩემი თავი დიდი მეგონა) ჯერ პატარაა, თან ბიჭი, არ დამიჯერებს.


* * *


ბევრი ზღვისპირა მცხოვრებისათვის ზღვა ყოველდღიური, ჩვეულებრივი სანახაობაა, მაგრამ ომარი მათ რიცხვს არ ეკუთვნოდა. ზღვის დანახვისას ხანდახან მტვრიანი ქალაქიდან ახალი ჩამოსულივით იყო . . ზღვაც მის თვალებში ისე ირეკლებოდა, თითქოს ესალმებოდა. ომარისა და ზღვის ყურებამ ერთ საღამოს ლექსიც დამაწერინა. „ . . .თითქოს რაღაცას მიმხელს ზღვის ღმერთი . . .“- მხოლოდ ეს ბწკარი მახსოვს.

ხანდახან საღამოობით დედ - მამას ნაყინის საჭმელად „კარაველაზე“ ავყავართ ხოლმე. ნაყინი ყველას გვიყვარდა, მაგრამ ამ შემთხვევაში აქ ამოსვლის მიზეზი გახლდათ.
მშვიდი, მოწმენდილი საღამოა, მზე მალე ჩაგორდება მოსარკულ ზღვაში. კმაყოფილი სახეებით ნაყინს მივირთმევთ, თან სერიოზულ საკითხებს განვიხილავთ.
- ნეტა, ახლა ეს გემი დაიძრას, მივიდეს ზღვამდე, შეცუროს სიღრმეში, რა მაგარი იქნება, არა?! - გაბრწყინებული სახით ამბობს ომარი, თან ჰორიზონტს თვალს არ აშორებს.
- ნეტა, - ავყევი, - რა კარგი იქნება! ყველას როგორ გაუკვირდება!
- ჩვენს გარდა. ჩვენ ისეთ სახეს მივიღებთ, თითქოს ამის შესახებ უკვე ვიცით და დროც დადგა.
ორივე დიდხანს ვიცინეთ იმის წარმოდგენაზე, თუ რა დაემართებოდათ იქ მყოფ დამსვენებლებს, „კარაველა“ რომ მართლა მოსწყდომოდა ადგილს და ზღვაში შეეცურა. - ყველაზე მაღალ ადგილას დავჯდებოდი, სადაც ჩვენ მოვინდომებდით, იქით წავიდოდა - განაგრძობს ოცნებას ომარი . . .

* * *


ახალ ათონში ორივენი ვიყავით ნამყოფი, მაგრამ იმდენად ადრე, ბუნდოვნად გვახსოვდა. ჩემმა მშობლებმა ამჯერადაც გადაწყვიტეს ამ ადგილებისა და გამოქვაბულის მონახულება, რასაკვირველია, ომარიც წავიყვანე.
არასოდეს დამავიწყდება ის დღე და იმედი მაქვს, არც ომარს. (დარწმუნებული ვარ, ღვთის წყალობით ჯანმრთელი და ბედნიერია) წარმოიდგინეთ ორი მეოცნებე ბავშვი. ჯერ ახალი ათონის მეტროთი და პატარა მატარებლით ვიხალისეთ. მღვიმეში რომ შევედით, განწყობა შეგვეცვალა. არ ვიცი, ახლა რომ ჩავიდე, რა თვალით შევხედავ, მაგრამ მაშინ მომეჩვენა, რომ უზარმაზარ მიწისქვეშა სამყაროში მოვხვდით. ორივეს საშინლად მოგვინდა, ჯგუფისათვის გაგვესწრო და ჩვენს ჭკუაზე გვერბინა, მაგრამ ეს შეუძლებელი გალდათ, ამიტომ ჩვენც მორჩილად მივყვებოდით ტურისტების ჯგუფს დარბაზიდან დარბაზში.
- წარმოიდგინე, დაიკარგე და უცბად იქ მოხვდი, - ომარი ერთ - ერთი პატარა ღრმულისაკენ იშვერს ხელს, სტალაქტიტებს შორის რომ მიმალულა.
- კარგი რა, - წამოვიკნავლე, წარმოდგენაზეც გამაჟრიალა.
- უცბად რომ ყველა გაქრეს და მარტო დარჩე . . . ვეღარ ვუსმენ, მართლა მეშინია. უეცრად ერთი ეპიზოდი ამოტივტივდა მეხსიერებაში:
- აუ, იცი ომარ? აქ რომ პირველად ვიყავი და ის ტბები დავინახე, თურმე დედას ხმამაღლა ვუთხარი, იქ არა გადამაგდო - მეთქი. ყველას გასცინებია გარშემო.
- შეგეშინდა იქაურობას რომ შეხედე?
- ალბათ წარმოვდგინე, რომ იქ ვარ.
- თან იცი, თურმე რა ღრმა ტბები ყოფილა? - მრავალმნიშვნელოვნად აღნიშნა ომარმა.
ვაგრძელებთ გზას ჯგუფთან ერთად. - ნეტა შემეძლოს აქ საიდანმე შემოპარვა, ნაპრალები არ აქვს? - ინტერესდება ომარი.
- იქნება - ვირწმუნები, მაგრამ ვერ ვამჩნევთ. საკმაოდ დიდი გზა გვქონდა გავლილი, რომ ვხედავთ უზარმაზარ მასას, გაქვავებულ ჩანჩქერს, თითქოს გიგანტური არსების თმაა ჩამოშვებული და სახე მიბრუნებული აქვს. - ახლა რომ შემობრუნდეს და იღრიალოს, ჩემს გამოქვაბულში რა გინდათო, ხომ წარმოგიდგენია, რა მოხდება - მეუბნება ჩუმად ომარი, ორივეს სიცილი წაგვსკდა.
უეცრად სინათლე გამოირთო, გიდს რაღაც შეეშალა სინათლის გადართვა - გადმორთვის დროს, უბრალო ტექნიკური ხარვეზი იყო, მალე მოგვარდა, მაგრამ მაშინ გავიგე, რას ნიშნავს მიწისქვეშა სიბნელე. რამდენიმე წამის განმავლობაში იდგა სრული წყვდიადი, თითქოს შედედებული სიშავე, სრულიად განსხვავებული იმ სიბნელისაგან, რაც მიწისზემოთაა. უცნაურია, რომ დიდად არც შემშინებია. დედამ ხელი მომკიდა, ომარ! - ვიძახი ხმადაბლა. პასუხი არ მოსულა. რომ განათდა, ვერც მაშინ მოვკარი თვალი, მგონი თვალებიც ამიჭრელდა ხალხის თვალიერებით. მეტროსაკენ გამავალ გვირაბში ვიპოვეთ ერთმანეთი.

ერთ საღამოს ჩვეულებისამებრ ზღვასთან ახლოს ვისხედით და ათას რამეს ვფანტაზიორობდით. ორივენი სათავგადასავლო წიგნების მოყვარული გახლდით, წაკითხულს ერთმანეთს მოვუთხრობდით, ამასთან ბავშვური გამონაგონებითაც ვამდიდრებდით.
- როცა გავიზრდები, მეზღვაური უნდა გავხდე, - ამბობს ომარი, - რა კარგია, იცი? გემით მთელ მსოფლიოს უვლიან გარშემო, ზოგიერთს ყველა კუნძული აქვს ნანახი, ზვიგენებს და ვეშაპებსაც შეხვედრიან . . .
ვუსმენ და მშურს. ნეტა გოგონებს არ აქვთ ამისი შანსი?
- მე რომ მეზღვაური ვიქნები, შენც წაგიყვან ჩემი გემით - მამხნევებს ომარი, - უცხო ენებს ვისწავლით, ვიმოგზაურებთ, კუნძულებს ვნახავთ; იქნება კაპიტანი გავხდე, ჩემი ოცნებაა.
- რა თქმა უნდა, - ავუბი მხარი, - დიდი რომ ვიქნები, მაშინ ხომ მარტოც ჩამოვალ ხოლმე გაგრაში. დრო როცა მექნება, დავჯდები მატარებელზე და ჩამოვალ . . . გული ნეტარებით მეკუმშება ჩემივე ნათქვამის წარმოდგენაზე; ომარს თავდაჯერებული იერი აქვს, უკვე გემზეა.


* * *


რადგან არაერთი სეზონი ერთსა და იმავე სახლში ვისვენებდით, მეზობლებს კარგად ვიცნობდით. უფროსები საღამოობით ეზოში, პატარა ბაღში სხდებოდნენ ხოლმე, ათას რამეს ყვებოდნენ, ხან ყავას მიირთმევდნენ, ხან ალკოჰოლს. ერთხელაც მეზობელმა ენაჭარტალა ქალმა დედასთან მკითხავი მოიყვანა.
ყავა მეც უკვე გასინჯული მქონდა, ძალიანაც მიყვარდა. ხანდახან მრთავდნენ ნებას, რომ დამელია, მითუმეტეს, რომ სახლის პატრონს ყავის ქვიშაზე მოსადუღებელი აპარატი ჰქონდა. ყველამ გემრიელად მივირთვით სურნელოვანი ყავა. ომარმაც დალია, მშობლები ჯერ უკრძალავდნენ, ჩემთან თუ მოიხელთებდა ხოლმე მომენტს დასალევად.
მკითხავმა მიბნედილი თვალებითა და სერიოზული იერით ჩახედა ყავის ნალექს დედას ჭიქაში. მაშინ ჩემთვის გაუგებარი ფრაზებითა და მიეთ - მოეთით აღუწერა დედას ახლო მომავალი, მერე მე გადმომწვდა.
- რთული ცხოვრება ექნება, მაგრამ გამოსავალს თავის სასარგებლოდ ყოველთვის იპოვის . . . პირადში თავიდან არ გაუმართლებს. უინტერესო ადამიანებით იქნება გარშემორტყმული . . . 22 წლისა ერთ ახალგაზრდას შეუყვარდება, მაგრამ ის თავისივე უაზრობითა და უნიათობით გააფუჭებს ურთიერთობას . . . მერე გავა რამდენიმე წელიწადი და ჩნდება . . . მოკლედ ამ უნიათო მუზმუზელას მერე რამდენიმე წელიწადში გამათხოვა.
ბევრი ვიხალისეთ, ამასობაში დაღამდა, მეზობლებმა დაშლა დაიწყეს. მე და ომარს რასაკვირველია შინ შესვლა არ გვეჩქარებოდა, ეზოს წინ გრძელ სკამზე დავსხედით. აქედან ზღვაც კარგად ჩანდა.
- რა თქვა იმ ქალმა? ვიღაც მუზმუზელაო, მერე გათხოვდებიო . . . - შუბლშეკრული ლაპარაკობდა.
- ჰო, ომარ. ყველა თხოვდება, შენც ხომ უნდა მოიყვანო ცოლი.
- კი, - დამეთანხმა, - მაგრამ ჩვენ ხომ გემით სამოგზაუროდ უნდა წავიდეთ. კაპიტანი უნდა გავხდე, ჩემი გემით ივლი.
გამეცინა. უფროსი მეგობრის პოზიციიდან ჭკვიანური ტონით დავამშვიდე: ჯერ ხომ არ ვიცით, რა ხდება. ყველაფერი წინაა, მთავარია, - მისკენ მივიწიე და ხმას დავუწიე, - შენ უნდა კაპიტანი გახდე.
ამან ცოტათი დაამშვიდა.
- თუ ვინმემ გაწყენინა, გამაგებინე, ჩამოვალ, დაგეხმარები. ხომ გითხარი, კარატეზე უნდა ვიარო.
- აუცილებლად გაგაგებინებ. იმედია, ჩხუბი არასოდეს დაგჭირდება.
- მე არ მინდა ჩხუბი, მაგრამ ხანდახან საჭიროა. ცემა - ტყეპას რომ ატეხავენ ხოლმე, ნერვები მეშლება. აი, მაგალითად, ჩემი მეზობლები იქითა მხარეს რომ ცხოვრობენ, მთელი დღე შეუძლიათ იჩხუბონ, ბოლოს ავიწყდებათ, რაზე დაიწყეს. ჩხუბობენ და ყვირიან.
- ერთმანეთი არ უყვართ ოჯახის წევრებს - დავასკვენი.
- ჩხუბი და ღრიალი უყვართ - დამეთანხმა ომარი.
ისევ დადუმდა შუბლშეკრული. ვგონებ, თავიდან არ გამოსდიოდა ის აზრი, რომ მე მისი საყვარელი უფროსი მეგობარი ოდესმე უნდა გავთხოვილიყავი და როცა კაპიტანი გახდებოდა, კუნძულების სანახავად ვერ წავყვებოდი. მეგობარზე წინასწარ ეჭვიანობდა. ბავშვური გონებითა და ადამიანური ინსტიქტით ხვდებოდა, რომ იმ გრძნობას, რასაც ქალსა და კაცს შორის სიყვარული ეწოდება, შეუძლია, ერთგული მეგობრები დააშოროს, ისეთი მეგობრები, რომელთაც ეგონათ, უერთმანეთოდ ვერ გაძლებდნენ. მისი არსება ამ აზრს ვერ ეგუებოდა.
დუმილში, ზღვის ტალღების შრიალის სმენაში გავატარეთ კარგა ხანი. თითქოს ეს შრიალი ჩვენს მაგივრად საუბრობდა. ახლა ხომ ვერც ერთი ვერ გავიხსენებთ, რას ვფიქრობდით მაშინ, მაგრამ ზღვას ახსოვს, იცის. მჯერა, რომ ასეა.


* * *

ისევ ოთახი, შავი კატა, რომლის თვალებში სინათლე ირეკლება და ჩემი მოგონებები

* * *

ჩემს მიერ მოთხრობილი ამბების მერე რამდენიმე წელი გავიდა; ყველაფერი აირია ქვეყანაშიც და ადამიანებს შორისაც. გაგრაში აღარ ჩავდიოდით. მშობლებს ეშინოდათ, იძაბებაო სიტუაცია იმ მხარეში, რა იცი, უცბად რა მოხდესო. ძალიან განვიცდიდი, მენატრებოდა იქაურობა, რა თქმა უნდა, ბავშვობის მეგობარიც. ალბათ დადის კარატეზე, იქნებ ღონიერიცაა. ველი, რომ მალე, იოლად გაირკვევა ყველაფერი, სიტუაცია დასტაბილურდება, ჩავალ გაგრაში, მივალ ომარის ჭიშკართან, ისიც გამომეგებება, უკვე შეცვლილი, გაზრდილი, მაგრამ ძველებურად გაბრწყინებული სახით. „ბზეირა ბიმაზ!“ - შემომძახებს ჩვეულებისამებრ, „გამარჯობა ომარ, „ბზიარა უმაზ!“- დავიძახებ მეც, გადავეხვევით ერთმანეთს და გაგრძელდება ბედნიერი დღეები . . . ეჭვიც არ მეპარება, რომ ომარიც ამასვე ოცნებობს.
ბოლოს გადავწყვიტე, რომ მდგომარეობის გამოსწორების ლოდინს ჯობდა, წერილი მიმეწერა, მომეკითხა, მაგრამ დამასწრო. ერთ მშვენიერ დღეს ომარის წერილი მოვიდა. ის წერილი შენახული მაქვს და სანამ სული მიდგას, ჩემთან იქნება. ხანდახან ვიღებ კონვერტიდან, გადავხედავ ხოლმე. გახსნისას ფურცლიდან თითქოს ზღვის ბრიზი მოჰქრის, გარშემო ყველაფერი ცოცხლდება, ომარის თაფლისფერი თვალები მიცინის. წერილი ვრცელია, ზოგი რამ ტვინში ჩაბეჭდილი მაქვს, ზეპირად ვიცი . . .
„ . . . თეონა, მე შენ კარგად გიცნობ, ვიცი, ძალიან არ მოგწონს ის, რაც ხდება, დარწმუნებული ვარ, ასეა ყველა ნორმალური ადამიანი. მე ხომ დედა აფხაზი მყავს, მამა - ქართველი. კამათი რომ მოუვიდეთ, უნდა დაემდურონ სამუდამოდ ერთმანეთს? უნდა გაიქცნენ ერთმანეთისაგან თუ უნდა დახოცონ? ეს ხომ დიდი სისულელეა . . .
. . . ალბა გახსოვს, რა გეგმები მქონდა; მეზღვაურობაზე კვლავ ვოცნებობ, უკვე რეალურად, თუ გარემოებამ არ შემიშალა ხელი . . . შემდგომში, როგორც ზრდასრულ ადამიანებს შეეფერებათ, ისე დავაწყობთ გეგმებს. ჩამოხვალ გაგრაში; შენი არყოფნის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა, ახალი მეგობრებიც მყავს, გაგაცნობ . . .
ძალიან მენატრები, ვოცნებობ, ისევ დავსხდეთ ხოლმე ზღვის ნაპირას და ზღვა გვესაუბროს. მომავლის იმედით გემშვიდობები მომავალი კაპიტანი. ნახვამდის! „
ეს იყო ბოლო ხმა, ბოლო სიტყვა, რაც ომარმა მომაწვდინა. ჩვენი ოცნებები ოცნებად დარჩა. დაძაბულობა ომში გადაიზარდა . . . აღარ მინდა იმ საშინელების გახსენება.
ჩემი ბავშვობის მეგობარი აფხაზეთთან ერთად დაიკარგა. ყრუ ბარიერი აღიმართა ჩვენს შორის; მასზე აღარაფერი მსმენია. მიუხედავად იმისა, რომ არაერთ გაგრიდან დევნილს შევხვედრივარ, ომარ ნინუას შესახებ ვერაფერი შევიტყვე. იგი ჩემს მოგონებებში დარჩა მატარებლის ბორბლების ხმასთან, ფანჯრიდან შემოჭრილ თეთრ სინათლესთან, ზღვასთან, გაგრასთან ერთად. მაგრამ მოგონება იმიტომაა მოგონება, რომ არ გამქრალა, არ დაკარგულა, უბრალოდ წარსულში გადაინაცვლა და როდის უწერია კვლავ გაცოცხლება, მხოლოდ ღმერთმა უწყის.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent