ცხოვრება კაიფით 1
თავი 1 “ -დედიკო, ქუდი გაისწორე და მამიკოს შეხედე კამერაში - თეკლა ცისფერ ქუდს ისწორებს და ქერა კულულებს ქუდში მალავს. -მამი, აბა მითხარი რამდენი წლის გახდი? - ამერიკიდან ჩამოტანილი ვერცხლისფერი კამერით უღებდა თაზო თავის გოგოს. -ოთხის, მა - მორცხვად ამბობს თეკლა და ბავშვებთან სათამაშოდ მირბის. -აბა, ჩემს ლამაზ ცოლს შევხედოთ - კამერა ჩემკენ ტრიალდება და თაზო ჩუმად იცინის -ჩემი ღიპუცა ცოლი. ყველაზე ლამაზი და მშვენიერი. დაიღალე? -არა, თაზო - თავს ვაქნევ და ხუთი თვის ორსულ მუცელზე ხელს ვისვამ - გამორთე ახლა ეგ კამერა და სტუმრებს მიხედე.“ სულ ესაა ჩვენი პატარა ვიდეომოგონება. 1997 წლის გვიანი შემოდგომა. თეკლას, ჩემი შვილის დაბადების დღე. ყველაზე ლამაზი პერიოდი ჩვენი ცხოვრებიდან, რომელიც წლების შემდეგ შეცვალა დრამატული პერიოდის დიდმა ტალღამ. მაგიდა პირდაპირ ეზოში იდგა. ირგვლივ ბევრი ბუშტი და სათამაშო იყო. ბავშვების ჟრიამული მთელ სამეზობლოს აცოცხლებდა და ხალისს მატებდა. 90-იანი წლებისთვის ეს ყველაფერი დიდ ფუფუნებას წარმოადგენდა და ძალიან ცოტას თუ ჰქონდა ამის შესაძლებლობა. იმ წელს ოთხი წლის გახდა ჩემი ნანატრი შვილი. ყველაზე ცელქი და მოუსვენარი ბავშვი ანგელოზის ნაბიჯებით შემობაჯბაჯდა ჩვენს ცხოვრებაში, თუმცა გარკვეული პერიოდი პრობლემების ნუსხად იქცა. ამ პრობლემას კი ნარკოტიკი ეწოდებოდა. ოცი წლის გავთხოვდი. გარიგებით გაცნობილი ბიჭი ჩემი ცხოვრების მეგზური გახდა. არანაირი ქორწილი, თაფლობის თვე და ცალკე ცხოვრება, რასაც ახლა ითხოვენ ახალგაზრდები. ვცხოვრობდით ორსართულიან სახლში თაზოს დედასთან, მამასთან და ბებიასთან ერთად. ორი დედამთილი ერთად დამხვდა სახლში და გამოუცდელი გოგოსთვის გამოცდები დაიწყო. -სექსი გქონდათ? – 90-იან წლებში ყველა გაურბოდა ამ სიტყვას. ზოგადად სექსსაც მხოლოდ გამრავლების საშუალებად აღიქვამდნენ და არა სიამოვნების, ამიტომ თაზოს ბებიის კითხვამ ძალიან გამაკვირვა - მალე უნდა ჩავიხუტო პაწაწინა იცოდე და იჩქარეთ ცოტა. დაჩქარების რა მოგახსენოთ. ქორწილიდან პირველ წელს ვერ დავფეხმძიმდი. განაჩენი ოჯახის ბებიამ გამოიტანა და უშვილობა ჩამიწერა დასკვნაში. მესამე თვიდან კი დაიწყო ჩემი შევიწროება. -საიდან მოიყვანე ეს უშვილო ქალი - ხშირად ეუბნებოდა დედამისი თაზოს და ჩემ წინააღმდეგ ამხედრებდა - მე შვილიშვილი მინდა. რა ვუთხრა ნათესავებს და მეზობლებს, რძალი არ გამოგვადგათქო? -კარგი რა დედა, ჯერ სამი თვე გავიდა. თუ არაფერი გამოვა სხვას გავაჩენინებ და ნელის გავაზრდევინებ. ვერავინ იფიქრებს, რომ მისი შვილი არაა. -კატასტროფაა, თამაზ, კატასტროფა. წესიერი ქალი ვერ ნახე. არადა ლამარას უნდოდი სიძედ, არ დათანხმდი და კი ყავს ახლა მაიკოს სამი ბრიალა შვილი. იმ საქმიდან არაფერი გამოდის, სადაც მე არ ვერევი. მე არავინ არაფერს მეკითხებოდა. არავის ადარდებდა რას ვფიქრობდი. მგონი ადამიანად არ აღმიქვამდნენ და საიკუნბატორო ორგანიზმად მიმიჩნევდნენ მხოლოდ. საბედნიეროდ, თაზო ძალიან მიყვარდა და სწორედ მის გამო ვიკავებდი თავს, რომ ოჯახი არ დამენგრია. დედაჩემიც არ მეხმარებოდა. -დედა, უნდა მოითმინო. ასეთია ქალის ბედი, დედამთილის სიტყვას ყური უგდე და რომც არ მოგწონდეს მაინც გააკეთე. ჩემი მთელი ცხოვრება ეგრე ვიყავი. მისი სიტყვა კანონად არა, თუმცა პატივსაცემად ნამდვილად მქონდა. -ბედნიერი იყავი, დედა? - აღელვებულმა შევყვირე. -ჩემი ბედნიერება შენ იყავი და შენთვის ვაკეთებდი ყველაფერს - თავის გამართლება სცადა დედაჩემმა. -და მე ვის გამო გავაკეთო ყველაფერი, ამიხსენი. აღარ მინდა იმ სახლში დაბრუნება. მე აქ მინდა ცხოვრება. აქ ყველაფერი კარგად და ლამაზად იყო. მე შენთან მინდა ცხოვრება და გთხოვ, მომეცი ამის საშუალება. დედაჩემი უარზე იყო, ამიტომ კვლავ სახლში დაბრუნება და ლანძღვის მოსმენა მომიწია. -სად ხარ ამდენი ხანი? - თავშეხვეული დამხვდა დედამთილი - შენს ქმარს ჭამა არ უნდოდა? ტანსაცმლის დაუთოება არ სჭირდება? ოჯახი შენ გასართობი გგონია? -გეყოთ - მეტის მოთმენა აღარ შემეძლო - მე ვიცი ჩემი თავის და ოჯახის ფასი, მაგრამ თქვენ ყველაფერს აკრიტიკებთ. ჩემი გაკეთებული არაფერი მოგწონთ. ნუთუ ეს ნორმალურია? მინდა ჩემს ქმართან ერთად მშვიდად ვიცხოვრო და არა დაძაბულმა. ჩემი მონოლოგი ბევრს გულს აუჩუყებდა და ზოგსაც შეარცხვენდა, თუმცა ჩემს დედამთილს ნერვიც არ ატოკებია. საინტერესოა რას აკეთებდა ჩემი ქმარი ამ დროს. -ცოტა ხანი მოითმინე ნელიკო და ყველაფერი კარგად კი არა, გადასარევად იქნება - ამ სიტყვებს მხოლოდ ჩემთან ამბობდა, რადგან დედამისის წინ ნამდვილი დამჯერე ცუგა ხდებოდა და პირიდან სულ თაფლი გადმოსდიოდა. ასე გავიდა ხუთი თვე. ძალით თუ ნებით კვლავ დედამთილის სახლში ვცხოვრობდი. ერთ დილასაც დიდი ჩოჩქოლი ატყდა პირველ სართულზე. რადგან ხალათით ჩასვლა უზრდელობაში ჩამეთვლებოდა, ჩავიცვი ტანსაცმელი და ხელ-პირ დაუბანელი ჩავქანდი ქვემოთ. -ექიმთან უნდა მივიყვანოთ. უკვე ხუთი თვე გავიდა და ვერ დაფეხმძიმდა. ნამდვილად რაღაც სჭირს - ოთახში ბოლთას ცემდა ჩემი დედამთილი და დედამისს ეჩხუბებოდა. -რა ექიმი, შვილო. კარგი ექიმბაში ყოფილა ავჭალაში და იმასთან ჩავეწეროთ - ქოთქოთებდა გულიკო - მანანას გოგო მისულა და ორ თვეში დაფეხმძიმებულა. -იქნებ ნელიმ თვითონ გადაწყვიტოს - ჩემი დაცვა თაზომ სცადა, თუმცა ამაოდ. -ნელის რომ ველოდოთ, დედა, შვილს ათი წლის მერე გაგიჩენს და გინდა მთელი ქვეყნის სალაპარაკო გახდე? მოკლედ, დაიგეგმა. ორ დღეში ექიმთან ვიზიტზე უნდა წავსულიყავი და მე აზრს არავინ მეკითხებოდა. ოჯახმა ასე გადაწყვიტა და უნდა მიმეღო. ნეტავ იცოდეთ რა ამბები იყო იმ დილით ჩემს სახლში. რა ლანძღვა და კაპლების ტრიალი. წნევას ვინ ვის უსინჯავდა თავადაც ვერ გაეგოთ. გეგონებოდათ ვიღაც მოკვდაო. თანაც ეს ამბავი იმ სიტუაციას მოყვა ორი დღის წინ, რომ დაგეგმეს თვითონვე. სასაცილოა სატირალი, რომ არ იყოს, თუმცა ისეთი დაძაბული და გარიყული ვიყავი, რომ თაზოც ვერ მშველოდა. -ეს რა უბედურება დაატყდა ჩემს ოჯახს, დედა - მოთქვამდა ჩემი დედამთილი და ცრემლები ღვარად ჩამოსდიოდა - ახლად მოყვანილი რძალი მყავს და უკვე ექიმებში მიწევს სირბილი მისი უშვილობის გამო. თვითონ კი დგას კუთხეში შეშინებული ბავშვივით და ალბათ არც ადარდებს ეს ამბავი. რატო, შვილო, რატო მოიყვანე ეს ქალი აქ? -დედა, გეყოს. ისედაც ნერვიულობს ნელი და კიდე უმატებ? ქვეყანა ხო არ დაქცეულა, ექიმთან მიდის. -დაქცევაზე მეტი არაა, თამაზ? რა მიზეზით მიდის ექიმთან მაგას სულ არ აქცევ ყურადღებას? ჩემი მამამთილი არასოდეს ერეოდა ქალების კონფლიქტში. ცოლი და სიდედრი იყვნენ ბოლო-ბოლო და ვერ ბედავდა შედავებას, თუმცა მაშინ ჩემი მხარე დაიჭირა. -ისე ნუ იქცევით, თითქოს ქვეყანა დაინგრა. იმკურნალებს და ხუთ შვილსაც გააჩენს. აქ არის ის გოგო და ესმის თქვენი ლანძღვა. რა უბედურებაა, როგორ იქცევით. -დაე გაიგონოს. განა მის ზურგს უკან ვაპირებთ რამეზე ლარაკს. მოისმინოს და გაიგოს. ექიმთან აკანკალებული შევედი. მთელი ჯარი მედგა უკან და ოდნავი ცუდი პასუხიც მათ გააფთრებას გამოიწვევდა. წარმოდგენაც არ მინდოდა რა მელოდა სახლში მისულს. ექიმს ყველაფერი მოვუყევი. რამდენი ხნის გათხოვილი ვიყავი, კვირაში რამდენჯერ გვქონდა სექსუალური კავშირი და უფრო ღრმა დეტალებიც. ხუთი სახის ტესტი გამიკეთეს. პასუხს კი მეორე დღისთვის ველოდებოდი. არც კი მახსოვს როგორ მივედი სახლში, არც ის მახსოვს რას ლაპარაკობდნენ ჩემი დედამთილები. სახლში მისვლისთანავე ჩემს ოთახში ავედი და ჩამეძინა. *** ჩემი დედამთილის ტირილი მთელ სახლში ზარივით გაისმოდა. -შენ უნდა დამღუპო შვილო და ჩამდო მიწაში? - მისი არცერთი სიტყვა არ მიდიოდა გულთან. ის კი ჩასვენებული იჯდა სავარძელში და ხელში წამლების ყუთი ეჭირა - რატო ღმერთო, რატო? იმ ოჯახში ღმერთი მარტო განსაცდელის დროს ახსენდებოდათ. დასახმარებლად უწვდიდნენ ხელებს, გამოსავლის პოვნის შემდეგ კი ისე იქცეოდნენ, თითქოს ღმერთი საერთოდ არ არსებობდა. ღმერთმა იმ დროს მე დამიცვა გააფთრებული დედამთილებისგან და უშვილობისგან. ჩემი ორგანიზმი ბოლომდე მზად იყო ახალი სხეული მიეღო და ცხრა თვე ღირსეულად ჩამოეყალიბებინა ის. რეალობამ უფრო გააგიჟა ჩემი დედამთილი. თვალს ვეღარ მისწორებდა და ვერც რაიმე მიზეზს პოულობდა ჩემთან საკამათოდ. თაზო დაღონებული დადიოდა და ამჯერად მას მოუწევდა გააფთრებულ ჯართან ერთად ექიმთან ვიზიტი და სავარაუდო პასუხი ყველამ უკვე წინასწარ ვიცოდით. -თაზო, ვიქირაოთ პატარა ბინა და გადავიგეთ, გთხოვ - ყოველ საღამოს შელოცვასავით ვუკითხავდი მონოლოგს - აღარ შემიძლია. გეფიცები, წავალ და ვეღარც შენი სიყვარული დამაკავებს და ვეღარც პატივისცემა. ჩვენ ოჯახი ვართ. მხოლოდ მე და შენ და არა სხვა გარეშე პირები. -ჩემი მშობლები გარეშე პირები არ არიან - სწყინდა მას და ყველაფერს რძალ-დედამთილობას აბრალებდა, თუმცა ეს რა შუაში იყო. რამდენი ოჯახი ვიცოდი, სადაც რძალიც და დედამთილიც ბედნიერად ცხოვრობდნენ. ჩემი ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა და სიმართლე, რომ გითხრათ ძალიან დამღალა კიდეც ერთსა და იმავე თემაზე საუბარი, ამიტომ ჩემოდანში მთელი ჩემი ნივთები ჩავალაგე და თაზოს გამოვეცხადე. -შენ ვერსად ვერ წახვალ, ნელი - მითხრა მან მშვიდად და საწოლზე ჩამოჯდა - ვინ მიიღებს სახლიდან წასულს ქალს? დედაშენიც კი არ მოგცემს ოთახს დასარჩენად და ისევ აქ გამოგიშვებს. რითი აპირებ ცხოვრებას? სამსახურიც კი არ გაქვს. მითუმეტეს იცი, რომ ექიმებთან დავდივარ და ათას პრობლემას ვუმკლავდები. დავრჩი. ქალურმა სისუსტემ მძლია და ჩალაგებული ბარგი უკან, თაროებზე ამოვალაგე. თავი 2 -ლუკა, ეს რა არის? - გასარეცხ ქურთუკში სიგარეტს შემთხვევით წავაწყდი. ჩემი ცამეტი წლის შვილის ქურთუკში - დედა, მითხარი, შენ ეწევი სიგარეტს? -არა - დამაჯერებელი ტყუილის თქმაც ვერ შეძლო. თვალები ჩახარა და სახეზე აწითლდა - მეგობარმა მთხოვა შემინახეო და ჯიბეში ჩავიდე. ლუკა ცალკე ოთახში გავიყვანე და საწოლზე დავსვი. -შვილო - ძალიან გაწონასწორებულად და თბილად მივმართე მას, თუმცა მთელი მუცელი, გული და ტვინი შინაგანი სიცხისაგან მიდუღდა - მე მჯერა შენი, რომ ეს სიგარეტი შენი არ არის, თუმცა ცოტა საყვედურს მაინც ვერ აცდები. სიგარეტი არის შხამი. ის მთელ ორგანიზმს შავ კუპრში ახვევს და სუნთვას გიძნელებს. არასოდეს გადადგა ეგ ნაბიჯი და არც არასოდეს მომატყუო. დედის გული და თვალი ყველაფერს ხვდება, იცოდე. -ვიცი, დედა - სწრაფად მითხრა და ოთახიდან ჩქარი ნაბიჯით გავარდა. ჩემი ცამეტი წლის შვილი სიგარეტს ეწეოდა. მეტი ბიჭობისთვის და კაცობისთვის. მან რა იცოდა რა იყო ნამდვილი კაცობა. მას ცხოვრების რა ესმოდა, რომ კაცად მოეყვანა თავი. დავჯექი და ავტირდი. ჩემი ნანატრი შვილი არასწორ გზაზე იდგა. ყოველთვის კარგი დედა-შვილობა გვქონდა მე და ჩემს ორ შვილს. ხშირად გვქონდა ოჯახური საუბრები და ხშირად ისეთ თემებზე ვლაპარაკობდით, რასაც ერიდებოდა საზოგადოება. ლუკას უმეტესად თაზო დაიჯენდა ხოლმე წინ და ერთად არჩევდნენ „კაცურ“ საკითხებს. მე და თეკლაც ხშირად ვჯდებოდით და ნამცხვართან ერთად ბევრ თემას განვიხილავდით. თეკლა იმ დროს ჩვიდმეტი წლის იყო და პირველი სიყვარულის შესახებაც დედას უთხრა პირველი. ჩემი შვილები ყოველთვის მონაწილეობას იღებდნენ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებაში. იქნებოდა ეს სახლის საქმეები თუ პირადი გადაწყვეტილებები. სწორედ მათი მხარდაჭერით გავხსენი ჩემი პირველი ყვავილების მაღაზია. მართალია თაზო მატერიალურად ძალიან დამეხმარა და ფართიც მაქირავებინა, თუმცა რომ არა ჩემი შვილები და მათი მონდომება, შესაძლოა ეს ნაბიჯი არ გადამედგა. თუმცა კარგ დედასაც შეიძლება უსიამოვნება შეემთხვას და ის შვილი, რომელიც ტყუილს არასოდეს იტყოდა მეგონა, თვალსა და ხელ შუა მატყუებდა, ამიტომ ეს ამბავი მამამისისთვის უნდა მეთქვა. -თაზო, ლუკას სიგარეტი ვუპოვე ქურთუკში - მაშინვე ვუთხარი, როდესაც მარტოები დავრჩით - მითხრა მეგობარმა მთხოვა და შევუნახეო, თუმცა მისი თვალები სხვა რამეს ამბობდნენ. ხომ იცი როგორ ვერ ვიტან კონტროლსა და მათ ნივთებში ქექვას, თუმცა გაკონტროლება მოგვიწევს. შეგნებულად, რომ ეწეოდეს როგორმე მოვუძებნიდი გამართლებას, მაგრამ ცამეტი წლის ბავშვი რატომ უნდა ეწეოდეს თუ არა „მაგარი ბიჭობისთვის“. ახლა მთელი ყურადღება სწავლაზე უნდა ჰქონდეს და არა სიგარეტზე და მსგავს თემებზე. გთხოვ, დაელაპარაკე და როგორმე გადაარწმუნე. სწორედ სიგარეტით დაიწყო ყველა უბედურება ჩვენს სახლში. ყველაფერს ნელ-ნელა გაგაცნობთ და ყველა თემაზე ღიად და დაუფარავად ვისაუბრებ. მე გამწარებული დედა ვარ, რომელმაც შვილის დაცვა ვერ შეძლო. *** ლუკას გაკონტროლება აქტიურად დავიწყე. ვნახულობდი მის ჩანთასა და ტანსაცმელს. ყველაფერს ჩუმად და საიდუმლოდ ვაკეთებდი და ვერც ლუკა ამჩნევდა რამეს. -ბიჭებთან ერთად სტადიონზე მივდივარ - გამომძახა სამზარეულოში. -ჭკუით იყავი და მალე მოდი - ოხ, ეს მშობლური ფრაზები, მაგრამ რა მექნა. მეც მშობელი ვიყავი და მათ აზრს ვიზიარებდი. ლუკა სახლში არ იყო, ესეიგი შემეძლო მისი ოთახი დამეთვალიერებინა და სიგარეტი მომეძებნა. ჩემი შვილის ოთახში ყველაფერი არეული იყო, თითქოს რაღაცას ეძებდა. ყველა თარო შევალაგე და მივხვდი, მისი ყულაბა აკლდა. ფულს ფოტოაპარატისთვის აგროვებდა და უკვე სოლიდური თანხაც ჰქონდა, რომელიც სადღაც წაეღო. შევცბი და საწოლზე ჩამოვჯექი. იმის გააზრებაც არ მინდოდა, რასაც გონება და გული მკარნახობდა, ამიტომ საღამოს და ლუკას მოსვლას დაველოდე. -როგორი დრო გაატარე? - ფეხსაცმლის გახდაც კი არ ვაცადე. ჩემი ფიქრები უნდა გამექარწ....ბინა. -ძალიან კარგი. ჩემმა გუნდმა მოიგო და გაანადგურა ის ფეხმოცარულები - ამაყად თქვა და ხელი ჰაერში აიქნია - რა გემრიელი სუნია, რა გააკეთე? -ვაშლის ნამცხვარი - ცოტათი გულზე მომეშვა - ფული არ გინდოდა ბილეთისთვის? -აუუ, ხოო - ფერი დაკარგა, ალბათ მიხვდა, რომ ყულაბის გაქრობა შევამჩნიე - ფული ყულაბიდან ავიღე - ჩანთას ხელი მაგრად მოუჭირა და ჩემგან თავის დაღწევა სცადა - ჩემს ოთახში წავალ. მათემატიკის დავალება დამრჩა გასაკეთებელი. -არსადაც არ წახვალ - მკაცრად ვუთხარი და მისაღებისკენ წავედი - როცა ფული დაგჭირდება მე ან მამაშენს უნდა გვითხრა. სად წაიღე ყულაბა? ან რა ღირდა ბილეთი? -ჩანთაში მაქვს. ბოლომდე არ დამიხარჯავს და ისევ თავის ადგილას დავაბრუნებ - ეს სიტყვები კი დროის გასვლის შემდეგ მწარე ტყუილი აღმოჩნდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.