შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სისხლის ორდენი ( თავი.2 HOWARD )


24-03-2019, 03:46
ავტორი melanqoliki
ნანახია 1 059

მეორე დღე წინაზე უარესი აღმოჩნდა. სწრაფად გავახილე თვალები და საწოლზე ოფლიანი წამოვჯექი. კიდევ ერთხელ, თავიდან მომიწია იმის გაცნობიერება, რომ ბებია აღარ იყო. მაგრამ, რამდენიმე წუთის წინ, ხომ ერთად ვიყავით და ყოველივე ისეთი რეალური მეჩვენებოდა.
_ ეს მხოლოდ და მხოლოდ სიზმარია ელის, წყეული სიზმარი, ილუზია _ ხმამაღლა მივმართე საკუთარ თავს და ნანახის გახსენება ვცადე.
თითქოს, ერთი ჩვეულებრივი საღამო იყო. მე და პოლი სკოლიდან ახალი დაბრუნებულები ვიყავით და მისაღებ ოთახში ბებიას უცნაურ საქმიანობას ვადევნებდით თვალს. მრგვალ მაგიდაზე , მუქი ფერის ანთებული სანთლები გაენაწილებინა და ხელის ოსტატური მოძრაობით შლიდა ტაროს კარტს . თავისი საყვარელი ღია ყავისფერი სვიტრი ეცვა და ზემოდან ჭრელი, ზოლიანი პლედი მოეხვია, ალბათ სციოდა.
_ ბებია _ თბილად მივმართე და მის გვერდით ჩამოვჯექი. ველოდებოდი, როდის მომაქცევდა ყურადღებას და გამომკითხავდა ჩავლილი დღის ამბებს, მაგრამ ჩემი ხმა საერთოდ არ ესმოდა.
_ ბებია _ კიდევ ერთხელ მოვუხმე და შიშმა ამიტანა, მგონი საერთოდ ვერ მხედავდა, შეუჩერებლად შლიდა დასტას და თავისთვის რაღაცას ბუტბუტებდა.
_ ეს რა არის? _ საუბარს განვაგრძობდი, მაგრამ ჩემი არ ესმოდა. ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში, ამოტრიალებული ტაროს კარტიც კი სიკვდილზე მიუთითებდა. ბებიასგან ვიცოდი, რომ თითოეულ კარტს აქვს ახსნის განსაზღვრული რაოდენობა, სიმბოლოები კი თავის ამბავს ყვებიან, ყველა მათგანი იშიფრება.
_ იქნებ სიკვდილი სულაც არაა, შეიძლება სიახლეების და წინსვლის მანიშნებელიც იყოსო, განა ასე არ მითხარი მაშინ? _ თავის სანუგეშებლად მისი ნათქვამი სიტყვები გავიხსენე და მზერა მაგიდიდან, მისი სკამისკენ გავაპარე, მაგრამ იქ აღარავინ დამხვდა.
_ პოლ, სად წახვედით? _ სასოწარკვეთილი ავყვირდი და ცარიელ ოთახს უაზროდ გავხედე, სანთლებიც აღარ ენთო და საშინელი, ავის მომასწავებელი სიჩუმე ჩამოვარდნილიყო, რომელსაც ჭკუიდან გადავყავდი.
_ უფლება არ გაქვთ, უფლებას არ მოგცემთ _ ჩემივე ყვირილზე გამომღვიძებოდა და ოფლში ვცურავდი.
სიზმრის დეტალურ გახსენებას კარგი არაფერი მოუტანია, ნერვიულობისგან კანკალმა ამიტანა და ემოციებისგან დაცლა ვისურვე, მაგრამ ტირილი ვერ შევძელი. სწრაფად წამოვდექი და თავის მოსაწესრიგებლად სააბაზანოს მივაშურე. რა იქნებოდა რეალობა სიზმარი რომ აღმოჩენილიყო და არა პირიქით? არა, აღარ მინდოდა შესაძლო ვარიანტებზე მეფიქრა, მაგრამ ყურადღება ვერაფერზე გადამქონდა. ნუთუ მართლაც შემეძლო ყველასა და ყველაფერს გავქცეოდი, ახალი ცხოვრების დასაწყებად? ცხელმა აბაზანამ გამომაფხიზლა და უამრავ რამეზე დამაფიქრა. სად იყვნენ ჩემი ძვირფასი მეგობრები, როცა მათი თანადგომა ყველაზე მეტად მჭირდებოდა? რატომ იკარგებოდნენ, ყოველთვის მაშინ როცა რაიმე პატარა დაბრკოლება მაინც გამოჩნდებოდა? არ მინდოდა, ვინმეს თვალში საწყალი, დაობლებული ელისი ვყოფილიყავი, რომელიც მხოლოდ თავის ტკივილზე ლაპარაკობდა და სხვა არაფერი შეეძლო. სამწუხაროდ, მათი ვიზიტები, მოვალეობის მოხდას უფრო ჰგავდა, ვიდრე გულითად თანაგრძნობას და ამის გააზრებისას გული მწყდებოდა.
სააბაზანოდან დაბრუნებულმა, სწრაფად ჩავიცვი შავი ჯინსი და ბებიას მოქსოვილი სვიტრი. წინა დღით ჩალაგებულ ჩემოდანს თვალი გადავავლე, ყველა საჭირო ნივთი ავიღე და მისაღებისკენ წავედი, სადაც დეიდა და პოლი მელოდნენ. პოლი კიბეებზე ჩამომჯდარიყო, როგორც კი ხმაური გაიგონა მაშინათვე წამოხტა და ჩემოდნის ჩატანაში დამეხმარა. დილით უფრო მშვიდი მეჩვენა, ალბათ გამოძინება მოეხერხებინა. დეიდა ემას დანახვისას ძველი ფოტოალბომებიდან ნანახი დედაჩემი გამახსენდა. ორივეს ერთნაირი ჟღალი თმა და თაფლისფერი თვალები ჰქონდა, ისევე როგორც მე. რომ არა ჩვენ შორის ამხელა გაუცხოება ჩავეხუტებოდი, დაველაპარაკებოდი და ალბათ მასთან დარჩენაზეც დავფიქრდებოდი.
_ არ ისაუზმებ? _ ნაზად მომმართა და ახლოს მოიწია, ლოყაზე მომეფერა. თვალი სამზარეულოსკენ გავაპარე, მაგიდა გაეშალა და ყავაც გაემზადებინა.
_ არა, არ მშია _ ინსტინქტურად გავაქნიე თავი და პოლის მუდამ აჩეჩილ, შავ თმას მივაშტერდი.
დიდი, ნაღვლიანი, ცისფერი თვალებით მომჩერებოდა. მაინც ვერ მივმხვდარიყავი, რატომ არ მოდიოდა ჩემთან ერთად , ნუთუ ამ ქალთან დარჩენა უნდოდა? ქალთან, რომელიც გარდაცვლილი დედაჩემის ასლი იყო...
არ ვიცოდი, როგორ უნდა გამოვმშვიდობებოდი , ან რა უნდა მეთქვა. ბრაზი მერეოდა, რომ ახალი სასწავლო წლის დაწყება ყველაფერ ამის შემდეგ მიხდებოდა ახალ გარემოში, სრულიად მარტოს. თავს ვუმეორებდი, რომ სასწავლებელი ბებიას ჰქონდა შერჩეული და მე მის სურვილს ვასრულებდი. მაშინ, ვერც კი ვიფიქრებდი, რომ სწორედ ეს იქნებოდა მისი უკანასკნელი სურვილი.
_ აზრი ხომ არ შეგიცვლია? _ სინანულით გავხედე და გავინაბე, თუმცა პასუხი ისედაც ვიცოდი.
_ არა ელის _ მოკლედ მომიჭრა და თავი დამნაშავესავით დახარა.
მძიმედ ამოვისუნთქე და სახლს ბოლოჯერ შევავლე თვალი, არ მიყვარდა სევდიანი გამომშვიდობები, თუმცა იმ დროს ყველაფერი სევდიანი იყო.
უხერხული მდუმარებისგან მძღოლის გადაბმულმა სიგნალმა გვიხსნა, რომელიც სპეციალურად სკოლიდან გამოეგზავნათ, რომ ორი საათი, რომელიც იქამდე მისასვლელად იყო საჭირო, კომფორტულად გამეტარებინა და დანიშნულების ადგილამდე უსაფრთხოდ მივსულიყავი.
პოლს გამოსამშვიდობებლად ვაკოცე, დეიდამ უხერხულად შემისწორად ქუდი და მთხოვა, რომ ჩასვლისთანავე დამერეკა, ხოლო თუ დამატებით რაიმე დამჭირდებოდა ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, ყოველგვარი მორიდების გარეშე თამამად მიმემართა. რა შეიძლებოდა დამჭირვებოდა? ბებიას ყველაფერზე ეზრუნა, მალე კი მთელი ქონების განკარგვასაც შევძლებდი. მის დარიგებას უხმოდ დავეთანხმე, გარემოს თვალი ბოლოჯერ შევავლე და გასასვლელში თამამად გავაბიჯე. მანქანაში უკანმოუხედავად ჩავჯექი, ვერ დამაჯერებინა, რომ მართლა მივდიოდი, ნამდვილად ვტოვებდი ადგილს, რომელთანაც უამრავი ლამაზი მოგონება და ემოცია მაკავშირებდა. ალბათ, ოდესღაც დადგებოდა დღე, დღე, როცა მე თამამად დავბრუნდებოდი უკან და მის ოთახში შესვლასაც შევძლებდი. იმედს ვიტოვებდი, რომ სახლისგან მოშორებით, ახალ გარემოში ნაკლებად ვიფიქრებდი მომხდარზე და სწავლის პროცესში ჩართულს, ნაკლები დრო დამრჩებოდა მოსაწყენად.
სკოლამდე მისასვლელმა ორმა საათმა მოსალოდნელზე სწრაფად გაიარა, რადგან გზაში მე და მძღოლი სასიამოვნოდ ვსაუბრობდით. მისტერ ბლექი სასიამოვნო გარეგნობის, ენაწყლიანი, ხანშიშესული მამაკაცი იყო. საუბრისას გამიმხილა, რომ მისი შვილიშვილი ამ სკოლაში სწავლობდა და იმედი ჰქონდა, დავმეგობრდებოდით. მასთან ლაპარაკით, საშინელ ფიქრებს გავურბოდი, ყურადღება სხვა რამეზე გადამქონდა და ინფორმაციასაც ვიღებდი, იმ ადგილის შესახებ, რომელიც ბებიას დიდი ყოყმანის შემდეგ აერჩია. მისტერ ბლექმა სკოლის შინაგანაწესშიც გამარკვია, რომელიც საკმაოდ უცნაურად მომეჩვენა, რადგან სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეებს სპეციალური ფორმა უნდა ეტარებინათ. იკრძალებოდა ყველანაირი საკომუნიკაციო საშუალება. ასევე, მკაცრად იყო შეზღუდული არასასწავლო საათებში სკოლის გარეთ გასვლა, რადგან როგორც მან ამიხსნა, დაწესებულება ტყის პირას მდებარეობდა, ტყე კი საკმაოდ დიდი და საშიში იყო. ბავშვებს შინ წასვლა მხოლოდ არდადეგებზე შეეძლოთ , რომელიც წელიწდში ორჯერ ორ კვირას გრძელდებოდა. ხოლო ქალაქში ჩასვლა, მხოლოდ მეთვალყურეებთან ერთად იყო შესაძლებელი. ვერ წარმომედგინა, სწავლის განსაკუთრებული მეთოდების გარდა, რას შეეძლო ბებიასთვის ამ სასწავლების არჩევა ეიძულებინა, ის ხომ არასდროს ყოფილა მკაცრი . მაგრამ ალბათ ცოდნის დონე და სკოლის პრესტიჟი ყველაფერს წონიდა. ვცდილობდი, რაც შეიძლებოდა ნაკლები მეფიქრა გუშინდელ დღესა და იმ ყველაფერზე, რაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ხდებოდა. ახალ გარემოსთან შეგუება პოლის გარეშე მომიწევდა. არ მინდოდა ვინმეს ბებიას, ან მშობლების გამო შევბრალებოდი. მიზნად მქონდა დასახული ყველაფერს მარტო გავმკლავებოდი და დამოუკიდებლად შემძლებოდა ახალი ცხოვრების დაწყება.
_ აი მოვედით _ ომახიანად შესძახა მისტერ ბლექმა და სვლა ტყის დასაწყისში, უზარმაზარი სამსართულიანი შენობის წინ შეაჩერა, რომელსაც შავი, სკოლის ემბლემიანი ჭიშკარი ნახევრად ფარავდა. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა, როცა ჭიშკარი გაიღო და შესასვლელში, შავებში გამოწყობილი, იარაღიანი მამაკაცები დავინახე, რომლებიც ტერიტორიას აკონტროლებდნენ და რაციებით განუწყვეტლივ რაღაცას გადასცემდნენ.
მთელს ტერიტორიაზე მწვანე ფერი დომინირებდა. ირგვლივ ყველაფერი მცენარეებში იყო ჩაფლული. ავტომანქანიდან ვაკვირდებოდი სხვადასხვა ფერისა და ჯიშის ყვავილებს, უცნაური ზომისა და ფოთლების ხეებს და საღამოს განათებებს, რომლებიც ანტიკური ხანის დეკორაციებს უფრო ჰგავდა. უზარმაზარი ეზოს გასავლელად ხუთი წუთი დაგვჭირდა, რომ შენობამდე მიგვეღწია. ამასობაში, სადღაც გამწვანებულ ლაბირინთსაც მოვკარი თვალი, რომელშიც გრძელი შავი სილუეტი დავლანდე.
მანქანიდან გადმოსვლისას ვინატრე, რომ პოლი ჩემ გვერდით ყოფილიყო. შენობის წინ უზარმაზარ შადრევანში სამი მეტრის სიმაღლის ქანდაკება იდგა. მისი დანახვისას სხეულში საშინელმა შეგრძნებამ დამიარა, მაგრამ მაინც კარგად შევათვალიერე მამრობითი სქესის არსება, რომელსაც უცნაური, თითქოს ცინიკური გამომეტყველება ჰქონდა. ცალ ხელში სკოლის ემბლემიანი თასი ეჭირა, რომლიდანაც წყალი გადმოდიოდა, მეორე ხელი კი სიმეტრიულად გაშლილი ფრთებისკენ გაეშვირა, თითქოს თვითონაც აკვირვებდა სხეულზე ფრთების არსებობა. მისი ყურებისას უცნაურმა შეგრძნებებმა კიდევ უფრო იმატეს, ამიტომ შევეცადე მზერა ამერიდებინა და რაც შეიძლებოდა სწრაფად შევსულიყავი უცხო შენობაში.
ფოიეს კარი მძღოლმა გამიღო, სასწავლებლის ინტერიერი ისეთივე ძველი, გასული საუკუნის ნივთებითა და ნახატებით იყო გაფორმებული, როგორც ეზოს უმეტესი ნაწილი. ცენტრალური დერეფნიდან უამრავი გასასვლელი ჩანდა, ამიტომაც კარიდან მარცხენა მხარეს, კედელზე ახალი მოსწავლეებისთვის პატარა გზამკვლევი ჰქონდათ გაკეთებული თავისი მინიშნებებითა და სურათებით. იქვე მდგარ პატარა მაგიდაზე კი ბროშურები იყო განლაგებული, საიდანაც შემეძლო თითოეული დეკორაციისა, თუ ქვის ქანდაკების წარმომავლობის შესახებ ისტორიის წაკითხვა.
დერეფანში უამრავი ნაცრისფერ ფორმიანი ბავშვი ტრიალებდა. რატომღაც მეგონა, რომ ახალ ადამიანს უცებ შენიშნავდნენ, ჩემით დაინტერესდებოდნენ, ან ყურადღებას მაინც მომაქცევდნენ, მაგრამ შევცდი. ყველას სადღაც მიეჩქარებოდა, ზოგიც თავისთვის იჯდა, კითხულობდა, ან ვიღაცას ესაუბრებოდა. როგორც ჩანდა, ჩემი გამოჩენა ყოველგვარი აჟიოტაჟის, ხმაურისა და გამოცხადებების გარეშე ჩაივლიდა, ამ ფაქტმა შვებაც კი მომგვარა. რამდენიმე წუთი ადგილზე გაშეშებული ვაკვირდებოდი ყველაფერს, მერე წაბლისფერთმიანი გოგონა დავინახე, რომელმაც ჩემს უკან მდგომ მოხუცს ხელი დაუქნია და ღიმილიანი სახით გამოემართა ჩვენსკენ. სწორედ ის აღმოჩნდა მისტერ გრინის შვილიშვილი ენ ბლექი.
_ ენი, ეს ელისია, შენი ოთახის მეზობელი _ ყოველგვარი შესავლის გარეშე წარმადგინა კაცმა და ჩემოდნის ოთახამდე ატანა შემომთავაზა.
_ გამარჯობა _ ხალისიანად გამიღიმა და ხელი ჩამომართვა, მერე კი დაბნეულობა შემატყო და საუბარი განაგრძო _ ხო, ალბათ უცნაურად გეჩვენება აქაურობა, თავიდან მეც ეგრე ვიყავი, მაგრამ ნელ ნელა მიეჩვევი.
_ ჰომ, ალბათ _ ვცდილობდი საპასუხოდ გამეღიმა და ნორმალური მოსწავლესავით მოვქცეულიყავი, პირველივე დღეს ჩემს უბედურ ცხოვრებაზე საუბარს ნამდვილად არ ვაპირებდი.
_ წამომყევი , ყველაფერს გაჩვენებ, ჯერ ოთახით დავიწყოთ _ წინადადების დასრულებისთანავე დაიძრა და მეც უკან გავყევი.
უზარმაზარ, უცნაური მასალის კიბეს მივუყვებოდი და ყველაფერს ვათვალიერებდი.
_ მარჯვნივ _ მიბიძგა გოგონამ.
_ და მარცხნივ რა ხდება? _ ხელით მარცხენა მხარეზე ვანიშნე, რომელიც კიბის დასასრულს დიდი დერეფნით იწყებოდა.
_ მანდ ბიჭების ოთახებია, ერთმანეთის ტერიტორიებზე შესვლა გვეკრძალება_ ეშმაკურად ჩაიხითხითა და ვარდისფერ ლოყებზე ფოსოები გაუჩნდა. სანამ მარცხენა მხარეს, ჩვენთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე გადავიდოდით მარცხენა მხრიდან სამეული გამოჩნდა, კი არ მოაბიჯებდნენ უჩვეულოდ მოქროდნენ. ყურადღებას არ მივაქცევდი, რომ არა მათი დაჟინებული მზერა, სამივეს მუშტები შეეკრა და მტრულად შემომყურებდნენ. ყველაზე მაღალი, რომელსაც დანარჩენები გვერდზე მოჰყვებოდნენ , სულ ახლოს მოვიდა და გამწარებულმა კბილებში გამოსცრა _ ელააა _ მას დანარჩენებიც აჰყვნენ, გარეგნობით ერთნაირები მეჩვენნენ, მხოლოდ სიმაღლით თუ გაარჩევდი.. ერთნაირი ყავისფერი თმა და მუქი ფერის თვალები ჰქონდათ, თითქოს შავ ფერში გარდამავალი. მოახლოებისას ერთნაირი ტატუებიც შევამჩნიე, მთელს ყელზე მისდევდათ და საყელურის შესახედაობას ტოვებდა. ისე სწრაფად გაუჩინარდნენ, რომ მეგონა მთელმა ფრაგმენტმა, მათმა სწრაფმა, ბოროტმა სახეებმა წამში გაიელვა, ან საერთოდ მომეჩვენა.
შევეცადე, ყურადღება არ გამემახვილებინა და სიარული განვაგრძე, დერეფნის ბოლოს ჩვენს ოთახსაც მივადექით. მისტერ ბლექს მადლობა გადავუხადე და დროებით გამოვემშვიდობე. როგორც იქნა, დანიშნულების ადგილისთვის მიმეღწია.
მოზრდილ მთავარ ოთახს პატარა შესასვლელი ჰქონდა, სადაც ფეხსაცმლისა და ტანსაცმლისთვის განკუთვნილი თაროები დაედგათ. ოთახის მარჯვენა და მარცხენა კედლებთან ლოგინები, ტანსაცმლისა და წიგნებისთვის განკუთვნილი სათავსოები განეთავსებინათ. ოთახს საერთო სააბაზანო ჰქონდა.
დაღლილმა ამოვისუნთქე, საკანცელარიო ნივთებით სავსე ჩანთა ჩემთვის განკუთვნილ, ცარიელ სამეცადინო მაგიდაზე დავდე და სკამზე ჩამოვჯექი. მაგიდის წინ, უზარმაზარი ფანჯარა იყო, საიდანაც კარგად ჩანდა სკოლის გამწვანებული შიდა ეზო და ფეხბურთის მოედანი. ოთახი საკმაოდ მყუდრო მეჩვენა. ენის თავის მხარეს კედელი სხვადასხვა მსახიობების მწერლებისა და მომღერლების ფოტოებით მოერთო, საკმაოდ მშვიდი და უპრობლემო მეჩვენა, ბევრ შეკითხვებსაც არ მაძლევდა და ზომიერად მორიდებულიც ჩანდა.
_ ბუნებრივი ფერია? _ თმაზე მკითხა
_ კი, დედასგან მერგო _ ჩანთიდან, ინსტინქტურად დედაჩემის ფოტოსურათი ამოვიღე და ვაჩვენე, ჩვეულებრივ ასე არ ვიქცეოდი ხოლმე.
_ ძალიან ლამაზია, როგორ გავხარ _ აღფრთოვანება ვერ დამალა. ყალბი ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო, ყოველ შემთხვევაში პირველი შეხედულება ასეთი მქონდა.
მოკლედ ვუთხარი, რომ დიდი ხნის წინ, სანამ მე და პოლი, ჩემი ბიძაშვილი მშობლების დამახსოვრებას მოვასწრებდით, ისინი წვეულებაზე მიმავალი მანქანით ავტოკატასტროფაში მოყვნენ და ოთხივენი ადგილზევე გარდაიცვალნენ.
ისტორიის გამძაფრება არ მინდოდა, ამიტომ ბებიაზე აღარაფერი მითქვამს, ან საერთდ რატომ ვუთხარი მშობლებზე? იქნებ იმიტომ, რომ იყო მასში რაღაც, რასაც ასე იმედგაცრუებული ვეძებდი ყველა ჩემს მეგობარში? მაშინ ამას, ნამდვილად ვერ ვიზარებდი, მაგრამ წინათგრძნობა მკარნახობდა, რომ ყველაფრის დამალვა საჭირო არ იყო.
ცოტა რამ თავისზეც მითხრა, დედისერთა იყო, მამას არ იცნობდა, დედა კი მშობიარობას გადაჰყოლოდა, მას შემდეგ ბაბუა ზრდიდა.
სევდიანი საუბრის შემდეგ თბილად გამიღიმა და წიგნის კითხვა დაიწყო, მე კი სააბაზანოში წყლის გადასავლებად შევედი. გაკვეთილები მომდევნო დღიდან იწყებოდა. ამიტომ რაც იმ დღეს უნდა გამეკეთებინა , ეს სკოლის ფორმის არჩევა, განკუთვნილი წიგნების აღება და გაკვეთილების ცხრილის გაცნობა იყო და კიდევ ყველაზე მთავარი, დირექტორის ასისტენტთან გასაუბრება უნდა გამევლო და ყველა არასაჭირო ნივთი, რომელიც მათი აზრით, ცოდნის მიღებაში ხელს შემიშლიდა , მინიმუმ სამი თვით უნდა ჩამებარებინა.



№1 სტუმარი სტუმარი თამო

ეს ადრეც იდო რატომღაც მალე შეწყდა ძალიან მიხარია რომ ისევ აგრძელებ❤️

 


№2  offline წევრი melanqoliki

სტუმარი თამო
ეს ადრეც იდო რატომღაც მალე შეწყდა ძალიან მიხარია რომ ისევ აგრძელებ❤️

დიდი მადლობა აუცილებლად გავაგრძელებ ❤️ ამჯერად მართლა და დაველოდები თ ვენს აზრს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent