ცხოვრება კაიფით 2
თაზო ძალიან ნერვიულობდა და ღელავდა პასუხების მიღების წინ. დედამთილები ხმას ვერ იღებდნენ, იჯდნენ მდუმარედ და გაუნძრევლად. -პრობლემა ჩემში ყოფილა - ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და ისე ჩაუგდო თავი გაცოფებულ ქალებს. მე ვერ გამეგო გამხარებოდა თუ მწყენოდა ეს ამბავი. ერთის მხრივ მიხაროდა, რადგან დედამთილების სალანძღავი აღარ ვიქნებოდი და არც ჩემი მიყვანის დღეს დაწყევლიდნენ თვალების გახელვისთანავე, თუმცა ჩემი მეუღლე დადარდიანებულიყო და არც შვილის ყოლა-არ ყოლის საკითხი იყო გადაწყვეტილი. -ვის დაემსგავსე ასეთი, თამაზ - სახლის ზღურბლზე ნაბიჯი იმ წამის გადადგმული ჰქონდა დედამთილს - საწყალ გოგოს ვადანაშაულებდი და შენ ყოფილხარ დამნაშავე. გოგი - ქმარს მიმართა - კარები დახურე. არავინ გაიგოს ჩვენი შერცხვენის ამბავი. მომეჭრა თავი და ეგაა, ერთი შვილი მყავს, მზე და მთვარე ამაზე ამომდის და რა გამიკეთა. -დედა, მე რა გავაკეთე, ნუ გადამრიე - დედის დამჯერე ცუგა წამებში გააფთრებულ მგლად იქცა - ძალით მინდოდა, რომ უშვილობა გამომეწვია? ნელიკოს ხმა არ ამოუღია მთელი გზა. ერთი საყვედური არ უთქვამს და შენ რა გაყვირებს, ვერ გავიგე. ეს ჩვენი პრობლემაა და როგორმე მოვაგვარებთ. მაქვს დანიშნულება და მას მივყვები - ფურცელი ჰაერში გააქნია - ყველაფერს ვიზამ, რომ ნელის ვაჩუქო შვილი და არა თქვენ შვილიშვილი, ეს დაიმახსოვრეთ! -დედას როგორ ელაპარაკები - უსაყვედურა ბებიამ და სასიკვდილოდ გადადებულ შვილს გახედა - სულ დაკარგე ზრდილობა და პატივისცემა? თაზომ კიბე სწრაფად აირბინა. მეც ჩემს ქმარს ავყევი და მისი დამშვიდება ვცადე, თუმცა უშედეგოდ. -როგორ უძლებდი ამ ყველაფერს, ნელიკო? - ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა ის და აქეთ-იქით დადიოდა -ეს თვეები სულ ტანჯვაში გაგიტარებია. ხომ გაგიგია საკუთარ ტყავზე თუ არ გამოცდი, ისე ვერ გაიგებ სიმწარესო. ახლა ასე ვარ და ყველაზე მეტად აქედან წასვლა მინდა, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებ, რომ სადმე ბინა ვიქირაოთ. ჩემმა ქმარმა დედიკოს ერთ ლანძღვას ვერ გაუძლო, მე კი მთელი ხუთი თვე ყოველ ნახევარ საათში მლანძღავდნენ და როდესაც ჩემს ქმართან თვალცრემლიანი მივრბოდი ამ სახლში ვეღარ ვძლებთო, ყურსაც არ მიგდებდა. ასე იყო თუ ისე, თაზო უკვე გადასვლაზე ალაპარაკდა და მეც იმედი ჩამესახა. გადასვლა არც ისეთი მარტივი აღმოჩნდა, როგორც ჩვენ გვეგონა და წამოგვედგინა. საქმე ფულში არ იყო. იმ წელს თაზოს ბებია გარდაიცვალა გულის შეტევით. ამაშიდაც ვერ გამოვადექი ჩემს დედამთილს და ჭირისუფლის სკამიდან ბოლო ხმაზე არ მოვთქვამდი ბებიის სიკვდილს. რა თქმა უნდა, გული დამწყდა და განვიცადე კიდეც, თუმცა ტირილით ნამდვილად არ მიტირია, მითუმეტეს სხვების დასანახად. იქაც კი არ მეშვებოდა ჩემი დედამთილი და დედის დატირების დროს ჩემს ოჯახს კბენდა. -დედიკო, ჩემო კეთილო და საყვარელო - ბოლო ხმაზე გაკიოდა დედამთილი. სიკეთე და სისაყვარლე კი ალბათ ბავშვობაში ჰქონდა, რადგან იმ რვა თვეში, რაც მე ვიცნობდი ერთი კარგი საქმე არ ჰქონდა გაკეთებული. სულ რაღაცით უკმაყოფილო იყო და სულ ვიღაცას ლანძღავდა - ნეტა შვილთაშვილს მოსწრებოდი, დედა - აი, კვლავ მე ჩავიკბინე, თითქოს ჩვენ ძალიან გვინდოდა ეს პრობლემები - როგორ უდროოდ გამოგვეცალე ხელიდან და დაგვტოვე უშენოდ. სიმართლე უნდა ვთქვა და დატირებით მხოლოდ ჩემი დედამთილი ტიროდა, რადგან ყველასთვის გული ისე ჰქონდა ნატკენი ცხონებულს, რომ ცრემლიც კი არ ადგებოდა არცერთს. -ენა ჩაგივარდა, გოგო თუ ხარობ, მოკვდა ბებიაო - მსაყვედურობდა დედამთილი - ამოიღე ხმა და იტირე. რა უბედურებაა, დამჯდარხარ და დაყურებ ზემოდან ამაყად. რას იტყვის ხალხი, არ უყვარდა თავისი ქმრის ბებიაო. ნეტავ იცოდეთ რამდენჯერ მითხრა ეს სიტყვები იმ ხუთი დღის განმავლობაში, რაც მიცვალებული სახლში გვესვენა. თუმცა მარტო იმ ხუთი დღით არ შემოფარგლულა და თითქმის ყოველ გახსენებაზე ატირებდა: -რძალი მაინც გამოგდგომოდა, დედიკო. ცრემლი ვერ გადმოვაგდებინეთ. უხარია მგონი, დედა, უშენობა. -გეყოს, დედა - დედაზე გაბრაზებული ლეკვი გააფთრებული იბრძნოდა ჩემთვის - ყველას არ შეუძლია შენსავით ბოლო ხმაზე კივილი და ისე დატირება. ტირილიც და მწუხარებაც უნდა შეუსწორო ადამიანს? დავიღალე შენი უკმაყოფილებით, ამიტომ ჩვენ მალე გადავალთ. -რას ქვია მალე გადახვალთ? - წამოენთო დედამთილი და პირდაპირ მე დამეჯახა - შენ გააგიჟე ჩემი შვილი და გადაიყვანე ჭკუიდან ხო? - თმებში მწვდა და მომქაჩა - შენი ბრალია ყველა უბედურება ამ სახლში. -დედა, ხელი გაუშვი - თაზომ ხელზე ხელი მოუჭირა და ჩემი თმები მუჭიდან ძლივს გამოაცალა - შენ ექიმი და წამლები გჭირდება სასწრაფოდ. -ექიმი შენ და შენს ცოლს გჭირდებათ - კვლავ შეტევაზე იყო და მეორე ტაიმისთვის ემზადებოდა - როგორ იფიქრეთ, რომ წასვლის ნებას მოგცემდით? მაგას ვათქმევინებ მეზობლებს, შვილმა და რძალმა მიატოვაო. -ჩვენ მარტო ცხოვრება გვინდა - ჩუმად ჩავილაპარაკე და სილაც მივიღე ორივე ლოყაში. ჩვენი გადასვლის ამბავი გადაიდო. დედამთილი კარებში ჩაგვიდგა და კლდედ იქცა, რასაც ვერცერთი ტექნიკით ვერ გავანგრევდით. -მოვა დრო და წავალთ ამ სახლიდან, გპირდები - მამშვიდებდა თაზო, თუმცა მის სიტყვებში თავადაც არ იყო დარწმუნებული. თავი 4 ლუკა ერთიანად შეიცვალა. თავის თავში ჩაიკეტა და აღარავის აღარ ეკონტაქტებოდა. დილით საუზმესაც აღარ ჭამდა, გასვლამდე ერთი წუთით ადრე გამოვიდოდა, შემოგვძახებდა წავედიო და კარს გაიჯახუნებდა. ვერცერთმა ოჯახის წევრმა ვერ გავიგეთ რა ხდებოდა მის თავს, ვერავინ მოვახერხეთ მისგან ინფორმაცია მიგვეღო, ამიტომ თეკლას ვთხოვე ლუკას ძმაკაცისთვის დაერეკა და გაეგო რა ხდებოდა. -ლუკა ჩვენთან აღარ მეგობრობს, თეკლა - ყურმილში გამოცრა ვაკომ - რამდენიმე თვეა აღარც კი გვესალმება. გაკვეთილებზეც კი არ დადის ხოლმე და სულ სკოლადამთავრებულ ბიჭებთან ერთად მოძრაობს. მე თვითონაც მინდოდა დარეკვა, მაგრამ მომერიდა. ლუკა ისეთი აღარ არის, როგორიც აქამდე იყო. ის ძალიან ცუდ ბიჭებთან მეგობრობს - ჩუმად თქვა და ყურმილი მაშინვე დაკიდა. ყველაზე რთული მომენტია, როდესაც შენი შვილი გზიდან უხვევს. მე ხომ მთელი ცხოვრება ვცდილობდი ის ღირსეულ მამაკაცად აღმეზარდა. როდესაც ჯერ კიდევ პატარები იყვნენ, ჩვენ ოთხი ერთად ვჯდებოდით და წიგნებს ერთობლივად ვკითხულობდით. ლუკაც ყოველთვის ჩვენთან ჯდებოდა და სიხარულით კითხულობდა „კარლსონს“, „ტომ სოიერის თავგადასავალს“ და ყველა იმ წიგნს, რაც მისი ასაკისთვის შესაფერისი იყო. ლუკა ყოველთვის ოცნებობდა პოლიციელობაზე. დაიფარებდა ქუდს და ჩვენ „გვაკონტროლებდა.“ -ჩემი დედიკო განსაცდელში ხომ არაა? - კალთაში ჩამიხტებოდა და მის პაწაწინა თათს ლოყაზე მომადებდა - ლუკა ყველას უშველის. სასწრაფოდ რამე უნდა მომემოქმედებინა და ლუკას სკოლაში წავედი, რადგან დამრიგებელი მენახა. ნუთუ მას არ უნდა შეემჩნია ჩემი შვილის ქცევის ცვლილება. -გამარჯობა, მაკა მასწავლებელო - გაკველითების დასრულებისთანავე შევედი საკლასო ოთახში - ლუკას ქულები მაინტერესებს და ზოგადად მისი მოღვაწეობა სკოლაში. -ლუკა კარგი ბიჭია - თავის მაგიდას მიუჯდა ის და მე მერხთან დაჯდომა მთხოვა - ამ ბოლო დროს ხშირად ავადმყოფობს და აცდენს სკოლას, თუმცა ყოველთვის დინჯად ზის გაკვეთილზე და ხელს არ მიშლის. -მას ერთი გაკვეთილიც კი არ გაუცდენია ავადმყოფობით და რას ნიშნავს ზის და ხელს არ მიშლის? გაკვეთილზე არ აქტიურობს? -როგორ, მე მითხრა ექიმებში დავრბივარო და რაც შეეხება აქტიურობას, ნამდვილად არ ჩაუბარებია გაკვეთილი რამდენიმე თვე იქნება. -ნუთუ ეს ყველაფერი ნომალური გგონიათ, ქალბატონო მაკა? - ნერვებმა ამიტანა და ფეხზე წამოვდექი - ნუთუ ეს ყველაფერი, ამდენი გაცდენები და პასიურობა მშობლისთვის არ უნდა გეცნობებინათ? იქნებ ამიხსნათ, როგორ შეიძლება ძალიან კარგი მოსწავლე პასიური გახდეს და ამის შესახებ მშობელს არ ეცნობოს? თქვენ დაგავიწყდათ თქვენი სამსახურის არსი, რადგან მასწავლებლობა მხოლოდ საგნის სწავლება არ არის. მასწავლებელთან საუბარმა კიდევ უფრო იმოქმედა ჩემს ნერვებზე, რადგან პირველივე შემთხვევაზე უნდა ეცნობებინა ის ჩემთვის და სიმართლე, რომ გითხრათ ჩემი შვილის ცხოვებაში ამ მასწავლებელს დიდი როლი მიუძღვის. რომ არა მისი პასიურობა და ჩემი შვილის დაიგნორება, რადგან ცელქი ბავშვივით ყირაზე არ გადადიოდა და ყოველდღე დირექტორის კაბინეტში არ ხვდებოდა, ვინ იცის, იქნებ დროზეც კი ჩავრეულიყავი და ყველაფერი მომეგვარებინა. ბავშვის აღზრდის დროს მთავარი ყურადღება ოჯახზეა, თუმცა ისეთი გარემოება, როგორიც სკოლაა, დიდ გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე. კლასელები, მასწავლებლები, ეს ხომ ზუსტად ის ხალხია, ვისთანაც მას ყველაზე დიდი ურთიერთობა უწევს ოჯახის წევრების გარდა. ლუკამ ნორმალურად ხმაც არ გამცა ჩემს მოთხოვნაზე, რომ აეხსნა რა ხდებოდა მის თავს. თითქოს არც კი ვარსებობდი იმ სახლში და ზოგადად ქვეყანაში, სადაც ის ცხოვრობდა. შემდეგ მამა დაელაპრაკა და ბოლოს თეკლამაც სცადა მეგობრულად მიდგომა, თუმცა ამაოდ. ლუკა თავის თავს არ ჰგავდა. ერთხელაც, როდესაც სკოლაში წავიდა უკან წავყვევი. სხვა გამოსავალი და გზა არ მესახებოდა იმ დროს. თავიდან სკოლაში შევიდა და ალბათ ერთი გაკვეთილი დაესწრო კიდეც, შემდეგ კი ჩანთამოკიდებული გამოვიდა სკოლის ეზოდან და მიტოვებული ქარხნისკენ აიღო გეზი. საშინელი სუნი იდგა. ერთი კი არა, რამდენიმე მკვდარი ცხოველის, კანალიზაციის და ნაგვის სუნი ერთმანეთში ირეოდა. ვეცადე სხვა მხრიდან მივსულიყავი და ისე შემეთვალიერებინა ჩემი შვილის სამყოფელი. როგორც დავინახე, სულ ხუთნი იყვნენ. ხუთივე შავ ტანსაცმელში იყო გამოწყობილი და მაშინ მივხვდი თუ რატომ გადაყარა ლუკამ თავისი ძველი, ფერადი მაისურები. გაუსაძლისი სუნი აშკარად არ აწუხებდა მათ, რადგან იქვე მოწყობილ ქვის სკამებზე ჩამოსხდნენ და სიგარეტის მოწევა დაიწყეს, რაც ნამდვილად არ გამკვირვებია. ბედი ნამდვილად არ იყო ჩემი საქმე, რადგან თვალთვალის დროს ფეხი ორმოში ჩამივარდა და შეშინებულმა დავიყვირე. -დედა - გაოცებულმა გამომხედა ლუკამ და ჩემთან მოირბინა - აქ რა გინდა, დედა? გინდა შემარცხვინო და თავი მომჭრა? -ვინ, შვილო, მე უნდა მოგჭრა თავი? - ძლივს ამოვფოფხდი ორმოდან ლუკას დახმარებით - ახლავე წამოდი სახლში და ეს ყველაფერი ამიხსენი. მე ვერ ვხვდები აქ რას აკეთებ, ან ეს ბიჭები ვინ არიან. მე ვიცნობ შენს მეგობრებს. ისინი კარგები და ზრდილობიანები არიან, ეს ბიჭები კი ჩემთვის უცხო ხალხია და იქნებ დამდო პატივი და გამაცნო, თუმცა ისედაც კარგად ვხვდები როგორებიც არიან. დროზე სახლში - მკლავში ხელი ჩავავლე და უკან გამოვიყოლე. -დედა, შემეშვი - იმხელაზე დაიღრიალა, რომ წამით დამაყრუა კიდეც - ესენი ჩემი მეგობრები არიან და დღეს მათთან ერთად უნდა ვიყო. შენ თუ არ მოგწონს, შეგიძლია წახვიდე. რატომ ერევი ჩემს ცხოვრებაში, ნუთუ ისეთი პატარა ვარ, რომ ვერ გავიგო რა არის კარგი და რა ცუდი ჩემთვის. -შენ თავი დიდი გგონია? - კვლავ ჩემკენ მოვზიდე უკან გაწეული ლუკას ხელი - რა გესმის შენ ცხოვრების, შვილო. ეს ყველაფერი ნორმალური გგონია? შეხედე, სად ხარ - ირგვლივ მიმოვიხედე - ეს რა ადგილია, ლუკა? ახლა სკოლაში უნდა იყო შენ და არა ამ ნანგრევებში. იმისთვის გაგზარდე, რომ ცხოვრების გზას გადაუხვიო? მთელი ცხოვრება მე და მამაშენი ვცდილობთ ღირსეულ ადამიანებად გაგზარდოთ შენ და შენი და. არაფერს გაკლებდით და მუდამ ჩვენ თანასწორად მიგვაჩნდით. შენ კი ასე გვიხდი მადლობას? დიდი მადლობა, შვილო. ხელი ვუშვი და უკანმოუხედავად წამოვედი. ძალიან მინდოდა მისთვის წამით მაინც შემეხედა და სახის გამომეტყველებით გამეგო რას ფიქრობდა, თუმცა ვერ გავბედე. ჩემი შვილის იმ საშინელ ფონზე დანახვა არ მინდოდა. ალბათ დაგაინტერესებთ რატომ არ მოვკიდე ხელი და თან არ წავიყვანე. ეს კითხვა მეც ძალიან მიღრღნის გულს, თუმცა მაშინ მეგონა, რომ თუკი არჩევნის უფლებას მოვუჭრიდი უფრო გაღიზიანდებოდა და შემეწინააღმდეგებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.