შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მზარეულის დღიური (სრულად )


26-03-2019, 12:58
ავტორი გაზაფხული
ნანახია 5 651

მზარეულის
დღიური


ავტორი: ქეთა არველაძე


სოკოს ღვეზელით მოხიბლული მამაკაცების შესახებ არასოდეს გამეგო, არც იმ ფაქტის მჯეროდა, „მამაკაცის გული კუჭზე გადისო“, თუმცა ყველა ჩემს პოტენციურ პარტნიორს მაინც ვუცხობდი სოკოს ღვეზელს. სულ სამი შემთხვევა მახსენდება, მაგრამ როდესაც ჩემი სამზარეულოს მაგიდასთან მოხვდებოდნენ და პირველივე ლუკმას ხარბად გადაისვრიდნენ საყლაპავ მილში, მაშინვე ყველას ვუყვარდებოდი.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უბრალო და, ამავდროულად, უსუსური დამთხვევაა, თუმცა მაინც გაგანდობთ ღვეზელის საიდუმლოს, იქნებ ვინმეს გამოგადგეთ კიდეც.
ინგრედიენტებში თქვენ არ დაგჭირდებათ არც მგლის და არც დათვის ქონი, არც ყვავის გაპუტვა მოგიწევთ სადმე, უბრალოდ აიღებთ საფუარს და თბილ წყალს, შევურევთ ფქვილს, მარილსა და ზეთს, მოვზელთ ცომს და დაველოდებით მის ამოსვლას. პარალელურად, მოვხარშავთ ბრინჯს, მოვშუშავთ სოკოსა და ხახვს და ავურევთ მოხარშულ ბრინჯში ოხრახუშთან, მარილთან და წიწაკასთან ერთად. შემდეგ კი ჩვეულებრივ გამოვაცხობთ.
სულ ეს არის ჩემი მთელი საიდუმლო რეცეპტი, - არაფრით გამორჩეული და ისეთი, ყველა ინტერნეტ კულინარიის გვერდზე რომ მოიძებნება, ან ბებოს მიერ დატოვებულ ხელით შექმნილ რეცეპტების წიგნში, თუმცა მე იღბალი ნამდვილად მომიტანა.
***
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სამსახურის პოვნა ალბათ ყველასთვის სუსტი წერტილია, ასე მოხდა ჩემ შემთხვევაშიც.
ნანატრ დღეს, როდესაც დიპლომი ხელში დავიჭირე და წარმატების ნიშნად ქუდიც ჰაერში ავისროლე, მივხვდი, რომ სამსახური უნდა მეპოვნა. სტუდენტობის ბოლო დღეს ვაკანსიების განხილვის თავი არავის ჰქონდა, ამიტომ მეორე დილით ნაბახუსევზე ჩემი მოძველებული ლეპტოპი საწოლშივე მოვიმარჯვე.
ირგვლივ საშინელი ქაოსი იყო, ტანსაცმელი არც კი გამეხადა, ისე მეძინა საწოლში, ნივთებიც აქეთ-იქით უწესრიგოდ იყო მიყრილი, თავიც განსაკუთრებით მტკიოდა და ისეთი მძიმე სუნი იდგა, ჩემს მეზობელ ვაჟას რომ ასდის ხოლმე, როცა მთვრალია.
გადავწყვიტე, ჯერ მოვწესრიგებულიყავი, ამიტომ საპირფარეშოში შევედი და გრილი წყლით ვიბანავე, კბილების გამოხეხვისას კი სარკესთან დავდექი და თვალის ირგვლივ სილურჯე შევნიშნე. რაც კი ძალა შემომრჩენოდა, ყურადღებას მოვახმარე, ფაქტები ჩემს თავში რიგრიგობით დავალაგე , მაგრამ ცემისა და ჩხუბის ვერცერთი კადრი ვერ დავიჭირე, მითუმეტეს, რომ ყველაფერი მახსოვს, როგორც მოვედი, ისიც, უფრო სწორად, როგორ მომიტანეს.
სასწრაფოდ ტელეფონი მოვიძიე, ვიდეტექტივე, ვიომე, გამოვიკითხე, თუმცა ჩემი თვალის ჩალურჯება არავის მეხსიერებაში არ მოიძებნებოდა. რეალურად რომ შევხედოთ, ეს ბევრად უფრო კარგი ვარიანტი იყო, ვიდრე ვინმესთან ხელჩართული ბრძოლა რომ გამემართა, ამიტომ მაცივრიდან ყინული გამოვიღე, თვალზე დავიდე და საწოლში გავირინდე. გულის სიღრმეში მიხაროდა კიდეც მომხდარი და ვიცინოდი, რა თქმა უნდა, მხოლოდ გულში.
***
პირველი ვაკანსიაც მოვძებნე, ყველაფერი იდეალურია (ჩვენს პირობებში), ხელფასიც კარგი, განაკვეთიც მშვენიერი, თუმცა...
სავალდებულო მოთხოვნა: მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი.
რაო? სამი წელიო? სამი წელი, რომ მემუშავა, ასეთ სამსახურს ხომ არც დავთანხმდებოდი. მაშინვე წერილი გავამზადე, სადაც ვხსნიდი, რომ მე ერთი დღის დამთავრებული მქონდა უნივერსიტეტი და ფიზიკურად ვერ მექნებოდა სამწლიანი გამოცდილება, თუმცა მაშინვე მივხვდი, რომ ამას არავინ წაიკითხავდა და ჩემი ლეპტოპის ეკრანიდან ფაილმა სანაგვე ყუთში გადაინაცვლა.
ასე გავიდა ათი დღე და ჩემი სამსახურის პოვნის იმედი მთლიანად ქრებოდა.
აქამდე არ აღმინიშნავს, მაგრამ ძალიან მარტივი მისახვედრი უნდა ყოფილიყო, რომ კულინარიაზე ვსწავლობდი, ამიტომ კარგი კერძების გაკეთება არასოდეს მიჭირდა. ზემოთ ხომ აღვნიშნე კიდეც როგორ ვაწონებდი ბიჭებს თავს ჩემი ღვეზელებით, ამიტომ ღვეზელების ცხობა დავიწყე, ვაცხობდი და ერთ-ერთ საკონდიტროში ვაბარებდი.
ეს იდეა მაშინვე არ გამჩენია, არც მარტივად მომიძებნია ადამიანი, რომელიც ჩემს კერძებს იყიდდა, თუმცა რისთვის არსებობს ინტერნეტსივრცე, გავაკეთე ჩემი ბლოგი და ყველას მოვუწოდე ჩემთან შეეძინათ უგემრიელესი კერძები მიზერულ ფასად. დიახ, პირველი შეკვეთიდან მხოლოდ ათი ლარი დამრჩა მოგება, მაგრამ ეს იყო პირველი ათი ლარი, რომელიც ჩემი შრომით მოვიპოვე.
ვაცხობდი ყველაფერს: ქათმის ღვეზელს, ტარხუნის ღვეზელს, კარტოფილის ღვეზელს, ზოგადად, ყველა ღვეზელს, რაც კი არსებობდა და მეც ნელ-ნელა წინ მივიწევდი, ვარეგულირებდი ფასებს და თვალს ვადევნებდი ინგრედიენტების ფასის ცვლილებას.
ასე დავიწყე გზის გაკვალვა სრულიად უცხო მხარეს, რაც შემდგომ არც ისე მარტივი აღმოჩნდა როგორც მეგონა.

***
ძალიან ხალისით და შემართებით ვყვები ჩემს ისტორიას, მაგრამ არც ასეთი მხიარული და უდარდელი ცხოვრება გამიტარებია, როგორც ეს თქვენ მოგეჩვენათ. სამსახურის პოვნაც ერთ-ერთი თავშესაფარი იყო ჩემი მაშინდელი მდგომარეობისთვის.
საყვარელი ადამიანი ორჯერ დავკარგე. ყველაფერს ქრონოლოგიურად მივყვეთ: შეიძლება ითქვას არც კი მიპოვნია ის ადამიანი, რადგან მან ერთი ხელის მოსმით გაანადგურა ჩვენი ოცნებები.
ყველაზე მეტად ტყუილმა შემაძრწუნა, ნდობა წამებში დაიმსხვრა ჩვენ შორის, თითქოს წამში გახდა ის ჩემთვის სრულიად უცხო. დღემდე მახსოვს, იმ საღამოს რა მონდომებით მოვამზადე სოკოს ღვეზელი, ის ღვეზელი, ასე განსაკუთრებით რომ უყვარდა ჩემი კერძებიდან. მე დღესაც მეზიზღება ეს სუნი, კარგად ნაცნობი, მაგრამ საშინლად მწარე.
იმ საღამოს მასაც სხვანაირი სუნი ასდიოდა, სხვა ქალის სუნამოსი არა, ბინძური, ჭუჭყიანი სუნი ასდიოდა მთელ მის სხეულს.
შინაგანად უკვე მეზიზღებოდა მისი სახის დანახვა, მაგრამ სახლში მაინც შევიპატიჟე, თვალებს ვერ მისწორებდა, მაგიდასთან დაჯდა და ჩუმად გამომაყოლა თავი, მის წინ თეფში , ჭიქა და ჩანგალი დავდე, შემდეგ ხელსახოცი, წვენი და ბოლოს ღვეზელებით სავსე თეფში.
-რას აკეთებ, მართა ? - შეცბუნებულმა გამომხედა და ის ხელი, რომელიც ჩემთან შესახებად წინ წამოწია, მზერით შევუჩერე და დავუწვი.
ხმა არ ამომიღია, თეფშზე ღვეზელი დავუდე და ვანიშნე, ეჭამა. ალბათ შეეშინდა, საწამლავს ჩამიყრიდაო და ხელი არ დაუკარებია, უბრალოდ უყურებდა და ანერვიულებულ ხელებს მუხლებს შორის მალავდა.
მე ყველაფერს აგიხსნიო, დაიწყო მოყოლა, თუმცა მისი საუბრიდან ერთი სიტყვა არ გამიგია, ვფიქრობდი, რომ ღვეზელს წიწაკა დავაკელი და არც ისე მწარე იქნებოდა-მეთქი.
ერთი საათი იჯდა ჩემს ფეხებთან ჩაკეცილი, რაღაცებს მთხოვდა, მიყვარხარო მეფიცებოდა, მე კი მისი გაგდების ძალაც არ მქონდა, ვიჯექი და სრულიად სხვა ფიქრებში ვმოგზაურობდი. გაგიკვირდებათ და, მანამდე სულ ერთად დავდიოდით ოცნებიდან ოცნებაში, იმ წამს კი სრულიად მარტო აღმოვჩნდი და არც კი ვიცი სად გაქრა ან სად წავიდა ამხელა „ვაჟკაცი“ ჩემი გონებიდან.
-შეხედე, მართა! ნახე ეს საწოლი, ეს სამზარეულო, გთხოვ, შეხედე! ეს ყველაფერი, ხომ ჩვენი სიყვარულისთვის ვიყიდეთ. შენ მე გიყვარვარ და მე შენ, ამაზე მეტი რა უნდა უნდოდეს ადამიანს?! - ეს მოკლე ამონარიდია მისი საუბრიდან, ეს იმ ბინძური კაცის სიტყვებია, სახლი რომ დამისვარა.
ჩვენ იმ საწოლში ჯერ ღამე არ გაგვეთია, არც ვაპირებდით, სანამ ქორწილი არ იქნებოდა, არც ის თეთრეული გადაგვიკრავს, პირველი ღამისთვის რომ შევარჩიეთ და არც ის სუნამო გამიხსნია, ქორწილის დღისთვის რომ მიყიდა.
თუმცა ამ საწოლში სხვა ჩააწვინა, ჩვენს საწოლში ვიღაც სხვა იწვა და მასთან იკმაყოფილებდა სექსის სურვილს. მე არ შემისწრია, მადლობა ღმერთს, თორემ თავზე დავალეწავდი ყველაფერს, რაც ხელში მომხვდებოდა, თუმცა არც სხვისი სიტყვებით მონაყოლს ჰქონია ბევრად ნაკლები რეაქცია. შეიძლება იმიტომ, რომ შემრცხვა ჩემი სიყვარულის მოღალატე კაცის მიმართ. იმ დღეს ხომ ყველამ შეხედა ამ სიყვარულის აბსურდულობას, ყველამ ჩვენკენ გამოიშვირა თითი, მე უკვე მოღალატე მამაკაცის პარტნიორი ვიყავი, უკვე მეორე ნომერი გავხდი მის ცხოვრებაში, თუმცა ეს ტალახი მაინც არ მადარდებდა, არც თავს ვიდანაშაულებდი არასრულფასოვნების შეგრძნებით, უბრალოდ მრცხვენოდა, რომ მიყვარდა ის, ვინც ამას არ იმსახურებდა.
არასოდეს ვიქექებოდი მის ტელეფონში, არც მისი სოციალური ქსელებით დავინტერესებულვარ, პანიკური შიშიც არასოდეს მქონია მისი ღალატის მიმართ, თუმცა ჩემი ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა ისეთივე იაფფასიანი აღმოჩნდა, როგორც იმ წყვილების, ერთმანეთის გარეშე არსად რომ არ დადიან და ერთმანეთს გამუდმებით აკონტროლებენ.
***
სპაგეტი მოვამზადე. ეს იყო პირველი კერძი, რაც მისი წასვლის დღეს გამომივიდა. მანამდე კი სახლი კარგად გავანიავე, ყველა ნივთი და მათ შორის ის ღვეზელებიც ნაგვის ურნაში ჩავუშვი და ეზოში ჩასვლაც არ დავიზარე მათი თავიდან მოსაშორებლად. ის თეთრეულიც გადავაგდე და ის სუნამოც, რა თქმა უნდა. ჩემი სპაგეტი კი თევზით მოვამზადე, რადგან თევზის სუნს იმ ბინძური მამაკაცის სუნი მთლიანად უნდა გაექრო.
რეცეპტსაც ახლავე მოგაწვდით, არ დავიზარებ:
დაჭერით კუბიკებად პომიდორი, დაჭყლიტეთ ან გაჭერით ორად ზეთისხილი, მოაცილეთ თევზს ფხა და კანი, დაჭერით ძალიან წვრილად ოხრახუში, საშუალო ცეცხლზე დაადგით ტაფა და ზეთში მოთუშეთ დაკეპილი ნიორი, შემდეგ ტაფაში ჩაყარეთ მსხვილად დაჭრილი თევზი და აცადეთ, სანამ თევზი არ შეიცვლის ფერს, თან ურიეთ და ეცადეთ, თევზი არ დაიშალოს. მოაყარეთ მარილი და პილპილი და მოასხით ღვინო. როდესაც ღვინო აორთქლდება, დაუმატეთ პომიდორი. მოთუშეთ ეს ყველაფერი 10 წუთის განმავლობაში და დააყარეთ ბარდა, ბოლოს ზეთისხილი და ოხრახუში. ურიეთ, მაგრამ ფრთხილად, რომ თევზი პიურედ არ გადაიქცეს. ცოტათი აცადეთ წვენს აორთქლება და შემდეგ გადმოდგით ტაფა. მიღებული მასა მოასხით სპაგეტს და მიირთვით გემრიელად.
ასეთი გემრიელი კერძი დავიდგი წინ და ლუკმაც ვერ გადავყლაპე. ვიჯექი და უბრალოდ ვუყურებდი ჩემი ხელოვნების ნიმუშს, რადგან გემოს გასინჯვას, სავარაუდოდ, არც მომავალში დავუპირებდი.
ხშირად ვფიქრობდი მოღალატე მამაკაცებზე, წამიკითხავს, მინახავს, შევსწრებივარ კიდეც მსგავს სიტუაციებს, მაგრამ მე ზედმეტად მშვიდად შევხვდი ამ ამბავს, არც ცრემლები მომდიოდა და არც არაფრის დალეწვის სურვილი მიჩნდებოდა, არც იმ ქალისთვის მინდოდა თმების დაგლეჯა, უბრალოდ მინდოდა ყველაფერი გამქრალიყო , რაც მას მახსენებდა, მინდოდა იმ სახლიდანაც გადავსულიყავი, მინდოდა უბრალოდ ეს მონაკვეთი ამომეღო ჩემი ცხოვრებიდან და ისე გამეგრძელებინა ცხოვრება.
სიბინძურეს ყველგან ვგრძნობდი, სადაც არ უნდა მიმეპყრო ჩემი თვალები და გონება, ყველგან არაკომფორტულად ვგრძნობდი თავს. ვცდილობდი, ჩემი ყოველთვის სუფთა სახლი ისევ იმ სისუფთავის ეტალონზე ამეყვანა, მაგრამ ამდენ სიშავეს ვერცერთი საწმენდი საშუალება უშველიდა დროის გარდა. დრო კი ძალიან, ძალიან ნელა გადიოდა.
***
ასე მარტოობაში გავიდა ორი კვირა, ჩემი გზა მხოლოდ მარკეტამდე ჩადიოდა და ისევ უკან ბრუნდებოდა, საჭმელების კეთებაში შვებას ვპოულობდი, საჭმლით კი ეზოს ძაღლებსა და კატებს ვუმასპირძლდებოდი, რამდენჯერმე მეზობელსაც გავუტანე და ერთი პორცია ჩემთვისაც დავიტოვე ხოლმე, წითელ ღვინოსთან ერთად მისაყოლებლად.
იმ პერიოდში ყოველდღე ამომქონდა ერთი ბოთლი წითელი ღვინო და მთელი დღის განმავლობაში ვწრუპავდი ნაზ მელოდიასთან ერთად, რომელიც მთლიანად Youtube-ზე იყო დამოკიდებული და მის მიერ შერჩეულ სიმღერათა სიაზე. ამიტომ ხან ბეთჰოვენს ვუსმენდი, ხან შოპენს, ხანაც ჯაზის რომელიმე სიმღერა წამოეწეოდა კლასიკას და არც ქართულ სიმღერებს მიტოვებდა ჩემი ფირსაკრავი, თუმცა ხანდახან მაინც გამოურევდა რამე შეუფერებელს და მეც, თითქოს არ მესმის-თქო, სხვა ოთახში გავდიოდი გამორთვის ნაცვლად.
საკუთარი ჯანმრთელობით მალევე დავინტერესდი, რადგან ასე ღვინოზე შეჩვევა არ წამადგებოდა, არც საკუთარ თავში ჩაკეტვა იყო გამოსავალი და ჩემი, უფრო სწორად, ჩემი ყოფილი საქმროს ბინძური ხელებიდან გამოსასვლელად უნივერსიტეტში ლექციებზე სიარულის აღდგენა გადავწყვიტე.
ვისწავლეთ ახალი კერძების მომზადება, სახლში კი მათი ექსპერიმენტულად გადაკეთება უფრო მიზიდავდა, ამიტომ ხშირად ვუზავებდი სრულიად უგემოვნოდ ინგრედიენტებს, თან ისე, რომ ეზოს ძაღლებიც კი არ ეკარებოდნენ და პირდაპირ სანაგვე ურნაში ვუკრავდი თავს ზედმეტი ფიქრის გარეშე.
ერთხელაც გადავწყვიტე, იმერული კერძებიდან რაიმე უფრო ევროპული გამომსვლოდა და ლობიოს პარმეზანი შევუზავე, ალბათ წარმოდგენაც არ უნდა, რა საშინელება გამოვიდა, თუმცა მეზობლების ყურადღება ნამდვილად მივიპყარი.
კარზე კაკუნს მიჩვეული ვიყავი, მუდამ ვიღაც მოდიოდა, მაგრამ თითქმის არასოდეს მოდიოდა ჩემთან დაუპატიჟებელი სტუმარი, აღარც ის ვაჟკაცი მოდიოდა ხოლმე პატიების თხოვნით, თან მის კაკუნს ყველაში გამოვარჩევდი. ცოტათი შევცბი და ფეხაკრებით მივედი კართან. სიმპატიური ბიჭი იდგა, მაგრამ საერთოდაც არ დამაინტერესა მისმა სიმპატიურობამ, მე ხომ გულგატეხილი ქალის სინდრომი მჭირდა, რომელსაც არ აინტერესებდა სხვა მამაკაცი, დაივიწყა ბედნიერება და აღარ სჯეროდა სიყვარულის, ამიტომ არც ჩემი დასვრილი ხელები გამიწმენდია, არც თმა შემისწორებია და არც წინსაფარი ჩამომიხსნია სასწრაფოდ.
როგორც ვთქვი, მეზობლები დავაინტერესე-თქო და ისიც ჩემი მეზობელი აღმოჩნდა, ორი თავი ხახვი არა, უბრალოდ რეცეპტი უნდოდა რომელიმე კერძის.
გამეცინა, ნეტავ თავი რომელი ფილმის პერსონაჟი ეგონა, ასე რომ მომადგა, ან რა ეგონა, გავუღებდი კარს და ღვინოსთან ერთად ჩამოვუწერდი ჩემი სოკოს ღვეზელის რეცეპტს?
კარებშივე მივაძახე წარუმატებელი ექსპერიმენტია და მალე გადავყრი-თქო და კარი მივუხურე.
იმ დღის შემდეგ პირველად მაშინ გავიცინე, წარმოვიდგინე როგორი დასანახი ვიქნებოდი, როგორი სასაცილო და უტაქტო გამოვჩნდებოდი, მაგრამ არ მადარდებდა. არ მადარდებდა სხვა რას იფიქრებდა ჩემზე. მთავარი ჩემი წარმოდგენა იყო ჩემ თავზე და სწორედ ასე, უცნაურად გამოწყობილი, საშინელი საჭმლით ხელში მომწონდა ჩემი თავი და არ ვაპირებდი რაიმეს შეცვლას.


***
ჩემს მდგომარეობაზე მეგობრები უფრო წუხდნენ, ვიდრე თავად მე. ვერ დავიკვეხნი, ბევრი მეგობარი მყავს და, მითუმეტეს, ძალიან ერთგულები-თქო, მაგრამ აშკარად აღელვებდათ ჩემი მაშინდელი ყოფა, ამიტომ სამსახური შემომთავაზეს. დიდი არაფერი, მიმტანის თანამდებობა, თუმცა ძალიან გამიხარდა, - დრო უფრო მალე გავიდოდა, ფიქრისთვის თავსაც აღარ დავიღლიდი და, ამავე დროს, ფულსაც ვიშოვიდი.
-მწვანე ჩაი ლიმონის წვენით, ფრანგული კრუასანი შოკოლადით და ერთი ჭიქა მინერალური წყალი.
აი, ამ შეკვეთამ სიახლე შეიტანა ჩემს დეპრესიულ ცხოვრებაში, ეს ის ბიჭი იყო, კარებთან რომ მომადგა რეცეპტისთვის.
-ნუთუ ეს დამთხვევაა? აქაც წარუმატებელ ექსპერიმენტს შემომთავაზებ თუ გემრიელად დამანაყრებ?
გამეცინა, ზრდილობიანად დავუკარი თავი და შეკვეთა მივუტანე.
იმ დღეს ბევრად სიმპატიური მომეჩვენა ჩემი მეზობელი, თუმცა მისთვის სოკოს ღვეზელის გამოცხობას ნამდვლად არ ვაპირებდი, - ხომ ვთქვი დეპრესიული ქალის სინდრომი მქონდა-მეთქი.
ასე შემოდიოდა ყოველ დღე თორმეტის ნახევრიდან პირველ საათამდე შუალედში და სულ ერთსა და იმავე შეკვეთას იღებდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ყოველ მეორე დღეს მისი ნახვა მიწევდა, ცვლების მიხედვით. მომსახურებით კი უმეტესად მე ვემსახურებოდი, დამთხვევით არა, შეგნებულად. ორ კვირაში კი უკვე საათზე ყურება და თვალების ცეცება დავიწყე მის საძებნელად.
ასე გავიდა სამი თვე. ჩვენი საუბარი შეკვეთას, მადლობას და დამშვიდობებას არ გასცილებია. დასვენების დღეებზე და უქმეებზე კი ისეთი შეგრძნება მეუფლებოდა, თითქოს რაღაც მაკლდა.
ერთ დღესაც , როდესაც ცვლა როგორც იქნა დავამთავრე, მოვიკიდე ჩემი ჩანთა და ლასლასით ჩავედი კიბეებზე, ის კართან დამხვდა, სიგარეტს ეწეოდა. ჩემ დანახვაზე სიგარეტი ნაგვის ურნაზე ჩააქრო და იქვე ჩაუშვა, მე კი მის ამ მოქმედებას ნელა გავაყოლე თვალი. სახლში გაცილება შემომთავაზა,- ერთ კორპუსში ვცხოვრობთ და ერთად მივიდეთო, თუმცა უარზე ვიყავი, არ მიყვარდა ცანცარა გოგონები და არც ისეთი, თავ-პატიჟს რომ გაიდებდნენ და ახვეწნინებდნენ, ამიტომ რამდენჯერმე ვიუარე, ისიც არ მომეშვა და მისი მანქანისკენ ერთად წავედით.
სიმართლე გითხრათ, ყველაზე მოსაწყენი საუბარი იყო, რაც კი ოდესმე მქონია, რადგან ძალიან მორცხვი და მორიდებული აღმოჩნდა ჩემი მეზობელი, თითქმის არაფერი უთქვამს საათნახევრიან გზაზე, მხოლოდ სახელი და რამდენიმე ძალიან მწირი ინფორმაცია გავიგე მასზე, მეც არ დამიწყია ჩემი ისტორიების მოყოლა და ფანჯარაში ქალაქის ხედების ყურება ვამჯობინე.
-შეიძლება რაღაც გთხოვოთ? - თითქმის აკანკალებული ხმით ვუთხარი მას. მანაც, უფრო სწორად, უკვე სახელით შემიძლია მოხსენიება, ვატომ პატარა ბავშვივით შემომხედა, თითქოს ომობანას თამაში უნდა შემეთავაზებინა, გამიღიმა და თავი დამიკრა. ჩემი თხოვნა ზედმეტად სასაცილო იყო, ბაზარში შესვლა მინდოდა და, თუ დრო ჰქონდა, დამლოდებოდა, თუ არადა, ტაქსით წავიდოდი. პასუხი ზუსტად ვიცოდი, ამიტომ ამ შანსით ვისარგებლე და იმაზე მეტი რამ ვიყიდე, რასაც ზოგადად ვყიდულობ ხოლმე, სიმძიმისდა გამო.
სულ ეს იყო. ჩვენი შეხვედრები კვლავ კაფეში, ყოველ მეორე დღეს გაგრძელდა ჩვეულ რიტმში: ჩაი, კრუასანი და მინერალური წყალი.
***
სამზარეულოში ფუსფუსის დღე, ანუ დასვენების დღე დადგა. მოვიმარჯვე :
• ქათამი
• დაფნის ფოთლები
• ნუში
• მაიონეზი
• კიტრი
• სალათის ფურცლები
• იოგურტი
• ლიმონის ცედრა
• რეჰანი
და შევუდექი მზადებას, თან Eric Clapton-ის „Autumn Leaves“ ჩავრთე და ხუთ წუთიან ნეტარებს გამორთვის საშუალება არ მივეცი:
„...Since you went away, the days grow long
And soon I'll hear old winter's song
But I miss you most of all, my darling
When autumn leaves start to fall...“
მღეროდა ჩემი ტელევიზორი, თუმცა მაინც გაზაფხული ყველაფერს მერჩია. ისიც ძალიან მალე შემოაბიჯებდა მბრუნავ დედამიწაზე, რადგან უკვე თებერვალი იწურებოდა.
ჩემი კერძი კი ნელ-ნელა კეთდებოდა. ქათმის მოსახარშად დატოვებულ ორმოცწუთიან საზომს უკვე წუთები ელეოდა, ამიტომ სხვა ინგრედიენტების გამზადება დავიწყე და თავში იდეამ ელვასავით შემოანათა.
ვატოს დავპატიჟებ.
გაიელვა კიდევ ერთხელ და იქვე დივანზე დავჯექი გადაწყვეტილების სისწორის განსასაზღვრად.
ვარიანტი 1. ჩავიდე და ვუთხრა: ვატო, ძალიან გემრიელი კერძი მოვამზადე, ნახევარ საათში ჩემთან გელოდები - ეს ძალიან მკაცრი განაცხადია, ძალიან გემრიელი კერძი (იქნებ არ მოსწონს), ჩემთან გელოდები (ლოგინიც გავამზადე უკვე).
ვარიანტი 2. ჩავიდე და ჩავუტანო საჭმელი - ეს მზრუნველობაა, თუმცა ერთად კერძის დაგემოვნება არ გამოვა.
კიდევ ბევრი ვარიანტი მოგროვდა ჩემს თავში, თუმცა იმპროვიზაციას ვუხმე და ორი სართულით ქვემოთ სახლის ჩუსტებით და პლედმოფარებული ჩავედი.
ვატომ პირველივე დაკაკუნებაზე გამომხედა და, როგორც ჩანს, ისიც სახლის დღისთვის გამოწყობილი, სპორტულებით შემეგება. ჩემმა დანახვამ თავიდან დააბნია, შემდეგ გააღიმა და კარიც ბოლომდე გამოაღო, რადგან ზღურბლზე გადამებიჯა, თუმცა სათქმელი პირდაპირ ვუთხარი და თანხმობის შემდეგ კიბეებს ავუყევი. კარგა ხანი არ მიუკეტავს კარი, მხოლოდ მეოცე კიბის შემდეგ გავიგე კარის ჩუმი მიჯახუნება.
***
ჩუსტებით არ დავხვდი, თხელძირიანი ფეხსაცმელი ჩავიცვი, ჯინსი და ზოლიანი პერანგი, თმაც მაღლა ავიწიე და სუფრაც გავაწყვე. მიუხედავად იმისა, რომ სალათი ძალიან გემრიელად გამოიყურებოდა, ღვინოც წითელი და ნახევრად ტკბილი იყო და წინა დღით მომზადებული ყაბაყის პიცაც შევაცხელე, მაინც რაღაც მაკლდა, თუმცა ფქვილიანი ხელებით შეხვედრა ნამდვილად არ მინდოდა, ამიტომ ყველაზე მარტივი გზა ვიპოვე დესერტის დასამზადებლად.
შოკოლადს დავასხი ცხელი ნაღები და მანამ ვურიე, სანამ მთლიანად არ გალღვა, თასში ჩავალაგე დამტვრეული ორცხობილები და მოვაყარე თხილი, მოვასხი შოკოლადი და შევდგი საყინულეში.
ამ საოცრებას სულ ათი წუთი უნდა, თუმცა ეფექტს ნამდვილად ახდენს, თან ამაყად იტყვი, რომ შენი მომზადებულია.
პირველი პაემანი, თუკი შეიძლება ასე დაერქვას, ნამდვილად შედგა. ვატო ბევრად ჭკვიანი და კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა, განსაკუთრებით ერთი-ორი ჭიქა ღვინის შემდეგ.
-ქალები ყველაზე ამოუცნობი ობიექტები ხართ დედამიწაზე. სწორად დაუწერიათ „ქარის მესმის, მაგრამ ქალებს ვერ გავუგე ვერაფერიო“, შეიძლება ძალიან მხიარული საღამოს შემდეგ ქალი მოვიდეს შენთან და ცრემლიანი თვალებით გითხრას, თუ როგორ მოიწყინა და რამე უჩვეულო და ეგზოტიკური უნდა.
-ნუთუ მხოლოდ ქალები ვართ ასე, მამაკაცს ხომ თითქმის არასოდეს აკმაყოფილებს ერთი? - ჩემი ტკივილი აქაც ჩავაკვეხე და მისი პასუხის მოლოდინში ჭიქიდან ერთი ყლუპი ღვინო მოვწრუპე.
- „ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა.
ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ფართოდ გაშლილი და მოხატული თამარ დედოფლის დარბაზივითა.
კაცის გული ისეთია,
ვით მორევი შავი ზღვისა,
რა გინდ კარგი ცოლი ჰყავდეს,
მაინც ენატრება სხვისა.“
-რა გინდა მაგით თქვა?
-მე არაფერი, ლადო ასათიანმა თქვა, თუმცა რატომ ნამდვილად არ ვიცი. როგორ შეიძლება გიყვარდეს ქალი და შენ სხვას უყურედე და მითუმეტეს გინდოდეს? შენი ქალი ხომ ყველაზე ამაღლებული უნდა გყავდეს, მის თვალებში ხედავდე მთელ სამყაროს და მის ღიმილში მთელ რიგ ბედნიერებას, მართლა არ მესმის ასათიანის, ნეტავ რამ დააწერინა ეს ლექსი, იქნებ ქალი საერთოდაც არ იგულისხმა, თუმცა რას გაუგებ პოეტ კაცს.
***
გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად ჩემი გარდერობიც ნელ-ნელა იძენდა ფერებს, აღარც ღალატის სუნი იდგა ჩემსავე სახლში და არც ის მოღალატე კაცი მახსენებდა თავს. დიდად ვერც ვატოზე გადავერთე, თუმცა მისი ყურადღება მაინც სასიამოვნო და შესაქები იყო.
ვატო ზრდილობიანი მამაკაცი აღმოჩნდა, არც ზედმეტი კითხვებით მიბურღავდა ტვინს და არც კითხვების ნაკლებობას განვიცდიდი, ზუსტად ხვდებოდა სად და როგორ უნდა ეთქვა ან ეკითხა რაიმე. უფრო ხშირად ზოგადსაკაცობრიო საკითხებზე ვმსჯელობდით და მიუხედავად იმისა, რომ თითქმის უმეტესად სხვადასხვა აზრი გვქონდა, მაინც არ მიჩნდებოდა სიბრაზის ან გაღიზიანების გრძნობა, არც ჩემი აზრის სისწორეს ვიცავდი გამწარებული, პირიქით, ძალიან მშვიდად ვმსჯელობდით და ერთმანეთის აზრს პატივს ვცემდით.
ერთხელაც გაზაფხულზე ჩამოვარდა საუბარი და ლექსი წამიკითხა, ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ლექსი მე მომიძღვნეს, თუნდაც წაკითხული.
ჩემმა და ვატოს შეხვედრებმა კი ნელ-ნელა კაფიდან ჩემს და მის სახლში გადაინაცვლეს. ვსხდებოდით და ხან ფინჯან ყავაზე, ხან ერთ ჭიქა ღვინოზე, ხანაც კი ერთ ბაკალ ლუდზე ვმსჯელობდით, ერთმანეთს აზრებს ვუზიარებდით, წაკითხულ წიგნებზე და ახალ სტატიებზე ვსაუბრობდით. ერთხელაც კი ჩემი ისტორიით დაინტერესდა, თუმცა მოხერხებულად ავუარე გვერდი ამ თემას და ოსტატურად გადავიტანე საუბარი ღალატიდან კულინარიაზე.
კულინარია ხომ ის თემაა, სადაც ყველაზე თავისუფლად ვგრძნობ თავს, ვშლი ფრთებს და დაუღალავად შემიძლია ვისაუბრო ინგრედიენტების შეთავსებაზე და მათ სხვადასხვა თვისებებზე.
***
რვა მარტიც დადგა. ამ დღეს დასვენება მომიწია, იმიტომ არა, რომ ქალი ვარ, ჩემი სხვა კოლეგები ჩვეულებრივ აგრძელებდნენ მუშაობას, ეს უბრალო დამთხვევა იყო. არც ყვავილები მოურთმევია ვინმეს იმის გამო, რომ ქალებად გავჩნდით და არც დასვენების დღე გვაჩუქეს, თუმცა მე მაინც გამიმართლა.
წინა დღით ბაზარში შევიარე, მარკეტში არა, გადავწყვიტე ნამდვილი და სუფთა პროდუქტი მეყიდა, ამიტომ შავებში ჩაცმულ ბებოსგან ერთი კილო ლობიო ვიყიდე და რვა მარტის დილით, ხალათმოცმული, სამზარეულოს მაგიდასთან წამოვჯექი, ლანგარზე დავყარე ჩემი ლობიო და დიდ ქვაბში გარჩეული მარცვლები ანაზდად მოვიქნიე. მიუხედავად შავოსანი ბებოს ფიცისა, რომ რჩეულ-რჩეული მარცვლები გამომატანა, რადგან ლამაზი და კარგი გოგო ვიყავი, მაინც ძალიან ბევრი შავი და გაფუჭებული მარცვალი შემხვდა და მეც მთელი დილა მათ გადარჩევაში გავატარე.
როგორც იქნა, გაზქურაზე შემოვდგი ლობიოს მარცვლებით სავსე ქვაბი, მე წყალი გადავივლე და სახლის ტანსაცმელში გამოვიწკიპე.
ტელეფონისთვის არც დამიხედავს იმ დილით, ბევრი მომილოცავდა, ყვავილების ფოტოებსაც გამომიგზავნიდნენ, თუმცა რეალური მომლოცველი დედაჩემის გარდა არავინ იყო, ამიტომ მეც მხოლოდ მას დავურეკე.
ქალად დაბადება განაჩენი არ არის! ქალი ყველაზე ძლიერი და ამავდროულად სუსტი არსებაა დედამიწის გულზე. ყველაზე ამოუცნობი და სათუთი არსება. ბოლო-ბოლო ადამმაც ხომ ვერ გაძლო ევას გარეშე, საერთოდ არ იცოდა მისი არსებობის შესახებ, როდესაც უკვე ენატრებოდა და მასთან ყოფნა ყველაზე მეტად სურდა.
***
არავის ველოდი, თუმცა კარზე კაკუნმა ჩემი გეგმები შეცვალა. პირველივე ხმაზე გული საგულეს აღარ ეკუთვნოდა, ეს ჩემი მოღალატე საქმროს ხელის ხმას გავდა, თუმცა მაინც არ დავიჯერე და ნელ-ნელა მივიპარე კართან. მუხლები ლამის ჩამეკეცა მისი დანახვისას. გავშეშდი, გავფითრდი, ძალა მთლიანად წამერთვა, კარგა ხნის განმავლობაში ვიდექი გაუნძრევლად, მეგონა სუნთქვაც კი შევწყვიტე იმწუთას და გადაწყვეტილების მიღებისთვის საკუთარ თავს რამდენიმე წუთი კიდევ მივეცი.
გაღება გადავწყვიტე. არ ვიცი, რატომ, თუმცა ალბათ ძველი სიყვარულის ნაკვალევი კვლავ შერჩენოდა ჩემს გულს.
კარი გამოვაღე.
მისი დანახვისას და თვალების შემონათებისას ელდა მეცა, სულ გავწითლდი, ხმაც არ ამომიღია, უბრალოდ ვიდექი და ვუყურებდი.
-პირველი ქალი ხარ, ვისაც გული ვატკინე, მართა. პირველი ქალი ხარ, ვისთვისაც ბოდიშის მოხდა მომინდა, პირველი ქალი ხარ, რომელიც მთელი გულით შევიყვარე და ერთი სულელური შეცდომის გამო ჩვენს ოცნებებს ნუ დავამსხვრევთ, გთხოვ. კიდევ ერთხელ გთხოვ დაფიქრებას, კიდევ ერთ შანსს გთხოვ, მართა. თითქმის ხუთი თვე გადის ჩვენი დაშორებიდან და მე ყოველდღე შენზე ვფიქრობ, წამი არ გადის შენზე ფიქრის და ოცნების გარეშე. დამიბრუნდი , გთხოვ.
-ყოველ დღეს შენზე ფიქრში ვატარებ, ლევან, თუმცა ნდობა გაქრა, გესმის? ნდობა აღარ არის და აღარც აშენდება. წარმოიდგინე კედელი, რომელიც ძალიან ლამაზად იყო მოხატული, როგორც არ უნდა ეცადო მის აღდგენას, ვერა და ვერ შეძლებ ზუსტად იგივე ნახატი მიიღო ბზარისა და შეცდომების გარეშე, ვეღარც თავიდან დახატვას შეძლებ, უბრალოდ გაქრა, ნაცრად იქცა და ჰაერში გაიფანტა. ღალატს ტყუილი დაემატა, ტყუილს კი უამრავი გულისტკენა და ახლა ჩვენი გზები სამუდამოდ გაიყო.
ამ სიტყვებზე კარს ხელი ჰკრა, შემოანგრია და ისე შემოვარდა მეგონა მთელ სახლს დაანგრევდა. ყვავილები, რომლებიც, სავარაუდოდ, ბოდიშის ნიშნად მომიტანა მაგიდაზე დააგდო, თვითონ ჯერ ერთ კედელს დაარტყა მუშტი, შემდეგ კი - მეორეს. მოწყვეტით დაჯდა დივანზე და თავი ხელებში ჩარგო.
-მართა, ერთი შეცდომა ამად უნდა დამიჯდეს? რატომ მექცევი ასე?
-შენმა ერთმა შეცდომამ ცხოვრება დამინგრია, რატომ ვერ ხვდები? ნდობა, რომელიც შენ მიმართ გამაჩნდა, გაქრა, მოკვდა და ნაცრად იქცა. როგორ გიყურებ იმ დღის შემდეგ, არ გიკვირს?
წამოდგა, მკლავებში ხელი წამავლო და შემანჯღრია. სიტყვების კორიანტელი თავს დამაყარა, მისი სუნი კვლავ ძველებურად ძლიერად ვიგრძენი, თუმცა სიყვარულის ნაცვლად ჩემში ზიზღი გამოიწვია, რამდენჯერმე მისი სახე ისე ახლოს მოვიდა ჩემთან, რომ მეგონა ჩამარტყამდა, თუმცა არც ამას მოერიდა და ჩემი უსიტყვობის შედეგად ხელი დასარტყამად წამოწია. საბედნიეროდ, მხოლოდ წამოწია და ჰაერშივე გააჩერა.
***

ოთახში ბოლთას ვცემდი, ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი, ხან რას მივაწყდებოდი, ხან რას, საკუთარ თავს კი ხან ვამშვიდებდი, ხანაც რაღაცის დალეწვისკენ მოვუწოდებდი. ბოლოს ნერვებმა მიმტყუნა, შუა ოთახში იატაკზე დავჯექი და ხმამაღლა ავქვითინდი. ცრემლებს ვერ ვიკავებდი, არ ვიცია რას უფრო ვერ ვპატიობდი საკუთარ თავს, ის გარეწარი რომ სახლში შემოვუშვი, თუ კიდევ რომ გამაჩნდა გრძნობა მის მიმართ, თუნდაც ძალიან მწირი.
კარზე კვლავ კაკუნი გაისმა, საერთოდ არ მინდოდა ვინმეს ნახვა, თუმცა კაკუნი ბრახუნში, შემდეგ კი ჩემი სახელის ძახილში გადაიზარდა. ხმაზე ვიცანი ვატო იყო. სასწრაფოდ შევიმშრალე ცრემლები და კართან მივღოღდი.
-მართა, კარგად ხარ? - ხელი წამაშველა ჩაკეცვამდე მისულს, სასაჩუქრე ჩანთა და ყვავილები შემოსასვლელშივე დატოვა და მე დივნისკენ ბორძიკ-ბორძიკით მიმიყვანა - სასწრაფოს ხომ არ გამოვუძახო? წყალი ხომ არ გინდა?- და მსგავსი მილიონობით კითხვა დამაყარა, მე კი ყველაფერზე თავს გამალებით უარყოფის ნიშნად ვუქნევდი.
მაგიდაზე ყვავილები მალევე შეამჩნია, დაუდევრად მოქცევის კვალი მაშინვე დაეტყო თაიგულს, მაგიდაზე დარტყმის დროს აქეთ-იქით გავარდა ზოგიერთი ყვავილი, ზოგიც გადატყდა, ამიტომ რთული მისახვედრი არ იყო, რომ აქ რაღაც მოხდა, თუმცა რა, ეს ჩემი პირადი იყო.
საბედნიეროდ, ვატოს არ მოუთხოვია ამეხსნა მისთვის თუ რა მოხდა ჩემს სახლში მის მოსვლამდე ერთი საათით ადრე, აღარც ზედმეტი კითხვებით მოუბეზრებია თავი.
გვერდით მომიჯდა, ჩემი ხელი მის ხელებში მოაქცია და ასე გარინდულები მხოლოდ სუნთქვით ვარღვევდით ოთხ კედელში ჩამოწოლილ სიჩუმეს. ბევრი რამ გვქონდა ერთმანეთისთვის სათქმელი, ბევრსაც მოვუყვებოდით ერთმანეთს, თუმცა იმ მომენტში სიჩუმე საუკეთესო გამოსავლად გვეჩვენებოდა.
უეცრად ვატო წამოდგა, იმდენად მოულოდნელი იყო მისი ფეხზე წამოხტომა, რომ შევცბი. ჩემი საძინებლის კართან მივიდა, სახელურს ხელი მოჰკიდა და უკან მდგომს გამომხედა, გაფართოებულ თვალებში ალბათ თანხმობა დაინახა და შეაბიჯა. კარადიდან ჯინსი და ის პულოვერი გადმოიღო, საერთოდ რომ გამქრალიყო ჩემი მეხსიერებიდან და მთხოვა, ჩამეცვა. მეც დავთანხმდი ზედმეტი კითხვების გარეშე და თხუთმეტ წუთში ვატოს მანქანის წინა სავარძელზე ღვედს ვიკრავდი.
***
არც მანქანაში დარღვეულა ჩვენი სიჩუმე, ნაზი მელოდიის ჰანგებით მივაპობდით ავტობანს. სასიამოვნო დღე იყო, მიუხედავად გაზაფხულის პირველი დღეებისა, მაინც იგრძნობოდა სითბო, სასიამოვნო სურნელი და გაზაფხულის შემობრძანება ჩვენს პლანეტაზე.
გადავუხვიეთ. პირველად მაშინ მითხრა ხადას ხეობაში მივდივართო.
-ბუნება ყოველთვის შველის ადამიანს. არ ვიცი საიდან გრძნობს ან იცის, თუმცა ზუსტ წამალს გამოუწერს ხოლმე პაციენტს და შინ უკვე გამოჯანმრთელებულს უშვებს.
-გზად ანანურშიც ხომ არ შეგვევლო, ვატო? ცოტა ხნით არც ღმერთთან საუბარი აწყენდა ჩემს დამძიმებულ გონებას, ხანდახან კი ვსაუბრობ ხოლმე მასთან, თუმცა ტაძარში სხვანაირად ვგრძნობ მის სიახლოვეს, თითქოს გულიდან ლოდი მეხსნება და ჩემი დანთებული სანთლით ცოდვებს მპატიობს.
თანხმობა მივიღე. გზად ანანურშიც შევიარეთ და საკმაოდ დიდი ხანიც დავყავით იქ. ეკლესიამ , რელიგიამ და თვალწინ გადაშლილმა ულამაზესმა ბუნებამ ჩემი და ვატოს საუბარი კიდევ უფრო საინტერესო გახადა. ძალიან მესიამოვნა, როდესაც ღმერთის მიმართ მასაც ისეთივე დამოკიდებულება აღმოაჩნდა, როგორიც მე.
გზა გავაგრძელეთ, თუმცა კონკრეტულად სად მივდიოდით არ ვიცოდით. გზად მაღაზიაში შევიარეთ, ცხელი შოთის პურები, ვაშლი და საჭმელი ვიყიდეთ. კარგ საპიკნიკე ადგილს ვეძებდით.
ფასანაურშივე გავჩერდით, ვატოს ძალიან ეჩქარებოდა ჩემი ამბის გაგება, რადგან ბუნებით გამოწვეულ აღტაცებასთან ერთად სახეზე სევდას მაინც მატყობდა.
-შენი ღიმილი ამ მთებზე და მდელოზე ლამაზია, ზაფხულის მზეც კი ვერ ათბობს ისე გარემოს, როგორც შენი ორი, ერთმანეთის მსგავსი ტუჩი. არ მინდა რამემ, თუნდაც ძალიან პირადულმა, თუნდაც ძალიან უმნიშვნელომ ან საერთოდაც, ვინმე სხვა პიროვნებამ ეგ ღიმილი სახედან მოგაცილოს. ცნობისმოყვარეობით ვკვდები, ისიც ვიცი, საქმე სიყვარულს შეეხება, თუმცა მე შენგან მინდა გავიგო რა ხდება მაგ შენს ლამაზ თავში, ყვავილებით მორთულ გულში და ფერად-ფერად ფიქრებში. არ მისცე არცერთ ნეგატიურ ფონს, წვეთს და ფერს შენი ლამაზი და მუდამ მომღიმარი სახის დანაღვლიანების უფლება - მარჯვენა ხელი ყურთან შემიცურა და თვალებში ჩამხედა, თითქოს დამწვა ამ მზერამ, მისმა მზრუნველობამ და თვალები ძირს დავხარე - ძალიან ფერმკრთალი ხარ, ძვირფასო. ცოტა დავნაყრდეთ, შემდეგ კი თუკი სურვილი გექნება ვისაუბროთ, ვისაუბროთ ყველაფერზე , რაც გაწუხებს და ერთად მოვიფიქროთ როგორ მოვაგვაროთ ის.
მართლაც ძალიან მშიოდა. ჩემი ლობიო მოხარშული იდგა გაზქურაზე ეულად და ჩემს ხასიათზე მოსვლას ელოდა, მე კი შოთი და ძეხვი უნდა მეჭამა, რადგან შიმშილს ყველანაირი გრძნობა მირჩევნია, მათ შორის გულის გატეხვაც კი.
-ვატო, იცი როგორ მზადდება კიევური კატლეტი? - ჩემმა კითხვამ ჯერ გააკვირვა, შემდეგ კი გააცინა.
-არა, ნამდვილად არ მიფიქრია კიევურ კატლეტზე, რადგან უმეტესად მზა საჭმელს ვყიდულობ ან ვიძახებ შიგადაშიგ.
მე კი მოყოლა დავიწყე, ვიცოდი, არ აინტერესებდა, არც საჭირო ინფორმაცია არ იყო, თუმცა მინდოდა საუბარი როგორმე დამეწყო.
-ქათმის ფილეს, სასურველია, დავუტოვოთ მკერდის ძვალი, მაგრამ უძვლო ფილეს გამოყენებაც შეგვიძლია. ფილე გავრეცხოთ, გავამშრალოთ. ბასრი დანით სიბრტყეზე გადავჭრათ ისე, რომ კიდე არ გავჭრათ და გადაიშალოს. დავაფაროთ ცელოფანი და დავბეგვოთ, რომ უფრო დათხელდეს და გაიშალოს, ხომ ხვდები როგორც? - ვატო ღიმილით მიკრავდა თავს და თან თმას ისწორებდა- შემდეგ კარაქს შევურიოთ მარილი, პილპილი, წვრილად დაჭრილი კამა, მივცეთ მოგრძო კაფსულის ფორმა და გავყინოთ. ფილეს წავუსვათ მარილი და პილპილი, შუაში ჩავუდოთ კარაქის ბურთულა და ისე გადავახვიოთ, რომ ყველა კუთხიდან კარგად დაიფაროს. მიღებული კატლეტი ჯერ ფქვილში ამოვავლოთ, შემდეგ ათქვეფილ კვერცხში, ბოლოს საფანელში. მერე კვლავ კვერცხში და საფანელში. ეს პროცესი საჭიროა იმისთვის, რომ ფილე კარგად შეიკრას და კარაქმა არ გამოჟონოს. კატლეტი შევწვათ ცხელ ზეთში, საშუალო ცეცხლზე. ყველა მხრიდან რომ მოვბრაწავთ, ცეცხლს დავუწიოთ, ტაფას დავახუროთ და ასე დავასრულოთ მომზადება. თან ხშირ-ხშრად ვაბრუნოთ. ოხ, როგორ მომინდა კატლეტი, გინდა ამ დღეებში მოგიმზადო?
პასუხი დადებითი იყო, თუმცა უკვე ვეღარსად გავექცეოდი ჩემი ისტორიის მოყოლას.
-მიღალატეს, ხუთი თვის წინ ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული ჩემსავე საძინებელში ვიღაც ქალთან ერთად საწოლში კოტრიალობდა. მე ქალაქგარეთ ვიყავი წასული კურსელებთან ერთად, ლევანმა კი მთხოვა გასაღები დამეტოვებინა, რადგან სახლში რაღაცებს გააკეთებდა. არც კი დავფიქრებულვარ, ისე მივეცი გასაღები და მე მშვიდად წავედი გასართობად. იმავე დღეს ჩემს მეგობარს კაბა დასჭირდა, ხომ გესმის გოგოშკური ამბები, ტანსაცმლის თხოვება და ა.შ. მეც ვუთხარი, რომ ლევანი სახლში იყო და შეეძლო, ასულიყო ნებისმიერ დროს. სწორედ ამ გოგომ ნახა ის სცენა, რისი წარმოდგენაც დღემდე სულს მიყინავს. ლევანს ბევრი ულაპარაკია, ეხვეწებოდა ჩემთვის არაფერი ეთქვა, ტყუილს ტყუილზე ამატებდა, თუმცა ამ გოგომ მაინც მომიყვა ყველაფერი. დღეს კი გამომეცხადა და ბოდიშები მიხადა, რაზეც უარი მიიღო და სასტიკად გაცოფდა.
კიდევ ბევრი რამ მოვუყევი ჩვენი ურთიერთობიდან, ლამაზი დღეები და თავგადასავლები გავიხსენე, ვატო კი იჯდა და მისმენდა, ბოლოს თავი ჩემს კალთაში ჩადო და გაიტრუნა.
ასე იწვა, დაახლოებით, თხუთმეტი წუთი, მე კი მისი აზრი და შეხედულება ძალიან მაინტერესებდა.
გული გამალებით მიცემდა, შენჯღრევაც მომინდა, რომ გამოფხიზლებულიყო , თუმცა ხმას კვლავ არ იღებდა.
-წითელი მოცხარის საწებლის გაკეთება იცი, მართა?
კითხვამ ისე დამაბნია, თავი ავაწევინე და სახეში შევხედე ხომ არ დამცინის-თქო, თუმცა სრულიად სერიოზული სახე ეჭირა. ვიცი-თქო ვუთხარი და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა ჩემს მუხლებზე.
-კიევურ კატლეტს მოუხდება მგონი, შენ რას იტყვი?
-ნამდვილად უნდა მოუხდეს, თუმცა რამ გაგახსენა საწებელი?
-იქნებ რეცეპტიც მომიყვე და დღესვე შევიაროთ ბაზარში ინგრედიენტებისთვის
-მოცხარი მაის-ივნისში ყვავის, თუმცა მაინც შეიძლება მისი პოვნა - ჩავფიქრდი -ბევრი არაფერი სჭირდება: მოცხარი, ქინძი, ქონდარი, წიწაკა, მარილი და ნიორი.
-ხოდა გავაკეთოთ, რთული არ იქნება შენისთანა ოქროსხელება გოგოსთვის. რაც შეეხება შენს ისტორიას, მე ყველაფერს თავის დროზე გეტყვი, რა თქმა უნდა, სწორ დროსა და ადგილას, თუმცა შენ უნდა გადაწყვიტო ყველაფერი. მე ყველანაირად ვეცდები დაგავიწყო ის, ვინც შენი ღირსი არ ყოფილა, ამიტომ კიევური კატლეტი და საწებელი ახლა ყველაზე კარგი გამოსავალი მგონია.
***
იმ დღეს ფასანაურში გაჩერება გადავწყვიტეთ. ბინისა და ღვთისნიერი ადამიანის პოვნა, რომელიც თავის ორ საძინებელს დაგვითმობდა, მარტივი აღმოჩნდა. ხშირად რჩება ხოლმე აქ მთიდან დაბრუნებული ხალხიო - გვითხრეს სოფლის ორღობეში. ჩვენც მეტი რა გვინდოდა, ორი ოთახი და საპირფარეშო, წყლის გადავლებისა და აბაზანის მიღების ამბიცია კი არავის ჰქონია.
გაზაფხული ნელ-ნელა შეპარვოდა ბუნებას. ციოდა, თუმცა დღე საგრძნობლად მომატებულიყო, ამიტომ ექვსი საათის ნაცვლად, ახლა შვიდზე იწყებოდა შებინდება. ჩვენ, დაახლოებით, ექვსზე დავბანაკდით, ამიტომ მშვენიერი დრო იყო დროის ეზოში გასატარებლად. ქალაქთან შედარებით ძალიან ციოდა, ამიტომ ჩვენმა მასპინძელმა ბებომ დიდი "ადიელები" გამოგვიტანა, ჩვენთან პლედებს რომ ეძახიან. დიდი და თბილი იყო ჩვენი მოსაფარებელი, ძველებური და ცოტა სიძველის სუნიც დაჰკრავდა, თუმცა იმ მომენტში სამოთხედ გვეჩვენებოდა ყველაფერი.
ეზოში ორი სკამი გავიტანეთ. ბებო საქონლების მისახედად წავიდა უკან ეზოში, ჩვენ დავსხედით და სოფლის ხმებს ვუგდეთ ყური. მერცხლები ჯერ არ მოფრენილიყვნენ, თუმცა ლამაზი ჩიტების უფრო ლამაზი ჟღურტული იქაურობას აყრუებდა. შიგადაშიგ მეზობლის ძაღლი გაუბრაზდებოდა რაღაცას და ყეფას მორთავდა, თუმცა ეს ხელს ნამდვილად არ უშლიდა სოფლის სამოთხეს. იქვე ბავშვები დაჭერობანას თამაშობდნენ და "სტუკას" ძახილით გაჰქონდათ სოფელი.
ეზოში პატარა, ცქრიალა გოგო შემოფარფატდა, დედას თბილად ჩაუცვამს მისთვის, - მობრეცილი ქუდი და ნახევრადმოხვეული კაშნე ამას ხაზს უსვამდა. ტატიანა ბებო იკითხა და პასუხის შემდეგ უკანა ეზოში გაიქცა.
-თქვენ ქალაქში ცხოვრობთ? - უკნიდან მოგვეპარა პატარა ცნობისმოყვარე - ქალაქში მეც ვიყავი ცოტა ხნის წინ, დედამ წითელი კაბა და ლამაზი ფეხსაცმელი მიყიდა, მითხრა არ გააფუჭო, თორემ აღარ გიყიდიო, არადა მე სულ ფეხბურთის თამაში მინდა, არ მიყვარს თოჯინები. ამაზე მეზობლის ბავშვები სულ დამცინიან, მეუბნებიან ქალ-ბიჭა ხარო, მაგრამ რა ჩემი ბრალია?
-თუკი ბურთით თამაში გიყვარს მაშინ ბურთით ითამაშე, თუკი ომობანა გირჩევნია დედაშვილობანას, დაე, შენც ეგ ითამაშე. არავის არ უგდო ყური, მთავარია შენ იგრძნო თამაში.
-როგორ უნდა ვიგრძნო? - ვატოს მიუცუცქდა და მის კალთაშიც მოთავსდა.
-აი, აქ უნდა იგრძნო-თითი ჭიპიდან გულისკენ წაიღო ვატომ და მოუღიტინა.
ბავშვის კისკისმა ეზოს სიცოცხლე შემატა.
-აი, შე მაიმუნო, შეაწუხე ხო უცხო ხალხი? - ჩქარი ნაბიჯით და დატუქსვით გამოვიდა ტატიანა ბებო - რა გითხარი მე, არ შეაწუხო ხალხი, დაღლილი იქნებიან-თქო, აიტ, შე მაიმუნო!
-ძალიან კარგი ბავშვია, ჭკვიანი და საერთოდაც არ შეგვაწუხა მასთან საუბარმა - დავიცავი პატარა გოგონა და ჩემკენ მივიზიდე.
-ბებო, ცუდი არ ყოფილა ბურთით თამაში, აი ეს გოგოც სულ ბიჭებთან ერთად თამაშობდა თურმე ბავშვობაში ფეხბურთს - ასეთი რამ მისთვის არ მითქვამს, მაგრამ მისმა ოსტატობამ გამაოცა, თვალი ჩავუკარი და დავეთანხმე.
***
სიცივემ შეგვაწუხა და ცხრა საათზე უკვე სახლში შევიყუჟეთ. ნელ-ნელა შეწყდა ჩიტების გალობა, ანცობით დაღლილი ბავშვებიც სახლში შეყუჟულიყვნენ, მხოლოდ ძაღლი თუ შეგვახსენებდა თავს, ისიც ძალიან იშვიათად, ალბათ ვახშმიდან დარჩენილ ძვლებსა და პურს შეექცეოდა.
-რამ ჩამოგიყვანათ ბებო აქ? ხეობაში იყავით? - მაგიდასთან მოგვიჯდა ჩვენი მასპინძელი და ცხელ-ცხელი ლობიანები მოგვიტანა.
-არა, ბებო, მართა ცუდ ხასიათზე იყო და სასეირნოდ წამოვიყვანე, მხოლოდ ანანურში გამოვიარეთ და აქვე მდელოზე პიკნიკი მოვიწყვეთ. რომ მცოდნოდა, თქვენ შეგხვდებოდით, ქალთა დღისთვის საჩუქარს გაჩუქებდით - მიუგო ვატომ.
-ოხ, შვილო- დაიმორცხვა და შავი თავსაფარი შეისწორა - რაღა დროს ჩემი ქალთა დღეა, ქალი კი არა კაცი ვარ უკვე, რაც ჩემი მეუღლე გარდაიცვალა. შვილებს განათლება მივეცი, ინსტიტუტებიც დავამთავრებინე და ახლა ორივე თბილისში ცხოვრობს, ერთმა ცოლიც მოიყვანა და შვილიშვილიც მყავს უკვე, ხშირად მოდიან, მაგრამ ასე თუ ვინმე შემოივლის, ისე მიხარებს გულს, რამდენჯერმე ფულიც მომაწოდეს, მაგრამ ფულს როგორ გადავახდევინებ ვინმეს ჩემს სახლში ღამის გასათევად, სასტუმრო ხომ არ მაქვს, არა ბებო?
სიმართლე ვთქვათ, ჩვენც ფული გვქონდა გამზადებული, რადგან უსასყიდლოდ ღამის გათევა გვერიდებოდა, მაგრამ ამ საუბრის შემდეგ ფულის მიცემაც ძალიან მოგვერიდა.
დასაწოლად წავედით. მეორე სართულზე ერთმანეთის გვერდითა ოთახები გაგვიმზადა ტატიანა ბებომ. ჩემს ოთახში პატარა ხის საწოლი იდგა, თეთრი, გახამებული თეთრეული გადაეკრა, იქვე იდო პატარა სარკიანი კომოდი, რომელსაც სიძველე კარგა ხნის შეპარული ჰქონდა, სარკე მთლიანად დალაქავებულიყო, იქვე კი შავ-თეთრი სურათი ჩამოეკიდათ. ახალგაზრდა ტატიანა ბებო, მისი მეუღლე და ორი პატარა მიცქერდნენ შორეული წარსულიდან.
ვინ იცის, რაზე ფიქრობდნენ მაშინ ამ ოჯახის წევრები , ალბათ ვერასოდეს წარმოედგინათ, რომ ამ ოთახში მე, ერთი ყველანაირად ჩვეულებრივი, მათთვის უცნობი გოგო გავათევდი ღამეს. ვინ იცის, რამდენი ოცნება ჰქონდათ, რამდენი აიხდინეს, რამდენი კი დაივიწყეს და სამუდამოდ ჩააბარეს წარსულს...
ვატოს გავაკითხე. ხის იატაკი ძალიან ჭრიალებდა და ფეხისწვერებით გავიარე პატარა, მაგრამ ხმაურიანი მონაკვეთი.
გძინავს-თქო? კარზე მივუკაკუნე და პასუხის მიღების შემდეგ ოთახში შევედი.
-მადლობისთვის შემოვედი. ნეტავ რა მეშველებოდა, მთელი დღე სახლში რომ გამეტარებინა, ალბათ ტირილში მოვკვდებოდი.
-მადლობა ბუნებას გადაუხადე, მართა. შეიძლება რაღაც გკითხო? - საწოლიდან წამოიწია, სანთლის შუქზე სიმძიმე შევატყვე სახეზე, წარბებიც უჩვეულოდ ჰქონდა შეყრილი, თავი დავუქნიე და მთლიანად გავიყინე კითხვის მოლოდინში - აპატიებ?
გავიყინე, გავშეშდი და თვალი თვალში გავუყარე, ვცდილობდი, წამეკითხა რას გრძნობდა, რატომ გადაწყვიტა ეს კითხვა მაინც და მაინც იმ მომენტში დაესვა. მან ხომ მითხრა როცა საჭირო იქნება, ჩემს აზრს გეტყვიო, მაშინ რატომ ჩათვალა ამ კითხვისთვის საჭირო დროდ ის ღამე?
-ვაპატიებ - ამოვილუღლუღე და რეაქციას დაველოდე.
-რატომ? - სიბრაზე შეეპარა მის მშვიდ ხმას.
-პატიება დაბრუნებას არ ნიშნავს, ვატო. მე შემიძლია ყველაფერი ვაპატიო ადამიანს, დამცირებაც კი, თუმცა ღალატის შემდეგ მასთან ურთიერთობის გაგრძელება ქალის სისუსტედ მიმაჩნია


***
თითქმის მთელი ღამე თეთრად გავატარე. საკუთარ თავს მილიონობით კითხვას ვუსვამდი და პირველად დავრჩი საკუთარ თავთან ისეთი შიშველი, რომ ყოველ ნაწილს ვუყურებდი, ყოველ ლაქას, ნაოჭს თუ ზედმეტ ხორცს. პირველად ვაღიარე საკუთარ თავთან, რომ ლევანი კვლავ მიყვარდა და პატიებაც კი შემეძლო, თუმცა დაბრუნების უფლებას საკუთარ თავს არ მივცემდი.
ერთ დღეს, როდესაც ლევანთან ურთიერთობა ახალი დაწყებული მქონდა, სახლთან მოვიდა და საჭმლის მომზადება მთხოვა, მითხრა რომ ლექციებიდან მოდიოდა და რადგან მე კულინარიის პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი რამეს მოვუმზადებდი. მაშინ ჯერ კიდევ ხელმოცარული გოგო ვიყავი და მხოლოდ მარტივი კერძების გაკეთება შემეძლო, თუმცა თავი არ შემირცხვენია და სასწრაფოდ შემოვდგი გაზქურაზე სტაფილო და კარტოფილი მოსახარშად, საჭრელ დაფასთან კი კიტრი, კიტრის მწნილი, მწვანე ხახვი და ბარდა მოვიმარაგე. ყველაფერი წვრილად დავჭერი და ღრმა თასში მოვათავსე, რასაც მოხარშული სტაფილო და კარტოფილი დავუმატე და მაიონეზი შევურიე. ეს ყველასთვის ნაცნობი და მარტივი კერძია, თუმცა უდავოდ გემრიელი. მაშინ პირველად მითხრა ლევანმა, რომ სოკოს ღვეზელი უყვარდა.
-ბავშვობაში, ბებოსთან გურიაში როცა ჩავდიოდი, უარს ვამბობდი ყველანაირ ხაჭაპურზე და ხორცის ღვეზელებზე, მხოლოდ სოკოს ღვეზელს ვაცხობინებდი. ბებოს ღვეზელებს განსაკუთრებული გემო ჰქონდა, სოკოს საკრეფად მთელი უბნის ბავშვები ერთობლივად მივდიოდით და ღვეზელებიც ერთობლივად მიირთმეოდა.
შეიძლება ვთქვა, რომ პირველად მაშინ ვიგრძენი მისი სიყვარული, საჭმლის გამო არა, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ღია, დაუფარავი და სასიამოვნო ადამიანი იყო.
***
გამთენიისას ჩამეძინა, თუმცა მამლის ყივილი, მეზობლებს შორის გადაძახილი და ძაღლების ყეფა შიგადაშიგ მაინც ჩამესმოდა. სიზმარი ვნახე:
ფერად-ფერადი ყვავილებით მორთულ მინდორში მივაბიჯებდი და თან უამრავ ყვავილს ვკრეფდი. არ ვიცი, ვისთვის მიმქონდა, ან საერთოდ მიმქონდა თუ არა სადმე, თუმცა მთელი გრძნობით და სიყვარულით ვაკეთებდი ამ თითქოსდა მარტივ და უდარდელ საქმეს.
დილით, ასე ცხრა იქნებოდა, ვატო რომ ოთახში შემოვიდა და თავთან დამიჯდა.
-მართა, არ იფიქრო, რომ რამეში გამტყუნებ, არც ის იფიქრო, რომ შენს გადაწყვეტილებას პატივს არ ვცემ, უბრალოდ მაინტერესებდა როგორ და რას ფიქრობდი, მინდოდა უფრო ღრმად ჩამეხედა შენს გადაწყვეტილებაში და მინდა მადლობა გადაგიხადო შენი გულწრფელობისთვის და ჩემდამი ნდობისთვის. მე ვიფიქრე და შენ ყველაზე სწორ გზას ადგახარ. ადამიანს ყველაფრის პატიება უნდა შეეძლოს, ჩვენს რელიგიაშიც ხომ ასეა, უნდა ვაპატიოთ, მაგრამ მე მეშინია - საწოლიდან თავი უფრო ღრმად წამოვყავი, ჯერ კიდევ ძილნარევი თვალებით გავხედე და გავუღიმე - მეშინია, შეცდომა არ დაუშვა და შემდეგ ინანო ეს, გახსოვდეს, შენ ჩემი სახით კარგი მეგობარი და ერთგული ადამიანი გყავს გვერდით. ახლა კი ჩაიცვი, ცოტა დრო ბუნებას დავუთმოთ და სახლში წავიდეთ, გახსოვს, შენ რომ კიევურ კატლეტს დამპირდი?!
კიევურ კატლეტზე ჩემი ეულად მიტოვებული ლობიო გამახსენდა. ის ამბავიც გამახსენდა, რატომაც დარჩა ეულად ყველაზე გემრიელი კერძი მთელ დედამიწაზე, თუმცა ბუნებამ კვლავ შეძლო ჩემი ექიმობა და დილის სუსხმა მთლიანად გაყარა ბნელი ფიქრები.
-ადექით, შვილებო? - კიბესთან მოგვეგება ტატიანა ბებო - რა ყოჩაღები ხართ, ახლა ხეობაში წახვალთ თუ სახლისკენ გაუყვებით გზას?
-მართას ჩემი სარვამარტო საჩუქარი ჯერ კიდევ არ უნახავს, ყვავილებიც დაჭკნებოდნენ უწყლობით, ამიტომ ქალაქისკენ ავიღებთ გეზს, ბებო. შენ კი როგორ გცეთ პატივი ვერა და ვერ მოვიფიქრეთ.
-მართლაც, იქნებ გვითხრათ რით შეგვიძლია თქვენი დახმარება - საუბარში ჩავერთე მეც.
-არაფერი მინდა, შვილო, მშვიდობის გარდა, ყველაფერის ჯანი მოგცეთ ღმერთმა და შეძლება. ეს კარი მუდამ ღია იქნება თქვენთვის და თქვენისთანა კარგი ხალხისთვის, მე კი გიმასპინძლებთ და, რითაც შემეძლება, დაგეხმარებით. ერთი მოხუცებული ქალი კი ვარ, მაგრამ ცხოვრება გამომივლია, რაღაც მეც გამიგია და შემისწავლია.
დიდი სიყვარულით და სითბოთი დავემშვიდობეთ ჩვენს მზრუნველ და მოსიყვარულე მასპინძელს და ქალაქისკენ წავედით.
უძილობამ გზაში უფრო დამატყო კვალი და ფასანაურიდან თბილისამდე გემრიელად ჩამთვლიმა. მანქანის გაჩერებისთანავე ვჭყიტე თვალები.
-უკვე სახლში ვართ? - თვალები მოვიფშვნიტე და ცუდად გადადებული კისერიც ტკივილის მოსახსნელად მოვისრისე.
***
შაბათობა მოეწყო თითქმის ყველა ჩემს მეზობელს, ყველა სახლიდან გემრიელი სუნი გამოდიოდა და ეზოში იყრიდა თავს, ასევე ყველას გადმოეფინა ფერად-ფერადი სარეცხი, რაც სილამაზეს ნამდვილად სძენდა ჩვენს დიდ კორპუსს. მეც სახლის დალაგების ხასიათზე დავდექი. სახლში შესვლისთანავე საწოლზე თეთრეული გადავაძრე, საბანი და ბალიში მზის გულზე გადავკიდე, სარეცხი მანქანა ავაზუზუნე, ფანჯრებისა და სარკეების წმენდა დავიწყე და ისე შევყევი სახლის დალაგებას, რომ მხოლოდ ხუთ საათზე მოვიცალე დასაჯდომად. სწორედ ამ დროს გადავწყვიტე საჩუქრის ნახვაც, თუმცა ყვავილებს, რომლებსაც ჯერ კიდევ შერჩენოდათ სიცოცხლის ნიშან-წყალი, ლარნაკი გავუმზადე და შიგ მოვათავსე, რაც შეეხება ლევანის მორთმეულ ყვავილებს, შემოსვლისთანავე ვუკარი თავი დიდ, შავ სანაგვე პარკში და თავიც საგულდაგულოდ მოვუკარი.
ვატოს საკმაოდ ძვირადღირებული სუნამო ეყიდა ჩემთვის, პატარა მისალოცი ბარათით.
სუნამო ყველაზე პრეტენზიული საჩუქარია საჩუქრებს შორის. ქალს არ გააჩნია ერთი სუნამო, ის ყოველდღე, ყოველ ხასიათზე იცვლის მათ ბრენდსა და არომატს.
თუმცა ვატოს გემოვნება ჩემსას დაემთხვა და შესანიშნავი საჩუქარიც გამოუვიდა. ამჯერად კი ჩემი კატლეტის დრო იყო. ტელევიზორში ჩავრთე ჩემი საყვარელი სერიალი და ხორცის დაბეგვა დავიწყე.
***
სამსახურში თავის მართლებამ მომიწია უნებართვოდ აღებული მეორე დასვენების დღისთვის და ანაზღაურების მიზნით მთელი დღე უნდა მემუშავა, თითქმის თოთხმეტი საათი. რა თქმა უნდა, გავაპროტესტე და ნაცნობი ექიმის იმედზე ტყუილის თქმა გადავწყვიტე. ცუდად ვიყავი და როგორ მოვსულიყავი-თქო, ახლაც ძლივს ვდგავარ ფეხზე და მადლობა მითხარი, რომ მოვედი-თქო.
საბაბმა გაჭრა, თუმცა ცნობის მიტანა მაინც მთხოვეს, მეც დავურეკე ექიმს და ყალბი ცნობა გავამზადებინე.
შემდეგი ორი დღე ვატო არ გამოჩენილა, არც კაფეში შემოსულა სასაუზმოდ, არც ტელეფონზე დაურეკავს და სახლშიც არ მსტუმრებია. თავიდან თავი დავიფასე, თუ არ უნდა, ნუ მომწეროს-თქო, თუმცა მესამე დღეს უკვე მის კართან ვიყავი აყუდებული. პირველივე დაკაკუნებაზე გამომხედა.
-როგორ შეგაწუხე, მართა. ალბათ გაგიკვირდა რატომ არ მეხმიანებაო, სამსახურში იმდენი საქმე დაგროვილა, ფურცლების ზღვაში ვცურავ. ყველაფერი ამოვბეჭდე და სახლიდან მუშაობა გადავწყვიტე. ხომ არ გაწყენინე, ქალბატონო?
არა-თქო, ვიუარე, თუმცა მაინც ვერ ვხვდებოდი რა მოხდებოდა, ორი წამი რომ დაეთმო ჩემთვის და ეს ყველაფერი ტელეფონზე ეთქვა. იქნებ გამომცადა კიდეც თუ მოვიკითხავდი, თუმცა რა ვიცი. თითქმის არასდროს მესმოდა კაცების, მხოლოდ მათთვის კარგი საჭმელების მომზადება შემეძლო. მანამ მეგონა კიდეც, რომ შეუცვლელი და ნამდვილი სიყვარული ვიყავი ერთი ადამიანისთვის მაინც, თუმცა ეგეც წარსულს ჩაბარდა, მეც ისევე მეორეხარისხოვანი აღმოვჩნდი, როგორც ბევრი სხვა, უბრალოდ ზოგი იგებს ამას, ზოგი ვერა, ზოგი თავს იტყუებს, ზოგიც კი ეჩვევა. მე ვერ შევეგუე, ვერ მოვითმინე და ლევანი სამუდამოდ გავაქრე ჩემი ცხოვრებიდან.
***
ჩემი და ვატოს ურთიერთობა კვლავ თავის კალაპოტს დაუბრუნდა. შეხვედრები კაფეში, ჩემსა და მის სახლში, სიახლე არაფერი შეგვიტანია თუკი ჩემს ფრანგულ კერძს არ ჩავთვლით, რომლის მომზადებაც კვირა საღამოს გადავწყვიტე.
ეს იყო კარტოფილის რულეტი ხორცის ფარშით, რომლის მომზდებას თითქმის ერთი საათი და, თუკი ჩემსავით ზანტები ხართ, საათნახევარიც კი სჭირდება. გაფრცქვენით კარტოფილი, გარეცხეთ, შეამშრალეთ და დაჭერით თხელ ფირფიტებად. გამოსაცხობ ფირფიტაზე დააფინეთ გამოსაცხობი ქაღალდი, მოაყარეთ მაგარი სახეობის გახეხილი ყველი (ნახევარი) და დაალაგეთ ერთმანეთთან მჭიდროდ კარტოფილის ფირფიტები. მოაყარეთ კვლავ გახეხილი ყველი და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთით. ამასობაში მოამზადეთ გულსართი: დაჭერით ხახვი კუბიკებად და მოხრაკეთ ზეითუნის ზეთში, დაუმატეთ ხორცის ფარში, გააგრძელეთ მოთუშვა. დაუმატეთ დაჭრილი, დაკონსერვებული პომიდორი, დაჭრილი ოხრახუში, პაპრიკა, მარილი და პილპილი. თუშეთ 3 წუთის განმავლობაში. მოთუშეთ ისპანახი ტაფაში, დაუმატეთ დაჭრილი ნიორი და მოთუშეთ კიდევ 2 წუთის განმავლობაში. ჯამში მოათავსეთ ყველი რიკოტა, ან ნადუღი, დაუმატეთ მოთუშული ისპანახი და აურიეთ. გამოიღეთ ღუმელიდან გამომცხვარი კარტოფილი, გაანაწილეთ ზემოდან ისპანახისა და რიკოტას მასა, შემდეგ ხორცის ფარშის მასა, მოაყარეთ გახეხილი მოცარელა და გადაახვიეთ რულეტად. შედგით კვლავ ღუმელში, ამჯერად მხოლოდ 10 წუთით. სუფრასთან მიტანამდე, მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში.
მარტივი ნამდვილად არ არის, თუმცა შემიძლია თავი დავდო მის გემრიელობასა და განსაკუთრებულობაზე. სულ ეს იყო ორი კვირის რომანტიკაც, დაგეგმილი შეხვედრაც და პაემანიც, თუმცა ჩვენთვის შეხვედრა და პაემანი ერთმანეთისგან არ განსხვავდებოდა.
ერთ დღესაც მეორე ცვლა ვიყავი. დილით ლექციებს დავესწარი, საღამოს მუშაობა კი, ცოტა არ იყოს, დამღლელი აღმოჩნდა. რვა საათის შემდეგ ხალხის ნაკადი შეწყდა და მეც ვიტრინაში საცობს მივადევნე თვალი. საღამოს ყვითელ ლამპიონებს განსაკუთრებით უხდება მანქანების წითელი შუქი, შიგადაშიგ სიგნალის ხმაც და ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებული მანქანათა დაუსრულებელი რიგიც.
კაფეში ვატო შემოვიდა ვიღაც ქალთან ერთად. თვალი გავაყოლე, ვატოს საყვარელ მაგიდასთან არ დასხდნენ, ცალკე ორადგილიან, საკმაოდ რომანტიკულ კუთხეში გადაწყვიტეს საღამოს გატარება. წინსაფარი გავისწორე, თმაში გაყრილი კალამიც გამოვიღე და მაგიდაზე დადებული პატარა გადასაშლელი ბლოკნოტიც გავიყოლე თან.
ჩვეულად გავუღიმე და შეკვეთის ჩასაწერად მოვემზადე. ვატომ არც კი შემიმჩნია. ისე მომექცა, როგორც რიგით თანამშრომელს, რამაც, ცოტა არ იყოს, გამაღიზიანა. შეკვეთაც უჩვეულო იყო ვატოსთვის: ავოკადოს სალათი ქალბატონისთვის, ნაგეთსი ვატოსთვის, ორი მოჰიტო და ნახევარ საათში კიდევ ორი ყავა ბეილისით და ორი ვაფლიც.
გაბრაზებული დავბრუნდი ბართან, შეკვეთის ფურცელი სამზარეულოში გადავაწოდე და შეკვეთას დაველოდე. თვალებით გავბურღე ვატო და მისი პარტნიორი, თუმცა მათ ერთხელაც არ შემოუხედავთ ჩემთვის.
***
წუთები ისე გაიწელა, მეგონა ყველა საათს ერთდროულად ამოაცალეს ელემენტი. მინდოდა მალე დავბრუნებულიყავი სახლში და ვატოსთვის პასუხი მომეთხოვა, მინდოდა გამეგო, რატომ მივიღე მისგან სრული იგნორი, თუმცა დროსთან ერთად ჩემი ნერვებიც წყნარდებოდა და თავის ჩვეულ რიტმს უბრუნდებოდა.
ვერ ვხვდებოდი, რატომ ვეჭვიანობდი, უფრო სწორად, საკუთარ თავს არ ვუტყდებოდი, რომ ეს ეჭვიანობა იყო და სხვა არაფერი.
თერთმეტი საათიც მოვიდა, კაფეს მოგვა და დასუფთავება ჩვენს მოვალეობაში არ შედიოდა, ამიტომ სასწრაფოდ შევვარდი გამოსაცვლელ ოთახში და ტანსაცმელი გადავიცვი. სირბილით დავეშვი კიბეებზე და სუფთა ჰაერის ხარბად შესუნთქვისთვის მოვემზადე. ვატო კართან დამხვდა.
-საღამომშვიდობის, მართა - ზანტად წამოიწია ჩემკენ და ხელი ჩამოსართმევად გამომიწოდა.
-მგონი დღეს უკვე მოგესალმე -გამოწვდილი ხელი თვალებით დავუწვი და ნელ-ნელა ძირს დავახრევინე.
-წამოდი, სადმე გავიაროთ და ცოტა ვისაუბროთ, ძალიან დაღლილი ვარ და თან დაღლილობაც მომეშვება. შენც არ უნდა გქონოდა მარტივი დღე, ვცდები?
-არა, ნამდვილად არ ცდები, მაგრამ მე სახლში წასვლა მირჩევნია.
ბევრი ვინამიოკეთ, ბევრი ვიბრძოლეთ და ვიკინკლავეთ კაფეს შესასვლელში, რადგან არც ერთი ვიხევდით უკან და არც მეორე, თუმცა ბრძოლა მაინც მე წავაგე და ფეხით გავუყევით პარალელურ ქუჩას, სადაც, ვატოს თქმით, საოცარ და ყველაზე განსაკუთრებულ ჩაის ამზადებდნენ.
ერთ ძალიან პატარა და ძველ კაფეში ამოვყავი თავი, იმ კაფეს ალბათ ორი-სამი ადამიანი თუ სტუმრობდა მხოლოდ, მეტი მაგიდა არც კი იდგა იქ, თუმცა ინტერიერი ძალიან სასიამოვნო და გემოვნებით იყო შერჩეული. განსაკუთრებული ყურადღება კედლებმა მიიპყრო, აგურის კედლებზე ჩამოკიდებული ფერადკანიანთა სურათები ნამდვილად დიდ შთაბეჭდილებას ტოვებდა მნახველზე.
ორი იაპონური მწვანე სენჩას ჩაი შევუკვეთეთ. მიუხედავად ჩემი ცოდნისა კულინარიაში, სასმელებში ნამდვილად ვერ ვერკვეოდი და ამას თავისუფლად ვაღიარებდი კიდეც. ადამიანს საკუთარი ნაკლის აღიარება თუ არ შეგიძლია, მაშინ ვერასოდეს შეცვლი დამოკიდებულებას შენ მიმართ.
-სანამ ჩაის მოგვიტანენ მინდა ბოდიში მოგიხადო დღევანდელი უყურადღებობის გამო - დაიწყო ვატომ - თავის მართლებას არ დავიწყებ, უბრალოდ ასე მოხდა და მინდა მაპატიო. მართა, ჩვენ უამრავ თემაზე ვსაუბრობთ - უფრო ხმამაღლა და ომახიანად დაიწყო საუბარი - მსოფლიო მოვლენებს განვიხილავთ, თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს ერთად ვატარებთ, მაგრამ იცი სად ვმუშობ? რა გვარი ვარ? რამდენი წლის ვარ? საოცარი ქალი ხარ, მხოლოდ იმიტომ ხარ ჩემთან, რომ თავს კომფორტულად გრძნობ, თუმცა როგორ არ გაინტერესებს ის დეტალები, რაც მე ჩემს თავად მაქცევს?
მისი შენიშვნა სრულიად მართებული იყო. თვეების განმავლობაში არ ვიცოდი, რომ ვატო მოსეშვილი იყო, არც ის ვიცოდი, რომ ქართული ღვინის კომპანიის მენეჯერად მუშაობდა, არც მისი მშობლების დაღუპვის ისტორიაზე მსმენოდა რამე და არც მის ძმაზე, სამი წლის წინ ამერიკაში რომ წასულა.
-არც ის გეცოდინება, მართა, რომ ხვალ დაბადების დღე მაქვს, შენ არაფერი იცი ჩემზე.
-ვერ დაგეთანხმები - ჩემი ჯერი დადგა - მე შეიძლება არ ვიცოდე რა ფერს ანიჭებ უპირატესობას მუქ ლურჯსა თუ ნაცრისფერს, შეიძლება არ ვიცოდე, რა ერქვათ შენს ბებია-ბაბუას და სად არიან ისინი დაკრძალულნი, შესაძლოა ისიც არ ვიცოდე, რომ ცოლი და სამი შვილი გყავს სადღაც მიტოვებული, შეიძლება შენ შესახებ არ ვიცოდე ასეთი ნიუანსები, თუმცა ვიცი მთავარი. ადამიანის შესაყვარებლად მე არ მჭირდება დოსიე, რომელიც ნებისმიერ პოლიციელს შეუძლია ამომიბეჭდოს, მე მჭირდება უფრო მეტის შეცნობა და შენ შემთხვევაში ეს შინაგანი სამყარო საუკეთესოდ შევისწავლე. ნუთუ ფიქრობ, რომ რამე შეიცვლება მას შემდეგ, რაც შენი გვარი გავიგე? შენ რომ ჭანტურია ან შავდათუაშვილი ყოფილიყავი რამე შეიცვლებოდა? თუმცა დღეს კი ბევრი შეცვალე, შენ მე თავი არარაობად მაგრძნობინე და ჩემი წყენაც გამოიწვიე.
ვატო ჩემში ძლიერ მამაკაცად აღიქმებოდა, ისეთ მამაკაცად, ბევრს რომ არ ლაპარაკობს თავისი საქციელის შესახებ, ამიტომ არც ბევრი ბოდიში მოუხდია, ამიხსნა მისი მოქმედების მიზეზი და თვითონ ნეიტრალური პოზიცია დაიკავა, შეფასებაც და დასკვნაც მთლიანად მე მომანდო.
წყენა გულში დამრჩა, თუმცა მასთან აღარაფერი შემიმჩნევია, მხოლოდ შიგადაშიგ, მაინც მწარედ წამოვაძახე თავისი საქციელი, რამაც მხოლოდ ღიმილი გამოიწვია.
***
ვატოს დაბადების დღისთვის საგანგებოდ მოვემზადე. სასწრაფოდ ავიღე დასვენების დღე და დილითვე მაღაზიებში წავედი კაბის შესარჩევად. როგორც ვატომ გამიმხილა საკმაოდ ძვირადღირებულ რესტორანში მივდიოდით მის მეგობრებთან ერთად, ასეთი დღისთვის კი კაბა ნამდვილად არ მოიძებნებოდა ჩემს გარდერობში, განსაკუთრებით, მომატებული ხუთი კილოს შემდეგ.
შუადღით უკვე მზად მქონდა კაბაც და ფეხსაცმელიც, სალონში შევლაც მოვასწარი და ვატოს რომ არ დავენახე, ისე ავიპარე სახლში. ეფექტი ერთიანი და აფეთქებადი უნდა ყოფილიყო და არა დანაწევრებული. ორი სართული გიჟივით ავირბინე და სახლში შესვლისთანავე სარკესთან დავჯექი. მაკიაჟის პროცესი იწყებოდა.
ტონალური საკმაოდ სქელ ფენად გადავისვი სახეზე, თუმცა თვალში ზედმეტის შთაბეჭდილებას არ ტოვებდა, მუქი კონტურებით ლოყები და ცხვირი გამოვყავი, ღია კონტურით კი თვალის ქვემოთ მოვხაზე სამკუთხედი. თვალზე მოყავისფრო ჩრდილები გადავინაწილე და ლაინერის ხაზიც საკმაოდ მაღლა ავწიე, არც ხელოვნური წამწამები დამვიწყებია, რაც თვალს მეტ ეშხსა და სილამაზეს აძლევს. ტუჩისთვის კი მუქი ღვინისფერი შევარჩიე და საბოლოოდ მაკიაჟის დამაფიქსირებელი შევისხი მთლიან სახეზე. მე კმაყოფილი დავრჩი.
კაბა ძალიან სადა და ყველაზე უპრეტენზიო ფერის - შავი შევარჩიე. შუა წვივამდე სიგრძის კაბას მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი იდეალურად უხდებოდა.
ჩემმა სამზადისმა ორ საათში ჩაიარა და ექვს საათზე უკვე მზად ვიყავი, თუმცა დაგვიანება გადავწვიტე და ნახევარი საათის შემდეგ ჩავედი. „დაგვიანება ვიცით ქალებმა“.
კარზე დავაკაკუნე. კარი ვატომ გამიღო და აღფრთოვანებისგან ხელი პირზე აიფარა.
-ნუთუ ეს სილამაზე ჩემი პარტნიორია დღეს საღამოს? - ხელზე მაკოცა და სახლში შემიპატიჟა - მეგობრებო - მიმართა მისაღებში მყოფ სამ მამაკაცს - ეს მართაა, დღევანდელი დღის დედოფალი.
კომპლიმენტები შევიფერე და მამაკაცების გვერდით ჩამოვჯექი.
***
რესტორანი იმაზე ძვირადღირებული აღმოჩნდა, ვიდრე მე წარმომედგინა. არც კი ვიცოდი ვატოს ამდენი ფული თუ ჰქონდა, რომ დაბადების დღე აქ აღენიშნა. ის ჩემზე ხუთი წლით უფროსი იყო, ანუ ეს მისთვის რიგით ოცდამეოხე დაბადების დღე იყო, თუმცა სამოცდაათი წლის მამაკაცის დაბადების დღეს ნამდვილად წააგავდა.
მადლობა ღმერთს, ალაფურშეტი მაინც არ დამხვდა და მთელი საღამოს გატარება ერთი შამპანურის ჭიქით ხელში აქეთ-იქით ბოდიალში არ მომიწია.
დაბადების დღის სუფრასთან მსხდომთა აბსოლუტური უმრავლესობა თუ არა, ნახევარს მაინც, ორმოცდაათ წელს გადაცილებული მამაკაცები შეადგენდნენ, სავარაუდოდ, თავიანთივე მეუღლეებითურთ, ამიტომ მათ სასაუბრო თემას შეადგენდა ლარის კურსი, პოლიტიკური შეხედულებები (თუმცა მკაფიო აზრს არცერთი იცავდა), საუბარი იყო წინა წლის მოსავალზე და იმავე წლის ამინდის პროგნოზზე, ასევე ცოტა ხანს ისაუბრეს გაურკვეველი ჯიშის მწერებზე, რომლებიც ქვემო ქართლსა და კახეთში ვენახს გასჩენოდა.
მუსიკამ ჩემი ტანჯვა იხსნა და ვატომ საცეკვაოდ გამიწვია.
საცეკვაო მოედნის შუაში ვიდექით, ჩემი ხელები მის კისერს მარგალიტის მძივივით ჩამოეკიდა. დიდი, შავი თვალები სიხარულისგან უციმციმებდა. ერთი ხელი წელზე მომხვია, მეორეს კი ზურგზე ზემოთ-ქვემოთ დაასრიალებდა მუსიკის რიტმის ცვლილებასთან ერთად, უეცრად მისკენ მთლიანად მიმწია და ტუჩები ყურებთან მომიტანა.
-მინდა გავიქცეთ, აღარ მინდა ეს ოფიციალური ღიმილი და სავალდებულო დაბადების დღის აღნიშვნა. შენ მე მატყვევებ, მართა - ხელებს სულ უფრო და უფრო მიჭერდა, როგორც სუროს სჩვევია - მე შენ მომწონხარ, მართა - მითხრა და მუსიკაც გაჩუმდა. გავშეშდით, შემდეგ მუსიკას არა, ჩემს პასუხს ველოდით ორივე. საცეკვაო მოედანი ჩაბნელებული იყო, ერთმანეთის სახეებსაც კი ვერ ვხედავდით, თუმცა მის აჩქარებულ სუნთქვას ვგრძნობდი, მის გულისცემას ღია ცისფერ პერანგს, რომ ანგრევდა და უეცრად დარბაზში Frank Sinatra-ს „Killing me softly“ ჩაირთო, რაზეც ვატომ კიდევ უფრო მიმზიდა თავისკენ და ჩამიხუტა.

***
დაბადების დღე მივატოვეთ. შეუძლოდ ყოფნა მოვიმიზეზეთ და თითქმის ორ საათში დავტოვეთ რესტორანი ბევრი ბოდიშისა და პატიების ფონზე. ვატო ნასვამი იყო, ამიტომ ფეხით გავუყევით გზას ტაქსამდე. ქალაქში უკვე საგრძნობლად თბილოდა, თუმცა ვატომ თავისი პიჯაკი მაინც მომახურა და ხელიხელგამოდებულებმა გავაგრძელეთ გზა.
-მართა, რა ლამაზი ღამეა, არა? - პატარა ბავშვივით გამოუვიდა ნათქვამი - ეს ხეები, სურნელი, შენი სურნელი - ჩამომხედა და გამიღიმა - შენი ღიმილი ყველანაირ ღამეს უხდება, ძვირფასო.
მე ხმას ვერ ვიღებდი. მივდიოდი და მინდოდა, გზა არ დასრულებულიყო, მინდოდა არცერთ ტაქსს არ გამოევლო და მთელი ღამე სიარულში გაგვეტარებინა, მინდოდა, ფეხშიშველს შემომეარა მთელი თბილისი და მეყვირა, რომ ბედნიერი ვარ. ბედნიერი არ ვიყავი სიყვარულის გამო, არც ვატოს გამო არ ვგრძნობდი ამ სიხარულს, მე ბედნიერი ვიყავი ცხოვრებით, რადგან ის ასეთი მრავალფეროვანი და მოულოდნელია.
ტაქსიმ ჩვენს კორპუსთან შეუხვია და ჩამოვედით. ფეხებს ვეღარ ვგრძნობდი, მაღალქუსლიანზე სიარულს მიჩვეული არ ვიყავი, ამიტომ კიბეებზე ასვლა ფეხშიშველმა გადავწყვიტე. უეცრად ვატო ზურგიდან მოვიდა და ხელში ამიტაცა.
სწორედ ხელში აყვანილი მივედით ჩემს კარებამდე და შეჩერდა, ძირს დამსვა და წასასვლელად მოემზადა.
-იქნებ ჩემი საჩუქარი გენახა? - მკლავში ხელი მოვკიდე და უკვე წასასვლელად გამზადებული შევაჩერე - როგორ გგონია, საჩუქრის გარეშე დაგტოვებდი?
ოთახში შევედით. ვატო დივანზე დაჯდა, მე კი მაცივრიდან ჩემი ხელით მომზადებული ტორტი გამოვიღე, რომელსაც დილის ექვსი საათის შემდეგ ვაცხობდი.
რეცეპტი:
რვა კვერცხის ცილა გავთქვიფოთ გათეთრებამდე. თანდათან დავუმატოთ 2 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი და კვლავ ვთქვიფოთ. შემდეგ სათითაოდ შევათქვიფოთ კვერცხის გულები, 1 ჩ.ჭ ფქვილი. ყალიბში ჩავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი, წავუსვათ ცხიმი, მოვაყაროთ ცოტა წმინდად დაფქული ორცხობილა, ჩავასხათ ბისკვიტის ცომი და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად (დაბალ ცეცხლზე). როცა გამოცხვება, ბისკვიტი გავჭრათ შუაზე, დავნამოთ, წავუსვათ შოკოლადის კრემი, დავაფაროთ მეორე ნახევარი,ზემოდან წავუსვათ კრემი და მოვრთოთ . გვერდებზეც წავუსვათ კრემი და მოვაყაროთ დაჭრილი ნიგოზი ან გახეხილი შოკოლადი.
შოკოლადის კრემი მოვამზადოთ შემდეგნაირად:
1 ჩ.ჭ შაქრის პუდრას შევურიოთ 50 გრ. კაკაოს ფხვნილი, დავასხათ 0.5 ჩ.ჭ მდუღარე რძე და თან კარგად ვურიოთ.
300 გრ. კარაქი ავზილოთ, გავთქვიფოთ გათეთრებამდე და ცოტ-ცოტა შევათქვიფოთ რძისა და კაკაოს ფხვნილის ნარევი. ვთქვიფოთ კარგად, სანამ არ მივიღებთ ჰაეროვან მასას.
ტორტზე ერთი სანთელი ჩავარჭვე, ცეცხლი წავუკიდე და დაბადების დღის სიმღერაც წავიმღერე. ვატო პატარა ბავშვივით ცანცარებდა და ტაშს გამალებით უკრავდა. სამ დათვლაზე სურვილიც ჩაიფიქრა, სანთელიც ჩააქრო და ჰაერშიც დამატრიალა.
-შენ ყველაზე დიდი საჩუქარი ხარ ამ ღამეს, ძვირფასო - ჩამჩურჩულა და ძირს მშვიდობით დამსვა.
-ჯერ კიდევ არ დამთავრებულა ჩემი სიურპრიზები, ვატო - ცელქი ბავშვივით დავეხსენი მკლავებიდან და მეორე ოთახიდან ლამაზად შეფუთული ყუთი გამოვუტანე.
***
სამ საათამდე ჩემთან იყო ვატო, წითელმა ღვინომ იმაზე მალე იმოქმედა ჩემზე, ვიდრე წარმომედგინა. დაახლოებით, სამი ჭიქის შემდეგ ფეხზე მყარად დგომა უკვე მიჭირდა, დილით კი სამსახურში უნდა გამოვცხადებულიყავი.
თავი საშინლად მტკიოდა, ამიტომ დილითვე გადავყლაპე ერთი აბი წამალი და სამსახურისკენ ნელი ნაბიჯით წავედი.
-მართა, დღეს ახალი დავალება გაქვს - სამსახურში მისულს მენეჯერმა გამარჯობის ნაცვლად ეს სიტყვები დამახვედრა - ახალი თანამშრომელი გვყავს და ყველაფრის ახსნა შენზეა, ჩათვალე დღეს ის შენ მაგივრად მუშაობს. აბა, შენ იცი, წარმატებები! - და გაბრუნდა.
მოთხოვნებს მიჩვეული არ ვიყავი, ამიტომ ძალიან მიჭირდა თავის შეკავება და ყველაფერზე ღიმილიანი სახის ქნევა, როგორც ამას ჩემი კოლეგები აკეთებდნენ. მათ არასდროს უჩნდებოდათ პროტესტის შეგრძნება, პირიქით, მენეჯერს რომ ეთხოვა, დამატებით ორი კვირა იმუშავეთ უხელფასოდო, ესენი მაინც ბატებივით დააქნევდნენ თავს და არაფერს ეტყოდნენ.
-სამსახურიდან მივდივარ, უფროსო - სიტყვა გავაყოლე ზურგშექცეულ მენეჯერს და წამში გავაშეშე.
ბევრი კითხვის მიუხედავად, თუ რატომ გადავწყვიტე ასე, პასუხი ვერც მენეჯერმა და ვერც მე ვერ მივიღეთ, თუმცა არ ვნანობდი.
***
წასვლა გადავწყვიტე. საკმაო დანაზოგი მქონდა, რომელიც თავისუფლად მეყოფოდა ერთკვირიანი დასვენებისთვის რომელიმე ახლო ქვეყანაში. ამიტომ სახლში მისულმა სასწრაფოდ მოვიძიე ბილეთები, მიმართულებები და შეთავაზებული ტურები.
-მართა, ძალიან ჩქარობ, რა მოხდა მითხარი, ვერ დამაჯერებ, რომ ასე ტყუილ-უბრალოდ მოგინდა საქართველოდან წასვლა - მეუბნებოდა ვატო და ჩემს გადარწმუნებას ცდილობდა - ისევ ლევანი გამოჩნდა? მოიცადე ერთი კვირა, ავიღებ შვებულებას და ერთად წავიდეთ, სადაც გინდა.
პასუხი ყველაფერზე უარყოფითი იყო, მხოლოდ სიმშვიდე და მარტოობა მჭირდებოდა, ერთი კვირა კი სრულიად თავისუფლად მეყოფოდა განტვირთვისთვის. ვატო აქტიურად დამეხმარა მიმართულების შერჩევაში, ბილეთებისა და სასტუმროს დაჯავშნაში, ფაქტობრივად, ყველაფერი მისი დამსახურებით მოხდა.
ასე რომ, უკვე ხუთ დღეში ბარგს ერთობლივად ვამზადებდით იზმირში წასასვლელად.
იზმირი თურქეთის ერთ-ერთი პროვინციაა, ოთხ მილიონიანი მოსახლეობით, ზღვის ხედებით მდიდარი ქალაქი ჩემი დასვენებისთვის იდეალური მომეჩვენა. სასტუმრო წინასწარ დავჯავშნე და დილის ექვს საათზე ბარგით ხელში ავტობუსთან ვიდექი. წინ კი ოცდაშვიდსაათიანი მგზავრობა მელოდა.
***
კომფორტული ავტობუსითაც კი ოცდაშვიდსაათიანი მგზავრობა ძალიან დამღლელი მეჩვენებოდა, ამიტომ მაქსიმალურად ვეცადე საკუთარი თავისთვის კომფორტი მომეწყო. დავჯექი ავტობუსის მარჯვენა მხარეს და დრო მთლიანად საკუთარ თავს დავუთმე.
პირველი მოგონება სამი წლისას მაქვს მეხსიერებაში. ლურჯი კაბით რომ წამიყვანეს პირველად ბაღში. დამტოვეს უცხო ბავშვებში და მასწავლებლებში, რომლებიც მიმითითებდნენ, რა უნდა გამეკეთებინა. მაშინ პირველად ვიჩხუბე უფროსთან, რომელიც მარწმუნებდა, რომ საჭმელი ორ საათში უნდა მეჭამა, მე კი ძალიან მინდოდა ბებოს გამომცხვარი ხაჭაპური, ჩანთაში რომ მეგულებოდა.
მას შემდეგ სკოლის პერიოდი მაგონდება, შიგადაშიგ, ბევრი მოგონებით, რომლებიც ვერ გამირკვევია სიზმარი იყო, ცხადი თუ ჩემი გამოგონილი სიუჟეტები.
სკოლაში მთელ ყურადღებას სწავლას ვუთმობდი, ეს დედაჩემის დამსახურება იყო. მისი ცხოვრების მთავარ იდეას ხომ ჩემი განათლება წარმოადგენდა.
პირველი სიგიჟე ცამეტი წლის ასაკში ჩავიდინე:
სკოლიდან დაბრუნებისას მალევე მოვრჩი სამეცადინოს, რაც იმას ნიშნავდა, რომ ეზოში ჩასვლის დრო ახლოვდებოდა. დედისგან ყოველთვის ვიღებდი ნებართვას სადმე წასვლაზე, იმ დღეს კი გადავწყვიტე, ჩუმად გავპარულიყავი სახლიდან და ჩემი მეგობრის სახლში გამეთია ღამე.
გვერდით ახალგაზრდა გოგო მომიჯდა და ფიქრები დამიფანტა, ჩემზე ორი-სამი წლით უფროსი თუ იქნებოდა, მეტით არა. რაღაცნაირად შფოთავდა და ვერ ისვენებდა. რამე ხომ არ გჭირდება-თქო მორიდებით ვკითხე და აქ დაიწყო ყველაზე საინტერესო ისტორია, რომელმაც ბევრ რამეზე ჩამაფიქრა.
-სახლიდან გამოვიპარე და მეშინია, არ მიპოვონ, ხომ არ იცი ზუსტად რომელ საათზე გადის ეს ავტობუსი? - თავის აქეთ-იქით ტრიალით მკითხა მან. ათ წუთში გავა-თქო - ვუპასუხე და გააგრძელა - ძალიან მეშინია, სახლში წერილი დავტოვე, მაგრამ მგონი დედამ მალევე ნახა, ესეიგი უკვე მეძებენ და ვინ იცის, იქნებ მიხვდნენ კიდეც, აქ რომ მოვდიოდი, ან ვინმემ დამინახა.
-პირველ რიგში, დამშვიდდი - ხელი მუხლზე დავადე - ეცადე, ღრმად ისუნთქო და წუთებზე არ იფიქრო, წარმოიდგინე ბუნება, ერთმა ადამიანმა მითხრა, ბუნება ყველაზე კარგი მკურნალიაო, საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ეს დაგიდასტურო, ამიტომ დამშვიდდი - ღრმად სუნთქვა დაიწყო და ცოტათი დამშვიდდა. პატარა ცხვირი და ლოყები მთლიანად აწითლებოდა, თვალებს ნაზად აფახურებდა და, შიგადაშიგ, გამომცდელად მიყურებდა - აი, უკვე მძღოლიც ჩაჯდა - წინა სავარძლისკენ გავახედე და კარების დაკეტვასაც ერთად მივადევნეთ თვალი - მე მართა მქვია, შენი მეზობელი ვიქნები შემდეგი ოცდაშვიდი საათის განმავლობაში.
გოგონამ შვებით მხოლოდ მცხეთის შემდეგ ამოისუნთქა, მოეშვა და საზურგეს მიეყრდნო.
-მე ელენე მქვია და ცხოვრებაში ყველაზე გიჟური საქციელი ჩავიდინე, სახლიდან გამოვიპარე - ჩურჩულით თქვა და გადაიკისკისა - ნეტავ ახლა დედაჩემის სახე მანახა - საუბრის ტონით და სახის გამომეტყველებით ვერ მივხვდი, უხაროდა თუ წუხდა ამაზე - დედაჩემი ყველაზე ნერვული ქალია მთელ დედამიწაზე, მთელი ცხოვრება სახლში მკეტავდა, ახლა კი გამოვიქეცი და თავისუფლება შევიგრძენი, იცი ამ დღეს რამდენი ხანი ველოდი?
მაშინვე დავინტერესდი, რას ნიშნავდა სახლში ჩაკეტვა და დედის ეს საქციელი.
-სკოლის ასაკიდან მოყოლებული დედაჩემი არსად მიშვებდა სკოლისა და რეპეტიტორების გარდა, რამდენჯერმე უკანაც გამომყვა და შემამოწმა, სადმე ხომ არ დავიპარებოდი. ყოველ დღე მასწავლებლებს ურეკავდა და ამოწმებდა, ხომ ნამდვილად დავესწარი მათ გაკვეთილს, სკოლაშიც თითოეულ არას ამოწმებდა და ითვლიდა. არცერთ დაბადების დღეზე არ გავუშვივარ და არცერთი საკუთარი დაბადების დღე არ აღმინიშნავს, სამაგიეროდ ჩემი ძმა აქტიურად იღებდა მონაწილეობას გარე შეხვედრებში. ერთხელაც, უკვე თინეიჯერობის ასაკს რომ მივუახლოვდი, დედაჩემს ვკითხე მიზეზი, თუ რატომ იქცეოდა ასე, პასუხი კი ასეთი იყო: შენ გოგო ხარ და უფრო მეტი მოგეთხოვება.
დედაჩემი გამახსენდა, მასაც ჰქონდა ეს გამოვლინებები, თუმცა უფრო მცირედ, მაგრამ ისიც მთელი ცხოვრება თვლიდა, რომ გოგო უფრო ფრთხილად უნდა ყოფილიყო და გარეთ გვიანობამდე არ გაჩერებულიყო.
-თვრამეტი წლის იუბილეზე მეგონა, ყველაფერი შეიცვლებოდა და იურიდიულად სრულწლოვანი, დედაჩემთან რამეს გავხდებოდი. მაშინვე დამისვა წინ და მითხრა - შენ უკვე თვრამეტი წლის ხარ, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ხვალიდან უფრო მეტის უფლება გექნება, ვიდრე გუშინ გქონდა. სანამ პატრონს არ ჩაბარდები, ასე იცხოვრებ, მერე რაც გინდა, ის გიქნია - თუმცა „პატრონის“ პოვნას ვინ მაცდიდა, მიკონტროლებდა სოციალურ ქსელებსა და პირად დღიურსაც კი, ამიტომ ჩემს ცხოვრებაში არავინ გამოჩენილა.
ოცდაორი წლის ელენემ კი მაშინ პირველად გადაწყვიტა დედის გავლენას გაქცეოდა და სხვა ქვეყანაში ეცადა ბედი.
***
საუბარ-საუბარში ისე მივუახლოვდით ბათუმს, ვერც გავიგეთ.
-ყოველთვის მინდოდა ზღვა გადამეცურა, ირაკლის თქმის არ იყოს (ჯინსების თაობიდან), სულ მიკვირდა , როდესაც ამბობდნენ მთებშია თავისუფლებაო, როგორ შეიძლება მთებით შემოსაზღვრული, ჩაკეტილი სივრცე თავისუფლება იყოს, თავისუფლება ზღვაა, შეხედავ და უკიდეგანოა, არ იცი სად მთავრდება და სად იწყება - ამოიხვნეშა ელენემ და გადმომხედა - შენ გიყვარს ზღვა?
-რა თქმა უნდა, ეს მოლივლივე ტალღები და კენჭების ხმა ძალიან მიყვარს, შემიძლია საათობით ვიჯდე ნაპირზე და არც კი მომბეზრდეს მისი ყურება. ერთხელ ბებომ მითხრა ზღვას გავხარო, მშვიდი ხარ, თუმცა თუ აბობოქრდი ყველაფერს წალეკავო, იმ ზღვას გავხარ, რომ გგონია ძალიან ცივია, ჩახვალ და თბილად მოგედება კოჭებზეო. რას ფიქრობ, გადაცურე ზღვა?
-ზღვა ჯერ ვერა, თუმცა მდინარეს კი მივუყვები ახლა. ყველა მდინარე ხომ ოდესმე ზღვაში ჩადის, ესეიგი მეც ოდესღაც ზღვაში აღმოვჩნდები და თუკი ვერ გადავცურავ, დაე, მოვკვდე, ოღონდ ერთხელ მაინც ვიგრძნო მისი ტალღები.
გამეცინა და ფანჯარაში გავიხედე.
-ესეიგი ეს ავტობუსი მდინარეა, ჩვენ კი ლიფსიტები გამოვდივართ, თუმცა წინ რომ კაცი ზის, სახელ „ლიფსიტას“ ვერ აკმაყოფილებს და „ვეშაპად“ მოვიხსენიოთ - ორივეს გაგვეცინა და კაცის მოტიტვლებულ თავს გავხედეთ, უკვე საძილედ რომ ჰქონდა გადაღერებული - მეც გავიქეცი - ჩუმად ვთქვი და ტელეფონში ჩავძვერი, ვატოს ესემესი მივწერე, სარფს ვუახლოვდები-თქო - მე საკუთარ ცხოვრებას გავექეცი, ელენე, ტკივილს და მგონი საყვარელ ადამიანსაც კი, რომელიც ამ წამსაც ჩემზე ფიქრობს და წუხს, რადგან აქ მარტო გამომიშვა. გაქცევა მომინდა, შეიძლება ხვალ-ზეგ ვინანო, თუმცა ახლა ძალიან მშვიდად ვგრძნობ თავს.
-არასოდეს ინანებ იმას, რამაც ერთხელ მაინც გაგაღიმა, ხომ ასეა? - ალბათ კვლავ დედა გაიხსენა, რამდენჯერმე წამოცდა, ძალიან ინერვიულებს და მეცოდებაო, თუმცა ხანდახანს სჯობს სხვას ეტკინოს, რათა შენ განვითარდე.
***
საზღვრის ერთ მხარეს ეკლესია, მეორე მხარეს კი მეჩეთი. ორი რელიგიის შერწყმა ერთ ადგილას, ორი ძალიან ძლიერი მრევლის ურთიერთობა და თანაცხოვრება ერთ პატარა მონაკვეთში. არასოდეს მქონია რაიმე სახის ცუდი დამოკიდებულება სხვა რელიგიის წარმომადგენლებს მიმართ და არც ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამჩენია სიბრაზის ან უარყოფის გრძნობა.
ჩემი ავტობუსის ქალთა უმრავლესობამ პირჯვარი გადაიწერა, ოჯახები და შვილები შეავედრეს ღმერთს და თავდახრილები შეტრიალდნენ მეჩეთისკენ, სადაც მათ მონური შრომა მოუწევდათ იმისთვის, რომ გაზულუქებულ ქმრებს ერთი ადგილის აწევა დაეზარათ.
-ნეტავ რას ფიქრობს ახლა დედაჩემი, ალბათ მომკლავს როცა დავბრუნდები - ხელი გამიყარა და საქართველოს მხარეს გამახედა ელენემ - სადღაც იქ არის და ქოთქოთებს ალბათ, მლანძღავს და ყველა ჩემს მეგობარს ურეკავს, თუმცა წერილში დავუწერე მარტო მინდა ყოფნა და თუკი დაბრუნებულს არ მიმიღებ, მაშინ ცალკე გადავალ საცხოვრებლად-თქო, ცოტათი თავიც შევაცოდე, თუმცა არამგონია, რამემ გონება შეუცვალოს.
საზღვარზე გადასვლა გრძელი და ძალიან დამღლელი პროცესი აღმოჩნდა. პატარა კაბინიდან ულვაშებიანი თურქის კაცი ისე შემომაშტერდა, თითქოს ბანდის მეთაური ვყოფილიყავი და მას ეკისრებოდა პასუხისმგებლობა საკუთარ ქვეყანაზე. საზღვარი პატარა გვირაბივით მიუყვებოდა, გვირაბი თუნუქის ნაჭრებისგან იყო შეკერილი და ძირსაც რკინის იატაკი ეგო, ჩემი და ელენეს ჩემოდნის ბორბლების ხმა კი აუტანელს ხდიდა იქაურობას.
როგორც იქნა, გულის წასვლამდე საშინელი გვირაბი დასასრულს მიუახლოვდა და ადამიანთა სრულ ქაოსში აღმოვჩნდით, ვინ ვის ეტაკებოდა, ვინ რას იძახოდა, დღემდე არ მახსოვს. ავტობუსი თხუთმეტ წუთში მოვიდა და ჩვენი ადგილები დავიკავეთ.
-ამ წუთიდან მართა ჰანიმი ხარ - გადაიკისკისა ელენემ და ხელი შემომარტყა - იქნებ კარგი, სქელულვაშებიანი ბიჭი ჩავიგდო ხელში და ისე დავბრუნდე საქართველოში, წარმოგიდგენია, რა რეაქცია ექნება დედაჩემს? - ორივე წამიერად ჩავფიქრდით და გაგვეცინა - არა, ამის წარმოდგენაც კი მიფუჭებს ხასიათს, ამიტომ წინ, მხოლოდ გართობისკენ!
***
ელენეს ისტორიას კარგად რომ ჩავუკვირდეთ, ბევრ ნიუანსს აღმოვაჩენთ ჩვენი ცხოვრებიდან. განსხვავება კი ისაა, რომ ჩვენი დედები ამ ქცევათა ორმოცდაათ პროცენტს აკეთებდნენ, ელენეს დედა კი მთლიანად შებოჭილი იყო ამით. შიშით, რომ თავისი შვილი ცუდ წრეში გაერეოდა. ფაქტობრივად, ის მთელ ცხოვრებას ართმევდა ელენეს და იმ დღეს წართმეულ ბავშვობას იბრუნებდა ის.
მოგვშივდა. ელენეს მხოლოდ კრეკერი ეყიდა და ისიც ძალიან უგემური. ყველისა და მარილის გემო საერთოდ არ უხდებოდა პატარა, ხრატუნა ორცხობილებს. ჩემი ჩანთის ჯერი დადგა და, აბა, თუ გამოიცნობთ, რა წავიღე საგზლად? სოკოს ღვეზელი.
-ოჰოო, მართა ჰანიმ, ეს გემრიელობა შენმა დასალოცმა ხელებმა გააკეთეს? - თვალები გააფართოვა მან - მოდი, უნდა გაკოცო - ხელი გამომგლიჯა და ჯერ აკოცა, შემდეგ კი შუბლი მიადო მას.
მთელი ავტობუსი აფორიაქდა, ჩვენს სიცილზე. ზოგმა საყვედურები მოგვაყარა, ზოგს ღვეზელის სუნზე საჭმელი გაახსენდა და ჩანთები გახსნა, ზოგმა კი ჩვენსავით გადაიხარხარა.
მე და ელენე ორივე იზმირში მივდიოდით, თუმცა სხვადასხვა სასტუმროში. ამბის გარკვევა ვატოს ვთხოვე. იქნებ ისე მოხერხებულიყო, რომ ორივეს ერთი და იგივე სასტუმრო დაგვეჯავშნა.
გამოვიდა.
-დედაჩემს რომ ენახე, ჯერ ბებია-ბაბუის ისტორიას გამოგკითხავდა, შემდეგ დედაშენ-მამაშენის, არც მათი სიყვარულის ისტორია გამორჩებოდა და ბოლოს, შენ უამრავ შეკითხვას დაგაყრიდა თავს. შემდეგ მთელი ერთი კვირა იფიქრებდა და მხოლოდ მერე მეტყოდა, შემეძლებოდა თუ არა შენთან მეგობრობა, თუმცა ეს საბოლოო ვერდიქტი არ იქნებოდა, შიგადაშიგ, გაგაკონტროლებდა ისე, რომ აზრზეც ვერ მოხვიდოდი. ახლა კი, თითქმის, შვიდ საათში ერთად გართობა გადავწყვიტეთ შემდეგი ერთი კვირის განმავლობაში.
უეცრად ვატო გამახსენდა და მასზე ფიქრებმა წამიღო. დაბადების დღეზე როგორი სუფთა და გულწრფელი იყო, მისი თვალები სიხარულისგან ელავდა და გულში ისე მიკრავდა, თითქოს მისი განძი ვიყავი. ვინ იცის, როგორ ეწყინა ჩემი წამოსვლა, ვინ იცის, რას ფიქრობდა მაშინ, იქნებ თავსაც კი იდანაშაულებდა ან ეგონა, რომ კვლავ ლევანს მივტიროდი.
***
ჩამობნელდა, გზამ ძალიან იმოქმედა ორივე ჩვენგანზე და ძილიც მოგვერია. ძილის წინ მინდოდა ვატოსთვის მიმეწერა, თუმცა ქსელი კარგად არ იჭერდა და ვერ მოვახერხე.
წამიერად ლევანი შემომიძვრა გონებაში და მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა. ფიქრები, ემოციები, სხეულიც კი მთლიანად ამიფორიაქდა. სადავეები მთლიანად წამართვა ხელიდან. ლევანის ისტორიამ ჩემში წარუშლელი ტკივილი დატოვა და არ მინდოდა ამას ჩემს ახალ ურთიერთობაზე რაიმე სახის კვალი დატყობოდა.
-მართა, გძინავს? - ჩურჩულით მკითხა ელენემ და ნაზად შემარხია, არა-თქო ვუპასუხე და თავი მისკენ შევატრიალე - შენ მითხარი მეც გამოვიპარეო და რატომ, ვის ან რას გაექეცი, მომიყვები?
-ტკივილს, რომელიც ახლაც აქ არის - კვლავ ფანჯარაში გავიხედე - პირველ კურსზე, როდესაც დედაქალაქს ვესტუმრე ერთი ბიჭი გავიცანი, სახელად ლევანი, მეგობრის დაბადების დღე იყო და ძალიან დიდი თხოვნის შემდეგ მეც გადავწყვიტე მისვლა, ორივე წარმოშობით მეგრელები ვიყავით და ხომ გსმენია მეგრელობის ამბები, შორეული ნათესავიც კი ბიძაშვილია ჩვენი, ამიტომ მივედი. ლევანიც იქ დამხვდა, მაშინვე გამოვძებნეთ საერთო სასაუბრო თემა და დავახლოვდით. ჩვენი ურთიერთობა არ დაწყებულა მეგობრობით, პირდაპირ გადავედით შეყვარებულობის ეტაპზე. ის იდეალურად მეჩვენებოდა, ელენე, ძალიან განათლებული, ზრდილობიანი და ყველა მხრივ კარგი ბიჭი იყო. გაცნობიდან სამ თვეში გადაწყვიტა ჩემი მშობლების გაცნობა, ისინი ამჟამად ერთად არ ცხოვრობენ და ეს კიდევ ცალკე ისტორიაა, თუმცა რადგან დედასთან უფრო ახლო ურთიერთობა მქონდა მეც ის გავაცანი. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მისი აზრი. ლევანის ზრდილობითა და დახვეწილი საქციელით დედაჩემიც მოიხიბლა და ნება დამრთო, მასთან ურთიერთობა გამეგრძელებინა. ურთიერთობამ პიკს გაცნობიდან მეთერთმეტე თვის შემდეგ მიაღწია და ჩვიდმეტ აგვისტოს, თავის დაბადების დღეზე მუხლი მოიყარა ჩემ წინ და ოქროს ბეჭედი გამომიწოდა. მე სიხარულით დავთანხმდი და ჩამოვეკიდე კისერზე.
-დედაშენმა როგორ მიიღო ეს ამბავი? - საუბარი გამაწყვეტინა ელენემ
-ბევრი მიძახა ჯერ პატარა ხარ და მეშინია, წლების მერე არ ინანოო, თუმცა ჩემსა და ლევანის სიყვარულში ბოლომდე დარწმუნებული იყო და მალევე დაყარა ფარ-ხმალი.
***
საუბარში ისე ჩაგვეძინა ვერც მივხვდით, თვალი რომ გავახილე, უკვე თორმეტი საათი იყო და სულ რაღაც ცხრა საათი გვაშორებდა რბილ ლოგინს. კბილების გამოხეხვა და ხელ-პირის დაბანა ყველაზე მეტად მინდოდა იმ წუთებში, ელენე კი სავსე შარდის ბუშტზე ღელავდა. მძღოლმა მალევე გააჩერა ავტობუსი და სირბილ-სირბილით გავიქეცით საპირფარეშოსკენ.
-იცი, ყველაზე მეტად რა მინდა, მართა? - სიმითით გამოტენილი პირით გავაგრძელეთ გზა ავტობუსამდე ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შემდეგ - ყველა სიგიჟე ჩავიდინო, რაც აქამდე მაკლდა, თუმცა შემდეგ სინანულის მეშინია.
-შენ არ მითხარი არაფერს ინანებ, რაც კი ღიმილს გგვრისო? თუმცა ისეთი არ უნდა ჩაიდინო, რაც ზიანს მოგიტანს, თორემ საკუთარ თავს ვერასოდეს აპატიებ.
ვფიქრობ, ის უკვე ნანობდა გამოქცევას. ბოლომდე ვერ ისისხლხორცებდა მოგზაურობას, თუმცა ამან უფრო მეტი ჟინი მომცა მისთვის ბოლომდე დავხარჯულიყავი და საუკეთესო თუ არა, კარგი მოგონებები მაინც შემექმნა.
***

საღამოს ათის ნახევარზე ჩავედით იზმირში. ავტობუსმა პირდაპირ მიგვიყვანა სასტუმროსთან, თვითონ კი გზა განაგრძო. სასტუმროს მისაღები ლურჯ ფერებში მოეწყოთ, სამი დივანი და ექვსი სავარძელი იდგა, წინ პატარა მინის მაგიდებით. იქვე იდგა თეთრი როიალი და უფრო მდიდრული და მოჩუქურთმებული უზარმაზარი მაგიდა რვა სკამით.
ადმინისტრატორი ღიმილით შეგვეგება. ჩემი სახელი და გვარი ვუთხარი და ოთახის ნომერიც მოგვცა - 516. ბარგი პატარა ბიჭმა აგვატანინა და ოთახში შესვლისას ელენემ აღტაცება ვეღარ დამალა.
-ოჰო, უყურე თურქებს რა სასტუმროები ჰქონიათ - ჯერ ფანჯარასთან მივიდა, შემდეგ აბაზანაში შეყო თავი და ბოლოს სასურველი საწოლიც ამოირჩია და ზედ გაგორდა.
ოთახი საკმაოდ დიდი იყო, ხედით ზღვაზე, მარჯვენა კედელთან ორი საწოლი იდგა, ორივეს თეთრი, ფითქინა თეთრეული ეკრა, საწოლებთან კი პატარა კომოდები იდო ზედ დიდი ლამფებით. ლოგინების თავზე გამოეფინათ მეჩეთებისა და ლამაზი ბუნების სურათები. საწოლების მოპირდაპირე კედელზე კი ტელევიზორი და კონდიციონერი იყო ჩამოკიდებული.
ოთახი ძალიან ნათელი იყო, დიდი ფანჯრები ამის ბუნებრივი, ხოლო ჭერში დამონტაჟებული ხუთი ნათურა ამის ხელოვნური გარანტი იყო.
ოთახში ასევე იდგა პატარა მაცივარი, მაგიდა და სარკიანი დიდი კომოდი პატარა სკამითურთ.
ელენემ სასწრაფოდ ამოალაგა ბარგი, სარკის წინ კოსმეტიკა და თავის მოვლის საშუალებები გაამწკრივა, გარდერობში, რომელიც კედელში იყო ჩაშენებული, ფერად-ფერადი კაბები შეკიდა. მე კი ოთახში შესვლისთანავე აბაზანაში ამოვყავი თავი, დიდი და თეთრი აბაზანა ცხელი წყლით ავასე, ცოტა ქაფის გელიც ჩავასხი (რომელიც ძლივს გავიგე რა იყო, რადგან მხოლოდ თურქული წარწერა ჰქონდა) და თავს დასვენების საშუალება მივეცი ოცდაშვიდ საათიანი მგზავრობის შემდეგ.
***
-ჯანდაბა და ამოწყვეტა შენ თავს - დილით ელენეს ხმამ გამაღვიძა. მოლას ლანძღავდა დილის ექვს საათზე ლოცვის დაწყებისთვის - გავიგეთ, გავიგეთ, ალაჰ, ალაჰ, რად უნდა ამხელაზე ყვირილი - ბუტბუტებდა და ბალიშს თავზე იფარებდა - ვაიმე, ახლა მეორე აყვა. ერთი არ მეყოფოდა, ახლა მეორე კაცი გადმოდგა და დაიწყო ყვირილი, დამაძინეთ, დამაძინეთ - თქვა და მგონი მართლა ჩაეძინა, რადგან ხმა აღარ ამოუღია.
ეგზოტიკური და განსხვავებული აღმოჩნდა ჩემთვის ის ხმა, თითქოს სულიც კი გამიყინა მისმა შეძახილმა, რომელსაც არც კი ვიცი, რა ჰქვია მათ ენაზე, თუმცა ძილის დაფრთხობა სრულიადაც არ მაწყობდა სისხამ დილით, განსაკუთრებით მჯდომარედ გატარებული ოცდაშვიდი საათის შემდეგ.
მალევე მლოცველის ხმა მიწყდა და ჩემი ძილის ანგელოზებიც დაბრუნდნენ ჩემთან.
თერთმეტ საათზე, თითქმის ერთდროულად გაგვეღვიძა მე და ელენეს. თავი მოვიწესრიგეთ, ჩავიცვით და რადგან საუზმე მომსახურებაში შედიოდა, სასწრაფოდ ჩავირბინეთ ხუთი სართული (ელენეს ლიფტის ეშინოდა). ყველაზე ბოლოს შემოვუსხედით მაგიდას, თუმცა უხერხულობის შეგრძნება მთლიანად გაგვიქრო მომსახურე პერსონალმა. თეფშზე შემოვიდე სამი სახეობის ძეხვი, ორი ნაჭერი პური, რძეში ათქვეფილი და შემწვარი კვერცხი, ორი ნაჭერი ყველი და, რა თქმა უნდა, ჩაი.
-კულინარიის ქალღმერთო - კვლავ გატენილი პირით დაიწყო ელენემ საუბარი - რა განსაკუთრებული კერძები უნდა დავაგემოვნოთ თურქეთში?
-აუცილებლად შევჭამთ ზღვის პროდუქტებს, თუკი მოლუსკები და რვაფეხები შენს გემოვნებაში არ ჯდება, მაშინ თევზიც შეიძლება. მე ასევე ძალიან მაინტერესებს დურუმი, ცხვრის ხორცის და ბრინჯის კერძი, ასევე მაინტერესებს მანტი და თურქული ლაჰმაჯუნი. დანარჩენი უკვე ყველასთვის ცნობილი შაურმა, შემწვარი წაბლი, თურქული ვაფლი და კიდევ ბევრი კერძი და მაიმუნობა, რაც ჩვენს თვალსა და გულს მოეწონება, ლახათ-ლუხუმი ყველა ეჭვისა და ფიქრის გარეშე.
წინ ექვსი სრული დღე გვქონდა, ამიტომ აუცილებელი იყო სიის შედგენა, თუ სად და როგორ წავიდოდით, რას მოვინახულებდით და რას ვერ მოვასწრებდით.
პირველი დღის გეგმა კი ასე გამოიყურებოდა :
• აგორა სმირნი
• კადიფეკალეს ციხე-სიმაგრე
• კონაკის მოედანი
თავისუფალ დროს კი ქუჩებში ხეტიალში გავატარებდით და არც მაღაზიებს ჩავუვლიდით გულგრილად.
***
ჩვენი განსაკუთრებული ყურადრება კადიფეკალეს ციხე-სიმაგრემ მიიპყრო და ძირითადი სურათებიც იქ გადავიღეთ, ეს ციხე-სიმაგრე განსაკუთრებით ჰგავდა ჩვენს რაბათს, რამაც ორმაგად უფრო დაგვაინტერესა და მთელი საათი ვიბოდიალეთ მის ნანგრევებში.
ვინ იცის, საუკუნეების წინათ რამდენს გაუძლო ამ კედლებმა, რამდენი ადამიანი აფარებდა თავს მის ძლევამოსილ კედლებს და რამდენი ადამიანის სისხლს ინახავს ის.
ჩვენმა პირველი დღის ხეტიალმა და მოსანახულებელმა ძეგლებმა, სულ რაღაც, ხუთი საათი წაიღო და ტურის ბოლოს მუცელში სიცარიელეც ვიგრძენით.
ირგვლივ რესტორანი ვერ ვნახეთ, ამიტომ ქუჩაში მდგომ ბაბუასგან ორი სიმითი ვიყიდეთ და გზას ფეხით გავუყევით.
-შენი ცხოვრების შეცდომად თვლი ლევანს? - წინ გადამიდგა ელენე და თვალი თვალში გამიყარა.
-არა, რა თქმა უნდა. ის ჩემი ცხოვრების სიყვარული იყო, ადრე თუ გვიან, რაღაც მთავრდება და ეს გრძნობაც დამთავრდა, ელენე.
-რომ დაბრუნდეს, აღარ მიიღებ? -არ მეშვებოდა ყველაზე ცნობისმოყვარე არსება.
-არა, ის უკვე დაბრუნდა და მე მასზე უარი ვთქვი. მითუმეტეს, ჩემს ცხოვრებაში უკვე გამოჩნდა მამაკაცი, რომელიც მას დამავიწყებს, გული მიგრძნობს.
-ანუ ვატოს მის დასავიწყებლად იყენებ?
ლუკმა ყელში გამეჩხირა. ეს კითხვა მანამდე არასოდეს დამესვა ჩემი თავისთვის, ამიტომ პასუხისთვის დაფიქრება მჭირდებოდა, ნუთუ იმიტომ მივეჯაჭვე ვატოს, რომ ლევანის ვივიწყებდი ამით, არა, არა და არა!
-არა- უკვე ხმამაღლა და ამაყად ვთქვი - მე ვატოსთან იმიტომ ვარ, რომ მისი თვალები მომწონს, დიდი და თაფლისფერი თვალები, მისი ღიმილი მომწონს, კუთხეში ოდნავ ლოყაც, რომ ეჭუტება, მისი ხმა მომწონს, მისი სიარულის მანერა. ლევანიზე ფიქრები არამცთუ მასთან ერთად, არამედ თითქმის აღარც მარტოობისას მოდის.
***
ჩვენს სასტუმროსთან აღმართული მეჩეთი ყოველდღე დილის ექვს საათზე იწყებდა ლოცვას, შემდეგ სამ საათში კიდევ ერთხელ შემოსძახებდა ალაჰს, კიდევ სამ საათში და ასე, უკვე ზეპირად ვიცოდით, როდის უნდა დაეწყო მას შემოძახილი.
იზმირის ხედებით დამტკბარ გოგონებს უფრო მეტი მოგვინდა და მეორე დღეს სტამბოლის ბილეთები დავჯავშნეთ, გზას ექვსი საათი სჭირდებოდა, თუმცა ეს პრობლემას არ წარმოადგენდა, დილით ხუთზე გადიოდა პირველი ავტობუსი, ბოლო რეისი კი საღამოს ათზე იყო, ამ დროში კი თავისუფლად მოვასწრებდით ქალაქის ისტორიული მონაკვეთის ნახვას და თუკი ცოტას ვიჩქარებდით, შოპინგსაც კი.
დილით კვლავ ელენეს ხმამ გამაღვიძა.
-ხომ ხარ ღირსი ახლა მე ვიყვირო ალაჰ, ალაჰ-თქო და დაგირღვიო ძილი, თუმცა შენ ისეთი ჩანხარ არც გძინავს ალბათ - ფანჯარასთან გადამდგარიყო და ხელების ქნევით ეჩხუბებოდა ვიღაცას - ახლა ჩვენ მივდივართ და რომ დავბრუნდებით აქ აღარ დამხვდე, დაიკარგე აქედან!
-რა დაგმართნია, ახალგაზრდა, რა დღეში გაქვს ნერვები? - საწოლზე წამოვჯექი და თვალები მოვიფშვნიტე - დაანებე მაგ კაცს თავი, იყვიროს და იყოს, ეგაა მაგის მოვალეობა.
პატარა ზურგჩანთები გავიმზადეთ და მისაღებში ჩავედით, ადმინისტრაციას ჯერ კიდევ ეძინა და ჩვენს ჩასვლაზე უეცრად ასწიეს თავები მაგიდიდან.
-Günaydın bayanlar - მოგვესალმნენ ჩვენი თურქი მეგობრები, რაზეც ანალოგიური პასუხი დავუბრუნეთ და სასტუმროდან გავედით.
ციოდა. წელზე შემორტყმული პერანგები ბეჭებზე მოვიგდეთ და გზას გავუყევით. ექვს საათში კი უკვე სტამბოლში ვიყავით.
სტამბოლი უფრო ცოცხალი ქალაქი აღმოჩნდა. არც იზმირია მიძინებული, თუმცა იქ სხვანაირად ჩქეფდა სიცოცხლე.
ტელეფონში რუკა ჩავრთეთ და პირველად აია-სოფიასკენ გავუყევით გზას.
***
გალათას კოშკი, აია-სოფია, ცისფერი მეჩეთი და უძველესი ბაზრობა ლამის სირბილში შემოვიარეთ, რადგან სავაჭრო ცენტრში გავლისთვის დრო დაგვრჩენოდა. ათობით მაღაზიის შემოვლა, ხომ ქალის სუსტი წერტილია, თუმცა ამ დროს ყველაზე მეტ სიძლიერეს იჩენს და თითქმის არც იღლება. განსაკუთრებით თუ საკმარისზე მეტი ფული აქვს.
მე და ელენემ კი გეზი პირველად ფეხსაცმელების მაღაზიებისკენ ავიღეთ. ვიყიდეთ ერთი, ორი, სამი წყვილი ფეხსაცმელი, ვიყიდეთ შარვლები, მაისურები, კაბები, მოსაცმელები, ვიყიდეთ საჩუქრებიც და ვიყიდეთ შემდეგი სეზონის ტანსაცმელიც, ვიყიდეთ ფასდაკლებული მოდელებიც და ახალი კოლექციის ცხელ-ცხელი მოდელები. ვიყიდეთ თითო-თითო ჩანთა და სიარულისგან დაღლილები შენობაში არსებულ სავარძლებზე ჩამოვსხედით.
-ვატოსთვის მინდა რაიმე წავიღო, ხომ არაფერი იდეა მოგფიქრებია? - დაღლილმა ფეხსაცმელი ოდნავ გავიძრე და შვებით ამოვისუნთქე.
-ერთ კონკრეტულს ნუ წაუღებ. ხომ იცი როგორ სტილს იცვამს, წაუღე მაისურები, პერანგები, შარფები, სუნამოც შეიძლება, თუმცა არა, სუნამო მაინც პრეტენზიულია - ჩაფიქრდა და ამოიხვნეშა - მეც მინდა, დედას რამე წავუღო, თუმცა არც კი ვიცი, მნახავს თუ არა.
-ელენე, ძვირფასო, ის დედაა შენი, არცერთი დედა არ გააგდებს შვილს იმის გამო, რომ თავისუფლება აირჩია, შეიძლება გეჩხუბოს, ხმა არ გაგცეს, თუმცა მონატრებულს რომ დაგინახავს გულში ჩაგიკრავს, იქნებ სწორედ ეს გახდეს თქვენი ურთიერთგაგების მიზეზიც, ამიტომ, თუკი აზრს მე მკითხავ, სჯობს, დედაშენსაც წაუღო რაიმე საჩუქარი და ჩასვლის დღეს თუ არა, ერთ თვეში მაინც გადასცემ, მე ამის მჯერა.
ჩემმა სიტყვებმა მხნეობა შეჰმატა და ახალი ენერგიით სავსემ დაიწყო დედისთვის საჩუქრების შეგროვება.
ზუსტად სამოცდასამი ნივთი გვქონდა ნაყიდი მე და ელენეს ერთობლივად, ესეც იმიტომ, რომ ბოლოს ძალიან დავიღალეთ და ავტობუსის გასვლის დროც ახლოვდებოდა. სამოცდასამი ნივთიდან კი თითქმის არცერთი გვიყიდია ერთსა და იმავე მაღაზიაში, ამიტომ დასკვნები თქვენ გამოიტანეთ.
ავტობუსში კვლავ მოიწყინა ელენემ.
-ნეტავ რაიმე მაინც თუ მომწერა, ან როგორ არის. მგონი მეილზე მომწერა რაღაც, თუმცა არ მინახავს, შემეშინდა.
გავამხნევე და შევპირდი, რომ როგორც კი სასტუმროში მივიდოდით, მე წავიკითხავდი და თუკი უსიამოვნო წერილი დამხვდებოდა სამუდამოდ გავაქრობდი მისი ტელეფონიდან.
***
„ელენე, ჩემო ძვირფასო და გამორჩეულო შვილო. შენი დაბადების დღე ახლაც თვალწინ მიდგას, რამდენი ტკივილი გადავიტანე იმ დღით, თუმცა რამხელა ბედნიერება იყო შენთან შეხვედრა. მამაშენი სულ მეუბნებოდა, თუკი გოგო გვეყოლება პრინცესასავით გავზრდიო, თუმცა ვერ მოესწრო შენს პრინცესობას, ექვსი წლის იყავი, როდესაც დაგვტოვა და მთელი პასუხისმგებლობა მე დამეკისრა. ყოველ დღეს შიშში ვატარებდი, დე, რადგან სწორი გზიდან არ გადაგეხვია. უამრავ ისტორიას ვისმენდი გოგონებზე, რომლებიც შეცდნენ, არასწორი ნაბიჯები გადადგეს და თავი დაიღუპეს. ყოველთვის ეს იყო ჩემი საქციელის მიზეზი, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ შეცდომები უნდა დაგეშვა, უნდა გტკენოდა, რადგან საკუთარ ტყავზე გამოცდილება უფრო ზრდის ადამიანს, ვიდრე მონათხრობი. შენგან ეს საქციელი არ გამკვირვებია, მეტიც ის უფრო მიკვირს, ამდენ ხანს რომ არ გაიქეცი, თუმცა ვიცი, დაბრუნდები და შენი წერილიც ამას ამბობს. მამიდაშენი ჭკუიდან გადავიდა, პოლიციის გამოძახებაც უნდოდა, მე კი გამეღიმა, რადგან ვიცი, შენ ცუდს არაფერს ჩაიდენ და კვლავ დაბრუნდები. არასდროს მითქვამს, თუმცა მამაშენს გავხარ, შენი ძმა არა, შენ გავხარ მამას, ისიც შენსავით მომთმენი იყო, თუმცა ზოგჯერ ფრთებსაც შლიდა და ყველა წესს არღვევდა. საბა კი ჩემნაირია, ყველაფრის ეშინია, ერთხელაც არ უთქვამს, ელენე სადმე გაუშვიო, რადგან ეგონა, შენი დაცვისთვის მას მოხვდებოდა.
კარგად გაერთე და არ დაგავიწყდეს, რომ ძალიან მიყვარხარ. მე მჯერა შენი და ვინც არ უნდა გაგლანძღოს, მამიდაშენი კი არა სულ რომ პრეზიდენტი იყოს, მე მხარს დაგიჭერ, რადგან კარგი შვილი აღვზარდე შენი სახით.
ვიცი, ახლა თურქეთში ხარ, შენს ჯინსის ქურთუკში ვიპოვე ბილეთი. ვარდისფერი შარვლის უკანა ჯიბეში კი ფული ჩაგიდე დამატებით. თუკი ფული მოგრჩება, საბას თურქული ჩაი ჩამოუტანე და ყურსასმენებიც, თუკი ძვირი არ ეღირა, რა თქმა უნდა.
გკოცნი და გელოდები. შენი დედიკო“
***
ტირილში გაატარა ელენემ მთელი დილა. ეს ბედნიერების ცრემლები იყო. დედამისის ამგვარი საქციელით ორივე სასიამოვნოდ გაკვირვებულები დავრჩით. შარვალიც შევამოწმეთ და ასი დოლარი მართლაც ჩაედო პატარა ბარათთან ერთად. „მიყვარხარ, ელენე“.
იმ საღამოს განსაკუთრებით ვიგრძენი დედაჩემის მონატრება, რომელიც ორი თვის წასული იყო საფრანგეთში დის მოსანახულებლად. მეც გავამზადე დიდი, სასიყვარულო წერილი და ცრემლმორეულმა გავგზავნე შორეულ საფრანგეთში.
დედაჩემს სიყვარულში არ გაუმართლა. ჩემზე პატარა იყო, როდესაც პირველად შეუყვარდა. თხუთმეტი წლის ასაკში ნამდვილი სიყვარული ეწვია, როგორც თავად ამბობს. ორი წელი სამეგრელოს ქუჩებში დახეტიალობდნენ, ჩვიდმეტი წლის ასაკში კი მამაჩემის ბიძის სოფელში გაიპარნენ. ბაბუაჩემს თოფი გაუსვრია, შვილი გამითხოვდაო, ბებიაჩემი კი თმებს ბღუჯა-ბღუჯად იძრობდა შვილის ასეთი გადაწყვეტილების გამო.
მამაჩემი შეძლებული ოჯახიდან იყო, ამიტომ ორივე სასწლავლებლად გაუშვეს ქალაქში. ორ წელიწადში კი მე გავჩნდი და დედაჩემის განათლება მალევე შეწყდა. ოთხი წლის ვიყავი, მამაჩემი რუსეთში რომ წავიდა და თხუთმეტ წლამდე თვალითაც არ მენახა. ამ პერიოდში დედაჩემი მეორედ გათხოვდა და ბედნიერი ოჯახიც შექმნა. მამინაცვალმა სიყვარულით მიმიღო და ვერც კი ხვდებოდნენ, მისი ღვიძლი შვილი რომ არ ვიყავი. საკუთარი შვილი არ ჰყავდათ, თუმცა ამაზე არასოდეს გაუსვამს ხაზი, მისთვის მეც ისეთივე შვილი ვიყავი, როგორიც იქნებოდა სხვა. მამაჩემის ჩამოსვლის წელს კი ჩემი მამინაცვალი გულის შეტევით გარდაიცვალა. ეს ორი ფაქტი ძალიან ცუდად დაემთხვა ერთმანეთს, თუმცა ერთმანეთთან კავშირი ნამდვილად არ ჰქონია.
ამის შემდეგ დედაჩემი მთლიანად კარიერისტად იქცა. მივიწყებული საქმიანობა გაიხსენა და ახლა ერთ-ერთი ცნობილი მკერავია მთელ სამეგრელოში.
***
იზმირში ყოფნის მეოთხე დღე თენდებოდა, როდესაც უკვე ყველა ღირსშესანიშნაობა ნანახი გვქონდა, მუზეუმებიც შემოვლილი და ახლომდებარე ყველა ქუჩაც, ამიტომ გადავწყვიტეთ, დრო სასტუმროში, საწოლში კოტრიალში გაგვეტარებინა,ამიტომ მთელი დრო ვატოს დავუთმე.
ქუთაისში ყოფილა ფილიალის გახსნაზე. გამომკითხა, როგორ მომეწონა თურქეთი, რამ დატოვა შთაბეჭდილება და რამ გამიცრუა იმედი, რადენიმე კითხვა ელენეზეც დამისვა. ღელავდა, სრულიან უცხო ადამიანთან ერთად რომ უნდა გამეტარებინა დრო ასევე უცხო ქვეყანაში, თუმცა დავამშვიდე და ვუთხარი, რომ ისეთი გოგოა, მას რომ მოეწონება.
„მართა, ერთი კითხვა გულს მიღრღნის, ვიფიქრე, სანამ ჩამოვა მოვიცდითქო, მაგრამ ვეღარ ვძლებ, ყოველ ღამით გველივით შემოსრიალდება ჩემს გონებაში და არ მასვენებს. თურქეთში წასვლა ლევანის გამო გადაწყვიტე, თუ მე გამექეცი?“
ჩემი წასვლის მიზეზი ნაწილობრივ ორივე იყო, თუმცა არ მინდოდა მისთვის გული მეტკინა და სიმართლე ცოტათი შევალამაზე.
„საყვარელო, ჩემი წასვლის მიზეზი მხოლოდ საკუთარი თავი იყო. დასვენება მეც დავიმსახურე, თან ახლა უმუშევარი ვარ და წასვლა რომ დამეგვიანებინა და გადამეწია, საერთოდ ვეღარ მოვაბამდი თავს, ამიტომ ასე სჯობდა. იმედია, არ მიწყენ და გაიგებ ჩემსას.“
ვატოს ნამდვილად ესმოდა ჩემი და მამხნევებდა კიდეც ამ გადაწყვეტილების მიღებისას. ყოველთვის ცდილობს პრობლემურ საკითხს ჩემი თვალითაც შეხედოს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება. არც აფეთქება იცის, დინჯად დაფიქრდება, გამოიტანს დასკვნას და თუკი არ დაეთანხმები, კვლავ თავიდან დაიწყებს მასზე ფიქრს და მსჯელობას.
საღამოს მოწყენილობისგან ლამის გავგიჟდით, ისევ იზმირის ქუჩებში ხეტიალი სჯობდა პენსიონრებივით სასტუმროს ოთახში ყოფნას, ამიტომ ქვემოთ ჩავედით და ჩვენი თურქის მომღიმარ ბიჭებთან მოღუშული სახით გამოვცხადდით.
-საღამომშვიდობის, ქალბატონებო, როგორ ატარებთ საღამოს? - ინგლისურად აჭიკჭიკდა ერთ-ერთი ბეი.
-ძალიან მოვიწყინეთ, ვერ გვეტყვით, სად შეიძლება კარგი დრო გავატაროთ? - ელენემ თითით თმის წვალება დაიწყო და ამაღლებულ მაგიდაზე გადაწვა.
-რა თქმა უნდა, შეგვიძლია. ქალაქიდან ას მეტრში კუშადასის ზღვის კურორტია, ამინდებიც უკვე მშვენიერია, შეიძლება გვიანობამდე ვერ გაჩერდეთ ზღვაში, თუმცა ერთს მაინც შეცურავთ. ტაქსის მომსახურებაც გვაქვს და ორას ლირად მოივლით კურორტს, ბოლოს კი მადლობას გადამიხდით - დაიმორცხვა ალი ბეიმ, რომელიც აშკარად ეკეკლუცებოდა ელენეს და, შიგადაშიგ, გამომწვევად უღიმოდა.
-იქნებ ჩვენი მეგზური გახდე და ხვალ შენც გამოგვყვე კურორტზე - კვლავ ინგლისურად მიუგო ელენემ და გადმომხედა - მგონი ვიპოვე ჩემი თურქის კაცი - მითხრა ქართულად და გადაიკისკისა - აბა, რას იტყვი, წამოგვყვები?
ალიმ თანხმობა გამოგვიცხადა და თავის მეგობარ მურათსაც შესთავაზა წამოსვლა ჩვენი ნებართვის შემდეგ.
-სულ გადაირიე, ელენე? - ქუჩაში გასვლის შემდეგ ვუთხარი სიცილით - რადგან დედაშენმა წამოსვლის ნება დაგრთო, არამგონია თურქ სიძესაც შეეგუოს, ამიტომ დაფიქრდი - ჩავფიქრდი და სადღაც ორ წუთში სრულიად სერიოზული სახით მივუტრიალდი - ისე, მშვენიერი ბიჭია ალი, საერთოდაც არ ჰგავს თურქს, ლამაზი ნაკვთები და ღიმილი აქვს, არა რა, დედაშენი შეცდა, ნინო უნდა დაერქვა შენთვის.
ელენემ გვერდებში მომიღიტინა და კისკისით გავუყევით ქუჩებს, სადაც საცურაო კოსტუმი უნდა გვეყიდა შემდეგი დღისთვის.
-კიდევ კარგი, წამოსვლის წინ მთლიან სხეულზე ეპილაცია გავიკეთე, თორემ შევრცხვებოდი ალისთან. ნეტავ, რამდენია იმის შანსი, რომ მე და ალი ერთად ვიყოთ? - საცვლების მაღაზიისკენ გაიქცა და პირველივე, ყველაზე სექსუალურ, წითელ კოსტუმს დასტაცა ხელი - აბა, რას იტყვი? - გამომცდელად შემომხედა და თვითონვე გასცა საკუთარ თავს პასუხი - არა, ეს ძალიან ზედმეტია, უფრო სადას და მოკრძალებულს ჩავიცვამ, თურქეთში მაინც სხვანაირად ხდება ყველაფერი.
ელენემ შავი, ძალიან ელეგანტური საცურაო კოსტუმი შეიძინა, მე კი მწვანე, ერთიან კოსტუმზე შევაჩერე არჩევანი.
***
დილით რვა საათიდან დაიწყო ელენემ მზადება. თმებს ხან აიწევდა, ხანაც გაიშლიდა, შემდეგ ისევ ზემოთ აიწევდა, მოლას ხმა აღარ უშლიდა ნერვებს, ახლა საკუთარი თმა აღიზიანებდა.
-თმა კი არა ნამდვილი ჩალაა, კერატინით მაინც დამესწორებინა წამოსვლის წინ, გაპუწულ თხას ვგავარ. მართა - ლოგინზე ჩამოჯდა - მირჩიე რამე, გთხოვ.
-ჩემი დიდფარფლიანი ქუდი დაიხურე, ელენე, მზე იქნება - თავიდან მოშორების მიზნით ვუთხარი და მეორე გვერდზე გადავბრუნდი, რასაც ელენეს ყვირილი მოყვა და ქება, თუ როგორი ჭკვიანი გოგო ვიყავი.
ალი და მურათი სასტუმროსთან გველოდებოდნენ. ალის მოკლე შორტი და მოკლესახელოიანი მოტკეცილი მაისური ჩაეცვა.
-ვუალაა - წამოიყვირა ელენემ და ხელი მკრა - ხედავ რა ბიჭია? -აღფრთოვანება ვერ დამალა და ბიჭებისკენ კეკლუცით წავიდა.
კურორტმა მოლოდინს გადააჭარბა. ეს იყო ნამდვილი სამოთხე დედამიწაზე - ოქროსფერზე ოქროსფერი ქვიშა და თვალუწვდენელი ლურჯი ზღვა. ჯერ სეზონი არ იყო, ამიტომ პლაჟზე აქა-იქ თუ მოეყარა ჯგუფ-ჯგუფებად ხალხს თავი. ჩვენც გავშალეთ პლედები, გადავიძრეთ ტანსაცმელი და ზღვაში შესასვლელად მოვემზადეთ.
პირველი ალი შევიდა ზღვაში და ყვირილი დაიწყო, თუმცა თურქულად, რაზეც მურათი მიყვა და ჩვენ დაგვიძახეს. ყველა ზღვაში ვიყავით, ძალიან თბილი და სასიამოვნო ტალღები იყო, თუმცა მალე ამოვედით და პირსახოცებშიც გემრიელად გავეხვიეთ შეციებულები.
თავგადასავალი ძალიან ლამაზი იყო, თუმცა მზის ჩასვლისას ვატო გამახსენდა. ბიჭი, რომელმაც კვლავ დამარწმუნა, რომ ყველა კაცი ერთნაირი არ არის და არსებობენ განსაკუთრებული მამაკაცებიც.
„ვატო, ყველაზე ძვირფასო ამ ქვეყანაზე. რამდენიმე თვეში ჩემი ცხოვრება ყვავილებით მორთე. ძვირფასო, ყველაზე ტკბილო, რა მალე დამავიწყე ზამთარი და გულში გაზაფხული მოიყვანე. დიდთვალება ბიჭო, ნეტავ აქ იყო, ნეტავ შემეძლოს მხარზე თავი დაგადო და გაგიღიმო. ვატო, ყველაზე მამაკაცურო, ძალიან მინდა, აქ იყო.“
***
წასვლის დღე მოახლოვდა, მაქსიმალურად ვეცადეთ, დაგვესვენა, რადგან ღირსეულად შევხვედროდით ოცდაშვიდსაათიან მგზავრობას. დილით ათ საათზე გამეღვიძა, ელენე უკვე ქვემოთ ჩასულიყო და თან ბარგიც ჩაეტანა. ნახევარ საათში მეც მზად ვიყავი და ლიფტით ქვემოთ ჩავედი. ელენე ალის ელაპარაკებოდა, არ ვიცი რა ჰქონდათ ამდენი სასაუბრო, თუმცა კუშადასის შემდეგ გაუჩერებლივ საუბრობდნენ და ერთმანეთს აზრებს უზიარებდნენ.
-Günaydın- მივესალმე ყველას და სათითაოდ ყველას თავი დავუკარი - ელენე, როგორ გეძინა? - მივუახლოვდი და ხელი წავკარი - მოგენატრება შენი ოცნების მამაკაცი?
-მაიმუნობას სჯობს მძღოლს გადაურეკო და გაიგო რამდენ ხანში მოვა, რომ წესიერად მოვასწრო ალისთან დამშვიდობება - ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა ალის და უკვე ვეჭვობდი კიდეც, რომ მისი გრძნობები ნელ-ნელა სერიოზულდებოდა.
მძღოლი ათ წუთში სასტუმროსთან იქნებოდა, რაზეც ელენეს სახე ერთიანად მოეღუშა, ალისთან მივიდა და ძლიერად ჩაეხუტა. გაოცებისგან ლამის შევყვირე, რადგან ორ დღეში ასეთ სიახლოვეს არ ველოდი. მეც დავემშვიდობე ყველას, თუმცა ხელის ჩამორთმევა სრულიად საკმარისად მომეჩვენა და ათ წუთში უკვე გარეთ ვიყავით. ალიმ გამოგვაცილა, ბარგი წამოიღო და ბოლო წამებს ითვლიდა ჩვენთან, უფრო სწორად, ელენესთან ერთად.
-მშვიდობით, ალი, მშვიდობით, იზმირო, მშვიდობით, პირველო სიყვარულო! მყვირალა კაცო, შენც მშვიდობით იყავი და ახლა სხვა გოგონები გააგიჟე დილის ექვს საათზე ალაჰ, ალაჰის ძახილით, მშვიდობის ზღვაო და სიმითის გამყიდველო, მშვიდობით ჩემო ახლადშეძენილო მეგობრებო, მშვიდობით მზევ და მთვარევ თურქეთისაო. ძალიან მომენატრებით, განსაკუთრებით ჩემი შავთვალება ბიჭი მომენატრება, თუმცა მუხთალია ცხოვრება, გამოგაჩინა და კვლავ სადღაც, ათასობით კილომეტრის იქით გტოვებს. ეჰ, ჩემო ალი, იმედია ღირსეულ გოგოს შეირთავ ცოლად, დაივლით იზმირის ქუჩებს ცეკვა-ცეკვით და მონეტებით სავსე ქისებს გადმოგაყრიან მეზობლები მუხუდოს მარცვლებთან ერთად. ბედნიერებას გისურებ შენს მომავალ ცოლთან და პატარა თურქის შვილებთან ერთად - მთელი მონოლოგი წაიკითხა ელენემ ავტობუსში ასვლისთანავე და თან თვალზე ცრემლიც კი მოადგა რამდენჯერმე - იცი, მართა, მე მართლა მომეწონა ალი. ის ისეთი თბილი იყო, ყურადღებიანი, არცერთ იმ მამაკაცს არ ჰგავდა, რომლებსაც აქამდე შევხვედრილვარ, თუმცა მათი სია იმდენად მწირია, რომ შეიძლება ვაბუქებდე კიდეც. ეჰ - ამოიკვნესა - რა კარგია, საყვარელი მამაკაცი რომ გელოდება საქართველოში. ვფიქრობ, რომ შენი და ვატოს ურთიერთობა მალე განვითარდება. შენი წარსული კი ხელს კი არ შეგიშლის, პირიქით, დაგეხმარება კიდეც. მაგრამ ერთ რჩევას მოგცემ, არასოდეს დაიწყო მისი გაკონტროლება, მართალია შენ გული გეტკინა, მაგრამ ის უღირსი მამაკაცი იყო, ვატოს კი მიეცი უფლება თავისი ერთუგლება დაგიმტკიცოს. არასოდეს შეადარო ის ლევანს, არასოდეს აგრძნობინო მისი არსებობა თქვენს ურთიერთობაში. შეიძლება ბევრჯერ გაგახსენდეს, თუმცა შენშივე ჩაკალი ეს გრძნობები, მართა. გთხოვ, შეცდომა არ დაუშვა.
ელენეს სიტყვები სრული ჭეშმარიტება იყო. მე მზად ვიყავი, ვატოსთვის ჩემი გრძნობები გამემხილა, გრძნობების სისწორეში განშორებამ კიდევ უფრო დამარწმუნა, მისმა მონატრებამ ბოლო დღეებში ძილიც კი დამიფრთხო.
-ვატო სარფში დაგვხვდება და იქიდან თავისი მანქანით წაგვიყვანს თბილისში. ვერ მოვითმენ დამატებით ოთხი საათი შენს მონატრებაშიო და თვითონ გადაწყვიტა თითქმის ოთხასი კილომეტრის გამოვლა.
***
კვლავ ხმაურით გავიარეთ მე და ელენემ თუნუქის ვიწრო გვირაბი და უკვე ჩვენს მიწაზე ვიმყოფებოდით. განსაკუთრებით ლამაზად მომეჩვენა იმ დღეს ჩვენი სამშობლო. განსაკუთრებით ვიგრძენი მისი სილამაზე. ჩემს თვალში ზღვა ბევრად ლამაზი მეჩვენებოდა საქართველოს ნახევარზე, მინდოდა მიწაც კი დამეკოცნა, ხარბად ვისუნთქავდი ნესტიან ჰაერს და თავს ისე ვატრიალებდი, თითქოს პირველად ვყოფილიყავი იმ ადგილას.
გზის მეორე მხარეს ვატო დავინახე, მანქანას მიყრდნობოდა, სიგარეტს ეწეოდა და თან მარჯვენა ფეხს ნერვულად ათამაშებდა. მუხლამდე შორტი ეცვა თეთრი ფერის, ფეხზე დაბალყელიანი კედები და თეთრი, ასევე დაბალყელიანი წინდები, ზემოთ კი მწვანე სადა მაისური, რომელზეც ისეთივე ფერის გრძელსახელოიანი მაისური მოეგდო ბეჭებზე. დანახვისთანავე გული განსაკუთრებულად ამიძგერდა, ელენეს დავუტოვე ბარგი და სირბილით გავიქეცი მისკენ.
მან უფრო გვიან შემამჩნია, სიგარეტი მაშინვე ჩააქრო და ჩემკენ წამოვიდა, თეძოებზე ხელი მომხვია და ჰაერში ამწია. ხელებს მაგრად ვუჭერდი და ძირს დასმას ვთხოვდი. დამსვა. ახლა უფრო გულიანად ჩამეხუტა და ჩემს კისერში თავი ჩარგო.
-მართა, საყვარელო, შენი სუნი როგორ მომენატრა - მომიცილა, ხელები მკლავებში მომკიდა და თვალებში ჩამხედა - როგორ მომანატრე თავი, შე საძაგელო.
ამასობაში ელენეც მოგვიახლოვდა და ერთმანეთი გავაცანი.
-მართა, არ გითქვამს, რომ ასეთი სიმპატიური იყო შენი ვატუნა - ჩუმად ჩამჩურჩულა ყურში და გამომწვევად გამომხედა ელენემ - ჩემი ალი რომ არა, წაგართმევდი ამ ბიჭს, ეჭვიც არ შეგეპაროს.
-გოგონებო - სარკეში გამოგვხედა ვატომ - ბათუმშო ხომ არ შეგვევლო? ერთი-ორი დღე დავისვენოთ და შემდეგ წავიდეთ თბილისში.
იდეა ძალიან კარგი იყო, თუმცა არ მინდოდა კიდევ გამეცდინა უნივერსიტეტი, ამიტომ მორიდებით ჩავხარე თავი და უარის სათქმელად ლამაზი ტექსტი წარმოვიდგინე გონებაში.
-ძალიან კარგი იდეაა, ვატო - საუბარი ელენემ დაიწყო და ჩემი ფიქრებიც და დალაგებული ტექსტიც სანაგვეზე მოისროლა - ორი ღამე არ გვინდა, დღეს დავრჩეთ და ხვალ კი გავუყვეთ გზას თბილისისკენ, დარწმუნებული ვარ მართაც იმავე აზრზეა, თუმცა - თითი ტუჩთან მიიდო და ჩაფიქრდა - ახლა ვერც ზღვაში შევალთ, არც ხალხი იქნება, დაძინებული ბათუმი კი ცუდი სანახავია, ეგ გეგმა ივლისისთვის ხომ არ გადაგვედო? ახლა კი სადმე სხვაგან წავიდეთ, მაგალითად, მაგალითად... - ფიქრს არ წყვეტდა ელენე - მოვიფიქრე, მართასთან წავიდეთ სამეგრელოში.
გაოცებისგან პირი დავაღე და ისე სწრაფად შევტრიალდი სახით მისკენ, რომ მან გააზრებაც ვერ მოასწრო. ელენე ჩემს სახლში ეპატიჟებოდა ვატოს, სადაც დედაჩემიც კი არ იყო, სამეზობლოში და სანათესაოში კი ჭორების კორიანტელი დატრიალდებოდა, ზაზას გოგომ ბიჭი მოიყვანა სახლშიო. ასობით კუდს მოაბამდნენ ამ ამბავს, „გაფუჭებას“ თბილისს დააბრალებდნენ და შემარცხვენდნენ საშვილიშვილოდ, ამიტომ ტყუილის თქმამ მომიწია.
-სახლში არავინაა, დედაჩემი დეიდაჩემთან არის საფრანგეთში დასასვენებლად, სახლი დაკეტილია, მე კი გასაღები ნამდვილად არ წამიღია თურქეთში.
ელენე მოიღუშა, პატარა ცხვირი ძირს ჩამოუშვა და აწუწუნდა, სხვა ადგილს ვერ ვფიქრობო, ამიტომ მანქანა პირდაპირ თბილისისკენ გავაქროლეთ.
***
ერთ კვირას დიდი კვალი დაეტყო ჩემი სახლისთვის. მტვერი სქელ ფენად დასდებოდა ავეჯსა და ტექნიკას, სიმძიმის, ჩახუთული სუნიც კი იდგა სახლში, თუმცა ძილის გარდა არაფერი უშველიდა ენერგიის ბატარეას, რომელიც შევსებას საჭიროებდა.
განშორებისას ელენეს მთელი ძალით გადავეხვიე, იმდენად მივეჩვიე მის ტიტინს, რომ ვეღარც წარმომედგინა ამ ხმის გარეშე ცხოვრება.
-საჭირო მომენტში გამოვჩნდით ერთმანეთის ცხოვრებაში და ერთმანეთს ვუექიმეთ. მე მჯერა სასწაულებრივი დამთხვევების და იმისიც, რომ ბუნებამ ზუსტად იცის ვინ და როდის უნდა შეახვედროს ერთმანეთს. შენ საუკეთესო მეგზურობა გამიწიე, ელე, შენ რომ არა, ალბათ სასტუმროში მოვკვდებოდი და შემდეგ ალი მიპოვიდა მოწყენილობისგან გარდაცვლილს, თუმცა შენ მიხსენი ამ ყველაფრისგან, ცოტა მეც დაგამშვიდე დედისაგან გამოქცეული ბარტყი და ერთმანეთი დადებითი ენერგიებით შევავსეთ.
-მე უკვე ზუსტად ვიცი, სად უნდა წავიდე, როდესაც დედაჩემისგან თავის დაღწევა მომინდება - გამიღიმა და გულში პატარა ბავშვივით ჩამიკრა.
დილით გაურკვევლობაში გავიღვიძე. მთელი დილა მოლას ხმას ველოდი, ჩემს გონებაში კვლავ სასტუმროს საწოლში მეძინა, თუმცა თვალების გახელისას ჩემი ოთახი შემრჩა ხელთ, რამაც, ცოტა არ იყოს, დამაღონა კიდეც. ტელეფონს დავხედე და ზუსტად ექვს საათზე ელენეს მესიჯი მოეწერა: ალაჰ, ალააჰ, ააააიიიიიააა, ალაააჰ
როგორც ჩანს მანაც იგრძნო რაღაცნაირი დანაკლისი და ესემესით შეივსო ის. ავდექი, მოვიმარჯვე სველი ტილოები და სახლის დალაგებას შევუდექი.
ვიღაცამ კარზე დააკაკუნა. შუა დალაგების დროს ვინმეს სტუმრობა ნამდვილად არ მინდოდა, თუმცა მაინც გავიხედე ჭუჭრუტანაში. ვატო იყო დიდი ყუთით ხელში, ცნობისმოყვარეობამ დალაგების სურვილს სძლია და კარი გავაღე.
-მადლობა ღმერთს - ქარივით შემოვარდა ვატო სახლში და სამზარეულოში გავარდა - ხელები ლამის დამეწვა. ხინკალი მოგიტანე, მონატრებული იქნებოდი - მომინდა ისე ძლიერად ჩავხუტებოდი, რომ გამესრისა, მინდოდა ის ლამაზი თვალები დამეკოცნა, რადგან დილიდან რამე გემრიელის ჭამის სურვილი ამყვა, სახლში კი არაფერი მეგულებოდა.
***
რომაული არა და თურქული არდადეგებიდან ერთი თვე გასულიყო. ელენე შიგადაშიგ მეხმიანებოდა, მიყვებოდა ახალ ამბებს, მე კი ვატოსთან ფლირტის ამბებს ვუყვებოდი. ერთ დღესაც, რიგითი მოკითხვის დროს მომწერა, შენი ნახვა და ორ საკითხზე საუბარი მინდაო, რაზეც ჩემთან დაპატიჟება გადავწყვიტე. საგანგებოდ მოვემზადე მის დასახვედრად. მოვამზადე ბერძნული სალათი, ტარხუნის ღვეზელი, მაკარონი სოკოთი და ისპანახით და, თურქეთის საპატივსაცემოდ, ბაქლავა. აქვე ამ ბოლო ხსენებულის ჩემეულ რეცეპტს დავწერ :
ფქვილი დავყაროთ მაგიდაზე, ამოვაღრმავოთ შუაში, ჩავტეხოთ მასში კვერცხი, დავასხათ რძე, ზეთი, მარილი, ძმარი და მოვზილოთ ცომი. გავაკეთოთ ცომიდან 15 (სასურველია 20) ბურთულა, თითოეული იქნება, დაახლოებით, კაკლის ზომის. გადავაფაროთ ცომს სველი ტილო და დავტოვოთ 30 წუთი. შემდეგ ავიღოთ თითოეული ბურთულა, მოვაყაროთ მაგიდაზე სახამებელი და გავაბრტყელოთ ცომი, რაც შეიძლება თხლად. თითოეულს კარგად მოვაყაროთ სახამებელი და დავაწყოთ ერთმანეთზე, გადავაფაროთ ტილო, რომ არ გამოშრეს. დავიწყოთ ბაქლავის აწყობა: ავიღოთ ოთხკუთხა ღრმა საცხობი ყალიბი, მასზე კარგად წავუსვათ გამდნარი კარაქი, დავდოთ ცომის ორი ფენა, თითოეულ ფენას ვუსვამთ ფუნჯით გამდნარ კარაქს თხლად, ყოველი ორი ფენის შემდეგ ვაყრით მსხვილად დაჭრილ ნიგოზს ან თხილს(უკეთესია შერეული). ასე ვაკეთებთ ბოლომდე. ბოლო მეთხუთმეტე ფენასაც გადავუსვათ კარაქი თხლად, შემდეგ ავიღოთ მჭრელი დანა და ფრთხილად დავჭრათ ბაქლავა რომბისებურ ნაჭრებად. შევდგათ 170 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში და ვაცხოთ დაახლოებით 30-40 წუთი. სანამ ჩვენი ბაქლავა ცხვება, მოვამზადოთ სიროფი: შაქარი ჩავყაროთ წლით სავსე პატარა ქვაბში და ავადუღოთ, დავამატოთ ლიმონის წვენი და ვადუღოთ 10 წუთი, ბოლოს დავუმატოთ ნახევარი ჭიქა თაფლი. გამომცხვარი ბაქლავა გამოვიღოთ ღუმელიდან და ცხელსვე მოვასხათ სიროფი თანაბრად. გადავაფაროთ ტილო და ისე გავაცივოთ.
ელენე დიდი აღფრთოვანებით და სიხარულით შემხვდა, კარგა ხანი ვიდექით შემოსასვლელში გადახვეულები, ყვავილების დიდი თაიგული და შოკოლადი მოეტანა ჩემთვის.
-ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამიხარდა შენი ნახვა, ელენე - სამზარეულოსკენ გავუძეხი და დივანზე დავსვი - დილიდან ვემზადები შენ მოლოდინში, სამსახური მე აღარ მაქვს და საქმე, ვზივარ მთელი დღეები სახლში და ხან რას ვაკეთებ, ხან რას... ლექციებიც მომბეზრდა და ყელში ამოვიდა, თუმცა მაინც დავდივარ და, შიგადაშიგ, ვახალტურებ ხოლმე - ყავის მომზადება დავიწყე, თუმცა გამომრთავ ღილაკზე თითი არ დამიჭერია და კვლავ საუბარი გავაგრძელე - დედაჩემი შემდეგ კვირას ჩამოდის, მის კმაყოფაზე ყოფნა მარტივია, ჩემს ხელფასზე თითქმის ორჯერ მეტს მირიცხავს ყოველი თვის დასაწყისში და გამაზარმაცა კიდეც. აბა, არ მოეცა, ხომ არ მოვიკლავდი თავს მშიერს და დავიწყებდი მუშაობას, მაგრამ ჰა, დაისვენე შვილო, მერეც ბევრი გექნება სამუშაოო, მამხნევებს. შენკენ რა ხდება?
-ალი ჩამოდის - ჩუმად, მაგრამ გარკვევით მითხრა მან - მთელი ეს პერიოდი ყოველდღე ვწერდით და ვურეკავდით ერთმანეთს ვიდეო ზარებით, ახლა კი შვებულება აიღო და აქ ჩამოსვლას აპირებს, თუმცა რა მეშველება, არ ვიცი. დედაჩემი ისე აღარ მაკონტროლებს, მაგრამ ყოველდღე სადღაც რომ გავალ, რა ვუთხრა, სად მივდივარ-თქო? - ამბის გადახარშვა კიდე არ მქონდა დამთავრებული, როდესაც ჩაიდანმა დასტვინა და შევხტი. ალი, ჩვენი ალი, ბიჭი სასტუმროდან ელენეს სანახავად ჩამოდიოდა. ის ბიჭი, ელენემ კარგი ბედ-იღბალი რომ უსურვა და ქორწილიც გადაუხადა გონებაში. ის ბიჭი დღეს-ხვალ საქართველოში ელენეს გამო ჩამოდიოდა, ვერ ვიჯერებდი, მილიონ კითხვას ვუსვამდი ელენეს და ბოლოს გულიც ვიჯერე სიცილით - რა გაცინებს, მართა - ბუზღუნით მითხრა ელენემ - მე თავი გამისკდა ფიქრით, ვერაფერი მოვიფიქრე, არადა როგორ ვუთხრა არ ჩამოხვიდე, დედაჩემს ვერ მოვატყუებ შენ გამო-თქო?
-ელენე, ბიჭი მზად არის ოცდაშვიდი საათი იჯდეს ავტობუსში შენ გამო და რა უარის თქმაზეა საუბარი? - უკვე სერიოზულად მოვეკიდე ზემოთხსენებულ საკითს და მეც მასთან ერთად დავიწყე ფიქრი, რა მოგვეხერხებინა დედამისისთვის - მოვიფიქრე, გეფიცები, გენიოსი ვარ - თავი შევიქე და ჩემი იდეა გავანდე - დედაშენს უთხარი, რომ ჩემთან ერთად მოდიხარ სადმე. არ ვიცი სად, ეგ შემდეგ გადავწყვიტოთ, შემდეგ შენი ალი ბეი ჩამოვა და მასთან ერთად გაატარებ დროს, ღამით კი ჩემთან დარჩები ხოლმე, მასთან არ დაგტოვებ, აქედანვე იცოდე - თითი დავუქნიე და თეფშზე ღვეზელი გადმოვიგდე.
გაეცინა. მასაც თითქმის ასეთივე იდეა მოეფიქრებინა და ჩემთან თანხმობის სათხოვნელად მოსულა.
-კიდევ არ მჯერა, ალი მოდის შენ სანახავად იზმირიდან თბილისში, რა ჩაუყარე სასმელში, ელენე, აღიარე რა - ვეხუმრებოდი და თან მართლა მიჭირდა დაჯერება, რომ ეს ყველაფერი რეალური იყო.
-შენ გამოუტყდი ვატოს შენს გრძნობებში? - ყველაზე მტკივნეულ თემას შეეხო ელენე, თუმცა ზუსტად ვიცოდი, რომ ამაზე საუბარს ვერ ავცდებოდი. უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე და სალათა შევთავაზე თემის შესაცვლელად - თუ კიდევ დამალავ შენს გრძნობებს, ის სხვა ქალს იპოვის. არცერთ ადამიანს არ უყვარს ლოდინი, რაც არ უნდა იმედი ჰქონდეს, ბოლოს მაინც მობეზრდება, საუკუნოდ ელოდოს შენს სიტყვებს. მართა, ვატო კარგი ბიჭია, იმაზე კარგი ვიდრე მე წარმომედგინა, როგორ ფიქრობ, რამდენჯერ გაჩუქებს სამყარო განსაკუთრებულ მამაკაცს? მე თურქეთში მაპოვნინა და შენ აქვე გყავს, რატომ ეწინააღმდეგები საკუთარ თავს, ხომ ხვდები, რომ ამით მხოლოდ სიკეთეს მოუტან შენს თავსაც და ვატოსაც? თვეები გადის, ნახევარი წელია იცნობ, მოგწონს, მოსწონხარ და რა გიდგას წინ? ნუთუ გეშინია? - ხელი ხელზე დამადო და თავისი ულამაზესი თვალები შემომანათა - გთხოვ, არ მითხრა რომ ლევანის შემდეგ მამაკაცების შიში შემოგეპარა.
ჩემი თავშეკავების მიზეზი რა იყო, თავადაც არ ვიცოდი. იყო ეს შინაგანი ხმა თუ გარე ფაქტორების გავლენა, თუმცა მე მართლაც არაფერი მითქვამს ვატოსთვის. ელენეს სიტყვებმა კი ცოტა არ იყოს შემაშინა, ნუთუ შეიძლებოდა ვატოს იმედი აღარ ჰქონოდა და სხვა ქალთან წასულიყო. მწარე ტკივილი ვიგრძენი გულის არეში, რაც ელენეს გავუმხილე.
-ყველაფერს დღეს ეტყვი, გადადება არ შეიძლება - გადაჭრით თქვა მან და ხელი მაგიდას დაარტყა - ახლავე წავალთ, ვიყიდით ღვინოს, სანთლებს, ვარდებს და ყველა იმ საჭირო ნივთს, რაც რომანიკული საღამოსთვისაა საჭირო, შედგები მაღალ ქუსლებზე და ყველაფერზე დღესვე აქ დაილაპარაკებ!
ელენე ყველაზე ენერგიული ადამიანი იყო, ვინც კი მანამდე შემხვედრია. აღზრდის ტიპის მიუხედავად, ის ყველაზე კომუნიკაბელური ადამიანი იყო მთელ დედამიწაზე. ნახევარ საათში უკვე მაღაზიებისკენ მიმაქროლებდა, თან ჩქარი ნაბიჯით, სალონში შესვლა უნდა მოგვესწრო. ტელეფონში პატარა სია შეადგინა და ისე, რომ მე არ მაჩვენებდა, რაღაცებს შლიდა და კვლავ ინიშნავდა.
***
საღამოს შვიდ საათზე დავუთქვი ვატოს შეხვედრა ისე, რომ აზრზეც არ იყო, წინ რა ელოდა. ელენემ სიტუაცია ცოტა გააბუქა და მათქმევინა, რომ ან დღეს უნდა მენახა, ან არასოდეს, რადგან თავიდან აგვეცილებინა მოულოდნელი უასიამოვნო შემთხვევები და მთლიანად ჩემზე ყოფილიყო მობილიზებული.
სამზარეულოში მაგიდას ადგილი შევუცვალეთ და ცენტრში დავდგით. ირგვლივ წითელი ვარდის ფურცლები მოვაბნიეთ, იატაკზევე მოვაწყვეთ პატარ-პატარა სანთლები, მაგიდაზე კი დიდ შანდალში ჩავარჭეთ გრძელი, წითელი ფერის სამი სანთელი. საჭმლით არ გადავტვირთეთ სუფრა, მხოლოდ სალათი და ბაქლავა დავდეთ, დანარჩენი კი ელენემ იყიდა, რაფაელო, მაფინები, კრუასანები და კიდევ სამი სახეობის ტკბილეული. სანთლებთან დადგა ერთი ბოთლი წითელი ღვინო, მეორე კი მაცივარში შედგა გასაცივებლად.
დიზაინერობაც თავად აიღო საკუთარ თავზე და ჩემი გარდერობიდან მივიწყებული მუქი შინდისფერი, კოპლიანი კაბა გამოქექა, მომატებული კილოგრამები კაბას დაეტყო და შესაკრავი ბოლომდე არ აიწია. გაბრაზებულმა ლამის შემომახია კაბა და თავიდან შეძვრა ჩემს გარდერობში, ამჯერად თურქეთში ნაყიდ ღია ვარდისფერ ერთიან კაბაზე შეაჩერა არჩევანი. საკმაოდ მოკლე კაბამ და ღრმა დეკოლტემ ელენეს კმაყოფილება გამოიწვია. ფეხზე თეთრი საზაფხულო მაღალქუსლიანი მომიხდინა და მაკიაჟის გაკეთებაც თავად გადაწყვიტა.
შვიდის ნახევარზე მზად ვიყავი და ელენემაც დამტოვა უამრავი მადლობისა და შექების ფონზე, რომ ალისთან დაკავშირებული საკითხი მარტივად მოვუგვარე.
და, აი, ისიც. კარზე კაკუნმა და ჩემმა გულის ხმამ ყურები დამიყრუა. ხელები გამეყინა და ცივმა ოფლმა დამასხა, წამით ვიფიქრე არ გავუღებ-თქო, თუმცა ელენეს შედევრის დანახვამ ფიქრი გამიქარწყლა. კარი გამოვაღე და ვატოს მშვენიერი სახე დავინახე.
გაოცებისგან ლამის პირი დააღო. მე მაგიდისკენ გავუძეხი და ოთახმა კიდევ უფრო მეტი გაკვირვება დაატყო გამომეტყველებას.
ოთახში მძიმე სუნი იდგა: სანთლების, ყვავილების, საჭმლის. ვატომ თავისებური სუნი შემატა ბუკეტს და კიდევ უფრო დაამძიმა იქაურობა. ხელები კვლავ დაცვარული მქონდა ნერვიულობისგან. ვღელავდი და საკუთარი სუნთქვაც კი ნერვებს მიშლიდა.
-ვატო - პირველმა სიტყვამ კბილებში ისე გამოცრა, მეგონა ცივი წყალი გადამასხეს თავზე, სიტყვები ჰაერში გაიფანტა და ასოებად დაიშალნენ, მე მათ შეკრებას ვცდილობდი, თუმცა ერთის დაჭერის შემდეგ მეორე იკარგებოდა და არამცთუ წინადადებას, სიტყვასაც ვერ ვუყრიდი ერთად თავს - ვატო - კვლავ სახელის თქმა მოვახერხე და ფეხზე წამოვდექი, ისიც წამოდგა და ჩემ გვერდით გაჩნდა - აივანზე გავიდეთ, ჰაერი მჭირდება - პასუხს არ დავლოდებივარ, გარეთ გავვარდი, ხარბად ჩავისუნთქე ჟანგბადი და თვალები დავხუჭე, ეს გადამწყვეტი მომენტი უნდა ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში. უეცრად ვატოს ხელი ვიგრძენი ჩემს წელზე, მისკენ შემატრიალა და სხეულზე ამიკრა - ვატო - კვლავ მხოლოდ სახელი და მისი ტუჩები ჩემსას შეეხნენ. სიმხურვალისგან სუნთქვა შემეკვრა, მთელს სხეულში რაღაც ამოუცნობი დატრიალდა და ძალა წამართვა, ვატო მიჭერდა და მკოცნიდა. მთლიანად ძალაწართმეული დავეწაფე მის ტუჩებს მეც, ხელი თმებში შევუცურე და მისკენ, კიდევ უფრო მაღლა ავიწიე - შემიყვარდი - სულმოუთქმელად ვუთხარი, როდესაც ტუჩები გამითავისუფლა - მე შენ შემიყვარდი, ძვირფასო - თვალებში ჩამხედა, დიდხანს მიყურა და კვლავ მწყურვალივით დაეწაფა ჩემს ბაგეს.
***
ჩემი ცხოვრება ერთ დიდ კერძს ჰგავდა და ახლაც ასეა. თითოეულ გრძნობას და ისტორიას ინგრედიენტებად აღვიქვამდი და სურვილისამებრ ვაზავებდი ერთმანეთთან. ვატოსთან ყოფნის პერიოდი კი ჩემთვის დესერტი იყო. ყველაზე ტკბილი და ჰაეროვანი, პირზე მიკარებისთანავე რომ ლღვებოდა და უფრო და უფრო მეტის ჭამის სურვილს გიჩენდა.
თუმცა აქვე მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ბევრი ტკბილი ვნებს ორგანიზმს და ხანდახან ღებინებასაც კი იწვევს, ამიტომ დააბალანსეთ თქვენი ცხოვრება. შაქარმა დიაბეტი, მწარემ კი კუჭის წყლული იცის, ამიტომ გახადეთ თქვენი ცხოვრება გემრიელი კერძების ნაზავი.
ალი სამ დღეში უკვე თბილისში იყო. ელენე მოუთმენლად ელოდა მასთან შეხვედრას. დედამისისთვის კახეთში, რეალურად კი ჩემს ბინაში ვყურყუტებდით ერთი კვირა. ალიმ უამრავი საჩუქარი ჩამოგვიტანა მე და ელენეს და არც ჩვენ დაგვიკლია პატივისცემა. ბოლო-ბოლო ყველაზე სტუმართმოყვარე ხალხის სახელი გვაქვს მთელ დუნიაზე.
ალის საუბრიდან გავიგეთ, რომ თავისი ოჯახი მზად იყო, ქართველი რძალი მიეღოთ, ბიჭებს უწონებდნენ კიდეც ქართველი გოგოს შერთვას, სამაგიეროდ, თურქ გოგოს არ შეეძლო ქართველ კაცს გაჰყოლოდა ცოლად, ეს გვარის შეურაცხყოფა და ქვეყნის ადათ-წესების ღალატად აღიქმებოდა. ერთი სიტყვით, ბიჭის მხარე თანახმა იყო ალისა და ელენეს ურთიერთობაზე, ელენეს დედა კი, ზუსტად ვიცოდით, არასოდეს დათანხმდებოდა ამ ურთიერთობას, განსაკუთრებით კი, ქორწინებას.
ქორწილზე საუბარი ჯერ ძალიან ადრე იყო, თუმცა ალიმ გააფრთხილა, რომ თურქეთში მიღებულ წესად არ აღიქმებოდა ერთ წლიანი შეყვარებულობა, თუკი ვაჟსა და ქალის გრძნობები ერთმანეთს დაემთხვეოდა გაცნობიდან სამ თვეში უკვე ქორწინება ნებადართული იყო, თუმცა ამ აზრს სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ელენე და თან ვატოს სთხოვდა ალისთვის „კაცურად“ აეხსნა საქართველოს წესები.
ალის სტუმრობა საქართველოში შიშში გატარებულ დღეებს ნიშნავდა ჩემთვის და ელენესთვის, მიუხედავად ზღვა სიხარულისა, რასაც ის განიცდიდა, მაინც აშინებდა შემთხვევით დედამისის ნახვის ალბათობა, ამიტომ სადმე გასვლის წინ წინასწარ ვურეკავდით დედამისს, რომ გაგვეგო რას საქმიანოდა, სახლში იყო, სამსახურში თუ დაქალებთან ერთად სადმე სასეირნოდ.
ბევრი ადგილი არ მოგვინახულებია, უმეტესად თბილისი, მცხეთა და კახეთი მოვატარეთ ალის და თან საქართველოს ისტორიებსა და ლეგენდებს ვუყვებოდით. რამდენიმე სიტყვაც კი ვასწავლეთ ჩვენს ენაზე და არც ალის დავიწყებია თურქულის გაკვეთილები.
ერთ დღესაც, ვატომ იმ ღვინის ქარხანაში წაგვიყვანა, სადაც მუშაობდა. სამსახურის გამო ჩვენთან ყოფნას მხოლოდ საღამოს საათებში ახერხებდა ხოლმე, თუმცა თავისუფალი დროის არცერთ წუთს არ კარგავდა სხვაგან და დროს მთლიანად ჩვენთან ატარებდა, სანამ ერთ დღეს მასთან ჩასვლა არ მთხოვა.
***
-დღეს ჩემთან იყავი - მხარზე თავი დამადო და გაიტრუნა - დღეს ოთხი წელი გავიდა, რაც მშობლები დამეღუპნენ - მითხრა მან და თვალებიდან ცრემლი გადმოუგორდა.
გულის არეში სხვანაირი წვა ვიგრძენი. მინდოდა როგორმე მენუგეშებინა, თუმცა უძლური ვიყავი ამ ტკივილის ფონზე.
-დედაჩემის სოფელი კახეთშია. იქ დედაჩემის დედა და დეიდა ცხოვრობდნენ, უფრო სწორად, ახლაც ცხოვრობენ. ერთ დღესაც ბებომ დედას დაურეკა, სახლში ჭერი ჩამოვარდა და იქნებ ნუგზარი მოგვეხმაროსო - ამბის მოყოლა ვატომ თავად დაიწყო, ჩემი თხოვნის და დაძალების გარეშე - მამაჩემი სამსახურში იყო და როგორც კი სამუშაო საათები დასრულდა, მაშინვე კახეთისკენ აიღეს გეზი. მე ლექცია მქონდა და, ბევრი თხოვნის მიუხედავად, უარი ვუთხარი სოფელში წასვლაზე. საღამომდე არც დამირეკავს მათთან, საქმე ჰქონდათ და არ შევაწუხე. არც ის მიკითხავს როგორ იმგზავრეს, მაგრამ ყველაფერი ბებოს ზარმა შეცვალა. დამირეკა და მკითხა შენები არ წამოვიდნენო? მაშინ ტელეფონი ხელში შემაშეშდა, ჩემს ძმასთან მივვარდი, ვუთხარი დედ-მამა რომელზე წავიდნენთქო და აღმოჩნდა, რომ ოთხ საათზე მეტი იყო გასული მათი წასვლიდან. სასწრაფოდ პოლიციაში დავრეკეთ და აღმოჩნდა, რომ ავარია მომხდარიყო. დეიდას დავურეკე და მორგში ის წავიდა ამოსაცნობად, ორივე ადგილზე დაღუპულიყო - ამოიხვნეშა და შემომხედა - ერთდროულად ყველა კიდური მომაჭრეს, მართა, ყველაფრის ხალისი დავკარგე, მთლიანად მშობლებზე ვიყავი დამოკიდებული და ეკონომიკური მხარე ცალკე სადარდებელი იყო. საბედნიეროდ, ამ კუთხით ბიძაჩემმა აიღო პასუხისმგებლობა, შემდეგ მეც დავიწყე იმ ღვინის მაღაზიაში მუშაობა და ნელ-ნელა მივიწევ ზემოთ კარიერულად, ახლაც დაწინაურებას ველოდები დღე-დღეზე. ჩემი ძმა ჩემზე სუსტი აღმოჩნდა და საზღვარგარეთ წასვლაში იპოვა გამოსავალი.
ჩემზე ძალიან იმოქმედა ამ ისტორიამ. ვატოს გულს უამრავი იარა ჰქონია და აქამდე არასოდეს ესაუბრა ამაზე, არც კი ეტყობოდა ერთი შეხედვით, ამხელა ტრაგედიას თუ იტევდა მისი გული.
სასაფლაოზე გაყოლა მთხოვა, მეც დავთანხმდი. მითხრა დედაჩემს ვარდები უყვარდა ყველაზე მეტადო, ამიტომ მეც ყველაზე დიდი თაიგული ვიყიდე ფერად-ფერადი ვარდებით და სასაფლაოზე გავედით.
-დე, ვიღაც მინდა გაგაცნო - მიმართა ქვაზე დახატულ ქალბატონს და ერთჯერადი ცხვირსახოცით ქვა გაწმინდა - ეს მართაა, ისეთი გოგოა, შენ რომ მოგეწონებოდა, დე. კარგ საჭმელებს აკეთებს, სულ ხომ იმაზე დარდობდი მშიერი არ დარჩეო. ოქროს ხელები აქვს, გეფიცები. დე, პირველად შემიყვარდა და ახლა ვხვდები რატომ გიციმციმებდა თვალები, როდესაც მამას უყურებდი. თქვენი სიყვარული ხომ წლების განმავლობაში არ ჩამქრალა, ახლა მეც მიყვარს და მთელი არსებით ვგრძნობ ამას. ახლა რომ ცოცხალი იყო, ვიცი, რასაც ეტყოდი მას, გული არ ატკინო ჩემს ბიჭს, მაგრამ თუ ის გატკენს არ დაინდო და დასაჯეო. ყოველთვის ზუსტად იცოდი, რა უნდა გეთქვა ადამიანისთვის. დედა, მამა, ეს ის გოგოა ვისზეც ვოცნებობდი, ამიტომ გთხოვთ თქვენც შეიყვაროთ და მიიღოთ ოჯახის წევრად, მერე რა, რომ ვერ გაიცანით, მე არასდროს მოგატყუებთ ხომ იცით.
ვატოს სიტყვებმა გული ამიჩუყა და კარგად ავქვითინდი კიდეც, გულში პირობაც მივეცი ვატოს დედას, რომ ყველანაირად გავუფრთხილდებოდი მის შვილს და ყველა ტკივილისგან დავიცავდი თუკი ამის მომენტი დადგებოდა.
***
ალი იზმირში ჩამოსვლიდან ხუთ დღეში გაემგზავრა. მოულოდნელად ბიძა გარდაეცვალა და დარჩენილი ორი დღე ჩვენთან ვეღარ დაჰყო. სამაგიეროდ, ელენეს ძალიან დიდი იმედი დაუტოვა და დაჰპირდა კიდეც, სულ მალე ისევ ჩამოვალო.
შუა ღამით, ორ საათზე კაკუნმა გამაღვიძა, შეშინებულმა წამოვყავი თავი საწოლიდან, აშკარად ჩემთან აკაკუნებდნენ. მოვიცვი ხალათი და ფეხაკრებით მივეპარე კარებს, დედაჩემი იყო. გაკვირვებულმა გავაღე კარი და კისერზე ჩამოვეკიდე. აეროპორტიდან პირდაპირ ჩემთან წამოსულა, შეეშინდა, ვაითუ შევაშინოო, თუმცა სასტუმროში ღამის გათევას ყველაფერი ერჩია.
-დე, როგორ იმგზავრე, აბა მომიყევი ამბები, დეიდა როგორ არის - წყლის გამაცხელებელი დენში ჩავრთე და ყავისთვის ორი ჭიქა გავამზადე.
-საფრანგეთი საოცრებაა, აქამდე რატომ არ წავედი როგორ მიკვირს - დაიწყო მან და თან საჩუქრების ამოწყობა გადაწყვიტა - დეიდაშენს იმაზე დიდი მაღაზია ჰქონია, ვიდრე გვეუბნებოდა, ლაზარეც დიდი ბიჭია უკვე, თუმცა იქ ლუკას ეძახიან. შენზე იმდენი რამე გამომკითხეს, მითხრეს აქ ჩამოვიდეს, როგორც კი დაამთავრებს უნივერსიტეტს და სამსახურს დავაწყებინებთო - ჩანთიდან, დაახლოებით, ათიოდე ბრენდის ჩანთა ამოალაგა და ერთი ცალკე გადადო გვერდით - შენ რას შვრები, ჩემო სიხარულო და გაზაფხულის მერცხალო?
მეც მოვუყევი ბოლო დროს მომხდარი ამბები, ალისა და ელენეს სიყვარულის ისტორიაც უფრო ღრმად ვუამბე და სამსახურის შესახებაც უკეთ მოვიოხე გული.
-ძლიერი ყოფილა ელენე, შვილო და თუკი სიყვარულს ბოლომდე დაიცავს ყველაზე კარგ გადაწყვეტილებას მიიღებს. მეც მაქვს ამ თემასთან შენთან სასაუბრო, თუმცა ჯერ ძილი სჯობს, შემდეგ კი ყველაფერზე ვისაუბრებთ. ახლა მოდი ჩემთან, კალთაში ჩამიჯექი, დე, და ეს ჩანთები ნახე, იმედია ყველაფერი შენი გემოვნებით წამოვიღე. ეს კი - ცალკე დადებულ ჩანთას ცალი ხელით გადაწვდა და მომაწოდა - ეს ვატოს ჩამოვუტანე, სიმბოლურად. იმედია ცუდ საქციელად არ ჩამეთვლება.
-საუკეთესო დედა ხარ! - მოვეხვიე. მისმა ყურადღებამ ძალიან გამახარა, ეს უკვე იმას ნიშნავდა, რომ ჩემს გადაწყვეტილებას ეთანხმებოდა და ზედმეტი ძალისხმევა არ დამჭირდებოდა მის დასარწუნებლად.
***
შაბათი დღე იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ვატო მთელი დღე ჩემს განკარგულებაში გახლდათ. იმ დღეს ვატო პირველად გავაცანი დედაჩემს. დედაჩემის თხოვნითვე სახლში დავპატიჟეთ თავის ცნობილ ელარჯზე. ვატოც სიამოვნებით დამთანხმდა და შუადღით სამ საათზე უკვე ღვინით და ბელგიური შოკოლადით ხელში ჩემს კართან იდგა.
-ბევრი მსმენია თქვენზე, ქალბატონო - ხელი ჩამოართვა დედაჩემს და შოკოლადი გაუწოდა - მართა სულ გახსენებთ და ამაყობს, რომ განსაკუთრებულად გგავთ თქვენ.
-ნამდვილად, ის ჩემი ორეულია, მამამისი სულ ეჭვიანობდა, ყველა გოგოს მამას ემსგავსება, მართა კი შენ დაგემსგავსაო - მიუგო დედაჩემმა და მაგიდისკენ მიიპატიჟა - მართა შენზეც ბევრს მიყვებოდა, ვატო, თუმცა საკუთარი შეხედულება სულ სხვაა, ამიტომ მინდოდა შენი პირადად გაცნობა. მართას ისტორია იცი?
-დედა - შევაწყვეტინე - არ არის საჭირო ამ თემაზე საუბარი.
-საჭირო და აუცილებელია - საუბარში ვატო ჩაერთო და ელარჯი ბევრი წვალების შემდეგ თეფშზე მოათავსა - დიახ, ვიცი ლევანის ისტორია, რვა მარტს რამდენიმე საათის შემდეგ ამოვედი აქ და ნეტავ იცოდეთ როგორ ვნანობ, რომ ვერ დავასწარი - სინანულით ამოიხვნეშა და პირველი ლუკმაც დააგემოვნა.
-შვილო, ლევანი ჩვენთვის უკვე სიძე იყო. სახლშიც მივიღეთ, ორმოცდაათკაციანი ნიშნობაც გადავიხადეთ, მაგრამ რად გინდა, ბოლოს ისეთი არაკაცი აღმოჩნდა - თავი სიბრაზისგან გააქნია და მე შემომხედა - ახლა რომ მართას უყურებ, ეს სულ სხვაა, მაშინ ბევრად ლაღი იყო, თუმცა არ გეგონოს შენ გამოიწვიე ეს. ყველა ნაიარევი გარკვეულ კვალს ტოვებს ადამიანზე, მთავარია ამ კვლმა ყველაზე მთავარი, თვალები არ შეგიცვალოს. მე კი მართას თვალებში სინათლეს ვხედავ, ვხედავ როგორ სიყვარულით შემოგციცინებს ახლაც და მიხარია, რომ მოახერხე მის ჩამქრალ თვალებში სინათლის სხივის კვლავ ჩაყენება.
ცოტა ხნით ყველა დავდუმდით, არავის პირი არ დაგვიკარებია საჭმლისთვის, თითქოს რაღაცას ან ვიღაცას ველოდებოდით.
-მე შევეცდები - ხრინწიანი ხმით დაიწყო ვატომ, თუმცა დედაჩემმა შეაწყვეტინა.
-მე არაფერს დამპირდე, ვატო. უბრალოდ გაუფრთხილდი, მოუარე მას. თუკი ოდესმე შეამჩნევ, რომ შენი სიყვარული მისდამი ქრება და აღარ იწვის, სული ბევრჯერ შეუბერე, თუ მაინც ჩაქრა, მაშინ უმტკივნეულოდ წადი მისი ცხოვრებიდან.
-დედა მამამ მიატოვა წლების წინ, სწორედ ამიტომ იცის მიტოვებული ქალის თვალთახედვა ასე კარგად - განვუმარტე ვატოს, თუმცა ამ სიტყვებმა დედაჩემის გულს ხანჯალი ჩაასო.
-ჩემი და მამაშენის სიყვარული არასოდეს გამქრალა, უბრალოდ ვერ გაუძლო იმ ყოფას. ეს გამართლება არ არის, ამ საქციელის გამო მე დავსაჯე კიდეც და დაბრუნებული აღარ მივიღე, არც სახე მიხოკავს მისი წასვლის დღეს და არც ახალ სიყვარულზე მითქვამს უარი, რადგან ამ თემაზე მანამდე ბევრჯერ გვქონია საუბარი.
ვატომ სიტუაციის განმუხტვა სცადა და საღამოს გასეირნება შემოგვთავაზა.
-ვატო -მიმართა დედაჩემმა - თუკი არ გეწყინება დღეს მე მაქვს აუცილებელი საქმე მართასთან, ხვალ დილით უნდა დავბრუნდე სამეგრელოში და შემდეგ რამდენიც გინდათ იმდენი ისეირნეთ.
***
-შვილო - ვატოს გაცილების შემდეგ მთელი სახლი დაალაგა და ქანცგაწყვეტილი დაესვენა დივანზე, წინ დამისვა და მორიდებით დაიწყო - ერთი ამბავი მაქვს შენთვის. მანამდეც მინდოდა თქმა, სანამ საფრანგეთში წავიდოდი, თუმცა ვერ გავბედე, მაინც მრცხვენოდა და მერიდებოდა შენი, თუმცა მოსარიდებელი არც არაფერია, რომ დავუკვირდეთ. შენ ჩემთვის მთელი სამყარო ხარ, დე. მზეც და მთვარეც შენზე ამომდის, ამიტომ შენი აზრი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, იცოდე - ჩემში დაძაბულობამ იმატა და უფრო ყურადღებით დავიწყე მოსმენა - ორი წლის წინ მე და მამაშენი შენ გამო შევხვდით ერთმანეთს, ექიმებში რომ დავრბოდით მაშინ. შემდეგ რამდენჯერმე კიდევ შევხვდით ერთმანეთს და ისევ დავიწყეთ პაემნებზე სიარული. ახალ წელს მითხრა ცოლად გამომყევი და კვლავ ერთად ვიცხოვროთო, მაგრამ მაშინ არ დავთანხმდი, შემეშინდა ისევ მატკენს გულს-თქო, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ დროა, დავთანხმდე. ამ გადაწყვეტილების სისწორეში საფრანგეთში უფრო დავრწმუნდი. განშორება ხანდახან იდეალური გამოსავალია, გაიგო გიყვარს თუ არა ადამიანი. მე კი მამაშენი კვლავ მყვარებია.
ამ ყველაფერს არ ველოდი, გაოცებულის აღმატებითი ხარისხი თუ არსებობს, სწორედ ის დამემართა მაშინ და დედაჩემს ყველაფრის გამეორება ვთხოვე.
-მართა, მე და მამაშენს გვინდა ერთად ვიცხოვროთ. მე არ ვნანობ შენს მამინაცვალთან გატარებულ არცერთ დღეს. ის რომ ცოცხალი ყოფილიყო, მამაშენს არც კი შევხვდებოდი, რადგან ის საუკეთესო მამობას გიწევდა შენ, თუმცა ასე მოხდა.
-მე გაოცებული ვარ, დედა, თუმცა არც გამტყუნებ და არც გაკრიტიკებ - მისი ხელი ჩემსაში მოვიქციე და მოვეფერე - შენ ხშირად მოგიყოლია თქვენი გიჟური თავგადასავლების შესახებ, მაგრამ მან თერთმეტი წლით დაგვტოვა, მარტო შენ კი არა, საკუთარი შვილიც მიატოვა. მახსოვს როგორ ქვითინებდი ხოლმე, როდესაც დასაძინებლად გამაცილებდი, მახსოვს შენი სევდიანი სახე, როდესაც ქუთაისიდან ზუგდიდში დავბრუნდით, მახსოვს როგორ გრცხვენოდა ბებოსი და ბაბუსი, რომ შენ მიგატოვეს. როგორ მიჭერდი ხელს, როდესაც დედაშენს მივადექით სახლში, რადგან მამაჩემის ოჯახმა გამოგვაგდო.
-შემდეგ ხომ ყველაფერი გაირკვა, შვილო. მათ ეგონათ მე ვიყავი დამნაშვე და მე გამექცა ზაზა.
-არა, მათ უბრალოდ შერცხვათ საკუთარი შვილის საქციელის და ეცადნენ გამოესწორებინათ, თორე დღემდე არ გაღიარებდა მამაჩემის ოჯახი რძლად. ნუთუ ეს ყველაფერი შენ არ იცი, რატომ მახსნევინებ, დედა.
-თხუთმეტი წლის ვიყავი, როდესაც ის პირველად დავინახე. სკოლის ფანჯრიდან ვიყურებოდი, ის კი მამამისის მანქანაში იჯდა და რაღაცას შეექცეოდა. ზარი როგორც დაირეკა მე და მანანამ იმ მანქანისკენ ავიღეთ გეზი და წინ დავდექით, თითქოს ვერ ვამჩნევდით, რომ ის მანქანაში იყო. რა მოხდა გოგოებოო, მანქანიდან თავი გამოყო ზაზამ და გულიანად გაიცინა, პირველად მაშინ ვიგრძენი პეპლები მუცელში. ასე მოდიოდა სკოლასთან მთელი ორი წელი, სანამ არ დავამთავრე და მალევე გავიპარეთ ბიძამისის სოფელში. იქ თოფი გავარდა, ზაზამ ცოლი მოიყვანაო, სასწრაფოდ დაიკლა ქათამი, გოჭი, გამოცხვა ხაჭაპურები და ეზოშივე გაიშალა დიდი სუფრა.
-ბებოზე და ბაბუზე სულ არ ფიქრობდი? - გულწრფელად დამაინტერესა, რადგან დედაჩემს ასე გულიანად არასოდეს მოეყოლა თავისი ისტორიები.
-მთელი ღამე ტირილში გავატარე, მამაშენმა რამდენჯერმე მითხრა წამოდი სახლში წაგიყვანო, მაგრამ მასთან ყოფნაც მინდოდა და დედაც. ესაა ადრე გათხოვების ნაკლი - ჯერ ისევ დედის კალთასთან თამაში გინდა, როცა უკვე საკუთრი შვილი გთხოვს თამაშს.
-ნანობ, რომ გათხოვდი?
-არა, მართა - თვალები წამოენთო - მე მიყვარდა მამაშენი სულით ხორცამდე. მე მისი ნაწილი ვიყავი, მეორე ნახევარი. თან ამ ქორწინებიდან შენ მყავხარ, დე.
-მე თანახმა ვარ, დედიკო- მისმა სიტყვებმა გული მომილბო და გულზე პატარა ბავშვივით მივეხუტე - ქორწილის გადახდას აპირებთ?
-არა, ხალხს სასაცილოდ არ გავახდევინებთ თავს. ჯვარს დავიწერთ და ხელს მოვაწერთ ფორმალობისთვის. იცი, ეს ჩემი პირველი ეკლესიური ქორწინება იქნება, მანამდე არასოდეს მქონია ამის სურვილი, ახლა კი ძალიან მომინდა და ზაზაც თანახმაა.
***
ვატომ თავისკენ მიმზიდა და კისერში მაკოცა. მისი სუნთქვა ნაზი სიოსავით კრთებოდა ჩემს კანზე, რომელსაც ალოე ვერას გელის სუნი ასდიოდა. კოცნით დაუყვა ყურიდან ლავიწამდე მანძილს და ცხელი ტუჩებით ტუჩებზე დამაცხრა. მკოცნიდა ისე, თითქოს ის იყო ბოლო კოცნა, მკოცნიდა მთელი გრძნობით და თავგამოდებით. ხელი ატლასის პიჟამაში შეაცურა და ზურგზე ნაზად ჩამომისვა. მთელს ტანში ჟრუალტელი მივლიდა და კისერს უკან ვაგდებდი ინსტიქტურად, ისიც დროს იხელთებდა და ყელში საკოცნელად მოიწევდა.
სექსამდე არ მივსულვართ. ქორწინებამდე სექსის მეც ისეთივე წინააღმდეგი ვიყავი, როგორიც ჩემს ქვეყანაში მცხოვრები ოთხმოცდაათი პროცენტი მაინც, თუმცა სხვა მიზეზით. ამაში ჩემი და ვატოს აზრი ერთმანეთს ემთხვეოდა და ორივე ვთვლიდით, რომ ჯერ ადამიანის კარგად შეცნობაა საჭირო ფიზიკური კონტაქტის დასამყარებლად, შემდეგ კი იმდენად გიყვარდება, რომ პასუხისმგებლობას იღებ მასზე, ქორწინდები და სექსიც გაქვთ.
ამ თემასთან რა მოსატანია, თუმცა დედაჩემის და მამაჩემის ქორწილი ამ ამბორიდან სამ დღეში იყო დაგეგმილი. დედაჩემმა ელენეც და ვატოც დაპატიჟა მის მოკრძალბულ ქორწილში. თბილისში გადაწყვიტეს ხელის მოწერაც, ჯვრისწერაც და რესტორანში მეგობრებთან და ჩვენთან ერთად აღნიშვნა.
საოცრებაა, დედაჩემი მესამედ თხოვდებოდა, აქედან ორი ქორწინება კი ერთსა და იმავე მამაკაცზე გადაწყვიტა.
დედაჩემი ყოველთვის ოცნებობდა თეთრ საპატარძლო კაბაზე, თუმცა არცერთხელ არ ასრულებია. პირველად გაიპარა, მეორედ სანათესაოსი მოერიდა და საკუთარი სურვილით თქვა უარი, ორმოცდახუთი წლის ასაკში კი მხოლოდ თეთრი ფერის ტანსაცმელზე დავიყოლიე.
***
განსაკუთრებით ლამაზი იყო დედაჩემი იმ დღეს. შუა წვივამდე სიგრძის ფრიალა თეთრი ფერის კაბა ეცვა, მაისის სითბო უკვე კარგად გამჯდარიყო ჰაერში და თხელი, თეთრი ფერის კოსტუმი უკვე ზედმეტადაც კი მოგვეჩვენა.
საკმევლის სუნმა ტანსაცმელში ფესვები მყარად გაიდგა და სისხლთან ერთად მოძრაობა დაიწყო მთელს სხეულში. ჩადრშემოხვეული დედაჩემი კიდევ უფრო ლამაზი სანახავი იყო, თამარ მეფესავით ამაყად იდგა საკურთხეველთან და მისთვის საყვარელ ადამიანზე უკვე მეორედ ქორწინდებოდა.
-მართა,დედაშენის საქციელმა ძალიან დამაღონა - მითხრა ელენემ რესტორანში მისვლისას - ნუთუ არსებობს თუნდაც მცირე შანსი, რომ ლევანს გაყვე ცოლად?
-რა სისულელეს ამბობ, ელენე - სერიოზულად გავბრაზდი და ვატოს გავხედე - მე უკვე მყავს საყვარელი ადამიანი გვერდით და საერთოდ არ მჭირდება სხვა.
-ღმერთმა ქნას - ჩიაბუტბუტა და პირველი კერძი გადმოიღო თეფშზე.
პირველი ცეკვა დედაჩემის და მამაჩემის იყო. ბოლომდე ჯერ კიდევ არ მქონდა გაცნობიერებული, რომ ჩემი მშობლები კვლავ ერთად იქნებოდნენ თეთრმეტწლიანი განშორების შემდეგ, თუმცა მაინც განსაკუთრებით მიხარებდა გულს დედაჩემის ბედნიერი სახის დანახვა. სიმღერაც განსაკუთრებული შეარჩიეს პირველი ცეკვისთვის „მოვა მაისი“. მიუხედავად ტექსტში არსებული პესიმისტური სიტყვებისა, მაინც მშვენიერი გამოვიდა.
მეორე ცეკვა ჩემი და ვატოსი აღმოჩნდა. ნაზად ვირწეოდით და ერთმანეთის ყურებით ვტკბებოდით, როდესაც ელენემ ხელზე ხელი მომიჭირა.
-მართა, სასწაფოდ გარეთ გამყევი - სახე მთლიანად აწითლებოდა ელენეს და აივანზე გავედით - ალი საქართველოშია.
-რაა? - აღტაცება ვერ დავმალე და ელენეს ანერვიულებული ხელები მაშინღა შევამჩნიე - ცოტა ხნის წინ არ გავაცილეთ?
-დედაშენს შენი ხელი უნდა ვთხოვოო, მართა, გესმის? - ბოლო ხმაზე ყვიროდა ელენე და თან ხელებს აქეთ-იქით იქნევდა - არც კი მკითხა, არც კი გამაფრთხილა და არის ახლა დიდუბეში და მელოდება, რა ვქნა, დედაჩემს რა ვუთხრა?!
-მოიცადე, ელენე. ჯერ დამშვიდდი, ახლავე ვეტყვი ვატოს და წავიდეთ ალისთან, ვკითხოთ რატომ გადაწყვიტა ან რას აპირებს, თუ გინდა დედაჩემსაც ვუთხრათ და იქნებ დედაშენთან ამბების მოგვარებაში დაგვეხმაროს - შიგნით შესვლა დავაპირე, თუმცა ერთი კითხვა ყელში ბურთივით გამეჩხირა, შევტრიალდი და ვკითხე - გინდა მას ცოლად გაყვე?
ელენე მუხლებში ჩაიკეცა და ატირდა.
-არ ვიცი, ძალიან ადრეა, მაგრამ შემიყვარდა, შემიყვარდა, მართა - ტირილში ძლივს გასაგონად ამოილუღლუღა მან.
შიგნით შევვარდი და ვატოსა და დედაჩემს სასწრაფოდ ვუთხარი ახალი ამბავი.
-ამ ხალხს ასე ვერ მივატოვებ, დე, მაგრამ თქვენ წადით. წადით და დაეხმარეთ თქვენს მეგობარს - მხარზე ხელი დამადო დედაჩემმა და წარმატებები გვისურვა.
***
-ალი, ნუთუ არ გესმის, რომ ასე არ შეიძლება - ვერ წყნარდებოდა ელენე - შენ რადგან გადაწყვიტე, არ ნიშნავს იმას, რომ მეც თანახმა ვარ.
-ელენე, დაწყარდი. თქვენ განსხვავებულ ტრადიციებში გაიზარდეთ - ვატო მის დამშვიდებას ცდილობდა - ფაქტია, ერთმანეთი შეგიყვარდათ, ძალიან ცოტა დროა გასული თქვენი გაცნობიდან, თუმცა ალი უკვე დარწმუნებულია საკუთარ თავში, ეს კი დასაფასებელია.
-დედაჩემს რა ვუთხრა?! - ისევ მოთქვამდა ელენე, ამჯერად ქართულ ენაზე - როგორ გავამხილო ორი თვის გაცნობილ ბიჭს ცოლად უნდა გავყვე, თან ეს ბიჭი თურქია-თქო, მითხარით როგორ?
ყველა ვღელავდით და ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდით. ელენეს დამამშვიდებლები დავალევინეთ და დივანზე პლედგადაფარებულს ჩაეძინა. ალიმ ნერვიულობით ორი კოლოფი სიგარეტი მოწია. წინ დაძაბული დღეები გველოდა და მხნეობა უნდა შეგვემატებინა ერთმანეთისთვის.
-რა ხდება, დედა, მშვიდობაა? - დაბრუნებისას მკითხა დედაჩემმა და სახეზე ხელი მომისვა - რამე გადაწყვიტეთ?
-ვერაფერი, საერთოდ ვერაფერი. ალი გაიძახის ჩემს სიყვარულს დრო არ სჭირდებაო, ელენე კი როგორ ეტყვის დედამისს ორი თვის გაცნობილ ბიჭს მივყვებიო? განა მტყუანი იქნება დედამისი, განა ვამტყუნებთ რომელიმე.
-დაიძინეთ, დაისვენეთ და ხვალ ცივ გონებაზე გადახარშავთ ყველაფერს - საწოლი გამიმზადა და ტკბილი ძილიც მისურვა.
დედაჩემი და მამაჩემი იმ ღამესვე დაბრუნდნენ სამეგრელოში. ჩვენ კი ვეცადეთ დაგვეძინა და ტვინისთვის დასვენების საშუალება მიგვეცა.
***
დილა გათენდა. ელენეს უკვე ეღვიძა და გაშტერებული მისჩერებოდა ჭერზე ერთ წერტილს. ალი მის თავთან იჯდა და თმაზე ეფერებოდა, თან რაღაცას უმღეროდა თურქულად.
ვეცადე, მათი დილის მყუდროება არ დამერღვია. ჩუმად ავდექი და დილის ენერგიისთვის საჭმლის მომზადება გადავწყვიტე. პურის სწრაფი პიცების მომზადება ყველაზე მეტად მემარტივა:
გაჭერით პურის ბატონი ორად. დადეთ ღუმელის ფორმაში. დარბილებულ კარაქს წვრილად დაჭრილი ნიორი შეურიეთ და პურს გადაუსვით. ზემოდან ყველის ნაჭრები დაალაგეთ, შემდეგ დაჭრილი პომიდორი. მოასხით ძმარი ბალზამიკო, მოაყარეთ ხმელი ორეგანო, მარილი და პილპილი გემოვნებით.
გამოაცხეთ 15 წუთით. ღუმელიდან გამოღების შემდეგ მოაყარეთ დაჭრილი ბაზილიკი და დაჭერით ულუფებად.
პირი არცერთს დაუკარებია საუზმეზე. ერთმანეთში ინგლისურად საუბრობდნენ და შიგადაშიგ ჩხუბობდნენ.
-Sevgilim (საყვარელო), ხომ იცი როგორ მიყვარხარ, შენი არსებობა ჩემთვის იმაზე მეტს ნიშნავს, ვიდრე ეს შენ წარმოგიდგენია, ელენე, ჩემო ბედნიერებავ, მე რად მინდა წლები იმის მისახვედრად, რომ მიყვარხარ? - ფეხებთან უჯდებოდა ალი და სასიყვარულო რომანებს უკითხავდა ელენეს.
-როგორ არ გესმის, რომ არ შემიძლია ჯერ ცოლად გამოგყვე, ჯერ არც კი გიცნობ წესიერად - ამ სიტყვებზე ალი გაბრაზდა და ფეხზე წამოენთო
-მე მივალ დედაშენთან და ყველაფერს ვეტყვი თუ ესაა პრობლემა, ხოლო თუ შენს გრძნობებში გეპარება ეჭვი, მაშინ საერთოდ აღარ შეგხვდები! - თქვა და გარეთ გავარდა.
-მართა, ვერ ვაგებინებ, ხედავ? - აქვითინდა ელენე - მიყვარს, განა იმას ვამბობ არ მიყვარს-თქო, მაგრამ თანაცხოვრება ხომ სულ სხვაა, ესეიგი მე თურქეთში უნდა წავიდე თუ ის ჩამოვა აქ, უცხო ქვეყანაში როგორ ვიცხოვრო, სადაც ენაც კი არ ვიცი? ღმერთო, შენ გადმომხედე და დამაყენე სწორ გზაზე, გთხოვ.
ღმერთის დახმარება მართლაც ძალიან ჭირდებოდა იმ დროს ჩემს მეგობარს. თავის თავში გარკვევა დროს მოითხოვდა, რომელსაც ალი დიდი მაკრატლით დასდევდა.
-ელე, შენ გიყვარს ალი. უბრალოდ მასზე გაბრაზებული ხარ, ნაწყენი ხარ, რადგან ასე მოულოდნელად გთხოვა ისეთი საკითხის გადაჭრა, რომელიც ორივეს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის. დაფიქრდი, შენი საქციელით არ დაკარგო ის.
სახლის კარი ჩუმად გაიღო და ალი თავჩახრილი შემოვიდა.
-üzgünüm (ბოდიში), ყველა აგაფორიაქეთ ჩემი აქ ჩამოსვლით, განერვიულეთ და არც მე დავიკელი ნერვიულობა. იზმირში რომ ჩავედი, ძალიან დიდი ტკივილი და მონატრება ვიგრძენი შენი, ელენე, და ჩემს ოჯახს დაველაპარაკე კიდეც, რომ შეიძლება ქართველი გოგო მომეყვანა ცოლად. სიმართლე გითხრათ, მათ თურქი გოგო ერჩიათ, ადათ-წესების მცოდნე, თუმცა როგორც კი გაიგეს, რომ მე შენ მიყვარდი ყველაფერი დაივიწყეს და შენთან წამოსასვლელად ყველაფერი გააკეთეს. ასეც არ ხდება თურქეთში, მთელი ოჯახით უნდა მოვსულიყავი შენს დასანიშნად შენს ოჯახში, თუმცა ჯერ ჩემით საქმის გარკვევა ვამჯობინე და, კიდევ კარგი, ასე მოვიქეცი. რას ვეტყოდი საკუთარ მშობლებს, აქ რომ ჩამომეყვანა, რით ავუხსნიდი შექმნილ სიტუაციას? მეც მეწყინა, სადაც დავიბადე და გავიზარდე იქ ქალებს საერთოდ არ ეკიხებიან ხოლმე ქორწინებას, თუმცა მე ჩამოვედი და გთხოვე წამომყოლოდი - დიდი ნერწყვი გადაყლაპა და განაგრძო - მაპატიეთ, რომ ასე უგუნურად მოვიქეცი. მე წავალ, ხვალვე გავემგზავრები იზმირში და შეიძლება ოდესმე დავბრუნდე კიდეც საქართველოში, თუკი ამას ელენე მოისურვებს. არ მინდოდა თქვენთვის უხერხული სიტუაციის შექმნა, მაგრამ ასე გამოვიდა - ანერვიულებულმა აიღო თავისი ჩანთა და ზერგზე შემოიკიდა.
-შეჩერდი, გთხოვ - ფეხზე წამოიჭრა ელენე და ალის მკლავებში შეუძვრა - არ მინდა, რომ წახვიდე. შეიძლება ჩვენი გადაწყვეტილება სხვის თვალში ნაადრევი იყოს, თუმცა მე შენ მიყვარხარ და ვერსად გაგიშვებ. რაც მოსახდენია, მოხდეს, თუკი დედაჩემი თანხმობას არ მოგვცემს, მაშინ გავიპაროთ. რამეს მოვიფიქრებთ, ოღონდ არ წახვიდე - ზლუქუნებდა ელენე და, შიგადაშიგ, ქართულად წამოიძახებდა ხოლმე რაღაცას, თუმცა რას, მხოლოდ თვითონ იცის.


***
წინ ყველაზე რთული საათები გველოდა. ელენეს დედასთან მივდიოდით ჩვენ ოთხი: მე, ვატო, ელენე და ალი.
-ჩვენც ხომ არ დავქორწინდეთ? - ჩუმად მითხრა ვატომ
-ხომ არ გაგიჟდი, რა დროს ქორწილია? - სიცილით მივუგე, თუმცა მისმა სერიოზულმა სახემ ეჭვი შემატანინა მის ხუმრობაში - სერიოზულად ამბობ?
-რატომაც არა? ელენეს და ალის თუ ორი თვე ეყოთ, ჩვენ რატომ არ გვეყოფოდა ეს თვეები?
-ცოტა რომანტიკულად მაინც გეთხოვა ხელი და არა ელენეს დედისკენ მიმავალ გზაზე - ამოვიხვნეშე და დანარჩენი სიტყვები ბანზე ავუგდე, თუმცა გულში მაინც ჩამრჩა და მოსვენება დამაკარგვინა.
ქორწინებისთვის მზად არ ვიყავი. ამაში ჩემმა წარსულმა მოახდინა დიდი გავლენა. თვეების წინ თუ ლევანს ბედნიერად დავუქნიე თავი ქორწინებაზე, ვატოსთან ურთიერთობაში ძალიან ნაადრევად მეჩვენებოდა ოჯახის შექმნა და მისი პასუხისმგებლობა. ვატო ლევანზე ნაკლებად არ მყვარებია, ზოგადად, სიყვარულის გაზომვა აბსურდად მეჩვენება, თუმცა შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მე ვატო ძლიერად მიყვარდა. პასუხისმგებლობას გავურბოდი და, სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ვნანობ ამ გადაწყვეტილებას.
ზარი ვატომ დარეკა. ყველაზე მხნე ის აღმოჩნდა ჩვენ შორის. კარი ელენეს დედამ გაგვიღო, შესვლისთანავე გადაგვეხვია და თბილად მიგვიწვია მისაღებ ოთახში.
-დედა, ეს მართაა, ჩემი თურქეთის მეგზური - ხელით წინ გამწია ელენემ და სამუზეუმო ექსპონატივით დაიწყო ჩემი აღწერა - ეს ვატოა, მართას შეყვარებული და ძალიან კარგი ადამიანი - ვატოს ჯერი დადგა და ზუსტად ისე მოიქცა, როგორც ჩემ შემთხვევაში - ეს კი, ეს - ხმა აუკანკალდა ელენეს - ეს ალია, ჩემი შეყვარებული.
დედამისის სახეზე ვერაფერი ამოვიკითხეთ, - ვერც სიხარული და ვერც შეშფოთება, -თითქოს არც არაფერი გაუგონიაო.
-სასიამოვნოა, ჩემო ძვირფასებო - მოგვმართა მან და მისაღებ ოთახში დივანზე ერთმანეთის გვერდიგვერდ ჩავმწკრივდით - აბა, ვინ რას მიირთმევთ: ჩაი, ყავა, კაპუჩინო... შემდეგ ალის გახედა და ინგლისურად უთხრა - შენ ალბათ ჩაის დალევ, თუმცა ჩვენ ისეთი ჩაი არ გვაქვს, როგორიც თქვენ.
ელენეს დედის საქციელმა ყველა გაგვაკვირვა, ვერ ვხვდებოდით, რა იწვევდა მის კეთილგანწყობას, ალიც ღიმილით უქნევდა თავს ყველაფერზე და შიგადაშიგ გაფართოებული თვალებით ჩვენ გადმოგვხედავდა.
-ქალბატონო - ფეხზე წამოდგა ალი, როდესაც ელენეს დედა ოთახში ფინჯნებით დაბრუნდა - მე აქ სერიოზული მიზეზით ჩამოვედი და გეწვიეთ, ეს ჩვენს ტრადიციებში ცოტათი არ ჯდება, თუმცა, თუკი საშუალება მომეცემა, ყველაფერს გამოვასწორებ - ელენეს დედა ინგლისურის მასწავლებელი იყო, ამიტომ სრულიად არ უჭირდა ალის სიტყვების გაგება - მე თქვენი ქალიშვილის ხელი მინდა გთხოვოთ - აი, მაშინ კი შეეცვალა სახე ელენეს დედას და სავარძელში მოწყვეტით ჩაჯდა - ჩვენ უკვე ერთი წელია ვწერთ ერთმანეთს, იზმირშიც სწორედ ჩემ გამო ჩამოვიდა ელენე, მანამდე მე ვსტუმრობდი ხოლმეთქვენს ქვეყანაში- ეს ჩვენი მოფიქრებული ტყუილი იყო, რადგან დედამისის ინფარქტი თავიდან აგვერიდებინა.
-ალი, ჯერ რამდენიმე კითხვას დაგისვამ, რადგან ცოტა უკეთ გაგიცნო, კარგი? - მიმართა ელენეს დედამ, როგორც კი მოსულიერდა - რას გრძნობ ჩემი შვილის მიმართ?
-თქვენი შვილი ჩემი ნაწილია - ალიმ ელენეს სიყვარულის თვალებით გადახედა და ხელი მოჰკიდა - ყოველი დილა მისი სახით იწყება, გაღვიძებისთანავე ვიწყებ ფიქრს მასზე. მის ერთ სიტყვას ათასობით კილომეტრის იქეთაც კი შეუძლია ამიჩქაროს გული. მე მიყვარს ელენე, ამას სრულიად გაცნობიერებულად და გულწრფელად გეუბნებით, ასევე გეუბნებით, რომ მას არ მოვაკლებ არაფერს, არც მატერიალურად და არც მორალურად. საქართველოში ცუდი წარმოდგენა აქვთ ხოლმე თურქ მამაკაცებზე, თუმცა ჩემი გრძნობები იმდენად სუფთაა, რომ მერიდება კიდეც ამაზე საუბარი. ელენემ ჩემი ცხოვრება სასიამოვნოდ არია.
-თქვენ განსხვავებულ კულტურებში გაიზარდეთ. როგორ ფიქრობ თქვენს თანაცხოვრებას, წინ ხომ უამრავი საკითხი გელოდებათ, რომლის გადაჭრაც ორივეს სხვადასხვაგვარად გენდომებათ?
-ჩემს ოჯახში ყველა ქალს პატივს სცემენ, იქნება ეს თურქი, ქართველი თუ სხვა ეროვნების. ოჯახში გვყავს კიდეც ერთი ინგლისელი და ერთი ამერიკელი სიძე, რომლებიც ისე უყვართ, როგორც მე ვუყვარვარ. ელენეს უკვე ვუთხარი და თქვენც გეუბნებით, რომ თუკი საჭიროდ ჩათვლით თქვენს ჯვრისწერას, მე თანახმა ვარ, ვუღალატო მაჰმადიანთა რჯულს. დამიჯერეთ ამას ვერცერთი კაცისგან ვერ გაიგონებთ იქ, პირიქით, ქალს მოსთხოვდნენ მათი რელიგიის მიღებას. ჩემთვის კი ელენე ყველაზე დიდი სიწმინდეა, ამიტომ ალაჰი მაპატიებს, რომ ფორმალურად დავთმო მაჰმადიანთა რჯული.
-არა, ალი - თავი გაიქნია ელენეს დედამ და დაძაბულებმა გავაგრძელეთ მათი დიალოგის მოსმენა - არავინ მოგთხოვს რჯულის შეცვლას. ჩემთვის და ჩემი შვილისთვის ღმერთი ერთია, უბრალოდ დედამიწის სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა სახელი დაარქვეს მას. ხოლო თუკი ელენეს იმდენად უნდა საკურთხეველთან დგომა, რომ შენ რელიგიის შეცვლას გთხოვს, მაშინ არ მოიყვანო ის ცოლად, რადგან მას არ მიუღიხარ ისეთი, როგორიც ხარ.
შემდეგ ბევრი ცხოვრებისეული კითხვა დააყარა ელენეს დედამ ალის. ჰკითხა განათლებისა და სამსახურის შესახებ, ოჯახის შესახებ, ჰყავდა თუ არა და-ძმა და ასე შემდეგ. ბოლოს კი გადამწყვეტი კითხვა გადაუგდო მას:
-რა ფერი უყვარს ელენეს განსაკუთრებით?
-კამკამა ლურჯი - არც კი დაფიქრებულა ალი, ისე უპასუხა - ელენეს უყვარს ყველაფერი, რაც ლურჯი და ცისფერია: ზღვა, ცა, ცისფერი თვალები...
ელენემ შვებით ამოისუნთქა და ყველა საბოლოო განაჩენისთვის მოვემზადეთ.
-ელენე - ამჯერად ქართულად დაიწყო საუბარი დედამისმა - შოკში ჩამაგდე შენი საქციელით და აქ მოსვლით. წნევა ახლაც ჰაერში იქნება ავარდნილი, მაგრამ ვერ გაგამტყუნებ, რომ აქამდე არ მითხარი შენი სიყვარულის შესახებ. მე შენში შიში დავთესე ჩემ მიმართ და ამას მხოლოდ შენი გაქცევის შემდეგ მივხვდი. ვნანობ თუ არა ჩემს საქციელს, ამას აზრი აღარ აქვს. ალი პატიოსანი, მშრომელი და, როგორც მის თვალებს, საუბარს და მანერებს ეტყობა, ძალიან განათლებული ბიჭია. რადგან მან შენ თავი შეგაყვარა, ესეიგი შინაგანი სამყაროც ისეთივე ლამაზი აქვს, როგორიც შენ შეგეფერება. მე ყოველთვის გეუბნებოდი, რომ გეპოვა შენი ღირსი, მაგრამ არასოდეს მითქვამს, ის აუცილებლად ქართველი იყოს-თქო. ალი რომ სამტრედიაში დაბადებულიყო, სხვანაირი იქნებოდა? რა თქმა უნდა, გარკვეულ გავლენას ახდენს პიროვნებაზე ის კულტურა, სადაც ის იბადება და იზრდება, თუმცა ადამიანობას, ადამიანად ჩამოყალიბებას საცხოვრებელი ადგილმდებარეობა ვერ განსაზღვრავს. ახლა ვხვდები, რატომ წამოიყვანე შენი მეგობრები, შეგეშინდა ჩემი რეაქციის, რადგან ეროვნებით არაქართველს გინდა ცოლად გაყვე, თუმცა ამით ადამიანს არასოდეს გამოვარჩევ. რაც შეეხება ქორწინებას, მთავარია შენ იყო დარწმუნებული, ორივემ უნდა გაითავისოთ, რომ მცირე ზეწოლები და ხაზგასმები მაინც მოყვება თქვენს ქორწინებას, როგორც ორი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლის. ზუსტად იცოდე, რომ მამიდაშენი, მთელი ჩვენი სანათესაო მწარედ ჩაგავლებს ხოლმე კბილს ალისთან მიმართებით და ასევე, ალის სანათესაოშიც გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც შენს ქართველობას გაუსვამენ ხაზს.
საკუთარ თვალებსა და ყურებს ვერ ვუჯერებდით. ვატო სიტყვა-სიტყვით უთარგმნიდა ელენეს დედის სიტყვებს ალის და მის სახეზე ღიმილი განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა. ელენე ატირდა და ჯერ დედას, შემდეგ კი ალის გადაეხვია.

***
ჩემს სახლში პირველად სუფევდა სიწყნარე. ბოლო თვეებმა და მოვლენებმა ძალიან გადამღალა და საყვარელი ადამიანისთვისაც კი არ მრჩებოდა საკმარისი დრო. აღარც ნიღბების სახეზე წასასმელად მქონია თავისუფალი დრო და აღარც ქვაბები რიჩხინებდნენ ჩემს სამზარეულოში. გადავწყვიტე,რამდენიმე კერძი მომემზადებინა და ჩემთვისა და ვატოსთვის ერთი გემრიელი საღამო მომეწყო.
გასპაჩოს მომზადება გადავწყვიტე :
• ნახევარი კილო წითელი ბუგლარული წიწაკა
• კიტრი
• 1 კგ პომიდორი
• 50 მლ ზეითუნის ზეთი
• 2 ც ლიმონი
• ოხრახუში
• 100 გრ ტომატის წვენი
• მარილი,წითელი წიწაკა
• 2 თავი ხახვი
• 5 კბილი ნიორი
• პური
• ტობასკო
ბოსტნეულსვჭრითკუბებად.პროპოციებისმიხედვითყველაინგრედიენტსვათავსებთბლენდერშიდა ყინულებთანერთადდავაბლენდერებთკარგად, სანამერთიანიმასაარგახდება. შემდეგვუმატებთმარილსადატობასკოსგემოვნებისმიხედვითდაკერძიმზადაა.
მხოლოდ ეს არ მაკმაყოფილებდა და ინტერნეტში ქექვა დავიწყე. სახეირო ვერაფერს წავაწყდი, ამიტომ უკვე კარგად ნაცნობი ხორციანი ბლინების მომზადებას შევუდექი.
ვატო სამსახურის შემდეგ პირდაპირ ჩემთან მოვიდა.
-კიდევ ველოდოთ ვინმეს თუ შეგვიძლია საკუთარ თავებსაც დავუთმოთ ცოტა დრო? - პირველი სიტყვები წაკბენით დაიწყო, თუმცა არ ვამტყუნებდი - ოხ, რა სუნებია! დღითიდღე მაოცებ, საყვარელო, თუმცა დღეს მე ვაპირებ შენ გაოცებას - ინტერესით ვცქვიტე ყურები და დივანზე მჯდომს ფისოსავით მივეკარი - იცი სად გავატარებთ ამ პარასკევს, შაბათსა და კვირას?
-გეყოს წვალება, ვატო - თითი დავუქნიე და ბლინი ჩემი ხელით ვაჭამე.
-თუ მაცდი პირის გამოთავისუფლებას, გეტყვი - მისკენ წაწეული ხელი გამიჩერა და გამიცინა - ფასანაურში.
თითქოს ერთიანად მოვწყდი სამყაროს. წამიერად გადავვარდი იმ სიამოვნებაში, რაც წინ მელოდა და გავიტრუნე. თავი მხარზე დავადე და მგონი ჩამეძინა კიდეც.
-მართა, საყვარელო -შორიდან მესმოდა ხმა - გაიღვიძე და საწოლში გადაწექი, ცოდო ხარ აქ.
-რაო? არ მძინავს - თვალები ვჭყიტე და ფეხზე ნელ-ნელა წამოვდექი.
-წამოდი, ჩემო სიყვარულო, და ლოგინში დაწექი - ხელი წელზე მომხვია და საძინებელში ბარბაც-ბარბაცით გავედით.

***
ხუთშაბათ საღამოს წავედით ბაზარში. ტატიანა ბებოსთვის ვიყიდეთ ერთიტომარა ფქვილი, შაქარი, სარეცხი ფხვნილი, რამდენიმე კილოგრამი კარტოფილი, ხახვი და რამდენიმე შეკვრა მაკარონი. ყველაფერი საბარგულში ჩავაწყვეთ და გზას გავუყევით.
ჭიშკართან მისულებმა დავასიგნალეთ და მანქანიდან გადმოვედით. ტატიანა ბებო წიწილებს სიმინდს უყრიდა, ჩვენ დანახვაზე თასი იქვე დადო და ხელებგაშლილი წამოვიდა ჩვენკენ.
-ჩემი ლამაზები, დახატულები, აქ რამ მოგიყვანათ, ბებო! - მოვიდა და გადაგვეხვია - როგორ გამახარეთ, ნეტა იცოდეთ. წამოდით ბებო, ღუმელს შევუკეთებ და დავსხდეთ და ვიჭუკჭკოთ, როდემდე რჩებით?
-კვირა საღამოს წავალთ, ბებო - სახლისკენ წავედი და ვატოს გავხედე. საბარგულიდან იღებდა ტომრებს და ეზოში ალაგებდა.
-როგორ შეწუხებულხართ, ბავშვებო. რას დაეძებდით ამათ ყიდვას. დედა, მომიკვდეს თავი, რამდენი ფული დაუჯარავთ ჩემთვის! რა არის , ისე ვერ გაათევდით ღამეს?! შემირცხვა თავი! - ქოთქოთებდა ტატიანა ბებო და თან შეშას ამატებდა ისედაც სავსე ღუმელს.
-საკუთარ სოფელში წასვლა არცერთს გვიფიქრია, ბებო - დაჭრილი შეშები შემოიტანა ვატომ და იქვე „ვედროში“ ჩააწყო - პირდაპირ შენთან გამოვიქეცით, იმხელა სითბო და სიყვარული გამოავლინე მაშინ.
-ჩემი სახლის კარი მუდამ ღია იქნება თქვენთვის. ახლავე გაგიმზადებთ ლოგინს. ისევ ცალ-ცალკე ოთახებში დაწვებით თუ ტახტზე გადავაკრა თეთრეული? - იკითხა ოთახიდან გასვლისას, ორივემ მორიდებით ვუთხარით ცალ-ცალკეთქო, თუმცა არ დაგვიჯერა - მეც ვიყავი თქვენხელა, ამიტომ ტახტზე გადაგიკრავთ, ვიცი გულის სიღრმეში ორივეს ერთ ოთახში დაწოლა გინდათ.

***
ისევ თეთრი, ფითქინა თეთრეული. ძველებული იყო, თუმცა ერთი სიძველის ნიშანი არ ეტყობოდა მას. მორიდებით ჩავიცვი გრძელი პიჟამა და ვატოს გვერდით დავწექი. ეს იყო პირველი ღამე, რომელიც ერთად, ერთ საწოლში გავატარეთ.
ვატომ ხელი თავქვეშ ამომიდო და მისკენ მიმწია.
-ხვალ სად წავიდეთ?
-არსად - მოკლედ მოვუჭერი მას - ტატიანა ბებოს დავეხმაროთ, შაბათს კი გერგეტის სამებაზე ავიდეთ, რას იტყვი?
-ცოლად მართლა არ გამომყვები, მართა? - რამდენიმეწუთიანი დულიმის შემდეგ ოთახში ტურასავით შემოიპარა ეს სიტყვები და თავზე ყაჩაღებივით დამადგნენ. ვატოს გულიდან თავი ბალიშზე დავაბრუნე და სიმართლის თქმისთვის მოვემზადე.
-არა - ღმერთო, რა ცივად და უხეშად ჟღერდა ეს სამი ასო.
-რატომ? - კიდევ უფრო მკვახედ დასჭექა ვატოს კითხვამ
-რადგან მეშინია. მეშინია პასუხისმგებლობის და იმის, რომ ვერ გაგიწევ სათანადო ცოლობას.
-შენ ჩვენი სიყვარულის არ გჯერა?
-რა სისულელეს ამბობ, ვატო! - ლოგინზე წამოვჯექი და მას დავხედე, თვალები დაეხუჭა - მე მჯერა ჩვენი სიყვარულის, მაგრამ არ ვარ მზად და რატომ მოგატყუო?
-და ლევანი? ლევანთან ხომ იყავი? - კვლავ თვალდახუჭული მესროდა ყველაზე მტკივნეულ კითხვებს.
-დაიძინე, ვატო. დილით ყველაფერი უკეთესად იქნება - გადავბრუნდი და ზურგი ვაქციე. არ მინდოდა ჩემი სიტყვებით გული მეტკინა, თუმცა რომელი უფრო საწყენი იყო არ ვიცი, სიჩუმე თუ მწარე სიმართლე.
ვატო ჩემკენ გადმობრუნდა და მუცელზე ხელი მომხვია.
შემირიგდა.
გათენდა. ჩახუტებულებს გვეძინა მე და ვატოს. მიუხედავად ივნისის თბილი დღეებისა, სოფელში მაინც ციოდა და სქელ საბანთან ერთად არც ვატოს სითბოზე ვთქვი უარი. ალაგ-ალაგ ჩამესმოდა სოფლის ხმები, ჩიტების ჟღურტული, მამლის თავდაუზოგავი ყივილი, მეზობლების გადაძახილ-გადმოძახილი. დილით ყველა საქმიადობდა, ზოგი ოჯახიდან ხის ჩეხვის ხმა ისმოდა, ზოგი ოჯახიდან - რაღაცის ჭახა-ჭუხის. ყველაფერი ისე იყო, როგორც ნამდვილ სოფელს შეეფერება.
მე კი ჩახუტებულს მეძინა ჩემთვის საყვარელ ადამიანთან და მისი სუნთქვა ნაზად მიაპობდა ოთახის ჰაერს. შეეღვიძა. ნაზად გაახილა ჯერ ერთი, შემდეგ კი მეორე თვალი.
-დილამშვიდობისა - დილის ჩახლეჩილი ხმით მითხრა ვატომ და გაიზმორა - ყველაზე მშვენიერი დილა, ასევე მშვენიერ ქალბატონთან ერთად.
-ძალიან მიყვარხარ, ვატო! - ვაკოცე და ასადგომად მოვემზადე.
-მოიცა, სად მიდიხარ? - ხელში მწვდა და კვლავ ლოგინში ჩამითრია - გგონია, ასე მარტივად დააღწევ თავს ჩემს მკლავებს? - ზემოდან გადამაწვა და ტუჩებით მომეწება -შენ ჩემი ქალღმერთი ხარ და ცოტა ხნით საწოლში კოტრიალიც უნდა შეიფერო.
მაინც ჩემი გავიტანე და ავდექით. თავისუფალი ტანსაცმელი ჩავიცვი და კიბეებზე დავეშვი. ტატიანა ბებო უკვე გასული იყო სამუშაოდ. ვატომ ცული მოიმარჯვა და ეზოში დასაჩეხი მორების დაჩეხვას შეუდგა. მე სახლი გამოვგავე, მტვერი გადავწმინდე. სამზარეულოში ცომს მოვკარი თვალი და გადავწყვიტე, პური და ხაჭაპურები გამომეცხო, ამიტომ ღუმელში შეშა შევყარე, ცოტა ნავთი შევასხი და ასანთს გავუკიდე. ცეცხლი მალე დაინთო და ღუმელიც საკმარისად გახურდა. ამასობაში ტატიანა ბებოც შემოვიდა ოთახში და საყვედურებით ამავსო.
-თქვენ დასასვენებლად ჩამოხვედით, შვილო, და ჩემ არყოფნაში სახლის საქმეებს მიდებ-მოდებიხართ, რანაირი მასპინძელი ვარ ახლა მე?! - ვატოს გასძახა - დაანებეთ ახლა თავი ყველაფერს და სახლში შემოდით ან გაისეირნეთ სადმე.
ჩვენ არ ვუსმინეთ და დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანეთ. საღამო განსაკუთრებით ტკბილი იყო. სამივე მინელებულ ღუმელს შემოვუსხედით და ერთმანეთს აზრებს ვუზიარებდით.
-ჩემს ოჯახში ყველა თვრამეტ წლამდე გათხოვდა - ისტორიის მოყოლა დაიწყო ტატიანა ბებომ - ჩემი სამი და დედამ მალევე მიათხოვა ბიჭებს. ჩვენთან სამივე დისთვის ხელის სათხოვნელად ერთი ქალი მოვიდა, ნესტანი. ამ ქალის დამსახურება იყო ჩვენს სოფელში ქალების დაოჯახება, ამიტომ როგორც კი თხუთმეტი წელი შემისრულდა, ჩემს გასათხოვებლად მოვიდა და თან დოსიეები მოიტანა. დაგვისვა წინ მე და დედა და კანდიდატების განხილვა დაიწყო. მე უკვე მიყვარდა ჩემი მეზობელი, ამიტომ არ ვაპირებდი მათ შერჩეულ კანდიდატს გავყოლოდი ცოლად, თუმცა დედაჩემს უკვე გადაეწყვიტა, რომ გარდაბანში გავეთხოვებინე.
-შემდეგ? შემდეგ რა მოხდა, ტატიანა ბებო? - ცნობისმოყვარედ ჩავეკითხე და თან ჭიქიდან ჩაი მოვსვი.
-გავიპარე - გაეცინა - სხვა გამოსავალი ვერ ვნახეთ და მე და მურმანი თავისი დედის სოფელში გავიპარეთ.
-ვაიმე! - აღფრთოვანებით შევყვირე - დედაჩემიც გაიპარა, როცა ჩვიდმეტი წლის იყო, ახლა კი ისევ მამაჩემს გაყვა ცოლად.
-ისევ? - გაკვირვებით გამომხედა ბებომ.
-დიახ, გარკვეული მიზეზების გამო მამაჩემმა წლების წინ დაგვტოვა და ახლახანს ჩამოვიდა. სწორედ ამ დროს ისევ თავიდან შეუყვარდათ ერთმანეთი და ჯვარიც დაიწერეს.
-ჩვენი ამბავი მალე გადაწყდა - გააგრძელა ბებომ თავისი ისტორია - გაპარულ ან მოტაცებულ ქალს უკან აღარავინ დაიბრუნებდა, შვილებო. ადრე ასეთი დრო არ იყო, ახლა რომაა. ადრე ყველაფერი მკარც საცერში იცრებოდა, საკეპ მანქანაში იკეპებოდა და ისე გამოდიოდა დღის შუქზე.

***
კვირა საღამოს ჩამოვედით თბილისში. გზამ ძალიან გადამღალა და პირდაპირ სააბაზანოს მივაშურე. ბოლომდე ავავსე აბაზანა წყლით და ცხელ წყალში გავინარე. არ მომწონდა ჩემი შიშველი სხეული, არც მკერდი მაკმაყოფილებდა და არც საჯდომი, თუმცა ორივე საკმაო ზომის იყო. ზოგადად, ასეთი ვიყავი ბავშვობიდან, - არასოდეს მომწონდა საკუთარი თავი. ამ ყველაფერმა შედეგიც გამოიღო და თვითშეფასება ნულამდე დამიყვანა.
მთელი ღამე ვერ მოვისვენე. ჰალუცინაციებივით მოდიოდნენ ჩემთან ფიგურები და სიუჟეტები და კვლავ სადღაც ქრებოდნენ. გაღვიძება მინდოდა და სიზმრებს თავს ვერ ვაღწევდი. ასე გაგრძელდა დილის ხუთ საათამდე. ხუთ საათზე გამეღვიძა. ძალიან მწყუროდა, ამიტომ სამზარეულოში გავედი და მაცივრიდან ცივი წყალი გამოვიღე. ყოველთვის ბოთლიდან დალევა მიყვარდა, ამიტომ მაშინაც პირდაპირ მოვიყუდე ბოთლი და თითქმის გამოვცალე კიდეც, შემდეგ კი კვლავ ლოგინში დავბრუნდი, თუმცა ამაოდ. არასასიამოვნო შეგრძნება მთელ ტანში მოუსვენრად დაძრწოდა.
ჩამეძინა. არ ვიცი რომელი საათი იყო. ყველასათვის ნაცნობი მეთოდი გამოვიყენე, თუმცა ცხვრების მაგივრად ბოსტნეულის თვლა დავიწყე. ათას შვიდასი მახსოვს, შემდეგ კი ჩემი გონება ძილის ფაზაში გადავიდა და მეხსიერებაც შეაჩერა.
თერთმეტ საათზე გავიღვიძე საბოლოოდ. ბევრი ბრძოლისა და ვაი-ვიშის შემდეგ მცირეხნიანმა ჩაძინებამ ჩემი ნერვები საკმაოდ დაამშვიდა და დააოკა.
ლექცია ორ საათზე მქონდა, ამიტომ თორმეტ საათამდე საწოლში კოტრიალი გადავწყვიტე.
ორის წუთებზე კი უკვე მზად ვიყავი წასასვლელად. მოვიკიდე ჩანთა, მოვიმარჯვე ყურსასმენები და მხოლოდ მაშინღა მივწერე ვატოს დღის პირველი ესემესი.
"დილამშვიდობის, ჩემო სიყვარულო. ლექციებიდან დაბრუნებული შენთან შემოვივლი სამსახურში და ერთად წამოვიდეთ სახლში. წარმატებული დღე, ჩემს ყველაზე სიმპატიურ ბიჭს!"
არც მისმა ესემესმა დააყოვნა და მალევე შემოფრინდა ჩემს ტელეფონში:
"მეგონა აღარ იღვიძებდი და ჩემი კოცნა მოგევლინებოდა ხსნად. მიყვარხარ, მართა და საღამოს გელოდები."
ტელეფონში მუსიკა ჩავრთე და კიბეებს ღიღინით ჩავუყევი. სადარბაზოსთან ლევანი იდგა, უეცრად შევტრიალდი უკან და ზემოთ წასვლა დავაპირე, როდესაც დამიძახა.
-მართა, სად გარბიხარ, მომესალმე მაინც - ნელ-ნელა ჩემკენ მოიწევდა, მე კი ჯერ კიდევ ვერ გადამეწყვიტა, სახლში გავქცეულიყავი თუ მეყვირა. ლევანმა მკლავში მომკიდა ხელი და მისკენ შემატრიალა - ასე ცივად უნდა შეხვდე შენს ყოფილ საქმროს? - გადასაკოცნად წამოიწია, თუმცა თავი უკან გადავწიე და კოცნა მოვიგერიე.
-ლევან, გამატარე, არ მცალია. უნივერსიტეტში მეჩქარება - ვეცადე როგორმე დავსხლტომოდი, თუმცა ხელი უფრო მომიჭირა
-წამოდი, წაგიყვან. მანქანით ვარ - სადარბაზოდან ქუჩის მეორე მხარეს ვერცხლისფერი მანქანისკენ გამახედა - წამოდი.
ხელს ისე მიჭერდა დალურჯება გარდაუვალი იყო. ასე მიმიყვანა მანქანამდე და კარი გამომიღო, მეც აღარ გავძალიანებივარ და ჩავჯექი.
-გეტკინა? - მკითხა ჩაჯდომისას, როდესაც დაინახა როგორ ვისრესდი ხელს - მაპატიე, არ მინდოდა.
-შენ ბევრი რამ არ გინდოდა, ლევან, მაგრამ ასე გამოვიდა.
-ღვედი შეიკარი.
მეც დავემორჩილე, მაშინ კარები ჩაკეტა ლევანმა და გაზის პედალს ბოლომდე მიაწვა.
-ცოტა ნელა, ხომ იცი, არ მიყვარს სისწრაფე - ლევანი რბოლებშიც მონაწილეობდა. მიუხედავად სისწრაფის სიგიჟემდე სიყვარულისა, არასოდეს მოყოლილა ავარიაში და მეტიც, არც საავარიო სიტუაცია შეექმნა როდესმე.
სიჩქარეს უკლო და გადმომხედა.
-ისევ ისეთი ლამაზი ხარ, მართა. ხომ ხედავ, ვერ გივიწყებ. შენ კი დაგვიწყებივარ, ლამაზო, და ძალიან მეწყინა - ლევანი მანქანას სრულიად უცხო მხარეს მიაქროლებდა
-ჩემი უნივერსიტეტი აქეთ არ არის!
-სამაგიეროდ ჩემი სახლია აქეთ - მის სახლში ნამყოფი ვიყავი, თუმცა იქ ნადმვილად არ მივყავდი. ლევანს რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული და აშკარად ჩემთვის უცნობ სახლს გულისხმობდა ის.
მივხვდი, რამე უნდა გამეკეთებინა, ამიტომ კარების წვალება დავიწყე. ფრჩხილებით სალონს ვკაწრავდი და ორჯერ საჭისკენ წავიღე ხელი და მარცხნივ გადავწიე.
-მართა, ხომ არ გაგიჟდი, ავარიაში მოვყვებით - შეშფოთებული თვალებით მიყურებდა ის, თუმცა იმ მომენტში ავარია უკეთეს ვარიანტად მეჩვენებოდა.
-ახლავე გააჩერე მანქანა, ლევან! - ჩანთაში ჩაგდებული ტელეფონის ძებნა დავიწყე.
-ვის გინდა დაურეკო? - ჩანთა ხელიდან გამომგლიჯა და უკანა სავარძელზე მოისროლა - პატრულს ურეკავ თუ შენს პრინცს? - მაშინღა მივხვდი, რამ გაამწარა და გადავწყვიტე, მისთვის ტყუილი მეთქვა.
-მე და ის ბიჭი ვქორწინდებით - სწრაფად დაამუხრუჭა ლევანმა და, ღვედი რომ არა, საქარე მინაში გავერჭობოდი პირდაპირ თავით - ხო, ეს სიმართლეა. სამი დღის წინ მთხოვა ხელი და მეც დავთანხმდი. სხვათაშორის, პირველი ადამიანი ხარ, ვისაც ამას ვეუბნები.
-შენ მხოლოდ ჩემი ცოლი იქნები და ეს დაიმახსოვრე - გაზს მიაწვა და კიდევ ერთხელ დაამუხრუჭა, ამჯერად თავი ჩამოვარტყი და წარბი გავიხეთქე - არ მოგცემ უფლებას, სხვას გაყვე ცოლად. შენ მე გიყვარდი და ახლაც გიყვარვარ.
ლევანის სიტყვები აღარ მაინტერესებდა, წარბი საოცრად მტკიოდა. ტირილი დავიწყე, ერთდროულად ორივე ამბავს ვგლოვობდი. ამასობაში ნერვებმა მიმტყუნეს და ლევანს გამწარებულმა რამდენჯერმე ჩავარტყი მუშტი.
-მძულხარ, პირუტყვო! შენ როგორ შეგიყვარე ან სად მალავდი ამ სახეს?! ახლა ვხვდები, რატომ არის ჩვენს ქვეყანაში ამდენი ძალადობა. შენნაირი არაკაცები თავს კაცებად ასაღებენ და როგორც კი ქალს დაისაკუთრებენ, საკუთარ სახეს ამჟღავნებენ. მძულხარ, ლევან, მძულხარ!
-ამას ბრაზი გალაპარაკებს, ჩემო მართა. გავა დღეები და კვლავ ისე შემიყვარებ, როგორც უწინ.

***
პატარა სოფელში ამოვყავი თავი. ვერც კი შევხედე ტრაფარეტს, არც გზას დავკვირვებივარ, სად მივდიოდით. იმდენად შემაშფოთა და გამაოცა ლევანის საქციელმა, რომ აზროვნების უნარი მთლიანად წამერთვა, თან ჩემი წარბი ისე ძლიერად ფეთქავდა, რომ ლამის ჭკუიდან გადამიყვანა.
-აქ შედი! - მბრძანებლური კილოთი მითხრა ლევანმა და სახლში ძალით შემიყვანა. ჩემი ჩანთა და ტელეფონი მანქანაში დარჩა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ლევანის ხელში აღმოჩნდებოდა - მე მივდივარ და მალე მოვალ. ყვირილსა და წივილს აზრი არ აქვს, არცერთი მეზობელი არ არის აქ. ყველა ქალაქშია წასული და აგვისტომდე არ ჩამოვლენ - კარი გადამიკეტა და სადღაც წავიდა.
მთელი სახლი დავიარე. ყველა ფანჯარა და კარი საგულდაგულოდ შევამოწმე. ფანჯრებზე გისოსები იყო, რაც საქმეს უფრო მირთულებდა, თორემ ჩავამტვრევდი შუშას და ეგ იქნებოდა.
-ღმერთო, რა დავაშავე - საკუთარ თავთან საუბარი დამარცხებას ნიშნავდა - მე ხომ ერთი უბრალო გოგო ვარ, არაფრით გამორჩეული. ვცდილობ, კარგი შვილი, შეყვარებული და მეგობარი ვიყო. ყველას გვერდით ვუდგავარ, ვისაც კი სჭირდება. რატომ გადამეყარა ეს არანორმალური ცხოვრების გზაზე და რატომ არ მაცდის მშვიდად ცხოვრებას?! მეშინია, ღმერთო. მეშინია რამე არ დამიშავოს და საბოლოოდ დაარტყას ბეჭედი ჩვენს ურთიერთობას.
გარეთ რაღაც ახმაურდა. სასწრაფოდ მივვარდი ფანჯრებს. ლევანი დაბრუნებულიყო. საკეტი გადაატრიალა და ოთახში გაღიმებული შემოვიდა. ხელში ვარდების დიდი ბუკეტი და სწრაფი კვების საჭმელი ეჭირა.
-სუშიც მოგიტანე - მითხრა და ორივე "საჩუქარი" გამომიწოდა. ადგილიდან არ გავნძრეულვარ - კარგი, აქ დავაწყობ და შემდეგ მიინახე, ყვავილებისთვის ლარნაკს სამზარეულოში იპოვი - მაგიდაზე დააწყო ყველაფერი, თვითონ კი სავარძელში ჩაჯდა.
-ლევან - დავიწყე და თან ცოტათი მივუახლოვდი - რატომ აკეთებ ამას?
-ჩვენი სიყვარულის გადასარჩენად, რა თქმა უნდა.
-სიტყვა "ჩვენ" აღარ არსებობს, უკვე რამდენი თვეა. ჩვენ მოვკვდით, გაიყო გზები და აღარც შეერთდება. მორჩა, უბრალოდ გაქრა ეს ყველაფერი. მე უკვე ვიპოვე ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარს. მიეცი შენს თავს უფლება, სხვა შეიყვარო, ნუთუ გგონია, რომ მხოლოდ მე ვარ ამ ქვეყანაზე?! დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი გოგო სიხარულით შეგიყვარებს, ლევან - მეტი დრამისთვის ჩვენი ისტორიიდან რამდენიმე დეტალი გავახსენე - ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიყავით. გახსოვს, მდინარეზე რომ წავედით სათევზაოდ, მაშინ რა მითხარი? - თავი გააქნია - თუკი ოდესმე ჩვენი გზები გაიყრება და ეს სიყვარული დამთავრდება, მე ყველა შენს გადაწყვეტილებას ვცემ პატივს და კარგ მეგობრად მიგულე, რადგან შენ ჯერ მეგობარი ხარ, შემდეგ კი შეყვარებულიო. ახლა ეგ დღე დადგა, მე შენ აღარ მიყვარხარ. ხანდახან ასეც ხდება, დიდი სიყვარულები ქრება და იფერფლება. ნუთუ არ გინახავს როგორ შორდებიან ცოლ-ქმრები?! ისინი ეგუებიან უერთმანეთოდ ცხოვრებას, ამიტომ შენც უნდა შეეგუო ამას.
-რთულია, მართა. ყოველ დილით შენზე ფიქრებში ვიღვიძებ, წარმოვიდგენ, როგორ ივარცხნი თმას და იცვამ შენს საყვარელ ვარდისფერ პერანგს თეთრი კოპლებით. მე შენით ვიძინებ და ვიღვიძებ. ვერცერთი ქალი ვერ შეედრება შენს სილამაზეს, ვერც ვერავინ შემაყვარებს შენსავით თავს, ამიტომ ვერ დაგთმობ, ვერავის დავუთმობ შენს თავს, ძვირფასო. მე მინდა, ცხოვრება მხოლოდ შენ ერთს დაგითმო და მხოლოდ შენ გერქვას ჩემი ცოლი!
-და მე რა ვქნა?! - იატაკზე მუხლებით ჩავჯექი - მე სხვა შემიყვარდა და ახლა შენ ვეღარ შეგიყვარებ. მე შენ მიყვარდი, მაგრამ ეს შანსი ვერ გამოიყენე, მიღალატე და ამით ყველა ჩვენს გრძნობას და სამომავლო გეგმას გადაუსვი ხაზი. რომ არ გეღალატა, ვინ იცის, ახლა მუცლით შენი ბავშვიც მეტარებინა, მაგრამ მაშინ პირველად გამოავლინე შენი თავი და ახლა ყოველი შენი ეს არანორმალური საქციელი შენს ავადმყოფობაზე მიუთითებს, ლევან!
-ღალატი და ღალატი - ფეხზე წამოენთო ის და ოთახში ბოლთის ცემა დაიწყო - რით ვერ გადაიტანე ჩემი ერთი სექსი ვიღაც ბოზანდარასთან? ერთხელ ვერ შევიკავე თავი, რა მოხდა, საყვარელი ხომ არ გამიჩენია. ოცდაათლარიანი ვიხმარე, ასეთი დიდი პრობლემაა?!
-ვის სახლში იხმარე, არაკაცო? - ამჯერად ფეხზე მე წამოვდექი და წინ კლდესავით ავეტუზე - ჩემს საკუთარ ლოგინში გამიჩაღე სექსი, თან ვისთან, ბოზთან? ფულის გადახდა მაინც არ შეგრცხვა, შე არაადამიანო? ფუ, მეზიზღები და ვერ გიტან! - შევაფურთხე და საპასუხოდ სილა მივიღე მარცხენა ლოყაში - მეზიზღება ყოველი წუთი, რაც შენთან გავატარე!
საძინებელ ოთახში წავედი და ლოგინზე დავემხე. ვტიროდი, რადგან მიყვარდა არაკაცი და მე თვეების განმავლობაში მეგონა ის ყველაზე კეთილი, საყვარელი და გულკეთილი ადამიანი.
რამდენად ველურია ზოგიერთი ადამიანი, რამდენი სხვადასხვა სახე იმალება მასში. როგორ უნდა გქონდეს ნდობა, როდესაც არ იცი რამდენად გულწრფელია ის შენ წინაშე.
ჩემი საყვარელი მამაკაცი, ვისთანაც სარეცლის გაყოფას ვაპირებდი, ვისი მეუღლის სახელიც უნდა მეტარებინა, მამაკაცი, ვისი შვილებისთვისაც დედობა უნდა გამეწია, მომხდარი ფაქტის შემდეგ სინანულს მხოლოდ ასე გამოხატავდა. ძალადობით, დაშინებით, მოტაცებით...
ოთახში ლევანი შემოვიდა. მისი სუნთქვაც კი გულს მირევდა და მთელ ტანში მაკანკალებდა.
-მართა - როგორ მეზიზღებოდა მისი პირიდან ამოსული თითოეული ასოც - გძინავს? - პასუხი არ გავეცი - ვიცი არ გძინავს. მაპატიე, კარგი? - ბეჭზე ხელი დამადო და მაშინვე ფეხზე წამოვხტი - კარგი, დამშვიდდი, ნუ გეშინია, არ ვიკბინები. უბრალოდ ხელი დაგადე - ხელები ჰაერში ასწია და გააშეშა - მე მჯერა, რომ ბედნიერ ოჯახს შევქმნით და ჩემს სულელურ შეცდომას არ მივცემთ საშუალებას, ხელი შეუშალოს ჩვენს ძლიერ სიყვარულს. წამოდი, ახლა ვჭამოთ და შემდეგ რამე კინოს ვუყუროთ.
-ნუთუ ასეთი შეუგნებელი ხარ?! სად წავიდა ის ლევანი მე, რომ ვიცნობდი?! როდემდე უნდა იცხოვრო ილუზიებში? შენ ექიმი გჭირდება, ფსიქიატრი, რომელიც დაგეხმარება, თორემ თავს დაიღუპავ, მე კი მეცოდები, რადგან ოდესღაც მაინც მიყვარდი.


***
დაღამდა. ძილი არცერთი მხრიდან არ მეკარებოდა, ანდაც რა ძილზე იყო საუბარი, როდესაც შიშით საბანს ისე ვუჭერდი ხელს, რომ გავხიე კიდეც. ლევანმა დივანზე დაიძინა. მადლობა ღმერთს, სექსუალურად მაინც არ ძალადობდა ჩემზე, ყოველ შემთხვევაში, იმ ღამეს არ უძალადია. მშვიდად ფშვინავდა მეორე ოთახში და არაფერზე დარდობდა. მთავარი სადარდებელი, ანუ მე, გვერდით ვყავდი.
დასაწყნარებლად ყურადღება ვატოზე გადავიტანე. მასთან გატარებული ღამის ყველა დეტალს ვიხსენებდი. მაგონდებოდა, როგორ ჩაეძინა და დილით მასთან გაღვიძება რამდენად დიდი ბედნიერება იყო.
-ნეტა, ახლა რას აკეთებს ჩემი სიყვარული? - გონებაში ველაპარაკებოდი საკუთარ თავს - ნეტა თუ დაიძინა? სამსახურში რომ არ მივედი, არ შეშფოთდა? მთელი დღე ტელეფონზე რომ არ ვუპასუხე, ჩემთან არ ავიდა? ნეტა რას ფიქრობს ახლა, იქნებ ჩემზე ფიქრობს და ერთმანეთს სადმე ფიქრთა გასაყარზე გადავეყაროთ, იქნებ სიზმრებს მოუხმო უკვე და მეც იქ ვარ, სადმე მობიბინე მინდორში ან ყვავილნარში მორბენალი? ვინ იცის, ახლა რას ფიქრობს ვატო, ვინ იცის, რამდენად ნერვიულობს ჩემი გაუჩინარების გამო...
შემაძრწუნებელი სიჩუმე იდგა. საკუთარი გულის ხმა კი კარგს არაფერს მეუბნებოდა. ვცდილობდი, აუტანელი სიჩუმისთვის მხარი ამება და უბრალოდ გავშეშებულიყავი ერთ პოზაში. ზედმეტ სუნთქვასაც კი ვერიდებოდი. უეცრად ძლიერი ხმა გაისმა და შევყვირე. ლევანი ოთახში შემოვიდა, ხმაური კიდევ უფრო გაძლიერდა და ლევანს მოვეხვიე.
-კარგი, დამშვიდდი - თავზე ხელს მისვამდა და მაწყნარებდა - ახლავე გავალ გარეთ და ვნახავ, რა ხდება.
-არა, არ დამტოვო! - ჩემდა უნებურად ეს სიტყვები აღმომხდა და კიდევ უფრო მივეკარი მის წელზემოთ შიშველ სხეულს - ძალიან მეშინია!
ლევანი ფეხაკრებით გავიდა გარეთ და, დაახლოებით, ათ წუთში შემობრუნდა.
-ფეხსაცმლის კვალი იყო ჭიშკართან, თუმცა სხვა კვალს ვერსად მივაგენი. სახლს წრეზე შემოვუარე, თუმცა უცნაური არაფერი შემიმჩნევია. გინდა, აქ დავწვები?
-არა - მკვახედ მივუგე, თუმცა ჯერ კიდევ არ ჩაწყნარებულიყო ჩემი გულის ხმა.
-ნუ გეშინია, მართა - კვლავ თავზე გადამისვა ხელი - შენს საწოლში დაძინებას არ ვაპირებ, აქ შემოვიტან სავარძელს და დავიძინებ, შენც უფრო მშვიდად იქნები და მეც.

***
მძინარე პატარა ბავშვს ჰგავდა ლევანი. ისეთი სახე ჰქონდა, გეგონებოდა ჭიანჭველას არ დააბიჯებს ფეხსო, მაგრამ, ვაი, რომ მისი გული გაბოროტებულიყო. ლევანი ყოველთვის ზრდილობიანი, გაწონასწორებული ბიჭი იყო. ურთიერთობაში ცოტა ეჭვიანი ნამდვილად იყო, თუმცა შემაწუხებლად არა, ამიტომ არასოდეს გამჭირვებია მასთან ურთიერთობა.
-დილამშვიდობის - მითხრა ლევანმა და გაიზმორა - ხომ არ შეგეშინდა ღამით?
-კი - მოკლედ მივუგე და საბანი თავზე გადავიფარე.
-კარგი, ნუ დამინახავ, ნელ-ნელა შეეგუები ჩემს ყოფნას შენს ცხოვრებაში. ახლა ქალაქში მივდივარ და თუ რამე გინდა, დამაბარე.
-დიდი თოკი წამომიღე, რომ თავი ჩამოვიხრჩო.
წავიდა. კვლავ ყველა კარი და ფანჯარა შევამოწმე, თუმცა კვლავ ამაოდ. მისაღებ ოთახში თაროზე წიგნების დიდი არჩევანი იყო, ამიტომ ერთ-ერთი მათგანი ამოვარჩიე. ხელში „სტამბოლელი “ შემრჩა. სტამბოლთან და თურქეთთან სიახლოვის გამო მისი კითხვა დავიწყე და ლევანის მოსვლამდე თითქმის ნახევრამდე ჩავედი.
-ხომ არ მოიწყინე? - ამჯერად გვირილების თაიგული და შოკოლადი მომიტანა - შენი საყვარელი თეთრი შოკოლადი მოგიტანე.
-ნუთუ გგონია, რომ ყვავილების ბუკეტებითა და შოკოლადებით აზრს შემაცვლევინებ?
ყვავილები და შოკოლადი მაგიდაზე მიაგდო და კედელთან ამაყუდა.
-რა ნახე იმ ბიჭში განსხვავებული? როგორ შეძელი ჩემი დავიწყება და სხვა ადამიანის შეყვარება, ნუთუ ისე გიყვარს ის, როგორც მე? ნუთუ ისიც იმ გულით გიყვარს, რითაც მე შემიყვარე?
-დიახ, მე შენ დაგივიწყე, ლევან. ის მე არასოდეს გამიკეთებს იმას, რაც შენ გამიკეთე - ხელი ყელზე მომიჭირა - მირჩევნია, მომკლა, ვიდრე შენთან ერთად დავრჩე, მიდი, მომკალი და შენც დაისვენებ და მეც დავისვენებ შენი თავისგან! - ხელი უფრო მომიჭირა, სუნთქვაც კი გამიჭირდა, აღარც სიტყვა ამომდიოდა.
უეცრად ლევანმა ხელი მიშვა და ატირდა. პირდაპირ ჩემს ფეხებთან დაეცა და ხელებს იატაკს ურტყამდა.
-ნუთუ ეს მე ვარ, რა მემართება?! მართა, მიშველე, გთხოვ - ტიროდა და ფეხებზე მეხვეოდა. იმ მომენტში შემეცოდა კიდეც, თუმცა მისი დახმარება მხოლოდ ფსიქოლოგს შეეძლო - მოდი, დავწვეთ და არაფერზე ვიფიქროთ, მოდი უბრალოდ წამოვწვეთ დ ყველაფერი ცუდი უკან ჩამოვიტოვოთ.
-ლევან, ნუთუ ამ ყველაფერს სერიოზულად მეუბნები? ნუთუ ფიქრობ, რომ გვერდით მოგიწვები და ყველაფერს დავივიწყებ, რაც თუნდაც ამ ორ დღეში გამიკეთე?
-თუკი ნებით არა, მაშინ ძალით დაწვები - ხელი მომკიდა, ჰაერში ამწია და საწოლზე დამაგდო - რა სირთულეს წარმოადგენს ჩემთან ერთად ერთ საწოლში დაწოლა? - ზემოდან დამაწვა და კოცნა დამიპირა.
-ლევან! არ გაბედო, გთხოვ, არ გინდა - ვეცადე ყველაზე კარგი გამოსავალი მეპოვა და ჩვენი წარსული გავახსენე - მოდი, გვერდით დამიწექი და ჩვენი წარსული გავიხსენოთ - გაჭრა. გვერდით მომიწვა და ხელი ძალით ჩამკიდა - როდის შეიცვალე, ლევან?
-არ ვიცი - დაღონდა და თავი ისე შეატრიალა, რომ ვერ ვუყურებდი მის გამომეტყველებას - ადამიანის სახეს ვკარგავ. ყველა მეგობარი და ნაცნობი გზიდან ჩამოვიცილე. სრულიად მარტო დავრჩი, უფრო სწორად შენ დამრჩი.
-მე უკვე თვეებია, შენს გზაზე აღარ ვდგავარ. ამისთვის ბევრი დღე და ბევრი ღამე დამჭირდა, თუმცა შევძელი და აღარ ვაპირებ შენს ცხოვრებაში ადგილის პოვნას.
-აღარასდროს დამიბრუნდები? - გადმომხედა. აცრემლებული თვალები შემომანათა და ხელი უფრო მომიჭირა, ამჯერად ეს არ იყო ძალადობა, ეს გრძნობის გამოხატულება იყო მხოლოდ.
-არა - ვუთხარი და ჭერს ავხედე. ვერ გავუძელი მისი სევდიანი სახის ყურებას.
-გიყვარს? - მის ხმას სისუსტე შეეპარა.
-ძალიან!
-მაშინ ადექი და წადი მასთან - ხელი მიშვა და მეორე გვერდზე გადაბრუნდა - გასაღები პიჯაკის გულის ჯიბეშია, თუმცა სანამ წახვალ, ერთი თხოვნა შემისრულე.
-გისმენ - ლოგინიდან ავდექი და კართან შევჩერდი.
-ისე მომეხვიე, როგორც გუშინ - კედელზე ერთ წერტილს მისჩერებოდა და მთელი სხეულით კანკალებდა.
მასთან მივედი, პლედი გადავაფარე და იატაკზე ჩავჯექი.
-მე შენ ძალიან მიყვარდი, ლევან - ჩუმად, მაგრამ გასაგონად დავიწყე - შენ ჩემი სახლი იყავი, ყველაზე თბილი და მყუდრო. სწორედ ამ სახლში გადავწყვიტე ბუდის აშენება და თითზე ბეჭედიც კი გავიკეთე, როგორც შენმა მომავალმა მეუღლემ. შენი ყოველი ნაწილი მიყვარდა, შენი წარსულიდან მოყოლებული ყველაფერი შევიყვარე შენი, თუმცა ეს ყველაფერი ერთიანად გაანადგურე. ჩემს ყველაზე ძლიერ სახლს ბზარები კი არ შეაპარე, პირდაპირ გამოუღე საძირკველი და ნაცრად აქციე. მე ვერ ჩაგეხუტები ისე, როგორც ადრე გეხუტებოდი. აღარც გული ამიჩქარდება შენი ჩახუტებისგან. გუშინ შიშმა მძლია. დღეს კი აღარაფრის მეშინია შენ გარდა. ლევან, მიდი ექიმთან. ამით შენ თავსაც დაეხმარები და შენ ირგვლივ მყოფებსაც. ახლა კი წავალ და გთხოვ, უკან აღარასოდეს დაბრუნდე. მე შენ აღარ გეკუთვნი - ავდექი და წასასვლელად მოვემზადე.
-მოიცადე - ეზოში დამეწია ლევანი - მე წაგიყვან, ჩაჯექი - ეს უკვე ნიშნავდა, რომ იმ მომენტში მაინც დაუჯერა ჩემს სიტყვებს და ყურად იღო ის.

***
კორპუსთან ჩამომსვა. მთელი გზა ხმა არცერთს ამოგვიღია. მანქანის ხმა სიჩუმეს არღვევდა და უხერხულობის შეგრძნებას ცოტათი მაინც ფანტავდა. გადმოსვლისას მხოლოდ შევხედე, მიყურებდა და თვალს ვერ მისწორებდა. თავი დავუქნიე, სიტყვა მაშინაც არ ამოვიდა ყელიდან. მანქანიდან გადმოვედი და უკან არც მომიხედავს, ისე შევედი სადარბაზოში. ტელეფონს მაშინღა მოვკიდე ხელი - 38 გამოტოვებული ზარი და 75 წაუკითხავი ესემესი დამხვდა. ვატო ძალიან ვანერვიულე, ამიტომ პირდაპირ მის კართან მივედი და დავაკაკუნე. კარი შეშფოთებულმა გამიღო.
-მართა, სად დაიკარგე? - კარებშივე ჩამეხუტა და მთელი სახე დამიკოცნა - კარგად ხარ? რა მოგივიდა? სად გქონდა ტელეფონი? - კითხვები არ წყდებოდა, პირიქით, ემატებოდა და ემატებოდა.
-თუკი სახლში შემომიშვებ, ყველაფერს მოგიყვები - მაშინვე განზე გადგა და ადგილი გამითავისუფლა შესასვლელად. ჩანთა შემოსასვლელში მივკიდე და მისაღებისკენ წავედი - ლევანმა მომიტაცა - ძლივს გასაგონად ვუთხარი, თითქოს არ მინდოდა გაეგო და საიდუმლოდ ვიტოვებდი.
ვატოს ფერი დაეკარგა, წაბარბაცდა და სკამზე ძლივს დაჯდა. უფრო ხმამაღლა გამეორება მთხოვა.
-ორშაბათს, სანამ უნივერსიტეტში წავიდოდი, მანქანით მომაკითხა და სადღაც მიტოვებულ სოფელში ამომაყოფინა თავი. მიმტკიცებდა, მიყვარხარ და ჩემი ცოლი უნდა გახდეო - ვატო უფრო და უფრო იძაბებოდა - ძალიან შემეშინდა, ვატო. ის არანორმალურია, ფსიქიკურად აღარაა ჯანსაღი. სილაც კი მიწილადა ლოყაში და არც ისე იხევდა უკან.
-ისევ გიყვარს? - მისი კითხვა იმდენად მოულოდნელი იყო, უნებლიედ გამეცინა.
-ვატო, გეუბნები, რომ ადამიანმა ჩემზე იძალადა, გამიტაცა, დამარტყა. გეუბნები, რომ მძულს და შენ რა კითხვას მისვამ, აზრზე თუ ხარ? - გავბრაზდი და ფეხზე წამოვენთე, წასასვლელად მოვემზადე და კარისკენ წავიწიე.
-მეშინია - ყურთან ჩამჩურჩულა ვატომ - შენი დაკარგვის მეშინია, მე შენ ძალიან შეგიყვარე. შევიყვარე შენი ღიმილი, თვალები, გამოხედვა, სუნიც კი და ახლა, როდესაც შენ უარი მითხარი ქორწინებაზე, გამოჩნდა ბიჭი, რომელიც შენი საქმრო იყო. ჩემთვის მარტივი გადასატანი არ არის ეს ამბავი. ორი რამის გააზრება მიწევს: ერთი, შენ მოგიტაცეს და ვიღაც ვიგინდარამ ჩემს საყვარელ ქალზე ხელი ასწია და მეორე, შენს ცხოვრებაში, პირდაპირ თუ ირიბად, ცუდად თუ კარგად, ისევ გამოჩნდა ბიჭი, რომელიც გიყვარდა.
-მე აღარ ვბრუნდები მასთან, ვინც ერთხელ უკვე მივატოვე - ჩანთა ავიღე და დამშვიდობების გარეშე გავედი ვატოს სახლიდან.

***
დავიკარგე.
ფიქრებმა მთლიანად მოიცვა ჩემი სხეული. იმის მაგივრად, რომ ვატო მომხვეოდა, გულში ჩავეკარი და ეთქვა, თუ როგორ ინერვიულა, იქეთ გამანერვიულა და, ამხელა სტრესის გადატანის შემდეგ, კიდევ უფრო დამძაბა. იქნებ მე ველოდი სხვანაირად? იქნებ მეგონა, რომ ვატო ჩემს დაკარგვას სხვა მნიშვნელობას შესძენდა და ყველაზე მთავარს აღმოაჩენდა? - რომ ჩემ გარეშე ცხოვრება არ შეუძლია.
დასკვნა ვერ გამოვიტანე და ფიქრითაც თავი ტყუილად ავიტკიე. ორი დღის ნერვიულობას კიდევ რაიმეს ზემოდან დამატება არ მჭირდებოდა, შევწექი ლოგინში და დავიძინე.
ჩემმა ტრავმებმა ძილზე გავლენა ვერ იქონია, დიდი ხნის განმავლობაში პირველად მეძინა ასე მშვიდად, თუმცა ვატოსთან ერთად ძილს ნამდვილად ვერ სჯობდა. თორმეტ საათზე ძლივს გავახილე თვალები და ფანჯარაში გავიხედე. უკვე ეტყობოდა, რომ გარეთ საშინელი სიცხე იყო, ამიტომ საკუთარ თავს განტვირთვის დღე მოვუწყვე. ჩავედი მაღაზიაში, ვიყიდე ბევრი ნაყინი და ყურძნის სალათისთვის საჭირო ინგრედიენტები: მწვანე და შავი ყურძენი, 60 გრამი კრემ-ყველი, თაფლი, არაჟანი და ვანილი.
მომზადების წესი უმარტივესი და უსწრაფესია. შესაძლოა, სწორედ ეს გახდა მიზეზი ამ სალათის მომზადებისა, რადგან დროის მაქსიმალურად გამოყენებას ვცდილობდი მხოლოდ და მხოლოდ დასვენებისთვის.
ყურძენი დიდ თასში მოათავსეთ. კრემ–ყველი, არაჟანი, თაფლი და ვანილი ერთად კარგად აურიეთ. მოასხით ყურძენს და კარგად ამოურიეთ. ჭამამდე აუცილებლად შედგით მაცივარში, რადგან ეს გემოზე საგრძნობლად იმოქმედებს.
კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. მთელი არსებით მეგონა, რომ კარის გამოღებისას ვატო დამხვდებოდა, თუმცა ელენე აღმოჩნდა.
-ეს ფურცელი კარში იყო - კონვერტი მომაწოდა ელენემ - უდროო დროს ხომ არ მოვედი?
-არა, ძვირფასო - შევიპატიჟე და კონვერტი ტუმბოზე დავდე. ეს უკვე რიგით მეშვიდე წერილი იყო, რაც იმ კვირაში მივიღე. უკვე მერამდენე დღეა ჩემი კორპუსის თავმჯდომარე მთხოვს ჩემთვის უცნობი თანხის გადახდას, თითქოსდა რაღაც გაარემონტეს. მე კი ურცხვად არ ვიხდიდი მას - იმდენი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რომ მთელი საღამო მომიწევს შენი აქ დატოვება, მანამდე კი შემიძლია ყურძნის სალათი და ნაყინი შემოგთავაზო.
-ყურძნის სალათი? - სახე მოებრიცა ელენეს - არა, მადლობა. მე ნაყინს დავჯერდები ამჯერად, თუმცა შენი ამბების მოყოლა გზაში მოგიწევს, რადგან საპატარძლო კაბის შერჩევაში უნდა დამეხმარო.
-რაა? - კინაღამ მაცივრიდან გამოღებული ნაყინი იატაკზე გადავახტუნე - უკვე ქორწილია? ალიმ არ თქვა, ოთხ თვეშიო?
-ქორწილი კი ოთხ თვეშია, მაგრამ ალის დედა, ჰიურემ ჰანიმი მთხოვს, შევარჩიო და ხათრს ვერ ვუტეხ. მითხრა, რომელი კაბაც შენ მოგეწონება, ის ვიყიდოთ, ფულზე არ გქონდეს დარდი, მთავარია შენ მოგეწონოსო, თუმცა მაინც არ მინდა ძალიან ძვირიანი კაბა ვაყიდინო.
-თურქეთში იხდით? - ელენეს ამბებს მთლიანად ჩამორჩენილი ვიყავი ჩემი თავგადასავლების გამო, ამიტომ არ ვიცოდი, როგორ და რა ვითარებაში აპირებდნენ ქორწილის გადახდას. ეს კი იდეალური შანსი იყო, მეგობრისთვის გული არ დამეწყვიტა და მთელი დღე მისთვის დამეთმო ჩემი დრამების გარეშე.
-ორ ქორწილს ვიხდით, მართა, და მეჯვარე ორივეგან შენ ხარ - გაბადრულისახით მახარა ახალი ამბავი - ვერც ჩემს ნათესავებს წავიყვან იზმირში და ვერც ალის ნათესავებს ჩამოვიყვათ აქ, ამიტომ გადავწყვიტეთ, ორი ქორწილი გადავიხადოთ და არცერთ მხარეს დავწყვიტოთ გული.
-დედაშენი რას ამბობს, ხომ არ შეუცვლია აზრი?
-არა, გაგიკვირდება და ძალიან კარგად მიიღო ალი, ერთად ვმსჯელობთ ხოლმე, რა და როგორ აჯობებს. ისე, ძალიან კი გამიკვირდა მისი ეს გადაწყვეტილება. დედაჩემი რადიკალურად შეიცვალა ჩემი გაპარვის შემდეგ, არადა მეგონა, სახლში აღარ შემიშვებდა, თუმცა ეს ჩემი მხრიდან სარისკო გადაწყვეტილება იყო.
-დედაშენს რომ ეთქვა ან მე ამირჩიე ან ალიო, რას იზამდი?
-ალის ავირჩევდი. დედა ერთია, ის ვერ დამკარგავდა. გავიდოდა თვეები, შეიძლება წელიც კი, მაგრამ ის მაპატიებდა. მუცლით შვილის ტარება ხომ მხოლოდ ვალდებულება არ არის, მაშინ განსაკუთრებული კავშირი ყალიბდება დედა-შვილს შორის და სწორედ ამ კავშირს ვერ გაწყვეტდა დედაჩემი. ნამდვილ სიყვარულს კი მეორედ ან შეხვდები ან არა, ამიტომ სიყვარულს ავირჩევდი და გულის სიღრმეში დედაჩემიც იამაყებდა ამით.

***
ელენემ ათობით კაბა მოიზომა. თეთრი კაბა ძალიან უხდებოდა ჩემს მეგობარს, ის ყველაზე განსაკუთრებული პატარძალი იყო.
ჩემს ქორწილს ყოველთვის ატმის ყვავილისფერ ტონებში წარმოვიდგენდი. კაბაც მოვარდისფრო მინდოდა ხოლმე. ლევანთან ქორწილიც ასე იყო დაგეგმილი. კაბის ესკიზიც და ტექსტურაც უკვე მზად იყო და თარგების აჭრაც დაწყებული, როდესაც ის ამბავი მოხდა. ცალკე რვეულიც კი მქონდა აღებული, სადაც ქორწილის შესახებ ყველაფერს ვინიშნავდი, თუმცა იმ დღის შემდეგ ლევანის ნივთებთან ერთად რვეულიც სანაგვეზე მოვისროლე.
-მინდა, ძალიან ლამაზი ვიყო - პატარა ბავშვივით მოიწყინა ელენემ და ტუჩი ჩამოაგდო - ასე მგონია, არცერთი კაბა არ მიხდება-თქო და მეშინია, რომ ვერაფერს ავარჩევ.
-ეგ წინასაქორწინო ღელვა და შფოთვაა, არ იდარდო. ყველაზე ლამაზ კაბასაც მოიხდენ და ყველაზე ლამაზი პატარძალიც იქნები, აი, ნახავ - გავამხნევე და თეთრი კაბების დათვალიერება მეც დავიწყე, იქნებ ჩემს თვალს რომელიმე კაბა მოხვედროდა.
ვატომ ცოლობა, ფაქტობრივად, ორჯერ მთხოვა და ორივეჯერ უარით გავისტუმრე. ჩემი გატაცების შემდეგ კი ის გადაწყვეტილება, რომელიც ვატოს უნდა მიეღო, მე მივიღე - მის გარეშე ცხოვრება არ შემეძლო.
-ელენე, იმ დღეს, როდესაც დედაშენთან მივდიოდით, ვატომ ცოლობა მთხოვა, თუმცა მაშინ უარი ვუთხარი. ხომ გესმის, გატეხილი გულის შემდეგ ქორწინებამ შემაშინა. შემდეგ ფასანაურში მითხრა კიდევ და მაშინაც უარის თქმამ მომიწია, თუმცა ახლა ვხვდები, რომ მე მინდა მისი ცოლი გავხდე, ჩავიცვა თეთრი კაბა და საკურთხეველთან მასთან ერთად ვიდგე. იქნებ დროა, მეც ვიფიქრო შეუღლებაზე, იქნებ სულაც არ არის ჩემი გადაწყვეტილება ნაადრევი და დაუფიქრებელი. იქნებ ამდენმა ფიქრმა ჩვენ შორის სიყვარული კი არ გააძლიეროს, პირიქით გაანელოს.
-კაცებს ლოდინი არ უყვართ-თქო, ჯერ კიდევ თურქეთში გითხარი. თუკი ვატომ ცოლობა შემოგთავაზა, ესეიგი მას ნაფიქრი აქვს ამ საკითხზე, გაანალიზებული აქვს ყველა ის პასუხისმგებლობა, რაც ქორწინებას მოსდევს თან. აცნობირებს როგორც ქმრის, ისე მამის როლს და მზად არის, დარჩენილი ცხოვრება შენთან ერთად, შენს სიყვარულში გაატაროს. ამაზე დიდი გამოვლინება რაღა გინდა სიყვარულის? ეს ხომ ბოლო აკორდია, რასაც ახალ ეტაპზე გადაყავხარ და ორი სხეულიდან ერთი ოჯახი იქმნება. აბა რა გინდა, შვიდი წელი იაროთ, როგორც შეყვარებულებმა, შემდეგ დაინიშნოთ, კიდევ სამი წელი იყოთ დანიშნულები და შემდეგ შეუღლდეთ? ალის გადაწყვეტილებამ თავიდან როგორ გამაცოფა, გახსოვს? თუმცა შემდეგ დავფიქრდი და მივხვდი, რომ მისი სიყვარული სერიოზული და ნაფიქრი იყო. ორი თვე იმაზე ცოტაა, ვიდრე გგონია. რომელიმე ჩემმა ნათესავმა რომ იცოდეს სიმართლე, ალბათ საკუთარი ხელებით დამახრჩობდა. სწორედ ამიტომ ვინახავთ ამ საიდუმლოს და ღმერთმა ნუ ქნას, ოდესმე გამჟღავნდეს.
-მგონი დროა, ჩემთვისაც შევარჩიო თეთრი კაბა - ხელში კაბა ავიღე, გულზე ავიკარი და ისე დავბზრიალდი - როგორც კი საშუალება მომეცემა, მაშინვე ვეტყვი ვატოს, რომ თანახმა ვარ ქორწინებაზე.
-თუმცა ის არ უთხრა, ეს გადაწყვეტილება საქორწინო კაბების ნახვამ მიმაღებინაო, თორემ იფიქრებს, რომ არასერიოზულად ფიქრობ ამ თემაზე და კიდევ ერთი, არ დაეოლოდო კვლავ როდის გეტყვის. თუკი ორჯერ უარი უთხარი, რა გგონია, ყოველდღე აიტანს შენს უარებს? პირდაპირ უთხარი, რომ მზად ხარ მასთან ერთად თანაცხოვრებისთვის.

***
ელენეს სიტყვებმა მხნეობა შემმატა. ეს გოგო ანგელოზად მოვლენილიყო ჩემს ცხოვრებაში. მისი ძალა და ენთუზიაზმი მთლიანად გადმოდიოდა ჩემზე და ურთიერთობებზე აისახებოდა. ელენე ყოველთვის საჭირო მომენტში ჩნდებოდა ჩემს ცხოვრებაში და ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში მეხმარებოდა. ცხოვრებაში ყველას გვჭირდება ადამიანი, რომელიც ბიძგს მოგვცემს მორიდებისას მაშინ, როდესაც ნაბიჯის გადადგმა გიჭირს. ელენეს ეს ძალიან კარგად გამოსდიოდა. ყველაზე კარგად შეეძლო, ხელი ეკრა შენთვის და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადაეგდე, რა თქმა უნდა, შენი თანხმობის შემდეგ.
სახლამდე ჩემს გადაწყვეტილებაზე კიდევ უფრო მეტი ვიფიქრე. ფიქრმა ისე გამართო, რომ ლამის ჩემი სახლის გაჩერებას გავცდი. მარკეტში შევირბინე და ორი ბოთლი წითელი ღვინო ვიყიდე. ასევე ხელთ სუშის მასალა და დამატებით ინგრედიენტი წამოვიღე წარმოსახვითი კერძის გასაკეთებლად.
სუშის გაკეთება ნამდვილად არ არის მარტივი და არც იაფი სიამოვნება. მის გასაკეთებლად თქვენ დაგჭირდებათ:
• სუშის ბრინჯი
• ბრინჯის ძმარი
• შაქარი
• მარილი
• წყალმცენარე ნორი (რაც თბილისში რთული საპოვნელია, თუმცა ჩემს მაღაზიაში ის იყიდებოდა)
• ორაგულის ფილე
• კიტრი
• ავოკადო
მაღალ ტემპერატურაზე ქვაბში მოათავსეთ ბრინჯი და 1 ½ ჭიქა ცივი წყალი. დააფარეთ და აადუღეთ. შეამცირეთ ტემპერატურა და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთით, ან ბრინჯის მოხარშვამდე და წყლის შეწოვამდე. გადმოდგით გაზქურიდან და გააჩერეთ 5 წუთით.
ბრინჯი და ძმარი თასში მოათავსეთ და კარგად აურიეთ. ბოლომდე გააგრილეთ და თან მუდმივად ურიეთ. 1 ცალი ნორის ფურცელი პრიალა მხრით ქვემოთ სპეციალურ ბამბუკის დასაფენზე მოათავსეთ. ბრინჯის ნაზავი და დანარჩენი ინგრედიენტები 4 თანაბარ ნაწილად გაყავით. სველი ხელებით ბრინჯის ნაზავის ¼ ნაწილი ნორის ფურცელზე გადაიტანეთ და 3 სმ სიგანეზე კიდეები ცარიელი დატოვეთ. ბრინჯზე, თქვენკენ, სიგრძეზე დაჭრილი ავოკადოს ¼ ნაწილი დაალაგეთ. ¼ დაქუცმაცებული ორაგულის ფილე და სიგრძეზე დაჭრილი კიტრის მეოთხედი ნაწილი ავოკადოს გვერდით მოათავსეთ. ბამბუკის დასაფენით სუში მჭირდოდ გადაახვიეთ. გაიმეორეთ მსგავსად დარჩენილი ინგრედიენტებით. თითოეული ხვეულა 4 ნაწილად დაჭერით. შემოახვიეთ შესაფუთი ცელოფანი და აუცილებლად მიითვით სოიოს სოუსთან ერთად.
სუშის მომზადებას ორმოცი წუთი მაინც მოვუნდი და დრო მთლიანად გამეპარა. ამიტომ საჭირო იყო მარტვივი და, რაც მთავარია, სწრაფი კერძი, რათა დრო საკუთარი თავისთვისაც დამრჩენოდა. ყველაზე მარტივი, თუმცა ეფექტური, სპაგეტი არის ხოლმე ამ დროს და მეც არ დავაყოვნე. სასწრაფოდ შემოვდგი წყლით სავსე ქვაბი გაზქურაზე, მე კი საძინებელში შევედი ტანსაცმლის ასარჩევად.

***
მუქი მწვანე ატლასის კაბა, წვრილი ბრეტელით, წინ თამამად ჩახსნილი გულით, უკან კი მთლიანად ამოღებული ზურგით. კაბა მთლიანად ჩემს სხეულს მიუყვებოდა და ჰაეროვნების შეგრძნებას მიტოვებდა. ფეხზე შავი, წვრილქუსლიანი ფეხსაცმელი და კოჭზე წვრილი ჯაჭვი შევარჩიე.
თავს ყველაზე სექსუალურ ქალად ვგრძნობდი. ვატოს მანქანა ეზოში ეყენა, ამიტომ წინასწარ არ შემიმზადებია მოსალოდნელი შეხვედრისთვის. ყველა კერძი ლამაზად დავალაგე თეთრ თეფშებზე და მაგიდაზე განვათავსე. სატელეფონო ზარამდე სანთლები ავანთე და ტელეფონიც მოვიმარჯვე ხელში.
„მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან“
პირველი სიტყვის სათქმელად გამზადებული სახე გამიშეშდა. ავტომოპასუხემ ჩემი გეგმები ჩაშალა.
„შეიძლება სხვას ელაპარაკება“ - დავიმშვიდე თავი, რადგან ეფექტის გაფუჭება მის კართან მისვლით არ მინდოდა.
კვლავ დავრეკე. ისევ ავტომოპასუხე ჩაირთო და უკვე იპყრობდნენ ჩემს გონებას დაუნდობელი აზრები. თავი ხელში მალევე ავიყვანე და აკანკალებული სხეულით ჩავედი ვატოს სართულზე.
დავაკაკუნე. არავინ გამიღო. კვლავ დავაკაკუნე და ისევ არავინ გამოსულა ჩემთან შესახვედრად. ცოტა ხნით გავჩუმდი და ყური დავუგდე, ვატოს სახლიდან არანაირი ხმა არ გამოდიოდა.
ეზოში ჩავედი. მანქანა კვლავ ადგილზე იდგა, თუმცა ვატო არსად ჩანდა. ჯერ ექვსი საათი იყო, ამიტომ სახლში ავბრუნდი და ლოდინი დავიწყე. ყოველ ათ წუთში ერთხელ კი ნომერზე ვურეკავდი, საიდანაც ჩაწერილი ხმა ყოველ ჯერზე ერთი და იმავე სიტყვებით მპასუხობდა.
ნერვიულობამ მთელი სხეული მოიცვა. დასამშვიდებლად ერთი ჭიქა ღვინო დავლიე და მაგიდასთან დავჯექი. რვა საათისთვის ყველა სანთელი ჩამოღვენთილიყო, მეც სათითაოდ ჩავაქრე თითოეული მათგანი და ისევ ვატოს კარზე დაკაკუნება გადავწყვიტე. კვლავ აუტანელი სიჩუმე და არანაირი შეტყობინება ვატოს მხრიდან. მხოლოდ მაშინ შევამჩნიე, რომ ვატოს მთელი დღის განმავლობაში არ მოეწერა.
კიდევ ერთი ჭიქა წითელი ღვინო და ჩემს ტვინს ათასი ფიქრი უტრიალებდა ირგვლივ. ყველაზე ცუდ ვარიანტად კი ლევანი განიხილებოდა. თუკი მან ჩემი მოტაცება და სოფლის სახლში გამომწყვდევა იკადრა, ვატოს რატომ არ წაიყვანდა სადმე? ამით ხომ რეალურ მოწინააღმდეგეს მოიშორებდა თავიდან, ამიტომ ლევანს დავურეკე.
-ლევან, სად ხარ? - თავიდანვე არ მინდოდა ვატოს გაუჩინარების ამბავი მიმეხალა, გადავწყვიტე გამომეტეხა და ისე გამეგო სიმართლე.
-მართა? - ისე დაიბნა ჩემი ზარით, რომ მივხვდი, ვატო მას არ ჰყავდა.
-ხო, მე ვარ - სასწრაფოდ ტყუილი მესაჭიროებოდა - ჩემი ბლოკნოტი დავკარგე და შენს მანქანაში ხომ არ გადმოვარდა ჩანთიდან? - ღმერთო, რა უსუსური ტყუილია, თუმცა იმ მომენტში საუკეთესოდ მეჩვენა.
-არა, გუშინ გავრეცხე მანქანა და იქ არაფერი ყოფილა, ვწუხვარ.
-კარგი, მადლობა და ნახვამდის - მოკლედ მოვუჭერი და მაშინვე გავუთიშე.
ღამის ორი საათი ისე მოვიდა, ვერც გავიგე. თავიდან დრო თითქოს არ გადიოდა, ბოლოს კი ისე გაიპარა, ვერც დავეწიე. კვლავ გამორთული ტელეფონი და უპასუხოდ დატოვეული კაკუნი მის კარზე. საბოლოოდ ჩავიქნიე ხელი და პიჟამოები ჩავიცვი.

***
სუფრა ავალაგე. ყველაფერი თავის ადგილას მივინახე და ტანსაცმელიც ნაზად შევკიდე კარადაში. მაკიაჟიც საგულდაგულოდ მოვიშორე და ლოგინიც გავამზადე დასაწოლად, როდესაც ტუმბოზე დადებული კონვერტი მომხვდა თვალში. კორპუსის თავმჯდომარის ლანძღვის წაკითხვის ნერვები არ მქონდა, თუმცა მაინც გავხსენი და ლოგინში შეწოლამდე წავიკითხე. სულ რამდენიმე სიტყვა ეწერა.
კონვერტი ხელიდან გამივარდა და იატაკზე მასთან ერთად დავეცი. გულში საშინელი წვა ვიგრძენი, რომელიც უფრო და უფრო ძლიერდებოდა. ტკივილმა მთელი სხეული მოიცვა და პირიდან არაადამიანური ხმა ამოვუშვი. წამით ყველაფერი ჩაბნელდა ჩემ ირგვლივ, აუტანელმა ტკივილმა გულის არეში სუნთქვაც კი დამიხშო. ვიჯექი ჩემი საძინებლის იატაკზე და ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა. ვიჯექი გაუნძრევლად და მეშინოდა, ჩემი შეტოკებით რაიმე ცვლილება არ მომეხდინა სამყაროზე. კიდევ ერთხელ ავიღე ხელში ჩაჭმუჭნული წერილი და კვლავ ის არაადამიაური ხმა აღმოხდა ჩემს ყელს.
„შენი ცხოვრება აბობოქრებულ ზღვას ჰგავს, მე კი ამ ტალღებში ვკვდები. მე არ მაქვს ძალა, მივყვე შენს უჩვეულო დინებას. მშვიდობით. ვატო.“

***
სულში ძალიან დიდი სიცარიელე გამიჩნდა. იმდენად ღრმა იყო ეს ჩემი ღრმული, რომ ვერაფრით ვივსებდი. იყო ღრმა, ბნელი და ცივი, მე კი სითბო ყველაზე მეტად მჭირდებოდა. ვიწექი საწოლზე და ტკივილისგან გაბრუებული შევჩერებოდი თეთრ ჭერს, რომელიც არაფრით გამოირჩეოდა სხვა თეთრი ჭერებისგან, ისევე როგორც მე არ გამოვირჩეოდი სხვა მიტოვებული ქალებისგან არცერთი ნიშნით. არცერთი ტკივილგამაყუჩებელი არ შველის მკერდის არეში გაჩენილ იარებს, არც დრო, არც მუსიკა, არც სხვა ადამიანი. უბრალოდ ეგუები, შესაძლოა თვალს ვერ უსწორებდე რეალობას, მაგრამ თავს იტყუებ და ისე აგრძელებ ცხოვრებას.
თეთრი იყო ის ღამე ჩემთვის. ვიწექი და მხოლოდ მწარ-მწარე ფიქრები მოდიოდა ჩემთან. ვატოს საქციელს მხოლოდ სიტყვა „სილაჩრე“ მოვუხდინე და ვერა და ვერ დავიჯერე მისი ასეთი საქციელი.
მაწამებდა საშინელი ფიქრები, რომლებიც თავს ბუზებივით დამტრიალებდნენ და სწორედ მაშინ გადავწყვიტე საკუთარ თავზე გამარჯვება, - ჩემი წამლების ყუთიდან ძილის წამალი ამოვიღე და ერთი აბი წყალთან ერთად გადავუშვი კუჭში. წამალმა ორმოც წუთში იმოქმედა და საღამოს შვიდზე გავახილე თვალები. მაშინვე ტელეფონის ეკრანი გავანათე, ყველაფერი სიზმარი მინდოდა ყოფილიყო, თუმცა კვლავ ოპერატორი ჩაირთო და ჩემი სურვილი ფანჯრიდან გადახტა.

***
ლევანთან დაშორებას თუ ადვილად მოვუნახე გამოსავალი და დეპრესიაში არ ჩავვარდი, ვატოსთან ეს ყველაფერი ასმაგად გართულდა. სახლიდან გასვლის სურვილი საერთოდ არ მქონდა, ჭამას კი არც ვახსენებ. იმ დღეს გაკეთებული საჭმელი ისე დაობდა და გაფუჭდა, რომ ლუკმაც არ მიჭამია. არც ელენეს შევხმიანებივარ იმ დღის მერე, თვითონ მირეკავდა დღეში 3-4 ჯერ, მე კი უბრალოდ ვუყურებდი განათებულ ტელეფონს და ხელში აღებას გავურბოდი.
ალბათ ყელში ამოუვიდა უპასუხო ზარები და ინერვიულა ელენემ ჩემი მოულოდნელი, გაუფრთხილებელი გაუჩინარება და მომაკითხა. არავის ნახვა არ მინდოდა. მათ შორის არც ელენეს, თუმცა მომერიდა და კარი ოდნავ შევაღე.
-ცოცხალი ვარ, ელენე - დასიებული თვალებით, პიჟამაში გამოწყობილი ოდნავ დავენახე მას - ვატო წავიდა და ვცდილობ ეს ამბავი როგორმე გადავიტანო.
-რას ქვია წავიდა? - კარს მოაწვა და ბოლომდე გააღო - რას გავხარ?! ეს რა საშინელი სუნია, რა არის?! შენი წინადადება არ მიიღო, თუ რა ხდება?
ელენე ოთახში დაუკითხავად შემოვიდა, რაღაცას ცხვირით გამწარებული ეძებდა და მიაგნო კიდეც, ჩემს დაობებულ საჭმელს.
-მართა, ეს რა არის, რა უბედურებაა. ამიხსნი რა ხდება? - ყველაფერს მოედო, ნაგვის პარკებში ჩაყარა ყველაფერი, თავი მოუკრა და გარეთ გააგდო - რაც არ უნდა მომხდარიყო, ნუთუ ამ ყველაფრად ღირდა, ჩემო საყვარელო?
-ვატომ მიმატოვა, წავიდა და წესიერად მიზეზიც არ ამიხსნა. სიმხდალე გამოიჩინა. კაცი იმაზე სუსტია, ვიდრე სამყაროს წარმოუდგენია. სულ პატარა წინააღმდეგობას ვერ შეეჭიდა. ქალი კი არ დაიცვა, პირიქით, წავიდა და სადარდებელი ზედ დაუმატა. და ქალი? ქალმა უნდა იბრძოლოს, იომოს, გადაიტანოს ათასი ტკივილი და ეს ყველაფერი საკუთარი ნერვების და ჯანმრთელობის ფასად.
-მხდალი კაცი არაფერში გჭირდება, საყვარელო. გავა დრო და მიხვდები რამდენად ამაღლდი და გაიზარდე თითოეული შენი პრობლემის შემდეგ. მთავარია, პრობლემას საშუალება არ მისცე, მთლიანად მოიცვას შენი სამყარო. გეტკინება, მაგრამ მაინც უნდა წამოდგე, საკუთარ თავს უნდა მოერიო და ყველაფერს შეძლებ.
ელენემაც ვერ მიშველა, ვერცერთი წამით ვერ დამავიწყა ჩემი მიტოვებული სული. ცხოვრებაში ორჯერ მივიღე გათხოვების გადაწყვეტილება და ორივეჯერ მიმატოვეს. ელენე მალე წავიდა, ცოტათი სახლი მიმილაგა და დამპირდა, რომ ყოველდღე მოვიდოდა ჩემს სახლთან და საჭმელს და საჭირო ნივთებს დამიტოვებდა კართან.
-თუკი ჩემ ნახვას არ მოინდომებ, არ მეწყინება - მითხრა გასვლისას და გადამეხვია - ძლიერი უნდა იყო და ხარ კიდეც. მოერიე საკუთარ დამსხვრეულ ოცნებებს.
ადვილი სათქმელია, მოერიო საკუთარ თავს და პრობლემებს. მე კი მხოლოდ სიმარტოვესა და იმედგაცრუებას ვგრძნობდი. მე ჩემსავე უფსკრულში ვიკარგებოდი და თავს ვერ ვაღწევდი. ძალა მხოლოდ სუნთქვაზე მყოფნიდა, რათა სიცოცხლე გამეგრძელებინა.

***
ბევრი ღამე გავატარე ფიქრებში, ბევრი ვიტირე, ბევრიც ვიწვალე და ბევრიც ვიოცნებე, ჩემი კოშმარი ყოფილიყო ეს ყველაფერი. ბოლოს კი მივხვდი, რომ ცხოვრებას ვკარგავდი და სულში სიცარიელითაც შემეძლო გარეთ გასვლა.
სულის სიცარიელე თვალებში ჩანს ყველაზე კარგად, ამიტომ ამ დროს კარგად უნდა შენიღბო ის, თორემ მტრები პირდაპირ თვალებს ამოგჩიჩქნიან და ხელების ფათურს უმოწყალოდ დაიწყებენ.
ამ ამბიდან თვენახევარი იყო გასული, როდესაც პირველად გავედი დღის სინათლეზე, თითქოს დავიწყებულიც კი მქონდა მზის სიმხურვალე და კანი ამიწვა. სანამ სადარბაზოდან გავიდოდი, რამდენიმე წუთი ვიდექი ვატოს კარის წინ და ყველა იმ ლამაზ მოგონებაზე ვფიქრობდი, რაც მან დაუტოვა ჩემს არსებას. სწორედ ასე ვდგებოდი ხოლმე მანამ, სანამ ვინმე არ გამოივლიდა და შემდეგ მივდიოდი გარეთ. შორს არა, იქვე ეზოში თუ დავჯდებოდი, ან კორპუსის შორიახლოს გავისეირნებდი ფეხით საღამოს საათებში.
-როგორ ხარ? - უკნიდან ნაცნობი ხმა მომესმა, შეტრიალება ვერ გავბედე და შემდეგ სიტყვებს დაველოდე - მართა, კარგად ხარ?
-კი - ვთქვი და სადარბაზოსკენ ჩქარი ნაბიჯით წავედი.
-რატომ გამირბიხარ? - ისევ იმ ადგილიდან შემომძახა.
-იმიტომ, რომ ჩემი წასული ხარ და მე ახალ ცხოვრებას ვიწყებ. გთხოვ, წადი და დაივიწყე სახელი მართა. ის მოკვდა და დაიმარხა, ახლა კი ახალი არსების დაბადება იწყება და ნუ შემომეხიზნები.
-ახალ ცხოვრებაში აღარ ვიქნები?
-არა, შენ დიდი ხნის წინ გაქრი ჩემი ცხოვრებიდან და აღარასოდეს დაბრუნდები - სადარბაზოში შევედი, ის კი უკან გამომეკიდა.
-გთხოვ, ის მაინც მითხარი, რომ კარგად ხარ.
-როგორ უნდა ვიყო კარგად? მაძლევს სამყარო კარგად ყოფნის საშუალებას, ლევან?
პასუხს არ დავლოდებივარ. არავის ნახვა და არავისთან ლაპარაკი არ მინდოდა. იმ პერიოდში სახლის გაყიდვასაც კი ვაპირებდი და ახალი ბინის მოძებნას, სადაც ყველაფერს ახლიდან დავიწყებდი, თუმცა მივხვდი, რომ ვერცერთი კედლები შეძლებდნენ ჩემს შეცვლას და წარსულის ამოშლას. მოგონებები არა სახლში, არამედ ჩემს არსებაში იყო დალექილი და თუკი ყველაფრის შეცვლას გადავწყვეტდი, მაშინ აუცილებლად მომიწევდა საკუთარი .
***
დეპრესიაში ყოფნამ ყველაფრის სურვილი დამაკარგვინა. ხელებიც კი დამიჩლუნგა, აღარც ჩემი დანა ჭრიდა ბოსტნეულს და აღარც ჩემი გონება იფიქრებდა ახალ-ახალ რეცეპტებს. ისე ჩამოვხმი და გამოვიცრიცე, რომ მგონი ლანდიც გამდიოდა. ფაქტობრივად, ჩემს რაციონს მხოლოდ ელენეს მოტანილი მზა საკვები შეადგენდა, თუმცა ის მაინც ზრუნავდა, რომ მრავალფეროვანი საკვები მიმეღო და, შიგადაშიგ, დედამისის გაკეთებულ კერძებს მიტოვებდა კართან.
ელენეს მცდელობა არ დაუკლია თვენახევრის მანძილზე, რომ გარეთ გავეყვანე. ხან კონცერტს მოიმიზეზებდა, ხან სპექტაკლის ბილეთებს მომიტანდა, ხანაც გასეირნებას შემომთავაზებდა. თუმცა ყველაფერზე პასუხი მაინც „არა“ იყო.
-გინდა ვატო მოვძევნო? - ელენეს კითხვამ სული გამიყინა. თვალები კი არა, უკვე ყველაფერი გასცემდნენ ჩემს ტკივილსა და მარტოობას -იქნებ ჰქონდეს რაიმე ახსნა მის ასეთ საქციელს, იქნებ რაიმე არასწორად გაიგო და ახსნა სჭირდება, იქნებ ...
-გეყოს! - ხმამაღლა და მბრძანებლური ტონით შევაჩერე და ფეხზე წამოვხტი - მე აღარ მინდა ვატოსთან შეხვედრა, მისი დანახვა და საუბარი უფრო მატკენს გულს და არც არანაირი ახსნა ექნება მის საქცელს. ვატო არის ყველაზე ლაჩარი და სულმდაბალი ადამიანი. ის ჩემს სიყვარულს კი არა, სიძულვილსაც არ იმსახურებს.
-გავა დრო და ვინ იცის, იქნებ კიდევ შეხვდეთ ერთმანეთს.
-გავა დრო და მე მას სამუდამოდ ამოვიგლეჯ გულიდან - თითქმის დარწმუნებულმა ვუპასუხე ელენეს.

***
ნელ-ნელა ვუბრუნდებოდი ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ვატოს გარეშე ცხოვრება მძიმე, თუმცა შესაძლებელი იყო.
იმ ქუჩებში, სადაც ერთად გვივლია, მარტოდ გავლას ვერიდებოდი. კანი მეწვოდა, სული მეხუთებოდა და მაშინვე ლანდად გაირბენდა შორეულ კუთხეში ვატოს სილუეტი. რამდენჯერმე გავეკიდე კიდეც, თუმცა ამაოდ. ლანდი ადამიანად ვერ გადაიქცა.
თვალები? თვალებიც სულ მას ეძებდნენ. ბევრჯერ შემეშალა და სხვა ადამიანს მივადექი უკნიდან. ყველგან მის სახეს ხედავდნენ ჩემი თვალები და უსინათლობას ვნატრობდი, ლამის.
სუნიც ბევრჯერ მიგრძვნია მისი. დარეტიანებული გავშეშებულვარ ერთ ადგილას და თვალებით ვატოს ძებნა დამიწყია. ისე, რა არის ეს მეხსიერება, ყველა მის ნიშანს ისე ინახავდა, თითქოს ეშინოდა დავიწყების.
თუმცა, ყველაფერ ამის მიუხედავად, მაინც დავდიოდი ქუჩაში, მაინც ვაცეცებდი თვალებს, მაინც დავეძებდი მეძებარი ძაღლივით მის სუნსა და ყველა იმ მცირე ნიშანს, რაც მის თავს გამახსენებდა, ამიტომ ფასანაურში ასვლა გადავწყვიტე ორი დღით.
-ბებო, რა დაემართა შენს ანთებულ თვალებს, სად წავიდა სიყვარულით სავსე თვალები? - ტატიანა ბებომ სინანულით გააქნია თავი - შეიძლება სიტყვით ბევრი დამალო და ჩაიკლა გულში, თუმცა თვალებს ხომ იცი, რომ ვერაფერს მოუხერხებ. სულის სარკეს ტყუილად არ უწოდებენ თვალებს.
ხმა არ ამომიღია, რაზეც ისევ ტატიანა ბებომ დაიწყო საუბარი.
-თუ გინდა ნურაფერს მეტყვი, ბებო - ზურგზე პატარა ბავშვივით დამისვა ხელი - შენ როგორც გინდა ისე გაატარე ეს დღეები. საწოლსაც რომელსაც მეტყვი იმას გაგიშლი და რითად შემეძლება, დაგეხმარები.
ტახტი გავაშლევინე. მინდოდა როგორმე კიდევ მეგრძნო ვატოს სითბო და ის ბედნიერება, რაც მასთან ძილის დროს განვიცადე. ზურგზე დავწექი და სხეული ერთ პოზაში გავაშეშე.
რა უცნაურია ცხოვრება. ისევ იმ ადგილას ვიყავი, ზუსტად ის პიჟამოები მეცვა, ზუსტად ისე ვიწექი, როგორც მაშინ, თუმცა მაკლდა ერთი - ვატო და სწორედ ეს უკანასკნელი ყველაფერს ცვლიდა. აღარც ისე ისმოდა სოფლის ხმები, აღარც სპეციფიკური სუნი იდგა ოთახში, აღარც მე ვიყავი ისეთი ლაღი, როგორც მაშინ.
წვრილად დავკეპოთ ხახვი. დავჭრათ ქათამი ულუფებად. ცხელ ტაფაზე დავასხათ მზესუმზირის ზეთი და მოვშუშოთ ხახვი. ქათამი მოვათავსოთ ქვაბში, დავუმატოთ ხახვი და მოვშუშოთ საშუალო ცეცხლზე. ცალკე ავთქვიფოთ კვერცხი, დავუმატოთ ფქვილი და ძმარი. მიღებულ მასას დავუმატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და ნიორი და კარგად ამოვურიოთ.
მოხარშული ქათამი ამოვიღოთ ქვაბიდან, ხოლო ქვაბში დავამატოთ კარაქი და ფქვილი. კარგად ამოვურიოთ, დავამატოთ წყალი და მივიყვანოთ ადუღებამდე. ქვაბში ნელა დავამატოთ კვერცხის და მწვანილის ნაზავი, ისე რომ თანდათან ტემპერატურას მიეჩვიოს. ვურიოთ ქვაბს. ცოტა ხნის შემდეგ მოვაყაროთ მარილი გემოვნებით და ავადუღოთ. ჩავაწყოთ მასში ქათმის ხორცი და ჩავამატოთ წიწაკა გემოვნებით. წვნიანი მზად არის.
ჩიხირთმის რეცეპტიდან დაწყებული ყველა იმ რეცეპტს იმეორებდა ჩემი გონება, რომლებიც გამახსენდებოდა. გამეორებასთან ერთად კი წარმოვიდგენდი, როგორ ვაკეთებდი ამ ყველაფერს ჩემს სამზარეულოში.
ადრე ვთქვი, ჩემი ცხოვრება გემრიელი კერძია, ვატო კი დესერტი-თქო. ვატოს წასვლის შემდეგ კი დესერტი მთლიანად შეცვალა მეგრულმა აჯიკამ და ჩემი ცხოვრებაც მექსიკურ კერძებს დაემსგავსა.

***
ტანჯვაში თუ ნეტარებაში, ასე გავიდა ოთხი თვე და ელენეს ქორწილის მოახლოვდა. უკვე შეგუებული ვიყავი ვატოს გარეშე ცხოვრებას და ნამდვილად ვერ ვეტყოდი ჩემს მეგობარს უარს. მე ხომ ამის არანაირი უფლება არ მქონდა. ელენე იყო ის ერთადერთი, რომელმაც, ბევრი ტრავმის თუ იარის შემდეგ, მაინც ჩემ გვერით გადაწყვიტა ყოფნა და ექიმობა. ისევე როგორც ცოლქმრობა არაა მხოლოდ ლხინი და გაჭირვებაშიც ერთად და მყარად უნდა იდგეს ოჯახი, ასევეა მეგობრობაც, რადგან მხოლოდ ლხინის მეგორები დაიფანტებიან ჩვენი ცხოვრებიდან ისე, როგორც ოქროსფერი ფოთლები - შემოდგომის ქარისას.
ელენე საოცრად ღელავდა ქორწილის დღეს, თუმცა ეს ბუნებრივიც იყო. ქორწინების წინ ღელვა და ცრემლები ბუნებრივი და მოსალოდნელია.
მთელი მონოლოგი ჰქონდა ელენეს დედასთან:
-დე, ჩემო ძვირფასო, არ იფიქრო, რომ მე შენს დედობას ვაკრიტიკებ. შენ მე ყველაზე მთავარი - სიყვარული მასწავლე. შენ რომ არა, ვერც ასეთი წარმატებული და მიზანდასახული ვიქნებოდი. ალბათ, არც ალის შევიყვარებდი ისე ძლიერად, როგორც ახლა მიყვარს. შენ ბევრჯერ გადამარჩინე ცხოვრების გზაგასაყარზე და ხელი მაგრად ჩამჭიდე, რომ გზიდან არ გადამეხვია. შენ ხარ დედაჩემი, ყველაზე ძლიერი ქალი ამქვეყნად!

***
ორივე ქორწილმა მშვიდობიანად ჩაიარა. პირველ ქორწილში ჯერ დაისი გაისმა, შემდეგ - აჭარული და ცხელ-ცხელი ქართული კერძების აქეთ-იქით ფრიალიც არ დაჰკლებია ქართულ მამაპაპურ ქორწილს. თურქეთში ქუჩებში მუსიკის ფონზე ვიცეკვეთ და ელენემ და ალიმ ტრადიციული იენი ჰარმანდალი იცეკვეს, რომლის სწავლა ელენემ სამ დღეში მოასწრო.
საქართველოში ოცდასამ სექტემბერს დავბრუნდი. ელენე იზმირში დარჩა ახალ ოჯახთან ერთად. ზოგადად, მარტო გადასვლას გეგმავდნენ და ბინაც შერჩეული ჰქონდათ იმ მომენტში, თუმცა რემონტსა და ახალი ავეჯით შევსებას ამჯობინებდნენ.
იმ წელს უნივერსიტეტს ვამთავრებდი. გამიმართლა და ქუდების ფრიალი და მოლოცვები სექტემბერში გადაიტანეს, ამიტომ მეც გამიმართლა - ოთხ დღეში გამოსაშვებ საღამოზე დიდი ენთუზიაზმით წავიდოდი.
ალბათ გახსოვთ ჩალურჯებული თვალის ამბავი, რომელიც დღემდე არ ვიცი, სად და როგორ მოხდა, თუმცა იმ პერიოდში ყველაზე ნაკლებად მადარდებდა საკუთარი ემოციები, გრძნობები და თავგადასავლები. სრულიად მარტო დავრჩი ბოროტებითა და ხაფანგებით სავსე ქალაქში და არავინ მყავდა, ვისაც პირისპირ დაველაპარაკებოდი. ხომ ვთქვი, ელენე ჩემი ექიმი იყო-თქო, ამაში კიდევ ერთხელ მაშინ დავრწმუნდი, რადგან მისი არყოფნა ისე განვიცადე, როგორც თავის დროზე ვატოს წასვლა, თუმცა თავს ვიტყუებ, - ელენეს ვწერდი და ველაპარაკებოდი მაინც, ვატოს ასავალ-დასავალი კი არ ვიცოდი.
მხოლოდ ფურცლის ნაგლეჯი შემრჩა ვატოს დიდი და ძლიერი სიყვარულიდან. ის ოცნებები და ფიქრები, რაც ვატოსთან მაკავშირებდა პაწაწინა ქაღალდმა და სულ ორმა წინადადებამ მტვრად აქცია. ეჭვი და ინტერესი მკლავდა. მაინტერესებდა სად და ვისთან ერთად იყო ვატო. რომელ ქალაქში ცხოვრობდა, სად მუშაობდა... იქნებ არც გამოუცვლია სამუშაო ადგილი და უბრალოდ სხვა უბანში გადავიდა საცხოვრებლად.

***
სამსახურის ძებნა იმ დღესვე დავიწყე, როდესაც სწავლა დავამთავრე. თუმცა ვერაფერი ვიპოვე და სწორედ ამან განაპირობა ჩემი ღვეზელების ცხობის ბიზნესის წამოწყების გადაწყვეტა.
დაილიცოს ინტერნეტი და სოციალური სივრცე! ყველაფრის გაკეთება და წარმოება უფრო გიადვილდება. მეც მალევე მოვიპოვე სახელი და მუდვმივი კლიენტებიც კი გავიჩინე. ასე დაიწყო ყველაფერი, სანამ ჩემი სახელი და გვარი ერთ-ერთი რესტორნის შეფ-მზარეულის ყურამდე არ მივიდა.
ოთხშაბათი დღე იყო. დღის სამის ნახევარი იქნებოდა. საღამოსთვის ალუბლის ტარტების შეკვეთა უნდა ჩამებარებინა და მთელი სამზარეულო ფქვილში იყო ამოვლებული, როდესაც ტელეფონმა დამირეკა. ჩემი სახელი და გვარი იკითხეს და მეც თანხმობა განვუცხადე. გასაუბრებაზე მეპატიჟებოდნენ „იასამნის ბაღში“. (რესტორნის სახელია, რაიმე ყვავილნარი არ წარმოიდგინოთ). გასაუბრებაზე სამი ადამიანი დამხვდა, - აქედან ერთი ქალი, ორი კი კაცი. ჩემ თავზე მოყოლა მთხოვეს. მეც ბევრი არაფერი მქონდა სათქმელი და წუთნახევარში ყველაფერი ჩამორაკრაკებული მქონდა. შემდეგ კი მთხოვეს, რაიმე კერძი მომემზადებინა მათთვის. უფრო სწორად, რაიმე გამომეცხო. შემიყვანეს უზარმაზარ სამზარეულოში, სადაც ყველაფერი იყო, რაც კი შეიძლება მზარეულმა ინატროს. ჩემი ცნობილი სოკოს ღვეზელის მომზადება გადავწყვიტე და, დაახლოებით, ოც წუთში თეფშზე ამაყად იწონებდა თავს ჩემი ღვეზელი. სამივე ერთობლივად მიუჯდა მაგიდას და ჯერ გარედან დათვალიერება დაიწყეს, შემდეგ შუაზე გაჭრეს და შიგნით იყურებოდნენ, თუმცა არცერთი არ ფიქრობდა მის დაგემოვნებას. ცოტათი დავიძაბე და ეს არც მათ გამორჩენიათ.
-თავიდან, როდესაც კერძი მაგიდაზე მივა, ჭამის სურვილი უნდა აღუძრას ადამიანს. ვიზუალი, სუნი, ფერთა შეხამება - ეს ყველაფერი აუცილებელია კულინარიაში. თუკი თეფშზე ულამაზოდ დადებულ კერძს დაგიდებენ, თქვენ მისი ჭამის სურვილი არ გაგიჩნდებათ, ამიტომ პირველი ეფექტი ვიზუალიზაციაა და ჩვენც ამიტომ ვინტერესდებით ასე განსაკუთრებით შენი ღვეზელით - ამიხსნა ერთ-ერთმა.
ჩემმა ღვეზელმა დიდი თუ არა, კარგი შთაბეჭილება მაინც დატოვა. გამოსაცდელი ვადით ცომეულის ხაზი ჩამაბარეს.

***
ჩემმა კარიერამ პირადი ცხოვრება ლამის დამავიწყა. აღარც ლევანზე და აღარც ვატოზე აღარ ვფიქრობდი. ორივე ჩემი წარსული იყო, ამიტომ ორივეს პატივს ვცემდი ამის გამო, თუმცა ცხოვრებაში ახალ სიყვარულს მოუთმენლად ველოდი. მენატრებოდა მუცელში პეპლები და პირველი კოცნის დროს სახეზე ალმური, თუმცა, ყველაფერ ამის მიუხედავად, უარი ვთქვი რამდენიმე პაემანზე. თითქოს არცერთი იყო ისეთი, როგორსაც მე ველოდი, ან იქნებ ისევ ვატოსნაირ მამაკაცს ველოდი, თუმცა ეს ნამდვილად არ ვიცი. იმ პერიოდში საფიქრად დრო საერთოდ არ მრჩებოდა. ჩემი მთავარი საზრუნავიც და ფიქრის ობიექტიც ცომი იყო - რბილი, ზოგი ფხვიერი, ზოგიც უფრო მაგარი და მძიმე.
-შენი ადგილი სამზარეულოშია - ეს იყო მთავარი შეფის შეფასება, როდესაც გამოსაცდელი ვადა დასრულდა - აყვანილი ხარ მანამ, სანამ ხალხს მოსწონს შენი გამომცხვარი კერძები.
აი, ეს იყო ჩემი ორწლიანი და ათწლიანი გამოცდილებაც. „Facebook“-ში აწყობილი კარიერა, რომელმაც დიდ რესტორნამდე მიმიყვანა, ყოველგვარი პატარ-პატარა კაფეების გამოვლის გარეშე, სადაც შენს შრომასა და ამბიციებს მთლიანად თელავენ.
***
დასვენების დღის სახლში გატარება გადავწყვიტე. დილით მაღაზიაში ჩავედი, პური გამთავებოდა. ეზოში ჩასვლისას კი რაღაც ისე არ იყო, როგორც მანამდე. ვერ მივხვდი და გონების ამოუცნობ შრეებს მივწვდი გასახსენებლად. ვატოს მანქანა აღარ იდგა. თვალები დამიბნელდა, გული სასტიკად ამიჩქარდა და კედელი რომ არა, ალბათ წავიქცეოდი კიდეც.
ეზოში მზის ბოლო თბილ სხივებზე თბებოდა ჩემი მეზობელი ნაზი, რომლისთვისაც არ არსებობდა ჭორი, რომელიც მან არ იცოდა. ნაზისთვის არ არსებობდა საიდუმლო. მან იცოდა ყველა ინფორმაცია, რაც ჩვენს ეზოსა თუ მის შემოგარენში ხდებოდა, ამიტომ პირდაპირ მისკენ ავიღე გეზი.
-დილამშვიდობის, ნაზი დეიდა - წინ ავეტუზე და ღიმილიანი სახით მოვიკითხე
-მშვიდობიანი დილა მოგცეს უფალმა - გამიღიმა, თითქოს ხვდებოდა, რაღაცის კითხვას რომ ვაპირებდი.
-რაღაც მაინტერესებს და იქნებ იცოდეთ - ვეცადე კეთილგანწყობა მომეპოვებინა და გვერდით მივუჯექი - აქ რომ ვატოს მანქანა ეყენა, ვინ წაიყვანა? ვატო იყო მოსული? - მთელ ტანში სიცივე ვიგრძენი, თითქოს ცივმა ოფლმა დამასხაო, ისე გამიცივდა ყველა კიდური.
-არა - თითქოს მეწყინა და ამავე დროს ამოვისუნთქე - ვიღაც გოგო იყო მოსული და მან წაიყვანა. უხ, კარგი გოგო კი იყო, მაღალი, ქერა, ჩამოსხმული ტანი ჰქონდა. გამოველაპარაკე და მითხრა, ვატომ ეს მანქანა მე მაჩუქა, თვითონ აღარ სჭირდება, დიდი ხანია საზღვარგარეთაა და ჩამოსვლას აღარც აპირებსო.
„გოგო? მას არც და და არც ბიძაშვილ-დეიდაშვილი გოგო არ ჰყავს. ესეიგი სხვა პრივილეგიით სარგებლობს მის ცხოვრებაში. ნუთუ ასე მალე შეძლო ჩემი დავიწყება? მე ხომ ვერცერთ მამაკაცთან შევძელი ნორმალურად გასაუბრებაც კი. მართა, რა გჭირს, ნუთუ ასე დაეცი და გადაჰყევი მის სიყვარულს? შენ არ ამბობდი ძლიერი ვარო? მაშინ რატო ეჭვიანობ? შენი აღარ არის ვატო და ახალი შეყვარებულიც ეყოლება, ცოლიც და შვილებიც.“
ტირილი ამივარდა. ჩვენ იმდენჯერ გვისაუბრია ჩვენს შვილებზე, დაგეგმილიც კი გვქონდა, რა უნდა დაგვერქვა მათთვის, თუმცა მისი შვილების დედა მე ვეღარასოდეს გავხდებოდი. ტირილ-ტირილში და საკუთარ თავთან კითხვების დასმით ისე აღმოვჩნდი სახლში, რომ პური სულ დამავიწყდა.
ჩემი მოთქმიდან ნახევარ საათში კი კარზე კაკუნი გაისმა. „ვატო“ ჩემმა გონებამ ერთიანად შეჰყვირა და ფეხზე წამომახტუნა. კარი გამოვაღე და ალისა და ელენეს საიდუმლო ვიზიტის შესახებ მაშინღა გავიგე.
-ჩემო ძვირფასო მეგობარო - გადავეხვიეთ ერთმანეთს და რამდენიმე წუთი სადარბაზოდან ფეხი არ მოგვიცვლია - აქ რა ქარმა გადმოგაგდოთ? გაგახსენდა მშობლიური მიწა და ჰაერი?
-მე სულ მახსოვს ჩემი სამშობლო და ისე მომნატრებია, ლამის ვიტირე, საზღვარზე რომ გადმოვედი. ალი ისეთი გაოცებული მომჩერებოდა, თითქოს სამშობლოში კი არა, ომში დავბრუნებულიყავი - ქოთქოთი მაშინვე დაიწყო ელენემ და ჩემი მოსაწყენი და ერთფეროვანი დღე უკვე გახალისებული ჰქონდა - ახალ წელს აქეთ გვინდა შევხვდეთ. შენ რამე განსაკუთრებულს ხომ არ გეგმავ?
-მე და განსაკუთრებულობა? - გულიანად გამეცინა და წამში დავსერიოზულდი - არა, ახალი წლის ღამეს ვმუშაობ და ალბათ სამზარეულოში, ცომში გასვრილი ხელებით მომიწევს ახალ წელთან შეხვედრა, თუმცა მშვენიერი იქნება.
-შენს რესტორანში ხომ არ მოვიდეთ და ერთად აღვნიშნოთ? ბოლო-ბოლო ათი წამით მაინც გამოხვალ და ჩვენთან ერთად მიეგებები ახალ წელს.

***
და, აი, ასე დადგა 31 დეკემბერიც. დღე, რომელსაც ელოდება ყველა - დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი, ბედნიერი თუ უბედური. ყველას სჯერა სასწაულის, რომელიც ამ ღამით დადგება და ყველა აუხდენელ ოცნებას ფიფქებად დააყრის ადამიანს.
ახალი წელი სიმბოლოა ძველის გადაგდების და ახალი, უჩვეულო და კარგი შეგრძნებების შეძენის. თითქოს ამ დღეს ყველა ბედნიერია, თუმცა ასე არ არის. ზოგის გული ახალ წელსაც მკვდარია და შობასაც, უბრალოდ მაინც ვიკეთებთ ნიღბებს და ძალით ვწევთ ტუჩებს განზე, რათა სხვას მაინც ვაცადოთ ბედნიერებით ტკბობა.
ახალი წლის ღამეს ყველა ჭიქას იღებს ხელში და ძველ წელს სიხარულით აცილებს, ახალს კი მეტ სიკეთეს, მეტ ფულსა და ბედნიერებას სთხოვს.
ჩემთვის კი განვლილი წელი ბევრ ტკივილთან ასოცირდებოდა. ყველა კარგ მოგონებებს იხსენებდა სუფრასთან შემომჯდარი, თუმცა მე სწორედ ამ კარგმა მოგონებებმა მატკინა და სხეული თუ სული დამისახიჩრა.
ცუდი მოგონებები დავიწყებას მიეცემა, ამიტომ საერთოდ აღარ მტკენდა ლევანთან განვლილი დღეები, აღარც მოტაცების ამბავი მიხსენებდა იარებს, თუმცა კარგი და ბედნიერი მოგონებები, რომლებიც ვატოსთან მაკავშირებდა, ყოველ წამს მირტყამდა დანას შუა გულში და მუცლამდე ჩამომსერავდა.
ახალი წელი იყო, ბედნიერი დღე და ჩემი მეგობრებიც ჩემ გვერდით იყვნენ, თუმცა ის მაკლდა, სიყვარული, ანუ ვატო.
-რომ დაბრუნდეს, აპატიებ? - საკუთარ თავს ხშირად ვუსვამდი ამ კითხვას, თუმცა პასუხს ვერასოდეს ვიღებდი. იქნებ მეპატიებინა კიდეც, ანდაც პირიქით, ამჯერად მე მექცია ზურგი მისთვის და ისევე დამეტოვებინა, როგორც მან დამტოვა თვეების წინ.
რა გასხვავება და მსგავსებაა ლევანსა და ვატოს შორის?
ლევანმაც და ვატომაც აუტანელი ტკივილი მომაყენეს, ორივემ ეკლიან ბუჩქებში უმოწყალოდ ჩამაგდო, თუმცა ლევანთან ყველაფერი გაცილებით ადვილად იყო. მიღალატა, მეწყინა, გავბრაზდი, ვიყვირე, ვუყვირე და ყველაფერი თავის კალაპოტს დაუბრუნდა. სიყვარული სიბრაზემ და სიძულვილმა შეცვალა. სიყვარულით სავსე თვალებში კი მის მიმართ ზიზღი ჩადგა. ვატო კი არ მძულდა, არ მძულდა მისი არცერთი მანერა, არც სახის დანახვისას ვიოცნებებდი მის გაქრობაზე. ვატომ ძლიერად მატკინა გული, თუმცა ჩემი სიყვარული მისდამი თითქმის არ შეცვლილა და არც გაუფერულებულა.

***
ახალ წლამდე ათი წუთი რჩებოდა. რესტორანში ბევრი ხალხი არ იყო, ესეიგი არც შეკვეთებით ვიყავი გადატვირთული. ხალხის უმრავლესობა სახლში ხვდებოდა ახალ წელს, ზოგი მათგანი, და უფრო თინეიჯერები კი, კონცერტს ესწრებოდნენ ღია ცის ქვეშ.
ვატო რომ ჩემთან ყოფილიყო, ალბათ სადმე წავიდოდით. ბაკურიანში და გუდაურში არა, სადმე ისეთ ადგილას, არავის რომ არ მოაფიქრდებოდა იქ ახალი წლის შეხვედრა.
-ეს შენი საჩუქარია - ელენემ ალის პატარა ყუთი გადასცა და თვალი ჩამიკრა - გახსენი - აჩქარებდა ელენე და ერთ ადგილას ცმუკავდა.
-რა არის? - სხვათა შორის იკითხა ალიმ, რადგან ყველამ ვიცოდით, რომ ელენე წინასწარ არ ეტყოდა რა იდო ლამაზად შეფუთულ ყუთში - სერიოზულად? -ფერი დაკარგა ალიმ და წყლის მიწოდებაც კი დაგვჭირდა.
-ხო, ეს მართალია - წამოიყვირა ელენემ და ალის მოეხვია.
ცნობისმოყვარედ ჩავიხედე ალის ყუთში, რომელიც მაგიდაზე მოისროლა. შიგნით ბავშვის პაწაწინა სათამაშო დავინახე. ელენე ფეხმძიმედ იყო.
ჟრიამულმა და ემოციებმა ახალი წლის დადგომა კინაღამ გადაფარა. ორი წუთიღა რჩებოდა და ახალი წელი ჩვენს ფანჯრებში ფეიერვერკებად შემოაბიჯებდა.
-გამარჯობა... - მომესმა ნაცნობი ხმა... მოჩუხჩუხე სისხლი ყინულად იქცა. უეცრად შევტრიალდი და ვატო დავინახე.
-მართა, ახალი წელი დგება, მოდი ოთხივემ ერთად ჩავიფიქროთ სურვილი! - მითხრა ელენემ და მივხვდი, რომ ეს მისი მოწყობილი იყო. მან ზუსტად იცოდა, რომ ვატო დაბრუნებულიყო.
ათი, ცხრა, რვა, შვიდი, ექვსი, ხუთი, ოთხი, სამი, ორი, ერთი!
გი-ლო-ცავთ! - დასჭექა ხალხმა და ყველა ერთმანეთს გადაეხვია.
ვატო ჩემთან მოვიდა და ძლიერად ჩამიხუტა გულში. რეტი დამეხვა, თვალთ დამიბნელდა და ჩემი ხელები ჩემსავე შარვალს მიეყინა.
-ახალ წელს გილოცავ, მართა - ჩამჩურჩულა მან და კიდევ უფრო მომხვია ხელები - სურვილი ჩაიფიქრე? - მკითხა და წამში მოვიშორე.
სურვილი არ ჩამეფიქრებინა.
„ღმერთო, დამაყენე სწორ გზაზე და მირჩიე, როგორ მოვიქცე“.

დასასრული.



№1 სტუმარი სტუმარი მარიამი

მაინც ვერ მივხვდი ეს ბიჭი ვატო რატო წავიდა ანსად წავიდა ????

 


№2  offline წევრი გაზაფხული

სტუმარი მარიამი
მაინც ვერ მივხვდი ეს ბიჭი ვატო რატო წავიდა ანსად წავიდა ????

სწორედ არ არის საინტერესო თუ როგორ დაინახავს მკითხველი ამას. ზოგმა მომწერა, რომ რადგან მართამ უარი უთხრა ორჯერ მიტო წავიდა, ზოგმა სისუსტე დააბრალა, ზოგმა ღალატი მიაწერა და ა.შ.

 


№3 სტუმარი hehe

Ase ratom daamtavre?

 


№4  offline წევრი გაზაფხული

hehe
Ase ratom daamtavre?

იმიტომ, რომ მკითხველს ჰქონდა საშუალება თავად აერჩია დრამა იქნებოდა თუ ჰეფი ენდი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent