სიკვდილმისჯილი - თავი 1
“დრო ველური, გაუხედნავი ბედაურია, რომელიც არავის და არაფერს ემორჩილება: ზოგჯერ ნაბიჯით მიგოგმანებს, იწელება უსასრულოდ, დაუმთავრებლად... ზოგჯერ ჩორთით მირბის უკანმოუხედავად, უკანდაუბრუნებლად... ზოგჯერ ოთხით ჩაიქროლებს ქარიშხალივით, თავ-პირის მტვრევით შეუყვება დრო-ჟამის ბილიკს, წამიერად გაიელვებს კაცობრიობის თვალსაწიერზე და ყოველივეს წარსულს ჩააბარებს”. ***** ჩაბნელებულ ცარგვალზე გრანიტის უზარმაზარი ნამსხვრევივით ეკიდა დაქტილი: მისი მოციაგე ბადროს ნათელ ფონზე შავ ლაქად მოჩანდა უსწორმასწორო, კლდოვანი ზედაპირი, ტირანოზავრის ხერხემალივით დაკბილვოდა გვერდები, რომელიც საკმაოდ უცნაურ იერსახეს აძლევდა. მიუხედავად ასეთი შეუფერებელი გეოლოგიური წყობისა, ის დაუბრკოლებლივ ანათებდა ღამის საბურველით შებურვულ დედაცთომილს. დაქტილი ასტეროიდ იდას[1] ბუნებრივი თანამგზავრი გახლდათ. უსწორმასწორო ზედაპირის წყალობით მისი ბუნდოვანი, ჩრდილდაფარებული ბადრო სასიამოვნო, მოცისფრო ნათელს აფენდა გარემოს. სასეირო სანახავი იყო კოსმოსის შავ უსასრულობაში გამოკიდებული ამ წყვილისაგან შემდგარი დუეტი. ისინი რაღაცით ერთმანეთს წააგავდნენ, ასტეროიდი იდა კლდის უზარმაზარ ნამტვრევს მოგაგონებდათ, დაქტილი კი ამ ნამტვრევიდან ვიღაც ოინბაზის მიერ გატყორცნილ კენჭს, რომელსაც დედაცთომილის მიზიდულობის ძალა ვერ დაეძლია და მის ირგვლივ ტრიალებდა თოკზე მობმული პლანერივით. იდა კაშკაშა, ფოსფორისებური ნათებით ანათებდა, ამ ნათელს დაქტილის დაკბილული ზედაპირი გაბზარული სარკესავით ირეკლავდა და უძალო ცისფერი შუქით უმშვენებდა ბნელ ღამეებს დედაცთომილს. ცისფერი ნათება აშკარად ჯაბნიდა სიბნელეს. ასტეროიდ იდას ღამეულ ნახევარსფეროზე მკვეთრად ჩანდა უღიმღამო პეიზაჟი: ერთმანეთის გვერდიგვერდ აცა-ბაცად ამოშვერილი კლდის ხერგილები, რამდენიმე მილიონი წლის წინ ჩამოვარდნილი მეტეორიტებისგან წარმოქმნილი ხახადაღრენილი კრატერები, ნაცრისფერი ბასრპირიანი ლოდები, რომლებიც დაქტილის ბუნდოვანი შუქის წყალობით ფანტასტიკურ ფორმებს იღებდნენ: ხან უშველებელ, აბჯარში ჩასხმულ გოლიათებს ემსგავსებოდნენ, ხან ნისკარტმოკაუჭებულ გრიფონებს, ხან კი მარჯნის პილიპების გაქვავებულ ტყეებს. მხოლოდ მოშორებით ერთიანად მოტიტვლებულ მოედანზე სულ სხვა სურათი შეიმჩნეოდა, დაკვირვებული ადამიანი წამსვე შეამჩნევდა ირგვლივ ყოველივეს გონიერი არსების ხელი რომ ეტყობოდა, მოჩანდა ბუნდოვანი კონტურები გიგანტური ნაგებობებისა, ერთ დროს ტიტანივით მაგარი ლოდებით მოფენილი მოედანი ახლა ერთიანად მოწესრიგებული იყო. მოედნის კუთხეში ადამიანის თუ ადამიანისმაგვარ არსებათა ვერცხლისფერ სკაფანდრებში გამოწყობილი ფიგურები ფუსფუსებდნენ, ისინი უზარმაზარ, ჯერ ისევ მოზუზუნე კოსმოსური ხომალდიდან ჭიანჭველებივით მოძვრებოდნენ, რუხი ხოჭოებივით ყოველი მხრიდან მოღოღავდნენ მძიმე, გაურკვეველი დანიშნულების ხელსაწყოებით დატვირთული მუხლუხიანი ყველგანმავალები და ჟანგისფერ პირამიდისმაგვარ შენობაში იმალებოდნენ. სადღაც, კოსმოსის სიღრმეში უპატრონოდ მიგდებულ ასტეროიდზე მოაზროვნე არსების დაუღალავ ხელს ერთიანად შეეცვალა არამიწიერი, პირველყოფილი ბუნება, ლოდებით და კლდეებით მოფენილი მოედანიც კომფორტულ კოსმოდრომად გადაეკეთებინათ, რომლის ზედაპირიც კოსმოსური ხომალდების მძლავრი რეაქტორების წყალობით გამურული და გამღვალი იყო. ერთი შეხედვით ეტყობოდა, რომ “ისინი” ამ ასტეროიდის ხშირი სტუმრები იყვნენ, მაგრამ ვინ იყვნენ ისინი? პირამიდისმაგვარ შენობას ირგვლივ ეკლიანი მავთულის ღობე ერტყმოდა. ღობის გარეთა მხარეს სქელი, ფოლადისფერი ფირფიტა ეკიდა, რომელზეც ბეჭდური ფოსფორისებრი ასოებით ეწერა: მზის სისტემის ფედერაციის მკაცრი რეჟიმის კოლონია “იდა-1”. **** რომა ლაშხს ძილი გაუკრთდა, თუმცა არ ახსოვდა როდის ჩაეძინა ან როგორ ჩაეძინა, დარწმუნებული იყო, რომ მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს, ბორგავდა მოუხერხებელ, ვიწრო ნარზე და დღევანდელ დღეზე ფიქრობდა... სიკვდილზე ფიქრობდა, იცოდა, რომ ჯოჯოხეთური დილა ექნებოდა, უფრო სწორად მის ტანჯვა-წამებას დღეს დაესმებოდა წერილი, ეს იქნებოდა უკანასკნელი განთიადი. რომამ თვალები უაზროდ მოავლო ჩაბნელებულ, ჰერმეტულ ოთახს, სადაც ბუნდოვნად ილანდებოდა ჟანგმოდებული რკინის კედლები, რკინის იატაკი და ერთმანეთზე შემართული ორსართულიანი ნარი. ეს იყო ამ ოთახის მთელი ფუფუნება, მას უკვე აღარ შეეძლო გაძლება სადღაც უკაცრიელ ასტეროიდზე უპატრონოდ მიგდებულ სატუსაღოში, სადაც ზედამხედველები მასპინძლებიც იყვნენ, ჯალათებიც და ღმერთებიც, ნერვებს უშლიდა ეს წყეული, აყროლებული საკანი და ნარის ქვედა თაროზე მწოლიარე ჯოი უაზლი, რომელიც ახლაც უდარდელად ხვრინავდა, უშფოთველად ხვდებოდა სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს. რომამ ქვემოთ გადაიხედა, უშველებელი ზანგი გულაღმა იწვა, თავი გვერდზე გადაეგდო და ხმამაღლა ფშტვინავდა, მისი მასიური სხეულის ყოველი ნაკვთიდან ძალა გამოკრთოდა, მსხვილი, დაკუნთული მკლავები გულზე დაერიფა და რაღაცით მთვლემარე ლომს ჰგავდა. საკანში ორნი იყვნენ: ის და უაზლი, საერთოდ სიკვდილმისჯილთა კამერაში წყვილ-წყვილად ისხდნენ პატიმრები და ასევე წყვილ-წყვილად ემშვიდობებოდნენ სიცოცხლე. ასეთი იყო კოლონიის შინაგანაწესი. ისეთ ტუსაღებს, რომელთაც სასიკვდილო განაჩენი ერთ დღეს ჰქონდათ გამოტანილი, კოლონიის წარმომადგენლები ერთად ათავსებდნე, რათა შეგუებოდნენ ერთ ბედისწერას, შემდეგ კი ერთად ყრიდნენ “ბაროკამერაში”. “ბაროკამერა” - აი ყველა სიკვდილმისჯილის დასასრული. ეს იყო ყველაზე საზიზღარი სიკვდილი მთელ მზის სისტემაში. იდელი მეციხოვნები კი დიდი სიამოვნებით ათავსებდნენ “ბაროკამერაში” საბრალო ტუსაღებს, სადაც ისინი მაღალი ატმოსფერული წნევის შედეგად სასიკვდილოდ იჭყლიტებოდნენ, სიკვდილის წინ უსკდებოდათ თვალები, ყურის მემბრანები, სისხლძარღვები, იცლებოდნენ სისხლისგან, ყრუვდებოდნენ, ბრმავდებოდნენ და ვიდრე სიკვდილი მოვიდოდა, ჯოჯოხეთურ ტანჯვას განიცდიდნენ, ამიტომ პატიმრები “ბაროკამერას” - დამნაშავეების წინააღმდეგ ბრძოლოს ამ უნივერსალურ საშუალებას “კუპრს” ეძახდნენ, კოლონიის უფროსს კი “ბელზებელს”[2]. “კუპრი” და “ბელზებელი”, აი, რა გვრიდა შიშის ზარს მთელ კოლონიას. რომას გააჟრჟოლა, მან მზერა პაწაწინა კვადრატულ ილუმინატორს მიაყინა, რომელსაც საკნის სრული იმიტირებისათვის სქელ მინაში რკინის გისოსები ჰქონდა ჩაჭედილი. გისოსებს შორის საკანში დაქტილი იჭყიტებოდა და ცისფერი ნათებით პირქუშობას უქარვებდა ოთახს. რომას მობეზრდა ამ წყეული თანამგზავრის უღიმღამო ნათება, მთელი ამ ხნის განმავლობაში ის მხოლოდ და მხოლოდ ნაღველს უმძაფრებდა. ასტეროიდი იდა ძალიან სწრაფად ბრუნავდა თავისი წრიული ღერძის გარშემო, ამიტომ აქ დღე და ღამე დროის დედამიწური ათვლის მიხედვით, მხოლოდ ოთხი საათი გრძელდებოდა. კოლონია ჩვეულებრივ დედამიწური დროით განაგრძობდა არსებობას, ამიტომაც ერთ დღე-ღამეში ასტეროიდზე ექვსი დღე-ღამე გადიოდა. ამ ცვლილებამ რომას თავ-გზა აუბნია, ის დედამიწაზე დაიბადა, დედამიწაზე გაიზარდა, ამიტომ პირველ ხანებში ვერ შეეგუა იდას, დროის შეგრძნებაც დაჰკარგა, თუმცა თავსზემოთ ძალა არ იყო, იძულებული გახლდათ თავის ახალ ბინას შეჰგუებოდა და მანაც მონახა გამოსავალი. მთელი იმ ექვსი დღე-ღამის განმავლობაში, სანამ ასტეროიდზე ერთი დედამიწისეული დღე-ღამე მიილეოდა, იდას ცარგვალზე მხოლოდ ერთხელ ამოანათებდა დაქტილი, სხვა დღეებში ის დამალული იყო და რომამაც დაქტილის წყალობით დაიბრუნა დრო-ჟამის შეგრძნება, რადგან ინიშნავდა მის ყოველ ამობრწყინებას. ახლაც კედლისკენ გადაბრუნდა და ჟანგიან, ცივ ლითონზე რაღაც მიაჩხაპნა, სწორედ დღეს იყო მისი უკანასკნელი დღე, უკვე 365 დღე-ღამე იმყოფებოდა აქ, ესე იგი მთელი წელიწადი ელოდა სიკვდილს... სასიკვდილო განაჩენის აღსრულებას, რომელიც ყოველთვის გაურკვეველი მიზეზების გამო გადაიდებოდა ხოლმე... ღმერთო ჩემო, რა დიდი დრო გასულა იმ ავადსახსენებელი დღის შემდეგ. მთელი საუკუნე, ზოგს გაეცინება, იტყვის, ერთი წელი რა ბედენააო, მაგრამ იცოდეს, რომ ცდება, სიკვდილმისჯილისათვის ერთი წელი უსასრულობის ტოლფასია, ახლა კი ყველაფერი უნდა დამთავრდეს, მისი სიცოცხლე საზიზღრად დასრულდება “ბაროკამერაში”. მზის სისტემის ფედერალური სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა ბევრი კამათისა და განსჯის შემდეგ სასჯელის უმაღლესი ზომა - სიკვდილი მიუსაჯეს, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში განაჩენი არ აღსრულდა. რომა ამ ფაქტმა გააოგნა და ყოველთვის გაოცება შეიპყრობდა ხოლმე, როცა განმეორებით დათქმულ თარიღსაც ცოცხალი და უვნებელი ხვდებოდა, ან ბედისწერა არიდებდა სიკვდილს, ან ვინმე მისთვის უცნობი მფარველი აფარებდა ხელს. საკანში შემოსულ ზედამხედველებს მისი თანასაკნელები მიჰყავდათ “ბაროკამერისკენ”, ის მთელი წელიწადი ელოდა სიკვდილს, აღზნებული შესცქეროდა საკანში შემოსულ ზედამხედველებს და აცრემლებული ემშვიდობებოდა “ბაროკამერისაკენ” მიმავალ თანასაკნელებს, მარტოდ დარჩენილი კი სევდიან მზერას მიაპყრობდა გისოსიან ილლუმინატორს და წარსულის ზმანებებით გარშემორტყმული დაჟინებით ჩაუღრმავდებოდა ჩადენილ დანაშაულს. ახლაც შემოუტია მწარე წარსულის მოგონებებმა, თვალებგაშტერებული მიაცქერდა საკანში შემოჭრილ დაქტილის შუქს, ყველა მამაკაცი მის ადგილას ისე მოიქცეოდა, როგორც თავად მოიქცა. რომას თვალწინ წარმოუდგა ის საბედისწერო დღე და სასოწარკვეთილმა კბილები გააჭრჭიალა, სწორედ იმ დღიდან დაიწყო მისი უბედურება, სიკვდილის დაუმთავრებელი მოლოდინი. ლაშხი შეეცადა მისი სიცოცხლის უკანასკნელი წუთები მაინც გამოეყენებინა ნორმალურად, არ ეფიქრა იმ დაწყევლილ დღეზე, თავს ძალა დაატანა და ბავშვობა გაიხსენა. გაიხსენა, ტოლ-მეგობრებთან ერთად რომ დაძვრებოდა ქალაქის ნაწვიმარ ქუჩებში და ღამის განათების ბოძებზე შემომსხდარ ბეღურებს აფრთხობდა, ცელქობდა და თამაშობდა, უდარდელს მშვენიერებად ეჩვენებოდა სიცოცხლე და... ღმერთო ჩემო, რა სწრაფად გარბოდნენ წლები. შემდეგ ყმაწვილკაცობა დაუდგა თვალწინ, ბავშვებისათვის ესოდენ ნანატრი ხანა, სასაწავლებლის დამთავრებით გამოწვეული სიხარული და პირველი კოცნის დამათრობელი, არომატული გემო, როდესაც ყურებამდე შეყვარებული, ფანჯრებთან სერენადებს უმღეროდა თავის ლამაზმანებს... ელვისებურად ჩაიქროლა იმ დღეებმაც. რომას უნებურად გაეცინა, მოაგონდა როგორი შეშინებული იყო, როცა ერთ-ერთი მხიარული წვეულებიდან პირდაპირ სამხედრო-სავალდებულო სამსახურის მოსახდელად, რომ უკრეს თავი. ის საპლანეტაშორისო ქვეითში მოხვდა, # F-510 მოტომსროლელ ბატალიონში, ბაზა დიდი ტონაჟის საბრძოლო ვარსკვლავთმფრენ “ნესოსზე” იყო მოთავსებული, ხომალდი მზის სისტემაში დრეიფობდა და აუთვისებელ პლანეტებზე შეიარაღებული ყველგანმავალების ელვისებური გადასხმით, საბრძოლო მანევრირებებს ატარებდა. აქ გაიარა პირველი წვრთნა, აქ დაღვარა პირველი ოფლი და პირველი სისხლი, მაგრამ, მიუხედავად ამისა შეუყვარდა მოტომსროლელი ბატალიონი, მოეწონა სამხედრო საქმე და ამიტომაც აირჩია ის პროფესიად. ეს ყოველივე ათიოდე წლის წინ იყო, რომამ სამხედრო-სავალდებულო სამსახურის დამთავრებისთანავე არმიაში დარჩენა გადაწყვიტა, საპლანეტაშორისო სამხედრო აკადემიაში მოეწყო, წარმატებით გაიარა კურსები, გარკვეული ხნის შემდეგ კი პოლკოვნიკის წოდება მიიღო და ერთ-ერთ მოტომსროლელ ბრიგადას სათავეში ჩაუდგა. თავისი მცირეხნიანი კარიერის განმავლობაში არაერთხელ მოუხდა სერიოზული შერკინება აგრესორების, ტერორისტების და დივერსანტების დაჯგუფებებთან, მაგრამ განსაკუთრებით მხოლოდ ერთი დაამახსოვრდა, რადგან ის ერთი საბედისწერო გახდა მისთვის. რომას ფიქრებში ისევ მწარე მოგონებებმა იმატეს. გონებაში ყველაფერი აერია, ბოლოს კი, როდესაც ყველა საგანმა თავ-თავისი ადგილი მონახა, თვალწინ ლამაზი, შავგვრემანი ქალი გამოეცხადა, გრძელი, მომხიბვლელად ჩამოშლილი შავი თმით, დიდრონი, ცრემლაკიაფებული ცისფერი თვალებით და რომას ქვითინი აუვარდა... კლარიტა... მისი საყვარელი კლარა, ო როგორ ტანჯავს უმისობა, რატომ თვითონაც მაშინვე არ განუტევა სული. რომამ გულიანად ამოიოხრა, ქორწილი გაახსენდა, სამხედრო სამსახურიდან დაკავებულმა და გაუხეშებულმა, საკმაოდ გვიან იზრუნა პირად ცხოვრებაზე, გვიან დაქორწინდა, მაგრამ ეს ქორწინება ყველაზე წმინდა რამ იყო მის ცხოვრებაში. რომამ და კლარიტამ ქათქათა ეკლესიაში დაიწერეს ჯვარი... ო, რა ბედნიერი იყო იმ წუთას, როცა საკურთხეველთან მიჰყავდა თეთრ სადედოფლო კაბაში გამოწყობილი, ანგელოზივით მშვენიერი კლარა, ახლაც თვალწინ უდგას მისი სიხარულისგან გაცისკროვნებული მომხიბვლელი სახე, ნეტავ არასოდეს დამთავრებულიყო ის დღე, მაგრამ დრომ აჩრდილივით გაიფრინა. რომამ ნეტარებით დახუჭა თვალები. მის გონებაში ნელ-ნელა ამოტივტივდა ის საბედისწერო დღე... 13 მარტი... მაშინ ყველფერი მშვენივრად დაიწყო, რა იცოდა რომამ, რომ იმ მშვენიერ დილას საშინელი დასასრული ექნებოდა – სიკვდილითა და სიძულვილით აღსავსე სიბნელე, მაშინ კლარიტამ არაჩვეულებრივი ამბავი ახარა, ლაშხი სულ მალე მამა გახდებოდა, კლარა ფეხმძიმედ იყო. მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, გახარებული ეხვეოდა საყვარელ ქალს და მადლობას უხდიდა, რომ მის ცხოვრებას, სულ განსხვავებული სხივი შემატა, მაგრამ ნეტარება არ დასცალდა, სამსახურში გამოიძახეს, რომელიღაც ჭკუამოკლე ტერორისტებს მარსის კოლონიზატორთა დასახლება ხელში ჩაეგდოთ და უაზრო ულტიმატუმებს უყენებდნენ კაცობრიობას. მზის სისტემის ხელისუფლებამ საქმეში მოტომსროლელი ბრიგადის ჩართვა მოისურვა, სწორედ მაშინ დასრულდა მისი ბედნიერება, რომა ნაზად ეამბორა კლარიტას და საქმიანი ნაბიჯით გავიდა სახლიდან. საბრძოლო ოპერაციას “ქეიბური” ერქვა, ზუსტად ცხრა საათში დასრულდა. მცირე ტონაჟის საბრძოლო ვარსკვლავმფრენიდან მარსზე სწრაფად გადასხეს მოტომსროლელი ბრიგადა, ბრძოლაში გამობრძმედილმა და განსაკუთრებით გაწრთვნილმა ჯარისკაცებმა კი ჯავშნოსანი ყველგანმავალებით პირწმინდად ამოჟუჟეს ტერორისტები, წარმატებული ოპერაციისათვის ლაშხმა ზემდგომი ორგანოებიდან შექებაც კი დაიმსახურა. რომა გვიან ღამით დაბრუნდა სახლში, სამი საათი იყო მშობლიურ ზღუდეს რომ გადააბიჯა, მაშინ ღამე იდგა დედამიწაზე, ნათელი, სავსემთვარიანი ღამე, საძინებელ ოთახში კი სიბნელე სუფევდა. რომამ საძინებელში შესვლისთანავე ფრთხილად იწყო ოფიცრის მუნდირის გახდა. თან კლარიტაზე ფიქრობდა, თუ, როგორ გაახარებდა ქალს ასეთი მოულოდნელი გამოჩენით, ძალიან უყვარდა კლარიტა, ამ ბოლო წლის განმავლობაში კი უფრო მეტად შეუყვარდა. ფრთხილი ნაბიჯით უახლოვდებოდა მდიდრულ საწოლს, სადაც თეთრ ბალიშზე ნაზად დაფენილი კლარიტას შავი თმა მოჩანდა... რომამ ნერვულად მომუშტა თითები... კლარიტა მარტო არ იწვა საწოლში, მის გვერდით ვიღაც გრძელთმიანი ახმახი გაშხლართულიყო. ყველაზე საშინელი წუთები მაშინ გაიარა რომამ, კანკალმა აიტანა, თავზარი დაეცა იმის გამო, რომ მისი საყვარელი ქალი ვიღაც სხვამ დაისაკუთრა, ბრაზი მოუვიდა კლარიტაზე, როგორ გაბედა... ის ნერვულად გადასწვდა სკამზე გადაკიდებულ ოფიცრის მუნდირს, პლასტმასის ბუდიდან იარაღი ამოიღო და უცნობს დაუმიზნა. იარაღის ჩხაკუნზე უცნობმა მამაკაცმა თვალი გაახილა, საწოლიდან შეშინებული წამოხტა... მისი გაფართოებული თვალები მუდარით ეუბნებოდნენ რომას... “ნუ იზამ მაგას”... მაგრამ რომა კონტროლს ვერ უწევდა საკუთარ თავს, უცნობი მამაკაცის ყვირილიც არ გაუგონია, ისე შემართა იარაღი. მისი ქვადქცეული გული ვერც საწოლზე წამომჯდარმა კლარიტას ქვითინმა მოალბო, ცივად გადახედა ქალს, რომელიც ვერ გარკვეულიყო რა ხდებოდა მის თავს და ზიზღმორეულმა საძაგელი ხმით ჩაისისინა. - კახპავ! რომა შეკრთა, თითქოს კვლავ ჩაესმა თავისი ხმა გაჟღენთილი ზიზღითა და სიძულვილით, იმ წუთში მართლაც სძულდა კლარიტა, საკუთარ თავს აღარ ეკუთვნოდა, ადამიანის ქვეცნობიერებაში არსებულ ყველაზე უარყოფით და ქვენა ინსტიქტებს დაეპყრო მისი არსება, მხეცად გადაქცეულიყო, მხეცად, რომლის ტერიტორიაზე ვიღაც აგრესორი შემოიჭრა. რომამ თავი ხელებში ჩარგო, ნეტა გადაეგდო ის დაწყევლილი იარაღი. შემდეგ რა მოხდა? მაშინ, ვერც კი ერკვეოდა განვითარებულ მოვლენებში, ავტომატურად მოქმედებდა. ახლაც ბუნდოვნად ახსოვდა, უცნობი მამაკაცი იარაღიან მარჯვენაზე რომ დააცხრა, ხელიდან გამოგლეჯა, განიარაღება მოუნდომა, მაგრამ ეს არც ისე ადვილი იყო, რადგან რომა საკმაოდ კარგად ფლობდა ხელჩართული ბრძოლის ხელოვნებას, თანაც ჯარისკაცისთვის განიარაღება ხომ სიკვდილის ტოლფასია. ამიტომ თავგანწირვით ებრძოდა უცნობს. თუმცა არც უცნობი აღმოჩნდა უვიცი ორთაბრძოლაში, ლამის დასჯაბნა რომა, ის იყო პისტოლეტსაც აართმევდა, რომ ამ ძიძგილავში იარაღმა დაიქუხა... რომამ ტუჩები ბრაზიანად მოკუმა... მსხვილკალიბრიანი ლულიდან გამოჭრილმა ფეთქებადმა ჭურვმა კლარიტას შეუნგრია გულ-მკერდი. ეს უბედური შემთხვევა იყო, რომამ სინანულით გააქნია თავი... ეჰ, რომ შეეძლოს დროს უკან დაბრუნება!... ის სასოწარკვეთილებამ მოიცვა, გაახსენდა როგორ ღრიალებდა ნადირივით, გასისხლიუანებულ კლარიტას გულში იკრავდა. შემდეგ შეშინებულ, თვალებგადმოკარკლულ უცნობს მიუბრუნდა, რომელიც რაღაცას უაზროდ ლუღლუღებდა, იარაღი ისევ მოიმარჯვა, უკვე აფექტის მდგომარეობაში იმყოფებოდა, ყურადღებას არ აქცევდა როგორ მუდარით უმზერდა უცნობი თვალებში, მაშინ სისხლისმსმელ მკვლელად გადაქცეულიყო და მხოლოდ ერთი რამ წადდა, უცნობი მამაკაცის სისხლით შეეღება ხელები. ნარზე დაწოლილ რომას გონებაში აშკარად გაისმა შორეული გასროლების ხმა, ხმა ძალიან შორიდან მოდიოდა, იმდენად შორიდან, რომ იქამდე ვერავინ ვერასოდეს მიაღწევდა. ხმა წარსულიდან მოდიოდა. იმ დღეს, 13 მარტს, რომამ მოჰკლა უცნობი მამაკაცი ისე, რომ ხელიც არ ატოკებია: პირველი გასროლით ბეჭი გაუგლიჯა უცნობს, მეორეთი - მუხლი, მესამეთი - ფერდი, შემდეგ კი საკუთარი ხელები აღარ დაემორჩილნენ, მესამე გასროლას, მეოთხე მიაყოლა, მეოთხეს - მეხუთე, მეექვსე და მანამ არ მოეშვა, სანამ უცნობი მამაკაცის გვამი ფეთქებადი ჭურვებით ნაკუწებად არ აქცია. მკვლელობის შემდეგ კინაღამ ჭკუიდან შეიშალა, გრძნობდა, რომ თავის თავს აღარ ეკუთვნოდა, ხვდებოდა თუ რაოდენ უყვარდა საცოდავი კლარიტა სურდა, იქვე ამოხდომოდა სული, თავში ხელებს იცემდა, გვამს ეხვეოდა და ცრემლებად იღვრებოდა, მერე ხელში აიტაცა და ასე გამოცხადდა პოლიციაში. ის დაიჭირეს, მზის სისტემის თავდაცვის სამინისტრომ კი მის მფარველობაზე, როგორც არმიის შემარცხვენელ ჯარისკაცზე, ხელი აიღო, სამხედრო პროკურატურამ მისი საქმე, მზის სისტემის ფედერალურ სასამართლოს გადასცა, სასამართლომ შემამსუბუქებელი გარემოებები მხედველობაში არ მიიღო და სასჯელის უმაღლესი ზომა... სიკვდილი მიუსაჯა. უკვე წელიწადია ელის სიკვდილს, დღეს კი აღსრულდება სამართალი, იზეიმებს მართლმსაჯულება, ბოლოს და ბოლოს დაასრულებს თავის ტანჯულ, ჯოჯოხეთად ქცეულ სიცოცხლეს. [1] იდა - ასტონომიაში მცირე ზომის კოსმოსური ცთომილია, რომელიც მარსსა და იუპიტერს შორის, ასტეროიდების სარტყელში მდებარეობს. სიგრძე 52, დიამეტრი კი 32 კილომეტრია. არაპროპორციული, წაგრძელებული ფორმა აქვს. მზის ირგვლივ მიმოქცევის პერიოდი 4 წელია, წრიული ღერძის ბრუნვის სიჩქარე კი 4 საათი. ასტეროიდი იდა 1884 წელს ავსტრიელმა ასტრონომმა იოჰან პალიზოიმ აღმოაჩინა, ის ერ-თადერთია, რომელსაც ბუნებრივი თანამგზავრი: - დაქტილი, ახლავს თან. [2] ბელზებელი - ქრისტიანულ რელიგიაში ჯოჯოხეთის იერარქიის ერთ-ერთი დემონი, ლუციფერის თანაშემწე. ივრითიდან ითარგმნება, როგორც “ბუზების მბრძანებელი” |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.