შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიკვდილმისჯილი - თავი 2


28-03-2019, 15:30
ავტორი omexi
ნანახია 926

რომა მსუბუქად ჩამოხტა ნარიდან, საერთოდ იდაზე, დედამიწასთან შედარებით სუსტი გრავიტაცია იყო, ამიტომ ადამიანიც თავს მსუბუქად გრძნობდა. რომაც რაღაცნაირად ამჩატებულიყო, მსუბუქი ნაბიჯებით მიუახლოვდა ილუმინატორს, გაიზმორა და გარეთ გაიჭვრიტა, მას მიმზიდველი ათლეტური აღნაგობა ჰქონდა, ფართო, დაკუნთული გულ-მკერდი და სქელი კისერი ჯარისკაცურ იერს აძლევდა, მის მიხვრა-მოხვრაში ნამდვილი არმიელის ჯესტი იგრძნობოდა, ისე დადიოდა, თითქოს მწყობრში მიაბიჯებსო, თავისუფალ დროსაც ზურგს უკან შემოიწყობდა ხოლმე ხელებს. მაღალი იყო, მხარბეჭიანი, ლამაზი სახე ახლა ტანჯვა-ვაების ნაოჭებს დაეღარა, გრძელი, ჭაღარაშერეული თმა უსწორმასწოროდ ჩამოშლოდა გაფერმკრთალებულ სახეზე, ის ყოველთვის მოკლედ იკრეჭდა თმას, ახლა კი სადღა ეცალა თმისთვის, ყველაფერი თავის ნებაზე მიეშვა... თმაც, წვერიც... წვერი ნახევარ სახეს უფარავდა, ამიტომ მის დიდ მწუხარებაზე მხოლოდ წვრილი ნაოჭებით გარშემორტყმული თაფლისფერი თვალებიღა მეტყველებდნენ.
რომა ზურგზე ხელებდაკრეფილი იმზირებოდა ილუმინატორში, ვერ ამჩნევდა, რომ ძალიან მიეჩვია არმიულ წეს-ჩვეულებებს, არც არაფერზე ფიქრობდა, უკვე ეყო, რაც იფიქრა, უბრალოდ იდგა და იცქირებოდა.
ილუმინატორის გისოსებს მიღმა დაქტილის ცისფერი შუქით განათებული კოსმოდრომი მოჩანდა, კოსმოდრომი კოლონიის საკუთრება იყო, ამიტომ აქ ხშირად ეშვებოდნენ სურსათ-სანოვაგითა და სხვა საჭირო პროდუქტებით დატვირთული ხომალდები, თითქმის ყოველთვის ფუსფუსებდნენ ადამიანები.
რომას არც გაკვირვებია, როდესაც კოსმოდრომის შუაგულში შავი ურჩხულივით გაწოლილი უშველებელი ვარსკვლავმფრენი შეამჩნია. ვარსკვლავმფრენიდან ვერცხლისფერ სკაფანდრებში გამოწყობილი პატიმრები გაურკვეველი დანიშნულების ყუთებს მოათრევდნენ, არმიული სკაფანდრებით შემოსილი იარაღმომარჯვენული ზედამხედველები უხეში ჟესტებით აჩქარებდნე, პატიმრები ფაცხა-ფუცხით აწყობნენ ყუთებს კოსმოდრომის განაპირას მდგარ ოვალურ, მუხლუხიან ყველგანმავალებში.
- ერიჰაა, - რომა ლაშხმა ხმადაბლა დაუსტვინა, - ეტყობა ბებერმა „ბელზებელმა“, რაღაც ახალი მოიფიქრა, - მას მხედველობაში ციხის უფროსი ჰყავდა, საკუთარ თავზე ფანატიურად შეყვარებული ადამიანი, ის ფანტაზიის არაჩვეულებრივი უნარით გამოირჩეოდა, ამიტომ გასართობად და კოლონიაში გამეფებული ყოველდღიური რუტინის გასამრავალფეროვნებად უამრავ ხრიკს იგონებდა ხოლმე. ერთხელ საწყალი პატიმრები აიძულა რაგბი ეთამაშათ, თანაც პირდაპირ ღია ცის ქვეშ, მაშინ სუსტი გრავიტაციით ამჩატებული, უზარმაზარ, მოუხეშავ სკაფანდრებში გამოწყობილი პატიმრებისთვის, უსწორმასწორო, კლდოვან მოედანზე რაგბის თამაში, დანაიდების შრომას{1} უდრიდა.
- გაიღვიძე ჯოი-ჯოი! - ხმამაღლა დაუძახა უშველებელ ზანგს და მუჯლუგუნი წაჰკრა.
ზანგმა ცალი თვალი გაახილა, რომას ახედა და ბოხი, ნამძინარევი ხმით ჩაილაპარაკა.
- მოგცლია ერთი...
- გაიღვიძე მეთქი, - ამჯერად უფრო ღონივრად შეანჯღრია თანასაკნელი.
ზანგმა ხმაურით დაამთქნარა, თვალები მოისრისა და ბორძიკით წამოჯდა ნარზე.
- სიცოცხლის უკანასკნელი წუთები მაინც გამატარებინე მშვიდად, - წყენით ჩაილაპარაკა მან.
რომასთან შედარებით ჯოი ახალგაზრდა იყო, მაგრამ მასიური სხეულის და შავგვრემანი სახის წყალობით, უფრო ასაკოვნად გამოიყურებოდა. ის მკვლელი იყო. რომა არასოდეს დაინტერესებულა სერიოზულად მისი პიროვნებით, უბრალოდ იცოდა, რომ მკვლელი იყო, სიკვდილმისჯილი, რომლის განაჩენის აღსრულების დრო, მისი სიკვდილით დასჯის დროს ემთხვეოდა, ის ზუსტად ორი თვის წინ შემოასახლეს საკანში და იმ დღიდან ორთავენი ერთმა ბედისწერამ გააერთიანა.
რომამ ნაღვლიანად გადახედა ჯოის.
- მთელი ამ ორი თვის განმავლობაში, რაც შენ გიცნობ, ძილის მეტი არაფერი გაგიკეთებია, - თითქოს სხვათაშორის ჩაილაპარაკა. - განთიადს მაინც შეხვდი, - რომამ სიმწრით ჩაიცინა, - უკანასკნელ განთიადს.
ჯოი ინტერესით მიაჩერდა ზურგსუკან ხელებშემოწყობილ რომას.
- მე შევეჩვიე სიკვდილის მოსვლას, - ფილოსოფოსის ტონით ჩაილაპარაკა მან, - ამიტომ ჩემთვის სულერთი გახდა განთიადიც... და უბრალოდ, ამ ხნის განმავლობაში ლოდინი ვისწავლე, სიკვდილის ლოდინი. - ჯოი მძიმედ წამოდგა, ილუმინატორთან მივიდა, გარეთ გაიჭვრიტა და ფიქრმორეულმა დაუმატა, - თუმცა რაღაცით მართალი ხარ, უკანასკნელი განთიადი სიკვდილთან პირისპირ შეხვედრისას ძალ-ღონეს შეგვმატებს.
- განთიადი ხომ ყოველთვის ახლის დასაწყისია, - რომამ დამარცვლით წარმოსთქვა, წარმოდგენა არ ჰქონდა, რაღა მაინდამაინც ახლა აუტყდათ ფილოსოფოსობა, ალბათ სიკვდილის წინ ყველა ადამიანს ასე ემართება ხოლმე, - ჩვენც ახალ ცხოვრებას დავიწყებთ ჯოი-ჯოი, სიკვდილის შემდეგ. - გადაჭრით დაასკვნა რომამ.
ორთავე გაჩუმდა, მათი ყურადღება ჩაბნელებულ ცარგვალზე გამკრთალმა ქარვისფერმა ნათებამ მიიპყრო... იდაზე თენდებოდა... ღმერთმა იცის მერამდენედ თენდებოდა ამ უცნაურ, ციცქნა ცთომილზე. მზე კოსმოსური სიშორისაგან ძალაწართმეული და ერთი ბეწო მოჩანდა, ის ნელ-ნელა ამოსრიალდა ცარგვალზე, დაქტილი კი ჩრდილოეთისკენ გადაიხარა და დაკბილულ კლდეებს შორის ჩაესვენა.
გათენდა... მზის სუსტმა სხივებმა მკვეთრად გაანათა ასტეროიდი, ნელ-ნელა გაქრნენ არამიწიერი ღამის მოჩვენებები და წითელმა, კლდოვანმა ნიადაგმა, ხარბად შთანთქა მზის სხივები.
ასტეროიდ იდას ატმოსფეროს გარსი არ ეკრა, ამიტომ ცარგვალზე მზის კაშკაშა წერტილთან ერთად ოდნავ მოციმციმე ვარსკვლავებიც ბჟუტავდნენ.
ცივი იყო აქაური განთიადი, აქაური შუადღე, აქაური მზეც ვერაფერს ათბობდა, მაგრამ საკანში შემოჭრილ განთიადის სუსტ სხივებს, ორი ტუსაღი მაინც ნეტარებით მიფიცხებოდა. განა თბებოდნენ შორეული მზის მისუსტებულ სხივებში? ისინი ემშვიდობებოდნენ, არარაობად ქცეულ სიცოცხლესთან ერთად, მზესაც ემშვიდობებოდნენ.

***

ზედამხედველმა ხმაურით გააღო ლითონის კარი, საკანში შემოვიდა და სიტყვის უთქმელად დადგა, გაჯგიმული. აქ უკვე სიტყვები საჭირო აღარ იყო, მათი დროც დამდგარიყო, სიკვდილი ჯარისკაცის სახით გამოცხადებოდა პატიმრებს.
რომამ გვერდით მჯდომ ჯოის გადახედა, რომელსაც შავი სახე არაბუნებრივად გაფითრებოდა, შეეშინდაო, ვერ იტყოდი მასზე, რადგან ოთხ კედელში გამოკეტილი, ნელ-ნელა შეეგუა ამ წუთის დადგომას. ის მხოლოდ დაიბნა, ვერ წარმოედგინა, რომ ყველაფერი ასე მარტივად დაიწყებოდა.
რომასთვის კი ყოველივე თითქოს ნაცნობი იყო, მკვეთრად მიტრიალდა ზედამხედველისაკენ.
- ხელები, - მკაცრი ხმით ჩაილაპარაკა ზედამხედველმა.
ჯარისკაცი პირტიტველა ბიჭი იყო, მაღალი, ქერათმიანი, შუშისებრი ცისფერი თვალები ჰქონდა და მკაცრი, დახვეწილი ნაკვთები, იდეალურ აღნაღობას ოსტატურად შერწყმოდა მშვენიერი პროფილი. აქ, იდელ პატიმრებს შორის, ზედამხედველების შესახებ ლეგენდადქცეული ხმები დადიოდა, ტუსაღები ფიქრობდნენ, რომ ზედამხედველები უსულგულო აპარატები იყვნენ, მანქანები, ადამიანის ტყავის ქვეშ დამალული კიბერნეტიკული ორგანიზმები, რომელიც მსხვილმა კიბერნეტიკულმა კომპანიამ „Macro homo“-ომ დაამზადა, მხოლოდ და მხოლოდ კოლონია „იდა-1“-ის, ეს ხმები არ იყო უსაფუძვლო, ზედამხედველები წყლის წვეთებივით ჰგავდნენ ერთმანეთს, ძალიან ლაკონურნი იყვნენ და არაჩვეულებრივი ფიზიკური ძალით გამოირჩეოდნენ. თუმცა ყოველივე მხოლოდ ჭორის დონეზე რჩებოდა, რადგან არცერთ პატიმარს არ მისცემია იმის შესაძლებლობა, რომ როგორმე ამ ენერგიული ყმაწვილების შიგნეულობაში ჩაეხედა, რათა გაერკვიათ მათი ფაშვი კუჭ-ნაწლავით იყო ამოვსებული, თუ ფერად-ფერადი სადენებით.
ჯოი თვალებში მიაცქერდა ზედამხედველს, შეეცადა, მის ცისფერ თვალებში რამე თანაგრძნობისმაგვარი ეპოვნა, მაგრამ ამაოდ, ყმაწვილი ჯარისკაცის თვალები ყინულის კრისტალებივით ბრჭყვიალებდნენ, ამიტომ დანაღვლი-ანებულმა ზანგმა რამდენიმე მძიმე ნაბიჯი გადადგა კარისაკენ და ორთავე ხელი წინ მორჩილად გაიწვდინა.
- გთხოვთ მოითმინოთ, - მექანიკური ხმით წარმოსთქვა ზედამხედველმა, - ტუსღი ნომრით 373-SI საკანში რჩება, - ჯარისკაცს მხედველობაში ჯოი ჰყავდა, მან ხელის მკვეთრი მოძრაობით შეაჩერა ზანგი და იქვე გაუნძრევლად მდგომ რომას მაჯებზე ელექტრონული ხელბორკილები დაადო.
ლაშხი მწარე ღიმილით მიაცქერდა ჯოის, ნაღვლიანად გადაეხვია და სინანულით წარმოსთქვა.
- მშვიდობით, - ახლა თავად განიცდიდა ყოველივე იმას, რასაც თანასაკნელები განიცდიდნენ, როცა მის განაჩენს უცნობი, გავლენიანი მფარველის დახმარებით, თუ ბედისწერის ნება-სურვილით სხვა დროისათვის გადადებდნენ ხოლმე, ახლა ის ემშვიდობებოდა ჯოის, - მშვიდობით ჯოი-ჯოი, - დანანებით ჩაიბურტყუნა.
- მალე შევხვდებით რომა... იმქვეყნად, - ჯოი ცრემლმორეული ეხვეოდა მეგობარს, შეიძლება თანასაკნელის მწარე ბედისწერა ატირებდა, შეიძლება სიხარულის ცრემლი სდიოდა, რომ ისიც რომასთან ერთად არ მიეშურებოდა სიკვდილის შესახვედრად, - გამაგრდი ძველო, - ზანგმა ბეჭზე მძიმედ მოუთათუნა ხელი და თავი დამწუხრებულმა დახარა.
რომა მკვეთრი მოძრაობით მოშორდა თანასაკნელს და ზედამხედველს წინ გაეჭიმა.
- მზად ვარ, - უემოციოდ, ყოველგვარი გრძნობის გარეშე წარმოსთქვა.
- გთხოვთ, - მელანქოლიურად გაეპასუხა ზედამხე-დველი და საკნიდან დიდსულოვანი ჟესტით გაიპატიჟა.
რომა ნელი, დაღლილი ნაბიჯით გავიდა საკნიდან და გრძელ, ლითონისკედლებიან დერეფანს შეუყვა, ზურგსუკან, ჭახანით მიიხურა საკნის კარი, რომლის დახურვამდე რომა ისევ წააწყდა ჯოის უკანასკნელ, თანაგრძნობით აღსავსე მზერას.
დაფიქრებული მიაბიჯებდა დერეფანში, უკნიდან ზედამხედველის მძიმე ნაბიჯები ესმოდა, იგი უტყვად მიჰყვებოდა კუდში. ტუსაღი საკუთარი ფეხით, სამსხვერპლოდ გამოზრდილი პირუტყვივით მიემართებოდა სიკვდილის შესახვედრად, ოღონდ იმ საცოდავი პირუტყვისაგან განსხვავებით, ყველაფერს გრძნობდა, ხვდებოდა, იცოდა რაც მოელოდა, მაგრამ ძალა არ შესწევდა ბედისწერისთვის წინააღმდეგობა გაეწია, მისი ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო.
ლითონის ჩაშავებულ ჭერზე ზუზუნით დაჰქროდნენ პაწაწინა კიბერნეტიკული „ჯაშუშები“, რომლებიც ნახევრად ადამიან თუ არაადამიან ზედამხედველებს განუმეორებელ სამსახურს უწევდნენ, მგრძნობიარე სენსორებით მთელ კოლონიას დარაჯობდნენ, მაშინაც კი, როდესაც კოლონიის ცოცხალი თუ არაცოცხალი პერსონალი თვლემდა, კიბერნეტიკული „ჯაშუშები“ ფხიზლობდნენ, ზუზუნით დაჰქროდნენ ერთი სექტორიდან მეორე სექტორში, ყოველ საკანში იჭვრიტებოდნენ, იზუთხავდნენ ყოველ წვრილმანს და თუკი სადმე უწესრიგობას დააფიქსირებდნენ, ან შეთქმულებას აღმოაჩენდნენ, ან კოლონიის შინაგანაწესის დარღვევას ექნებოდა ადგილი, მაშინვე კოლონიას ფეხზე დააყენებდნენ: კიბერნეტიკული „ჯაშუშები“ კოლონიის თვალები იყვნენ, უსულგულო ზედამხედველები კი კოლონიის ხელები, პატიმრებს ორთავე სძულდათ. კოლონისტთა ჟარგონზე ზედამხედველებს „მარიონეტებს“ ეძახდნენ, „ჯაშუშებს“ - „ჭინკებს“.
რომას თავთან ხმადაბლა ზუზუნებდა კიბერნეტიკული „ჯაშუში“, რომელსაც სქელი, ამობურცულლინზიანი „თვალი“ და უშველებელი, მაგნიტური მამოძრავებელი ჰქონდა, რომლის დახმარებითაც ლითონის ჭერზე მსუბუქად მისრიალებდა. რა თქმა უნდა, ახლა ბებერი „ბელზებელი“ ერთ-ერთ ტელეეკრანთან ზის დ აიმ „ჭინკა“ აპარატის დახმარებით უთვალთვალებს პატიმარს.
რომამ ამოიოხრა, თავი ჩაღუნა, ნაღვლიან ფიქრებში ჩაიძირა, წინ ძალიან ძნელი გზა ჰქონდა გასავლელი, კლარა ახსენდებოდა, ძვირფასი კლარიტა. - „აი ამ ხელებმა მიასამარეს ის, რატომ ახლავე არ გაუხმება ორთავე“ - ლაშხი დაღვრემილი დააცქერდა ბორკილებდადებულ ხელებს და რატოღაც გულს მოეფონა, ისინი ხომ ამ ბორკილებით ამწუთასაც იხდიდნენ დანაშაულის საზღაურს.
- შესდექ! - მოულოდნელად მჭახე ხმით წარმოსთქვა ზედამხედველმა, რომას სწრაფი ნაბიჯით გაუსწრო და ლითონის კარებს მიადგა. სქელ კედელზე მიმონტაჟებულ სენსორულ პანელს ყინულივით ცივი ხელისგული მიაბჯინა და თავაზიანად უთხრა, - მიბრძანდით.
ლითონის კარი ჩუმი შიშინით ასრიალდა ზემოთ, რომა ლაშხმა გაუბედავად გადააბიჯა ზღურბლს. ის ეგრეთწოდებულ „განსაწმენდელში“{2} იმყოფებოდა, ეს იყო „ბაროკამერისაკენ“ მიმავალი ბილიკის უკანასკნელი გზაჯვარედინი.
„განსაწმენდელში“ უშველებელი, ნახევრადგამჭვ-ირვალე კაბინა იდგა, სადაც სიკვდილმისჯილი ტუსაღი მრავალი წლის განმავლობაში დაგროვილ ჭუჭყთან ერთად ბოღმისგან და შურისგან თავისუფლდებოდა. დამნაშავეებს განსაკუთრებულ მსუბუქ ნეიროტროპულ პრეპარატს უშხაპუნებდნენ, ამ ნარკოტიკის წყალობით პატიმარს სიკვდილის წინ არაადამიანური კომფორტის შეგრძნება უჩნდებოდა.
სრულიად მზის სისტემის ფედერაციის კანონმდებლო-ბის თანახმად, პატიმარი სიკვდილს ჯანმრთელი, სუფთა, ლამაზი და კმაყოფილი უნდა შეხვედროდა.
„განსაწმენდელში“ დამონტაჟებული აპარატები დამნაშავის ჯანმრთელობას იკვლევდნენ, თუკი დაავადებული აღმოჩნდებოდა, ესეც საკმარისი იყო სიკვდილით დასჯის გადასადებად. ამიტომ „განსაწმენდელი“ მართალაც რომ თავისებური გზაჯვარედინი იყო, აქ სიკვდილის ბილიკი ორ ნაწილად იყოფოდა, ერთი უიღბლო ჯანმრთელ პატიმრებს „ბაროკამერისკენ“ ამგზავრებდა, მეორე კი იღბლიან ავადმყოფებს უკან, მშობლიურ საკნებში აბრუნებდა, რათა გამოჯანმრთელების შემდეგ კვლავ შესდგომოდნენ „ბაროკამერისაკენ“ მიმავალ ბილიკს.
ლითონის კარი ხმაურით დაიხურა, რომა მარტო დარჩა. „განსაწმენდელში“ წამით ჩამობნელდა, შემდეგ მთელი ოთახი თეთრი, თვალისმომჭრელი შუქით განათდა, სადღაც ზემოდან კი ავტომატის ლითონნარევი ხმა ჩამოისმა.
- გთხოვთ, მოთავსდეთ კაბინაში... ვიმეორებ... გთხოვთ, მოთავსდეთ კაბინაში... ვიმეორებ...
ავტომატი უემოციოდ განაგრძნობდა სიტყვების წარმოთქმას, სანამ თავიდან-ბოლომდე თვალისმომჭრელი შუქით გაბრჭყვიალებული კაბინა, რომასკენ არ მოტრიალდა. ის შრიალით შეჩერდა და ნახევრადგამჭვირვალე კარი სტუმართმოყვარედ გააღო. რომა ყოყმანებდა, ადგილზე გარინდული მისჩერებოდა აბრჭყვიალებულ კაბინას, „განსაწმენდელი“ რაღაცით „ბაროკამერას“ მოაგონებდა, ამიტომაც აგვიანებდა შიგ შესვლას, ფეხს ითრევდა.
ზემოდან ავტომატის ხმამ გამაფრთხილებლად ჩამოსძახა, მაგრამ ეს ოდნავი გაფრთხილებაც საკმარისი აღმოჩნდა, რომა კაბინაში შევიდა და უშველებელ სავარძელში მოკალათდა.
„განსაწმენდელის“ ოვალური კედლები გაურკვეველი დანიშნულების აპარატებით იყო აღჭურვილი, ისინი ხმაშეწყობით ზუზუნებდნენ, ციმციმებ-დნენ, ცახცახებდნენ. ბოლოს კაბინა გამოცოცხლდა, აინთო ვარდისფერი შუქი, ჰერმეტულად დაიხურა კარი და რომას ავტომატის მჭახე ხმა ჩაესმა.
- გთხოვთ, მოემზადოთ იდენტიფიკაციისთვის.
რომამ იგრძნო, როგორ გათბა სავარძელი, თითქოსდა ქვემოდან ცეცხლი შეუნთესო, ამიტომ დისკომფორტის შეგრძნება გაუჩნდა, ფეხზე წამოდგომაც კი დააპირა, მაგრამ უცებ აღმოაჩინა, რომ სავარძელზე თხელი, პლასთმასის ფირფიტებით არის მიბორკილი, დაინახა, როგორ დაეშვა მის სხეულზე კვადრატული აპარატები, რომლებმაც ტუსაღის რუხი უნიფორმა შემოაჭრეს, გააშიშვლეს. რომა გაწითლდა კიდეც, როდესაც წარმოიდგინა თუ რა გულგრილად უმზერდა ახლა ბებერი „ბელზებელი“, „განსაწმენდელში“ ჩამონტაჟებული ფარული ვიდეოკამერებით.
- მიმდინარეობს იდენტიფიკაციის პროცესი, - ავტომატის ლითონნარევმა ხმამ უემოციოდ აუწყა.
რომას თავზე ხმადაბალი წკაპანით ჩამოეცვა ვერცხლისფერი მუზარადი, რომელმაც მთელი სახე დაუფარა. ეს ყოველივე ისე სწრაფად მოხდა, რომ თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო, გაიგონა, როგორ მელოდიურად აწრიპინდნენ აპარატები, მუზარადის შიგთავსი სხვადასხვა ფერებად აკიაფდა, რომლის ფონშიც დამატყვევებლად ილანდებოდა ელექტროდენის ცისფერი, დაკლაკნილი ნაპერწკლები, რომამ იგრძნო, როგორ დაეწინწკლა სახე, ცივი ოფლის წვეთებით.
- იდენტიფიკაცია დასრულებულია. იდენტიფიცირებულია ტუსაღი 612-RO ნომრით, - გაისმა ავტომატის ხმა, - ნომერი 612-RO პატიმრის ჯანმრთელობის დონე საუკეთესოა, აღმოჩენილი არ არის: ვენერიული, ბაქტერიული, ვირუსული, ინფექციური, ნეირონული, გენური დაავადებანი. პატიმრი ნომერი 612-RO ჯანმრთელია.
ალბათ ყოველ რიგით ადამიანს - გაახარებდა ეს ცნობა, მაგრამ რომა ლაშხი კი ძალიან დაამწუხრა. ის ყოველთვის ხარივით ჯანმრთელი იყო და ეს ახლა სიცოცხლის ფასად დაუჯდებოდა, ალბათ აჯობებდა, რომელიმე უკურნებელი სენით დაავადებული ყოფილიყო, რადგან ეს იყო ერთადერთი გზა სიცოცხლის შენარჩუნებისა.
უკვე ყველაფერი გვიანია, - რომამ იგრძნო, როგორ უჩხვლიტა ნემსმა მკლავში, როგორ შეიჭრა მის ორგანიზმში ნეიროტროპული პრეპარატი და უეცრად სიცილის გუნებაზე მოვიდა, არაჩვეულებრივი შეგრძნება დაეუფლა, მისმა ტანჯვისაგან დაძაბუნებულმა გონებამ კონტროლი დაკარგა გარეგან მოვლენებზე, სულ სხვა სამყაროში გადასახლდა, ყურადღებასაც არ აქცევდა იმას, რომ „განსაწმენდელში“ ჩამონტაჟებული ულმობელი ავტომატები სასიკვდილოდ ამზადებდნენ.
შემდეგ, გრილი შხაპის მძლავრმა ჭავლმა აავსო კაბინა, რომა ერთიანად გასუფთავდა, გალამაზდა, ავტომატებმა გაბურძგნული წვერიც კი ჩამოპარსეს, ამიტომ როდესაც სახედან ზუზუნა მუზარადი მოსცილდა, სარკეში არეკლილი საკუთარი ორეული ძლივს შეიცნო. წამით უმზირა, შემდეგ მხიარულად თვალი ჩაუკრა და კმაყოფილმა ჩაილაპარაკა.
- სიკვდილმისჯილის პირობაზე, მშვენივრად გამოიყურები ძველო, - თუმცა რაღაც მომენტში ნარკოტიკიდან გამოწვეულ ეიფორიას სძლია, ესოდენ ნაცნობმა დარდმა შემოუტია და ნაღვლიანად დაუმატა, - ალბათ მიმიღებს სიკვდილი.
ის თეთრ, ქათქათა სპეცკოსტიუმში გამოეწყო, რომელიც იქვე იდო კოხტად დაკეცილი, ზედმეტ ფუფუნებად ეჩვენებოდა, თუმცა იცოდა, რომ ასეთ ფუფუნებას კოლონიის წარმომადგენლები მხოლოდ სიკვდილმისჯილებს აღირსებდნენ, თანაც ძალიან ცოტა ხნით.
რომა უაზრო ფიქრებში იყო გართული, თან სპეცკოსტიუმს იცმევდა, ამიტომ როდესაც კაბინის ნახევრადგამჭვირვალე კარი გაიღო, კინაღამ იატაკზე გაიშხლართა, რადგან კარს იყო მიყრდნობილი.
„განსაწმენდელთან“ ისევ ის ზედამხედველი იდგა, ცივი, ცისფერი თვალებით უმზერდა რომას, შემდეგ ხელი მრავალმნიშვნელოვნად აუქნია და მჭახე ხმით უთხრა.
- მომყევით!
რომამ ხმის ამოუღებლივ, მსუბუქი ნაბიჯით გაუსწრო „მარიონეტს“, რომელიც მძიმედ აედევნა უკან. ლაშხი უკვე მთლად დაეტყვევებინა ნეიროტროპულ პრეპარატს, ქვეცნობიერად მიიწევდა წინ, რაღაც მომენტში ძველმოდური სიმღერის ჰანგებიც კი წაიღიღინა.
უცნაურად გამოიყურებოდა იმ წუთას, სიმღერ-სიმღერით მიიწევდა საკუთარ სიკვდილთან შესახვედრად, ვინმეს თვალი რომ შეევლო, იფიქრებდა, ალბათ უბედურების მოახლოვებამ ჭკუიდან შეშალა საცოდავიო, თუმცა, რომა საღად მოაზრობნე ადამიანი გახლდათ, უბრალოდ, იმ მომენტში ნარკოტიკებს მისი გონება ერთიანად მოეცვა, ამქვეყნიური რეალობიდან გაეთიშა, კონტროლს ვერ უწევდა ირგვლივ მომხდარ მოვლენებს, აუტანელ სიამოვნებას განიცდიდა, თუმცა ეს სიამოვნება მისთვის უკანასკნელი უნდა ყოფილიყო.
ამიტომაც იყო, რომ საერთოდ ვერ შეამჩნია, როგორ ჩაუარა გვერდი სატუსაღოს ცენტრალურ სექტორებს, ტუსაღებისთვის ესოდენ საზიზღარ ადგილებს, როგორ ჩამოიტოვა უკან და როგორ მოკალათდა ლიფტის ვიწრო კაბინაში, კუშტ ზედამხედველთან ერთად. ზედამხედველმა ლიფტის ერთ მიყრუებულ კუთხეში, ოსტატურად შენიღბულ ღილაკს თითი მისთვის გასაოცარი სინაზით მიაჭირა და ლიფტის კაბინა ელვისებურად დაქანდა ქვემოთ.



{1} დანაიდების შრომა - ითქმის უნაყოფო, დაუსრულებელ შრომაზე. გამოთქმა ბერძნული მითიდან მომდინარეობს: არგოსის მეფე დანაეს ორმოცდაათმა ქალმა - დანაიდებმა მამის ბრძანებით ქორწინების ღამეს დახოცეს თავიანთი ქმრები; ამ დანაშაულისთვის ღმერთებმა მათ უძირო კასრების წყლით ავსება დააკისრეს.

{2} განსაწმენდელი - კათოლიკური ეკლესის სწავლებით, მდგომარე-ობა ან ადგილი საიქიოში, სადაც მიცვალებულთა სულები - რომ-ლებიც ღვთის წყალობით სარგებლობენ, მაგრამ არ არიან თავისუ-ფალი ყველა ცოდვისგან, საზღაურს იღებენ არამოაკვდინებელი ცო-დვებისათვის.



№1  offline წევრი Rania

Moutmenlad gelodit. Saocrad agcert yvelafers. Megona. Romas gverdit videqi. Ratomgac mgonia rom armoklavenn. Shegrzneba maqvs aseti. Miyvars es janri da madlobaa. Imedia momdevnosac male dadebtt
--------------------
Q.qimucadze

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent