ბედის მკითხველი
„ცუდი ბედია, უნდა მოკვდე,“- მითხრა და ისე გამშორდა, წინასწარ შეპირებული ფული არც კი გახსენებია. გზა გავაგრძელე. ერთხელ მივიხედე უკან, იდგა ქუჩაში და ისეთი თვალებით მიყურებდა, ბოშურ ლოცვას თუ მიკითხავს-მეთქი ხორკლივით წამომყარა სხეულზე ფიქრმა. უსიამოდ შემაჟრჟოლა და ნაბიჯს ავუჩქარე. არ მჯერა ბოშა ქალების ფერადი თვალებით მოყოლილი შავ-თეთრი ამბების, არ მჯერა ხელისგულზე ამოკითხული ბედისა და უბედობის, მაგრამ მაინც ნამზეურივით მომედო სახეზე შიში. ფიქრი ვეღარ მოვიშორე. იმ დღეს განსაკუთრებული სიფრთხილით გადავკვეთე ქუჩა, მამას გაზეთი ავუყოლე სახლში, დედას მოვეფერე. თითქოს დაძინებას ვერიდებოდი, ვერგაღვიძების ფიქრი აბეზარი ბზიკივით დამტრიალებდა თავს. მაინც დავწექი. დაუპატიჟებლად მოვიდნენ მელნისფერი ქალები და მე მეზმანა რაღაც სიყვარულზე მეტი, სიცოცხლეზე აღმატებული. გამითენდა და საკუთარ თავზე გამეღიმილა, რამ დამაჯერა, სად თქმულა-მეთქი ბოშა ქალების დაჯერება. .......... იმ შემოდგომით წავიდა. ტკივილი არ მიგრძვნია, არც ბრაზი, არც სასოწარკვეთა. თითქოს დავცარიელდი, დავმსუბუქდი, ჰაერში ავიწიე, ქარმა წამომიბერა და წაიყოლა ჩემი სხეულიც. მას შემდეგ აღარც ფიქრი მოსულა ჩემთან და არც სიზმრები. მას შემდეგ არც მტკენია და არც გამხარებია, მას შემდეგ არც მომნატრებია. საერთოდ აღარაფერი მიგრძვნია. ხანდახან ქარი მის გზაზე მომახვედრებს, დამინახავს და ათასი ფიქრი იხრჩობს მის თვალებში თავს. ეშინია. ასეთ დროს პაპას მსხმოიარე ვენახში ჩადგმული საფრთხობელა მგონია თავი, ჩიტებს რომ აშინებს, მაგრამ რეალურად ზიანის მოტანა არავისთვის შეუძლია, პირიქით, იქნება საყრდენიც კი იყოს, თბილ ქვეყნებში გამგზავრებამდე შეუძლიათ ჩამოსხდნენ მის გაფარჩხულ მკლავებზე და დაისვენონ. დრო ახლა აღარ გადის, დრო დგას. მეც ვდგავარ. ერთი ნაბიჯითაც კი ვერ წავიწიე წინ, როგორც ჩანს მიცვალებულები არ მოძრაობენ. .......... ბოშა ქალები მკითხაობენ ხელისგულებზე და გიყვებიან ფერადი ქალები ყველაზე შავ-თეთრ ამბებს. სისხლისფერი ტუჩსაცხითა და მზერაში ჩატეული მილიარდი ციცინათელით გამცნობენ შენი აღსასრულის თარიღს. წელში გამართული დადიან ბოშის ქალები, მკერდის ღარი მოუჩათ მოჩითული კაბებიდან, დადიან ბოშა ქალები და ზურგიდან გადევნებენ სიტყვებს: „ცუდი ბედია, სიკვდილს ვხედავ“... ქეთი გაბინაშვილი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.