შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე ის მიყვარდა (სრულად)


26-06-2019, 01:42
ავტორი K.G
ნანახია 4 248

მივდიოდი და ფეხები უკან მრჩებოდა, რა მინდოდა? რატომ ვცდილობდი ყველაფრის თავიდან დაწყებას...?

 

 ამინდიც კი ხელს მიწყობდა , რომ გუნება ვერაფრით გამომეკეთებინა. დილიდანვე ფიქრებით გაღვიძებულს, ნაცრისფერ ფერებში შემოსილი გარემო დამხვდა, უღიმღამოდ, ზანტად მიმოფანული ღრუბლები, თოთქოს მათაც მობეზრებული ჰქონდათ ყოველივე და უბრალოდ თავის საქმეს ასრულებდნენ, რადგან ასე ევალებოდათ...

 მეც არ დავაყოვნე მათ რიგებში ჩადგომა.

 ავდექი, მაგრამ ჯობდა არ ავმდგარიყავი, საერთოდაც, მერჩივნა ეს დღე არ ყოფილიყო, ყველაფერი უფრო მარტივი იქნებოდა...

 როგორც ყოველთვის სახლში დილიდან მარტოდ დარჩენილს მე მომიწია ჩემს თავსა და სურვილებზე ზრუნვა, ზანტად მივიზლაზნებოდი ოთახებს შორის და ყველაფერი ლაბირინთივით მეჩვენებოდა, ვეღარაფერს ვაცნობიერებდი, ვერ ვორიენტირებდი.

 როგორც იქნა სამზარეულოს მივაღწიე და ჩვეული სასმელით - ყავით დავიწყე ჯერ კიდევ მძინარე გონების გაღვიძება, რომელსაც სულაც არ სურდა დღეს ემუშავა.

 ყავამაც ვერაფერი მიშველა.

 საღამოს 7 საათის მოლოდინში მთელი სხეულით ვცახცახებდი, ჩემებურად ვითვლიდი რა მოხდებოდა, რატომ და რას მოიტანდა ეს ყველაფერი. 

 უკვე უნივერსიტეტში ვაგვიანებდი.

 დღეს მივანდე ჩემი ჩაცმულობა და ჩვეული გეზით, ხელის ორი მოძრაობით 'ფორმა' მზად მქონდა.

ამასთან, აბაზანაში შესვლა და ჩემი თავდავიწყება ერთი იყო, აბაზანა- ადგილი სადაც ბევრჯერაც მიოცნებია ამ დღის დადგომაზე. ადგილი, სადაც ბევრჯერ მიტირია ამ დღის მოსალოდნელობის გამო და ადგილი, სადაც ყველა იმედი, თითოეულ გაელვებულ ფიქრთან ერთად კარს აქეთ აღარ გამოდიოდა და ამ პატარა კაბინეტშივე რჩებოდა...

მანქანის გასაღებით ხელში, კორპუსის შუაგულში გამიელვა აზრმა, რომ კარი სულაც არ ჩამიკეტავს, ზედმეტი ფიქრის გარეშე, შევტრიალდი და ისევ ავირბინე 4 სართული, რომელიც ჩემი მდგომარეობისთვის ზედმეტად გრძელ მანძილად მეჩვენებოდა.

კარი ჩაკეტილი იყო...

სადარბაზოდან გამოსულს ფეხებში ქუჩის კატებმა დამიწყეს რბენა ( როგორ ვერ ვიტან კატებს ! ), ერთი სული მქონდა ამ ადგილს შეუმჩნევლად გავრიდებოდი, ისე, რომ ჩემს "ძვირფას" მეზობელ, ქალბატონ ეთერს, არ დავენახე და ვალდებული არ გავეხადე მივსალმებოდი, მომესმინა მისი შვილის ბედნიერების ამბავი და განმეხილა ჩემი, მაგრამ ამაშიც არ გამიმართლა.


-კატო, საით მიიჩქარი, ისევ აგვიანებ?

-გამარჯობა ქალბატონო ეთერ, როგორ გიკითხოთ ? 

ვუპასუხე ისე, რომ არც კი გამიგონია რა მკითხა.

-მე კარგად, აი ჩემი გოგოა ცოტა შეუძლოდ და ქმარი დაუფაცურდა, წამლებზე ჩავიდა, ხომ იცი ,პატარას ელოდებიან და ყველაფერი აშინებთ.

-ვიცი ქალბატონო ეთერ , ვიცი.

-ჩამოგვიარე ხოლმე, ნახავ ამ გაბერილ გოგოს, წაიჭორავებთ, გახალისდებით

- ხომ იცით, მოუცლელი ვარ, დილით გავდივარ, საღამოს შემოვდივარ, არ მცალია

- დილით არ მახსოვს გასულიყავი...

 წაიკისკისა ქალბატონმა ეთერმა, რომელმაც დილა ასე ბედნიერად მომიშხამა და თავისი გესლიც ჩამიწვეთა ისედაც ამჟავებულ ხასიათში.

- მეჩქარება, წავალ 

- მშვიდობიანად გევლოს...


მშვიდობიანადო,თორემ გულში სულ იმას არ ნატრობდეს სადმე რამე მიპოვოს, რომ მთელი სამეზობლო ჩემზე ჭორაობით გადაქანცოს.

მანქანის კარი გავაღე და ჩავჯექი. რამდენიმე წუთით ასე ჩუმად ვიჯექი და ხმას არ ვიღებდი, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, სად მივდიოდი ან რისთვის.

გადაჭედილ გზაზე კიდევ უფრო მომეშალა ნერვები, როგორც ყოველთვის სადღაც, რაღაც ავარია, რომელიც მე უნდა გამეჩხიროს გზაზე და გავლის საშუალება არ მომცეს.

ახალგაზრდა ბიჭების აკვიატებული 

'მე უფრო მაგარი ვარ' მოძრაობების გამო, აგერ უკვე მერამდენედ მიწევს შემოვლითი გზებით წოწიალი, რომლებიც მრავალი ცდის მიუხედავად ვერაფრით დავიმახსოვრე.

როგორც იქნა უნივერსიტეტის კარს მივადექი.

მანქანა სადგომზე დავაყენე, ბევრ სხვა 'მამიკომ მიყიდასთან' ერთად, სიმართლე ვთქვა, არც ჩემი ჩამოუვარდებოდა მათ, მაგრამ ყველას თავისი უხარიაო ნათქვამია და მეც ჩემი მიხაროდა. სტუდენტობის პირველი წელი იყო ჩემთვის, ბედნიერად , აღელვებულად დავიწყე ახალ ცხოვრებაში ჩაბმა, მაგრამ ეს სიახლეც მალე ჩაინთქა და დაძველდა , როგორც მიტოვებული შენობის კედლები. გამორჩეულობას ვცდილობდი, მაგრამ მივხვდი ბევრს არაფერს მომიტანდა, რადგან ყველა ერთმანეთს ვგავდით, ყველა ერთი მიზნით ვიყავით- როგორმე გვეშოვნა ფული და დამოუკიდებლები დაგვერქვა საკუთარი თავებისთვის.

ნაცნობთა გნიასი პირველივე დღიდან არ დამკლებია, უამრავი მაღალკურსელი მყავდა მეგობრად, რომელიც ამდენი წელი ჩემი ფეხის შემოდგმას ელოდნენ, რომ გული მოეოხებინათ, ნეტა რა დარჩებათ ამის მერე სალაპარაკო ჩემთან?

აღვნიშნოთო, ჩამსვეს მანქანაში და ახლად დასრულწლოვანებული გოგო ბარში გამაქანეს ( ის დღე არ მახსოვს ).

შევაბიჯე შიშით მონიშნული სახეების ბრბოში, ათასში ერთი თუ გამიღიმებდა ან გავუღიმებდი, აქ არავის არავისთვის ეცალა, ამიტომ მეგობრობა ლექსიკონიდან ამოვიღეთ, აქ უბრალოდ ნაცნობები გვერქვა, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში მივმართავდით და ეს საჭიროება არასოდეს იყო შინაგანი მდგომარეობის ამოძახილი, რადგან მაინც ვერავინ გაგიგებდა და ყველა - რა გითხრა, არ ვიცი - ფრაზით გაგისტუმრებდა იმ კარისკენ, საიდანაც მათთან შესვლა სცადე.

ის დღე მე ყველასგან განსხვავებულად არ მეცალა, თვალებით ყველა კუთხეს ვჭამდი, რომ ერთი ადამიანი მეპოვა, ის,  ვისთვისაც  ბევრი რამ მქონდა სათქმელი , მაგრამ ამაოდ, არსად ჩანდა.

ლექციებისგან გადაღლილმა გადავწყვიტე მანქანით ქალაქში გამესეირნა, 6 საათი ხდებოდა როდესაც დანკინ-დონატსის ერთ-ერთ ფილიალს მივადექი და აქაც მოგონებების გამო უკან დავიხიე და არ შევედი, ვითომ რა? მაგრამ მაინც, ასე მერჩივნა.

სახლში წავედი, 10 წუთის შესული, ყაყანმა ისევ უკან გამომაგდო, ჩემებს ვუთხარი, რომ ერთ-ერთი ლექცია გადამიტანეს და საღამოს გვიან მომიწევდა მოსვლა.

7-ს აკლდა 10 წუთი ეზოდან მანქანა რომ დავძარი, გზაში იმაზე ვფიქრობდი უნდა გამეკეთებინა თუ არა ეს, შევხვედროდი თუ არა მას. ფიქრებში წასულს, აღმაშენებლის ხეივანზე სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ამაკრეს, მაგრამ ახლა მაგის ჯავრი არ მქონდა.

ისევ ვაგვიანებდი...

8 ის ნახევარი, მოღრუბლული ცა, უაზრო ლამპიონების გაცრეცილი შუქი, მე, ჩემი მანქანა და ისევ უნივერსიტეტის დიდი შენობა, რომლის წინაც ის იდგა. 

მგონი მოვიდა !

მანქანა მოშორებით გავაჩერე, ჩამოვედი და გზას ფეხით გავუყევი. მივდიოდი და თან არ მინდოდა მისვლა, მივდიოდი, თან ისე რომ ერთი სული მქონდა როდის მივიდოდი და მის წინ გავჩერდებოდი, ამაყად, თუმცა სიამაყის რა გითხრათ, ცრემლის გუბეები, ჩემი თვალების უკანა კედლებზე მომდგარი, უკვე მზად იყო გადმოსულიყო დაუცხრომლად, თავშეუკავებლად და ვემხილე  მე , უდანაშაულო , დანაშაულში.

დამინახა, ჩემკენ სვლა დაიწყო და ტანში ცახცახმა კიდევ უფრო ამიტანა, გაჩერდი! ვყვიროდი, მაგრამ მას არ ესმოდა, ეს ხომ ჩემი შინაგანი ხმის ამოძახილი იყო, რომელიც მას კი არა, არც არავის ესმოდა.

აცივდა, ქარმა ქროლვა დაიწყო, მისთვის გაშლილი თმები სულ ამეწეწა და სახეზე მიმომეფანტა . უყვარდა, როდესაც გაშლილი თმით დავდიოდი, ყველაზე მეტად უყვარდა.

-რა გინდოდა?

მოუთმენლად ვაჯახე პირველმა და არ ვიცი, ეს რატომ გავაკეთე.

გაეღიმა, იცოდა, რომ მის ღიმილს ვერასოდეს ვუძლებდი, მაგრამ მაინც არ შეიკავა, ჩემებურად, ჩემთვის შექმნილი ღიმილით გამიღიმა და თვალებში მომაჩერდა.

-კიდევ უფრო გალამაზებულხარ

-რა გინდოდა?

გავუმეორე მეორედ, რადგან არ ვიცოდი რა მეთქვა, უბრალოდ მალე მინდოდა ყველაფერი დამთავრებულიყო და ეს დღეც , ბევრ სხვა მოგონებასთან ერთად, ხვალ უკვე წარსულისთვის მიმეწერა, სამუდამოდ...

-და შენი თვალები, ჩემი საყვარელი ჭაობისფრად მოციმციმე მწვანე თვალები, ისევ ისე მიღიმიან , იცი?

-გვიანია

-არასოდესაა გვიანი

-გიო, აღარ მიყვარხარ

-გიყვარვარ

-და შენ?

წამომცდა და მაშინვე ვინანე ეს ორი სიტყვა, რომელმაც მთელი სიცოცხლე ისევ უკიდეგანოდ არია, დაუსრულებლად აბურდა და თავბრუ დამახვია.

გაეცინა, ისევ გაეცინა და მიმიხვდა, რომ გულში ჩარჩენილმა პატარა წყლის წვეთმა მზის სხივის დაცემისთანავე გაანათა, აციმციმდა და ცდილობდა უფრო დიდი გამხდარიყო, მაგრამ გიო ხმას მაინც არ იღებდა.

- რატომ მოხვედი?

დამაბნია, ჩემი საყვარელი ოდეკოლონით გაჟღენთილი ცდილობდა უფრო და უფრო მოახლოებას და ნელ-ნელა ჩემკენ მოიწევდა.

- მინდა დავასრულო ის, რაც თავის დროზე არ დაგვისრულებია

- გჯერა, რომ მაგას შეძლებ?

- შენ თუ შეძელი...

- მე ვერ შევძელი

(სიჩუმე)

ასე , უაზროდ ვუყურებდით ერთმანეთს რამდენიმე წუთით, ხმას არცერთი ვიღებდით, იმდენად ახლოს ვიდექით ერთმანეთთან, რომ ასეთ სიცივეშიც კი ვიწვოდით, ერთმანეთის ცეცხლი გვწვავდა და უფლებას გვაძლევდა, თვალი ძლივს გაგვეხილა, რომ ძველებურად, ერთმანეთის თვალებში ამოგვეკითხა რა გვინდოდა.

-მიყვარხარ

-არ გიყვარვარ

-კატო, მიყვარხარ

-არც არასოდეს გყვარებივარ

-მიყვარხარ და მე... ყოველთვის მიყვარდი

-ტყუი, ცრუობ, გაჩერდი !

ვყვიროდი ბოლო ხმაზე და ამას ვეღარ გავუძელი, ცრემლებთან ერთად მეც მივდიოდი, ვილეოდი, ვშრებოდი. აღარ მესმოდა აღარც სიკვდილის, აღარც სიცოცხლის, თითქოს ორ განზომილებაში გაჭედილი ვყოფილიყავი და ჭრილობებს მაყენებდნენ,რომ  ნელ-ნელა მტკენოდა და არა ერთად, მეტირა და არავის დაენახა, მეყვირა და არავის გაეგო...

-რატომ ტირი ?

-რატომ ? ამდენი ხნის შემდეგ, ამბობ რატომ? იცი რამდენი კითხვა გამიჩინე, იცი მაინც რა გადამატანინე, ადამიანი აღარ მერქვა, არაფერი აღარ მერქვა და ასე ურცხვად მიბარებ და მეუბნები, რომ თურმე სულ გყვარებივარ? 

-დავაშავე

-დააშავე? შენ დანაშაულზე მეტი გამიკეთე, შენ მე ადამიანობა დამაკარგვინე, ცხოვრების ხალისი წამართვი, ბედნიერი წუთები დამიწვი და უბრალოდ დააშავე? არა გიო, არა 

-მისმინე, ვილაპარაკოთ

-ვლაპარაკობთ, ამის მეტი სათქმელი რა გაქვს?  იქნებ აქვე მითხრა , მოდი ერთად ვიყოთ 1 წელი, ან ცოტა მეტი, მერე მე ავდგები და გავქრები, ოღონდ შენ არ გეწყინოს, მომბეზრდება სიახლეები, მოვალ და იყავიო? არ გრცხვენია მაინც?

-კატო მიყვარხარ

-არ გიყვარვარ

ქარი თმებს მიტრიალებდა, გიოს ხელები სახეზე შემეხო, თმები გადამიწია და ახლა მართლაც ვხედავდი მის სერიოზულ გამომეტყველებას, რომელიც ლამპიონის შუქზე ძნელი იყო დამენახა. მიყურებდა, თვალს არ მაცილებდა და ჯანდაბა ! ამინდმა ისევ მისი მხარე დაიჭირა, გაწვიმდა.

-შემეშვი

ვთქვი და მისი ხელები სახიდან მოვიცილე, ნაბიჯი უკან გადავდგი და დავიწყე

- ჩვენ შორის ვეღარაფერი იქნება გიო, დაივიწყე ზღაპრები, მე შენი სათამაშო არ ვარ

- მე არ ვთამაშობ, მე გელოდებოდი, მე უბრალოდ...

- რა უბრალოდ? რა უბრალოდ, ამიხსენი , სახლის გზა არ იცოდი? ნომერი არ იცოდი? ვერანაირად დამიკავშირდებოდი? ის მაინც გეთქვა, მივდივარ შენგანო. არაფრად ჩამაგდე, ორი სიტყვის გაგონების  ღირსიც კი არ გამხადე და ამბობ რომ მელოდებოდი? მეხუმრები ჰო?!


წვიმა უფრო და უფრო ძლიერად ასხამდა, არ გვეშვებოდა, თითქოს ჩემს ხასიათს მოჰყვებოდა, ჩვენ კიდევ არც კი ვფიქრობდით თავი შეგვეფარებინა სადმე, ასე ცის ჩანჩქერის ქვეშ მდგომი ვიხილავდით იმას რაც იყო და აღარ უნდა ყოფილიყო

- კატო, მისმინე

- არ მინდა შენი მოსმენა, არაადამიანურად მტკივა შენ გამო ყველა ჩვენი მოგონება, არაადამიანურად მიყვარდი და დავაშავე, ისევ მე დავაშავე , გენდე გესმის? ჩემად ჩაგთვალე, ერთადერთად, სამუდამოდ...

-გიყვარვარ

-არა, აღარ მიყვარხარ

ამის თქმა იყო და გიორგიმ წამში ნაბიჯი გადმოდგა, ჩემი სახე მის ხელებში მოაქცია და მაკოცა, ისევ ისეთი ვნებით და სასიამოვნოდ, როგორც ერთად ყოფნისას, ისევ ისეთი განცხრომით დამეძგერა, როგორც მაშინ, როდესაც მეგონა რომ ვუყვარდი.

თავი ვერ შევიკავე, ავყევი, მაგრამ ასე არ უნდა მომხდარიყო. წამიერადვე მივხვდი რომ ჩემს თავს ისევ უფსკრულში ვუშვებდი და გამოვფხიზლდი, თვალი გავახილე, ხელი ვკარი, თავი დავანებებინე და უკან წავიწიე.

-ვერ გიტან

მივაძახე და წვიმისგან შექმნილ პატარა გუბეებში ჩადგომის მოურიდებლად მანქანისკენ გავიქეცი.

მივრბოდი და ფეხები მეკვეთებოდა, არ შემეძლო მისგან წამოსვლა, თითქოს ძაფით ვიყავით გადაბმული, რომელსაც ის თუ გაჭრიდა , მე მაინც ვუკეთებდი ნასკვს და ვაბამდი, რომ მასთან მისასვლელი საბოლოო გზაც არ დამლეოდა.

წავიქეცი, მუხლებზე დავემხე და ბოლო ხმაზე ავტირდი, ავტირდი ისე რომ გაეგო მთელ ცოცხალს და არაცოცხალს, დიდს და პატარას, ყველას და ყველაფერს რაც კი არსებობდა. საბოლოო ძალა მოვიკრიბე , მანქანამდე მივედი, კარი გავაღე და კართანვე დავეცი, ჩემი ცრემლები ჩამოღვენთილ წვიმის წვეთებს მიჰყვებოდა და მათთან ერთად ქრებოდა,თითქოს უნდოდათ ჩემი მდგომარეობა დაემალათ, შეემოსათ, ერთობლივად მოქმედებდნენ და გამოსდიოდათ.ჯიბეში ხელი ჩავყავი და ჩემი პატარა ყელსაბამი წარწერით-კესანე- ამოვიღე, დავხედე და ხელი მაგრად მოვუჭირე. მანქანის სავარძელი სველდებოდა, წვიმა მთელი ძალით ასხამდა სალონში, მაგრამ მე ამაზე ფიქრი სულაც არ მაწუხებდა, მე მხოლოდ ის ფიქრები მივლიდა გონებაში, რომ მე ის ისევ მიყვარდა.


დასასრული...



№1  offline წევრი izabella

ძალიან სევდიანი იყო, მაგრამ მომეწონა. კარგი იქნებოდა მათი ამბის გაგრძელება, კატოს რომ ისევ ძლიერად უყვარს კარგად ჩანს, მაგრამ რა ნაბიჯს გადადგამდა გიორგი მისკენ, ან საერთოდ თუ გადადგამდა?

 


№2 სტუმარი grafi monte cristo

სევდიანი იყო ძალიან

 


№3  offline წევრი ნორმი

ძალიან სევდიანი იყო
--------------------
მორფეოსი

 


№4  offline წევრი K.G

ნორმი
ძალიან სევდიანი იყო

იმედია მოგეწონათ ????

izabella
ძალიან სევდიანი იყო, მაგრამ მომეწონა. კარგი იქნებოდა მათი ამბის გაგრძელება, კატოს რომ ისევ ძლიერად უყვარს კარგად ჩანს, მაგრამ რა ნაბიჯს გადადგამდა გიორგი მისკენ, ან საერთოდ თუ გადადგამდა?


იმედია მოგეწონათ, გაგრძელება მკითხველისთვის მომინდია ❤️

grafi monte cristo
სევდიანი იყო ძალიან

იმედია მოგეწონათ ❤️

 


№5 სტუმარი ამკ

გაგრძელება არ ექნება?

 


№6  offline წევრი K.G

ამკ
გაგრძელება არ ექნება?

არა, მოთხრობა სრულადაა წარმოდგენილი ❤️

 


№7 სტუმარი ამკ

K.G
ამკ
გაგრძელება არ ექნება?

არა, მოთხრობა სრულადაა წარმოდგენილი ❤️

აუფ ძალიან ცუდი :( გული დამწყდა :'(

 


№8  offline წევრი K.G

ამკ
K.G
ამკ
გაგრძელება არ ექნება?

არა, მოთხრობა სრულადაა წარმოდგენილი ❤️

აუფ ძალიან ცუდი :( გული დამწყდა :'(

სხვა მოთხრობებსაც შემოგთავაზებთ, იმედია მოგეწონათ ❤️

 


№9 სტუმარი თა

ვტორი თუ შეიძლება რომ მიუთითოთ?! დბსბსბსჯაჯბს სნანბსჯს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent